Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♥ ჰერეთი – საინგილო

 

♥ კოლხეთი და იბერია – KOLKHIBERIA

 

 

***

 

რადიო “ჰერეთი” თბილისში მაუწყებლობას ითხოვს 

 

18.02.2010

რადიო “ჰერეთმა” საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას დედაქალაქში მაუწყებლობის ლიცენზიის კონკურსის გამოცხადების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართა. აღსანიშნავია, რომ რადიოსადგური უკვე მეორე წელია, თბილისში მაუწყებლობას ითხოვს, თუმცა კომუნიკაციების ეროვნული კომისია საქმეს აჭიანურებს და მიზეზად საზოგადოებრივი აზრის კვლევას ასახელებს. მაუწყებლობის შესახებ კანონის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისია 2 წელიწადში ერთხელ  საზოგადოებრივი აზრის კვლევას აწარმოებს, სწორედ აღნიშნული კვლევის საფუძველზე განისაზღვრება პრიორიტეტები ლიცენზიის მაძიებლებისთვის. ბოლოს ასეთი სახის კვლევა 2004 წლის 28 სექტემბერს ჩატარდა. 

http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=42854&Itemid=1

 

***

 

იულონ გაგოშიძე საინგილოს პრობლემების წინაშე

11 მარტი, 2009 წელი

დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა იულონ გაგოშიძემ ოფიციალური ვიზიტი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაასრულა. იგი შეხვდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურისა და სპორტის მინისტრს აბულფაზ კარაევს, აგრეთვე, განათლების მინისტრს მისირ მარდანოვს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის დიასპორებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარეს ნაზიმ იბრაგიმოვსა და რელიგიის კომიტეტის თავმჯდომარეს. ამის გარდა, მან საინგილოში იმოგზაურა.

ვიზიტის მიზანი იყო მინისტრი კარგად გაცნობოდა ქართული დიასპორის პრობლემებს აზერბაიჯანსა და საინგილოში, რათა შემდეგ დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტრომ შეძლოს იქ მცხოვრები ქართველების დახმარება. მინისტრმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ჩვენი მეზობელი და, იმავდროულად, მეგობარი ქვეყანაა, შესაბამისად, ყველა პრობლემა შეიძლება მოლაპარაკებით გადაწყდეს.

საინგილოში არსებობს ალიბეგლოს ილია ჭავჭავაძის სახელობის ქართული თეატრი. იულონ გაგოშიძემ და აზერბაიჯანის წარმომადგენლებმა მოილაპარაკეს იმის შესახებ, რომ თეატრი საქართველოში გამართავს გასტროლებს. სახელმწიფო მინისტრმა შესთავაზა მათ, რომ ამ თეატრში ქართულ ენაზეც დაიდგას ან ქართველი, ან აზერბაიჯანელი დრამატურგების სპექტაკლები.

კულტურის მინისტრთან შეხვედრისას ისაუბრეს ქურმუხის ეკლესიის შესახებ. აზერბაიჯანული მხარე ცდილობს, იგი აღიაროს ალბანური ხუროთმოძღვრების ძეგლად, ტაძარი წელიწადში მხოლოდ ორჯერ იხსნება – გიორგობის დღესასწაულზე. ამის გამო, მინისტრი დაუგეგმავად შეხვდა რელიგიის საკითხებში სახელმწიფო კომისიას. დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა დაარწმუნა იქაური საზოგადოება, რომ ეს არის ქართველების მიერ აგებული ეკლესია და საჭიროა წირვა-ლოცვის აღდგენა.

რაც შეეხება განათლებას, არსებობს თორმეტი შერეული სკოლა, ანუ აზერბაიჯანულ-ქართული. ზოგიერთი სკოლა ძალიან კარგად არის მოწყობილი, ზოგს დახმარება სჭირდება. მინისტრი ფიქრობს, რომ საჭიროა მათ დავეხმაროთ სახელმძღვანელოებით, საკვირაო სკოლებისა და საბავშვო ბაღების გახსნით. გავუგზავნოთ ქართველი მწერლებისა და პოეტების სურათები. იულონ გაგოშიძის აზრით, მისი სამდღიანი ვიზიტი აზერბაიჯანსა და საინგილოში ძალიან ნაყოფიერი იყო.

“მე ვარ შუამავალი საქართველოს ხელისუფლებასა და საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს შორის,” – განაცხადა მან აზერბაიჯანიდან ჩამოსვლის შემდეგ.

 (c) გაზეთი “საქართველოს რესპუბლიკა”

 

***

 

ივანე ჯავახიშვილი –  “საქართველოს საზღვრები”

§ 1. აღმოსავლეთის ხაზი. ჰერეთი.

საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთს კუთხეს მტკვრამდის ძველ დროს ჰერეთი ეწოდებოდა. ჯერ ამ კუთხის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი, რომლის სამზღვრად ჩრდილო-აღმოსავლეთით დაღესტანის მთები იყო, სახელდობრ კავკასიონის მთავარ უღელტეხილის ალაზნის შემდინარეების გამყოფელი ქედი. ჩრდილოეთით მას არიშის წყალი, სამხრეთით-კი ჯერ ალაზნისა და იორის შესართავი ჰსაზღვრავდა, ხოლო შემდეგ საზღვარი ალაზნის პირას ჩრდილოეთისაკენ მიდიოდა იმ ადგილამდის, საცა გიშის წყალი ალაზანს ერთვის. მერმე მოსამზღვრე ხაზი ამ გიშის წყალს სამხრეთით მდინარის გასწვრივ მისდევდა მის სათავემდე, რომელიც კავკასიონის უღელტეხილში იყო (ქართველი ერის ისტ. II, 309 და ვახუშტი. გეოგრაფია 304). რომ სამზღვარი გიშის წყლის სამხრეთით იყო, ეს ბურნაშევის 1784 წ. რუკითაც მტკიცდება (იხ. რუკა). მაგრამ სამხრეთის ამ ხაზის მდებარეობა ჩვენთვის მხოლოდ მაშინ გახდება ცხადი, თუ-კი გიშის წყლის მდებარეობა გამორკვეული გვექმნება. თანამედროვე რუსულ რუკებზე ამგვარი მდინარე და ციხე არსად არის აღნიშნული, მაგრამ ძველ ქართულს გიშს 5-ვერსიან რუკის მდ. კიში (р. Кишъ) უდრის, ხოლო გიშის ციხე დაახლოვებით იქ უნდა ყოფილიყო, სადაც ეხლა კიშ-კიშლაღი (Кишъ-кишлахъ) არის აღნიშნული (ჟ 9,64ø 30-4.1).

ამ ჟამად რუკებზე სახელები ისე სწერია, რომ გიშის წყალი არსად ერთვის ალაზანს, არამედ იგი ე. წ. აგრი-ჩაის შემდინარეა. ცხადია, რომ ძველ დროს თვით ეხლანდელს აკრი-ჩაისაც იმ ადგილითგან მოყოლებული, სადაც ეხლანდელი გიში (Кишъ) ერთვის, გიშის წყალი რქმევია. თუ ამ გარემოებას გავითვალისწინებთ, მაშინ გიშის წყალი მართლაც ალაზნის შემდინარედ გამოვა და ამ ადგილას საქართველოს განმსაზღვრელი ხაზის მდებარეობა სრულებით ნათლად წარმოგვიდგება.

საქართველოს ამ ნაწილს დიდი კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა. აქეთგან ავრცელებდა ქართველობა თავის გონებრივსა და სარწმუნოებრივს გავლენას დაღესტანზე და შაქზე. მაშინაც-კი, როდესაც საქართველო მონღოლთა შემოსევისა და ბატონობის წყალობით პოლიტიკურად დასუსტებული იყო, ქართველ ერს იმოდენი კულტურული ძალა შესწევდა, რომ თავისი განმანათლებელი მოღვაწეობა არ შეუწყვეტია და დადესტანში ქრისტიანობა გაუვრცელებია. ის ტორიას შენახული აქვს ცნობა, რომ მე-XIII-ე ს-ის დასასრულს გამოჩენილმა ქართველმა საეკლესიო მოღვაწემ პიმენ სალოსმა ბელაქნითგან თავისი ქადაგება ლეკეთშიც-კი გადაიტანა, “ნათესავი ლეკთა წარმათობისაგან მოაქცივნა” და გააქრისტიანა (ჟამთააღ. 89, გვ. 731). წერილობითი მოწმობის გარდა ქართველთა დაღესტანში განმანათლებელ მოღვაწეობის ძეგლებიც, ეკლესიის ნანგრევების სახით არის შენახული და თვით ხუნზახშიაც-კი იყო შერჩენილი იქაურ ეკლესიის ნანგრევის ქვა, ქართული ასომთავრული წარწერით შემკული (იხ. ე. თაყაიშვილი Арх. экскурсія II, 63).

ვითარცა მოსამზღვრე კუთხეს საქართველოს ამ ნაწილსაც ბედმა მრავალჯერ მიაყენა ზიანი და არა ერთხელ გაანადგურა. პირველად ჯერ კიდევ მე- XIII-ე ს.-ში მონღოლთა ბატონობის წყალობით სხვათა შორის ჰერეთიც ძალზე დაზიანდა (ჟამთააღ. * 875, გვ. 719). მაგრამ ამ ქვეყანას განსაკუთრებით შაჰაბაზმა მიაქცია თავისი მსახვრელი ყურადღება და ჯერ ისე ააოხრა და გააუკაცრიელა, რომ მცხოვრებნი აჰყარა და სპარსეთში გადაასახლა, ხოლო შემდეგ მათ მაგიერ თავის ერთგულ მაჰმადიან ტომს მისცა. მეტადრე მე-XVII-ე ს-ითგან მოყოლებული სპარსეთის შაჰების წყალობით და დაღესტანელთა შემოსევის და დაშენების გამო, მაჰმადიანობამ ჰერეთში ქრისტიანობას დაძლევა დაუწყო და ქართველი მოსახლეობაც შემცირდა. ძველი საგეოგრაფო სახელების მაგიერ ახალი გაჩნდა. გარეშე ძალის გავლენით ეს კუთხე სამ ერთეულად გაიყო. ერთს დაერქვა “ალის-სასულთნო”, მეორეს “ელისენი”, მესამეს “ჭარი”. უკანასკნელი სახელი ფიფინეთის ხეობას დაერქვა. ვახუშტის ცნობით ეს ხეობა არჩილ მეფის “შემდგომად იწოდა ჭარი”. (გეოგრაფია 306). რუსულ 5-ვერსიან რუკაზე ფიფინეთის მაგიერ მთა ფიფანი (დიდი და პატარა — Пипанъ, Б- Пипанъ) არის აღნიშნული, ჭარის მაგიერ-კი “ჯარი”-ა (Джары) დაბეჭდილი. მეფე ლევანმა ვახუშტის სიტყვით აქ თურმე ლეკები დაასახლა და ყოველწლიურად გადასახადად მხოლოდ ის მოვალეობა დააკისრა, “რათა უზიდონ ზაფხულს კავკასიდამ ყინული” (იქვე 306). მაშასადამე ფიფინეთის ხეობა ანუ ჭარი დაღესტნის მოსამზღვრე ნაწილია ელისენად იწოდებოდა ქვეყანა ბელაქნის “წყალსა და გიშის წყალს შორისი ალაზნამდე და კავკასამდე. (ვახუშტი. გეოგრაფია 306) მაგრამ ნამდვილად-კი ელისენსა და კავკასიონის ქედსშუა, შუაგულში მაინც, ჭარი იდვა. ამიტომ ცხადია, რომ ამ ადგილას ელისენი აღმოსავლეთ-ჩრდილოეთით კავკასიონის ქედს ვერ აღწევდა.

ალისულთნის სამფლობელოს სამზხღვრები ვახუშტს გარკვევით არა აქვს აღნიშნული (გეოგრაფია გვ. 304, შეად. 306). ანტონ კათალიკოზს თავის 1757 წ, დაწერილს თხზულებაში ნათქვამი აქვს ალისულტანი თაედაპირველად “კახის სულტნად სახელდებული” ყოფილა (იხ. მ. ჯანაშვილის საინგილო. ძველი საქართველო. II, 14). მაგრამ სამზღვრები არც მას, აქვს დასახელებული. ე. წ. თათრებისა და დაღესტნითგან ლეკების ჩამოსახლებამ საქართველოს მტრებს ჩვენს ქვეყანაში ამ მხრითგან შემოსევა გაუადვილა, რათგან სარწმუნოებრივი ერთობის წყალობით სპარსეთის შაჰის ჯარს ადვილად ემხრობოდენ ხოლმე. საქართველოს მეფეებსა და იმ დროინდელს მოღვაწეებს კარგად ესმოდათ ამ კუთხის უაღრესი მნიშვნელობა, რომ რაკი “არს ქვეყანა ეს. ძნელად შესასვლელი, ტყიანი, მრავალ-წყლიანი და მაგარი” (კათალიკოხ ანტონი, იხ. მ. ჯანაშვილის საინგილოში, გვ. 15), ამიტომ საქართველოსთვის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით საუცხოვო საფარს წარმოადგენდა. თუმცა ლეკები, რომელნიც ჭარში იყვნენ ჩასახლებულნი დრო-გამოშვებით არამც თუ ურჩობდნენ, არამედ ძარცვაგლეჯასაც-კი მისდევდნენ კახეთში, მაგრამ მაინც ერეკლე მეფის დროს, რუსეთთან 1783 წ. ხელშეკრულობის დადების დროსაც ეს კუთხე, როგორც საქართველოში მყოფ რუსეთის იმდროინდელ ელჩის ბურნაშევის რუკაზეც აღნიშნულია, საქართველოს სამზღვრებში შედიოდა და კახეთის ნაწილად ითვლებოდა. როდესაც რუსეთის მთავრობამ აღმ. საქართველოს დამოუკიდებლობა მოსპო და შეიერთა, ჭარი და ბელაქნის ოლქი, როგორც მას რუსები უწოდებდენ, ანუ საინგილო, როგორც ქართველები ეძახიან, ამ დროს არ დაუპყრიათ, არამედ მხოლოდ 1803 წ. დაიდო საინგილომ ხარკი და მორჩილება განაცხადა, საბოლოვოდ-კი 1830 წ. იყო შემოერთებული.

1886 წელს ზაქათალის ოლქში სულ 74449 მცხოვრები ითვლებოდა, აქეთგან 40225 ლეკი იყო, 21090 მუდანლო და 12430 ქართველი, 521 სომეხი (მ. ჯანაშვილი საინგილო 6). 1916 წელს ზაქათალის ოლქში მცხოვრებთა საერთო რიცხვი 76000 იყო. აქეთგან 19000 ქართველი და 45000 ლეკი, ხოლო თურქები, სპარსელები და ქურთები 12000 ითვლებოდა.

იხილეთ სრულად

 

 ***

 

ჰერეთის    (საინგილოს)   ისტორიული    მიმოხილვა

      საინგილო,  ანუ    ისტორიული  ჰერეთის  ერთი  ნაწილი  უძველესი  დროიდანვე   ქართველური  ტომებით  იყო  დასახლებული. ახ. წ. აღ–ით  I-II  საუკუნეებიდან  ჰერეთი   მტკიცედ  იყო  გაერთიანებული ქართლის   (იბერიის)   სახელმწიფოში. III-IV  სს–ში   ჰერეთი   და  ჰერები  აქტიურ  მონაწილეობას  იღებდნენ  ქართლის  (იბერიის)  სამეფოს  პოლიტიკურ  ცხოვრებაში. ამ  მხარეში განსაკუთრებით  დიდი  მნიშვნელობა  ჰქონდა  IV საუკუნის   პირველ  ნახევარში  მეფე  მირიანის  დროს  ქრისტიანობის  გავრცელებას. საისტორიო  წყაროებში  დაცული  ცნობებიდან  ირკვევა, რომ  ნინოს  მისიონერული  მოღვაწეობის  ობიექტთა  შორის  ერთ–ერთი  ძირითადი    ჰერეთის  ქვეყანა  ყოფილა.

      ჰერეთის  ტერიტორიაზე   ქრისტიანობის  გავრცელების  ფაქტი  თავის  მხრივ  დაკავშირებული  იყო  ქართველი  ხალხის  კონსოლიდაციასთან. შუა  საუკუნეებში  რელიგიური  ნიშანი,   ე.ი. ამა  თუ  იმ  საეკლესიო  ორგანიზაციისადმი  დაქვემდებარება  ერთ–ერთი  გადამწყვეტი  იყო. მისი  მიხედვით  განისაზღვრებოდა  ინდივიდისა, თუ  კოლექტივის  შესაბამის  ეთნიკურ  ჯგუფში  მონაწილეობა. ჰერეთის  გაქრისტიანების  საკითხის  შესწავლა    შესაძლებლობას  გვაძლევს  ვიმსჯელოთ  არა  მარტო    მათ   პოლიტიკურ–კულტურულ  ორიენტაციაზე, არამედ  ეთნიკურ  თვითშეგნებაზეც. ქრისტიანული   კულტურის  დამნერგავი მთავარი  ცენტრი   ჰერეთისათვის  იყო  ქართლი. აქედან  მიდიოდნენ  მისონერები, აქედან  წარმოებდა  ქრისტიანობის  პროპაგანდა და  სხვა ხელშემწყობი ღონისძიებანი.

          V   საუკუნეში   ვახტანგ  გორგასლის   ეპოქაში  ჰერეთი  ქართლის  სამეფოს   ერთ–ერთი  საერისთაო  იყო. მის  სახელთან  არის  დაკავშირებული   ჰერეთში  ქალაქების, ეკლესიების, საეპისკოპოსო  კათედრების  (ბოდბე, ხორნაბუჯი, ბახალათი, ანუ  ბახთალო, გიში  და  სხვა.) აგება – დაარსება, და  საერთოდ  მრავალი  დიდი  პოლიტიკურ–ადმინისტრაციული  და  კულტურული  ღონისძიებების  გატარება. ქართულ  საისტორიო  წყაროებში  დაცული  ცნობების  მიხედვით  ვახტანგ  გორგასლის  დროს, ჰერეთის  ჩრდილო–აღმოსავლეთ  ნაწილში, წუქეთში (თანამედროვე  კახის  რაიონი)  იჯდა  მთავარი, რომლის  სამფლობელოც  წუქეთის  გარდა  მოიცავდა  ხუნძეთს  (კავკასიონის  მთავარი  ქედის  გადაღმა  მცხოვრები  თანამედროვე   იმიერკავკასიელი  ტომების: ხუნძების, ავარების, წახურების  ტერიტორია).

          ჰერეთი, ვახტანგ  გორგასლის  ეპოქაში  გატარებული  სახელმწიფოებრივი  რეფორმების  პერიოდში,  ქართლის    სახელმწიფოს  უშუალო  და  ორგანული  შემადგენელი  ნაწილი იყო. ჰერეთის  საეპისკოპოსოები  ქართლის  კათალიკოსის  იურისდიქციას  ექვემდებარებოდნენ. ძირითადი  ენა  იყო  ქართული. პოლიტიკურადა   ჰერეთი  ქართლის  შემადგენლობაში შედიოდა.

          კიდევ  უფრო  ნიშანდობლივია   ცნობები  VIII  საუკუნის  ქართველთა  მეფის  არჩილის  მოღვაწეობის  შესახებ. იგი  აშენებს  ციხე – ქალაქებს  (მათ  შორის  ნუხპატს), ეკლესია – მონასტრებს: კასრი, ყუმის  სამ  ეკლესიიანი  ბაზილიკა, ლექეთის   მრგვალი  ტაძარი. აწყობს  ქვეყანას  ადმინისტრაციულად.

        VIII-IX  საუკუნეში  წარმოიშვა  ქართული  ფეოდალური  სამეფო–სამთავროები, რომელთა  შორის   ერთ–ერთი  ჰერეთი  იყო.

         XI  საუკუნის  ოციან  წლებში, კახეთის  მეფის  კვირიკე  III დიდის  (1009–1037) დროს   დასრულდა   ჰერეთ–კახეთის  პოლიტიკური  შერწყმის  პროცესი   და  წარმოიქმნა  ე. წ.   „რანთა  და  კახთა“ სამეფო. თუმცა  იგი  ისტორიულ   წყაროებში   კვლავაც  იხსენიება   XV  საუკუნის  დასასრულამდე. კვირიკე  III დიდს  მიეწერება „რანთა  და  კახთა“  სამეფოს  ადმინისტრაციული  მოწყობა, კერძოდ, მთელი  სამეფო  დაყოფილ  იქნა  შვიდ  საერისთაოდ  (სამი  კახეთში  და  ოთხი  ჰერეთში). ჰერეთის  საერისთაოებს  წარმოადგენდნენ: ხორნაბუჯის, ვეჯინის, მაჭის  და  შტორის. თანამედროვე  საინგილოს  ტერიტორია  ექვემდებარებოდა  მაჭის  ერისთავს. მემატიანის   გადმოცემით, კვირიკე  III   მაჭის   ერისთავს  მისცა:  „მაჭის  წყლის  (თანამედროვე  მაზიმ–ჩაი)  ქვეით   და  ალაზნის  აღმოსავლეთი  შაკიხითურთ  და  ხუნძახითურთ.

          XII  საუკუნის  პირველ  მეოთხედში, დავით  აღმაშენებლის   (1089–1125) ხანაში, ჰერეთის  ქვეყანა  საბოლოოდ  ჩამოყალიბდა  გაერთიანებული  ფეოდალური  საქართველოს პოლიტიკურ  ფარგლებში. ამიერიდან  ვიდრე  XV  საუკუნემდე  ჰერეთი  ერთიანი  საქართველოს  განუყოფელი  ნაწილი  იყო. იგი  აქტიურად  მონაწილეობდა  ქვეყნის  სოციალურ–ეკონომიკურ,  პოლიტიკურ  და  კულტურულ    ცხოვრებაში.             

           წერილობით   წყაროებში  დაცული  ცნობების  გარდა, ყოველივე  ამის  ცოცხალი  და  უტყუარი   მოწმეა   ისტორიული  ჰერეთის  ტერიტორიაზე  დღემდე  შემონახული  ტიპიური  ქართული    ხუროთმოძღვრების  შესანიშნავი   ძეგლები. ქართული  ტოპონიმიკა  და  ქართული  ეპიგრაფიკის  ბრწყინვალე  ნიმუშები.

            XV  საუკუნეში   ერთიანი   ქართული  სახელმწიფოს   დაშლის  შემდეგ   ისტორიული  ჰერეთის   ტერიტორია  კახეთის   სამეფოს   შემადგენლობაში   შედიოდა.

            1604  წელს       შაჰ–აბას I–მა, კახეთის  მეფე  ალექსანდრეს   (1574–1605) მისი  სამეფოს  აღმოსავლეთი   ნაწილი    კაკი   გამოსთხოვა   და  ელისუს  სასულთნო  ჩამოაყალიბა. სულთნობა  გამაჰმადიანებულ   ქართველ  თავადს   ალიბეგ  ვახვახიშვილს  უბოძა. ამ  ტერიტორიის  სანაცვლოდ    ვერაგმა  შაჰმა  კახეთის  მეფეს    სპარსეთში    სოფლები   მისცა  და  ჯამაგირი  დაუნიშნა. ამით  მან   კახეთის  სამეფოს    სტრატეგიულად   მნიშვნელოვანი     პუნქტი   წაართვა, რამაც  ქართულ   სახელმწიფოებრიობას    საფუძველი   შეურყია.

            XVII  საუკუნეში    ამ  მხარის  მთის  ძირა  სოფლებში  მასობრივად  ჩამოსახლდნენ  დაღესტნის  მთიელები. XVIII  საუკუნის  პირველ   ნახევარში   აქ    საბოლოოდ  ჩამოყალიბდა   ავარიელი    (ჭარის, ბელაქნის, კატეხის, თალას, მუხახის, ჯინიხის)  და  წახურელი  (წახურის, ელისუს, სუვაგილის  და  ყარადულაკის)  ლეკების, ე.წ. თავისუფალი  (უბატონო)  თემები, რომელთაც  ოსმალეთ–ირანის  მხარდაჭერით    კახეთის  სამეფოს   ძირძველი  ჩრდილო–აღმოსავლეთი  მიწა–წყალი  დაიპყრეს, ხოლო  ადგილობრივი  მკვიდრი  ქართველი  მოსახლეობა  (შემდგომში  ინგილოები) დაიმორჩილეს, დააყმევეს   და  იძულებით  გაამაჰმადიანეს. თითოეული  ეს  თემი  თავის  მხრივ  იყოფოდა  გაბატონებულ  ლეკთა  თავისუფალ  სოფლებად  და  დამორჩილებული  ინგილოებისა  და  მუღალების  სოფლებად, რომლებიც  იხდიდნენ  გადასახადს    ამ  ე.წ. მფლობელი  ტემების  სასარგებლოდ. ეს  სოფლები  წყაროებში  იწოდებიან    საქეშქელო  სოფლებად (ქეშქელი  ერქვა  იმ  გადასახადს, რომელსაც  ინგილოები  და  მუღალები   ლეკთა  სასარგებლოდ  იხდიდნენ). დამორჩილებულ   და  დაბეგრილ ქართველ  გლეხს   ეწოდა  „ინგილო“. ტერმინი  ინგილოს   სხვადასხვა  განმარტება  არსებობს: ზოგი  მეცნიერის  აზრით, იგი  ახლად  მოქცეულს  ნიშნავს, ზოგი   მოსაზრების  თანახმად, იგი  მომდინარეობს  კახის   რაიონის  სოფელ  ჰენგიანის  სახელწოდებიდან.  „ენგილა“ სპარსულლად  ამოძირკულის, ამოგდებულის   შესატყვისია. ამ  მოსაზრებებს  შორის   უდავო  ჭეშმარიტება   მხოლოდ  ის  არის, რომ  ინგილო  ეთნიკური  ტერმინი  არ  არის, ამ  ტერმინის  გამოყენება  ადგილობრივი  ქართველი  მოსახლეობის  მიმართ     XVIII  საუკუნის  ბოლოდან იწყება.

     როგორც  ცნობილია, XIX   საუკუნეში   მეფის  რუსეთმა რამდენჯერმე  მოახდინა  ზაქათალის  ოლქის   „საინგილო“ კამერალური  აღწერა (1859 წ, 1871 წ, 1886 წ). ამ  აღწერების  მასალების  მიხედვით, ყოველი  ინგილოური  სოფლის  გასწვრივ, სპეციალურ  გრაფაში   გარკვევით  არის   აღნიშნული: ეროვნება   –  ქართველი.

      1830  წელს   მეფის  რუსეთმა  საინგილოს  ერთი   ნაწილი, ჭარ–ბელაქანი  დაიმორჩილა. იმავე  წელს ელისუს  სასულთნო    ყმადნაფიცობისა  და  ხარკის  გადახდის  პირობით, რუსეთის  იმპერიას  დაექვემდებარა.

      1839  წელს   საინგილო  დაიყო   ხუთ   სამაღალოდ:  ჭარის, თალის, ენისელი, ბელაქნისა  და  მთის. ელისუს  სასულთნო, რომელიც  ცალკე  პოლიტიკურ  ერთეულს  წარმოადგენდა, მეექვსე  სამაღალო   იყო.

      1840  წელს  ამირკავკასიაში  ჩატარებული  რეფორმების  დროს  საინგილოს  დასავლეთი  ნაწილი  ჭარ–ბელაქანი   ბელაქნის  მაზრის  სახით  საქართველო–იმერეთის  გუბერნიის  შემადგენლობაში  შევიდა, რომელიც  სამ – ჭარის,   თალის და  ენისელის   უბნებად  დაყვეს. ჭარის  უბანში   ჭარისა   და  ბელაქნის  სამაღალოები  შევიდა, თალის  უბანს  თალისა  და  მთის  სამაღალოები  მიაკუთვნეს. ენისელის  უბანმა  ენისელის, მუღალის, ჩაბანველის   და  ბაზრის  საზოგადოებები  მოიცვა. საინგილოს   სამხრეთ–აღმოსავლეთ  ნაწილს – ელისუს  სასულთნოს, ეს  ახალი  ადმინისტრაციულ–ტერიტორიული  დაყოფა  არ  შეხებია.

     1842  წელს   ჭარ–ბელაქანში  გაუქმდა  სამოქალაქო  მმართველობა  და  ეს  მხარე  მთლიანად  სამხედრო  მმართველობას  დაემორჩილა. ბელაქნის  მაზრა  კვლავ  ჭარ–ბელაქნის  ოკრუგად  გადაკეთდა.

     1844   წელს   ელისულ  სასულთნო  გააუქმეს  და  იგი   ჭარ–ბელაქნის   სამხედრო–სამოქალაქო  ოკრუგს  შეუერთეს. ამ  ორი  ადმინისტრაციული  ერთეულის  გაერთიანების  შედეგად  შეიქმნა  ჭარ–ბელაქნის  ოლქი. 

      1859  წელს  ჭარ–ბელაქნის  სამხედრო  ოლქს   კვლავ  ჭარ–ბელაქნის   სამხედრო  ოკრუგი  უწოდეს. 1860  წელს  ჭარ–ბელაქნის   ოკრუგი   ზაქათლის  ოკრუგად  გადაკეთდა.

       1883  წელს, როდესაც  სამხედრო   სახალხო  მმართველობა  გაუქმდა, ზაქათლის  ოკრუგი  უშუალოდ  კავკასიის  მეფისნაცვალს  დაექვემდებარა. 

       1909   წელს   საინგილოს   (ზაქათლის  ოკრუგი)  თბილისის  გუბერნიისადმი  გადმოცემის  საკითხი  დაისვა. XIX ს–ის დასასრულს   და  XX ს–ის  დასაწყისში ზაქათლის  ოკრუგი  გეოგრაფიული, ეკონომიკური, ადმინისტრაციული  და  ისტორიული  თვალსაზრისთ  თბილისის  შემადგენელ  ნაწილად  განიხილებოდა, მაგრამ  მისი  გადმოცემის    საკითხი  ბოლომდე  გაურკვეველი  დარჩა.

         1921  წელს    საბჭოთა  რუსეთმა   საქართველოს    ტერიტორიის   ნაწილი  –  საინგილო   აზერბაიჯანს  გადასცა.  

          დღეს   საინგილოს   ტერიტორია  მოიცავს    ბელაქნის, ზაქათლისა  და  კახის  რაიონებს. 

         

           თემურ    ტარტარაშვილი

 infohereti.ge

 

 ***

ტერმინ საინგილო-ზე ბევრი ვერსია არსებობს. ძირითადი ვერსიის თანახმად ინგილო ნიშნავს ახლად რჯულნაცვალს და დამკვიდრდა შაჰ აბას პირველის დროს, როცა მოხდა ადგილობრივ ჰერებში მაჰმადიანობის მასიური გავრცელება. ანუ ინგილო სოციალური ტერმინია და არა გეოგრაფიული ტოპონიმი. ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში ჰერეთის იმ ნაწილს სადაც გამაჰმადიანებული ჰერები (ინგილოები) ცხოვრობდნენ საინგილო შეერქვა. თუმცა ხშირად ხდებოდა ისეთი რამ, რომ ჰერები მასიურად უბრუნდებოდნენ ქრისტიანულ რჯულს, ასე რომ მათ აღარ ერქვათ ინგილოები და არც მათ საცხოვრებელ არეალს უნდა რქმოდა საინგილო.

ტოპონიმ ჰერეთი-ს სრულად აღსაწერად უნდა ითქვას რომ ის მოიცავდა თანამედროვე მარნეულის და გარდაბნის მუნიციპალიტეტების სამხრეთ აღმოსავლეთს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის (კუხეთის) სამხრეთს, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს (კამბეჩოვანი), გურჯაანის, ყვარლის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებს; საზღვარს იქეთ მოიცავს ჯეირანჩოლის ველს, ბელაქანის, ზაქათალას, კახის და ნაწილობრივ შექის რაიონებს. ეს სრული ვერსია. და “მინი” ჰერეთის საზღვრები ასეთია- ნეკრესიდან გიშამდე.

 

***

 

როგორ გააჩუქეს ორჯონიკიძემ და სტალინმა საინგილო

 
 

როგორ გააჩუქეს ორჯონიკიძემ და სტალინმა საინგილო1918 წლის 26 მაისს, ამიერკავკასიის ფედერაციის დაშლის შემდეგ საქართველოს მსგავსად დამოუკიდებლობა აზერბაიჯანმაც გამოაცხადა. 28 მაისს თბილისში, მთავარმმართებლის ყოფილ სასახლეში ამიერკავკასიის ფედერაციის სეიმში აზერბაიჯანის დეპუტაცია და საზოგადოების წარმომადგენლები შეიკრიბნენ. კრებამ ერთხმად მიიღო აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის აქტი. აირჩიეს მთავრობა, რომელიც მოგვიანებით სამუშაოდ ბაქოში გადავიდა.

1919 წელს პარიზის სამშვიდობო კონფერენციაზე, ამიერკავკასიის სხვა რესპუბლიკების დარად, აზერბაიჯანის მთავრობამაც წარადგინა თავისი მოთხოვნები და საგანგებო მოხსენება, რომელშიც აღნიშნული იყო, რა საზღვრებში ესახებოდა მუსავატების მმართველ პარტიას მომავალი აზერბაიჯანის რესპუბლიკის არსებობა. მოხსენების მიხედვით, “აზერბაიჯანის საზღვრებში უნდა მოქცეულიყო საინგილო (ზაქათალა), ბორჩალოს მაზრა, ახალციხის მაზრა, ბათუმის ოლქი. მაშასადამე, უძველესი ქართული ტერიტორიების გარდა, აზერბაიჯანი მოითხოვდა, აგრეთვე, მესხეთს ბათუმითურთ” (ვიქტორ ნოზაძე).

ადვილი მისახვედრია აზერბაიჯანელ პოლიტიკოსთა გათვლა. ისინი იმ ქართულ პროვინციებს ადებდნენ ხელს, რომლის მოსახლეობას მუსლიმი ქართველები შეადგენდნენ. ამდენად, მათი მოთხოვნა უპირველესად რელიგიურ პრინციპებს ემყარებოდა. ამასთანავე, ამ მოთხოვნის შესრულების შემთხვევაში აზერბაიჯანს ზღვაზე გასასვლელი ეძლეოდა, რაც ესოდენ ესაჭიროებოდა ამ ქვეყანას. 

KvirisPalitra.Geსაერთოდ, როგორც აზერბაიჯანი, ასევე სომხეთიც, ყოველთვის ცდილობდა თავისი ტერიტორიული პრეტენზიები საქართველოს მიმართ ისე ჩამოეყალიბებინა, რომ წარმატების შემთხვევაში ზღვაზე გასასვლელი მოეპოვებინათ.

1920 წლის აპრილში აზერბაიჯანში საბჭოთა რეჟიმი დამყარდა. 28 აპრილს აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცკ-ის “თხოვნით” რუსეთის მთავრობამ ბაქოში ჯარი შეიყვანა და თავისი დიქტატურა დაამყარა. ამავე დროს, აზერბაიჯანის რევკომმა აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნა გამოაცხადა. 

1920 წლის 7 მაისს, მოსკოვში ხელი მოეწერა რუსეთსა და საქართველოს შორის საზავო ხელშეკრულებას, რომლითაც რუსეთმა ოფიციალურად აღიარა ზაქათალის ოლქი საქართველოს შემადგენლობაში. ხელშეკრულების მე-4 მუხლში ვკითხულობთ: “რუსეთი ვალდებულობს, უეჭველად ცნოს საქართველოს შემადგენლობაში: ზაქათალისა და სოხუმის ოლქები”. 

ვინაიდან იმხანად ბაქოში რუსეთის პროტექტორატის “ქვეშ” მყოფი საბჭოთა მთავრობა იყო მოკალათებული, ამ უკანასკნელმა, ბუნებრივია, ცნო ზაქათალის ოლქი საქართველოს შემადგენლობაში. 1921 წლის 21 თებერვალს მიღებულ “საქართველოს კონსტიტუციაში” უკვე ერთმნიშვნელოვნად იყო მითითებული, რომ ზაქათალის ოლქი წარმოადგენდა საქართველოს განუყოფელ ნაწილს და მას ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობის უფლება ენიჭებოდა.

საქართველოს გასაბჭოების შემდეგ აზერბაიჯანს, სომხეთის მსგავსად, არ გამოუჩენია დიდი ენთუზიაზმი სადავო ტერიტორიების შემოსაერთებლად, ამიერკავკასიის საბჭოთა რესპუბლიკებს შორის სადავო საზღვრების მოსაწესრიგებლად. 

1921 წლის 2 მაისს რკპ(ბ) ცკ-ის კავკასიის ბიურომ შექმნა საგანგებო, შემათანხმებელი კომისია, რომლის 26 ივნისის სხდომის ოქმში ვკითხულობთ: “კომისია გადადის მორიგი საკითხის – საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის გავლების საკითხის განხილვაზე. 

KvirisPalitra.Geზაქათალის ოლქისა და ყარაიაზის უბნის საკითხებზე შემდეგი მოდუსი შეიმუშავეს: პოლიტიკური მოსაზრებით, აზერბაიჯანის სსრ პრეტენზიას არ აცხადებს, იურიდიულად ცნოს და დაუმტკიცოს თათარ გლეხებს, რომ მათ უდავოდ უფლება აქვთ, ფაქტობრივად, ისარგებლონ იმ მიწებით (საძოვრებითა და სხვა სავარგულებით), რომლებსაც მეფისა და მენშევიკების რეჟიმის დროს ფლობდნენ” (აღნიშნული დოკუმენტი მოიძია ცნობილმა ქართველმა ისტორიკოსმა ლევან თოიძემ და პირველად მან შემოიტანა ქართულ ისტორიოგრაფიაში). 

თითქოს ამ ჩანაწერიდან ისე ჩანს, რომ აზერბაიჯანის სსრ-ს ტერიტორიული პრეტენზიები არ ჰქონდა საქართველოსთან, მაგრამ რამდენიმე თვეში ვითარება კარდინალურად შეიცვალა, ისევ და ისევ “ზემოდან დაწოლით”. საქმე ის არის, რომ ამ დროს რკპ(ბ) ცკ-ის კავკასიის ბიუროს სხდომას ესწრებოდა მოსკოვიდან ახლად ჩამოსული იოსებ სტალინი. 

სწორედ ორჯონიკიძესა და სტალინს შორის შეთანხმების შედეგად საბოლოოდ გადაწყდა საქართველოს ძირძველი კუთხის, საინგილოს აზერბაიჯანისადმი გადაცემა. 1921 წლის 5 ივლისს გაირკვა, რომ ზაქათალა და ყარაიაზის უბანი აზერბაიჯანის შემადგენლობაში რჩებოდა. მოგვიანებით, 1921 წლის 15 ნოემბერს, ეს თავს მოხვეული შეთანხმება დაამტკიცა ბუდუ მდივანისა და მუხტარ გაჯიევის ხელმოწერამ.

მთლიანად, 1921 წელს აზერბაიჯანს გადაეცა 4768 კვკმ ფართობი, აქედან ზაქათალის ოლქი მოიცავდა 3564 კვკმ-ს, გარეჯის ველი და ქვემო ყარაიას სექტორი – 658 კვკმ-ს, ელდარის ველი 546 კვკმ-ს. 

ჯაბა სამუშია

ისტორიულ-შემეცნებითი ჟურნალი ”ისტორიანი”

30-06-2011

 kvirispalitra.ge

 

***

ზაზა წულაძე: ინგილოები – „სტრატეგიული ძმობის“ მსხვერპლნი. აზერბაიჯანში ქართველთა უფლებები მასობრივად ირღვევა

 

***

 

საინგილოში მამა ბასილს ავიწროვებენ

10-05-2011

საინგილოში მამა ბასილს ავიწროვებენგიორგობისთვის კახეთის საინფორმაციო ცენტრის კორესპონდენტი საინგილოში, კახის რაიონში იმყოფებოდა. როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, 25 აპრილს, მიცვალებულთა მოხსენიების დღეს, კახის წმინდა გიორგის ეკლესიის მოძღვარი, მამა ბასილი, ადგილობრივი უშიშროების განყოფილების თანამშრომლებმა საფლავებზე არ გაუშვეს და პარაკლისის გადახდის საშუალება არ მისცეს. კახის მაცხოვრებლების თქმით, წმინდა გიორგის ეკლესია გარედან ნახევრად არის გათეთრებული. უშიშროების თანამშრომლებმა მორჩილები ხარაჩოებიდან ჩამოყარეს.

„სხვა მღვდლებმა ვერ გაუძლეს ასეთ ზეწოლას და აქედან წავიდნენ. მამა ბასილი იბრძვის. კანონები არ არსებობს საერთოდ, უშიშროება, დაშინება, დამუქრება, ეს არის აზერბაიჯანელების მეთოდი. საბავშვო ბაღის ერთ-ერთი მასწავლებელი ეკლესიაში დადის და ეუბნებიან, რატომ დადიხარ, ბოლომდე აქ უნდა იყოო და ა.შ. სამსახურის დაკარგვით ემუქრებიან. მე სამსახური უკვე დაკარგული მაქვს, თვითონ წამოვედი“, – აღნიშნა სოფელ ალიბეგლოს მკვიდრმა ნ. ბ-შვილმა.

„მოძღვარი პარასკევს მოდიოდა ხოლმე ალიბეგლოს ეკლესიაში და პარაკლისს იხდიდა, მაგრამ დაუშალეს. ამ ეკლესიის მღვდელი არ ხარ და უფლება არ გაქვსო. რამდენი ხანია ალიბეგლოს წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში პარაკლისებს ვეღარ იხდის. მამაოს ძალიან ემუქრებიან და ავიწროებენ, შეურაცხყოფას აყენებენ. აიძულებენ, რომ აქედან წავიდეს. მაგალითად, აღდგომის მეორე დღეს საფლავების კურთხევა აუკრძალეს“, – აღნიშნა ალიბეგლოს მკვიდრმა თ. ბ-შვილმა.

„კახის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში მოძღვარის კურთხევით ყვავილები დარგეს, მაგრამ უშიშროების თანამშრომლებმა დააგლეჯინეს. ეკლესია ნახევრად არის გარედან გათეთრებული. მორჩილები ხარაჩოებიდან ჩამოყარეს და სამუშაოების დამთავრების უფლება არ მისცეს“, – გვითხრა კახის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელმაც გვთხოვა, მისი ვინაობა არ გაგვემჟღავნებინა.

„საქართველოდან ხშირად ჩამოდის ხოლმე ორი კაცი, რომლებიც არაფერს არ წარმოადგენენ, მაგრამ სულ მამაოს დასდევენ, საღამოობით კი კახის რაიონის უშიშროების წარმომადგენლებთან ერთად ქეიფობენ. მოძღვარს მარტო არსად წასვლის საშუალებას არ აძლევენ. ყველგან თან დასდევენ, გვითვალთვალებენ და ისმენენ ეკლესიაში ვინ რაზე ვლაპარაკობთ. მერე, რასაც მამაოს შევჩივლებთ ხოლმე, იმ ამბებზე უშიშროების თანამშრომლები მოდიან სახლში და გვემუქრებიან“, – ამბობს კახის კიდევ ერთი მცხოვრები ქალბატონი.

„კახში ერთი მოქმედი ეკლესიაა. ქურმუხი დაკეტილი აქვთ. მეორე ეკლესია ნახეთ? ალავერდის სახელობისაა. ჩემს ბავშვობაში მანდ კოლმეურნეობის საწყობი იყო ხორბლისთვის, მამაჩემს დავყავდი და ტომრებში ვყრიდით. იცით, რა ლამაზი ფრესკები იყო? ახლა აღარ არის. ჯერ ეთნოგრაფიული მუზეუმი გახსნეს, თავიანთი რაღაცეები გამოფინეს. მერე ცოტა გაფიცვასავით, მიტინგივით ჩავატარეთ და მუზეუმი გვერდით, სხვა შენობაში გადაიტანეს, მაგრამ ეკლესია მაინც დაკეტილია. გარედან გადაღების უფლებაც არავის აქვს. მაგაზე ხალხი დაიჭირეს“, – აღნიშნავს ალიბეგლოში მცხოვრები ქალბატონი.

საინგილოში მცხოვრები ქართველები, რომლებმაც ამ დრომდე შეინარჩუნეს სარწმუნოება, ამბობენ, რომ საქართველოს ხელისუფლებიდან ყურადღებას საერთოდ ვერ გრძნობენ.

 http://7days.ge/index2.php?newsid=4772

 

***

საინგილოდან მამა ბასილი გამოაძევეს

15.08.11  “ჯი-ეიჩ-ენი”

საინგილოდან ერთადერთი მოძღვარი, მამა ბასილი გამოაძევეს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი იტყობინება. მათივე ინფორმციით, მამა ბასილი კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურობდა. გამოძევებამდე კახის რაიონის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა მოძღვარს ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობა და ტაძრის ფასადის შეთეთრებაც აუკრძალეს, სამუშაოების წარმოების დროს კი მორჩილები ხარაჩოებიდან ჩამოყარეს.

მამა ბასილზე ზეწოლის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრი მაისში წერდა. კახის მაცხოვრებლები ამბობდნენ, რომ სხვა მღვდლებმა ასეთ ზეწოლას ვერ გაუძლეს და საინგილოდან წავიდნენ, მამა ბასილი კი შეურაცხყოფას მოთმინებით იტანდა.

„მამაოს ძალიან ემუქრებოდნენ და ავიწროვებდნენ, შეურაცხყოფას აყენებდნენ. აიძულებდნენ, რომ აქედან წასულიყო. მაგალითად, აღდგომის მეორე დღეს საფლავების კურთხევა აუკრძალეს”, – აღნიშნა ალიბეგლოს მკვიდრმა თ. ბ-შვილმა.

„კახის წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში მოძღვარის კურთხევით ყვავილები დავრგეთ, მაგრამ უშიშროების თანამშრომლებმა დაგვაგლეჯინეს. ეკლესია ნახევრად არის გარედან გათეთრებული. მორჩილები ხარაჩოებიდან ჩამოყარეს და სამუშაოების დამთავრების უფლება არ მისცეს”, – გვითხრა კახის ერთ-ერთმა მცხოვრებმა, რომელმაც გვთხოვა, მისი ვინაობა არ გაგვემჟღავნებინა.

„მოძღვარს მარტო არსად წასვლის საშუალებას არ აძლევდნენ. ყველგან თან დასდევდნენ, უთვალთვალებდნენ და ისმენდნენ ეკლესიაში ვინ რაზე ვლაპარაკობდით. რასაც მამაოს შევჩივლებდით ხოლმე, იმ ამბებზე უშიშროების თანამშრომლები მოდიოდნენ სახლში და გვემუქრებოდნენ”, – აღნიშნა თ. თ-შვილმა.

კახეთის საინფორმაციო ცენტრის კომენტარისთვის ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსს მელქისედეკს დაუკავშირდა. ეპისკოპოსმა მამა ბასილზე ზეწოლა და მოძღვარის ჰერეთიდან გამოძევების ფაქტი უარყო. „პატრიარქის კურთხევით მამა ბასილი გადმოყვანილ იქნა თბილისში, კახში კი მამათა მონასტერმა დაიწყო ფუნქციონირება და მამა დემეტრე გაიგზავნა საქართველოდან, რომელიც არის ბერი. მე სხვა არაფერი ვიცი”, – აღნიშნა ეპისკოპოსმა.

შეგახსენებთ, რომ 6 მაისს, გიორგობას, კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში წირვა – ლოცვა მეუფე მელქისედეკმა აღავლინა. ქადაგების დროს მეუფემ განაცხადა, რომ რაც საინგილოში ხდება, ძალიან ცუდია. „მრევლი შემცირებულია. მე ძმობა ცალმხრივი არ ვიცი. მოვუწოდებ ქართულ მხარეს, საქართველოს ხელისუფლებას, რომ აქ მცხოვრებ ქართველებს, რომლებიც წინააღმდეგობის მიუხედავად ინარჩუნებენ ქართულ ტრადიციებს, კულტურას, ენას და სარწმუნოებას, ყურადღება მიაქციოს“, – აღნიშნა ეპისკოპოსმა.

http://ghn.ge/news-48579.html

 

***

 

 მიტოვებული ინგილოები და ასიმილაციის საფრთხე

 

16.08.2011

[ნიკა მეტრეველი]

უკვე ორი წელი სრულდება, რაც ჰერები (ინგილოები) კახში ქართული კულტურის ცენტრის აღდგენას ითხოვენ. ადგილობრივმა ქართველებმა შესაბამისი წერილით აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მიმართეს. სამართლიან მოთხოვნაზე ადექვატური რეაგირება არ მომხდარა.

კახის ქართული კულტურის ცენტრი 2009 წლის წლის 4 ოქტომბერს საეჭვო ვითარებაში დაიწვა. შენობას ცეცხლი დილის ოთხ საათზე გაუჩნდა. ხანძრის შედეგად ცენტრის მნიშვნელოვანი ნაწილი განადგურდა. მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

სამწუხაროდ, კახის რაიონის ადმინისტრაცია კულტურის ცენტრის აღდგენას და ქართველებისთვის დაბრუნებას აღარ აპირებს. სავარაუდოდ, ცენტრის ადგილს სხვა დანიშნულების ახალი ნაგებობა დაიკავებს. კახში მცხოვრებ ქართველებს კი კლუბის შენობას სთავაზობენ, რომელიც თითქმის მთლიანად გაპარტახებულია და მასში მუშაობა შეუძლებელია. ადგილობრივების ინფორმაციით, იქ არცერთი სკამი და მაგიდა არ დგას.

აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრო პრობლემატური საკითხის გადაწყვეტაზე პასუხისმგებლობას, როგორც წესი, კახის ადგილობრივ ადმინისტრაციას აკისრებს და ამით ხელებსაც იბანს. ხოლო ადმინისტრაციას საინგილოს ქართველების კანონიერი მოთხოვნები ყურადღების ღირსადაც კი არ მიაჩნია. მათი ამგვარი დამოკიდებულება თბილისში „არამეგობრულ ჟესტად“ ფასდება. თუმცა ქართული მხარის რეაქცია, სამწუხაროდ ამაზე შორს არ მიდის.

კვლავაც რეალურია საინგილოში მცხოვრები ქართველების სრული ასიმილაციის საფრთხე. 20 ათასამდე გამაჰმადიანებულ ქართველს დღემდე ვერ დაუმტკიცებია საკუთარი ისტორიული წარმომავლობა.  სოციალურთან ერთად მეტად მწვავედ დგას ქართული სკოლის, ენის შენარჩუნების პრობლემა. დღემდე ზაქათალის და ბელაქნის სოფლების შერეულ, ქართულ–აზერბაიჯანულ სკოლებში მხოლოდ აზერბაიჯანული მოსამზადებელი კლასები ფუნქციონირებენ.

მშობელს 5 წლის ბავშვი იძულებით აზერბაიჯანულ მოსამზადებელ კლასში მიჰყავს, ხოლო ერთი წლის შემდეგ ქართულ სექტორზე, პირველ კლასში გადაყვანა სასტიკად აკრძალული აქვს. ამის შედეგად გასულ სექტემბერში ამ სოფლების ქართულ სექტორებზე მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი პატარები მიიყვანეს, რაც კატასტროფის ტოლფასია. ქართული სექტორის გაუქმება კი ენის დაკარგვის დასაწყისს ნიშნავს.

ინგილო პედაგოგების, მშობლების არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, პრობლემა დღემდე არ გადაწყვეტილა. ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ქვემო ქართლში აზერბაიჯანულ სკოლებს, ენას განვითარების ყველა პირობა და შესაძლებლობა აქვთ. ინგილო მშობლებს ეკრძალებათ შვილებისთვის ქართული წარმოშობის სახელების დარქმევა, აღარაფერს ვამბობთ ისტორიული გვარების აღდგენის შეუძლებლობაზე. ამ სამარცხვინო საკითხების ჩამოთვლა აქ შორს წაგვიყვანს.

დღემდე კბილებით შენარჩუნებულ ქართულ სკოლებს, თუ სექტორებს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. ის, რაც შენთან კანონიერად დაშვებულია და დაცულია, მეზობელ, მითუმეტეს მეგობრულ ქვეყანაში აკრძალული (უკანონოდ) და დამონებული არ უნდა იყოს. ჭეშმარიტი მეგობრობა კი ცალმხრივი წესით არ უნდა ვითარდებოდეს. სამწუხაროდ, ამ მხრივ დღეს არსებული რეალობა ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს.

ამ ფონზე კი, საინგილოში ჩასული საქართველოს ელჩი ადგილობრივ ქართველ მასწავლებლებს არც მეტი, არც ნაკლები თურქულ ენაზე ელაპარაკება.

კერძოდ, ამ გაზაფხულზე დაბა ალიაბადში {ზაქათალის რაიონი), საქართველოს  ელჩი აზერბაიჯანში თეიმურაზ შარაშენიძე და მისი მოადგილე ბატონი გელა გიორგაძე ჩავიდნენ. მოსახლეობა ელჩის ვიზიტს მოუთმენლად ელოდა. წლებია ითხოვენ სოფელში ქართული ბაღისა და ქართული სკოლის გახსნას. თუმცა, აჯობებს თავად ადგილობრივებს მოვუსმინოთ:

„ელჩი გვეწვია, მაგრამ მისი სტუმრობით დღემდე შოკირებული ვართ. არ გვეგონა, თუ საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებში ამისთანა პირები მუშაობდნენ. ჩამოვიდა ჩვენი ელჩი ნასვამი, დღის 16 საათზე, მაშინ როცა სასწავლო პროცესი კარგა ხნის დასრულებული იყო. შეხვედრა სკოლის დირექტორის კაბინეტში შედგა. მხოლოდ ოთხი კაცი მოხვდა შეხვედრაზე, სხვები არ შეუშვეს. იმ ოთხ კაცს შორის ერთ-ერთი მშობელი იყო, რომლის 7 წლის შვილს ქართული სახელის გამო დაბადების მოწმობას არ აძლევენ(!). ჩვენმა ელჩმა ჰკითხა, რა გვარის ხარო.

მან დაუსახელა ძირძველი ქართული გვარი და ახლანდელი, აზერბაიჯანული. ელჩმა ძალიან მარტივად გასცა პასუხი, რა მოხდა მერე, დაარქვი შენც აზერბაიჯანული სახელი და ამოიწურება ამით პრობლემაო. შარაშენიძემ განგვიცხადა, აზერბაიჯანში კანონი კრძალავს ბავშვებისთვის უცხოური სახელების დარქმევას და ჩვენ კანონის წინააღმდეგ ვერ წავალთო. არადა, აზერბაიჯანი ევროსაბჭოს წევრი ქვეყანაა და ასეთ კანონს ვერ მიიღებს. ამას მოჰყვა  საუბარი პატრიოტიზმზე. ვუთხარით, ჩვენ ქართველები ვართ, ქართულად ვლაპარაკობთ  და გვინდა ჩვენს შვილებს ქართული სახელები ერქვას-მეთქი.

ელჩმა კიდევ, თქვენ თუ ქართულად ლაპარაკობთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ქართველები ხართ, ბოლოს და ბოლოს, გვარები აზერბაიჯანული გაქვთო! თუ ქართველები არა ვართ, მაშ, ეს ენა ვინ მოგვცა, ან ქართული ენა არაფერს ნიშნავს? სრული პასუხისმგებლობით მოგახსენებთ, ქართულ ენაზე მეტყველება არაფერს ნიშნავსო. ენა არაფერს ნიშნავს? ენა, რომელიც დიდი ტანჯვა-წამებით, აბუჩად აგდებისა და უდიდესი ზეწოლის მიუხედავად შევინარჩუნეთ, თურმე არაფერს ნიშნავს! ამდენ დამცირებას სწორედ ენის გამო ვიტანდით. მაშ, გიჟები ვყოფილვართ! მისთვის შეიძლება მართლაც არაფერს ნიშნავს ქართული ენა, რადგან საინგილოში ჩამოსული ელჩი ქართულად ნათქვამ ქართულ გულის ტკივილზე თურქულად გვპასუხობდა.

რა იყო მისი ჩამოსვლის მიზანი, ის, რომ აზერბაიჯანელების წინაშე დავემცირებინეთ (ამ შეხვედრას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ)? აზერბაიჯანულ-ქართული სკოლის შესასვლელში აზერბაიჯანულ წარწერასთან ერთად ჩვენი ელჩის ვიზიტამდე ქართული წარწერაც იყო და ელჩის საქციელით წახალისებულმა აზერბაიჯანელებმა მისი წასვლისთანავე ჩამოხსნეს! ყველაზე გულსატკენი ის არის, როგორც იქცევიან თავად ქართველი ჩინოვნიკები. ნუთუ სახელმწიფოებრივი შეგნება არ გააჩნიათ?“, – გულისტკივილით ამბობენ ინგილო ახალგაზრდები.

http://www.presage.tv/?m=society&AID=6333

 

 

                     

 

5 Responses to “♥ ჰერეთი – საინგილო”

  1. AFXAZI said

    “MOZME” RUSETIS KIDEV ERTI SIKETE, RUSETUME QARTVELEBI UNDA CHAASAXLO DA ACXOVRO AZEREBSHI DA LEKEBSHI, WITELI USIRCXVILO ELITA, KIDEV ROGOR UMGERIAN RUSETS, NANI BREGVAZES AR UNDA VENAXI AIGOS KAXSHI, MAGAR XODSHI IQNEBA, DIDI NAWILI ERTXELAC AR YUFILAN AM MXARESHI DARWMUNEBULI VAR…

    Like

  2. hereli said

    heretis shesaxeb damatebiti cxnobebis misagebad ewviet http://www.hereti.webnode.com veb gverds

    Like

  3. დ. ბრეგვაძე said

    საქართველოს ტერიტორიულმა დანაკარგებმა აზერბაიჯანთან 293 ჰექტარი შეადგინა
    2011 წლის 29 03, სამშაბათი – 13:05

    კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელმა (CENN) საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრის ტრანსფორმაციის შესახებ დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნის მიხედვით, სასაზღვრო ზოლის ალაზნის მონაკვეთზე გამოვლენილია ტერიტორიული ცვლილების 69 ადგილი. აქედან, 42 შემთხვევაში ფაქტიური საზღვარი გადმონაცვლებულია საქართველოს მხარეს და მხოლოდ 27 აზერბაიჯანის საზიანოდ. საქართველოს ტერიტორიულმა დანაკარგებმა დაახლოებით 293 ჰექტარი შეადგინა.

    CENN-ის ცნობით, აზერბაიჯანის მხარეზე ეს მონაცემი 224 ჰექტარს არ აღემატება. (აღსანიშნავია, რომ აზერბაიჯანის მთავრობა საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით, ალაზანს აქეთ დარჩენილი ტერიტორიების დიდ ნაწილს აკონტროლებს. ავტ) ამასთან, ადგილზე მდინარის სწორი უბნების ვიზუალური დათვალიერების შედეგად, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ საფუძვლიანი საველე კვლევების ჩატარების შემდეგ, ეს სხვაობა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს.

    საქართველოს სახელმწიფო საზღვრის პერიმეტრის 19,6% (415,15 კმ) 23 დასახელების დიდ და პატარა მდინარეზე გადის. აქედან ყველაზე გრძელი მონაკვეთი (190,25 კმ) მდინარე ალაზანზე მოდიოდა. მდინარის ეს მონაკვეთი ჩვენი ქვეყნის აზერბაიჯანთან თანამედროვე საზღვრის (478,42 კმ) 40,2% შეადგენდა და, ისე როგორც საქართველოს აღმოსავლეთ საზღვრის დანარჩენი უბნები, ხშირი ცვლილებებით ხასიათდებოდა. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ ზაქათალის ოკრუგი თბილისის გუბერნიაში შემოდიოდა, მაგრამ უკვე დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ადერბეიჯანის (აზერბაიჯანის) სოციალისტურ რესპუბლიკას შორის დადებული (12.06.1920) საზავო ხელშეკრულებით ამ ტერიტორიაზე კონდომინიუმი (ერთობლივი მფლობელობა) გამოცხადდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ამ უბანზე საქართველო – აზერბაიჯანის ადმინისტრაციულმა საზღვარმა მდინარე ალაზანზე გადმოინაცვლა და იგი უბრალო გამიჯვნის პრინციპით იქნა გატარებული. შემდეგ ამან ამიერკავკასიის (თბილისი, 1938) რესპუბლიკების ხელმძღვანელთა კონფერენციაზე (1:500 000 მასშტაბის რუკაზე) შეთანხმების ხელმოწერის შედეგად საქართველოს საზღვრის სტატუსი მიიღო. აქედან გამომდინარე ის ტერიტორიის სამეურნეო დაყოფის საფუძველზეა გატარებული, რის გამოც მისი მდებარეობა ადგილზე დაზუსტებული არ არის და ხშირად გაუგებრობის მიზეზი ხდება. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამ დღის წესრიგში დააყენა ამ უბნების დელიმიტაცია – დემარკაციის საკითხი.

    საზღვრების სადელიმიტაციო ორმხრივი სამთავრობოთაშორისო კომისია 17 წელია მუშაობ, თუმცა ორ ქვეყანას შორის საზღვარი დადგენილი არ არის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით, სადაო ტერიტორიებად რჩება დავით გარეჯი და სოფელი ერისიმედი.

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის რეზო თოლარდავას თქმით, საქართველოს მხარეს მეტი ტერიტორიული დანაკარგები ფიზიკურ – გეოგრაფიული თავისებურებებითაა განპირობებული. „მდინარე ალაზნის წყალშემკრები აუზის მარცხენა მხარე, ატმოსფერული ნალექების რაოდენობით, მკვეთრად აღემატება მარჯვენას; საზღვრის მარცხვნივ მდებარე ტერიტორიაზე გაცილებით მაღალი ჰიპსომეტრული სხვაობა ფიქსირდება ვიდრე მარჯვენაზე; ადამიანის სამეურნეო მოქმედებები (არხების გაჭრა, კალაპოტის გადაკეტვა და სხვა; მდინარეზე, როგორც მოძრავ სხეულზე, მოქმედებს კორიოლისის ძალა, რომელიც აიძულებს მდინარე ალაზანს გადაიხაროს მარჯვნივ“, – ამბობს თოლორდავა.

    მისივე თქმით, ზემოთ ჩამოთვლილი პირველი პირობა ხელს უწყობს მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადებში მყარი ნატანის დიდი რაოდენობით ჩამოყალიბებას, რომელიც თავის მხრივ თავს იყრის მეანდრეების ე.წ. ყელებზე და იწვევს მათ გადაკეტვას. ასეთ ადგილებში მდინარე იცვლის მიმართულებას და ხდება ახალი კალაპოტის ფორმირება. „ასეთი სახის გარდაქმნები სასაზღვრო ზოლის ალაზნის მონაკვეთის მთელ პერიმეტრზე უხვად ფიქსირდება. გარდა ამისა ტერიტორიული ცვლილებები კალაპოტის სწორ ადგილებშიც შეინიშნება, თუმცა მათი შემჩნევა რუკებზე სივიწროვის გამო (20-25მ.) პრაქტიულად შეუძლებელია და აეროფოტოგადაღებების ჩატარებაა აუცილებელი“, – აღნიშნავს რეზო თოლორდავა.

    რეზო გეთიაშვილი, კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის პროექტის „ღია გარემოსდაცვითი სამოქალაქო ინიციატივას“ კოორდინატორი: „ალაზნის ტიპის მდინარეებზე სახელმწიფო საზღვრის ხაზის დემარკაციის გარეშე არსებობა და მითუმეტეს, სადელიმიტაციო ოქმებში მის მდებარეობად ზოგადად, წერტილების კოორდინირების გარეშე მდინარის დასახელება, სასაზღვრო ზოლში ტერიტორიული ცვლილებების თავიდან აცილებას ვერ უზრუნველყოფს“.

    აქედან გამომდინარე, ასოციაცია CENN საქართველო – აზერბაიჯანის საზღვრის დადგენის სამთავრობოთაშორისო კომისიას და საქართველოს მთავრობას რეკომენდაციებს აძლევს: „საქართველო – აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის ალაზნის მონაკვეთზე ტერიტორიული ცვლილებებისა და მასთან დაკავშირებული სასაზღვრო ინციდენტების თავიდან აცილების მიზნით პირველ რიგში ჩასატარებელია შემდეგი სამუშაოები: ორივე ქვეყნის შეთანხმებით 1938 წლის სადელიმიტაციო რუკის საფუძველზე, ამ თარიღთან ახლო პერიოდის აეროგადაღებიდან დამზადებულ, სასაზღვრო ზოლის მსხვილმასშტაბიან (1:10000 ან 1:25000) ტოპოგრაფიულ რუკაზე საზღვრის ხაზის გადმოტანა; რედელიმიტირებული სამდინარო საზღვრის მახასიათებელი წერტილების (დასაწყისი, მოხვევის ადგილები, მეანდრის ყელი, კომუნიკაციების გადაკვეთა, შენაკადების შეერთების ადგილი და სხვა) კოორდინატების მაღალი სიზუსტით განსაზღვრა; დადგენილი კოორდინატებით სახელმწიფო მიჯნის ამ მონაკვეთის მოწესრიგება თანამედროვე მსხვილმასშტაბიან (1:25000) რუკაზე. სადემარკაციო სამუშაოების (დელიმიტირებული საზღვრის ხაზის წერტილების პროექტირება ადგილზე და მარკირება სასაზღვრო ნიშნებით); საზღვრისპირა ზოლის გეოსაინფორმაციო სისტემის შექმნა; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცეს რეკომენდაცია, პროცესის გამჭვირვალობისა და საზოგადოების ჩართულობის უზრუნველსაყოფად; საზღვრის დადგენამდე ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ჩატარდეს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები; საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს მდინარე ალაზანზე ნაპირსამაგრი სამუშაოების ჩატარება; დაუსჯელობის სინდრომის და ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტების თავიდან ასაცილებლად დროულად და ეფექტირად იქნეს გამოძიებული საზღვართან დაკავშირებით მკვლელობისა და სხვა დანაშაულების ფაქტები“, – აღნიშნულია დასკვნაში. /გელა მთივლიშვილი – კახეთის საინფორმაციო ცენტრი/

    http://www.fact.ge/news.aspx?i=34f775b8-1c85-4caa-bb21-1c1756a25606

    Like

  4. iberiana said

    “მამა ბასილი კახის წმინდა გიორგის ეკლესიაში მსახურობდა. გამოძევებამდე კახის რაიონის უშიშროების სამსახურის თანამშრომლებმა მოძღვარს ეკლესიის ეზოს კეთილმოწყობა და ტაძრის ფასადის შეთეთრებაც აუკრძალეს, სამუშაოების წარმოების დროს კი მორჩილები ხარაჩოებიდან ჩამოყარეს”.

    ეს მანამ გაგრძელდება, სანამ მეცნიერულ დონეზე არ დავასაბუთებთ, რომ ეგ ტერიტორია და ეგ ტაძრები ქართულია და არა ალბანური.

    ეს კი ქართველი მეცნიერების საქმეა (ეკლესიასთან ერთად), სასწრაფოდ გასაკეთებელი, სანამ აზერბაიჯანლებს ოფიციალურად ალბანურად არ გამოუცხადებიათ.

    Like

  5. diaokh said

    გიშის ეკლესიის ქართულობას უარყოფენ თათრები! ერდოღანი ჩავიდა იქ და გიშის ქართული ეკლესია ალბანური კულტურის ძეგლად გააცნეს! ჩვენი მხრიდან კი, როგორც ყოველთვის, არავითარი გამოხმაურება არ ჰქონია. მე მოვაგროვე მასალები ამაზე და თუ სურვილი გექნებათ გამოაქვეყნეთ თქვენც: http://diaokh.wordpress.com/2012/11/02/გიშის-ეკლესიის-სადაურობი/

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s