Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• 08.08.08

 

8 აგვისტო 2008

 

 

პაატა დავითაია: ვითარება აფხაზეთშიც დაიძაბება

[თემურ დოლიძე]

სახელმწიფო უწყებები მუშაობის ფორსმაჟორულ რეჟიმზე გადადიან. ჯერჯერობით ქვეყანაში საგანგებო სიტუაცია არ არის, თუმცა ძალოვანები და საელჩოები მაქსიმალური დატვირთვით მოქმედებენ.

ხელისუფლებისგან საპირისპიროდ, პასიურობს ოპოზიცია. მთელი დღის განმავლობაში ოპოზიციონერთაგან თითქმის არაფერი თქმულა.

საზღვარგარეთის ქვეყნებში საქართველოს რესპუბლიკის საელჩოები მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადავიდნენ. ამის მიზეზი ცხინვალის კონფლიქტის ზონაში შექმნილი მდგომარეობაა.

სახელმწიფო უწყებები თანდათან საგანგებო და ფორსმაჟორულ სიტუაციაში მუშაობისათვის ემზადებიან. უკვე დიდი ხანია გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობენ ძალოვანი უწყებების თანამშრომლებიც.

ერთ-ერთი პირველი ვინც რესურსების მაქსიმალური მობილიზება გამოაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაცია იყო. ცხინვალის კონფლიქტის ზონაში შექმნილი მდგომარობის გამო, სამეგრელო-ზემო სვანეთის უწყებაც საგანგებო რეჟიმზე გადავიდა.

მართალია, გოროზიას უწყებას საგანგებო რეჟიმი ოფიციალურად ჯერ არ გამოუცხადებია, თუმცა ხელმძღვანელობის თხოვნით ადმინისტრაციის თამანშრომლები კვლავ სამსახურში რჩებიან.

აღსანიშნავია, რომ ცხინვალში საომარი მოქმედების დაწყების შემთხვევაში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში “მეორე ფრონტის” გახსნით იმუქრება. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციის საგანგებო რეჟიმიც.

შიდა ქართლის რეგიონში კი ყველა სახის ავტოტრანსპორტის შესვლა აიკრძალა და ქართლის მთავარი ავტომაგისტრალი ამ დროისთვის გადაკეტილია.

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, თბილისიდან შესასვლელი გზები უკვე რამდენიმე საათია, ჩაიკეტა და ყველანაირი სახის ტრანსპოტის შესვლა რეგიონში აკრძალულია.

ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენების შეფასებისაგან ჯერჯერობით თავს იკავებს ოპოზიცია. საპარლამენტო თუ პარლამენტსგარეთ დარჩენილი ოპოზიციონერთაგან მხოლოდ იშვიათი კომენტარი თუ ისმის.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავჯდომარის მოადგილე პაატა დავითაია დარწმუნებულია, რომ თუ ქვეყნის ხელისუფლება ცხინვალის სეპარატისტული ხელისუფლების მხრიდან გუშინ განხორციელებულ პროვოკაციებს არ გაანეიტრალებს, უახლოეს დღეებში ვითარება აფხაზეთშიც დაიძაბება.

როგორც დავითაიამ აცხადებს, მიმდინარე მოვლენების შესახებ პარლამენტის მიერ ყველა საერთაშორისო საზოგადოება საქმის კურსშია ჩაყენებული და ქართული მხარის უმთავრესი მოთხოვნა უნდა იყოს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ აიძულოს სეპარატისტები ქართველებთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ.

წინააღმდეგ შემთხვევაში, პაატა დავითაია მხოლოდ ერთ გამოსავალს ხედავს, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ქართულმა მხარემ პროვოკაციას დარტყმით უპასუხოს და ცხინვალი აიღოს.

დავითაია დარწმუნებულია, რომ სეპარატისტი ოსები მოლაპარაკებაზე არ დათანხმდებიან და “რუსეთთან ერთად უფრო მეტად ღია აგრესიაზე წამოვლენ”.

პარლამენტის ვიცე-სპიკერი უმცირესობის წარმომადგენელი ლევან ვეფხვაძე კი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში შექმნილ მდგომარეობას საქართველოს საგარეო პოლიტიკურ ინტერესებს უკავშირებს და აცხადებს, რომ რეგიონში ვითარების დაძაბვა საქართველოსთვის MAP-ის მინიჭების საქმეში ხელისშეშლის მიზანს ემსახურება.

როგორც ვეფხვაძემ განაცხადა, ახლოვდება ნატოს გენერალური მდივნის – სხეფერის და ნატოს 26 სახელმწიფოს ელჩის საქართველოში სექტემრისათვის დაგეგილი ვიზიტი.

დღის წესრიგშია დეკემბერის თვეც, როცა ქართული მხარე MAP-ის მიღებას ელოდება, ამიტომაც რუსეთი სიტუაციის გამწვავებას ცდილობს.

– “ასე მოხდა 1998-99 წლებში, როცა საქართველომ ნატოსთან დაახლოებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმა სცადა. მაშინ სიტუაცია გართულდა აფხაზეთში”, – აღნიშნა ვეფხვაძემ.

მისივე აზრით, სოჭის ოლიმპიადის ჩაშლის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით რუსეთი შეეცდება, დაძაბულობა მთელი დატვირთვით ცხინვალისკენ გადმოიტანოს.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3281

03:38 08.08.2008

 

 

ავიაბომბები გორშიც ჩამოყარეს

გორის მიმართულებით რამდენიმე წუთის წინ ავიაგამანადგურებლებიდან დაბომბვა განხოციელდა. როგორც თვითმხილველებმი აცხადებენ, გორის თავზე 5 წუთის განმავლობაში ავიაგამანადგურებლები დაფრინავდნენ, რომლებმაც ორი ბომბი გორის რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთებში ჩამოაგდეს.

წყაროს ცნობით, დაბომბვის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა მოსახლეობაში პანიკაა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ავიაგამანადგურებლებმა ორი ბომბი ქარელშიც ჩამოაგდეს.

ქარელში ჩამოგდებულ ბომბებს, ერთი ვერსიით პილოტის შეცდომას აბრალებდნენ, რომელსაც ქარელი და ერედვი ერთმანეთში აერია. ამ ვერსიის უსაფუძვლობას გორის დაბომბვამ ნათელი მოფინა.

არის ვერსია, რომ ერთი თვითმფრინავი განადგურებულია

http://presa.ge/index.php?text=news&i=3285

11:17 08.08.2008

 

რუსულმა ავიაციამ ქართული საცეცხლე წერტილების დაბომბვა დაიწყო

[”ინტერპრესნიუსი”]

რუსულმა ავიაციამ ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში ქართული საცეცხლე წერტილების დაბომბვა დაიწყო.

ამის შესახებ კონფლიქტის ზონიდან ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება.

მისივე ინფორმაციით, ისმის ძლიერი აფეთქებების ხმა. ცხინვალის შემოგარენი მთლიანად კვმალშია გახვეული.

ამ წუთებში ცხინვალის გარშემო მდებარე სოფლები, რომლებსაც უკვე ქართული მხარე აკონტროლებს, რუსეთის ავიაციის მიერ ინტენისურად იბომბება.

ამასთან, განსაკუთრებულად იბომბება სოფელი ქსუისი, სადაც ქართველი ჟურნალისტებიც იმყოფებიან.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3287

11:28 08.08.2008

 

ქსუისსა და ხელჩუას შორის არსებული ტერიტორია თითქმის ოცი წუთის განმავლობაში რუსული ავიაციის მიერ იბომბებოდა

[”ინტერპრესნიუსი”]

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, სოფელ ქსუისსა და ხელჩუას შორის არსებული ტერიტორია თითქმის ოცი წუთის განმავლობაში რუსული ავიაციის მიერ იბომბებოდა.

დაბომბვები, არსებული ინფორმაციით, რუსული სუ-25 ტიპის თვითმფრინავებით განხორციელდა.

დაბომბვაში მოყვნენ ”ინტერპრესნიუსისა” და ”რუსთავი 2”-ის ფოტოკორესპონდენტი და ჟურნალისტები.

ამასთან, სროლების შედეგად არიან დაჭრილები, მსხვერპლი არ არის. აფეთქდა ქართული მხარის კუთვნილი ავტომანქანა, რომელშიც ტყვია-წამალი იყო.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3292

13:43 08.08.2008

 

ქართველებმა ცხინვალის უბანი – შანხაი დაიკავეს

[ლევან სეფისკვერაძე]

დღეს 11 სათზე რუსულმა ავიაციამ სამაჩაბლოს მხრიდან საზღვარი გადმოკვეთა და ქართველების მიერ დაკავებული სოფლების დაბომბვა დაწყო. დაიბომბა ოსური სოფლები: ხეთაგუროვო, ძარწემი და ფრისი. ქართული სოფლები: ნული, ვარიანი, ავლევი, ნიქოზი და თამარაშენი. კონფლიქტის ზონაში ქართულმა ჯარებმა საზენიტო დანადგარებით ცეცხლი გაუხსნეს რუს აგრესორებს, მაგრამ მათი განადგურება ვერ მოხდა. დაახლოებით 11.10 საათზე რუსულმა თვითმფრინავებმა უშუალოდ კონფლიქტის ზონიდან ქალაქების, გორისა და ქარელის მიმართულებით გადაინაცვლეს.

გორში დაიბომბა რამდენიმე შენობა. განსაკუთრებული აგრესია განხორციელდა გორის გარეუბან წმინდაწყალზე, სადაც დაახლოებით 3 რუსული ბომბი ჩავარდა და სერიოზულად დააზიანა რამდენიმე შენობა. ბომბი ჩამოვარდა ქარელის ცენტრშიც. ბომბი ქარელის პოლიციეს შენობას მოხვდა. საბედნიეროდ მსხვერპლი არ არის.

ერმილე ნავროზაშვილი, გორის მცხოვრები: “უცებ საშინელი ღმუილი გაისმა. ხალხი ქუჩაში გამოვვარდით, რომ გვენახა რა ხდებოდა. ჩვენსკენ მოფრინავდა რამდენიმე უზარმაზარი თვითმფრინავი. თავიდან გვეგონა, რომ ქართული ავიაცია იყო, მაგრამ როდესაც დაბლა დაეშვნან, მივხვდით რუსები რომ იყვნენ და თავშესაფრების ძებნა დავიწყეთ. აფეთქებებს იმხელა ხმა ჰქონდა, მეგონა დავყრუვდებოდი. საბედნიეროდ, მეც და ჩემი ოჯახიც გადავრჩით. დაზიანდა ჩემი სახლის მეზობლად არსებული მაღაზია”.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქართულმა ჯარმა გორის თავზე გადაფრენილი ერთი რუსული თვითმფრინავის ჩამოდგება შეძლო. ეს ინფორმაცია რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმაც დაადასტურა.

ამჟამად, გაცხარებული ბრძოლები მინდინარეობს ცხინვალის ქუჩებში. ქართველმა ჯარისკაცებმა დაიკავეს ცხინვალის უბანი – შანხაი. ამჟამად საქართველოს არმიის კონტროლის ქვეშაა ცხინვალის რეგიონის უმეტესი ნაწილი. მთავარი მიზანი კი როკის გვირაბის დაკავებაა.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3288

12:13 08.08.2008

 

მორიგი დეზინფორმაცია?! – ჩრდილო ოსეთის პრეზიდენტის კოლონა დაიბომბა

[”ინტერპრესნიუსი” ]

ქართული cy-25-ის მიერ განხორციელებულ დაბომბვაში მოყვა ავტოკოლონა, რომელშიც ჩრდილოეთ ოსეთის პრეზიდენტი თეიმურაზ მამსუროვი იმყოფებოდა. ამ ინფორმაციას ”ინგუშეტია რუ” სააგენტო ”ინტერფაქსზე” დაყრდნობით ავრცელებს.

აღნიშნული წყაროს ცნობით, კოლონა ჩრთილოეთ ოსეთიდან სამხრეთ ოსეთში მიემართებოდა. დაჭრილებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მშვიდობისმყოფელთა შერეული ძალების ხელმძღვანელის, მარატ კულახმეტოვის განცხადებით, საქართველოს საჰაერო ძალებმა სამხრეთ ოსეთი ტერიტორიაზე დარტყმა განახორციელეს.

”ინგუშეტია რუ”-ს ცნობით, ამ დროისთვის გამძაფრებული შეტაკებები მიმდინარეობს ცხინვალის მისადგომებთან, კერძოდ – სოფელ ზემო ნიქოზთან.

”იტარ-ტასის” ცნობით კი, ქართულმა მხარემ სამხედრო დანაყოფებს ცხინვალის სამხრეთით მოუყარა თავი და ქალაქის დაცხრილვა მიმდინარეობს.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3286

11:24 08.08.2008

 

ქართული შეიარაღებული ძალები რუს სამშვიდობოებს არ ესვრიან

[”ინტერპრესნიუსი”]

საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს რუსული საინფორმაციო წყაროების ინფორმაციას, თითქოს საქართველოს შეიარაღებული ძალები რუს სამშვიდობოებზე მიზანმიმართულ იერიშს ახორციელებენ.

ამის შესახებ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს შს მინისტრის მოადგილემ ეკატერინე ზღულაძემ განაცხადა.

– ”რა თქმა, არსებობენ ოსეთში, და, სავარუდოდ რუსეთშიც ძალები, რომელთაც სურთ ფართომასშტაბიანი ჩართვა საქართველოში მიმდინარეო მოვლენებში და ეს შეიძლება გამოიყენონ, როგორც საბაბი”, – აღნიშნა ზღულაძემ.

მისივე თქმით, ასეთი სრუვილი, შეიძლება, გამოყენებული იყოს საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევის გამართლებად.

– ”ეს არის ელემენტარული ტყუილი. რუსი სამშვიდობოები არ ჩართულან ცხინვალში განვითარებულ მოვლენებში საქართველოს თხოვნის შედეგად და, ბუნებრივია, მათი მანდატის გათვალისწინებით, ქართულ მხარეს არათუ იერიში არ მიუტანია მათზე, არამედ გამიზნულად და გაცნობიერებულად ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, დავიცვათ მათი უსაფრთხოება”, – აღნშინა ზღულაძემ.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3290

12:36 08.08.2008

 

რუსეთი არაოფიციალურად გვეომება – ბევრი რამ დღის ბოლოს გაირკვევა

[თემურ დოლიძე]

ქართული მხარის განცხადებით, რუსეთის ფედერაცია შეიარაღებულ კონფლიქტში როგორც მხარე, უკვე ჩაერთო.

ამის შესახებ ”პირველს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა.

– ”ჩვენ უკვე შეგვიძლია, ვთქვათ, რომ ცხინვალის კონფლიქტის ზონაში დაწყებულ საბრძოლო მოქმედებებში რუსეთის ფედერაცია, როგორც მხარე, უკვე ჩაერთო. მათმა ავიაგამანადგურებლებმა ქარელის და გორის მიმართულებით დაბომბვა განახორციელეს, რაც უკვე მხარის საბრძოლო მოქმედებებში ღიად ჩართვას ნიშნავს”, – განაცხადა უტიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ავიაგამანდგურებლებმა ქარელის და გორის მიმართულებით დაბომბვა განახორციელეს.

რუსეთის ფედერაციის ღია ომში ოფიციალურად ჩართვას არ გამორიცხავს სამხედრო ექსპერტი გიორგი მელითაურიც.

– ”მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, არ გამოვრიცხავ, რომ როკის გვირაბიდან ცხინვალის კონფლიქტის ზონაში რუსულმა მხარემ სახმელეთო ჯარებიც შეიყვანა”, – განაცხადა მელითაურმა და აქვე დასძინა, რომ რუსული ავიაციის მიერ გორისა და ქარელის დაბომბვა ქართული მხარისთვის გაფრთხილება იყო.

სამხედრო ექსპერტის შეფასებით, კრემლმა თბილისი ჯერ კიდევ 8 ივლისს გააფრთხილა, როდესაც სუ-24 ტიპის ბომბდამშენებმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვიეს.

– ”მოსკოვმა 8 ივლისს თავისი ძალის დემონსტრირება მოხდინა და გაგვაფრთხილა, რომ თუ ცხინვალის კონფლიქტის ზონაში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყებოდა, მაშინ ქართულ მხარეს ის თავის ძალას აჩვენებდა. დღევანდელი ფაქტი კი ამის კიდევ ერთი დადასტურებაა”, – განაცხადა მელითაურმა.

ცხინვალთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს პეკინში ვიზიტით მყოფი პუტინი ეხმაურება, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს ქმედებები სამხრეთ ოსეთის მიმართ ”საპასუხო ქმედებებს გამოიწვევს”.

პუტინმა მოუწოდა თანამეგობრობის ქვეყნებს, გამოიყენონ ძალისხმევა, რათა საქართველოს მხრიდან საბრძოლო მოქმედებები შეჩერდეს.

– ”იქ შეყვანილია მძიმე სამხედრო ტექნიკა, არტილერია, ტანკები, არიან დახოცილები და დაჭრილები, დაშავდნენ სამშვიდობოებიც”, – განაცხადა პუტინმა

მისივე თქმით, განვითარებული ძალიან სამწუხაროა და საპასუხო ქმედებებს გამოიწვევს.

რუსული ავიაციის მიერ განხორციელებულ დაბომბვასთან დაკავშირებით პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთის ფედერაციას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს საქართველოს მშვიდობიანი ქალაქების დაბომბვა.

– ”მინდა, განვაცხადო მთელი მსოფლიოს გასაგონად, რომ საქართველოს წინააღმდეგ ხორციელდება ფართომასშატაბიანი სამხედრო აგრესია. ბოლო წუთებისა და საათების განმავლობაში განხორციელდა საქართველოს ტერიტორიის დაბომბვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან. დაიბომბა დასახლებული პუნქტები, მშვიდობიანი ობიექტები და ეს სხვა არაფერია, თუ არა კლასიკური საერთაშორისო აგრესია”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა. საქართველოს ექს-პრეზიდენტს ედუარდ შევარდნაძეს შექმნილ სიტუაციაში საქართველოს ხელისუფლების გონიერების და შორსმჭვრეტელობის იმედი აქვს.

შევარდნაძე დარწმუნებულია, რომ ”დღეს, დღის ბოლოს შესაძლებელი გახდება იმის გარკვევა, რამდენად შეძლებს ქართული მხარე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”.

– ”რთული სიტუაციაა იმ მხრივ, რომ ჩვენ ვერ შევძელით როკის გვირაბის დაკავება და ოსურ მხარეს დავუტოვეთ შანსი, ცხინვალის კონფლიქტის ზონაში დამხმარე ძალები შევიდნენ, მათ შორის – ჩრდილოეთ ოსეთიდან და რუსეთის სხვა რეგიონებიდან” – განაცხადა ექს-პრეზიდენტმა. ცნობისათვის ეს გვირაბი კომუნისტების რეჟიმის დროს, მაშირ როდესაც საქართველოს სათავეში თავად ედუარდ შევარდნაძე ედგა ქართული საზოგადოების წინააღმდეგობის მიუხედავად მაინც გახსნეს.

შევარდნაძემ ასევე დასძინა, რომ ”ახლა ბევრი რამ იმაზეა დამოკიდებული, რამდენად ბრძოლისუნარიანი იქნება ქართული ჯარი და შეძლებს თუ არა ის დაკავებული პოზიციებისა და ცხინვალის შენარჩუნებას.

მისივე შეფასებით, ”ახლა დიპლომატიის ენაზე საუბარი შეუძლებელია და ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შორსმჭვრეტელი და გონიერი იქნება საქართველოს ხელისუფლება”.

– ”მე ვფიქრობ, რომ დღის ბოლოს ბევრი რამ გაირკვევა, ჯერჯერობით კი პროგნოზის გაკეთება ძალიან მიჭირს, თუმცა ძალიან მაშინებს ის ფაქტი, რომ შეიარაღებულ დაპირისპირებაში რუსეთი, როგორც მხარე უკვე ჩაერთო” – დასძინა მან

http://presa.ge/index.php?text=news&i=3291

13:22 08.08.2008

 

ყარყარაშვილი ომის სტრატეგიას დადებითად აფასებს

[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]

აფხაზეთს ომის დროს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ”თეთრი არწივის” მეთაურის გიორგი ყარყარაშვილის შეფასებით, ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში სტრატეგიულად სწორად მოქმედებს.

”შესაძლოა, ის, რომ ქართული მხარე არ უახლოვდება როკის გვირაბს, სწორედ სტრატეგიის ნაწილია. მე მიმაჩნია, რომ სტრატეგია სწორია და ყველა ქმედება არის თანმიმდევრული. აქედან გამომდინარე, ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ოპერაცია წარმატებით დასრულდება” – განუცხადა ”პირველს” თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა.

ყარყარაშვილი დარწმუნებულია, რომ ცხინვალის კონფლიქტის ზონაში მიმდინარე სისხლიანი დაპირისპირება საქართველოს გამარჯვებით დასრულდება.

– ”რა თქმა უნდა, ზედმეტი სისხლისღვრა არავისთვის მისაღები და მოსაწონი არ არის, მაგრამ სამშობლო ერთია და ხანდახან აუცილებელია მსხვერპლი, რომელიც სამშობლოს გამარჯვებას მოუტანს” – აღნიშნა ყარყარაშვილმა.

იგი ასევე დარწმუნებულია, რომ ”საქართველოს აქვს დიდი შანსი, ამ ბრძოლაში ღირსეულად გაიმარჯვოს, რადგან ეს არის ბრძოლა საკუთარი ტერიტორიების დასაბრუნებლად”.

გიორგი ყარყარაშვილს იმედი აქვს, რომ დღეს საღამოს ქართველი მებრძოლები ჯავის მიდამოებს მთლიანად აიღებენ, დანარჩენი კი, მისი აზრით, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწორად არის გათვლილი ომის დასრულების სტრატეგია.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3293

14:21 08.08.2008

 

რუსეთის საპასუხო ქმედების ზღვარზე

[რუსული მედიის დაიჯესტი, ნიკა ასლანიძე]

ცხინვალის ცენტრში ისვრიან. რუსეთის მედია საშუალებები ამ კადრებს პირდაპრ ეთერში ანახებენ. ამით იქმნება საბაბი, რომ გამართლება მოუპოვონ რუსეთის ჩარევას საქართველო-სამხრეთ ოსეთის კონფლიქტში.

– ”ნებისმიერ მოქმედებაზე იქნება საპასუხო მოქმედება”, – აცხადებს ვლადიმერ პუტინი ოლიმპიური პეკინიდან.

რიგორც მოსკოვის”პირველი არხის” კორესპონდენტი აცხადებს, ცხინვალის ცენტრი პრაქტიკულად საქართველოს საჯარისო ქვედანაყოფების კონტროლის ქვეშ მოექცა.

რუსული მედია ასევე იუწყება, რომ მიმდინარეობს შეტაკება მშვიდობისყოფელების სამხედრო ბაზასთან. მოგვიანებით, საქართველომ უარყო ინფორმაცია მშვიდობისყოფელებზე იერიშის შესახებ, რაზეც შსს-ს წარმომადგენელმა, ეკა ზღულაძემ განაცხადა.

– ”ჩვენ ვაფასებთ რუსი მშვიდობისმყოფელების მანდატს და ვცდილობთ დავიცვათ მათი კონტინგენტი კონფლიქტის ზონაში”.

ცხინვალში მყოფმა რუსეთის მოქალაქეებმა პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევს დახმარების თხოვნით მიმართეს:

– ”ალბათ სულ რამოდენიმე წუთი დაგვრჩა სრულ განადგურებამდე. დაგვეხმარეთ, თუ მოასწრებთ. მოქალაქეები იღუპებიან. თქვენ ერთადერთი იმედი ხართ ჩვენი გადარჩენისა”.

ამავდროულად, სააგენტო ”ინტერფაქსიც” ადასტურებს ცხონვალში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლის შესახებ, თუმცა დაღუპულთა რიცხვს ვერ ასახელებს.

სააგენტოს ინფორმაციით, ბრძოლების შედეგად დაინგრა ცხინვალის ცენტრალური საავდმოყოფო, სადაც დაჭრილები გადაჰყავდათ.

სამხრეთ ოსეთის საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცხინვალი ამ დროს მასიურ საარტილერიო ცეცხლშია გახვეული. ცხინვალში ამ მომენტისათვის ჯერ კიდევ იმყოფება მშვიდობიანი მოსახლეობის დიდი ნაწილი, რომელიც ცდილობს თავი შედარებით უსაფრთხო ადგილს შეაფაროს, მაგრამ ბევრ მათგანს არა აქვს საშუალება დააღწიოს თავი ინტენსიურ ცეცხლს, ვინაიდან მათი სახლები დანგრეულია.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია ის, რომ მიუხედავად ქალაქში მიმდინარე ბრძოლებისა საქართველოს არმიამ ჯერ კიდევ ვერ მოახერხა ცხინვალის მთლიანად აღება.

– ”სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა კვლავ სთხოვს რუსეთს დახმარებას. საკუთარ სახლებში იღუპებიან უდანაშაულო მოქალაქეები. ხოლო დაღუპულთა რიცხვის დადგენა სეუძლებელია”, – იუწყება ”რია ნოვოსტი” დე ფაქტო ხელისუფლების საინფორმაციო სამსახურებზე დაყრდნობით.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3294

14:27 08.08.2008

 

მორატორიუმამდე და მის შემდეგ

[”ინტერპრესნიუსი”]

ქართულმა ძალებმა კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი ჩამოაგდეს. ამის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა.

შემთხვევა ტყვიავთან მოხდა. დღეს დილიდიდან ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე ოთხი რუსული თვითმფრინავი იყო შემოსული. მათ გორი და ქარელის რაიონი დაბომბეს.

რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციით კი, ქართულმა ძალებმა ერთი მათგანი ჩამოაგდეს.

სააგენტო ”რეგნუმის” ინფორმაციით კი ცხივალში, ე.წ. ცარზის რაიონის ტერიტორიაზე წინააღმდეგობის გაწევას ოსი სამხედროების მხოლოდ ერთადერთი საგუშაგო ახერხებს. დანარჩენები აღებულია.

როგორც სააგენტო წერს, ქალაქში ტანკები მოძრაობენ. მოსახლეობას სარდაფებიდან გარეთ გამოსვლის ეშინია და წარმოდგენა არ აქვთ, რა ხდება ქალაქში. ისინი სარდაფებიდან SMS-ებს აგზავნიან და კითხულობენ, რა ხდება.

რუსული სააგენტოების ცნობით, დანგრეულია რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობა.

მშვიდობიან მოქალაქეებსა და სამშვიდობოებს შორის არსებობს მსხვერპლი. დაჭრილები ცხინვალიდან ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ”ნიჟნი ზარამაგის” გამშვებ პუნქტთან, როკის გვირაბთან, სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებულია.

რუსული სააგენტოები არაფერს წერენ იმის შესახებ, რომ ქართულმა მხარემ სროლაზე მორატორიუმი გამოაცხადა.

საქართველოს ხელისუფლება 15.00-დან 18.00 საათამდე სროლაზე მორატორიუმს აცხადებს და მათ, ვინც მეორე მხარეს იარაღს დადებს, უსაფრთხო გადაადგილების გარანატიას აძლევს.

როგორც თბილისის მერმა გიგი უგულავამ გორში განცხადა, საქართველოს ხელისუფლება უკვე ცხინვალის 70 პროცენტს აკონტროლებს.

– ”ჩვენი მთავარი ამოცანა ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფაა; პირველ რიგში, ქალების, ბავშვებისა და მოხუცების, ასევე, მათი, ვინც ჩართულია საბრძოლო მოქმდებების იქითა მხარეს”, – აღნიშნა უულავამ.

მისივე თქმით, ერგნეთში გაკეთდება სპეციალური კორიდორი, რომლის საშუალებითაც ნებისმიერ ადამიანს, ვინც ამ დროისთვის ცხინვალში იმყოფება, შესაძლებლობა ექნება, გამოვიდეს.

”ჩვენ მათ აქეთ, გორში ან სხვა სოფლებში დავაბინავებთ”, – განმარტა უგულავამ.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3296

15:05 08.08.2008

 

”წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი” კონფლიქტის ზინაში კორიდორის გაკეთებას და შესვლას ითხოვს

[”ინტერპრესნიუსი”]

”წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი” კონფლიქტის ზინაში კორიდორის გაკეთებს და შესვლას ითხოვს.

ეს ინფორმაცია ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-მა გაზეთ ”ვაშიგტონ პოსტზე” დაყრდნობით გაავრცელა.

როგორც ჟენევაში, ”წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” ცენტრალურ ოფისში აცხადებენ, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონფლიქტის მონაწილე ორივე მხარესთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა გაკეთდეს კორიდორი და ”წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” წარმომადგენლებმა ჰუმანიტარული მისიით კონფლიქტის ზონაში შესვლა შესძლონ.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3297

15:11 08.08.2008

 

რუსულმა ავიაციამ ონის რაიონის სოფელი წედისი დაბომბა

[”ინტერპრესნიუსი”]

ამ წუთებში ”ინტერპრესნიუსისთვის” ცნობილი გახდა, რომ რუსული ავიაციიდან დაიბომბა რაჭის რეგიონი, კერძოდ ონის რაიონის სოფელ წედისი, სადაც ქართველი სამართალდამცავები იმყოფებოდნენ. არსებული ინფორმაციით, ქართულ მხარეს არის მსხვერპლი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ რაჭასთან ახლოს, ერთ-ერთ ოსურ სოფლეში ოსი და რუსი შეიარაღებული პირები არიან გამაგრებული.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3298

15:15 08.08.2008

 

ვაზიანის სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად მსხვერპლი არ არის

[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]

”პირველის” ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ რუსული ავიაციის მიერ ვაზიანის სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად მსხვერპლი არ არის.

როგორც ”პირველს” რუსთავიდან აცნობეს, ამ წუთებში ბაზა კვამლშია გახვეული, რომლის ორი კერა შორიდანაც ადვილად შეიმჩნევა.

გამანადგურებლებმა ბაზას რამდენი წუთის წინ გადაუფრინეს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

”ამ ეტაპზე ამ ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს” – განუცხადა ”პირველს” შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსმა შოთა უტიაშვილმა.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3300

15:48 08.08.2008

 

ქართული მხარის დანაკარგები სავარაუდოდ ”არც ისე დიდია”

[მომზადებულია საინფორმაციო სააგენტოების მიხედვით]

ცხინვალის რეგიონში მიმდინარე შეტაკებების დროს დაჭრილებისა და დაღუპულების შესახებ ინფორმაცია გვიან ღამისთვის შეჯერდება.

ამის შესახებ ”პირველს” საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა.

”ჯერჯერობით დაჭრილების და დაღუპულების რაოდენობის შესახებ სრული ინფორმაცია არ გვაქვს, თუმცა დღეს, გვიან ღამით უკვე გვეცოდინება, თუ რამდენი ადამინია დაღუპული”, – განაცხადა უტიაშვილმა და აქვე დასძინა, რომ ”ქართული მხრიდან დანაკარგი არც ისე დიდია”.

გორის სისხლის გადასხმის ინსტიტუტში გორის მოსახლეობა სისხლის ჩასაბარებლად მიდის.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” სადგურის დირექტორმა კობა ჭიყლაძემ განუცხადა, მოსახლეობის გუშინ საღამოდან არ წყდება.

მისივე თქმითმ გუშინ საღამოს გაცემულია დაახლოებით 35 ლიტრი სისხლი, უკვე დამზადებია 50-60 ლიტრი.

– ”სისხლი უკვე ჩააბარა 80-მდე დონორმა. ჩაბარება გრძელდება. გუშინ საღამოს საქართველოს პრეზიდენტის მიმართვის შემდეგ ჩვენ გავავრცელეთ მოწოდება, რომ მოსულიყო მოსახლეობა და სისხლი ჩაებარებინა. ძალიან ბევრი მსრუველი მოვიდა”, – განაცხადა სისხლის გადასხმის სადგურის დირექტორმა.

მისივე თქმით, თავიდან სისხლის ყველა ჯგუფზე ერთნაირად იყო მოთხოვნა, ამ დროისთვის კი განსაკუთრებით გაიზარდა მოთხოვნილება II ჯგუფის დადებითი და უარყოფითი ჯგუფის სისხლეზე.

თბილისის ერთ-ერთი საავადმყოფოს მორიგე ექიმმა გვაცნობა, რომ კონფლიქტის მიმდებარედ მდებარე ყველა საავადმყოფო, მათ შორის სამშობიაროებიც სამხედრო ჰოსპიტალის რეჟიმში აგრძელებენ მუშაობას.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3299

15:38 08.08.2008

 

ვაზიანის სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად მსხვერპლი არ არის

[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]

”პირველის” ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ რუსული ავიაციის მიერ ვაზიანის სამხედრო ბაზის დაბომბვის შედეგად მსხვერპლი არ არის.

როგორც ”პირველს” რუსთავიდან აცნობეს, ამ წუთებში ბაზა კვამლშია გახვეული, რომლის ორი კერა შორიდანაც ადვილად შეიმჩნევა.

გამანადგურებლებმა ბაზას რამდენი წუთის წინ გადაუფრინეს. სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერჯერობით არც უარყოფენ და არც ადასტურებენ.

”ამ ეტაპზე ამ ინფორმაციის გადამოწმება მიმდინარეობს” – განუცხადა ”პირველს” შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური სამსახურის უფროსმა შოთა უტიაშვილმა.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3300

15:48 08.08.2008

 

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს დასჯით ემუქრება

[”ინტერპრესნიუსი”]

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი საქართველოს დასჯას ჰპირდება.

დიმიტრი მედვედევის განცხადებით, სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მკვლელობაში დამნაშავეები ”სათანადოდ დაისჯებიან”. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან.

მისივე განცხადებით, ქართულმა ჯარებმა განახორციელეს აგრესიის აქტი სამშვიდობოებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ, რითაც უხეშად დაარღვიეს საერთაშორისო ნორმები.

მევედევის განცხადება რუსეთის პირველი არხის ეთერში გადაიცა. მანვე განაცხადა, რომ ქართველი სამშვიდობოები, რომლებიც კონფლიქტის ზონაში იმყოფებიან, რუს სამშვიდობოებს ესროდნენ.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3301

15:53 08.08.2008

 

ცხინვალის რეგიონში 150 რუსული ტანკი და მძიმე სამხედრო ტექნიკაა შეყვანილი

[”ინტერპრესნიუსი”]

მიხეილ სააკაშვილი ადასტურებს, რომ ცხინვალის რეგიონში 150 რუსული ტანკი და მძიმე სამხედრო ტექნიკა შევიდა,- ამის შესახებ ინფორმაციას რადიოსადგული ”ეხო მოსკვი” ავრცელებს.

რადიოსადგურის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა მათთან საუბრისას დაადასტურა, რომ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მართლაც შეყვანიალია 150 ერთეული ტანკი და სხვა სამხედრო ტექნიკა.

”ეხო მოსკვი” აცხადებს, რომ ქართულმა მხარემ რუსეთის ფედერაციის კუთვნილი ორი თვითმფრინავი ჩამოაგდო.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3302

16:18 08.08.2008

  

კახა ლომაია: თუ საჭირო გახდება, ჯავასაც დავიკავებთ

[ნინო ლოლაძე]

ქართულმა სამთავრობო ძალებმა ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები შეწყვიტეს. საქართველოს ხელისუფლების მიერ გამოცხადებული მორატორიუმი საღამოს 6 საათამდე გაგრძელდება. სწორედ ამ დროს იწურება ოსი სეპარატისტებისთვის მიცემული ვადა. ოსურმა ბანდფორმირებებმა იარაღი უნდა დაყარონ და სამხედრო დაპირისპირება შეწყვიტონ. საქართველოს ხელისუფლება ყველას სრული ხელშეუხებლობის გარანტიას აძლევს. 

პარალელურად, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცხინვალის მიმართულებით რუსული სამხედრო ტექნიკისა და ტანკების კოლონა მიემართება. ამის შესახებ რუსული საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან. რუსულმა ტელეკომპანიებმა გაავრცელეს ვიდეომასალა, რომელზეც სამხედრო ტექნიკის გადადგილებაა ასახული.

ღია აგრესია ისმის რუსეთის პირველი და მეორე პირების მხრიდან. პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი არ დაუშვებს სამხრეთ ოსეთში საკუთარი უდანაშაულო მოქალაქეების სიკვდილს. მისი თქმით, მკვლელობაში დამნაშავეები “სათანადოდ დაისჯებიან”.

რუსეთის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ პუტინი კი საქართველოს საპასუხო ქმედებებით დაემუქრა. პუტინმა მოუწოდა თანამეგობრობის ქვეყნებს, გამოიყენონ ძალისხმევა, რათა საქართველოს მხრიდან საბრძოლო მოქმედებები შეჩერდეს.

კონფლიქტის ზონაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით “პრესა.გე” საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანს, კახა ლომაიას ესაუბრა.

საქართველოს ხელისუფლებამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, რამდენად არის მოლოდინი იმისა, რომ ამ წინადადებას ოსი სეპარატისტები მიიღებენ და ბრძოლები შეწყდება.

– ვნახოთ, არ იქნება. ჩვენი მხრიდან პირობა შესრულებულია და ცეცხლი შეწყვეტილია. ჩვენ შევთავაზეთ ოსურ მხარეს, რომ უარი თქვას სამხედრო დაპირისპირებაზე და იარაღი დადოს. იმედია, რომ გონს მოეგებიან და სამხედრო ოპერაციის გაგრძელება აღარ გახდება საჭიროა. ალბათ, მათი მხრიდან სწორედ იქნება გაგებული ჩვენი შეთავაზება და ცეცხლი შეწყდება.

თუ აქვს საქართველოს ხელისუფლებას ზუსტი ინფორმაცია, სად იმყოფება ამ დროისათვის ედუარდ კოკოითი?

– როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ამ დროისათვის ედუარდ კოკოითი ჯავის რაიონშია.

ცნობილია, რომ, გეოგრაფიულად ერთ-ერთი ყველაზე რთული რაიონი სწორედ ჯავაა და თუ სეპარატისტები აქ გამაგრდებიან, მათი განეიტრალება-განიარაღება საკმაოდ ძნელი იქნება. რა სტრატეგია აქვს ამ მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებას?

– ჩვენი სტრატეგია ნამდვილად არ არის საომარი მოქმედებებისა და საბრძოლო კამპანიის წარმოება. ჩვენი მიზანია მშვიდობის დამყარება და რეგიონში სტაბილურობის აღდგენა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა იყოს დაცული და იქ კონსტიტუციური წესრიგი დამყარდეს. საქართველოს ხელისუფლებამ სწორედ ამიტომ გამოაცხადა მორატორიუმი და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა ოსურ მხარესაც. ჩვენ გვსურს, რომ დროულად აღდგეს მშვიდობა, სამხედრო მოქმედებები ჩვენი თვითმიზანი არ არის.

თუ ოსური ბანდფორმირებები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზებას არ მიიღებენ, მაშინ რას უნდა ველოდოთ?

– თუკი ოსური მხარე კვლავ გააქტიურებს საბრძოლო მოქმედებებს და შეიარაღებულ წინააღმდეგობას გაწევს, მაშინ ჩვენ მოგვიწევს, რომ მათ ადეკვატური პასუხი გავცეთ.

ანუ, უკვე ჯავის დაკავებისთვის დაიწყება სამხედრო მოქმედება?

– ცხადია, თუკი ამის საჭიროება იქნება. თუმცა, მოდით, მაინც დაველოდოთ 6 საათს და იმას, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს ოსური მხარე. მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ.

როგორც ცნობილია, საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტას ითხოვს საერთაშორისო საზოგადოება. რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება იმისთვის, რომ დასავლეთს სწორი წარმოდგენა შეექმნას იმაზე, რაც კონფლიქტის ზონაში ხდება?

– დღეს ჩვენი მთავარი მიზანი არის რუსული აგრესიის დაგმობა. პირველ რიგში, საჭიროა, საერთაშორისო საზოგადოებას უნდა კარგად გავაგებინოთ, რომ დღეს რუსეთის ქმედებები მიმართულია საქართველოს წინააღმდეგ. გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმა წევრებმა ადეკვატური რეაგირება მისცეს ამ ფაქტს. ახლა ჩვენი მიზანია, ყველა საერთაშორისო ორანიზაციამდე სწორედ მივიტანოთ ის, რაც დღეს კონფლიქტის რეგიონში ხდება.

მაგრამ მათი მხრიდან ისმის კრიტიკა…

– ცხადია, საერთაშორისო საზოგადოება ითხოვს ძალადობის შეჩერებას ორივე მხარის მიერ. ჩვენ ამ მოწოდებას ვითვალისწინებთ. ამის დასტურია ის, რომ ცეცხლი უკვე შევწყვიტეთ. ახლა ყველაფერი ოსურ მხარეზეა დამოკიდებული. მათი ქმედებები აჩვენებს, როგორც განვითარდება მოვლენები.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3303

16:18 08.08.2008

 

რუსეთი ომში ჩაერთო, ერაყიდან ქართველი სამხედროები გამოიწვიეს

[დავით კირვალიძე]

ქართულმა მხარემ რუსებს წაუყენა ულიტიმატუმი, რომ თუ ისინი 18 საათამდე საქართველოს ტერიტორიას არ დატოვებენ, საქართველო ადეკვატურ ზომებს მიმართავს. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველომ ერაყიდან 2000-ზე მეტი ქართველი სამხედრო მოსამსახურე გამოიწვია და მათ გადასროლას ცხინვალის რეგიონში აპირებს.

რუსეთი ომში მთელი ძალებით  ჩაერთო. უკვე საქართველოს პრეზიდენტიც ადასტურებს, რომ ცხინვალში 150 ერთეული რუსული ჯავშანტექნიკა შევიდა. მიხეილ სააკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ “სი-ენ-ენის” პირდაპირ ეთერში დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ცხინვალში 150 ერთეული რუსული ჯავშანტრანსპორტიორი იმყოფება.

სააკაშვილმა საერთაშორისო საზოგადოებას მხარდაჭერისა და დახმარებისკენ მოუწოდა და კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ კონფლიქტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე სწორედ რუსეთია.

გადაუმოწმებელი ინფორმაციით, რუსეთმა ცხინვალის კონფლიქტის ზონაში მე-19 დივიზია შეიყვანა.  როგორც ცნობილია, ეს სამხედრო ქვედანაყოფი განსაკუთრებულად არის მომზადებული. კონფლიქტის ზონიდან მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმება ჯერჯერობით ვერ ხერხდება.

რუსული საინფორმაციო სააგენტოები კი მუდმივად ავრცელებნ ინფორმაციას, რომ ცხინვალის მიმართულებით რუსული სამხედრო ტექნიკის გრძელი კოლონა მიემართება. რუსულმა ტელეკომპანიებმა უკვე გაავრცელეს ვიდეომასალა, რომელზეც სამხედრო ტექნიკის გადადგილებაა ასახული.

რუსული მედიის ინფორმაციით, ოსმა სეპარატისტებმა ამ მიზნით ძარის გზა “გაწმინდეს”. ამ ფონზე პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი აცხადებს, რომ ”რუსეთი სამხრეთ ოსეთში საკუთარი უდანაშაულო მოქალაქეების დაღუპვას არ დაუშვებს”.

ამასობაში, რამდენიმე წუთის წინ, რუსულმა ავიაციამ ვაზიანის სამხედრო ბაზა ხელმეორედ დაბომბა. წინასწარი ინფორმაციით, რუსული სამხედრო თვითმფრინავები სომხეთიდან შემოფრინდნენ. არსებობს დაბომბვის ამსახველი კადრები, რომლებიც მობილური ტელეფონით გადაიღეს. 

ჯერჯერობით, დაზარალებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

ვაზიანთან ერთად რუსების სამიზნე მარნეულის სამხედრო ბაზაც გახდა. რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა რამდენიმე ჭურვი მარნეულში, კერძოდ, სამხედრო აეროდრომზე ჩამოაგდო. მომხდართან დაკავშირებით, ჯერჯერობით, დეტალური ინფორმაცია არ ვრცელდება. 

http://presa.ge/index.php?text=news&i=3307

17:33 08.08.2008

 

 კოკოითი: აფხაზებმა და რუსებმა გვიღალატეს

[თემურ დოლიძე]

16.15 საათისთვის ცხინვალში განლაგებულმა ქართველმა ჯარისკაცებმა ადგილობრივი სეპერატისტული რეჟიმის ხელმძღვანელის ედუარდ კოკოითის ყოფილი რეზიდენციის თავზე საქართვველოს სახელმწიფო დროშა აღმართეს. ამ დროისათვის საჯარისო შენაერთები თითქმის მთლიანად აკონტროლებენ ქალაქს. ქალაქში ადგილობრივი სეპარატისტების წინააღმდეგობის მხოლოდ ერთი წერტილია დარჩენილი.

ქართული ჯარის მიერ ცხინვალის სრულად გაკონტროლებას რეინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილიც ადასტურებს.

“შემიძლია, სრული პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ ამ დროისთვის ცხინვალის აღება დასრულებულია და ქალაქს ქართველი სამხედროები აკონტროლებენ”, – განაცხადა იაკობაშვილმა.

მისივე თქმით, რუსული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ქართული მხარის მიერ ცხინვალში პოზიციების დათმობის შესახებ “მორიგი დეზინფორმაციაა”.

– “რუსეთი და ოსი სეპარატისტები ჩვენს წინაარმდეგ ისტერიულ საინფორმაციო ომს ეწევიან და სურთ, რომ მსგავსი აბსურდული განცხადებებით მდგომარეობა უფრო დაძაბონ”, “ აღნიშნა იაკობაშვილმა. რუსული საინფორმაციო სააგენტოების მტკიცებით, ქართული შენაერთები ცხინვალის ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ იხევენ.

იაკობაშვილის ინფორმაციით, ქართული მხარე ცხინვალში მოსახლეობის დასახმარებლად ჰუმანიტარულ აქციას დაიწყებს.

საერთაშორისო საზოგადოება კი საქართველოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მიხeილ სააკაშვილი ტელეფონით ესაუბრა ნატოს გენერალურ მდივანს იაპ დე ჰოოპ სხეფერს, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრს ფრანც-ვალტერ შტაინმაიერს, უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იუშჩენკოს, აშშ-ის სახელმწიფო მდივანს კონდოლიზა რაისს და ევროპის წამყვანი სახელმწიფოების ლიდერებს.

პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას სეპარატისტების ქმედებებისა და გრდაუვალი საპასუხო მოქმედების შესახებ აცნობა, რაზეც მათგან სრული მხარდაჭერა მიიღო.

ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე მეთიუ ბრაიზა ქართულ და ოსურ მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. “უკიდურესად საშიში ვითარებაა. მთელი დღის განმავლობაში გვქონდა კონტაქტები ჩვენს მეგობარებთან თბილისსა და მოსკოვში. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ძალადობა შეწყდეს”, – აღნიშნა ბრაიზამ.

მისივე შეფასებით, რუსული მხარე ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობაში სეპარატისტების დარწმუნებას ცდილობდა, თუმცა – უშედეგოდ და ოსურმა მხარემ ძალადობისა და პროვოკაციების გაგრძელების გზა აირჩია”.

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ლიდერის ედუარდ კოკოითის განცხადებით, “სამხრეთ ოსეთს აფხაზებმა და რუსებმა უღალატეს და გაჭირვების დროს ზურგი შეაქციეს”.

“პუტინმა ოლიმპიადის განრიგიც კი არ შეცვალა. მიუხედავად იმისა, რომ დახმარებას არ ვღებულობთ, ჩვენ მოვიგერიეთ ქართველების რამდენიმე ათეული ძლიერი შეტევა და არ მივეცით მტერს პოზიციების მომაგრების საშუალება”, – ნათქვამია კოკოიის მიერ გავრცელებულ მიმართვაში.

კოკოითი მოუწოდებს ოსურ მოსახლეობას, “გამოცხადდეს ფრონტზე და დაიცვას ე. წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი”.

კოკოითის განცხადებას, რომელიც სააგენტო ოსინფორმმა გაავრცელა, პრესა.გე სრულად გთავაზობთ:

”ძვირფასო დებო და ძმებო, მოგმართავთ თქვენი პრეზიდენტი – ედუარდ კოკოითი. ამ წუთში მე ვიმყოფები მთავრობის სახლის სანგარში. ჭურვების აფეთქების ხმა ისმის აქვე ახლოს. მეზობლად მყოფ შენობას სახურავი აღარ აქვ, მაგრამ მე არ მეშინია. მე კვლავ მწყობრში ვარ ჩემს ჯართან ერთად. ვხელმძღვანელობ, ვიბრძვი და ჩემს ჯარისკაცებს სულისკვეთებას ვმატებ.

მოგმართავთ ყველას, ვისაც ჯერ კიდევ შეგიძლიათ აქ მოსვლ:, აიღეთ იარაღი ხელში მოდით აქ და დაიცავით თქვენი საყვარელი პრეზიდენტი და მეგობარი. მიუხედავად ჩემი გამოუვალი მდგომარეობისა, მე ჯერ კიდევ ძლიერი და საშიში ვარ. ჩემი ძალა თქვენშია, ჩემო ძვირფასო თანამემამულენო.

ჩვენ უკვე უკუვაგდეთ მტრის 36 შემოტევა – ჩავაგდეთ საქართველოს ხელმძღვანელობის სწრაფი დარტყმის მზაკვრული გეგმა, გავანადგურეთ მტრის ჯავშანტექნიკის 700-მდე ერთეული. ჩამოვაგდეთ 154 თვითმფრინავი და სხვა უპილოტო საფრენი აპარატი. მტერმა რამოდენიმე ათეული ათასი ადამიანი დაკარგა. როდესაც საქმე დახმარებაზე მიდგა, აღარავინ აღარ დაგვეხმარა – აფხაზებმა გვიღალატეს, რითაც დაარღვიეს ხელსეკრულება თანამშრომლობის შესახებ.

რუსებმაც გვიღალატეს. პუტინმა თავისი ვიზიტი ოლიმპიადაზე არ შეწყვიტა და არ გამოაცხადა საგანგებო მდგომარეობა. მე კვლავ მოვუწოდებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, რათა გადამარჩინონ მე – რუსეთის მოქალაქე.

რასაც ლაპარაკობდნენ ჩემზე ცუდს – ყველაფერი ტყუილია. მე ვიყავი ყოველთვის პატიოსანი და გულისხმიერი. კარგი მეგობარი და კარგი პრეზიდენტი. თქვენ იცით, რომ ჩემს გარდერობში მხოლოდ ერთი გამოსასვლელი კოსტუმი და სამხედრო ფორმაა. მე ყოველთვის ვიყავი მზად, ნებისმიერისთვის გამეყო უკანასკნელიც კი, რაც გამაჩნია, ვინაიდან ჩემთვის ყოველთვის მთავარი იყო ზრუნვა თქვენზე და ჩვენს რუსულ სახელმწიფოზე.

ნართები არ ნებდებიან, ჯიქს ურჩევნია მოკვდეს, ვიდრე გალიაში იყოს. მე უკვე მივიმაგრე რამოდენიმე ყუმბარა და ველოდები ჩემ საათს, როდესაც შეუვარდები ქართულ ტანკს. ჩემს გაყვანას რუსეთში ძალით ცდილობენ, მაგრამ რომც წავიდე, იცოდეთ, რომ მე ყოველთვის თქვენთან ვარ, ჩემო ძვირფასებო. თქვენთანაა თქვენზე მზრუნველი პრეზიდენტი”.

რედაქციისგან: მკითხველი დაგვეთანხმება, რომ კოკოითის აღნიშნული განცხადება ერთობ დამაბნეველია და ამდენად – დაუჯერებელიც. თუმცა, რადგან აღნიშნული ტექსტი ”ოსინფორმმა” გაავრცელა, ვფიქრობთ, იგი საინტერესო იქნება მკითხველისთვის.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3308

17:50 08.08.2008

 

მარნეულის სამხედრო აეროდრომის დაბომბვისას ოთხი ადამიანი დაიღუპა

[”ინტერპრესნიუსი”]

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მარნეულის სამხედრო აეროდრომის დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა.

ერთ-ერთ დაშავებულს ამ წუთებში სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

მარნეულის სამხედრო აეროდრომი რუსული ავიაგამანადგურებლის მიერ დღეს ორჯერ დაიბომბა. მსხვერპლი, სავარაუდოდ, პირველ დაბომბვას მოჰყვა.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3310

18:19 08.08.2008

 

ოპოზიციამ პოზიცია დააფიქსირა

[ნინო ლოლაძე]

მაშინ, როცა ქვემეხები ისვრიან, ოპოზიცია დუმილს ამჯობინებს. ხელისუფლების მიმართ ყველაზე რადიკალურად განწყობილმა პოლიტიკურმა პარტიებმაც კი სახელმწიფოებრივი აზროვნების უპრეცედენტო მაგალითი აჩვენეს. ვიდრე ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს პოლიტიკურ დებატებზე მორატორიუმი გამოცხადდა.

ოპოზიციის ნაწილი კი სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას აპირებს. იარაღის ხელში აღებას და ბრძოლაში ჩართვას პარტია “ჩვენ თვითონ”-ის ლიდერი პაატა დავითაია თავის თანაპარტიელებთან ერთად გეგმავს. “ქრისტიან-დემოკრატიები” კი ქართველი სამხედროების დახმარებას საკუთარი სისხლის გაღებით ცდილობენ და სისხლის ჩაბარებისკენ სხვებსაც მოუწოდებენ.

რადიკალური ოპოზიციონერების მხრიდან კი მორატორიუმის გამოცხადებაზე ინიციატივით პირველი “ახალი მემარჯვენეები” გამოვიდნენ. თეთრი ბაირაღი დავით გამყრელიძემ ააფრიალა.

– “დღეს, როდესაც ასეთი რთული ვითარებაა ქვეყანაში, მიმაჩნია, რომ შიდაპოლიტიკური გარჩევების დრო არ არის. ყველა ასეთ სიტუაციაში ეს არის დაუწერელი კანონი, რომ შიდა პოლიტიკური გარჩევები და დაპირისპირები წყდება. აქედან გამომდინარე, “ახალი მემარჯვენეების” სახელით მინდა გამოვაცხადო მორატორიუმი ხელისუფლებასთან დაპირისპირებაზე და მოვუწოდო ყველა პოლიტიკურ ძალას, რომ შევწყვიტოთ ახლა შიდა გარჩევები”, – აღნიშნა სპეციალურ ბრიფინგზე დავით გამყრელიძემ.

დუმილს ამჯობინებენ შალვა ნათელაშვილი და მისი “ლეიბორისტებიც”. მათ შეწყვიტეს ყველა სახის პოლიტიკური განცხადებების კეთება. არადა, ბოლო დროს სწორედ მშრომელთა პარტიის წევრები იყვნენ ყველაზე აქტიურები. “ლეიბორისტები” საპროტესტო აქციებით გმობდნენ მათი პარტიის წევრის დაკავების ფაქტს. ახლა “ლეიბორისტების” მხრიდან მორატორიუმი ცხადდება.

გიორგი გუგავა, “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი: “როცა ქვეყანაში საომარი მოქმედებებია, ჩვენ ყოველგვარი განცხადებებისგან თავს შევიკავებთ. ვიდრე მშვიდობა არ აღდგება, მანამდე ჩვენი მხრიდან არავითარი პოლიტიკური განცხადება არ იქნება გაკეთებული. ასეთ სიტუაციაში, როცა საქმეში ქვემეხებია ჩართული და როდესაც ქვეყანაში საომარი მდგომარეობაა შექნილი, პოლიტიკური დებატები და ხელისუფლების კრიტიკა დაუშვებელია”.

ოპოზიციამ არნახული სოლიდარობა გამოაცხადა და ხელისუფლების მიერ წარმოებულ სამხედრო ოპერაციაზე დღეს კომენტარს არ აკეთებს. ისინი საბრძოლო მოქმედებების შეფასებებისაგან თავს იკავებენ და დუმილს ამჯობინებენ. პოლიტიკური პარტიების ლიდერები გეგმავენ, რომ მომხდარის შეფასებები მხოლოდ მას შემდეგ დაიწყება, რაც ქვეყანაში ვითარება გამოსწორდება და ცხინვალში მშვიდობა აღდგება.

– “იმედია, საომარი მოქმედები მალე დასრულდება და შემდგომ გვექნება საშუალება ანალიზისა, შეფასებისა თუ რა მოხდა და რისი გაკეთება შეიძლებოდა უკეთესად ან უარესად”, – აღნიშნავს დავით გამყრელიძე.

ლეიბორისტი გიორგი გუგავაც აცხადებს, რომ “ამ საბრძოლო მოქმედებების შეფასებები მომავალში აუცილებლად იქნება, როცა ყველაფერი დასრულდება”.

“პრესა.გე” ხელისუფლების ერთ-ერთი აქტიურ ოპონენტს, კონფლიქტების მოგარების საკითხებში ყოფილ სახელმწიფო მინისტრ გიორგი ხანიდრავას დაუკავშირდა.

– “როგორ უნდა ვიყო, იმის შემხედვარე რაც ქვეყანაში ხდება. მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს არ გავაკეთებ, რადგან ახლა ამის დრო ნამდვილად არ არის. პოლიტიკურმა პარტიებმა საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირეს, მე არც ერთი პარტიის წევრი არ ვარ და ამიტომ ჩემს აზრს რა მნიშვნელობა აქვს. ჩემი, როგორც რიგითი მოქალაქის, პოზიცია ამ შემთხვევაში არავის აინტერესებს, ამიტომ კომენტარს არ გავაკეთებ”, – აღნიშნავს გიორგი ხაინდრავა.

“რესპუბლიკელებმა” საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდეს, რომ ყველა ღონე იხმაროს მშვიდობიანი მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათი ეთნიკური კუთვნილებისა და საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად.

– “რუსეთთან პირისპირ დარჩენილ საქართველოს უდიდესი საფრთხე ემუქრება, ამიტომ გადამწყვეტია დროული და აქტუალური მოქმედებები საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. ველოდებით საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების მთავრობების დაუყოვნებელ და ქმედით პოლიტიკურ-დიპლომატიურ ჩარევას”, – განაცხადა პარტიის ლიდერმა დავით უსუფაშვილმა.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3311

18:36 08.08.2008

 

მარნეულის სამხედრო აეროდრომი უკვე მესამედ დაიბომბა

[”ინტერპრესნიუსი” ]

რამდენიმე წუთის წინ მარნეულის სამხედრო აეროდრომი უკვე მესამედ დაიბომბა.

როგორც ცნობილია, აეროდრომის პირველად დაბომბვას მსხვერპლი მოჰყვა. არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ოთხი და დაშავდა რამდენიმე ადამიანი.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3312

18:49 08.08.2008

 

გორი ისევ დაიბომბა

[”ინტერპრესნიუსი”]

რამდენიმე წუთის წინ გორს ოთხმა რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავმა გადაუფრინა.

როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, თვითმფრინავებმა გორის გარეუბნების მიმართულებით ჭურვები ჩამოყარეს.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გორი დღეს ერთხელ უკვე დაიბომბა.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3313

18:56 08.08.2008

 

6 რუსული ბომბდამშენი განადგურებულია

[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]

გორის სიახლოვეს ქართულ შენაერთებს ცეცხლი სუ-25 ტიპის ორმა რუსულმა ბობდამშენმა გაუხსნა. როგორც კონფლიქტის ზონიდან იტყობინებიან, რუსული ბომბდამშენების მიერ ცეცხლის გახსნას ქართულმა მხარემაც ადექვატურად უპასუხა.

წყაროს ინფორმაციით, რუსულმა ბომბდამშენებმა მანამდე ქალაქს ორჯერ გადაუფრინეს.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლის გოკა გაბაშვილის განცხადებით, ქართველმა ძალოვანებმა კიდევ ორი რუსული სუ-25 გაანადგურეს. ”სუ-25 ტიპის ოთხ რუსულ გამანადგურებელს გორის გარეუბნების დაბომბვა ჰქონდა გადაწყვეტილი, აქედან ორი ლიკვიდირებულია”, -განაცხადა გაბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ ქართული მხარის მიერ ამ დროისთვის რუსეთის ფედერაციის სუ-25 ტიპის სულ ექვსი ბომბდამშენია განადგურებული.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3314

19:11 08.08.2008

 

რუსულმა მოიერიშეებმა ჭურვები ბოლნისშიც ჩამოყარეს

[”ინტერპრესნიუსი”]

რამდენიმე წუთის წინ რუსულმა მოიერიშე თვითმფრინავებმა ბოლნისის ტერიტორიაზე რამდენიმე ჭურვი ჩამოყარეს.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურად ადასტურებს. ცნობა ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ არსებობს.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3315

19:24 08.08.2008

 

საქართველო გახდა პირდაპირი სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მსხვერპლი რუსეთის მხრიდან

[”ინტერპრესნიუსი”]

2008 წლის 8 აგვისტოს საქართველო გახდა პირდაპირი სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის მსხვერპლი რუსეთის ფედერაციის მხრიდან, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს საგარო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

– ”დილიდან მოყოლებული რამდენჯერმე დაირღვა საქართველო-რუსეთის საჰაერო საზღვარი. რუსულმა გამანადგურებლებმა დაბომბეს ქალაქები ქარელი და გორი, ასევე ჭურვები ჩამოაგდეს სოფელ შავშვებში, ვარიანში, წედისში. თითქმის ოცი წუთის განმავლობაში ხდებოდა სოფელ ქსუისსა და ხელჩუას შორის არსებული ტერიტორიების მასიური დაბომბვა. რუსული გამანადგურებლები საკმაოდ დიდი ხანი ტრიალებდნენ ცხინვალის, მარნეულის და გუდაურის თავზე. აღსანიშნავია, რომ ამ დასახლებული პუნქტების უმრავლესობა კონფლიქტის რეგიონის გარეთ იმყოფება.

ეს ფაქტები აშკარად ხდის რუსეთის ფედერაციის აგრესიულ განზრახვებს. ამგვარი ქმედებებით რუსეთის ფედერაცია უხეშად და დაუფარავად არღვევს საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებსა და პრინციპებს, ღიად იწვევს საერთაშორისო საზოგადოებას და საფრთხეს უქმნის დამკვიდრებულ საერთაშორისო წესრიგს და რეგიონის სტაბილურობას.

შემაშფოთებელია რუსეთის ფედერაციის ლიდერების განცხადებები, რომლებიც მუქარის ტონით ეხმაურებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ საკუთარ ტერიტორიაზე განხორციელებულ ქმედებებს, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონში არსებული უკანონო ბანდიტური ფორმირებების განიარაღებას, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის დაცვას და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებულმა ღია სამხედრო აგრესია წარმოადგენს ლოგიკურ გაგრძელებას იმ აგრესიული პოლიტიკისა, რომელსაც რუსეთის ხელისუფლება აწარმოებს საქართველოს მიმართ უკანასკნელი რამდენიმე წლის განმავლობაში. ამ პოლიტიკის შედეგია საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების გაჭიანურება, სამშვიდობო ფორმატების სრული არაეფექტურობა, სეპარატისტული კრიმინალური რეჟიმების არალეგალური შეიარაღება და ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფა, რუსი ”მშვიდობისმყოფელების” გადაქცევა საოკუპაციო ჯარად, ამ რეგიონების მოსახლეობის კანონსაწინააღმდეგო მასობრივი პასპორტიზაცია, და სხვა.

ამჯერად, საუბარია არა მხოლოდ ცალკეული აგრესიული აქტების თაობაზე, არამედ ღია სამხედრო მოქმედებებზე საქართველოს წინააღმდეგ.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, მთელი სერიოზულობით აგრძნობინოს რუსეთის ფედერაციას, რომ XXI საუკუნეში მიუღებელია სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეჭრა და დაბომბვა. რუსეთის ფედერაციამ გამოიწვია საერთაშორისო საზოგადოება და ამ გამოწვევას სათანადო პასუხი უნდა გაეცეს, რაც მდგომარეობის განმუხტვის, კავკასიის რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების და შედეგზე ორიენტირებული სამშვიდობო პროცესის განახლების შანსს მოგვცემს”, – ნათქვამია ქართული საგარეო უწყების განცხადებაში.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3316

20:05 08.08.2008

 

აშშ-მ რუსეთისგან ცხინვალიდან ჯარების გაყვანა კატეგორიულად მოითხოვა

[”ინტერპრესნიუსი”]

გაეროში აშშ-მ რუსეთისგან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი პატივისცემა და საქართველოს ჩრდილოეთში, ცხინვალის რაიონებში შეყვანილი ჯარების გაყვანა კატეგორიულად მოითხოვა, – აღნიშნული ინფორმაცია რუსულ ინტერნეტ-საიტებზე ვრცელდება.

ადრე გავცელებული ინფორმაციით, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა უშედეგოდ დასრულდა, რამდენადაც მხარეები სამხრეთ ოსეთში არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით რეზოლუციაზე ვერ შეთანხმდნენ.

ამავე წყარის ცნობით, ცხინვალში კოკოითის რეზიდენციის თავზე ქართული დროშა ფრიალებს.

ბოლო საათებში კონფლიქტის ზონაში ვითარება მკვეთრად დაიძაბა, რაც ცხინვალის რეგიონში რუსეთის მე-19 დივიზიის შესვლამ გამოიწვია.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3317

20:08 08.08.2008

 

ცხინვალიდან გაძევებული სეპარატისტები ვანათს უმოწყალოდ ბომბავენ

[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]

ცხინვალის კონფლიქტის ზონის სოფელ ვანათის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

როგორც ”პირველს” კონფლიქტის ზონიდან აცნობეს, ამ წუთებში სეპარატისტების ბანდფორმირებები ვანათს ინტენსიურად ბომბავენ და მოსახლეობა სოფლიდან გასვლას ვერ ახერხებს.

წყაროს ინფორმაციით, სოფელში დარჩენილი ადგილობრივი მაცხოვრებლები თავს სახლის სარდაფებში აფარებენ.

აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის ქართული ჯარი ცხინვალს სრულად აკონტროლებს.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3318

20:18 08.08.2008

 

ერედვის მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლია

[მომზადებულია ქართულ საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით]

ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის სოფელი ერედვი რუსული სამხედრო თვითმფრინავების მიერ დაიბომბა.

ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი კონფლიქტის ზონიდან იუწყება. მსხვერპლისა და დაჭრილების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

ცხინვალის კონფლიქტის ზონაში, სოფელ ერედვში რუსეთის ფედერაციის ბომბდამშენების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად 20-მდე მშვიდობიანი მოსახლეა დაღუპული.

ამის შესახებ ”პირველს” კონფლიქტის ზონიდან აცნობეს.

წყაროს ინფორმაციით, ერედვზე დაახლოებით ნახევარი საათის წინ მიიტანეს იერიში. ამ დროისთვის გორის მიმდებარე სოფლებში სროლის ხმა კვლავ ისმის.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3320

20:48 08.08.2008

 

ირაკლი ოქრუაშვილი: ”მზად ვარ, საქართველოში რიგით ჯარისკაცად დავბრუნდე”

[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]

თავდაცვის ექს-მინისტრი, საფრანგეთში მყოფი ირაკლი ოქრუაშვილი პრეზიდენტ სააკაშვილს სრულ მხარდაჭერას უცხადებს და მზადყოფნას გამოთქვამს, საქართველოში რიგით ჯარისკაცად დაბრუნდეს.

– ”მიუხედავად წარსულში არსებული აზრთა სხვადასხვაობისა, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ მიხეილ სააკაშვილს, ყველა ქართველ ჯარისკაცს და ქვეყნისათვის ამ მძიმე ჟამს მზად ვარ, სამშობლოში რიგით ჯარისკაცად დავბრუნდე” – აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილი.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3321

21:25 08.08.2008

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s