Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

●ქართველები უცხოეთში

25-08-2009

ზვიად სეხნიაშვილი – ერაყის ტახტზე ადის ბოჩოლაანთ გიორგას ბიჭი!

საუკუნეთა მანძილზე უცხო დამპყრობთა მოძალებით გაწამებული საქართველო თვალცრემლიანი გაჰყურებდა საქარავნო გზას, რომელზეც დაუსრულებლად მიედინებოდა ქართული სისხლი და გენი. მიჰყავდათ ანგელოზის მსგავსი ქართველი გოგო-ბიჭები აღმოსავლეთის ტყვეთა ბაზარზე გასაყიდად… უცხო ჰარამხანათა დასამშვენებლად… უცხო ჯარებში საზარბაზნე ხორცად….

მიჰყავდათ და მიჰყვებოდათ კაეშნის გზაზე გულმოკლული მშობლების ცრემლის ნიაღვარი და ჩაწყვეტილი გულიდან ამოკვნესებულ-ამოკივლებული: – დედა მოგიკვდეს, შვილო!..

მიდიოდნენ მოუბრუნებლად, სამუდამოდ. ავიწყებდნენ ტკბილხმოვან ქართულ ენას, რწმენას, სამშობლოს…

უმრავლესობა უცხო ქვეყნების ისტორიაში გამორჩეულ ფურცლებს წერდა. მამლუქებად წოდებული ქართველი ვაჟკაცები ბედის უკუღმართობით მახვილს იქნევდნენ და თავს სწირავდნენ სხვათა ბედნიერი მატიანის შექმნას. უმეტესობას ქართული სახელიც კი არ დარჩა და უცხო მიწაში ისე ჩავიდა, რომ ვეღარასოდეს იხილა ბავშვობის უტკბილესი ზმანება – ღვთაებრივი მამული…

მაგრამ უცხოეთშიც ბრწყინავდა ქართული ჯიში და გენი. ქართული სოფლის ორღობეში ფეხშიშველა მოტანტალე გლეხის ბიჭები, უღმერთოდ გაყიდულ-გასხვისებულნი, თავის მქუხარე სიტყვას მაინც ამბობდნენ და ქვეყნიერებას აზანზარებდნენ! მათგან რჩეულებს წილად ხვდათ არნახული პატივი – ერთპიროვნული მმართველები გახდნენ ერაყისა, ეგვიპტისა, სირიისა და იწოდებოდნენ ხალიფებად, ბეგებად, სულთნებად…

ღმერთო, როგორ წარიმართებოდა ჩვენი სამშობლოს ბედ-იღბალი, ამ რჩეულ ვაჟკაცებს საქართველოსთვის რომ მოექნიათ ხმალი, მამულისთვის რომ დაეხარჯათ ნიჭი და შემართება…

თავად განსაჯეთ: XVIII საუკუნის მიწურულიდან ლამის ასი წლის მანძილზე აღმოსავლეთის ჰეგემონ სახელმწიფოებს განაგებდნენ ქართველი მამლუქები. მათთან ბრძოლაში ამაოდ ემტვრეოდათ კბილები თურქებს, ფრანგებს, ინგლისელებს და სხვა ჯიშისა და მოდგმის მომხდურებს. 1711 წლიდან 1806 წლამდე უდიდესი კულტურისა და მსოფლიო საოცრებების ქვეყანას – ეგვიპტეს, სათავეში ედგნენ ქართველი მამლუქები: მუჰამედ-ბეგ კატამიში, იბრაჰიმ ქათხუა, ალი-ბეი ალ-ქაბირი, იბრაჰიმ-ბეი სინჯიკაშვილი, მურად ბეი, ისმაილ ბეი…

შუამდინარეთის კულტურის ლეგენდარულ ქვეყანას – ერაყს განაგებდნენ სულეიმან დიდი-ბუიუქი, მისი ქართველი სიძე ჰაფიზ ფაშა, სულეიმან მცირე-ქუჩუკი, ასად ფაშა, სიმამაცისთვის ლომად წოდებული…

1817 წლიდან ოცი წელი ერაყის სულთანი და ბაღდადის ხალიფა გახლდათ დაუდ ფაშა ბოჩოლაშვილი, იფნისელი ბოჩოლაანთ გიორგას ვაჟი. ის 6 წლისა გაიტაცეს ქართლიდან. გლეხის ბიჭი ისტორიას შემორჩა, როგორც ერაყის კანონმდებელი, განმანათლებელი, ფილოსოფოსი და აღმაშენებელი!..

შიშიანობა იყო ქართლში, ლეკები დაძრწოდნენ, ქართველებს იტაცებდნენ და სტამბოლის ტყვეთა ბაზარზე მიარბენინებდნენ. დიდი ფასი ჰქონდათ გურჯ ტყვეებს, საუკეთესო საჩუქრებადაც ითვლებოდნენ აღმოსავლეთის მმართველებისთვის. ამიტომაც არ ერიდებოდნენ ლეკები და სულგაყიდული ქართველები უდიდესი რისკის ფასად ქართველ ყმაწვილებზე ნადირობას, რადგან მათ საფასურად უზარმაზარ მოგებას ნახულობდნენ. ერთ უბედურ დღეს სწორედ იფნისის შემოგარენში დათარეშობდნენ ლეკნი და სოფლის განაპირას თვალი დაუდგამთ უდარდელად მოთამაშე პატარებისთვის. დრო უხელთიათ, უნაგირებზე აუტაციათ აკივლებული ყმაწვილები. განგაშის ზარების დარისხებამ შეყარა იფნისელები. თოხებს ხელი უშვეს, ხმლები იშიშვლეს და დაედევნენ გამტაცებლებს. გაასწრეს ლეკებმა. ამაო გამოდგა დევნა. გაწბილებული და ცრემლით გულადუღებული მობრუნდა შინ ბოჩოლაანთ გიორგა, ჭიშკართანვე დაემხო და უხმო გოდებით გამოიტირა პირმშო. სოფელს ზარავდა გიორგას თანამეცხედრის, მარიამის მოთქმა: – შვილო, დათოო….

სტამბოლში ჩარეკეს ბიჭები. უკვე აღარ ტიროდა პატარა დათო. მრისხანედ უკვესებდა ცეცხლოვან თვალებს მის გასასინჯად მოსულ ვაჭრებს. ერთმა მდიდარმა თურქმა იყიდა ბოჩოლაანთ ბიჭი. იმ თურქის კარზე იზრდებოდა ხუთი წელი. მერე პატრონმა შეატყო, რომ ეს ძვალმსხვილი გურჯი გაცილებით ძვირად გაიყიდებოდა და ბაღდადის ტყვეთა ბაზარზე გაიყვანა დათო ბოჩოლაშვილი. ლოდინიც არ დასჭირვებია თურქს. დათო ვიღაც მუსტაფა-ბეგს მოსწონებია… ცოტა ხანს თავისთან ჰყოლია პატარა ქართველი მუსტაფას და მერე საჩუქრად მიურთმევია ბაღდადის ფაშასთვის. ფაშა აღუფრთოვანებია დათოს ნიჭსა და აღნაგობას…

ისიც ქართველი იყო – სულეიმან ბუიუქად წოდებული…

სახელი გამოუცვალეს ბიჭს, დაუდი დაარქვეს და აღსაზრდელად ქულემანთა სამხედრო სასწავლებელში მიაბარეს. ყველა გააოცა დაუდის გულმოდგინებამ. მალე შეისწავლა მუსლიმანური კანონმდებლობის საფუძვლები, ყურანი, ბრწყინვალედ აითვისა არაბული ენა. სამხედრო საქმეში ხომ ბადალი არ ჰყავდა – ყველას სჯობდა ჯირითში, ხმლის ტრიალში, ისრის სროლაში, სიმამაცეში…

თვალის დახამხამებაში გაირბინა წლებმა. ერთ დღესაც სულეიმან ფაშას მიჰგვარეს დავაჟკაცებული დაუდი და მოახსენეს: – ქულემანთა სკოლას ჯერაც არ ჰყოლია ამ გურჯის ბადალი, ეს ყმაწვილი რჩეულთა შორის რჩეულიაო…

ბევრი აღარც უფიქრია სულეიმან ფაშას. სახელმწიფო ბეჭდის მცველად დანიშნა ჭაბუკი, მოკლე ხანში კი სიმდიდრით განთქმული ერაყის ხაზინის მართვა ჩააბარა 27 წლის დაუდს(!). ეს უკვე მართლაც გამორჩეული პატივი იყო, რომელიც მანამდე არ ღირსებია ამ ასაკში ერაყელთაგან არცვის…

სახელმწიფოს ფინანსური მართვა-გამგეობაც ბრწყინვალედ წარმართა დაუდმა. ყველას მისი სახელი ეკერა პირზე, როგორც გამორჩეულად ძლიერი მმართველისა. სულეიმან ფაშას მზე და მთვარე ამოსდიოდა დაუდზე და თავისი ასული მიათხოვა ცოლად…

1801 წელს სულეიმან ფაშა გარდაიცვალა და ერაყის გამგებლობა ისევ ქართველმა ჩაიბარა – ჰაფიზ ფაშამ. ისიც სიძე იყო სულეიმანისა. დაუდი ამ დროს სახელმწიფო სამსახურიდან წავიდა, სასულიერო მოღვაწეობას მიჰყო ხელი და სემინარიის რექტორად აღზევდა. მის ქადაგებებზე აღმოსავლეთში ისეთი ლეგენდები დადიოდა, რომ ყველა მუსლიმანური ქვეყნიდან ჩადიოდნენ იქაური მორწმუნენი, ოღონდ კი ამ გურჯის გასაოცარი სიბრძნე მოესმინათ…

1807 წელს ჰაფიზ ფაშა ბრძოლის ველზე აღესრულა. ერაყის გამგებელი ისევ ქართველი გახდა – სულეიმან ქუჩუკი-მცირე. დაუდის ნიჭის ფასი მასაც კარგად სცოდნია და ისევ დაუბრუნებია ერაყის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე. მოკლე ხანში კი ერაყის პრემიერი(!) ხდება სახელოვანი დაუდ გურჯი…

მალე სულეიმან მცირეც აღესრულა. ერაყის ტახტზე ადის ბოჩოლაანთ გიორგას ბიჭი, დათო, აწ დაუდ ფაშად წოდებული და ენიჭება ერთდროულად ერაყის სულთნისა და ბაღდადის ხალიფას უმაღლესი ტიტული!.. ასეთი რამ არავის ღირსებია არც მანამდე და არც შემდგომ!..

დაუდ ფაშას ტახტზე ასვლის დღიდან დაიწყო მართლაც უბედნიერესი ხანა ერაყის ისტორიაში. ქვეყანას უნიჭიერესი მმართველი მოევლინა. დაუდ ფაშამ თავდაპირველად საგარეო საქმენი მოაგვარა: ჯერ ირანს დაეტაკა და წაართვა ერაყის მიტაცებული ტერიტორიები, მერე გაურჩებული ქურთისტანი მოარჯულა და შემოიერთა. მოკლე ხანში ინგლისელებს ამოუკვეთა ფეხი ერაყიდან და ბოლოს, ოსმალეთის მძლავრ იმპერიას აგემა არაერთი მარცხი…

დაუდ ფაშა ერაყის განმანთავისუფლებლად და აღმაშენებლად შერაცხეს!..

შიდა საქმეებშიც უდიდესი გამჭრიახობა გამოიჩინა დაუდმა. სწრაფად და უმტკივნეულოდ გაატარა რეფორმები, ერაყში ააშენა პირველი ქაღალდის ფაბრიკა, დააარსა პირველი სტამბა, რომლის ასაწყობად თბილისიდან მიიწვია განთქმული პოლიგრაფები. ბაღდადში ააგო ყველა იმდროინდელი კომფორტით აღჭურვილი უდიდესი სავაჭრო ცენტრი, მათ შორის ათეულობით აბანოთი კეთილმოწყობილი…

და კიდევ ვინ მოთვლის, რამდენი კულტურული დაწესებულება ააშენა… გზები, ხიდები, სასახლეები…

ერაყელები აღმერთებდნენ დაუდ ფაშას, მასზე სიმღერებს თხზავდნენ, ყველას მისი სახელი ეკერა პირზე. ყოველდღე მის დიდებულ სასახლესთან იკრიბებოდა აუარება ხალხი, რათა საოცარი გურჯი საკუთარი თვალით ენახა. ერთ რამედ ღირდა მისი გამობრძანება სასახლიდან: მოათამაშებდა არაბულ მერანს თვალტანადობით გამორჩეული ვაჟკაცი, ამაყი ღიმილით ესალმებოდა მის წინაშე მუხლმოდრეკილთ, ღირსეული თავდაჭერით ისმენდა ხოტბა-დიდებას, უკან მოსდევდა ბრწყინვალედ აღჭურვილი ქართველ მამლუქთა ათასეული…

აღტაცებულნი იყვნენ ერაყელები… გაოგნებულნი რჩებოდნენ უცხოელი ელჩები და სტუმრები…

მთელ მსოფლიოში გავარდნილიყო მისი სახელი. ფრანგი ოშე-დუა წერდა: – დაუდ ფაშა, გამორჩეული ხიბლით, ევროპელ ხელმწიფეებს უფრო ჰგავს, ვიდრე აღმოსავლეთის მბრძანებელსო…

არაბი მეცნიერი ალ-აზ-ზავი აღნიშნავდა: – დაუდ ფაშა იყო დიდი სახელმწიფო მოღვაწე, ფრიად განსწავლული, დიდი ფილოსოფოსი, კანონმდებელი, განმანათლებელი, რომელმაც ბრწყინვალე რეფორმების წყალობით ერაყი აღმავლობის გზაზე დააყენაო…

ისტორიკოსი იზ-ად დინიუსეფი კი ამბობდა: – ის იყო უდიდესი ადამიანთაგანი, რომელიც თანამედროვეთაგან გამოირჩეოდა განსაკუთრებული იდეალებით. მშვიდობის დროს იყო მჭევრმეტყველი და მხიარული, ხოლო ბრძოლაში უმამაცესი. სიკეთესა და თავმდაბლობაში მას ბადალი არ ჰყავდაო…

დაუდ ფაშას მოღვაწეობას და ნიჭს კი გვირგვინს ადგამს ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორი, ინგლისელი მეცნიერი ლონგრიგი: – მისი ფილოსოფია უფრო პროგრესული იყო, ვიდრე რომის იმპერატორის, მარკ ავრელიუსისაო…

და მხოლოდ ერთეულებმა უწყოდნენ, რომ ეს მსოფლიო დონის აღიარებული ფილოსოფოსი და უდიდესი მოღვაწე ქართველი გლეხის ბიჭი იყო… ან იქნებ არავინაც არ იცოდა, თავად დაუდ ფაშას მეტმა…

დიდი ხნის გამოტირებული ჰყავდათ პატარა დათო მშობლებს. საფლავში ჩაიყოლა შვილის დარდი ბოჩოლაანთ გიორგამ. დათოს დედას, მარიამს მაინც სჯეროდა, რომ გულიდან მოწყვეტილი პირმშოს შესახებ ოდესმე შეიტყობდა რაიმეს. დათოსთვის ლოცულობდა, მის გზას გასცქეროდა ცრემლგამშრალი, დათო ეზმანებოდა სიზმარ-ცხადში…

ერთ დღესაც თავადი ორბელიანი ესტუმრა მარიამს და ყმობისგან გათავისუფლების სიგელი მიართვა. თვალებს არ უჯერებდა ქალი, მაგრამ სიხარულის ელდა მერე ეცა, როდესაც ორბელიანმა აუწყა: – შენს შვილს, დათოს უთხოვია რუსეთის იმპერატორისთვის თქვენი გათავისუფლება ყმობისგან, მან კი მე გამომიგზავნა ბრძანებაო….

მუხლზე დაეცა დედა და უფალს მადლობა შესწირა… ცოცხალი ყოფილა მისი დათო, მისი პატარა სიხარული და დიდი დარდი…

მერე შვილის ბარათიც მიართვა ორბელიანმა მარიამს… ერთხანს ცრემლში ალტობდა გულში ჩაკრულ უსტარს დედა, მერე, როცა ნისლისგან დაეწმინდა თვალისჩინი, სტრიქონებს ჩაჰყვა:

«ბედნიერი ბაბილონის ხელმწიფე, თქვენი ძე დაუდ ფაშა მრავალს მოკითხვას და ნახვის ნატვრას მოგიძღვნით, დედავ მარიამ!.. მერმედ თუ შეიძლებოდეს, ჩემს უნახავობას ნუ დაიშურებდეთ, მოდით, თქვენი ნახვა მსურს. ფიქრი ნუ გაქვთ, როცა ინებებთ, მაშინვე დიდის პატივით გაგიშვებთ…

მერმედ ვითხოვ თქვენის მოწყალე გულისაგან, რომ ლოცვით ნუ დამივიწყებთ, დედავ! თქვენ ვენახი გაგიშენებიათ და ნაყოფი არ მიგიღიათ…

ილოცეთ ჩემთვის, მოწყალეო დედაო!..

თქვენი ძე, ბაბილონის ხელმწიფე დაუდ ფაშა.

დაიწერა 1821 წელსა, მარიამობის ორსა…»

ვინ უწყის, რას განიცდიდა იმ წუთებში დედის გული. ამოვარდნას ლამობდა ალბათ საგულედან, ამდენი ხნის მანძილზე შიგ ჩაწურული სისხლი და ცრემლი გზას თუ ეძებდა ახლა. პირველად მოვიდა შვება, შვილის ბედის უგზო-უკვლობით სადღაც გულის კუნჭულში მიმარხული. უკვე ახალი დარდი იბუდებდა მოულოდნელი სიხარულით ანთებულ გულში – ქართული წერა-კითხვა აღარ ხსომებია დათოს და თავისი ნააზრევი რომელიღაც ქართველისთვის გადაუტანინებია ეტრატზე…

ისევ კვნესოდა დედის გული… ალბათ შვილის ხელმწიფობას ისევ მისი გლეხობა ერჩია, აი ისეთის, სოფლის ორღობეში სათამაშოდ რომ გაუშვა ერთ საღამოს და ღიმილით რომ მოაძახა: – ნუ ჯავრობ, მალე დავბრუნდები, დედი!..

დაუბრუნდა, მაინც დაუბრუნდა, გაუცხოებული, ქართულდავიწყებული, მაგრამ ძირეულ გრძნობაშენარჩუნებული და ფესვგაცოცხლებული… ამით მაინც ბედნიერი იყო უბედური დედა…

მერე გულში ჩაკრული ბარათით წალასლასდა სოფლის ბოლოში მარიამი და თანამეცხედრეს ჩასძახა საფლავში: – დაგვიბრუნდა, გიორგი, ჩვენი დათო და ახლა მაინც მშვიდად განისვენეო…

მალე ბოჩოლაანთ გიორგას სამარესთან მეორე საფლავიც გაითხარა… ვერ მოასწრო დედამ ერაყს გამგზავრება თავის დათოსთან, მისი ხილვის მონატრულს გაუცივდა გული….

მერე ერაყსაც მძიმე დროება დაუდგა. შავი ჭირის ეპიდემიამ იფეთქა და აუარება ხალხი გაწყვიტა. ამით ისარგებლა ოსმალეთმა და შემოესია ლეგენდარულ ბაბილონს. დიდხანს ებრძოდა დაუდ ფაშა მომხდურებს, ხან სად ააგორა აჯანყება და ხან სად დაასამარა თურქნი… მერე ჯარშემოძარცვული და ეულად დარჩენილი ტყვედ იგდეს დაუდ ფაშა… ბედის ირონიით, მისი დამმარცხებელი თურქთა მთავარსარდალიც ქართველი იყო – ალი-რიზად წოდებული. ხმალი არავის შეაბედვინა ძვირფას ტყვეზე ალი-რიზამ და სტამბოლს მიჰგვარა სულთანს. საოცარია, მაგრამ არც სულთანმა ინება მოკვლა დიდებული გურჯისა, გმირად გამოაცხადა და ბოსნიის გამგებლად დანიშნა(!). ჩააწყნარა და ააყვავა ბოსნია დაუდ ფაშამ, დაუფასა სულთანმა ღვაწლი და ახლა თურქეთის დედაქალაქის, ანკარის ვილაიეთის მთავარგამგებლად დანიშნა…

1846 წელს 70-ს მიტანებული დაუდ ფაშა ისევ სასულიერო გზას დაადგა. სულთანმა იგი მუსლიმთა ყველაზე საპატიო პოსტზე დანიშნა – მექაში მუჰამედ წინასწარმეტყველის მავზოლეუმის წინამძღვრად!

1851 წელს იმდროინდელ სამყაროში გახმიანდა ცნობა: – აღესრულა დაუდ ფაშა, ერაყის დიდი სულთანი და ბაღდადის ხალიფა, თურქეთის მთავარი ვილაიეთის მთავარგამგებელი და მუჰამედის საფლავის ზედამხედველი. დაკრძალეს მექაში, ხალიფების საფლავების გვერდით…

აუარება ხალხი მიჰყვა დაუდ ფაშას უკანასკნელ განსასვენებლამდე. არც ვინ იცოდა, რომ ეთხოვებოდნენ უბრალო ქართველი გლეხის, ბოჩოლაანთ გიორგას ბიჭს, დათოს – აწ აღმოსავლეთის მზედ წოდებულ გმირს…

ჭეშმარიტად, სადაურსა სად წაიყვან, ბედო!..

გაზეთი “კვირის პალიტრა”

 ქარიშხლის დამაოკებელი ორი ზღვის ყაენი!

საქართველო ოდითგან უბადლო მეომართა ქვეყანა იყო. სიყრმიდანვე საბრძოლო ხელოვნებაში გაწაფულნი მამაცობითა და თავგანწირვით აოცებდნენ მტერსაც და მოყვარესაც. სადაც უნდა გადაესროლა ბედს ქართველი მოლაშქრე, ყველგან გამორჩეული იყო ვაჟკაცობით, სრულყოფილებამდე დახვეწილი საბრძოლო ხელოვნებითა და მხედართმთავრული ნიჭით. არა მარტო საკუთარ სამშობლოს ეხმარებოდნენ ქართველი მამლუქები, არამედ უცხო ქვეყნების ისტორიასაც წერდნენ საკუთარი სისხლითა და სიცოცხლით. თითქმის არ დარჩენილა სახელმწიფო დედამიწაზე, რომლის ძლიერებისთვის ქართველებს არ მოექნიოთ მახვილი. რომ არა ბედის უკუღმართობა, მათი ნიჭი და შემართება ჩვენს მამულს უნდა გამოსდგომოდა, მაგრამ…

ლეგენდარული ეგვიპტე… ძველი წელთაღრიცხვის მე-5 ათასწლეულში დაწყებული ცივილიზაციით… ფარაონებისა და დღემდე მოღწეული ხუროთმოძღვრული სასწაულების – პირამიდების სავანე. სწორედ ამ ქვეყანას საუკუნე-ნახევარი ერთპიროვნულად მართავდნენ ქართველი მამლუქები, სამშობლოს ბავშვობიდანვე უსულგულოდ მოწყვეტილნი, მონებად გაყიდულნი, მაგრამ სიმამაცისა და რაინდობის წყალობით სულთნად აღზევებულნი.

სწორედ ქართველთა ვაჟკაცობამ დაუდო საფუძველი ეგვიპტელთა გამოხსნას ოსმალთა მრავალწლიანი ბატონობისგან… 1763 წელს კაიროში, სასახლის მთავარ მოედანზე შეკრებილ ხალხს აუწყეს: ეგვიპტის მმართველი და სულთანი ამიერიდან შეიხი ალი-ბეი არისო… შიშნაკრავი აღტაცებით შეეგება კაირო ახალი სულთნის გამოჩენას. თუმცა, მალე მიხვდებიან ეგვიპტელები, რომ ალი-ბეის მოსვლით იწყება ოქროს ხანა ნილოსის ქვეყანაში. მაგრამ ბევრისთვის საიდუმლოდ დარჩება ის ამბავი, რომ ეგვიპტის აღორძინებისთვის თავგადაკლული ალი-ბეი ქართველი იყო, სახელად იოსები, პატიოსანი მღვდლის შვილი და 13 წლისა სტამბოლის მონათა ბაზარზე უღვთოდ გაყიდული…

ქართველი ალი-ბეი ჯერ უდაბნოში მოთარეშე ბედუინთა რაზმებს დაერია, სისხლს რომ უშრობდნენ ეგვიპტელებს. ვინც გაწყვიტა – გაწყვიტა, ვინც გადაურჩა ალი-ბეის უდაბნოს მზის სხივებზე მოელვარე ხმალს, უგზო-უკვლოდ გადაიხვეწა. მანამდე ვერავის მოეხერხებინა თავგასული ბედუინების თარეშის ალაგმვა, მათ შორის, ვერც ეგვიპტეში გაბატონებულ თურქებს. უდაბნოს ქარიშხალს უწოდებდნენ ბედუინთა ყოველ ლაშქრობას ეგვიპტელები. …და უწოდეს ალი-ბეის მითური და გამაოგნებელი თიკუნი – “ქარიშხლის დამაოკებელი”!.. ბედუინთა დასამარების შემდეგ ქარიშხლის დამაოკებელმა ოსმალებისთვისაც მოიცალა. 5 წელი არ ჩაუგია ხმალი ქარქაშში და მთელი ეგვიპტე გაწმინდა თურქთაგან. რა აღარ სცადეს ოსმალებმა – ქრთამი, საწამლავი თუ პირდაპირი ხმალთა კვეთება, მაინც ვერაფერი დააკლეს ალი-ბეი ქართველს. უკვირდათ, სხვისი საქმისთვის რა თავს გვაკლავს ეს წყეული გურჯიო… ის კი არ უწყოდნენ, რომ გურჯი, სადაც უნდა იყოს, მონობას ყოველთვის მეომრის მარცხ-ხიფათიან ცხოვრებას არჩევს…

მთელი ეგვიპტე, დიდი და პატარა, ალი-ბეის მზეს ფიცულობდა. ააყვავა და ააღორძინა ოსმალთაგან დაქცეული ქვეყანა სულთანმა. ძველი დიდება უბრუნდებოდა პირამიდების სამშობლოს… ახლა ეგვიპტის საზღვრებს იქითა სამფლობელოებს გადაჰკრა თვალი. მტკიცე ნებითა და ხელით მოდრიკა ყველა, ვინც წინააღმდეგობა შეჰბედა. მთელ სამუსლიმანოში გაუვარდა სახელი ეგვიპტის უძლეველ სულთანს. ალი-ბეი მაჰმადიანთა წმინდა ქალაქ მექაში ჩავიდა ლაშქრით, ქალაქის მთავარი შეიხი გადააყენა და მის ადგილას თავისი ხელქვეითი დასვა, იქიდან წითელი ზღვის სანაპიროს ჩამოუყვა და უზარმაზარი ტერიტორია ეგვიპტეს დაუმორჩილა…

მისი მოღვაწეობის აპოთეოზი კი 1771 წელი იყო. ალი-ბეი ქართველმა აიღო მეორე მექად წოდებული დამასკო – სირიის დედაქალაქი და იქიდან პალესტინაში შევიდა საზეიმოდ აღჭურვილ ქართველ მამლუქთა ათასეულებით!..

ეგვიპტელებმა ქარიშხლის დამაოკებლის თიკუნი აღარ აკმარეს სათაყვანებელ სულთანს და “ორი ზღვის ყაენი” უწოდეს!.. გამაოგნებელი ამბავია – შავი ზღვის ნაპირებიდან გატაცებული თვალცრემლიანი ქართველი ბიჭი აზია-აფრიკის გზასაყარზე ორი ზღვის მბრძანებლად იქცა!.. ეს პატივი არავის რგებია არც მანამდე და არც მის შემდგომ… ძლიერ მმართველობაზე დაფუძნებული ტახტი ედგა ალი-ბეის კაიროში. ზემო და ქვემო ეგვიპტეს მის დროს ორ ათეულამდე ბეგი განაგებდა, რომლებიც სულთანს მორჩილებდნენ. ბეგთა უმრავლესობა ქართველი მამლუქები იყვნენ. ჰოდა, სწორედ ქართველი მამლუქი – მუჰამედ აბუ-ზაჰადი, ალი-ბეის თანამებრძოლი და ახლობელი ჩაუდგა სათავეში შეთქმულებას ორი ზღვის ყაენის წინააღმდეგ. აბა, რას იფიქრებდა ალი-ბეი, რომ მის მიერვე აღზევებული და შვილივით ნაპატრონები თვისტომი მოუსწრაფებდა სიცოცხლეს… ღამის სიმყუდროვეში გაყუჩებულა კაიროს სასახლე. სულთნის სადგომისკენ მიიპარებიან შეთქმულნი. სასახლის კარის მცველთა უმთავრესიც მათთანაა. თავისი ერთგული ხალხი გაუმწესებია სულთნის ყოვლად შეუღწევ სასახლის ნაწილში… გაატარეს შეთქმულნი მცველებმა… მშვიდად სძინავს ალი-ბეი ქართველს… მძიმე კარის ჭრიალმა გამოაღვიძა. მისკენ მიმავალ ლანდებს ჰკიდა თვალი. ელვის უსწრაფესად წამოხტა და მახვილისკენ გადაიწოდა ხელი. დაასწრეს, გადაუქნიეს მრუდე ხმალი… მძიმედ დაჭრილი გადავარდა სარეცელზე. ხმლის ხელმეორედ დაკვრა ვეღარ შეჰბედეს ორი ზღვის ყაენს. მხოლოდ აბუ-ზაჰადი მიუახლოვდა… თვალი გაახილა მომაკვდავმა. სიკვდილის დანისლული ფარდის მიღმა მაინც გაარჩია სისხლიანი მახვილი და ამ მახვილის პატრონი. სინანულის ეული ცრემლი ჩამოუგორდა ალი-ბეის და გათავდა კიდეც. მახვილი გაუვარდა ხელიდან მუჰამედ აბუ-ზაჰადს, მუხლებზე დაეცა გამზრდელის წინაშე და ატირდა…

ალი-ბეის აღსრულების შემდეგ ეგვიპტის მმართველობა ისევ ქართველებს ერგოთ. ზემო ეგვიპტის მმართველი შეიქნა მურად-ბეი, ხოლო ქვემო მხარისა – მარტყოფელი იბრაჰიმ-ბეი შინჯიკაშვილი. ისევ მძლავრობდა მათ ხელში ნილოსის ქვეყანა. ისევ ქართველები განაგებდნენ ყველა საკვანძო პოსტებს ეგვიპტეში.

იბრაჰიმ-ბეი შინჯიკაშვილი ედგა სათავეში კოალიციურ ძალებს ნაპოლეონის წინააღმდეგ. სახელოვანი ფრანგის მთავარი მეტოქეები სწორედ ქართველი მამლუქები იყვნენ და მათმა სიმამაცემ ათქმევინა დიდ იმპერატორს, – ისინი უძლიერესნი არიან მთელ აღმოსავლეთში. თუ ამ რჩეულ ხალხს დავუმატებდი ჩემს არტილერიას, დაუმარცხებელი და დაუმხობელი არავინ და აღარაფერი დამრჩებოდაო!. .

იბრაჰიმ-ბეის გულს უხრავდა სამშობლოს ნატვრა. კავშირის აღდგენას ცდილობდა მარტყოფელი ვაჟკაცი. ერთხელ ერეკლე მეფისთვის დიდძალი ოქრო გამოუგზავნია და უთხოვია: – დედაჩემი მოხუცებულია, უჭირს შორს სიარული და ეგებ მისი სახლის ახლოს ააშენებინო ეკლესიაო. აუსრულა სურვილი თვისტომს პატარა კახმა… მერე კიდევ შეეწია ლარით და განძით იბრაჰიმ შინჯიკაშვილი საქართველოს იარაღისა და სხვა აღჭურვილობის შესაძენად. მარტყოფში დღესაც დგას კოშკი, რომლის ასაგები ფული იბრაჰიმს ძმისთვის – ვასილ შინჯიკაშვილისთვის გამოუტანებია…

ასევე მარტყოფელი ყოფილა კაიროს გარნიზონის მხედართმთავარი სელიმ-აღა და არც მას დაუშურებია შესაწირი ქართული საქმისთვის…

იბრაჰიმ-ბეის გარდაცვალების შემდეგაც ქართველი ჩაუდგა სათავეში ეგვიპტის მართვას – მურად ბეი. თბილისის შემოგარენიდან გატაცებული ქართველი ისე განთქმულა, რომ კაიროს ერთ-ერთი ქუჩისთვის ეგვიპტელებს მისი სახელი უწოდებიათ… ასე ააყვავეს და ააღორძინეს ქართველმა ტლუ ბიჭებმა ლეგენდარული ეგვიპტე. მაგრამ ის მაინც არ იყო მათი სამშობლო, მაინც უცხო მიწა იყო…

ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ქართველ მამლუქებს, რომლებიც მოგვიანებით ძალზე შეავიწროეს ახალმა მმართველებმა, სამშობლოში დაბრუნებაც სურდათ და რუსეთის საიმპერიო ძალებთან გაუმართავთ მოლაპარაკება… ოცნება ვერ აისრულეს. მეფობაგაუქმებულ და მუდამ აჯანყებისთვის ალესილ საქართველოში რუსეთის სამეფო კარს ნამდვილად არ აძლევდა ხელს აღმოსავლეთის ზარდამცემი რამდენიმე ათასი ქართველი მამლუქის დაბრუნება…

მალე ეგვიპტის მმართველად წარმოშობით ალბანელი მოჰამედ-ალი დაინიშნა. მან მშვენივრად იცოდა ქართველი ბეგების ურჩობა და თავისუფლების სიყვარული და ისიც, რომ ქართველთა განადგურების გარეშე ვერასოდეს შეძლებდა ერთპიროვნულ მმართველობას ეგვიპტეში. ერთ დღეს მუკატანის ციხეში დაიბარა ქართველები სამხედრო თათბირზე. 600-მდე წარჩინებული ბეგი და სარდალი გამოცხადდა ციხეში. ნათათბირევს ალაყაფისკენ მიმავალ გზაწვრილზე ქართველ მამლუქებს მზაკვრული მახე დაუგეს, ორ ჭიშკარს შორის მცირე მონაკვეთში ისე მოაქციეს, რომ ვერც ცხენი გაეტოკებინათ და ვერც მახვილი, ალაყაფი დაუგმანეს, სათოფურებიდან ტყვია დაუშინეს… მხოლოდ ერთმა, სახელად ჰასანმა, სასწაულებრივად დააღწია თავი სასაკლაოს, ციხის გოდოლს ელვის უსწრაფესად თავზე მოექცა და 25 მეტრის სიმაღლიდან უფსკრულში გადაფრინდა. ყველა გააოგნა მისმა თავზე ხელაღებულმა სიმამაცემ, მით უფრო მას შემდეგ, რაც ჰასან-ქართველი, მცირედ დაჟეჟილი და დაკოჭლებული იქაურობას გაეცალა. მოჰამედ-ალიმ ჰასანს მალემსრბოლი დაადევნა და თავის კარზე სამსახური შესთავაზა, მაგრამ მან არ ისურვა ქართველ მამლუქთა ძვლებზე აღზევებული მოჰამედის მონობა და უკვალოდ გაქრა… ამის შემდგომ მოჰამედი ეგვიპტეში დარჩენილ ქართველებს მიადგა. უთანასწორო ბრძოლას კიდევ ბევრი მამლუქი შეეწირა და მათი ძლიერების მზეც ჩაესვენა…

უკანასკნელი სახელოვანი მამლუქი მე-19 საუკუნეში მოიხსენიება, ეს იყო ლაზ-ოღლი, რომელიც მეთაურობდა ეგვიპტის დამოუკიდებლობის პატრიოტულ მოძრაობას. თუ როგორ არის მისი ღვაწლი დაფასებული, ამას კაიროს მთავარ მოედანზე აღმართული დიდებული ქანდაკებაც მოწმობს ამაყი და მრავლისმთქმელი წარწერით:” “მამლუქი ლაზ-ოღლი””…

ზვიად სეხნიაშვილი

 “კვირის პალიტრა”

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s