Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• 07.08.08

 

 7 აგვისტო 2008

 

 

სეპარატისტები საავადმყოფოებიდან და სკოლებიდან ისვრიან, რათა პასუხის შემთხვევაში, ქართველებს ბარბაროსობაში დასდონ ბრალი

 

[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]

12:49 07.08.2008

ცხინვალში დაგეგმილი მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლება პასუხისმგებლობას ოს სეპარატისტრებთან ერთად, რუსეთსაც აკისრებს.

რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თემურ იაკობაშვილის განცხადებით, ”თუ რუსეთი საკუთარ მარიონეტებს მოლაპარაკებებზე ვერ დაითანხმებს, მისი, როგორც გამრიგებლის სტატუსი ეჭვქვეშ დადგება”.

ცხინვალში დაგეგმილ ვიზიტთან და კონფლიქტის ზონაში წუხელ ღამით განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით იაკობაშვილმა სპეციალური განცხადება გააკეთა.

– ”საქმე გვაქვს მიზანმიმართულ პროვოკაციასთან, რომელიც დაგეგმილი მოლაპარაკებების ჩაშლას ისახავს მიზნად. ამ მიზნის მისაღწევად სეპარატისტული ხელისუფლება არანაირ ნგრევასა და მსხვერპლს არ ერიდება” – განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე სახელმწიფო მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, ”სეპარატისტები დაგეგმილი მოლაპარაკებების ჩაშლას მძიმე სამხედრო არტილერიის გამოყენებით შეეცადნენ”.

– ”მათ შეუტიეს როგორც ქართულ პოზიციებს, ასევე ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას. სროლები ხორციელდებოდა როგორც რუსული პუნქტების მიმდიბარე ტერიტორიებიდან, ასევე სამოქალაქო ობიეტებიდან – სკოლებისა და საავადმყოფოების შენობებიდან, რათა საპასუხო სროლის შემთხვევაში ეს შეფასდეს, როგორც ქართული მხარის მიერ ჩადენილი ბარბაროსობა” – განაცხადა იაკობაშვილმა, რომლის შეფასებით, ”კონტროლიდან გადის როგორც სიტუაცია, ასევე თავად კოკოითიც”.

ამასთან, სახელმწიფო მინისტრის თქმით, იგი უკვე ესაუბრა რუსეთის საგანგებო დავალებათა ელჩს იური პოპოვს, რომელიც ”მოლაპარაკებებისათვის მზადყოფნას გამოთქვამს”.

იაკობაშვილი დღეს ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მაინც ჩადის, სადაც ქართული სოფლების მოსახლეობას შეხვდება და იმედს გამოთქვამს, რომ შეხვედრა ცხინვალშიც გაიმართება.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3268

 

 

კოკოითმა ომი შესაძლოა წუთი-წუთზე ოფიციალურად გამოგვიცხადოს

 

16:41 07.08.2008

[დავით კირვალიძე]

ოსური მხარის მტკიცებით, ქართული მხარე ცხინვალს ბომბავს. ცხინვალის ხელისუფლების თავდაცვის სამინისტროს მტკიცებით, ერგნეთიდან და ავნევიდან ცეცხლი ცხინვალის დასახლებული რაიონების მიმართულებით გაიხსნა. მისივე ინფორმაციით, ისვრიან ყუმბარმტყორცნებიდან, ნაღმმტყორცნებიდან და ცეცხლსასროლი იარაღიდან. გარდაცვლილებისა და დაჭრილების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაციას სეპარატისტები არ ავრცელებენ.

საქართველოს საწინააღმდეგო პროპაგანდაში ოსი სასულიერო პირებიც ჩაერთვნენ. ალანიის ეპისკოპოსმა გიორგიმ დღეს ოს ხალხს ”ქართული აგრესიის წინაშე გაერთიანებისკენ” მოუწოდა.

– ”ჩვენ დღეს კიდევ ერთხელ გამოვცადეთ საქართველოს ”ზრუნვა”, რომელიც ჩვენს ხალხს მუდმივად ამცირებს და შეურაცხყოფს. ასეთი ზრუნვა ქართული მხრიდან უკვე 18 წელია, გრძელდება”, – განაცხადა ეპისკოპოსმა, რომლის ციტირებას ცხინვალის ინფორმაციისა და ბეჭდვითი სიტყვის დე ფაქტო სახელმწიფო კომიტეტი ახდენს.

ამასთანავე კრემლმა ქართული მასმედიის მიერ ცხინვალის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის ციტირების აკრძალვის ბრძანება გასცა. რაც იმას ნიშნავს, რომ მოვლენები ცალსახად შუქდება.

– ”რუსეთი საქართველოსთან უკვე დაუფარავ საინფორმაციო ომს აწარმოებს. რუსული მედია ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს მხოლოდ ცალმხრივად აშუქებს”, – იუწყება ”Грузия Online” და განმარტავს, რომ მასმედიის საშუალებათა მუშაობის ასეთი ფორმატი მხოლოდ იმ შემთხვევაში მოქმედებს, როდესაც ქვეყანა მეორე სახელმწიფოს ებრძვის.

ოფიციალური თბილისი კატეგორიულად უარყოფს ცხინვალის დაბომბვას და მოსკოვს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, ”ცხინვალის რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად გამოიყენოს თავისი ზეგავლენა სეპარატისტებზე და აღკვეთოს მშვიდობიანი დასახლებული პუნქტების სისტემატური დაბომბვა”.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დაბეჯითებით მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, ”ნაცვლად სეპარატისტების წაქეზებისა სამხედრო მოქმედებების დასაწყებად, უზრუნველყოს მათი ჩართვა ცენტრალურ ხელისუფლებასთან მოლაპარაკების და არსებული განსხვავებების ცივილური ფორმებით მოგვარების პროცესში”.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უკანასკნელ დღეებში განვითარებულ მოვლენებზე მთელი პასუხისმგებლობა მხოლოდ რუსეთის ფედერაციას ეკისრება.

– ”მხოლოდ რუსეთის ფედერაციის სამხედრო, ადამიანური და ტექნიკური რესურსის დახმარებით ახერხებენ სეპარატისტები ძალაუფლების შენარჩუნებას. რუსეთის მიერ ყველა ხელშეკრულების დარღვევით აღმოჩენილი სამხედრო დახმარება სეპარატისტთა კრიმინალური რეჟიმის მიმართ სხვას არაფერს წარმოადგენს, თუ არა საქართველოს წინააღმდეგ ჩადენილ აგრესიის მორიგ აქტს. რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან როკის გვირაბის გავლით შემოსულ დაქირავებულ მებრძოლებს, სამხედრო ტექნიკასა და შეიარაღებას მიაქვს იერიში მშვიდობიან სოფლებზე ცხინვალის რეგიონში; სწორედ რუსეთის მივლინებული ძალოვანებით არის დაკომპლექტებული სეპარატისტთა კრიმინალური რეჟიმი და მათი არაკონსტრუქციული პოზიციის დამსახურებაა, რომ უკანასკნელ დღეებში ზარალდება მშვიდობიანი მოსახლეობა, ხოლო ვითარება რეგიონში დღითიდღე უარესდება”, -აცხადებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყება.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციას როკის გვირაბზე ერთობლივი მონიტორინგის დაწესებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდებს.

”ცხინვალის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებმა რუსეთის ფედერაცია კიდევ ერთხელ უნდა დაარწმუნოს, რომ არსებობს სიტუაციის განმუხტვის ერთადერთი გზა: როკის გვირაბზე სასწრაფოდ უნდა დაწესდეს ერთობლივი მონიტორინგი, ცხინვალის რეგიონში ეუთოს სამხედრო მონიტორების რიცხვი უნდა გაიზარდოს, მოლაპარაკების ფორმატის მყისიერი ცვლილება და კონფლიქტის მხარეებს შორის პირდაპირი დიალოგის დაწყება უნდა განხორციელდეს”, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცოტა ხნის წინ გავრცელებულ განცხადებაში.

ტყეშელაშვილის უწყება ასევე უპირობოდ მოითხოვს საკუთარ სახლებში რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის დაბრუნებას. ”უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენების შედეგად ნათლად ჩანს, რომ მხოლოდ რუსეთის ფედერაციის პოზიციაზეა დამოკიდებული, თუ რა განვითარება მოჰყვება პროცესებს ცხინვალის რეგიონში. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რუსეთის ფედერაციას სიბრძნე ეყოფა და მოლაპარაკებებს არ ჩაშლის”, – აცხადებენ სამინისტროში.

ევროკავშირის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლის ჯონ კლენსის განცხადებით, ევროკომისია ცხინვალის კოფლიქტის ზონაში შექმნილი ვითარებით უკიდურესად არის შეშფოთებული.

– ”კონფლიქტის ზონაში სიტუაციის განვითარებით ძალიან ვართ შეშფოთებულები, რადგან შეიარაღებული ინციდენტების რაოდენობა ყოველწუთს იზრდება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომელიც დაძაბულობას გაზრდის”, – განაცხადა კლენსიმ.

მისივე თქმით, მხარეები ვალდებულები არიან, გაეროს უშიშროების საბჭოს ფარგლებში მიღებული შესაბამისი რეზოლუციები და ხელშეკრულებები დაიცვან.

კოკოითი რეზოლუციების და ხელშეკრულებების დაცვისთვის ვერ იცლის, რადგან სარწყავი არხებს, რომლითაც საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას წყალი მიეწოდება, გადაკეტვას უპირებს.

– ”თუ საქართველო უახლოეს მომავალში ცხინვალში წყლის მიწოდების საკითხს არ დაარეგულირებს, სამხრეთ ოსეთი ქართველებს სასმელი წყლის მიწოდებასაც შეუწყვეტს”, – განაცხადა დე ფაქტო პრეზიდენტმა ედუარდ კოკოითმა. ამასთან, სარწყავი არხების გადაკეტვის გადაწყეტილებას კოკოითი საქართველოს ქმედებებს უკავშირებს.

კოკოითი ამ განცხადებას იმ ქვემეხების გრუხუნის ფონზე აკეთებს, რომლებიც სოფელ ავნევს და ქართულ საგუშაგოებს ბომბავს.

ადგლობრივი მოსახლეობის ინფორმაციით, დღეს მთელი დღის განმავლობაში სეპარატისტების ბანდფორმირებების მხრიდან რეგიონში სროლა თითქმის არ შეწყვეტილა.

ამასთან ოსმა სეპარატისტებმა სოფელ ავნევში ქართული სამშვიდობო ძალების კუთვნილი ბრონირებული ავტომანქანა ააფეთქეს. როგორც შსს-ს პრეს-სამსახურის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განაცხადა, სამშვიდობოების ავტომაქანის აფეთქების შედეგად ერთი სამხედროა დაჭრილი, რომელიც ამ დროისთვის გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი.

დღესვე სოფელ ავნევის მიმდებარე ტერიტორიაზე სეპარატისტებმა მობილური კომპანია ”მაგთის” ანძა ააფეთქეს. ხიზანიშვილის ინფორმაციით, ანძის აფეთქების დროს ქართული მხრიდან ერთი ადამიანია დაჭრილი, რომელიც გორის სამხედრო ჰოსპიტალშია გადაყვანილი. შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ცხინვალის კონფლიქტის ზონაში ოსი სეპარატისტების ბანდფორმირებების მხრიდან ქართული სოფლების დაბომბვა გრძელდება.

რამდენიმე წუთის წინ კი ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების ძალოვანმა უწყებებმა ქართული მხარის მიერ ცხინვალზე შეტევის დაწყებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გაავრცელეს, თუმცა აღნიშნულს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კატეგორიულად უარყოფენ.

არსებული წყაროს ინფორმაციით, რომელის ვინაობის გამხელისაგან თავს იკავებს, კოკოითი ომს ოფიციალურად წუთი წუთზე გამოაცხადებს.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3274

 

  

ჩოჩიევი ტელეფონს არ პასუხობს

 

[”ინტერპრესნიუსი”]

19:16 07.08.2008

ქართული მხარე ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში გარკვეული დროით ცალმხრივად ცეცხლს წყვეტს, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

იგი ცხინვალიდან თბილისში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა. როგორც სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, დე-ფაქტო ხელისუფლების ვიცე-პრემიერი ბორის ჩოჩიევი ტელეფონს არ პასუხობს, სეპარატისტების ლიდერი ედუარდ კოკოითი კი ცხინვალში საერთოდ არ იმყოფება.

– ”სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია და კულახმეტოვთან მოლაპარაკების შემდეგ ჩვენმა მხარემ მიიღო გადაწყვეტილება, არ უპასუხოს ცეცხლს გარკვეული დროის განმავლობაში”, – განაცხადა იაკობაშვილმა.

მისი თქმით, ქართული მხარის მხრიდან ეს არის კიდევ ერთი მცდელობა სეპარატისტების დასარწმუნებლად იმაში, რომ სამხედრო კონფრონტაციის უაზრობაში დარწმუნდნენ, რადგან ამას შეიძლება ძალიან დიდი მსხვერპლი მოჰყვეს. ამიტომ ქართული მხარე კონფრონტაციის თავიდან ასაცილებლად ყველაფერს აკეთებს.

– ”ჩვენ მზად ვართ შევხვდეთ ჩოჩიევს თუ სხვას. დავიწყოთ სიტუაციის განმუხტვა, რათა შემდეგი ჩვენი შეხვედრა არ იყოს მას შემდეგ რაც იქნება უზარმაზარი ნგრევა, მსხვერპლი და ტრაგედია”, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

მისი თქმით, ქართულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება იმიტომ კი არ მიიღო, რომ ვინმესი ეშინია, არამედ იმიტომ, რომ მას მშვიდობა სურს.

– ”იმედია ამ გზავნილს ისინი ადეკვატურად აღიქვამენ და შეწყვეტენ ჩვენი პოზიციებისა და ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვას”, – აცხადებს იაკობაშვილი.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3276

 

 

მიხეილ სააკაშვილის ბრძანებით ქართული მხარე საპასუხო ცეცხლს წყვეტს

 

[”ინტერპრესნიუსი” ]

19:33 07.08.2008

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, როგორც ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა, რამდენიმე საათის წინ ბრძანება გასცა, რომ საქართველოს კონტროლის ქვეშ მყოფმა არც ერთმა პოლიციურმა თუ სხვა ქვედანაყოფმა საპასუხო ცეცხლი არ გახსნას ძალიან ინტენსიური დაბომბვის შესაჩერებლად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეეთერით გაკეთებულ სპეციალურ მიმართავში განაცხადა.

– ”მე ეს სრულიად შეგნებულად გავაკეთე” , – აღნიშნა პრეზიდენტმა. მისი თქმით, ქართულ მხარეს ჰყავს დაღუპულები, არიან დაჭრილები და მრავალი სახლია დაზიანებული და დანგრეული.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში პროვოკაციებმა მასშტაბური და მშვიდობისთვის საშიში ხასიათი მიიღო, ცხინვალში და ცხინვალის გარეთ რთული ვითარება შეიქმნა. პრეზიდენტის თქმით, ამ წუთებშიც კონფლიქტის ზონაში ინტენსიური ცეცხლია გახსნილი არტილერიიდან, უკანონოდ შეყვანილი ტანკებიდან, უკანონოდ მყოფი თვითმავალი საარტილერიო დანადგარებიდან და ყველა სახის სხვა იარაღიდან.

პრეზიდენტის განცხადებით, ქართული მხარე მუდმივ კონტაქტში იყო რუსეთის ადგილობრივი სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობასთან. მათ კი რამდენიმე საათის წინ განაცხადეს, რომ მთლიანად დაკარგული აქვთ კონტროლი სეპარატისტების მოქმედებებზე.

– ”ჩვენ გვაქვს მუდმივი კონტაქტი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობასთან. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრაქტიკულად, როგორც ამბობენ ცდილობს, მაგრამ ვერ ახერხებს კონფლიქტის ზონაში სეპარატისტების მიერ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას”, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3278

 

 

უცხოეთში ქართული საელჩოები საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ

 

[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]

საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს რესპუბლიკის საელჩოები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.

როგორც ”პირველს” საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ინფორმირებულმა წყარომ აცნობა, ცხინვალის კონფლიქტის ზონაში შექმნილი მდგომარეობის გამო საელჩოები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ.

შეგახსენებთ, რომ ცხინვალის კონფლიქტის ზონაში ინტენსიური სროლები მთელი დღის განმავლობაში გრძელდება ორმხრივი სროლების დროს დაჭრილები და დაღუპულებიც არიან.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3280

19:48 07.08.2008

 

არაოფიციალური ინფორმაციით ქართული მხრიდან 27 დაღუპულია

 

[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]

არაოფიციალური ინფორმაციით, ცხინვალის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ქართული მხრიდან 27 ადამიანია დაღუპული, მათ შორის – მშვიდობიანი მოსახლეობაც.

ამ დროისთვის არც ერთი ოფიციალური სტრუქტურა დანაკარგების შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წუთის წინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მსხვერპლისა და დიდი რაოდენობით დაჭრილების არსებობის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალი დაჭრილებს ვეღარ იტევს. ამის შესახებ კონფლიქტის ზონიდან ინფორმირებულმა წყარო იტყობინება. მისივე თქმით, ცხინვალის რეგიონში ორმხრივი სროლების დროს დაჭრილების გორის ჰოსპიტალში გადაყვანა ამ წუთებშიც გრძელდება.

ჯერჯერობით დაჭრილების რიცხვის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ ვრცელდება. ასევე უცნობია, არიან თუ არა შეტაკებების შედეგად დაღუპულები. წყაროს თქმით, ამ წუთებში კონფლიქტის ზონის სოფლების ინტენსიური დაბომბვა გრძელდება. ავნევისა და ქართული საგუშაგო პოსტების გარდა იბომბება სოფელი ნიქოზიც.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3279

19:40 07.08.2008

 

 

 

რამაზ საყვარელიძე: კოკოითი ”გმირი” ჩვენ გავხადეთ

 

[კობა ბენდელიანი ”ინტერპრესნიუსი”]

ცხინვალის რეგიონში განვითარებულ მოვლენებსა და ვითარების ესკალაციაში რუსეთის როლზე ”ინტერპრესნიუსი” პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

ბატონო რამაზ, თქვენი აზრით, რით შეიძლება აიხსნას ოსური მხარის მიერ ქართულ-ოსურ პირდაპირ დიალოგზე უარის თქმა და მოლაპარაკებების ჩაშალა?

– როცა დანაშაული ხდება, დამნაშავეს იმის მიხედვით ეძებენ, თუ ვინ იყო მომხდარში დაინტერესებული. თუკი ვითარებას ”მომხდარი ვის აწყობს” თვალით შევხედავთ, ბევრი რამ ცხადზე უცხადესი იქნება. საქართველოსთვის ვითარების გამწვავება დამღუპველია, ვინაიდან საქართველო გამოთქვამს ევროპულ ოჯახთან დაახლოებისა და ნატოს სტრუქტურებში შესვლის სურვილს. კონფლიქტის პირობებში ამგვარი პერსპექტივა დღის წესრიგიდან იხსნება.

რუსეთს საქართველოს ნატოში გაწევრიანების გარდა, არ აწყობს ევროპის მიერ კავკასიის რეგიონით ენერგომატარებლების მიღება – მოსკოვს კავკასიის ამგვარი პერსპექტივა ეკონომიკურადაც არ აწყობს. ასე რომ, რუსეთს ცხინვალის რეგიონში მრავალი ინტერესის გამო სურს ვითარების გამწვავება.

მოსკოვმა კარგად იცის, რომ კონფლიქტის გაჩაღების შემთხვევაში კავკასიის რეგიონის ნატოში ინტეგრაციის პროცესი როგორც მინიმუმ შეჩერდება. პასუხი კითხვაზე – თუ ვის აწყობს ვითარების გამწვავება, გაცემულია.

ამდენად, ქართული მხარის ამოცანაა, როგორმე გაუძლოს პროვოკაციას. ისე ცხადია, რომ რუსეთი და მისი სატელიტები, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი ყველაფერს აკეთებენ საიმისოდ, რომ სიტუაცია გამოუვალი გახადონ.

შეგვიძლია დარწმუნებით ვთქვათ, რომ კოკოითის მიერ მოლაპარაკებებზე უარის თქმა, რუსული სცენარის ნაწილია?

– რა თქმა უნდა, კოკოითის მოქმედება მოსკოვის სცენარის გარკვეული ნაწილია, მაგრამ საქმე ისაა, რომ არც კოკოითის ინტერესში არ არის კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარება.

კოკოითი გმირი ჩვენ პირველად მაშინ გავხადეთ, როდესაც ჩვენივე ხელით ერგნეთის ბაზრობა მოვშალეთ და ხელი შევუწყეთ მისი პოპულარობის ზრდას. მანამდე იგი ცხინვალში ასეთი პოპულარული არ იყო. რამდენადაც გამწვავდება სიტუაცია, კოკოითისა და მისი გარემოცვისთვის ისეთი მღვრიე წყალი იქნება, სადაც მათ მეტი თევზები შეიძლება დაიჭირონ.

საქართველოს კონფლიქტის ზონებში ვითარების გამწვავების ფონზე დასავლეთი ცდილობს რუსეთი ცივილიზებული გზით გაიყვანოს თამაშიდან, მაგრამ ეს ჯერჯერობით ვერ ხერხდება და რუსეთი აგრძელებს რეგიონში დაპირისპირების ესკალაციას. . .

– ცნობილი რუსული პრინციპია «Сила есть, ума не надо». ეჭვი მეპარება იმაში, უპოვის თუ არა დასავლეთის პოლიტიკური კლასი გასაღებს რუსულ პოლიტიკას. ათწლეულების განმავლობაში ასეთი გასაღები მან ვერ იპოვა.

რუსულ პოლიტიკაზე გავლენა მეტ-ნაკლებად მოახდინა ეკონომიკურმა ფაქტორებმა. ვეჭვობ, რომ რუსეთის მიმართ დიპლომატიური მანევრები შედეგიანი აღმოჩნდეს. ჩემი აზრით, რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური ბერკეტებია ასამოქმედებელი, ვინაიდან რუსეთს, სამწუხაროდ, მხოლოდ ძალის სჯერა და არა ცრემლების. დასავლეთისგან რუსეთის მიმართ კარდინალურ ნაბიჯებს მეტი გაბედულება სჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივ ევროპას აქვს ხოლმე.

შექმნილ სიტუაციაში შეიძლება თუ არა ველოდოთ ვითარების კიდევ უფრო გამწვავებას და ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებას?

– შეუძლებელი არაფერია. გააჩნია, რა ამოცანას ისახავს რუსეთი. თუ რუსეთმა კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია მოისურვა, ის ისე გახსნის ცეცხლს, არც ჩვენ დაგვინდობს და არც ოსებს.

ბევრი რამ არის დამოკიდებული მოსკოვში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე, კერძოდ, მედვედევ-პუტინის დაპირისპირებაზე. მედვედევმა უკანასკნელ პერიოდში მეტ-ნაკლებად ისეთი გაბედული ნაბიჯები გადადგა, რომ გამორიცხული არ არის საპასუხო ნაბიჯები კონფლიქტის გამწვავებით გამოიხატოს იმ წრეების მხრიდან, ვინც უფრო პუტინის კონტროლის ქვეშაა, ვიდრე მედვედევის. რუსეთში შიდაპოლიტიკურ ბრძოლაში დაუნდობლები არიან და თუკი მოსკოვში ვინმეს სისხლისღვრა უნდა, რუსეთი ამ სისხლისღვრაზე წავა. ამიტომ, ძალიან ძნელია იმის გარანტირებულად თქმა, შესაძლებელია თუ არა ამ პროცესის შეჩერება.

ამ პროცესს დასავლეთის ქმედითი ნაბიჯები შეაჩერებდა, მაგრამ ის დელიკატური სტილი, რომლითაც დასავლეთი მუშაობს, მეეჭვება, რომ აღმოჩნდეს რუსეთზე არსებითი გავლენის მქონე.

რუსეთი ზუსტად ისე იქცევა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, როგორც 15-16 წლის წინ. მაშინ საქართველოში მიმდინარე პროცესებს დასავლეთი, რბილად რომ ვთქვათ, თვალს ცალი თვალით ადევნებდა. ახლა აშკარად სხვა ვითარებაა, მაგრამ დასავლეთმა კარგად იცის, რეალურად რა ხდება აფხაზეთშიც და სამხრეთ ოსეთშიც. ამ ვითარებაში შეიძლება თუ არა ველოდოთ რუსეთის მიმართ დასავლეთის უფრო მკვეთრ რეაქციას?

– უდავოა, რომ ახლა დასავლეთი უფრო ყურადღებით ეპყრობა საქართველოს პრობლემებს. მან გააცნობიერა საქართველოს მნიშვნელობა მისი ენერგომომარაგების საქმეში და, შესაბამისად, დაინტერესდა დემოკრატიითაც. ეს ის დასავლეთია, რომლის თითოეულ წევრს შეეხო, როცა მწვანე გზა მისცეს ჰიტლერს. პრაქტიკულად, ინგლისის გარდა არც ერთი არ იბრძოდა ბოლომდე, ყველა ცდილობდა თვითონ გადარჩენილიყო.

დასავლეთისაგან კარდინალური ნაბიჯები იდგმევა უფრო აბსტრაქტული მიზნისათვის, რასაც ”კავკასიის ევროპულ სახლში შესვლა” და ამისაგან ევროპის მიერ მისაღები პოლიტიკური თუ ეკონომიკური დივიდენდები ჰქვია, ამიტომ დასავლეთის მიერ თავის მოქაჩლების იმედი არ მაქვს. მას მაშინაც არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია, როცა გერმანია უშუალოდ უკვე მის საზღვრებთან მოქმედებდა.

როდესაც რუსეთში ფაშიზმი გაიმარჯვებს – თუკი ასეთი რამ, სამწუხაროდ, მაინც მოხდა და როდესაც ეს ფაშისტური და მოყავისფრო რუსეთი ევროპის კარებს მიუკაკუნებს, ევროპამ მაშინ შეიძლება დაიწყოს რუსეთის მიმართ ენერგიულ ნაბიჯებზე ფიქრი, მაგრამ მერე ძალიან გვიან იქნება…

თუ რუსეთის ფაშიზმიზაცია მოხდა, ეს უფრო სახიფათო მოვლენა იქნება მთელი მსოფლიოსთვის, ვიდრე ფაშისტური გერმანია. ამ პერსპექტივას დასავლელი ექსპერტები ხედავენ, მაგრამ რამდენად ხედავენ ამ პერსპექტივას პოლიტიკოსები და რამდენად აქვთ მისი გაუვნებელყოფის რეცეპტები, ეს სხვა საკითხია.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3277

19:25 07.08.2008

 

 

”ლეიბორისტებმა” პრესკონფერენცია არჩევნებს და ქვეყნის მთლიანობას მიუძღვნეს

 

[”ინტერპრესნიუსი”]

”ლეიბორისტული პარტია” აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებში მონაწილეობას არ მიღებს.

ეს განცხადება ”ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ…

ვაკისა და დიდუბის შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით, ნათელაშვილს კომენტარი არ გაუკეთებია. ”ლეიბორისტები”, მისი თქმით, მოგვიანებით სენსაციურ განცხადებას გააკეთებენ.

ამასთანავე ”მთავარმა ლეიბორისტმა” განაცხადა, რომ სააკაშვილი ვერ შეძლებს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, რადგან არ შეუძლია ხალხთან თუ ოპოზიციასთან საერთო ენის გამონახვა.

– ”მე ვფიქრობ, რომ ამ ხელისუფლებას არ შეუძლია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და მინდა, ღრმად ვცდებოდე ამაში. ამ ხელისუფლებას შეუძლია მხოლოდ ქვეყნის დახლეჩვა, ერთმანეთთან დაპირისპირება. პრეზიდენტს არ შეუძლია საკუთარ ოპოზიციასთან საუბარი თუ არა პროკურორების, ციხის და ”პალაჩების” საშუალებით. როგორ შიძლება მათ დაიბრუნონ საქართველოს ტეროტორია და დაელაპარაკონ ვინმეს”, – აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

”ლეიბორისტების” ლიდერს ეჭვი ეპარება, რომ საქართველომ ბრძოლა მოუგოს ბირთვულ სახელმწიფოს.

– ”რაც შეეხება სააკაშვილის ხელისუფლების სამხედრო სიძლიერეს. მინდა ეჭვი შევოტანო იმაში, რომ ამ არმიამ მოუგოს ბრძოლა რომელიმე ბირთვულ სახელმწიფოს. ჩემი სურვილი და თხოვნა იქნება ამ პრეზიდენტისადმი, ნუ იზამს იმას, რომ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე-იურე აღიარებას მიაღწიოს გაუთვლელი და უპასუხისმგებლო საქციელით”, – აღნიშნა ნათელაშვილმა.

მისივე თქმით, ვიდრე საქართველოს ერთი პრეზიდენტის ნაცვლად, სამი პრეზიდენტი ეყოლება, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პორობლემა ყოველთვის იარსებებს.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3272

15:38 07.08.2008

 

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s