Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•საქართველო-აშშ 1860-1920

 ♥ კოლხეთი და იბერია – KOLKHIBERIA

 

რუსუდან დაუშვილი 

საქართველო და ამერიკის შეერთებული შტატები 1860-1920-იან წლებში

 

1860-იანი წლებიდან, თერგდალეულთა მოღვაწეობისა და ეროვნული თვითშეგნების ზრდასთან ერთად, ქართული საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ამერიკის დაწინაურებისა და სწრაფი პროგრესის საიდუმლომ. ეს აისახა კიდეც მაშინდელ ჟურნალ-გაზეთებში.

ამერიკაზე პირველი თხზულება 1863 წელს დაბეჭდა ილია ჭავჭავაძემ თავის ჟურნალში “საქართველოს მოამბე”. ესაა კირილე ლორთქიფანიძის კომპილაციური სტატია ზანგ მონათა მდგომარეობაზე ამერიკის სამხრეთ შტატებში და მათ გასათავისუფლებლად ჩრდილოელთა ბრძოლაზე _ “ჩრდილო ამერიკის შეერთებული შტატები და იქაური ტყვეები”. სტატია იმითაც არის საინტერესო, რომ დართული აქვს განმარტებები: პარლამენტი, დემოკრატია, კონსტიტუცია, ლოზუნგი, იდეა, ტირანობა, ავტონომია, ფედერაცია, კონფერენცია, კომუნა და ა.შ. (1). ევროპაში ახალი სამეცნიერო მიმართულებების ჩამოყალიბებამ, სამეცნიერო აღმოჩენებმა და პროგრესმა, ქართულ თარგმანთა მოზღვავებამ დღის წესრიგში სამეცნიერო ტერმინოლოგიის შემუშავებისა და დარგობრივ ლექსიკონთა შექმნის აუცილებლობა დააყენა. ეს ლექსიკური მასალა პირველად ილიას ინიციატივით იქნა შემოტანილი, განმარტებული და დამკვიდრებული ქართულ ენასა და საზოგადოებრივ ცნობიერებაში. ამ ტერმინების გარეშე შეუძლებელი იყო ევროპული პრესის მასალების არა თუ გადმოტანა საქართველოში, არამედ მიმდინარე ამბებში გარკვევა და მოვლენებში წვდომა.

ამერიკაზე დაბეჭდილი ორიგინალური მასალის მხრივ პირველობა გაზეთ “დროებას” ეკუთვნის. 1866 წელს იაკობ გოგებაშვილმა თავისი პუბლიცისტური მოღვაწეობა სწორედ ამ გაზეთში დაბეჭდილი წერილით დაიწყო _ “ამერიკა (პოლიტიკური მიმოხილვა)” (2). ეს ხელმოუწერელი წერილი შემდეგ თავისი ნაწერების I ტომში შეიტანა სათაურით “ბრძოლა ამერიკის შეერთებულს შტატებში პრეზიდენტის ლინკოლნის მოკვლის შემდეგ კონგრესსა და ახალ პრეზიდენტს შორის”. წერილში ი. გოგებაშვილი მიმოიხილავს განმათავისუფლებელ მოძრაობას ამერიკაში, აქებს პრეზიდენტ ლინკოლნსა და მის მიმდევრებს მონობის “ამ საზარელის ბოროტების” წინააღმდეგ ბრძოლის გამო, რომელსაც მსოფლიოს პროგრესული ძალები უნდა დაუპირისპირდეს (3). კოლონიზატორთა მიმართ გამოთქმული კრიტიკული შეხედულებები ზუსტად იყო გამიზნული. ანტიკოლონიალიზმისა და განმათავისუფლებელი იდეების ქადაგებით ი. გოგებაშვილი თავისი სამშობლოს მომავლისათვის ზრუნავდა. 

ამერიკაზე წერდნენ: ილია ჭავჭავაძე, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, დავით მიქელაძე, არჩილ ჯორჯაძე და სხვები, მაგრამ ყველაზე აქტიურად ამერიკის თემაზე “დროებაში” სერგეი მესხი წერდა. 1869 წელს სტატიაში “ამერიკის შვილები” ამერიკული საგანმანათლებლო სისტემაა გაანალიზებული და მის მთავარ ღირსებად საყოველთაობა, უფასო დაწყებითი განათლება, საშუალო თუ უმაღლესი სკოლების სიმრავლეა მიჩნეული. ამით მან ქართულ საზოგადოებას სამომავლო პერსპექტივა დაუსახა. მეორე საკითხი, რომელზეც ის მსჯელობს, ქალთა პრობლმებია. ხაზგასმულია ამერიკელ ქალთა სოციალურ-პოლიტიკური აქტივობა _ ბრძოლა საკანონმდებლო და საზოგადოებრივ საქმიანობაში მონაწილეობისათვის. მესხის შეხედულებები ქალთა შესახებ იმ დროისათვის ახალი და პროგრესული იყო. ამერიკის მიმართ აშკარა სიმპათიისა და კეთილგანწყობის მიუხედავად, ავტორი არ იწონებს “ინდიელების, ზანგებისა და ჩინეთის მიმართ ამერიკის რასისტულ და კოლონიურ პოლიტიკას” (4).

1870 წელს “დროებაში” დაბეჭდილმა ფრანგი მწერლის ლაბულეს წერილმა “ამ დროების ამერიკა”, გაზეთის ყურადღება ალბათ იმ პათოსით მიიპყრო, რითაც სტატიაა დაწერილია. “ამერიკელების ცხოვრება… დაფუძნებულია ორ საძირკველზე შრომაზე და თანასწორობაზე. სამ ელემენტზე _ აღზრდა, რელიგია და თავისუფლება”,– ეს სიტყვები ახლობელი და საპროგრამო იყო 1870-იანი წლების ყველა ქართველი მოღვაწისათვისაც. ავტორი აღნიშნავს, რომ ამერიკა და მისი მცხოვრებნი ყოველთვის განსხვავდებოდნენ ევროპის ქვეყნებისგან, რომ ყველა ამერიკელი რასის, ქონების, ნიჭისა თუ ცოდნის მიუხედავად თანასწორია. ამერიკაში თითოეული ადამიანის ნება ხელშეუხებელია, ამის გამო ძველი ევროპა შეჰყურებს ამერიკას, როგორც სამაგალითო სახელმწიფოს (5). მთარგმნელი სერგეი მესხი კომენტარებში წერს, რომ თუ განათლებული და ყველა ღირსებით შემკული ფრანგები თვლიან, რომ მათ უნდა გაიცნონ სხვა ხალხები, მით უფრო უპრიანია ქართველთათვის სხვა ხალხების გაცნობა იმის შესატყობად, თუ რა იციან მათ მეტი, “შევისწავლოთ, რაც კარგი გააჩნიათ მათ. ამრიგად ჩვენ ნაკლს გამოვასწორებთ და გონებაც გაგვინათლდება” (6).

1873 წელს ჟურნალ “კრებულში” დაბეჭდილ ჟონკოს სტატიიდან “ახლანდელი ამერიკა” “გამოკრეფილ” მასალაში მოთხრობილია ჩიკაგოს დაარსებისა და განვითარების ისტორია – როგორ იქცა ეს ჭაობიანი და ქვიშიანი ადგილი დასავლეთის სატახტო ქალაქად. ხაზგასმულია ამერიკაში სასწავლებელთა სიმრავლე და პრესის თავისუფლება (7).

ილია ჭავჭავაძე თავის შემდგომ გამოცემებშიც დიდ დაინტერესებას იჩენდა ამერიკის მიმართ. ეს ჩანს მისი “ივერიის” პუბლიკაციებიდანაც. 1888 წელს დაბეჭდლი ფრანგი ნეჟი დე ვარინიის ორი წერილიდან პირველში “სიყვარული და ქორწინება ამერიკაში” ქალის მდგომარეობაა აღწერილი, რომ ევროპასთან შედარებით, ამერიკელ ქალს მამაკაცის თანაბარი უფლებები აქვს. ბავშვობიდან მისთვის ღიაა ყველა სასწავლებლის კარი. ნაკლებს შრომობს, განათლებისათვის მეტი დრო აქვს და სიყვარულით თხოვდება. ავტორს მოჰყავს ერთი ამერიკელის მოსაზრება – ამერიკა იმიტომ მრავლდება, რომ საფრანგეთივით მას მზითევი არ ღუპავსო. ქონება არღვევს ბუნებრივ შერჩევას, ხელს უწყობს უშნოსა და სუსტის გამრავლებას; უშნო ქონების წყალობით თხოვდება, უმზითვო კი გაუთხოვარი რჩება. ამერიკაში მდიდარი თავის ქალიშვილს ღარიბსაც კი გაატანს, თუ ღირსეული ადამიანია; შვილებიც კარგი ეყოლებათ და სიძეც გამდიდრდება (8). მეორე წერილში “ქორწინება და განქორწინება ამერიკაში” ვარინიი ქორწინებას ადარებს მანქანას, რომელიც წვალებით ააგეს და უცებ გაჩერდა. ქორწინებას საფუძვლად სარწმუნოებრივი და ზნეობრივი მაქსიმები დაუდეს, მაგრამ საზოგადოებამ განქორწინების აუცილებლობაც აღიარა. ეს აუცილებლობა კი სენად და თითქმის კანონად იქცა, კანონები კი ქალის მხარეზეა. ასკვნის, რომ საჭიროა საერთო კანონმდებლობის შემუშავება, რადგან მომრავლებული უზნეობის გამო კანონმდებლებს ლამის სანანებლად გაუხდეთ ქალის გაფეტიშება (9).

ქართულ გაზეთებში მრავლადაა მასალა ამერიკელ ქალებზე. მაგალითად, 1889 წელს გაზეთ “ივერიაში” დაიბეჭდა: “ქალი ამერიკაში” (10), “დედათა უფლების საქმე” (11), “ამერიკელი მუშა ქალი” (12) და სხვა. სტატიებში საუბარია ქალთა დამოუკიდებლობის, განათლების, საქმიანობის, გართობის, პოლიტიკურ, სამოქალაქო უფლებათა შესახებ და ა.შ. ამერიკელ ქალთა მიმართ ეს ყურადღება, რომლებსაც იდეალად უსახავენ ქართველებს, საზოგადოების ინტერესისა და სურვილის გამომხატველი იყო _ ამაღლებულიყო ქართველ ქალთა სოციალური-უფლებრივი მდგომარეობა, ჩაბმულიყო საზოგადოებრივ საქმიანობაში, რასაც ქართველმა ქალებმა ნაწილობრივ მიაღწიეს კიდეც XIX საუკუნის II ნახევარში.

ცნობები იბეჭდებოდა ამერიკაში არსებულ თეატრებზე და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, უნივერსიტეტებზე, რადგან ეროვნული საუნივერსიტეტო განათლების აუცილებლობა უკვე დღის წესრიგში იდგა. 1888 წლის “ივერია” წერდა, რომ ვაშინგტონის მახლობლად უზარმაზარი უნივერსიტეტი შენდებოდა, რომელიც მხოლოდ 20 წლის შემდეგ ამოქმედდებოდა და მისი აშენება 24 მილიონი დაჯდებოდა. მიწვეული იქნებოდნენ მხოლოდ სახელგანთქმული პროფესორ-მასწავლებლები. სწავლას შეძლებდა ყველა რასისა და სარწმუნოების მიუხედავად, ვინც კი მოინდომებდა (13). უნივერსიტეტის სახელწოდება მითითებული არ არის, მაგრამ უნდა იგულისხმებოდეს კოლუმბიის უნივერსიტეტი.

ქართული საზოგადოების ინტერესების დასაკმაყოფილებლად ითარგმნებოდა ცნობილ ამერიკელთა ბიოგრაფიები. 1869 წელს “დროების” 2 ნომერში დაიბეჭდა ლინკოლნის ბიოგრაფია – სამუილ სმაილსის “ენერგია და ახოვნება” (16). 1891 წელს “გიორგი ვაშინგტონი – ამერიკის განმათავისუფლებელი” წიგნად გამოიცა (15).

ქართულ საზოგადოებაში დიდ გაკვირვებას იწვევდა ამერიკაში არსებული გაზეთების რაოდენობა. გაზეთ “ივერიის” 1892 წლის ერთ-ერთ ნომერში დაბეჭდილია სტატია, რომელიც ამერიკაში და, საერთოდ, მსოფლიოში მოქმედი გაზეთების შესახებ მოგვითხობს. სტატიის ავტორის აზრით, გაზეთების სიმრავლე ამერიკელი ხალხის კითხვისადმი დიდ სიყვარულზე მიუთითებს, რომ ჟურნალ-გაზეთების არსებობა დადებით როლს ასრულებს ქვეყანაში და ჟურნალისტს აკისრია ის დიდი მისია, რასაც ხალხამდე ინფორმაციის მიტანა, მათი გათვითცნობიერება ჰქვია. “სტატისტიკურ ცნობებში” მოცემულია, რომ XIX საუკუნის 60-70-იან წლებში “მთელს დედამიწის ზურგზე 43 ათასამდე ჟურნალ-გაზეთები იბეჭდებოდა, ამერიკაში კი იმდენი, რაც დანარჩენ ქვეყნებში ერთად აღებული”, რომ ამერიკაში ყველა კითხულობს გაზეთს, მილიონერებიდან დაწყებული მათხოვრამდე. “გაზეთი სარკეც უნდა ყოფილიყო ცხოვრებისა და დურბინდიც, რომ ისეთი საგანი დაანახოს საზოგადოებას, ერს, რომელსაც ის ვერ ჰხედავს, არ ესმის. ჟურნალ გაზეთებში უნდა იყოს: იდეა, აზრი, კრიტიკა, სიყვარული, თანაგრძნობა, ცოდნა” (16).

ასე რომ, XIX საუკუნის II ნახევარში ქართულმა საზოგადოებამ და პრესამ (“საქართველოს მოამბე”, “ივერია”, “დროება”, “კრებული”) დიდი ყურადღება მიაქცია ამერიკის განვითარების მიზეზებს, განსაკუთრებით იმ საკითხებს, რომელთა გადაჭრაც კოლონიურ მდგომარეობაში მყოფ საქართველოს საკუთარი ძალებით შეეძლო – პრესისა და ინფორმაციის, შრომის უფლებისა და მშრომელთა დაცვის, აღზრდისა და რელიგიის, საგანმანათლებლო და ქალთა პრობლემებს. ქართულ პრესაში იბეჭდებოდა თარგმნილი მასალებიც, რომლებიც ამერიკული ცხოვრების წესს ეხებოდა, ინფორმაციები მიმდინარე მოვლენებზე _ ესპანეთ-ამერიკის ომზე, რუსეთ-ამერიკის საბაჟო დაპირისპირებაზე, ამერიკა-გერმანიის ურთიერთობაზე, ამერიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკაზე და ა.შ. (17).

რაც შეეხება საქართველოს შესახებ ამერიკელთა ცნობებს _ პირველად XIX საუკუნის II ნახევარში ჩნდება, როდესაც უ. სმითი და  ჰ.ჯ. დუაითი ხმელთაშუა ზღვის აუზსა და მცირე აზიაში მოგზაურობის შემდეგ საქართველოში ჩამოვიდნენ და თბილისი აღწერეს (18). XX საუკუნის 10-იან წლებში ბიბლიური ნოეს ნაკვალევს ადევნებული ახალგაზრდა ამერიკელი ჯულიერ ჩევალიე ინგლისურ ჯარში მოხალისედ ჩაწერილი ჯერ სომხეთში, შემდეგ კი საქართველოში მოხვდა, ოს ქალიშვილზე დაქორწინდა და აქ 7 წელი იცხოვრა. მოესწრო ოკუპაციას. როგორც 1924 წლის აჯანყების მრჩეველი და ამერიკის აგენტი 3 წელი ჯერ ბათუმის ციხეში იჯდა, შემდეგ უკიდურეს ჩრდილოეთში, “სოლოვკიში”. იქიდან ამერიკელებმა გამოიხსნეს. ცოლი სტამბოლში გარდაეცვალა, ქალ-ვაჟი კი ამერიკაში “წითელმა ჯვარმა” ჩაუყვანა. შინ დაბრუნების შემდეგ ჩევალიემ დაწერა შესანიშნავი საბავშვო წიგნი “ნოეს შვილიშვილი”, სადაც დიდი სითბოთი და სიყვარულითაა აღწერილი საქართველო, მისი ისტორია, წეს-ჩვეულებანი და ყოფა. ჩევალიეს პავლე კვარაცხელიამ მიაკვლია ნიუ-იორკის ახლოს, პატარა სოფელში და მანაც ძველი მეგობრობა ქართველებთან ახლა ამერიკაში გააგრძელა (19). სამწუხაროდ, მისი წიგნი დღემდე არაა თარგმნილი.

ახლახანს ითარგმნა ცნობილი მწერლისა და პუბლიცისტის ჯონ დოს პასოსის სტატია “გასაბჭოებული კავკასია”. დოს პასოსი პირველი ამერიკელი იყო, რომელიც “გასაბჭოებულ” საქართველოში ჩამოვიდა და 1921 წლის აგვისტოში სომხეთ-საქართველოში სამკვირიან მოგზაურობაზე წერილი გამოაქვეყნა “ლიბერასიონში”. სტატიაში არაფერია ნათქვამი სომხეთზე, სამაგიეროდ აღწერილია ბათუმი, თბილისი, ქუთაისი. მწერალი კარგად ამჩნევს მომხდარ ცვლილებებს, ხალხის გაჭირვებას, დაბნეულობას, ქუჩებში ახალგაზრდა რუსი ბოლშევიკების სიმრავლეს, წინასწარ ჭვრეტს მომავალი საბჭოთა სახელმწიფოს სახეს და კომუნისტური იდეების უპერსპექტივობას (20). ამ სტატიის მთარგმნელის, აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორის, ამერიკისმცოდნეობის ცენტრის ხელმძღვანელის ვახტანგ ამაღლობელის მიერ 2004 წელს შექმნილმა “ჯონ დოს პასოსის საზოგადოებამ” ქუთაისში, მწერლის მოგზაურობა და ის სახლი, ყოფილი სასტუმრო, რომელშიც ცხოვრობდა დოს პასოსი, მემორიალური დაფით უკვდავყო.

იმ ინფორმაციით, რომელიც იბეჭდებოდა XIX საუკუნის II ნახევარში. ქართველებისათვის ამერიკა შორეულ, მაგრამ მიმზიდველ ქვეყნად იქცა. ინფორმაციასთან ერთად ამერიკაც ნელ-ნელა “შემოდიოდა” საქართველოში. 1867 წელს თბილისის ერთ-ერთ უძველეს სასტუმროს “ამერიკა” უწოდეს. 1880 წელს თბილისში “ზინგერის” მაღაზია გაიხსნა, 1890 წელს კი “საბანკო თეატრის” შენობაში (დღევანდელი გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრი) ჩატარდა ედისონის ფონოგრაფის პირველი საჯარო სეანსი (21).

ამერიკის მიმართ ინტერესი განსაკუთრებით მაშინ იზრდებოდა, თუ იქაურ მოვლენებს ჩვენში რეზონანსი ჰქონდა. მაგალითად, როცა 1861-64 წლების სამოქალაქო ომის გამო საქართველოში ბამბის შემოტანა შეწყდა, დასავლეთ საქართველოში ბამბის კულტურა განვითარდა. 1898 ესპანეთ-ამერიკის ომის დაწყებამ საქართველოში სიმინდის ფასი გაზარდა და ა.შ. (22).

* * *

საქართველო-ამერიკის ურთიერთობა ყოველთვის ერთმნიშვნელოვანი არ იყო. ამერიკის დამოკიდებულება კავკასიისა და საქართველოს მიმართ იცვლებოდა იმისდა მიხედვით, თუ რა ინტერესები უჩნდებოდა ამ ზესახელმწიფოს რეგიონის მიმართ.

XIX საუკუნის ბოლოს რუსეთში ამერიკის ბიზნესი საქართველოსაც შეეხო _ ბაქოს ნავთობის ბათუმის პორტიდან ტრანსპორტირება. ნავთობპროდუქტების ექსპორტში მრავალრიცხოვან ფირმებს შორის პირველობდნენ: როტშილდის “კასპია-შავი ზღვის ნავთობსამრეწველო და სავაჭრო საზოგადოება”, “ძმები ნობელების საზოგადოება” და “მანთაშევი და კომპანია” (23). ილინოისში აღმოჩენილი უმდიდრესი საბადოებით ამერიკა მსოფლიო ნავთობმოპოვების ლიდერად იქცა. ბათუმელი მენავთობეები ამერიკელებთან ბრძოლაში დამარცხდნენ. XX საუკუნის დასაწყისისათვის როტშილდის ფირმამ მრავალი წვრილი ფირმა ჩაყლაპა, მაგრამ ამერიკულ სინდიკატთან გაერთიანება ვერ მოახერხა. ბათუმში ნავთობის კარტელის ჩამოყალიბების იდეაც ჩაიშალა. ამერიკაში 1862 წელს ჯონ როკფელერის მიერ შექმნილმა “სტანდარტ ოილმა” მოახერხა მსოფლიო ბაზრების უდიდესი ნაწილის დასაკუთრება და “მენავთობეთა ომში” გამარჯვება. ბათუმმა კი პოზიციები დაკარგა და ნავთობექსპორტში ერთი პატარა, უპრეტენზიო ადგილიღა შერჩა. ამას დიდი ეკონომიკური და სოციალური ძვრები მოჰყვა ბათუმისა და საქართველოს მასშტაბით. ბათუმში არსებული ნავთობსაზიდი კასრებისა და ბიდონების დამამზადებელი ათასობით წვრილი საწარმოს დახურვას, რომლებიც უხვად იზიდავდნენ მუშახელს, მოჰყვა დასაქმების პრობლემა და ფინანსური კრიზისი (24).

ამერიკელთა ყურადღება ჭიათურის მანგანუმმაც მიიპყრო. XIX საუკუნის ბოლოს “შავი ქვის” გამოყენების პროპაგანდას ენერგიულად ეწეოდა აკაკი წერეთელი. მანგანუმის მოპოვება-დამუშავებაში უცხოელთა ბატონობისაგან თავდასაღწევად ძმებმა ვარაზაშვილებმა 1918 წელს დააარსეს “ჭიათურის შავი ქვის მრეწველთა სააქციო საზოგადოება” (ჩემო), შეადგინეს წესდება, გამგეობაში ცნობილი მოღვაწეები, თავმჯდომარედ კი _ ნიკო ნიკოლაძე მიიწვიეს (25). საზოგადოება მალე მძლავრ ორგანიზაციად იქცა. მას ფილიალები ჰქონდა გერმანიაში, ინგლისში, თურქეთში, ამერიკაში. ყველგან ჰყავდა წარმომადგენლები. საბჭოთა ხელისუფლების პირველ წლებში, ძმების დიპლომატიისა და კავშირების წყალობით, “ჩემოსათვის” ხელი არ უხლიათ, ძველებურად განაგრძობდა საქმიანობას და საქართველოში დიდი ფულის შემოტანას. ახალ ეკონომიკურ პოლიტიკაზე (ნეპი) გადასვლის შემდეგ ჭიათურის მანგანუმის ხელში ჩაგდებას უცხოელები შეეცადნენ, აქტიურობდნენ ამერიკელები, მათ შორის _ უილიამ ავრელი ჰარიმანი. 1925 წელს წარმოება საკონცესიოდ ჰარიმანს გადაეცა. “ჩემომ” არსებობა შეწყვიტა, საბოლოო ლიკვიდაცია კი 1928 წელს მოხდა, როცა საბჭოთა მთავრობამ ჰარიმანთან კონცესია გააუქმა და მრეწველობას დაეპატრონა (26).

ასე რომ, ორივე დარგის _ ნავთობექსპორტისა და მანგანუმის მრეწველობის დაცემა 1930-იანი წლების საქართველოში სწორედ ამერიკას უკავშირდება.

რაც შეეხება ოფიციალურ ურთიერთობებს – ამერიკის შეერთებული შტატების საკონსულო ბათუმში ჯერ კიდევ XIX საუკუნის ბოლოს გაიხსნა. 1914 წელს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებისთანავე, საკონსულო თბილისში გადავიდა.

საქართველოში ამერიკის პირველი კონსული ფელიქს უილოუბი სმითი, სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტების მიხედვით, ოფიციალური სტატუსით 1916 წლიდან 1918 წლის მაისამდე მოღვაწეობდა. ქართული წყაროების მიხედვით, რეგიონში აქტიურობა სმითმა 1919 წლამდე გააგრძელა. სმითის შესახებ კვლევები ჩაატარა თბილისში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების სტაჟიორმა კოლინ სოლიტმა, რის საფუძველზეც განყოფილების თანამშრომელმა როუენა კროს-ნაჯაფიმ 2007 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეთა საერთაშორისო კონფერენციაზე მოხსენება წაიკითხა (27). მოხსენებაში ქართველი ავტორების ნაშრომების, საქართველოს არქივების გარდა, გამოყენებულია ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტში დაცული დოკუმენტი _ “შეერთებული შტატების საგარეო ურთიერთობები: 1861-1960” და საინტერესოდაა ნაჩვენები პირველი ამერიკელი დიპლომატის საქმიანობა საქართველოში.

ბოლშევიკების მიმართ შეურიგებელი სმითი, საქართველოს მთავრობის მიმართაც თავშეკავებული იყო და არც ქვეყნის დამოუკიდებლობას უჭერდა მხარს. აკაკი რამიშვილის ცნობით, რუსეთის რევოლუციის დროს სმითი ამიერკავკასიის ფედერაციის გაფართოების იდეისაკენ იხრებოდა, 1918 წელს ფედერაციის გაუქმების შემდეგ _ აქტიურად ჩაერთო კავკასიის თურქეთის თავდასხმისგან დაცვის გეგმის შემუშავებაში. ახალდანიშნულმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა მებაჟეებს გააჩხრეკინა ამერიკელი დიპლომატის ჩემოდანი, რამაც სმითი საშინლად განარისხა, უმოწყალოდ გააკრიტიკა საქართველოს მთავრობა და მას “ფსევდო-მთავრობა” უწოდა, რაც მოკავშირეთა უზენაესმა საბჭომაც გაიმეორა. მან მოუწოდა ამერიკელ ბიზნესმენებს, არ ეწარმოებინათ თავიანთი საქმიანობა საქართველოში (28). რამიშვილი არ ასახელებს ინფორმაციის წყაროს და არც სახელმწიფო დეპარტამენტში გაგზავნილ დეპეშებშია ნახსენები ეს ინციდენტი, თუმცა 1918 წლის შემდეგ სმითის მიერ ამერიკაში გაგზავნილ დეპეშებში აღარ იგრძნობა პირვანდელი ოპტიმიზმი. წერს, რომ საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია გაუარესდა (29,). 

1919 წლის დასაწყისში თბილისში დაბრუნებული სმიტი დაკავებული იყო საკუთარი ბიზნეს-ინტერესებით _ შეთანხმებები წიაღისეულის მოპოვებაზე, ხე-ტყის სახერხი ქარხნის მშენებლობაზე, საქველმოქმედო შემოწირულობაზე შეერთებულ შტატებთან 5.000 წყვილი ამერიკული ჩექმის სახით. სოლიტისა და კროს-ნაჯაფის კვლევამ ვერ გამოავლინა _ კიდევ იყო თუ არა იმ დროს სმითი სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი. იმ დროს მის ადგილზე, კონსულის თანამდებობაზე უკვე მუშაობდა ჯონ ქიუ ვუდი. მიუხედავად ამისა, სმითი შუამავლის როლს ასრულებდა სომხეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე სასაზღვარო დავაში და ხელს უწყობდა საეჭვო გეგმის განხორციელებას, რომლის მიხედვითაც, სამხრეთ საქართველოს უდიდესი ნაწილი სომხეთს უნდა გადასცემოდა, ბათუმი კი გამხდარიყო თავისუფალი პორტი სამივე კავკასიური ქვეყნისათვის. საქართველოს მთავრობასთან გამართულ მოლაპარაკებებზე სმითმა წამოაყენა იდეა _ კავკასიი იტალიის ან ამერიკის პროტექტორატის ქვეშ გადასვლის თაობაზე. საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ პროტექტორატი დამოუკიდებლობაზე უარის თქმააო. თუმცა გეგეჭკორმა გამოთქვა აზერბაიჯანთან, სომხეთთან უფრო მჭიდრო ეკონომიკური ურთიერთობის მზადყოფნაზე და დაჟინებით მოითხოვა ერთა ლიგაში საქართველოს გაწევრიანება, რაზეც სმითმა დიპლომატიური პასუხი გასცა: “არ ვიცი, გაწევრიანდებიან თუ არა მცირე ერები ერთა ლიგაში” (29). ამერიკული მისიის 1919 წლის 23 ივნისის დეპეშაში საქართველო მოხსენებულია, როგორც “ანარქიული” და “ბანდიტებით სავსე” ქვეყანა და ამერიკელებიც ნაკლებად იყვნენ აღტაცებულნი დამოუკიდებელი საქართველოთი (30). 

1920 წლის იანვარში სმითი გარდაიცვალა. იგი ახალმა კონსულმა ჩარლზ მოზერმა შეცვალა, რომელიც ევგენი გეგეჭკორმა ძალიან ცივად მიიღო და საქართველოსადმი მისი კეთილგანწყობაც შეიცვალა. საქართველოში შეერთებული შტატების ფაქტების დამდგენი მისიისთვის მომზადებულ 1919 წლის აპრილის ანგარიშში საქართველოს რესპუბლიკას “ძალაგამოცლილი” და “კორუფციის კერა” უწოდა. ეს გასაკვირი არცაა, რადგან საქართველოში მისიის ყველა წევრი გაძარცვეს. მას შემდეგ, რაც ფაქტების დამდგენმა მისიამ რუსეთის სამხრეთ ნაწილში მოქმედი ადმირალ კოლჩაკის დახმარების რეკომენდაცია გასცა, სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვიტა თბილისის საკონსულოდან დიპლომატები გაეწვია. ეს აშკარა დარტყმა იყო საქართველოს მცდელობაზე _ მოეპოვებინა საერთაშორისო აღიარება. მოზერმა, რომელიც თავად ერისთავის ქალიშვილზე დაქორწინდა, ოკუპაციის შემდეგ ის და მისი ნათესავები ქვეყნიდან გაიყვანა, ბოლო ანგარიშები კი ამერიკაში სტამბოლიდან გაგზავნა (31).  

პოლიტიკური თვალსაზრისით ამერიკამ კავკასიას ყურადღება რუსეთში 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების, რუსეთის ომიდან გამოთიშვისა და ამიერკავკასიის კომისარიატის შექმნის შემდეგ მიაპყრო. ამერიკის კონსული სმითი თავის მთავრობას დეპეშით ატყობინებდა, რომ ადგილობრივი მოსახლეობა და არმია უარს ამბობდა გაჰყოლოდა ბოლშევიკებს, რომ ფინანსური დახმარების გარეშე ამიერკავკასია ვერ იარსებებდა (32). რუსეთისადმი ამერიკის ლოიალური დამოკიდებულება კარგად ჩანს 26 ნოემბრით დათარიღებულ სახელმწიფო მდივნის პასუხში _ ფინანსური დახმარება ისე უნდა გაწეულიყო, რომ რუსეთი არ დაშლილიყო. პრეზიდენტ ვილსონის მრჩეველი ლანინგი კი მეორე დღეს, 27 ნოემბერს, პოლკოვნიკ ჰაუსს დეპეშით მითითებას აძლევდა _ არ ეღიარებინათ “დე ფაქტო” მთავრობა, სანამ ნათელი არ გახდებოდა, რომ ეს ხელს არ შეუწყობდა რუსეთის დაშლას, ან სამოქალაქო ომს (33). ჰაუსი ლანინგს ატყობინებდა, რომ საფრანგეთ-ინგლის-იტალია მზად იყვნენ წაეხალისებინათ ამიერკავკასიის მოსახლეობის სწრაფვა დამოუკიდებლობისაკენ. თვითონ ჰაუსი ხედავდა ამიერკავკასიის არმიის დაშლას, კომისარიატის დასუსტებას, დახმრებასაც ცდილობდა, მაგრამ ამერიკის მთავრობის პოზიცია მას ამის საშუალებას არ აძლევდა.

1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების მიმართ ამერიკას თავისი პოზიცია არ გამოუხატავს, თუმცა კი ვითარების შესასწავლად, 1918 წლის 14 დეკემბერს ბათუმში ამერიკის მისიის წარმომადგენელი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის რექტორი ჯედსონი ჩამოვიდა. საგარეო საქმეთა მინისტრ გეგეჭკორთან შეხვედრისას მან საქართველოს მთავრობას შესთავაზა _ ამერიკისათვის დახმარება თვითონ ეთხოვათ (34). 1919 წლის მარტში ევგენი გეგეჭკორსა და ნოე რამიშვილთან შეხვედრა ჰქონდათ კონსულ სმითსა და მურს. ამ შეხვედრის შედეგი იყო თბილისში “ომისგან დაზარალებულების ამერიკული კომიტეტის” კომისიის ჩამოსვლა. შეთანხმების მიხედვით, პურით დახმარება საქონელგაცვლით უნდა მომხდარიყო (35). 

1918-19 წლებში ანტანტამ არ აღიარა საქართველოს დამოუკიდებლობა. 1919 წლის 10 აგვისტოს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ბეინბრიჯ კოლბის ნოტა, რომელშიც ამერიკის რუსეთისადმი დამოკიდებულება იყო ჩამოყალიბებული და რომლის ძირითადი პრინციპი მისი ტერიტორიის დაურღვევლობა იყო. ამერიკა მარტო რუსეთის მიერ დაპყრობილი პოლონეთის, ფინეთისა და სომხეთის დამოუკიდებლობას ცნობდა, საქართველოს კი რუსეთთან ნებაყოფლობით შეერთებულ ქვეყნად თვლიდა. ნოტამ ფართო გამოხმაურება ჰპოვა ანტანტის სახელმწიფოებს შორის, საქართველოს რესპუბლიკის დელეგაციამ კი 15 აგვისტოს მემორანდუმი აახლა მათ მთავრობებს (36). გენერალ დენიკინის კარნახით, რომელიც ერთიანი რუსეთის აღდგენას ცდილობდა, 1919 წელს გაიმართა ანტიქართული კამპანია ინგლისურ და ნაწილობრივ ფრანგულ პრესაში. მხოლოდ დენიკინის განდევნის შემდეგ, 1920 წლის 12 იანვარს, ანტანტის სახელმწიფოთა, ამერიკის შეერთებული შტატების გამოკლებით, აღიარეს საქართველოს დამოუკიდებლობა, შემდეგ ცნეს აზერბაიჯანი და სომხეთიც, რომლებსაც რუსეთის წინააღმდეგ სამხრეთის ბუფერის როლი უნდა შეესრულებინათ. იტალიის სახელმწიფო მდივანმა კოლბის წერილი გაუგზავნა, რომელშიც გაოცება გამოხატა საქართველოს მიმართ ამერიკის პოზიციის გამო. საქართველოს დელეგაცია ევროპაში კი ნოტას მემორანდუმით გამოეხმაურა, რომელიც ვერსალში შეკრებილთ გაუგზავნა (37).

პირველ მსოფლიო ომის მერე გამარჯვებულ ანტანტის სახელმწიფოთა წინაშე დამსხვრეული 4 იმპერიის – გერმანიის, ავსტრია-უნგრეთის, რუსეთისა და ოსმალეთის სამფლობელოების გადანაწილების პრობლემა დადგა. ვერსალის საზავო მოლაპარაკებებზე აშკარა თუ კულუარული ბრძოლა სამანდატო სისტემით გავლენის სფეროების გადანაწილებაზე მიმდინარეობდა. პრეზიდენტ ვუდრო ვილსონის მიერ ჩამოყალიბებული “14 პუნქტი” ამერიკის საგარეო პოლიტიკასა და საერთაშორისო ურთიერთობებს განსაზღვრავდა. მე-6 პუნქტი კავკასიას შეეხებოდა, რომელიც უნდა განხილულიყო, როგორც თურქეთის პრობლემების ნაწილი. რუსეთისაგან ეს გამოცალკევება კავკასიისათვის უკვე დიდი მხარდაჭერა იყო, რადგან ინგლისი და საფრანგეთი მას რუსეთის ნაწილად მიიჩნევდნენ.

1919 წლის ზაფხულში, როცა ინგლისის ჯარმა დატოვა საქართველო და აზერბაიჯანი ინგლის-საფრანგეთმა ამერიკას სომხეთზე მანდატის აღება შესთავაზა. ამის განხორციელება რთული აღმოჩნდა, რადგან პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის წინააღმდეგ კონგრესსა და სენატში იზოლაციონისტთა მძლავრი ოპოზიცია ჩამოყალიბდა სენატორ ჰენრი ქებოტ ლოჯის მეთაურობით. ისინი თვლიდნენ, რომ ამერიკას კავკასიაში მარტო სომხეთზე უნდა აეღო მანდატი, ამისათვის კი 20.000-იანი კორპუსიც საკმარისი იქნებოდა. ოპოზიციის წინააღმდეგ მტკიცე არგუმენტების მოსაპოვებლად პრეზიდენტმა ვილსონმა ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში ჯეიმს ჰარბორდის სამხედრო მისია და სადაზვერვო ექსპედიცია – კინგ-კრეინის კომისია გაგზავნა. საქართველოს ეწვია პრეზიდენტ ვილსონის საგანგებო დავალებით მცირე აზიასა და კავკასიაში მოგზაური გენერალი ჯეიმს ჰარბორდიც. იგი გულდასმით უნდა გასცნობოდა ვითარებას და ამერიკის მთავრობისათვის საგანგებო მოხსენება წარედგინა. ქართული პრესა (“სახალხო საქმე”, “საქართველოს რესპუბლიკა”) დაწვრილებით აღწერდა ამ ვიზიტს: ამერიკელთა შემოსვლას, ქართველთა დახვედრას ცხენოსანი რაზმით, საპატიო ყარაულითა და სამხედრო ორკესტრის ჰანგებით; ამერიკელთა შეხვედრას მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ვვგენი გეგეჭკორთან, დამფუძნებელი კრების წევრებთან, შინაგან და საგარეო საქმეთა მინისტრებთან; მათ მონაწილეობას ოფიციალურ საუბრებში; აგრეთვე სამთავრობო სადილს, რომელსაც ქართველ მინისტრებთან, მთავრობის წევრებთან და გენერლებთან ერთად პოლკოვნიკი ჰასკელი, გენერალი ჰარბორდი და მისი თანმხლები 50 კაციც დაესწრო. ვახშამი, რომელსაც დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი დავით ღამბაშიძე თამადობდა, დილის 4 საათამდე გაგრძელდა და სტუმრები დიდად კმაყოფილი დარჩნენ (38).

ჰარბორდი მოგონებებში დიდი სიმპათიით აღწერს თბილისსა და ქართველ ხალხს: “თბილისი თანამედროვე ქალაქია 150.000 მცხოვრებით. ის ფრიად კოლორიტული და საინტერესო სანახავია. თითოეულ უბანს ცოტა უცნაური ელფერი კი დაჰკრავს, მაგრამ მთლიანობაში ერთობ მიმზიდველ სურათს წარმოადგენს… ხალხი მაღალი და ლამაზია… თბილისი მეფისნაცვლის რეზიდენცია იყო და ძველი ფუფუნების ნიშნები შერჩენილი აქვს… მხიარული, დარდიმანდი და ხალისიანი ქართველები ფრიად მომხიბვლელნი არიან, ამიტომ ჩვენი მისია მათ ემშვიდობებოდა სევდანარევი გრძნობითა და უსურვებდა ყოველივე სიკეთეს”. ჰარბორდი წერს საქართველოს ისტორიაზეც და აღნიშნავს, რომ კავკასია წარმოადგენს ერთ-ერთ ურთულეს პრობლემას მსოფლიოში: ეს რეგიონი იყო ერთდროულად მნიშვნელოვანი დამაკავშირებელი გზაც და ბუნებრივი ბუფერიც ევროპასა და აზიას შორის”. ხაზს უსვამს იმჟამინდელ ეთნიკურ, ეკონომიკურ პრობლემებსა და ინფლაციას (39).

ვილსონისადმი წარდგენილ მოხსენებაში ჰარბორდი წერდა, რომ საქართველოს მოსახლეობა თანახმაა სამანდატოდ თავისი სახელმწიფო ამერიკას გადასცეს (40).  მისი 27 არგუმენტიდან 14 დადებითი იყო, 13 – უარყოფითი და ამით აირიდა მხცოვანმა გენერალმა მანდატის აღების პასუხისმგებლობა (41).

ქართველებმა ადრევე შეაფასეს ამერიკის მნიშვნელობა. პრესა ცდილობდა ქართული საზოგადოებრივი აზრის ამერიკის სასარგებლოდ წარმართვას (42). დიპლომატები 1919 წლის 11 ივნისს პარიზში შეხვდნენ ვილსონის უახლოეს მეგობარსა და მრჩეველს, პოლკოვნიკ ჰაუზს. 11 აგვისტოს კი სტამბოლში საქართველოს წარმომადგენლობა კინგსა და კრეინს ეწვია. კინგ-კრეინის ცნობით, ქართველ პოლიტიკოსთა დიდ ნაწილს მეურვედ სწორედ ამერიკა სურდა (43).  

1919 წლის აგვისტოში თბილისში ჩამოვიდა კავკასიაში მოკავშირეთა უმაღლეს კომისრად დანიშნული პოლკოვნიკი ჰასკელი. დაიწყო სურსათისა და ფქვილის გამოგზავნა. მართალია, დახმარება სომხეთისათვის იყო გამიზნული, მაგრამ ეს მაინც დიდი შემწეობა იყო საქართველოს მოსახლეობისათვის. როგორც გაზეთი “სახალხო საქმე” წერდა, ამერიკა ყოველ დღე 40.000 მოქალაქეს კვებავდა (44). 

მდიდარი სომხური დიასპორა ამერიკის დახმარებით სომხური სახელმწიფოს აღდგენას ცდილობდა. რაკი ამერიკა მხოლოდ პოლონეთის, ფინეთისა და სომხეთის დამოუკიდებლობას ცნობდა, სომხეთის დელეგაციამ მოითხოვა სამხრეთ საქართველოს ტერიტორია და შავ ზღვაზე გასასვლელი. პარიზში სომხეთის რუკაც კი დაიბეჭდა, რომელშიც ქვემო ქართლის გარდა შესული იყო შიდა ქართლი, მტკვრის მარცხენა სანაპირო, გორი და თბილისიც კი. უპატრონოდ დარჩენილი საქართველო-აზერბაიჯანი გაერთიანდნენ და პარიზში ერთ კონგრესმენს ფული მისცეს ამ საკითხის ლობირებისათვის, მაგრამ კონგრესის ახალ, 1919 წლის არჩევნებში იგი ვეღარ გავიდა (45). 

ვილსონი კარგა ხანს უმალავდა კონგრესს მისიათა ანგარიშებს, მაგრამ 1920 წელს იძულებული გახდა გამოემზეურებინა ორივე – კინგ-კრეინისა და ჰარბორდის მოხსენებები, რაც ოპოზიციამ თავისი პოზიციების გასამაგრებლად გამოიყენა. ვილსონმა ვერც ის რეზოლუცია გაიტანა, რომლითაც შეეძლო ერთპიროვნულად გამოეყენებინა საექსპედიციო კორპუსი, ამიტომ უარი სომხეთის მანდატზეც თქვა. 1920 წლის შემოდგომაზე ამერიკაში გაიგზავნა წარმომადგენელი, რომლისგანაც ნათელი გახდა, რომ რუსეთიდან გამოყოფილი სახელმწიფოების მიმართ ამერიკა უარყოფითად იყო განწყობილი (პოლონეთის, ფინეთისა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოთა გარდა) (46). მოგვიანებით, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, ვითარება შეიცვალა და 1920 წლის დეკემბრის ბოლოს თბილისში ჩამოვიდა ამერიკის ახალი კონსული დულითლი, რომელმაც გაზეთ “საქართველოს” კორესპონდენტთან საუბარში იმედი გამოთქვა, რომ ამერიკის ახალი მთავრობის პოზიცია საქართველოსათვის უფრო მისაღები იქნებოდა და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებიც დამყარდებოდა (47).  მაგრამ იზოლაციონისტთა მიერ კავკასიაში ამერიკის ჯარის გაგზავნის ჩაშლა საბედისწერო აღმოჩნდა უმეკავშირეოდ დარჩენილი კავკასიის რესპუბლიკებისათვის. სამივე განწირული რესპუბლიკა მალე რუსეთის ექსპანსიის მსხვერპლი გახდა.

 

შენიშვნები

1. ლორთქიფანიძე კ. ჩრდილო ამერიკის შეერთებული შტატები და იქაური ტყვეები, ჟურნ. “საქართველოს მოამბე”, 1963, ##11-12, გვ.
2. ამერიკა (პოლიტიკური მიმოხილვა), გაზ. “დროება”, 1866, 29 IV, #9, გვ.2-3 
3. გოგებაშვილი ი. ბრძოლა ამერიკის შეერთებულს შტატებში პრეზიდენტის ლინკოლნის მოკვლის შემდეგ კონგრესსა და ახალ პრეზიდენტს შორის, ტ. I, 1910, გვ.
4. მესხი ს. ამერიკის შკოლები, გაზ. “დროება”, 1869, #16, გვ.1-2
5. ლაბულე, ამ დროების ამერიკა, გაზ. “დროება”, 1870, #9, გვ.2-3
6. იქვე, ს. მესხი წინასიტყვაობა.
7. ჟონკო, ახლანდელი ამერიკა, ჟურ. “კრებული”, 1873, #8, გვ.
8. ვარინიი ნ. სიყვარული და ქორწინება ამერიკაში, გაზ. “ივერია”, 1888, ##235-242
9. ვარინიი ნ. ქორწინება და განქორწინება ამერიკაში, გაზ. “ივერია”, 1888, #139-141
10. ქალი ამერიკაში, გაზ. “ივერია”, 1889, #,101, გვ.
11. დედათა უფლების საქმე, გაზ. “ივერია”, 1889, #92, გვ.
12. ამერიკელი მუშა ქალი _ გაზ. “ივერია”, 1889, #141, გვ.
13. უნივერსიტეტის დაარსება ამერიკაში, გაზ. “ივერია”, 1888, #121, გვ.
14. სმაილსი ს. ენერგია და ახოვნება, გაზ. “დროება”, 1869, ##44-45, გვ.
15. გიორგი ვაშინგტონი – ამერიკის განმათავისუფლებელი, ტფ. 1891
16. გაზეთები ამერიკაში, გაზ. “ივერია”, 1892, #134, გვ.
17. უფრო დაწვრილებით იხ. დაუშვილი რ. ევროპული საისტორიო თხზულებები XIX საუკუნის II ნახევრის საქართველოში, თბ., 2003, გვ.47-82.
18. ქადაგიშვილი დ. ვ. სმითისა და ჰ.ჯ. დუაითის ცნობები თბილისზე XIX ს. I ნახევარში, საქართველოს ურთიერთობა ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში, I, 1994,Gგვ.230-334
19. ნაური, წერილები ამერიკიდან _ ჟურნ. “დამოუკიდებელი საქართველო”, 1935, #100, გვ.
20. ამაღლობელი ვ. ჯონ დოს პასოსის “გასაბჭოებული კავკასია”, ამერიკის შესწავლის საკითხები, IV. 2006, გვ.253-259
21. გერსამია თ. ძველი თბილისი, თბ. 1989, გვ.133, 173
22. თვალავაძე ვ. აშშ-ს ისტორიის საკითხები XIX საუკუნის II ნახევრის ქართულ პერიოდიკაში, _ ამერიკის შესწავლის საკითხები, III, თსუ, 2005, გვ.133-137
23. გოგოლიშვილი ო. ბათუმის ოლქის ეკონომიკური განვითარება მე-20 საუკუნის პირველ ათწლეულში, ბათუმი, 2006, გვ.10
24. იქვე, გვ.20
25. ”ჩემო” ,,,
26. ”ჩემო” ,,,
27. კროს-ნაჯაფი
28. რამიშვილი აკ. ჩვენი შეცდომები, თბ. 2007, გვ.40-41
29. კირთაძე ნ. ევროპა და დამოუკიდებელი სქართველო, თბ. 1997, გვ.76
30. კროს-ნაჯაფი
38. გენერალ ჰარბორდის ჩამოსვლა _ გაზ. “სახალხო საქმე”, 1919, #644-645, გვ.2, 3,  გაზ. “საქართველოს რესპუბლიკა”, 1919, #223-224, გვ.2
40. მენთეშაშვილი ა. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები _ ჟურნ. “საქართველოს კომუნისტი”, 1990, #1, გვ.51
41. ჩოხელი ა. ამერიკა და დამოუკიდებელი საქართველო _ გაზ. “ლიტერატურული საქართველო”, 1990, #21, გვ.14
42. ჯავახიშვილი ლ. საქართველოს სახელმწიფო დიპლომატია და ქართული პრესა 1919-20 წლებში, ქართული დიპლომატია, ტ. 6, თბ. 1999, გვ.292-305
43. ,,
44. _ გაზ. “სახალხო საქმე”, 1919, #, გვ.
45. ცხოვრებაძე გ. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის დიპლომატიური მუშაობის შესახებ 1921-22 წწ. “მემუარი საქართველოს სრულუფლებიანი ელჩისა დიპლომატიური მუშაობის შესახებ 1921-22 წწ.” ქართული დიპლომატია, ტ. II, თბ. 1995, გვ.25-41
46. _ გაზ. “საქართველო”, 1920, #, გვ. 
47. ,,

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s