Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, სამცხე, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ნ. ჯავახიშვილი – გრიგოლ I

 

ნიკო ჯავახიშვილი

 

გრიგოლ I

უკანასკნელი ქართველი მეფე

 

 თბილისი 2008

   ნაშრომში დასაბუთებულია, რომ უკანასკნელი ქართველი მეფე იყო ბაგრატიონთა ათასწლოვანი სამეფო დინასტიის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი, ქართლ-კახეთის სახელოვანი მეფის ერეკლე II-ის შვილთაშვილი, იოანე ბატონიშვილის ვაჟი _ გრიგოლ I (1789-1830), რომელიც თავდაუზოგავად იბრძოდა კახეთის 1812 წლის აჯანყების დროს აღდგენილი ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისათვის.

  

რედაქტორები: 

ავთანდილ სონღულაშვილი – ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

მიხეილ ქურდიანი – ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი

 

წინათქმა
შესავალი  
1. გრიგოლ ბატონიშვილის ოჯახური გარემო  
2. გრიგოლ I-ის ბრძოლა აღდგენილი ქართული  სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისათვის
3. გრიგოლ იოანეს ძის ცხოვრება და  მოღვაწეობა რუსეთში  
4. გრიგოლ იოანეს ძის ცოლ-შვილი 
5. ბოლო ბაგრატოვანი ხელმწიფე საქართველოში 
6. წყაროებისა და ლიტერატურის სია 

 

 

წინათქმა

     ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი ნიკო ჯავახიშვილი _ ქართველ ისტორიკოსთა ახალი პლეადის წარმომადგენელია.

   მიუხედავად თავისი ახალგაზრდული ასაკისა (იგი 35 წლისაა), მან ქართულ ისტორიოგრაფიას უკვე მრავალი საყურადღებო გამოკვლევა შემატა.

   მისი ნაშრომების მხოლოდ ჩამოთვლაც კი შორს წაგვიყვანდა. აქ საკმარისია აღვნიშნოთ, რომ ნ. ჯავახიშვილი ითვლება ისტორიის მეცნიერების ორი დარგის _ ქართული ფალერისტიკისა (ჯილდოთმცოდნეობა) და ქართული ბონისტიკის (ქაღალდის საფასთმცოდნეობა) ფუძემდებლად, რაც აღიარებულია როგორც ქართველ, ასევე უცხოელ მეცნიერთა მიერ.[…]

     განსაკუთრებით აღსანიშნავია ნ. ჯავახიშვილის კავკასიოლოგიური ღვაწლი. სამი წლის წინათ, მისი ინიციატივითა და ხელმძღვანელობით, თბილისში დაფუძნდა ქართულ-კავკასიური ურთიერთობების ისტორიის სამეცნიერო-კვლევით ცენტრი, რომლის ეგიდითაც უკვე მერვე სოლიდური წიგნი გამოდის.

   ნ. ჯავახიშვილმა ვრცელი მონოგრაფია მიუძღვნა ქართველი და ადიღელი ხალხების ურთიერთობების ისტორიას, შეისწავლა ქართველთა, აფხაზთა და ჩრდილოკავკასიელთა (ვაინახთა, დაღესტნელთა, ადიღელთა, ბალყარელ-ყარაჩაელთა და ოსთა) ერთობლივი ბრძოლა თავისუფლებისათვის XX საუკუნის პირველ ნახევარში, შესავლითა და კომენტარებით წიგნად გამოსცა პირველი ქისტი მკვლევარის, დეკანოზ მათე ალბუთაშვილის (1863-1950) ხელნაწერი ნაშრომი პანკისის ხეობაში მოსახლე ვაინახთა ისტორიის და ეთნოგრაფიის შესახებ და სხვ. 

   სულ ცოტა ხანში წიგნად გამოვა ახალგაზრდა მეცნიერის მორიგი წიგნიც: “ოსები საქართველოს დროშის ქვეშ (XVIII საუკუნის მეორე ნახევარი)”, რომელიც ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებზე დაიბეჭდება.

   სწორედ ყოველივე ზემოთქმულის შედეგია, რომ ნ. ჯავახიშვილის კავკასიოლოგიურ გამოკვლევებს მაღალ შეფასებას აძლევენ კავკასიის ქვეყნებში, რასაც ამ ცოტა ხნის წინათ ადიღეს რესპუბლიკის დედაქალაქში გამართული მისი წიგნის წარმატებული პრეზენტაციაც მოწმობს.

   ქართველი მკვლევარის მჭიდრო კავშირებს თავის კავკასიელ კოლეგებთან განუზომლად დიდი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ მეცნიერული თანამშრომლობის განვითარებისათვის, არამედ კავკასიის რეგიონში საქართველოს თანამედროვე სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის თვალსაზრისითაც.

   წინამდებარე წიგნი შემოქმედებითი ენერგიით აღსავსე მისი ავტორის მორიგი, დიდი გამარჯვებაა. ამ გამოკვლევით ნ. ჯავახიშვილმა საქართველოს ისტორიას კიდევ ერთი ბაგრატოვანი გვირგვინოსანი _ მეფე გრიგოლ I შემატა.

   სიმბოლურია, რომ მკვლევარმა ეს ნაშრომი მიუძღვნა უწმიდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის აღსაყდრების 30 წლისთავს.

 მიხეილ ქურდიანი

 

 

გრიგოლ I _ უკანასკნელი ქართველი მეფე

 

შესავალი

   ქართველ ერს საკუთარი სახელმწიფოებრიობის უძველესი და უმდიდრესი ტრადიციები გააჩნია. იგი სათავეს ათასწლეულთა სიღრმიდან იღებს.

   ჩვენს ისტორიოგრაფიაში ქართლ-კახეთის უკანასკნელ მეფედ მიჩნეულია _ გიორგი XII (1746-1800), რომელიც 1800 წლის 28 დეკემბერს, 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი ვაჟი, ტახტის მემკვიდრე უფლისწული დავითი (1767-1819) ქართლ-კახეთს განაგებდა 1801 წლის ივნისამდე, მაგრამ არა მეფის, არამედ _ გამგებლის რანგში.  

   რუსეთის მესვეურებმა 1801 წლიდან გააუქმეს ქართლ-კახეთის, ხოლო 1810 წლიდან _ იმერეთის სამეფოები და ისინი იმპერიის საზღვრებში მოაქციეს.

   იმერეთის უკანასკნელი მეფე სოლომონ II (1772-1815) სამეფო ტახტის დაკარგვას არ შეგუებია. მისი მცდელობა სამეფოს აღდგენისა _ მარცხით დასრულდა. იგი ლტოლვილობაში, ოსმალეთის ქალაქ ტრაპიზონში გარდაიცვალა.

   ზემოთ მოყვანილი ფაქტებიდან გამომდინარე, დღემდე, უკანასკნელ ქართველ მონარქად მიჩნეული იყო მეფე სოლომონ II, რომელიც იმერეთში 1810 წლამდე მეფობდა.

   ჩვენს მიერ მოძიებული საისტორიო წყაროები და ლიტერატურა საფუძველს გვაძლევს დავასკვნათ, რომ უკანასკნელი ქართველი მეფე იყო ბაგრატიონთა ათასწლოვანი დინასტიის წარმომადგენელი _ გრიგოლ I (1789-1830), რომელიც 1812 წლის თებერვალ-მარტში საქართველოს ტერიტორიის გარკვეულ ნაწილში მეფობდა.

   ქვემოთ შევეცდებით გავაანალიზოთ რა ფაქტები და არგუმენტები არსებობს ჩვენი ამ დასკვნის სასარგებლოდ, ხოლო მანამდე მიმოვიხილავთ, თუ როგორი ისტორიული მოვლენები უძღვოდა წინ ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმებას და 1812 წლის სახალხო აჯანყებას აღმოსავლეთ საქართველოში.

***

   1800 წლის 18 დეკემბერს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ხელი მოაწერა საიდუმლო მანიფესტს ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და იმპერიის შემადგენლობაში შეყვანის შესახებ.

   ამ გადაწყვეტილებით პავლე I საქართველოს ისტორიაში შევიდა, როგორც ერთადერთი დამპყრობელი, რომელმაც ბაგრატიონთა ათასწლოვანი სამეფო დინასტიის წინამძღოლობით არსებული ქართული სახელმწიფოებრიობის ძირფესვიანად მოსპობა, მისი პოლიტიკური სახელის სამუდამოდ წაშლა სცადა.

   საქართველოს ისტორიიდან ცნობილია სხვა არანაკლებ სასტიკ დამპყრობელთა სახელები, რომლებსაც შესაძლოა იგივე სურდათ, რაც პავლე I-ს, მაგრამ ქართული სახელმწიფოებრიობის ამა თუ იმ ფორმით არსებობას ისინი მაინც ეგუებოდნენ.

   მიუხედავად იმისა, რომ ქართული მიწა-წყლის არაერთ დამპყრობს ქართველ მეფეთაგან (ან დედოფალთაგან) რჯულის შეცვლა მოუთხოვია, ზოგი მათგანი დაუტყვევებია, ზოგიც _ მოუკლავს, მაგრამ ბაგრატოვანთა ღვთივკურთხეული დინასტიის წმიდათაწმიდა უფლება საქართველოში მეფობისა _ ეჭქვეშ არასდროს დაუყენებია. კერძოდ, მათთვის მიუღებელი რომელიმე ბაგრატოვანი ხელმწიფის ნაცვლად, მათ სამეფო ტახტზე დაუდგენიათ ისევ ამ მეფეთა შთამომავალი: შვილი, შვილიშვილი, ანდა უკიდურეს შემთხვევაში _ უახლოესი ნათესავი (მამრობითი ხაზით).

   სიმბოლურია, რომ ერთმორწმუნე ქვეყნისადმი ასეთი დამოკიდებულებისათვის პავლე I განგებამ ისევ გარუსებული ქართველის ხელით დასაჯა.

   აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ თბილისის ამაოხრებელი აღა-მაჰმად-ხანი, რომელიც 1797 წლის ივნისში, უკვე სპარსეთის შაჰინშაჰის რანგში, მეორედ მოდიოდა საქართველოზე გასალაშქრებლად, გზად, ყარაბაღში მოკლეს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, რომელიც დაფიქსირებულია ინგლისელი ისტორიკოსის მალკოლმის ნაშრომში, აღა-მაჰმად-ხანის მკვლელობაში მონაწილეობდა გამაჰმადიანებული ქართველი სადიღა [36, 192-196].   

   პლატონ იოსელიანის ცნობით, სადიღა იყო მცხეთელი ანდრია, რომელიც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, თავის წინაპართა რელიგიას დაუბრუნდა. მისი ნათლიები ყოფილან ერეკლე II-ის ვაჟები ფარნაოზ და მირიან ბატონიშვილები [48, 259].

   1801 წლის 12 მარტს, გამთენიისას, სანკტ-პეტერბურგში, საიმპერატორო სასახლეში შეიჭრა შეთქმულ ოფიცერთა ჯგუფი, რომელთა შორისაც იყვნენ: პ. და ნ. ზუბოვები, ბენიგსენი, სკარიატინი, გენერალი ვლადიმერ მიხეილის ძე იაშვილი (1764-1815) და სხვ. პავლე I შეეცადა თავი დაეცვა, მაგრამ იაშვილმა იგი წააქცია და თანამოაზრეთა დახმარებით გაგუდა [57, 78-79].

   ცნობილი რუსი მკვლევარის გიორგი ივანეს ძე ჩულკოვის (1879-1939) ნაშრომში “რუსეთის იმპერატორები (ფსიქოლოგიური პორტრეტები)” ასეა აღწერილი პავლე I-ის მკვლელობის ფაქტი: “Толкая друг друга, офицеры окружили императора. Кто-то коснулся его руки. Павел брезгливо ее оттолкнул. Это было началом конца. Николай Зубов ударил императора в висок тяжелой табакеркой. Павел бросился в угол, ища оружие. На него зверски набросился пьяный князь Яшвиль. Павел закричал, защищаясь. Тогда все, в кошмаре хмеля, опрокинули императора на пол. Кто-то схватил шарф и, накинув петлю, затянул ее на шее самодержца. Бенигсен подошел к Павлу, когда он уже не дышал. Император лежал неподвижно, с изуродованным и окровавленным лицом” [57, 79].

   იმპერატორის მკვლელობის გამო, ქართლ-კახეთში რუსული მმართველობის დამყარება დროებით შეფერხდა.

   1801 წლის 12 სექტემბერს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა გამოსცა მანიფესტი ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და მისი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შეყვანის შესახებ. აღმოსავლეთ საქართველო რუსეთის ნაწილად იქცა. ამის თაობაზე საქართველოში მოგვიანებით გახდა ცნობილი.

   1802 წლის 12 აპრილს, თბილისში, სიონის საკათედრო ტაძარში შეკრებილ და რუსთა ჯარით გარშემორტყმულ ქართველ თავადებს იმპერატორის მანიფესტი წაუკითხეს [11, 220-221].

   1801-1917 წლებში რუსეთის იმპერატორები საკუთარ თავს იმავდროულად _ საქართველოს მეფეებადაც მიიჩნევდნენ. მათ ტიტულატურაში “მეფე საქართველოსი” (“Царь Грузинский”) უფრო წინ მოიხსენიებოდა, ვიდრე “ლიტვის დიდი მთავარი”; “ფინეთის დიდი მთავარი”; “ესტლანდიის, ლიფლანდიისა და კურლანდიის მთავარი” (ანუ ბალტიისპირა ქვეყნების მფლობელი) და ა. შ. [51, 7].

      XIX საუკუნეში რუსეთის იმპერიის დიდ სახელმწიფო გერბში შეიტანეს _ “საქართველოს სამეფოს გერბი” (“Герб Царства Грузинского”). მას საფუძვლად დაედო ერეკლე II-ის მეფობის პერიოდის ქართლ-კახეთის სამეფოს დიდი სახელმწიფო გერბი.

      საყურადღებოა, რომ რუსეთის დიდ სახელმწიფო გერბში შეტანილ “საქართველოს სამეფოს გერბზე”, ქართულ მხარეთა გერბებთან ერთად, აღბეჭდილი იყო საქართველოს შემადგენლობაში სხვადასხვა დროს შემავალი კავკასიური სამფლობელოების აღმნიშვნელი გერბებიც, კერძოდ, “ყაბარდოს მიწების გერბი” (`герб Кабардинских земель”), “ჩერკასკებისა და მთიელი თავადების გერბი” (“герб Черкасских и Горских князей”) და `სომხეთის გერბი” (“герб Армении”) [43, 38-39].

   ქართული სამეფო გვირგვინით დამშვენებული ეს მრავალსახოვანი გერბი უნიკალური ჰერალდიკური ნიმუშია. იგი სიმბოლურად განასახიერებს ბაგრატიონთა სამეფო გვირგვინის ქვეშ გაერთიანებულ სრულიად კავკასიას. ამით რუსეთის მესვეურებმა თავიანთ უმნიშვნელოვანეს სიმბოლოზე _ სახელმწიფო გერბზე ოფიციალურად დააფიქსირეს, რომ კავკასიის რეგიონში საქართველო ტრადიციულად ჰეგემონ ქვეყანას წარმოადგენდა.

   1802 წლიდან საქართველოს განაგებდნენ იმპერატორთა მიერ დანიშნული რუსი მოხელეები, რომელთა შორისაც სხვადასხვა დროს იყვნენ: “მთავარსარდალი” (“საქართველოს უზენაესი მთავრობა”), მეფისნაცვალი და მთავა-რმართებელი.

   ქართული სახელმწიფოებრიობის მოშლა რომანოვთა დინასტიას ძვირად დაუჯდა. ამის შემდეგ, რუსეთის არცერთი იმპერატორი (გარდა ალექსანდრე III-ისა) ბუნებრივი სიკვდილით არ გარდაცვლილა. კერძოდ, პავლე I (მეფობდა 1796-1801 წწ.) _ შეთქმულებმა მოკლეს, რის შესახებაც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ; ალექსანდრე I (მეფობდა 1801-1825 წწ.) _ გარდაიცვალა 1825 წლის 19 ნოემბერს, ტაგანროგში, გაურკვეველ ვითარებაში; ნიკოლოზ I (მეფობდა 1825-1855 წწ.) _ 1855 წლის 18 თებერვალს მოულოდნელად გარდაიცვალა “ფაფით მოწამლული”; ალექსანდრე II (მეფობდა 1855-1881 წწ.) _ 1881 წლის 1 მარტს, სანკტ-პეტერბურგში ეტლით სეირნობისას ააფეთქა ტერორისტმა ეგნატე გრინევიცკიმ [49; 57].

   ყველაზე შემზარავი მაინც რუსეთის უკანასკნელი იმპერატორის ნიკოლოზ II-ის (მეფობდა 1894-1917 წწ.) ხვედრი აღმოჩნდა _ 1918 წლის 17 ივლისს, ქ. ეკატერინბურგში, იგი თავის ცოლ-შვილთან ერთად დახვრიტეს [49, 386].

   ეროვნული სახელმწიფოებრიობის გაუქმებამ თავისუფლებისმოყვარე ქართველი ერის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. ამას მოჰყვა სახალხო აჯანყებები კახეთსა (1802) და მთიულეთში (1804), რომლებიც რუსეთის ადმინისტრაციამ სისხლში ჩაახშო.

   იმპერატორის მმართველობის ქვეშ იძულებით მოქცეული ქართველი ერის ჯანსაღ ნაწილს კვლავ ბაგრატოვანთა დინასტიის გამეფება სურდა. ამ გვარის სახით ქართველობას ეროვნული სახელმწიფოებრიობის ცოცხალი სიმბოლო ეგულებოდა.

   საქართველოში დისლოცირებული რუსთა ჯარის სარდალი, სომხური წარმომავლობის რუსი აზნაური, გენერალი ივანე პეტრეს ძე ლაზარევი კავკასიის სამხედრო ხაზის სარდალს, გერმანული წარმოშობის რუს გენერალს კარლ გუსტავის ძე კნორინგს წერდა: “ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, რომ ბაგრატიონთა მთელი საგვარეულო რუსეთში გაიწვიონ. თუ ისინი აქ დარჩებიან, უწესრიგობას ბოლო არ მოეღება” [46, 227].

   1802 წლის ივლისში აჯანყებულმა კახეთის მოსახლეობამ რუსეთის ხელისუფლებას წერილობით აცნობა, რომ მათ მიზანს წარმოადგენდა ქართლ-კახეთის სამეფოს აღდგენა, რომელსაც სათავეში ბაგრატიონი ხელმწიფე ჩაუდგებოდა.

   აჯანყებულებმა თავიანთი მოთხოვნები რუსეთის მესვეურებისადმი ასე ჩამოაყალიბეს: “რაც ხელმწიფეს (იგულისხმება იმპერატორი. ნ. ჯ.) ჩვენგან სამსახური ენებებოდეს, ჩვენს მეფეს უბრძანოს და ჩვენმა მეფემ ჩვენ გვიბრძანოს… მეფის ირაკლის ანდერძი დაგვიმტკიცოს და იმ ანდერძის წესით მეფე დაგვისვას და ჩვენის მეფით მათის დიდებულების მფარველობის ქვეშ ვიყვნეთ. ვინც ამაში უკან განსდგეს, წმიდის სამების უარისმყოფელიც იქნება, ბაგრატიონთ ოჯახის მუხანათიცა და ჩვენც ერთობით გარდავახდევინოთ… ჩვენს ბატონებს (იგულისხმება ბაგრატოვანი ხელმწიფენი. ნ. ჯ.) რა დაუშავებიათ ჩვენზედა, რომ უარვყოთ…

   ჩვენი ვედრება ეს არის, რომ ჩვენზედ მრავალგვარად გარჯილის და ღვაწლდადებულის მეფის ირაკლის ანდერძი დაგვიმტკიცოთ და იმ ანდერძის წესით მეფე დაგვისვათ და ჩვენი მეფით თქვენს მფარველობის ქვეშ გვამყოფოთ” [4, 33-34].

   1803 წელს, რუსეთის საიმპერიო ხელისუფლების დავალებით, ქართლ-კახეთის სამეფო ოჯახის წევრების უმეტესობა რუსეთის დედაქალაქ სანკტ-პეტერბურგში გადაასახლეს.

   მოგვიანებით, მათი ბედი გაიზიარეს ამ ოჯახის დანარჩენმა წევრებმაც, გარდა სპარსეთში გადახვეწილი უფლისწულისა ალექსანდრე ერეკლეს ძისა (1770-1844).

   საგულისხმოა, რომ ქართული სახელმწიფოებრიობის მოსპობისა და ბაგრატიონთა რუსეთში გადასახლების დანაშაულებრივი გეგმის მთავარმა ორგანიზატორებმაც რუსეთის იმპერატორთა ტრაგიკული ბედი გაიზიარეს.

   აღნიშნული პროცესის დაჩქარების მსურველი გენერალი ი. ლაზარევი სწორედ ამ ავკაცობის მსხვერპლი გახდა. კერძოდ, იგი 1803 წლის 19 აპრილს, გიორგი XII-ის ქვრივის, დედოფალ მარიამ გიორგის ასულ ციციშვილის (1786-1850) იძულებით გასახლების მცდელობისათვის სასიკვდილოდ დაჭრა დედოფლის თანმხლებმა თავადმა ნიკოლოზ ხიმშიაშვილმა, რომელიც ამ ფაქტის შემდეგ ახალციხეში გადაიხვეწა [19, 119-120]. 

   უფრო შემზარავად დაასრულა თავისი ცოდვილი სიცოცხლე რუსეთის იმპერატორის ერთგულმა და ბაგრატიონების მოძულე გარუსებულმა ქართველმა, თავად ციციშვილთა შთამომავალმა _ საქართველოს მთავარმმართებელმა, ინფანტერიის გენერალმა პავლე დიმიტრის ძე ციციანოვმა (1754-1806). 1806 წლის 8 თებერვალს, იგი ბაქოს აღებისას ღალატით მოკლეს [10, 373], ხოლო მისი მოკვეთილი თავი _ სპარსეთის მბრძანებლის ფათ ალი-შაჰის ძეს და სამეფო ტახტის მემკვიდრეს, იმხანად აზერბაიჯანის ბეგლარბეგს აბას-მირზას (1789-1833) გაუგზავნეს [25, 26].

   რუსეთში გადასახლებულ ქართველ ბატონიშვილებს ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის იმედი სიცოცხლის ბოლომდე არ დაუკარგავთ.

   ამის დამადასტურებელია თუნდაც ის ფაქტი, რომ მიუხედავად ბატონიშვილთა შორის მატერიალურად ყველაზე უკეთესი მდგომარეობისა, უფლისწული დავითი თავს მაინც უკმაყოფილოდ გრძნობდა. იგი შვებას მხოლოდ სამეცნიერო-ლიტერატურულ მოღვაწეობაში ჰპოვებდა, მაგრამ ისიც დროებით.

   ქართლ-კახეთის სამეფო ტახტის მემკვიდრე ბატონიშვილის უმძიმესი სულიერი მდგომარეობის მაუწყებელია მისი შემდეგი სტრიქონები:

 “გამიფრინდა სიხარულის ფრინველი

შემთხვევისა გამო სხვისა და სხვისა,

დავშთომილვარ ასე აწ უნუგეშოდ

უბადობის გამო სხვისა და სხვისა” [2, 346].

  რუსეთის საიმპერიო ადმინისტრაცია საქართველოში ისე იქცეოდა, როგორც დამპყრობელი _ დაპყრობილ ქვეყანაში. ამის გამო, ქართველი ერის უკმაყოფილება თანდათან მატულობდა და სახალხო აჯანყებისათვის სათანადო ნიადაგი მზადდებოდა.

 

1.  გრიგოლ ბატონიშვილის ოჯახური გარემო

 

   გრიგოლ ბატონიშვილი დაიბადა 1789 წლის 24 იანვარს თბილისში [5, 15].

   მისი მამა იყო გამოჩენილი ქართველი სახელმწიფო მოღვაწე, განმანათლებელ-ენციკლოპედისტი, მწერალი და მეცნიერი, ლექსიკოგრაფი იოანე ბატონიშვილი (1768-1830).

   უფლისწულ იოანეს ერთადერთი შვილი _ გრიგოლი იმავდროულად იყო გიორგი XII-ის ერთადერთი შვილიშვილი, რომელიც პაპამისის სიცოცხლეში დაიბადა და აღიზარდა. აქვე დავსძენთ, რომ მართალია, გიორგი XII-ის სიცოცხლეში, კერძოდ 1800 წელს დაიბადა მისი მეორე შვილიშვილიც _ სპირიდონ ბაგრატის ძე, მაგრამ იგი მალევე გარდაიცვალა [1, ნუსხა # 6].

   ბატონიშვილს სახელი მისმა პაპამ შეურჩია.

   პ. იოსელიანი წერდა, რომ 1798 წელს, როდესაც თავის დედინაცვლისა და ნახევარ ძმათა წინააღმდეგობის მიუხედავად, ქართლ-კახეთის სამეფო ტახტზე გიორგი XII ავიდა, “შფოთისა დღეთა ამათ მიგვარეს და მიულოცეს მეფესა გიორგის თელავსა 8 წლისა მოზრდილი შვილიშვილი, მეფის ძისა იოანესი _ გრიგორი 12 მარტსა. მიმყვანებლად იყო გაგზავნილი თვით მეფისა ძის იოანესაგან, რომელიცა იყო დროთა ამათ არა საჩხერესა თვისსა სიმამრთან ზურაბ წერეთელთან, არამედ იცავდა თფილისს, _ აზნაური გიორგი ფიცხელაური (ქეთევან, მეუღლე მეფისა ძის იოანესი გარდაიცვალა ს. პ. ბ. 10 მარტსა 1823 წ.).

   მაშინ მეფემან ინება და განუახლა ჩამორთმეული ადრევე ერისთავთაგან ქსანზედ ისროლის ხევისა მოურავისა საშვილიშვილოდ, ბოძებული ოქმი 13 აპრილსა 1798 წელსა, დღესაცა აქვსთ მემკვიდრეთა მისთა. ოქმსა ამას შინა მოიხსენებს მეფე შვილისშვილსა გრიგორის: “წყალობითა ღვთისათა, ჩვენ, მეფე ქართლისა და კახეთისა და სხვათა გიორგი, და შვილნი ჩემნი დავით, იოანე, ბაგრატ, თეიმურაზ, მიხაილ, ჯიბრაილ, ილია, ოქროპირ და შვილისშვილი გრიგორი…”

   რადგანაც დიდად უყვარდა წიგნი “გრიგორი ნოსელისა”, ამისთვის ბრძანა უწოდონ სახელად ახალშობილსა “გრიგორი” და ისურვა, რათა მიმქმელად წმინდისა ემბაზიდამ, ექმნას გამალიელი წინამძღვარი იკორთისა. _ ესე ყოველი მიამბო თვით გაბრიელ ფიცხელაურმა (მოკვდა 1837 წელსა, თფილისს), რომელიცა იყო ძმა არქიეპისკოპოსისა დოსითეოსისა (ერისკაცობაში დიმიტრი)” [19, 59-60].

   იოანე ბატონიშვილის ადიუტანტის, მწერალ გაბრიელ რატიშვილის (1770-1842) ცნობით, რუსეთში მიმავალმა უფლისწულმა ქართველობას დაუბარა: “ერჩდით ჩემ წილ ბძანებასა მეფის სძლის ქეთევანისასა და ძისა ჩემისა გრიგოლისასა და მეცა მადლითა ღვთისათა მოვიწიო მალედ თქვენდა, აღვსებული წყალობითა მისისა დიდებულებისათა” [27, 162].    

   გრიგოლი თავისი სახელოვანი დიდი პაპის _ ერეკლე II-ისა და პაპის _ გიორგი XII-ის სამეფო კარზე იზრდებოდა.

   სწორედ ამ ზნემაღალ ოჯახში არსებული კულტურულ-ლიტერატურული ტრადიციების გარემოცვაში ჩაენერგა მას ქართული მწერლობის სიყვარული. მომავალი პოეტი იმდროინდელი რჩეული ქართული საზოგადოების წრეში ტრიალებდა.

   გრიგოლის შინაგან სამყაროზე კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინეს მისმა აღმზრდელებმა: მღვდელმთავარმა დოსითეოზმა, რომელმაც ბატონიშვილს წერა-კითხვა შეასწავლა, აგრეთვე იოანე წილკნელმა (ქარუმიძემ), იონა ხელაშვილმა და იმდროინდელმა სხვა ცნობილმა მოღვაწეებმა.

   ბატონიშვილი ყმაწვილობის ასაკიდან გატაცებით ეწაფებოდა ცოდნას იმ უმდიდრეს წიგნთსაცავში, რომელიც ქართლ-კახეთის სამეფო ოჯახს გააჩნდა. ყოველი ახალი წიგნის შეძენა და გაცნობა მას ძალიან უყვარდა.

   სამშობლოს მოცილებული უფლისწული იოანე რუსეთიდანაც ზრუნავდა თავისი ერთადერთი ძის აღზრდა-განათლებაზე და მას წიგნებს უგზავნიდა.

   მაგალითად, კათალიკოს ანტონ I-ის მიერ სომხურიდან ნათარგმნ და 1764 წელს დასტამბულ წიგნს “რიტორიკა ყრმათათვის” ასეთი მინაწერი აქვს: “ეს რიტორება მეფის ძის იოანესი იყო და თავის ძეს უბოძა გრიგოლს. ეს რიტორება მეფის ძის ძის გრიგოლისაა, ღ[მერთმა]ნ მოახმაროს. ამინ” [20, 17].

   იოანეს მიერ შვილთან გამოგზავნილ ოთხთავზე ვკითხულობთ: “ჩემო საყვარელო შვილო გრიგოლ! ეს წმინდა სახარება იყოს შენი მფარველი სულით და ხორცით. სეკდენბრის 3, წელსა ჩყვ (1806), პეტერბურგი, მეფის ძე იოანე” [5, 17].

   გრიგოლი გულდასმით ეცნობოდა შოთა რუსთაველის, სულხან-საბა ორბელიანის, მეფე-პოეტ თეიმურაზ I-ის, ბესარიონ გაბაშვილისა და სხვათა შემოქმედებას.

   მრავლისმეტყველია ის ფაქტი, რომ “ვეფხისტყაოსნის” ვახტანგ მეექვსისეული გამოცემის 1032-ე სტროფში გრიგოლ ბატონიშვილმა ჩაამატა გამოტოვებული სტრიქონი: “კეტი ჰკრა, ძელი მოსტეხა, ლომს მკლავი არ უდრკებოდა”.

   ჩანს, რომ ნაკლული სტროფი ბატონიშვილმა ამ პოემის ერთ-ერთი ვრცელი ხელნაწერიდან შეავსო [5, 21].

   გრიგოლს წიგნი _ უძვირფასეს განძად მიაჩნდა და მას თვალისჩინივით უფრთხილდებოდა. სიძველისა და ხმარებისაგან დაზიანებული მრავალი წიგნი მან საკუთარი საფასით შეაკეთებინა.

   ბატონიშვილისეულ ერთ-ერთ წიგნზე ასეთი მინაწერი გვხვდება: “მეფის ძის ძის გრიგოლისა არის ეს მარხვანი. გიორგი, გამსყიდველი ამისა, ღმერთმა აცხოვნოს, დაშლილი მომყიდა და მე, მეფის ძის ძემან გრიგოლ, ოდეს მოველ ტფილისით, ასტრახანს შევაკვრევინე. თორმეტი რუბლი ასიგნაცია მივეც ხელფასი თავის ყდით. მეფის ძის ძე გრიგოლ” [20, 17-18].  

   გრიგოლ ბატონიშვილმა კალიგრაფიაშიც სცადა ბედი და რამდენიმე ხელნაწერი გადაწერა. მაგალითად, მან გადაწერა გაიოზ არქიმანდრიტის მიერ 1789 წელს ნათარგმნი ამბროსი მედიოლანელის თხზულება და ხელნაწერზე მიაწერა: “სრულვყავ წიგნი ესე ამბროსისა გარდაწერითა მე, ცოდვილმან მეფის ძის ძემ გრიგოლ. ფურცელი წიგნისა ამისა არის 132”.

   ხელნაწერთა გადამწერები თავიანთ ნაღვაწს გრიგოლს დიდი მოკრძალებით უგზავნიდნენ. მაგალითად, ეზოპეს ცხოვრებას (“ცხოვრება ეზოპესი”) გადამწერის ხელით ასეთი მინაწერი აქვს გაკეთებული: “ბატონიშვილო გრიგოლ, ეს წიგნი თქვენის სძლისპირის ხელთან კი არ მოგეწონებათ, პირველი ჩემი ყმაწვილობით დაწერილი ეს არის… უმორჩილესი მოსამსახურე იოელ ალექსევი” [5, 19-20]. 

   ერუდიციით გამორჩეულ ბატონიშვილს თავისი თანამედროვე ქართველი მოღვაწენი დიდ პატივს სცემდნენ.

   თბილისის სამეფო წიგნთსაცავის გამგე, პოეტი და კალიგრაფი პეტრე ლარაძე (1770-1837) გრიგოლ იოანეს ძეს “ლმობილსა” და “სჯულით აღმკებარს” უწოდებდა. მან ბატონიშვილს ასეთი სტრიქონები უძღვნა:

“თან გემფარველოს ჯვარი იესოს

და დიდი იგი ღმერთ მამაკაცის შვილი,

ნათლისმცემელთ გუნდ მოციქულთ შეყრილი,

და წმინდათ დასნი, სადა ვინ სისხლ დაღვრილნი,

წელმრავალ დროთა გცენ სვე-შვება ღიმილის”  [5, 24].

  ვინაიდან გრიგოლის უშუალო წინაპრები მამის მხრიდან იყვნენ ჯერ ერთიანი საქართველოს, შემდეგ _ კახეთის, ხოლო ბოლოს _ ქართლ-კახეთის მეფეები და საყოველთაოდ ცნობილი მოღვაწენი, მათ შესახებ საუბარს აღარ გავაგრძელებთ.

   გრიგოლს დედის _ ქეთევან წერეთლის (1772-1824) მხრიდანაც ფრიად გავლენიანი სანათესაო ჰყავდა. მისი პაპა (დედის მამა) იყო იმერეთის სამეფოს გამოჩენილი სახელმწიფო მოღვაწე, სახლთუხუცესი, თავადი ზურაბ ქაიხოსროს ძე წერეთელი (1747-1823).

   ასევე გავლენიანი პიროვნებები იყვნენ გრიგოლის ბიძები (დედის ძმები). კერძოდ, დავითი (1780-1853) იყო ხონის მიტროპოლიტი, ჭყონდიდელი ეპისკოპოსი; გრიგოლი (1787-1843) _ სახლთუხუცესი, პოლკოვნიკი; ხოლო სვიმონს (1780-1853) ცოლად ჰყავდა იმერეთის მეფე დავით II-ის ასული _ მზეხათუნი (1783-1829) [47, 228].

   ქეთევან ზურაბის ასული წერეთელი ქართული მწერლობის საუკეთესო მცოდნე და დამფასებელი ყოფილა. მისი შეკვეთით არაერთი ძველი ქართული ხელნაწერი გადაიწერა. წიგნისადმი სიყვარული და ზრუნვა მან თავის ერთადერთ ძესაც ჩაუნერგა.

   სწორედ ზემოთქმულის დამადასტურებელია გრიგოლ ბატონიშვილის ერთ-ერთი წიგნის შემდეგი მინაწერი: “ეს წიგნი მეფის რძლის, წერეთლის სახლთუხუცეს ზურაბის ასული ქეთევანის იყო და იმის მიცვალების შემდგომად დაშლილიყო და ძემან მისმან, მეფის ძის ძემ გრიგოლმა შევაკვრევინე სამ მინალთუნად სულისა მისისა საოხად. მკითხველნო, შენდობას უყოფდით” [20, 17-18].

   ამრიგად, გრიგოლ იოანეს ძე _ ქართლ-კახეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენლის _ უფლისწულ იოანესა და იმერეთის უწარჩინებულესი თავადის ასულის _ ქეთევან წერეთლის ოჯახში დაიბადა და აღიზარდა.

 

 

2. გრიგოლ I-ის ბრძოლა აღდგენილი ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისათვის

 

   1812 წლის 31 იანვრიდან კახეთი ახალი აჯანყების ალში გაეხვია. იმხანად საქართველოს განაგებდა რუსეთის იმპერატორის მიერ 1811 წლის ივლისიდან საქართველოს “მთავარსარდლად” დანიშნული გენერალ-ლეიტენანტი, იტალიური წარმომავლობის მარკიზი ფილიპ ოსიპის ძე პაულუჩი (1779-1849).

   ვინაიდან კახეთის აჯანყების შესახებ საკმაოდ კარგად არის ცნობილი, მისი მიმდინარეობის ცალკეულ საკითხებზე საუბარს აღარ გავაგრძელებთ. აღვნიშნავთ მხოლოდ, რომ ამ აჯანყების შესახებ ფრიად საყურადღებო დოკუმენტური მასალებია თავმოყრილი 1866-1904 წლებში გამოცემული თორმეტტომეულის: “Акты, собранные Кавка-зской Археографической комиссией. Архив Главного управления наместника Кавказского” V ტომში [40].

  აღნიშნულ აჯანყებას მიეძღვნა ისტორიკოსის, პუბლიცისტის, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ალ. ფრონელის (ყიფშიძის) (1862-1916) ნაშრომი “ამბოხება კახეთისა (1812 წ.)” [31], რომელიც ერთი საუკუნის წინათ გამოიცა, ასევე მკვლევარების: ა. კიკვიძის [22], ო. მარკოვას [50], ა. გელაშვილის [8] მონოგრაფიული ნაშრომები და სხვ.

   კახეთის მოსახლეობის უკმაყოფილებას კარგად გამოხატავს აჯანყებულთა  მიერ დაწერილი მოხსენების შემდეგი სიტყვები: “ერთობით ვსწერთ ჩვენს მწუხარებას, რომელნიცა არ შესწრებიან წინაპარნი მამანი და პაპანი ჩვენნი ამისთანა მწუხარებას” [13, 45].

   აჯანყების დაწყებისთანავე კახელებმა 40-კაციანი დელეგაცია გაუგზავნეს მეფე ერეკლე II-ის ვაჟს, ერევანში მყოფ ალექსანდრე ბატონიშვილს (1770-1844) და იგი თავიანთ მეთაურად და მეფედ მოიწვიეს. ტახტისმაძიებელი უფლისწული ალექსანდრე სპარსელთა სამხედრო დახმარების მოლოდინში იყო, რამაც მისი შეფერხება გამოიწვია [8, 188].

   სამაგიეროდ, სახალხო აჯანყებაში ფაქტობრივად მისი დაწყებისთანავე ჩაება მეფე ერეკლე II-ის შვილთაშვილი, 23 წლის ბატონიშვილი გრიგოლ იოანეს ძე (1789-1830). იგი წარმოსადეგი, ახოვანი ვაჟკაცი ყოფილა, რომელსაც ეროვნული ტანისამოსის ჩაცმა ჰყვარებია [20, 27].

   გრიგოლი ორ თავადთან და ორ აზნაურთან ერთად შეეცადა, რომ აჯანყების ალი ქართლშიც აებრიალებინა [40, 76].

   9 თებერვალს შიდა ქართლის მთიანეთში აჯანყებამ იფეთქა. მთიულებმა და ფშავ-ხევსურებმა დუშეთი და ფასანაური აიღეს. მათ მოციქულები გაუგზავნეს გუდამაყრელებს, მოხევეებს და აჯანყებულთა დროშის ქვეშ დადგომა შესთავაზეს.

   ქართველ მთიელთა მიერ სამხედრო გზის ჩაკეტვამ საქართველოში მყოფ რუსებს დიდი საშიშროება შეუქმნა. აჯანყებულები იმდენად გაძლიერდნენ, რომ ავჭალის მიდამოებში შემოვიდნენ და თბილისში მყოფი რუსული ადმინისტრაცია რეალური საფრთხის წინაშე დააყენეს [4, 69].

   ალ. ფრონელი წერს, რომ 20 თებერვალს “საქართველოს სამხედრო გზა გახსნა ორპირად წასულმა ჯარმა. ანანურისა და დუშეთის მაზრათა მკვიდრნი დაწყნარდნენ, დუშეთისა და ანანურის ციხენი ისევ რუსეთს დარჩათ. არაგვზე დარჩა საბრძოლველად მხოლოდ თავად იოსებ სიდამონოვის (იგულისხმება თავადი სიდამონ-ერისთავი. ნ. ჯ.) ათასკაციანი რაზმი, სოფელ საშაბუროში დაბანაკებული. თფილისის მიდამოები გასწმინდა მეამბოხეთაგან პოლკოვნიკმა ტიხანოვსკიმ.

   მთელი კახეთი, დღევანდელი თიანეთისა, თელავისა და სიღნაღის მაზრები, მეამბოხეებს ეჭირათ ხელში, გარდა თელავის და ყარა-აღაჯისა…

   საერთოდ უხეიროდ და უგემურად მიდიოდა აჯანყების საქმე ქართლში. რაიონი მოქმედებისა მცირე და პატარა იყო, თითქმის არ გასცილებია არაგვის ხეობას. მიზეზი უგემურობა-უფერულებისა ისაა, რომ თავადაზნაურობა გვერდში არ ამოუდგა გლეხ-კაცობას, როგორც კახეთში, სადაც თითო-ოროლას გარდა, მთელი თავადობა გაეხვია მღელვარების კომლში. ყაზახ-ბორჩალო-ბამბაკს რომ შეუთვალეს, თქვენც აჯანყდით და შემოგვიერთდითო, ქაღალდზე 31 თავადმა მოაწერა ხელი” [31, 132-134].

   მართალია, ქართლის გლეხობა აჯანყებულებს თანაუგრძნობდა, მაგრამ როგორც ალ. ფრონელი შენიშნავს, გავლენიანი გვარები: “ერისთვიანი, მუხრანიანი, ამილახვრიანი _ რუსებს ერთგულობდნენ და აბა რაკი დიდი თავადიშვილები ხელს არ შეუწყობდნენ მთავრობის წინააღმდეგ ერის მოძრაობას, რა გამოვიდოდა და აკი არაფერიც არ გამოვიდა…

   ქართლიდან სულ ორმა თავადიშვილმა დაუჭირა მხარი აჯანყებას. ერთი იყო თავადი იოსებ ერისთავი, არაგვის ბატონის შვილი და მეორე _ თავადი სიმონ მაჩაბელი.

   სიმონი წინ გაუძღვა ახლადარჩეულ მეფე გრიგოლს, უვნებლად გაატარა შუაგული ქართლი და შევიდა მტკვრის მარჯვენა მხარეს _ სათარხნოსა და საციციშვილოსა, ააჯანყა რამდენიმე სოფელი, მაგრამ ვერას გახდა. გენერალი სტალი ფეხდაფეხ დასდევდა მაჩაბელს და როგორ დაემალებოდა მდევარს, რაკი მეზობლები ხელს არ უწყობდნენ? ვერც დაემალა და ხელში ჩაუვარდა სტალს. ის კი მოახერხა მაჩაბელმა, რომ ბატონიშვილი გრიგოლი, ანუ ახალი მეფე, ტყვეობას დროებით გადაარჩინა და უვნებლად გაისტუმრა კახეთს, სადაც აჯანყების ნიადაგი უკვე იყო მომზადებული” [31, 134-136].

   20 თებერვლისათვის გრიგოლ ბატონიშვილი თავის მომხრეებთან ერთად, ქართლიდან კახეთში გადავიდა და სათავეში ჩაუდგა აჯანყებულებს, რომლებსაც როგორც თვითონ აღნიშნავდნენ, “მეფის მეტი არაფერი აკლდათ” [50, 70-71].

   რუსი მკვლევარი ო. მარკოვა მიუთითებდა, რომ გრიგოლ ბატონიშვილის ჩაბმას აჯანყებაში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. იგი წერდა: “Знамя Багратионов поднял… царевич Григорий, внук Ираклия II, сын проживавшего в Москве царевича Иоанна Георгиевича.

   Появление этого царевича внесло больше организованности среди повстанцев. По отзыву Паулуччи, царевич Григорий “важен не по личным своим достоинствам, коими, к счастью, он не одарен от природы”, а по влиянию его происхождения на народ…

      Появление царевича среди повстанцев являлось для мятежных феодалов событием большой важности. Для использования первых успехов крестьянского восстания и дальнейшего их развития необходимо было объединящее всех знамя. Если первые успехи были обеспечены единодушным чувством мщения и чувством полного отчаяния _    “лучше смерть, чем так жить”, то для достижения целей феодалов этого было недостаточно, нужна была организация для согласования действий и авторитет вождя” [50, 70].       

   სახელოვანი “პატარა კახის” ჭაბუკი ნაშიერის კახეთში გამოჩენა აჯანყებულთათვის მართლაც უდიდეს სტიმულად იქცა. მათ გრიგოლი თავიანთ წინამძღოლად მიიღეს და მეფედ გამოაცხადეს.

   იმისათვის, რომ ნათელი გახდეს, თუ რა ვითარებაში მოხდა გრიგოლ იოანეს ძის გამეფება ან როგორ წარიმართა მისი შემდგომი ბედი, განვიხილავთ მის შესახებ ქართულ და უცხოურ ენოვან წყაროებსა და ლიტერატურაში დაცულ ცნობებს.

   კახეთის აჯანყებისა და მასში გრიგოლ ბატონიშვილის მონაწილეობის შესახებ საყურადღებო ცნობებია დაცული გრიგოლის ბიძების (მამის ძმების), უფლისწულების: დავითის (1767-1819), ბაგრატის (1776-1841) და თეიმურაზის (1782-1846) თხზულებებში. აქვე უნდა ითქვას, რომ მკვლევარ ლელა მიქიაშვილის არგუმენტირებული დასკვნით, დავით ბატონიშვილის სახელით გამოცემული თხზულების “ახალი ისტორია” [12] ჭეშმარიტი ავტორია მისი უმცროსი ძმა თეიმურაზ ბატონიშვილი [3, 12-30].

   ბაგრატ ბატონიშვილის თხზულებაში “ახალი მოთხრობა” ვკითხულობთ: “თიანელთა ამა ტირანობისათა აღადგინეს აბოხი და მოსწყვიტნეს მუნ მყოფი რუსნი, წარიყვანეს ქართლით ყრმა, მეფის გიორგის შვილიშვილი, იოანეს ძე გრიგოლ და ჩაიყვანეს კახეთს. მოკრბნენ კახნი მის თანა, სრულებით მოჰსწყვიტნეს რუსთა მდიაბეგნი თელავს და ქიზიყს _ სიღნაღს და იასაულნი მათნი და გამოყარეს მხედრობაჲ  რუსთა კახეთით” [12, 119].

   თეიმურაზ ბატონიშვილის თხზულებაში “ახალი ისტორია”  ვკითხულობთ: “გარდაიყვანეს მეფის ძის იოანეს შვილი გრიგოლ ქართლით კახთა და მოკრბენ ლეკნიცა ვ(იდრ)ე ოთხიათასადმდე შველად კახთა და ჰყვეს თჲს ზედან კახთა თავათ ქობულოვი ოთარ” [3, 81].

   გრიგოლ იოანეს ძის ენერგიული მოღვაწეობის წყალობით, აჯანყებულებმა მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს.

   საგულისხმოა, რომ აჯანყებულებმა მხარდაჭერისათვის თაგაურის თემში მცხოვრებ ოსებსაც მიმართეს [4, 69].

   ეს ამბოხება თანდათან საქართველოს საზღვრებს სცილდებოდა და უკვე საერთოკავკასიური აჯანყების ხასიათს იღებდა, რასაც რუსეთის საიმპერიო ადმინისტრაციის მოხელენი საქართველოში სათანადოდ აცნობიერებდნენ.

   22 თებერვლით დათარიღებულ დოკუმენტში პაულუჩი შეშფოთებით შენიშნავდა: “Побег к Арагвским бунтовщикам сына царевича Иоанна, в Москве пребывающего, кн. Григория, о котором ныне получен мною рапорт, что он старается склонить к мятежу Ксанских жителей и всю Карталинию, где некоторые деревни начинают обнаруживать склонность к измене, _ не оставляет ни малейшего сомнения в том, что здесь скрывался умышленный заговор, чрез который все владения В. И. В. от самого Кавказа должны бы быть поторянными вместе с войсками, оныя защищающими” [40, 60].

   25 თებერვალს გენერალმა სტალმა პაულუჩის აცნობა, რომ მან დაატუსაღა გრიგოლ ბატონიშვილის თანმხლები თავადი სვიმონ მაჩაბელი და ქართლის ამბოხებაც ჩააცხრო [40, 77].

   1 მარტს, სოფელ ჩუმლაყთან გამართულ სისხლისმღვრელ ბრძოლაში აჯანყებულთა ოთხიათასკაციანი ლაშქარი რუსთა ჭარბ სამხედრო ძალას შეერკინა. ბრძოლაში დაიღუპა რუსთა მხარდამხარ მებრძოლი ვახტანგ დიმიტრის ძე ორბელიანი (1769-1812), ხოლო გენერალ პაულუჩის ადიუტანტი, შემდგომში ქართული რომანტიზმის ფუძემდებლად აღიარებული ალექსანდრე გარსევანის ძე ჭავჭავაძე (1786-1846) _ ფეხში დაიჭრა.

   ბაგრატ ბატონიშვილი მოგვითხრობს: “მუნ იქმნა ბრძოლა ძლიერი, მოსწყვიტნეს მრავალნი რუსნი. მუნ მოკვდა თავადი ორბელიანი ვახტანგ დიმიტრის ძე, სიძე მეფისა ირაკლისა, რომელიცა იყო პოლკოვნიკი რუსთა, მყოფი რუსთა თანა, და დაიჭრა ჭავჭავაძე გარსევანის ძე ალექსანდრე, რომელიცა იყო მას ჟამსა შინა ნაიბ-ეშიკაღაბაში მარკიზისა” [12, 119].

   ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის უსაზღვრო სურვილით გულანთებული გრიგოლი ქართლ-კახეთის მოსახლეობას ასე მოუწოდებდა: “გამთენიისას კვლავ განახლდება ბრძოლა და ღმერთი შეგვეწევა, სანამ ერთი კახელი ცოცხალია, კახეთი უკან არ დაიხევს” [8, 196].

   პაულუჩი დარწმუნდა, რომ თვით სიტყვა “ბაგრატოვანი მეფე” ქართველებზე უდიდეს ზემოქმედებას ახდენდა და გრიგოლ იოანეს ძის წინამძღოლობით ისინი რიცხობრივად უპირატეს და უკეთესად აღჭურვილ მტერსაც კი არ ეპუებოდნენ. 

   საისტორიო წყაროს ცნობით, “გარნა იხილა რა მარკიზმან, ვინათგან ვერ ძალუცს პირისპირობაჲ კახთა, ევედრა ზავსა და აუთქვა კახთა, რომელ მოგგვრიო მეფის ძეთა თქუენთა რუსეთით. ამასა ზედან მხიარულიქმნენ კახნი და ჰყვეს ზავი და მოგვარეს გაღმამხრელთ უმეტეს სამასისას სალდათნი შეპყრობილნი აფიცრებითურთ, რომელნიცა შეიპყრეს აბოხსა ამას აღპარსულნი თმათანი მით, რამეთუ კახთა აღპარსნეს პყრობილთა მათ თავნი კიცხევისათვის” [12, 44].

   მკვლევარ ა. გელაშვილის მართებული ვარაუდით, “გასაკვირი არ იქნებოდა, დაუსრულებელი ბრძოლით ქანც და მოთმინებადაკარგულ მარკიზს, რომელსაც ამისათვის პეტერბურგში მადლობას არავინ ეტყოდა, გულუბრყვილო ქართველობისათვის მართლაც შეეთავაზებინა მათთვის სანუკვარი პირობა, მაგრამ იმ მიზეზით, რომ ამის გახმაურებით აჯანყების თანამედროვე ავტორები და მათი მემკვიდრე იმპერიის იდეოლოგები აღიარებდნენ 1812 წლის კახეთის აჯანყების რეალურ მიზეზსა და ხასიათს, ამ ფაქტს ისინი საუკუნენახევრის განმავლობაში ასე საგულდაგულო მონდომებით მალავდნენ.

   არ არის გამორიცხული, რომ მარკიზის ამ განცხადებას მიეღწია იმპერატორის ყურამდეც და სწორედ იგი გამხდარიყო მისი საქართველოდან გაწვევის ერთ-ერთი მიზეზიც. პაულუჩის შესანიშნავად სცოდნია, რომ “მეფე” კახელებში სულ სხვაგვარი მჟღერადობით ჟღერდა. ბრძოლაში ქართველთა წარმატების ერთ-ერთი მიზეზიც ხომ მასში გრიგოლ იოანეს ძის უშუალო გამოჩენა და მონაწილეობა იყო” [8, 195-196]. 

   აჯანყებულებს ბრძოლის გაგრძელება გაუჭირდათ, ვინაიდან საგარეო დახმარება არ ჩანდა, ხოლო ამის პარალელურად, სრულიად რეალური საშიშროება შეიქმნა, რომ ჩრდილო კავკასიაში მდგარი რუსთა ჯარი საქართველოში გადმოვიდოდა.

   შექმნილ ვითარებაში, აჯანყების საბოლოო გამარჯვებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა დარიალის კარიბჭის ჩაკეტვას. ამ სტრატეგიული ამოცანის უზრუნველსაყოფად აჯანყებულებმა სცადეს გადაებირებინათ ხევის მოურავი გაბრიელ ყაზბეგი (ჩოფიკაშვილი), რომელიც მეფე ერეკლე II-მ 1788 წლიდან დარიალის ხევის გზის მეთვალყურედ დაადგინა [29, 170] და ერთგული სამსახურისათვის, აზნაურის წოდებაში აიყვანა. ყაზბეგი გიორგი XII-საც ერთგულად ემსახურებოდა [17, 15-19]. 

   ქართლ-კახეთის რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შეყვანის შემდეგ, გ. ყაზბეგი იმპერატორთა სამსახურში ჩადგა. მისი მხარდაჭერის მოსაპოვებლად მეამბოხეებმა მას უდიდესი წყალობა აღუთქვეს, რასაც გაბრიელმა ისევ “რუსის ჩინ-ორდენები არჩია” [31, 127].  

   ყოველივე ამის მიუხედავად, გრიგოლ იოანეს ძე ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებდა და აჯანყებაში მთელი მოსახლეობის ჩაბმას ცდილობდა. მისმა მგზნებარე მოწოდებებმა გრიგოლის დევნა და შეპყრობა დააჩქარა [8, 197].

   პაულუჩისათვის ცნობილი გახდა, რომ ჩუმლაყთან ბრძოლის შემდეგ “Успел скрытся и царевич Григорий” [40, 79].

   გაჭირვების ჟამს, გრიგოლმა, თავის ერთგულ მხედრებთან ერთად, თავი დაღესტანს შეაფარა. 

   ზემოთქმულის შესახებ ბაგრატ ბატონიშვილის თხზულებაში ვკითხულობთ, რომ გრიგოლი “წარვიდა ანწუხსა შინა და იყო თვე ერთი ლეკთა შორის. მაშინ მარკიზმან დაიპყრა სრულიად კახეთი, მოწო რომელიმე სოფლები და იყო თვე ორი… მაშინ მიუწერა გრიგოლს ანწუხს შინა მყოფსა და წარუვლინა ზაზა ენდრონიკაშვილი, სალთხუ-ცესი მამისა მისისა და მიუწერა, რათა მივიდეს მის თანა, და არწმინაცა უვნებელყოფაჲ მისი და აღუთქვაცა შენდობა ხელმწიფისაგან. მაშინ მსმენელი გრიგოლ წარმოემართა მარკიზისა კერძ, თუმცაღა გრიგოლს არა უტევებდენ ანწუხელნი ერთგულებისა გამო, რომელიცა აქვთ სურვილი პატრონისა ერთგულებისა.

   გარნა არამსმენელი მათი გრიგოლ მოვიდა მარკიზისა წინაშე თელავს. მხიარულ იქმნა მარკიზი და წარმოემართა ტფილის. მოსულმან ტფილის, წარავლინა გრიგოლ რუსეთად. მისრული პეტერბურხს წარავლინნა იმპერატორმა ბუნტისა გამო მისისა პატიმრად პეტრეზაოდის ციხესა შინა, რომელიცა შორავს პეტერბურხით ოთხასითა ვერსითა. და იყო ჟამ რაოდენიმე” [12, 120].

   თეიმურაზ ბატონიშვილის თხზულებაში გრიგოლის შესახებ ვკითხულობთ: “ზაზაცა, ძმაი ნინიასი, შეუჩინეს გრიგოლს და გრიგოლ მოცთუნა ზაზამ ანდრონიკაშვილმან და მივიდა მარკიზის წ(ინა)შე” [3, 83].

   დამპყრობთა მიერ შეპყრობილი გრიგოლ იოანეს ძე სასწრაფოდ რუსეთის დედაქალაქში გაგზავნეს.

   საგულისხმოა, რომ ბაგრატ და თეიმურაზ ბატონიშვილები არსად არ წერენ თავიანთი ძმისწულის გრიგოლ იოანეს ძის მეფობის შესახებ. მათი თხზულებებიდან მკითხველს რჩება შთაბეჭდილება, რომ გრიგოლი მხოლოდ აჯანყებულ კახელთა წინამძღოლი იყო და არა მეფე.

   ბატონიშვილთაგან განსხვავებით, გრიგოლის მეფობის შესახებ დაუფარავად და საკმაოდ ვრცლად წერს ალექსანდრე ფრონელი, რომელიც ამ ფრიად მნიშვნელოვანი ისტორიული ფაქტის მიჩქმალვის გამო, ბატონიშვილებს საყვედურობს. აქვე უნდა ითქვას, რომ გრიგოლის მეფობის შესახებ არაერთხელ არის აღნიშნული თვით რუსეთის იმპერიის არსებობის ხანაში გამოცემულ სოლიდურ წიგნში [40, 44-80].

   ბატონიშვილთა მოქმედებას ორგვარი ახსნა შეიძლება მოეძებნოს: ისინი გრიგოლ იოანეს ძის მეფედ კურთხევის ფაქტის აღნიშვნას თხზულებებში შეგნებულად მოერიდნენ, რომ ისედაც რეპრესირებული ნათესავის მდგომარეობა კიდევ უფრო არ დაემძიმებინათ, ანდა სანკტ-პეტერბურგში იძულებით გადასახლებული ბიძები თავიანთი ძმისწულის საქართველოში გამეფების ფაქტმა გააღიზიანა და ამის დამალვას შეეცადნენ.

   აქვე დავსძენთ, რომ დავით ბატონიშვილი თავისი სიცოცხლის ბოლომდე არ კარგავდა გამეფების სურვილს და იმპერატორს ქართული სამეფოს აღდგენას (რუსეთის პროტექტორატის ქვეშ) სთავაზობდა. ამ თხოვნით დავითმა 1817-1818 წლებში ორჯერ მიმართა ალექსანდრე I-ს, რამაც რუსეთის მესვეურების დიდი აღშფოთება გამოიწვია. მათ შინაგან საქმეთა მინისტრ კოზოდავლევის მეშვეობით უფლისწულს შეუთვალეს: “დავით ბატონიშვილს მოაქვს უსაფუძვლო მოთხოვნები და ამის შემდეგ, თუ იგი კვლავ არ იქნება მშვიდად, მაშინ ნაბრძანები იქნება მისი სამსახურიდან გადაყენება და პეტერბურგიდან გაძევება” [11, 228-230].

   ყოველივე ამის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, ბუნებრივია, რომ სამეფოს აღდგენაზე მოტრფიალე ტახტის მემკვიდრე უფლისწულს და მის ერთგულ ძმებს ბაგრატს და თეიმურაზს თავიანთი ძმისწულის თუნდაც მხოლოდ გამეფების ფაქტი არაფრად ეპიტნავებოდათ.   

   ზემოხსენებულიდან გამომდინარე, გრიგოლის გამეფების შესახებ ფრონელის წიგნში არსებულ ინფორმაციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ამის გამო, მას მთლიანად მოვიტანთ.

   ალ. ფრონელი წერს, რომ აჯანყებულმა კახელებმა შემდეგი ღონისძიებანი განახორციელეს: “საშველად მოიწვიეს ოთხი ათასი ლეკი, ამოირჩიეს სარდალი, თავადი ოთარ ქობულაშვილი, მდივანი და რაც უფრო საყურადღებოა _ ქართლიდან მოიწვიეს ბატონიშვილი გრიგოლ იოვანეს ძე. ეს გრიგოლი კახელებმა მეფედ გამოაცხადეს, ხოლო როდის, _ არა სჩანს. ამგვარად უმნიშვნელო აშლა საეგზეკუციო კამანდების თვითნებობის წინააღმდეგ პოლიტიკურ ბრძოლად გადაიქცა. მეამბოხეებმა მეფე იშოვნეს, დღეიდან მისის სახელით დაიწყეს ბრძოლა და სრული პროტესტი გამოუცხადეს რუსის მთავრობას, რომელმაც, კახელების აზრით, უკანონოდ და წინააღმდეგ ხელშეკრულობისა, მოშალა მეფობა და სამეფოს ნანგრევებზე ააგო კაპიტან-ისპრავნიკების, კამისიონერების და საეგზეკუციო კამანდების უფლება-ბატონობა” [31, 99].

   დამპყრობელთა აუტანელი მმართველობისაგან განათავისუფლებულ კახეთში არსებულ რეალურ ვითარებას ფრონელი ისტორიულ ფაქტებზე დაყრდნობით აგვიწერს. მის ნაშრომში ვკითხულობთ: “თებერვლის შუა რიცხვებში 1812 წ., შიდა და გარე კახეთი თითქმის გასუფთავდა რუსთა მხედრობისაგან, მათი მართვა-გამგეობა ხუხულასავით დაიფუშა ერთი შებერვით…

   კახეთმა ძველებურად, ქართულად ამოისუნთქა და ქართულადვე დაიწყო ცხოვრება, ფიქრიანობა და აზროვნება. გულ-შემზარავი ჭყივილი საეგზეკუციო კამანდებისა აღარ გაისმოდა “კურთხეულ კახეთის” ველ-მინდვრებში, სოფლიდან სოფლად აღარ დაძუნძულებდნენ სამგლე იასაულები უნტერ-აფიცრებით საბეგრო ურმების მოსაკრეფად. ერთის სიტყვით, კახეთი მხიარულობდა, ამაყობდა გამარჯვებით და სუსხიანი თებერვალი რომ არ ყოფილიყო, ან ღვინო რომ არ შეესვათ საეგზეკუციო კამანდებს, საყვარელ მრავალჟამიერსაც ზედ დააყოლებდა.

   ზემოთ მოვიხსენიეთ, რომ კახელებმა მეფე ამოირჩიესო. ბატონიშვილმა დავითმა იძუნწა და არ შეატყობინა შთამომავლობას, როდის ამოირჩიეს, სად, ან რა ცერემონიით მეფე. მაყრიონს და ქორწილს რა ლაზათი აქვს, თუ თავში “ნეფე” არაა გამოჭიმული. კახელებიც ასე მოიქცნენ. ბევრი ძებნაც არ დასჭირვებიათ მეფის საშოვნად. იქვე კახეთში ყოფილა ბატონიშვილი გრიგოლ იოანეს ძე. თვით იოანე გიორგის ძე იმჟამად მოსკოვში იმყოფებოდა და როგორ დაავიწყდათ გრიგოლი და სხვებსავით თავი არ უკრეს რუსეთისაკენ, ვერ გავიგეთ.

   გრიგოლი ერთადერთი ბატონიშვილია, რომელიც დავიწყებოდათ მაშინდელ მთავარმმართებლებს. დავიწყებული ჰყოლიათ თვით ქართველებსაც, თუმცა ბატონიშვილ დავითის უშვილობის გამო, ქართველები ამ გრიგოლს ისე უცქეროდნენ, როგორც კანონიერ მემკვიდრეს.

   ამბოხების მეთაურებმა გრიგოლი მეფედ რომ გამოაცხადეს, კახეთი სიხარულით ფეხზე აღარ იყო. მცირე უკმაყოფილება არავის გამოუცხადებია. იმის გარჩევაშიც არავინ შესულა, რა კაცია გრიგოლი, შესძლებს მეფობას ამ ვნება და მღელვარებით სავსე დროსა, თუ არა. ამ საგნის გარჩევას და გამოძიებას არავინ კისრულობდა. რაკი ხმა გავარდა, მეფე ამოვირჩიეთო, ყველამ ერთხმად იწამა და შეჰფიცა ერთგულობა, მეფობისათვის სიკვდილი და სამსახური.

   მოგეხსენებათ, რა ძნელია ქვრივობა და კახელებსაც ბავშვივით უხაროდათ, რომ ასე ადვილად გაათხოვეს მთელი თერთმეტი წელიწადი ქვრივობაში მყოფი საქართველო და საშუალება მიეცათ ძაძა გამოეცვალათ და გრძელი წვერები, _ ნიშანი მგლოვიარობისა, დაეპარსათ.

   კახელებს, ალბათ ერთი რამ ეწყინებოდათ ქორწილ-მხიარულობის დროს _ აქ აღარ იყო კათოლიკოზი ანტონი. გენერალმა ტორმასოვმა სწორედ უდროო დროს გაისტუმრა რუსეთს საქართველოს ეკლესიის უფროსი. კახელებს აკლდათ სუფრის მაკურთხებელი.

   ბატონიშვილი გრიგოლი მალე შეეჩვია ახალ თანამდებობას და კარგად შეითვისა მეფობა. კახეთის ეკლესიებში გრიგოლს იხსენიებდნენ როგორც კანონიერ მეფეს.

   ახლად არჩეული მეფე გრიგოლი მხნედ შეუდგა მეფობას. მთელ საქართველოს შეატყობინა ეს ამბავი და მოითხოვა მხნეობა და მამაცობა მტრის დანარჩენ რაზმების გასაწყვეტად. ყაზახი და ბორჩალო კანონიერი ნაწილი იყო მაშინდელის საქართველოსი. შესანიშნავ საერთაშორისო ისტორიულ ტრაქტატში 1783 წ. ეგენი მოხსენიებულია, როგორც განუყრელი ნაწილი სამეფოსი. მეფე გრიგოლმა ამათაც დაუგზავნა წერილები _ დადგა ჟამი რუსების გაწყვეტისაო.

   ყაზახელ აღალარს, მამედ-ჰასან აღას, ჩავარდნოდა ხელში ერთი ამ ქაღალდთაგანი. მამედ-აღამ ქაღალდი არავის აჩვენა, არც აღალარებს და არც ხალხსა, აიღო და ყაზახის მოურავ პოდპოლკოვნიკ თავ. ბებუთაშვილს გაუგზავნა. ბებუთაშვილმა კიდევ ქაღალდი უმაღლეს მთავრობას წარუდგინა. მარკიზი პაულუჩი, ქაღალდის თარგმანი რომ წაიკითხა, გულნატკენად მოახსენებს იმპერატორ ალექსანდრეს, _ გულნატკენად ვსცანი, რომ მარტო კახეთის უბრალო ერი კი არ არის ამბოხებაში ჩათრეული, მთელი თავადაზნაურობა იღებდა მონაწილეობას ბუნტშიო. არც ერთი გვარი არ დარჩენილა, რომ ამ გულის ასამღვრევ და სულის შემაშფოთებელ ქაღალდზე ხელი არ მოეწერაო” [31, 116-118].

   გრიგოლის სამეფო ხელისუფლება ვრცელდებოდა კახეთის თითქმის მთელ ტერიტორიაზე (გარდა თელავისა და ყარაღაჯისა) და ქართლის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილზე, ანუ არაგვის ხეობაზე. მისი გამეფებით გამოწვეული ქართველთა სიხარული გაიზიარეს თავისუფლებისმოყვარე ჩრდილოკავკასიელმა მთიელებმა, კერძოდ, დაღესტნე-ლებმა და თაგაურელმა ოსებმა, ასევე ქართლ-კახეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით მცხოვრებმა თურქმანული მოდგმის ტომებმა _ ბორჩალოელებმა და ყაზახელებმა, რომლებიც ქართველ მეფეებს ტრადიციულად ერთგულად ემსახურებოდნენ.

   აჯანყებულთა დელეგაცია ახალციხეში ჩავიდა და რუსთა მოძულე შერიფ-ფაშას შესთავაზა: “თუ მარკიზის ჯავრის ამოყრა გინდა, დრო სწორედ ეხლააო. მთელი ქართლ-კახეთი აჯანყდა, მარკიზი ყარაბაღშია, შეუტიე რუსობას თრიალეთიდანაო” [31, 149].

   21 თებერვალს შერიფ-ფაშას რაზმი თავს დაესხა ახალქალაქის ციხეში მდგარ რუსთა გარნიზონს, მაგრამ უშედეგოდ.

   ახალციხის ფაშის მოგერიებით გახარებულ პაულუჩის “სამწუხარო ამბავი შეატყობინა ყაზახის მოურავმა, _ 1000 ლეკი ჩამოვიდა ალაზანზე და კახელობას შეუერთდაო. აქაც არ მასვენებენ მეამბოხენიო, წუწუნებდა მოურავი, კაცებსა ჰგზავნიან და აქაურ თათრობას აგულიანებენ ხელმწიფე იმპერატორის მხედრობის წინააღმდეგაო” [31, 133].

   27 თებერვალს გრიგოლმა ქიზიყის მოსახლეობას თანადგომისაკენ მოუწოდა [40, 44]. 

   ალ. ფრონელის ცნობით, “ქართლისა და კახეთის მეფე გრიგოლმა იმედით სავსე წერილი გაუგზავნა ქიზიყის თავადიშვილობას, მოხელეთა და ერსა.

   “მოწიწებით სალამს გიძღვნით _ სწერდა გრიგოლი, _ შაბათ დღეს დიდის ჯარით ხაშმზე მივდივართ, თქვენ კი არა ვიცი რა, რას აკეთებთ, ან რასა ჰფიქრობთ… ნუღარ დაახანებთ და თქვენც ხაშმისაკენ წამოდით. ყოველ გარემოებას შეგატყობინებთ წერილის მომტანი ნოშრევანა. დაგვიანება აღარ შეიძლება, რაც შეიძლება მალე დაიძარით და ლეკებიც თან წამოიყვანეთ.

   ქართლის ამბების გაგება თუ გსურთ, აი რა ხდება იქა: ცხინვალის მხარეს რაც რუსობა იყო, გაჟლიტეს, ხიდები დაანგრიეს და ყოველი ქართლელი ჩვენს მოლოდინშია. ორთავ ლიახვისპირელნი უკვე შეიკრიბნენ. რუსებს რაც ჯარი ჰყავდათ, ხაშმზე შეაგროვეს. ეს ჯარი რომ ამოვუწყვიტოთ, რუსები უჯაროდ დარჩებიან. მაშინ ტფილისი, არაგვი და ქართლი ჩვენს ხელში იქნება. თხოვნა ჩვენი ესაა და ახლა თქვენი ნებაა” [31, 157-158].

   1 მარტს მეფე გრიგოლმა საგანგებო წერილი მისწერა მარტყოფის მოურავს, ეშიკ-აღაბაშს ნინია ზურაბისშვილს [40, 44] ანუ იგივე ივანე ანდრონიკაშვილს.

   აღნიშნულ წერილში ვკითხულობთ: “თიანეთიდან მოყოლებული ქუდზე კაცი გამოვიდა, 4000 ჯარი შეიკრიბა ჩემთან. ქუდზე კაცს დაუძახე და შენის ჯარით შემეგებე, თორემ იცოდე, ასე თუ არ მოიქეცი, ჩემსა და ჩემთან შეკრეფილ ჯარის წინაშე მოღალატედ გამოხვალო” [31, 158].

   ჯიმითისა და მახლობელი სოფლების მცხოვრებთ გრიგოლმა მოუწოდა, რომ შეერთებოდნენ მის ლაშქარში მყოფ კახელ და ფშავ-ხევსურ მეომრებს [40, 44].

   მეფეGგრიგოლის ენერგიულმა მოღვაწობამ და კახეთის აჯანყების საერთოკავკასიურ ამბოხებად გადაქცევის რეა-ლურმა საფრთხემ რუსეთის საიმპერიო ხელისუფლება აიძულა, რომ გადამჭრელი ზომებისათვის მიემართა.

   რუსეთის სახელმწიფო საბჭოსა და მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის ნიკოლოზ რუმიანცევისადმი (1754-1826) გაგზავნილ პატაკში პაულუჩი შენიშნავდა, რომ გრიგოლი მნიშვნელოვანი ფიგურაა არა თავისი პირადი ღირსებებით, არამედ იმ დიდი პატივისცემით, რითაც ქართველი ერი ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ამ წარმომადგენელს მოსავსო. საგულისხმოა, რომ ამ მოხსენების ტექსტი ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის არსებობის ხანაში გამოქვეყნდა.

   პაულუჩი რუმიანცევს მოახსენებდა: “Имею честь донести в. с., что успев, с помощью Божию, погасить пламя мятежа, возникшего в Грузии с чрезвычайным ожесточением, я взятыми мною мерами достиг также до того, что приобрел в свои руки царевича Григория, коего кахетинские мятежники признали было царем Грузии.

      Сей царевич весьма важен не по личным своим достоинством, коими, к счастию, не одарен от природы, но по уважению, каковое народ  здешнего края имеет к его происхождению и по правам, кои хотя ложно, но с некоторым основанием приписывают ему грузины, утверждаясь на том, что настоящий наследник Грузии царевич Давид бездетен и что сей царевич, будучи сын первого по нём брата, грузинского царевича Иоанна, в Москве пребывающего, имеет права на наследство Гру-зии.

      Опытом же народного легковерия и той истины, что необходимо нужно для спокойствия здешнего края удалить отсемь все то, что только носит  на себе имя происхождения от бывшего Грузинского царственного дома, может служить то, что сей царевич, не имеющий никаких особенных достоинств, оставленный без внимания моими предместниками и даже у самих грузин до сего случая мало имевший уважения, вдруг при открывшейся революции начал играть между ними важную роль и по ослеплению народа, которое однако же обнаруживает их всегдашнюю привязанность к прежнему царскому правлению, был с радостью принят мятежниками, провозглашен царем Грузии и предводительствовал толпами бунтовщиков.

      А потому, достав его теперь в свой руки, я счёл  необходимо нужным, не теряя времени, удалить немедленно в С.-Петербург. Для препровождения же его я отправил адъютанта, Херсонского гренадерского полка подпор. кн. Бебутова и вместо пристава и переводчика прап. кн. Баратова, приказав им по приезде в С.-Петербург явиться вместе с царевичем к в. с.” [40, 44-45].

   ზემოთ მოყვანილი ციტატიდან ნათლად ჩანს, თუ როგორ ცდილობდა მარკიზი პაულუჩი, რომ თავისი ზემდგომი ხელისუფლის წინაშე დაეკნინებინა კახეთში გამეფებული გრიგოლ იოანეს ძის პიროვნება და მის მიერ მოპოვებული წარმატებები აეხსნა მხოლოდ ქართველი ერის პატივისცემით ბაგრატიონთა საგვარეულოსადმი. ამის პარალელურად, პაულუჩი მოერიდა იმის აღნიშვნას, რომ კახეთში მიმდინარე მოვლენებს მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ისევ და ისევ რუსული ადმინისტრაციის დანაშაულებრივმა საქმიანობამ, რამაც მოსახლეობაში ყოველივე რუსულისადმი დაუფარავი სიძულვილი დათესა.

   რასაკვირველია, გრიგოლის ბაგრატიონობა ბევრს ნიშნავდა, მაგრამ სწორედ მის პირად ღირსებებზე მეტყველებს ბატონიშვილის გაბედული ნაბიჯები, კერძოდ, აჯანყების დაწყებისთანავე მასში ჩაბმა, ორგანიზატორული უნარის გამოვლენა და ფართო პროპაგანდისტული საქმიანობის წარმართვა, რამაც რუსი ხელისუფალნი დიდად აღაშფოთა.

   1812 წლის 11 მარტით დათარიღებულ პატაკში პაულუჩი აღნიშნავდა: “Царевич Григорий, сын царевича Иоанна, в Москве пребывающего, провозглашенный кахетинскими мятежниками царем Грузии и издавший от имени своего  возмутительные прокламации, также коего имя в церквах бунтовщиками поминаемо было как царя Грузии и который, собрав мятежную толпу, дрался против войск В. И. В., но был мною разбит, бежал было в Дагестан, к анцухским лезгинам, но средствами, мною изысканными, оттоль вызван, явился ко мне добровольно и находится теперь в моих руках.

      Сей царевич, к коему столь охотно прилепились кахетинские бунтовщики, гораздо важнее умерщвленного лезгинами грузинского царевича Левана и вреднее для Грузии, потому что немалая часть легковерных грузин признают его имеющим законное право на Грузию, основываясь на том, что прежде бывший настоящий наследник Грузии царевич Давид – бездетен, что потому сей Григорий, как сын первого по нём брата, царевича Иоанна, находящегося в отсутствии, должен быть наследником Грузии.

      Итак, для спокойствия сего края, я не умедлю сего царевича за надлежащим присмотром препроводить в Россию чрез несколько дней” [40, 63].

   საინტერესოა, ვინ იყო ზემოთ მოყვანილ დოკუმენტში მოხსენიებული ლევან ბატონიშვილი, რომელსაც პაულუჩი მართალია, გრიგოლზე ნაკლები მნიშვნელობის, მაგრამ რუსეთისათვის მაინც საშიშ პიროვნებად აცხადებს? 

   ხსენებულ ბატონიშვილში ნაგულისხმევია იულონ ბატონიშვილის ვაჟი _ ლევანი (1788-1812). 1810 წელს იგი ბიძამისის _ ალექსანდრე ბატონიშვილის დავალებით, ახალციხიდან შიდა ქართლის მთიანეთში ჩავიდა და იქ მოსახლე ოსები რუსთა წინააღმდეგ ააჯანყა. დამარცხების შემდეგ, უკან დაბრუნებისას ლევანმა გზად ბორჯომის ხეობაში შეისვენა.

   ლევანის ტრაგიკული აღსასრულის შესახებ მისი ბიძაშვილი ბაგრატ ბატონიშვილი ასე მოგვითხრობს: “წელსა 1812, ოკდობრის 26, წარემართა ახალციხეს… ძე იულონისა ლეონ. მისრულნი ესენი ხეობაში პეტრესა ციხესა, ისტუმრეს ლეკთა. რა ლეონს არა ჰყვა კაცი გარნა სამისა და რა განუსვენეს, მძინარე ლეონ მოკლა ლეკმან და სხვანიცა მისთანა მყოფნი მოსწყვიტნეს… განძარცვეს იგი და წარიღეს ახალციხეს.

   მხილველმან მეფემან სოლომან იცნა იარაღი მისი. ჰკითხა ლეკთა და სცნა სიკვდილი მისი. დიდათ დამძიმდა მეფე სოლომან სმენისა ამისთვის და აუწყა ესე ფაშასა ახალციხისასა. მაშინ ფაშამან შეიპყრნა ლეკნი იგი და მოაშთო ძელთა.

   მსმენელთა დაღისტანსა შინა ლეკთა იწყინეს ესე, რეცა დადებად სისხლისა სამეფოისა სახლისა საქართველოჲსა. სოფლისა მის კაცთა ჰქმნეს აბოხი და სრულიად მოსწყვიტნეს სახლეულნი მათ ლეკთანი, რომელთა მოეკლათ ლეონ” [12, 117-118].  

   ბაგრატის თხზულებიდან კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ბაგრატიონები მთელს კავკასიაში ტრადიციულად ითვლებოდნენ ყველაზე პატივცემული საგვარეულოს წარმომადგენლებად, რომლებზედაც ხელის აღმმართველი სასტიკად ისჯებოდა.

   აღნიშნულის გარდა, ზემოხსენებული ოფიციალური დოკუმენტიდან უაღრესად საყურადღებო ისტორიული ფაქტი ირკვევა. კერძოდ, სრულიად გარკვევით ჩანს, რომ აჯანყებულებმა გრიგოლი მეფედ ქრისტიანული წესით აკურთხეს. სხვა შემთხვევაში, სრულიად გამორიცხული იქნებოდა, რომ მისი სახელი, როგორც კანონიერი მეფისა, ეკლესიებში მოეხსენიებინათ. აქედანვე ირკვევა, რომ გრიგოლი გამოცხადებულ იქნა არა მხოლოდ კახეთის, არამედ ერთიანი ქართლ-კახეთის მეფედ. მართალია, დოკუმენტში იხსენიება სიტყვა “Грузия”, მაგრამ უნდა გავიხსენოთ, რომ იმდროინდელი რუსი ხელისუფალნი ამ ტერმინს მხოლოდ ქართლ-კახეთის სინონიმად იყენებდნენ.

   ახლა, რაც შეეხება იმას, თუ ვის უნდა ეკურთხებინა გრიგოლი მეფედ. მართალია, კათალიკოსი ანტონ II (ამ თანამდებობაზე მოღვაწეობდა 1788-1810 წლებში), ერისკაცობაში თეიმურაზ ერეკლეს ძე (1764-1827), რომელიც იმავდროულად, ალავერდის მიტროპოლიტობასაც ითავსებდა [7, 149], იმხანად რუსეთში იყო გადასახლებული, მაგრამ კახეთში მოღვაწეობდა მიტროპოლიტი იოანე ბოდბელი (მაყაშვილი), რომელიც სრულიად კახეთის სასულიერო წინამძღოლის ფუნქციას ასრულებდა. აქედან გამომდინარე, გამორიცხული არ არის, რომ გრიგოლ იოანეს ძე _ ქართლ-კახეთის მეფედ სწორედ მას ეკურთხებინა. 

   რუსეთის საიმპერიო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობამ კახეთის თავადაზნაურობის გადაბირება სცადა. ისინი აჯანყებაში მონაწილე წარჩინებულებს პატიებას და იმპერატორისაგან დიდი წყალობის ბოძებას დაჰპირდნენ.

   ალ. ფრონელი შენიშნავს, რომ “მეფე გრიგოლს ს. ჩუმლაყთან დიდი უბედურება ეწვია. თავადიშვილებმა უღალატეს და მარკიზის მხარეს გადავიდნენ. ამ სამწუხარო ამბავს ასე მოგვითხრობს მემატიანე: “მაშინ გრიგო-ლიცა, ძე იოანესი, განვიდა ალაზანს და მივიდა ნაუტარს ანწუხელთა ლეკთა თანა, ვინაიდან მას თანა მყოფნი თავადნიცა განივლტენ მისგან და მივიდნენ მარკიზისათანა” [31, 163-164].

   მარტოფის მოურავი, ზემოხსენებული ეშიკ-აღაბაში ნინია, რომელსაც გრიგოლ იოანეს ძემ წერილი მისწერა და დახმარება სთხოვა, რუსთა მხარეზე გადავიდა [8, 194-197].

   რუსთა მიერ ქართველ თავადაზნაურთა მნიშვნელოვანი ნაწილის გადაბირების გამო, კახეთის აჯანყებას მძლავრი საყრდენი გამოეცალა.

   5 მარტს, თიანეთის მახლობლად, აჯანყებულებმა რუსებთან უკანასკნელი ბრძოლა გამართეს. აჯანყებულნი თავდადებით იბრძოდნენ, “ხიშტებს ზედ აწყდებოდნენ, კლდეებზე ცვიოდნენ, თავს იხოცავდნენ და ტყვედ კი არ ბარდებოდნენ” [6, 197]. 

   ალ. ფრონელი დიდი გულისტკივილით შენიშნავს: “სწორედ უხვად აქვს დაბერტყილი უფლის მიერ ქართველის ბუნებას შური, მტრობა, ღალატი. მართლა რომ ეროვნული უბედურობა და ღვთის რისხვაა ძვალსა და რბილში გამჯდარი დაუდგრომელობა და ცვალებადობა ხასიათისა. დღეს რომ ერთგულებას გეფიცება კაცი, ხვალ ურცხვად გღალატობს, მოდი და რაიმე საერთო საზოგადო საქმე გააკეთე და დაამთავრე. ეროვნული დღესასწაული გამართეს, ბატონიშვილი გრიგოლ მეფედ რომ ამოირჩიეს რაღაც ორიოდ-სამიოდე კვირის წინად და საცოდავ მეფეს სულის მოთქმა და მობრუნება არ აცალეს და “ნიჭის” (იგულისხმება რუსთა წყალობა. ნ. ჯ.) მისაღებად უღალატეს” [31, 164].

   დაღესტანში გადასული გრიგოლი მისმა ერთგულმა მთიელებმა დიდი პატივისცემით მიიღეს და ანწუხის თემის მამასახლისის სახლში დააბინავეს [40, 80].  

   ცნობილია, რომ იმხანად, ანწუხის თემის მამასახლისი იყო _ ალი ხანი [50, 78].

   ანწუხელებმა გრიგოლს ურჩიეს, რომ საქართველოში ჩასვლისაგან დროებით თავი შეეკავებინა.

   საისტორიო წყაროს ცნობით, “ზაზა ზურაბიშვილი, ძმა ნინიასი, რომელიცა იყო მეფის ძის ივანეს სახლთუხუცესი და მოსრულიყო მას ჟამსა რუსეთით და იყო მარკიზისა თანა, შეუჩინა ესე გრიგოლსა, რათა მოიყვანოს მარკიზთანა. თუმცაღა ანწუხელთა არა სწადდათ განტევება მისი მით, რამეთუ არიან იგინი ფრიად ერთგულ მეფეთა თვისთა, ვითარცა თუშნი…

   უკუნიქცა მარკიზი ტფილისს და მუნით წარავლინა გრიგოლ პეტერბურხს. მისრული გრიგოლ პეტერბურხს, შეიპყრა იმპერატორმან და პატიმრად წარავლინა ციხესა შინა პეტრე ზაოდისასა და მუნ პატიმარ ჰყვეს წელი ერთი” [31, 173-174].

   ზაზა ანდრონიკაშვილის მიერ თელავში ჩაყვანილი გრიგოლი 17 მარტს რუსეთში გაამგზავრეს [8, 197].

   კახეთის აჯანყების პირველი ეტაპის ჩახშობა რუსებს საკმაოდ ძვირად დაუჯდათ. ოფიციალური მონაცემებით, მათ სულ ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე ბრძოლებში დაეღუპათ 1350 მეომარი, ხოლო 212 _ დაეჭრათ. რუსთა 510 მეომარი კახელებმა ტყვედ ჩაიგდეს. იმავდროულად, აჯანყებულებმა მტერს დიდი მატერიალური ზარალიც მიაყენეს. კერძოდ, მათ დაკარგეს უამრავი ცხენი და დიდძალი სამხედრო ქონება, რითაც რუსეთის იმპერიას მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა [50, 82-84].

   ამასთანავე, აჯაყება ამით მაინც არ ჩამცხრალა და იმავე წლის აპრილიდან მან კახეთში ახალი ძალით იფეთქა. ამ საკითხის შესახებ საუბარს აღარ გავაგრძელებთ, რადგან იგი ჩვენი კვლევის თემას სცილდება, თუმცა საჭიროდ მიგვაჩნია მოვიყვანოთ ხელახლა აჯანყებული კახელებისადმი გრიგოლ იოანეს ძის ბიძის ალექსანდრე ბატონიშვილის მიერ 1812 წლის 16 მაისს გაგზავნილი წერილის ამონარიდი.

   ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის თავდადებით მებრძოლებს უფლისწული აღტაცებით წერდა: “საქართველოს მეფის ძე ალექსანდრე მრავალს ძმურის სიყვარულით აღვსილს მოკითხვას მოვახსენებ… რა ქება მოგიძღვნათ, ანუ რა წყალობა აღგითქვათ, რომელნიც უმაღლესი ღირებულებისა და პატივისა ღირსნი ხართ ესრეთ დაცემული სამეფოს აღმმართველნი და მეფის ირაკლის შვილების მომძიებელნი და იმის თქვენზედა მამაშვილურის პატივისცემისა არაუგულებელს მყოფელნი. აფერუმ თქვენს გულისხმიერებას, ბარაქალა თქვენს კეთი-ლგამორჩევასა და შაბაშ თქვენს ეგეთ სიმხნესა და მამაცობასა!

   რა ვუყო თუ გხადით შვილად. მამაზედ უმეტეს გამოიჩინეთ მოწყალებიანი მომგონებლობა და თუ გიწოდოთ ძმად, არავინ ძმათაგან უყო ძმას ესევითარნი კეთილნი. გარნა თვალნო, რომელ გონება თვალისაგან ნათობს და მეფის ირაკლის ოჯახის ფრთენო ჭეშმარტად, თუმცა ჩვენ შვილნი ვახლდით სანატრელს მეფეს, მაგრამ უმეტესი მამობრივი მოწყალება და სიყვარული თქვენთვის არ მოუკლია; ზოგნი შვილურად, ზოგნი ძმურად და მოხუცებულნი მამობრივის პატივისცემით იზრდებოდით ჩვენს სამეფო პალატში და განსვენებული მეფეც თქვენზე ზრუნვისაგან არ განისვენებდა.

   აწე ძმანო, თქვენ უკეთესი და უმეტესი მაგიერი აღასრულეთ, რომელ იმის დაცემული ოჯახი ერთის სარწმუნოების მტერთა და უცხო თესლთაგან თქვენ სვეტნი ძლიერებისა შეიქმენით და მიზეზნი ჩვენის სამეფოს სახლის აღდგინებისა. მზეებრ თქვენი სახელი ყოველსა ქვეყანასა ზედა მოჰფინეთ და განსვენებული, თქვენ მიერ საყვარელი მეფეც ადიდეთ და იმის შვილებსაც თავისუფლებისა და გიხაროდენის ხმასა გვცემთ. დასაბამითგან ეგ ბატონყმობის სიყვარული არავინ ქმნა, ვითარ თქვენ. ამისათვის ყოველთაგან ქებულნო პატივით და სასურველად საყვარელნო და მეფის ირაკლის მადლითნო პირმშონო შვილნო და ჩვენო უსაყვარლესნო ძმანო, თუმცა წერილით გეხმაურებით, მაგრამ ასე მგონია თქვენში ვზივარ და პირისპირ შემოგფრფენთ და გეხმაურებით” [40, 355].

   საგულისხმოა, რომ თვით საბჭოთა რეჟიმის არსებობის პირობებშიც კი ქართველი მკვლევარები თავიანთ ნაშრომებში არ ფარავდნენ, რომ აჯანყებულებმა გრიგოლი მეფედ გამოაცხადეს. მაგალითად, ამის თაობაზე მიუთითებდნენ ცნობილი მეცნიერები: ნიკო ბერძენიშვილი [6, 444-445], თამარ ლომოური [12, 166], მაქსიმე ბერძნიშვილი [7, 193], აბელ კიკვიძე [22, 25-26], დერმიშა გოგოლაძე [9, 923], ალექსანდრე ბენდიანიშვილი [4, 70], მიხეილ გორგიძე [41, 107] და სხვები.

   ნ. ბერძენიშვილი წერდა: “მეამბოხეებს აქ ხელმძღვანელობდა ბატონიშვილი გრიგოლ იოანეს ძე. გრიგოლ ბატონიშვილი რუსული მმართველობის შემოღების დღიდანვე ქართლში დარჩენილიყო. ეხლა, როცა აჯანყება ავარდა, ეს ბატონიშვილი გამოიყვანეს და “მეფედ” აღიარეს. საშაბუროს გამაგრებულ მეამბოხეთა რაზმთან, რომელსაც იოსებ სიდამონიშვილი სარდლობდა, გრიგოლ ბატონიშვილიც იმყოფებოდა, ხოლო როცა უშაკოვმა აჯანყებულთა ეს ჯგუფი დაამარცხა, ბატონიშვილი კახეთს გადავიდა და აქ აჯანყებას სათავეში ჩაუდგა.

   ეს გარემოება ფრიად საზრუნავი იყო საქართველოს რუსული ხელისუფლებისათვის. ქართველი “მეფის” გამოჩენა ბრძოლის ასპარეზზე აჯანყების საქმის იდეურ თავისმობმას ნიშნავდა და მისი ლიკვიდაციის საქმეს ართულებდა. მართალია, გრიგოლს ნაკლებად იცნობდნენ და ის, უნდოდა თუ არა, ალექსანდრე ბატონიშვილს უპირისპირდებოდა, რომელიც “ქართველობის” აღდგენისათვის ბრძოლის მეთაურობას იჩემებდა.., მაგრამ ასეთ ვითარებაშიც გრიგოლ “მეფე” ყოვლად უსიამოვნო მოვლენა იყო. მის გამოჩენას შეეძლო აჯანყების ლიკვიდაციის საქმის გახანგრძლივება, რაც აგრე სახიფათო იყო რუსული მმართველობისათვის.

   არტილერიის წყალობით, თუმცა საგრძნობი ზარალის ფასად, რუსთა ჯარმა სძლია მეამბოხეებს. გრიგოლ ბატონიშვილი დაღისტანში ანწუხს გაიქცა იმ ავარიელ “ლეკებთან” ერთად, რომელნიც ჯერ ისევ ოც თებერვალს მეამბოხეთა მოწვევით მოვიდნენ და ყარაღაჯის ქართველ მოალყეებთან ერთად ებრძოდნენ აქ შემწყვდეულ რუსთა ჯარის ნაწილებს…

   აჯანყების ლიკვიდაციისათვის მისი მეთაურის ხელში ჩაგდება პირველხარისხოვანი ამოცანა იყო. ანწუხიდან გრიგოლის გამოყვანა იკისრა ზაზა ანდრონიკაშვილმა, ქიზიყელ აჯანყებულთა მეთაურის ნინია ანდრონიკაშვილის ძმამ, გრიგოლის მამის იოანე ბატონიშვილის სახლთუხუცესმა. ზაზას მისია წარმატებით დამთავრდა” [6, 444-446].

   დავით და ბაგრატ ბატონიშვილების თხზულებას დართულ პირთა საძიებელში, რომელიც ამ საისტორიო წყაროს გამომცემელმა თამარ ლომოურმა შეადგინა, შემდეგ განმარტებას ვკითხულობთ: “გრიგოლ, ძე იოანე ბატონიშვილისა… 1812 წ. გამოცხადებულ იქნა აჯანყებული კახელების მიერ მეფედ. ამავე წელს შეიპყრეს რუსებმა და დააპატიმრეს ერთი წლით პეტრაზავოდსკის ციხეში. შეუდგენია ქართულად დღიური ნაპოლეონის ომისა, რომელშიც თვით იღებდა მონაწილეობას” [12, 166].

   მ. ბერძნიშვილი თავის ნაშრომში “მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის” გრიგოლ იოანეს ძის შესახებ სავსებით სწორად შენიშნავდა: “იოანე ბატონიშვილის შვილი, კახეთის აჯანყებისას 1812 წ. საქართველოს მეფედ გამოცხადებული” [7, 193].  

   დ. გოგოლაძე თავის გამოკვლევაში “ბრძოლა ცარიზმის ბატონობის წინააღმდეგ XIX საუკუნის პირველ ოცეულში” წერდა: “აჯანყებულთა ბრძოლას ჩუმლაყთან მეთაურობდა ბატონიშვილი გრიგოლ იოანეს ძე, რომელიც კახელებს ქართლიდან გადმოეყვანათ და “მეფედ” გამოეცხადებიათ” [9, 923].

   ალ. ბენდიანიშვილი თავის ნაშრომში “ეროვნული საკითხი საქართველოში 1801-1921 წლებში” სამართლიანად მიუთითებს: “ისმის კითხვა _ სადაა გამოსავალი, რა საფუძველს უნდა ემყარებოდეს რუსეთ-საქართველოს განუყო-ფელი კავშირი. როგორ უნდა მოხდეს რუსეთ-საქართველოს ინტერესთა შეთანხმება? ამ კითხვაზე ქართველმა ხალხმა აჯანყების მსვლელობაში პრაქტიკული მოქმედებით გასცა პასუხი. ეს პასუხი იყო აჯანყების მეთაურად და საქართველოს მეფედ გრიგოლ იოანეს ძე ბაგრატიონის გამოცხადება.., რამაც ფრიად შეაშფოთა საქართველოს რუსი ხელისუფალნი” [4, 70-71].

   ქართულ-რუსული ურთიერთობების ცნობილი მკვლევარი მ. გორგიძე წერდა: “1812 году стихийно вспыхнуло крестьянское восстание в Кахети, которое было направлено против жестокостей чиновников, а не против России. Скрывавшийся до того царевич Григорий Иоаннович, объявленный своими сторониками царем, воспользовавшись восстанием, вернулся из  Картли и стал во главе восставших.

      Это массовое выступление против колониального и социального гнета, стоившее многих жертв с обеих сторон, закончилось самой жестокой расправой с восставшими. Многие его участники были там же повешены, другие сосланы на каторжные работы в Сибирь. Царевич Григорий Иоаннович, явившийся с изъявлением покорности, был сослан на Север и заключен в Петрозаводскую крепость. Григорий был последний высланный из Грузии представитель грузинского царского  дома. Феодалам, участникам восстания, смягчили наказание, и они вскоре были освобождены” [41, 107].

   საგულისხმოა, რომ ცნობილი რუსი გენეალოგის, ისტორიულ-გენეალოგიური საზოგადოების თავმჯდომარის სტანისლავ დუმინის რედაქციით 1996 წელს მოსკოვში გამოცემულ წიგნში გრიგოლის შესახებ ვკითხულობთ: “В 1812 г., когда в Кахетии вспыхнуло крестьянское восстание, он был своими сторониками провозглашен царем. Вернулся в Грузии, встал во главе восставших. После разгрома его войск правительственными войсками сдался властям и был заключен в Петрозаводскую крепость. Через год помилован и в дальнейшем служил в русской армии. Подполковник” [44, 75].

   გრიგოლ იოანეს ძის დატყვევებისა და ერთწლიანი პატიმრობის შესახებ ალ. ფრონელი ასე მოგვითხრობს: “კახეთის ამბოხებამ სამუდამოდ ბოლო მოუღო ბატონიშვილ გრიგოლსა. ერთი თვით მეფობის გულისთვის თორმეტი თვე პეტრეზავოდის ციხეში ბრძანდებოდა. ანწუხიდან ჩამოიყვანა გრიგოლი ნადვორნი სოვეტნიკმა ზაზა ანდრონიკაშვილმა, ვაჩნაძემ და პაატა ჭავჭავაძემ და წარუდგინეს პაულუჩის.

   გრაფ რუმიანცევს მარკიზი სწერს: რადგან გრიგოლმა ცოდვები მოინანია, ნებაყოფლობით გამოცხადდა ჩემთან და ერთგულობის ფიცი მიიღო და რადგან იმ მეამბოხეთ, ვინც ცოდოს მოინანიებს, პროკლამაციით პატივებას დავპირდი, ამის გამო გრიგოლს ვისტუმრებ პეტერბურგს იმ წესით და უფლებით, როგორც სხვა ბატონიშვილები გამოისტუმრეს რუსეთსაო.

   ყურის საგდებლად და ბოქაულად მიუჩინა გრიგოლს ხერსონის პოლკის ადიუტანტი, პოდპორუჩიკი (შემდგომში გენერალი ნ. ჯ.), თ. ბებუთაშვილი და თარჯიმნად _ პრაპორშჩიკი, თ. ბარათაშვილი. ამ ორმა ქართველმა თავადი-შვილმა წაიყვანა მეფედ ნამყოფი ბატონიშვილი გრიგოლ პეტერბურგს 18 მარტს 1812 წ. ბატონიშვილის გზის ხარ-ჯად და ჭამა-სმისთვის მარკიზმა უბოძა თ. ბებუთაშვილს 1500 მანეთი ასსიგნაციით და 125 მ. ვერცხლი. მოსამზადებლად თვით გრიგოლს ხელში მისცეს 60 მ. ვერცხლი, აგრეთვე 280 მ. ვერცხლი, დღეში ხუთ-ხუთი მ. ან-გარიშზე, ექვს მარტიდან პირველ მაისამდე” [31, 174-175].

   საყურადღებოა, რომ ანწუხში თავშეფარებული გრიგოლი ზ. ანდრონიკაშვილმა მოტყუებით წამოიყვანა. იგი ცდილობდა დაერწმუნებინა გრიგოლი, რომ თუ ბრძოლას დაუყოვნებლივ არ შეწყვეტდა და პაულუჩის არ ჩაბარდებოდა, მაშინ რუსთა ხელთ მყოფ მის მშობლებს სიკვდილით დასჯა არ ასცდებოდათ.

   გრიგოლი და მისი ერთგული თანამებრძოლები ზაზას ნათქვამმა დააეჭვათ. მაშინ ზაზამ გრიგოლს მშობლების გარდაცვალების შესახებ აუწყა, რითაც იგი საბოლოოდ მოტეხა [20, 24].

   სამწუხაროდ, 1812 წლის 31 იანვარს დაწყებული კახეთის სახალხო აჯანყების პირველი ეტაპი, რასაც თებერვალში ქართული სახელმწიფოებრიობის დროებით აღდგენა და გრიგოლ იოანეს ძე ბაგრატიონის გამეფება მოჰყვა, მარტის გასაწყისში რუსთა ჯარმა სისხლში ჩაახშო.  

   ალ. ფრონელის სიტყვებით რომ ვთქვათ, “გრიგოლის გადასახლებით რუსეთს, ბაგრატიონთა გასაგისი ამოვარდა საქართველოში, იმ ბაგრატიონთა, რომელთაც რამდენიმე საუკუნე იმეფეს საქართველოში” [31, 174-175].

   აქვე უნდა ითქვას, რომ ფრონელი გულისხმობდა ქართლ-კახეთის და იმერეთის სამეფო სახლების წევრებს, თორემ ბაგრატიონთა დანარჩენი შტოების წარმომადგენლები, თავადები: ბაგრატიონ-მუხრანბატონიშვილები, ბაგრატიონ-დავითიშვილები და სხვები _ საქართველოში დარჩნენ და რუსეთის იმპერიის მესვეურებს მათი გა-დასახლება არც უფიქრიათ.

 

3. გრიგოლ იოანეს ძის ცხოვრება და მოღვაწეობა რუსეთში

  

   რუსეთის საიმპერიო ხელისუფლებამ გრიგოლი თავდაპირველად ქ. ოლონეცკში გადაასახლა.

   ზემოთ უკვე დავიმოწმეთ ალ. ფრონელის ცნობა, რომ თბილისიდან მგზავრობაში გრიგოლს თან თარჯიმნად ახლდა თავადი ბარათაშვილი [31, 175]. საყურადღებოა, რომ იგი იყო დიდი ქართველი პოეტის ნიკოლოზ ბარათაშვილის მამა _ მელიტონი. მას სურდა, რომ გრიგოლ იოანეს ძესთან ერთად დარჩენილიყო, მაგრამ ამის ნება არ დართეს.

   ამასთან დაკავშირებით რუსეთის სახელისუფლებო პოზიცია ასეთი იყო: “ბატონიშვილს თავისთან ჰყავს ორი მსახური, რომელთაც, ისევე, როგორც თვით ბატონიშვილს, რუსული ენა ესმით. ამასთან, უსამართლობა იქნებოდა უდანაშაულო ბარათოვი ისეთსავე პირობებში ჩაგვეყენებინა, როგორშიაც არის ის, ვინც დანაშაულისათვის იხდის სასჯელს” [7, 193].  

   მალე, გრიგოლი საგუბერნიო ქალაქ პეტროზავოდსკში გადაიყვანეს. მას პოლიციის მეთვალყურეობით ქალაქში სეირნობის ნებაც დართეს [7, 193].  

   ბატონიშვილმა სულიერი თავშესაფარი პოეზიაში ჰპოვა და ლექსების წერას შეუდგა. მისი ლექსები აღსავსეა კაეშნით და მშობლიური მიწის მონატრებით. ერთ მათგანში ვკითხულობთ:

  “ბედკრულსა შემთხვევას შევხვდი მწარესა,
მოვაკლდი ქართლისა ტკბილსა არესა,
სატრფოს, დედასა _ გულ მლმობარესა
აწ ვიგლოვ პყრობილი მყინვართ მხარესა,
ერთგულთა თან ზრდილთა მოყუსად მჲმარესა,
ვსტირ თავსა ჩემსა, ვღვრი ცრემლსა ღვარესა;
ესე სჯობს ვითხრიდე თვით სამარესა.
…ჰსჯობდა მამულისთვის მოკვლა თავისა,
მტრისგან არ მიმეღო ფიცი ზავისა,
ტყვეობით რა ვნახე _ კიდე ავისა?
გმართებს, ყმანო, ჩაცმა ჩემზედ შავისა,
ჰსწუხდეთ, მცხეთის კერძო, სად დამფარესა!
ვსტირ თავსა ჩემსა, ვღვრი ცრემლსა ღვარესა,
ესე სჯობს ვითხრიდე თვით სამარესა” [37].

    რუსეთში იძულებით გადასახლებულ ქართველ მამულიშვილთა უდიდესი გულისტკივილია გამოხატული გრიგოლის ლექსებში, რომლებითაც სხვა ემიგრანტთა ლექსებთან ერთად, ე. წ. გარდამავალი ხანის ლირიკაში საგანგებო თემატიკა შეიქმნა.

   ბაგრატიონთა საერთო სატკივარია გაცხადებული გრიგოლ იოანეს ძის შემდეგ სტრიქონებში:

 “ამისთვის გბრალდეთ, ჩვენთვის გულები
შეიტკივნეთ, ჰსცანთ დაფარულები,
დიდი სასკიპტროს სახლის შვილები,
სად ვიდევნებით დაქსაქსულები” [24, 107-108].
  

   საინტერესოა, რატომ მიუსაჯეს რუსეთში ჩასულ გრიგოლს პეტროზავოდსკში, პატიმრობაში ყოფნა, მაშინ, როდესაც წინა წელს სანკტ-პეტერბურგში ჩაყვანილი მისი ბიძა, რუსეთის წინააღმდეგ მთელი შვიდი წლის (1803-1810) განმავლობაში მებრძოლი სპარსეთის არტილერიის თოფჩიბაში (სარდალი) თეიმურაზ ბატონიშვილი იქ სრულიად თავისუფლად ცხოვრობდა?

   ცნობილია, რომ 1811 წლის 12 იანვარს პეტერბურგში ჩასული თეიმურაზი, სულ ათიოდე დღის შემდეგ, _ 22 იანვარს დიდი პატივისცემით მიიღო თვით ალექსანდრე I-მა. იმპერატორმა იგი _ წმ. ანას I ხარისხის ორდენით, ხოლო მისი მეუღლე _ წმ. ეკატერინეს ორდენით დააჯილდოვა [32, 52].

   ვფიქრობთ, ყოველივე ზემოთქმულის მიზეზი იყო ის ფაქტი, რომ რუსეთის მესვეურებმა თავიანთი იმპერიის ინტერესებისათვის უფრო საზიანოდ მიიჩნიეს გრიგოლის ხანმოკლე მეფობა, ვიდრე მისი ბიძის თეიმურაზ ბატო-ნიშვილის შვიდწლიანი სამსახური რუსეთისადმი მტრულად განწყობილი ქვეყნის _ სპარსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო ხელმძღვანელობაში! 

   პატიმრობაში მყოფი გრიგოლი ერთი წლის შემდეგ გაათავისუფლეს. 1813 წელს იგი ერთად მონაწილეობდა რუსეთის საიმპერიო არმიის საზღვარგარეთულ ლაშქრობაში [45, 10-11].

   მ. გორგიძის ნაშრომში ვკითხულობთ: “Григорий Иоаннович после двенадцатимесячного заключения в крепости был помилован. Дальнейшая его жизнь связана со службой в русской армии в Петербурге и отчасти в Астрахани. Он принимал участие в известном походе 1813 года. Как и многие из членов грузинского царского дома, высланных в Петербург, он тоже отдавал дань литературной деятельности. Так, им описан поход, в котором он сам участвовал («Путешествие из Петербурга в Вильно»). Сохранились в рукописи его стихотворения «Маргиналии», а также переводы с русского языка. Умер Г. И. Баграти-они в чине подполковника в Петербурге в 1830 году, похоронен в Александро-Невской лавре)” [41, 107-108].

   ამ ლაშქრობის შთაბეჭდილებანი გრიგოლმა აღწერა თავის სამოგზაურო ხასიათის თხზულებაში “მოგზაურობა მეფის ძის გრიგოლისა 1815 წ. ნაპალეონის რუსეთზედ მოსვლის დროს”.

   თხზულების შესავალში ავტორი წერს: “ოდესცა ვმსახურობდი რუსეთისა იმპერატორსა ალექსანდრეს რუსეთსა მხედრობასა თანა და შემთხვევისა გამო მოუხდა რუსეთისა ხელმწიფესა ფრანციასთანა აშლა და გალაშქრება 1815 და მეცა, რადგან მუნ ვმსახურობდი და წარმოგვგზავნეს მთლიან ღვარდია ქვეითნი და ცხენოსანი პეტერბრუხით და მე, მეფის ძის ძემ გრიგოლმა, რაიცა ვნახე თვალითა ჩემითა საკვირველი” [5, 117-118].

   საყურადღებოა, რომ გრიგოლი თბილად იხსენიებს პოლონელებს და მათ ქართველებს ადარებს. იგი წერს: “ოდეს შემოვედით პოლშის მამულსა… დაგვხვდნენ აზნაურნი ყოველს სტანციასა ზედა და მიგვიღებდნენ ტკბილისა გულით და გვიმასპინძლდებიან… მცხოვრებნი პოლშისანი არიან ვითარცა ქართველნი _ მოარულნი კაბითა, სარტყელითა და ჩიძლეცვნითა, ესე იგი ჩახჩურებითა და ჩოხა-ბარმითა მოარულნი” [5, 120].

   გრიგოლი ერთხანს ასტრახანში, კაზაკთა პოლკში მსახურობდა, სადაც მატერიალურ გაჭირვებას განიცდიდა [5, 28-29].

   სამხედრო სამსახურიდან გადადგომის შემდეგ, პოდპოლკოვნიკი გრიგოლ იოანეს ძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა სანკტ-პეტერბურგში, სადაც ის ქართული კოლონიის თვალსაჩინო წევრი გახდა. იგი ჩამოყალიბდა, როგორც მწერალი და მწიგნობარი, რომელიც მშობლიურთან ერთად ფლობდა: რუსულ, ფრანგულ, არაბულ, სპა-რსულ და სომხურ ენებს [20, 19].

   გრიგოლის შემოქმედებითი მემკვიდრეობიდან, გარდა ზემოთქმულისა, ასევე აღსანიშნავია, რომ მან ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო ქართული ზეპირსიტყვიერების ნიმუშების სისტემატური შეკრება. 1819 წლისათვის მან შეადგინა “ანთოლოგია”, რომელშიც შეიტანა ბესიკის, საიათნოვას, ჭაბუა ორბელიანის, გლახა მნათიშვილისა და სხვათა ლექსები, აგრეთვე მცირე ზომის ფოლკორული ნაწარმოებები [34, 319; 35]. მის კალამს ეკუთვნის ეპიკური ნაწარმოები _ “საქართველოს ცხოვრება” [7, 194].

   თავისი მამის სახლთუხუცესის ზაზა ანდრონიკაშვილის ღალატი გრიგოლმა სიკვდილამდე ვერ დაივიწყა. სწორედ ამის გამო, მან რუსეთში ცხოვრების პერიოდში დაწერილ ერთ-ერთ ლექსში ზაზა მწარედ გაკილა. ამ ლექსში ვკითხულობთ:

   “კამბეჩოვანსა აღზრდილმან ზაქმან ზაზამან წყეულმან,
პატრონის ორგულობაზედ სანიადაგოდ ჩვეულმან,
იუდას მსგავსად ვერცხლისა მოყვარებითა ძლეულმან,
ანგაარებით დანთქმულმან, კერპთმსახურებით სნეულმან.
ჩემის შეპყრობით ჯილდოსა მიელის ზაზა ვიცია,
მაგრა ეკითხვის უთუოდ ეგზომ სიცრუით ფიცია,
ზესთა მსაჯული ყოველთად მწამს მოსამართლე მტკიცია,
ვერარა ირგოს მხტომელმან, დარჩეს, ვით ურა კვიცია!”   [20, 25].

   გრიგოლი დაჯილდოებული იყო იუმორის გრძნობით, რაც მის ნაწერებსაც ეტყობა. მაგალითად, ერთ-ერთ მათგანში ვკითხულობთ: “პეტერბურხში მეფის ძის დავითის სახლში ვართ სამეფოს სახლის შვილები ერთად შეყრილნი და სადილათ დავსხედით. დიდად შევექეცით. ჩამოვარდა საქართველოზედ ამბავი და კურთხეულმა დავით ბატონიშვილმა ბძა[ნა]: “ნეტავ ასი ათასი სვიმონ ბებურიშვილისთანა (იგულისხმება 1812 წლის კახეთის აჯანყების ერთ-ერთი მეთაური, ბრძოლაში გმირულად დაღუპული თავადი სვიმონ ვაჩნაძე. ნ. ჯ.) კაცი მომცა და უცებ დამაგდო ჩვენ ქალაქშიო”.

   მე, ბატონისშვილმა გრიგოლმა გავიცინე და მოვახსენე: “ბატონო, ბებურიშვილი სვიმონ რა საჭირო არის მეთქი. აი, ეს ბიძათქვენი მირიან და თქვენი ძმა ბაგრატ, რომ ერთ ალაგს იყვნენ, ჯარი რაღა საჭირო არის მეთქი”.

   განსვენებულმა იმოდენა იცინა, რომ იძახდა: ვაÁ მუცელიო!” [20, 33].

   რუსეთში მცხოვრები გრიგოლი ბოლომდე ქართველ მამულიშვილად დარჩა. თავის შემოქმედებაში იგი დაუნდობლად კილავდა იმ ქართველებს, რომლებიც ცდილობდნენ რუსებს დამსგავსებოდნენ. კერძოდ, რუსეთის ოფიცერი, “შარფ-სერთუკში” გამოწყობილი იოსებ გაბაშვილი გრიგოლმა ასე გაკენწლა:

     “არ შეგშვენის რუსობა, ანუ რისთვის ჰქენია,
სჯობდა ისევ გვარისებრ ტივად გეკრა ხენია,
არ გიხდება სერთუკი, თვალთა ცრემლი მდენია,
სჯობს ისევ მამა-პაპათ მოიგონო ზნენია” [5, 126].

   გრიგოლის შემოქმედების შესახებ საუბარს აღარ გავაგრძელებთ, ვინაიდან იგი სათანადოდ არის შესწავლილი ფილოლოგთა მიერ. კერძოდ, აღნიშნულ საკითხს მიეძღვნა ლიანა კეკელიძის სტატია [20, 16-34] და ნაირა ბეპიევის მონოგრაფია [5].

   1824 წლის დასაწყისში გრიგოლს თბილისში ჩამოსვლის ნება დართეს. თბილისში ჩამოსულს ბიძამ _ გრიგოლ წერეთელმა თავისი გარდაცვლილი დის (გრიგოლის დედის) _ ქეთევან წერეთლის (1772-1824) პირადი ნივთები გა-დასცა.

   იმავე წლის 17 იანვარს შედგენილი ნივთების ვრცელი ნუსხის დასასრულს ვკითხულობთ: “ეს ზემოხსენებულნი ნივთნი მივიღე ბიძის ჩემის გრიგოლ წერეთლისაგან და მე, მეფის ძის ძე გრიგოლ, პოდპოლკოვნიკი, ხელს ვაწერ წელსა 1824, იანურის 17”.

   აღნიშნული ნივთების გადაცემა ხელმოწერით დაადასტურა სახელმწიფო მრჩეველმა, თავადმა ელიაზარ ფალავანდიშვილმა [23, 478-480].

   20 იანვარს შედგა ქეთევან წერეთლის პირადი ნივთების დამატებითი ნუსხაც, რომელიც გრიგოლ ბაგრატიონმა კვლავ ხელმოწერით დაადასტურა [23, 480-481].

   სიცოცხლის ბოლო წლებში გრიგოლი თავს შეუძლოდ გრძნობდა. იგი მატერიალურ გაჭირვებასაც განიცდიდა [5, 30-31].  

   1830 წლის 22 სექტემბერს, პეტერბურგში მყოფი გ. ბაგრატიონი 41 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი დაკრძალულია წმ. ალექსანდრე ნეველის ლავრაში. მოგვიანებით, მის გვერდით მისი მეუღლეც დაკრძალეს. იქვეა დაკრძალული გრიგოლის მამაც _ იოანე ბატონიშვილი.

 

4. გრიგოლ იოანეს ძის ცოლ-შვილი

   1824 წელს გრიგოლ იოანეს ძე ბაგრატიონმა ცოლად შეირთო ბარბარე (ვარვარა) თევდორეს ასული ბუკრინსკაია (1810-1875), რომელიც 1810 წლის 10 დეკემბერს, თბილისში დაიბადა.

   საგულისხმოა, რომ პოლონური წარმომავლობის წარჩინებულების _ ბუკრინსკების ოჯახს საქართველოსთან და მის დედაქალაქთან ბევრი რამ აკავშირებდა. კერძოდ, ოჯახის უფროსი _ თევდორე ბუკრინსკი თბილისში ჯერ კიდევ სტუდენტობისას, 1804 წელს ჩამოვიდა [39, 199].

   სახელმწიფო მრჩეველი თ. ბუკრინსკი თბილისის კეთილშობილთა სასწავლებლის დირექტორად 1826 წლის 1 თებერვლამდე მსახურობდა [7, 193-196].

   თავისი დაქორწინების შესახებ გრიგოლ იოანეს ძე ასე იუწყებოდა: “ვიყავ ათას რვაას ოცდაოთხში საქართველოში… ამავე წელს ჯვარი დავიწერე დირექტორის ქალზე, რომელსა სახელად ეწოდების ბარბარე. ტფილისში დავიწერე ჯვარი გარეთუბანს, ეფრემ მღვდელმა დამწერა ჯვარი სამების საყდარში იანვრის 21-ს, წელსა 1824, ამავე წელს, დეკემბრის 28 მამც(ა) ღმერთმან ძე დავით” [5, 26-27].  

   დავით გრიგოლის ძე უშვილოდ გადაეგო. მისი გარდაცვალების თარიღი უცნობია.

   გრიგოლს და ბარბარეს დავითის შემდეგ კიდევ სამი შვილი შეეძინათ: იოანე (1826-1880), ქეთევანი (1828-1891) და ეკატერინე (1830-1917).

   მეორე ვაჟის _ იოანეს დაბადების შესახებ გრიგოლი წერდა: “იოანე დაიბადა წელსა 1826, თიბათვის 24 დღესა, ორშაბათს, ღამის 12 საათზე, ნათლისმცემლის დღესა, იმისმა მადლმა გაზარდოს, ამინ” [5, 27].  

   რუსეთის სენატის გადაწყვეტილებით, 1833 წლიდან ერეკლე II-ის და გიორგი XII-ის ყველა შთამომავალს მიენიჭა “თავად გრუზინსკის” წოდება, რომელიც 1865 წლიდან ჩამოყალიბდა როგორც “უგანათლებულესი თავადი გრუზინსკი” [44, 71].

   გრიგოლ იოანეს ძის გარდაცვალების (1830) გამო, მისი შვილები უმწეო მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. მათ თავიანთი ნათესავები შეძლებისდაგვარად ეხმარებოდნენ. ობლებს მცირეოდენი მემკვიდრეობაც ერგოთ.

   1838 წლით დათარიღებულ ერთ-ერთ ხელნაწერში ვკითხულობთ: “ჩვენ, მეფის გიორგის ძეთა, მეფის ძე ბაგრატს, თეიმურაზს, მიხაილს, ილიას, ოქროპირს, ირაკლის და ჩვენი ძმის იოვანეს შვილიშვილებს, გრიგოლის ობლებს, დაგვრჩა ჩვენი საკუთარი მამული და მემკვიდრეობით თავის საყოფელი ქარვანსრა, საქართველოში, ტფილისის ქალაქში, მახლობელი სიონის სობორისა მდგომარე” [5, 31].

   ქეთევან გრიგოლის ასული გრუზინსკაია (1828-1891) ცოლად გაჰყვა რუსეთის საიმპერიო არმიის გენერალ-მაიორს, თავად მიხეილ ლუარსაბის ძე სუმბათაშვილს (1822-1886). მათ შვიდი შვილი შეეძინათ [47, 202-203].

   ეკატერინე გრიგოლის ასული გრუზინსკაია (1830-1917), რუსეთის დედოფლის სეფე-ქალი (ფრეილინა) იყო. დედოფლის გარდაცვალების შემდეგ, იგი იტალიაში ცხოვრობდა [14, 1].

   რუსეთის ხაზინა, სხვა ქართველ ბატონიშვილთა შთამომავლების მსგავსად, პენსიას იოანესაც აძლევდა. 1859 წლიდან მათ პენსია შეუწყვიტეს და ერთდროული თანხა მისცეს.

   ხაზინამ იოანე გრუზინსკის _ 286.165 რუბლი და 35 კაპიკი გამოუყო. საგულისხმოა, რომ ეს თანხა იოანეს ბიძაშვილებისათვის გადაცემულ თანხას მნიშვნელოვნად აღემატებოდა. კერძოდ, ბაგრატ ბატონიშვილის ვაჟებს დავითსა და ალექსანდრეს გადაეცათ _ 147.905 რუბლი და 16 კაპიკი, ილია ბატონიშვილის ვაჟებს გრიგოლსა და ნიკოლოზს _ 169.868 რუბლი და 91 კაპიკი ხოლო ოქროპირ ბატონიშვილის შვილებს გიორგის და პავლეს _ 153.791 რუბლი და 42 კაპიკი (თითოეულს) [10, 420].

   ვფიქრობთ, იოანეს სხვებთან შედარებით დიდი რაოდენობის პენსია იმიტომ დაუნიშნეს, რომ იგი, თავისი მამისა და პაპის გარდაცვალების შემდეგ, ითვლებოდა უგანათლებულესი თავადი გრუზინსკების გვარის ანუ ფაქტობრივად _ ქართლ-კახეთის სამეფო სახლის მეთაურად.

   ამასთან დაკავშირებით საყურადღებო ცნობას გვაწვდის ს. დუმინი, რომელიც იოანე გრიგოლის შესახებ წერს: “Иван Григорьевич (24. 06. 1826 – 15. 09. 1880), Глава Кахетинского Царского Дома (1830-1880)” [44, 76].

   1847 წელს იოანე გრიგოლის ძემ პაჟთა კორპუსი გრაფ პ. შუვალოვთან და ტიმაშევთან ერთად დაამთავრა [14, 1].

   კამერ-პაჟი ი. გრუზინსკი ჩაირიცხა კავალერგარდის პოლკში, რომელშიც ერთ წელიწადს მსახურობდა. ამის შე-მდეგ მან სამხედრო სამსახურს თავი დაანება.  

   უცხოეთში ყოფნისას ი. გრუზინსკი დაუახლოვდა ცნობილ რუს მწერალს, პუბლიცისტს, ფილოსოფოსსა და რევოლუციურ მოღვაწეს ალექსანდრე ივანეს ძე გერცენს (1812-1870).

   არსებობს ცნობა, რომ ა. გერცენისა და ნ. ოგარიოვის ხელმძღვანელობით, ემიგრაციაში (ლონდონი, ჟენევა) გამომავალ გაზეთში “კოლოკოლი” იოანე გრუზინსკიმ 1865 წელს გამოაქვეყნა სტატიები: “Из Тифлиса” და “Из Грузии”. ასევე ვარაუდობენ, რომ ი. გრუზინსკის ამ გაზეთის გამოცემაში მატერიალური წვლილიც შეჰქონდა [44, 76].

   საგულისხმოა, რომ ჟენევაში ვილის შეძენაში ი. გრუზინსკის ა. გერცენი დაეხმარა [5, 27-28]. 

   ი. გრუზინსკი ცნობილი იყო, როგორც ქართული ლიტერატურის, მხატვრული ჭედურობისა და ისტორიულ რელიქვიათა შემგროვებელი.

   ალექსანდრე ცაგარელი შენიშნავდა, რომ ი. გრუზინსკის ძალიან უყვარდა ქართული ხელნაწერებისა და მხატვ-რული ძეგლების მდიდარი ფონდი, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო და თვითონაც მნიშვნელოვნად შეავსო [55, XI].

   თავის თანამედროვეთა ცნობით, ი. გრუზინსკი “იყო კარგი მოლაპარაკე და პეტერბურღში ერთადერთი შემკრები ქართული ძველი ნაშთებისა და ღირს-შესამჩნევ ნივთთა, ასე რომ მისი სახლი შეადგენდა ქართულს ძვირფასს მუზეუმს. იმის ბიბლიოთეკაში იყო ბევრი ძველნი სხვადასხვანაირი მეფის სიგელნი და ნივთები და სხვათა შორის, ბრილიანტის საათი ერეკლე მეფისა, პავლე იმპერატორისაგან ნაჩუქარი.

   წიგნთა შორის განსაკუთრებითი ყურადღების ღირსნია ძნელად საშოვნნი სახარების ეგზემპლიარები და სხვა საეკლესიო წიგნები, რომელიც უცხოდ არიან შემკულნი ვარაყებით და სხვ.

   გარდა ამისა, იმას ჰქონდა სურათები ქართველთ მეფეებისა და მათი სახლობებისა” [14, 1].  

   არსებობს ცნობა, რომ ი. გრუზინსკისთან ინახებოდა თავისი ბიძის, თეიმურაზ ბატონიშვილის მიერ დაწერილი ცნობილი საისტორიო თხზულების მეორე, დაუსტამბავი ნაწილი [14, 1].   

   1850 წლის 15 სექტემბერს ი. გრუზინსკიმ ცოლად შეირთო გრაფინია ეკატერინე პავლეს ასული პალენი. მათ შვილები არ შესძენიათ [1, ნუსხა # 6].

   აღსანიშნავია, რომ გერმანული წარმომავლობის ბარონების _ პალენების საგვარეულომ რუსეთის იმპერიაში დიდ წარმატებას მიაღწია. ამ გვარის წარმომადგენელთა ერთ ნაწილს რუსეთის იმპერატორებმა გრაფის ტიტული მიანიჭეს და სახელმწიფოს ხელისუფლების სათავისაკენ ფართო გზა გაუხსნეს.

   ი. გრუზინსკის სიმამრი იყო კავალერიის გენერალი, გრაფი პავლე პეტრეს ძე ფონ დერ პალენი (1775-1834), _ შვილი ასევე კავალერიის გენერლისა, წმ. მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ორდენის კავალრისა, გრაფ პეტრე ალექსის ძე ფონ დერ პალენისა (1745-1826), რომელსაც იმპერატორმა პავლე I-მა 1799 წელს რუსეთის შთამომავლობითი გრაფის ტიტული მიანიჭა.

   ასევე გავლენიანი პიროვნებები იყვნენ ი. გრუზინსკის სიმამრის ძმები: კავალერიის გენერალი, გენერალ-ადიუტანტი, გრაფი პეტრე პეტრეს ძე ფონ დერ პალენი (1778-1864) და რუსეთის სახელმწიფო საბჭოს წევრი, საიდუმლო მრჩეველი, გრაფი თევდორე პეტრეს ძე ფონ დერ პალენი (1780-1863) [54, 201-205].

   ამავე გვარის წარმომადგენლები იყვნენ: რუსეთის იუსტიციის მინისტრი, სახელმწიფო საბჭოს წევრი, კარის ობერ-კამერჰერი, ნამდვილი საიდუმლო მრჩეველი, წმ. მოციქულ ანდრია პირველწოდებულის ორდენის კავალერი, გრაფი კონსტანტინე ივანეს ძე ფონ დერ პალენი (1830-1912) [58, 546-549] და კავალერიის გენერალი, გენერალ-ადიუტანტი, ბარონი მათე ივანეს ძე ფონ დერ პალენი (1779-1863) [54, 201].

   ი. გრუზინსკის ქვისლები იყვნენ: თავადი გიორგი გრიგოლის ძე დადიან-მინგრელსკი და გენერალ-მაიორი არკადი ადრიანეს ძე ბოლდირევი [54, 202].

   უგანათლებულესი თავადი ი. გრუზინსკი _ გამბედავი, მხიარული და გართობის მოყვარული ადამიანი იყო. მას ახლობელ-მეგობართა ფართო და გავლენიანი წრე გააჩნდა.

   იოანეს, თავისი ერთ-ერთი თანამედროვის შეფასებით, “ბევრი კარგი ზნე სჭირდა… ნათესავებისათვის არაფერს იშურებდა და რითაც შეიძლებოდა, ხელს უმართავდა. გარდა ამისა, ვინც კი საქართველოდგან აქ მოვიდოდა, ცდილობდა ყოველისფრით პატივი ეცა. ბევრჯელ ვყოფილვარ მოწამეთ, ღარიბ და საწყალ ქართველ სტუდენტებისათვის ხელი გაუმართავს” [15, 3].  

   ი. გრუზინსკი სანკტ-პეტერბურგში არსებული ინგლისური კლუბის წევრი იყო.

   იმამ შამილის დატყვევებისა და კავკასიის დაპყრობის დასრულების შემდეგ (1859 წ.), სანკტ-პეტერბურგს ეწვია ამ რეგიონის მეფისნაცვალი, გენერალ-ფელდმარშალი, თავადი ალექსანდრე ივანეს ძე ბარიატინსკი (1810-1879), რო-მელსაც, როგორც ტრიუმფატორს, დედაქალაქის ელიტა დიდებულად დახვდა.

   სარდლის პატივსაცემად ბანკეტი ინგლისურმა კლუბმაც მოაწყო. მას, როგორც კლუბის წევრი, ი. გრუზინსკიც დაესწრო.

   ამ ბანკეტის შესახებ საყურადღებო ცნობაა დაცული რუსი თავადის დიმიტრი დიმიტრის ძე ობოლენსკის მოგონებებში, რომელშიც ვკითხულობთ: “სადილზე იყო თავადი ივანე გრუზინსკი, სინამდვილეში ქართველი ბატონიშვილი, კავკასიის მფლობელთა შთამომავალი, მთელი პეტერბურგისათვის ცნობილი ბონ-ვივანი, რომელსაც მეტსახელად “ცარ-ივანს” ეძახდნენ.

   სადილზე ბევრი სადღეგრძელო წარმოითქვა. ბოლოს, ბარიატინსკის სიტყვით მიმართა ცნობილმა ნ. ი. გრეჩმა, რომლის სიტყვაც გრძელი და მოსაწყენი იყო. მას საუბარი შეაწყვეტინა გრუზინსკიმ და ბარიატინსკის შესახებ აღნიშნა, რომ მან გაიმარჯვა არა რუსული იარაღის ძალით, არამედ პირადი მომხიბვლელობით, გონიერებით, დიდ-სულოვნებითა და სიმართლით.

   თავის მხრივ, გრეჩმაც შეაწყვეტინა გრუზინსკის:

   _ “ნება მიბოძეთ, დავამთავრო!”

   “ცარ ივანმა” იგი ხელის მბრძანებლური ჟესტით შეაჩერა და დამსწრე საზოგადოების გასაგონად, ხმამაღლა განაცხადა:

   _ “როდესაც არწივები ლაპარაკობენ, ფუტკრები არ უნდა ბზუოდნენ” [52, 241].

   1868 წელს ჟურნალ “ცისკარში” გამოქვეყნდა პ. იოსელიანის წერილი სახელწოდებით: “მათს უგანათლებულესობას, მეფისა გიორგი მეათცამეტისა ძის იოანეს ძის-ძეს იოანე გრიგორის ძეს, გრუზინსკის” [18, 5-9].

   პ. იოსელიანი შენიშნავდა, რომ ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII-ის შესახებ წიგნზე მუშაობისას, საჭირო ცნობებს აგროვებდა მისი ძმებისა და შთამომავლებისაგან, ასევე უახლოესი ნათესავებისაგან, რომლებთანაც მას საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობები აკავშირებდა. მისი თქმით, ქართლ-კახეთის მრავალრიცხოვანი სამეფო ოჯახის წევრებს თავი გადასახლებაშიც დიდად ღირსეულად ეჭირათ [18, 6-8].

   თავისი წერილის დასასრულს პ. იოსელიანი იოანე გრუზინსკის ასე მიმართავდა: “მეფე გიორგი მეათცამეტე იყო პაპისა თქვენისა მამა; ამისთვის, თქუენ, ვითარცა უფროსსა, პირმშოსა სახლისა მისისა შთამომავალსა და მემკვიდრესა, _ გიძღვნი ცხოვრებასა ამას მისსა. უგანათლებულესობისა თქვენისა ერთგული და მორჩილი პლატონ ეგნატის ძე იოსელიანი” [18, 9].    

   1880 წელს ი. გრუზინსკიმ მასთან დაცული ხელნაწერები სანკტ-პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკას გადასცა [5, 28].

   იმავე წლის 15 სექტემბერს, სანკტ-პეტერბურგში მყოფი იოანე გრიგოლის ძე გრუზინსკი _ 54 წლის ასაკში გა-რდაიცვალა.

   გაზეთი “დროება”, რუსულ გაზეთში “Русский курьер” გამოქვეყნებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, წერდა: “ჩვენ გვაცნობებენ პეტერბურღიდამ, რომ ღამით 15 ენკენისთვეს იქ გარდაცვლილა იოანე გრიგოლის ძე გრუზინსკი, შვილის-შვილი მეფის ძის იოანე გრიგოლის ძისა, რომელმაც შეადგინა ქართული ლექსიკონი. ეს ლექსიკონი, სანამ ჩუბინაშვილის ლექსიკონი გამოვიდოდა, დიდი ხანი ერთად-ერთი მასალა იყო მეცნიერ ორიენტალისტებისათვის: ჩუბინაშვილის, ბროსესი და სხვ.

   …განსვენებულს იოანეს, როგორც გვაცნობებენ, ჰქონია მეორე ნაწილი თეიმურაზის “საქართველოს ისტორიისა”, რომლის პირველი ნაწილი ორჯერ არის დაბეჭდილი.

   ძალიან კარგს იზამენ მისი მემკვიდრენი, რომ იმის მართლაც მდიდარს ბიბლიოთეკას ჩვენს “წერა-კითხვის საზოგადოებასთან” დაარსებულს ბიბლიოთეკას შესწირავდნენ და მანამ კი ზემოხსენებულს “ისტორიას” მაინც გადმოგვცემდნენ” [14, 1].

   ი. გრუზინსკის გარდაცვალებიდან მეორმოცე დღეს სანკტ-პეტერბურგში აღავლინეს მისი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი, რომელსაც დაესწრნენ: განსვენებულის და ქეთევან გრიგოლის ასული გრუზინსკაია-სუმბათაშვილისა, ბარბარე ორბელიანისა, გიორგი და ილია ბატონიშვილები და სხვ.

   1880 წლის 7 ნოემბერს, გაზეთ “დროებაში” “დროებითი პეტერბურღელის” ფსევდონიმით გამოქვეყნდა წერილი სათაურით _ “რუსეთი. პეტერბურღი, 26 ოქტომბერი”, რომელშიც ვკითხულობთ: “სწორეთ ამ დღეს, პეტერბურღში დანიშნული იყო წირვა და პანაშვიდი განსვენებული თავადი ივანე ბატონიშვილისა, რადგან იმ დღეს სწორედ ორმოცი შესრულდა იმისი გარდაცვალების შემდეგ. ბნელი და საძაგელი ამინდის გამო, ხალხი ბევრი არ იყო; მაგრამ ვინც პეტერბურღში ბატონიშვილის გვარისანი არიან, ყველანი იყვნენ…

   ერთი შეწუხებულთაგანი ხალხში იდგა _ საწყალი, თვალცრემლიანი, სიბერისაგან მოკაკული სვიმონ ტაბიძე. ეს სვიმონ ტაბიძე იყო პირველი ამწყობი იმ წიგნებისა, რომელიც პირველათ პეტერბურგში დაიბეჭდა დ. ჩუბინოვისა და განსვენებულის ბროსეს შემწეობით. მას მწუხარე სახეზე ეტყობოდა, რომ თ. ივანე ბატონიშვილის დაკარგვა იყო იმისათვის რამდენიმე ლუკმის დაკარგვა, მერმე ამისთანა შიმშილობაში… ამ ბოლოს დროს, განსვენებულმა ძრიელ მიჰყო შრომას ხელი. ის მსახურობდა აქაურ დუმაში და რამდენსამე კომისიაში წევრათ იყო ამორჩეული. ბევრჯელ მეტყოდა ხოლმე განსვენებული: “ესე შრომით აღებულ ჯამაგირს უფრო დიდი სიტკბოება აქვს, ვიდრე უწინდელ ათას და ათი ათას თუმნობით ადვილათ ნაშოვნს და ისევ მალე გამქრალს ფულსაო. მე რომ თავდაპირველათ ამგვარი შრომული ცხოვრება მქონოდა, ბედნიერი კაცი ვიქნებოდიო”.

   …დიდი ღირსება ჰქონდა განსვენებულსა: რასაც კი დაგპირდებოდა ან რაზეც სიტყვას მოგცემდა, უთუოდ აგისრულებდა კიდეცა. ეს ღირსება, როგორც მოგეხსენებათ, ძალიან ძვირია ჩვენში. ის კი არ იციან, რომ ამაზედ არის დამყარებული ერთი პირობა ჩვენი ეკონომიური ცხოვრების გაუმჯობესებისა, ესე იგი ნდობა. მაშ გთხოვ, ჩემო კარგო მკითხველო, ვისურვოთ განსვენებულისათვის დიდება და პატივი” [15, 2-3].

   ამრიგად, უგანათლებულესი თავადი იოანე გრიგოლის ძე გრუზინსკი (1826-1880) _ ქართლ-კახეთის სამეფო სახლის ფაქტობრივი მეთაური იყო. ვინაიდან ის და მისი ძმაც უშვილძიროდ გადაეგნენ, მათი გარდაცვალების შემდეგ, ეს არაოფიციალური ტიტული მისი პაპის _ იოანე ბატონიშვილის მომდევნო ძმის _ ბაგრატ ბატონიშვილის შთამომავლობაზე გადავიდა.

   აქვე დავსძენთ, რომ დღეისათვის, ბაგრატ ბატონიშვილის ერთადერთი პირდაპირი შთამომავალია (მამაკაცთა ხაზით) _ ნუგზარ პეტრეს ძე ბაგრატიონი-გრუზინსკი (დაბ. 1950 წ.).

 

5. ბოლო ბაგრატოვანი ხელმწიფე საქართველოში

  

   საინტერესოა, რამდენ ხანს გასტანა საქართველოში ბოლო ბაგრატოვანი ხელმწიფის _ გრიგოლის მეფობამ?

   ზემოთ უკვე დავიმოწმეთ ალ. ფრონელის წიგნში ორ სხვადასხვა ადგილზე მოყვანილი ცნობა, რომელთა მიხედვითაც გრიგოლი დაახლოებით ერთ თვეს მეფობდა. კერძოდ, ერთგან აღნიშნულია, რომ აჯანყებულებმა “ეროვნული დღესასწაული გამართეს, ბატონიშვილი გრიგოლ მეფედ რომ ამოირჩიეს რაღაც ორიოდ-სამიოდე კვირის წინად და საცოდავ მეფეს სულის მოთქმა და მობრუნება არ აცალეს… უღალატეს” [31, 164], ხოლო მეორეგან ვკითხულობთ, რომ გრიგოლი “ერთი თვით მეფობის გულისთვის თორმეტი თვე პეტრეზავოდის ციხეში ბრძანდებოდა” [31, 174].

   ალ. ფრონელის ნაშრომზე დაყრდნობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ გრიგოლის გამეფება კახეთში და-ახლოებით _ 1812 წლის თებერვლის შუა რიცხვებში უნდა მომხდარიყო.

   ო. მარკოვას ნაშრომში ვკითხულობთ: “Около 20 февраля царевич Григорий перебрался из Картлии в Кахетию” [50, 70]. 

   პაულუჩის ზემოხსენებულ პატაკში დაცული ცნობის თანახმად, გრიგოლი მეფედ აკურთხეს და ეკლესიებში იხსენიებდნენ, როგორც ქართლ-კახეთის კანონიერ გვირგვინოსანს [40, 63]. ამის თაობაზე ალ. ფრონელიც აღნიშნავს [31, 117].  

   ო. მარკოვას ცნობით, ანწუხში გადასული გრიგოლი 6 მარტს თელავში ჩაიყვანეს და პაულუჩის წარუდგინეს [50, 78].

   აღნიშნულ ცნობებზე დაყრდნობით გამოდის, რომ გრიგოლს 1812 წლის 20 თებერვლიდან _ 6 მარტამდე ანუ ნახევარ თვეზე ოდნავ მეტხანს უმეფია, ხოლო ამ ხანმოკლე პერიოდში ის მეფედაც უკურთხებიათ. ეს სრულიად საკმარისია, რომ იგი უკანასკნელ ქართველ გვირგვინოსნად მივიჩნიოთ.

   აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მსოფლიო ისტორიიდან ცნობილია შემთხვევები, როდესაც გაცილებით მცირე ხნის მეფობისათვის ესა თუ ის პიროვნება მეფედ არის მიჩნეული და მას მიკუთვნებული აქვს თავისი რიგითი ნომერი. ამის დასადასტურებლად რამდენიმე ისტორიულ ფაქტს გავიხსენებთ.

   1908 წლის 1 თებერვალს, ლისაბონის ერთ-ერთ ქუჩაში, პორტუგალიის მეფესა (ბრაგანის დინასტიის საქს-კო-ბურგგოთას განშტოების წარმომადგენელზე) და მის უფროს ვაჟზე თავდასხმა განხორციელდა. ამ ტერორისტული აქტის შედეგად, საძილე არტერიაში მოხვედრილი ტყვიით დაიღუპა მეფე კარლუშ I (მეფობდა 1889-1908 წლებში), ხოლო მისი ვაჟი, სამეფო ტახტის მემკვიდრე ლუიშ ფილიპი სასიკვდილოდ დაიჭრა. სულ ოციოდე წუთში უფლისწულიც გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, პორტუგალიის ისტორიაში იგი მაინც დაფიქსირებულია, როგორც ქვეყნის კანონიერი მეფე _ ლუიშ II [16, 288].

   ლუიშ II-ის გარდაცვალების შემდეგ, პორტუგალიაში გამეფდა მისი უმცროსი ძმა _ მანუელ II, რომელიც 1910 წლამდე ანუ რევოლუციამდე მეფობდა [53, 305].

   ინგლისის მონარქის, ტიუდორთა დინასტიის წარმომადგენლის _ ედუარდ VI-ის (მეფობდა 1547-1553 წლებში) გარდაცვალების შემდეგ, ქვეყანას სულ 9 დღის განმავლობაში მართავდა ლედი ჯეინ გრეი. ამის მიუხედავად, იგი ისტორიაში ცნობილია როგორც კანონიერი მონარქი, რომელსაც ინგლისის მეფეთა ქრონოლოგიურ ნუსხაში თავისი კუთვნილი ადგილი უკავია _ ედუარდ VI-სა და მარია I “სისხლიანს” შორის [53, 312].   

   1936 წელს დიდი ბრიტანეთის მეფე გახდა ახლადგარდაცვლილი მეფის, უინძორთა დინასტიის წარმომადგენლის ჯორჯ V-ის (მეფობდა 1910-1936 წლებში) უფროსი ვაჟი და ტახტის მემკვიდრე _ ედუარდ VIII (1894-1972). იმავე წელს იგი გადადგა და ტახტი დაუთმო თავის უმცროს ძმას ჯორჯ VI-ს (მეფობდა 1936-1952 წლებში), ხოლო თავად უინძორის ჰერცოგის ტიტულს დასჯერდა.

   საინტერესოა, რა იყო მეფის ასეთი საქციელის მიზეზი?

   ამ ფაქტის შესახებ მოთხრობილია ცნობილი ქართველი მეცნიერის მიხეილ კვესელავას ნაშრომში “ას ერგასის დღე”, რომელშიც ვკითხულობთ: “ედუარდ VIII სახელმწიფო საქმეზე უფრო ნადიმებითა და უცხოეთში ხეტიალით იყო გართული. არც სამეფო ტრადიციებს სცემდა პატივს. არა ერთი და ორი ქვეყნის პრინცესა ოცნებობდა გადედოფლებაზე, მაგრამ გვირგვინოსან დონ-ჟუანს თვალი სხვაგან ეჭირა. იგი გადაეკიდა არცთუ ისე პირმშვენიერსა და თანაც ორგზის ნაქმარევ ამერიკელ კეკლუცს უელი სიმპსონს, რომელსაც რქების მაგივრად თავზე გვირგვინის დადგმა მოუნდომა, მაგრამ სასახლის არისტოკრატია და თვით დედა ედუარდისა, დაქვრივებული დედოფალი, აღშფოთდნენ “სამეფო კარის ამგვარი შეურაცხყოფით”.

   არც ედუარდმა დათმო თავისი გულის სატრფო და გადადგა. ტრადიციისამებრ მან გამოსამშვიდობებელი სიტყვაც წარმოთქვა, მაგრამ არა რაიმე სახელმწიფოებრივ-პოლიტიკურ, არამედ ასეთ “გულისამაჩუყებელ” თემაზე _ “ქალი, რომელიც მიყვარს” (The Wooman, I love) და სატრფოსთან ერთად უცხოეთში გაემგზავრა ვინძორის ჰერცოგის ტიტულით…

   უწინარეს ყოვლისა, იგი ჰიტლერულ გერმანიას ეწვია, შემდეგ კი საფრანგეთისა და იტალიის რივიერების მუდმივი საპატიო სტუმარი გახდა” [21, 269-270].

   საყურადღებოა, რომ ასეთ ქარაფშუტა მონარქს, რომელმაც დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტი “არცთუ ისე პირმშვენიერსა და თანაც ორგზის ნაქმარევ ამერიკელ კეკლუცზე” გაცვალა, იმ ქვეყნის ისტორიაში თავისი ადგილი აქვს მიჩენილი და იგი იხსენიება, როგორც მეფე ედუარდ VIII [53, 314].

   საყურადღებო ფაქტების მოხმობა საქართველოს ისტორიდანაც შეგვიძლია.

   ცნობილია, რომ გიორგი XII-ის ვაჟი და ტახტის მემკვიდრე უფლისწული დავითი (1767-1819) ქართლ-კახეთში 1801 წლის 14 იანვრიდან _ ივნისამდე გამგებლობდა, მაგრამ ის მეფედ კურთხეული არ ყოფილა. თავად დავითიც აღნიშნავდა თავის თხზულებაში: “Я был правителем Грузии” [42, 60].

   მიუხედავად ამისა, უცხოენოვან სამეცნიერო გამოცემებში დავით ბატონიშვილი _ დავით XII-ის სახელით იხსენიება. მაგალითად, ერთ-ერთ წიგნში ის მოხსენიებულია როგორც _ “Давид XII (правитель царства)” [53, 620].

   ასევე საყურადღებოა კიდევ ერთი ფაქტი საქართველოს ისტორიიდან.

   საბჭოურ ისტორიოგრაფიაში აფხაზეთის უკანასკნელ მთავრად მიჩნეული იყო მიხეილ (ჰამუთ-ბეი) გიორგის (სეფერ-ბეის) ძე შერვაშიძე, რომელიც 1822-1864 წლებში მთავრობდა [33, 7].

   უკანასკნელ პერიოდში ვითარება შეიცვალა. კერძოდ, წიგნად გამოცემულ სამეცნიერო გამოკვლევებში აფხაზეთის უკანასკნელ მთავრად მიიჩნევა არა ზემოხსენებული მ. შერვაშიძე, არამედ მისი უფროსი ვაჟი და მემკვიდრე _ გიორგი მიხეილის ძე შერვაშიძე (1846-1918) [56, 25].

   საინტერესოა, რა საფუძველს ემყარება ეს ფრიად მნიშვნელოვანი ცვლილება?

   1866 წლის 26 ივლისში, აფხაზეთის სოფელ ლიხნში დაიწყო სახალხო აჯანყება რუსული საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ. სოხუმის რუსული სამხედრო ნაწილის უფროსის, მისი ოფიცრებისა და მოხელეების, ასევე კაზაკთა ასეულის ამოჟლეტის შემდეგ, აჯანყებულმა აფხაზებმა აფხაზეთის სამთავრო აღადგინეს. მათ მთავრად გამოაცხადეს იმ წლის აპრილში რუსეთში გარდაცვლილი მთავრის მ. შერვაშიძის უფროსი ძე და მემკვიდრე _ გიორგი შერვაშიძე.

   საგულისხმოა, რომ აჯანყებულ აფხაზთა მიერ გ. შერვაშიძის მთავრად გამოცხადება თვით მემკვიდრესთან შეთანხმებული არ ყოფილა. კავკასიაში დისლოცირებული რუსეთის არმიის სარდლის, დიდი მთავრის მიხეილ ნიკოლოზის ძე რომანოვის ადიუტანტი, 20 წლის ოფიცერი გ. შერვაშიძე, რომელიც თბილისში მსახურობდა, აფხაზეთში შემთხვევით იმყოფებოდა.

   29 ივლისს გ. შერვაშიძე საპატიო ამალის თანხლებით, აჯანყებულთა ბანაკში მივიდა. მას აფხაზები ისეთი პატივისცემით შეეგებნენ, როგორც მთავარს შეეფერებოდა და უმღერეს სიმღერა, რომლითაც მას მამის მოკვლის გამო რუსებზე შურისძიებისაკენ მოუწოდეს.

   აკად. სიმონ ჯანაშიას ცნობით, აჯანყებულებმა გიორგი შერვაშიძეს გამოუცხადეს: “ეხლა შენ ჩვენი მთავარი ხარ, საითაც წახვალ, წამოგყვებით; საცა შენ, ჩვენც იქ უნდა დავიღუპოთო”. შეჰფიცა ხალხმა გიორგის. გააკეთეს სამთავრო დროშა _ წითელი ყუმაშისგან გაკეთებული ნიშანი, ზედ ამოქარგული ხმლით; შემდეგ მეფის ჯარს ჩაუვარდა ხელში” [33, 16].

   აღსანიშნავია, რომ მთავრად გამოცხადებულ გ. შერვაშიძეს, რომელსაც აჯანყების წარმატებაში ეჭვი ეპარებოდა, აფხაზთა მოწოდების პასუხად უთქვამს: “Отец мой никогда не был убит русскими, а вы, омыв руки кровью невинных моих гостей, хотите сделать меня виновником всего этого” [59, 260].

   1866 წლის 4 აგვისტოს რუსებმა სისხლში ჩაახშეს აფხაზთა აჯანყება, რომელიც სულ ათ დღეს გრძელდებოდა. მთავარი გ. შერვაშიძე დაატუსაღეს და კავკასიაში დაბრუნების უფლების გარეშე, რუსეთში გადაასახლეს [56, 19]. 

   მიუხედავად ყოველივე ამისა და მისივე ნების საწინააღმდეგოდ მთავრად გამოცხადებული გ. შერვაშიძის ზემოხ-სენებული პოზიციისა, სამეცნიერო გამოკვლევებში იგი მაინც მოიხსენიება, როგორც აფხაზეთის მთავარი გიორგი III [56, 25]. ეს სრულიად ლოგიკურია, ვინაიდან გ. შერვაშიძე, თუმცა სულ რამდენიმე დღის განმავლობაში, მაგრამ მაინც _ მთავარი იყო.

   ვფიქრობთ, რომ ზემოთ მოტანილი ფაქტებიდან ნათლად ჩანს, რომ მსოფლიოს თითოეული ცივილიზებული ერი სათუთად უფრთხილდება თავის წარსულს და თავიანთი სამეფო ან სამთავრო დინასტიის წარმომადგენელს, თუნდაც ერთკვირიანი მთავრობისათვის ანდა ოცწუთიანი მეფობისათვის (?!) _ ამ ტიტულით იხსენიებს და შესაბამის რიგით ნომერსაც აკუთვნებს.

   სამწუხაროდ, ჩვენში არსებული ვითარება ზემოთქმულისაგანKკარდინალურად განსხვავდება.

   ქართველი გვირგვინოსნის _ გრიგოლ იოანეს ძის მეფობის მიჩუმათება ანდა ამ უაღრესად ღირსშესანიშნავი ფაქტისათვის არასათანადო მნიშვნელობის მიცემას სათავე ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის არსებობის ხანაში დაედო.   

   მიუხედავად იმისა, რომ აჯანყებულთა მიერ გრიგოლის მეფედ გამოცხადების და ეკლესიებში მისი, როგორც ქართლ-კახეთის ხელმწიფის სახელის მოხსენიების შესახებ თვით 1873 წელს დაბეჭდილ წიგნშიც კი არის აღნიშნული [40, 63], რუსეთის იმპერიის ოფიციალური პოზიციის გამომხატველია რუსი სამხედრო ისტორიკოსის, არტილერიის გენერლის, აკადემიკოს ნიკოლოზ დუბროვინის (1837-1904) ავტორობით სანკტ-პეტერბურგში გამოცემული წიგნის: “Георгий XII, последний царь Грузии и присоединение ее к России” [46] მხოლოდ დასახელებაც კი.

   აღნიშნული დასახელებით რუსეთის იმპერიის იდეოლოგებს სურდათ ოფიციალურად დაეფიქსირებინათ, რომ ქართლ-კახეთის ვითომდა “უკანასკნელი მეფის” _ გიორგი XII-ის გარდაცვალებით (1800 წ.), ბაგრატიონთა დინასტიის მეფობა საბოლოოდ დასრულდა, რაც მართებული არ არის.

   რუსეთის იმპერიის არსებობის პერიოდში დამკვიდრებული აღნიშნული ოფიციალური პოზიციის ერთგვარ იდეოლოგიურ მემკვიდრედ მოგვევლინა საბჭოთა მკვლევარი ო. მარკოვა, რომელმაც თავის ნაშრომში გრიგოლის გამეფების ფაქტის უარყოფა სცადა. მის ნაშრომში ვკითხულობთ: “С появлением царевича Григория кахетинские повстанцы вновь делают попытку занять Военно-грузинскую дорогу. Они обращаются за содействием к кн. Казибегу, влиятельному феодалу.

      Согласно донесению Паулуччи, царевич Григорий был объявлен в Кахетии царем. Однако это сообщение неточно. Имя царевича поминали в церквах, вместо царского имени, но царем он не был объявлен” [50, 71].         

   ზემოთქმულის მიუხედავად, ო. მარკოვა მაინც იძულებული გახდა ეღიარებინა, რომ გრიგოლის გამოჩენამ აჯანყებულებზე უდიდესი მორალური ზემოქმედება მოახდინა [50, 70], რის შესახებაც წინამდებარე ნაშრომის მეორე თავში უკვე აღვნიშნეთ.

   აღსანიშნავია, რომ ო. მარკოვას ნაშრომში არაერთი უხეში შეცდომა გვხვდება. კერძოდ, გრიგოლ იოანეს ძე იყო არა მეფე ერეკლე II-ის შვილიშვილი, როგორც ის მიუთითებს [50, 70], არამედ _ შვილთაშვილი. ამასთანავე, გაბრიელ ყაზბეგი იყო არა თავადი [50, 71], არამედ _ აზნაური, ისიც ერეკლე II-ის წყალობით, რის შესახებაც ზემოთ უკვე ვწერდით.

   რაც შეეხება ო. მარკოვას ცდას, უარყოს გრიგოლის მეფობის ფაქტი, _ იგი სრულიად უნაყოფოა. სხვას რომ თავი დავანებოთ, ამის შესახებ არაერთხელ იუწყება თვით მთავარსარდალი პაულუჩი, რომელიც იმდროინდელ საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ ყველაზე უკეთ იყო ინფორმირებული. თანაც, ამის თაობაზე პაულუჩიმ აღნიშნა თავის პატაკში, რომელიც რუსეთის იმპერიის კანცლერს გაუგზავნა და ასეთი დონის ოფიციალურ დოკუმენტში გრიგოლის მეფობის გამოგონება მას არაფერში სჭირდებოდა. მითუმეტეს, რომ იმავე დოკუმენტში იგი რუსეთის იმპერიის მესვეურებს ამშვიდებდა _ მეფედ გამოცხადებულ გრიგოლს ქართველობა პატივს სცემს არა თავისი პიროვნული ღირსებების, არამედ მხოლოდ სამეფო გვარის გამოო [40, 44].

   ო. მარკოვა ასევე იმპერიული, დიდმპყრობლური პოზიციებიდან, არასწორად ცდილობს წარმოაჩინოს კახეთის 1812 წლის აჯანყების მიზანი და მიმართულება. იგი წერს: “Некоторые грузинские феодалы, во главе с царевичем Александром, младшим сыном Ираклия II, вошли в связь с иностранными державами, враждебными России. Они замыслили отторгнуть Грузию от России, пользуясь малочисленнностью на Кавказе русских войск вследствие войны с Наполеоном. Это “движение” феодально-монархического национализма после присоединения Грузии к России было направлено на восстановление политической раздробленности страны, на возврат прежних социальных привилегий и самовластия ее правящей верхушки…

      Разобщенные взаимными распрями и ослабленные материально феодалы, противники русской власти, не могли достигнуть своих целей без поддержки масс. Когда в 1812 г. крестьянство Кахетии восстало, вынужденное схватиться за оружие небывалыми притеснениями и поборами гражданских и военных властей и собственных помещиков, эти феодалы тотчас же примкнули к восставшим крестьянам и даже возглавили движение. Они пытались использовать в своих собственных корыстных целях решимость и готовность крестьян к борьбе против национального и социального гнета.

     Однако массы боролись против угнетателей и насильников, но не против русского народа, не против присоединения Грузии к России” [50, 3-5].

   ზემოთ მოყვანილი ციტატიდან ნათელი ხდება, რომ მკვლევარი თავგამოდებით ცდილობს დაგვარწმუნოს, თითქოსდა აჯანყებულ ქართველ გლეხობას თავადაზნაურობა თავიანთი პირადი გამორჩენის მიზნით მიეტმასნა, ხოლო ქართველობა მხოლოდ მჩაგვრელ-მოძალადე ჩინოვნიკების წინააღმდეგ იბრძოდა და ზოგადად რუსებისა და საქართველოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების წინააღმდეგ არ გამოდიოდა (?!).

   სინამდვილეში, კახეთის 1812 წლის აჯანყებაში ერთსულოვნად მონაწილეობდა ქართველობა, მიუხედავად მათი სოციალური წარმომავლობისა და მათ საერთო, საბოლოო მიზანს წარმოადგენდა სწორედ რუსეთის იმპერიის კლანჭებიდან დასხლტომა და ქართული სახელმწიფობრიობის აღდგენა მის სათავეში ბაგრატოვანი მონარქის ჩაყენებით, რაც, მართალია, დროებით, მაგრამ მაინც პრაქტიკულად განახორციელეს.

   საგულისხმოა, რომ სსრ კავშირის არსებობის ხანაში მოღვაწე ქართველი მეცნიერები, განსხვავებით ო. მარკოვასაგან,  გრიგოლის მეფობის ფაქტის აღნიშვნას არ მოერიდნენ. 

   ამის მიუხედავად, ხსენებულ პერიოდში არსებული მკაცრი იდეოლოგიური წნეხის პირობებში მყოფმა ქა-რთველმა მეცნიერებმა მაინც ვერ შეძლეს, რომ გრიგოლ იოანეს ძე დაეფიქსირებინათ როგორც უკანასკნელი ქართველი მეფე _ გრიგოლ I და ამ სახით ის ბაგრატოვან ხელმწიფეთა საერთო ნუსხაში შეეყვანათ. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, საბჭოთა ცენზურა მათ ავალდებულებდათ, რომ გრიგოლის ტიტული _ მეფე, როგორც თითქოსდა თვითმარქვიასი _ ბრჭყალებში მოექციათ. ამის დამადასტურებელი ფაქტები უკვე მოვიყვანეთ ჩვენი ნაშრომის მეორე თავში.

   ზემოთქმულის მიუხედავად, ადგილი ჰქონდა ერთგვარ გამონაკლისსაც.

   მაგალითად, ჯერ კიდევ 1941 წელს თამარ ლომოური წერდა: “გრიგოლ, ძე იოანე ბატონიშვილისა… 1812 წ. გამოცხადებულ იქნა აჯანყებული კახელების მიერ მეფედ” [12, 166]. საყურადღებოა, რომ მკვლევარმა გრიგოლი მეფედ _ ბრჭყალების გარეშე მოიხსენია.

   მაქსიმე ბერძნიშვილმა თავის ნაშრომში გრიგოლ ბატონიშვილი ასე შეაფასა: “კახეთის აჯანყებისას 1812 წ. საქართველოს მეფედ გამოცხადებული” [7, 193]. საგულისხმოა, რომ მან გრიგოლი _ საქართველოს მეფის ტიტულით, ასევე ბრჭყალების გარეშე მოიხსენია.

   მართალია, გრიგოლთან დაკავშირებით თქმული სიტყვები “ქართველი მეფე” ბრჭყალებშია ჩასმული ალექსანდრე ბენდიანიშვილის ნაშრომში [4, 71], მაგრამ იმავე გამოკვლევაში გრიგოლი თავისი კანონიერი ტიტულით _ მეფე _ ბრჭყალების გარეშე, ორჯერ იხსენიება [4, 70-71].

   დღეისათვის, როცა საქართველო სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან (1991 წ.) უკვე მეჩვიდმეტე წელს ითვლის, ქართველები ვალდებულნი ვართ, რომ სათანადო პატივი მივაგოთ იმ გმირ წინაპართა ხსოვნას, ვინც ჩვენი სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის იბრძოდა.

   ვფიქრობთ, დადგა დრო, რომ უკანასკნელ ქართველ მეფედ ვაღიაროთ ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგე-ნისათვის მებრძოლი გრიგოლ იოანეს ძე, რომელიც კახეთის 1812 წლის სახალხო აჯანყების დროს გამეფდა, ქრისტიანულადაც ეკურთხა და ურთულეს სამხედრო-პოლიტიკურ პირობებში ტახტი ნახევარი თვის განმავლობაში შეინარჩუნა, რისთვისაც ჩვენი სამშობლოს დამპყრობელი ქვეყნის _ რუსეთის ხელისუფლებამ იგი სხვა ბატონიშვილთაგან განსხვავებით, მკაცრად დასაჯა.

   აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ საქართველოს ისტორიიდან ცნობილია მრავალი ბაგრატიონი ხელმწიფე, რომელიც ტახტზე იჯდა, მაგრამ მართლმადიდებლური წესით მეფედ კურთხეული არ ყოფილა. ისინი გამაჰმადიანების შემდეგ გამეფდნენ. შესაძლოა, მათი უმრავლესობის მიერ ისლამის მიღება ფორმალურ ხასიათს ატარებდა, მაგრამ ეს ფაქტი მაინც ფაქტად რჩება.

   კერძოდ, ჩვენს ისტორიოგრაფიაში მეფედ არის მიჩნეული  შაჰ აბას I-ის კარზე გამოზრდილი, გამაჰმადიანებული კონსტანტინე ალექსანდრეს ძე, მკვლელი საკუთარი მამისა და ძმისა, რომელიც კახეთში 1605 წლის მარტიდან _ ოქტომბრამდე მეფობდა. მის მეფობას ვერ შეეგუვნენ ქრისტეს რჯულის მტკიცედ დამცველი კახელები, რომლებმაც რენეგატი კონსტანტინე სიცოცხლეს გამოასალმეს. ამ ფაქტის მიუხედავად, ეს თავისი ოჯახის წევრების სისხლში გასვრილი მმართველი ჩვენს მატიანეში _ მეფე კონსტანტინე I-ად მოიხსენიება! [1, ნუსხა # 6].

   ასევე ცნობილი ფაქტია, რომ XVII საუკუნიდან აღმოსავლეთ საქართველოში დაიწყო გამაჰმადიანებულ ბაგრა-ტიონთა მმართველობის ეპოქა, რომელმაც საუკუნეზე მეტხანს გასტანა. მიუხედავად ამისა, თუნდაც ცნობილი მონარქის, შაჰინშაჰის მოთხოვნით გამაჰმადიანებული ვახტანგ VI-ის (ჰუსეინ-ყული-ხანი) მეფობის კანონიერება ეჭქვეშ არავის დაუყენებია!

   ასევე საეჭვოდ არავის მიუჩნევია ქართლში მეფობა არაერთი მუსლიმი მმართველისა, რომელთა შორისაც ზემოხსენებული ვახტანგ VI-ის გარდა, იყვნენ ბაგრატიონთა დინასტიის ქართლის შტოს წარმომადგენლები: ბაგრატ VII (მეფობდა 1616-1619 წწ.); სვიმონ II (მეფობდა 1619-1631 წწ.); როსტომ-ხანი ანუ ხოსრო-მირზა (მეფობდა 1632-1658 წწ.); ვახტანგ V ანუ შაჰ-ნავაზი (მეფობდა 1658-1675 წწ.); გიორგი XI ანუ შაჰ-ნავაზ-ხანი (მეფობდა 1676-1688 და 1703-1709 წწ.); ქაიხოსრო ანუ ქაიხოსრო-ხანი (მეფობდა 1709-1711 წწ.); იესე, რომელიც ქართლს განაგებდა ჯერ შაჰინშაჰის ნებართვით და ალი ყული-ხანის სახელით (1714-1716 წწ.), ხოლო შემდეგ სულთნის ნებართვით და მუსტაფას სახელით (1724-1727 წწ.); ბაქარი, რომელიც ქართლს განაგებდა ჯერ შაჰინშაჰის ნებართვით და შაჰ-ნავაზ-ხანის სახელით (1717-1719 წწ.), ხოლო შემდეგ სულთნის ნებართვით და იბრაჰიმ-ფაშას სახელით (1723 წ.) და ასევე ბაგრატიონთა დინასტიის კახეთის შტოს წარმომადგენელი _ ერეკლე I ანუ ნაზარალი ხანი (მეფობდა 1688-1703 წწ.) [44, 40-44].

   საეჭვოდ არავის გაუხდია, აგრეთვე, კახეთში მეფობა მუსლიმი მმართველებისა, რომელთა შორისაც ქართლის ზემოხსენებული მეფეების: როსტომისა (ქართლ-კახეთში მეფობდა 1648-1656 წწ.) და ერეკლე I-ის (კახეთის მეფედ ითვლებოდა 1703-1709 წწ.) გარდა, იყვნენ ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის კახეთის შტოს წარმომადგენლები: დავით II ანუ იმამ-ყული ხანი (მეფობდა 1709-1722 წწ.); კონსტანტინე II ანუ მაჰმად-ყული ხანი (მეფობდა 1722-1732 წწ.); ალექსანდრე III ანუ ალი-მირზა (მეფობდა 1735-1737 წწ., თეიმურაზ II-ის სპარსეთში ყოფნისას) და ბაგრატიონთა დინასტიის ქართლის შტოს წარმომადგენელი არჩილ II ანუ შაჰ-ნაზარ-ხანი (მეფობდა 1664-1675 წლებში) [30, 188-225; 1, ნუსხები ## 4-5].

   ყოველივე ამის შემდეგ, საინტერესოა, რა მოტივით უნდა უარვყოთ ქრისტიანულად კურთხეული ბაგრატოვანი ხელმწიფის _ გრიგოლ იოანეს ძის მეფობის ფაქტი?

   საყურადღებოა, რომ საქართველოს გულს _ ქართლს, მუსლიმ მეფეთა ხანგრძლივი მმართველობის შემდეგ, ქრისტიანულად კურთხეული მონარქი მხოლოდ XVIII საუკუნის შუა ხანებიდან ეღირსა.

   1745 წლის 1 (ახალი სტილით _ 14) ოქტომბერს, “მცხეთობა-სვეტიცხოვლობის” ბრწყინვალე დღესასწაულზე, მცხეთაში,  სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, ქართლის მეფედ მეფედ აკურთხეს ბაგრატიონთა კახეთის შტოს წარმომადგენელი _ თეიმურაზ II (ქართლში მეფობდა 1762 წლამდე), _ სიძე ვახტანგ VI-ისა. იგი მეფედ ძველი ქართული, ქრისტიანული წესის დაცვით აკურთხა კათოლიკოსმა ანტონ I-მა, ერისკაცობაში თეიმურაზ ბატონიშვილმა (1720-1788), რომელიც ბაგრატიონთა ქართლის შტოს წარმომადგენლის _ მეფე იესეს ძე იყო.

   თეიმურაზ II-ის ვაჟმა, ასევე ქრისტიანმა ხელმწიფემ _ ერეკლე II-მ, თავისი უდიდესი ძალისხმევით, ქართლი და კახეთი ერთ სამეფოდ გააერთიანა და სამხრეთ კავკასიის მთელი ცენტრალური და აღმოსავლეთი ნაწილი დაიმორჩილა.

   ერეკლე II-ის ვაჟი _ ქართლ-კახეთის მეფე გიორგი XII _ ასევე ღრმად მორწმუნე ქრისტიანი იყო [19].

   გიორგი XII-ის ვაჟს _ უფლისწულ იოანეს ასევე კარგად ესმოდა ქრისტიანული რწმენის გადამწყვეტი მნიშვნელობა საქართველოსათვის.

   ზემოთ წარმოდგენილი მასალებიდან ირკვევა, რომ ქრისტეს რჯულის ერთგული მიმდევარი იყო უფლისწულ იოანეს ძე _ გრიგოლიც, რომელიც 1812 წელს კახეთში მეფედ ეკურთხა.

   ასე, რომ გრიგოლ იოანეს ძე აღიზარდა ქრისტიანულად კურთხეული ბაგრატოვანი მონარქების _ ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ის სამეფო ოჯახში, რამაც მის სულიერ ფორმირებაზე გადამწყვეტი, კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინა.

   ზემოთქმულიდან გამომდინარე, გრიგოლი იყო ქართლ-კახეთის სამეფოს ლეგიტიმური და ქრისტიანულად კურთხეული მონარქი, პირდაპირი შთამომავალი და მემკვიდრე ქრისტიანი მეფებისა: თეიმურაზ II-ისა, ერეკლე II-ისა და გიორგი XII-ისა.

   შესაძლოა, რომ სკეპტიკოსებმა ასეთი აზრი გამოთქვან _ რამდენად შეიძლება ჩაითვალოს გრიგოლი ქართლ-კა-ხეთის მეფედ, როდესაც მისი სამეფო ხელისუფლება აღმოსავლეთ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე არ ვრცელდებოდა?

   საქართველოს ისტორიიდან ცნობილია არაერთი ბაგრატიონი ხელმწიფე, რომელთა ძალაუფლებაც თავიანთი სამეფოს ტერიტორიის მხოლოდ ერთ ნაწილზე ვრცელდებოდა, მაგრამ ჩვენს ისტორიოგრაფიაში ისინი მაინც მეფეებად იხსენიებიან.

   1569 წელს ფარცხისთან მომხდარ ბრძოლაში, სპარსელებმა ტყვედ ჩაიგდეს ქართლის ქრისტიანი მეფე სვიმონ I (მეფობდა 1556-1569 და 1578-1599 წწ.), რომელსაც იძულებით გამაჰმადიანების შემდეგ ხან-ნავაზი უწოდეს. მისი ტყვეობაში ყოფნის (1569-1578) პერიოდში ქართლში გაბატონება სცადა სვიმონის ძმამ _ დავითმა ანუ შაჰინშაჰის “შვილად” გამოცხადებულმა, თავისი ნებით გამაჰმადიანებულმა დაუდ-ხანმა. ქართლელთა დიდმა ნაწილმა მეფისა და ქრისტიანობის მოღალატე დაუთ-ხანის მეფობა არ სცნო, რის გამოც მისი ხელისუფლება რეალურად მხოლოდ თბილისსა და ქვემო ქართლზე ვრცელდებოდა. ამის მიუხედავად, ეს რენეგატი მმართველი მაინც _ ქართლის მეფე დავით XI-ის სახელით მოიხსენიება [30, 184-185].

   ასევე ვერ ვრცელდებოდა ქართლის დიდ ნაწილში ხელისუფლება დაუთ-ხანის ვაჟისა _ მაჰმადიანი ბაგრატისა (მეფობდა 1615-1619 წწ.), რომელიც ტირანი შაჰინშაჰის აბას I-ის ნება-სურვილების უსიტყვოდ შემსრულებელი მოხე-ლე-ხანი იყო. ქართველობა მას დაცინვით “საბარათიანოს ბატონს” ეძახდა. ამის მიუხედავად, ეს ასევე რენეგატი მმართველი _ ქართლის მეფე ბაგრატ VII-ის სახელით იხსენიება [30, 188].

   ბაგრატ VII-ის ვაჟის _ მაჰმადიანი სვიმონის (მეფობდა 1619-1631 წლებში) ხელისუფლებაც ასევე მხოლოდ თბილისსა და ქვემო ქართლში ვრცელდებოდა, მაგრამ ეს რენეგატი მმართველიც _ მეფე  სვიმონ II-ის სახელით იხსენიება [30, 189].

   ასე, რომ მიუხედავად ზემოთქმულისა, ქართლის მეფეებს: დავით XI-ს, ბაგრატ VII-ს და სვიმონ II-ს ბაგრატოვან ხელმწიფეთა საერთო ნუსხაში თავიანთი კუთვნილი ადგილი აქვთ.

   1741 წელს იმერეთის მეფის გიორგი VI-ის ძემ _ გიორგი ბატონიშვილმა, ახალციხის ფაშის, ოდიშ-აფხაზეთის მთავრების, რაჭის ერისთავისა და იმერეთის თავადების დახმარებით, თავისი გვირგვინოსანი ძმა _ ალექსანდრე V ტახტიდან ჩამოაგდო და მისი ადგილი თავად დაიკავა. მართალია, ალექსანდრე V-მ ტახტი იმავე წელს დაიბრუნა, მაგრამ მისი ძმა ცნობილია _ იმერეთის მეფის გიორგი VII-ის სახელით [30, 257-258].

   ახლა, რაც შეეხება იმას _ უნდა ჩავთვალოთ თუ არა გრიგოლი უკანასკნელ ქართველ მეფედ.

   მართალია, იმერეთის უკანასკნელი მეფე, თავისი სამშობლოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის თავდადებით მებრძოლი სოლომონ II იმხანად ჯერ კიდევ ცოცხალი იყო, მაგრამ 1810 წლის მაისიდან _ გარდაცვალებამდე იგი ემიგრაციაში, ოსმალეთში ცხოვრობდა. იმავე წლის ივნისში, იმერეთში აჯანყების დაწყებისთანავე, სოლომონი სამშობლოში დაბრუნდა, მაგრამ დამარცხების შემდეგ (სექტემბერი) იგი კვლავ ოსმალეთში გადაიხვეწა [28, 294-302]. ამის შემდეგ, მას თავის ყოფილი სამეფოს ტერიტორიაზე ერთი დღეც აღარ უმეფია.

   აქედან გამომდინარე, უდავო ფაქტია, რომ გრიგოლი იყო ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის უკანასკნელი წარმო-მადგენელი, რომელიც საქართველოს ტერიტორიის გარკვეულ ნაწილში ყველაზე გვიან _ 1812 წელს მეფობდა. მისი რუსეთში გადასახლების შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე არცერთ ბაგრატიონს აღარ უმეფია, თუმცა ამის მსურველნი იყვნენ.

   აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ ერეკლეს II-ის ძეს, სპარსეთში გადახვეწილ ალექსანდრეს გამეფების იმედი სიცოცხლის ბოლომდე არ დაუკარგავს. მას შაჰინშაჰმა უწყალობა “გორჯესთანის ვალის” (ასე იხსენიებდნენ ქართლ-კახეთის გამგებელს) ტიტული, ძვირფასი ქვებით შემკული ლომისა და მზის ორდენი [11, 146], რამდენიმე სოფელი სალმასტის მაზრაში (სამხრეთ აზერბაიჯანი) და პენსია, წლიურად 2000 ლირა [10, 414-415].  M

   მიუხედავად ამისა, ალექსანდრეს საქართველოში არცერთი დღე არ უმეფია, თუმცა რუსეთში გადასახლებას გა-დარჩენილი ერთადერთი უფლისწული ქართველობას მაინც ახსოვდა.

   1819-1820 წლებში იმერეთში მიმდინარე სახალხო აჯანყების პერიოდში, ვინაიდან სოლომონ II უშვილძიროდ გადაეგო, აჯანყებულებმა მეფის კანდიდატურის ძიება დაიწყეს.

   ალ. ბენდიანიშვილი მოგვითხრობს: “მეფობის კანდიდატად დასახელებული იქნენ ზურაბ წერეთელი და ივანე აბაშიძე, მაგრამ უმრავლესობა ბაგრატიონთა საგვარეულოს წარმომადგენლის გამეფებას უჭერდა მხარს…

   ალექსანდრე ბატონიშვილის სახელი დასავლეთ საქართველოში დიდი სიყვარულით სარგებლობდა. ამიტომ სულაც არაა გასაკვირი, რომ იმერეთის აჯანყებულებმა… მასთან მოციქულები გაგზავნეს, იმერეთის სამეფო ტახტი და აჯანყების მეთაურობა შესთავაზეს…

   ბატონიშვილმა, მართალია, მიიღო იმერელი მოციქულები, მაგრამ… მან მოითხოვა იმის საბუთი, რომ ალექსანდრეს გამეფება სურს იმერეთის მთელ თავადაზნაურობას, სამღვდელოებას და მეზობელ გურია-სამეგრელოს მთავრებს” [4, 84-87]. ასე, რომ ტახტისმაძიებელმა ალექსანდრე ბატონიშვილმა გამეფება საქართველოს ვერცერთ კუთხეში ვერ მოახერხა. მან ხანდაზმულობის ასაკში სპარსეთის სამეფო კარის კეთილგანწყობაც დაკარგა. კერძოდ, მას ჩამოართვეს შაჰინშაჰის მიერ ბოძებული პენსია და სოფლები და ყველასგან მიტოვებული უფლისწული სიღარიბეში გარდაიცვალა [10, 414-416].       

   აღსანიშნავია, რომ თვითონ ალექსანდრე საკუთარ თავს არსად მეფედ არ იხსენიებდა. იგი თავის სახალხო მიმართვებს ანდა პირად წერილებს ხელს აწერდა, როგორც: “საქართველოს მეფის ირაკლის ძე ალექსანდრე”, “საქართველოს მეფის ძე ალექსანდრე” ანდა “მეფის ძე ალექსანდრე” [26, 64-125].

   საგულისხმოა კიდევ ერთი ფრიად მნიშვნელოვანი დეტალი: ქართლ-კახეთის სამეფოს არსებობა 1801 წლის 12 სექტემბერს რომ არ შეწყვეტილიყო და გამგებელი დავით XII გამეფებულიყო, ამ უშვილძირო მონარქის გარდაცვალების შემდეგ, ტახტზე უნდა ასულიყო მისი მომდევნო ძმა იოანე ბატონიშვილი, ხოლო მის შემდეგ მისი ერთადერთი ვაჟი _ გრიგოლი. მოვლენათა ასეთი ბუნებრივი გზით განვითარების შემთხვევაში გრიგოლი სამეფო ტახტზე სრულიად ლეგიტიმურ მემკვიდრეს წარმოადგენდა. მან უბრალოდ მოვლენებს დაასწრო და თავისი ბიძის _ დავით ბატონიშვილის სიცოცხლეში გამეფდა.

   აქვე უნდა გავიხსენოთ, რომ იოანე ბატონიშვილი იყო იმ გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა შორის, რომლებიც 1801 წელს გამგებლად მყოფ დავითს დაუყოვნებლივ გამეფებისაკენ მოუწოდებდნენ. ისინი უფლისწულს ურჩევდნენ, რომ აღარ დალოდებოდა იმპერატორის დასტურს და სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მეფედ კურ-თხეულიყო, რითაც რუსეთის იმპერიის მესვეურებს უკვე მომხდარი ფაქტის წინაშე დააყენებდა.

პ. იოსელიანის ცნობით, “მღვიძარენი დაუკარგველობისათვის მეფობისა მეფის ძენი იოანე, ბაგრატ, თეიმურაზ და მიხაილ, სარდალი იოანე ყაფლანიშვილი, ალექსანდრე მაყაშვილი, იოანე ანდრონიკაშვილი, ეგნატე იოსელიანი, მეითარი თარხნიშვილი და მათ შორის უბრძნესი და ნათლად მხედველი მყოობადისა და მომავალისა სოლომონ ლიონიძე, _ დიდი მტერი და მოძულე ლაზარევისა, სთხოვდნენ და ევედრებოდნენ დავითსა წარვიდეს მცხეთას და დაგვირგვინდეს მეფეთ. დავითმან ესე არა ინება, ელოდა სამეფოთა ნიშანთა რუსეთიდამ და მიიღო მოსვლადმდე ბრძანებისა, მხოლოდ წოდება ნაცვლად მეფისა, რეღენტობისა ანუ სამეფოÁსა განმგისა” [19, 215].

მდივანბეგმა სოლომონ ლიონიძემ (1754-1811) დავითს მოუწოდა: “დასამშვიდებლად მეფობის და აღრეულობისა დასაცხრომელად, მიიღეთ ზომა მტკიცე. ჰქმენით რაცა არის საქმნელი. აჩვენეთ ძალი და ძლიერება თქვენი. გმართებსთ აწ გმირობა; დუმილი თქვენი და სისუსტე, რაცაღა აძლიერებს თქვენთა მეტოქეთა… ეხლავ უბრძანე დაიფიცონ მორჩილებაზედ. ნუ ჰკარგავ მეფობასა და ნუ  ღუპავ ქვეყანასა. ვინ არის მოცილე მეფობისა? რუსეთმან ადრევე გაღიარა მემკვიდრედ და პირშობითა გაქვს უფლება მიიღო კვერთხი მეფობისა” [19, 215].

   მიუხედავად ამისა, იმპერატორის წყალობის მომლოდინე გამგებელმა დავითმა მეფედ კურთხევისაგან თავის შეკავება ამჯობინა, რამაც იგი საბოლოოდ ტახტის გარეშე დატოვა.

   დავითისაგან განსხვავებით, მისმა ძმისწულმა და ტახტის მემკვიდრემ _ გრიგოლმა უდიდესი გამბედაობა გამოი-ჩინა და აჯანყებულთა სათავეში ჩადგომითა და ქრისტიანული წესით მეფედ კურთხევით ჭეშმარიტად ისტორიული ნაბიჯი გადადგა!

   სახელოვან წინაპართა ღირსეული შთამომავალი _ მეფე გრიგოლი ჩვენგან ჯერაც არ არის სათანადოდ დაფასებული, არადა სამშობლოს აღდგენა-გამოხსნისათვის თავდადებით მებრძოლი ბაგრატოვანი მონარქი ამას უდავოდ იმსახურებს. 

   ზემოთქმულის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, სრულიად გამართლებული იქნება, რომ ეს ქართველი მონარქი ამიერიდან გრიგოლ I-ის სახელით მოვიხსენიოთ. მან ბაგრატოვან ხელმწიფეთა ნუსხაში თავისი კუთვნილი ად-გილი უნდა დაიკავოს.

   საგულისხმოა, რომ მომავალ _ 2009 წელს სრულდება მეფე გრიგოლ I-ის დაბადების 220 წლისთავი, რომელიც, ვფიქრობთ, საქართველოში სათანადოდ უნდა აღინიშნოს.

   ამრიგად, ჩვენს მიერ მოძიებული საისტორიო წყაროები და ლიტერატურა საფუძველს გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ უკანასკნელი ქართველი მეფე იყო ბაგრატიონთა ათასწლოვანი სამეფო დინასტიის ერთ-ერთი ღირსეული წარმომადგენელი, ქართლ-კახეთის სახელოვანი მეფის ერეკლე II-ის შვილთაშვილი, იოანე ბატონიშვილის ვაჟი _ გრიგოლ I (1789-1830), რომელიც თავდადებით იბრძოდა 1812 წლის კახეთის აჯანყების დროს აღდგენილი ქართული სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისათვის.

 

 

წყაროებისა და ლიტერატურის სია

 

1. ბაგრატიონები, სამეცნიერო და კულტურული მემკვიდრეობა, სამეცნიერო სტატიების კრებული გენეალოგიური ნუსხებითურთ, თბ., 2003.

2. ბაგრატიონი დავით, ლექსები, წგნ.: “ქართული მწერლობა”, ოცდაათ ტომად, ტ. 8, თბ., 1990.

3. ბაგრატიონი თეიმურაზ, ახალი ისტორია, ტექსტი გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და საძიებლები დაურთო ლელა მიქიაშვილმა, თბ., 1983.

4. ბენდიანიშვილი ალექსანდრე, ეროვნული საკითხი საქართველოში 1801-1921 წწ., თბ., 1980.

5. ბეპიევი ნაირა, გრიგოლ ბაგრატიონი (ცხოვრება და შემოქმედება), თბ., 2006.

6. ბერძენიშვილი ნიკო, საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი II, თბ., 1965.

7. ბერძნიშვილი მაქსიმე, მასალები XIX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული საზოგადოებრიობის ისტორიისათვის, თბ., 1980.

8. გელაშვილი აკაკი, კახეთის 1812 წლის აჯანყება, თბ., 2003.

9. გოგოლაძე დერმიშა, ბრძოლა ცარიზმის ბატონობის წინააღმდეგ XIX საუკუნის პირველ ოცეულში, წგნ.: “საქართველოს ისტორიის ნარკვევები”, ტ. 4, თბ., 1973.

10. გონიკიშვილი მიხეილ, ბაგრატიონთა გადასახლება და მოღვაწეობა რუსეთში, თბ., 2002.

11. გონიკიშვილი მიხეილ, ბაგრატიონთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში, თბ., 1986.

12. დავით ბატონიშვილი, ახალი ისტორია; ბაგრატ ბატონიშვილი, ახალი მოთხრობა; თამარ ლომოურის გამოცემა, თბ., 1941.

13. დოკუმენტები კახეთის 1812 წლის აჯანყების ისტორიისათვის, დოკუმენტები გამოსაცემად მოამზადა პროფ. შოთა ხანთაძემ, თბ., 1999.

14. გაზეთი “დროება”, 17 ოქტომბერი, 1880, # 219.

15. გაზეთი “დროება”, 7 ნოემბერი, 1880, # 235.

16. თეზელიშვილი სოლომონ, მსოფლიოს სამეფო დინასტიები (ლექსიკონი), თბ., 2005.

17. ითონიშვილი ვალერიან, ალექსანდრე ყაზბეგი (ისტორიულ-ეთნოგრაფიული მონაცემები), თბ., 2006.

18. იოსელიანი პლატონ, მათს უგანათლებულესობას, მეფისა გიორგი მეათცამეტისა ძის იოანეს ძის-ძეს იოანე გრიგორის ძეს, გრუზინსკის, ქართული სალიტერატურო ჟურნალი “ცისკარი”, ტფ., 1868, # 12.

19. იოსელიანი პლატონ, ცხოვრება გიორგი მეცამეტისა, აკაკი გაწერელიას შესავალი წერილებით, რედაქციითა და შენიშვნებით, ტფ., 1936.

20. კეკელიძე ლიანა, გრიგოლ ბაგრატიონის ცხოვრება და შემოქმედება, კრებული: “ძველი ქართული მწერლობისა და რუსთველოლოგიის საკითხები”, ტ. IV, თბ., 1973.

21. კვესელავა მიხეილ, ას ერგასის დღე, წიგნი III, ევროპის მოტაცება, თბ., 1970.

22. კიკვიძე აბელ, გლეხთა აჯანყება კახეთში 1812 წ., თბ., 1941.

23. მასალები საქართველოს ეკონომიკური ისტორიისათვის, გვიანფეოდალური ხანა, წიგნი III (აღმშენებლობა, სახელმწიფო ეკონომიკა, ქონება), მასალები შეარჩია და გამოსაცემად მოამზადა ნიკო ბერძენიშვილმა, თბ., 1955.

24. მახათაძე ნინო, ქართული კულტურის კერა პეტერბურგში (XVIII-XIX სს.), თბ., 1967.

25. მეგრელიძე შამშე, ჩვენი სახელოვანი სამხედრო წინაპრები, თბ, 1979.

26. ორჯონიკიძე ეთერ, ალექსანდრე ბატონიშვილის ბრძოლა რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ, ალექსანდრე ბატონიშვილის წერილები, თბ., 1999.

27. რატიშვილი გაბრიელ, მცირედი რაიმე მოთხრობა როსიისა, წგნ.: “ქართველი მწერლები რუსეთის შესახებ”, თბ., 1962.

28. რეხვიაშვილი მიხეილ, იმერეთი XVIII საუკუნეში (ნარკვევები), თბ. 1982.

29. საქართველოს ისტორიის ქრონიკები XVII-XIX სს., ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები, შენიშვნები და განმარტებები დაურთო პროფ. ავთანდილ იოსელიანმა, თბ., 1980.

30. საქართველოს მეფეები, ავტორთა კოლექტივი მარიამ ლორთქიფანიძისა და როინ მეტრეველის რედაქციით, თბ., 2000.

31. ფრონელი ალექსანდრე, ამბოხება კახეთისა (1812), ტფ., 1907.

32. შარაძე გურამ, თეიმურაზ ბაგრატიონი, ტ. I, თბ., 1972.

33. შარვაშიძე გიორგი, ლირიკა, ეპოსი, დრამა, აკად. სიმონ ჯანაშიას რედაქციითა და ნარკვევით, სოხუმი, 1946.

34. ჩიქოვანი მიხეილ, ბაგრატიონი გრიგოლ იოანეს ძე, ენციკლოპედია “საქართველო”, ტ. I, თბ., 1997.

35. ჩიქოვანი მიხეილ, ქართული ხალხური სიტყვიერების ისტორია, ტ. I, თბ., 1975.

36. ცინცაძე იასე, აღა-მაჰმად-ხანის თავდასხმა საქართველოზე (1795 წელი), თბ., 1963.

37. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფონდი H, ხელნაწერი # 2130.

38. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ფონდი H, ხელნაწერი # 2178.

39. Акты, собранные Кавказской Археографической комиссией. Архив Главного управления наместника Кавказского (под  редакцией А. Берже), т. II,  Тифлис, 1868. 

40. Акты, собранные Кавказской Археографической комиссией. Архив Главного управления наместника Кавказского (под  редакцией А. Берже), т. V,  Тифлис, 1873. 

41. Горгидзе М., Грузины в Петербурге (страницы летописи культурных связей), Тб., 1976.

42. Давид, царевич Грузинский, Краткая история Грузии, с предисловием К. Н. Бегичева, Тифлис, 1893.

43. Дворянские роды Российской империи. т. I, Князья. Руководитель авторского коллектива П. Гребельский, под редакцией С. Думина, СПб., 1993.

44. Дворянские роды Российской империи. т. III, Князья. Руководители авторского коллектива П. Гребельский и С. Думин, под редакцией  С.  Думина, М., 1996.

45. Джавахишвили Н., Грузины под российским флагом  (Грузинские военные и государственные деятели на службе России в 1703-1917 гг.), Тб., 2003.

46. Дубровин Н., Георгий XII, последний царь Грузии и присоединение ее к России, изд. 2, СПб., 1897.

47. Думин С., Гребельский П., Дворянские роды Российской империи, т. IV, Князья Царства Грузинского, под  редакцией С.  Думин и Ю. Чиковани, М., 1998.

48. Иоселиани П., Описание древностей города Тифлиса, Тифлис, 1866.

49. Коняев Н., Романовы. Расцвет и гибель династии, М., 2003.

50. Маркова О., Восстания в Кахетии 1812 г., М., 1951.

51. Мурашев Г., Титулы, чины, награды, СПб., 2002.

52. Наброски из воспоминаний Д. Д.Оболенского, VI. “Русский Архив”, СПб., 1895, № 2.

53. Сычев Н., Книга династий, М., 2006.

54. Федорченко В., Императорский Дом. Выдающиеся сановники. Энциклопедия биографий. В двух томах, Красноярск-Москва,  2000.

55. Цагарели А., Сведения о памятниках грузинской писмьенности, вып. 1, СПб.,  1886.

56. Чиковани Ю., Род Абхазских Князей Шервашидзе (Историко-генеалогическое исследование), под редакцией проф. Г. Анчабадзе, Тб., 2007.

57. Чулков Г., Императоры России  (Психологические портреты), М., 2003.

58. Шилов Д., Государственные деятели Российской империи. Главы высших и центральних учреждений  (1802-1917 гг.), Биобиблиографический справочник, Издание второе, исправленное и дополненное, СПб., 2002.

59. Эсадзе С., Историческая записка об управлении Кавказом, т. I, Тифлис, 1907.

 

 

  

9 Responses to “• ნ. ჯავახიშვილი – გრიგოლ I”

  1. I love when you talk about this type of stuff in your posts. Perhaps could you continue this?

    Like

  2. kobi markalari said

    The article is great, I got the idea!

    Like

  3. Scot Tllo said

    I just learned about your internet site a few days ago and I have been checking it out regularly. You have a wide range of good informative stuff on the site and i also really like the kind of your website at the same time. Keep up the great work!

    Like

  4. goomyclow said

    I am really Glad i discovered this site.Added iberiana.wordpress.com to my bookmark!

    Like

  5. Billie Bratchett said

    Great article. Waiting for more.

    Like

  6. Laura Harris said

    You certainly possess some agreeable opinions and views. Your site provides a fresh look at the subject. I simply added this feed to my bookmarks. I really enjoy reading you. Thanks!

    Like

  7. Ebenstein said

    It is rare to get a specialist in whom you can have some trust. In the world in the present day, nobody truly cares about showing others the best way in this issue. How lucky I am to have definitely found a real wonderful site as this. It really is people like you who really make a real difference nowadays through the thoughts they share.

    Like

  8. Marica Comnick said

    I’ve been checking your blog for a while now, seems like everyday I learn something new 🙂 Thanks

    Like

  9. Kraków said

    Pretty superior post. We just discovered a website not to mention wanted towards declare who We have seriously enjoyed reading a website not to mention discussions. Anyways I’ll turn out to be subscribing a give food not to mention I just desire towards study a website yet again.

    Like

დატოვე კომენტარი