Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

საყდრისი. წერილი ოდიშარიას

Posted by iberiana on May 21, 2014


odisharia

საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტის წერილი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრ გურამ ოდიშარიას

2013 წლის 5 ივლისს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ბათილად სცნო საყდრისის პრეისტორიული სამთამადნო ძეგლის სტატუსი, ხოლო მოგვიანებით გაუქმდა ძეგლის არქეოლოგიური დაცვის ზონაც. როგორც მოგეხსენებათ, 2004 წლიდან საყდრისზე კვლევას აწარმოებდა ქართულ-გერმანული ექსპედიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ მაღარო დღემდე გამოვლენილ პრეისტორიულ მაღაროთაგან უძველესია და ძვ.წ. IV-III ათასწლეულებით თარიღდება. 2014 წლის 27 იანვარს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს სტრატეგიულმა საბჭომ განიხილა არქეოლოგების მიერ წარმოდგენილი მასალა და ერთხმად შეიმუშავა რეკომენდაცია ძეგლის სტატუსის მინიჭებაზე, თუმცა თქვენ მას ძეგლის სტატუსი არ მიანიჭეთ და მომზადებული დოკუმენტაცია, რამდენადაც ცნობილია, ხელმოუწერელი დატოვეთ. უფრო მეტიც, 2014 წლის 13 მარტს თქვენდამი ქვემდებარე უწყებამ დადებითი დასკვნა გასცა საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ობიექტზე მსხვილმასშტაბიანი სამთო სამუშაოების საწარმოებლად.

ბატონო გურამ, ჩვენ კარგად გვახსოვს თქვენთან შეხვედრა საყდრისში, იმედიანად განვეწყვეთ, გვახსოვს დაპირებები და კომპრომისის მცდელობა ქვეყნის საკეთილდღეოდ. ბევრი ვისაუბრეთ ეროვნულ ინტერესებზე. საყდრისში კარვების აქცია უკვე 37 დღეა მიმდინარეობს. მთელმა ქვეყანამ გაიგო საყდრისის პრობლემის თაობაზე. დიდია ქართული საზოგადოებისა და მსოფლიო სამეცნიერო წრეების ინტერესი საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროების მიმართ. აქედან გამომდინარე, საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი მოითხოვდა იმ საერთაშორისო ექსპერტთა მოწვევას, რომლებსაც საქართველოს მთავრობას სთავაზობდა გერმანიისა და აშშ-ს საელჩოები. სამწუხაროდ, თქვენდამი ქვემდებარე უწყებამ პროცესები წარმართა გაუმჭვირვალედ, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ მოწვეულ იქნა ორი ექსპერტი: ვენელინ ჟელევ ჟელევი (გეოლოგი, პროფესორი, ბულგარეთი) და ალბრეხტ იოკენჰოველი (არქეოლოგი, პროფესორი, დოქტორი, გერმანია). მიუხედავად იმისა, რომ სააგენტომ ექსპერტები თავისი შეხედულებისამებრ შეარჩია, მოწვეულმა მეცნიერებმა საკუთარ დასკვნაში, რომელიც სააგენტომ გაავრცელა ქართულ და ინგლისურ ენაზე, სწორედ მათზე დაყრდნობით, საყდრისი აღიარეს არქეოლოგიურ ობიექტად და ცალსახად დაადასტურეს პრეისტორიული მაღაროს არსებობა. იმ ქართული მხარისთვისაც, რომელიც ვერ იყო გარკვეული საყდრისის კულტურალურ მნიშვნელობასა და ღირებულებაში, ფაქტიურად ცხადი გახდა, რომ უკვე საუბარი გვაქვს მსოფლიო მნიშვნელობის ძეგლზე, რომელსაც მთელი მსოფლიო, ასევე ქართველ მეცნიერთა დიდი ნაწილი და მთელი საზოგადოება აღიარებს. ახლა უკვე ყველანაირი მსჯელობა, მტკიცება და საუბრები, თითქოს საყდრისში კულტურული ფენა აღარ არის და თითქოს საყდრისი არ წამოადგენს კულტურულ ძეგლს – აბსურდულია. რადგან ეს აღიარება სააგენტოს მხრიდან მოწვეულმა ექსპერტებმაც გააკეთეს, უკვე აუცილებელია სხვადასხვა მხარეების მონაწილეობითა და ჩართულობით საკითხზე უფრო წარმომადგენლობითმა და სანდო ჯგუფმა იმუშაოს.

მიუხედავად ამ აღიარებებისა, დღემდე ბუნდოვანია სახელმწიფოს პოზიცია საყდრისი-ყაჩაღიანთან, როგორც არქეოლოგიურ ობიექტთან მიმართებაში. კულტურის სამინისტროში საყდრისი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტისთვის ძეგლის სტატუსის მისანიჭებელი განაცხადის საფუძველზე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო ვალდებულია საყდრისი-ყაჩაღიანი შეიტანოს კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა ნუსხაში, რაც უზრუნველყოფს მის დაცულობას მანამ, სანამ კულტურის მინისტრი არ მიიღებს გადაწყვეტილებას სტატუსთან დაკავშირებით. არქეოლოგიური ობიექტების მართვის დღევანდელი მეთოდოლოგია ითვალისწინებს მისი ნაწილის შემონახვას მომავალი თაობებისათვის, რათა უფრო განვითარებული ტექნოლოგიისა და მეცნიერების მეშვეობით უფრო დიდი ინფორმაციის მიღება გახდეს შესაძლებელი ამ ობიექტიდან. არქეოლოგიური თვალსაზრისით არქეოლოგიური ობიექტის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ შესასწავლია, რაც შეუძლებელია განხორციელდეს ოქროს მომპოვებელი კომპანიის მუშაობის პარალელურად.

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე მოვითხოვთ:

1. საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვს უმოკლეს ვადებში მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი

2. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს გერმანიისა და აშშ-ს საელჩოების მიერ შემოთავაზებული საერთაშორისო ექსპერტების მოწვევა არქეოლოგიური ძეგლის მართვის გეგმის შემუშავების მიზნით

3. კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ თავისი კომპეტენციის ფარგლებში დასვას იმ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი, ვისი მიზეზითაც დაზიანდა კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი. აღნიშნულ მოთხოვნას პრევენციული ხასიათი აქვს და მიზანს წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ ის, რომ მომავალში აღარ განმეორდეს მსგავსი ვანდალური ფაქტები. აუცილებლად უნდა იქნას ზომები მიღებული, რომ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, წინაპრებისა და მომავალი თაობების წინაშე აღარ ჰქონდეს ადგილი მსგავს მოღალატეობრივ გადაწყვეტილებებსა და ქმედებებს.

ბატონო გურამ, ჩვენი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, სხვა გზა არ დაგვრჩება და საყდრისის გადარჩენის საზოგადოებრივი კომიტეტი მიმართავს ყველა იმ საერთაშორისო ორგანიზაციას (მათ შორის ევროკავშირის შესაბამის სტრუქტურებსაც), რომლებთანაც საქართველოს აქვს ვალდებულებები კულტურული მემკვიდრეობის დაცვის თაობაზე. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი უკვე საქმის კურსშია საყდრისის პრობლემასთან დაკავშირებით. ჩვენ არ გვსურს, რომ შექმნილმა ვითარებამ ხელი შეუშალოს საქართველოს ევრო-ინტეგრაციულ მისწრაფებას. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, რომელსაც ხელი ივლისში უნდა მოეწეროს, მკაფიოდ განსაზღვრავს, რომ მხარეები ითანამშრომლებენ ევროკავშირის ქვეყნებთან სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში, რამაც უნდა უზრუნველყოს შესაბამისი მიდგომების და პოლიტიკის დანერგვა ჩვენს ქვეყანაში, სხვადასხვა ინსტიტუციებში და, კონკრეტულად, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებში.

ბატონო გურამ, თქვენ არ გაგიჭირდებათ გაცნობიერება, რომ საკითხი ეროვნულ ინტერესებს ეხება. ამ პროცესებს აკვირდება და გულშემატკივრობს ყველა ქართველი. ჩვენც ვაცნობიერებთ, თქვენ არჩევანის წინაშე დგახართ – თანამდებობა თუ ეროვნული, პატრიოტული სულისკვეთება, რომელშიც წინაპრების და მომავალი თაობის ინტერესები იკვეთება.

საყდრისი აღიარა მთელმა მსოფლიომ, ელოდება ოფიციალურ აღიარებას საქართველოდან.

20.05.2014

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s