Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•ს. მაკალათია -სამეგრელო

 

ს. მაკალათია

 

სამეგრელო

 

სამეგრელო თავისი ისტორიული წარსულითა და ყოფა-ცხოვრებით ფრიად საინტერესო კუთხეა. მაგრამ ის დღემდე არ ყოფილა სათანადოდ შესწავლილი და გამოკვლეული.

 სამეგრელოს ისტორიულ-ეთნოგრაფიულ შესწავლას ჩვენ ვაწარმოებდით 1923 წლიდან, როდესაც საქართველოს მუზეუმის მივლინებით პირველად საშუალება მომეცა მასალები შემეკრიბა დღევანდელ აბაშის რაიონში, ძველ „საჭყონდიდოში“. 1935 წლიდან საქართველოს სამხარეთმცოდნეო საზოგადოების გეგმითა და ხელშეწყობით ჩვენ მოვაწყვეთ სამეგრელოს რაიონებში ისტორიული-ეთნოგრაფიული ხასიათის ექსპედიციები. 1935 წელს მუშაობას ვაწარმოებდით მარტვილსა და ჩხოროწყუს რაიონში; 1936 წელს წალენჯიხაში, ზუგდიდისა და ხობის რაიონებში; 1938 წელს სენაკის რაიონში, 1939 წ. კი გალისა და ოჩამჩირის რაიონში.

 აღნიშნულ რაიონებში შევკრიბეთ საკმოდ მდიდარი ეთნოგრაფიული და ფოლკლორული მასალა, რომლის ნაწილი დამუშავდა აქ წარმოდგენილი „ეთნოგრაფიული ნარკვევის“ სახით. ჩვენი მიზანი იყო წინამდებარე ნარკვევში მოგვეცა მეტი ახალი მასალა, რომ ამით შეივსოს სამეგრელოს შესახებ არსებული ეთნოგრაფიული ცნობები.

 ის ჩვევები და წესები, რომლებიც ჩვენს ნარკვევშია მოთავსებული, დღეს უკვე არ სრულდება თავისი ძველი სახით, მაგრამ პირადად ნანახისა და დაკვირვების საშუალებით და აგრეთვე მოხუცების გამოკითხვით, შევძელით ძველი ყოფის დამახასიათებელი ადათ-ჩვევების დადგენა.

 რასაკვირველია, ჩვენი ეს შრომა არის სრულქმნილი და ამით არ ამოიწურება სამეგრელოს მდიდარი ისტორიულ-ეთნოგრაფიული წარსული. ეს მხოლოდ დასაწყისია იმ დიდი და ფართო მეცნიერული კვლევისა, რომლის მთავარ იობიექტად ახლო წარსულში სამეგრელო უნდა გადაიქცეს.

 დასასრულ, ამ მუშაობის დროს ადგილზე ხელის შეწყობისა და მასალების მოწოდებისთვის მადლობას მოვახსენებთ: ეფემია სისოს ასულ კვარაცხელიას (წალენჯიხა), ზაქარია ტოტიას ძე კვარაცხელიას (სოფ.ნაკიფუ), ვასილ გულუას (სენაკი), ლაუ კანკიას (ხეთა), ვიცი ჯათუს ძე ფიფიას (ჩქვალერი), ბეგი გამსახურდიას (სოფ. დიხაზურგა), ბეგი თირქიას (ყულისკარი), ალექსი ოჩიგავას და დედაჩემს, მინადორა მაკალათიას (სოფ. სეფიეთი). ასევე გულწრფელი დახმარებისათვის ექსპედიციის წევრებს, სტუდენტებს: მ. ეზუგბაიას, გ. გობეჩიას და ა. ფაჩულიას.

 წიგნში მოთავსებული ფოტოსურათები გადაღებულია ჩემ მიერ. ნახატები და ნახაზები შეასრულეს მხატვრებმა: ლ. წილოსანმა და ლ. ხუციშვილმა.

 

 15&XI—1940 წ. ს. მაკალათია

 

 

 ისტორიული მიმოხილვა

 

 1. ძველი კოლხეთი

 

 სამეგრელოს ისტორიული წარსული დაკავშირებულია ძველ კოლხეთთა, რომელშიც ტერიტორიულად მთლიანად შედიოდა დღევანდელი სამეგრელო. მართალია, თანამედროვე მეგრელებისა და ძველი კოლხების ერთტომობის საკითხი ჯერ კიდევ დასაბუთებას მოითხოვს, მაგრამ, უეჭველია, რომ მათ შორის ტომობრივ-ეთნიკური ნათესაობა უნდა არსებულიყო. ტერიტორიულად კი მეგრელები კოლხების უშუალო მემკვიდრენი არიან.

 

ამასთანავე, ისტორიულ-პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით, ეს მხარე იცვლიდა თავის გეოგრაფიულ-პოლიტიკურ სახელწოდებას. უძველეს დროს მას ეწოდებოდა „კოლხიდა“ ან კოლხეთი, საშუალო საუკუნეების ადრნიდელ პარიოდში „ლაზიკა“ ან ეგრისი, შემდეგ ოდიში და ახლა კი იგი ცნობილია სამეგრელოს სახელწოდებით. ამიტომ სამეგრელოს იტორიაც იყოფა სამ მთავარ პერიოდად: კოლხეთის, ლაზიკისა და ოდიშ-სამეგრელოსი.

 

საქართველოს ძველი იტორია ფაქტიურად კოლხეთის ისტორიით იწყება, ისტორიის ვერც ერთი მკლევარი მას გვერდს ვერ აუხვევს. მაგრამ, ამისდა მიუხედავად, კოლხეთის ისტორია ჯერ კიდევ შეუსწავლელია. ანტიკურ მწერლობაში იგი ცნობილია „კოლხიდის“ სახელწოდებით და უძველესი ცნობები მის შესახებ შემონახულია ძველ ბერძნულ თქმულებებსა და მითოლოგიაში; აგრეთვე საბერძნეთისა და რომის საისტორიო მწერლობაში.

 

საკითხი კოლხეთის ვინაობისა და მათი წარმოშობის სადაურობაზე საისტორიო მწერლობაში ჯერ არ არის საბოლოოდ დადგენილი და გარკვეული. ამის შესახებ რამდენიმე ჰიპოთეზა არსებობს. ჰეროდიტეს აზრით, კოლხები ეგვიპტელების ჩამომავლები არიან.

 

ბერძენი მწერლები კოლხებს და მოსინიკებს ბიბლიური ნოეს შვილის იაფეტის შთამომავლებად თვლიდნენ.

 

თანამედროვე მეცნიერებაში წამოყენებულია ჰიპოთეზა კოლხების შუამდინარეთიდან გადმოსახლების შესახებ ამიერკავკასიაში და ამ კოლხებს უკავშირებენ ასურულ-ლურსმულ წარწერებში მოხსენებული „კასკაია“-ს.

 

ეს ჰიპოთეზა უფრო დაფუძნებულია ტერმინების „კოლხოი“ და „კასაია“-ს ლინგვისტურ ანალიზზე და იგი არ არის შეჯერებული ისტორიული ხასიათის ფაქტებით და არქეოლოგიური აღმოჩენებით.

 

ჰომეროს „ოდისეაში“ თავისი გმირის ოდისეის მგზავრობას ადარებს არგონავტების მოგზაურობას. ჰომეროსის პოემა „ოდისეა“ დათარიღებულია XI-X სს. ძვ. წ. და ამის მიხედვით ირკვევა, რომ კოლხეთი ამ დროს დასახელებული ყოფილა კოლხებით, რომლებსაც საკმაოდ ძლიერი და სახელმოხვეჭილი სამეფო შეუქმნიათ, რაც აშკარად ეწინააღმდეგება კოლხების გადმოსახლების თეორიას შუამდინარეთიდა შავი ზღის სანაპიროზე VII-VI სს. ძვ. წ.. ამასთანავე, არქეოლოგიური აღმოჩენებიც აშკარად მოწმობენ, რომ ძველი კოლხეთის ტერიტორია უძველეს დროიდან დასახლებული ყოფილა. აქ აღმოჩენილი ქვისა და ბრინჯაოს ხანის მდიდარი კულტურა აშკარად მიგვითითებენ, რომ კოლხეთის ტერიტორიაზე იყო უწყვეტი მოსახლეობა, რომელსაც გაუვლია ქვისა და ბრინჯაოს ხანა და ისტორიულ პერიოდში კი აქაურ მოსახლეობას კოლხების სახით შეუქმნია საკმაოდ მაფალი კულტურა. ეს გარემოება ეჭვის ქვეშ აყენებს კოლხების გადმოსახლების თეორიას და ამავე დროს, ჩვენ საშუალებას გვაძლევს ვიფიქროთ, რომ კოლხები და მათი მონათესავე ქართველი ტოები აქაური მკვიდრნი (აბორიგენები) არიან, რომელთა წინაპრებს უძველეს დროიდან უცხოვრიათ აწინდელი საქართველოს ტერიტორიაზე და გაუვლიათ საზოგდაოებრივი განვითარების ქვისა და ბრინჯაოს ხანა და ისტორიულ პერიოდში მათ შეუქმნიათ საკმაოდ აფალი კულტურა.

 

ძველი კოლხეთი გეოგრაფიულად მდებარეობდა შავი ზღვის ნაპირას, დღევანდელ დასავლეთ საქართველოში. მისი საზღვრები პოლიტიკურ-საზოგადოებრივ მოვლენებთან დაკავშირებით იცვლებოდა. საკუთრივ კოლხეთი მისი ვიწრო ეთნიკური მნიშვნელობით ეწოდებოდა რიონის ხეობას და უმთავრესად შეიცავდა დღევანდელი სამეგრელოს ტერიტორიას. მაგრამ თავისი ფართო მნიშვნელობით, პოლიტიკური ძლიერების პერიოდში, კოლხეთი მოიცავდა მდინარე ჭოროხის ხეობას, ე.ი. ლაზეთს, აჭარას და გურიას, აგრეთვე ენგურის ხეობას, ე.ი. აფხაზეთის ტერიტორიას. კოლხების პოლიტიკური ძლიერების ხანაში V-I სს. ძვ. წ. მთელ ამ მხარეს ბერძნები უწოდებდნენ „კოლხიდა“-ს. მისი საზღვრები იყო: აღმოსავლეთით—ლიხის მთა, დასავლეთით—შავი ზღვა ბიჭვინტიდან ტრაპიზონამდის. სტრაბონის მოწმობით, დიოსკურიიდან მიდის კოლხეთის ზღვის პირი ტრაპიზონამდე (Лат., I, გვ. 169). ჩრდილოეთით—კავკასიის ქედი და სამხრეთით—მას საზღვრავდა—მესხეთი. სტრაბონის ცნობით, კოლხეთი მდებარეობდა მესხეთის და კავკასიის მთებს შორის.

 

კოლხეთის მთავარი მდინარე იყო ფაზისი (რიონი). სტრაბონის ცნობით, ფაზის მდინარის პირად მდებარეობს ქალაქი იმავე სახელისა (ფაზისის ქალაქი), რომელსაც საზღვრავს ერთი მხრით—მდინარე, მეორე მხრით—ტბა და მესამე მხრით—ზღვა. კოლხეთის ნიადაგი,—ამბობს იგი ფაზის მდინარის შესართავთან — ქვიშიანია, დაბლობი და ნოტიო (Лат., I, გვ. 137). სტრაბონის ეს აღწერილობა იძლევა დღევანდელი ფოთისა და მისი მიდამოს სურათს.

 

კოლხეთში არსებობდა შემდეგი ქალაქები: ეა, შემდეგში არქეოროლისად წოდებული (დღევანდელი ნოქალაქევი). ეს კოლხეთის სატახტო ქალაქი ყოფილა, რომელსაც პირველად ეწვივნენ არგონავტები. ქალაქი ეა მოხსენიებულია ელადის პოეზიაში.

 

ქ. ფაზისი (ფოთი) მდებარეობდა რიონისა (ფაზისის) და შავი ზღვის შესართავში.

 

უფრო ზუსტი აღწერილობა ქ. ფაზისისა მოეპოვება სტრაბონს, რომლის მიხედვით, ქ. ფაზისს ერთის მხრით საზღვრავს შავი ზღვა, მეორე მხრით—რიონი და მესამეს მხრით—პალიასტომის ტბა. ამ ცნობაში მოცემულია ქ. ფოთის მდებარეობის სრული სურათი.

 

ქალაქი დიოსკურია. ამ ქალაქის დაარსებას ბერძნული მითოლოგია მიაწერს მეზღვაურთა ღმერთებს — დიოსკურებს. დიოსკურიას მეორე სახელიც რქმევია „სებასტოპოლისი“. სტეფანე ბიზანტიელის მოწმობით, შავი ზღვის პირას მდებარე ქალაქ დიოსკურიას უწინ სებასტოპოლისი ეწოდებოდაო (Лат., I, გვ. 259). სტრაბონი მოგვითხრობს, „რომ დიოსკურია მდებარობს შავი ზღვის აღმოსავლეთის კიდეზე, ზღვის ყურეში და ამიტომ უწოდებენ მას შავი ზღვის კუთხეს. ამ ქალაქიდან იწყება ყელი, რომელიც მიემართება შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე. თვით ქალაქი წარმოადგენს სავაჭრო ადგილს გარშემო მცხოვრებთათვის“-ო.

 

როგორც ამ ცნობებიდან ირკვევა, შესაძლებელია ვიფიქროთ, რომ ძველი დიოსკურია დღევანდელი სოხუმი (ცხუმი), ან მასთან ახლოს მდებარე რომელიმე ქალაქია. ამას მოწმობს, არიანეს (II ს. ახ. წ.) ცნობა, რომელიც ამბობს, რომ პირველი ნავსადგური დიოსკურიიდან არის ბიჭვინტა.

 

ქალაქი პიტიუნტი, დღევანდელი ბიჭვინტა, იყო კოლხეთის სავაჭრო ციხე-ქალაქი. სტრაბონი მას დიდ ქალაქს უწოდებს, პლინიუსი კი უმდიდრეს ქალაქს.

 

ციხე-ქალაი კიტეა მოხსენიებულია არგონავტების მოგზაურობაში. ის არის აპოლონ როდოსელის მიერ (III ს. ძვ. წ.) მოხსენიებული კოტიაიონ, რიონზე მდებარე, დღევანდელი ქუთაისი. პროკოპი კესარიელს მოყვანილი აქვს არიანეს თხზულებიდან ცნობა, რომ რიონზე მდებარე ციხეს ბერძნები უწოდებენ კოტაიონს, ლაზები კი კუთათისსო.

 

ციხე-ქალაქი სარაპანი ცნობილია კოლხეთის ისტორიაში, როგორც დიდი ნავსადგური, რომელიც მდებარეობდა მდ. ყვირილაზე. იგი წარმოადგენდა სავაჭრო საქონელის საწყობს. აქვე იკრიბებოდნენ ვაჭრები, რომლებიც აღებ-მიცემობას აწარმოებდნენ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქვეყნებს შორის. სტრაბონის მოწმობით, ფაზის მდინარეში დადიოდნენ გემები სარაპნის ციხემდე, რომელსაც თავისი სიდიდით შეეძლო მთელი ქალაქის მცხოვრებთა დატევა (Лат., I, გვ. 136; გეორგიკა, 304-307).

 

აქ დასახლებულ მსხვილ ციხე-ქალაქებთან ერთად, კოლხეთში არსებობდა აგრეთვე უფრომ მცირე ქალაქებიც, მაგალითად, ციხე სკანდა, ვარდციხე (როდოპოლისი), ციხე უქიმერიონი და სხვა.

 

კოლხეთის მოსახლეობის შესახებ ჩვენ არა გვაქვს უტყუარი ცნობები, მაგრამ იმ მცირეოდენი მასალების მიხედვით, რომელიც მოიპოვება ძველ ბერძნულ მწერლობაში, შესაძლებელია დადგენა, რომ მოსახლეობა ეკუთვნოდა ქართველთა ტომის სამ შტოს: კოლხებს, რომლებშიაც შედიოდნენ მაკრონები (მეგრელები) და ჭან-ლაზები, აფშილ-აფხაზებს და სვანებს. კოლხეთის მოსახლეობაში შედიოდნენ მათივე მონათესავე მცირე ტომები: მოსინიკები, ჰენიოხები და ზიდრიტები. ამ ტომებს შორის თავდაპირველად გაბატონებული იყვნენ კოლხები, რომელთა ხელში იყო პოლიტიკური ძალაუფლება და მთელ ამ მხარეს მათ მიანიჭეს თავიანთი ტომობრივი სახელწოდება—კოლხეთი.

 

კოლხები ეწეოდნენ ბინადარ ცხოვრებას და საკმაოდ ძლიერ და გავლენიან ტომებად იყვნენ ცნობილი.

 

კოლხების მონათესავე მცირერიცხოვან ტომებს შორის, უფრო ცნობილი არიან, ბერძნული მწერლობის მიხედვით, მოსინიკები ან ჰეპტაკომიტები.

 

კოლხეთის მოსახლეობის მეორე შტოს ეკუთვნოდნენ აფშილ-აბაზგები (აფხაზები), რომელნიც კოლხეთის სამხრეთით ბინადრობდნენ და ეჭირათ მდინარე ენგურის მიდამო. მათ შესახებ ძველ ბერძნულ მწერლობაში მცირე ცნობები მოიპოვება, მხოლოდ არიანე (II ს. ახ. წ.) მოგვითხრობს, რომ ლაზების მოსაზღვრე აბშილებია, აფშილებს საზღვრავს აბაზგებიო.

 

კოლხეთის მოსახლეობის ქართველთა მესამე შტოს ეკუთვნოდნენ სუანები (სვანები). მათ შესახებ უფრო მცირე ცნობებია ძველ ბერძნულ მწერლობაში შემონახული. მხოლოდ სტრაბონს აქვს მათ შესახებ შემდეგი ცნობა: „სვანებს უჭირავთ დიოსკურიის მაღალი მთები და იქიდან მბრძანებლობენ გარშემო ხალხზე“.

 

კოლხეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების შესახებ ბერძნულ წყაროებში მცირე ცნობებია შემონახული. ამიტომ ძნელია კოლხეთის სახელწიფოებრივი წყობილების სრული სურათის მოცემა. მაგრამ იმდროინდელი ცნობების მიხედვით, ირკვევა აშკარად, რომ V-VIII სს. ძვ. წ. კოლხეთი იმყოფებოდა გარდამავალ ხანაში, როდესაც გვაროვნული წყობილება უკვე დაშლილი იყო და კლასობრივი საზოგადოების წარმოშობასთან ერთად, იწყებოდა ადრინდელი ფეოდალიზმის პერიოდი. კოლხეთის პოლიტიკური ცხოვრების სათავეში იდგა მეფე—„ბასილევსი“, რომლის ხელისუფლება გადადიოდა გაბატონებულ საგვარეულოს უფროსზე.

 

კოლხეთის პირველ მეფედ ბერძნულ მითოლოგიაში მოხსენებულია აიეტი, რომელიც წარმოდგენილია ძლიერ და მდიდარ მეფედ. აიეტის სიმდიდრეზე ბერძნებმა შექმნეს მშვენიერი მითი ოქროს საწმისის მოტაცებაზე კოლხეთიდან და ეს გარემოება ჩვენ ერთგვარ საბაბს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ კოლხეთი ძველად მართლაც წარმოადგენდა საკმაოდ დაწინაურებულ სამეფოს. უძველესი დროიდან, კოლხეთი იზიდავდა ახალშენების მაძიებელ საბერძნეთის მეზღვაურებსა და ვაჭრებს დასავლეთიდან, აღმოსავლეთიდან კი — ძველი ირანის მბრძანებლებს, რომლებიც მოისწრაფოდნენ შავი ზღვის სანაპიროსაკენ. ამის გამო, ორივე ეს მხარე ცდილობდა კოლხეთის სანაპიროების ხელში ჩაგდებას და იქ თავიანთი პოლიტიკურ-ეკონომიკური ბატონობის განმტკიცებას. უკვე V ს. ძვ. წ. ჰეროდიტეს მოწმობით, კოლხეთი მოქცეული ყოფილა ირანის გავლენაში.

 

პირველ საუკუნეში ძვ. წ. პონტოში გაძლიერდა მეფე მითრიდიტე VI ევპატორად წოდებული. მან დაიპყრო მცირე აზიის ქვეყნები და შექმნა საკმაოდ ძლიერი ბოსფორის სამეფო.

 

მითრიდატმა თავისი გავლენა ჩქარა შავი ზღვის საპაროზე მოსახლე ხალხებზედაც გაავრცელა.

 

მაგრამ მითრიდატეს ბატონობა დიდხანს არ გაგრძელებულა კოლხეთში. მითრიდატის გაძლიერება აღმოსავლეთსა და მცირე აზიაში საფრთხეს უმზადებდა რომის ბატონობას და ამიტომ, რომის სენატმა გადაწყვიტა მითრიდატის დამარცხება და ეს საქმე მიანდო ცნობილ მხედართმთავარს პომპეუსს. რამდენიმე შეტაკების შემდეგ, პომპეუსმა გაიმარჯვა და დამარცხებული მითრიდატი გაიქცა კოლხეთში. რომის ლაშქარი არეზისა და მტკვრის ხეობით შეიჭრა ალბანეთსა და იბერიაში. იბერიის მეფე არტაგი იძულებული იყო დამორჩილებოდა პომპეუსს.

 

იბერიიდან პომპეუსმა გაილაშქრა კოლხეთზე, სადაც მას ეგულებოდა მითრიდატი. რომის ჯარი მდ. რიონით შევიდა ქ. ფაზისში (ფოთში).

 

პომპეუსმა კოლხეთი დაიმორჩილა და რომაელებმა აქ მეფედ დააყენეს არისტარხი, რომელიც ფულსაც სჭრიდა ასეთი წარწერით: „კოლხეთის მეფის არისტარხისა“.

 

უკანასკნელ მეფედ კოლხიდისა იყო პოლემონი, რომლის სიკვდილის შემდეგ, მისი ცოლი პითოდორა, ქალი ჭკვიანი და საქმის მცოდნე, გახდა მეფედ კოლხიდელებისა, ტრაპიზონისა, ფარნაკიისა და მათ ზემოთ მცხოვრები ბარბაროსებისა. დღეს მთელ ამ მხარეს, რომელიც ფაზისის და ევფრატის აქეთ არის, განაგებენ რომაელები ან მათგან დანიშნული მთავრებიო.

 

მაგრამ კოლხეთი რომის ბატონობას ურჩობდა და როდესაც რომს ძლიერი მეტოქე ძალა გამოუჩნდებოდა, იგი მზად იყო განდგომისათვის. იულიუს კეისარს (48 წ. ძვ. წ.) დროს კოლხეთი გამდგარა და რომაელებს იგი ხელმეორედ დაუპყრიათ.

 

რომაელები თავიანთი ბატონობის პირველ პერიოდში კოლხეთის შინაურ საქმეებში არ ერეოდნენ. მხოლოდ ახლად არჩეულ მეფეს ამტკიცებდა რომის კეისარი, მისგან იღებდა სამეფო ნიშნებს, აგრეთვე ერთგულების ნიშნად, კოლხეთის მეფეს მძევლები უნდა მიეცა და რომის მოთხოვნებისამებრ, ჯარით და იარაღით მიშველებოდა მას.

 

იბერიისა და კოლხეთის დამორჩილების შემდეგ, რომის იმპერატორები შეუდგნენ ამიერკავკასიაში თავიანთი ბატონობის განმტკიცებას, ციხე-სიმაგრეების განახლებას და ყველა შემოსასვლელი კარის გამაგრებას. მით უმეტეს, რომის იმპერიას ამიერკავკასიაში ჩქარა გამოუჩნდა ძლიერი მეტოქე. ეს იყო ძველი ირანი.

 

ირანის მმართველები კარგად გრძნობდნენ, თუ რა საფრთხეს უმზადებდა მათ გაძლიერებული რომის იმპერია იბერიისა და კოლხეთის ხელში ჩადებით. ამას ჩქარა მოჰყვა რომსა და ირანს შორის პოლიტიკური ურთიერთობის გართულება.

 

მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, საჭირო იყო კოლხეთის მეფეებთან მეგობრული კავშირის განმტკიცება, ადგილობრივი ციხე-სიმაგრეების განახლება და გამაგრება.

 

ამ მიზნით, ფაზისსა და დიოსკურიაში (სებასტოპოლისი), რომელიც სავაჭრო ქალაქებს წარმოადგენდნენ, რომის კეისარს თავისი მეციხოვნე ჯარები ჩაუყენებია.

 

ამასთანავე, ბოლო რომ მოეღოთ კოლხების მხრივ მოსალოდნელი განდგომისათვის, რომაელებს აქაც მიუმართავთ თავიანთი ნაცადი ხერხისათვის „divide de imeria“— „დაყავი და იბატონე“. არიანეს აღწერის მიხედვით, 134 წელს ადრიანე კეისარის დროს, კოლხეთში ოთხი პატარა სამეფო ყოფილა: ლაზთა სამეფო — შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მის ჩრდილოეთით — აფშილების სამეფო იყო, ამაზე უფრო ჩრდილოეთით კი — აფხაზთა სამეფო და ამაზე უფრო ზევით — სანიგების ან სანების სამეფო მდებარეობდა.

 

არიანეს მოხსენებიდან ისიც ირკვევა, რომ ოთხივე მეფეს ხელისუფლება მიღებული და დამტკიცებული ჰქონდა რომის კეისრისაგან და მათ შორის წინანდელ კოლხეთის მეფის მსგავსად, უპირატესობა არცერთს არ ჰქონია. აქ მოსახლე ტომებს შორის ბატონობის პერიოდში დაწინაურდნენ ლაზები.

 

 

კოლხებმა რომაელებს შემოსევის შემდეგ, დაკარგეს პოლიტიკური ჰეგემონია და სამეფოს ხელისუფლება გადავიდა კოლხების მონათესავე ტომზე ლაზებზე, რომლებიც წინათ ემორჩილებოდნენ კოლხების მეფეებს.

 

კოლხების ხელიდან პოლიტიკური მესვეურობის ლაზების ხელში გადასვლას მოჰყვა თვით ამ სახელმწიფოებრივი ერთეულის სახელწოდების შეცვლაც და ამიერიდან რომაელებმა მას კოლხეთის ნაცვლად უწოდეს—ლაზიკა, ან ლაზიკე.

 

ძველ კოლხეთში საკმაოდ დაწინაურებული ყოფილა საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრება. კლასიკური ხანის მწერლები აქებენ კოლხების სტუმართმოყვარეობას და მათი ცნობით, კოლხიდელები დიდ დახმარებას უწევდნენ თურმე ზღვის ღელვისაგან გადარჩენილებს ფულით, სურსათის მიწოდებით, თუ სხვა საშუალებებით. ძველი მწერლების აღწერილობით, კოლხეთის მოსახლეობა ხის სახლებში ცხოვრობდა. სახლები მაღალ ბოძებიანი ყოფილა, კოშკების მსგავსად ნაგები. კოლხები იძულებულნი იყვნენო ასეთ შენობებში ეცხოვრათ, რადგან ხშირად წვიმების გამო დედამიწა იყო სველი და ნესტიანი. მოსახლეობა უმთავრესად იკვებებოდა პურით, ღომით (ღომის ღომი), მოხარშული წაბლით, ხილით და ხორცით. ხმარობდნენ დამარილებულ ზღვის ღორის ქონს. ღვინოსაც სვამდნენო, მაგრამ წყალ-ნარევს. ქსენოფონტეს ცნობით, აქაური ღვინო უწყლოდ ყოფილა მწლაკე, წყლით კი გემოიანი და სურნელოვანი (ალ. ჭყონია, 116, Лат., I, 82).

 

ქსენოფონტეს მოწმობით, როდესაც ბერძნებმა მოსინიკების ქალაქი აიღეს, მათ სახლებში ბევრი პური იპოვეს. ეს პური სარდაფებში ყოფილა შენახული. ამას გარდა, უნახავთ ახალი პურის ძნებიც და თიხის ქვევრებში დამარილებული ზღვის ღორის ქონი. ბეღლებში ეწყო მრავალი წაბლი, რომელსაც მოსინიკები ხარშავდნენ და პურის მაგივრად ხმარობდნენ. ამასთანავე, ბევრი თაფლიც მოდიოდა.

 

კოლხების მეფეები მთის წვერზე აგებულ კოშკებში ცხოვრობდნენ თურმე, საზოგადო ხარჯებით იკვებებოდნენ და მათ იცავდნენ საგანგებო მცველები. კოლხები, ამასთანავე გულადი და მეომარი ხალხი ყოფილა, სალაშქროდ გამოდიოდნენ თავიანთი სარდლების მეთაურობით.

 

კოლხების რელიგიური რწმენის შესახებ ბერძნულ-რომაულ მწერლობაში შედარებით მცირე ცნობები მოიპოვება, რომელთა მიხედვით ირკვევა, რომ კოლხეთს სარწმუნოებრივი ურთიერთობა ჰქონია ძველ საბერძნეთსა და ირანთან.

 

არიანეს მოწმობით (II ს. ახ. წ.), მდინარე ფაზისის შესავალთან მარცხენა მხარეს, აღმართულია ფაზიანების ღმერთი ქალი, რომელიც გარეგნული გამოსასხულებით ღმერთ-ქალი რეა არისო.

 

ბერძნულ-რომაულ კულტებთან ერთად, კოლხეთში გავრცელებული ყოფილა ხეთა თაყვანისცემა. პროკოპი კესარიელის მოწმობით, ტყვეების თაყვანისცემა ძლიერ გავრცელებული ყოფილა განსაკუთრებით აფხაზეთში, სადაც უმთავრესად თაყვანსა სცემდნენ მუხას.

 

ირანის პოლიტიკურ-კულტურულ გავლენასთან დაკავშირებით ძველ კოლხეთში გავრცელებული ყოფილა მაზდეანური რწმენაც, რაც გამოიხატებოდა ცეცხლის თაყვანისცემაში.

 

ქრისტიანობაც პირველი საუკუნიდან გავრცელდა კოლხეთში. ამ ახალი რწმენის შემომტანნი და გამავრცელებელნი იყვნენ რომიდან კოლხეთში გადასახლებული ქრისტიანობის პირველი მქადაგებელი.

 

თეოდორიტე კვიპრელის მოწმობით, ქ. ბიჭვინტა რომაელებმა აქციეს იმდროინდელ დასასჯელ ადგილად, სადაც სხვათა შორის, გადასახლეს იოანე ღვთისმეტყველიო.

 

კოლხეთში ქრისტიანობის გავრცელებას ის გარემოებაც მოწმობს, რომ პირველ მსოფლიო კრებას 325 წელს დასწრებია ქ. ფაზისის (ფოთის) ეპისკოპოსი.

 

ძველი მწერლების ცნობების მიხედვით, ძველი კოლხეთი კულტურულ-ეკონომიკურად საკმაოდ დაწინაურებული ქვეყანა ყოფილა. ამას ხელს უწყობდა თვით კოლხეთის გეოგრაფიული მდებარეობა, რომელსაც ეჭირა შავი ზღვის სანაპიროები. აქედან გადიოდა ინდოეთისაკენ მიმავალი დიდი სავაჭრო გზა. თვით კოლხებიც დაწინაურებული ყოფილან ვაჭრობასა და ხელოსნობაში, განსაკუთრებით ლითონის დამუშვებაში. ამ დარგში თავი გამოუჩენიათ მოსინიკებს, რომლებიც ამზადებდნენ განსაკუთრებული ელვარების მქონე თითბრის ჭურჭელს „მოსინად“ წოდებულს.

 

სტრაბონის მოწმობით, მის დროსაც კოლხებს ბლომად გამოჰქონდათ მადნებიდან ოქრო, ვერცხლი და რკინა. სვანეთის ოქროსქვიშიან ნაკადულების შესახებ ძველმა მწერლებმა მრავალი თქმულება დატოვეს.

 

ლითონისაგან კოლხები სახმარ ჭურჭელთან ერთად ამზადებდნენ აგრეთვე სამკაულებსაც. თავიანთი ნაწარმი მათ გასაყიდად გამოჰქონდათ შინაურ და უცხოეთის ბაზარზე.

 

კოლხეთში კარგი სავაჭრო ქალაქებიც არსებობდა, მათ შორის ცნობილი იყო დიოსკურია (სებასტოპოლისი). დიოასკურიას ფართო სავაჭრო ურთიერთობა ჰქონია მეზობელ ქვეყნებთან. უმთავრესი სავაჭრო საგანი მისი აღებ-მიცემობისა მარილი იყო.. სტრაბონის მოწმობით, ქალაქი დიოსკურია წარმოადგენდა საერთო სავაჭრო ადგილს გარშემო მცხოვრებთათვის. აქ იკრიბებოდა 70 სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ერიო მეორე მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქი კოლხეთისა, განსაკუთრებით საგარეო ვაჭრობაში იყო ქ. ფაზისი (ფოთი), რომელიც მდებარეობდა ინდოეთის სავაჭრო გზაზე და წარმოადგენდა სავაჭრო საქონლის ბრუნვის დიდ ნავსადგურს.

 

ვაჭრობის განვითარება—დაწინაურებას ჩქარა მოჰყვა ფულის ნიშნების ტრიალი და ბერძნული ფულების წაბაძვით, უკვე VI საუკუნიდან ძვ. წ. კოლხეთშიც ჩნდება საკუთარი ფული, რომელიც ცნობილია „კოლხურად“. ვერცხლის ეს ფულები იჭრებოდა დიდრაქმიანი და ნეხევარ დრაქმიანი (წვრილი) და მრავალია აღმოჩენილი დღევანდელი სამეგრელოს ტერიტორიის ფარგლებში.

 

 ლაზიკა — ეგრისი

 

რომაელების შემოსევის შემდეგ, როგორც ჩვენ უკვე აღვნიშნეთ, ძველი კოლხების პოლიტიკური მესვეურობა გადადის ლაზების ან ეგრისელების ხელში და მთელ ამ მხარესაც რომაელებმა უწოდეს „ლაზიკა“. მაგრამ ამის შემდეგაც ამ მხარეს დიდხანს შერჩა პარალელურად თავისი პირვანდელი სახელწოდება — კოლხეთიც და რომაულ-ბერძნულ მწერლობაში ლაზიკა გაიგივებულია კოლხეთთან.

 

ლაზურ-მეგრულრი ტომობრივი სახელწოდება—ლაზი სვანური წარმოშობისაა „ზან“ ან „ჭან“, რასაც მოწმობს ის ფაქტი, რომ სვანები მეგრელებს დღესაც ეძახიან „ზანარ“-ს სამეგრელოს კი „ზან“-ს.

 

ლაზურ-მეგრული სამეფოს ეს რომაულ-ბიზანტიური სახელწოდება — ლაზიკა ქართულ საისტორიო მწერლობაში არ იხსენიება. ქართულ მატიანეში იგი ცნობილია „ეგრისი“-ს სამეფოს სახელწოდებით.

 

აქედან არის ნაწარმოები მეგრელების სატომო სახელი ძველ სომხურში „ეგერ“-ქ და აფხაზური აგრ-უა. ამ ფუძიდან „ეგერ“ ნაწარმოებია ქართული მ-ეგერ-ელი და ადგიობრივი (მეგრული) „მ-არგ-ალი“.

 

ერთი სიტყვით, აქედან ირკვევა, რომ სამეგრელოს ძველი ქართული სახელწოდება—ეგრისი და შემდეგში აქედან ნაწარმოები სა-მ-ეგრ-ელო აღნიშნავდა რომაულ-ბიზანტიურ ლაზიკა.

 

ქართველ მემატიანეს ლეონტი მროველს სახელწოდება ეგრისი გამოჰყავს მეგრელების მითიური წინაპარი—ეგროსისაგან და იგი იძლევა ამის წარმოშობის ასეთ სქემას: „პირველად ვახსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართვუელთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა და მეგრელთა ამა ნათესავთა ერთი იყო მამა სახელით თარგამოს. ესე თარგამოს იყო ძე თარშისი, ძის წული იაფეთისი ნოეს ძისა“-ო (იხ. ქართ. ცხოვრება, გვ I). ლეონტის თეორიით, ამ თარგამოსს ჰყოლია რვა გმირი შვილი: ჰაოსი, ქართლოსი, ბარდოსი, მოვაკან, ლეკ, ჰეროს, კავკას და ეგროსი, რომლისაგან მეგრელები წარმოშობილან.

 

ეგრისისათვის თარგამოსს მიუცია დღევანდელი დასავლეთი საქარველო.

 

ამგვარად, ლეონტი მროველის თეორიით, მეგრელები წარმოშობილან ეგროსისაგან, დასახლებულან დასავლეთ საქართველოში და მათ ქვეყანასაც ეგრისი დარქმევია.

 

ლაზიკის სამეფო მოქცეული იყო ძველი კოლხეთის საზღვრებში, რომელიც შეიცავდა მთელი დასავლეთ საქართველოს ტერიტორიას.

 

დღევანდელ გურიას, ქვემო იმერეთს, რაჭა-ლეჩხუმს, სამეგრელოს, სვანეთს და აფხაზეთს.

 

ლაზიკის სამეფოს პოლიტიკური ცენტრი და სატახტო ქალაქი იყო არქეოპოლისი (ნოქალაქევი). ეს ქალაქი მდებარეობდა მდ.ტეხურის პირას და შემოზღუდული იყო მაღალი გალავნით და ციხე-კოშკებით.

 

ლაზიკის პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრების სათავეში იდგა მეფე, რომელსაც ირჩევდნენ მემკვიდრეობით. ლაზიკის მეფეს ამტკიცებდა ბიზანტიის კეისარი, რომლისგანაც იგი იღებდა სამეფო ნიშნებს და საჩუქრებს. ლაზიკა ბიზანტიას არც ხერკსა და არც ჯარს უგზავნიდა მხოლოდ ვალდებული იყო ჩრდილოეთის საზღვრები გაემაგრებინა და იქიდან ჰუნები და სხვა ტომები არ გადმოეშვა და ბიზანტიის სამფლობელო მათი შემოსევისაგან დაეცვა.

 

პოლიტიკური ურთიერთობის განმტკიცების მიზნით, ლაზთა მეფეები ენათესავებოდნენ კესირებს და ცოლად ირთავდნენ მათ ქალებს.

 

ლაზიკას თავისი გეოგრაფიული მდებარეობით ეჭირა სტრატეგიული მნიშვნელობის შავი ზღვის სანაპირო, ლაზიკიდან დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ გადიოდა იბერია-ალბანიის სავაჭრო გზა ირან-ინდოეთში მიმავალი. ლაზიკის ჩრდილოეთის საზღვრებიდან ბიზანტიას საფრთხე მოელოდა ჰუნებისა და სხვა ჩრდილოეთში მობინადრე ტომების შემოსევებით. მაგრამ ყველაზე დიდი საფრთხე მოსალოდნელი იყო ირანის მხრივ, რომელიც ვერ ურიგდებოდა ბიზანტიის ბატონობას ამიერკავკასიაში და მცირე აზიის ქვეყნებში. ამიტომ ლაზიკის შემომტკიცებას და ციხე-სიმაგრეებით შემოზღუდვას ბიზანტია განსაკუთრებულ მნიშვნელობას აქცევდა. ლაზიკის ციხე-სიმაგრეებში ცნობილია სკანდე, შოროპანი, როდოპოლისი, ტელეფისი, ნესოსი, უქიმერიონი, არქეოპოლისის ციხე, პეტრა და სხვ.

 

მათ შორის პირველ-ხარისხოვან ციხე-სიმაგრედ ითვლებოდა პეტრას ციხე, რომელიც ააგეს ბიზანტიელებმა იუსტინიანე კეისტრის დროს.

 

ირანსა და რომს შორის პოლიტიკური ურთიერთობა უფრო გამწვავდა, როდესაც ირანის სამეფოს სათავეში მოიქცნენ

 

 

 ეთნოგრაფია

 

მეგრელები ეროვნებით ქართველები არიან. ისტორიულ წარსულში ეთნოგრაფიულ სამეგრელოში შედიოდნენ მეგრელების მონათესავე ტომი ჭან-ლაზები, რომლებიც მეგრელებთან ერთად დღესაც მეტყველებენ მეგრულ-ჭანურ ან ზანურ ენაზე.

 

მეგრული ენა, როგორც ცნობილია, ეკუთვნის ქართველურ ენათა ჯგუფს და მეგრელების მშობლიური და სამწერლობო ენაც ქართულია, რომელმაც ხელი შეუწყო სამგერელოს საზოგადოებრივ-კულტურულ ცხოვრების დაწინაურებას.

 

ეთნოგრაფიული სამეგრელო „სამეგრელო“, ანუ ოდიში დღეს შეიცავს საქართველოს შემდეგ რაიონებს: აბაშის, გეგეჭკორის (მარტვილის), წალენჯიხის, ჩხოროწყუს, ზუგდუდის, ცხაკაიას (სენაკის), ხობის და ფოთის. ამას უნდა მიემატოს აფხაზეთის ავტონომიური რესპბულიკაში, ოჩამჩირისა და ყოფილი სამურზაყანოს, გალის რაიონის მეგრული მოსახლეობაც, ამგვარად, ერთნოგრაფიული სამეგრელო დღეს შეიცავს არ რაიონს, რომლის მოსახლეობის საერთო რიცხვი უდრის 450.000 სულს.

 

 

სოფლის მეურნეობა

 

 სამეგრელო მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მქონე ქვეყანაა, ამიტომ დროთა ვითარებაში იცვლებოდა მისი სამეურნეო ცხოვრების სხვადასხვა დარგი, საწარმოო იარაღები და შრომა-საქმიანობის პროცესები.

 

უძველესი დროიდან სამეგრელოში ითესებოდა ღომი, (Panicum italicum), მეგრული „ჩხვერი“ და „ჭკიდი“ (ლათინური milium), რომლებიც მოსახლეობის მთავარ საკვებ პურეულს შეადგენდა.

 

ღომისა და ფეტვის მოყვნა დიდ შრომას მოითხოვდა.

 

XVII საუკუნის დასაწყისიდან სამეგრელოში შემოდის სიმინდი, რომელიც აქ იპოვა კარგი და ნოყიერი ნიადაგი და XVII საუკუნიდან სიმინდი იქცა მოსახლეობის მთავარ საკვებ პურეულად. სიმინდმა ჩქარა შეცვალა ღომი და ფეტვი. სიმინდის უხვმა მოსავალმა, ამავე დროს, ხელი შეუწყო მოსახლეობის მომრავლებას და მისი ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას.

 

სამეგრელოს სუბტროპიკულ რაიონებში დღეს მეურნეობის წამყვანი დარგი ციტრუსია, რომელიც იძლევა უხვ მოსავალს და კოლმეურნეებიც დაინტერესებული არიან მოვლა-მოშენებით.

 

მევენახეობა. ვაზის კულტურა წინათ სამეგრელოში საკმაოდ იყო განვითარებული და ვაზიც აქაურ პირობებში კარგად ხარობდა.

 

სამეგრელოში გავრცელებული იყო ვაზის შემდეგი ჯიშები:

 

1. ჩერგვალი—თეთრი და ტკბილი ყურძენი, მსხვილ მტევნიანი, რომლისაგან დგებოდა საშუალო ღირსების ღვინო;

 2. საკმეველი—თეთრი და საშუალო ზომის მარცვლოვანი, ღვინო კარგი ღირსების;

 3. კრახუნა—თეთრი და მსხვილ-მარცვალა, ღვინო კარგი;

 4. ციცკა—თეთრი და წვრილ-მარცვალა, ღვინო საშუალო;

 5. კაჭიჭი—თეთრი, მარცვალი საშუალო, ღვინო კარგი;

 6. ჭვიტილური—თეთრი, მარცვალი საშუალო, ღვინო კარგი ფერი;

 7. ჩეჭიფეში—თეთრი, მარცვალი საშუალო, ღვინო კარგი?

 8. გრეხი—თეთრი და მსხვილ-მარცვლოვანი, ღვინო კარგი;

 9. ტოროეკუჩხი—თეთრი, მარცვალი წვრილი, ღვინო კარგი;

 10. თხურთხი — თეთრი, მარცვალი წვრილი, ღვინო კარგი;

 11. პანეში — მუქი ლურჯი ფერისა, მარცვალი მსხვილი, ღვინო კარგი;

 12. დონდღვაბაია — (პაპასქირი), შავი და წვრილ-მარცვლოვანი, ღვინო მდარე;

 13. დღუნდუში — შავი და მსხვილ-მარცვლოვანი, ღვინო წითელი და კარგი;

 14. ოჯალეში — შავი და წვრილ-მარცვლოვანი, ღვინო საუკეთესო;

 15. ჭოტიში — შავი, მარცვალი საშუალო, ღვინო მაგარი და მღებავი;

 16. ცხენიშყურძენი — შავი, მარცვალი მოგრძო და მსხვილი, ღვინო კარგი;

 17. უგვარო — შავი, მარცვალი საშუალო, ღვინო მაგარი და მწლაკე;

 18. ხოჯიშ თოლი — შავი და მსხვილ-მარცვლოვანი, ღვინო მდარე;

 19. შონური — შავი, მსხვილ-მარცვლოვანი, ღვინო საშუალო;

 20. კაბისონი — შავი, მარცვალი საშუალო, ღვინო საუკეთესო;

 21. ხარდანი — შავი და წვრილ-მარცვალა, ღვინო კარგი ღირსების;

 22. ოდესა (იზაბელა) — შავი, მარცვალი საშუალო, ღვინო მდარე და სხვა;

 

ამ ვაზებს შორის საუკეთესოდ ითვლებოდა ოჯალეში, ჭვიტილური, ჩეჭიფეში, ხარდანი და კაბისონი. ყველაზე უხვ მოსავალს და საუკეთესო ღვინოს იძლეოდა თურმე „ოჯალეში“, რომელიც იყო სქელი, მაგარი და საამო დასალევი ღვინო.

 

ვაზის ეს ჯიშები მაღლარი ყოფილა — „ჯაშ ბინეხი“ და ხეებზე გაბმული. ეს ჯიშები სამეგრელოში ფილოქსერამ უკვე მოსპო, მათი თითო-ოროლა ძირი აქა-იქ თუ არის დარჩენილი. მათ ნაცვლად, დღევანდელ სამეგრელოში გავრცელებულია : ოდესა, კაჭიჭი, ნამყენი, ცოლიკაური, ნოვა, ფრანგულა და საფერავი, მევენახეობას აქ მისდევენ ჩხოროწყუს რაიონის სოფლები, განსაკუთრებით: ახუთი, ფოცხო და უშაფათა.

 

მესაქონლეობას სამეგრელოში ძველადვე მისდევდნენ და მეურნეობის ეს დარგი მნიშვნელოვან როლს თამაშობდა მეგრელების ეკონომიკურ ცხოვრებაში.

 

მესაქონლეობასთან ერთად, სამეგრელოში მისდევდნენ ცხენების მოშენებას. ცხენი წინად დიდ როლს თამაშობდა სამერელოს ეკონომიკურსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

 

მეცხენეობასთან დაკავშირებით, სამეგრელოში გავრცელებული იყო ცხენის ქურდობაც, რაც ვაჟკაცობად ითვლებოდა. ცხენის მოპარვა მოითხოვდა გულადობას და დიდი მოხერხებას, რომ ნაქურდალი ცხენი პატრონს ვერ გამოეცნო და ქურდის ვინაობა არ გამომჟღავნებულიყო, რაც საძრახისად ითვლებოდა.

 

 შინამრეწველობა და ხელოსნობა

 

 შინამრეწველობა და ხელოსნობა დაკავშირებულია ადგილობრივ ბაზრის მოთხოვნასთან და ჩვენი შინამრეწველები ქალაქად თუ სოთლად ამზადებენ იმ საქონელს, რომელიც ესაჭიროება რაიონის მოსახლეობას.

 

ფეიქრობა. წინათ სამეგრელოში ქსოვილებს ოჯახებში ამზადებდნენ. ქალები გავარჯიშებული იყვნენ ბამბის, აბრეშუმისა და შალეულის ქსოვაში და თითქმის ყველა ოჯახში ჰქონდათ საპენტი იარაღები, ჩიხრიხი, საქსოვი დაზგა თავისი მოწყობილობით და სხვა.

 

მეჭურჭლეობას სამეგრელოში ძველადვე მისდევდნენ. განსაკუთრებით აკეთებენ თიხის ჭურჭელს, რასაც ხელს უწყობს საჭურჭლე თიხის დიდი მარაგი. მეჭურჭლეობა გავრცელებულია ზუგდიდისა და სენაკის რაიონებში. ამ მხრივ, სამეგრელოში ცნობილია სოფ. ნამკოლე, სადაც კეთდება კარგი ხარისხის თიხის ჭურჭელი. ამ სოფელში თიხის ჭურჭლის გაკეთებას დაახლოებით 200-მდე კომლი მისდევს და ეს ხელოსნობა ოჯახში მემკვიდრეობით გადადიოდა.

 

კალათაზე სამეგრელოში დიდი მოთხოვნილებაა. ოჯახში კალათა საჭიროა სიმინდის ტაროების გადასაზიდად, ღომის შესანახად და სხვ. ამიტომ კალათების გაკეთებიის ოსტატობა აქ გავრცელებულია, განსაკუთრებით სამეგრელოს მთიან რაიონებში, სადაც საამისოდ საჭირო მასალაც მოიპოვება. კალათს საზოგადოდ წნავენ თხილის ხის წნელისაგან.

 

საშენ მასალებში ყავარს მთავარი მნიშვნელობა ეძლევა. სამეგრელოში სახლები უმთავრესად ყავრით იხურება. ყავრით გადახურული ოდა მეგრელებს უყვართ და დიდად მოსწონოთ. ამიტომ სამეგრელეოში ყავარს ეტანებიან და ცდილობენ, სადაც უნდა იყოს, შეიძინონ ყავარი.

 

სამეგრელოში მჭედლობა ძველადვე ყოფილა გავრცელებული. მჭედლობას აქ თითქმის ყველგან მისდევენ და დიდ სოფლებში სამჭედლოებია გამართული. მჭედლები ამზადებენ ცხენის ნალებს, თოხებს, ცულებს, კარის რაზებსა და ჩანგლებს, სახნისს და სხვა. სამჭედლოები ჯერ კიდევ პრიმიტიულად და ძველებურად არის მოწყობილი. შუაში გამართულია ქურა საბერველით, იქვეა გრდემლი.

 

 

 მატერიალური კულტურა

 

 სამეგრელო მდიდარია ნივთიერი კულტურის ძეგლებით და აქ თითქმის ყველა რაიონში დაცულია ციხე-კოშკები, ეკლესია-მონასტრები, ძველი ტიპის სადგომები და სხვა.

 

მათ შორის შესანიშნავია: მარტვილის მონასტერი, ბედიის ან აგუბედიის ტაძარი, ხობისა, ცაიშისა, წალენჯიხისა, ოცინდალისა და სხვა ეკლესიები.

 

აქაური ციხე-კოშკები აგებულია სტრატეგიულად და გეოგრაფიულად მნიშვნელოვან პუნქტებში, უმეტეს შემთხვევაში, მდინარის პირას, რომლის მიმართებით გადიოდა სამხედრო თუ სავაჭრო მნიშვნელობის გზა.

 

სამეგრელოში სოფლის მოსახლეობა ცხოვრობს გაფანტულად და ამის გამო, ერთი კომლი მეორისაგან საკმაო მანძილით არის დაშორებული. თითოეულ სოფელს აქვს თავისი საზღვარი და სახელწოდება. წინათ აქაური სოფლები დასახლებული იყო გვარებად და სოფელიც ამ გვარის სახელწოდებას ატარებდა, როგორც მაგალითად: საჯალაღანიო, ლესიჭინე, ლეწურწუმე, ლეხაინდრე, ლეძაძამე, ლესაჯე, ლედარსალე, ლეგოგუე, საროგა, ლეჯიქე, საჩიჩუო (ჩიჩუა), სახარბედიო, საშურღაიო, საცხვიტა (ცხვიტია), საგუგუნო, საჯოლიო, საჭოჭუო და სხვა.

 

წინათ სამეგრელოში გლეხები ცხოვრობდნენ ფაცხებში და მიწური ხის სახლებში. მეგრული ფაცხა წარმოადგენდა საცხოვრებელი ბინის პრიმიტიულ სახეს. მისი აგება არ მოთიხოვდა ტექნიკის და შრომის რთულ პროცესებს. ფაცხას გლეხი თვითონვე იშენებდა. მას ისლით ხურავდნენ. ფაცხას შიგნით და გარეთ ტალახით გალესავდნენ ასეთ ფარღალალა ფაცხაში ცხოვრობდა გლეხობა. ფაცხას სარკმელი და ბუხარი არ ჰქონდა, სიბნელისა და კერის ბოლისაგან მობინადრეების იხრჩობოდნენ. ფაცხაში ადამიანებთან ერთად ცხოვრობდა საქონელიც.

 

ასეთივე ტიპის სადგომი იყო „ჯარგვალი“ სახლი, რომელიც ფაცხისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ მისი კედლები ნაგები იყო გაჩორკნილი გრძელი მორებით.

 

ფაცხა და ჯარგვალი დღეს სამეგრელოში არ არის ხმარებაში და იშვიათად თუ შეხვდება ადამიანი რომელიმე შორეულ სოფელში.

 

მესამე ტიპის სადგომი, რომელიც გავრცელებულია სამეგრელოში ეს არის „გოდორი“ ან „პიტაფიცარა“ სახლი. ასეთ სადგომს კედლები აქვს ნაგები გათლილი და მოკლე ფიცრით, უმეტეს შემთხვევაში, მასალა მუხისა და მწყობრად არის ფიცრები ერთმანეთზე მიყენებული. „გოდორი“ წარმოადგენს ერთს მოზრდილ ოთახს და იგი ჯარგვალთან შედარებით უფრო გაუმჯობესებული ტიპის სადგომია. ამ სახლსაც იატაკი აქვს მიწური, გადახურულია ისლით, ზოგჯერ ყავრითაც, მაგრამ არა აქავს ბუხარი და ფანჯარა.

 

მოსახლეობის შეძლებული ნაწილი კი იშენებდა ოდას, რომელსაც „საღდარ“-ს უწოდებდნენ. ოდა შედგებოდა რამდენიმე ოთახისაგან, რომელსაც ჰქონდა გამართული ფიცრული ჭერი და იატაკი.

 

მეგრული ოდა ჩვეულებრივ შედგება ოთხი ოთახისაგან: დარბაზი, სასადილო და ორიც საშუალო ზომის ოთახი. წინ და უკან ოდა აქვს აივანი. მეგრული ოდა ერთსართულიანია და შემდგარია ბოძებზე, რომელთა სიმაღლე ერთი მეტრამდეა. ხშირია ორსართულიანი ოდებიც, რომლის ქვედა სართულს ეწოდება „პალატი“. ოდის უკან იდგა საოჯახო დანიშნულების შემდეგი ნაგებობანი: „სამუარხე“ (სამზარეულო), რომელშიაც საჭმელს ამზადებდნენ. აქვე იყოს სამზარეულოს ჭურჭელი და დგამი, ენთო კერის ცეცხლი და მოხუცებიც ამ სამზარეულოში წვებოდნენ.

 

„ბაღ“ და „ხულა“ ორივე ერთი და იგივე დანიშნულებისაა, განსხვავება მხოლოდ მოცულობაში იყო. ბაღ უფრო დიდია, ხულა კი მომცრო. ორივეში ინახებოდა სურსათ-სანოვაგე.

 

მის მახლობლად იდგა მარანი, რომელშიაც საღვინე ქვევრები იყო ჩაფლული. აქვე ინახებოდა საწნახელი და ღვინის დასამზადებელი იარაღები.

 

დღეს ვერ იპოვნით ძველებურ ფაცხასა და ჯარგვალს. ყველან ხედავთ ჩამწკრივებულ ლამაზ ოდებს, გამწვანებულ ფართო ეზოს.

 

რაც შეეხება სახლის შინა-მოწყობილობას, სამეგრელოს თითქმის ყველა რაიონში ბინები ქალაქურად აქვთ მოწყობილი. წინა მეგრელი გლეხი ატარებდა შინ მოქსოვილ ბამბის გრძელ პერანგს, რომელსაც ეწოდებოდა „ხამლენიში ოსარე“. მას წელზე თოკი ჰქონდა შემოჭერილი. დადიოდა ის ფეხშიშველი და თავშიშველი.

 

რაც შეეხება მაღალ წოდებას და მოსახლეობის შეძლებულ ნაწილს, ისინი ატარებდნენ ქართულ ტანისამოსს. ქალები იცვამდნენ სარტყელ-გულისპირიან და ყურთმაჯებიან გრძელ კაბას, თავზე კი შემოხვეული ჰქონდათ ლეჩაქი. მეგრელი მამაკაცები ატარებდნენ გრძელ ჩოხა-ახალუხს, ზედ წამოსხმული ჰქონდათ ნაბადი, თავზე ეხურათ მაღალი ქუდი და ყაბალახი, წელზე იკრავდნენ ქამარ-ხანჯალს და სხვა.

 

 

ხალხური ჩვეულებანი

 

 საზოგადოებრივი ცხოვრების განვითარებასთან, სამეგრელოს მოსახლეობაში იცვლებოდა არსებული ადათ-ჩვევები. მაგრამ ძველიც სამუდამოდ არ ისპობოდა და ამ ძველის დამახასიათებელი ზოგიერთი ჩვევა გადმონაშთის სახით არსებობას განაგრძობდა.

 

ჩვენ მიერ აქ აღწერილი ადათ-ჩვევები ეკუთვნის 1917 წ. ოქტომბრის რევოლუციის წინა პერიოდს და იგი არსებითად განსხვავდება დღევანდელისაგან.

 

ნიშნობა და ქორწილი. სამეგრელოში წინათ ქალ-ვაჟის დაქორწინება მხოლოდ მშობლებს ეკითხებოდა და ვისაც მშობლები აირჩევდნენ, ჯვარსაც იმაზე იწერდნენ. ნიშნობამდის, პირველი ყოვლისა, უნდა გამოერკვიათ ქალ-ვაჟისა და მათი მშობლების ვინაობა, ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობა და სხვა. ამისათვის ირჩევდნენ შეუკაცებს— „მარებელს“, რომელსაც ევალებოდა ამ საქმის გამორკვევა.

 

ძველად სამეგრელოში ცოდნიათ ქალ-ვაჟის აკვანში დანიშვნა, რასაც „ონწეშ-იკოდგუმა“-ს უწოდებდნენ. ამას აწყობდნენ იმ შემთხვევაში, როდესაც მათ მშობლებს ერთმანეთის ხათრი და სიყვარული ჰქონდათ და სურდათ დანათესავება. მაშინ ვაჟის მშობლები მიიყვანდნენ ქალის ოჯახში და აქ ორივე აკვანს ერთად დადგამდნენ და იტყოდნენ: „იყავით ბედნიერი ცოლ-ქმარიო და ღმერთმა ერთმანეთს მზე და მთვარესავით შეგაბეროთო“. დასასრულს, ბავშვის მშობლები ერთმანეთს გადაკოცნიდნენ და უსურვებდნენ ახლადანიშნულებს გაზრდასა და ბედნიერებას. ამასთანავე, ვაჟის პატრონი ქალის აკვანზე ჩამოკიდებდა სანიშნოდ რაიმე სამკაულს და ამ დღიდან ქალი ითვლებოდა ვაჟის საცოლედ.

 

სამეგრელოში წინათ გავრცელებული იყო აგრეთვე ქალის გატაცება. ქალი მოსწონდათ, მაგრამ ქალის ოჯახი მათ სწუნობდა და ქალს არ აძლევდა, მაშინ ვაჟი ამხანაგების დახმარებით, საცოლეს იტაცებდა და მას ერთი წლით სადმე გადამალავდა. საზოგადოდ, სამეგრელოში ქალის მოტაცება ვაჟისა და მისი ოჯახისათვის სასახელო და საქებარი საქმე იყო, ქალის ოჯახისათვის კი ეს გარემოება იყო დამამცირებელი და სამარცხვინო.

 

ქალ-ვაჟის დანიშვნის საქმეში მთავარ როლს თამაშობდნენ მათი დედ-მამა, ბიძა, ძმა და შუამავლები — „მერებელი“. მათი შეთანხმების შემდეგ, ეწყობოდა ქალ-ვაჟის მიერ ერთმანეთის გასინჯვა, რასაც ეწოდებოდა „გინოძირაფა“.

 

გასინჯვა წინათ უფრო ღამე სცოდნიათ, რომ სოფელში ხალხს არ გაეგო ეს ამბავი, რადგანაც დაწუნების შემთხვევაში, ქალს სახელი გაუტყდებოდა. ამიტომ, ცდილობდნენ ქალის გასინჯვა მოეწყოთ ოჯახში ფარულად და საიდუმლოდ.

 

ნიშნობის დღეს ქალის ოჯახში გაიმართებოდა სადილი და ვაჟი გამოგზავნიდა ბიძასა თუ ძმის ხელით სანიშნო ტანისამოსს და სამკაულებს — „შინა“-ს.

 

ქალის ნიშნობას ჩქარა მოჰყვებოდა ჯვარისწერა და ქორწილი. ამისთვის დღეს ამოირჩევდნენ, გარდა ორშაბათისა და პარასკევისა.

 

ჯვარდაწერილ ნეფე-დედოფალს ეკლესიიდან გამოიყვანდნენ, კარებში ორი მაყარი დადგებოდა გადაჯვარედინებული ხმლებით, რომლის ქვეშ გაატარებდნენ „სინჯა დო მოჭყუდუ“-ს ნეფე-დედოფალს.

 

გაიშლებოდა ქორწილის სუფრა. თუ დიდი ქორწილი იყო, აშენებდნენ ფარდულს — „სეფა“-ს, სადაც ქალები და კაცები ცალ-ცალკე სხდებოდნენ. დადე და მაყრები პირველად შემოიყვანდნენ პატარძალს და სუფრასთან დასვამდნენ. გაიმართებოდა შესაწევარი — „გინოთამა“ და პატარძალს ეწეოდნენ ფულით და ნივთებით.

 

ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით, სამეგრელოში ძველად გავრცელებული და წესად იყო მიღებული ბავშვის გაჟიჟავება. ეს წესი ხელს უწყობდა ღარიბსა და შეუძლო გლეხს დაახლოებოდა შეძლებულ ოჯახს, რომელსაც შეეძლო მისთვის გაეწია დახმარება და მფარველობა.

 

 

 მიცვალებულის გასვენება, ტირილი და გლოვა

 

 ადამიანის გარდაცვალების მწუხარებას სამეგრელოში გამოხატავენ კივილით, თმების გლეჯითა და პირისახის დაკაწვრით, რაც დამახასიათებელ მოვლენას წარმოადგენს მეგრული ტირილისათვის, მომაკვდავ ადამიანს ხელში მისცემენ ანთებულ სანთელს, კარ-ფანჯარას გააღებენ, რომ მიცვალებულის სული დაუბრკოლებლივ გავიდეს სახლიდან და საიქიოში გაემგზავროსო.

 

გარდაიცვლება თუ არა ადამიანი, მაშინვე ჭირისუფალი ასტეხს საშინელ კივილს, კაცები კი ხმამაღლა მოსთქვამენ. მიცვალებულის ლოგინს მაშინვე მოარღვევენ და მას სხვაგან გაასვენებენ, კივილით სოფელი იგებს ადამიანის გარდაცვალებას და ყველანი გამორბიან მიცვალებულის ოჯახში.

 

მესამე ან მეოთხე დღეს შეუდგებოდნენ მიცვალებულის გასვენების თადარიგს.

 

ტირილის დღეს მოიწვევდნენ მოზარეებს, რომელიც შედგებოდა ოთხი-ხუთი კაცისაგან. შუადღისას გაიმართებოდა ქელეხი სამარხვო საჭმელებით.

 

ქელეხი გათავდებოდა თუ არა, დაიწყებოდა მიცვალებულის დატირება.

 

წინათ არც კუბო სცოდნიათ, მიცვალებულს სუდარაში შეახვევდნენ თურმე, დაასვენებდნენ საკაცეზე, ისე მიიტანებდნენ სასაფლაოზე და ჩამარხავდნენ.

 

სასაფლაოდან დაბრუნებული ჭირისუფალს ეზოშივე ხელ-პირს დააბანინებდნენ, რომ კურცხალი — ცრემლი შინ არ შეჰყვესო. მგლოვიარე დედა და ცოლი ზოგჯერ წლამდის შავ ძაძებში და ფეხშიშველი დადიოდნენ, ლოგინშიაც არ წვებოდნენ, მარხულობდნენ და შიმშილობდნენ.

 

მესამე დღეს იცოდნენ „კილეშ გონწყუმა“, რომ სახსნილო ეჭამა ჭირისუფალს და ამის შემდეგ, მიცვალებულის მოკეთეებსა და მეზობლებს შეეძლოთ ხორცის ჭამა.

 

მეორმოცე დღეს, შაბათს გადაიხდიდნენ მიცვალებულის ორმოცს. ამის შემდეგ დაიწყებოდა სამზადისი მიცვალებულის წლისათვის მოსაწყობად, რომელსაც „მოწანუა“-ს უწოდებდნენ.

 

წლისთავზე მიცვალებულს საფლავზე ქვას დაადებდნენ, რომელსაც ეწოდებოდა „ოდუდალე ქუა“. საფლავის ქვაზე აწერდნენ მიცვალებულის ვინაობას, გარდაცვალების დროსა და რიცხვს.

 

მიცვალებულის ხსოვნას წლისთავის შემდეგაც არ ივიწყებდნენ და ყოველ დიდ დღესასწაულებში — შობას, აღდგომას, ამაღლებას და სხვა დღეებშიც სასაფლაოზე აგზავნიდნენ საკურთხს, დაუნთებდნენ საფლავზე სანთლებს და შენდობას ეტყოდნენ.

 

სამეგრელოში გლოვაც ხანგრძლივი იცოდნენ. ზოგიერთი 10-15 წელიწადს გლოვობდა საყვარელ ძმასა და ქმარს. ქვრივი ქალის გათხოვება რა იყო მოსაწონი.

 

რელიგია

 

 ქართული წარმართული წესების შესწავლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ეძლევა კვირეულის დღეების მეგრულ სახელწოდებას, რომელიც დაკავშირებული იყო მნათობთა თაყვანისცემასთან.

 

კვირეულის დღეებსი მეგრულ სახელწოდებათა მიხედვით, მოცემულია მნათობ-ღვთაებათა შვიდეულის ასეთი შემადგენლობა და სახელები:

 

 

 

 

ქართული

 

 კვირა (მზის დღე)

 ორშაბათი (მთვარისა)

 სამშაბათი (არია-მარსი)

 ოთხშაბათი (ჰერმეს-მერკური)

 ხუთშაბათი (აფროდიტე-ვენერა)

 პარასკეთი (ზევსი-იუპიტერი)

 შაბათი (კრონისი)

  

 

მეგრელური

  

ჟაშხა

 თუთაშხა

 თახაშხა

 ჯუმაშხა

ცაშხა

 ობიშხა

 საბატონი

 

ახალი წლის დღესასწაული საზოგადოდ, მზის ღვთაების თაყვანისცემასთან იყო დაკავშირებული.

 

კალანდას სამეგრელოში ძველად დიდი ზეიმით ეგებებოდნენ და ამ დღისათვის, პირველ ყოვლისა ამზადებდნენ „ჩიჩილაკს“ ან „ქუჩუჩს“. ჩიჩილაკისათვის არჩევდნენ თხილის ან ძეძვის ხეს. ამ ხეს რამდენიმე დღის ადრე მოჭრიდნენ გრძელ ტოტს და შეინახავდნენ. კალანდის წინა დღის ოჯახის უფროსი მამაკაცი შეუდგებოდა ჩიჩილაკის გაკეთებას. საჩიჩილაკე ჯოხს ჯერ ცეცხლზე გარუჯავდნენ, შემდეგ მას გარეკანს, რომ დარბილებულიყო და სათლელად ადვილი ყოფილიყო, შემოაცლიდნენ და დაიწყებოდა გათლას. ჩიჩილაკის ნათალი უნდა ყოფილიყო გრძელი და ხუჭუჭა, რომელსაც „წილამური“ ეწოდებოდა. წვეტზე მიკრული იყო ანთებული სანთლები. ჩიჩილაკს ამკობდნენ ხილითა და ტკბილეულით: ვაშლებით, ბროწეულით, ჩამოჰკიდებდნენ ჩურჩხელებს, კანფეტებს და სხვა.

 

დიასახლისი ამ დროს აცხობდა საახალწლო კვერებს. ჯერ გამოაცხობდა ერთ დიდი ქონიან მჭადს, რომელსაც „ბასილა“-ს უწოდებდნენ.

 

ახალი წლის წინ ღორსა დაკლავდნენ და მოხარშულ ღორის თავს დადებდნენ საახალწლო ხონჩაზე, რომელზედაც იყო მოხარშული კვერები, საახლწლო „ღვეზელი“, „ბასილა“ და სხვა.

 

ახალწელიწადს დილიდანვე დაიწყებოდა ერთმანეთში სიარული და ახალი წლის მილოცვა. თან მიჰქონდათ თუთის წნელები, რომელსაც ამბორით გადასცემდნენ დიასახლისს. ახალ წელიწადს, ხელცარიელი ერთმანეთთან არ გადავიდოდნენ და თან მიჰქონდათ რაიმე ტკბილეული.

 

ახალი წლის მეორე დღეს იცოდნენ ფერხაობა, რომელსაც „კუჩხა“-ს უწოდებდნენ და ამ დღეს იყო ქათმების ფერხაობა.

 

მეგრული კალანდის ტაბლაზე საპატიო ადგილი ეჭირა ღორის თავს. ამ ცხოველის კულტიც დაკავშირებული იყო ახალი წლის ღვთაების თაყვანისცემასთან.

 

ბოსლობა სამეგრელოში ნააღდგომევის პირვეი კვირის ხუთშაბათს იცოდნენ. ამ დღეს შინაურ საქონელზე ორ-ორ კვერს აცხობდნენ.

 

„ჯგერაგუნა“ ფუტკრის სალოცავია და მას ასრულებენ ამაღლებას. ამ დღეს დიასახლისი აცხობდა „ვარაბინა“ კვერებს, რომელბსაც ამზადებდნენ წმინად პურისაგან.

 

„ჟინიში ხვამა“. ჟინიშის ლოცულობდნენ ივლისში კვირა დღეს. დაკლავდნენ ციკანს სადმე სახლიდან მოშორებით და იქვე მოხარშავდნენ. აცხობდნენ კერებსაც და ჟინიშის შეევედრებოდნენ საქონლისა თუ ადამიანის მფარველობასა და გამრავლებას.

 

„ჯაშქეჩერი“ ამ რიტუალს ასრულებდნენ სამურზაყანოში მარიამობის 15 აგსიტოს, როდესაც ყურძენი და ხილი მწიფდება.

 

„შქვითული“ იცოდნენ ჭირნახულის აღებისა და დაბინავების შემდეგ, ოქტომბრის ბოლო რიცხვებში, ორშაბათ დღეს. ამ დღეს დაკლავდნენ შვიდ სულ სხვადასხვა ცხოველს და აქედან არის წარმომდგარი მისი სახელწოდებაც — შქვითულიც, რაიც ნიშნავს შვიდეულს.

 

ხუხუჯობას განსაკუთრებით ასრულებდნენ მჭედლები და იმ ღამეს მჭედლები იხდიდნენ „ოჭკადირეშიშ ოხვამერს“ (სამჭედლოს ლოცვას). ხუხუჯობას მჭედლის ოჯახში დაკლავდნენ გოჭს და გამოაცხობდნენ კვერებს. საღამოს ამას ხონჩაზე დაალაგებდნენ, იქვე დადებდენ სამჭედლოს იარაღებს: ქურას, კვერს, გაზს და სხვა ხელსაწყო-იარაღებს. ამ ხონჩას მჭედელი შეიტანდა მარანში, სადაც სამჭედლო ქვევრი იყო ჩაფლული, თუ არადა, სამჭედლოში წაიღებდა. ქვევრთან მას წაჰყვებოდნენ მხოლოდ მამაკაცები.

 

„სადაბადო“ ქალის სალოცავი ქვევრი იყო, რომელიც ცალკე ემარხა მიწაში ოჯახის „ოხვამერი“-ს ცოტათი მოშორებით. სადაბადოს იხდიდა ოჯახის დიასახლისი და ამისათვის ის დააყენებდა ძროხას და როცა სახარე ხბოს მოიგებდა, დაკლავდა მას და სადაბადოს ილოცებოდა, შესთხოვდა ღმერთს ღანმრთელობას და ქმარ-შვილის ბედიერ ცხოვრებას.

 

„ბატონები“. მეგრულად მას „პატონეფი“ ეწოდება. ქუნთრუშას, წითელას, ყელჭივრებას, ყბაყურას — „ვა ვირე“ და ყვავილს, საერთოდ, დიდ ბატონებს ეძახიან.

 

წყევლა. ხაჯარულს გიგობუნუანდანი, თეში გაალებური, ისე გაგიჟდი, რომ ხაჯალურით იყო დასაბმელიო.

 

ჩქმი მარძგვან კილეშე ძვალ ვეშეღანი, თინა სოიშა ვეგნოილუან, თეიაშა სკანი საშუელი ვემეჩამირი (სანამ ჩემ მარჯვენა მკლავიდან ძვალი არ ამოიღო და იგი არ გადაგავლონ, მანამდის შენი ხსნა ნუ იქნება.

 

„ჭინკა“ — ხალხის წარმოდგენაში ბავშვის ტანისაა, ის ტიტველია . ჭინკები ტყეში ცხოვრობენო, ადამიანს გზის პირას დახვდებიან და სახელს დაუძახებენ.

 

 შაკიკი შემომეყარა საღამოს და დილასაო, ისე სჭამდა სილასაო, როგორც ხარი თივასაო. გაუწყრეს წმ. გიორგი, გამეპარა დილასაო.

 

„გველის ნაკბენის შელოცვა“

„მამისა, ძისა, სული ძმიდისა, ამთე კამთე, შფოთე შთო ფარფარა, ლექთასუნი, აზმათა, კბენელი მოკვდეს, ნაკბენი მორჩეს. მიქელ გაბრიელ შენ უშველე“.

 

 ღამე კარში დარჩენილი საქონლის შელოცვა.

 „ეკენია, ბეკენია,

 ბეკეს ხატი ხსომებია,

 მეფეო შემოკარი

 ნადირს კბილი შაუკარი.

 ქრისტე ღმერთმა ჩამოუშვა

 ხეს ბორკილი რკინისაო,

უწვავ-უხარშავის მჭამელი

 შენ ჩაუშვი ზამში,

 ნუ გაუშვებ გზაში-ო.

 

 ალერტებოა იცოდნენ სოფ. ალერტში, რომელიც მდებარეობს მარტვილის რაიონში. ალერტის წმ. გიორგი ითვლებოდა ძლიერ ხატად სამეგრელოში. ნოებმრის პირველ ხუთშაბათს ოჯახებგი იხდიდნენ „საალერტო“-ს, რომელიც დაწესებული იყო სურდო-ხველისა და სხვა მოარულის წინააღმდეგ.

 

„სუჯუნის წმ. გიორგი“ ძველ სამეგრელოში ძლიერ ხატად ითვლებოდა. სუჯუნა ოთხი კილომეტრით არის დაშორებული სადგურ აბაშიდან. სუჯუნა ჭყონდიდელების საზამთრო სადგური იყო და მას მარტვილის შემდეგ პირველი ადგილი ეჭირა. სუჯუნის ეკლესია მდიდარი იყო, ჰყავდა მრავალი ყმა და შემოსავალიც დიდი ჰქონდა. სუჯუნის ეკლესიაში დაცული ყოფილა ძვირფასი ხატ-ჯვრები. აქ ესვენა „სასწაულმოქმედი“ სუჯუნის წმ. გიორგის ხატი, რომლის ხატობა იმართებოდა 23 აპრილს. ამ დღეს იქ დიდძალი მლოცველი მოდიოდა. ვისაც შეპირებული ჰქონდა, ისინი ღამეს ათევდნენ, საკლავს ხოცავდნენ, მუხლის მოყრით ეკლესიას გარშემო უვლიდნენ და სხვა. სუჯუნის წმ. გიორგი ითვლებოდა სულით ავადმყოფების მკურნალად. ისინი ხატობა დღეს იქ მიჰყავდათ და ალოცებდნენ. სუჯუნაში იცოდნენ ხატზე გადაცემაც. მაწყევარი დადგებოდა სუჯუნის წმ. გიორგის ხატის წინ, სანთლებს აანთებდა და შესთხოვდა მას გამოეჩინა ძალა და გაენადგურებინა მტერი და მავნებელი.

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s