Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● საქართველოს რუსეთთან შეერთება

ივანე ჯავახიშვილი

დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის  XVIII  საუკუნეში

X თავი

 საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობა რუსეთის მთავრობის მიერ და რუსეთთან შეერთება

სამეფო ტახტზე ასულს გიორგი მეფეს არც მამის ნიჭი და პირადი სიქველე ჰქონდა, არც საიმისო გავლენა მოეპოვებოდა ხალხში, რომ ესოდენ გართულებულ პოლიტიკურ მდგომარეობითგან ბრძნულის შორსმჭვრეტელობითა და სიფრთხილით საქართველო სამშვიდობოს გამოეყვანა. პირიქით შინაური უწესობა გაძლიერდა, გარეშე მტრები უფრო გათამამდნენ, გულწრფელი მეგობრული გრძნობითა და უანგარო კეთილმოსურნეობით გამსჭვალული ძლიერი მოკავშირის მფარველობა და დახმარება-კი არა სჩანდა.

ასეთ გარემოებაში მყოფს გიორგი მეფეს რუსეთის მხრივ შველის იმედი აღარა ჰქონდა და ამის გამო გადასწყვიტა დარიალის კარი ჩაეკეტა და სამხრეთისაკენ გზა რუსებისათვის სამუდამოდ დაეხშა. მას ეგონა, რომ ისევ ოსმალეთთან პოლიტიკური შეთანხმება და მისი მოკავშირეობა მიანიჭებდა ღონემიხდილს საქართველოს მშვიდობიანობას. მეფემ უკვე დესპანიც-კი გაგზავნა ახალციხის ფაშასთან, რომ იქითგან სტამბოლში წასულიყო ამ საქმის მოსაწყობად. მაგრამ დესპანი ჯერ ახალციხეს არ გასცილებოდა, რომ რუსეთითგან ტახტის მემკვიდრე ბატონიშვილი დავითი ჩამოვიდა, რომელმაც რუსეთის ხელმწიფეს პავლეს საქართველოსადმი კეთილ განწყობილების ამბავი ჩამოიტანა. მაშინვე კვლავ “ქრისტეს მოყვარე” რუსეთის მხრით უანგარო დახმარების იმედი დაიბადა და საქართველოს ელჩი ახალციხითგან სწრაფად უკან დაბრუნებულ-იქმნა (Бутковъ. Матерiалы II, 446).

როდესაც გიორგი მეფემ რუსეთის ხელმწიფეს პავლეს თავის სამეფო ტახტზე ასვლა აცნობა, პავლემ მოლოცვასთან ერთად მოსწერა, რომ 1783 წ. ხელშეკრულების ძალით იგი მოვალეა რუსეთის იმპერატორს დამტკიცება სთხოვოს (იქვე II, 448). თითონ მას კი ავიწყდებოდა, რომ ამ ხელშეკრულებამ მარტო საქართველოს არ დააკისრა მოვალეობა, არამედ რუსეთის სახელმწიფოსაც და რომ თვით რუსეთს არც ერთი ეს მოვალეობათაგანი ჯერ ასრულებული არ ჰქონდა.

16 აპრ. 1799 წ. საქართველოში რუსეთის ელჩი დაინიშნა და 2 ბატალიონი ჯარიც გამოიგზავნა ვითომც საქართველოს დასაცავად (Бутковъ. Матерiалы II, 449). ერთმაცა და მეორემაც საქართველოს მხოლოდ ამავე წლის დასასრულს მოაღწიეს (იქვე, II, 451). რუსეთის მთავრობამ თავის ელჩს დაავალა, რომ მას მეფისათვის საიდუმლოდ თვალყური ედევნებინა. მაშასადამე თვით მეფეც კი საეჭვოდ მიაჩნდათ და მის ერთგულებას არ ენდობოდნენ, თუმცა საქართველოს მთავრობამ რუსეთისადმი განუსაზღვრელი და გადამეტებული ნდობა არა ერთხელ დაამტკიცა და ამის წყალობით ძალიანაც იზარალა.

ყველაფერი მოწმობდა, რომ რუსეთი ეხლა კი თითქოს მართლაც დაინტერესებული იყო საქართველოს მდგომარეობით და ჩვენ ქვეყანასთან მჭიდრო კავშირის დაჭერას ცდილობდა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც რუსეთს საქართველოსთვის არ შეუწუხებია თავი, არამედ მხოლოდ პირადი სარგებლობით ხელმძღვანელობდა იგი და თავის საიდუმლო გეგმის განხორციელებაზე ზრუნავდა.

კამერჰერმა გრაფმა მუსინ-პუშკინმა იმპერატორ პავლეს წინაშე იშუამდგომლა, რომ მას ნება და საშუალება მისცემოდა საქართველოში გასამგზავრებლად და იქაურ მთების მდიდარ მადნეულობის გამოსაკვლევად. 17 ოქტ. 1799 წ. მან ნებართვა მიიღო და გამოემგზავრა კიდეც. როდესაც საქართველოს ადგილობრივ სიმდიდრის შესწავლამ მას თვალწინ გადაუშალა ჩვენი ქვეყნის მთელი საუნჯე, ბუნების მშვენიერება და “სამოთხის მსგავსი ჰავა”, მან 1800 წ. თავის ხელმწიფეს მოხსენებაში საქართველოს ყველა ზემოაღნიშნული ღირსებანი აუწერა და ის მნიშვნელობაც გაუთვალისწინა, რომელიც ჩვენს სამშობლოს რუსეთისათვის ექმნებოდა, საქართველო რომ რუსეთს დაეპყრო. მაშინ რუსეთი ქვეყანას შეიძენდა და კავკასიის მთიელთა თავდასხმისაგან სამუდამოდ უზრუნველყოფილი იქმნებოდაო იმიტომ, რომ ორთავე მხრივ ჩაჭერილნი ისინი ვეღარას გაბედავდნენ, ოსმალეთთან, ან სპარსეთთან ომის დროსაც რუსეთს დიდი სამხედრო უპირატესობა ექმნებოდა. მაგრამ ამას გარდა რუსეთს სპარსეთისა და ინდოეთის ვაჭრობის ფართო ასპარეზიც გაეხსნებოდაო (Бутковъ. Матерiалы II, 449). მაშასადამე ჩვეულებრივს ეკონომიურს ინტერესებს გარდა, ზღაპრულ ინდოეთზე ოცნებასთან ერთად, აქ უკვე გარკვეული პოლიტიკური გეგმაცაა გათვალისწინებული.

ეს აზრი პეტერბურგში მოწონებულ იქმნა. 18 დეკემბრ. 1800 წ. პავლე იმპერატორმა ხელი მოაწერა მანიფესტს საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ და შემდეგ გიორგი მეფეს წინდაწინვე დამზადებული გაუგზავნეს ხელმოსაწერად, რომელშიაც ვითომ თვით მეფე სთხოვდა რუსეთის ხელმწიფეს, რომ მას საქართველო ერთხელ და სამუდამოდ რუსეთთან შეეერთებინა და რუსეთის განუყოფელ ნაწილად ექცია. მაგრამ საქმე ისე დატრიალდა, რომ მთელი ეს შეთხზული გეგმა ჩაიფუშა: გიორგი მეფე გარდაიცვალა 22 დეკემბერს 1800 წ. ისე, რომ ხელმოსაწერი ქაღალდი მას თვალითაც არ უნახავს, რათგან მისი მომტანნი ამ დროს ჯერ საქართველოში ჩამოსული არც კი იყვნენ (Бутковъ. Матерiалы II, 465).

 ასეთი შესაძლებლობა რუსეთის მთავრობას წინდაწინვე გათვალისწინებული ჰქონდა და ამისთანა შემთხვევისათვისაც მას უკვე 15 ნოემბერს თავის წარმომადგენლისათვის საქართველოში ნაბრძანები ჰქონდა, რომ რა წამს გიორგი მეფე გარდაიცვლებოდა, საქართველოს სამეფო ტახტზე ასვლის ნება არავისთვის მიეცათ. ეს გარემოება გენ. კნორინგმა გიორგი მეფის გარდაცვალებისთანავე აცნობა საქართველოს მცხოვრებთ და თანაც იმ ოთხ ბატალიონ ჯარის გარდა, რომელიც რუსებს ამ დროისათვის ჩვენს ქვეყანაში მოეპოვებოდათ, საჩქაროდ კიდევ ერთი ბატალიონი დაიბარა (იქვე II, 465-466). 1783 წ. დადებული ხელშეკრულების მე-12-ე მუხლში ნათქვამია, რომ ამ ხელშეკრულების პირობების შეცვლა ან შევსება მხოლოდ ორთავე მხრის თანხმობით შეიძლებოდა. რათგან 1783 წ. შემდგომ აღარავითარი სხვა ხელშეკრულება საქართველოს და რუსეთს შორის არ დადებულა და არც რაიმე ცვლილება ყოფილა შეტანილი ორთავე მხარის თანხმობით, ამიტომ რუსეთის მთავრობას უნდოდა, რომ მას რაიმე საბუთი ჰქონოდა იმის დასამტკიცებლად, ვითომც თვით საქართველოს ჰსურდა თავისი სახელმწიფოს მოსპობა და რუსეთის განუყოფელ ნაწილად გადაქცევა. რაკი გიორგი მეფის სიკვდილის გამო ეს მათი გეგმა ფიზიკურადაც განუხორციელებელი იყო, ამიტომ რუსეთის მთავრობამ აღარც ხელშეკრულების ცხადს დარღვევას და არც საჯარო სიცრუეს მოერიდა და რაწამს მან გიორგი მეფის სიკვდილის ამბავი შეიტყო, მაშინვე 18 იან. 1801 წ. პავლე პირველის მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელშიაც ნათქვამია, ვითომც თვით მეფე გიორგისა, მოწინავე წრეებისა და ქართველი ერის სურვილითა და თხოვნით რუსეთმა საქართველო სამუდამოდ შემოიერთა (Бутковъ. Матерiалы II, 466-467). არც მეფე გიორგის, არც მით უმეტეს ქართველ ხალხს ეს არც სდომებია და არც უთხოვია.

პავლე I-ს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ საქართველო ერთბაშად რუსეთის გუბერნიად ექცია და სენატისა და სინოდისათვის დაემორჩილებინა (იქვე II, 469). 12 მარტს 1801 წ. პავლე გარდაიცვალა. მისმა მემკვიდრემ ალექსანდრე I-მა იგრძნო საქართველოს შეერთების მთელი უკანონობა და ამიტომ გადაწყვიტა გამოერკვია, რამდენად მართალია, რომ მთელ საქართველოს თავის ნებით მოესურვოს რუსეთთან განუყოფლად შეერთება და რომ მას თავის თავის დაცვა გარეშე და შინაური მტრებისგან არ ძალუძს. ამ საკითხების გამორკვევა მან გენ. კრონინგს მიანდო, რომელმაც საქართველოში ჩამოსვლისთანავე გააუქმა ყველაფერი, რაც ტახტის მემკვიდრის ბატონიშვილი  დავითის ბრძანებით იყო შემოღებული, და ტფილისში  საქართველოს უზენაესი მთავრობა დააარსა  (Бутковъ. Матерiалы II, 473-475). უკვე ეს მისი ნაბიჯი ცხად-ჰყოფს, თუ როგორი მიუდგომლობით გამოარკვევდა და სინამდვილით აუწერდა იგი ჩვენი ხალხის გულის ნადებს და მისწრაფებას. ხოლო, რომ საქართველოს გარეშე მტრების წინააღმდეგ დახმარება ესაჭიროებოდა, ეს გარემოება თვით საქართველოსაც არ დაუმალავს, 1783 წ. ხელშეკრულებაც ხომ სწორედ ამ მიზნით იყო რუსეთთან  დადებული.

როგორც რუსეთის მთავრობას საქართველოს შეერთება თავის სახელმწიფოსთან სასურველად და სასარგებლოდაც მიაჩნდა (იქვე II, 473-474), გენ. კნორინგმაც ისე წარუდგინა ალექსანდრე I-ს, თუმცა არ შეეძლო დაემალა, რომ საქართველოს უმაღლეს წრეების ყველა წარმომადგენელნი ამ შეერთების მომხრენი ყოფილიყვნენ. მისი სიტყვითაც ნახევარ თავად აზნაურობისას საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნება ჰსურდა (იქვე II, 475-484, განსაკ. 482). გრაფ. მუსინ-პუშკინმა, რომელმაც პავლე I-ს ჩააგონა საქართველოს რუსეთთან შეერთების უაღრესი სარგებლობა, ეხლაც ამ გვარივე შინაარსის მოხსენება მიართვა ალექსანდრე I-ს (იქვე II, 484 შენ 1).

 რამდენად გულწრფელი უნდა ყოფილიყო რუსეთის მთავრობის სურვილი ვითომც მას საქართველოს პოლიტიკურ ზრახვის უტყუარი ხმის გაგონება ნდომებოდეს, იქითგანაც სჩანს, რომ მთელ ამ ამბავს საქართველოს სრულუფლებიან დესპანს უმალავენ და მთელ ამ საქმეს საქართველოს შეერთების შესახებ ფარულად აწარმოებდენ (იქვე II, 485) იმიტომ, რომ კარგათ იცოდნენ, რომ საქართველოს დესპანები მათთვის სასიამოვნოს არას იტყოდნენ და ცხად-ჰყოფდნენ, რომ საქართველოს რუსეთის მხოლოდ კავშირი და მფარველობა ჰსურდა და სხვა არაფერი (Акты Кавк. Археогр. Ком. II, 304).

საქართველოში რომ არც ხალხი და არც თვით გიორგი მეფე თვის სახელმწიფოს დამოუკიდებელ არსებობის მოსპობაზე სრულებითაც არა ფიქრობდა, ამას ის გარემოებაც ნათლად ამტკიცებს, რომ მაშინ ჩვენს სამშობლოში მოწინავე წრეებში ინტენსიური კულტურული მუშაობა სწარმოებდა და მტკიცე სამზადისი იყო როგორც სახელმწიფო წეს-წყობილების გასაუმჯობესებლად და ევროპიულის მსგავსად  გადასაქმნელად, ისევე ევროპული მეცნიერების, ფილოსოფიისა და მწერლობის საქართველოში გადმოსანერგავად. საუკეთესო თხზულებები და სახელმძღვანელოები, რომელიც ფილოსოფიაში, ფიზიკაში და სამათემატიკო მეცნიერებაში და ბუნების მეტყველებაში, აგრეთვე სამხედრო ხელოვნებაში ევროპაში გამოდიოდა, ქართულადაც იყო ნათარგმნი სასწავლებლებში სახმარებლად და წასაკითხავი წიგნები მზადდებოდა. იოანე ბატონიშვილმა ვრცელი მოხსენება წარუდგინა გიორგი მეფეს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა შეცვლილიყო საქართველოს სახელმწიფო წეს-წყობილება, რომელშიაც სხვათა შორის სამი ლიცეუმის მსგავსი უმაღლესი სასწავლებლის გახსნა იყო გათვალისწინებული. მეფე გიორგიმ 1799 წ. დაამტკიცა ეს პროექტი და მისი განხორციელება უნდა დაეწყოთ.

 ასეთ სამზადისში მყოფ საქართველოს მოწინავე წრეებისათვის ცხადი იყო, რომ ძლიერი მოკავშირეს მფარველობითა და დახმარებით, ჩვენი ქვეყანა მოღონიერდებოდა, გარეშე მტერს მოიგერიებდა და მყუდრო ცხოვრების შემდგომ მტკიცე და ჩქარი ნაბიჯით წარმატების გზას დაადგებოდა.

მაგრამ 12 ენკენისთვეს 1801 წ. პეტერბურგში საქართველოს რუსეთთან შეერთების შესახებ ალექსანდრე I-ის მანიფესტი იყო გამოცხადებული, რომელშიაც ფარისევლურად ნათქვამი იყო, ვითომც ეს აქტი მხოლოდ საქართველოს კეთილდღეობის ძლიერი სურვილით ყოფილიყოს ნაკარნახევი. ლამაზ სიტყვებს რასაკვირველია არ შეეძლოთ მაინც გაექარწყლებინათ ის შთაბეჭდილება, რომ რუსეთის მთავრობის საქციელი შემაძრწუნებელი უპირობო, ფიცისა და აღთქმის დარღვევა და ძალმომრეობა იყო და სხვა არაფერი.

ადვილი წარმოსადგენია, რაოდენად თავზარდამცემი უნდა ყოფილიყო ეს ამბავი ქართველ მოწინავე, შეგნებულ წრეებისა და მთავრობისათვის. რაკი რუსეთის მთავრობამ იცოდა, რომ საქართველო ამის გამო აღშფოთებული იქნებოდა, შვიდი თვის განმავლობაში ამ მანიფესტს საქართველოში არ აცხადებდა. ხოლო როდესაც მეტი დამალვა აღარ შეიძლებოდა და მისი გამოქვეყნება და ხალხის დაფიცება აუცილებელი შეიქმნა, მაშინაც გენ. კნორინგს იმედი არა ჰქონდა, რომ ქართველები ნებაყოფლობით საკუთარ დამოუკიდებლობის მოსპობაზე თანხმობას განაცხადებდნენ და რუსეთის ქვეშევრდომობის ფიცს მიიღებდნენ. ამიტომ გადასწყვიტა ეს საქმე მოტყუებით და მუქარით მოეხერხებინა. მან დაჰპატიჟა გავლენიანი წრეები, თავადაზნაურობა და ქ. ტფილისის მოქალაქენი და როდესაც ყველამ თავი მოიყარა, მან ბრძანება გასცა, რომ მათთვის საიერიშოდ გამზადებული (“аки штурмомъ”) რუსის ჯარი შემოერტყათ. მაშინდელი ერთი რუსული ცნობის მიხედვით “ლომების ხახასავით განხმული იყო” თურმე ის ზარბაზნების პირი. გენ. კნორინგმა ამის მნახველს ხალხს წინადადება მისცა რუსეთის ქვეშევრდომობისა და ერთგულების ფიცი მიეღოთ. ქართველობა გაოცებული და აღშფოთებული იყო ასეთი უმსგავსო საქციელით. მოწინავე წრითგან მრავალმა იმოდენი გამბედაობა გამოიჩინა, რომ შემორტყმულ ჯარს არ შეუშინდა, ძალით ფიცი არ მიიღო და ეკლესიითგან გავიდა. მაშინვე გენ. კნორინგმა ბრძანება გასცა, რომ უკმაყოფილონი დაეჭირათ და ციხეში ჩაესვათ (Дубровниъ. История войны на Кавказе III, 444).

მაინც ბევრისათვის იმდენად ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ “ქრისტესმოყვარე” რუსეთის ხელმწიფეებს ფიცისა და ხელშეკრულების დარღვევა შეეძლოთ და პატარა საქართველო “მფარველს” მოკავშირეს ძალმომრეობით დაეპყრათ, რომ ეს ყველაფერი საქართველოში გამოგზავნილ რუს მოხელეთა პირადი თვითნებობა და მეტიჩრობა ეგონათ. ეს ქართველები დარწმუნებულები იყვნენ, რომ საქართველოს შელახულ უფლებათა და დამოუკიდებლობის აღსადგენათ საკმარისი იყო მხოლოდ რუს ხელმწიფისათვის საქმის ნამდვილი ვითარება ეცნობებინათ (იქვე 446).  თვით პეტერბურგში მყოფი საქართველოს ელჩი გარსევან ჭავჭავაძეც თუმცა აღშფოთებული იყო იმ გარემოებით, რომ მეფე გიორგის არც ერთი მონდობილობა და სურვილი ასრულებული არ იყო, პირიქით მეფობა მოსპეს და საქართველო საშინლად დაამცირეს, მაგრამ მასაც ეგონა, რომ ეს გენ. კნორინგის ცრუ  ცნობებით სავსე მოხსენების წყალობით მოხდა და ვითომც საკმარისი იყო ქართველ ხალხს რუსეთის ხელმწიფისათვის თავისი ნამდვილი გულისწადილი ეცნობებინა, რომ მაშინვე ყველაფერი გამოსწორებულიყო (АКАКГ  II, 304). გამოცდილებამ და რუსეთის მთავრობის პოლიტიკამ საქართველოში ნათლად დაამტკიცა ამ განუსაზღვრელი ნდობისა და გულუბრყვილობის სრული უსაფუძვლობა!…

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s