Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• 09.08.08

 

9 აგვისტო 2008

 

 

სააკაშვილი მედვედევს არ დაუკავშირდება

[ნიკა ასლანიძე]

კონფლიქტი, რომელსაც თითქმის 20 წლის განმავლობაში ქართულ-ოსურს უწოდებდნენ დღეს უკვე თითქმის ოფიციალურად გადაიზარდა ქართულ-რუსულ დაპირისპირებაში და თუ გავითვალისწინებთ იმ ქართული ქალაქებისა და სტრატეგიული ობიექტების დაბომბვას, რომლებიც საკმაოდ არიან დაშორებულნი კონფლიქტის ზონას, უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ 8 აგვისტოს საქართველოსა და რუსეთს შორის ომი დაიწყო. ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით – ცოცხალი ძალით, ტანკებით და სხვა ჯავშანტექნიკით, მსხვილკალიბრიანი საარტილერიო დანადგარებით და აგრეთვე, ჰაკერებითა და ჟურნალისტებით.

შეტევა განხორციელდა ქართულ ინტერნეტ-საიტებზე, ხოლო რუსულმა მედიამ დეზინფორმაციის ნამდვილი ნიაღვარი დაატეხა ყველას, ვიზეც კი ხელი მიუწვდა.

– “საქართველოში რუსული არხების ტრანსლაცია წყდება ისინი საინფორმაციო ომს აწარმოებენ და ავრცელებენ დეზინფორმაციას ცხინვალში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. რუსული ტელეარხები მიზნად ისახავენ საქართველოს მოსახლეობაში პანიკის დათესვას, საბრძოლო სულისკვეთების შეჩერებას და ეს არის პროპაგანდის მანქანა, რომელიც უნდა შეჩერდეს”, – განაცხადა საქართველოს ეროვნული უშიროშოების საბჭოს მდივანმა კახა ლომაიამ

აღსანიშნავია, რომ მთავრობის ამ გადაწყვეტილებას ქართული საზოგადოება გაგებით შეხვდა. ყველა ელოდა და წინასწარვე ცნობილი იყო, თუ რა პოზიციას დაიკავებდნენ რუსეთის საინფორმაციო საშუალებები, მაგრამ იმან, რაც ხდება, მართლაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

თუმცა არსებობენ სხვა უცხოური მედიასაშუალებები, რომელთა მეშვეობითაც მთელი მსოფლიო ინტერესით და შეშფოთებით აკვირდება საქართველოში განვითარებულ მოვლენებს.

აშშ-ს თავდაცვის სამინისტრო აკვირდება სიტუაციას სამხრეთ ოსეთში და თეთრი სახლისგან მითითებას ელის – ამის შესახებ ”სი-ენ-ენი” პენტაგონის ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყება, რომელიც ვინაობას არ ასახელებს, რომ პენტაგონის შეფასებით, რუსეთის ქმედებათა ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს მოსკოვის სურვილი, აჩვენოს – საქართველო არასტაბილური ქვეყანაა, რაც დაკავშირებულია საქართველოს მისწრაფებასთან, გახდეს ნატოს წევრი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, კონდოლიზა რაისმა რუსეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ გამოიყვანოს თავისი სამხედრო ქვედანაყოფები სამხრეთ ოსეთიდან.

– “აშშ კონფლიქტში ჩართულ ყველა მხარეს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში – სამხრეთ ოსეთში” – ნათქვამია ამერიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებაში, რომელიც პარასკევს, გვიან საღაქმოს გავრცელდა.

– “ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს შეწყვიტოს საქართველოზე სარაკეტო და ავიადარტყმების განხორციელება და ქართული მიწიდან გამოიყვანოს სამხედრო ქვედანაყოფები” – განაცხადა რაისმა.

ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ასევე აღნიშნა, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ მხარი უნდა დაუჭიროს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისო დონეზე აღიარებულ საზღვრებში.

რაისის განცხადებიდან რამდენიმე წუთში რუსულმა ავიაციამ დაბომბა ფოთი, სენაკი და ხონი. არიან დაჭრილები, დაიღუპა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.

– “დღეს ფაქტობრივად წარმოებს რუსეთ-საქართველოს ომი, რომელიც საქართველოსთვის სამოქალაქო ომია”, – ასეთი განცხადება გააკეთა კახა ლომაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას. მისი თქმით, დღეისათვის ნათელია, რომ საქართველო აწარმოებს სამოქალაქო ომს და ეს არის გაეროს წესდებით გათვალისწინებული მოვლენა.

ლომაიას განცხადებით, საზოგადოებაში არის ძალიან მაღალი შემართება. ერთი გამოძახებით მოხდა რეზერვისტთა ასი პროცენტის მობილიზაცია.

ლომაიას ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი ხვალ გეგმავს ოპოზიციის ყველა ლიდერთან შეხვედრას, ასევე იგეგმება საზოგადოების ფართო ფენების მიერ სხვადასხვა სახის აქციების გამართვა, რაც იქნება დემონსტრირება საზოგადოების ერთიანობის და პატრიოტიზმის. ეს ნაბიჯები იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალების მორალური მხარდაჭერა.

– „დღეს რუსეთმა უპრეცედენტო აგრესიის აქტი ჩაიდინა თავისი მეზობლის მიმართ და დაბომბა მისი ქალაქები“, – განაცხადა ლომაიამ.

მისი თქმით, მთელ მსოფლიოში არის საყოველთაო შეშფოთება რუსეთის მოქმედებასთან დაკავშირებით და დღეს საღამოს კვლავაც გაიმართება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა, რომელიც, ლომაიას ინფორმაციით, საქართველოს მეგობარი სახელმწიფოების მიერ არის მოწვეული.

– „თუ საზოგადოებაში არ დაითესა შიში, პანიკა და განხეთქილება, ეს იქნება რუსეთისთვის განაჩენის გამოტანა“, – აღნიშნა კახა ლომაიამ.

რაც შეეხება საქართველოსა და რუსეთის პრეზიდენტების საუბრის შესაძლებლობას, კახა ლომაიამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რომ აგრესიის ქვეშ მყოფი პრეზიდენტი არ დაუკავშირდება აგრესორი სახელმწიფოს პრეზიდენტს, თუმცა მისივე თქმით, დიპლომატიური არხებით მიმდინარეობს საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლების მიერ რუსეთთან მუშაობა, რათა მოხდეს ამ სახელმწიფოს დარწმუნება, რომ შეაჩეროს აგრესია საქართველოს მიმართ.

შუადღიდან მოყოლებული, რუსულ ტელეარხები და სააგენტოები აქტიურად ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს ქართულმა საჯარისო ნაწილებმა დატოვეს ცხინვალი და ქალაქს მთლიანად რუსები და სეპარატისტები აკონტროლებდნენ.

– ”საღამოს 10:00 საათის მონაცემებით, საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფები აკონტროლებენ ყველა დასახლებულ პუნქტს, ყველა სოფელს, რომელიც ჩვენს მიერ იყო აღებული ამ დრომდე, დაბა ჯავის გარდა. ჩვენ ვაკონტროლებთ ზნაურის რაიონს, წინაგარის რაიონს, სოფელ დმენისს, სოფელ ხეთაგუროვოს და სხვა. მთლიანად ვაკონტროლებთ ქალაქ ცხინვალს”, – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა.

პრესა.გე-ს ინფორმაციით, ამ დროისთვის – ღამის 2 საათისთვის, ცხინვალში მართლაც ქართული ნაწილები დგანან, მაგრამ თითქმის ყველა ექსპერტი აღნიშნავს, რომ ეს ღამე შეიძლება გადამწყვეტი აღმოჩნდეს.

არსებული ინფორმაციით, სეპარატისტები გამაგრებული არინ ჯავაში, სადაც ასევე იმყოფებიან რუსული ქვედანაყოფები. ჯავაშივე აფარებენ თავს სეპარატისტების ლიდერები. იმოქმედებს თუ არა რუსეთზე საერთაშორისო ზეწოლა, უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3322

02:17 09.08.2008

 

რუსულმა ავიაციამ სენაკის სამხედრო ბაზა და ფოთის პორტი დაბომბა

 

რუსულმა ავიაციამ სენაკის სამხედრო ბაზა და ფოთის პორტი დაბომბა. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სენაკის მეორე ქვეითი ბრიგადის ბაზაზე პირველი აფეთქება დაახლოებით ღამის 12 საათზე გაისმა. ამის შესახებ ინფორმაცია ”ინტერპრესნიუსს” ადგილობრივმა მოსახლეობამ შეატყობინა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომაც დაადასტურა.

ბაზაზე რამდენიმე ჭურვი ჩამოვარდა. ჯარისკაცებმა დაახლოებით პირველ საათზე უკვე დაიწყეს ბაზის დატოვება, რადგანაც იქ გაჩერება შეუძლებელი იყო. როგორც ჯარისკაცები აცხადებენ, არიან დაჭრილები, თუმცა მათი რაოდენობა დაუზუსტებელია.

– ”იმ მომენტში, როდესაც ჩვენ ბაზის ჭიშკართან ვიყავით, გვთხოვეს, ჩამქრალი ფარნებით გვემოძრავა. ამ დროს კიდევ გაისმა აფეთქების ხმა. აფეთქება ამჯერად უკვე სენაკის რკინიგზის სადგურზე მოხდა. ამის შემდეგ უკვე მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა, თუმცა პანიკა არ ყოფილა”, – განაცხადეს ჯარისკაცებმა.

დაშავებულებისა და გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

დასავლეთ საქართველოში განხორციელებული დაბომბვების გამო ქუთაისის მახლობლად, კოპიტნარის დასახლებაში მცხოვრები მოსახლეობა პანიკამ მოიცვა.

ადგილობრივებს შიში აქვთ, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა შეიძლება იერიში კოპიტნარის აეროპორტზეც მიიტანონ.

აღნიშნულის გამო დასახლებაში მცხოვრებლები ქუჩაში არიან გამოსული. ბავშვები და ქალები ევაკუირებულია. კოპიტნარის დასახლებაში ძირითადად კომპაქტურად ჩასახლებული აფხაზეთიდან დევნილები ცხოვრობენ.

მანამდე, ხობის რაიონის სოფელ ხეთაში რუსული ავიაციის მიერ ჩამოგდებული ჭურვების შედეგად ანძა დაზიანდა. ანძა ერთ-ერთი სამხედრო ობიექტის ტერიტორიაზე მდებარეობს.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3323

02:38 09.08.2008

 

თბილისში სტრატეგიული ობიექტების ევაკუაცია დაიწყო

 

თბილისში სტრატეგიული ობიექტების და ძირითადი სახელმწიფო სტრუქტურების შენობების ევაკუაცია დაიწყო. აღნიშნული ინფორმაცია ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ჯერჯერობით არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, მოხდება თუ არა სტრატეგიული ობიექტების მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის ევაკუაციაც.

ავლაბრის მიმდებარე ტერიტორიის ევაკუაცია დაიწყო. ავლაბრიდან გაჰყავთ მშვიდობიანი მოსახლეობა.

როგორც ცნობილია, ავლაბარში საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენცია მდებარეობს.

ევაკუაცია ხდება ასევე თავდაცვის სამინისტროში და მის მიმდებარედ. მოსახლეობას მეტროს თავშესაფარში ჩასვლისკენ მოუწოდებენ.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3324

02:39 09.08.2008

 

რუსეთის პოლიტიკა ისტორიულ გზაგასაყარზე

[ინტერნეტ-გაზეთი ”Газета.Ru”]

ახალი ქართულ-ოსური ომი უკვე მომხდარი ფაქტია. უკვე ცნობილია გამარჯვებულიც – თბილისი. ოღონდ, რა თქმა უნდა, ერთი პირობით – ამის საშუალება მას მოსკოვმა უნდა მისცეს.

ოფიციალური რუსეთის შედარებითმა პასიურობამ უკანასკნელი დღეების მოვლენებს უკვე დაასვა გადამწყვეტი დაღი. საგარეო საქმეთა სამინისტროს გაბრაზებული ტონი და დეპუტატების თეატრალიზებული წყევლა-კრულვა არ ითვლება. სანამ საქმეში სამხედრო მუშტი არ ჩართულა, ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ ქართული ჯარების შეტევის ხმაურიანი თანხლებაა.

რეგიონში განლაგებულმა რუსულმა ძალებმა, იქ მყოფი ნომინალური სამშვიდობოების ჩათვლით, ვერ შეძლეს და, შესაძლოა, არც უცდიათ სისხლისღვრის შეჩერება.

ქართული არმიის სტარტზევე შეჩერება მათთვის არც ისე რთული იქნებოდა. მიუხედავად წესისამებრ განაწილებული როლებისა, ეს არ გაკეთდა.

რა არის ამის მიზეზი? სააკაშვილის ოსტატური საგარეოპოლიტიკური მანევრები? პუტინის ოლიმპიური მოგზაურობა? მედვედევის ვოლგისპირული ტურნე?

ან, იქნებ წინასწარვე იქნა მიღებული იოლად რეალიზებადი გადაწყვეტილება, რომ მოვლენებისთვის ბუნებრივად განვითარების საშუალება მიეცათ? თუ ასეა, მაშინ ეს იქნებოდა რუსეთის სამხრეთკავკასიური პოლიტიკის უდიდესი შემოტრიალება ბოლო 15 წლის განმავლობაში. და თუ ასე არ არის და მასშტაბური ძალისმიერი ჩარევა გველის, მაშინ მისი ფასი – პოლიტიკურიც და კონფლიქტის ყველა მონაწილის მიერ დაღვრილი სისხლისაც – გაცილებით მაღალი იქნება, ვიდრე სულ ახლო წარსულში შესაძლოა ყოფილიყო.

და თუ ეს არის არა კურსის შემოტრიალება, არამედ დაყოვნება, მაშინ ამ დაყოვნების მიზეზები, შესაძლოა, ყველაზე ბანალურიც კი იყოს. გარდა წესად ქცეული გაურკვევლობისა, ზუსტად არავინ იცის, ვისგან უნდა იღებდნენ ბრძანებას ძალოვნები. მართალია, ითქვა, რომ მათ პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, მაგრამ, კონსტიტუციის მიხედვით, მთავარსარდალი მაინც ახალი პრეზიდენტია და მთავარი პოლიტიკური პასუხისმგებლობა, გადაწყვეტილებისთვის, როგორიც არ უნდა იყოს იგი და ვის მიერაც არ უნდა იქნას მიღებული, დიმიტრი მედვედევს ეკისრება. არ არის გამორიცხული ისიც, რომ საჭიროა დრო, რათა მედვედევმა კარგად გაიაზროს, არის თუ არა მზად ზიდოს ეს ტვირთი.

უშუალო შემსრულებლესბ მოუწევთ საკუთარ თავს დაუსვან კითხვა: საბოლოოდ მათ ხომ არ დააკისრებენ პასუხისმგებლობას? ასეთი რამ 80-იანების ბოლოს ერთხელ უკვე მოხდა და, ისიც, სწორედ კავკასიაში ძალისმიერი ჩარევის შემდეგ.

ხოლო თუ მართლა კურსის ცვლილებაზეა საუბარი, ან, მარტივად რომ ვთქვათ, მოსკოვის ცხინვალელი პროტეჟე ბედის ანაბარა რჩება, მაშინ ამისათვის რაღაც რაციონალური მიზეზი მაინც უნდა არსებობდეს.

ისე კი, მიზეზების პოვნა არც ისე ძნელია. აფხაზურისგან განსხვავებით, სამხრეთოსური თვითგამოცხადებული რეჟიმი ვერ აღმოჩნდა საკმარისად მტკიცე, ვერ მოიპოვა თანამემამულეთა ერთსულოვანი მხარდაჭერა და საკმაოდ კომპაქტურ ტერიტორიაზე ვერ შეძლო კონტროლის დამყარება. მისი დამოკიდებულება მოსკოვზე არის კრიტიკულად დიდი და თავად ამ ფაქტიდან გამომდინარე შეეძლოთ მფარველებს დაეშვათ აზრი – ხომ არ დადგა დრო, დავხუროთ ძვირადღირებული, არაფრისმომტანი და არც ისე წარმატებული პროექტი?

რაც არ უნდა ცინიკურად გამოიყურებოდეს მრავალწლიანი სატელიტების ბედის ანაბარად მიტოვება, უნდა აღინიშნოს, რომ რეალური პოლიტიკა, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა სიტუაციებში, გაცილებით მძიმე გადაწყვეტილებების მიღების აუცილებლობას გვკარნახობს.

ეს, სხვა თვითგამოცხადებულ სახელმწიფოებში, რასაკვირველია, რუსეთისადმი ნდობას შეასუსტებს, თუმცაღა, იმავე აფხაზებისთვის იაფფასიანი კონკრეტული აქციების შეთავაზების საშუალებით ამ უსიამოვნო ეფექტის ნულამდე დაყვანა დიდ სირთულეს ნამდვილად არ წარმოადგენს. უბრალოდ, დაარწმუნებენ, რომ მათთან მიმართებაში განსხვავებული სცენარიო დაწერილი.

ასეა თუ ისე, რუსეთის პოლიტიკა ისტორიულ გზაგასაყარზე იმყოფება: ან ფართომასშტაბიანი ომი საქართველოსთან, ანაც ღონისძიება, რომელიც საკამათო რეგიონიდან საკუთარი სახის შენარჩუნებით გასვლის მაქსიმალურ შესაძლებლობას იძლევა.

თუ – პირველი, მაშინ რუსეთის უზარმაზარ ნაბიჯს გადადგავს ბუა-სახელმწიფოების თანამეგობრობაში გაწევრიანების გზაზე.

ქართული ჯარის დაგვიანებული განდევნა მის მიერ უკვე ფაქტობრივად კონტროლირებადი იმ მიწებიდან, რომლებიც, საერთაშორისო ნორმებით, საქართველოს ეკუთვნის, თუ წარსულში დავიწყებთ ანალოგების ძებნას, ავღანეთის ოპერაციას წააგავს, შემცირებულ მასშტაბებში.

რთულია, წინასწარ განვსაზღვროთ კონკრეტული საერთაშორისო პრობლემები, რომლებიც ამ შემთხვევაში შეგვექმნება, მაგრამ ეჭვსგარეშეა, რომ აღნიშნული პრობლემები იქნება ძვირადღირებული და დროში გაწელილი.

ხოლო თუ სამხრეთ ოსეთს მართლაც ბედის ანაბარად ტოვებენ, მაშინ მოსკოვის თანამდევი ქმედებები შესაძლოა იმ ქმედებების გაგრძელებად იქცეს, რომლებიც ამჟამად ხორციელდება.

გაეროს მეხთატეხა სწორედ იმისთვის არის მოგონილი, რომ მეხი უმტკივნეულოდ დაეცეს. მოხალისეების ზურგსუკან მყოფი რეალური სამხედრო ძალის გარეშე გაგზავნა სერიოზულ ზეგავლენას ვერაფერზე მოახდენს. დასვამენ სამხრეთ ოსეთის ლიდერებს მოლაპარაკების მაგიდასთან ქართველებთან, რომლებიც მოწინააღმდეგეს ისეთ სამშვიდობო პირობებს უკარნახებენ, რომლებშიც რუსეთის ინტერესები და ამბიციები იქნება გათვალისწინებული.

მოსკოვმა ჩარევის მომენტი ხელიდან გაუშვა. შესაძლოა, ამან არ შეამცირა ალბათობა, მაგრამ, ნამდვილად დაამძიმა მოსალოდნელი შედეგები. მეორე მხრივ, უჩვეულო სიტუაცია, რომელიც რეგიონში იქმნება, უჩვეულო დიპლომატიური სვლებისთვის და არასტანდარტული მიდგომებისთვის ახალ ასპარეზს ქმნის. უკანასკნელ წლებში ჩვენში დავიწყებას მიეცა პოლიტიკური არასტანდარტულობა. იქნებ, დადგა დრო, რომ გავიხსენოთ?

http://presa.ge/index.php?text=news&i=3326

11:32 09.08.2008

 

 

ბრძოლა გვირაბისათვის

[ლევან სეფისკვერაძე]

8 აგვისტოს, რუსულმა ბომბდამშენებმა სისხლიანი კვალი საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში დატოვეს. გორისა და ქარელის დაბომბვის შედეგ, ერთმანეთის მიყოლებით დაიბომბა მარნეული, ბოლნისი, ვაზიანი, რაჭა, ქუთაისი, სენაკი, ფოთი… დაიღუპა 10-მდე ადამიანი.

საქართველოს მოსახლეობის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ამ მოვლენებს მათში პანიკა არ გამოუწვევია და ეს თავდაჯერებულობა ქართული არმიის მოქმედებებზეც აისახა.

ზნაურის რაიონის და ცხინვალის შემოგარენის სეპარატისტებისაგან სრული გათავისუფლების შემდეგ, ქალაქ ცხინვალს ქართულმა შენაერთებმა სამი მხრიდან შეუტიეს. უტევდნენ ერედვის, ნიქოზისა და სოფელ ხეთაგუროვოს მხიდან და ალყის რკალი თანდათან უფრო ვიწყოვდებოდა. ცხინვალის ცენტრამდე მიღწევის შემდეგ, 1 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ქუჩის ბრძოლები, სადაც განსაკუთრებული მისია საპოლიციო შენაერთებს ეკისრებოდათ.

დაახლოებით საღამოს 6 საათისათვის, ქართველებმა ქალაქის სრული გაწმენდა მოახერხეს. აიღეს ცხინვალის ყველა დაწესებულება და 17-წლიანი გაურკვევლობის შემდეგ, ცხინვალის ყველა სახელმწიფო დაწესებულების თავზე ქართული პირველად დროშა ააფრიალეს.

ნიკო ბარიაშვილი, სამაჩაბლოს მკვიდრი: “ქართველმა ჯარისკაცებმა ყველაზე მაგრად ზნაურის აღების დროს იომეს. ზნაურის შესასვლელთან მდგომ ვითომ სამშვიდობო ჯარებში მყოფ რუსებს ეგონათ, ქართველები ზნაურში ცენტრალური გზით შევიდოდნენ, მაგრამ ჩვენებმა ეშმაკობა გამოიჩინეს. ჯერ აიღეს ზნაურის შემოგარენის სოფლები და დაბას ზურგიდან დაარტყეს. ზნაურის აღების შემდეგ, რუსები თამაშგარეში დარჩნენ და ზნაურის დატოვებაღა დარჩენოდათ”.

ქართველების მიერ ცხინვალის აღების შემდეგ, როკის გვირაბი გადმოკვეთა რამდენიმე ათეული ტანკისაგან შემდგარმა რუსულმა სამხედრო კოლონამ, რომლის მიზანიც, ბუნებრივია, ცხინვალზე იერიშის განხორციელება იყო. ბრძოლის ეპიცენტრად დაბა ჯავა და მისი შემოგარენი სოფლები და ტყის მასივი იქცა.

იმის მიუხედავად, რომ ამ დროს პრეზიდენტ სააკაშვილს უკვე საყოველთაო მობილიზება ჰქონდა გამოცხადებული და რეზერვისტების კოლონები სამაჩაბლოში ყოველ წუთში ჩადიოდნენ, ბრძოლის მთელი სიმძიმე, რა თქმა უნდა, რეგულარულ არმიას დააწვა და ჯავის ტყეებში შეტაკების პერიოდში როგორც ქართველები, სეპარატისტებიც, ბრძოლისაგან საკმაოდ გადაღლილები იყვნენ.

ათზე მეტი რუსული ტანკის განადგურების შემდეგ, ქართულმა სარდლობამ ჯავის ხიდის აფეთქების გადაწყვეტილება მიიღო. ამ გზით, რუსებს მოესპოთ ცხინვალში მძიმე ტექნიკის შეყვანის საშუალება, რაც უკვე აღებული ქალაქის დაცვის საქმეში პრაქტიკულად გადამწყვეტი აღმოჩნდა.

ცხინვალის მოვლენების შემდეგ, რუსულმა საინფორმაციო საშუალებებმა არაერთხელ გამოაცხადეს, რომ თითქმის ცხინვალი კვლავ სეპარატისტების ხელში იყო, მაგრამ ხიდის აფეთქების შემდეგ, მსგავსი შეტევის განნხორციელება წარმოუდგენლად ძნელია.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქართველებმა სარაკეტო დარტყმის შემდეგ, შეძლეს როკის გვირაბის აფეთქება, თუმცა ეს ინფორმაცია ქართულ მხარეს არ დაუდასტურებია.

9 აგვისტოს ღამეს, რუსებს მდინარე პატარა ლიახვის გადმოკვეთის რამდენიმე მცდელობა ჰქონდათ, მაგრამ როგორც ჩვენთან სატელეფონო საუბარში ერთ-ერთი ქართველი მებრძოლი აცხადებს, ღამის ბრძოლების დროს ქართველებს გარკვეული უპირატესობა გააჩნიათ და ეს უპირატესობა პირველ რიგში თანამედროვე შეიარაღებითაა განპირობებული.

თანამედროვე ღამისმხედი მოწყობილობები ქართველ ჯარისკაცებს ღამის ბრძოლების მტერზე ბევრად უკეთ წარმოების საშუალებას აძლევს.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3327

11:55 09.08.2008

 

 

ქალაქ გორის დღევანდელ დაბობვას 20-მდე ადამიანი ემსხვერპლა

 

რუსეთის ავიაციამ გორში ე.წ. ბამბეულის კომბინატის დასახლება, წყალწმინდის სამხედრო ბაზა და სატანკო ბატალიონის ტერიტორია დაბომბა.

როგორც ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება, სატანკო ბატალიონზე რუსულმა მხარემ ორჯერ მიიტანა იერიში, აფეთქებულია ტყვია-წამლის საწყობი, ცეცხლი უკიდია ყაზარმებს.

მსხვერპლი არის, თუმცა ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაცია არ ვრცელდება. დაბომბილია საცხოვრებელი კორპუსებიც.მსხვერპლია მშვიდობიან მოსახლეობაშიც.

გორში აცხადებენ – რუსულმა ავიაციამ სამხედრო ბაზებზე მიზანმიმართული დარტყმები განახორციელა, რაც ქვეყნის სამხედრო პოტენციალის დასუსტებას ისახავს მიზნად.

რუსული ავიაციის მიერ ქალაქ გორის დღევანდელ დაბობვას, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 20-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, გაცილებით მეტია დაჭრილთა რაოდენობა. ამის შესახებ გორიდან ”ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი იუწყება.

მისივე ცნობით, მხოლოდ 20-მდე ადამიანი გორში საცხოვრებელი კორპუსების აფეთქებისას დაიღუპა. დაუზუსტებელია, რამდენი ადამიანი დაიღუპა სამხედრო ბაზებზე საავიაციო იერიშების დროს.

”ინტერპრესნიუსის” კორეპონდენტის ცნობით, გორში ამ დროისთვის სიმშვიდეა, თუმცა მოსახლეონა უსაფრთხო ადგილებში გასვლას ცდილობს.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3329

12:48 09.08.2008

 

ქართველებმა ჯავასაც შეუტიეს

[ნინო ლოლაძე]

რუსეთის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო და საინფორმაციო ომი ერთდროულად მიმდინარეობს. კრემლის პროპაგანდისტული მანქანა მთელი სიმძლავრით არის ამოქმედებული. რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ ვრცელდება ინფორმაცია, რომ ცხინვალს უკვე რუსული სამხედრო შენაერთები და ოსური ბანდფორმირებები აკონტროლებენ. თუმცა, რუსეთის სამთავრობო ტელე-არხები ამის დამადასტურებელი თუნდაც ერთი კადრის ჩვენებასაც ვერ ახერხებენ.

ცხინვალი და მისი შემოგარენი კვლავაც ქართული სამთავრობო ძალების მიერ კონტროლდება. საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საუბარს სწორედ ამ თემით იწყებენ და ამთავრებენ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ პარლამენტის საგანგებო სხდომაზე განაცხადა, რომ ქალაქ ცხინვალსა და მთლიანად ცხინვალის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ჯარები დაკავებულ პოზიციებს ინარჩუნებენ და კრიმინალური რეჟიმისგან რეგიონის გათავისუფლების ამოცანას ასრულებენ. ბაქრაძის თქმით, ცხინვალში ქართული შენაერთების ოსურ დაჯგუფებებთან და რუსეთის თავდაცვის რეგულარულ ჯარებთან შეტაკებები კვლავ გრძელდება.

“ღამის განმავლობაში მიმდინარე მძიმე შეტაკებების მიუხედავად, ჩვენ ვაკონტროლებთ ცხინვალს, მის გარშემო ყველა სტრატეგიულ სიმაღლეს, მთელს რეგიონს ჯავისა და როკის გვირაბის მისადგომების გარდა”, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ და რუსული მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს რუსული და ოსური ძალები ცხინვალს გუშინ შუადღისთვის უკვე აკონტროლებენ, სრული სიცრუე უწოდა.

როგორც “პრესა.გე”-სთვის გახდა ცნობილი, ცხინვალს თითქმის მთლიანად ქართული ძალები აკონტროლებენ. ქართული სამხედრო შენაერთები საკმაოდ ახლოს იმყოფებიან როკის გვირაბთან და ჯავის რაიონის მისადგომებთან, სადაც სეპარატისტული ხელისუფლების მიერ კონტროლირებადმა შეიარაღებულმა ბანდფორმირებებმა ჯავაში არსებულ სამხედრო ბაზას შეაფარეს თავი. აღსანიშნავია, რომ ამ ბაზის მშენებლობა არც თუ დიდი ხნის წინ დასრულდა.

ქალაქ ცხინვალში ქართული სპეცდანიშნულების რაზმებთან ერთად რეზერვისტთა ნაწილიც იმყოფება. რეზერვისტები ძირითადად რეგიონის ადგილობრივი მაცხოვრებლები არიან. ცხინვალის რეგიონში ქართული სამთავრობო ძალების მიერ აღებული პუნქტების დაცვასა და გამაგრებას სწორედ ისინი ახორციელებენ. რეზერვისტებთან სატელეფონო კონტაქტი შეწყვეტილია, თუმცა, მობილურები მათ დრო და დრო ერთვებათ და ახლობლებთან დაკავშირებას ახერხებენ.

“პრესა.გე”-ს ერთ-ერთი გორელი რეზერვისტის დამ შეატყობინა, რომ მისი ძმის თქმით, ცხინვალს კვლავაც ქართული სამთავრობო ძალები აკონტროლებენ.

ნინო, რეზერვისტის და: “ჩემს ძმას წუხელ გვიან ღამით ვესაუბრე, ცხინვალში იყო. შემდეგ მასთან სატელეფონო კავშირი გაწყდა. დილას 7 საათისთვის რეზერვისტების ტელეფონები 15 წუთით ჩაირთო და კვლავ დაგვირეკა. მითხრა, რომ ცხინვალში არიან გამაგრებულები და ქალაქს მთლიანად ქართველები აკონტროლებენ. იმ დროს, როცა ველაპარაკე სროლის ხმაც კი არ ისმოდა. სიმშვიდე იყო. ინტენსიური სროლები რომ ყოფილიყო, ტელეფონში აუცილებლად გავიგებდი. როგორც ჩემმა ძმამ მითხრა, ქართველები იმ დროისთვის უკვე ჯავას უტევდნენ და როკის გვირაბის მისადგომებისკენ მიიწევდნენ”.

დღეს საღამოს კვლავ დავუკავშირდით რეზერვისტის დას, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა, რომ ძმასთან ტელეფონით საუბარი კვლავ შეძლო. “როგორც ჩემმა ძმამ გვითხრა, ჩვენი სამხედროები კვლავაც ცხინვალში არიან. ამბობს, რომ თავადაც კარგად არის და სხვა რეზერვისტებიც. ქართველებს ერთი ნაბიჯითაც კი არ დაუხევიათ უკან. ასე რომ, ინფორმაცია, თითქოს ცხინვალში რუსები და ოსები არიან, მტკნარი სიცრუეა. ჩემი ძმა ძალიან მხნედ იყო და მითხრა, რომ ყველა ქართველი სამხედრო შემართებით იბრძვის და გამარჯვების დიდი იმედი აქვთ”.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3348

20:24 09.08.2008

 

 

საქართველოს მთავრობა მზად არის, გამოყოს სახსრები ცხინვალის აღსადგენად

[ზურაბ თვაური, Газета.ru]

ინტერვიუ თემურ იაკობაშვილთან.

თუ შეიძლება თქმა, რომ საქართველო ომის ვითარებაში იმყოფება?

– დიახ, ასეა. საქართველო, ჩვენ ყველა, რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის მსხვერპლი გავხდით.

თქვენი აზრით. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ დღეისათვის საქართველო კონფლიქტის ზონას სრულად აკონტროლებს?

– საქართველო, მთლიანობაში, აკონტროლებს ვითარებას ცხინვალში. ჯავის გარდა, ყველა დასახლებულ პუნქტს ჩვენ ვაკაონტროლებთ. რუსული საინფორმაციო საშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ცხინვალში ოსი სეპარატისტები შევიდნენ, რეალობას არ შეესაბამება. ეს სიცრუეა.

საერთოდ ამ ინფორმაციას სხვადასხვა საშუალებები, მათ შორის, დასავლეთის საინფორმაციო საშუალებებიც ავრცელებენ.

– უბრალოდ, იმეორებენ იმას, რასაც რუსული არხები ავრცელებენ. როგორ შეეძლოთ სეპარატისტებს ცხინვალამდე მიღწევა, მაშინ, როდესაც ე.წ. გუფთის ხიდი აფეთქებულია? სატელევიზიო კადრები, რომლებსაც რუსეთი ავრცელებს, სიცრუეა. ყველანი ვხედავთ, რომ საქართველოს წინააღმდეგ ომი მიმდინარეობს, რუსული მედია კი საინფორმაციო ომში არის ჩართული. ამაში გასაოცარს ვერაფერს ვხედავ.

რჩება თუ არა ძალაში საქართველოს პრეზიდენტის წინადადება ოსი სეპარატისტების ამნისტირების შესახებ?

– ეს წინადადება მართლაც ძალაში იყო, მაგრამ ახლა ამაზე საუბარი უკვე რთულია, რადგან არც კი ვიცით,სად იმყოფებიან ამჟამად სეპარატისტები.

როგორ ფიქრობთ, როდისთვის არის შესაძლებელი ცხინვალში მშვიდობის აღდგენა?

ჩვენი სურვილია, რომ ეს დღესვე მოხდეს. რუსული სამხედრო ინტერვენცია რომ არა, უკვე ასეც იქნებოდა. სისხლისმსმელები არ ვართ. ჩვენ დაინტერესებულები ვართ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობა რაც შეიძლება სწრაფად დაუბრუნდეს საკუთარ სახლებს. საქართველოს მთავრობა მზად არის, გამოყოს სახსრები ცხინვალის აღსადგენად.

თუ შეიძლება, გვითხარით, მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები რუსეთთან?

– ამ ეტაპზე მოლაპარაკება რუსულ მხარესთან არ მიმდინარეობს. იმისათვის, რომ ეს მოხდეს, რუსეთმა საომარი მოქმედებები უნდა შეწყვიტოს.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3330

13:49 09.08.2008

 

 

მედვედევი ისვრის და ცეცხლის შეწყვეტისკენ მოგვიწოდებს

 

როგორც BBC იტყობინება, რუსეთის ფედერაცია ცდილობს მაქსიმალურად გაზარდოს ტანკების რაოდენობა სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ამვდროულად, რუსეთის ავიაციამ ქალაქ გორის ცენტრალურ უბნებს საავიაციო დარტყმა მიაყენა.

მათ სამიზნეებს სავარაუდოდ სამხედრო ბაზები წარმოადგენდა, თუმცა საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ დაღუპულია მშვიდობიანი მოსახლეობა. BBC-ს რეპორტიორებმა იხილეს ძლიერ დაზარალებული მოსახლეობა, რომლებიც თავისსავე საცხოვრებელ სახლებში რუსული ჭურვებით არიან დაჭრილები.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტმა მედვედევმა განაცხადა, რომ იღწვის იმისთვის, რათა ”საქართველოს მშვიდობა აიძულოს”. რუსეთის სამხედეროებმა ასევე განაცხადეს, რომ გააგრძელებენ ჯარის შეყვანას სამხრეთო სეთში და განახორციელებენ სამხედრო ოპერაციებს.

BBC-ს კორესპონდენტმა ჯეიმს როჯერსმა, მოსკოვიდან გვამცნო, რომ სამშვიდობო მოლაპარაკება ფიასკოთი დამთავრდა. გაეროს უსაფრთხოების საბჭომ ვერ შეძლო შეეჯერებინა იმ განცხადების ტექსტი, რომელიც ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებდა.

რუსეთი გაეროს საბჭოს მუდმივი წევრია და მას შესწევს უნარი, ვეტო დაადოს ნებისმიერ რეზოლუციას, რომელსაც საჭიროდ ჩათვლის. დიდი ბრიტანეთი, აშშ და საფრანგეთი აგრესიაში დამნაშავედ რუსეთს თვლიან.

სანამ რუსეთის ფედერაცია სამხრეთ ოსეთში ჯავშანტექნიკის გადასროლას აწარმოებს, სერგეი ლავროვმა 1500 მშვიდობიანი მოქალაქის და 15 დაღუპული ჯარისკაცის შესახებ გააკეთა განცხადება.

ამ დროს კი კრემლში

– ”ჩვენი მშვიდობისმყოფელები და სამხედრო ქვედანაყოფები ცდილობენ შეაჩერონ ქართული ცეცხლი. ისინი ასევე პასუხს აგებენ იაფფასიან პროვოკაციაზე” – განაცხადა სერდიუკოვმა. პარალელურად, რუსული მედია  ავრცელებს ინფორმაციას სამხრეთ ოსეთში, რუსეთის ფედერაციის ელიტური სადესანტო ქვედანაყოფის გადასროლის შესახებ. 

მიუხედავად იმისა, რომ შეტევა ცხინვალზე შაბათის ღამეს არ იყო ინტენსიური, რუსულმა თვითმფრინავებმა განახორციელაეს ავიაიერიში იმ სამხედრო ბაზებზე, საიდანაც ხორციელდებოდა შეტევა ცხინვალის მიმართულებით.

BBC-ს კორესპონდენტმა რიჩარდ გალკინმა დაინახა აფეთქება ქალაქ გორის ცენტრში. ერთ-ერთი რაკეტა სამხედრო ბაზას მოხვდა. ჯარისკაცებმა მოასწრეს ევაკუირება. აფეთქების შედეგად არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. ამ დროისათვის მიმდინარეობს დაჭრილთა და დაღუოულთა გამოყვანა დანგრეული სახლებიდან.

პრეზიდენტ სააკაშვილის წარმომადგენელი აცხადებს, რომ საქართველო სააგანგებო მდგომარეობის შემოღებას გეგმავს. უსაფრთხოების მიზნით, საქართველოში მიმდინარეობს სამთავრობო შენობების ევაკუირება.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3332

14:36 09.08.2008

 

გორის შემოგარენში კვლავ სროლები და ჭურვების აფეთქების ხმა ისმის

[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]

გორის შემოგარენში ამ დროისთვის კვლავ სროლები და ჭურვების აფეთქების ხმა ისმის. ამის შესახებ ”პირველს” გორიდან აცნობეს.

წყაროს ინფრმაციით, რუსული ბომბდამშენების მიერ ქალაქის საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვის შედეგად მსხვერპლი დიდია. დაღუპულთა შორის არიან ბავშვებიც. შეგახსენებთ, რომ მთელი დღის განმავლობაში რუსული ავიაცია გორს ბომბავს.

დაბომბილია, მათ შორის, ოთხი საცხოვრებელი კორპუსი და სასწავლებელი. რუსეთის ავიაციამ გორში ე.წ. კომბინატის დასახლება, წყალწმინდის სამხედრო ბაზა და სატანკო ბატალიონის ტერიტორია დაბომბა.

სატანკო ბატალიონზე რუსულმა მხარემ ორჯერ მიიტანა იერიში, აფეთქებულია ტყვია-წამლის საწყობი, დაიწვა ყაზარმები.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3334

15:46 09.08.2008

 

რუსულ ტელევიზიებს პროტესტის ნიშნად უცხოელი კორესპონდენტები ტოვებენ

[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]

რუსული ტელევიზიის ”რაშენ თუდეის” თბილისის კორესპონდენტმა უილიამ დაბნარმა რუსეთის მიერ საქართველოს მისამართით განხორციელებული საბრძოლო აგრესიის გამო პროტესტის ნიშნად ტელევიზია დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას media.ge ავრცელებს. მისი მონაცემებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჟურნალისტმა მას შემდეგ მიიღო, რაც რუსულმა ავიაციამ საქართველოს ქალაქებისა და სოფლების ინტენსიური დაბომბვა დაიწყო.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3338

17:09 09.08.2008

 

 

რეზერვისტების გაწვევა უფრო ორგანიზებული გახდა

[ნინო ლოლაძე]

ქვეყანაში სრული მობილიზაციაა გამოცხადებული. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით რეზერვისტების გაწვევა გუშინ დილიდან დაიწყო. ყველა მამაკაცი, რომელმაც რეზერვში სამხედრო გადამზადება გაიარა, ვალდებულია, დისლოკაციის ადგილზე გამოცხადდეს.

რეზერვისტებს ტელეფონით უკავშირდებიან და კომისარიატებში გამოცხადებას სთხოვენ. შეტყობინების მიღებიდან 24 საათის განმავლობაში რეზერვისტი ვალდებულია, საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მიაკითხოს კომისარიატს.

ვინც აღნიშნულ ვადას დაარღვევს, “დეზერტირად” გამოცხადდება და კანონის შესაბამისად დაისჯება. როგორ ცნობილია, ყველა რეზერვისტი მზად არის, ბრძოლაში ჩაერთოს და სამშობლოს წინაშე ვალი ღირსეულად მოიხადოს. ვადების დარღვევა და მოქალაქეობრივი ვალისათვის თავის არიდება არ ხდება.

მართალია, ქვეყანაში სრული მობილიზაციაა გამოცხადებული, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თითოეული მამაკაცი ვალდებულია, ბრძოლის ველზე გავიდეს. ცხადია, მათ, ვისაც რეზერვი არ გაუვლიათ, შეუძლიათ მოხალისეებად წავიდნენ. როგორც ცნობილია, მოხალისეების რიცხვიც საკმაოდ სოლიდურია.

ამ დროისათვის რეზერვისტები სხვადასხვა სამხედრო ბაზებზე იმყოფებიან და განაწილებას ელოდებიან. თუმცა, როგორც “პრესა.გე”-სათვის გახდა ცნობილი, რეზერვისტების დიდი ნაწილი, რომელიც დღეს გამოცხადდა კომისარიატებში, სახლებში უკან გამოაბრუნეს. ჩვენთან საუბრისას რეზერვისტებმა განაცხადეს, რომ ამ ეტაპზე მათი წაყვანის საჭიროება არ არის.

კახა, რეზერვისტი: “გუშინ დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით კომისარიატში მივსულიყავი. დღეს დილით 9 საათისთვის ჩემს მეზობლებთან და მეგობრებთან ერთად მივედი და მალევე ყველა უკან გამოგვიშვეს. გვითხრეს, რომ ამ ეტაპზე ჩვენი გაწვევის საჭიროება აღარ არის და თუ აუცილებელი იქნება, დაგვირეკავენ და მისვლას მოგვთხოვენ. თუმცა, არ დაუკონკრეტებიათ, როდის გამოგვიძახებენ. ჩვენ მზად ვართ, სამშობლოს დასაცავად წავიდეთ. ახლა ჩემი მეგობრები იქ არიან და მე აქ გული არ მიჩერდება, მაგრამ იარაღი არ მომცეს და ისე ხომ ვერ წავალ?! როგორც სახელმწიფო ჩათვლის საჭიროდ, ყველამ ისე უნდა ვიმოქმედოთ”.

ჩვენ შევეცადეთ ეს ინფორმაცია თავდაცვის სამინისტროში გადაგვემოწმებინა. “პრესა.გე” სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს ნანა ინწკირველს ესაუბრა.

როგორც ჩვენთვის ცნობილია, დღეს კომისარიატებში გამოცხადებული რეზერვისტები სახლში უკან გამოაბრუნეს და უთხრეს, რომ მათი ჯარში წაყვანის საჭიროება აღარ არის.

– რეზერვისტების საკმაოდ სოლიდური რაოდენობაა უკვე გაწვეული და საჭიროა მათი გადანაწილება. ამიტომ, რეზერვისტთა გაწვევა ეტაპობრივად მიმდინარეობს. სხვათა შორის, დღეს დილით ჩემი შვილიც მივიდა, უკან გამოუშვეს და უთხრეს, რომ ამ დღეებში დაუძახებენ.

ანუ, მათ, ვინც დღეს უკან გამოაბრუნეს, კვლავ დაუძახებენ?

– სავარაუდოდ, ამ რეზერვისტებს ორ დღეში კვლავ გამოიძახებენ და საჭიროების მიხედვით გადაანაწილებენ.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3339

17:13 09.08.2008

 

 

კოდორი იბომბება, კურორტ შოვის თავზე ბომბდამშენებია, სასაზღვრო პოლიცია ”საგანგებოზეა”

[”ინტერპრესნიუსი”]

რუსეთმა კოდორის ხეობა ბლოკადაში მოაქცია. ჭურვები ზემო აფხაზეთის სოფლებში საკენში და ქვაბჩარაში ჩამოყარეს.

ამასთან, რუსული ბომბდამშენების მიერ დაიბომბა და განადგურდა ზემო აფხაზეთში მისასვლელი გზა.

ასევე გაწყვეტილია კავშირი თავად ხეობის სოფლებს შორის. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ არის.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით რუსულმა მზვერავმა თვითმფრინავებმა ზემო აფხაზეთში მთავრობის წევრების საცხოვრებელი კოტეჯები დაზვერეს.

ზემო აფხაზეთის ტერიტორიას ”მიგ-29” ტიპის 8 მფრინავი აპარატი ზვერავდა.

ბომბორადან ხეობაში ჯერ ოთხი მზვერავი თვითმფრინავი შეფრინდა, შემდეგ მას კიდევ სამი მიჰყვა, რომელთაგან ერთ-ერთმა სოფელ აჟარაში მდებარე აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის წევრების საცხოვრებელი კოტეჯები დაზვერა.

ახლახანს ონის რაიონში, კურორტ შოვის თავზე რვა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა გადაიფრინა.

თვითმფრინავები მამისონის უღელტეხილის მიმართულებით გაფრინდნენ, სადაც საქართველო-რუსეთის საზღვრის ჩრდილოეთ ოსეთის მონაკვეთი გადის.

დაახლოებით ერთი საათის წინ კი, რუსულმა ავიაციამ ქალაქ ონში ჭურვი ჩამოაგდო, თუმცა, აფეთქება მთებში მოხდა და შედეგად არავინ დაზარალებულა.

დღეისთვის საქართველოს სასაზღვრო პოლიცია საზღვრის დაცვის გაძლიერებულ რეჟიმზეა გადასული.

სასაზღვრო პოლიციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მესაზღვრეების დამატებითი ძალები გადაყვანილია სახელმწიფო საზღვრის დასაცავად.

მათივე ცნობით, რუსეთ_საქართველოს საზღვრის დასაცავად, ზემო ლარსის, ზემო აფხაზეთის, ჯავა-ონის, ასევე, ჩეჩნეთ-დაღესტან-ინგუშეთის მონაკვეთზე მობილიზებულია მესაზღვრეთა სათანადოდ გაწვრთნილი სპეციალური რაზმები.

საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე კონცენტრირებულია საზღვრის დაცვის უახლესი საშუალებები. მიმდინარეობს გაძლერებული პატრულირება.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3341

17:58 09.08.2008

 

 

ქართულმა სპეცრაზმმა წრიაყანის მთავარ სიმაღლეზე რუსული სპეცდანიშნულების რაზმი სრულად გაანადგურა

[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]

ქართულმა სპეცრაზმმა ცხინვალის კონფლიქტის ზონაში, წრიაყანის მთავარ სიმაღლეზე რუსეთის ფედერაციის სპეცდანიშნულების რაზმი სრულად გაანადგურა.

ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა.

მან ასევე დაადასტურა, რომ ქართულმა ჯარებმა რუსული ავიაციის 10 ბომბდამშენის განადგურებაც შეძლეს და რამდენიმე რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს.

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსულ მხარეს ქართველებთან ტყვედ ჩავარდნილ სამხედროებს ”წითელი ჯვრის” საშუალებით დაუბრუნებენ.

ამის შესახებ პრეზიდენტმა სააკაშვილმა დღეს საპარლამენტო ოპოზიციასთან შეხვედრის დროს განაცხადა.

– ”ჩვენს ჯარებს ტყვედ რამდენიმე რუსი ჯარისკაცი ჰყავთ აყვანილი, თუმცა ჩვენ მათ დაკავებას არ ვაპირებთ და რუსულ მხარეს საერთაშორისო ორგანიზაცია ”წითელი ჯვრის” საშუალებით გადავცემთ”, – განაცხადა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, რუსეთს კონფლიქტის ზონაში დაღუპული ჯარისკაცების გვამებსაც გადასცემენ.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3343

18:33 09.08.2008

 

 

საქართველოზე აგრესია რუსეთს უკვე 2 მილიარდ დოლარზე მეტი დაუჯდა.

[ლევან სეფისკვერაძე]

რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული გამოუცხადებელი ომის ყველაზე მძიმე მომენტი დღევანდელი დღე იყო. რუსულმა ავიაგამანადგურებლებმა ქალაქ გორის დაბომბვა დილის 10 საათიდან დაიწყეს და ეს თითქმის მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდა. სუ 24 და სუ 25-ის ტიპის რუსულმა თვითმფრინავებმა ბომბები ჩამოყარეს გორის სატანკო დივიზიაში.

დაბომბვების შედეგად ათეულობით ადამიანი დაიჭრა და დაიღუპა. აგრესორებმა ასევე იერიში მიიტანეს გორის მჭიდროდ დასახლებულ საცხოვრებელ რაიონებშიც. დაიბომბა კომბინატისა და წმინდაწყლის დასახლებები. დაინგრა 4 საცხოვრებელი კორპუსი. ქართველების მიერ ჩამოგდებული ერთ-ერთი რუსული ბომბდამშენის ცოცხლად გადარჩენილი მფრინავი იგორ ზინოვი, “ვერ იხსენებდა”, თუ კონკრეტულად რა დავალებით იყო საქართველოში შემოფრენილი.

გააფთრებული ომი გაგრძელდა უშუალოდ კონფლიქტის ზონაშიც. ჩვენს მიერ გადამოწმებული ინფორმაციით, ქართველი მებრძოლების განსაკუთრებული შემართების მიუხედავად, ჩრდილოკავკასიიდან შემოსულმა რუსეთის 53-ე ბრიგადის რუსმა მებრძოლებმა ცხინვალის რამდენიმე უბნის დაკავება მაინც მოახერხეს. ქართული სოფლის მოსახლეობა ამ დროს უკვე უსაფრთხო ადგილზე იყო გახიზნული და ამან ქართულ არმიას საშუალება მისცა, დაცარიელებულ სოფლებში ძლიერი გამაგრებული პუნქტები შეექმნათ.

გორგი ქარუმაშვილი, დიდი ლიახვის ხეობის მკვიდრი: “ჩვენმა ბიჭებმა გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთეს და ახლაც ლომებივით იბრძვიან. ახლა მთავარია ამერიკამ მოგვხედოს, თორემ მარტო ჩვენ რუსეთთან ვერაფერს გავხდებით. მსხვერპლი ჩვენთანაცაა, მაგრამ ჩვენებმა რუსები მართლა არ გაახარეს და მე როგორც მითხრეს, რუსებმა გვამებით სავსე ორი დიდი ტრაილერი გადაიყვანეს ვლადიკავკაზში. ადგილობრივები ძირითადად გასულები არიან კონფლიქტის ზონიდან. სოფლებში მარტო ბრძოლისუნარიანი მამაკაცები ვართ და ჩვენი სახლების დათმობას არ ვაპირებთ”.

დროებითი წარმატება რუსებს საკმაოდ დიდი მსხვერპლის ფასად დაუჯდათ. დაუდასტურებელი მონაცემებით, ქართველი მებრძოლების მიერ 100-ზე მეტი რუსი აგრესორის ლიკვიდაცია მოხდა. გარდა ამისა, ჯავასთან ახლოს მომხდარი შეტაკებების დროს, განადგურდა 20-მდე ერთეული რუსული მძიმე ტექნიკა. ამ მონაცემებს თუ ჩამოდგებულ რუსულ თვითმფრინავებს და წინა დღეებში განადგურებულ მტრის ტექნიკას დავუმატებთ, აღმოჩნდება, რომ რუსეთს საქართველოზე აგრესია 2 მილიარდ დოლარზე მეტი უკვე დაუჯდა.

აგრესია განხორციელდა კოდორის ხეობაზეც. კოდორში განლაგებული ქართული სამშვიდობო ძალების ავიაციიდან დაბომბვის შემდეგ, მათზე რუსებმა სახმელეთო იერიში მიიტანეს, თუმცა ქართული შენაერთები მტერს მომზადებულნი დახვდნენ და რუსებმა ხეობაში წინ წაწევა ვერ მოახერხეს. როგორც ჩანს, კოდორში კიდევ უფრო გააფთრებულ ბრძოლებს უნდა ველოდოთ.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3344

18:42 09.08.2008

 

რუსეთის სატანკო იერიშის გეგმამ კრახი განიცადა

[საინფორმაციო სააგენტო ”პირველი”]

რუსეთის გეგმა სატანკო იერიშის განხორციელების შესახებ ჩაიშალა. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ეკა ზღულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ქართული შენაერთების მიერ აფეთქებულია რუსეთის ფედერაციის 40-მდე ტანკი და ჩამოგდებულია ათი მოიერიშე თვითმფრინავი.

მისივე განცხადებით, ორი დაჭრილი რუსი პილოტი გადაყვანილია თბილისის ღუდუშაურის სახელობის საავადმყოფოში და ამ დროისთვის მათ სასწრაფო სამედიცინო დახმარება უტარდებათ. როგორც ზღულაძემ აღნიშნა, რუსი სამხედროები კონფლიქტის ზონაში გარკვეულ გადაჯგუფებებს ახორციელებენ და შესაბამისი ტაქტიკური ცვლილებები განხორციელდება ქართულ შენაერთებშიც.

ეკა ზღულაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ”ქართული შეიარაღებული ძალები ინარჩუნებენ სიმშვიდეს ცხინვალსა და მის შემოგარენში”.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3345

19:21 09.08.2008

 

 

“ნიუ იორკ თაიმსი” – ვინაა პასუხისმგებელი პუტინი თუ მედვედევი

[”ინტერპრესნიუსი”]

“ესკალაცია “სამხრეთ ოსეთში” კავკასიაში დროებით მიწყნარებული კონფლიქტის განახლების საშიშროებას ქმნის, რომელიც მსოფლიო ბაზრებს კასპიის ზღვის ნავთობით ამარაგებს, – წერს გავლენიანი გაზეთი “ნიუ იორკ თაიმსი”.

როგორც სტატიის ავტორი მიიჩნევს, რუსეთის ინტერვენცია კონფლიქტში – კრემლის თავდაჯერების ნიშანია და, გარკვეულწილად, საკუთარი სამხედრო ძალის გამოცდაც, რომლის მოდერნიზებას პუტინი თავისი ორი საპრეზიდენტო ვადის დროს ცდილობდა.

ამერიკელი ჟურნალისტის აზრით, არსებულმა კონფლიქტმა კიდევ ერთხელ გაამყარა მოსაზრება რუსეთის ახლანდელი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის ძალაუფლების შეზღუდულობაზე, რომელიც პუტინის ხელდასმული მემკვიდრეა.

– “მთელი დღის განმავლობაში რუსეთის პოზიცია მხოლოდ პუტინმა დაიცვა, რომელიც ჩინეთის ოლიმპიურ თამაშებზე იმყოფებოდა. მედვედევმა კი საკმაოდ გაურკვეველი ოფიციალური განცხადება გააკეთა, იმის თაობაზე, თუ ვინ გასცა ბრძანება რუსეთის მიერ წამოწყებულ სამხედრო ოპერაციაზე. საგარეო პოლიტიკა ხომ ოფიციალურად პუტინის პორტფოლიოს ეკუთვნის”, – წერს “ნიუ იორკ თაიმსი”.

ჩრდილოელი მეზობლის მიერ წარმოებული პოლიტიკის აბსურდულობაზე სტატიის ავტორს თავისუფალი რუსული რადიოსადგურის- “ეხომოსკვის” კომენტარიც მოჰყავს. “ოსეთში ომმა ნათლად აჩვენა ჩვენი სახელმწიფო მმართველების იდიოტობა. ვინ არის პასუხისმგებელი – პუტინი თუ მედვედევი?”- აცხადებს “ეხო-მოსკვის” ჟურნალისტი.

“ნიუ-იორკ თაიმსი” გაეროში აშშ-ის ყოფილი ელჩის, რიჩარდ ჰოლბრუკის განცხადებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომლის თქმით, რუსეთის ინტერვენციას ორი მკაფიო მიზანი აქვს – სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ანექსია, ასევე სააკაშვილის განდევნა, რომელიც დიდი ხანია, უკვე ეკლად ესობა.

http://presa.ge/index.php?text=news&i=3346

19:39 09.08.2008

 

 

One Response to “• 09.08.08”

  1. Leoma Lockyer said

    I love the layout of your site, what theme do you use?

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s