Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

Posted by iberiana on მარტი 21, 2020


prezidenti

საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრის წარდგინებით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა

– ჩემო თანამემამულეებო,
დღეს საქართველო, მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას.
მდგომარეობა მძიმეა და მის კიდევ უფრო დამძიმებას უნდა ველოდოთ. ჯერ არ ჩანს დაავადების განკურნების საშუალებები. ჩვენს ხელში მხოლოდ პრევენციაა.
გასულ დღეებში ყველამ ვნახეთ, თუ რამდენად დროულად, ეფექტიანად და უდიდესი პასუხისმგებლობითა და პროფესიონალიზმით მოეკიდა ამ გამოწვევას ჩვენი ჯანდაცვის სისტემა, ლუგარის ცენტრი და ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელობა. მათ მიერ გაცემული პროფესიონალური რჩევების საფუძველზე და, ასევე, დროული და ეფექტიანი რეაგირებით სახელმწიფო უწყებებმა შეძლეს და ჩვენს მოსახლეობაში პირველ ეტაპზე შეაკავეს ვირუსის შემოჭრის ტემპი და მასშტაბი.
მათი ერთობლივი დამსახურებაა ის, რომ დღეისათვის საქართველოში ინფიცირებული ადამიანების რაოდენობა ჯერ კიდევ ათეულების ფარგლებშია.
შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ეპიდემიის პირველი ტალღის შეკავება მოვახერხეთ. ამით შეიძლება ვიამაყოთ, რამეთუ ეს არის ჩვენი საზოგადოების, სახელმწიფო უწყებებისა და ჯანდაცვის სისტემის ერთობლივი მიღწევა.
ეს პირველი წარმატება გამარჯვებად უნდა ვაქციოთ.
ეპიდემიის თვისებიდან გამომდინარე, მზად უნდა ვიყოთ მეორე ტალღისთვის, როცა დაავადებულთა რაოდენობა გაიზრდება და ვირუსი მწვავე ეპიდემიის ფორმას მიიღებს.
ამ ახალ ბრძოლას სჭირდება ახალი იარაღი.
ამიტომ, ახალი კორონავირუსის მასობრივი გავრცელებისა და მზარდი გამოწვევიდან გამომდინარე, ჯანმრთელობის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებული პანდემიისათვის მზაობის გათვალისწინებით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეძლოს საზოგადოების წინაშე თავისი კონსტიტუციური ვალდებულების შესრულება – ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა და მოსალოდნელი საფრთხის შემცირება – პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე და კონსტიტუციის 71-ე მუხლის თანახმად, ვიღებ გადაწყვეტილებას და ვაცხადებ საგანგებო მდგომარეობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
ასევე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წარდგინების საფუძველზე, კონსტიტუციის 71-ე მუხლისა და საგანგებო მდგომარეობის შესახებ კანონის მე-2 მუხლის თანახმად, გამოვცემ დეკრეტს, რომლის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული მთელი რიგი უფლებები, მათ შორის: გადაადგილებისა და მიმოსვლის, საკუთრების, შეკრებისა და თავშეყრის უფლებები; საჯარო სერვისების მიწოდების შესაძლებლობა.
ამ დეკრეტით გათვალისწინებულია საგანგებო რეჟიმის დარღვევის ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სანქციები.
საგანგებო მდგომარეობა ძალაშია 21 აპრილამდე.
ყველასათვის გასაგები უნდა იყოს, რომ ჩვენი კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების შეზღუდვები შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარეობს.
შეზღუდვების დაწესებისას მაქსიმალურად გათვალისწინებულ იქნა ჩვენი დემოკრატიული პრინციპები და არ იქნა შეზღუდული არც გამოხატვის და არც სიტყვის თავისუფლებები, რათა მედიასაშუალებებმა შეუფერხებლად შეძლონ საკუთარი ვალდებულებების შესრულება და საზოგადოების ინფორმირება.
ასევე, დეკრეტით გათვალისწინებულ ზომებში არ შედის არც სრული კარანტინი, არც კომენდანტის საათის გამოცხადება.
ამ ბრძოლის ახალ ეტაპზე მოქალაქეების პასუხისმგებლობა და თვითშეგნება აუცილებელია საგანგებო რეჟიმის წარმატებისთვის და განაპირობებს იმას, რომ შემდეგ ეტაპზე არ დაგვჭირდეს ამ რეჟიმის გამკაცრება.
ყველა მოქალაქეს ვთხოვ, მაღალი პასუხისმგებლობის გამოჩენას, მაქსიმალურ სიფრთხილეს და სოციალური დისტანცირების ნორმების შენარჩუნებას.
მჯერა, რომ გავიმარჯვებთ ერთიანობით და თვითშეგნებით.
***
logo-(1)[1]

მუხლი 1. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების, ქვეყნის წინაშე არსებული მზარდი გამოწვევის გათვალისწინებით, ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოცხადებულ პანდემიაზე შესაბამისი რეაგირების მიზნით და იმისათვის, რომ სახელმწიფომ შეასრულოს თავისი კონსტიტუციური ვალდებულება – უზრუნველყოს დემოკრატიულ საზოგადოებაში აუცილებელი საზოგადოებრივი უსაფრთხოება, ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის შემცირება და სიტუაციის მართვა, საქართველოს კონსტიტუციის 71-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებისა და „საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეიზღუდოს საქართველოს კონსტიტუციის მე-13, მე-14, მე-15, მე-18, მე-19, 21-ე და 26-ე მუხლებში მითითებული უფლებები:
1. საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლი: საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შესაბამის ორგანოებს მიეცეთ უფლება, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი იზოლაციის ან კარანტინის წესების დარღვევისათვის პირი იძულებით გადაიყვანონ შესაბამის დაწესებულებაში საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრულ ადგილას.
2. საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი:
ა) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დაადგინოს იზოლაციისა და კარანტინის წესები;
ბ) შეჩერდეს საერთაშორისო სამგზავრო საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო მიმოსვლა, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევებისა;
გ) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესით, დაარეგულიროს საქართველოს ტერიტორიაზე მგზავრთა გადაყვანა და ტვირთის გადაზიდვა.
3. საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლი:
შეჩერდეს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული პაემნის უფლების მოქმედება.
4. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი:
საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დადგენილებით განსაზღვროს საჯარო სერვისებისა და ადმინისტრაციული საქმისწარმოების განხორციელების საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესები.

5. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი:
საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, აუცილებლობის შემთხვევაში, საკარანტინო, საიზოლაციო და სამედიცინო მიზნებისათვის მის მიერ დადგენილი წესით შეზღუდოს საკუთრების უფლება და გამოიყენოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა ქონება და მატერიალური საშუალებები.
6. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლი:
შეიზღუდოს ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანების თავშეყრა, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა.
7. საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი:
ა) საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებულ კერძო სამართლის სუბიექტებს აეკრძალოთ, შეეზღუდოთ ან დაევალოთ ცალკეული საქმიანობის განხორციელება, ამავე დადგენილებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად;
ბ) საქართველოს მთავრობის დადგენილებით განისაზღვროს ფიზიკური და იურიდიული პირებისა და საჯარო დაწესებულებების მიერ სანიტარიულ-ჰიგიენური წესების დაცვის სპეციალური წესები;
გ) საქართველოს მთავრობამ აუცილებლობის შემთხვევაში უზრუნველყოს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვან მედიკამენტებზე, სამედიცინო პრეპარატებზე, მომსახურებასა და პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასების რეგულირება;
დ) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, დაადგინოს „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „პროფესიული განათლების შესახებ“, „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებით დადგენილი წესისაგან განსხვავებული წესები და პირობები;
ე) საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, მოახდინოს შესაბამისი სამედიცინო განათლებისა და უფლებამოსილების მქონე პირების მობილიზაცია საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
მუხლი 2. საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით შეჩერდეს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 31-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული პროცენტული შეზღუდვები.
მუხლი 3. საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება სარეზერვო ფონდის მაქსიმალური მოცულობა გაზარდოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნების მთლიანი ოდენობის 5%-მდე.
მუხლი 4. საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, გამოიყენოს „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-2 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული საგამონაკლისო უფლებები, ასევე, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის 32-ე მუხლით განსაზღვრული საგანგებო ბიუჯეტი.
მუხლი 5. საქართველოს მთავრობას მიეცეს უფლება, შეაჩეროს სახელმწიფო ბიუჯეტის, ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტებისა და მუნიციპალიტეტების ბიუჯეტების ფარგლებში ასიგნებების ხარჯვის უფლებამოსილება, საბიუჯეტო კლასიფიკაციის კოდებისა და მუხლების მიხედვით, ასევე, შეაჩეროს ან შეზღუდოს სახელმწიფო შესყიდვები შესყიდვების ერთიანი ლექსიკონის (CPV) კოდების მიხედვით.
მუხლი 6. საქართველოს იუსტიციის მინისტრს მიეცეს უფლება, პირობით მსჯავრდებულისა და პირობით ვადამდე გათავისუფლებული პირის მიმართ კანონით დადგენილი რეჟიმის დაცვის ვალდებულება, ასევე პრობაციის ოფიცრის მიერ დადგენილ დროსა და ადგილას გამოცხადება დაარეგულიროს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობისაგან განსხვავებული წესით.
მუხლი 7. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული სასამართლო სხდომები შესაძლებელია გაიმართოს დისტანციურად, კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამ წესით სხდომის გამართვის შემთხვევაში, მასში მონაწილე არცერთ პირს არ აქვს უფლება, უარი განაცხადოს დისტანციურად სხდომის ჩატარებაზე, მასზე უშუალო დასწრების სურვილის მოტივით.
მუხლი 8. ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი. ამ დეკრეტითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა გამოიწვევს:
1. ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ჯარიმას ფიზიკური პირებისათვის 3 000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირებისათვის – 15 000 ლარის ოდენობით.
2. ადმინისტრაციულსახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, კერძოდ, თავისუფლების აღკვეთას 3 წლამდე ვადით, ხოლო ამ პუნქტით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციითა და ჯარიმით.
მუხლი 9. ამ დეკრეტის მე-8 მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა დააკისრონ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულმა პირებმა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 10. სამართალდამცავმა ორგანოებმა, საგანგებო მდგომარეობის დროს დადგენილი რეჟიმის დაცვის მიზნით, გამოიყენონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იძულების ღონისძიებები.
მუხლი 11. ეს დეკრეტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანახელმოწერის შემდეგ დაუყოვნებლივ წარედგინოს საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად.
მუხლი 12. ეს დეკრეტი ძალაშია გამოცემის მომენტიდან და მოქმედებს საგანგებო მდგომარეობის გაუქმებამდე.

სალომე ზურაბიშვილი

პრემიერ-მინისტრი                                                          გიორგი გახარია

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s