Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● 1783 წ. ხელშეკრულების შედეგები

ივანე ჯავახიშვილი

დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის  XVIII  საუკუნეში

V  თავი

1783 წ. ხელშეკრულების შედეგები

 

1783 წ. ხელშეკრულებას საქართველოსთვის სარგებლობა არა მოუტანია რა. ზიანი-კი აუარებელი. პოლიტიკური მდგომარეობა გაუმჯობესების მაგიერ საშინლად გაუარესდა. ხმა ამ ხელშეკრულებას და რუსეთის სახელმწიფოს მფარველოს მფარველობას დიდი ჰქონდა. საქმით კი ძალიან მცირედი იყო ის დახმარება, რომელიც რუსეთის მხრით საქართველოს აღმოეჩინა. ხელშეკრულების თანახმად საქართველოში 2 ბატალიონი რუსის ჯარი მოვიდა. სამაგიეროდ შეექმნათ “შიშნეულობა მხედრობისა გამო რუსეთისა” ადერბეჯანის ხანებს, რომელთაც წინათ, როგორც აღნიშნული იყო, მეფე ერეკლესთან კარგი განწყობილება ჰქონდა. მათ საღი ალღოთი იგრძნეს, რომ საქმე მარტო საქართველოს მფარველობით არ გათავდებოდა და ამას აუცილებლად მოჰყვებოდა მათი “დაჰყრობა ძალითა როსიის მხედრობისათა”. ამ მოსალოდნელ განსაცდელის წინაშე ადერბეჯანის ხანებმა ერთიერთმანეთის მტრობა დაივიწყეს და შეექმნათ ერთმანეთისადმი დაფარვით “დინ-თასლიბისა თანხმობა” (ომ. ხერხეულიძე ჭიჭ. 274, ჩუბ, 498. Бутковью Матерიалы II, 132 Бурнашевь Картина 15-16).

არაფრად მოეწონათ საქართველოს რუსეთთან დაკავშირება ოსმალებს და ახალციხის ფაშას სულეიმანსაც. წინათ მასაც ერეკლე მეფესთან კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, 1783 წ. ხელშეკრულებამ ისიც დააფრთხო და საქართველოს მეფის მტრად აქცია. (ომ. ხერხეულიძე ჭიჭ. 274, ჩუბ, 498). ოსმალეთმა თავის ჩვეულებრივს ხერხს მიჰმართა და ფულით დაღესტანიც აამხედრა საქართველოს წინააღმდეგ (Бурнашевь Картина 16). “სულეიმან ფაშამ მოუწოდა დაღესტნის ომარხანს, ხუნძახის ბატონს”, და ისიც 30000 ჯარით კახეთს შემოესია (ომ. ხერხეულიძე იქვე).

თვით ერეკლე მეფის უერთგულესი ყმად-ნაფიცი მეგობარი შუშის ხანიც-კი რუსების შიშით საქართველოს მეფეს გადუდგა და გადაემტერა. მის ჩაგონებით განჯელებმა ერეკლე მეფის მიერ დანიშნული განჯის გამგე გამოაძევეს (იქვე), ყაზახისა, შამშადილისა და შამქორის ელებიც, რომელთაგან საქართველოს 6000-მდე საუკეთესო ცხენოსანი მებრძოლი ემატებოდა ხოლმე. ამავე პოლიტიკურ მიზეზის გამო შუშია ხანს მიემხრნენ და მტრობა დაიწყეს (Бурнашевь Картина 16).

დაღესტნელების შემოსევა რომ უკუექცია ერეკლე მეფემ სექტ. 1787 წ. ქართული და რუსული მხედრობითურთ განჯის წინააღმდეგ გაილაშქრა. სრული გამარჯვება იყო მოსალოდნელი, რომელსაც ერეკლე მეფის წინანდელი სახელი უნდა აღედგინა. მაგრამ სრულებით მოულოდნელად რუსის ჯარის უფროსს მინისტრ-რეზიდენტს ბურნაშევს პოტიომკინისაგან საქართველოთგან დაბრუნების შესახებ ბრძანება მოუვიდა. მან განუცხადა მეფეს, რომ “დღესვე უნდა გავბრუნდეო” და რამდენი არ სთხოვა ერეკლემ, რომ ლაშქრობის დამთავრებამდის მაინც მოეცადა, არ დარჩა: საჩქაროდ აიყარა და გამობრუნდა თფილისისაკენ, ხოლო იქეთგან რუსეთში გაემგზავრა მთელი ჯარით (ომ. ხერხეულიძე. ჭიჭ. 275-276, ჩუბ. 499. Бутковб. Матерიалы II, 194-195).

1783 წლის ხელშეკრულების წყალობით საქართველო გაძლიერებისა და გარეშე მტერთაგან უზრუნველყოფის მაგიერ სამის მხრით მტრებით გარშემორტყმული გახდა და განუწყვეტლივ საომარ განწყობილებაში ჩავარდა იმ თავის მეზობლებთანაც, რომლებიც წინათ მისი ერთგული მოკავშირენი იყვნენ. თვით ერეკლე მეფეც და მმართველი წრეებიც ხედავდნენ, რომ ამპოლიტიკურ ნაბიჯის გამოისობით საქართველო ისეთს საშინელს განსაცდელში ჩავარდა, რომლის მსგავსი შაჰაბასის შემდგომ არ ყოფილა (Бутковъ, Материали II, 188).

ოსმალეთმა ახალციხის ფაშის პირით ერეკლე მეფეს შემოუთვალა, რომ ოღონდ ის რუსეთს ჩამოშორებოდა და რუსის ჯარი საქართველოთგან გაესტუმრებინა და არამც თუ წინანდელი კეთილმეზობლური დამოკიდებულება საქართველოსთან აღდგენილი იქნებოდა, არამედ გაცილებით მეტ სარგებლობასაც ჰპირდებოდა. ერეკლე მეფემ უარი შეუთვალა. ამის გამო 1786 წელს თურქები ფოთისა და ბათუმის გამაგრებას შეუდგნენ. 12 000 დაღესტნელიც საქართველოს წინააღმდეგ იყო ნაქირავები.

ერეკლე მეფე რწმუნდებოდა, რომ რუსეთის დახმარება და მფარველობა იმდენად მცირედი (სულ 1800 ჯარის კაცი) იყო, რომ ეს ვერაფერს უშველიდა. ამიტომ რომ ქვეყანა მოსალოდნელი შემოსევისაგან და ოსმალეთის გულიწყრომისაგან ეხსნა, იძულებული იყო ახალციხის ფაშისათვის დაზავების პირობად აღეთქვა, რომ ის მეტს რუსის ჯარს საქართველოში აღარ შემოიყვანდა. მაგრამ ოსმალეთმა ეს საკმარისად არ დაინახა და ამ დაპირების საწინდრად 12 საუკეთესო თავადთა საგვარეულოთგან ორი წარმომადგენელი ამანათად მოითხოვა. ერეკლე იმდენად უმწეო მდგომარეობაში იყო, რომ იძულებული გახდა 1787 წ. ივნისში ეს მძიმე და დამამცირებელი მოთხოვნა აღესრულებინა (Бутковб. Матерიалы II, 191-193).

 რუსეთმა თავისი ჯარი საქართველოთგან იმიტომ გაიყვანა, რომ იძულებული იყო ოსმალეთთან ომში ჩაბმულიყო. ერთ-ერთ მიზეზად, რომელმაც ოსმალეთი რუსეთის მტრად აქცია და ომი გამოიწვია, რუსეთის საქართველოში მფარველის სახით შემოსვლა იყო. 18 ივლისს 1787 წელს ოსმალეთმა რუსეთის დესპანს გადაჭრით მოსთხოვა, რომ მას საქართველოსთვის თავი დაენებებინა და ამ ქვეყნისა და სახელმწიფოს საქმეებში აღარ გარეულიყო. მალე ოსმალეთმა რუსეთის წინააღმდეგ მტრული მოქმედება დაიწყო კიდეც, ხოლო 7 ენკ. 1787 წ. რუსეთმაც ოსმალეთს ომი გამოუცხადა (Бутковъ. Матерიалы II, 198).

ასეთ პირობებში იმ მცირედ ჯარის გაყვანის მაგიერ, რუსეთისგან, ვითარცა მფარველის მხრივ, სრულებით ბუნებრივი იყო საქართველოსთვის უფრო მეტი ჯარის მიშველება იმიტომ, რომ რაკი უთანხმოების ერ-ერთ მიზეზად საქართველო ითვლებოდა, ოსმალეთის მხრით ამ ქვეყნის წინააღმდეგ მტრული მოქმედება თავისთავად მოსალოდნელი იყო, მაგრამ რუსეთის სამხედრო შტაბმა სამოქმედო გეგმა ისე შეადგინა, რომ ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლა ამ მხრით განზრახული არ იყო. ამიტომ რუსეთის მთავრობამ საქართველო მიატოვა და გადასწყვიტა, რომ საქართველოსთვის უკეთესი იქნებოდა თავის ძალით და მშვიდობიანი კავშირის აღდგენით თავისი თავი ამ ომის დროს ოსმალეთისგან უზრუნველყო (Бутковъ. Матерიалы II, 196). («Причины побудившიя къ выходу изъ Грузიи россიиских заключалисюь во многих статьях 1-я , что въ плане войны вновъ открывшейся съ Турками не было предложено действовать противу ихъ въ сей стороне, 2 – я, что царю Ираклიю удобнее будет въ теченიе сей войны обезопасить себя чрезъ возобговленიе прежнихъ союзовъ, рахрушивхся единственно пребыванიем въ земле его россიихъ войскъ» (იქვე). ასე უცნაურად, სხვა არა იყოს რა მსჯელობდა საქართველოს „მფარველი“ რუსეთის სახელმწიფოს მთავრობა, რომლის თაოსნობითაც, როგორც ვიცით, დადებული იყო 1783 წ-ის ეგოდენ მშვენიერ საზეიმო აღქმებით აღსავსე.

რუსეთის მთავარსარდალმა და ფელდმარშალმა თავად პოტიომკინმა კიდევ იმდენი ურცხვობა გამოიჩინა, რომ 1788 წელს ასე უმწეოდ მიტოვებულს საქართველოს მეფესა ერეკლე II-ეს აქეზებდა, რომ მას სოლომონ მეფესთან შეტანხმებით ოსმალთა წინააღმდეგ ემოქმედა. მაგრამ მეფის გულში მწუხარებისა და წყრომის ცეცხლით იყო მოცული და მწარე გამოცდილებამ მას საკმაოდ თვალი აუხილა, რომ ასეთ უცნაურ რჩევისათვის ყური ეთხოვებინა ( Бутковъ. Матерიалы II, 197).

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s