Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•ბერძენიშვილი-ქრისტიანობა I

  ♥აფხაზეთი-Abkhazia

 

ირმა ბერძენიშვილი

  

ქრისტიანობის გავრცელების საკითხი აფხაზეთში არქეოლოგიური მასალების მიხედვით 

(IV-VIII სს 

 თბილისი -2006

 

შინაარსი

 
შესავალი.
თავი I. საკითხის ისტორიოგრაფია და წერილობითი წყაროები.
1. აფხაზეთის ადრებიზანტიური ხანის ძეგლების შესწავლის ისტორია.
2. წერილობითი წყაროები.
თავი II. აფხაზეთის ზღვისპირა ძეგლები.
1. ბიჭვინთა და მისი “ქვეყანა”.
2. სებასტოპოლი – ცხუმი.
3. ოჩამჩირე – გიენოსი.
4. ანაკოფია – “თავადი ციხეთა აფხაზეთისათა”.
5. გუდავა _ზიღანეოსი.
6. განთიადი.
7. აფხაზეთის სამეკლესიანი ბაზილიკები.
თავი III. მთისწინა და მთიანი აფხაზეთის ძეგლები.
1. აფსილთა ქვეყანა–წებელდა (წებელდა, შაპკა, მრამბა).
2. ხაშუფსე.
3. დრანდა.
თავი IV. არქეოლოგიური მონაცემები.
1. სამაროვნები და სამარხთა ძირითადი ტიპები. ქვის სარკოფაგები.
2. კერამიკა.
3. მინა.
4. მცირე პლასტიკის ძეგლები (ჯვრები, აბზინდები, მშვილდსაკინძები).
5.რელიეფური სკულპტურის ძეგლები.
დასკვნა.

შ ე ს ა ვ ა ლ ი

აფხაზეთის ადრექრისტიანული ძეგლები – აქ, უპირველეს ყოვლისა, არქეოლოგიური მონაცემები და განათხარი არქიტექტურის ძეგლები იგულისხმება – ნათლად წარმოადგენენ ამ მხარის კულტურულ სიტუაციას მოცემულ პერიოდში. მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონის სიძველეებისადმი ინტერესი დიდი ხანია არსებობს და არაერთი მკვლევარი დაინტერესებულა აღნიშნული საკითხით, დღეს მაინც რჩება ერთგვარი უკმარისობის გრძნობა ამ მხარის სრულად შესწავლასთან დაკავშირებით. ჩვენთვის საინტერესო პერიოდის (IV-VIII სს.) ძეგლთაგან ზოგიერთი ჯერაც არ გამხდარა არქეოლოგიურ კვლევის ობიექტი. არსებულ ვითარებას განსაკუთრებით ართულებს დღეისათვის შექმნილი პოლიტიკური სიტუაცია. თუმცა არქეოლოგიური გათხრები აფხაზეთში დღეს, და განსაკუთრებით, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, საკმაოდ აქტიურად მიმდინარეობს. 2002 წლიდან კი აფხაზეთში რუსულ-აფხაზური ექსპედიცია მუშაობს, რუსულ მხარეს წარმოადგენს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგიის ინსტიტუტი (ა. სკაკოვი) და აღმოსავლეთის სახელმწიფო მუზეუმი (ვ. ერლიხი), აფხაზურ მხარეს კი აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევის ინსტიტუტი (გ. შამბა). მაგალითად ითხრება კოლხური კულტურის დროინდელი სამაროვანი აბგარხუკში – გუდაუთის რაიონი (ა. სკაკოვი, ა. ჯობუა, ი. წვინარია, გ. შამბა); ეშერის ნამოსახლარი (გ. შამბა, ვ. ერლიხი, ი. ქსენიფონტოვა); აჭანდარაში ბორცვ ცოუხუაზე IV-VI სს-ის სამაროვანი (ა. სკაკოვი, ა. ჯობუა, ო. ბრილოვა); ითხრება აქამდე უცნობი ადრექრისტიანული ტაძარი ლიძავაში, ბიჭვინთის მახლობლად (რ. ბარციცი); სოხუმის ციხე და მისი მიმდებარე ტერიტორია (მ. აბრამზონი, დ. ბჟანია და სხვ.), გრძელდება სოხუმის ციხეში 1988 წელს მ. გუნბას მიერ დაწყებული ადრე შუა საუკუნეების ეკლესიის გათხრა და სხვ. ამ არქეოლოგიური გათხრების და მათი შედეგების შესახებ რეზიუმირებული ინფორმაციის მოძიება ძირითადად მხოლოდ რუსულ-აფხაზური ინტერნეტ-საიტებით არის შესაძლებელი.

დღეისათვის აფხაზეთში ადრექრისტიანული ხანის 26 არქიტექტურული ძეგლია გამოვლენილი, რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩო IV-VIII საუკუნეებში თავსდება. ქვემოთ თითოეულ მათგანს განვიხილავთ აღნიშნულ პუნქტებზე ცალ-ცალკე მსჯელობისას; ცალკე პარაგრაფი ეთმობა აფხაზეთის სამეკლესიან ბაზილიკებს, როგორც საერთო ქართულ არქიტექტურულ თემას, რომელიც აფხაზეთსა და აღმოსავლეთ საქართველოს შორის არსებულ კონტაქტებზე მიუთითებს და აღნიშნულ პერიოდში ქართლსა და ეგრისს შორის საეკლესიო-კულტურული ერთიანობის მაჩვენებელია; შევეხებით აგრეთვე სამაროვნებსა და სამარხეულ მასალას; ნაქალაქართა და ნასახლართა ტერიტორიაზე გამოვლენილ სამზარეულო, სამეურნეო თუ სამშენებლო კერამიკას, რომლებიც ქრისტიანული სიმბოლოებითაა შემკული და რელიეფური სკულპტურის ძეგლებს, რომლებიც საეკლესიო არქიტექტურას უკავშირდება.

უძველესი ეკლესიები აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში, უპირველეს ყოვლისა, ზღვის სანაპიროზე არსებულ გამაგრებულ პუნქტებში ჩნდება. ეს პუნქტები რომაულ-ბიზანტიური პოლიტიკის საყრდენს წარმოადგენდა ამ რეგიონში. ქრისტიანობის გავრცელების საქმეში მნიშვლენოვანი როლი ითამაშა აქ რომაული გარნიზონების არსებობამ, რომელთა მიზანს, ერთის მხრივ, ადგილობრივი მოსახლეობის მორჩილებაში ყოლა და, მეორეს მხრივ, ჩრდილოეთიდან მოძალებული მომთაბარე ტომების შემოსევებისაგან იმპერიის საზღვრების დაცვა წარმოადგენდა. ამასთან ცნობილია, რომ ბიჭვინთასა და სებასტოპოლისში ჩაყენებული გარნიზონები უმეტესად მცირეაზიელებით იყო დაკომპლექტებული. მცირე აზია კი ის რეგიონია, სადაც თავდაპირველად გავრცელდა ქრისტიანული იდეები და, უნდა ვიფიქროთ, რომ აქ მყოფ ჯარისკაცთაგან ბევრი იქნებოდა ამ იდეებს ნაზიარები. სწორედ ისინი უნდა ყოფილიყვნენ იმპულსების მიმცემი ადგილობრივი მოსახლეობისთვის ახალი ქრისტიანული მსოფლხედველობისა და იდეებისა. გარდა ამისა, აფხაზეთი, როგორც ცნობილია, რომის იმპერიისაგან დევნილი პირველი ქრისტიანების გადასახლების ადგილს წარმოადგენდა, რაც აგრეთვე ხელისშემწყობი ფაქტორი უნდა ყოფილიყო აქ ახალი მრწამსის გავრცელება-დამკვიდრების საქმეში.

 

თავი I. ისტორიოგრაფია და წერილობითი წყაროები
§ 1. აფხაზეთის ადრებიზანტიური ხანის ძეგლების შესწავლის ისტორია

ადრე შუა საუკუნეები (IV-VIII სს.) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და რთული პერიოდია დასავლეთ საქართველოს ისტორიაში. ამ ხანის ძეგლების მნიშვნელოვანი ნაწილი კვლავ საჭიროებს გამოკვლევასა და არქეოლოგიურ შესწავლას. ჩრდილო-დასავლეთ ლაზიკის _ აფხაზეთის, ადრებიზანტიური ხანის ძეგლების არქეოლოგიური კვლევა XX საუკუნის შუა ხანებიდან იწყება, თუმცა აფხაზეთის სიძველეებისადმი ინტერესი დიდი ხანია არსებობოს. XVII საუკუნიდან დაწყებული, არაერთი უცხოელი მოგზაური, ვაჭარი თუ მისიონერი დაინტერესებულა ამ მხარით; მაგრამ ეს ინტერესი მიწის ზედა, ძირითადად განვითარებული შუა საუკუნეების არქიტექტურული ძეგლების აღნუსხვა-აღწერითა და ჩანახატებით შემოიფარგლებოდა. მაგალითად, იტალიელი მისიონერების ა. ლამბერტის, ი. ძამპის, ქ. კასტელის ნაშრომებში მოხსენიებულია ამ მხარის ციხეები, ტაძრები და დასახლებული პუნქტები (მაგ. დრანდა, ილორი, ბედია, ანაკოფია, კელასურის კედელი და სხვ.) [ლამბერტი ა., 1938, გვ. 118-121; ძამპი, 1975, გვ. 129-200; კასტელი, 1976, გვ. 30, 82, 171, 180, და ა.შ.]. Mმსგავსი ცნობებია დაცული ფრანგი კომერსანტის ჟ. შარდენის [შარდენი, 1975, გვ. 147, 157, 185, და ა.შ.] და სხვათა ნაშრომებში.
5
საინტერესო მონაცემებს შეიცავს XVIII საუკუნის გამოჩენილი ქართველი ისტორიკოსისა და გეოგრაფის ვახუშტი ბატონიშვილის “აღწერა სამეფოსა საქართველოსა”. იმ ქვეთავში რომელიც ოდიშ-აფხაზეთს ეხება, იგი საუბრობს მოქვის, დრანდის და ბიჭვინთის ეკლესიებზე, ქალაქ ცხომზე, ანაკოფიაზე და სხვ. [ბაგრატიონი ვ., 1997, გვ. 170-172].
1833 წელს აფხაზეთის ძეგლებს გაეცნო ფრანგი მეცნიერი ფრედერიკ დიუბუა დე მონპერე. კავკასიის ეთნიკურმა სიჭრელემ და შესანიშნავმა ისტორიულმა ძეგლებმა გაიტაცეს დიუბუა როგორც ეთნოგრაფი და არქეოლოგი. მას გულდასმით შეჰქონდა თავის დღიურებში ყოველგვარი შთაბეჭდილებები და იხატავდა ყველაფერს რასაც ხედავდა. ამ მოგზაურობის შედეგად ყირიმსა და კავკასიაში დიუბუას დაუგროვდა დიდძალი მასალა, რომელიც მან 6 ტომად გამოაქვეყნა 1839-1843 წლებში პარიზში. ნაშრომს ერთვის ატლასი [Dubois de Monpéreux F., 1839]. ნაშრომის სრული სახელწოდებაა: “Voyage autour de Caucase, chez les Tcherkesses et les Abkhases, en Colchide, en Géorgie, en Arménie et en Crimée”. Pპირველ ტომში, რომლის რუსული თარგამანი გამოიცა 1937 წელს სოხუმში სახელწოდებით “Путешествие вокруг Кавказа”, მოცემულია ჩერქეზეთის და აფხაზეთის გეოგრაფია, ეთნოგრაფიულ-ისტორიული მასალები. ამავე ტომშია აღწერილი გაგრის ციხე და ეკლესია, ბიჭვინთის ტაძარი, აილაგუ-აბიკუსა და სიმონ კანანელის ეკლესიები, ლიხნი, ანაკოფია, ეშერის ეკლესია, დრანდა, ილორი, სოხუმის ციხე, ეკლესია “ოხვამე” სოხუმში, კელასურის კედელი და სხვ. [Дюбуа де Монперэ Ф., 1937, გვ. 95-118, 130-136, 151-162].
6
1847 წელს საქართველო და მათ შორის აფხაზეთიც მოინახულა მ. ბროსემ. მისი გამოკვლევის შედეგად გამოიცა მ. ბროსეს 3 ტომიანი ნაშრომი რაპორტების სახით. პირველი ტომის მერვე რაპორტი სამურზაყანოსა და აფხაზეთს ეხება [Brosset M., 1851, გვ. 87-150]. ატლასში კი, რომელიც ერთვის რაპორტებს [Brosset M., 1850] სხვა ძეგლებთან ერთად მოცემულია დრანდის, ბედიის, მოქვის, ლიხნის და ბიჭვინთის არქიტექტურული ძეგლების გეგმები, აღწერილობა, სურათები. ძირითად ყურადღებას იგი ძველებურ წარწერებს უთმობს [Brosset M., 1850, Pl. XXXI, XXXIV, XXXV, XXXVI, XXXVII, XLIV, XLV].
მაგრამ, განსაკუთრებული ღვაწლი აფხაზეთის უძველესი ძეგლებით დაინტერესებისა და მათი არქეოლოგიურად შესწავლის დაწყების საქმეში დ. ბაქრაძეს მიუძღვის. 1886 წელს საიმპერატორო არქეოლოგიური კომისიის დავალებით იგი არქეოლოგიურ დაზვერვებს აწარმოებს სოხუმის ოლქში, რომელიც ასახულია მივლინების ანგარიშში: Отчёт об археологических находках 1886 г. на Кавказе преимушественно в Сухумском округе1. ამ მივლინების შედეგად გამოვლინდა და აღიწერა წებელდის რაიონის სოფ. პოლტავსკოეში ძველი ეკლესია სხვადასხვა საღვთისმეტყველო ნივთებით: წიგნები, ხატები და სხვ. პოლტოვსკოეს შემდეგ მას სოფ. ოლგინსკოეში აღუწერია მომცრო ზომის ეკლესია, შიგ ეკლესიაში მცირე არქეოლოგიური გათხრები ჩაუტარებია, სადაც აღმოჩნდა ორი კვადრატული ფილაქვა, შესანიშნავი ორნამენტით, ერთ-ერთ მათგანზე კარგად შემონახული ასომთავრული

7
წარწერით: “წმ. თევდორე, შეიწყალე მიქაელი.” დ. ბაქრაძემ იგი XI ს-ით განსაზღვრა. აქვე აღმოჩნდა სვეტისა და კაპიტელის ნატეხები; ქვის ფილებისგან შემდგარი სამარხი, ადამიანის ძვლებით და ცხენის 2 კბილით. ოლგინსკოედან დ. ბაქრაძე მიემართება ვორონოვების მამულში, სადაც არსებული ცნობით, ეკლესიის ნანგრევებში ქ-ნ უვაროვას მიერ აღმოჩნდა სამი რელიეფურგამოსახულებიანი ქვა ევანგელური და საეკლესიო სიუჟეტებით, რომელიც დ. ბაქრაძემ კანკელის ფილებად მიიჩნია. აქვე აღმოჩნდა სხვადასხვა ორნამენტირებული ქვის ნატეხები, მათ შორის სვეტის ორი მრგვალი კაპიტელი. ერთ-ერთ მათგანზე რქებით ერთმანეთთან შერკინებული ორი ვერძია გამოსახული, მეორეზე კი პირდაღებული დრაკონი, ნახევრადგადაყლაპული ადამიანის ფიგურით. აქვე იყო ნაპოვნი სპილენძის ისეთივე ჯვარი, როგორიც პოლტავსკოეს ეკლესიაში აღმოჩნდა; დ. ბაქრაძემ კიდევ ერთი ეკლესია აღწერა ვორონოვების მამულიდან 6 ვერსის დაშორებით. აქვე მან იპოვა სხვადასხვა ორნამენტირებული ქვა, ერთ-ერთ მათგანზე ქართული ასომთავრული წარწერით.
დ. ბაქრადძე ამ ანგარიშში მოიხსენიებს სოხუმში, პოლკოვნიკ ვედენსკოეს სახლში ნანახ ქვის ორ სკულპტურულ ნატეხს დრანდის მონასტრიდან, სადაც იმ დროს სარემონტო სამუშაოები ტარდებოდა. მოგვიანებით ისინი პ.ს.უვაროვამ გამოაქვეყნა, დღესდღეობით კი ეს რელიეფური სკულპტურის ძეგლები დაკარგულია. ვორონოვის, ოლგინსკოეს და დრანდის ეკლესიებს დ. ბაქრაძე საკმაოდ ძველი ეპოქის ძეგლებად [8] მიიჩნევდა. შემდგომმა არქეოლოგიურმა გამოკვლევამ დაადასტურა მისი ეს მოსაზრება.
დ. ბაქრაძის მიერ შემუშავებულ იქნა სოხუმის ოლქის (რომელშიაც იმ დროს შედიოდა აფხაზეთი, წებელდა და სამურზაყანო, შავი ზღვის სანაპირო კავკასიის მთავარ ქედს, გაგრასა და მდ. ენგურს შორის ტერიტორია) სიძველეების გამოკვლევის პროგრამა, რომლის პროექტიც წარმოდგენილ იქნა 1887 წელს. ეს პროგრამა გულისხმობდა სოხუმის ოლქის ყოველმხრივ არქეოლოგიურ შესწავლას:

1. გათხრების ჩატარება ძველ ქალაქ პიტიუსში, აფხაზი კათოლიკოსების კათედრის სიახლოვეს; ქ. სოხუმში ზღვის სანაპიროზე, ბულვარის პირდაპირ ძველი ფუნდამენტის გათხრა, და სხვ.;

2. ძველი ბერძნულ-რომაული ტექსტების შესწავლა და მათი მიმართება კავკასიის მთავარ ქედთან და მის უღელტეხილებთან, და იმ ციხე-კოშკებთან, რომლებიც გზის გაყოლებაზეა განლაგებული;

3. აფხაზეთსა და წებელდაში ძველი გეოგრაფიული ნომენკლატურის შესწავლა და გარკვევა;

4. უცნობი ქრისტიანული ძეგლების გამოვლენა; ამ ძეგლებთან დაკავშირებული გუჯრებისა და აქტების მოძიება-შესწავლა და სხვ. დ. ბაქრაძის მიერ წარმოდგენილი პროგრამის ამ პროექტში იმაზეც კი იყო საუბარი, რომ შემოდგომა, გაზაფხული და ზამთარიც, თუკი ნაკლებ წვიმიანია, ხელსაყრელი დროა აქ არქეოლოგიური სამუშაოების ჩასატარებლად.

1875 წელს გამოვიდა დ. ბაქრაძის ნაშრომი: ”Кавказ в древних памятниках христианства”. ნაშრომში მოცემულია ძირითადად საქართველოს ქრისტიანული ძეგლების აღწერილობა (სულ 320-მდე ძეგლი)

9

 და კვლევის შედეგები, რომელთა შორისაა დრანდა, ბიჭვინთა, სოუკ-სუ (ლიხნი), მოქვი, ბედია, გაგრა და ანაკოფია [Бакрадзе Д., 1875. გვ. 65-66, 121-122, 136, 102, 103, 39, 48, 25]. ამ მონოგრაფიისთვის 1877 წელს დ. ბაქრაძე საიმპერატორო არქეოლოგიური საზოგადოების დიდი ოქროს მედლით დააჯილდოვეს [გამყრელიძე გ., 1996. გვ. 12].
მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აფხაზეთის ქრისტიანული ძეგლების შესწავლის საქმეში პრასკოვია უვაროვამ. მან კავკასიის შესწავლა 1879 წლიდან დაიწყო. მისი მეუღლე, არქეოლოგი ა.ს.უვაროვი, მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. 1886 წელს ქ-მა უვაროვამ ორი ეკლესია გათხარა წებელდაში (პოლტავსკოეს და ოლგინსკოეს). აქვე ვორონოვების ეკლესიის ნანგრევებს შორის აღმოჩნდა წებელდის ცნობილი ქვის ფილები, რომელიც კანკელის ნაშთებად მიიჩნია. მანვე მიაკვლია დრანდაში ტაძრის ძველ ხუროთმოძღვრულ დეტალებს, რომლებიც დღეს დაკარგულია და მხოლოდ პ. უვაროვას პუბლიკაციითაა ცნობილი. მისი ნაშრომი “Христианские памятники” აღწერილობით ხასიათს ატარებს, სადაც ანაკოფიის სიმონ კანანელის, ბზიფის, ალაჰაძის, ლიხნის და სხვა ტაძართა აღწერილობაა მოცემული [Уварова П., 1894, გვ. 9-11, 22-23, 30].
თბილისში 1881 წელს გამართული V არქეოლოგიური ყრილობით ახალი ეტაპი იწყება კავკასიის არქეოლოგიური ძეგლების შესწავლის საქმეში. ამიერკავკასიაში აქტიურად მოღვაწეობდა თბილისში დაარსებული არქეოლოგიის მოყვარულთა კავკასიის საზოგადოება, რომელიც მჭიდროდ იყო

10
დაკავშირებული მოსკოვის არქეოლოგიურ საზოგადოებასთან; ამავე საზოგადოების დავალებით იწყება შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს არქეოლოგიური შესწავლა, რომლის განხორციელებაც 1887 წელს დაევალა ვ. სიზოვს. მან გათხრები ჩაატარა სოხუმში, შუა საუკუნეების ცხუმის ტერიტორიაზე, მდ. ბესლეთის შესართავთან, “ძველ სოხუმში”, და სხვ. [Сизов В., 1884].
1888 წელს, იგივე მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების დავალებით ა.მ.პავლინოვმა აზომა და აღწერა დრანდა, მოქვი, ილორი, ბედია და სხვა ტაძრები [Павлинов А., 1893, გვ. 1-3, 8-13].
1885 წელს არქემანდრიტი ლეონიდე (კაველინი) აქვეყნებს თავის ნაშრომს “Абхазия и в ней Ново-Афонский Симоно-Кананитский монастырь”, რომლის პირველ ნაწილში მოცემულია აფხაზეთის ქრისტიანული ძეგლების (გაგრა, ბიჭვინთა, ამბარა, ლიხნი, ანაკოფია, კამანი, დრანდა, ილორი, მოქვი, ბედია) აღწერილობა და ფოტო მასალა (გვ. 28-70). გარკვეული ცვლილებებით ეს წიგნი ხელახლა გამოიცა 1898 წელს. აღნიშნულ ნაშრომში პირველად გამოქვეყნდა ივერიის მთაზე, ანაკოფიის ციხის ნანგრევებში აღმოჩენილი ბერძნული წარწერები (გვ. 47-56). ამ წარწერების გაშიფვრას სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა ვ. ლატიშევმა [Латышев В., 1911, გვ. 22-23].
1903 წელს აფხაზეთი მოინახულა ცნობილმა ფრანგმა მოგზაურმა და სპელეოლოგმა ე. მარტელმა. მან დაგვიტოვა გაგრის ტაძრის (“ბიზანტიური ეკლესია”), ცანდრიფშის, ლიხნის, ბიჭვინთის, ახალი ათონის (“ტრაიანეს ციხე”) და სხვ. აღწერილობა ფოტომასალებით და ნახაზებით [Martel E., 1904].
11
1907 წელს ა. მილერი დაზვერვებს და მცირე გათხრებს აწარმოებდა სოხუმის ციხის მიდამოებში და წებელდის ციხეში, რომელიც მან პირველმა აზომა. ა. მილერმა სოხუმის ციხის მიდამოებში მიაკვლია მცირე ძველი ეკლესიის ფუნდამენტს, რომლის საკურთხეველშიც აღმოჩნდა ქვა ჯვრის გამოსახულებით. ეს ფუნდამენტი ციხის უძველესი წყობის თავზე იყო გამართული ზღვის დონიდან 2 მეტრის სიმაღლეზე; წებელდაში ადაგოს მთაზე მანვე გამოავლინა სასიმაგრო ნაგებობა, ორი ეკლესიისა და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთები, საინტერესო ქვის ფილები რელიეფური ჯვრის გამოსახულებით. ეს რელიეფები დღესდღეობით დაკარგულია და სწორედ მილერის პუბლიკაციითაა ცნობილი [Миллер А., 1909, გვ 71-82. სურ. 6].
ახალი ეტაპი აფხაზეთის არქეოლოგიური ძეგლების შესწავლის საქმეში იწყება 1922 წელს, როცა დაარსდა აფხაზეთის სამეცნიერო საზოგადოება, თუმცა ამ საზოგადოებამ მხოლოდ 9 წელი იარსება. ამავე საზოგადოების დავალებით 1925 წელს ა.ს.ბაშკიროვი იწყებს აფხაზეთის ჩრდილოეთ სანაპიროს არქეოლოგიურ შესწავლას. მისი კვლევის სფეროში მოექცა სოხუმის მიდამოები, ლიხნი, მდ. ფსირცხის რაიონი, ბიჭვინთის კონცხი, სადაც ძველი ნაქალაქარის ნაშთებს მიაკვლია (გალავნის კედლებს, კოშკებს და ქრისტიანული ტაძრის ნაშთებს); სოხუმის (თურქული) ციხის შესწავლის შემდეგ, ა.ბაშკიროვმა 3 კულტურული ფენა გამოჰყო: თურქული, ბიზანტიური და რომაული; ახალ ათონში, ივერიის მთაზე არსებული ციხის [12] ნანგრევები მან ანაკოფიის ციხედ ჩათვალა, ხოლო მთის თხემზე არსებული ტაძარი VIII-IX სს-ით დაათარიღა [Башкиров А., 1925].
XX საუკუნის 30-40-იან წლებში აფხაზეთის შუა საუკუნეების ძეგლების შესწავლა ძირითადად ლ.ნ.სოლოვიოვის და ი.ე.აძინბას სახელთანაა დაკავშირებული. ლ.სოლოვიოვმა საგანგებოდ გამოიკვლია აფხაზეთის ისეთი მნიშვნელოვანი თავდაცვითი ნაგებობები, როგორიცაა გაგრის (აიგივებს ტრაქეასთან) და ანკოფიის ციხეები, და კელასურის კედელი. მაგრამ ეს ნაშრომი ხელნაწერის სახით არსებობს და დღემდე გამოუქვეყნებელია [Л.Н.Соловьев, Древние оборительные рубежи феодальной эпохи на черноморском побережье Западной Грузии (Гагрская крепость, Иверская гора, Келасурская стена), Сухуми, 1940. (Рукопись, Архив АбИЯЛИ, №344)]. 1947 წელს დაიბეჭდა ლ. სოლოვიოვის საკმაოდ მოზრდილი სტატია სოხუმის შესახებ, რომელიც ეძღვნებოდა ქალაქის ისტორიას დაარსებიდან ძვ.წ. VI ს-ში, ვიდრე XIX ს-ის დასაწყისამდე [Соловьев Л., 1947].
1958 წელს გამოქვეყნდა აფხაზი მხარეთმცოდნის ი.ე.აძინბას ნაშრომო “Архитектурные памятники Абхазии”, სადაც აფხაზეთის შუა საუკუნეების თითქმის ყველა ძეგლია თავმოყრილი, საკულტო თუ თავდაცვითი. მათ შორისაა ცანდრიფშის (ყოფ. პილენკოვოს), გაგრის, ჯგერდის, დრანდის და სხვა ეკლესიები. ნაშრომი საინტერესოა იმითაც რომ ძეგლების აღწერილობას ზოგ შემთხვევაში ეთნოგრფიული მონაცემები ავსებს [Адзинба И., 1958, გვ. 9-25, 90-93, 71-74].

13
1945 წელს სოფ. ოლგინსკოეს მიდამოები დაზვერა და მცირე გათხრები ჩაატარა ი. გრძელიშვილმა და გამოაქვეყნა თავისი მონაპოვარი [გრძელიშვილი ი., 1947, გვ. 89-95]. ი. გრძელიშვილის მიერ მოპოვებული წებელდური კერამიკის ნაწილი კი მოგვიანებით ქ. ბერძენიშვილმა გამოაქვეყნა [ბერძენიშვილი ქ., 1959, გვ. 95-108]. 1949 წელს ბ. კუფტინი აქვეყნებს ბოტანიკოს ი. ვორონოვის კოლექციას კავკასიის მუზეუმიდან და ათარიღებს VI-VII სს-ით [Куфтин Б., 1949, с.94-95].
50-იან წლებიდან იწყება მასშტაბური არქეოლოგიური გათხრები. 1957-58 წლებში კომპლექსური არქეოლოგიური ექსპედიცია მოეწყო ანაკოფიაში მ. თრაფშის ხელმძღვანელობით [Трапш М., 1961]. ექსპედიციის მუშაობის შედეგად გაირკვა, რომ ივერიის მთის სამხრეთი ფერდობი ჯერ კიდევ ძვ.წ. III ათასწლეულში ყოფილა ათვისებელი სამოსახლოდ. ცხოვრება აქ ანტიკურ ხანაშიც ძვ.წ. IV-II სს. გრძელდება. ძირითადი არქეოლოგიური მონაპოვრის ქრონოლოგირი დიაპაზონი VII-XII სს-ში თავსდება. ასევე თარიღდება ძირითადი ხუროთმოძღვრული კომპლექსიც. ამავე ექსპედიციის წევრმა ვ. ლექვინაძემ სპეციალური გამოკვლევა მიუძღვნა ამ ძეგლს. ანაკოფიის სასიმაგრო სისტემას ის ორ ნაწილად ყოფს: ციტადელი და ციხე-ქალაქის დიდი გალავანი. მისი აზრით, ციტადელი მრავალფენიანი არქიტექტურული ძეგლია, რომელიც IV-VI სს-ით თარიღდება [Леквинадзе В., 1968]. ციხე-ქალაქის დიდ გალავანს თავისი კოშკებით ვ. ლექვინაძე, ისევე როგორც მ. თრაფში, VII-VIII სს-ით ათარიღებს.
14
50-იანი წლებიდან იწყება ქ. სოხუმის გეგმაზომიერი არქეოლოგიური შესწავლა. იგი მ. თრაფშის სახელთანაა დაკავშირებული. 1952 წელს მის მიერ ითხრებოდა სოხუმის ციხე, სადაც შემდეგი სტრატიგრაფიული სურათი გამოიკვეთა: I ფენა- გვიანი საშუალო საუკუნეები, II ფენა- XI-XIII სს, III ფენა- ახ.წ. I-II სს, და IV ფენა- დაახ. ძვ.წ. V-III სს [Трапш М., 1955]; მანვე 1954 წელს აღმოაჩინა რომაული კოშკი (“ოდინეცი”) და დიოსკურიის დროინდელი სამოსახლო; 1954-56 წლებში შესწავლილ იქნა ანტიკური და შუა საუკუნეების ნამოსახლარი ბაგრატის მთაზე. სოხუმსა და მის მიდამოებში მოპოვებული მასალა თვალნათლივ არის წარმოდგენილი მ. თრაფშის მონოგრაფიულ ნაშრომში “Древний Сухуми” [Трапш М., 1969].
1958-59 წლებში მიმდინარეობდა სებასტოპოლისის რომაული ციხის გათხრები (ა. აფაქიძე, ო. ლორთქიფანიძე, ვ. ლექვინაძე, მ. თრაფში, ლ. სოლოვიოვი, ლ. შერვაშიძე), ე.წ. სოხუმის ციხის ტერიტორიაზე. აქ ქალაქის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპია წარმოდგენილი, ადრეანტიკული ხანიდან დაწყებული, ვიდრე გვიანი შუა საუკუნეების ჩათვლით. 1959 წელს ა. აფაქიძისა და ო. ლორთქიფანიძის მიერ ჩატარებული გათხრების შედეგად გამოვლინდა ხუთი კულტურული ფენა, I ზედა ფენა_ახ.წ. IV-V სს, V ფენა_ძვ.წ. III-II სს. [ა. აფაქიძე, ო. ლორთქიფანიძე, 1965, 3, გვ. 104-127].
იმავე, 1959 წელს ლ. სოლოვიოვის და ლ. შერვაშიძის მიერ სოხუმის ციხის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების შედეგად დადგინდა, რომ რომაული ციხე აქ ახ.წ. I ს-ში ჩნდება, საქალაქო

15
ცხოვრების აყვავების ხანა II-III საუკუნეებია, IV-V სს. კი ქალაქის დასუსტების პერიოდი. იმავე გათხრების დროს ¹1 კოშკთან აღმოჩნდა დიდი რაოდენობით კედლის მოზაიკის კენჭები, რამაც გამთხრელებს აქ ეკლესიის არსებობა ავარაუდებინა, მით უფრო, რომ აქვე რამდენიმე ქრისტიანული სამარხიც გაითხარა [Шервашидзе Л., Соловьев Л., 1960, გვ. 171-179]. 1987-1990 წლებში სოხუმის თურქული ციხის ტერიტორიაზე მ. გუნბას ხელმძღვანელობით ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს გამოვლინდა კიდეც ეკლესიის ნაშთი. ციხის მთელ ტერიტორიაზე ორი კულტურული ფენა გამოიკვეთა, ზედა ფენა თარიღდება განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეებით, ქვედა ფენა კი_გვიანრომაული და ადრებიზანტიური ხანით [М. Гунба, Кратки отчёт об археологических раскопках на територии Сухумской крепости в 1987 году]2.
აფხაზეთში მომუშავე არქეოლოგიური ექსპედიციებიდან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ბიჭვინთის არქეოლოგიური ექსპედიციის ფასდაუდებელი ღვაწლი. 1952 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიური ექსპედიცია ა. აფაქიძის ხელმძღვანელობით იწყებს არქეოლოგიურ გათხრებს ბიჭვინთის ნაქალაქარზე, რასაც წინ უსწრებდა სადაზვერო სამუშაოები (1952-53 წწ., მ. თრაფში). 1975 წლიდან ბიჭვინთის არქეოლოგიურ ექსპედიციას სათავეში უდგება გ. ლორთქიფანიძე. მრავლწლიანი გათხრების შედეგად გამოვლინდა
16
ბიჭვინთის კასტელუმი და კანაბე, საკმაოდ ვრცელი სამაროვანი, ადრექრისტიანული ტაძრები და ბიჭვინთის უნიკალური მოზაიკა, რომელიც აფხაზეთის ადრექრისტიანული ხანის ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ძეგლს წარმოადგენს. მოზაიკა თავისი უნიკალურობის გამო მოიჭრა აღმოჩენის ადგილიდან და გადმოტანილ იქნა თბილისის შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში, სადაც ინახება დღემდე. ბიჭვინთის მოზაიკასთან დაკავშირებით მრავალრიცხოვანი ლიტერატურა არსებობს, სადაც ეს ძეგლები, სხვადასხვაგვარად, IV-VI სს-თი არის დათარიღებული [ჭყონია ა., 1978, გვ. 194-217; ყაუხჩიშვილი თ., 1978, გვ. 218-241; Шервашидзе Л., 1978, გვ. 169-193; Леквинадзе В., 1970, გვ. 174-192; Мацулевич Л., 1978, გვ. 100-168; Мацулевич Л., 1956, გვ. 146-153; Одишели М., 1988; Odišeli M., 1995; Вачнадзе Н., 1982, გვ. 106-111]. Eჩვენის აზრით გასაზიარებელია ლ. მაცულევიჩის მიერ შემოთავაზებული მოზაიკისა და წარწერის თარიღი – IV ს. დასაწყისი [Мацулевич Л., 1956, გვ. 153]. ბიჭვინთის ექსპედიციის მიერ ჩატარებული მრავალწლიანი გათხრების შედეგად დაგროვდა უმდიდრესი მასალა, რომლის მეცნიერული შესწავლა დღემდე გრძელდება. გამოქვეყნდა “დიდი პიტიუნტის” სამი კრებული [1975, 1977, 1978], გ. ლორთქიფანიძის მონოგრაფია “ბიჭვინთის ნაქალაქარი” [1991] და სხვ.
1956-57 წლებში ბიჭვინთის ნაქალაქარიდან სამხრეთით 400-500 მ დაშორებით გაითხარა ორაფსიდიანი ეკლესია, რომელიც თავისი დაგეგმარებით ქართული ხუროთმოძღვრებისთვის საკმაოდ უჩვეულო აღმოჩნდა. გამთხრელის აზრით, ტაძარი მარტირიუმია

 17
[მიქელაძე თ., 1963, გვ. 125-131]. 1980 წელს X ს-ის კათედრალის დასავლეთით გაითხარა V-VI სს-ის მცირე ეკლესიის ნანგრევები. შიგ ეკლესიაში გამოვლინდა რანდენიმე უინვენტარო ადრექრისტიანული სამარხი [Лордкипанидзе Г., 1981]. 1970-71 წლებში ზ. აგრბას მიერ ითხრებოდა ალაჰაძის ბაზილიკა ბიჭვინთის კონცხზე [Агрба З., 1972].
1968-69 წლებში საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციამ გუდავაში (ისტორიული ზიღანეოსი) ჩაატარა პირველი არქეოლოგიური კამპანია და სხვადასხვა პერიოდის მასალებთან ერთად გამოავლინა გვიანანტიკური და ადრეფეოდალური ხანის მასალები და ბაპტისტერიუმი [ზაქარაია პ., ლექვინაძე ვ., 1971, გვ. 96-102]. 1971 წელს გაგრძელდა მუშაობა, ბაპტისტერიუმის მიდამოებში აღმოჩნდა ადრე შუა საუკუნეთა ხანის მარმარილოს არქიტექტურული დეტალები [ზაქარაია პ., ლექვინაძე ვ., 1974, გვ. 139-147].
1960 წელს წებელდაში გათხრებს იწყებს დ. გულიას სახელობის ენის, ლიტერატურის და ისტორიის აფხაზეთის ინსტიტუტი მ. თრაფშის ხელმძღვანელობით. მან წარმატებით განახორციელა გვიანანტიკური და ადრებიზანტიური ხანის სამარხების და ნამოსახლარების შესწავლა. 1960-67 წლებში გამოვლინდა 200-მდე სამარხი, რომელიც ხუთ საგვარეულო სამაროვანს შეადგენდა_აბგიძრახუ, ახუამახუ, აჰაცარახუ, ალრახუ, ახაჩარხუ. სწორედ მათ განხილვას მიეძღვნა მკვლევარის გარდაცვალების შემდეგ გამოცემული მისი ნაშრომების მესამე ტომი [Трапш М., 1973].
18
1960-64 წლებში ი. ვორონოვის მიერ წებელდაში გამოვლინდა გვიანანტიკური ხანის ნამოსახლარები, ციხეები და სამაროვნები (შაპკა, წებელდა, ახისთა, ბათი, აფუშთა, ზემო იურევკა და სხვ.). წებელდის საინტერესო მასალამ მკვლევართა დიდი ყურადღება მიიპყრი, შედეგად წებელდაში გვიანანტიკური ხანის თავისებური არქეოლოგიური კულტურა გამოიყო [Воронов Ю., 1975]. 1968-70 წლებში მ. გუნბას მიერ გრძელდება გათხრები წებელდაში. მის მიერ ითხრება სამარხეული კომპლექსები ათარა-არმიანსკოეში (ოჩამჩირის რ-ნი), შაუმიანოვკაში (გულრიფშის რ-ნი), ეშერასა (სოხუმის რ-ნი) და აჭანდარაში (გუდაუთის რ-ნი), აქ გამოვლენილი ძეგლები მან ე.წ. წებელდური კულტურის არეალში მოაქცია [Гунба М., 1978].
1977-79 წლებში წებელდის ციხეზე ი. ვორონოვის ხელმძღვანელობით გაითხარა სამი ეკლესია, ამათგან ორი ადრექრისტიანული ხანის. ეს ეკლესიები საგანგებოდ იქნა შესწავლილი ლ. ხრუშკოვას მიერ [Хрушкова Л., 1982, გვ. 147-177].
1982 წელს იგივე წებელდაში, დასახლება მრამბაში, აღმოჩნდა დარბაზული ეკლესია და არქიტექტურული დეტალები ადრექრისტიანული სიმბოლოებით [Бгажба О., 1984, გვ. 421].
1983 წელს ო. ბგაჟბას მიერ ითხრებოდა შაპკის ციხე და ეკლესია (VI ს.) [Вгажба О., 1985, გვ. 463-464].
1976 წელს ლ. შერვაშიძე გათხრებს აწარმოებს აბაანთის ციხეში. შედეგად გამოვლინდა სამეკლესიანი ბაზილიკა, რომელიც მან VII-VIII სს-ით განსაზღვრა [Шервашидзе Л., 1979, გვ. 223-234], სწორედ მისი დამსახურებაა აფხაზეთის ტერიტორიაზე პირველად

19
სამეკლესიამი ბაზილიკის აღმოჩენა და განსაზღვრა. აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ამ ტიპის ძეგლები განხილული აქვს თავის ნაშრომში ლ. რჩეულიშვილს [Рчеулишвили Л., 1988. გვ. 72-78], თ. ბერიძესა [ბერიძე თ., 1995] და დ. თუმანიშვილს [თუმანიშვილი დ., 1993] რომელთაც, ასევე, უდაოდ დიდი წვლილი მიუძღვით აფხაზეთის ქრისტიანული ძეგლების შესწავლის საქმეში.
დიდი წვლილი შეიტანა აფხაზეთის ადრექრისტიანული ძეგლების შესწავლის საქმეში ლ. ხრუშკოვამ. 70-იანი წლების ბოლოდან იგი აქტიურად იყო ჩართული ჩვენთვის საინტერესო პერიოდის ძეგლების გამოვლენა_შესწავლის საქმეში. 1977-79 წლებში მონაწილეობდა წებელდის ციხის საკულტო კომპლექსის გათხრებში. 1980 წელს მის მიერ ითხრებოდა განთიადის (ცანდრიფში) ბაზილიკა, რომელსაც მან მონოგრაფიაც უძღვნა [Хрушкова Л., 1985], სადაც საკუთრივ განთიადის გარდა აფხაზეთის სხვა ადრექრისტიანული ძეგლებიცაა მიმოხილული. იმავე 1980 წელს მან დაზვერა და აზომა ეკლესია ხაშუფსეს ციხეში. 1980-85 წლებში მონაწილეობდა ოჩამჩირის ექსპედიციაში (ხელმძ. ს. შამბა) გიენოსის ნაქალაქარზე აღმოჩენილი ადრებიზანტიური ეკლესიის გათხრებში. 1985-86 წლებში იგი განაგრძობს ზ. აგრბას მიერ დაწყებულ ალაჰაძის არქიტექტურული კომპლექსის შესწავლას, გაითხარა მესამე, ყველაზე დიდი ბაზილიკა. 1989 წლიდან კი მ. გუნბასთან ერთად მონაწილეობდა ანტიკური საბესტოპოლისის გათხრებში, გამოვლინდა ადრექრისტიანული ხანის ეკლესია, რომელიც ლ. ხრუშკოვას სიტყვებით: უჩვეულოა

20
ამიერკავკასიისათვის, აქ აფსიდის ირგვლივ დეამბულატორიაა გამართული. ლ. ხრუშკივას მიერ საგანგებოდ იქნა შესწავლილი აფხაზეთის V-X სს-ის რელიეფური სკულპტურის ძეგლები, რომელიც თავმოყრილია მონოგრაფიაში “Скульптура раннесредневековой Абхазии. V-X вв.” (Тб., 1980). მისი სადოქტორო დისერტაციაც ადრექრისტიანული ძეგლების კვლევას მიეძღვნა, სადაც აფხაზეთის გარდა დანარჩენი დასავლეთ საქართველოს ძეგლებიცაა განხილული [Хрушкова Л., 1990].
ადრექრისტიანული ძეგლებისა და, ზოგადად, ქრისტიანული არქეოლოგიისადმი ინტერესი ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით გაიზარდა. მაგალითად არქეოლოგიური კვლევის ცენტრში 1992 წლიდან სისტემატურად იმართება ქრისტიანული არქეოლოგიისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციები; გაიზარდა ინტერესი უშუალოდ აფხაზეთში ქრისტიანობის საკითხთან დაკავშირებითაც [გამახარია ჯ., 2005]. ამავე საკითხს მიეძღვნა ერთი წლის წინ გამართული სამეცნიერო კონფერენცია [მართმადიდებლობა აფხაზეთში და ეროვნული თვითიდენტიფიკაციის საკითხები, 2005].

 

§ 2. წერილობითი წყაროები

აფხაზეთში ადრეული ქრისტიანობის საკითხის კვლევისას ჩვენთვის ძირითად წყაროს წერილობითი და არქეოლოგიური მონაცემები წარმოადგენს. წერილობითი წყაროები საშუალებას იძლევა გარკვეული წარმოდგენა შეგვექმნას ამ მხარის რელიგიურ ვითარებაზე ქრისტიანობის გავრცელების ადრეულ საუკუნეებში.
21
საეკლესიო ტრადიციით, დასავლეთ საქართველოში ქრისტიანიზაციის დასაწყისი მოციქულთა ხანას უკავშირდება. ახალი რელიგიის პირველ მქადაგებლად აქ ანდრია პირველწოდებული და სიმონ ქანაანელი გვევლინებიან. ეს გადმოცემა, რომელიც III და IV სს-ის ავტორებს, დოროთეოს ტვირელს, სოფრონის და ეპიფანე კვიპრელს მიეწერება [პ. ინგოროყვა, 1954, გვ. 223], ცხადია იმის მაჩვენებელია, რომ ქრისტიანობას დასავლეთ საქართველოში უძველესი ტრადიცია ჰქონდა.
VIII ს-ის ავტორს ეპიფანე კონსტანტინოპოლელს ეკუთვნის ვრცელი ჰაგიოგრაფიული თხზულება ანდრია მოციქულის შესახებ, რომლის შედგენის დროს ავტორს უსარგებლია ძველი წერილობითი წყაროებით (კლემენტი რომაელის, ეპიფანე კვიპრელის და ევაგრე სიცილიელის ტექსტებით) [გეორგიკა, IV, I, გვ. 58-59]. ეპიფანე კონსტანტინოპოლელის ეს თხზულება შემდეგ გამოიყენა ექვთიმე მთაწმინდელმა ანდრია მოციქულის შესახებ “მოსახსენებელის” ქართულ ენაზე შედგენის დროს [ინგოროყვა პ., 1954, გვ. 225-226]. ეპიფანე კონსტანტინოპოლელის ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში წარმოდგენილია ცნობები ანდრია მოციქულისა და მისი თანამოღვაწე მოციქულების მატათას და სიმონ ქანაანელის მისიონერული მოღვაწეობის შესახებ დასავლეთ საქართველოში და აგრეთვე, იბერიის სანაპირო მხარეებში. მესამე მოგზაურობის დროს მოციქულნი გადასულან საკუთრივ აფხაზეთში (აბაზგიაში): “დიდ სებასტოპოლისში რომ ჩავიდნენ, იქადაგეს ღმრთის სიტყვა. ანდრიამ დასტოვა იქ სიმონი მოწაფეებითურთ და თვით წავიდა

22
ჯიქეთში”. ჰაგიოგრაფის ცნობით, სიმონი ამ მხარეში (აფხაზეთში) მოღვაწეობის შემდეგ აქვე გარდაიცვალა და დაუსაფლავებიათ ნიკოფსიაში: “არის ჯიქეთის ნიკოფსიაში საფლავი, რომელსაც აქვს წარწერა სიმონ ქანაანელისა” [პ. ინგოროყვა, 1954, გვ. 225-226; გეორგიკა, IV, I, გვ. 58-59].
განსაკუთრებით ფართო გავრცელება მიიღო გადმოცემამ ანდრია მოციქულის შესახებ მას შემდეგ, რაც ექვთიმე მთაწმინდელმა გამოაქვეყნა “მოსახსენებელი მიმოსვლათათვის და ქადაგებათა მოციქულისა ანდრიასი,” დამუშავებული ეპიფანე კონსტანტინოპოლელისა და ნიკიტა პაფლაგონელის ტექსტების გამოყენებით. გადმოცემას ანდრია მოციქულის შესახებ ეხებიან და აღნიშნავენ მომდევნო ხანის ქართველი ავტორები: გიორგი მთაწმინდელი (დიდ სვინაქსარში), გიორგი მცირე მთაწმინდელი, ეფრემ მცირე (“უწყებაი მიზეზთა ქართველთა მოქცევისათაი”) [პ. ინგოროყვა, 1954, გვ.227]. გადმოცემამ კანონიზაცია მიიღო რუის-ურბნისის საეკლესიო კრებაზე და აღბეჭდილია ამ კრების ძეგლის წერაში [თ. ჟორდანია, 1892, გვ.34]. მასვე ეხება წმ. ნინოს ცხოვრების გადამმეტაფრასებელი ბერი არსენი (XII ს. I ნახევარი) [პ. ინგოროყვა, 1954, გვ.227].
გარდა ანდრია მოციქულისა, სიმონ ქანაანელისა და მატათა მოციქულისა, საქართველოში სხვა მოციქულებსაც უმოღვაწიათ. კერძოდ, ეფრემ მცირე, რომელმაც საგანგებოდ მოიძია მის დროს არსებული ყველა ბერძნული წყარო ქართული ეკლესიის ისტორიასთან დაკავშირებით, ამ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ საქართველოში სახარება იქადაგა მოციქულმა ბართლომემ

23
[ჯაფარიძე ა., 1996, გვ. 41]. ცნობები მოციქულ ბართლომეს საქართველოში მოღვაწეობის შესახებ, ჩანს, ლათინურ წყაროებშიც ყოფილა მოცემული, რადგან ამის შესახებ არქანჯელო ლამბერტიც წერდა. ლამბერტი იმ აზრს იცავდა, რომ კოლხეთსა და იბერიაში ქრისტიანობა წმ. ანდრიამ და წმ. ბართლომემ გაავრცელეს. “დარწმუნებული უნდა ვიყოთ – წერს არქანჯელო ლამბერტი, რომ ორი მოციქულის ქადაგებით დაინერგა სარწმუნოება ამ ქვეყანაში (ე.ი. საქართველოში), მაგრამ შემდგომში მღვდლების უყოლიობის თუ სხვა მიზეზის გამო ამ მხარეებს დიდი ხნის განმავლობაში მოაკლდათ სარწმუნოება” [ჯაფარიძე ა., 1996, გვ. 41; ლამბერტი ა., 1938].
რუსულ წყაროებში დაცული ცნობის თანახმად ბართლომეს გარდა საქართველოში თომა მოციქულსაც უმოღვაწნია [ჯაფარიძე ა., 1996, გვ. 41]. მეუფე ანანია ჯაფარიძის აზრით, ეს არ მოგვეჩვენება გასაკვირად, თუ გავიხსენებთ, რომ მოციქულმა თომამ იქადაგა სირიაში, სპარსეთში და ინდოეთში. XVI ს-ის სლავური წყარო ქართულ ეკლესიას მიიჩნევს თომა მოციქულის მიერ დაარსებულად. აქ ჩამოთვლილია სამოციქულო საყდრები, კერძოდ, “ადგილი წმინდა მოციქულ თომასი არის ივერიის საყდარი” [ჯაფარიძე ა., 1996, გვ. 41-42].
ამრიგად, ძველი მწერლობის მოწმობით, საქართველოში ქრისტიანობა უქადაგიათ მოციქულებს: ანდრიას და სიმონ ქანაანელს (გიორგი, ეფრემი, რუის-ურბნისის კრება, არსენი), მატათას (არსენი), ბართლომეს (ეფრემი) და თომას (რუსული წყარო). თუმცა, როგორც ცნობილია, ი. ჯავახიშვილი უარყოფდა

 24
ჩვენში მოციქულთა ქადაგების ფაქტს [ჯავახიშვილი ი., 1900, გვ. 35-38]. ასევე უარყო მოციქულთა სამისიონერო მოღვაწეობა ჩვენში კ. კეკელიძემ. მისი აზრით, ასეთი შეხედულება X-XI სს-დან დამყარდა, ხოლო მანამდე მას ადგილი არ ჰქონია და არც ჩვენს წინაპრებს სცოდნიათ ის [კეკელიძე კ., 1926, გვ. 4-9].
ჩვენი მხრიდან კი დავსძენთ, რომ არაა გამოსარიცხი მოციქულთა მოღვაწეობას რეალურად ჰქონოდა ადგილი საქართველოში, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ, მოციქულთა ეპოქაში საქართველოზე გადიოდა მნიშვნელოვანი საერთაშორისო სავაჭრო გზები. ახალი წელთააღრიცხვის პირველი საუკუნეები საერთოდ საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობის განსაკუთრებული აღმავლობის ხანაა და საქართველოც, რა თქმა უნდა, ჩართული იყო ამ საერთაშორისო ვაჭრობის ორომტრიალში. ცნობილი რომაული საგზაო რუკა – Tabula Peutingeriana, რომელიც IV ს-შია შედგენილი, მაგრამ მნიშვნელოვანწილად უფრო ძველ, I-II სს. მასალას ემყარება, საქართველოს ტერიტორიაზე უჩვენებს არაერთ გზას, რომელიც, ამავე დროს სავაჭრო მაგისტრალს წარმოადგენდა. ერთი ასეთი გზა სომხეთის დედაქალაქ არტაშატიდან სებასტოპოლში (სოხუმში) მიდიოდა. გადიოდა იგი ჯავახეთსა და სამცხეზე, ქართლის უძველესი ცენტრების, წუნდისა და ოძრხეს მახლობლად. წუნდაში ამ გზის ერთი ტოტი ქართლის შიდა რაიონებისაკენ მიდიოდა. მეორე მხრივ, დასავლეთ საქართველოში მიმავალი გზა როდოპოლისთან (ვარდციხე) უხვევდა როგორც დასავლეთით (რიონის გაყოლებით ფაზისისაკენ), ასევე აღმოსავლეთით (ისევ რიონით და შემდეგ

25
ყვირილით, სვირის, შორაპნის გავლით აღმოსავლეთ საქართველოში). მეორე გზა, არტაშატიდან ქართლში მიდიოდა. გარდა ამისა, სამცხესა და ჯავახეთზე გადიოდა აგრეთვე სამხრეთ-დასავლეთით – ტაოსა, კლარჯეთსა და კიდევ უფრო სამხრეთით, მცირე აზიისკენ მიმავალი გზები [გ. მელიქიშვილი, 1970, გვ.535-536], რითაც, როგორც ჩანს, ისარგებლა ანდრია მოციქულმა. Tabula Peutingeriana და “ქართლის ცხოვრების” ცნობების შედარებით ჩანს, რომ ანდრია საქართველოში შემოვიდა იმ გზით, რომელიც ოძრხედან გადადიოდა დასავლეთ საქართველოში და მთავრდებოდა სებასტოპოლისში [ჯაფარიძე ა., 1996, გვ. 30-31].
მნიშვნელოვან წერილობით წყაროს აფხაზეთში საეკლესიო ორგანიზაციის არსებობის შესახებ წარმოადგენს ნიკეის პირველი მსოფლიო კრების მონაწილეთა სია, შედგენილი საეკლესიო ეპარქიებისა და საეპისკოპოსო კათედრების მიხედვით. ნიკეის კრებას დაესწრო საქრისტიანო ორგანიზაციების 318 წარმომადგენელი. ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრების მონაწილეთა ნუსხები ჩვენამდე მოღწეულია ექვს ენაზე: ლათინურად, ბერძნულად, კოპტურად, სირიულად, არაბულად და სომხურად. ექვსივე ნუსხაში მოხსენებულნი არიან პოლემონის პონტოს ეპარქიათა წარმომადგენელნი, რომლებიც 325 წლის კრებას დასწრებიან. იქ ყოფილა სამი საეპისკოპოსო კათედრა: ნეოკესარიისა, ტრაპეზუნტისა და პიტიუნტისა [გეორგიკა, I, 1961, გვ. 4].
საყურადღებოა, რომ შემდეგდროინდელ ეკთეზისებში პოლემონის პონტოს ეპარქიაში მოხსენებულია კათედრები:
26
ნეოკესარიისა, ტრაპეზუნტისა და გარდა ამისა, სხვადასხვა დროს: კერასუნტისა, პოლემონისა და კომანისა. ამ ეკთეზისებში, რომელთაგან უძველესი შედგენილია VII საუკუნეში, პიტიუნტი აღარ არის მოხსენებული: საფიქრებელია, რომ ბიჭვინთა ეკლესიურად ექვემდებარებოდა აბაზგიის ავტოკეფალურ ეპარქიას, რომელიც VII ს-დან მოკიდებული ყველა ეკთეზისში იხსენიება. ეს ცნობები იმას მოწმობენ, რომ ძველად (IVს.) ბიჭვინთა შედიოდა პოლემონის პონტოს ეპარქიაში, ხოლო უფრო გვიან, რადგან აბაზგიის ეკლესია ცალკე ავტოკეფალურ ერთეულად გამოეყო, ბიჭვინთის კათედრაც, უთუოდ, ამ ავტოკეფალურ ერთეულში შევიდოდა [გეორგიკა, 1961, გვ. 4-5].
მნიშვნელოვან წერილობით წყაროს წარმოადგენს ბიზანტიელი მწერლის პროკოპი კესარიელის თხზულებები. პროკოპი კესარიელი ყველაზე უფრო ნაყოფიერ და სანდო ისტორიკოსადაა აღიარებული. როგორც ოფიციალური ისტორიკოსი, პროკოპი, რასაკვირველია, იუსიტინიანეს მთავრობის საგანგებო ხაზს ატარებს თავის თხზულებებში. პროკოპი კესარიელი გვაწვდის ცნობას აბაზგების საზოგადოებრივი ვითარებისა და მათი გაქრისიტანების შესახებ: “აბაზგები ძველთაგანვე ლაზების ქვეშევრდომები იყვნენ, ხოლო მუდამ ჰყავდათ ორი თვისტომი მთავარი. ამათგან ერთი დაწესებული იყო დასავლეთის ნაწილში, ხოლო მეორე აღმოსავლეთისაში. ეს ბარბაროსები ჩვენს დრომდისაც თაყვანს სცემდნენ ჭალებსა და ტყეებს. ხეები ბარბაროსებსს რაღაც გულუბრყვილობით ღმერთებად წარმოუდგენიათ.……შემდეგ, იუსიტინიანეს მეფობისას

27
აბაზგების მდგომარეობა შეიცვალა, უმჯობესი გახდა. იმათ მიიღეს საქრისტიანო რწმენა და იუსტინიანე მეფემ მათ პალატის ერთი ევნუქთაგანი გაუგზავნა, ტომით აბაზგი, სახელად ევფრატი.…მაშინ იუსტინიანე მეფემ აბაზგების ქვეყანაში ღვთისმშობლის ტაძარი ააშენა და მათ მღვდელმსახურნი დაუყენა და მიაღწია იმას, რომ მათ შეითვისეს საქრისტიანო წესები. მალე ორივე მეფე მოსპეს აბაზგებმა და გადაწყვიტეს თავისუფლად ეცხოვრათ” [Procop, De BG, VIII, 3; გეორგიკა, 1965, გვ. 133-135].
პროკოპი კესარიელის ცნობა იმის შესახებ, რომ იუსტინიანემ აბაზგებს აუგო ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი, უკვე დიდი ხანია მკვლევართა ყურადღებას იპყრობს. უკვე ასი წელია მკვლევარები ცდილობენ ამ ტაძრის ადგილმდებარეობის განსაზღვრას. სხვადასხვა მოსაზრება გამოითქვა ამ საკითხთან დაკავშირებით. ი. კულაკოვსკი ამ ტაძარს სებასტოპოლის – ცხუმში ათავსებდა [Кулаковски Ю., 1897, с. 23-37], პ. უვაროვა [Уварова П., 1894] და ნ. კონდაკოვი – ბიჭვინთაში [Уварова П., 1894; Кондаков Н., 1876, с. 218-219], ზ. ანჩაბაძე – ანაკოფიაში [Анчабадзе З., 1959, с. 27], დ. ლეთოდიანი კი – ძველ გაგრაში [ლეთოდიანი დ., 1991, გვ. 95]. თუმცა ბოლომდე ეს საკითხი მაინც გადაუჭრელი რჩება. ყველაზე სრულად ეს საკითხი ვ. ლექვინაძის მიერ იქნა განხილული, რომელიც იმ დასკვნამდე მივიდა, რომ იუსტინიანეს ტაძარი – ესაა განთიადის ბაზილიკა. ერთ-ერთ მნიშვნელოვან არგუმენტად ავტორს ტრაქეის ლოკალიზაცია მიაჩნია თანამდეროვე გაგრის მიდამოებში, რომელიც პროკოპის ცნობით,
28
იყო საზღვარი აბაზგებსა და აფსილებს შორის [Леквинадзе В., 1970, с. 173].
პროკოპის ცნობას აბაზგების გაქრისტიანების შესახებ იმეორებს VI საუკუნისავე ბერძენი მწერალი ევაგრე სქოლასტიკოსი თავის “საეკლესიო ისტორიაში” [გეორგიკა, 1936, გვ. 297], საიდანაც ეს ცნობა ეფრემ მცირემ თავის “უწყებაში” გადმოიტანა [ჟორდანია თ., 1892, გვ. 53]. ეფრემის “უწყებიდან” ეს ნაწყვეტი შეუტანიათ შევსებულ “ქართლის ცხვორებაში” [ქართლის ცხოვრება, 1955, გვ. 215]. “უწყებაში” სწერია: “ხოლო აფხაზთათვის ევაგრე ეპიფანესი საეკლესიო მოთხრობასა შინა თვისსა აღწერს ოცდამეორესა თავსა შინა და იტყვის ესრეთ: მათვე ჟამთა შინა იუსტინიანეს მეფობისათა, აფხაზნიცა შეიცვალნეს უმჯობესად, და ქრისტიანობისა შეიწყნარეს ქადაგება. რამეთუ პალატსა შინა იუსტინიანეს მეფისასა იყო ვინმე საჭურისი, აფხაზი ნათესავით, და ევფრატა სახელისდებით, რომელი წარივლინა მეფისა მიერ ქადაგებადა მათდა და აღთქმად, ვითარმედ ამიერითგან არცა ერთიღა-ვინ ნათესავისა მათისაგანი განპუებული იქნებოდეს მამაკაცობისაგან რკინისა მიერ იძულებითი ბუნებისაითა. რამეთუ მრავალნი იყვნეს მათგანნი სამეუფოსა საწოლისა, რომელთა საჭურის იცის წოდება ჩუეულებამან. ვინაცა იუსტინიანე ტაძარი წმინდისა ღმრთისმშობლისა აღაშენა აფხაზეთს შინა (ქართლის ცხოვრება უმატებს: ბიჭვინტას) და მღვდელნი დაადგინნა მას შინა, რათა უგანცხადებულესად ასწავებდენ სჯულსა ქრისტიანობისასა”. პროკოპი კესარიელის ამ ადგილით ისარგებლა აგრეთვე ნიკიფორე კალისტემ [გეორგიკა, 1965, გვ. 215].
29
პროკოპის თხზულებაში De bello gothico დაცულია ცნობა აფსილების შესახებაც: “აფსიელბი ლაზების ქვეშევრდომნი არიან და ისინი ძველთაგანვე ქრისტიანები იყნვნენ, როგორც სხვა დანარჩენი ტომებიც, რომლებიც მე ამ წიგნში მოვიხსენიე” [Procop, De BG, VIII, 2; გეორგიკა, 1965, გვ. 120]. ამ წიგნში კი პროკოპი პირველ რიგში და ყველაზე ვრცლად სწორედ ლაზებზე ლაპარაკობს. მაშასადამე, “ძველთაგანვე ქრისტიანებში” იგი სწორად ლაზებს გულისხმობს [ლომოური ნ., 1973, გვ. 187-188].
აფხაზეთში ქრისტიანობის გავრცელების შესახებ მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს თეოდორიტე კვირელის (393-457/8) “საეკლესიო ისტორიაში” დაცული ცნობა, ლაზების, სანებისა და აბაზგების გაქრისტიანების შესახებ [გეორგიკა, 1961, გვ. 226-227].
თეოდორიტე კვირელთანაა დაცული ცნობა იოანე ოქროპირის ბიჭვინთაში გადასახლების შესახებ: “მისმა (იოანეს) მტრებმა მოიწვიეს სხვა კრება და მისი გასამართლება კი არ მოითხოვეს, არამედ დაარწმუნეს მეფე განაჩენი კანონიერი და სამართლიანიაო და არა თუ იმ ქალაქიდან (კონსტანტინოპოლიდან) გააძევეს ის, არამედ არმენიის ერთ პატარა და უდაბურ დაბაში გადააგზავნეს: ამ დაბის სახელია კუკუსოს. ხოლო იქიდან წამოიყვანეს და პიტიუნტში გადაასახლეს: ეს არის უკიდურესი საზღვარი პონტოსი და რომაელთა სამფლობელოსი, უკიდურესი ბარბაროსების მეზობლად. მაგრამ კაცთმოყვარე უფალმა არ ინება, რომ ეს ძლევამოსილი მოღვაწე იმ პატარა კუნძულზე ყოფილიყო წაყვანილი: კომანაში რომ იყო, უფალმა ის გადაასახლა სამუდამოდ უმწუხარო სამყაროში”
30
[გეორგიკა, 1961, გვ. 224]. ეს დეტალი იოანე ოქროპირის ბიოგრაფიისა, მისი გადასახლება ჯერ მცირე არმენიის კუკუსოში და შემდეგ ბიჭვინთაში საყოველთაოდაა ცნობილი. მსგავსი ცნობა დაცულია თეოფანე ჟამთააღმწერლის “ქრონოგრაფიაშიც” [გეორგიკა, 1941, გვ. 76].
აფხაზეთში ქრისტიანობის შესახებ მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის თეოდოსი განგრელი (VII ს.), იერუსალიმელი მონაზონი. იგი აქტიურ მონაწილეობას ღებულობდა ბიზანტიის მთავრობის მიერ დევნილ, მონოთელიტების წინააღმდეგ მებრძოლთა დაცვაში. მის სახელთანაა დაკავშირებული მაქსიმე “აღმსარებლის” ცხოვრების უკანასკნელი წლების შესახებ ცნობების შემცველი თხზულებების (ანასტასი აპოკრისიარის წერილის) გამოქვეყნება და აგრეთვე საკუთარი, 668/669 წლით დათარიღებული, მოგონების დაწერა იმავე მაქსიმეს შესახებ [Брилиантов А., 1917, с. 7-9].
მაქსიმე “აღმსარებელი” ცნობილია ისტორიაში, როგორც მთავარი მოწინააღმდეგე მონოთელიტებისა და მონოფიზიტებისა. მისი ცხოვრების აღმწერთა გადმოცემით 662 წელს ის გაუძევებიათ ბიზანტიიდან და ანასტასი აპოკრისარისთან და ანასტასი მონაზონთან ერთად გადაუსახლებიათ ლაზეთში, სადაც ის გარდაცვლილა იმავე წელს. ანასტასი აპოკრისიარის თავისი გრდაცვალებიდან ცოტა ხნით ადრე, წერილი მიუწერია თეოდოსი განგრელისათვის; ამ წერილში მას დაწვრილებით აღუწერია მაქსიმეს და მის თანამგზავრთა თავგადასავალი. ანასტასის წერილი თეოდოსს გამოუქვეყნებია სხვა მასალასთან ერთად და საკუთარი მოგონებებიც დაურთავს ზედ [გეორგიკა, 1941, გვ. 38].
31
ანასტასის ეს წერილი დაცულია ლათინურ თარგმანში, რომელიც შესრულებულია IX ს-ში ანასტასი ბიბლიოთეკარის მიერ. ბერძნულად კი მოღწეულია მხოლოდ ერთი ნაწილი [გეორგიკა, 1941, გვ. 38-39].
ტექსტები შეიცავენ მრავალ ძვირფას ცნობას ლაზეთის ზოგიერთი გეოგრაფიული პუნქტისა და ლაზეთის (და ნაწილობრივ იბერიის) პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრების შესახებ VII საუკუნეში. აქ მოხსენებულია შემდეგი გეოგრაფიული პუნქტები: სქიმარი (სქიომარი, სხიმარი), სკოტორი, მუკორისი, ბუკულუსი (ბუკოლუსი), თაკვირია, ფუსტა, თუსუმე. მოხსენებულია ეს პუნქტები შემდეგ კონტექსტში: ბიზანტიის მონოთელიტურმა ხელისუფლებამ, რომლის სათავეში იდგა მაშინ კონსტანტინე III პოგონატი (641-668წწ.), მონოთელიტური მიმდინარეობის მოწინააღმდეგენი, მაქსიმე და ორი ანასტასი, გადაასახლა ლაზეთში 662 წელს. სამივე მოღვაწე ერთად გააგზავნეს ლაზეთში, ხოლო ლაზეთში ჩაყვანის შემდეგ ისინი ერთმანეთს დააშორეს და სხვადასხვა ადგილი მიუჩინეს საპყრობილედ: მაქსიმეს – სქიმარი, ანასტასი ბერს – სკოტორი, ანასტასი აპოკრისიარის – ბუკულუსი. მაქსიმე გარდაიცვალა იმავე სხიმარის ციხეში [გეორგიკა, 1941, გვ. 51-52].
ჩვენთვის საინტერესოა ის, რომ ანასტასი თავის წერილში რამდენიმეჯერ იმეორებს სიტყვებს: “ქრისტესმოყვარე აბაზგები”, “ქრისტესმოყვარე და ღვთისმოყვარე მთავრები” [გეორგიკა, 1941, გვ. 44-45] და სხვ.
32
დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ორგანიზაციის სისტემის თვალსაზრისით უაღრესად მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს ბიზანტიის საეკლესიო ცენტრების ნუსხები, ე.წ. ეკთეზისები, რომლებშიაც კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი დაქვემდებარებულ კათედრათა შორის ნახსენებია დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ცენტრებიც [გეორგიკა, 1952, გვ. 123]. პირველი წყების ხუთი ეკთეზისი VII-IX სს-ით თარიღდება. მათგან უძველესია ის, რომელიც ეპიფანე კვიპრელის სახელს ატარებს და VII ს-ით თარიღდება [გეორგიკა, 1952, გვ. 186]. ამ VII ს-ის ძეგლში კონსტანტინეპოლის პატრიარქისადმი დაქვემდებარებულ კათედრათა შორის დასახელებულია ფასისის მიტროპოლიტი ლაზეთში და მისდამი დაქვემდებარებული ოთხი ეპისკოპოსი: როდოპოლისის, საისის, პეტრისა და ზიღანევის; აგრეთვე ავტოკეფალური არქიეპისკოპოსები:

 ა) აბაზგიაში – სებასტოპოლის არქიეპისკოპოსი;

ბ) ჯიქეთში – ქერსონის, ბოსფორისა და ნიკოფსიის არქიეპისკოპოსები [გეორგიკა, 1952, გვ. 184].

 დანარჩენ ოთხ ნოტიციაში (I, VI, VIII და IX) ასევეა ჩამოთვლილი ლაზიკის მიტროპოლიაში შემავალი საეპისკოპოსოები და საარქიეპისკოპოსოები. საარქიეპისკოპოსოები აღნიშნულია აფხაზეთში ერთი – სებასტოპოლისი და ჯიქეთში სამი – ქერსონის, ბოსფორისა და ნიკოფსიის. ამათგან მეორე წყების ეკთეზისებში დარჩენილია მხოლოდ ორი: ქერსონის და ბოსპორის საარქიეპისკოპოსოები, ე.ი. ჯიქეთის ავტოკეფალური საარქიეპისკოპოსოთაგან, რომლებიც ექვემდებარებიან კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს, ნიკოფსიის საარქიეპისკოპოსო
33
ჩამოშორებია კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს. ცხადია, ნიკოფსიის საარქიეპისკოპოსო ჩამოშორდა კონსტანტინოპოლის პატრიარქის იურისდიქციას ისევე, როგორც ჩამოშორდა ლაზიკის მთელი მიტროპოლია და აფხაზეთის (სებასტოპოლის) საარქიეპისკოპოსო [გეორგიკა, 1952, გვ. 187].
აღნიშნულ საეპისკოპოსო კათედრათა ადგილმდებარეობა დღეს კარგადაა განსაზღვრული: როდოპოლისი იგივე ვარდციხეა, პეტრა – თანამედროვე ციხისძირი, ზიღანევი – გუდავა, რაც შეეხება საის, მას ს. ყაუხჩიშვილი აიგივებს ქართულ ცაიშთან [გეორგიკა, 1952, გვ. 188-189]. როგორც ნ. ბერძენიშვილი აღნიშნავს, ეკთეზისებში არაა ნახსენები არქეოპოლისი და, მაშასადამე, ამ ქალაქებში საეპისკოპოსო კათედრა არ ყოფილა [ბერძენიშვილი ნ., 1990, გვ. 517-518]. ხოლო “აბისენონის საეპისკოპოსო”, მისი აზრით, შეიძლება აბაშის, იგივე ჭყონდიდის საეპისკოპოსოს აღნიშნავდეს, რომელიც არქეოპოლისსაც მოიცავდა. აღსანიშნავია, რომ ამ სახელის დაკავშირების შესაძლებლობაზე ჯერ კიდევ ს. ყაუხჩიშვილმა მიუთითა, მაგრამ ეს იგივეობა უკუაგდო, რადგან ხელნაწერებში წერია “ავიშელთა” და არა “აბაშელთა” და, გარდა ამისა, მისი სიტყვით, აბაშაში არასოდეს არ ყოფილა კათედრა [გეორგიკა, 1952, გვ. 189]. მაშასადამე, ს. ყაუხჩიშვილი “აბესენონის” კი არ აკავშირებს ცაიშთან, არამედ “საისენონის”, ხოლო ერთადერთ ეკთეზისში მოხსენიებულ “აბისენონს” მიიჩნევს იგივე “საისენონის” დამახინჯებულ ფორმად [გეორგიკა, 1952, გვ. 188-198].
ნ.ლომოურის აზრით, ჩვენს ხელთ არსებული ეკთეზისებიდან ზუსტად არ ჩანს თუ როდის ჩამოყალიბდა აქ
34
დამოწმებული სისტემა, როდიდან დაჯდა ფაზისში ლაზიკის მიტროპოლიტი, მისი ხელქვეითი საეპისკოპოსოები როდის შეიქმნა და სად იყო მათი ცენტრები, თავიდანვე ზემოთ დასახელებულ ოთხ ქალაქში, თუ სადმე სხვაგან? [ლომოური ნ., 1987, გვ. 43-44]. ნ. ლომოურის აზრით, ის, რომ საეკლესიო ცენტრების შეცვლა ხდებოდა, ეს ჩანს თუნდაც იქიდან, რომ IV ს-ის 20-30-იან წლებში ბიჭვინთა წარმოადგენდა საეპისკოპოსო ცენტრს, ხოლო VII ს-ის და შემდგომი ხანის ეკთეზისებში პიტიუნტში ეპისკოპოსი აღარ ზის – აბასგიის ეპარქიის ცენტრს წარმოადგენს სებასტოპოლისი [ლომოური ნ., 1987, გვ. 44].
ნ.ლომოური არ გამორიცხავს, რომ ერთ-ერთი საეპისკოპოსო კათედრა თავდაპირველად არქეოპოლისშიც ყოფილიყო, ხოლო შემდეგ მას რაიმე მიზეზით გადაენაცვლებინა სხვა ქალაქში. შესაძლოა ბიზანტიის ხელისუფალთ ეს გაეკეთებინათ იმ მიზნით, რომ სულ უფრო მეტად განკერძოების გზაზე შემდგარი ეგრისის მეფეთა სატახტო ქალაქის როლი დაეკნინებინათ. ნ. ლომოური ასკვნის, რომ ყოველ შემთხვევაში VII ს-თვის არც ნოქალაქევ-არქეოპოლისში და არც მის უშუალო სიახლოვეს საეკლესიო კათედრა არ არსებობდა, და რომ ბიზანტიურ წყაროში დამოწმებული ეგრისის საეკლესიო წყობილება შედარებით გვიან შექმნილი სისტემაა [ლომოური ნ., 1987, გვ. 40-44].
ამ საკითხს ყურადღება მიაქცია ვ. ლექვინიძემაც. მისი აზრით, არქეოპოლისში ეპისკოპოსის არ არსებობა აიხსნება იმით, რომ ეს ქალაქი ლაზიკის დედაქალაქი იყო და ლაზთა მეფეებს არ სურდათ მათ გვერდით კონსტანტინოპოლის პატრიარქისადმი

35
დაქვემდებარებული ეპისკოპოსის ყოფნა, რომელიც ლაზიკის მეფეთა კარზე ჯაშუშის თუ ზედამხედველის როლს შეასრულებდა [Леквинадзе В., 1974, с. 119].
ამით ამოიწურება ის წერილობითი წყაროები, რომელიც რამდენადმე ასახავს საეკლესიო ცხოვრებასა და რელიგიურ განწყობას აფხაზეთში ჩვენთვის საინტერესო პერიოდში. ამჯერად კი ძირითად აქცენტს არქეოლოგიურ ძეგლებსა და მონაპოვრებზე გადავიტანთ, საკითხის მეტად თვალსაჩინოების მიზნით.

 

თავი II. აფხაზეთის ზღვისპირა ძეგლები
§ 1. ბიჭვინთა და მისი “ქვეყანა

ბიჭვინთა უაღრესად რთულ და საინტერესო ძეგლთა კომპლექსს წარმოადგენს. დასახლებათა ეს სისტემა ქალაქის ზღუდის გარეთაც ფართოდ ვრცელდება, რაც, რა თქმა უნდა, ქალაქის ეკონომიკურ “ქვეყანაში” მოსახლეობის გარკვეულ კონცენტრაციას გულისხმობს. სწორედ ამაზე მეტყველებს მრავალწლიანი არქეოლოგიური გათხრების შედეგად ბიჭვინთის კონცხზე გამოვლენილი ტაძრების სიმრავლე, რაც იმის მაუწყებელი უნდა იყოს, რომ სამწყსოს ძირითად კონტიგენტს აქ რომაელ ჯარისკაცებთან და მათი ოჯახის წევრებთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობაც შეადგენდა. უშუალოდ გალავნის შიგნით, ე.წ. III უბანზე, რომელიც ბიჭვინთის ნაქალაქარის ციტადელის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, უკვე ყველასათვის კარგად ცნობილი, 4 სხვადასხვა დროის ეკლესიის

36
ნანგრევებია დადასტურებული, რომლებიც ერთიმეორეზეა დაშენებული (ტაბ. I,1). ბიჭვინთის ამ ადრექრისტიანულ ტაძრებთან დაკავშირებით მრავალრიცხოვანი ლიტერატურა არსებობს, სადაც ეს ძეგლები, მათ შორის მოზაიკა, სხვადასხვაგვარადაა დათარიღებული, მაგრამ ძირითადი ქრონოლოგიური ჩარჩოები IV-VI სს-ებით არის განსაზღვრული.
ნაქალაქარის ე.წ. ეკლესიების უბნის, III ნაკვეთის, სტრატიგრაფიულ სურათში გარკვეული სიცხადე შეიტანა 1970-73 წლების საველე სამუშაოებმა, დადასტურდა ურთიერთმონაცვლე 5 სამშენებლო დონე [აფაქიძე ა., 1977, გვ. 39-63]. ბიჭვინთის უძველესი ეკლესია (ქვემოდან II სამშენებლო დონე) წარმოადგენს დარბაზულ ნაგებობას, ნახევარწრიული აფსიდით შენობის მთელ სიგანეზე. ნაგებობის ზომებია: 25X10 მ, კედლის სისქე 0,8 მ (ტაბ. I,2). ეკლესიის აფსიდაში აღმოჩნდა ადრექრისტიანული სიმბოლოებით შემკული მინის ჭურჭლის ფრაგმენტერბი (ტაბ. XII,2), რომელიც საგანგებოდ იქნა შესწავლილი ნ. უგრელიძის მიერ და IV ს-ის პირველი ნახევრით განსაზღვრული [უგრელიძე ნ., 1983, გვ. 105-106]. ი. ციციშვილის მიერ ეს ბაზილიკა IV ს-ის დასაწყისით თარიღდება [ციციშვილი ი., 1977, გვ. 100]. ძეგლის უახლოეს ანალოგს ნოქალაქევში გამოვლენილი უძველესი ეკლესია წარმოადგენს – დარბაზული ნაგებობა, ნახევარწრიული აფსიდით, რომელიც IV ს. I ნახევრიT თარიღდება [ზაქარაია პ., კაპანაძე თ., 1991, გვ. 166-7, 261]. რ. რამიშვილის აზრით, ბიჭვინთის უძველესი ეკლესია სტრატიგრაფიული მონაცემებით და არქეოლოგიური მასალებით შეიძლება დათარიღდეს III ს-ის 70-80-იანი წლებით და

37
ნასტაკისის III ს-ის II ნახევრით დათარიღებულ დარბაზულ ეკლესიასთან ერთად უნდა ჩაითვალოს უძველეს ქრისტიანულ ნაგებობად საქართველოს ტერიტორიაზე [რამიშვილი რ., 1999, გვ. 4].
III-IV სს-ში ბიჭვინთა მძლავრ აღმავლობას განიცდის, თუმცა IV ს-ის 70-იან წლებში ჰუნების დამარბეველმა ლაშქრობამ დიდი დარტყმა მიაყენა მას, რაც კარგად დასტურდება არქეოლოგიური მონაცემებით, გლიპტიკური ძეგლების და ნუმიზმატიკური მასალების მიხედვით. ბიჭვინთის სამაროვანზე III-IV სს-ის 26 ბეჭედია აღმოჩენილი, IV-ს-ის 70-იანი წლებიდან მოყოლებული V ს-ის ჩათვლით საბეჭდავი ბეჭდები არ მოგვეპოვება, VI ს. მხოლოდ ერთი ფარაკიანი ბეჭედია ცნობილი იუსტინიანე I-ის გამოსახულებით [მშვილდაძე მ., 1994, გვ. 106-107]. IV საუკუნე ბიჭვინთაში ნუმიზმატიკური მასალის უჩვეულო სიუხვით (500-ზე მეტი მონეტა) გამოირჩევა, რომელთა უმრავლესობა ანტიოქიაშია მოჭრილი (104), რაც კარგად ადასტურებს მჭიდრო ეკონომიკურ კავშირს ორ ადრექრისტიანულ ცენტრს – ანტიოქიასა და ბიჭვინთას – შორის. თითქმის თანაბარი რაოდენობითაა წარმოდგენილი მცირე აზიის ქალაქების: ნიკომედიის (48), ქიზიკისა (44) და კონსტანტინოპოლის (40) საფასეები; საინტერესოა, რომ IV ს-ის მონეტებიდან არც ერთი ცალი არაა მოჭრილი საკუთრივ რომის ზარაფხანაში [დუნდუა გ., 1975, გვ. 375-413]. IV ს-ის დამდეგისთვის, როგორც ცნობილია, მთელი აღმოსავლეთის ეკლესიების ცენტრი ანტიოქია იყო. მისი სულიერი გავლენა ვრცელდებოდა არ მარტო მცირე აზიაზე, პონტოსა და აზიის

38
ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილზე, არამედ სპარსეთზე, სომხეთსა და საქართველოზე [მშვილდაძე მ., 2003, გვ. 193]. სწორედ ამ უჩვეულო აღმავლობის პერიოდში იგება მოზაიკურიატაკიანი ბაზილიკა (ქვემოდან III სამშენებლო დონე). იგი უძველეს ბაზილიკაზეა დაშენებული და წარმოადგენს დიდ სამნავიან ნაგებობას ხუთწახნაგოვანი რამდენადმე ასიმეტრიული აფსიდით და ნართექსით, სადაც სანათლავია გამართული, მარმარილოს სვეტებით და მდიდარი მორთულობით, მოზაიკური იატაკით, რომელიც ყველაზე უკეთ ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში და ნართექსში შემოინახა. ბაზილიკის ზომებია: 28,03X13,2 მ (ტაბ. I,3). ბიჭვინთის ტაძრის მოზაიკური იატაკი და საკურთხეველში დაცული ორი ბერძნული წარწერა ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ძეგლს წარმოადგენს ადრექრისტიანული აფხაზეთისა. პირველად ამ მოზაიკას იხსენიებს 1915 წელს ა.ზოტოვი. ბიჭვინთის მოზაიკასთან დაკავშირებით მრავალრიცხოვანი ლიტერატურა არსებობს, სადაც ეს ძეგლები, სხვადასხვაგვარად, IV-VI სს-თი არის დათარირებული.ჩვენის აზრით, გასაზიარებელია ლ. მაცულევიჩის მიერ შემოთავაზებული მოზაიკისა და წარწერის თარიღი – IV ს. დასაწყისი [Мацулевич Л., 1956, გვ. 153]. ეს ბაზილიკაც, სავარაუდოდ, IV ს-ის პირველ მეოთხედშია აგებული და იგი სტრატოფილე ბიჭვინთელის რეზიდენციას წარმოადგენდა [რამიშვილი რ., 1999, გვ. 40].
IV ს-ის შუა ხანებში ბიჭვინთამ დიდი ნგრევა განიცადა, პირველი მოზაიკურიატაკიანი ბაზილიკა მთლიანად დანგრეულია, მაგრამ იმავე IV ს-ში ტაძარი კვლავ აღუდგენიათ: იცვლება

39
აფსიდის ფორმა, იქმნება ხუთწახნაგოვანი შვერილი აფსიდა, მცირდება ტაძრის ნართექსი, მარმარილოს სვეტებს ცვლიან ბურჯები აგურის შრეების დატანებით. შენობის ზომებია: 28,4X14,6 მ, კედლის სისქე 0,90-1,10 მ (ტაბ. I,4) კედლები შემორჩენილია 2 მეტრის სიმაღლეზე, ამოყვანილია მქისედ დამუშავებული ზღვური კონგლონერატის ბლოკებით კირის სქელ დუღაბზე. ყველგან დაცულია რიგების ჰორიზონტალობა და წყობაში ქვის გადაბმა. აფსიდის კონგლომერატის ბლოკების წყობაში აგურის ორი რიგის შრეებია დატანილი. შიგნიდან კედლები შელესილი ყოფილა და მოხატული ფრესკებით. კედლის მხატვრობის მცირე ფრაგმენტები – ყავისფერი და წითელი ფერის კვალით აღმოჩნდა საკურთხევლის ნაწილში და ჩრდილოეთის ნავში. მოზაიკური იატაკის გადარჩენილი უბნები კვლავ გამოიყენება, განადგურებული ადგილები კი კერამიკული ფილებით იფარება. ამავე დროსაა აგებული ამ უბნის გალავანი, რომელმაც ტაძარი, აბანო და სხვა ნაგებობანი შიგნით მოიქცია [ციციშვილი ი., 1977, გვ. 83-87].
IV ს-ის ბოლო მესამედში ბიჭვინთა ძირფესვიანადაა აოხრებული, რადგან ყველაზე მძლავრი ზედა ნახშირ-ნაცროვანი ფენა უშუალოდ ფარავს IV ს-ის არქეოლოგიური მასალების შემცველ ფენას. როგორც ჩანს ჰუნთა ურდოების ერთი მძლავრი ტალღა კავკასიის შავიზღვისპირეთსაც გადმოწვდა. ტაძარიც სრულიად განადგურებულია, იგი უკვე აღარ აღუდგენიათ, შუა და ჩრდილოეთ ნავში ხუთი ადრექრისტიანული სამარხია ჩაშვებული [ციციშვილი ი., 1977, გვ. 101].
40
VI ს-ის პირველ მესამედში ბიჭვინთაში ცხოვრება კვლავ გამოცოცხლდა, აშენდა ყველაზე ზედა სამშენებლო დონის კუთვნილი ეკლესია, რომელიც იმავე საკუნის 40-იან წლებში, სპარსეთ-ბიზანტიის ომის დროს ბიზანტიელების მიერვე იქნა დანგრეული ქალაქის გალავანთან ერთად. ესაა დარბაზული ნაგებობა, სამწახნაგოვანი შვერილი აფსიდით და ნართექსით. შენობის ზომებია: 17,45X11,6 მ (ტაბ. I,5). კედლები დაახ. 1 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი. იგი თავისი აფსიდით ღრმად იჭრება ძველი ბაზილიკის ნართექსში. ეკლესიის სივრცე კედლების ღრმა შვერილებით (1,92-1,96 მ) ორ ნაწილად იყოფა. გადახურული ყოფილა ნახევარწრიული კამარით, რასაც ჩამოქცეული კამარის დიდი ფრაგმენტი მოწმობს. სახურავი კრამიტისა იყო. კედლები ნაგებია კონგლომერატის ბლოკებით კირის დუღაბზე, თუმცა წყობაში გამოყენებულია რიყის ქვებიც, წყობა წესიერია, დაცულია რიგების ჰორიზონტალობა. კედლები შელესილი ყოფილა, რასაც ბათქაშის შემორჩენილი უბნები მოწმობს [ციციშვილი ი., 1977, გვ. 92].
პიტიუნტის ამ ადრექრისტიანულ ტაძრებთან გარკველ მსგავსებას პოულობს ბულგარეთში კაბილეს ძეგლზე გამოვლენილი ადრექრისტიანული ბაზილიკები. აქ, ბიჭვინთის ტაძრების მსგავსად რამდენიმე (სამი) სამშენებლო პერიოდი გამოიყოფა. კაბილეს I ბაზილიკა წარმოადგენს სამნავიან, ე.წ. “ელინისტური” ტიპის ბაზილიკას ნახევარწრიული აფსიდითა და ნართექსით. ტაძარი IV ს. შუა წლებშია აგებული; მისი განადგურება კი, გოთების თავდასხმას (378 წ.) უკავშირდება. II ბაზილიკაში ხდება

41
ცვლილებები აფსიდასა და დეკორაციაში. ჩნდება ბაპტისტერიუმი და სადიაკვნე. ბიჭვინთის მეორე ბაზილიკის მსგავსად აქაც ნაოსის იატაკი მოზაიკით იფარება. მოზაიკა რამდენიმე პლასტისაგან შედგება და ძირითადად ტრადიციული გეომეტრიული მოტივებითაა წარმოდგენილი. კაბილეს მესამე ბაზილიკა V ს-ის დასაწყისშია აგებული. მისი განადგურება კი 587 წელზე მოდის, როცა თრაკიელთა მიწები სისხლისმღვრელი ომების არენად იქცა [Кабиле, 1982, გვ. 156].
ბიჭვინთის ნაქალაქარის ზღუდის გარეთ, მის უშუალო სიახლოვეს, ჯერ კიდევ ქალაქის ფუნქციონირების პერიოდში ჩნდება დასახლება. იგულისხმება X ს-ის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორია, მისგან დასავლეთით 40 მ-ის მანძილზე 1980-81 წლებში გ. ლორთქიფანიძისა და ზ. აგრბას მიერ გაითხარა ადრექრისტიანული ტაძრების კიდევ ერთი კომპლექსი, სადაც ორი სამშენებლო პერიოდი გამოიყო. პირველი პერიოდი V-VI სს-ით თარიღდება, მეორე კი – VI-VII სს-ით. ბიჭვინთის დიდი ტაძრის მახლობლად არქეოლოგიური გათხრები ჯერ კიდევ 1925 წელს ა. ბაშკიროვმა ჩაატარა, შედეგად მიაკვლია დიდი ბაზილიკური ტიპის სამნავიანი და სამაფსიდიანი ტაძრის ნანაგრევებს, რომელიც მან გვიანბიზანტიური ეპოქით დაათარიღა [Башкиров А., 1926, с. 39]. 1925 წელს, ჯერ კიდევ შემორჩენილი ყოფილა სამხრეთი ფასადის კედლის ფრაგმენტები და ორი გვერდითი 4,10 მ-ის სიგანის აფსიდები, ისინი ბაშკიროვის მიხედვით, გეგმაში ნახევარწრიულია, ნახევრადექვსწახნაგა წრეში ჩასმული. აგებულია ქვიშაქვის კვადრებით, გამოუყენებიათ აგურის სარტყელებიც,
42
რომელთა რაოდენობა 2-დან 4 რიგამდე მერყეობდა. გათხრები მას ამ ორ აფსიდას შორის ჩაუტარებია, სადაც ცენტრალურ საკურთხეველს ვარაუდობდა. მან აფსიდის კედლის საძირკველი და საკურთხევლის “ფსევდო-მოზაიკური” იატაკი დააფიქსირა. ამ ბაზილიკური ტიპის ეკლესიის ნანგრევებში ექსპედიციამ ადრებიზანტიურ, იონიური ტიპის მასიურ კაპიტელს მიაკვლია [Башкиров А., 1926, с. 35], რომლის ახლო პარალელია ვაშნარის ბაზილიკის მცირე მარმარილოს სვეტისთავი, რომელიც VI საუკუნით თარიღდება [ლორთქიფანიძე გ., 1991, გვ. 30-31]. აღნიშნული ბაზილიკა ბიჭვინთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ, ახ.წ. VI-VII სს-ით დაათარიღა. ძეგლი სამაფსიდიან ბაზილიკას წარმოადგენს. მისი ზომებია: 17,5X7,60 მ (ტაბ. I,8). კედლების სისქეა 0,80 მ. წყობა შერეულია, ჩრდილოეთი კედელი opus mixtum-ითაა ნაგები, აგურის 4 რიგის გამოყენებით. შეიმჩნევა რესტავრაციისა და გადაკეთების კვალი, რაც არქეოლოგიურ მასალასთან ერთად ძეგლის ხანგრძლივ ფუნქციონირებაზე მიუთითებს, VI ს-დან დაწყებული, ვიდრე გვიან შუა საუკუნეებამდე [Лордкипанидзе Г., Агрба В., 1982, с. 28]. სამხრეთ აფსიდის ქვეშ ექსპედიციამ კიდევ უფრო ადრეული (6,1 მ სიგანის, სიგრძე ვერ დგინდება) V-VI სს. მცირე ეკლესიის ნანგრევები გამოავლინა, ესაა დარბაზული ტიპის ნაგებობა შვერილი ნახევარწრიული აფსიდით. აქვე აღმოჩნდა მარმარილოს პროფილირებული ბაზა, სვეტის ძირი და სხვა ნაწილები [ლორთქიფანიძე გ., 1991, გვ. 30-31]. ეკლესიის აღმოსავლეთით ისევე, როგორც თავად ტაძარში, რამდენიმე უინვენტარო

 43
ადრექრისტიანული სამარხი დადასტურდა. სამარხები ძირითადად ბრტყელი კრამიტით, აგურითა და ქვიშაქვის ფილებით იყო ნაგები. ჩრდილოეთი აფსიდის დასავლეთით გაითხარა მონოლითური ქვის ანთროპომორფული ფორმის სარკოფაგი, მისი ზომებია: 2X0,4X0,3 მ, კედლების სისქეა 5 სმ (ტაბ. XV,2,3). ყველა სამარხი ქრისტიანული წესის დაცვითაა გამართული [Лордкипанидзе Г., Агрба В., 1982, с. 30-31].
ბიჭვინთის ნაქალაქარიდან 400-500 მ მანძილზე სამხრეთით 1963 წელს თ. მიქელაძის მიერ გაითხარა ორაფსიდიანი ეკლესია, რომელიც თავისი გეგმით უჩვეულოა ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრებისთვის. ტაძარი გეგმაში წარმოადგენს სწორკუთხედს, აღმოსავლეთით ორი, სრულიად ტოლი გაზიდული ხუთწახნაგოვანი აფსიდით. შენობის ზომებია: 28,5X14 მ (ტაბ. I,6). კედლები 1 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. ნაგებია კარგად დამუშავებული ქვის კვადრებით, აქა-იქ აგურის გამოყენებით. აფსიდისა და კედლების გაყოლებით მერხები შემოინახა. ტაძარს ექვსი შესასვლელი აქვს: ორ-ორი – სამხრეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთი მხრიდან. სამხრეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებს შუაში პილასტრები აქვთ. ტაძრის ცენტრში, ძირითადი პილასტრების გადაკვეთაზე, დგას მძლავრი სწორკუთხა ბურჯი. ეკლესიის შიდა მოპირკეთებაში გამოყენებული ყოფილა თეთრი მარმარილო. აღმოჩნდა მცირე ზომის მთლიანი ქვისგან ნაკეთები სვეტები, რომელთაც ოთხკუთხა ბაზა აქვთ და ცილინდრული კორპუსი. ეს უკანასკნელი ორნამენტირებულია [მიქელაძე თ., 1963, გვ. 125-127].
44
ბიჭვინთის ორნავიანი ბაზილიკის ყველაზე ახლო პარალელია ქუთაისის ორნავიანი დარბაზული ტიპის ეკლესია (თავდაპირველად იგი ერთნავიანი დარბაზული ტიპის ნაგებობა იყო). ო. ლანჩავა საერთო მონაცემებით ქუთაისის ორნავიანი ეკლესიის ფუნქციონირებას VI-VII სს-ით განსაზღვრავს [ლანჩავა ო., 1996, გვ. 144-147]. თ. მიქელაძის აზრით, ბიჭვინთის ორაფსიდიანი ეკლესია V ს-ის დასასრულსა და VI ს-ის დასაწყისში უნდა აეგოთ, ხოლო XII ს-ში ძეგლი, როგორც ჩანს, წყვეტს არსებობას, რასაც სამხრეთი ნავის დასავლეთი კარის ზღურბლზე კედლებისა და გადახურვის ნანგრევებს შორის აღმოჩენილი იმპ. ნიკიფორე III ბოტინიატის (1078-1081 წწ.) 5 ოქროს მონეტა ადასტურებს [მიქელაძე თ., 1963, გვ. 129].
ბიჭვინთის კონცხს განეკუთვნება კიდევ ერთი არქიტექტურული კომპლექსი სოფ. ალაჰაძეში, “აჰაშნიხ” ბორცვზე. ნანგრევები სოფ. ალაჰაძის ტერიტორიაზე დიდი ხანი იქცევდა სიძველეების მოყვარულთა და მოგზაურთა ყურადღებას. მაგ., XIX ს. 80-იან წლებში ალაჰაძეში მიკვლეულმა ნანგრევებმა პ. უვაროვას ყურადღება მიიქცია და, როგორც ცნობილია, 1886 წელს მან დაიწყო ამ ნანგრევების გათხრა-გაწმენდა, მოხერხდა ამ ნაგებობის გეგმის მოხაზვაც. უვაროვას მიერ გამოქვეყნებული მასალა ეჭვს არ იწვევს, რომ გაწმენდილი ნაგებობა სამაფსიდიანი მცირე ეკლესიაა. ამ ეკლესიის გათხრისას პ.უვაროვას არქეოლოგიური მასალა არ შეხვედრია. ამის გამო გამთხრელი თვლიდა, რომ მის მიერ გამოვლენილი მცირე ეკლესია თავის დროზე უნდა გაეძარცვათ და მერე დაენგრიათ [Уварова П., 1894, გვ. 11].
45
სინტერესო დაკვირვებები აქვს აფხაზეთის ხუროთმოძღვრული ძეგლების მკვლევარს ი. აძინბას. იგი თვლიდა, რომ პ.უვაროვას მიერ გაწმენდილი პატარა სამაფსიდიანი ეკლესია ადრე შუა საუკუნეების ქრისტიანულ ტაძარს წარმოადგენდა. ი. აძინბამ სცადა ტოპონიმის, ბორცვის სახელის – “აჰაშნიხ” – ახსნა -”ახაშ” – აფხაზურად ნიშნავს ტყის მსხალს, “ნიხა” – ხატს, ღვთაებას [Адзинба И., 1958, с. 26].
1970 წელს საძიებო თხრილების გაჭრისას სამაფსიდიანი მცირე ეკლესიის გვერდით, მის სამხრეთით ორიოდე მეტრზე დიდი სამნავიანი ტაძრის ნანგრევები აღმოჩნდა [აფაქიძე ა., აგრბა ზ., 1977, გვ. 19-27]. ალაჰაძის არქიტექტურული კომპლექსის მშენებლობის ისტორიის აღდგენა შესაძლებელი გახდა 1985-86 წლებში ჩატარებული კვლევა-ძიების შედეგად [Хрушкова Л., 1990, с. 45-50]. გამოვლინდა სხვადასხვა პერიოდის სამი ეკლესია. ¹1 ეკლესია დიდი სამნავიანი ბაზილიკაა. მისი გარეთა ზომებია: 50X28 მ. ცენტრალური აფსიდა შვიდწახნაგოვანია, გვერდითები კი ნახევარწრიული. დასავლეთით მოთავსებულია ნართექსი, რომლის სიგანე მხოლოდ ცენტრალური ნავის სიგანეს უდრის. გვერდითი ნავები ვიწროა. საყრდენ ფუნქციას ასრულებდა მასიური ბოძების 5 წყვილი (ტაბ. I,7). ბაზილიკის კედლები ნაგებია opus mixtum-ის ტექნიკით, გამონაკლისს წარმოადგენს აფსიდა, რომელიც თლილი კირქვით არის ნაგები (გარდა ცენტრალური აფსიდის ჩრდილოეთ ნაწილის ფრაგმენტისა, სადაც აგურის წყობაა გამოყენებული). მშენებლობისას გამოყენებულია თავისებური ელემენტი – კერამიკული ყუთები, რომელთაც შესაძლოა, ანტისეისმური

46
დანიშნულება ჰქონდათ. ალაჰაძის ბაზილიკას ელინისტური ტიპის ბაზილიკის ნიშნები ახასიათებს. ესაა, უპირველეს ყოვლისა, ნივნივისებური გადახურვა, ნართექსის არსებობა, შუა ნავის სიმაღლე გვერდითებთან შედარებით; ხმელთაშუაზღვის ელინისტური ბაზილიკებისაგან ალაჰაძის ბაზილიკა განსხვავდება მასიური ბოძების არსებობით (ნაცვლად კოლონებისა), რომლებიც თაღებს უკავშირდება და არა არქიტრავს [Хрушкова Л., 1990, с. 45-50].
Opus mixtum-ის წყობით ალაჰაძის ბაზილიკა ანალოგებს პოულობს დასავლეთ საქართველოს ამავე პერიოდის ძეგლებთან – პიტიუნტი, ანაკოფია, გიენოსი, არქეოპოლისი, პეტრა, ვაშნარი. ეს წყობა, საერთოდ, დამახასიათებელია შავიზღვისპირეთის ელინისტური ბაზილიკებისათვის [Леквинадзе В., 1973, с. 177]. დასავლეთ საქართველოს ბაზილიკებში უმთავრესად გამოიყენება ბოძები, და არა კოლონები [Леквинадзе В., 1970, с. 168; Закарая П., 1983, с. 8]. აგურისა და კვადრების შერეული წყობა და თაღებში მხოლოდ აგურის გამოყენება, ალაჰაძის ბაზილიკას აკავშირებს მცირე აზიის გვიანანტიკურ არქიტექტურულ ტრადიციებთან. მასიური ბოძები, მძლავრი კედლები (დასავლეთის კედელი 1,8 მეტრს აღწევს სიგანეში), ნართექსის ფორმა, კედლის წყობაში კერამიკული ყუთების გამოყენება ამ ძეგლის ინდივიდუალურ ხასიათზე მიუთითებს. ძეგლი VI ს-ის პირველი ნახევრით თარიღდება [Хрушкова Л., 1990, с. 45-50; Хрушкова Л., 1985, с. 66].
ალაჰაძის №2 ეკლესია №1 ეკლესიის რეკონსტრუქციის შედეგად წარმოიშვა. №2 ეკლესიამ დაიკავა №1 ეკლესიის მხოლოდ

47
ცენტრალური ნავი. სწორედ ეს ეკლესია აღმოჩნდა 1970-1971 წწ. გათხრების შედეგად. ეს ეკლესიაც სამნავიანი ბაზილიკაა, ერთი აფსიდით (ტაბ. I,7), უორნამენტო ფასადით და ორფერდა გადახურვით. მისი დათარიღება შეიძლება მიახლოებით VIII-IX სს-ით. მან უფრო ხანგრძლივად იარსება, ვიდრე პირველმა ბაზილიკამ. ეს კამაროვანი ბაზილიკა ნართექსის გარეშე გამოხატავს ბაზილიკური ფორმის ევოლუციის პროცესს, ბაზილიკაში “ელინისტური” ნიშან-თვისებები ადგილს უთმობენ “აღმოსავლურს” [Хрушкова Л., 1990, с. 45-50].
ალაჰაძის №3 ეკლესია აიგო მაშინ, როცა №2 ეკლესია ჯერ კიდევ ფუნქციონირებდა. იგი განეკუთვნება ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესიის ტიპს, ოთხი საყრდენით. ნაგებობის გარეთა ზომებია: 20,7X11,6 მ. აღმოსავლეთ ნაწილში გამართულია სამაფსიდიანი სკურთხეველი. აფსიდები გარედან ნახევარწრიული ფორმისაა, შიგნიდან კი ნალისებური. სამივე აფსიდას ჰქონდა ბემა. ეკლესია ნაგებია თლილი კირქვისაგან, თაღებში გამოყენებულია აგური. აქაც გვხვდება კერამიკული ყუთები, რომლის შესახებ ჯერ კიდევ პ. უვაროვა აღნიშნავდა [Уварова П., 1894, გვ. 11], მაგრამ ისინი უფრო უხეშადაა შესრულებული, ვიდრე №1 ეკლესიაში აღმოჩენილი ყუთები. დეკორატიული დეტალებიდან შემორჩა მხოლოდ ქვა ჯვრის რელიეფური გამოსახულებით. ეკლესია შეიძლება დათარიღდეს X ს-ით. იგი აფხაზეთის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრების ჯგუფს განეკუთვნება (ბზიფი, ლიხნი, ანაკოფია, მოქვი, ბიჭვინთა). განსაკუთრებით უახლოვდება ლიხნის ეკლესიას [Хрушкова Л., 1990, с. 45-50].
48
ალაჰაძის არქიტექტურულ კომპლექსში კარგად აისახა აფხაზეთის საკულტო ხუროთმოძღვრების ევოლუციის ძირითადი ხაზები: ელინისტური ტიპის ბაზილიკიდან ვითარდება კამაროვანი ბაზილიკა, აქედან კი – ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობა, რომელიც შემდგომში წამყვან და გაბატონებულ ტიპად იქცა.
კიდევ ერთი, ადრე შეუსწავლელი, ქრისტიანული ტაძარი გაითხარა 1995 წელს ბიჭვინთის მახლობლად სოფ. ლიძავაში ზღვიდან 200 მ დაშორებით. ტაძრის კედლები ერთიდან სამ მეტრამდეა შემორჩენილი. გეგმა სრულად არ იკითხება. ტაძრის შიგნით გაითხარა რამდენიმე სამარხი, აქვე აღმოჩნდა ერთი რკინის და ერთიც ბრინჯაოს გულსაკიდი ჯვარი, არქიტექტურული დეტალები, ფილაქვა ჯვრის გამოსახულებით. გამთხრელის მიერ ტაძარი IV-V სს-ით თარიღდება [Барцыц Р., 2003, გვ. 223-227].
ბიჭვინთის ნაქალაქარსა და ბიჭვინთის “ქვეყანაში” გამოვლენილი ქრისტიანული ტაძრების სიმრავლე, რა თქმა უნდა, ადგილობრივ მოსახლეობაზე ქრისტიანული თემის გავლენის ზრდის და გარკვეული დემოგრაფიული აღმავლობის მანიშნებელია.

 

§ 2. სებასტოპოლი – ცხუმი

სოხუმის გეგმაზომიერი არქეოლოგიური შესწავლა 50-იანი წლებიდან დაიწყო და შეუნელებელი ინტერესით გრძელდება დღესაც. 1959 წელს ლ. სოლოვიოვისა და ლ. შერვაშიძის მიერ სოხუმის ციხის, ანუ კასტელუმის გათხრების დროს მნიშვნელოვან სხვა ნაგებობებთან ერთად №1 კოშკთან აღმოჩნდა დიდი რაოდენობით კედლის მოზაიკის კენჭები. გამთხრელებმა ისინი გარეგნული ფორმით წრომის მოზაიკას (VII ს.) მიამსგავსეს და აქ ეკლესიის არსებობა ივარაუდეს, აქვე გაითხარა რამდენიმე ქრისტიანული სამარხიც [Шервашидзе Л., Соловьев Л., 1960, с. 175]. მკვლევართა ვარაუდი, სოხუმში ადრექრისტიანული ტაძრის არსებობის შესახებ, დადასტურდა მოგვიანებით, 1987-1990 წლებში სოხუმის ე.წ. “თურქული ციხის” ტერიტორიაზე მ. გუნბას ხელმძღვანელობით ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს, როცა აქ არქიტექტურული ნაგებობები (სამეურნეო, საცხოვრებელი, აბანო) და, ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესო, ეკლესიის ნაშთი გამოვლინდა [Гунба М., 1987; Гунба М., 1990]2. გათხრების მთელ ტერიტორიაზე ორი კულტურული ფენა გამოიკვეთა. პირველი, ანუ ზედა ფენა – განვითარებული და გვიანი შუა საუკუნეები, რომელიც ძირითადად კერამიკული ნაწარმითაა წარმოდგენილი; და მეორე, ანუ ქვედა ფენა – ადრებიზანტიური პერიოდი (VI ს-ის ბოლო VII ს-ის დასაწყისი); რაც შეეხება VIII-IX სს. – აქ ქრონოლოგიური წყვეტილია.
ეკლესიის გეგმა სრულად არ იკითხება. ესაა სამნავიანი ეკლესია ხუთწახნაგოვანი აფსიდით, რომელიც რიყის ქვითაა ამოყვანილი კირხსნარზე, შემორჩენილია 35-40 სმ სიმაღლეზე. ნავები ერთმანეთისაგან სვეტების სამი რიგითაა გამოყოფილი.
50
აფსიდის ირგვლივ ოთხკუთხა ბოძებია გამართული, ისინი აგურითა და ქვითაა ნაგები კირხსნარზე. სულ 8 ბოძია გამოვლენილი, რომელიც 45-50 სმ სიმაღლეზეა შემორჩენილი, ყველა მათგანს შიდა მხრიდან რკალისებური ფორმა აქვს. ეს ბოძები აფსიდასთან მიმართებაში ასიმეტრიულადაა განლაგებული [Гунба М., 1990, с. 4-5]. მოპირკეთებაში გამოყენებულია opus sectile-ის წყობა, პროკონესული მარმარილოს პატარა ფილებისა და აგურების მონაცვლეობით [Khrushkova L., 2005].Eსაყურადღებოა, რომ ეკლესიის გათხრებისას აღმოჩნდა კრამიტის ფრაგმენტი რომაული ლეგიონის დამღით XV Legio Apollinaris [Khrushkova L., 2005]. ანალოგიური დამღიანი (LEG XV) კერამიკული ფილები ცნობილია ბიჭვინთის კასტელუმიდან [თოდუა თ., 2003, გვ. 27]. ლ. ხრუშკოვას აზრით, ეკლესია V ს-ის პირველ ნახევრში აიგო, იუსტინიანეს დროისათვის კი უკვე განადგურებული ჩანს [Khrushkova L., 2005]. თუმცა ცნობილია, რომ V საუკუნე, მაგალითად ბიჭვინთაში არქეოლოგიურად სუსტადაა წარმოდგენილი, ცხოვრება აქ ჩამკვდარია ჰუნთა დამარბეველი თავდასხმების გამო, რომელიც სავარაუდოდ სებასტოპოლისსაც უნდა შეხებოდა. შესაბამისად ეკლესიის მშენებლობას არა V ს-ში, არამედ VI ს-ში უნდა ჰქონოდა ადგილი, მით უფრო, რომ ცნობილია იუსტინიანეს მიერ სებასტოპოლისში აღმშენებლობითი სამუშაოების ჩატარების შესახებ [გეორგიკა, 1962, გვ. 222].
საინტერესოა, რომ 1988 წელს ეკლესიის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების დროს აღმოჩნდა საფლავის ქვა ბერძნული წარწერით, რომელიც შემდეგი შინაარსისაა: “აქ

51
განისვენებს ჯარისკაცი-ლეგიონერი ორესტი, რომლის მოსაგონრადაც აღვმართეთ ეს ეკლესია”. მოხსენება ამ საფლავის ქვისა და წარწერის შესახებ გაკეთდა ლ. ხრუშკოვას მიერ ბიზანტინისტთა XVIII საერთაშორისო კონგრესსზე სანქტ-პეტერბურგში 1995 წელს [Габелия А., Вертоградова В., 2003, c. 218-222].
ეკლესიის სიახლოვეს, ერთ რიგზე 3 სამარხი გაითხარა, როგორც ჩანს ქრისტიანული. სამარხები კირხსნარითაა ამოყვანილი და ბრტყელი აგურით გადახურული. სამივე სამარხი უინვენტაროა. მათ პარალელურად, კიდევ ერთი, მეოთხე სამარხი გაითხარა, ასევე უინვენტარო, რომლის იატაკი აგურითაა მოგებული, კედლები კი კირხსნარითა და ბრტყელი აგურით ამოყვანილი. სამარხი თავთან რამდენადმე ფართეა, ბოლოსკენ კი ვიწროვდება. მისი ზომებია: სიგრძე 1,9 მ, სიგანე თავთან 0,60 მ, სიგანე ბოლოში 0,35 მ. სამარხი IV-V სს-ის ფენაშია ჩაჭრილი. გამთხრელის აზრით, სამარხები უფრო ადრეული უნდა იყოს, ვიდრე თავად ეკლესია. თანმხლები მასალის არარსებობის პირობებში, და მხოლოდ სტრატიგრაფიულ მონაცემებზე დაყრდნობით სამარხი V ს-ის II ნახევრითაა დათარიღებული [Гунба М., 1990, с. 4-5]. მსგავსი ფორმის სამარხები, აგურით ნაგები, იგივე აფხაზეთის ტერიტორიაზე ჩვენთვის ცნობილია ოჩამჩირიდან, ბიჭვინთიდან და განთიადიდან. ეს სამარხებიც გამთხრელთა მიერ VI ს-ითაა დათარიღებული.
80-იან წლებში სოხუმის ციხის ტერიტორიაზე ჩატარებული გათხრების შედეგად გამოვლენილია საინტერესო არქეოლოგიური

 52
მასალა, ქრისტიანული სიმბოლოებით შემკული კერამიკული ნაწარმი. ისინი ძირითადად გვიანანტიკური ხანის ნგრევის ფენაშია აღმოჩენილი, ესაა ამფორის ფრაგმენტები ბერძნული წარწერით, რომელსაც წინ ქრიზმა უსწრებს; კერამიკული ხუფის ფრაგმენტი, ასევე ბერძნული წარწერით ჯვართან ერთად; წითელლაკიანი ჯამის ფრაგმენტი ზედ ამოკვეთილი ასოებით XP [Гунба М., Хрушкова Л., 1990, с. 37]; ასევე წითელლაკინი ჯამის ფრაგმენტი ძირზე ჯვრის გამოსახულებით [Гунба М., 1987, c. 5. рис. 9], რომელიც ახლო ანალოგს პოულობს ბიჭვინთის წითელლაკიან ჯამებთან, ძირზე ჯვრის გამოსახულებით. ეს ფენა იუსტინიანეს დროინდელი ბრინჯაოს 544-545 წწ-ში მოჭრილი მონეტით თარიღდება (მონეტა განსაზღვრა ს. შამბამ). ამავე ნგრვის ფენაში აღმოჩნდა ანასტასიუს I (491-518 წწ.) და იუსტინიანე II (565-578 წწ.) კონსტანტინოპოლში მოჭრილი ბრინჯაოს მონეტა, იუსტინიანე II და სოფიას (574-5 წწ.) მიერ თესალონიკებში მოჭრილი ბრინჯაოს მონეტა და ერთიც კაბადოკიის კესარიში მოჭრილი მონეტა არა უგვიანეს III ს-სა [Гунба М., Хрушкова Л., 1990, с. 37].
სოხუმის ციხის ტერიტორიაზე, ადრეც აღმოჩენილა IV-VI საუკუნეებისთვის დამახასიათებელი კერამიკის ნატეხები ქრისტიანული ჯვრებით [Воронов Ю., 1968, с. 52].
ცნობილია, რომ VI ს-ის ბოლოდან ეგრისს გამოეყო აბაზგია თავისი ეკლესიით, რომელიც VII ს-ის შუა ხანებში სებასტოპოლისის ავტოკეფალურ საეპისკოპოსოს წარმოადგენდა [გეორგიკა, 1962, გვ. 184-185]. ამ დროისათვის, დასავლეთ

 53
საქართველოში არსებული ყველა საეკლესიო ცენტრი კონსტანტინოპოლის პატრიარქს ექვემდებარებოდა.
პირველი ქრისტიანული ორგანიზაცია დასავლეთ საქართველოში ბიჭვინთაში ჩნდება, რომელიც დღესდღეობით აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში უძველეს საეკლესიო ცენტრს წარმოსდგენს. Mმაგრამ, VI საუკუნის 40-იანი წლებიდან, ბიჭვინთა, როგორც ქრისტიანული ცენტრი, კარგავს თავის პირველობას. კერძოდ, 542 წლიდან, როცა ლაზთა მეფის თხოვნით, ირანელებმა ლაზიკაში ილაშქრეს, ხოლო რომაელებმა, იმის შიშით, რომ ირანელები ხელში ჩაიგდებდნენ ბიჭვინთასა და სებასტოპოლისს, თავად დაწვეს და დაანგრიეს ეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პუნქტები [გეორგიკა 1962, გვ. 137]. ამის შემდეგ ბიჭვინთას ბიზანტიის საიმპერატორო კარი თითქმის აღარ აქცევს ყურადღებას და იუსტინიანეს მიერ ჩატარებული დიდი აღმშენებლობითი სამუშაოები მხოლოდ სებასტოპოლისს შეეხო. პროკოპი მოგვითხრობს: …იუსტინიანე მეფემ მთელი ეს სებასტოპოლისი განაახლა ზღუდისა და სხვა სასიმაგრო შენობათა წყალობით უძლეველი გახადა და გაამშვენიერა ის გზებითა და სხვა ნაგებობებით, რის გამოც ის სილამაზითა და სიდიდით ყველაზე უფრო ღირსშესანიშნავ ქალაქად იქცა [გეორგიკა, 1962, გვ. 222].
როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს დაწინაურდა სებასტოპოლისი, როგორც საეკლესიო ცენტრი. თუ ბიჭვინთის ეპისკოპოსი ნიკეის საეკლესიო კრების დროს პოლემონის პონტოს ეპარქიის შემადგენლობაში შედის, შემდეგი დროის საეკლესიო

54
ნუსხათაგან უადრესში, რომელიც VII საუკუნით თარიღდება (VII ნოტიცია), ბიჭვინთის ეპისკოპოსი აღარაა მოხსენებული, კონსტანტინოპოლის საპატრიარქოზე დამოკიდებულთა შორის დასახელებულია ჯერ სებასტოპოლის საეპისკოპოსო, შემდეგ კი ავტოკეფალური საარქიეპისკოპოსო. ამიერიდან ბიზანტიის ხელისუფლება ყოველმხრივ უწყობს ხელს სებასტოპოლის დაწინაურებას. VI ს-ის 60-70-იან წლებში უნდა მომხდარიყო სებასტოპოლის ეპისკოპოსის არქიეპოსკოპოსის ხარისხში აყვანა, რადგან დიდი ტრადიციებისა და ავტორიტეტის მქონე ბიჭვინთის საეპისკოპოსოსათვის პირველობის წართმევა სხვანაირად გაძნელდებოდა და მეორეც, ბიზანტიას ირანთან გაჭიანურებული და წარუმატებელი ომის პირობებში ერთგული და ძლიერი მხარდამჭერი სჭირდებოდა ეკლესიის სახით. ამის მოგვარება კი საარქიეპისკოპოსოს შექმნით შეიძლებოდა, რადგან არქიეპისკოპოსებს, როგორც ეპარქიათა ხელმძღვანელებს, ემორჩილებოდნენ ეპისკოპოსები და ქორეპისკოპოსები [დიასამიძე ბ., 2001, გვ. 158].
სებასტოპოლის დაწინურება მისი გეოგრაფიული მდებარეობით იყო განპირობებული. IV ს-ის მეორე ნახევარში რომაელი გეოგრაფის კასტორიუსის მიერ შედგენილი “Tabula Peutingeriana”, რომელიც საგზაო რუკას წარმოადგენს, აღნიშნულია დასავლეთ საქართვალოზე გამავალი სავაჭრო გზები. ერთი ასეთი გზა ტრაპეზუნტიდან მოდის, ფაზისზე გაივლის და სებასტოპოლისში მთავრდება. მეორე გზა იმავე სებასტოპოლიდან იწყება და სომხეთის ქალაქ არტაშატისკენ მიემართება [ჯანაშია ს.,
55
1949, გვ. 47]. ს. ჯანაშიას აზრით, სებასტოპოლიდან უკვე მაშინ, ისე როგორც შემდეგში, გზა გადიოდა ჩრდილოეთ კავკასიაში. Eეს გზა კოდორის ხეობას მიჰყვებოდა და ყუბანის ზემოთა შენაკადების ხეობებში გადადიოდა ქლუხორის ზეკარით [ჯანაშია ს., 1949, გვ. 47]. ამ გზას “აფხაზეთის გზას” უწოდებდნენ. როგორც ჩანს ამ გზამ დიდი როლი ითამაშა განსაკუთრებით VI საუკუნიდან სებასტოპოლის დაწინაურებაში, რადგან ე.წ. “აბრეშუმის გზის” ჩრდილოეთით გადანაცვლების შემდეგ ვაჭრები ჩრდილოეთ კავკასიიდან შავ ზღვაზე მდ. კოდორით გადიოდნენ და აქ მთავარი ნავსადგური სებასტოპოლისი იყო.
დღეისათვის არქეოლოგიური გათხრები სოხუმის ციხის ტერიტორიაზე დასრულებული არაა. აქ გამოვლენილი ეკლესიის ნაშთი და ჩვენს მიერ მოყვანილი არქეოლოგიური მასალა კი, მხოლოდ დასტურად შეგვიძლია მივიჩნიოთ საეკლესიო ეკთეზისებში დაცული ცნობებისა.

 

§ 3. ოჩამჩირე _ გიენოსი

ქ. სოხუმიდან 55 კმ სამხრეთით მდინარეებს აძიკვარასა და ღალიძგას შორის მდებარეობს ქ. ოჩამჩირე. ეს პუნქტი უკვე ძვ. წ. III ათასწლეულის II ნახევრიდანაა დასახლებული, რაც 1934-36 წლებში ლ. სოლოვიოვის, მ. ივაშჩენკოს და ბ. კუფტინის მიერ ქალაქის ჩრდილო _ დასავლეთ ნაწილში, ზღვის სანაპიროზე, წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად დადასტურდა [Куфтин Б., 1950, с. 250 и след.].
56
ოჩამჩირე, ანტიკური წყაროების გიენოსი, შავიზღვისპირეთის უძველეს ქალაქთა რიცხვს განეკუთვნება. მას, როგორც “ელინურ ქალაქს” მოიხსენიებს ფსევდო სკილაქსი. მისი დაარსება აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში ბერძნული ახალშენების გაჩენას უკავშირდება და უნდა მომხდარიყო არაუგვიანეს ძვ. წ. VI საუკუნისა [Шамба С., Шамба Г., 1985, გვ. 19-22]. ცხოვრება აქ გვიან ანტიკურ ხანაშიც გრძელდება. 30-იან წლებში ჩატარებული გათხრების შედეგად გამოვლენილი სამი საცხოვრებელი ბორცვიდან ერთი ნავსადგურის მშენებლობის დროს მთლიანად განადგურდა, ორი მათგანი კი დღეს პორტის ტერიტორიაზე მდებარეობს.
1981-85 წლებში ს. შამბას მიერ წარმოებული გათხრების შედეგად ნაქალაქარის აღმოსავლეთ ბორცვზე გამოვლინდა ადრებიზანტიური ხანის ეკლესიის ნაშთი, რომელიც 4,5 მ სიმძლავრის კულტურულ ფენაზეა დაშენებული. კულტურული ფენის უადრესი ჰორიზონტი ძვ. წ. VI საუკუნით თარიღდება [Шамба С., Шамба Г., 1985, გვ. 21-22]. გამოვლენილია სამი კუტურული ფენა. ზედა, პირველი ფენა შედგებოდა კირხსნარიანი აგურის სამშენებლო ნაგვისაგან, რომელიც ადრექრისტიანული ტაძრის ნგრევის შედეგად წარმოიშვა. დიდი ოდენობით დადასტურდა მოწითალო ფერის თიხისაგან დამზადებული კარგად გამომწვარი კვადრატული ფორმის აგურები, მათი ზომებია 25X30, 32X16, 31X20, 30X17, 40X24 სმ და ა.შ., სისქე დაახლოებით 5 სმ. აგურებზე ხშირია სხვადასხვა ასო-ნიშნების, ირიბი ჯვრების ან ოვალური წრეების გამოსახულება, რომელიც გამოწვამდეა თითით

 57
დატანილი [Шамба С., 1988, გვ. 51]. ამავე ფენაში გამოვლინდა სარკმლის მინა [Шамба С., Шамба Г., 1985, გვ. 20].
მეორე ფენა მოყვითლო-მურა თიხნარს წარმოადგენს, რომელიც 60 სმ სიღრმეზე იწყება. ამ ფენაშია ჩაშვებული 1 მ სიმძლავრის ეკლესიის აფსიდის ფუნდამენტი, რომელიც რიყის ქვითა და კირხსნარითაა ნაგები. ამავე ფენის ზედა ჰორიზონტზე აღმოჩნდა დიდი ოდენობით მინის ჭურჭლის ფრაგმენტები, რომლებიც ნ. სოროკინას მიერ IV-V სს-ით განისაზღვრა [Шамба С., Шамба Г., 1985, გვ. 20]. ამავე ფენის ზედა ჰორიზონტზე, აფსიდის სიახლოვეს, აღმოჩნდა თეთრი მარმარილოს კოლონის ფრაგმენტები; ოქროს ფირფიტა ჯვარი (33X24 მმ, წონა 2,15 გრ); წელშზნექილი ამფორისა და კრამიტის ფრაგმენტები, ბიჭვინთასა და სებასტოპოლისში აღმოჩენილი ცალების მსგავსი; ამავე ფენაში იყო ჩაშვებული 7 უინვენტარო დასავლეთით დამხრობილი სამარხი [Шамба С., Шамба Г., 1985, გვ. 20].
180 სმ სიღრმეზე იწყება მესამე ფენა, რომელიც ქალაქის ცხოვრების უძველესი ისტორიის ამსახველია. აღმოჩნდა ელინისტური ხანის ბრინჯაოს ბეჭედ-საბეჭდავი, სკვითური ტიპის ისრისპირი (ძვ.წ. V ს.), პითოსის ფრაგმენტები ზოომორფული გრაფიკული გამოსახულებით, ზოლიანი იონური კერამიკის ფრაგმენტები, რომელიც ძვ.წ. VI ს-ის პირველი ნახევრით თარიღდება, წვრილფიგურული ატიკური კილიკის 2 ფრაგმენტი, ძვ.წ. VI ს., შავფიგურული კილიკის ფრაგმენტები და ა.შ. [Шамба С., Шамба Г., 1985, გვ. 20].
58
ეკლესია ძალზედ ცუდადაა შემონახული. აფსიდის ნაწილში მხოლოდ ფუნდამენტია შემორჩენილი, მაგრამ გეგმის აღდგენა მაინც ხერხდება. ესაა დარბაზული ტიპის ეკლესია ნახევარწრიული აფსიდით [Шамба С., Шамба Г., 1985, с. 91-92]. ნაოსი გართულებულია მინაშენებით. აღმოსავლეთიდან ეკვრის ორი, ერთმანეთისადმი სიმეტრიულად განლაგებული ეკვდერი. ჩრდილოეთ ეკვდერის ზომებია 4,80X5,60მ, სამხრეთის – 5,60X5,60მ. ნაოსს დასავლეთიდან ეკვრის ნართექსი, რომელიც ნაწილობრივ სამხრეთ ნაწილსაც მოიცავს. ეკლესიის გარეთა ზომებია 23X19,5 მ (ტაბ. IV,1). ნაოსის სიგრძისა და სიგანის შეფარდება (დაახ. 4 : 5) ნაოსის სიმოკლეზე მიუთითებს [Кобахия Б., Хрушкова Л., Шамба С., 1987, с. 126-128]. ეკვდერთა არსებობის გამო ეკლესიას გეგმაში ჯვრის ფორმა აქვს, რითაც იგი კაპადოკიის “croix libre” ტიპის ძეგლებს უახლოვდება (Buzluk, Çanlikilise, VI ს. დასაწყისი) [Restle M., 1979, Pl. 27, 32].
ეკლესია, ნართექსის გარდა, აგურითაა ნაგები, რომელიც ზოგან ოთხი რიგის სიმაღლეზე შემოინახა. ნართექსი ნაწილობრივ opus mixtum-ის ტექნიკითაა ნაგები. უკეთ შემოინახა მისი ჩრდილოეთ-აღმოსავლეთი კუთხე. ჩრდილოეთი კედელი 0,3 მ სიმაღლეზე რიყის ქვითაა ამოყვანილი, რომელსაც აგურის სარტყლები მოსდევს, იგი 0,33 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი. მსგავსი ტექნიკაა გამოყენებული ნართექსის აღმოსავლეთით კედლის სამხრეთ ნაწილში. ეკლესია შიგნიდან მობათქაშებული და მოხატული უნდა ყოფილიყო. მოპოვებულ ბათქაშებზე შემორჩენილია მოწითალო, მოვარდისფრო, ყვითელი და მწვანე

59
შეფერილობის საღებავების ნაკვალევი [Кобахия Б., Хрушкова Л., Шамба С., 1987, с. 129-131].
ნაოსის ცენტრალურ ნაწილში აღმოჩნდა კანკელის ფრაგმენტები, რომელიც ადგილობრივი მუქი კირქვისგანაა დამზადებულია. დეკორი მეტად მარტივი და სადაა, იგი პროკონესული მარმარილოს ნაკეთობათა მინაბაძს წარმოადგენს. კანკელის ერთ-ერთ ბოძზე ორ წრეში ჩასმული რელიეფური ჯვარია გამოსახული [Кобахия Б., Хрушкова Л., Шамба С., 1987, с. 132].
ეკლესიის ყველა ნაწილში, აფსიდის გამოკლებით, 14 სამარხი გაითხარა, ერთი სამარხი გაითხარა ნართექსის ჩრდილოეთ ნაწილში (№1), 4 მათგანი ნაოსის დასავლეთ ნაწილში (№№ 8,11,12,13), 6 სამარხი (№№ 2-6) სამხრეთ ეკვდერში, 1 ჩრდილოეთ ეკვდერში (№10) და ერთიც ნაოსის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში (№9). ისინი ძირითადად აგურითაა ნაგები (ტაბ. IV,5). აგურების უმრავლესობაზე გამოწვამდე სხვადასხვა ნიშანია დატანილი. 6 სამარხი უინვენტაროა. სამარხთა უმრავლესობა დასავლეთითაა დამხრობილი, დაკრძალვის წესიც ქრისტიანულია. ყურადღებას იქცევს №7 სამარხი, რომელიც ძვირფას ოქროს ნივთებს შეიცავდა. სამარხი ქვითა და აგურით იყო ნაგები კირხსნარზე. სამარხის შიდა მხარე კი რიყის ქვით იყო მოპირკეთებული. გადახურული იყო აგურით კირხსნარზე. სამარხის სიგრძე – 2,57 მ, დასავლეთ ნაწილის სიგანე – 0,86 მ, ფეხებთან ვიწროვდება. სამარხი ქალის იყო, რომელსაც ოქროფენილი სამოსი ეცვა, 50 ნახევარსფერული ოქროს ბალთით

60
გაწყობილი; აღმოჩნდა ოქროს ბეჭედი ოთხფურცლიანი ვარდულის გამოსახულებით, ოქროს საყურეები საკიდებით [Кобахия Б., Хрушкова Л., Шамба С., 1987, c. 132-136; Шамба С., 1988, გვ. 54], რომელსაც ახლო ანალოგი მცხეთაში ეძებნება [მანჯგალაძე გ., 1985, სურ. 347, 348]. 8 გრუნტული სამარხი (№№15-22) გაითხარა აფსიდის გარეთაც [Кобахия Б., Хрушкова Л., Шамба С., 1987, с. 132-136]. ყველა ეს სამარხი ეკლესიას უკავშირდება, რადგან შენობის ფუნდამენტი არსად არ არღვევს და არ ფარავს სამარხს. აგურების ფორმაც ეკლესიის კედლის წყობაში და სამარხების წყობაში ერთნაირია, ისევე, როგორც ნიშნები აგურებზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ სამარხები და ეკლესია თანადროულია. მსგავსი ტიპის თიხისფილა სამარხები ჩვენთვის ცნობილია მცხეთაში და მის მიდამოებში (სამთავროს სამაროვანი, კოდმანი, კარსნისხევი, არმაზისხევი), აღაიანსა და ხოვლეში, რომლებიც II ს-ის მეორე ნახევარი – IV სს-ებით თარიღდება [Бибилури Т., 1983, c. 23; ბიბილური თ., 1982, გვ. 136-143; მანჯგალაძე გ., 1985, გვ. 63-82, 108].
ეკლესიის დათარიღებისათვის გასათვალისწინებელია სამშენებლო ტექნიკის თავისებურება. შენობა მთლიანად აგურითაა ნაგები, ნართექსის ჩრდილოეთი კედლის გარდა, რომელიც opus mixtum-ის ტექნიკაა ამოყვანილი ორრიგიანი აგურის სარტყლებით, წყობაში აგურის სისქე არ აღემატება დუღაბის სისქეს. 30-იან წლებში ა.მ. შნაიდერის მიერ გამოითქვა აზრი, რომ ამ ტექნიკის თავისებურება შეიძლება გამოყენებულ იქნას ძეგლის უფრო ზუსტად დათარიღებისთვის. თავისებურება კი მდგომარეობს, opus mixtum-ის წყობაში აგურის რაოდენობასა და აგურის და დუღაბის

 61
ურთიერთმიმართებაში. კონსტანტინოპოლის ძეგლების მაგალითზე, რომლებიც კარგადაა დათარიღებული, იუსტინიანესა და მისი შემდგომი პერიოდის ძეგლებზე, დუღაბის სისქე აგურის რიგებს შორის ნახევრად აღემატება აგურის სისქეს; V ს-ში დუღაბისა და აგურის სისქე თანაბარია. ანალოგიური მონაცემები დამახასიათებელია ცარიცინგრადის შენობებისთვის [Кобахия Б., Хрушкова Л., Шамба С., 1987, с. 145. იქვე ლიტერატურა]. ეს თეორია მოგვიანებით მეცნიერების ლემერლის და ბობჩევის მიერ იქნა განვითარებული [Бобчев С., 1952, გვ. 65], მაგრამ ამ თეორიის სისწორეში ეჭვი იქნა შეტანილი ვარდციხის არქეოლოგიური გათხრების დროს, სადაც აგურის სარტყელთა განლაგებაში თეორიით გათვალისწინებული კანონზომიერება დარღვეულია [ჯაფარიძე ვ., 1974, გვ. 89-90].
ძეგლის დათარიღებისათვის და მისი ფუნქციონირების დროის დადგენისათვის მნიშვნელობა ენიჭება ეკლესიის გათხრებისას აღმოჩენილ არქეოლოგიურ მასალას: წელშეზნექილი ამფორის ფრაგმენტებს, მინას, ოქროს ფირფიტა ჯვარს, სამარხეულ ძეგლებსა და არქიტექტურულ დეტალებს.
არსებული მასალების შეჯერების საფუძველზე გიენოსის ეკლესია V ს-ის ბოლო – VI ს-ის დასაწყისით თარიღდება [Шамба С., 1998, с. 41]. ეკელესია ფუნქციონირებდა VII ს-შიც. უფრო გვიანი პერიდის მასალა არაა აღმოჩენილი [Кобахия Б., Хрушкова Л., Шамба С., 1987, с. 145]. აფხაზეთის ადრექრისტიანულ ტაძრებს შორის გიენოსის ეკლესიას ზუსტი ანალოგი არ მოეპოვება, თუმცა ეკვდერების არსებობით, დასავლეთი ნაწილის რამდენადმე

62
გართულებული და აღმოსავლეთ ნაწილის არქაული ფორმებით იგი წებელდის №3 ეკლესიას უახლოვდება, რომელიც ასევე V-VI სს-ით თარიღდება [Хрушкова Л., 1982, с. 176].
 

 

§ 4. ანაკოფია – “თავადი ციხეთა აფხაზეთისათა”

ანაკოფია ანუ ფსირცხა, “მატიანე ქართლისაის” სიტყვით – “თავადი ციხეთა აფხაზეთისათა”, მდებარეობს ახალი ათონის ტერიტორიაზე. VII-VIII სს-ში იგი აბაზგთა საერისთაოს პოლიტიკური ცენტრი იყო. ჩვენს წყაროებში (იგივე “მატიანე ქართლისაიში”) პირველად იხსენიება VIII ს-ის ამბებთან დაკავშირებით, როცა მისი აღება ამაოდ სცადა მურვან-ყრუმ. VIII ს-ის დასასრულიდან, როცა აფხაზთა სამეფო შეიქმნა, ანაკოფია მისი მთავარი ქალაქი გახდა და მნიშვნელობა არ დაუკარგავს არც მას შემდეგ, რაც სამეფოს დედაქალაქმა ქუთაისში გადაინაცვლა [ბერიძე ვ., 1995, გვ. 63].
ციხესიმაგრეს საკმაოდ დიდი ფართობი (7 ჰა) უჭირავს. ძირითადად ორი ნაწილისგან შედგება: ციტადელი და დიდი გალავანი. ძველი ანაკოფიის ციტადელი ივერიის მთის თხემზე მდებარეობს. იგი IV-V სს-ით თარიღდება [Леквинадзе В., 1968, с. 103]. ანაკოფიის ციტადელის შუაში ჩრდილოეთის კედელთან დგას ანაკოფიის ტაძარი, თავის დროზე იგი ა.ს. ბაშკიროვის მიერ იყო აღწერილი და გამოკვლეული. ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნართექსის გარეშე. ა.ს. ბაშკიროვი აღნიშნულ ეკლესიას VIII ს-მდე დროით ათარიღებდა [Башкиров А., 1926, с. 55]. ტაძარს არაერთი

63
გადაკეთების კვალი ეტყობა. პირვანდელი სახით მხოლოდ საკურთხევლის ნაწილია შემორჩენილი (ნახევარწრიული აფსიდა). იგი კირქვისაგან არის ნაგები, რომელსაც ბრტყელი აგურის რიგები დაჰყვება [Трапш М., 1975, с. 96-98; Пачулия В., 1964, с. 24-25]. სწორედ ამ ეკლესიიდან მომდინარეობს ანაკოფიის რელიეფები, რომლებიც, როგორც ფილაქვის ფორმიდან ჩანს, სარკმლის ქუდის ფუნქციას ასრულებდა (ტაბ.XVI,1,2,3). ანაკოფიის ეს ადრექრისტიანული საკულტო ნაგებობები X-XI სს-ში ახალმა ეკლესიებმა შეცვალეს [Хрушкова Л., 1988, с. 21].
1957 წ. №3 კოშკის ჩრდილოეთით აღმოჩნდა კიდევ ერთი ეკლესია წინ წამოზიდული ნახევარწრიული აფსიდით (ტაბ. VII,5). ეკლესია დარბაზული ტიპისაა. კედლები ამოყვანილია ნაკლები გულმოდგინებით დამუშავებული კირქვითა და რიყის ქვის მინარევით. აფსიდის ჩრდილოეთი კედელი შემოინახა 2,15 მ სიმაღლეზე, დანარჩენი კედლები კი – 1 მ სიმაღლეზე. ტაძრის გარე ზომებია: სიგრძე – 9,20 მ, სიგანე – 4,50 მ. სარკმლის ნახევარწრიული თაღები აგურითაა ნაგები, რომლებიც ტაძრის შემდგომი გადაკეთების შედეგად მთლიანად დაიხურა. ტაძრის აფსიდამ კი რესტავრაციის შემდეგ ნახევარწრიულის ნაცვლად მრავალწახნაგა ფორმა მიიღო. ეკლესიის ახლო ანალოგია გუდავის ბაპტისტერიუმი (ტაბ. VII,6). ეკლესიის შიგნით გაითხარა სამი სამარხი, რომელიც გვიანი დროით (X-XI სს.) თარიღდება. ეკელესიის გარეთ კი გაითხარა გვიანანტიკური და ადრე შუა საუკუნეთა ხანის ოთხი სამარხი. სამარხეული ინვენტარი წარმოდგენილი იყო: ზარაკის მაგვარი საკიდებით, ბრინჯაოს

64
სარკით, სფერული ფორმის ბრინჯაოს და პასტის თვალა მძივებით, ბრინჯაოს სამაჯურით და რკინის დანებით. სამარხები დასავლეთისკენაა დამხრობილი, დაკრძალვის წესი ქრისტიანულია, მაგრამ წარმართული ელემენტებით, რაც მ. თრაფშის აზრით, იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ აქ ადგილობრივი მოსახლეობა იყო დაკრძალული [Трапш М., 1961, с. 266-267; Трапш М., 1975, с. 100-105]. ტაძარში გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა სხვადასხვადროინდელია. ესაა ძირითადად კერამიკის სხვადასხვა ფრაგმენტი, რომლებიც VII-XII სს-ებს განეკუთვნება, კანკელის პილასტრის ფრაგმენტები, კრამიტის ნამსხვრევები (სოლენები და კალიპტერები), მინის ჭურჭელი, X-XI სს-ის ბიზანტიური (კონსტანტინე VII-ს მმართველობის (913-959) დროინდელი) სპილენძის ანონიმური მონეტა და სხვა [Трапш М., 1975, с. 102].
ანაკოფიის ციხე-სიმაგრის კულტურული ფენებიდან, რომელიც სიმაგრის საერთო სტრატიგრაფიის გათვალისწინებით VII-XII სს-ით თარიღდება, გამოვლინდა საინტერესო კერამიკული მასალა. მათ შორისაა ტანდაღარული ამფორის ფრაგმენტი ზედ ამოტვიფრული მცირე ზომის ჯვრით წრეში [Трапш М., 1961, с. 275-276, рис. 11,5].
ანაკოფიის ციხეში გამოვლენილი ეკლესიები არქეოლოგიურ მონაცემებზე და ციტადელის თარიღზე დაყრდნობით ადრექრისტიანული ხანით უნდა დათარიღდეს, ამის სასარგებლოდ მეტყველებს შემორჩენილი ხუროთმოძღვრული დეტალებიც.
65

§ 5. გუდავა – ზიღანეოსი

გუდავა მდებარეობს ოჩამჩირიდან ათიოდ კილომეტრზე, მდ. ოქუმის შესართავთან მარცხენა სანაპიროზე, სოფ. გუდავას ტერიტორიაზე (გალის რ-ნი). Nნ. ბერძენიშვილმა ეს პუნქტი ძველ წყაროებში მოხსენიებულ “გუდაყვასთან” გააიგივა. გუდაყვა კი ცნობილია როგორც “ზიღანეოსი”. “მატიანე ქართლისაიში”, იქ სადაც ლაპარაკია აფხაზთა მეფეების საეკლესიო პოლიტიკის შესახებ, ნათქვამია: ”ბაგრატმა ააგო ბედიის ტაძარი და იქ გადმოიტანა (“მოცვალა”) გადი-სი (ქ-ცა: გუდაყვისა) საეფისკოპოსო. “გუდაყვა” (გუდავა – ?) კი ერთი XI – XII სს-ში გადაწერილი სვინაქსარის ცნობით, არის ბერძნული ზიღანეოს. ბერძნული ტაქტიკონიდან ვიცით, რომ სწორედ ეს ქალაქი იყო საჯდომი ლაზიკის მიტროპოლიტის ერთ-ერთი ხელქვეშე ეპისკოპოზისა” [ბერძენიშვილი ნ., 1966, გვ. 299].
პირველად ზიღანეოსი იხსენიება III და IV სს-ის მიჯნის ამბების აღწერისას “ორენტის მარტვილობაში”, რომლის მიხედვით, იმპერატორ დიოკლიტიანეს მმართველობის ეპოქაში, ქრისტიანთა დევნის დროს ზიღანეოსში დაკრძალეს ორენტის ერთ-ერთი თანამოღვაწე – კირიაკი. IV-V სს. Mმიჯნაზე Notitia dignitatum-ის მიხედვით გუდავაში დგას მუდმივი რომაული გარნიზონი – ვალენტის II კოჰორტა [ზაქარაია პ., ლექვინძე ვ., 1971, გვ. 101]. VII-IX სს. ბიზანტიის საეკლესიო წყაროები არაერთხელ მოიხსენიებენ ზიღანეოსში, დასავლეთ საქართველოს ოთხი საეპისკოპოსო კათედრიდან ერთ-ერთს. დღეისათვის გუდავის ტერიტორიაზე მხოლოდ ბაპტისტერიუმია არქეოლოგიურად დადასტურებული.
66
სანათლავს, როგორც წესი, აგებდნენ ეკლესიასთან. Eეკლესია მისგან ჩრდილოეთით უნდა მდგარიყო. Mმაგრამ ეს ადგილი დღევანდელი მდინარის კალაპოტში ხვდება, მდ. ოქუმი კი ცნობილია თავისი “მოძრავი” კალაპოტით, რომელიც ინტენსიურად რეცხავს თავის მარცხენა სანაპიროს, ამიტომ საფიქრებელია რომ, ისევე როგორც ნაწილობრივ თვით სანათლავი, ეკლესიაც მდინარემ ჩამორეცხა და წაიღო [ზამთარაძე მ., 1979, გვ. 64-68].
არქეოლოგიური კამპანია გუდავაში 1968-72 წლებში ჩატარდა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის ექსპედიციის მიერ პ. ზაქარაიას ხელმძღვანელობით. შედეგად გამოვლინდა მცირე ზომის სწორკუთხა ნაგებობის ნანგრევები ნახევარწრიული შვერილი აფსიდიდ (ტაბ. VII,5). ნაგებობის ზომებია 10,6 X 7 მ. იგი ბაპტისტერიუმად განისაზღვრა აფსიდის აუზისებური ფორმის გამო. ნაგებობის ნანგრევებში აღმოჩნდა ჯვრის გამოსახულებიანი ანტეფიქსები, რომლებიც ანალოგების (მსიგხუას ტაძრის ანტეფიქსები) მიხედვით თარიღდება არა უგვიანეს X საუკუნისა. 1972 წელს სანათლავის ძირში გამოვლინდა ადრებიზანტიური ხანის პროკონესული მარმარილოს ხუროთმოძღვრული დეტალები, რაც მკვლევარებს აფიქრებინებს მის არსებობაზე მთელი ადრე შუა საუკუნეების მანძილზე X ს-ის ჩათვლით. შიგ სანათლავში აღმოჩნდა აგრეთვე საძვალე და დაზიანებული ორმოსამარხი [ზაქარაია პ., ლექვინაძე ვ., 1974, გვ. 140].
ბაპტისტერიუმის ჩრდილო–დასავლეთით 50-100 მ მანძილზე 1969 წლის გათხრების შედეგად გამოვლინდა დიდძალი

67
არქეოლოგიური მასალა, რომელთაგან ყველაზე დამახასიათებელია რომაული წითელლაკიანი ჭურჭლის ფრაგმენტები, ადგილობრივი გვიანანტიკური ყავისფერკეციანი ამფორები (IV-V სს.), ყვითელ- და წითელკეციანი იმპორტული (მცირე აზიური) ამფორები, “ხალიანი მინის” ფრაგმენტები (IV ს.), IV ს-ის 16 სპილენძის მონეტა კონსტანტინე დიდისა და ლიცინიუსის სახელზე მოჭრილი [ზაქარაია პ., ლექვინაძე ვ., 1974, გვ. 141-146]. აღმოჩენილ მონეტებზე დაყრდნობით გუდავის ბაპტისტერიუმი ზოგიერთი მკვლევარის მიერ IV ს-ითაა დათარიღებული [ხვისტანი რ., 1998, გვ. 59-64; ხვისტანი რ., 2005, გვ. 64]. არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით ბაპტისტერიუმი შესაძლოა IV – V სს. დათარიღდეს.

§ 6. განთიადი

განთიადის, იგივე ცანდრიფშის ბაზილიკა მდებარეობს შავი ზღვის სანაპიროზე სოფ. განთიადში, ქ. გაგრიდან 14 კმ ჩრდილო-დასავლეთით. ძეგლი წარმოადგენს სამნავიან ბაზილიკას, სამი წინ გამოზიდული აფსიდით (ტაბ. V,1). ნაგებობას თავდაპირველად ნართექსიც ჰქონია, გათხრებით დადგინდა პატარა პორტიკის არსებობაც. ძეგლი ძლიერ დაზინებულია, კარგად შემორჩა მხოლოდ ცენტრალური აფსიდა კონქით და ბემა კამარით. ბაზილიკის კედლები ნაგებია საშუალო ზომის სწორი ფორმის კვადრებით (საშუალოდ 30X20-15სმ), რომელთა ზედაპირი ნაკლები გულმოდგინებითაა გამოთლილი. სწორედ ასეთი კვადრებითაა ნაგები დასავლეთ საქართველოს ადრექრიტიანული ბაზილიკები 68
(ნოქალაქევი, ვაშნარი, სეფიეთი, ციხისძირი) ისე, როგორც ამ რეგიონში, ამავე დროს აგებული თითქმის ყველა საფორტიფიკაციო ნაგებობა [Леквинадзе В., 1961, с. 177].
ვ.ლექვინაძის აზრით, განთიადის ბაზილიკას თავდაპირველად ხის გადახურვა და ორსართულიანი გვერდითი ნავები ჰქონდა [Леквинадзе В., 1970, с. 166]. მას როგორც ხით გადახურულ ძეგლს პარალელები ეძებნება თრაკიის ადრექრისტიანულ ბაზილიკებთან, სადაც სახურავად აგრეთვე ხეა გამოყენებული. თრაკიის ეს ბაზილიკები ზოგადად IV-VI სს-ით თარიღდება. მათი დიდი ნაწილი კი VI ს-ის შუა წლებს განეკუთვნება და იუსტინიანე დიდის (527-565 წწ.) აქტიურ ქრისტიანიზაციას უკავშირდება [Madjarov M., 1991].
განთიადის ბაზილიკაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს ნაგებობის სიმოკლე, რაც შუა ნავის ცენტრში ახალი საკულტო ცენტრის გაჩენაზე მიუთითებს. ეს თავისებურება უფრო ქრისტიანული აღმოსავლეთის კამაროვანი ბაზილიკებისთვისაა დამახასიათებელი. ბაზილიკის ნავების სიგანე აღემატება ნავების სიგრძეს. ასეთი შემოკლება ცნობილია ყირიმიდან, ესაა პამპუკ-კაიას ბაზილიკა და ბაზილიკა სეფიეთში, რომელიც ყველაზე ახლო პარალელს წარმოადგენს დასავლეთ საქართველოს ძეგლებიდან [Леквинадзе В., 1970, с. 170].
1980 წელს არქიტექტორ-რესტავრატორის ნ. ზაზუნიშვილის მიერ განთიადის ბაზილიკის კამარის რესტავრირების დროს აღმოჩნდა კირხსნარით შედუღაბებული ამფორები (ტაბ. V,4,5,6). ეს მეთოდი ტრადიციაულია რომაულ-ბიზანტიური

69
არქიტექტურისთვის და იგი ძირითადად კამარის კონსტრუქციის შემსუბუქების [Хрушкова Л., 1985, с. 30] და ხმის გაძლიერების მიზნით გამოიყენება [Стражев В., 1925, с. 134]. ბემის კამარაში ამფორები 2-3 ფენას ჰქმნიდა, კონქაში – ერთ ფენას. ამფორები უსისტემოდ იყო განლაგებული. რამდენიმე ეგზემპლარი სრულადაა შემორჩილი, დანარჩენები კი ჩალეწილია. ზოგიერთი მათგანი ძველთაგანვე დაუმსხვრევიათ. მათი რიცხვი ორ ათეულს აღემატება [Хрушкова Л., 1985, с. 30].
ჭარბობს ძირწვეტიანი წელშეზნექილი ამფორა 0,70-0,75 მ სიმაღლის, დაბალი ყელით, მოწითალო-მოყავისფრო კეცით, თანაბარი გამოწვით [Хрушкова Л., 1985, с. 30] (ტაბ. V,4). ამ ტიპის ამფორები მრავლადაა აღმოჩენილი მთელს დასავლეთ საქართველოში, და არა მხოლოდ. მათ უფრო დეტალურად ქვემოთ შევეხებით; მეორე ტიპის ამფორა ორი ეგზემპლარითაა წარმოდგენილი, ესაა მრგვალძირიანი, სფერულმუცლიანი, ტანდაღარული ამფორა, 0, 52 მ სიმაღლის ფართე და მოკლე კორპუსით და მასიური ყურებით, კეცი ღიაყავისფერია [Хрушкова Л., 1985, с. 30] (ტაბ. V,5). ამფორის ეს სახეობა საკმაოდ გავრცელებულ კერამიკულ ტარას წარმოადგენდა იმდროინდელ ხმელთაშუა და შავიზღვისპირეთში; მესამე ტიპი ერთი ეგზემპლარითაა წარმოდგენილი, ესაა ფართოძირიანი ამფორა, ოვალური კორპუსით, დაბალი ყელით, დუგმისებრი ყურით [Хрушкова Л., 1985, с. 30] (ტაბ. V,6).
საინტერესოა, რომ ლ. შერვაშიძის მიერ დრანდის ტაძრის კამარებში, ასევე, აღმოჩნდა ამფორები, რომელიც, ალბათ, იგივე

70
კონსტრუქციული მიზნით იყო გამოყენებული, როგორც განთიადში. დრანდაში წარმოდგენილია შვიდი ტიპის ამფორა, მათ შორისაა ცანდრიფშის ამფორათა ტიპებიც. დრანდის ამფორები მ. ხოტელაშვილისა და ა. იაკობსონის მიერ იქნა შესწავლილი, მათი თარიღი VI ს-ის I ნახევრით განისაზღვრა [Хотелашвили М., Якобсон А., 1984, с. 193-200]. განთიადის ამფორებიც ზოგადად VI ს-ით თარიღდება, არა მხოლოდ ტიპოლოგიური მსგავსების, არამედ თიხის რაგვარობის მიხედვითაც [Хрушкова Л., 1985, с. 31]. აღნიშნულ ამფორებს უფრო დეტალურად განვიხილავთ ქვემოთ, დრანდის ამფორებზე მსჯელობის დროს.
უშუალოდ ბაზილიკაში 15 სამარხია გათხრილი. ისინი უსისტემოდაა განლაგებული 0,7-1,25 მ სიღრმეზე იატაკის დონიდან. ყველა სამარხი დასავლეთითაა დამხრობილი. სამარხის აღმოსავლეთი ნაწილი შევიწროებულია. ეს სამარხები შეიძლება ორ ტიპად დაიყოს. პირველ ტიპს წარმოადგენენ წვრილი ქვით, კირხსნარით, კრამიტითა და აგურით ნაგები სამარხები, რომელიც ქვის ფილებით იყო გადახურული. სამარხში თხელი და კარგად გამომწვარი აგურია გამოყენებული [Хрушкова Л., 1985, с. 37-38]. ¹15 სამარხი შიგნიდან კირხსნარით იყო მოპირკეთებული, მსგავსად მოწყობილი სამარხი გაითხარა შაპკის ციხეში [Бгажба О., 1985, с. 464].
სამარხთა მეორე ტიპი მხოლოდ ქვითაა ნაგები, არცერთ მათგანს ძირი არა აქვს. სამარხთა ორივე ტიპი, როგორც ჩანს, სინქრონულია, ამაზე ინვენტარიც მიუთითებს. სამარხეული ინვენტარი ძირითადად მინის ჭურჭლითაა წარმოდგენილი; იგი

71
თავისებური ფორმით გამოირჩევა, ესაა მაღალი, ვიწრო, ცილინდრული ფორმის ცისფერი მინის სასმისი, მსუბუქად შეზნექილი ძირითა და გადაშლილი პირით. მსგავსი ფორმის სასმისი, აფხაზეთის სამარხებიდან, რომელიც ასე მდიდარია მინის ნაწარმით, უცნობია. ხრუშკოვას აზრით, ანალოგები მას აფხაზეთის საზღვრებს გარეთაც არ მოეპოვება. იგი ვარაუდობს ამ მინის ადგილობრივ წარმოებას. ქიმიურმა ანალიზმა უჩვენა, რომ განთიადის მინის სასმისების შედგენილობა უახლოვდება ანტიკურ (ეგვიპტურ) რეცეპტს: Si-Na (K)-Ca [Хрушкова Л., 1985, с. 36-41].
განთიადის სამარხების უახლოეს ანალოგს წარმოადგენს ბიჭვინთაში [Лорткипанидзе Г., Агрба З., 1982, с. 28] და ოჩამჩირის ეკლესიაში გათხრილი სამარხები, რომლებიც აგურითაა ნაგები კირხსნარზე [Кобахия Б., Хрушкова Л., Шамба С., 1987, с. 132-137]. მსგავსი ტიპის თიხისფილა სამარხები ცნობილია მცხეთაში და მის მიდამოებში (სამთავროს სამაროვანი, კოდმანი, კარსნისხევი, არმაზისხევი), აღაიანსა და ხოვლეში, რომლებიც II ს-ის მეორე ნახევარი – IV სს-ებით თარიღდება [Бибилури Т., 1983, c. 23; ბიბილური თ., 1982, გვ. 136-143; მანჯგალაძე გ., 1985, გვ. 63-82, 108].
ტაძარში გათხრების შედეგად გამოვლინდა დეკორატიული მარმარილოს (სავარაუდოდ პროკონესული) 70 ფრაგმენტი. პროკონესის კარიერები და სახელოსნოები კონსტანტინოპოლისა და სხვა დიდი ქალაქების ტაძრებისთვის აწარმოებდა დიდი რაოდენობით კაპიტელებს, კოლონებსა და ორნამენტირებულ ფილებს. საზღვაო გზით ეს პროდუქცია ხმელთაშუა და შავიზღისპირეთის ბევრ ქვეყანაში გაჰქონდათ. აღმოჩენილია იგი

72
აფხაზეთშიც, უმთავრესად ბიჭვინთა – ადლერის ზღვისპირა ზოლში [Хрушкова Л., 1979, გვ. 134]. განთიადის მარმარილოს დეტალების მნიშვნელოვანი ნაწილი სალიტურგიო მოწყობილობას – კანკელსა და ამბიონს განეკუთვნება [Хрушкова Л., 1985, с. 41-43]. მარმარილოს ერთ-ერთ ფრაგმენტზე ბერძნული წარწერა შემორჩა, იგი ცენტრალურ ნავში ¹6 სამარხთან აღმოჩნდა. მისი მაქსიმალური სიგრძეა 28 სმ, ჭრილი 13X9 სმ. მარმარილოს ერთი ბოლო ჩამოტეხილია. წარწერა ლამაზადაა შესრულებული, შემორჩენილა 5 ასო-ნიშანი CГIAC. ლ. ხრუშკოვა ამ წარწერას ეპიტაფიად მიიჩნევს და აღადგენს როგორც ABACГIAC [Хрушкова Л., 1982, с. 43].
ბაზილიკაში აღმოჩენილი, საეკლესიო ნივთებიდან აღსანიშნავია ბრინჯაოს კოვზი, ზიარებისათვის აუცილებელი საგანი, ჯვარი [Хрушкова Л., 1982, с. 38] და კერამიკული საკმევლის ფრაგმენტი [Хрушкова Л., 1985, с. 49-50].
აფსიდის ჩრდილოეთ ნავში გათხრების შედეგად გამოვლინდა სანათლავი ემბაზი, რომელიც იატაკის დონიდან ნახევარი მეტრით ქვემოთ იყო განლაგებული. რეზერვუარი წვრილი ქვებით იყო ნაგები. ემბაზს სამფურცელას ფორმა ჰქონდა. მსგავსი ფორმის ემბაზი არც თუ ისე ფართოდაა გავრცელებული. ცნობილია იგი პალესტინაში (ბეთლემის ბაზილიკა, IV ს.) და კონსტანტინოპოლში (VI ს.) [Хрушкова Л., 1985, с. 18]. საკურთხევლის მსგავსად მოწყობა, სანათლავი ემბაზის აფსიდაში განლაგება, დამახასიათებელია სირიის ძეგლებისათვის. მსგავსი მეთოდი ცნობილია აფხაზეთში – გუდავის ბაპტისტერიუმი.
73
განთიადის ბაზილიკის ბევრი თავისებურება ძეგლის ადრეულ თარიღზე მიუთითებს. უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილის არქაული ნიშნები. დაბალი არდაბაგი, მსგავსად სირიისა და მცირე აზიის ბაზილიკებისა, ამავე დროს აქ გამოყენებულია კონსტანტინოპოლური ტიპის ამბიონის დეტალები, რაც ამ რეგიონში, როგორც ქრისტიანული აღმოსავლეთის, ისე კონსტანტინოპოლის გავლენებზე მიუთითებს [Завадская И., 2001, გვ. 264]. სამი აფსიდის არსებობა, ცენტრალური აფსიდა ბემით, შემოკლებული ზომები – უფრო განვითარებული ეტაპისთვის დამახასიათებელი ნიშნებია. არქეოლოგიური მასალები – სამარხთა ტიპები, არქიტექტურული დეკორატიული დეტალები, ამფორები და მინის ჭურჭელი (in situ) – VI ს-ით უნდა დათარიღდეს. ხრუშკოვა ბაზილიკას 542 წლამდე აგებულად მიიჩნევს, დროით, როდესაც ბიზანტიელები იძულებულნი შეიქნენ დროებით დაეტოვებინათ პიტიუნტი [Хрушкова Л., 1985, с. 26]. ეს თარიღი ეთანხმება ვ. ლექვინიძის მოსაზრებას, რომელიც განთიადის ბაზილიკის აგების თარიღს პროკოპი კესარიელის მონაცემების საფუძველზე, (იგულისხმება იუსტინიანეს მიერ აბაზგებისათვის ტაძრის აგებაზე) 527-542 წლებს შორის ათავსებს [Леквинадзе В., 1970, с. 173-174]. V-VI სს-ით განსაზღვრავს განთიადის ბაზილიკის თარიღს პ. ზაქარაია [Закарая П., 1983, с. 7].
74

§ 7. აფხაზეთის სამეკლესიანი ბაზილიკები

არქიტექტურული თემა “სამეკლესიანი ბაზილიკისა” უგუმბათო ტაძრის ერთ-ერთ ნაირსახეობას წარმოადგენს. ამ ტიპის შენობა თავისი გარეგანი ფორმებით სამნავიან ბაზილიკას წარმოადგენს, მაგრამ შიგნიდან, როგორც სივრცის ორგანიზებით, ისე კონსტრუქციული აზრით, იგი სრულიად განსხვავდება ბაზილიკისგან, რადგან სვეტების თუ საბჯენების ნაცვლად, რომელიც ბაზილიკის შიდა სივრცეს ნავებად ჰყოფს, აქ კედლები ჩნდება და იქმნება სამი დამოუკიდებელი, რამდენადმე წაგრძელებული, მეტნაკლები სიმაღლის სათავსო. შუა ჩვეულებრივ შესამჩნევად უფრო დიდი და მაღალია, ვიდრე გვერდის სათავსები. ერთმანეთთან ისინი საკარე ღიობით არიან დაკავშირებულნი. შენობათა ამ ტიპმა საინტერესო ევოლუცია განიცადა საქართველოში და განსაზღვრულ ხანაში მოგვცა მხატვრულად დასრულებული ნაწარმოები [გ. ჩუბინაშვბილი, 1936, გვ. 65-66]. ბაზილიკის ეს ტიპი უცხო არ არის სხვა ქვეყნებისთვისაც, მაგრამ, როგორც გ. ჩუბინაშვილი განმარტავს, მხოლოდ ჩვენში მიიღეს ამ ტაძრებმა სახე განსაზღვრული დამოუკიდებელი ტიპისა. ამ სახის ძეგლები შემორჩენილია ქვემო ქართლში (ბოლნისი, ვანათი), მაგრამ მათი შემოქმედებითი განვითრების საფუძვლად მიჩნეულია კახეთი. აქ სამეკლესიანი ბაზილიკის ორ ათეულამდე ძეგლია შემონახული; მით უფრო ინტერესმოკლებული არ უნდა იყოს ამ ტიპის ძეგლების არსებობა

75
აფხაზეთის ტერიტორიაზე. როგორც ჩანს, შენობის ეს ტიპი ერთნაირად მოსაწონი და მისაღები უნდა ყოფილიყო ამერ-იმერეთის ყველა მკვიდრთათვის. ეს გარემოება ბუნებრივად და კანონზომიერად გამოაჩენს სამეკლესიანი ბაზილიკების თითქმის ერთდროულ აღმოცენებას ქართლში, კახეთსა და აფხაზეთში [დ. თუმანიშვილი, 1993, გვ. 177]. როგორც ლ. რჩეულიშვილი შენიშნავს, აფხაზეთის სამეკლესიანი ბაზილიკები საინტერესო “ვარიაციას” წარმოადგენენ ამ საერთოქართული თემისა.
აფხაზეთში ამ ტიპის ოთხი ძეგლია შემორჩენილი: ძველ გაგრაში, აბაანთის ციხეში (სოფ. ლიხნი), ქიაჩის მთაზე და ამბარაში, მიუსერის კონცხზე. მათგან უძველესია ძვ. გაგრის ეკლესია, რომელიც გაგრის ციხის კომპლექსის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. იგი ჯერ კიდევ 1833 წელს უნახავს, ჩაუხატავს და აღუწერია დიუბუა დე მონპერეს: …აქ შემორჩა მხოლოდ ეკლესია, აშენებული ქვის ლოდებისაგან და გამაგრებული კამარებით, ისევე, როგორც კოშკები და კედლები. ეს ყველაზე არქაული, ყველაზე უბრალო ეკლესიაა, რომელიც კი შეიძლება ვნახოთ ქრისტიანობის პირველი საუკუნეების ეკლესიებს შორის. მხოლოდ ნავი კამარის ქვეშ, ნახევარწრიული საკურთხეველი აღმოსავლეთით, ეკვდერი დასავლეთით და ორი უხეში პორტიკი გვერდებზე. არ არის არავითარი მორთულობა [Дюбуа де Монперэ Ф., 1937, с. 95-96].
ეკლესიას საფუძვლიანი რემონტი XIX ს-ში ჩაუტარდა, მიუხედავად ამისა, მან ძირითადად შეინარჩუნა ძველი სახე. თავისი გარეთა ფორმებით ეკლესია სამნავიან ბაზილიკას ჰგავს -
76
ფასადზე მკაფიოდ არის გამოვლენილი ბაზილიკური სილუეტი: მაღალი ცენტრალური ნავი ორფერდა სახურავის ქვეშ, დაბალი, ცალი ფერდით გადახურული გვერდის ნავები. მაგრამ გარეთა ბაზილიკური სილუეტი რამდენადმე არ ეთანხმება ეკლესიის ინტერიერს – შიდა სივრცე კედლებითაა სამ ნაწილად დაყოფილი და გასასვლელებით დაკავშირებული. სამივე “ეკლესიას” ცალკე შესასვლელი აქვს. ჩრდილოეთი “ეკლესია” რამდენადმე მოკლეა, ვიდრე ორი დანარჩენი. კარების, აფსიდის, კონქის, კარების თაღების მოყვანილობაში შეინიშნება ერთგვარი გადახრა ნალისებური ფორმისაკენ, რაც ადრექრისტიანულ ხანაზე მიანიშნებს [დიდებულიძე მ., 1977, გვ. 16-26; დიდებულიძე მ., 1995, გვ. 70].
გაგრის ეკლესიის უნიკალურობა მდგომარეობს იმაშიც, რომ მან შემოგვინახა ქართული (და არამხოლოდ ქართული) ადრექრისტიანული რელიეფებისათვის ასე დამახასიათებელი მოტივი – წრეში ჩაწერილი ტოლმკლავა ჯვარი, რომელიც ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში პირობითად “ბოლნური ჯვრის” სახელითაა ცნობილი. აქ რელიეფური ჯვრის სამი გამოსახულება გვაქვს – სამხრეთ და დასავლეთ კარის ტიმპანებსა და დასავლეთ კედელზე.
დამათარიღებელი მნიშნელობა აქვს გაგრის ეკლესიის კედლის წყობის მიმართებას ციხის კომპლექსის ფენებთან. ციხის ზღუდის წყობაში იკითხება სამი განსხვავებული ტექნიკა. ეკლესიის და ციხის ზღუდის I ფენის წყობის ერთგვარი ხასიათი მათ თანადროულობაზე უნდა მიუთითებდეს [რჩეულიშვილი ლ.,
77
1994, გვ. 268-270]. რაც შეეხება ზღუდის II ფენას, ის XIX ს-ეს, ხოლო III ფენა გაგრაში ოლდენბურგელი პრინცის მოღვაწეობას (1901 წლიდან) უკავშირდება.
მკვლევართა უმრავლესობა ამ ძეგლს V-VI სს., უფრო VI ს-ით ათარიღებს (ლ.რჩეულიშვილი, მ.დიდებულიძე, დ.თუმანიშვილი, ლ.ხრუშკოვა). ძველი გაგრის ეკლესია კომპოზიციურ მსგავსებას ავლენს კახეთის ზოგირთ ძეგლთან, მაგალითად, ბოლნისხევის წმ. ევსტატეს ეკლესია გრემთან, ვაზისუბნის “სამკარიანი” ეკლესია. ეს ძეგლები გ. ჩუბინაშვილის მიერ VI საუკუნითაა დათარიღებული [Чубинашвили Г., 1959, с. 161, 159].
ძალზედ დაზიანებული სახითაა შემორჩენილი ეკლესია აბაანთის ციხეში. მდებარეობს სოფ. ლიხნში, დასახლება აჯიმჩიგრაში, მდ. ხიფსთას მარცხენა სანაპიროზე. ნაგებობის კომპოზიცია აქ უფრო რთულია, ვიდრე ძვ. გაგრის ეკლესიისა. დასავლეთით შენობას მთელ სიგრძეზე ეკვრის ნართექსი. ძეგლის თავისებურებას წარმოადგენს წინ გამოზიდული ხუთწახნაგოვანი შუა აფსიდა [Рчелишвили Л., 1988, с. 73]. ძეგლის დათარიღებისათვის მნიშვნელოვანია აბაანთის ციხის ტერიტორიაზე არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი ტაძრის თანადროული სასარკმლე მინა, რომელიც ნ. უგრელიძემ VII-VIII სს-ით განსაზღვრა, არქიტექტურული თავისებურებითაც ძეგლი ამ დროით თარიღდება [Шервашидзе Л., 1979, с. 233].
ამბარისა და ქიაჩის ეკლესიები უფრო მასიურია, ვიდრე ორი წინამორბედი. ამბარის ეკლესია ქვარგვალითა და შირიმი ქვითაა

78
ნაგები. შუა “ეკლესია” აქ მკვეთრად უპირისპირდება გვერდით “ეკლესიებს”, იგი სიმაღლითა და სიგანით აღემატება ორ დანარჩენს. კამარა, რომელიც დღეს ჩამოქცეულია, ეყრდნობოდა თაღების პილასტრებს. რთულადაა მოწყობილი ეკლესიის სამხრეთი ფრთა, რომელიც ორად იყოფა და ორივე აღმოსავლეთით აფსიდით მთავრდება. დასავლეთით ეკლესიას მთელ სიგრძეზე ნართექსი ეკვრის, რომელიც მხოლოდ ცენტრალურ დარბაზს უკავშირდება სამი თაღოვანი გასასვლელით. ნართექსის შუა ნაწილზე კი პატრონიკეა გამართული [Рчеулишвили Л., 1988, с. 73-74]. ძეგლი სტილური მონაცემებით VII-VIII სს-ით თარიღდება [Рчеудишвили Л., 1978, с. 23].
ამ ტიპის ტაძრების ყველაზე გვიანდელ ნიმუშს ქიაჩის ტაძარი წარმოადგენს. იგი ნაკლული სახითაა შემორჩენილი, მაგრამ ძეგლის კომპოზიციის აღდგენა შესაძლებელია. გაურკვეველია მხოლოდ დასავლეთ ნაწილის გადაწყვეტა. უკეთაა შემონახული ტაძრის აღმოსავლეთი ნაწილი და შუა “ეკლესიის” სამხრეთ კედელი. ტაძრის დათარიღებისას გასათვალისწინებელია შუა “ეკლესიის” ორგანიზაცია – იგი ძლიერ წაგრძელებულია, რომლის ანალოგი ადრეულ ძეგლებში არ მოგვეპოვება. მსგავსება შეიმჩნევა “გარდამავალი პერიოდის” ძეგლებთან, მაგ., ნეძვის მონასტრის ეკლესია IX ს.; გარდა ამისა, დარბაზის კედლები დანაწევრებულია სამი წყვილი, მკვეთრად წინ წამოწეული, ორსაფეხურიანი პილასტრებით, რომლებიც ერთმანეთთან კედლის თაღებითაა დაკავშირებული. ეს ფორმა VIII-IX და X სს-ების პერიოდს უკავშირდება [Рчеулишвили Л., 1988, с. 75-76]. ქიაჩის

79
ტაძარი, ოდესღაც წმ. მთავარანგელოზთა, მთელს დასავლეთ საქართველოში ცნობილი სალოცავი ყოფილა [თუმანიშვილი დ., 1995, გვ. 68].
აფხაზეთის სამეკლესიან ბაზილიკებს კახეთისა და ქართლის ამავე ტიპის ძეგლებისაგან განსხვავებით გარკვეული თავისებურება ახასიათებს, მაგალითად, დასავლეთი ნაწილის დაგეგმარება; თუკი აღმოსავლურქართულ კომპოზიციებში აქ, როგორც წესი, ღიათაღებიანი სტოაა მოთავსებული, რომელიც ერთმანეთთან გვერდით „ეკლესიებს“ აკავშირებს, მიუსერასა და აბაანთაში დასავლეთით ნართექსია მოთავსებული. მაგრამ, როგორც ლ. რჩეულიშვილი შენიშნავს, ეს ელემენტიც (ნართექსი) თვით ქართული ხუროთმოძღვრებისთვისაც არაა უცნობი (მაგ. წრომი), ამიტომაც ნართექსი, არა იმდენად წმინდაბიზანტიურ ფორმად უნდა მივიჩნიოთ, რამდენადაც უფრო საერთოქრისტიანულად.
რათქმაუნდა, ამ ეკლესიების არსებობა აფხაზეთში არ შეიძლება ასახავდეს ქართლის პირდაპირ პოლიტიკურ ზემოქმედებას დასავლეთ საქართველოზე, მით უმეტეს, ცნობილია ბიზანტიის როლი იმდროისათვის, მაგრამ ეს არ გამორიცხავს ქართლსა და ეგრისს შორის საეკლესიო-კულტურული ერთობის არსებობას VI-VII სს-ში (ს. ჯანაშია, ზ. ალექსიძე). ამ ერთობის რეალურობის ახსნას შეეცადა ზ. ალექსიძე სომეხი ისტორიკოსის იოანე დრასხანაკერტელის, “მოქცევაი ქართლისაი”-სა და ”ქართლის ცხოვრების” მონაცემებზე დაყრდნობით. იოანე დრასხანაკერტელი წერს: “ამ მოსემ (სომეხთა კათალიკოსმა) ხელი

80
დაასხა წმინდა საკრებულოს უხუცესს კირიონს ქართლის სამწყსოს, გუგარქის და ეგრისის არქიეპისკოპოსად”. ზ. ალექსიძე განმარტავს: თუ იოანე კათოლიკოსს სწორი წარმოდგენა აქვს ქრონოლოგიაზე, იგი 599 წელს უნდა გულისხმობდეს, ე.ი. X ს-ის სომეხი ისტორიკოსის მიხედვით, VI-VII სს-ების მიჯნაზე ქართლისა და ეგრისის ეკლესიები ერთი მწყემსმთავრის ხელქვეით გაერთიანებულა. ეს მწყემსმთავარია სომეხ-ქართველთა საეკლესიო განხეთქილების აქტიური მონაწილე, ცნობილი ქართველი მოღვაწე, კირიონ ქართლის კათალიკოსი [ალექსიძე ზ., 1968, გვ. 167-168].
ქართლისა და ეგრისის საეკლესიო-კულტურულ ერთიანობაზე მოსაზრება აქვს გამოთქმული ს. ჯანაშიას. მისი დაკვირვებით: “ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ საკმაოდ გრძელი პერიოდის განმავლობაში (დაახლოებით, VI ს. 70-იანი წლებიდან VII ს. 60-იან წლებამდე) ეგრისი და ქართლი ერთ საერთო საეკლესიო-რელიგიურ ფარვატერსა და ბიზანტიის ერთიანი პოლიტიკური ეგიდის ქვეშ ექცევიან. ისევე როგორც უფრო ადრე ირანი, ეხლა ბიზანტიის მთავრობაც ეცდებოდა გარკვეული ორგანიზაციული თანხმობა დაემყარებინა ადგილობრივ ეკლესიებს შორის. რა კონკრეტული სახით ხორციელდებოდა იგი ამჟამად გადაჭრით ძნელი სათქმელია, მაგრამ რაღაც გავლენა საეკლესიო-კულტურული, უნდა გავრცელებულიყო, სწორედ ამ დროს, ქართლიდან ეგრისში” [ჯანაშია ს., 1949, გვ. 122-123]. ს. ჯანაშია კიდევ უფრო აზუსტებს ამ ერთობის თარიღს: “ყველაზე ბუნებრივი იქნებოდა ასეთ ხანად მიგვეჩნია VII ს. I ნახევარი (იქნებ უფრო 30-იანი ან 50-იანი

81
წლები), როცა ზემოაღწერილი კავშირი მყარდება ქართლსა და ეგრისს შორის, თვით კონსტრუქცია-კი ჩაგვეთვალა უფრო საეკლესიო-კულტურულისა და საეკლესიო-ორგანიზაციული ერთობის ანარეკლად, ვიდრე პოლიტიკური მთლიანობის გამოხატულებად” [ჯანაშია ს., 1949, გვ. 124].
ამ საეკლესიო-კულტურული ერთიანობის ფაქტობრივ საილუსტრაციო მასალად შეიძლება, ალბად, მივიჩნიოთ არქიტექტურული თემა “სამეკლესიანი ბაზილიკებისა”, რომელიც საერთოა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოსთვის. როგორც ვ. ბერიძე შენიშნავს, ამ ტიპის ეკლესიების არსებობა აფხაზეთში, ბუნებრივია, შემთხვევითი არ შეიძლება იყოს. იგი რეალური კულტურულ-ისტორიული ვითარების მაჩვენებელია [ბერიძე ვ., 1995, გვ. 65]. დ. თუმანიშვილის სამართლიანი დაკვირვებით კი, ამ ტიპის ეკლესიების არსებობა აფხაზეთის ტერიტორიაზე გვარწმუნებს, რომ მთლიანად დასავლეთ საქართველოსა და, კერძოდ, აფხაზეთში ბიზანტიელთა უმწვერვალესი ძლიერების ხანაში ცოცხალი და მოქმედი ყოფილა ადგილობრივი საწყისი და იგი იმავე ბუნებისაა, რაც აღმოსავლეთ თუ სამხრეთ საქართველოში; ასე რომ, ამ ძეგლების მოწყვეტა ზოგად ქართული ნიადაგიდან ისტორიულად გაუმართლებელია.

 

 

თავი III. მთისწინა და მთიანი აფხაზეთის ძეგლები

§ 1. აფსილთა ქვეყანა – წებელდა

 

————-

1 გავეცანი გ. ლომთათიძის პირად არქივში.

2  ვსარგებლობ არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დოკუმენტაციის და პუბლიკაციის განყოფილებაში დაცული მ. გუნბას გამოუქვეყნებელი საველე ანგარიშებით.

2 Responses to “•ბერძენიშვილი-ქრისტიანობა I”

  1. Sat Anlage said

    awesome blog, do you have twitter or facebook? i will bookmark this page thanks. jasmin holzbauer

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 67 other followers