Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ქართველი დედოფლები

გამოჩენილი ქართველი ქალები
Famous Georgian Women

 

 

***

 

ბიზანტიის ქართველი დედოფლის პორტრეტი

 

ბიზანტიის ქართველი დედოფლის პორტრეტისაქართველოს კინოს, თეატრისა და მუსიკის მუზეუმმა გადაწყვიტა ენციკლოპედიური გამოცემა მიუძღვნას ქართველ დედოფლებს, მოიძიოს და მოაწყოს მათი პორტრეტებისა და ბიოგრაფიული ფაქტების ამსახველი ხელნაწერების გამოფენა. მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია ექსკლუზიურად ესაუბრა მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია ექსკლუზიურად ესაუბრა “კვირის პალიტრას” ამ პროექტის შესახებ და გადმოგვცა ბიზანტიის დედოფალ მართას (დავით აღმაშენებლის მამიდა) და თამარ მეფის დედის, ბურდუხან დედოფლის პორტრეტები, რომელთაც ქართველი საზოგადოება პირველად იხილავს.

გიორგი კალანდია: – საოცარია ქართველი დედოფლების ისტორია, უმრავლესობა პოლიტიკური მოღვაწე იყო. ზოგიერთს საარაკო სილამაზე ჰქონდა. ყველა მათგანს კი აერთიანებდა შვილებისადმი საოცარი ერთგულება და ლტოლვა იმისკენ, რომ უფლისწულებს ურყევი უმაღლესი სამეფო სტატუსი ჰქონოდათ. მასალების, უფრო კი პორტრეტების მოსაძიებლად მივმართეთ საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკას და სომხეთის ხელნაწერთა ინსტიტუტს. საფრანგეთიდან უკვე მოგვაწოდეს ბიზანტიის დედოფლის მარიამ-მართას პორტრეტი. მისი ორიგინალი საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაშია დაცული. საბედნიეროდ, დედოფლების პორტრეტები უცხოელი მოგზაურების ჩანახატებში, ქართულ ფრესკებზე და სხვა მასალებშიც არის გაბნეული, თუმცა მათ მოძიებას დიდი დრო და შრომა სჭირდება.

ქართველი მეფეები ხშირად პოლიტიკური მიზნით ქორწინდებოდნენ, რათა შემოერიგებინათ რომელიმე სახელმწიფო ან გაეძლიერებინათ თავისი გავლენა. ასე გახდნენ ქართველი დედოფლები მარიამ პალეოლოგი, ოსთა მეფის ასული ალდე, მარიამ არშაკუნიანი, სოღლარი, ელენე არდიოსი და ა.შ.

უცხო წარმოშობის დედოფლები სულით ხორცამდე იცვლიდნენ მენტალიტეტს და ქართველდებოდნენ. ამის ნათელი მაგალითია დავით აღმაშენებლის ქორწინება ყივჩაღთა ბელადის, ათრაქა შარაღანის ძის ასულზე. ისტორიკოსი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ გურანდუხტი არის სჯულიერი, ანუ იმ აღმსარებლობისა, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო აღიარებს. პოლიტიკური ქორწინების ბრწყინვალე მაგალითია დავით-ულუსა და მონღოლი ყაენის ქალიშვილის, ჯიგდა-ხათუნის შეუღლებაც. მონღოლი დიდებულის ასულს დედოფლობის ჟამს თამარ-ხათუნი უწოდეს და ქმართან ერთად ეკლესიებს აშენებს, რასაც ადასტურებს აბელის ეკლესიის სამშენებლო წარწერა.

როგორც ისტორიული წყაროებით ირკვევა, დედოფლები ქვეყნის თანამმართველებიც იყვნენ, მაგრამ დედოფლის ძალაუფლება მეფის სიძლიერეზე იყო დამოკიდებული. თამარის გარდა, რეალურ ძალაუფლებას ფლობდა ქართლის დედოფალი საგდუხტი, ვახტანგ გორგასლის დედა. დედოფალი ცდილობდა ცეცხლთაყვანისმცემლობის აღმოფხვრას, თუმცა, ირანელებთან ვერაფერს გახდა.

გურანდა დედოფალი, მეფე გურგენის მეუღლე, თვით მეფემ დანიშნა ქართლის მმართველად. ერთიანი საქართველოს პირველი მეფე ბაგრატ III კი მხოლოდ და მხოლოდ დედის ნებართვის შემდგომ გახდა სახელმწიფო მმართველი.

ისეც ყოფილა, რომ ერთი დედოფალი რამდენიმე მეფე-მთავრის ცოლი ყოფილა. ქართლის დედოფალი მარიამ დადიანი ჯერ სიმონ გურიელის ცოლი იყო, მოგვიანებით ქართლის მეფე როსტომზე დაქორწინდა, მისი სიკვდილის შემდგომ მარიამი, შაჰ-აბას II-ის ბრძანებით თბილისის ციხეში გამოკეტეს, 1658 წელს კი, ყაენის დაძალებით ცოლად შეირთო ვახტანგ შაჰნავაზმა, რომელსაც ორი ცოლი ესვა. მარიამი დიდი მოღვაწე იყო და მის ცოლად მოყვანას შაჰ-აბასიც ცდილობდა, თუმც დედოფალმა თავის დასახსნელად ფანდი იხმარა, ჭაღარა თმა მოიკვეცა და გაუგზავნა, უკვე დავბერდიო.

საოცარია საქართველოს მეფე დავით VII ულუს მესამე მეუღლის, გვანცას ისტორია: რაჭის ერისთავის, კახაბერ კახაბერისძის ასული ავაგ ათაბაგის მეუღლე იყო. დავით-ულუს გვანცა ავაგის დაკრძალვაზე უნახავს ბიჯნისში. ისტორიკოსი წერს, რომ მეფემ“”იხილა ქმნულ კეთილი, ეტრფიალა და შემდგომად მცირედისა მოიყვანა იგი ცოლად და დედოფლად”. ამ ქორწინების შედეგად 1259 წელს დაიბადა თავდადებულად წოდებული დემეტრე II.

ჟამთააღმწერლის გადმოცემით, ერთ-ერთი დიდმოხელე, მესტუმრე ჯიქური, რომელიც დავით-ულუს უკვე გარდაცვლილი მეუღლის, ჯიგდა-ხათუნის ერთგული იყო, ვერ შეეგუა გვანცას გვირგვინოსნობას და ინტრიგებს ხლართავდა. მეფეს იმდენად უყვარდა გვანცა დედოფალი, რომ მესტუმრე ჯიქურის ინტრიგების გამორკვევის შემდგომ, მეფის ბრძანებით გაუსამართლებლად დაახრჩვეს მტკვარში. მოგვიანებით, გვანცა მონღოლებმა დაახრჩვეს ზღვაში, დედოფალი თავისი ქალიშვილის, ავაგ ათაბაგის ასულის, ხვაშაგის ინტრიგების მსხვერპლი გახდა. მემატიანე ამბობს, რომ ხვაშაგმა დედას მეორედ გათხოვება და მისი მიტოვება ვერ აპატია. ვცდილობთ გვანცას გამოსახულების პოვნას. გადმოცემით, ის ულამაზესი ყოფილა.

- პოლიტიკოს დედოფლებზე რა არის ცნობილი?
- ერთ-ერთი გამორჩეულია დედოფალი მარიამ არწრუნი, საქართველოს მეფე გიორგი I-ის მეუღლე, ბაგრატ IV-ის დედა.
როდესაც სომხეთის დედაქალაქ ანისის დამოუკიდებლობის საკითხი იდგა, დედოფალმა მარიამმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ანისი საქართველოს გამგებლობაში დარჩენილიყო. ანისის ციხეში თან შეუყვანია ქართული არმია. უცხო ქვეყნიდან მოსული ქალი ისე რომ შეიყვარებს ახალ სამშობლოს, მზად არის ისტორიული სამშობლო დაუმორჩილოს, ეს იმდროინდელი საქართველოს სახელმწიფოს სიძლიერეზე მეტყველებს. გამორჩეულია დედოფლისა და მისი შვილის, ბაგრატ IV-ის დამოკიდებულებაც. მეფე ყველაზე რთული და ორჭოფული საქმეების მოგვარებას დედას ანდობდა. მათი საოცარი ურთიერთობა განსაკუთრებით ჩანს მეფის გარდაცვალების წინ. დაავადებული მეფე სამშვილდის ტბასთან ტახტით გადმოიყვანეს.

შეიკრიბნენ დიდებულები, სამეფო კარი. ეს ის დედოფალია, რომელიც შვილს გიორგი მთაწმინდელის ჩამოყვანაში დაეხმარა, ურთულეს მოლაპარაკებებს აწარმოებდა ანისისა და ანაკოფიის დასაბრუნებლად. არ ერიდებოდა შორეულ ვიზიტებს კონსტანტინოპოლშიც. ამ საოცარმა ქალმა ბაგრატის სიკვდილის შემდეგ დიდხანს ვეღარ იცოცხლა. სავარაუდოდ, მარიამ არწრუნი გამოსახული უნდა იყოს ხახულის კარედის ერთ-ერთ მინანქრიან ხატზე.

- თამარის დედის პორტრეტი როგორ აღმოაჩინეთ?
- ეს აღმოჩენა ზაქარია ჭიჭინაძეს ეკუთვნის, სწორედ მას აქვს ილუსტრაციად გამოყენებული საიდანღაც გადმოღებული გრაფიკული ასლი. სავარაუდოდ, ეს იმ ფრესკის ასლია, რომელიც აღარ არსებობს. მხატვრებს ვთხოვეთ ამ მინიატიურული ასლის მიხედვით შეექმნათ დედოფალ ბურდუხანის პორტრეტი. თამარის დედა, ბურდუხან დედოფალი, განათლებული ყოფილა. ზუგდიდის დადიანების სასახლეში დაცულია დედოფალ ბურდუხანის შესრულებული ხატი, ერთადერთი შემორჩენილი მემორიალური ნივთი, სადაც მისი დაწერილი იამბიკოც არის აღბეჭდილი. როგორც ჩანს, თუ თამარს მამისგან პოლიტიკური მართვის ნიჭი გადაეცა, დედისგან ერგო ხელოვანის ნიჭი, რაც განაპირობებდა მის სწრაფვას, ხელი შეეწყო საქართველოში რენესანსის განვითარებისთვის.

- ქართველ დედოფალთა შორის, ალბათ, გამორჩეული მაინც დავით აღმაშენებლის მამიდა მარიამი იყო.
- ბაგრატ IV-ის ქალიშვილი მართა ბიზანტიის დედოფალ თეოდორას მოთხოვნით ჩაუყვანიათ კონსტანტინოპოლში აღსაზრდელად. 72 წლის თეოდორა ვერ მოესწრო მის ნახვას, რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა. საიმპერატორო სასახლეში ქართველი მეფის ასულის შესვლის დროს იქ მყოფ გიორგი მთაწმინდელს უთქვამს: დღეს ერთი დედოფალი განვიდა და მეორე შემოვიდაო. მან იწინასწარმეტყველა, რომ მართა ბიზანტიის დედოფალი გახდებოდა და ასეც მოხდა. ის ცოლად შეირთო ბიზანტიის კეისარმა მიხეილ VII დუკა პარაპინაკმა.

მართას კორონაციის შემდგომ მარიამი ეწოდა. ბიზანტიელები სხვა ერების სიყვარულით დიდად არ გამოირჩეოდნენ და ამიტომაც მიუღებლად მიაჩნდათ ბიზანტიის სამეფო კარზე სხვა ეროვნების დედოფალი. მიუხედავად ამისა, ბიზანტიელი ისტორიკოსები ხოტბას ასხამენ მარიამს. ერთ-ერთთან ვკითხულობთ: დედოფლის ქება რომ არ გამომივიდეს მისი გვარიშვილობის გამო, რომელიც სიმდიდრითა და შთამომავლობით ყველა სამეფო გვარს აღემატება, ქებად მხოლოდ ხასიათიც ეყოფა. მისი სახის მშვენიერება საოცარია. ხოლო თუკი ქალებისათვის დუმილი სამკაულია, იგი ყოველგვარ სამკაულზე უფრო უპატივეს იყო, რადგან არავის სხვას, გარდა თავისი ქმრისა, ენას არ გააცნობდა და თავისთავადაც უფრო ლამაზი იყო, ვიდრე მაშინ, როდესაც საჭიროება მოითხოვდა, მოკაზმულიყოო.

მიუხედავად ასეთი სათნოებისა და მორჩილებისა, მარიამ დედოფალი ძლიერი ქალი იყო. მან პირველი ქმარი აიძულა ბერად აღკვეცილიყო. მხარი დაუჭირა ახალი იმპერატორის, ნიკიფორე ბოტანიატეს ტახტზე ასვლას და მისი ცოლიც გახდა. თუმცა, პირველი ქმრისგან ვაჟი ჰყავდა და ცდილობდა მისი ვაჟი, კონსტანტინე ასულიყო ტახტზე. როგორც კი მიხვდა, რომ მის ჩანაფიქრს საფრთხე ექმნებოდა, კომნენოსების აჯანყებას დაუჭირა მხარი და მეორე მეუღლეც ჩამოაგდებინა.

ტახტზე ავიდა ალექსი კომნენოსი, რომელიც დედოფალმა იშვილა იმ პირობით, რომ მის ვაჟ კონსტანტინეს თანაიმპერატორად გამოაცხადებდა. ბიზანტიის სამეფო კარს არ ახსოვდა, ერთი იმპერატორი წასულიყო და მისი ცოლყოფილი იმავე პატივში დაეტოვებინოთ. მხოლოდ მარიამს ერგო ეს პატივი, მეტიც, ის სრული ძალაუფლებით სარგებლობდა. ალექსი კომნენოსმა თავდა პირველად შეასრულა პირობა, მაგრამ როგორც კი შვილი გაუჩნდა, მარიამის ვაჟს საიმპერატორო პატივი ჩამოაშორა. ამიტომაც დედოფალმა კიდევ ერთი შეთქმულება დაგეგმა ალექსის ჩამოსაგდებად, მაგრამ მარცხი იგემა. ალექსიმ მაინც ვერ დასაჯა დედოფალი, მხოლოდ სახელმწიფოს მართვას ჩამოაშორა.

საბედნიეროდ, ქართველ დედოფალთა გალერეაში კიდევ არაერთი სახელოვანი დედოფალია გამორჩეული სილამაზითა და გონიერებით.

 

KvirisPalitra.Ge

 

მარიამ არწრუნი

 

მარიამ არწრუნი, საქართველოს მეფე გიორგი I-ის მეუღლე, ბაგრატ IV-ის დედა. ხახულის კარედის ერთ-ერთი მინანქრიანი ხატი.

მარიამ არწრუნისა და ბაგრატ IV-ის საოცარი დედაშვილური ურთიერთობა განსაკუთრებით ჩანს მეფის გარდაცვალების წინ.

დაავადებული მეფე სამშვილდის ტბასთან ტახტით გადმოიყვანეს. შეიკრიბნენ დიდებულები, სამეფო კარი. ბაგრატი ბოლო სიტყვას ეუბნება დედას: “დედაო, მეწყალვი შენ, რამეთუ ყოველნი შობილნი შენნი წარგიქციენ წინ” და მეც ვკვდებიო.

 

 ***

KvirisPalitra.Ge

დედოფალი მართა – მარიამი

ანა კომნენოსი, ალექსის ქალიშვილი და ერთ-ერთი პირველი ქალი ისტორიკოსი წერს: “მარიამი იყო მაღალი და ტანადი, როგორც კვიპაროსი, თეთრი, როგორც თოვლი, პირისახე ჰქონდა არცთუ ძალიან მრგვალი, მაგრამ გაზაფხულის ვარდივით ალისფრად გაფურჩქნილი. ახლა თვალების ბრწყინვალებას აღარ იკითხავთ?

ნუთუ ვინმე შეძლებს ამის აღწერას? წამწამები – გრძელი, თვალები – ცისფერი. მხატვრის ხელი ხშირად გადმოგვცემს იმ ყვავილების ნაირფერობას, რომლებითაც გვასაჩუქრებს წლის სხვადასხვა დროს, მაგრამ დედოფლის სილამაზე და მისი მომაჯადოებელი სანდომიანობა აღემატება ფერწერასა და ხელოვნებას.

არც ერთ მოქანდაკეს არ დაუტოვებია ამის მსგავსი ქანდაკება. ამბობენ, გორგონას თავი ქვებად აქცევდა ხოლმე იმ კაცებს, ვინც მას შეხედავდაო, ხოლო ვინც შემთხვევით დაინახავდა ქართველ დედოფალს, როცა სეირნობდა ან უცაბედად შეხვდებოდა სადმე, საზღვარი არ ჰქონდა მნახველის განცვიფრებას.

ის გაქვავებული რჩებოდა. ასეთი სინატიფე ასოთა და შეხამება მთელისა ნაწილებთან და ნაწილებისა მთელთან მართლაც რომ არავის უნახავს ადამიანის სხეულში. ეს იყო ცოცხალი ქანდაკება, რომელიც ხიბლავდა მშვენიერების მოყვარულთ. ეს იყო თვით ღმერთი, რომელსაც ხორცი შეესხა და ჩვენს დედამიწაზე ჩამოსულა”.

ეკა ლომიძე

კვირის პალიტრა

***

დედოფალი მართა დაახ. 1107 წელს გარდაიცვალა და დაკრძალულია თრაკიაში მდებარე ერთ-ერთ მონასტერში, მის კუთვნილ მამულში, რომელიც მას ალექსი კომნენოსმა გამოუყო გადასახლებაში.

ეს ქალი რომელიც ძლიერ იყო შეყვარებული მის ქვეყანაზე, უნებლიედ აღმოჩნდა იმ ინტრიგების მონაწილე და ერთგვარი მსხვერპლიც, რაც იმდროინდელი ბიზანტიის საიმპერატორო კარზე ტრიალებდა, ანა კომნენოსის გადმოცემით ის ყოველთვის ოცნებობდა დაბრუნებას მის სამშობლოში და ძლიერ წუხდა იმის გამო, რომ მშობლიური მხარის დატოვება მოუწია, მაგრამ დედოფლის ხვედრმა აიძულა ბიზანტიაში დარჩენილიყო მის საყვარელ შვილთან ერთად, რომელიც 1087 წლის შეთქმულების შემდეგ ჯერ დედასთან ერთად გადაასახლეს და შემდეგ ახალგაზრდულ ასაკში დაახ. 1095 წელს გარდაიცვალა. 1104 წელს მართა იმყოფებოდა საქართველოში, რუის-ურბნისის კრებასაც დაესწრო მის საყვარელ ძმასთან (გიორგი II) და ძმიშვილთან (დავით IV) ერთად და ერთგვარად აიხდინა კიდეც მისი ოცნება.

აღსანიშნავია ის, რომ მართა ძალიან განათლებული ქალი იყო (რაც ქალს კიდევ უფრო ალამაზებდა) და მიმოწერაც კი ჰქონდა ისეთ დიდ ღვთისმეტყველთან, როგორიც იყო თეოფილაქტე ბულგარელი. სწორედ მართასთან ურთიერთობამ მისცა ავტორს ინსპირაცია იმისა, რომ დაეწერა მისი ერთ-ერთი უმთავარესი ნამუშევარი “განმარტებანი იოანეს სახარებისა”.

აღსანიშნავია მართას ქველმოქმედებაც. გარდა იმისა, რომ ის ბევრს ეხმარებოდა ქვრივებსა და დავდრომილებს (გლახები), ის ასევე ქონებას სწირავდა იმ ქართულ მონასტრებს, რომელიც ბიზანტიასა და საზღვრებს გარეთ მდებარეობდა, მათ შორის ათონის ივერთა მონასტერს, პეტრიწონის მონასტერს, ჯვრის მონასტერს და აშ. მანვე დედასთან ერთად ხელი შეუწყო იერუსალიმში სხვადასხვა მონასტრების აგებასა და განახლებას.

 

***

 

გურჯი ხათუნი, XIII ს.

რუმის სასულთნოს ქართველი დედოფალი

 

გურჯი ხათუნი (თამარი) – თამარ მეფის შვილიშვილი, რუსუდანის ასული, მეუღლე რუმის სულთნის ყიას-ედ-დინ ქეიხოსროვისა (1236-1246), დაქვრივების შემდეგ მეუღლე სულთნის ტახტზე აღზევებული მუინ-ედ-დინ სულეიმან ფერვანასი, უახლოესი სულიერი მეგობარი და მიურიდი ჯელალ ედ-დინ მევლანასი.

ბაგრატიონები დინასტიური ქორწინებით დაუნათესავდნენ მცირე აზიის სელჩუკთა საგვარეულოს. რუსუდანი დააქორწინეს ერზერუმის გამგებლის – თოღრულ-შაჰის ძეზე (ქართული წყაროებით ორტუღი). ამგვარად, გურჯი ხათუნი იყო ”სელჩუკთა თესლ, დავითის მოდგმა” (იბნ ბიბი). გურჯი ხატუნის მამას სახელით არ იხსენიებს არც ქართული წყაროები, რადგან ქართველებს უღალატა ჯელალ-ედ-დინის შემოსევის დროს, და არც იმდროინდელი მუსლიმი ავტორები. იგი გაქრისტიანდა და ეწოდა დიმიტრი, საქართველოს მეფე რომ გამხდარიყო. მხოლოდ XIII ს-ის მეორე ნახევრის დროინდელი ეგვიპტელი ისტორიკოსი წერს, რომ ”გურჯი ხათუნის მამის ლაყაფი იყო ღიას ად-დინი” (გ. ჯაფარიძე).

ღიას ად-დინი და რუსუდანის ასულის, თამარის ”ქმნულკეთილობა” და ”სიტურფე აღმატებულობა” რა ესმა სელჩუკთა სულთანს ქეიხუსროვ II, ”შევედრა მრავალთა ნიჭითა და ზღუენითა რუსუდანს, რათა მიეცა ”ცოლად ასული თვისი თამარი”, თან აღუთქვა ”არ დატოვება სჯულისა ქრისტიანეთისა”. რუსუდანი დათანხმდა და მზითვად მისცა აწყური. ეს მოხდა 1236-37 წელს.

გურჯი ხათუნის მამა და ქმარი ბიძაშვილები იყვნენ. მუსლიმური სამართლით ასეთი ქორწინება დაშვებული იყო. მართლმადიდებლები კი მხოლოდ მერვე თაობის შემდეგ რთავდა ქორწინების ნებას.

ქეიხოსროვ II-მ მეუღლეს გურჯი ხათუნი შეარქვა. დედოფლის მშვენიერებით უზომოდ მოხიბლულმა გადაწყვია მისი ზეობის ჟამს მოჭრილ მონეტაზე ამოეტვიფრათ გურჯი ხათუნის სახე, რასაც ისლამი სასტიკად კრძალავდა. მაშინ ხერხი იხმარა და ემბლემა შექმნა – მზე ლომის ზოდიაქოში. 1236 წელს მოჭრილ მონეტაზე ფაფარაშლილ ლომთან ერთად მზის დისკოში უმშვენიერესი ქალის სახე ამოატვიფრინა და მაინც დაარღვია მუსლიმთა წესი. აქედან იღებს სათავეს აღმოსავლეთში გავრცელებული ემბლემა – მზე და ლომი,”შირ ვა ხორშიდ”. იგი XIV ს-ის დასწყისში სელჩუკებიდან გადაიღეს ირანელებმა. (თუმცა ბოლო დროს ამ თვალსაზრისს ეჭვით ეკიდებიან).

თამარყოფილ გურჯი ხათუნს მტკიცედ ეჭირა ”სჯული ჭეშმარიტი”, ”სჯული ქრისტესი”, რასაც ხელს უწყობდა ყიას ედ-დინის გულგრილობა მაჰმადის რჯულის მიმართ. ვითარება სრულიად შეცვალა რუსუდან დედოფლის მზაკვრულმა წერილმა. როგორც ”ასწლოვანი მატიანე” გვამცნობს, ლაშას ძე დავითი დედოფალმა ქალიშვილთან და სიძესთან გაგზავნა იმ მიზნით, რომ ”წარწყმიდონ” იგი რათა ”იყოს უშფოთველად ძისა მისისა დავითისათვის არა განყოფად მეფობისა”. მაგრამ სულთანმა და დედოფალმა არ ისმინეს ბიძის ძის მოკვლის ბრძანება. პირიქით, ”შეიყუარეს” და ”თვისთა თანა ჰყუეს პატივითა”. გაბრაზებულმა რუსუდანმა დაივიწყა დედობრივი სიყვარული და მისწერა სულთანს” ”ამისთვის მენება მოკულა ძმისწულისა ჩემისა დავითისი, რომე ცოლსა შენსა და ასულსა ჩემსა ძმისწული ჩემი დავითი თანა-ეყოფის”. სულთანმა ირწმუნა დედისაგან თქმული. მან თმებით ათრია და სისხლი ადინა თამარს, სიკვდილით დაემუქრა ”უკეთუ არა დაუტეოს სჯული ქრისტესი და მუსულმან იქმნას”. ამგვარი იძულებით გამაჰმადიანებული გურჯი ხათუნი ძალიან მალე მართლმორწმუნე მუსლიმის შარავანდედით იმოსება. საქმე ის არის, რომ იგი ეზიარა არა ორთოდოქსულ ისლამს, არამედ მის სუფიურ მიმდინარეობას – მევლევიობას. მისი დამაარსებელი იყო მევლანა – აღმოსავლეთის ყველა დროის უდიდესი მოაზროვნე -ჯელალ-ედ-დინ რუმი. გურჯი ხათუნი მთელი არსებით მიენდო მევლანას. იგი გახდა დედოფლის სულიერი მამა, რაც განაპირობა პოეტის მსოფლმხედველობამ: პანთეისტობა, ადამიანის წარმოსახვა სამყაროს გვირგვინად, ქალისა და მამაკაცის გათანაბრება – ”ქალი მზის სხივია”, ადამიანის სრულყოფილება და არა რიტუალური სამსახური ღვთისა, ჭეშმარიტება – ღმერთი ერთია. ესაა, რომ სხვადასხვა ხალხი მას სხვადასხვა სახელს არქმევს. სული ცოდნასა და გონებასთან არის დაკავშირებული, მისთვის მნიშვნელობა არა აქვს ენას. მევლანამ, მუჰამედისაგან განსხვავებით, ყველა რელიგიას თანაბრად მიაგო პატივი. ამრიგად, მევლევიობა არ მოითხოვდა გამაჰმადიანებას. გურჯი ხათუნი შეიძლებოდა ქრისტიანად დარჩენილიყო და ისე გაჰყოლოდა მევლანას მოძღვრებას.

მევლანასა და გურჯი ხათუნის მეგობრობის ფაქტები აღწერილია აჰმედ ევლაქის 1318-58 წლებში დაწერილ წიგნში ”მეცნიერთა ცხოვრება” (ვსარგებლობ თაჰსინ იაზიჯის თურქული თარგმანით). მევლანას ცოლი ამბობს: ”ეპოქის დედოფალი, ქვეყნიერების ქალბატონი, სულთნის მეუღლე გურჯი ხათუნი მევლანას მემკვიდრეთა მეგობარი და თავად მევლანას წმინდანობასა და სასწაულმოქმედებებთან დაკავშირებული საგნების მიმართ. მან უამრავი ფული გადაიხადა რუმის პერანგსა და იაგუნდის ნატეხში პოეტმა უბრალო ქვიდან რომ მიიღო. მეფურად დაასაჩუქრა მევლანას მეუღლე, რომელმაც დედოფალს ის ქვიშა გადასცა, ღამის მოგზაურობიდან დაბრუნებულ მევლანას ფეხზე რომ შემორჩა. თავად მევლანაც ხშირად მიმართავდა მეგობარს. 70 000 დირჰემი მიუცია გურჯი ხათუნს შეიხ სალაჰ ედ-დინის ქალიშვილის სამზითვოდ. გურჯი ხათუნი მევლანას მიმდევრების ქომაგი და შემწე იყო.

ჯელალ ედ-დინ რუმის დღემდე შემორჩენილ წერილთაგან სპეციალისტები ორის ადრესატად გურჯი ხათუნს მიიჩნევენ. გურჯი ხათუნის ინიციატივით შეიქმნა მევლანას პორტრეტი. ასეთივე გადამწყვეტი როლი უთამაშია მას მწვანე თურბეს მშენებლობის საქმეში. მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობა მათმა მემკვიდრეებმაც გააგრძელეს. ცნობილია, რომ გურჯი ხათუნის ასულმა აინ-ულ-ჰაიათმა ერზერუმში დიდი ხნით მიიწვია ჯელალ-ედ-დინ რუმის შვილი პოეტი სულთან ველედი. ერთი სიტყვით, ჯელალ-ედ-დინ რუმის სახელს თანავარსკვლავედივით დაჰყვება თამარყოფილი გურჯი ხათუნის სახელი.

2007 წელი იუნესკოს მიერ ჯელალ-ედ-დინ რუმის წლად იყო გამოცხადებული. პროფ. მ. თოდუა გამოეხმაურა ამ მოწოდებას და სპარსულიდან თარგმნა პოეტის სტრიქონები, მიძღვნილი გურჯი ხათუნისადმი:

”მოწყალე და დიდსულოვანი, საეჭვო საქმეთაგან განრიდებული

ჭეშმარიტი მონა ღვთისა, ბანოვანთა ღირსება – მათშორის ყველაზე უმწიკვლო და ნამუსიანი, კეთილბუნებოვანი და სათნოდმყოფელი, მომავლის მჭვრეტელი, სიკეთის მთესველი, დიდად პატივდებული,

ხელმწიფური ბუნების მქონე, მეფეთა მეფის შთამომავალი ხათუნი”

 

წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:

1. ჟამთააღმწერელი, ასწლოვანი მატიანე, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა, შენიშვნები და ლექსიკონი დაურთო რევაზ კიკნაძემ, თბ. 1987

2. Onder M. Kismir C. Mevlana – Hayati, Sahsieti, Fserleri, Koniya, 1959 წ.

3. იბნ ’აბდ აზ-ზაჰირი, 1976 წ. სრული სათაური იხ. გ. ჯაფარიძე, საქართველო და მახლობელი აღმოსავლეთის ისლამური სამყარო XII-XIII ს-ის პირველ მესამედში, თბ. 1995 წ

4. ა. გაწერელია, დედოფალი თამარი (გურჯი ხათუნი) და პოეტი ჯელალ-ედ-დინ რუმი, ლიტ-ული გაზეთი, 1960, #41, 42, 43

5. ნ. შენგელია, მცირე აზიის სელჩუკები და საქართველო (XI-ის უკანასკნელი მეოთხედი – XIII ს.), თბ. 2003

6. ე. ჯაველიძე, გურჯი ხათუნისა და ჯელალ-ედ-დინ რუმის ურთიერთობის ისტორიიდან, ცისკარი, 1970, #1

7. გ. ჯაფარიძე, ახალი არაბული წყარო XIII ს-ის საქარტველოს ისტორიის ათვის, ცისკარი, #1, 1980

8. მ. თოდუა, ქრისტეს მოსავი მუსულმანი, გელათის მეცნიერებათა აკადემიის ჟურნალი, 2007, #9, გვ. 3-10

9. Ahmet Eflak “Ariflerin Menakibleri, ანკარა, 1953-1954, ტ. I -ტ.II

10. გ. ჯაფარიძე, ბაგრატიონები და სელჩუკიანთა საგვარეულო, გაზეთი ”ქართველი ერი”, ივლისი, #25, თბ. 1993წ.

11. Ibrahim Hakki Konyali, Erzurum Tarihi, სტამბოლი, 1960

მოამზადა ცისანა აბულაძემ

http://qim.ge/gurji%20xatuni.html

 

***

 

გიორგი კალანდია: “დიდ და უმცროს თამარს ბევრი რამ აქვთ საერთო. ორივეს ცხოვრება ლეგენდებად არის ქცეული, ისევე, როგორც ორივეს გარდაცვალება. მათი საფლავებიც არ არის ცნობილი. კონიაში ამბობენ, გასაკვირი არ არის, რომ გურჯი ხათუნის საფლავი არ არის ცნობილი, ის ხომ ვარსკვლავია, ვარსკვლავს საფლავი რად უნდაო. მეორე ლეგენდის მიხედვით, გურჯი ხათუნი ზღვის ზედაპირზე გავიდა და იბერიისკენ მიმავალ ტალღებს გაჰყვაო, მესამე ვერსიით იგი დღემდე კაბადოკიის კლდეებში ცხოვრობს. თურმე ქართველები ფულს აგროვებდნენ, რომ გურჯი ხათუნი გამოესყიდათ, მაგრამ ისტორიული წყაროების მიხედვით, სელჯუკებმაც კარგად იცოდნენ, ვინ იყო თამარ მეფე და მისი შვილიშვილი. როგორც ქრისტიანები, მუსლიმანებიც თამარის სულს ხედავდნენ გურჯ ხათუნში და თვალისჩინივით უფრთხილდებოდნენო.

თურქეთისა და საქართველოს ურთიერთობის ისტორიაში ეს იყო ულამაზესი პერიოდი, რომელსაც გურჯი ხათუნის ეპოქა ერქვა”

***

 

 ***

 

ჰერეთის დედოფლის, დინარას ამბავი ქართულ და რუსულ მატიანეებში

 
 13.07.2011
[გია მამალაძე]

დღეს, თორმეტი მოციქულის კრებასთან ერთად აღინიშნება დინარა დედოფლის ხსენების დღეც.

დინარა დედოფალმა თავის შვილთან, იშხანიკთან ერთად ჰერეთის მოსახლეობას, ჰერებს, ქართველებს დააძლევინა მონოთეისტური მოძალება, აღუდგინა მართლმადიდებლური სარწმუნოება…
 
დინარა დედოფალი ძალიან პოპულარული პერსონაჟია რუსული მატიანეებისა – Повесть о Царице Динаре. რუსეთის პირველი მეფე ივანე მრისხანე (გროზნი), 1552 წელს ყაზანის აღების დროს, თავისი ჯარის გასამხნევებლად, როცა ისინი შედრკნენ, მათ ივერიის დედოფლის დინარას და მისი ჯარის მაგალითს ახსენებდა.

რუსულ ქრონოგრაფიებში, მატიანეებში პოპულარულია, როგორც ვთქვით, “ივერიის დედოფალი დინარა”, რომელიც წარმატებით შეებრძოლა სპარსებს და გაიმარჯვა. დინარა დედოფლის შესახებ სხვადასხვა აზრი არსებობდა, ზოგი მეცნიერი ფიქრობდა, რომ ეს უნდა ყოფილიყო თამარ მეფის შესახებ გადმოცემა, სადაც სახელი იყო შეცვლილი.

მოთხრობის თანახმად დინარა ტახტზე ადის მამის სიკვდილის შემდეგ (როგორც თამარი). მოთხრობილია, რომ დედოფალს სპარსთა მეფემ ხარკი მოსთხოვა. მერე ძეგლი გვიამბობს საქართველო-სპარსეთის ომზე, რომელშიც იმარჯვებს საქართველო. ეს ძალიან ჰგავს რუქნადინისა და საქართველოს ომს, თამარ მეფის პერიოდს. თუმცა, არის ამბები, რომლებიც საქართველოში არ მომხდარა და გამოგონილია. ზოგიერთის აზრით, მოთხრობა უნდა იყოს დაწერილი XVI საუკუნის დასაწყისში, უცნობი ავტორის მიერ. მას თვლიან პირველ ძეგლად საქართველოს შესახებ. ეს მოთხრობა პოპულარული იყო XVI-XVIII საუკუნეების რუსეთში და საქართველოში.

ჰერეთს (ალბანეთის უდიდესს, აღმოსავლეთ ნაწილს), ძველი სლავები, რუსები, სავსებით სამართლიანად ივერიად მოიხსენიებდნენ. ისინი ლაშქრობდნენ ხოლმე კასპიის ზღვის სანაპიროებზე და აქედან ამბავი ივერიელ დედოფალ დინარაზე, რომელიც სპარსეთის შემოტევას წარმატებით იგერიებდა, რუსეთში გაავრცელეს.

თუმცა, დინარა დედოფლის შესახებ ცნობა მოგვეპოვება “ქართლის ცხოვრებაში”. რომელსაც დიდი დამსახურება მიუძღვის ქრისტიანობის, მართლმადიდებლობის წინაშე. როგორც ზემოთ ვთქვით, დინარა დედოფალმა თავის შვილთან, იშხანიკთან ერთად ჰერეთის მოსახლეობას, ჰერებს, ქართველებს დააძლევინა მონოთეისტური მოძალება, აღუდგინა მართლმადიდებლური სარწმუნოება.

დინარა დედოფლის ვინაობის მეცნიერულად დადგენის საქმეშე დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს წმიდა კათალიკოს-პატრიარქს კირიონ II, რომელმაც ბევრ ვითარებას მოჰფინა ნათელი. მისი წიგნის შესახებ: “ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში” (Епископ Кирион -  “Культурная роль Иверии в истории Руси“)    - ორიოდე დღის წინ ვესაუბრეთ ჩვენს მკითხველს, როდესაც გავაცანით მოკლე ნაწყვეტი აღნიშნული წიგნიდან მთაწმინდელის შესახებ (იხ. “კირიონ II – გიორგი ათონელის შესახებ”, 09.07.2011). იმ დღეს ამ ორი წმინდანის ხსენების დღე იყო.

კირიონ II როლი ჩვენს ქვეყანაში ჯეროვნად დაფასებული არ არის, მიუხედავად იმისა, რომ 2002 წელს ჩვენმა ეკლესიამ ის წმინდანად შერაცხა. მისი სამეცნიერო მემკვიდრეობა შესწავლილი არ არის სათანადო დონეზე. მისი აღნიშნული წიგნი კი არის გადატრიალება რუსეთის ისტორიაში, რომელსაც დამფასებლები სჭირდება. იმ დღესაც ვწერდი და დღესაც გავიმეორებ, ეს წიგნი ყველა ქართველმა უნდა დაისწავლოს და რუსებსაც უნდა წააკითხოს და გააგებინოს, რაოდენი დამსახურება მიუძღვის ივერიას რუსეთის წინაშე და რომ ამას დაფასება სჭირდება და არა უმადურობა.

რუსები ყოველთვის გვაყვედრიან ჩვენ გადაგარჩინეთო. მაგრამ, წაიკითხონ “Культурная роль Иверии въ исторიи Руси” და მიხვდებიან, რომ საქმე იქნებ პირიქითაა, როცა ისინი ჩამოყალიბების სტადიაზე იყვნენ, ბევრ რამეს სესხულობდნენ ქართული კულტურიდან; როცა იდგნენ ქრისტიანობისა და და წარმართობის გასაყარზე, ქართული კულტურა აღმოჩნდა ის ერთ-ერთი უმთავრესი ბალავარი, რომლის გაცნობის შედეგად აღმოცენდა რუსული კულტურა; რომ მათი, ვითარცა ნაციის, როგორც კულტურული, ქრისტიანული ერის ჩამოყალიბების პროცესში უდიდესი წვლილი მიუძღვის ქართველებს…
 
მივუბრუნდეთ თემას. კირიონ კათალიკოსი კარგად ასაბუთებს, რომ დინარა დედოფლის თამარ მეფედ მიჩნევა შეცდომაა. დინარა არის ჰერეთის დედოფალი, ტაო-კლარჯეთის ხელმწიფის ადარნასე ბაგრატიონის ასული. იქვე წერს, რომ ჰერეთს, რუსები კარგად იცნობდნენ და ეს მათ ფოლკლორშიც არის წარმოდგენილი.

ჩვენს მკითხველს ვულოცავთ თორმეტი მოციქულისა და დინარა დედოფლის ხსენების დღეს და ვთავაზობთ ნაწყვეტს კირიონ II წიგნიდან, სადაც განიხილავს დინარა დედოფლის ვინაობას და დამსახურებას.
 
რუსულიდან თარგმნა ზურაბ თორიამ, ვინაიდან ქართული ვარიანტი დაკარგულია.

კირიონ II დინარა დედოფლის შესახებ (წიგნიდან “ივერიის კულტურული როლი რუსეთის ისტორიაში”).

თხზულება: “საკვირველი და მეტად მარგი ამბავი ქალწულზე, ივერიის მეფის ქალიშვილ დედოფალ დინარაზე, რომელმაც სპარსთა მეფე ადრამელეხი დაამარცხა”. ეს ნაწარმოები ძველ რუსეთში საყვარელ სულიერ-შემეცნებით თხზულებებს განეკუთვნებოდა; იგი ძველ რუსულ ქრონოგრაფებში ხშირად გვხვდება. რუსული გადმოცემის მიხედვით თხზულების შინაარსი ასეთია:

დედოფალი დინარა, “ივერიის ხელისუფალის” ალექსანდრე მელეხის ქალიშვილი, თხუთმეტი წლის ასაკში ტახტის მემკვიდრე გახდა და ხალხს ბრძნულად უძღვებოდა. სპარსეთის შაჰმა ალექსანდრეს სიკვდილი რომ შეიტყო, მისი ქალიშვილისაგან მორჩილება მოითხოვა. დინარამ ძღვენი გაუგზავნა მას, მაგრამ მშობლიური სამეფოს დამოუკიდებლობაზე უარის თქმას არ აპირებდა. გახელებული მბრძანებელი მისკენ საომრად გამოემართა. ნორჩი დედოფლის ყველა დიდებული შიშმა შეიპყრო. “ამდენ მეომარსა და სპარსთა ასეთ უძლეველ ლაშქარს როგორ გავუმკლავდებით!” – წუხდნენ ისინი. მამაცმა დინარამ მათ გამბედაობა ჩაუნერგა; “ბარბაროსთა წინააღმდეგ ვისწრაფოთ, – ამბობდა იგი, – რამეთუ მე დიაცი უკვე მივეშურები, დავძლევ დიაცურ უძლურებას, ვაჟკაცური სიმტკიცით შევიმოსები, წელზე საჭურველს შემოვირტყამ, თავზე ჩაჩქანს დავიდგამ, ხელში შუბს მოვიმარჯვებ, და გაშმაგებით ჩავებმები ბრძოლაში, რამეთუ არა მნებავს ჩემთა მტერთაგან ჩვენმა ღვთისმშობლის წილხვდომილმა ქვეყანამ და ჩვენთვის მისგან ბოძებულმა სამეფოებმა ტყვევნა განიცადონ; ციური დედოფალი მოგვანიჭებს სიმამაცესა და შემწეობას ჩვენი სამკვიდროსათვის”. მას შემდეგ, რაც შარბენის მონასტერში ღვთისმშობლისადმი ლოცვა აღავლინა, სადაც “ქვეითად, ფეხშიშველი, წვეტიანი ქვებით დაფარული უხეში გზით მივიდა”, მტრების წინააღმდეგ გაემართა, შუბშემართული გაქანდა სპარსთა ლაშქრისკენ და განგმირა ერთი სპარსელი. მტრებს მისმა ხმამ თავზარი დასცა და უკუიქცნენ. დინარამ სპარსეთის მეფეს თავი მოჰკვეთა და შუბზე წამოცმული თავრიზში ჩაიტანა; მას ქალაქები დანებდნენ და ძვირფასი ნადავლით დატვირთული სამშობლოში დაბრუნდა. ნადავლი “ლალის თასი”, ძვირფასი ქვები და მძივები, ოქრო და სპარსთაგან წამოღებული მთელი სამეფო მონაგარი”, ყოველივე ღვთის სახლებს დაურიგა. ამის შემდეგ მეფობდა 38 წელს, ბოლოს ხელისუფლება თავის ნათესავებს დაუტოვა. “ივერიის განუყოფელი სამეფო კი ჰგიებს დღევანდლამდე. იგი ებრაელთა მეფის დავითისაგან, მეფის შტოსაგან მომდინარეობს”.*

ეს თხზულება აკადემიკოსმა მ. ბროსემ ისტორიული განმარტებებითურთ გამოსცა და ფიქრობს, დინარა, რა თქმა უნდა, იგივე დიდი თამარიაო, თუმცა, “ქართლის ცხოვრებიდან” იცის, რომ დინარა ჰერეთის დედოფალი იყო და სახელოვან თამარამდე სამი საუკუნით ადრე ცხოვრობდა. დინარა “ქართლის ცხოვრებაში” ორჯერაა მოხსენიებული (გვ. 197, 210. ავტოპრისვე შენიშვნა). ცნობილია, რომ იგი ღვიძლი და იყო გურგენ ერისთავთერისთავისა და  მართლმადიდებლობაზე მოაქცია თავისი ვაჟიშვილი იშხანიკი და წარმართული ჰერეთი. უფრო დაწვრილებითი ცნობები დინარაზე “ქართლის ცხოვრებაში” არაა, რადგან ჰერეთის სამეფოს თავისი მატიანე ჰქონდა, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით მიკვლეული არაა.

მ. ბროსეს აზრი შესაძლოა გარკვეულ წილად დასაჯერებელი ყოფილიყო, რომ დინარას სახელი საქართველოს ისტორიაში საერთოდ არ გვხვდებოდეს, მაგრამ იგი ისტორიული პიროვნებაა და ჩვენი თანამემამულე მემატიანეებისა და სომეხი მწერლებისათვის კარგადაა ცნობილი. რუსები თამარს ისე კარგად იცნობდნენ, დინარაში არ აერეოდათ. თამარი რუს მთავარ გიორგიზე, ანდრეი ბოგოლიუბსკის ძეზე იყო დაქორწინებული და თავის ბრწყინვალე გამარჯვებათა წყალობით რუსებისთვის ცნობილი გახლდათ. ასევე უსაფუძვლოდ და ყოვლად დაუსაბუთებლად მიგვაჩნია ნ. გ. უსტრიალოვის მოსაზრება, თითქოს თქმულება დედოფალ დინარაზე დიდი სიძველით არ გამოირჩევა და იგი ზღაპარია, რომელსაც ყვებოდნენ ქართველები რუსეთში მეფე მიხეილ თევდორეს ძისა და მისი მემკვიდრის კარზე. უსტრიალოვის მოსაზრებებთან დაკავშირებით საჭიროა აღინიშნოს, რომ პირველ რიგში ეს ამბავი რუსულ ქრონოგრაფებში გვხვდება, რომელთა უძველესი ნუსხები XVI საუკუნეს სცდება, მეორეც, ზღაპარი ისტორიულ ქრონიკებში ვერ მოხვდებოდა. ამ თქმულების მწიგნობრული
ნასესხობა ივერიიდან რომაა, მისი გადმოცემის ლიტერატურული სტილიც მიუთითებს.

1639 წელს რუს დესპან ფ. ფ. ვოლკონსკის ალავერდელმა ეპისკოპოსმა ზებედემ აცნობა, რომ ალავერდის ტაძარი სპარსთა მეფის დამმარცხებელი ქართველი დედოფლის, დინარას შვილის მიერაა დაარსებული, რომ დამაარსებლის ნეშტი მონასტრის ტაძარში განისვენებს, რომ მემატიანეები დინარას სახელოვანი მეფობისა და სპარსეთის მეფეზე გამარჯვებათა შესახებ თხრობისას არაფერს ამბობენ, გათხოვილი თუ იყო, ან შვილები თუ ჰყავდა. აქ დედოფალ დინარას მაგიერ თამარ მეფე რომ იგულისხმებოდეს, წიგნიერი კაცი, მთავარეპისკოპოსი
ზებედე არ იტყოდა, რომ მატიანე მის ქორწინებაზე არ ლაპარაკობს, არც იმაზე, ჰყავდა თუ არა შვილები, ვინაიდან “ქართლის ცხოვრება” დაწვრილებით მოგვითხრობს თამარის ორჯერ, გიორგისა და დავითზე დაქორწინების შესახებ, ასევე მოგვითხრობს, რომ მას შვილები, გიორგი და რუსუდანი ჰყავდა და, როგორც თამარი, ისე მისი მემკვიდრე, გიორგი არა ალავერდის, არამედ გელათის მონასტერში არიან დაკრძალულნი.

კახეთის ნაწილი – ჰერეთი ქართული ტომითაა დასახლებული. ეს პროვინცია ერთ-ერთ რუსულ საბავშვო სიმღერაშიცაა ნახსენები:

“Дождикь, дождикь, перестань,
Я поэду в эрестань…”

“წვიმავ, წვიმავ, გადაიღე,
წავალ მე ჰერეთში…”

ეს სიმღერა, უეჭველია, ადრე ხალხური იყო და რუსეთ საქართველოს მჭიდრო კავშირზე მიუთითებს, ე. ი. რელიგიური მომლოცველობა, რომელიც როგორც ამ სიმღერის შინაარსიდან ჩანს, გრძელდებოდა ქრისტიანულ პერიოდშიც, საქართველოდან რუსების წინაპართა გადასახლების შემდგომაც.**

 

———————

* – კირიონ კათალიკოსი შენიშვნებში წერს: “რუსმა მწიგნობარმა ეს თხზულება რომ ისესხა, მასში, როგორც ეს რუსულ წერილობით ძეგლებში ხშირად გვხვდება, საკუთარი სახელები დაამახინჯა. ქართული მატიანის მოწმიგით დინარა ხელისუფალის, ადარნასე მესხის ქალიშვილია, ხოლო მან ადარნასე მესხი ალექსანდრე მელეხად გადააკეთა.

** – მთარგმნელის, ზურაბ თორიას, შენიშვნა: “აქ ავტორს, ეტყობა, მხედველობაში ის რუსი მომლოცველები ჰყავს, რომლებიც ჰერეთისაკენ, როგორც წმიდა ადგილისაკენ მიემართებოდნენ და აქვე გარკვეული ვადით სახლდებოდნენ.”

 http://www.presa.ge/new/?m=art&AID=6999

                            

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 70 other followers