Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● ტარიელ ფუტკარაძე – “ბუნ თურქნი”

პროფ. ტარიელ ფუტკარაძე

ბუნ თურქნი: პალეოგრაფიული შეცდომა, თურქულენოვანი ხალხის აღმნიშვნელი ერთ-ერთი უძველესი ეთნონიმი, კომპაქტურად დასახლებული ტოლვილი “თურქები” თუ “სასტიკ წარმართთა” აღმნიშვნელი მეტაფორა?

 

  ბოლო 160 წლის მანძილზე ბუნ-თურქების შესახებ დიდძალი სამეცნიერო ლიტერატურა დაგროვდა, მათი ვინაობის საკითხი კი უფრო გაბუნდოვანდა; კერძოდ, გამოთქმულია მოსაზრებები, რომ ბუნ-თურქნი აღნიშნავს:
– პირველყოფილ, თავდაპირველ თურქებს – თურანელებს (მ. ბროსე);
– შუბოსან თურქებს (ე. თაყაიშვილი);
– ამიერკავკასიაში ქართველებზე ადრე მოსახლე (თუ ავტოქთონ) თურქმანთა ტომს/თურქებს (ნ. მარი, კ. კეკელიძე, ზ. ანჩაბაძე, მ. სეიდოვი, ი. ზეირეკი…); წინაელინისტურ ქართლში მცხოვრებ თურქებს (დ. მუსხელიშვილი)1;
– დევნილ და საქართველოში შემოხიზნულ ჰუნებს (გ. მელიქიშვილი, ვ. გაბაშვილი, ვ. გოილაძე…);
– დევნილ და საქართველოში შემოხიზნულ სკვითებს (მ. სანაძე, გ. ალასანია);
– ისტორიულ ქართლში ჩრდილო კავკასიის გზით შემოჭრილ ჩრდილოურ ტომებს – სომხური წყაროების ბულღარელებს (გ. ქავთარაძე)2…

  გ. ყორანაშვილის აზრით, “ქართლის ცხოვრების” ინფორმაცია ბუნ-თურქების შესახებ სინამდვილეს არ ასახავს3; ზოგ მკვლევარს კი მიაჩნია, რომ ბუნ-თურქნი პალეოგრაფიული შეცდომაა, უნდა იყოს: ჰუნ-თურქი (ლ. მელიქსეთ-ბეგი); შდრ.: “ქართლის ცხოვრების” სამ ხელნაწერში გვაქვს მუნ თურქი; ერთ-ერთში გადაფხეკილია და ჩაწერილია 4. 

 2005 წელს გამოქვეყნებულ წიგნში “ქართველები” მე შევეცადე დამესაბუთებინა, რომ კომპოზოტი ბუნ-თურქი არ არის დამოუკიდებელი ეთნონიმი; კერძოდ, მისი პირველი ნაწილი ზედსართავი სახელია, რომელიც განსაზღვრავს ეთნონიმ “თურქს”; შესაბამისად, ბუნ-თურქებად იწოდება ძვ.წ. VII საუკუნეში სპარსეთის (მიდიის) მეფე ქაიხოსროსგან (კიახსარისგან) დევნილი “თურქების” (თუ სკვითების) ის ნაწილი, რომელიც ქართველებმა კომპაქტურად დაასახლეს სარკინეში5.
2008 წელს როინ მეტრეველის რედაქტორობით გამოვიდა “ქართლის ცხოვრების” შეჯერებული ვარიანტი და მისი რუსული თარგმანი; კომენტარებში წარმოდგენილია რედაქტორისა და მთარგმნელ-კომენტატორებისათვის უფრო მისაღები კვალიფიკაციები6; ბუნ-თურქებთან დაკავშირებით კომენტარებში ვკითხულობთ:

ბუნთურქების შესახებ თხრობა გვაქვს “ქართლის მოქცევაში”; სამეცნიერო ლიტერატურაში ბუნ- სიტყვის რამდენიმე სახის ახსნა გვაქვს, მაგრამ საკითხი გადაწყვეტილი არ არის. “ქართლის ცხოვრებაში” ბუნთურქებად იწოდება “მძვინვარე წარმართი ხალხი”. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ლეონტი მროველისთვის ბუნთურქნი ნიშნავს ჩრდილოეთით მცხოვრებ თურქული წარმოშობის ხალხს, რამდენადაც ყივჩაყების საცხოვრისი მროველისთვის კარგად იყო ცნობილი” 7. დრ., მათ მიერ ნავარაუდევი სხვა კვალიფიკაციები: ძვ.წ. ამბების აღწერისას მოხსენიებული თურქები – თურანები, ხაზარები – სკვითები8.
ამთავითვე ვიტყვით, რომ “ქართლის ცხოვრების” მიხედვით ბუნ-თურქნი ნამდვილად არ არიან ჩრდილოეთიდან მოსულნი; ჩანს, კომენტარების ავტორების ამგვარ მოსაზრებას ბიძგი მისცა “ქართლის ცხოვრების” ტექსტის არასწორმა გააზრებამ (იხ., ქვემოთ).
როგორც ვხედავთ, ასწლოვანი კვლევების მიუხედავად, ბუნ-თურქთა ვინაობა ისევ მძაფრი კამათის საგანია. რაზეც არავინ დაობს, ისაა, რომ სიტყვა-ფორმა: ბუნთურქნი აგებულების მიხედვითარის რთული – კომპოზიტია, რომლის პირველი კომპონენტია ბუნ-, მეორე კი – თურქ-. წარმოდგენილ მოხსენებაში დამატებითი არგუმენტებით შევეცდებით პასუხი ავცეთ კითხვებს:
ბუნ-თურქების შესახებ რომელია პირველწყარო: “ქართლის ცხოვრება” თუ მოქცევა~ ქართლისა~”?
– ეტიმოლოგიურად რას ნიშნავს კომპოზიტი ბუნ-თურქნი? გვაქვს კი საფუძველი დამოუკიდებელ ეთნონიმად გამოვაცხადოთ იგი?
– ლეონტი მროველისთვის თუ “ქართლის ცხოვრების” ამ ეპიზოდის ავტორისთვის რომელ და სად მცხოვრებ ხალხს (თუ საზოგადოებას) აღნიშნავს ბუნ-თურქნი?
– რომელ ხალხს თუ როგორ საზოგადოებას აღნიშნავს ბუნ-თურქნი “მოქცევაი ქართლისაის ავტორისთვის?

 – რა უფრო ლოგიკურია: ეთნონიმ “თურქის” ქვეშ ვიგულისხმოთ: კავკასიის ავტოქთონი თურქი (ნ. მარი)? ჰუნი (ვ. გაბაშვილი)? სკვითი (მ. სანაძე)? თურანელი (მ. ბროსე)?
პირველ რიგში, ვნახოთ ორივე ძირითადი ქართული წყარო: “ქართლის ცხოვრება”, 1955, გვ. 15-17: “სპარსთაგან ოტებულმა” თურქებმა ქართველებს დახმარება აღუთქვეს სპარსელებთან ბრძოლაში, ამიტომ ხუნანიდან სპერის ზღვამდე გადაჭიმული ქართლის სხვადასხვა ქალაქების მფლობელებმა (“ყოველთა ქართველთა”) დევნილი “თურქების”
ერთი ნაწილი ჯგუფებად დაყვეს და თავიანთ ქალაქებში ჩაასახლეს. ლტოლვილთა ძირითადი ნაწილი მცხეთის მამასახლისმა კომპაქტურად დაასახლა სარკინეში.
“ალექსანდრეს შემოსვლის” აღწერისას, სწორედ სარკინეს მოსახლეობის აღსანიშნავად გვხვდება კომპოზიტი: ბუნ-თურქნი:

 “ალექსანდრემ “გარდამოვლნა კავკასნი და მოვიდა ქართლად და პოვნა ყოველნი ქართველნი უბოროტეს ყოველთა ნათესავთა სჯულითა. რამეთუ ცოლქმრობისა და სიძვისათვის არა უჩნდა ნათესაობა, ყოველსა სულიერსა ჭამდეს, ვითარცა მხეცნი და პირუტყვნი, რომელთა ქცევისა წარმოთქმა უხმ არს. და იხილნა რა ესე ნათესავნი სასტიკნი წარმართნი, რომელთა-იგი ჩუენ ბუნთურქად და ყივჩაყად უწოდთ, მსხდომარენი მდინარესა მას მტკურისასა მიხვევით, დაუკვირდა ესე ალექსანდრეს…”
ტექსტი ასეთი შინაარსისაა: ალექსანდრემ ამიერკავკასიაში ნახა “ყოველნი ქართველნი”, რომლებიც “სასტიკ წარმართად” ქცეულიყვნენ და რომელთაც მემატიანე თავისი დროის ურჯულოებს – ყივჩაყებსა და ბუნთურქებს – ადარებს. ამ კონტექსტში ბუნთურქი და ყივჩაყი ეპითეტებია და არა – ეთნონიმები. ამასვე ადასტურებს “ქართლის ცხოვრების” ადაპტირებული ვარიანტის ძველი სომხური თარგმანის ტექსტი: “ალექსანდრე კოვკასის მთით გადავიდა ქართველთა ქვეყანაში და გაოცდა მათი საძაგელი ცხოვრებით” (ი. აბულაძე, 1953, გვ. 24).
ვფიქრობ, ამ კონტექსტში საუბარი არ არის ჩრდილოეთსა თუ სამხრეთში მცხოვრებ ხალხებზე – ყივჩაყებსა თუ თურქებზე/ბუნთურქებზე; აქ არ წერია, რომ ალექსანდემ ყივჩაყები ნახა; ქართველი მემატიანის აზრით, ალექსანდრემ ნახა წარმართი ქართველები, რომლებიც დამსგავსებოდნენ ველურებს – ბუნთურქებსა და ყივჩაყებს9. ასევე, ჩანს მემატიანემ იცის (თუ ჰგონია), რომ მისთვის კარგად ცნობილი ყივჩაყები და თურქები (სელჩუკები) ენათესავებიან ქაიხოსროს მიერ გამოდევნილ ხალხს.
“ქართლის ცხოვრების” სხვა ეპიზოდში სიტყვა-ფორმა ბუნ-თურქი განსხვავებული სემანტიკით გამოიყენება:
ალექსანდრემ (თუ მისმა ჯარმა) ექვსთვიანი ალყით დაიპყრო ქართველთა ციხექალაქები: წუნდა, ხერთვისი, ოძრხე, ურბნისი, რუსთავი, სამშვილდე, კახეთის ქალაქნი, მცხეთა, ნასტაკისი და ურიათა უბანი – ზანავი. ალექსანდრეს არც კი უცდია თუხარისისა და ხუნანის (ანუ მტვერის) ციხის დაპყრობა, ვინაიდან “ვერ შეუძლებდა დაპყრობად: (ქ.ც. 1955, 18,7-8). აქვე ვკითხულობთ: “ხოლო სარკინელთა ბუნთურქთაგანთა აგინეს მეფესა”. ე.ი. ამ ეპიზოდში სამი ეთნოსი სახელდება: ქართველები, ურიები, სარკინეში ჩასახლებული თურქები.

 ნიშანდობლივია: “ქართლის ცხოვრების” 4 ადრინდელ ხელნაწერში ამ ეპიზოდის აღწერისას “ბუნთურქთაგანთა” ფორმის ნაცვლად გამოყენებულია სიტყვები:
“ნათურქთაგანთა ან “მუნ თურქთაგანთა” (ქ.ც. 1955, 18,8). ბუნთურქებისგან შეურაცხყოფილი ალექსანდრე მათ სრული განადგურებით დაემუქრა, მაგრამ ციხე-ქალაქი ვერ აიღო 11 თვიანი ალყითაც კი. ხანგრძლივი ალყით “შეჭირვებულმა” სარკინელებმა – მცხეთის მამასახლის მიერ სარკინეში დასახლებულმა თურქებმა – ციხე-ქალქის საყრდენი კლდე გახვრიტეს და ჩრდილოკავკასიაში გადაიხვეწნენ. ასეთია მემატიანის მიერ აღწერილი ამბავი.
შდრ.: “ქართლის ცხოვრების” ძველ სომხურ თარგმანში (XII ს.) ტერმინი “ბუნთურქი” არ დასტურდება; ამ ვერსიის მიხედვითაც, მცხეთის მამასახლისმა სარკინეში დაასახლა ქაიხოსროსგან გამოდევნილი თურქები10.
ბევრის მთქმელია ისიც, რომ მსოფლიოს არც ერთ სხვა წყაროშიც არ ჩანს ეთნონიმი ბუნ-თურქნი.
საფუძველი გვაქვს, დავასკვნათ: “ქართლის ცხოვრების” ტექსტის მიხედვით, სარკინეში თურქები ცხოვრობენ, რომელთა აღსანიშნავად გამოყენებულია აგრეთვე მსაზღვრელ-საზღვრულისგან ნაწარმოები კომპოზიტი – ბუნ-თურქი; ბუნ-ი არის ეთნონიმის მსაზღვრელი.
სიტყვა ბუნი (ბუნ) ფალაური ნასესხობაა და ქართულად ნიშნავს “ძირითადს”, “ფესვს”11; შესაბამისად, შესიტყვება ბუნი თურქი შეიძლება გავიაზროთ, როგორც ერთად, კომპაქტურად დასახლებული “თურქები”; არ გამოირიცხება ამ სინტაგმის მ. ბროსესეული გააზრებაც: თავდაპირველი თურქები – თურანელები. ორივე გააზრებით, ბუნი (/ძირითადი) თურქები არიან ქაიხოსროსგან განდევნილი თურქების (მიგრანტი თურქების) ის ძირითადი ნაწილი, რომელიც მცხეთის მამასახლისმა ერთად დაასახლა სარკინეში.
განსხვავებული სემანტიკით დასტურდება ბუნ-თურქნი “მოქცევაი ქართლისაის” ტექსტში, რომელიც ალექსანდრეს მოსვლის ამბით იწყება (შატბერდის კრებული, 1979, გვ. 320):
“პირველ ოდეს ალექსანდრე მეფემან ნათესავნი იგი ლოთის შვილთანი წარიქცინა და შეადნა იგინი კედარსა მას ქუეყანასა, იხილნა ნათესავნი სასტიკნი ბუნთურქნი, მსხდომარენი მდინარესა ზედა მტკუარსა მიხუევით, ოთხ ქალაქად და დაბნები მათი: სარკინე, კასპი, ურბნისი და ოძრხე და ციხენი მათნი: ციხე~ დიდი სარკინისა~, უფლისციხე~ კასპისა, ურბნისისა და ოძრხისა~. დაუკვირდა ალექსანდრეს”…
წინა ისტორიის გარეშე მოყვანილი ამ ტექსტით ზოგი მეცნიერი მცდარ დასკვნას აკეთებს და ამბობს, რომ ბუნ-თურქნი ის არაქართველური ავტოქთონი მოსახლეობაა, რომელიც საქართველოში ცხოვრობდა ქართველების აქ მოსვლამდე. ამგვარი დასკვნა ქართული ტექსტის მცდარი წაკითხვის შედეგია:
“ქართლის ცხოვრებაშიც” და “ქართლის მოქცევაშიც” ზუსტად განმეორებულია ერთი ფრაზა: “მსხდომარენი მდინარესა მას მტკვარსა მიხვევით12″. ჩანს, ორივე წყაროს ეს მონაკვეთი მომდინარეობს მესამე (საერთო) წყაროდან, სავარაუდოდ, “ქართლის ცხოვრების” არქაული ვერსიიდან, რამდენადაც, თავდაპირველი კონტექსტი უფრო დაცულია “ქართლის ცხოვრებაში”: დამოწმებული ფრაზა ბუნებრივი და ნათელია მხოლოდ “ქართლის ცხოვრებაში”13; შდრ.: თურქები მრავლად მხოლოდ სარკინეში დაასახლა ქართლის მამასახლისმა (თურქების სწორედ ეს ნაწილი იხსენიება ბუნთურქებად). “მოქცევის” მიხედვით კი სიტყვაფორმა “მიხვევით” ბუნდოვანია.
ლოგიკურია დავუშვათ, რომ “ქართლის მოქცევის” ავტორისათვისაც ბუნთურქნი გამოიყენება როგორც ეპითეტი, რომელიც აღნიშნავს ურწმუნო, წარმართ, ქრისტიანობამდელ ქართველებს: მართლმადიდებელი ავტორისთვის ქრისტიანობამდელი ქართველები ისეთივე ბარბაროსები იყვნენ, როგორც სპარსეთიდან კასპიის ზღვისა და მტკვრის ხეობით (არა – ჩრდილოეთიდან!) საქართველოს მაშინდელ დედაქალაქში მოსული და შემდეგ სარკინეში ჯგუფურად დასახლებული თურქები. ქრისტიანი ბერისთვის – “ქართლის მოქცევის” ავტორისთვის – ქრისტიანობამდელი ქართლის მოსახლეობა (ადგილობრივი, არაქრისტიანი ქართველიც და მიგრანტი თურქიც) ერთნაირად ურჯულოა, შესაბამისად, მან გამოტოვა ქართველთა წარმართული ისტორია, “ქართლის ცხოვრებისეული” ეპითეტით (ბუნთურქნი) ხაზი გაუსვა მათ ველურობას – თურქობას და შემდგომ წარმოაჩინა ქრისტიანობის როლი14.

ამრიგად, ჩემი აზრით:
ა) ეთნონიმ “ყივჩაყის” ეპითეტად გამოყენება ლეონტი მროველის შემოქმედებაა;
ბ) სარკინეში კომპაქტურად დასახლებული “თურქების” აღსანიშნავად შესიტყვება: “ბუნ-თურქნი” შექმნილია “ქართლის ცხოვრების” თავდაპირველი ვერსიის ავტორის მიერ (რომელიც დღემდე არაა მოღწეული);
გ) ბუნთურქნი ეპითეტად პირველად გამოიყენა “მოქცევა~ ქართლისა~ს” ავტორმა, მეორედ – ლეონტი მროველმა; სამეცნიერო ლიტერატურაში კამათის საგანია არქაული ქართული წყაროების ტერმინ თურქის სემანტიკაც: 27 საუკუნის წინანდელი ამბების აღწერისას ეთნონიმების: თურქებისა და ხაზარების, მით უმეტეს, ყივჩაყების ხსენებას სამეცნიერო ლიტერატურაში ანაქრონიზმად მიიჩნევენ15. როგორც ზემოთ ვნახეთ, XI-XII საუკუნეების ქართველი ავტორის მიერ ტერმინი “ყივჩაყი” მეტაფორაშია გამოყენებული; შესაბამისად, ყივჩაყის ნაწილში “ბრალდება” უნდა მოეხსნას ქართველ მემატიანეს. რაც შეეხება ტერმინ თურქს: ცნობილია, რომ სიტყვები: თურქი, ხაზარი ახ.წ. IV-V საუკუნეებიდან ჩნდება (შესაბამისი ხალხების გამოჩენის თანადროულად)16, მაგრამ “ქართლის ცხოვრების”
დამოწმებული ეპიზოდის ანალიზისას უფრო ადეკვატური ხომ არ იქნება აქცენტი გავაკეთოთ არა დასახელებულ ეთნონიმთა შექმნის დროზე, არამედ ამ ტერმინებით აღნიშნული ხალხის ისტორიაზე; ქართველი მემატიანის მიზანი ხომ ხალხის ისტორიის აღწერაა და არა – ტერმინთა ისტორია; მით უმეტეს, ეთნონიმთა თუ სხვა ტერმინთა გათანამედროვეობა ჩვეულებრივი ამბავია.
საქართველოს ისტორიის ადრეული პერიოდის აღწერისას თურქების ვინაობასთან დაკავშირებით საინტერესო ცნობებია დაცული “ქართლის ცხოვრებაშივე”; კერძოდ, ტექსტის შესავალშივე ერთი საინტერესო ფაქტი დასტურდება: მემატიანე საუბრობს ამიერკავკასიაში მოსახლე ქართველების, სომხების, ასევე, მათი მტრების – სპარსების და საქართველოში შემოხიზნული მიგრანტი ეთნიკური ჯგუფების შესახებ; მთლიანობაში, მოსულ ეთნიკურ ჯგუფთაგან სახელდებიან: ბერძენნი, ასურნი, ხაზარნი, თურქნი, ურიანი (ქ.ც. 1955, გვ. 15-16). მემატიანის მიერ იქვე ჩამოთვლილია საქართველოში მცხოვრებ ეთნოსთა ენები: სომხური (/ურარტული!)17, ქართული, ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძნული (გვ. 16). რითი აიხსნება, რომ მხოლოდ თურქთა ენაა გამოტოვებული?
ლოგიკურია მხოლოდ იმის დაშვება, რომ მემატიანემ იცის: ხაზარული და თურქული ერთი ენის სახესხვაობებია18, რამდენადაც ხაზარები და თურქები ერთი ხალხია. შდრ.: ხაზარები, თურქები და ჰუნები ერთ ხალხადაა მიჩნეული VI-XII საუკუნეების ბერძნულ-ბიზანტიურ წყაროებშიც19; იხ., მაგ.: თურქთა უფალი – ხაზართა ხაყანი: 620 წელს ირაკლი კეისარი ლაშქრობს სპარსეთის წინააღმდეგ; გაიარა ლაზეთი და ივერია; თურქთა/ხაზართა უფალს ირაკლი კეისარმა საჩუქრები გაუგზავნა; ბერძნულ ტექსტში მოცემულია ფორმა: Τοὺρκων. ამ ცნობის ავტორია ნიკიფორე კონსტანტინეპოლი, კონსტანტინეპოლის პარტიარქი (806-815)20. ირაკლი კეისარის ამ ლაშქრობის ტექსტი ქართულად ითარგმნა 1042 წელს21; შესაბამისად, აშკარაა, რომ “ქართლის ცხოვრების” რედაქტორმაც – ლეონტი მროველმაც – კარგად იცის, რომ თურქთა ენა და ხაზარული ენა ერთი და იგივეა22.

   “ქართლის ცხოვრებიდან” ასევე ჩანს, რომ ქართველი მემატიანენი იცნობდნენ ირან-თურანის ბრძოლებს23 და ამ დაპირისპირების გვიანდელ ინტერპრეტაციას: შდრ.: მიდიის მეფე ქაოხოსრო/კიახსარი/კვაქსარაქსი ამარცხებს თურანელებს (დამარცხებულთა ნაწილი თავს აფარებს საქართველოს). ფირდოუსის გააზრებით, რამდენადაც X საუკუნეებში სპარსელებს თურქები ებრძვიან, თურქების წინაპრები არიან თურანელები.
ქართველი მემატიანის აზრითაც, ირანელთა მტრები – თურანელები თურქები არიან; ეს უკანასკნელნი კი იგივენი არიან, რაც ხაზარები, ყივჩაყები.

 სხვა საკითხია, დღევანდელი გადასახედიდან რამდენად მართებულია ამგვარი ხედვა:

თურან- ფუძის საფუძვლად მიჩნეულია ეთნონიმი თური24.

თანამედროვე მკვლევართა დიდი ნაწილის აზრით, თური/თურანელი ინდოევროპული ენის (სპარსულის ახლომონათესავე!) მქონე ხალხის აღმნიშვნელი ეთნონიმია. სპეციალისტთა ნაწილი (ძირითადად – თურქოლოგები) კი მიიჩნევს, რომ თური/თურანელი თურქი ხალხების წინაპართა აღმნიშვნელი სახელებია (შდრ., თურქეთში პოპულარულია გვარი – თურანი)25.
ორივე მოსაზრებას აქვს არსებობის უფლება; მით უმეტეს, არაიშვიათად ხდება ეთნონიმთა გადააზრიანება (შდრ., მაგ.: აფხაზი > აფსუა, სომეხი > არმენი…)26. ჩემი დღევანდელი მოხსენების თემა თურქ-/თურ- მიმართების ძიება არ არის; მხოლოდ აღვნიშნავთ: ეტიმოლოგიურად შეუძლებელი არ არის თურ-, თურქ-, თურ-ან-, თარაქამ-, თურქმენ- ფუძეების კავშირი. კვლევის ამ ეტაპზე ჩემთვის არსებითია სხვა ფაქტი:  აშკარაა: “ქართლის ცხოვრების” ძველი ავტორები კარგად იცნობენ თანადროულ მსოფლიო ისტორიოგრაფიას; მათი კვალიფიკაციები დღესაც აქტუალურია, შესაბამისად, ქართველ მემატიანეთა მიერ თურქების/ბუნთურქების, ყივჩაყებისა თუ ხაზარების შესახებ მოწოდებული ცნობების ანაქრონიზმად მიჩნევა, რბილად რომ ვთქვათ, გაუმართლებელია. უფრო ლოგიკური იქნება მემატიანეთა ცნობებისადმი ფრთხილი დამოკიდებულება და მათი სიღრმისეული ანალიზი. რაც შეეხება თურქ-/თურანელმიმართებას:
როგორც აღინიშნა, ქართველი მემატიანისთვის ფალაური წყაროების27 თური/თურანელი და ბერძნული თუ ქართული წყაროების თურქი, ხაზარი, თურქ-სელჯუკი საერთო წარმოშობის საზოგადოებებია28. რამდენადაც დღემდე სპეციალისტთა კამათის თემაა თურანელთა ვინაობა, დიდ შეცდომას არ უნდა უშვებდნენ ძველი ქართული წყაროები; კერძოდ:
– თუ საბოლოოდ გაირკვევა, რომ ავესტისეული თურანი ინდოევროპული სამყარო იყო (თური – დღევანდელი ავღანეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნოსი?)29, ფირდოუსის გავლენით (?) შექმნილი ქართველი მემატიანის მოსაზრება მაინც არ უნდა მივიჩნიოთ დიდ ცდომილებად, ვინაიდან დღესაც საკამათოა ამ ხალხის ინდოევროპულობა;
– თუ ეთნონიმი თურქი მართლა მომდინარეობს თურ- ფუძისგან, ძველი ქართველი მემატიანის ლოგიკა მეცნიერულია;
– თუ დადგინდება, რომ თურქები თურანელებისგან წარმოიშვნენ, ჩვენი მემატიანე ცამდე მართალი ყოფილა…
ამრიგად, ქართულ ენობრივ ველში, სულ მცირე, 11-13 საუკუნის წინ არსებობს ეთნონიმი თურქი, რომლის ისტორია უნდა განვიხილოთ “ქართლის ცხოვრების” შესავალი ნაწილის სიძველის შესაბამისად. “ქართლის ცხოვრების” ცნობები კიახსარისგან/ქაიხოსროსგან დევნილ “თურქთა” შესახებ, ასევე, ბუნ-მსაზღვრელიანი ეთნონიმის (თურქის) განზოგადება “სასტიკი წარმართის” აღსანიშნავად, ასახავს თურქთა (/სკვითთა?) შესახებ ახალი წელთაღრიცხვის პირველი ათასწლეულის დასასრულის ქართველთა სიღრმისეულ (მეცნიერულ) ცოდნასა და მკაფიო თვალსაზრისს. მოცემულ კონკრეტულ შემთხვევებში – ქართული წყაროების ზემოთ განხილული ეპიზოდებში – შემდეგი სახის ინფორმაცია გვაქვს:

“ქართლის ცხოვრება” (უფრო თანამიმდევრული ინფორმაცია):
ალექსანდრე დიდის დროს (წინარე ქრისტიანულ) საქართველოში ცხოვრობდნენ ქართველები, რომლებიც სიველურით ჰგანდნენ ქაიხოსროს მიერ გამოდევნილ
“თურქებს”, რომელთა ნაწილი ქართველთა ნებართვით კომპაქტურად დასახლდა სარკინეში. ალექსანდრემ დაიმორჩილა ქართლის/საქართველოს ძირითადი
მოსახლეობა, ხოლო სარკინეში დასახლებული “თურქები” ალექსანდრე დიდის შიშით
(11-თვიანი ალყის შემდეგ) გადაიხვეწნენ ჩრდილო კავკასიაში.
მოქცევა~ ქართლისა~” (წინააღმდეგობრივი ინფორმაცია):
ალექსანდრე დიდის დროს (წინარე ქრისტიანულ) საქართველოში ცხოვრობდა “თურქებივით” ველური საზოგადოება და ლტოლვილი ჰონნი. ალექსანდრემ დაიმორჩილა საქართველოს/ქართლის ძირითადი მოსახლეობა, გაანადგურა ჰონნი, ხოლო სარკინეში მცხოვრებნი ალექსანდრე დიდის შიშით (11-თვიანი ალყის შემდეგ) გადაიხვეწნენ ჩრდილო კავკასიაში.  

დამოწმებული ლიტარატურა:


ი. აბულაძე, 1953 – ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი, ქართული ტექსტი და ძველი სომხური თარგმანი გამოკვლევითა და ლექსიკონით (გამოსცა ილია აბულაძემ), თბ., 1953
გ. ალასანია, 2000 – გ. ალასანია, ქართული წერილობითი წყაროების ბუნ-თურქები (საკითხის ისტორიოგრაფია); ქართული წყაროთმცოდნეობა, IX, თბ., 2000
ზ. ალექსიძე, 1991 – ზ. ალექსიძე, ამბავი ქართლისა და ნათესავისა მათისა, ამიერკავკასიის ისტორიის პრობლემები, თბ., 1991
მ. ანდრონიკაშვილი, 1966 – მ. ანდრონიკაშვილი, ნარკვევები ირანულ-ქართული ენობრივი ურთიერთობიდან, I, თბ., 1966
ი. ანთელავა, 2002 – საქართველოს საისტორიო-წყაროთმცოდნეობითი ძიებანი, თბ., 2002
ზ. ანჩაბაძე, 1968 – З.В. Анчабадзе. Кипчаки Северного Кавказа по данным грузинских летописей XI-XIV вв. – Материалы научной сессии по проблемам происхождения Балкарского и Кавказского народов. Нальчик, 1968
ვ. გოილაძე,2008 – ვ. გოილაძე, ჰუნ-თურქები კავკასიაში, თბ., 2008
ე. თაყაიშვილი, 1980 – Е.С. Такаишвили. Источники грузинских летописей. Три хроники. Тифлис, 1890
ს. კლიაშტორნი, 1965 – С.Г. Кляшторный. Проблемы ранней истории племени турк (Ашина). – Новое в советской археологии, М., 1965 (Материалы и исследования по археологии, СССР, 130)
ნ. მარი, 1901- Н.Я. Марр. Ипполит. Толкование Песни Песней. СПБ., 1901
გ. მელიქიშვილი, 1969 – Г.А. Меликишвили. К истории древней Грузии. Тб.,1969
რ. მეტრეველი, 2008 – ქართლის ცხოვრება, თბ., 2008 (მთავარი რედაქტორი რ. მეტრეველი)
მ. სეიდოვი, 1969 – М. Сейдов. Опыт этимологического анализа слова Бунтурк//бунтюрк. – Доклады АН Азерб. ССР, 1969, 8 т. XXV
ტ. ფუტკარაძე, ქართველები (ისტორიული საცხოვრისი, დედაენა, დიალექტები),  ქუთაისი, 2005
ქართლის ცხოვრება, 1955 – ქართლის ცხოვრება I, ს.ყაუხჩიშვილის რედაქციით, თბ., 1955
შატბერდის კრებული – “შატბერდის კრებული X საუკუნისა” (გამოსაცემად მოამზადეს
ბ. გიგინეიშვილმა და ელ. გიუნაშვილმა), თბ., 1979
გ. ქავთარაძე, 2006 – გ. ქავთარაძე, საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების საკითხები, კავკასიოლოგიური სერია, II, თბ., 2006
გ. წულაია, 1979 – Леонти Мровели. Жизнь Картлийских царей. Извлечение сведений с древнегрузинского, предисловие и комментарии Г.В. Цулая. М., 1979, с.59-60
ი. ჯავახიშვილი, 1977 – ი. ჯავახიშვილი, თხზულებანი 12 ტომად, ტ. VIII, თბ., 1977

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 70 other followers