Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• არიან-ქართლი

♥ კოლხეთი და იბერია – KOLKHIBERIA

 

გიორგი ქავთარაძე

ტერმინ “არიან-ქართლის” განმარტებისათვის

 

არა მხოლოდ “არიან-ქართლისათვის” მისადაგებულ წინაელინისტური ხანის სპერის ოლქში არ იკვეთება სპარსელთა პოლიტიკური ბატონობისა თუ ეთნიკური დომინირების რაიმე განსაკუთრებული ნაკვალევი, რაც საშუალებას მოგვცემდა გვეფიქრა ამ მხარის სპარსელობისა თუ არიელობის სასარგებლოდ, არამედ, არც საკუთრივ ტერმინ “არიან-ქართლში” გამოყენებულ სიტყვას – “არიანს” აქვს, ჩვენი აზრით, შეხების რაიმე წერტილი სპარსულ სამყაროსთან.

ქართველთა წარმომავლობის საკითხთან მიმართებაში უაღრესად საყურადღებოა ბაბილონის მეფის ნაბუქოდონოსორ II-ის (ძვ. წ. 605-562 წწ.) მიერ აფრიკისა (ლიბიისა) და პირენეს ნახევარკუნძულის (იბერიის) დალაშქვრისა და იქიდან წამოყვანილი /გვ. 71/ ტყვეების პონტოს გადაღმა მდებარე იბერიაში, ანუ კავკასიაში დასახლების შესახებ არსებული ცნობა, რომელიც, თვით კლასიკური ხანის მწერალთა მითითების თანახმად, მიეწერებოდა ისტორიკოსს, გეოგრაფოსსა და დიპლომატს მეგასთენეს (დაახლ. ძვ.წ. 350-290 წწ.). ეს ცნობა შემონახულია ევსები კესარიელის (დაახლ. 263-339 წწ.) თხზულებებში. კერძოდ, მის ‘სახარებისადმი წინამომზადებაში”, ნათქვამია:

”ვპოვე მე აგრეთვე აბიდენოსის თხზულებაში ”ასურელთა შესახებ” ნაბუქოდონოსორზე შემდეგი: მეგასთენე ამბობს, რომ ნაბუქოდონოსორი ჰერაკლეზე უფრო ძლევამოსილი იყო, ლიბიასა და იბერიაზე გაილაშქრა, დაეუფლა და მათი ნაწილი პონტოს მარჯვნივ დაასახლა”.

გადმოცემა ნაბუქოდონოსორის მიერ აფრიკისა (ლიბია) და პირენეს მთაგრეხილის სამხრეთით მდებარე იბერიის ნახევარკუნძულის(იბერია) დალაშქვრის შესახებ, რა თქმა უნდა ლეგენდარულია. ამ საკითხთან მიმართებაში, გასათვალისწინებელია გ. მელიქიშვილის შენიშვნა, რომ მეგასთენეს ცნობაში, ნაბუქოდონოსორის მიერ ლიბიისა და იბერიის დალაშქვრისა და იქიდან წამოყვანილი ტყვე-იბერების პონტოს მარჯვნივ მდებარე მხარეში დასახლების შესახებ, შესაძლოა ასახული იყოს რეალური ინფორმაცია ნაბუქოდონოსორის მიერ ებრაელთა სამშობლოდან აყრის შესახებ. ცნობილია, რომ მან ძვ. წ. 597 და 586 წწ. იუდეის სამეფოდან ბაბილონში გადაასახლა ადგილობრივი მოსახლეობის რჩეული ნაწილი და ეგვიპტეშიც გაილაშქრა; ზოგიერთთა აზრით, იუდეიდან ლტოლვილი ებრაელების დასატყვევებლად.

ამასთან დაკავშირებით ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ სახელწოდება ”იბერიას” ზოგიერთი მეცნიერი იმ ებრაული სიტყვიდან მიღებულად მიიჩნევს, რომელიც უნდა აღნიშნავდეს ცნებას –”იქითა მხარე” (მთის იქითა მხარე – კავკასიის იბერია, ზღვის იქითა – იბერიის (პირენეს ნახევარკუნძულის). ბიბლიური მონაცემების მიხედვით სახელწოდება“ებერ-ი”, ამასთანავე, ებრაელთა წინაპრისა და ეპონიმის აღმნიშვნელია. 

საყურადღებოა, რომ X საუკუნის შუა ხანების კავკასიელ იბერთა ანუ ქართველთა შეხედულებით, ისინი შთამომავლები ყოფილან იერუსალიმიდან წამოსული ხალხისა და არაფერს იუწყებოდნენ მათი წინაპრების პირენეს ნახევარკუნძულის იბერიიდან გადმოსახლების თაობაზე. ცნობა ამის შესახებ შემონახულია ბიზანტიის იმპერატორის კონსტანტინე VII პორფიროგენეტის (905-959 წწ.) თხზულებაში ”იმპერიის მმართველობის შესახებ”; ამ ცნობის თანახმად: “იბერიელები მოგვითხრობენ, რომ /გვ. 72/ მათი ტომი იერუსალიმიდან არის წარმოშობილი და, რომ ისინი წამოვიდნენ იერუსალიმიდან ღვთის ბრძანების მომასწავებელი სიზმრების ჩვენებით და დაესახლნენ სპარსეთის მხარეებთან, ე. ი. ქვეყანაში, სადაც ამჟამად მკვიდრობენ… ვინაიდან იბერიელები, როგორც თვითვე ამბობენ, შთამომავლობით იერუსალიმიდან არიან, ამის გამო მათ აქვთ დიდი სიყვარული მისი და უფლისა იესო ქრისტეს საფლავისა და განსაზღვრულ დროებში უხვად უგზავნიან ფულს წმინდა ქალაქის პატრიარქსა და იქაურ ქრისტიანებს”.

გასათვალისწინებელია, რომ კონსტანტინე პორფიროგენეტის ინფორმაციას ეხმიანება ლეონტი მროველის “მეფეთა ცხოვრება”, რომელიც, თუმცა კი არა იბერთა, არამედ ებრაელთა ქართლში გამოჩენას უკავშირებს ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღებას:

“ნაბუქოდონოსორ მეფემან წარმოსტყუენა იერუსალიმი, და მუნით ოტებულნი ურიანი მოვიდეს ქართლს, და მოითხოვეს მცხეთელი მამასახლისისაგან ქუეყანა ხარკითა. მისცა და დასხნა არაგუსა ზედა, წყაროსა, რომელსა ჰქჳან ზანავი და რომელი ქუეყანა აქუნდა მათ ხარკითა, აწ ჰქჳან ხერკ ხარკისა მისთჳს”. აქ ყურადღებას იპყრობს ის გარემოება, რომ ქართული მატიანის მონაცემების თანახმად, “ურიანნი”, ისევე, როგორც კონსტანტინე პორფიროგენეტის თხზულებაში “იბერიელნი” ნაბუქოდონოსორს კი არ გამოჰყავს იერუსალიმიდან, არამედ ქალაქის მოსახლეობის დატყვევების შემდეგ, იქიდან(და არა პირენეს იბერიიდან) ლტოლვილნი, თავად მოდიან ქართლში. ქართული მატიანის ცნობა მიგვანიშნებს, რომ კონსტანტინე პორფიროგენეტის “იბერიელები” იერუსალიმიდან წამოსული ებრაელების შთამომავლებად არიან მიჩნეულნი.

სავარაუდოა, რომ მეგასთენეს ხანისათვის არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან და ელინისტური ხანისათვის დამახასიათებელი სამყაროს უფრო ფართო, გლობალური ხედვის გამო, ებრაელთა ძველი სახელწოდება “ებერ”-ი გააზრებული იქნა “იბერიად” ანუ პირენეს იბერიის აღმნიშვნელად და შესაბამისად ამისა, ნაბუქოდონოსორის მიერ“ებერთა ქვეყნიდან” დატყვევებული მოსახლეობის წამოყვანის შესახებ გადმოცემა, იუდეის ქვეყნისა და ეგვიპტეს ნაცვლად, უკვე დაფიქსირდა პირენეს იბერიისა და მისი მომიჯნავე აფრიკის ანულიბიის მიმართ და გადაიქცა გადმოცემად ბაბილონის მეფის ლაშქრობის შესახებ პირენეს (დასავლეთის) იბერიასა და ლიბიაზე.

ამავე დროს, დასავლეთის იბერების აღმოსავლეთში გადმოსახლების თაობაზე არსებულმა შეხედულებამ, რომელიც ძირითადად ორი იბერიის სახელწოდებების იდენტუ /გვ. 73/რობის საფუძველზე იყო აღმოცენებული, თავის მხრივ განაპირობა ნაბუქოდონოსორის მიერ ვითომდა დალაშქრული “ჰერკულესის სვეტების” მხარიდან, ანუ პირენეს იბერიიიდან და ლიბიიდან, დატყვევებული მოსახლეობის პონტოს აღმოსავლეთით გადმოსახლების თაობაზე ლეგენდის ჩამოყალიბება.

გასათვალისწინებელია, რომ მოვსეს ხორენაცისათვის ”არიან-ქართლი” უცნობია. მისი გადმოცემით, დარეჰის ნახარარი მიჰრდატი წამოიყვანა ალექსანდრე დიდმა და მთავრად დაუსვა ნაბუქოდონოსორის მიერ ლიბიელთა და ივერთა ქვეყნებიდან ტყვედ მოყვანილ და პონტოს ზღვის მარჯვენა მხარეს დასახლებულ ივერიელთა მოდგმას. ვინაიდან, მოვსეს ხორენაცი შენიშნავს, რომ ივერია (ვერია) ქვეყნიერების დასავლეთ საზღვარზე მდებარეობს, აშკარა ხდება, რომ ივერიაში იგი პირენეს ნახევარკუნძულს გულისხმობდა. ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ მოვსეს ხორენაცის “სომხეთის ისტორიაში” ქართველთა პირველსაცხოვრისის სახელი (ქართული წყაროების “არიან-ქართლი”) გამოტოვებული კი არ არის, არამედ წარმოდგენილია მემატიანის მიერ ხმარებული ტერმინის “ვერიის” სახით, რომელიც ქვეყნიერების დასავლეთ საზღვარზე მდებარეობს; მისთვის ”არიან-ქართლი” “ვერია” ანუ პირენეს იბერიაა; ეს ბუნებრივიცაა, მისი ძირითადი წყარო ხომ ევსები კესარიელის თხზულება იყო.

ამავე საკითხთან მიმართებაში, გასათვალისწინებელი ჩანს, გ. მელიქიშვილის მიერ გამოთქმული ვარაუდი, რომ ”არიან-ქართლის” ”არიანი” შესაძლოა “პირენეის” (პირენეს) დამახინჯების შედეგად იყოს მიღებული. როგორც ვნახეთ, ანტიკურ ხანაში გადმოცემა პონტოსთან მცხოვრები იბერების დასავლეთის იბერიიდან გადმოსახლების თაობაზე, საკმაოდ ფართოდ იყო გავრცელებული და სავსებით მოსალოდნელია მას თავისებური ასახვა ქართულ მატიანეშიც ეპოვნა; არ არის გამორიცხული, რომ ტერმინი ”არიან-ქართლი” “პირენეს-იბერიის” გადმოქართულებული ფორმა ყოფილიყო. მხედველობაში მაქვს ის გარემოება, რომ ძველი ქართული სამწერლობო ტრადიციის მიხედვით, სახელწოდება “იბერიელნი”, როგორც წესი, თითქმის ყველა შემთხვევაში “ქართველებად” ითარგმნებოდა; ასე, მაგალითად, ექვთიმე მთაწმინდელის (დაახლ. 955-1028 წწ.) მიერ პირენეს ნახევარკუნძულზე მცხოვრები კელტიბერების სახელწოდება თარგმნილია, როგორც ”კელტ-ქართველნი დასავლისანი”. ძველ ქართველ მწიგნობარ/გვ. 74/თათვის ცნობილი იქნებოდა გადმოცემა კავკასიელ იბერთა პირენეს იბერიიდან გადმოსახლების შესახებ და სავარაუდოა, რომ არიან-ქართლით გამოსრულ ქართველთა წინაპრებში მათ ესპანეთიდან ანუ სპანიიდან გამოსულნი ეგულისხმათ.

“არიან-ქართლის” პრობლემა ძირითადად მაინც ტერმინოლოგიური ხასიათის ჩანს და იგი სხვადასხვა წყაროებში გამოყენებული ტერმინების აღრევის შედეგად უნდა იყოს აღმოცენებული. ცნება “არიან-ქართლი”, ჩვენი აზრით, წმინდა მწიგნობრული გზით შექმნილი ფიქციაა, რომელსაც საფუძვლად უდევს მხოლოდ და მხოლოდ ორი იბერიის (დასავლეთისა და აღმოსავლეთის) სახელწოდებათა იგივეობა.

 

http://kavtaradze.wetpaint.com

 

 

 

 

            

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s