Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● ი. ნონეშვილი – მედეა

იოსებ ნონეშვილი

მედეა

აქ, ქალაქ არგოში,
კორინთოს მახლობლად,
ძველი ბურჯები რომ ჩანან,
უეცრად მომესმა გოდება კოლხური:
ვაი, ნანაია, ნანა…

წვიმს… ალბათ ეს შენ ხარ
ცრემლებად დაძრული
და გინდა არც გაიდარო…
კოლხეთის ყველაზე ლამაზო ასულო,
ჩემო დატანჯულო დაო.

თავი შეგაყვარა ბერძენმა სასიძომ,
შენც პირველ სიყვარულს ენდე.
ელინს წარგიტაცეს
და ოქროს ვერძივით
გაგყარეს მშობლიურ ქედებს.

მაგრამ სხვის მიწაზე ვის გაუხარია,
შენ რად დაგინდობდნენ, ქალო,
თუ ასე ლამაზი,
ბრძენი და კარგი ხარ,
ბერძენი რად არა ხარო?!

ჯერ გაგადედოფლეს…
სიმდიდრეც კოლხური
უხვად დაახვიეს ელინს.
შემდეგ კი მეუღლემ
გაგცვალა, გიმუხთლა,
გაცივდა ამბორი ცხელი.

უარგყვეს შურით და ღალატით დევნილი,
მფარველი ღმერთიც ვერ გცნობდა
და ვინ უწყს…
დაგწამეს თუ ჩაგადენინეს
ქვეყნად უმძიმესი ცოდვა.

შეგარქვეს გრძნეული,
ბოროტი, ავსული,
რა აღარ გიწოდეს ნეტავ…
ამ ქვეყნად ყველაზე ბედკრულო ასულო,
ყველაზე ტანჯულო დედავ.

შენი დედულეთი აქედან შორია,
ვაი რომ ვერასდროს ნახავ…
იქ ბევრი მედეა,
თამარი,
შორენა
შენს ბედზე დარდობენ ახლაც.

მედეა…
მედეა…
ღმერთმანი, მერწმუნე,
ცრემლსა და ბოღმაში ვახვევთ
ქართველი ასულის ჩვენამდე მოღწეულ
სულ პირველ,
შორეულ სახელს.

სხვაგან
სხვის მიწაზე ვის გაუხარია,
შენ რად დაგინდობდნენ, ქალო.
თუ ასე ლამაზი,
ბრძენი და
კარგი ხარ,
ბერძენი რად არა ხარო?!

წვიმს…
ალბათ ეს შენ ხარ
ცრემლებად დაძრული
და გინდა არც გაიდარო…
კოლხეთის ყველაზე ტანჯულო ასულო,
ჩემო შორეულო დაო.

1978

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s