Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

წყალტუბოს აღორძინება კარგია, ოღონდ კაზინოების გარეშე

Posted by iberiana on ნოემბერი 4, 2019


წყალტუბოს აღორძინება კარგია, ოღონდ კაზინოების გარეშე

tskaltubo

წყალტუბო, როგორც სამკურნალო პუნქტი, ჯერ კიდევ 12-13-ე საუკუნეებიდან ჩნდება ისტორიულ წყაროებში, მეოცე საუკუნეში კი ის ბალნეოლოგიურ კურორტად ჩამოყალიბდა, მეცნიერულად დასაბუთებული და ორიგინალური დაგეგმარებით გაშენდა 22 სანატორიუმი, 9 აბანო, 150-ზე მეტი სახეობის ფოთლოვანი და წიწვოვანი კულტურა.

საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების კვალი წყალტუბოსაც მწვავედ დაეტყო: გაიძარცვა და გაპარტახდა ყველა სანატორიუმის კომპლექსი. დღეისთვის კი მხოლოდ რამდენიმე მათგანშია განხორციელებული ინვესტიცია, სადაც სამკურნალოდ ჩასული ადამიანებისა და ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. წყალტუბოს პოტენციალის სრულად ათვისებისთვის შესანიშნავია საქართველოს ექსპრემიერის ბიძინა ივანიშვილის წინადადება. დარწმუნებული ვართ, ყველა სანატორიუმისა და აბანოს სრული რეაბილიტაცია ხელს შეუწყობს სამკურნალო ტურიზმის განვითარებას, რაც მთლიანად რეგიონისთვის ახალი სიცოცხლის მიმცემი იქნება.

თუმცა, მოსახლეობას, ალბათ, ახსოვს 2013 წლის 5 მარტს პარლამენტში შესული პეტიცია: „ჩვენ შემოვედით პეტიციით, რომ მოხდეს ამ სათამაშო ბიზნესის სრული აკრძალვა, თავის მავნე ჩვევებიდან გამომდინარე. თუმცა, სანამ სრული აკრძალვა მოხდებოდეს, მანამდე ჩვენ წარმოვადგინეთ რეგულაციები, სადაც არის მითითებული, რომ შემოღებული იქნას ასაკობრივი და ქონებრივი ცენზი, გადატანილი იყოს დასახლებული და რელიგიური და სასწავლო დაწესებულებიდან მოშორებით, არადასახლებულ ადგილებში”.

მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ამის საპასუხოდ კი განაცხადა, რომ კაზინოებს დახურვა არ დაემუქრებოდა, არამედ მათი გადატანა მოხდებოდა სპეციალურ ადგილებში. ამის შესახებ კი ეკონომისტმა ირაკლი ლექვინაძემ გამოთქვა მოსაზრება, რომ კაზინოების სპეციალურ რეგიონებში გატანას მხოლოდ მაშინ ექნება აზრი, თუ, ეს რეგიონი სხვა თანმდევი ტურისტული ინფრასტრუქტურით იქნება მოწყობილი:

“მაგალითად, წყალტუბოში ხელისუფლებამ, მცდელობის მიუხედავად, „ლას ვეგასი“ ვერ შექმნა.“ წყალტუბოს „ლას ვეგასად“ გადაქცევის იდეა ჯერ კიდევ “ვარდების რევოლუციის” დროს გაუჩნდა მაშინდელ ხელისუფლებას, მიღებული იქნა საგადასახადო შეღავათები, მაგრამ მიუხედავად ამისა, წყალტუბოში სათამაშო ბიზნესი ვერ განვითარდა.“

ახლა კი, როცა წყალტუბოს სანატორიუმების სრული რეაბილიტაცია და ინფრასტრუქტურის განვითარება დასრულდება, ვხედავთ საფრთხეს, რომ პარალელურად აქ კაზინოების განთავსებაც დაიწყოს.

ბატონ ბიძინა ივანიშვილს ვთხოვთ, თუ თბილისიდან და დიდი ქალაქებიდან კაზინოების გადატანის გეგმის შემუშავებას დაიწყებთ, ამისთვის შეარჩიეთ საზღვრისპირა დაუსახლებელი ადგილები, იქ გააშენეთ შესაბამისი ინფრასტრუქტურაც. წყალტუბო იყო, არის და უნდა დარჩეს მსოფლიოში უნიკალურ ბალნეოლოგიურ კურორტად, რომელიც მოემსახურება მხოლოდ ადამიანების ფიზიკურ გამოჯანმრთელებას!

სამეფო კლუბის სახელით

ანა მიქაუტაძე

 

 

 

 

One Response to “წყალტუბოს აღორძინება კარგია, ოღონდ კაზინოების გარეშე”

  1. ეკა said

    ყველა ექიმის აზრი და სურვილი იყო საქართველოში შიდა სამედიცინო ტურიზმის აყვავება სწორედ უნიკალური და არაერთგზის შესწავლილი, მრავალი საკურორტო- სამკურნალო ადგილის განვითარების გზით. ეს ადგილები სამეცნიერო დონეზეა გამოკვლეული მე-19 საუკუნის ბოლოდან მოყოლებული და მოხსენიებულია ჯერ კიდევ პრექრისტიანული ხანის მითებში, მეორე ათასწლეულში. როგორ შეიძლება, არა მარტო წყალტუბოს, სამკურნალო- სარეაბილიტაციო და პრევენციული შესაძლებლობების ყველა ადგილის მოწესრიგებასა და გამოყენებას არ ეთანხმებოდე, მაგრამ თუ ეს არა ცხოვრებოს ხარისხის გაუმჯობესების და ჯანსაღი წესის დამკვდრების, არამედ მავანთა გართობისა და კაზინოების ბიზნესის ასაყვავებლად გაკეთდება, ჩემი ხელით დავანგრევ!! აბსოლუტურად ვეთანხმები ამ ბიზნესისი სრულიად გაუქმებას ან საზღვრისპირა სოფლებში განთავსებას. იქნებ მაშინ მაინც გაიყვანონ იქ გზები, შუქი და წყალი და დაცლილი სოფლები გადაარჩინონ უცოტომელების დასახლება- მიტაცებისგან.

    Like

Leave a reply to ეკა კომენტარის გაუქმება