Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● დ. ამირეჯიბი, დამოუკიდებლობიდან – თავისუფლებისაკენ

დავით ამირეჯიბი

დამოუკიდებლობიდან – თავისუფლებისაკენ

 

დამოუკიდებლობის მიღწევა გულისხმობს სხვაზე დამოკიდებული მდგომარეობის დაძლევას, მის უარყოფას, ნეგაციას, მისგან განთავისუფლებას. დამოუკიდებლობისათვის ბრძოლა მთავრდება მიზნის მიღწევისთანავე. თავისუფლება კი, პოზიტიური აზრით, უწყვეტი პროცესია. მას არ აქვს დასასრული, ბუნებრივი ზღვარი, ამიტომ მისი შენარჩუნება მუდმივ ძალისხმევას გულისხმობს.

როგორც კი ეს ძალისხმევა დუნდება, ჩერდება – თავისუფლება იკარგება. ამი-ტომ, თავისუფლებისათვის ბრძოლა აუცილებელი ხდება მას შემდეგაც, რაც დამო-უკიდებლობა მიღწეულია. ერი თავისუფალია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავისუფალია პიროვნებები. ამიტომ, მაგალითად, ჩვენთვის კარგად ნაცნობი შოვინისტური, იმპერიალისტური რუსეთი თუ ნაცისტური გერმანია ვერ ჩაითვლებიან თავისუფალ სახელმწიფოებად. სახელმწიფო, რომელშიც უარიყოფილია თავისუფლება, შეიძლება იყოს დამოუკიდებელი, მაგრამ არა თავისუფალი. დამოუკიდებელი, თავისუფლების არმქონე ერი კი, თავისი კერპების მონა ხდება. ერის თავისუფლებას ახორციელებს თავისუფალ პიროვნებათა ეროვნული მოძრაობა. ეროვნული მოძრაობა, განმარტების თანახმად, არ შეიძლება იყოს ცალკეული პარტია; საზოგადოების ერთი ნაწილის წარმომადგენლობითი ორგანო, არც ხელისუფლებაში ინტეგრირებული რომელიმე კონკრეტული პოლიტიკური ძალა.

პოლიტიკა ხელოვნებაა, მოიპოვო შედეგი ისე, რომ არაფერი არ გასცე. ამიტომ, საუკეთესო შემთხვევაში, ის მხოლოდ არსებული ვითარების სტაბილიზაციის, ,,სტატუს ქვოს” შენარჩუნების მექანიზმია. საზოგადოების არსებითი განვითარების შესაძლებელობა როგორც სოციალურ, ისე ეკონომიკის, კულტურის და თვით პოლიტიკის სფეროებში ეროვნულ მოძრაობას მოაქვს, რადგანაც ეროვნული მოძრაობა თავისი არსით ეყრდნობა უმაღლეს ზნეობრივ პრინციპებს და მოქმედებს მხოლოდ მათ შესაბამისად. ის აერთიანებს ადამიანებს არა საერთო პოლიტიკური პლატფორმის თუ კერძო პარტიული ინტერესების მიხედვით, არამედ კატეგორიული იმპერატივის საფუძველზე.

ეროვნული მოძრაობა საკუთარ წიაღში ატარებს გამთლიანებისაკენ ლტოლვას, ერთობის ზნეობრივ საფუძვლებს. ის ყოველთვის აერთიანებს და არასოდეს ჰყოფს. ეროვნული პოლიტიკის ფუნქციაა შეინარჩუნოს და ერის კუთვნილებად აქციოს ის შედეგები, რასაც უდიდესი ძალისხმევისა და თავდადების ფასად მოიპოვებს თავისუფალ პიროვნებათა ზნეობრივი მოძრაობა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, “ეროვნული მოძრაობა დამოუკიდებლობისათვის” ტრანსფორმირდება ,,მოძრაობად თავისუფლებისათვის”, და თუ ამას რამე წინ ეღობება და თავისუფლებისათვის ბრძოლა შენელდა, მაშინ თვით დამოუკიდებლობაც ეჭვის ქვეშ დგება. [1]

საბჭოთა კავშირის დაშლის წინა პერიოდში, 1988-1989 წლებში, საქართველოში სასტიკად უსწორდებოდნენ მშვიდობიან მიტინგებს, რომელთა მონაწილეები იყვნენ სტუდენტები, ეროვნული ინტელიგენციის წარმომადგენლები, სხვადასხვა ეროვნული წარმომავლობის თბილისელები, რაიონებიდან ჩამოსული ადამიანები. ყველა, ვისთვისაც არ იყო უცხო თავისუფლების იდეა, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და ცივილურ სამყაროში ინტეგრაციისაკენ სწრაფვა.

9 აპრილის ფენომენის არსი მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ გვსურდა ქვეყნისათვის დამოუკიდებლობის მოპოვება – თავისუფლებისათვის, ანუ შეუძლებლად მიგვაჩნდა თავისუფალი სიტყვისა და აზრის, ცხოვრების წესის, ხელოვნების, თუ ბიზნესის ავტონომოური, პიროვნული სივრცის შენება იმ ქვეყანაში, რომელიც ცდილობდა ადამიანთა ტოტალურ კონტროლს და მანიპულაციას, თავს ახვევდა ღირებულებებს, უნერგავდა მტრის ხატს ყველაფრის მიმართ, რაც განსხვავდებოდა საბჭოური დოგმებისაგან. ეწინააღმდეგებოდა პიროვნულს, საავტოროს, ადამიანურს, ჩვენს ენას, სარწმუნოებას, ტრადიციებს და კულტურას.

მდგომარეობას ართულებდა ის ფაქტი, რომ საზოგადოების ერთობ გავლენიან ნაწილს, არ სურდა და არ სურს თავისუფლება და ამიტომ ეწინააღმდეგება დამოუკიდებლობასაც.

ეს ნაწილი, ცდილობს რა გაატაროს თავისი არა პიროვნული, არამედ საერთო კომუნალური იდეოლოგია, უპირისპირდება დანარჩენ საზოგადოებას არა დემოკრატიული არჩევნების გზით და მასთან კონსესუსის მიღწევის მცდელობით, არამედ ფიზიკური ტერორით. 1921 წელს, კომუნა დაუპირისპირდა ქართველ ხალხს მეთერთმეტე რუსული არმიის ძალით, 1998 წელის 9 აპრილს, კომუნისტურმა ნომენკლატურამ დაუპირისპირა თავისუფლებისმოყვარე სტუდენტებს და ინტელიგენციას რუსული ჯარის ნაწილები, როდიონოვის მეთაურობით. 1991-93 წლებში – გრაჩოვის, რუსული დესანტი და ბალტინის ფლოტი. რასაც მოჰყვა ნახევარი მილიონი ადამიანის დევნილობა, ტერიტორიების დაკარგვა, სასტიკი კორუპცია, მთელი ქვეყნის სიცივეში და ბნელეთში გამომწყვდევა 15 წლით, როგორც საზღაური თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის სურვილისათვის.

პარტნომენკლატურის და მისი პროტექტორატის ქვეშ მყოფმი ინტელიგენციის ნაწილის ანტიადამიანურმა გადაწყვეტილამ განაპირობა 9 აპრილის ტრაგედია და ქართული საზოგადოების საბედისწერო გახლეჩა, ერთმანეთისადმი დაპირისპირებულ მხარეებად.

სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირატორმა გარეშე ძალამ და მისმა ერთგულმა მეხუთე კოლონამ შემდგომში კიდევ უფრო გაარღმავა ეს დაპირისპირება და აქცია ის ახლად შექმნილი, დამოუკიდებელი სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის მთავარ პოლიტიკურ იარაღად.

ამ ძალების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ხელოვნურად ინსპირირებული ყველა კონფლიქტი, დედაქალაქში შინაგანი დაპირისპირების ესკალაციის ფონზე მიმდინარეობდა: აფხაზეთსა და საქართველოს გულში – შიდა ქართლში პროვოცირებული კონფლიქტები, თბილისის 9 აპრილის მოვლენებთან იყო მისა-დაგებული. აფხეზეთსა და შიდა ქართლში კონფლიქტების გაღრმავება და ამ ტერიტორიებზე საქართველოს იურისდიქციის დე-ფაქტო დაკარგვა, შედეგად მოჰყვა იმავე ძალების მიერ ინსპირირებულ შინაგან შეიარაღებულ დაპირისპირებას, რომელიც ლეგიტიმური ხელისუფლების და მოსახლეობის უდიდესი ნაწილის წინააღმდეგ იყო მიმართული. ასეულობით ათასი ადამიანი, ყოველდღიურად გამოდიოდა ქუჩებში ლეგიტიმური ხელისუფლების მხარდასაჭერად, ქვეყნისათვის დამღუპველი, ანტისახელმწიფოებრივი სამხედრო ქმედებების წინააღმდეგ. მიტინგები გრძელდებოდა მიუხედავად იმისა, რომ მათ სასტიკად უსწორდებოდნენ კბილებამდე შეიარაღებული, ნიღბოსანი “განმათავისუფლებელნი”. ათეულობით მშვიდობისმოსურნე ადამიანი, მათ შორის სკოლის მოწაფეები, სტუდენტები, მოხუცები, ქალები მიჟრით იყვნენ დახვრეტილნი მშვიდობიან მიტინგებზე უნივერსიტეტის წინ, დელისის მეტროსთან, სადგურის მოედანზე, მარჟანიშვილის

მოედანზე და სხვა. შემდგომში, მოსახლეობისა და ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მიმართულ ამ უზნეო ქმედებებს სამოქალაქო ომი დაარქვეს!

მაგრამ, ამბოხებული უმცირესობის უფლებებს იმპერია იცავდა. შინაგან კონფლიქტს და ლეგიტიმური ხელისუფლების დამხობას მოჰყვა საქართველოში დევნილობის ფენომენის გაჩენა, საკუთარი სახლებიდან აყრილი ასეულობით ათასი ადამიანის ტრაგედია, ტერიტორიების დაკარგვა. ხელისუფლების დამხობის შემდეგ, ქვეყნის მმართველობის სადავეებთან მოსულმა, რევანშისტულმა ძალამ, ერთი მხრივ, დააკანონა საკუთარი დაუსჯელობა. მეორე მხრივ კი, დაუსჯელობის გარანტიის სხვათათვის მინიჭების და მიყიდვის ეკსკლუზიური უფლება. ,,არჩევნები” აღმოჩნდა საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ ,,რჩეულებს” თავისი თავისათვის დაეკანონებინათ ის უფლებები, რომლებიც სხვას წაერთვა. სახელმწიფო მართვის სისტემაში უმთავრესი ადგილი დაიკავა კორუპციის უფლებამ და “იმორალიზმის” იდეოლოგიამ, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების ნებისმიერი ქმედებების მიმართ ყოველგვარი აკრძალვა აკრძალულია.

ხელისუფლებამ თავი ბოროტებისა და სიკეთის მიღმა დააყენა. ახალი ხელის-უფლების ხელში, იმორალიზმის იდეოლოგია და კორუპცია ქვეყნის მართვის მთავარი სტრატეგიული მექანიზმები გახდნენ.

კორუმპირებული ელიტა და ძალოვანი სტრუქტურები, კორუპციისადმი წინააღმდეგობის ნებისმიერ მცდელობას ანტისახელმწიფოებრივ ქმედებად აღიქვამდნენ. კორუპციის მასშტაბების ზრდის მნიშვნელოვან ფაქტორად უნდა მივიჩნიოთ უკუკავშირების სისტემა, რომელიც ერთ მოჯადოებულ წრეში აქცევს კორუპციის მიზეზს და შედეგს: – კორუპციის შედეგია ქვეყანაში არსებული უმძიმესი მდგომარეობა; ღრმა ეკონომიკურ და მორალურ დეპრესიაში მყოფი, ნაწილებად გახლეჩილი და დაპირისპირებული საზოგადოება. გაღატაკებული, მოტყუებული, შეშინებული, იმედგაცრუებული ადამიანები ხდებიან პოლიტიკურად ინდიფერენტულნი, მათ არაფრის აღარ სწამთ. არ სჯერათ, რომ შესაძლებელია საკუთარი უფლებების დაცვა, თავისუფალ სახელმწიფოში ცხოვრება. აღარც არჩევნებში ხედავენ აზრს.

ეს მდგომარეობა ხელს აძლევს კორუმპირებულ ხელისუფლებას და მხოლოდ ზრდის კორუპციის და შესაბამისად ქვეყნის ნგრევის მასშტაბებს. ნათელი ხდება იმორალიზმის იდეოლოგიისა და კორუპციის სტრატეგიების პოლიტიკური სარჩული. დემოკრატიის ინსტიტუტის ქმედითუნარიანობისადმი ნდობის დევალვაცია, პოლიტიკური ნიჰილიზმი და ინდიფერენტიზმი დამოუკიდებლობის დაკარგვის რეალურ საფრთხეს ქმნიან. ამ საფრთხეს კიდევ უფრო აძლიერებს დანგრეული ეკონომოკის, დამშეული, უუნარო არმიის და შიდაპოლიტიკური დაპირისპირებების მძიმე ფონი. ყოველივე ეს ხელს აძლევს ტოტალიტარული სახელმწიფო-მონსტრის რეაბილიტაციის მრავალრიცხოვან და ძლიერ მომხრეთ როგორც რუსეთში, ისე საქართველოში და სხვა პოსტ-სოვიეტურ მეზობელ ქვეყნებში.

ქვეყნის ძარცვითა და ნგრევით გამდიდრებული ყოფილი პარტნომენკლატურა და დღევანდელი ელიტარული საზოგადოება ნაძარცვის შენარჩუნების გარანტიებს საჭიროებენ. კომუნალური საზოგადოების გადარჩენისათვის მხოლოდ ხელისუფლების შენარჩუნება შეიძლება იყოს ერთადერთი მყარი გარანტია. რეალური დასავლური ორიენტაცია და ქვეყნის დემოკრატიული მოწყობის ტიპი კი ასეთ გარანტიებს არ იძლევა. დამოუკიდებელი და თავისუფალი ქვეყნის შენების პირობებში ეს მიზანი მიუღწევადი რჩება. მხოლოდ იმპერიის ამა თუ იმ ტოტალის-ტური ფორმით აღდგენის შესაძლებლობა მისცემდა პოსტსაბჭოურ კომინისტურ ინტერნაციონალს, სრულ გარანტიას შეინარჩუნონ სტატუს-ქვო და ხელისუფლება. დამოუკიდებლობაზე უარის თქმა და რაიმე ახალი ტიპის “კავშირში” გაერთიანება შესაძლებელი გახდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოხდება მთელი პოსტსაბჭოური მოსახლეობის საზოგადოებრივი განწყობებისა და მენტალობის საფუძვლიანი დამუშავება.

დამუშავება – არა იმდენად სიტყვით, შთაგონებით, რამდენადაც იმის პრაქტიკული ილუსტრირებით, რომ დამოუკიდებლობა, თავისუფლება და დემოკრატია რეალურად ნიშნავს აი ამ სიცივეს, სიბნელეს, უხელფასობას, დევნილობას, ტერიტორიების დაკარგვას, ბანდიტიზმს პარლამენტში და მის გარეთ, გაუნათლებლობას, ენის, ტრადიციების, კულტურისა და ეროვნულობის უარყოფას, დაუცველობის განცდას, ავადმყოფობისა და სიკვდილის შიშს. კომუნისტებმა კარგად უწყიან, რომ ჭეშმარიტების კრიტერიუმი არა ლაყბობაა, არამედ კომუნისტური პრაქტიკა: საკმარისია იდეა და მატერია, სიტყვა და მოქმედება ერთმანეთს დაუპირისპირო, ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პრიორიტეტებზე ილაყბო და რეალურად კი ხალხი საკუთარ ქვეყანაში დევნილად აქციო, საკონცენტრაციო ბანაკის, “გულაგის” პირობებში აცხოვრო (სახელდობრ, როგორ უნდა განახორციელო ეს, მათ არ ესწავლებათ!), რომ ცნობიერება სასურველი მიმართულებით შეტრიალდება: მოსახლეობას გაუჩნდება სიძულვილი და მტრის ხატი ყოველგვარი დასავლური ღირებულებების მიმართ.

მოსახლეობის ფენების უკიდურესი პოლარიზაცია, საშუალო ფენის არ-არსებობა, არნახული მასშტაბის მორალური და ეკონომიკური დეპრესია – გულუბრყვილო ცნობიერებაში ასოცირდება სწორედ დასავლური ღირებულებების შემოჭრასთან, დემოკრატიული საზოგადოების რეალიებთან. ძველ საბჭოურ და ახალ ღირებულებათა კონფლიქტი ნოსტალგიურ განწყობებს ბადებს. პოსტსოვიეტური, ტრავმატული გამოცდილების ფონი კი, ადამიანთა ცნობიერებაში შესანიშნავ საფუძველს უქმნის საბჭოური პროპაგანდის მიერ ათწლეულების მანძილზე ჩაბეჭდილი დასავლეთის ნეგატიური ხატების რესტავრაციისა და გაძლიერების შესაძლებელობას, იმ სახელმწიფოს აღდგენის სურვილს, რომელიც დაიცავდა მათ “დამღუპველი, გამხრწნელი და ქვეყნის დამაქცეველი დასავლური დემოკრატიისაგან”.

1991 წლის 31 მარტის საყოველთაო რეფერენდუმზე, საქართველოს მოსახლეობის 97 პროცენტმა, მათ შორის აფხაზეთის მოსახლეობის უმრავლესობამ, ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობას და პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს. 1993 წელს საქართველოს ხელისუფლება, ხალხის ნების წინააღმდეგ, შევიდა სნგ-ში, რაც იმას ნიშნავდა, რომ რუსეთის პირდაპირი ზეწოლის შედეგად, საქართველოს უარი ეთქვა ნეიტრალიტეტზე.

რუსეთს არ სურდა ნეიტრალური საქართველო და სნგ-ში ქვეყნის გაწევრიანება სწორედ რუსეთის პოლიტიკურ ორბიტაზე დაბრუნების მანიშნებელი უკანონო აქტი იყო.

საინტერესოა, როგორი იქნებოდა რეფერენდუმის შედეგები დღეს, მოსახლეობის ტოტალური 12 წლიანი კოგნიტურ-ბიჰევიორული და ფსიქოდრამული დამუშავების შემდეგ?

დღეს საკითხი ასე დგას: – გვსურს, ავირჩიოთ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და დემო-კრატიზაციის გზა, თუ ტოტალიტარიზმი; თავისუფლება, თუ მონობა. 

ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესის დისკრედიტაციის მექანიზმების გაცნობიერება, სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებისაკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

დემოკრატიის კოგნიტური ხატების დამახინჯების ფაქტორებია:

• ინფორმაციუილი ფაქტორი.

საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე გავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანთა ძალიან მცირე ჯგუფს, თუ მათ ხელშია მასმედია. პრესასა და ტელევიზიაში წლების განმავლობაში ფიგურირებენ ერთი და იგივე, ნაცნობი სახეები. დღეს ცენზურა ხორციელდება პერსონალიების დონეზე. მასმედიას ძირითადად ყოფილი საბჭოთა ნომენკლატურის წარმომადგენლები, პარტიული და კომკავშირული ლიდერები აკონტროლებენ. საზოგადოებისათვის აქტიური პრესა მიუწვდომელი რჩება. საზოგადოებას არ აქვს ფართო და თავისუფალ დისკუსიაში მონაწილეობის, საკუთარი ალტერნატიული აზრის “შუამავლების” გარაშე გამოხატვის საშუალება.

საზოგადოებრივი აზრი ტრანსფორმაციას განიცდის ხელისუფლებასთან დაახლოვებული სოციოლოგების, ფსიქოლოგების, პოლიტოლოგების ჩარევისა და კომენტირების შედეგად. პოლიტოლოგია მოვლენათა ობიექტური, მიუკერძოებელი ანალიზის სივრცეა. პოლიტოლოგია და მასმედია საქართველოში პოლარიზებულია პარტიული ნიშნით, ანუ ტენდენციურობით ხასიათდება. გაძნელებულია მოსახლეობის სხვადასხვა ფენათა ერთიან სამოქალაქო საზოგადოებაში ინტეგრაციის პროცესი. სახეზეა ერთი იდეოლოგიის დიქტატურა.

დემოკრატიული ინსტიტუტების უმრავლესობა დემოკრატიულ ღირებულებათა დისკრედიტირებას ემსახურება; დაკომპლექტებულია ადამიანებით, რომლებსაც დაკარგული აქვთ საზოგადოების ნდობა. დემოკრატიული სიტყვიერი შინაარსი შეუღლებულია ავტორიტარულ და მენტორულ ფორმასთან და ქმედებებთან. საზოგადოება არ/ვერ გვევლინება ინიციატორის როლში, დაკარგული აქვს დემოკრატიული

ინსტიტუტების ქმედითუნარიანობის რწმენა.

სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების საფუძველს წარმოადგენს ინფორმაციის მიღებისა და გაცვლის უფლება. ამ უფლების რეალიზაციის გარანტია მხოლოდ მაშინ არსებობს, როდესაც საზოგადოებას კავშირების დამყარების ფართო უფლებები და შესაძლებლობები აქვს მინიჭებული, ხოლო მედია დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ და ცენზურის ნებისმიერი ფორმისაგან თავისუფალ, დიალოგურ სივრცეს წარმოადგენს.

• ფსიქოლოგიური ფაქტორი

საქართველოში დეკლარირებულია საზოგადოების მოწყობის დასავლური, დემოკრატიული მოდელი. სინამდვილეში, ჩვენი წარმოდგენები ცხოვრების დასავლურ წესსა და დემოკრატიაზე დამახინჯებულია, რასაც ხელს უწყობს დემოკრატიულ სივრცეში ცხოვრების პირადი გამოცდილების უქონლობა. ჩვენი შეხედულებები დემოკრატიაზე უმეტესად თეორიულ და აბსტრაქტულ ხასიათს ატარებენ, რის გამოც ადვილად ვექცევით ამ თემებით სპეკულირების გავლენის ქვეშ. არაადეკვატური აღქმის მიზეზები დევს წინააღმდეგობაში ჩვენს ცოდნასა და გამო-ცდილებას, დემოკრატიული პროცესის შინაარსსა და მის ფორმას შორის. საუბარია დემოკრატიის ინსტიტუტებსა და მედიაში ფორმისა და შინაარსის მთლიანობის დარღვევის ფუნდამენტალურ ხასიათზე.

შეუსაბამობებში, რომელიც დევს პროცესის გარეგნულ გამოვლინებებსა და მის შინაარსს შორის; აზრსა და მოქმედაბას შორის; დეკლარირებულ კანონსა და მისი აღსრულების ფორმას შორის; ერთი მხრივ, დემოკრატიულობაზე პრეტენზიასა და მეორე მხრივ, იმ აგრესიულ ქმედებებსა და მენტორულ ტონს შორის, რომელიც ხშირად ახასიათებთ “დემოკრატიული საზოგადოების მშენებლებს” და მედიას.

არსებულ წინააღმდეგობებს მივყავართ კონფლიქტამდე ჩვენს ცნობიერებასა და რეალობას, სულსა და სხეულს შორის: ვიზუალურად და აუდიალურად ჩვენ ვეზიარებით დემოკრატიას, ხოლო სხეულით ვგრძნობთ სიცივეს, შიმშილს და შიშს. ამ სიტუაციაში დემოკრატიული ღირებულებების უარყოფა მოტივირებული ხდება ბიოლოგიური აუცილებლობით, სიცოცხლის გადარჩენის ინსტინქტით.

საზოგადოებაში დემოკრატიული განვითარების ინსტიტუტებისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულება ჩნდება არა იმდენად ძველსა და ახალ წარმოდგენებსა და ფასეულობებს შორის კოგნიტური დისონანსის არსებობის გამო, რამდენადაც იმის გამო, რომ ეს დისონანსი ასოცირებულია, გაიგივებულია დეპრესიულ სასიცოცხლო გამოცდილებასთან. რასაც საბოლოოდ მივყავართ საზოგადოების ფრუსტრაციამდე, რწმენის, იმედის და ერთიანობის დაკარგვამდე. დემოკრატიული პროცესის ფორმისა და შინაარსის კონგრუენტობა და ბალანსი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბების უმთავრესი პირობაა.

• წინააღმდეგობა ღირებულებათა დონეზე

დემოკრატიას ხელოვნურად უპირისპირებენ ნაციონალურ და რელიგიურ ფასეულობებს. ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში უამრავ ასეთ მაგალითს ვხვდებით. საზოგადოება მტკივნეულად რეაგირებს ამ შემთხვევებზე. საკუთარი ეროვნული ტრადიციებისა და ღირებულებების პატივისცემა, სამშობლოსადმი სიყვარულის გამოხატვა და მშობლიური ქვეყნის სადიდებლად სადღეგრძელოს წარმოთქმა, “დემოკრატების” თვალსაზრისით, ანტიდემოკრატიულ და ლამისაა პროვინციულ-ფაშისტურ გამოხდომად მიიჩნევა. როგორ შეიძლება შენი ქვეყანა სხვა ქვეყნებზე მეტად გიყვარდესო.

ამ ლოგიკას რომ მივდიოთ, უნდა ვაღიაროთ, რომ კაცი, რომელიც საკუთარი ცოლის სადღეგრძელოს სვამს და მისადმი მეტ ყურადღებასა და სიყვარულს გამოხატავს, ვიდრე მეზობლის მანდილოსნისადმი, უდაოდ ქალთა მოძულედ უნდა შეირაცხოს. მაშინ ხომ გამოდის, რომ მხოლოდ პროსტიტუციის მხარდაჭერაა ქალთა სქესისადმი უდიდესი სიყვარულისა და ჰუმანურობის გამოვლენა, თანაც მხოლოდ მაშინ, თუ ერთსა და იმავე მეძავთან მხოლოდ ერთხელ მიხვალ, რომ შემთხვევით სხვაზე მეტად არ მოგეწონოს და პროვინციელ-ფაშისტად არ გამოგაცხადონ. ჭეშმარიტება კი ძალიან მარტივია: თუ ადამიანს ერთი ქალი სხვებზე მეტად არ უყვარს, გამოდის, რომ მას სინამდვილეში არ უყვარს ქალები და პირიქით, იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე ადამიანი განსაკუთრებით და გამორჩეულად გიყვარს, მხოლოდ მაშინ შეიძლება ითქვას, რომ ძალგიძს ადამიანის სიყვარული.

არ შეიძლება გიყვარდეს ყველა და არც ერთი. თუ არ გიყვარს მშობლიური ერი, მაშინ კაცობრიობის სიყვარული და ჰუმანიზმი მხოლოდ უსაფუძვლო აბსტრაქციები და ილუზიებია.

ასე რომ, ფაშისტი და რასისტი ის გამოდის, რომელსაც სწორედ რომ არ ძალუძს ნამდვილი სიყვარული და პატივისცემა საკუთარი მშობლების, ცოლის, ოჯახის, ქალაქის, კულტურის, ისტორიის, სამშობლოს და უყვარს მხოლოდ საკუთარი თავი. კაცობრიობის სიყვარული, ჰუმანიზმი მათთვის მარტოოდენ ნარცისული და ნეკროფილური შინაარსის მატარებელი ხდება.

საქართველოში მიმდინარეობს ისეთი უმნიშვნელოვანესი ეროვნული ინსტიტუტების რღვევის პროცესი, რომელთა ფუნქციონირებას ნებისმიერი ქვეყნისათვის საციცოცხლო მნიშვნელობა ენიჭება. უნიკალური გამოცდილებისა და მსოფლიო სახელის მქონე სამეცნიერო სკოლები გაქრობის საშიშროების წინაშე დგანან. კულტურისა და ისტორიის უნიკალური ძეგლები თავზე გვენგრევა და ნადგურდება. სპორტი, როგორც ეროვნული იდენტურობისა და გამთლიანების ნაცადი საშუალება, სრული განადგურების პირასაა მისული.

საქართველოში დემოკრატიულ პრინციპებს ხელოვნურად უპირისპირებენ ეროვნულ ღირებულებებს. სწორედ ასეთი პოლიტიკა აფერხებს საზოგადოების დემოკრატიზაციის პროცესს.

• პოლიტიკურ – ეკონომიკური ფაქტორი.

საბჭოთა კავშირის დანგრევაში თავის დროზე გადამწყვეტი როლი ითამაშა არა ომებმა ან იარაღის ძალამ, არამედ კორუპციამ. კორუპცია, როგორც საქართველოში საბჭოთა კავშირიდენ ინერციით “გადმოყოლილი” მოვლენა ისევე, როგორც დემოკრატიული პროცესების წინააღმდეგ ღიად, თუ ფარულად მიმართული სხვა ქმედებები, შეიძლება შევაფასოთ, როგორც ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური დანაშაული.

ანტიდასავლური პროპაგანდა, რომელიც დღეს ჩვენს ყოვედღიურ ცხოვრებაში ხოდციელდება ლატენტური ფორმით, პროპაგანდისტების ჩანაფიქრით, უნდა ემსახურებოდეს ხალხის მიერ საკუთარი რაობისა და დანარჩენი სამყაროს ,,ნამდვილი იერის” გაცნობიერებას.

მდგომარეობის სირთულე ისაა, რომ ხალხი აცნობიერებს შემდეგს: იმ ადამიანებმა, რომლებმაც წლების მანძილზე მხოლოდ სახელმწიფოს ძარცვის ხარჯზე იცოდნენ ფულის კეთება, გამოირჩეოდნენ ნიჰილიზმით, ცინიზმით, მონური მორჩილებით, ეთაყვანებოდნენ ქურდულ იდეოლოგიას, დღეს განუსაზღვრელ ძალაუფლებას ფლობენ. ასე რომ, “მომავალი ხამი”, საქართველოს მომავლისათვის უალტერნატივო და საბედისწერო არჩევანი ხდება.

საზოგადოების იდეოლოგიური დეზორიენტაცია და თვითგადარჩენის ბიოლოგიური ინსტინქტით მანიპულირება, სახელმწიფოს მარქსისტულ-ლენინური მართვის დოგმებია, მრავალგზის ნაცადი და პრაქტიკაში შემოწმებული ამ ორი დოგმის “ამუშავებას” მივყავართ სახალხო მღელვარებამდე, რაც თავის მხრივ კიდევ ერთი “სამოქალაქო ომის” რეალური საშიშროების წინაშე გვაყენებს და გვაახლოვებს უფროს ძმასთან სანუკვარი გაერთიანების და საბჭოთა ნომენკლატურის საბოლოო გამარჯვების რეტროპერსპექტივას.

ქართული სუფრის დასასრულს “დაშლა-არმოშლის” სადღეგრძელოს წარმოთქვამენ. ამ სადღეგრძელოს დედააზრი ძალიან წააგავს ,,გეშტალტთეორიის” მთავარ პოსტულატს იმის შესახებ, რომ მთელის დაშლა მის შემადგენელ ნაწილებად სრულიადაც არ ნიშნავს ,,გეშტალტის”, ანუ მთლიანობის გაუქმებას. საბჭოთა გეშტალტის “ტრანსფორმერი” დღესაც განაგძობს არსებობას თავის ერთგულ ნაწილაკებში, რომლებიც სრულ მზადყოფნაში არიან, რათა საჭირო დროს და ადგილას გაერთიანდნენ, ინსტიტუციუნალურ მთლიანობად და გადამწყვეტი და საბოლოო ინტერნაციონალური ბრძოლა გამოუცხადონ ყველას და ყველაფერს, რაც  მათი კომუნალური ინტერესებისა და იდეოლოგიის, “დაშლილი, მაგრამ არმოშლილი სუფრის” დიქტატურას არ ეთანხმება.

საყვარელი ბელადის უხრწნელი სხეულის ნეკროპოლზე აღმართული “ერთა ერთობა”, ნეკროფილური მთლიანობაა, რომელიც საკუთარ თავში სიკვდილისა და ნგრევის შავბნელ ინსტინქტებს ატარებს და ლამობს გაანადგუროს ყველაფერი, რაც სიცოცლის ნიშანწყალს ამჟღავნებს. ასეთი ტენდენცია დიდ პოტენციურ საფრთხეს უქმნის არა მარტოოდენ საქართველოს და კავკასიის სახელმწიფოებს, არამედ მთელ პოსტსაბჭოურ პოლიტიკურ სივრცეს.

• თავისუფლება – დამოუკიდებლობის დასაცავად

საქართველოს დამოუკიდებლობა სწორედ ეროვნულმა მოძრაობამ მოუტანა. ხელისუფლებაში ეროვნული მოძრაობა შევიდა არა ლიდერების, ან პარტიების სახით, არამედ იმ სულისკვეთებისა და განწყობის სახით, რომელსაც მანამდე მთელი ერი ეზიარა. ეს სულისკვეთება გახლდათ თავისუფლებისაკენ სწრაფვის კატეგორიული იმპერატივი. თავისუფლებას პოზიტიური აზრით, ზნეობრივი საფუძვლები აქვს და მას ალტერნატივა არ გააჩნია. ხალხმა ხმა მისცა არა რომელსამე კონკრეტულ პარტიას, თუ პიროვნებას, არამედ, მათი სახით – თავისუფალ ქვეყანას. ხალხი არ აძლევს თავის ხმას მონობას, სწორედ ამიტომ ხდება არჩევნების გაყალბება. მონობას საქართველოში არ უწერია ლეგიტიმაცია: საქართველოს მოსახლეობა, არა მონობაში მყოფი, არამედ თავისუფალი ქვეყნის შვილები ვართ!

დასავლური, ცივილური საზოგადოება, თავისუფლების ხარისხითაა მიმზიდველი. ქვეყნის დემოკრატიზაციის პროცესის წინააღმდეგ ბრძოლას, სწორედ ხალხისათვის თავისუფლების წართმევის სარჩული უდევს საფუძვლად. რეალური დემოკრატიის მიღწევის უმთავრესი ელემენტია ობიექტური სახალხო არჩევნები. პოლიტიკურ პარტიებს, მათი არჩევის შემთხვევაში, პარლამენტში შეაქვს არა მარტოოდენ თავისი პროგრამების კონკრეტული შინაარსი, არამედ, რაც არანაკლებ, თუ არა მეტად მნიშვნელოვანია, მათთვის დამახასიათებელი თანამშრომლობისა და ურთიერთობების სტილი. პარლამენტი ისეთია, როგორც მასში შემავალი პარტიების შინაგანი წყობა, მენეჯმენტი. პარლამენტში წარმოდგენილია დემოკრატიის ის ხარისხი, რომლითაც პოლიტიკური პარტიები ხასიათდებიან.

ამიტომ, ქვეყნის მოწყობის თვალსაზრისით უაღრესად დიდ მნიშვნელობას იძენს პოლიტიკური კულტურა, რომლითაც ხასიათდება პარტიათა შინაგანი ცხოვრება, საკითხების დასმის, განხილვისა და გადაწყვეტილებების მიღების დირექტიული, ავტორიტარული, ხულიგნური, თუ დემოკრატიული სტილი, საზოგადოებასთან ურთიერთობების გახსნილობის ხარისხი და ინტენსიობა. პრ -სტრატეგიების პოზიტიური მნიშვნელობა, უპირველესად ყოვლისა, პარტიათა საზოგადოებასთან ურთიერთობების ოპტიმალურ მოწესრიგებას გულისხმობს. პარტიებია ის ინს-ტუმენტები, რომლის საშუალებითაც საზოგადოება უნდა მართავდეს საკუთარ სახელმწიფოს. ჩვენთან პარტიათა უმრავლესობა ხელისუფლების, გარეშე ძალების და არა საზოგადოების მიერაა შექმნილი და დაფინანსებული, ამოტომ ისინი სწორედ ხელისუფლების ამა თუ იმ შტოს, ანუ საკუთარ და არა საზოგადოების ინტერესებს იცავენ. ხელისუფლება არ ფლობს რეალურ ლეგიტიმურობას, თუ საზოგადოებას არ გააჩნია პარტიებზე ზემოქმედების და მათ პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობის შესაძლებლობა.

არჩევნები, (თუნდაც გაუყალბებელი), ხელისუფლების ლეგიტიმურობის მნიშვნელოვანი, მაგრამ არა ერთადერთი ფაქტორია. ხელისუფლების ლეგიტიმურობის ხარისხს გამსაზღვრავს პარტიათა დემოკრატიულობისა და ღიადობის ხარისხი. ბოლო 12 წლის განმავლობაში ქვეყნის ყველაზე დიდ პრობლემას სწორედ ხელისუფლების რეალური და არა ფორმალური ლეგიტიმაციის დეფიციტი წარმოადგენს. სახელმწიფო უდრის მის ხელისუფლებას, ხოლო ხალხი სახელმწიფოს გარაშეა დარჩენილი.

გამსახურდიას ხელისუფლების არჩევნების ლეგიტიმურობა სწორედ ეროვნული მოძრაობის, ეროვნულად განწყობილი საზოგადოების წიაღში შექმნილმა და არა ხელისუფლების მიერ ხელოვნურად დაარსებულმა და ცალკეული პიროვნებების მიერ დაფინანსებულმა და მართულმა პარტიებმა განსაზღვრეს. უზენაესი საბჭოს სუსტი მხარე სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ ჭეშმარიტად ლეგიტიმური პარტიების გვერდით მასში წარმოდგენილი იყო ფსევდო-ლეგიტიმურ პარტიათა რიგი, რომლებიც ცდილობდნენ შიგნიდან აეფეთქებინათ დამოუკიდებლობისაკენ მსწრაფი ქართული პარლამენტი და გაეტარებინათ იმათი ინტერესები, ვინც შექმნა და აფინანსებდა მათ. უნდა გვახსოვდეს, რომ მომავალი სახელმწიფოს მოდელი სწორედ პოლიტიკური პარტიების შიგნით ყალიბდება. ქვეყნის დემოკრატიაც და ხელისუფლების არჩევნებიც პარტიების შიგნით იწყება.

დამოუკიდებლობის შენარჩუნებას საქართველო შეძლებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავისუფლებას შეინარჩუნებს.

ამისათვის საჭიროა:

● დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება;

●  დასავლეთის ,,მტრის ხატის” გაბათილება;

● საზოგადოების გარკვევა სხვაობაში დემოკრატიასა და პროსაბჭოულ დემონოკრატიას შორის;

● კორუპციის ფენომენის პოლიტიკური ასპექტების გაცნობიერება და მასთან ბრძოლა არა როგორც ეკონომიკურ დანაშაულთან, არამედ ქვეყნის დამოუკიდებლობის საწინააღმდეგოდ მომარჯვებულ პოლიტიკურ იარაღთან;

● სოციალურად დაუცველი, ტრავმირებული მოსახლეობის ფენებისათვის, დევნილებისათვის დახმარების გაწევა, მათთვის ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის პროგრამების გაგრძელება. დევნილთა სოციალური იზოლაციიდან გამოყვანა და საზოგადოებაში ინტეგრირების პროცესის ინტენსიფიკაცია. აფხაზეთისა და შიდა ქართლის პრობლემების პოლიტიკური გზით გადაჭრის დაჩქარება;

● განათლების სისტემის რადიკალური რეფორმირაება, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში კორუპციის აღმოფხვრა; სწავლების ფორმებისა და მეთოდების გადაფასება;

● კომუნიკაციის არადირექტიული, ფსიქოლოგიურად კორექტული ფორმების სწავლება და დანერგვა;

● დამოუკიდებელი აზროვნების ტენდენციის წახალისება.

 2002

——————————————

[1] სტატიის პირველი ნაწილი გამოქვეყბულია არაფორმალურ გამოცემაში, გაზეთში “სამრეკლო” #2, 1989 წლის 28 სექტემბერს. გაზეთი”სამრეკლო” წარმოადგენდა არაფორმალური პოლიტიკური გაერთიანების -“თავისუფლების ჯგუფის” ბეჭდვით ორგანოს. დაიბეჭდა 1500 ეკზემპლარად, გავრცელდა: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, დაურიგდა იმჟამად მომქმედ პოლიტიკურ პარტიებს, ფსიქოლოგიის ინ-ტის თანამშრომლებს. იყო თავისუფალ გაყიდვაში. 1999 წელს, სტატიის რუსული ვარიანტი გამოქვეყნდა ვებგვერდზე http://www.osgf.ge/arborvitae/. 2000 წლის 1-15 აგვისტოს, მოქვეყნდა გაზეთში «Кавказский Акцент», სახელწოდებით: – «От независимости к свободному обществу», 2003 წელს გამოქვეყნდა გაზეთ “ჯორჟიან თაიმზში”.

Advertisements

2 Responses to “● დ. ამირეჯიბი, დამოუკიდებლობიდან – თავისუფლებისაკენ”

  1. ლომისა said

    ეს წერილი თითქოს გულწრფელი ეროვნული სულისკვეთებითაა დაწერილი და შეიძლება ზოგიერთი ხიბლშიც კი ჩააგდოს. ჯერ-ჯერობით ბ-ნ დავით ამირეჯიბს ამ მოსაზრებაში შევეკმათებით. ბ-ნი დავითი წერს:

    „საქართველოში დემოკრატიულ პრინციპებს ხელოვნურად უპირისპირებენ ეროვნულ ღირებულებებს. სწორედ ასეთი პოლიტიკა აფერხებს საზოგადოების დემოკრატიზაციის პროცესს.“

    ეს ხომ რბილად რომ ვთქვათ უსამართლობაა! სრულიად საპირისპირო მოხდა საქართველოში 1991-1992 წ.წ. მიჯნაზე. ეს დემოკრატიული პრინციპები დაუპირისპირდა ტანკებით და ყუმბარმტყორცნებით ეროვნული ღირებულებების მატარებელ კანონიერ ხელისუფლებას. სწორედ ასეთი „გაუგებრობა“ აფერხებს საქართველოში კანონიერი ხელისუფლების აღდგენის პროცესის დაწყებას. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ე.წ. დემოკრტია აფერხებს ივერიის გაბრწყინების პროცესს.

    პატივისცემით,

    ი. ღუდუშაური

    დემოკრატიული პრინციპების დაცვის გამო, საქართველოდან ცეცხლითა და მახვილით დევნილი მთავრობის წარმომადგენელი.

    2009 წლის 22 დეკემბერი

    კანონიერი ხელისუფლების განდევნიდან მე-18-ე წელი!

    Like

  2. დავით ამირეჯიბი said

    “ეს დემოკრატიული პრინციპები დაუპირისპირდა ტანკებით და ყუმბარმტყორცნებით ეროვნული ღირებულებების მატარებელ კანონიერ ხელისუფლებას” – ი.ღუდუშაური

    – არა ბატონო, ტანკებით და ყუმბარმტყორცნებით საბჭოთა რევანშისტული ნომენკლატურა, ანუ დემონოკრატია დაუპირისპირდა საქართველოში პირველი, საყოველთაო და თავისუფალი, მრავალპარტიული არჩევნებით მოსულ დემოკრატიულ ხელისუფლებას!

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s