Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• რობაქიძე – რა უნდა აგონდებოდეს ქართველს

გრიგოლ რობაქიძე

რა უნდა აგონდებოდეს ქართველს

ქართველი თავმომწონეა. აქვს კიდეც უფლება თავმოწონებისათვის, ენა ქართული უგენიალესი ქმნილებაა ენათა შორის. მისი ფერსვევული დენა აცნაურებს უთვალავ საიდუმლოთ მსოფლიოისა. შთასახულია მასშივე მთავარი ხვევული პლატონის უნივერსალური მსოფლხედვის. საკვირველი არაა, თუ მითიური ხილვაც ქართველთა უაღრესად მხვედრია: “ირმის ნახტომს” ვერ გაეტოლება “დიდი დათვი”, “ოქროს ვერძს” – “ოქროს მატყლი”, “დალს” –  “არტემის” თუ “დიანა”, “ამირანს” – “პრომეთე”. გასაოცარია და საცნაური აგრეთვე ქართველთა ჯვარი ვაზისა: ასეთი ღრმა სიმბოლო რეალური მთელს საქრისტიანოში არ მოიპოვება. ახლა ხელმწიფება ქართველთა მიერ დგინებული. ჯერ მარტო სახელდება რად ღირს: “ხელი მწიფე”! ერთ სიტყვაში მთელი კონცეფციაა გამოკვეთილი საკრალური მართვისა. ამასთანავე: ეს კონცეპტი არ დარჩენილა ქართველობაში “თეორიად” მხოლოდ: იგი “საქმეც” იყო. დასტურისათვის ორი სახელი: დავით აღმაშენებელი და მეფე თამარ. აღმაშენებლის სახელს ისეთი განდიდება ხვდა წილად, რაიცა თვით ფრიდრიხ მეორესაც არ რგუნებია (არა ფრიდრიხ დიდს, ფრუსიელს, არამედ ჰოჰენშტაუფენს, რომელიც პირველზე უფრო დიდია): დასავლეთში ლეგენდარულ ნაგულვები, სადღაც აღმოსავლეთში, პრესბიტერი იოანნე, მღვდელმთავარი და მეფე ერთად, დავით აღმაშენებელი ეგონათ. მოვთვალოთ კიდევ სხვა რაამ? არაა საჭირო, ჩამოთვლილიც კმარა. გავიხსენოთ მხოლოდ ერთი რამ აღნიშნულის მოსაგვიგვირნებლად, სახელდობრ “Larouss”-ის სიტყვა ქართველებზე: “La plus belle race humaine qui soit au monde”.

დიახ, ქართველს აქვს უფლება თავმომწონებისათვის. ეს მოწონება არაა ის, რასაც რუსული “ტშჩესლავიე” ჰგულისხმობს, ან და გერმანული “Eitelkeit” ფილოსოფოსმა ჰერმანნ კაიზერლინგმა, რომელიც მეორე მსოფლიო ომის ბოლოს გარდაიცვალა, სწორუპოვრად განმარტა ერთხელ, თუ რაა “aitelkait”: ესაა შიში არმოწონებისაო. ქართველს ბევრნაირი შიში აწუხებს, ხოლო არა ეს: მას კიდეც გაუკვირდება სხვას არ მოეწონოს. თავამომწონე ქართველი “თვითგამოჩენის” ჟინითაა აყვანილი. ხოლო ეს “თავისჩენა”, თუ ძირეულად ვწვდებით ამას, სხვის წინაშე კი არ “ჩინდება”, რომ დაჩრდილოს იგი. ქართველის “მენ” ვხმარობ, ნამდვილ ფორმას ამ სიტყვისა, იფინება იმდენად, რამდენად იგი “შენ”-ში სხივოსნდება. ფესვი ქართველის თავმოწონებისა აქ იმალება. სხივოსნდება იგი ამრიგად – იწონებს იგი თავს. “გაახარე-გაიხარე”: აი მთავარი ხტილი ქართული ბუნებისა. “ხარება” “ზრდას” ნიშნავს. აი კიდევ ერთი გენიალურ ელვარი ქართული ენისა. ვიტყვით რომ ქართველნი: მცენარე “ხარობს”, ვგულისხმობთ “იზრდება”. “გაახარე-გაიხარე”: ეს მეტყველებს: შეუწყვე ხელი სხვის ზრდას, რათა ამით თვითონ იზრდებოდე. აქედან ერთი მოვლენა: არც ერთს შვილს რომელიმე სხვა ერისა არ ძალუძს ისეთი სისრულით იყვეს “ერთგული”, თავდადებული მეორისათვის, სხვისთვის, როგორც ქართველს. უკანასკნელი მსახურია მოყვასისა, “მსახური” ამ სიტყვის უკეთილშობილესი მნიშველობით.

აქ საჭიროა ოდნავ გადავუხვიო. რომელიმე ქართველი თავადი ძველად მოხდენილად ტანჩაცმული, დაცრეცილ ჩოხას ატარებდა. იყო ეს, ფრანგულად რომ ვთქვათ, “chic” თავისებური ხაზგასმა მოკაზმულობისაა? პირველი შეხედვით: კი, თუ ჩავუკვირდებით: არა. აქა ერთი მაგალითი. ზემო იმერეთში, იქ საცა სოფელი ღვანკითი თავდება და იწყება მეორე, ბინადრობდა, მსმენია ბავშვობაში, თავადი ღენტორ წულუკიძე. (მისი დაჲ ნიდიტორ იყო მეუღლე უკანასკნელი ბაგრატიონ-იმერისა; ვამბობ “უკანასკნელი”, რადგან ვაჟმა მისმა ხელი აიღო ბაგრატიონობაზე, კიდევ მეტი: უღალატა მას). ეს ღენტორი თურმე დიდად გონიერი კაცი ყოფილიყო და თანაც მისნურ-ნათელი. მისი სასახლე გალიებით ყოფილიყო აღვსილი, საითგანაც იგი უთვალავ ჩიტების ჟივილს უსმენდაო ჟამყოველ. და აი: იგიც შეძონძილ ტანსაცმელს ატარებდაო, ამბობენ. ახლა ვიკითხოთ: სად ეს ღვთისნიერი კაცი და სად ეს “chic”? არა აქ სხვა მოვლენასთან გვაქვს საქმე. მივმართოთ ჩრდილოკავკასიელებს: ისინი ჩვენ ქართველებს რამოდენიმედ გვენათესავებიან ხასიათით. ჩერქეზთა მთავარნი, ცნობილია, ღარიბად იყვნენ ჩაცმულნი: ღარიბად, რადგან არა გააჩნდათ რა; არა გააჩნდათ რა, რადგან ისინი ყველაფერს ასაჩუქრებდენ, რასაც შოულონდენ. ვერ იმეტებდენ მხოლოდ: ცხენს, საჭურველს და სამ ერთგულ ყმას. ვხედავთ, რომ ეს მთავარნი „მსახურნი“ ყოფილან მათი ტომისა. შეცრეცილი ჩოხა, რომელსაც ესა თუ ის თავადი ატარებდა საქართველოში, დანაშთენ ნიშნად უნდა მივიჩნიოთ ძველად მყარებული თავადური „მსახურობისა“. მას ამოწმებს ერთი გულხმიერი ფაქტი. გურიელთა სასახლეში, ყოველ წელს, იანვრის ორს, დიდი ნადიმი იმართებოდა ხოლმე. მოწვეულნი იყვნენ გლეხები სხვადასხვა კუთხითგან გურიისა. ნადიმზე გლეხები იყვნენ თავადები და გურიელები გლეხები: “მსახურნი”.

ასეთია ნიშანწყალი ქართული ხასიათისა. ხოლო მას ერთი რამ ახლავს თან, რასაც ქართველი არ უნდა ივიწყებდეს.
ყოფა არის არა მხოლოდ “ნიჭი” ღვთიური: იგი “სა-ქმეცაა”. თუ ამ “სა-ქმეს” მართებულად ვერ აღასრულებ, გაგიფუჭდება თვითონ “ნიჭიც”. აქ მარხია “საფრთხე” ყოველგვარი “თვისებისა”. გენია, მაგალითად ცეცხლია. თუ ცეცხლს მასალა არ მიეც, იგი, არაბთა სიტყვით, თავის თავს შესჭამს: დაიფერფლება. გენია ვითარცა “თვისება”, რასაკვირველია, ფერფლი არაა; ხოლო გაფერფვლა მოელის მას როგორც “საფრთხე”, თუ მოვლა მოაკლდა. 

ქართველი “სხვაში” ჰლამობს თავისს ასხივოსნებას; იქითგან ასხივოსნებული, თავის წინაშე თავმოწონებით. ხოლო: თუ “შენ” ვერ გადაეხსნა “მენს” ჯეროვნად, მაშინ “მენ” უკუიქცევა დაბნედილი, იკუმშება სინაგან, ხდება ჩათხრობილი. ამით ირღვევა სასურველი ურთიერთ-მიმოქცევა “მენ” – “შენისა”. ეს დარღვევა ქართველთა შორის ხშირი ამბავია, ამბავი საბედისწერო. ამას ხელს უწყობს “შენის” მხრივ დაუდევრობა, “მენის” მხრივ სიფიცხე – როგორც მზის შვილნი, ჩვენ ქართველნი, დაუდევარიცა ვართ და ფიცხელნიც. განსაკუთრებით გვნებს ხოლმე სიფიცხე შვიდჯერ შეუტია თემურ-ლენგმა ტფილისს, მოგვითხობს “ცხოვრებაჲ ქართლისაჲ”; ვერ აიღო; შემდგომ, გაიგო რა, რომ ქართველნი პირველ შეტაკებაშივე ჰლევენ თავიანთ “ცეცხლს” ანუ ძალას, მიმართა მან ნაცად ხერხს მონღოლთა; ქანცმილეულ ქართველებს განზე მომარაგებული რაზმი მიუსია; დამცველნი გატყდნენ, თბილისი დაეცა. (ეს ამბავი მხოლოდ გაკვრით). “მენ”-შენის” ურთიერთ-მიმოქცევის დაზიანებისას იყო თქმული, “მენ” იკუმშება შინაგან, ჩათხრობილი ხდება. თუ ამას ოდენი წყენაც მიემატა “შენის” მხრივ, მაშინ “მენ” – ქართველი “თავისთავადია”, გლეხიც კი – განზე დგება, ცხარდება, თავნებად იქცევა. “თავნებობა” კი ფესვია: განკერძოების, განაპირების, გათიშვის, ბოლოს და ბოლოს: განდგომის. რამდენი “განდგომილი” იცის საქართველოს თავგადასავლმა?!

აქედგან გასაგები ხდება ჩვენთვის ძველის-ძველი ცნობა, დავით აღმაშენებლის დროის ერთი. მემატიანეს მიერ მოყვანილი: მოდგმა ქართველთა თავითგანვე “ორგულია თვისთა უფალთა მიმართო”. საკმარისია აქ “მოდგმის” მაგიერ “მენ” დასვა და “უფალთა” მაგიერ “შენ”, დასვა ზემოთ მიხაზული ფორმულით, რომ ელვისებურ ნათელ იქმნეს საშინელი ცნობიერება ხსენებული მემატიანესი. დიახ, საქართველოს სამეფოის შინაგანი რღვევის სათავე სწორედ აქ უნდა ვეძიოთ. ქართველთა მეთაურთ, ორიოდე გამოკლებით, რომ შეგნებული ჰქონოდათ ქართული ხასიათის სიავკარგე, მაშინ, ღრმად დარწუნებული ვარ ამაში, მაშინ ვერც თურქი შელახავდა საქართველოს, ვერც სპარსი, ვერც ხორეზმელი, ვერც სელჯუკი, ვერც მონღოლი, ვერც რუსი, ვერცა სხვა რომელიმე გადამთიელი. ვინმე მკვევარი, ვამბობ წინაგზნებით, დაადასტურებს ამ რწმენას ოდესმე.

ეს საფრთხე ქართველთა ჩემ მიერ მოგონილი არაა. იგი მკაფიოდ არის გააზრებული ერთს ქართულ ვარიანტში ამირანის ანუ პრომეთეს მითოსისა. ამირანი მიჯაჭვულია კავკასიის ერთს ნაპრალზე. არწივი ნაღველს უკორტნის მას. ორი ძაღლი, თეთრი და შავი ჯაჭვს ლოკავენ. ვნების კვირის ხუთშაბათს, ალიონზე, ეს ჯაჭვი ისეა დაცრეცილი, რომ ამირანს ძალუძს აიწყვიტოს. ამ დროს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მჭედლები სიმბოლურ ჯაჭვს სჭედვენ: თუ ამირანმა აიწყვიტა, ახალი ჯაჭვი მზად გვექნებაო, ამბობენ. ეს ვარიანტი საოცარია და თანაც საცნაური. საოცარი, რადგან მითოსი აქ კულტურ ქმედებაში გადადის: ჩვენი ეპოქის ბოლო დრომდე მჭედლები საქართველოში მართლაც ჭედდენ ასეთს ჯაჭვს; საცნაური, რადგან საკვირველი: პრომეთეს, რომელმაც ცეცხლი მოუპოვა კაცობრიობას, ქართველი ახალი ჯაჭვით უგრძელებს მიჯაჭვულობაას? საკვირველება ადვილ ასახსნელია. პრომეთემ, მართალია, ცეცხლის მოპოვებით გააბედნიერა კაცობრიობა; ხოლო მას შინაგან კი არ მოუპოვებია ცეცხლი ზოვრის ანუ მსხვერპლის გზით, როგორც ინდუსთა “ათარვანს”: იგი მან ძალმომრეობით მოიტაცა. პრომეთე “თავნებაა”. ახლა მითხარით: რომელი ხვევული პრომეთეს მითოსის შეედარება მის ქართულ ვარიანტს ? ვერც ერთი. ქართველთა გენია სწვდა უკანასკნელ სიღრმეს ამ მითოსისა, რადგან მან მასში თავისი საფრთხე დაინახა: “თავნებობა”. ამას ერთი დეტალიც ცხადყოფს. ევროპიელნი მკვლევარნი თავს იმტვრევენ ახსნისათვის იმისა, თუ რატომ უკორტნის არწივი მაინცა და მიანც ღვიძლსა. ქართველთა გენია, გენია მათი ენისა, ამასაც ხსნის. ყოველ ორგანოს ადამიანისა “ესიტყვება” რომელიმე პსიქიური მოვლენა: მაგალითად “ნაღველს” “ნაღვლიანობა”. “ღვიძლი” ორგანოა “სიფხიზლესი”. თუ ღვიძლი დაგიზიანდა, ცნობილია ეს, უძილობა გემართება. ეს ერთი. ეხლა მეორე: ყოველი “თავნება” “მენ”-პიროვნებაა: მას მარტო თავის თავი ახსოვს; იგი ყოველთვის მზადაა როგორც თავდასხმისათვის ასევე თავდაცვისათვის; ამრიგად: იგი “ფხიზელია” მუდამ. პრომეთე, ვითარცა “თავნება”, “ფხიზელია”, მაშასადამე, ეხლა ჩაუკვირდით: ღმერთები სჯიან მას სწორედ სიფხიზლის ჰიპერტროპიით. არწივი, მზის ფრინველი, გამუდმებით უკორტნის მიჯაჭვულს ღვიძლსა; ღვიძლ დაზიანებული უძილო ხდება და: იტანჯება. (მართალია, “უძილო” იყო “ჰაურა-მაზდაც”, აგრეთვე მიტრაც, ირანის გადმოცემით, ხოლო მათ თავიანთი “მენ” – პიროვნება ზესთაპიროვნულში ჰქონდათ გარდაქმნილი, რაიცა “თავნება” პრომეთეზე ვერ ითქმის.) ეხლა გავიხსენოთ “ღვიძლი” – “ღვიძილი”. ეს გენიალური ტყუპები ქართულისა ენისა მოჭრით ხსნის საიდუმლოს.

ვხედავთ: რაც შეგნებული არ ჰქონიათ მეთაურთ ქართველთა – ვიმეორებ: ორიოდე გამოკლებით – იგი მითიურად ყოფილა ცნეული კარდუს გენიის მიერ.

ამრიგად: ქართველის საფრთხე პრომეთეული თავნებობაა. ხაზს ვუსვამ ხელმეორედ: “საფრთხე” და არა “თვისება” (ამ სტრიქონების დამწერი მრავალჯერ წამოგებულა ამ საფრთეზე). ქართველი ხდება “თავნება”, როცა იგი ვერ ჰპოულობს სხვაში გამოხმაურს: ასხივოსნებას. იგი ხდება ურჩი და უდრეკი. მას ვერც მოხრი და ვერც გასტეხ. ხოლო საკმარისია “შეასახელო” იგი, რომ ეს ურჩი და უდრეკი მყისვე მოდრკეს და იქცეს თვინიერ. ეტყვი მას მზიური გულგადაშლით: “შენს მეტი ამას აბა ვინ შეასრულებს!”: და იგი, წაქეზებით ახალისებული, თავს გასწირავს, ოღონდ კი შეასრულოს დაკისრებული. აქ იმალება “შესახელება”. სადაა “სახელი” თუ შესრულებული ბრძანების შედეგია? ბრძანებით საქართველოში ვერაფერს მიაღწევ – ხოლო შესახელებით ყველაფერს. ეს უნდა იცოდეს წინასწარ ყოველმა მმართველმა ქართველი ხალხისა. რასაკვირველია, შიგადაშინ დასჭირდება მას “ბრძანებას” მიმართოს. მაშინ მან “მწიფე ხელი” უნდა აღმოიჩინოს, რაიცა ეგზომ ახასიათებდა დიდს დავითს: აღმაშენებელს.

ქართულ ვარიანტს პრომეთესი უპირისპირდება ქართული ნადიმი. თუ პირველი მაჩვენებელია ქართული საფრთხესი, მეორე გვევლინება როგორც ცდა ამ საფრთის აცდენისა. ქართულ ნადიმზე, რომელსაც ბადალს ვერსად მოუნახავ, ყოველი მოლხინე რომელიმე მხრით “პირველია”: ერთი როგორც მომღერალი, მეორე როგორც მროკავი, მესამე როგორც მორკინალი, მეოთხე როგორც მჭერმეტყველი, მეხუთე როგორც მოშაირე, მეექვსე როგორც მასწავლებელი, მეშვიდე როგორც უზადოდ ნაკვთიერი და ლამაზი: და ასე ბოლომდე სუფრის ირგვლივ. ჰყავს რომელიმე მათგანს აქ მოქიშპე, მაშინ მისი “პირველობა” იმ ნიშნით გამოჰყავთ, რომლითაც იგი მოქიშპესაგან გამოირჩევა. თუ ვინმე არც მომღერალია არც მროკავი არც მორკინალი არც მჭერმეტყველი არც მოშაირე არც მასწავლებელი არც უზადოდ ნაკვთიერი და ლამაზი – მესიტყვევ რაღაცას მაინც გამონახავს მასში, “თავმოსაწონს”, რაიცა მისებურ სხვას არ ახასიათებს: ან ერთგულებას, ან გაბედულებას, ან სიმამაცეს, ან კიდევ სხვა-რამეს. ქართული ნადიმი, ამრიგად, “ქეიფი” კი არაა უბრალო ანუ “დროსტარება”: იგი კულტია ნამდვილი, საცა შეხვედრა კრებულში პოლიფონიურ იმართება. ამ “პოლიფონიურობით” იცდენს ქართველი თავისს საფრთეს: განკერძოებას, განაპირებას, განთიშვას, განდგომას. საკვირველი არაა, თუ რატომ აფასებენ ქართველნი ასე დიდად ნადიმის ხელმძღვანელს: თამადას. “პოლიფონისს” გამყვანელი იგია და როგორც ასეთი ნამდვილი ხელოვანი, ხელოვანი ყოფის მოგვარებისა. გამჭრიახი გონი, ცოდნა პსიხოლოგიური ნიუანსებისა ხასიათთა, მოზომვა “სმურის”, სიდინჯე, შემარიგებელი ტონი შეხლაშემოხლისას, ტაქტი, ეს უწინარეს ყოვლისა – აი დამახასიათებელნი თვისებანი ნამდვილი თამადისა.

ეს სუფრაზე. სახალხო ასპარაზზე? აქაც მმართველი იგივე “თამადაა”, ხოლო იმ განსხვავებით, რომ მას მცირე ჯგუფთა მოლხინეთა კი არა აქვს საქმე, არამედ მთელს ერთან, რომლის ბედი მისი კიდე–სიგანით მან უნდა წარმართოს. ადვილ წარმოსადგენია, თუ რამდენი სიძნელის გადალახვა მოუხდება მას. სძლევს ქართველი თავისს აროსში პრომეთეულ საფრთხეს, იგი ამით მართებულად განფენს თავისს “თავმოსაწონ” ნიჭს, ბუნებისაგან ბოძებულს. მეორე მხრით, იგი ამითვე გაუადვილებს მმართველს “საქმე” ერის ბედის წარმართვაში. საფრთხე იგი, ცხადია თავისთავად, კიდევ უფრო მძაფრად უნდა ჰქონდეს ძლეული თვითონ ხელისუფალს, რათა მისი “ხელი”, მმართველი, “მწიფედ” იქცეს.

აპრილი 1952         

ჟენევა   
            
   
წყარო:
კარლო ინასარიძის გამოცემა: გრიგოლ რობაქიძე. კრებული, მიუნხენი 1984 გვერდები 1-4.

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s