Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ფირცხალავა – აკაკი, ჯორჯაძე და სხვები

სამსონ ფირცხალავა

 

აკაკი, ჯორჯაძე და სხვები

აკაკი

როდის და სად გავიცანი აკაკი? ვფიქრობ, წ. კ. საზოგადოებაში, სადაც 1902 წ. არჩეული ვიყავი გამგეობის მდივნად და საქმისმწარმოებლად. ნანახი კი აკაკი ჩემი გიმნაზიელობის დროიდან მყავდა. ქუთაისში მოწაფეები შორიდან სიყვარულით შევცქეროდით მის ოლიმპიურ სახეს და თუ როგორმე ახლო გავუვლიდით, ვცდილობდით, ყური მოგვეკრა რაიმე მისი ნათქვამისათვის. ამხანაგები ერთმანეთის შეხვედრისას ერთიმეორეს ვახარებდით, აქა და აქ აკაკი დავინახეთთქვა. ის ქუთაისში ხშირად ჩამოდიოდა, რამდენიმე დღეს დარჩებოდა, შევხვდებოდით მეტწილად ან ქალაქის ბაღში (ბულვარში), ან ჭილაძეების (მერე ბეჟანეიშვილის) წიგნის მაღაზიის წინ. მასთან იყვნენ ქუთაისელი ინტელიგენტები: კ. ლორთქიფანიძე, სილ. ხუნდაძე, ხელთუფლიშვილები, ქართული გიმნაზიის მასწავლებლები; ვნახავდით მაღალი წოდების წრეში _ წერეთლებთან, გურიელებთან, ფაღავებთან, რადგან მასთან შეხვედრა და გამოსაუბრება ყველას სასიამოვნოდ მიაჩნდა.

მე რომ მწერლობა დავიწყე, შესაძლებელია, ყურადღება მიაქცია ზოგ ჩემს ნაწერს. ერთი სააღდგომო წერილის გამო ლექსიც კი მიძღვნა. მერე ხომ წ. კ. საზოგადოება ქართველთა კულტურული ცენტრი იყო, აქ მუდამ თავს იყრიდნენ ჩვენი მწერლები, არტისტები, საზოგადო მოღვაწეები, პედაგოგები, აკაკიც ხშირი სტუმარი იყო, და ალბათ აქ მომეცა შემთხვევა გავცნობოდი სახელოვან პოეტს.

როდესაც თბილისში იყო აკაკი, ხშირხშირად გვინახულებდა რამე საქმისათვის ან ამბების გასაგებად. უფრო კი თვითონ იყო მოამბე და მთხრობელი. მისი დანახვა ყველას გაგვახარებდა. წიგნებზე და ხელნაწერებზე მუშაობდა ვინმე, ან ახალ გაზეთს ათვალიერებდა, ან რამე საქმისათვის იყო მოსული, ან მაღაზიაში წიგნის ყიდვა უნდოდა, ყველა მაშინვე აკაკის შემოეხვეოდა გარშემო.

მისი სახე უნებურად იქცევდა ყურადღებას _ ის არ იყო ჩვეულებრივი მომაკვდავის სახე. აკაკი რაც ხანში შედიოდა, უფრო და უფრო მოგვაგონებდა ძველი ბერძნების ღმერთების და პოეტების ქანდაკებს. მაგრამ განსაკუთრებით მიმზიდველი და მომხიბვლელი იყო მისი უბნობა და ენა. არ იცოდა ლაპარაკის დროს წაბორძიკება, სიტყვების ძებნა, უხერხული გამოთქმა, უცხო სახელების ჩართვა და ენის აჭრელება. მისი ლაპარაკი იყო სადა, მარტივი, მოჩხრიალებდა წყაროსავით, ბუნებრივი დენით და ტკბილი მოსასმენი იყო, მიუხედავად იმისა, თუ რა შინაარსის იყო. რაც უნდა მაღალ საგანზე ესაუბრა, მისი ნათქვამი ადვილად გასაგები იყო. ისეთი ტკბილი მოყოლა იცოდა ამბების, რომ მისგან უკვე გაგონილს სიამოვნებით მოვისმენდით მეორედ და მესამეჯერაც.

აკაკი რომ რასმე გადმოგვცემდა, ეს არ იყო ფაქტების უბრალო ჩამოთვლა, არამედ ეს იყო აკაკის მხატვრულ ქურაში გადამუშავებული ამბები, რომლებიც პოეზიის სამეფოს უფრო ეკუთვნოდნენ, ვიდრე მშრალ, ობიექტურ სინამდვილეს. იგი მუდამ პოეტი იყო, მხატვარი, შემოქმედი. ნახულს თუ გაგონილს თავისებურად მოკაზმავდა და მორთავდა. რისიმე დასამტკიცებლად მისი მთავარი არგუმენტი იყო სათანადო არაკის თხრობა, როგორც «სიბრძნე სიცრუის წიგნშია» ან «ქილილა და დამანაში».

მისი საუბრის საგანი უმთავრესად ის იყო, რაც არის მთელი მისი პოეზია _ საქართველოს ბედი, მისი სიკეთე, თავისუფლება. მაგრამ უყვარდა ოხუნჯობაც, მეგობრული შარჟები, ცოტა კბილის გაკვრა. არავის მოერიდებოდა: არც თავისიანს, არც მეგობარს. გავიხსენებ ზოგიერთს მის ნაამბობს, ანეკდოტს თუ მართალ ამბავს. ახალჯვარდაწერილი რომ ვიყავიო, _ გვიამბო აკაკიმ, _ თბილისში ჩამოვედი. მინდოდა ცოლის სიამოვნება და ბაზარში ღლავის (ლოქოს) ბოლო ვიყიდე, რაც, მოგეხსენებათ, საუკეთესო ნაჭრად ითვლებოდა და სახლში მოვიტანე გასაკეთებლად. ჩემმა ცოლმა რომ დაინახა, აიღო და თავში მესროლა, თევზის კუდი რა საჭმელიაო. სახტად დავრჩი, რას ვეტყოდი, რა იცოდა რუსმა, რომ ღლავის თავი უვარგისია!

ერთი გორელი თავადის შვილი ციმბირში იყო გადასახლებული. იქ ზამთარში ნახა, რომ გაყინულ რძეს ნაჭრობით და წონით ყიდდენ ბაზარში. იფიქრა: მოდი, ჩვენებს გავუგზავნი, გაუკვირდებათ და გაეხარდებათო. იყიდა მოზრდილი ყუთი, გაავსო გაყინული რძით და რკინიგზით გამოუგზავნა თავისიანებს გორში, რასაკვირველია, გზაში დადნა რძე და დაიღვარა.

გორში ცარიელი ყუთი მიიღეს. «ვაი ჩვენი ცოდვა, ის ვაჟი სწორედ გაგიჟებულა, რომ ცარიელი ყუთი გამოგვიგზავნა ციმბირიდანო», თქვეს იმ თავადის შვილის ნათესავებმა.

ერთმა ახალგაზრდამ თავის მოკვლა განიზრახა და აკაკის გაანდო თავისი გადაწყვეტილება. აკაკიმ მოუწონა, თავის მოკვლა დიდი გმირობაა, ყველას არ შეუძლია, მაგრამ თავი ისე უნდა მოიკლა, რომ სასახელო გამოვიდესო. წადი და ზღვაში დაიხრჩვე თავი, ზღვა ნაპირზე გამოგაგდებს, ქვეყანა გაიგებს, შენზე დაიწყებს ლაპარაკს და გაზეთშიც კი დაბეჭდავენ შენს ამბავს. ახალგაზრდას ეამა აკაკის რჩევა და ფოთში გაემგზავრა თავის დასახრჩობად. იქ ამხანაგები შეხვდნენ, გაეხარდათ მისი ნახვა, დაპატიჟეს და კარგად აქეიფეს. იქეიფეს მეორე დღესაც. აქეთ გაატარეს, იქეთ გაატარეს. რამდენიმე დღის განმავლობაში ასე გაართეს და ახალგაზრდას სულ გადაავიწყდა თავის მოკვლა. დაბრუნდა ისევ თბილისში, ნახა აკაკი და დიდი მადლობა გადაუხადა, სიკვდილს გადამარჩინეო.

ერთხელ, _ გვიამბო კიდევ აკაკიმ, _ ცხელოდა. გოლოვინის (რუსთაველის) პროსპექტზე მოვდიოდი. დავითის (ბესიკის) ქუჩის კუთხეში რომ ვიყავი, დავინახე, ზევიდან იაკობ გოგებაშვილი მოდის, მაგრამ რაღაც ახირებულად: ხან მარჯვნივ გადახტება, ხან მარცხნივ, თითქოს ცეკვავსო. ელდა მეცა, ვაითუ გაგიჟდა იაკობითქო. ავყევი ზევით ქუჩას, შევეგებე და ვკითხე, თუ რა მოუვიდა. იაკობმა მიპასუხა: ტროტუარი მოურწყავთ და დასველებულ ადგილს ვერიდებიო, მეშინია არ გავცივდეო.

აქ უნდა გავიხსენოთ, რომ ი. გოგებაშვილს ფილტვები ჰქონდა დაზიანებული და ყოველთვის ერიდებოდა ნოტიოს, სიცივეს, ქარს. ისიც გასახსენებელია, რომ აკაკი და იაკობი დიდი მეგობრები იყვნენ ერთმანეთის.

წ. კ. საზოგადოებასთან აკაკის საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა _ მისი ნაწერების, დახმარების, პენსიის და სხვათა გამო. ყველამ უწყის, რომ ეკონომიურად აკაკი არ იყო ჯეროვნად უზრუნველყოფილი. მართალია, ქუთაისის სათავადაზნაურო ბანკიც დაეხმარა, ჭიათურის შავი ქვის მწარმოებელთა კრებაც, იუბილეს შემდეგ მისი სახელობის ფონდიდან პენსია ეძლეოდა, მისი ნაწერებიც იყიდებოდა, მაგრამ აკაკი მეტწილად მაინც გაჭირვებაში იყო.

მაგონდება, ერთხელ აკაკიმ ასი მან. დახმარება სთხოვა წ. კ. საზოგადოებას. გამგეობამ უარი უთხრა, მე ეს ძლიერ საწყენად დამირჩა და მალე მოვახერხე, რომ აკაკის მაინც მისცეს ასი მანეთი ერთი მისი ნაწარმოების ანგარიშში. აკაკის ფონდი რომ შედგა, აქედან ყოველთვიური პენსია დაენიშნა მას. ამას ხშირად რამდენიმე თვისას ერთად აიღებდა წინდაწინ, ძალიან მესაჭიროებაო. წ. კ. საზოგადოებამ აკაკის ზოგიერთი ნაწარმოები გამოსცა, სხვათა შორის კრილოვის არაკების თარგმანი. ამ ფინანსურ საკითხების გამო აკაკის უსიამოვნება მოუვიდა წ. კ. საზოგადოებასთან. ერთხელ საზოგადოების გამგეობა სამედიატორო სასამართლოში გაიწვია («ჩვენს შორის არსებულ უთანხმოების გასარკვევადაო». გამგეობამ უპასუხა: ჩვენ თქვენთან არაფერი სადავო არა გვაქვსო. რასაკვირველია, ისეთი დაწესებულება, როგორიც წ. კ. საზოგადოება იყო, როგორ იკადრებდა რაიმე უწესობას ანგარიშებში, ნამეტურ როგორ აკადრებდა ამას აკაკის. მაგრამ უსიამოვნება არ უნდა მივაწეროთ აკაკის სიავეს. აკაკი ფულის უანგარო მხარჯველი იყო, ბავშვი ნამდვილი. იმას რომ ყოველთვიურად ათასი, ხუთი, ათი ათასი შემოსავალი ჰქონოდა, მისი ჯიბე ძალიან ხშირად მაინც ცარიელი იქნებოდა.

ჩემთან აკაკის კარგი დამოკიდებულება ჰქონდა, ჩემი სალიტერატუროსამხატვრო ჟურნალი «მზე» (მერე «ფასკუნჯი») რომ გამოდიოდა, ხალისით მომაწოდა «თავგადასავალის» გაგრძელება და ლექსებსაც მაძლევდა.

გავიხსენებ ამ შემთხვევასაც: ერთ დილას ადრე აკაკი შემოვიდა წ. კ. საზოგადოების კანცელარიაში და საიდუმლოდ მითხრა: ძალიან მესაჭიროება და ასი მანეთი უნდა მასესხოო. პირადად მე ეს ფული არ მქონდა, მაგრამ უარის თქმა როგორ შემეძლო. გავაღე ყუთი და საზოგადოების ფულიდან მაშინვე გადავუთვალე. თუ დამიბრუნებდა, ხომ კარგი, თუ ვერა, ჩემი ჯამაგირიდან დავფარავდი ნაწილნაწილად. საბედნიეროდ, მეორე დღეს ადრე შემოვიდა აკაკი მხიარულ გუნებაზე და სესხი დამიბრუნა. თურმე იმ ღამეს კარტში კარგად მოეგო. საერთოდ კი უფრო აგებდა, ვიდრე იგებდა.

1908 წ. შემოდგომა იწყებოდა. დილის 1011 საათი იყო. ჩვენთან, საზოგადოების კანცელარიაში რამდენიმე კაცი იყო, საქმისათვის თუ ისე შემოსული, შემოვიდა აკაკი. ყველანი წამოვდექით და მივესალმეთ. აკაკი ჯერ კიდევ არ დამჯდარიყო, რომ ერთნაირი საყვედურით მომმართა: თუ მართლა აპირებთ იუბილეს გამართვას, მითხარით, თორემ მე უცხოეთში ვაპირებ წასვლას სამკურნალოდ. ყველამ ყურები გამოვცქვიტეთ, გაკვირვებით შევაცქერდით აკაკის. მან გაგვახსენა, რომ 50 წლის წინათ დაიბეჭდა «ცისკრის» მე11 ნომერში მისი პირველი ნაწარმოები, თარგმანი ლერმონტოვის ლექსის «რტო პალესტინისა». ყველას შეგვრცხვა და თან გაგვეხარდა. შეგვრცხვა რომ არ გვახსოვდა ასეთი ღირსშესანიშნავი ფაქტი (თუმცა შესაძლებელია სხვა წრეებში ჰქონდათ ამაზე ლაპარაკი), გვიხაროდა, რომ ილიას სამგლოვიარო დღეების შემდეგ ქართველ ხალხს საშუალება მიეცემოდა, სამხიარულო დღესასწაული მოეწყო თავის საყვარელ მგოსნის პატივსაცემად და შემოკრებილიყვნენ მის გარშემო ერთ მთლიან ერად. ეს იქნებოდა ერთნაირი პოლიტიკურნაციონალური დემონსტრაცია.

მაშინვე შევადგინეთ ქაღალდი, რამდენიმე კაცის ხელმოწერილი და ვთხოვეთ წ. კ. საზოგადოების გამგეობას, რომ ხელში აეღო აკაკის იუბილეს მოწყობა. გამგეობამ ეს ვერ იკისრა, ჩემი წესდება ამის ნებას არ მაძლევსო, ხოლო მოიწვია ქართულ დაწესებულებათა წარმომადგენლების თაბირი, რომელმაც აირჩია საგანგებო საიუბილეო კომიტეტი (თავმჯდომარე იყო წ. კ. საზოგადოების თავმჯდომარე გ. ყაზბეგი, მისი ამხანაგი ი. გოგებაშვილი, მდივნები _ ს. მგალობლიშვილი და ს. ფირცხალავა).

კომიტეტი დაუყოვნებლივ შეუდგა მუშაობას. მისი მთავარი ბინა, აგრეთვე ვსთქვათ, «შტაბკვარტირა» იყო წ. კ. საზოგადოების კანცელარია, რომელსაც დააწვა მთავარი სამუშაო. ორი თვის განმავლობაში მთელი საქართველო იუბილეს სამზადისში იყო. სხვადასხვა ქალაქებსა და დაბებში შედგა მცირე კომიტეტები, რომელთაც დახმარება უნდა აღმოეჩინათ თბილისის კომიტეტისათვის და ეზრუნათ ამასთანავე ადგილობრივ იუბილეების გასამართავად. იწერებოდა ადრესები, მზადდებოდა საჩუქრები, იკრიბებოდა საფონდო ფული და ითხზვებოდა ლექსები, ურომლისოდაც ქართულ ლხინს თუ ტირილს ვერავინ წარმოიდგენს. ემზადებოდნენ არა მარტო ქართველები, ჩვენი მეზობლები _ სომხები, მუსლიმანები, ებრაელები, უკრაინელები, რუსები დიდი ინტერესით უყურებდნენ დღესასწაულს, იცოდნენ, რომ აკაკი საუკეთესო გამომსახველი იყო ქართველი ერის ზრახვათა.

და აი გაიხსნა ეს იუბილე 7 დეკემბერს.

მშვენიერი დღე გამოვიდა. თბილისი მოირთო და მოიკაზმა. ქალაქი აივსო ქართველებით. წინათაც გამოჩნდა აქ ქართველი ხალხი _ დ. ყიფიანის და განსაკუთრებით ილიას დასაფლავების დროს. ხოლო მაშინ იყო გლოვა და მწუხარებამ მოუყარა ერს თავი, დღეს კი ლხინია, სიხარული და ნადიმზე ჩამოვიდნენ ქვეყნის შვილები ყოველი კუთხიდან. ნამდვილი ხალხური დღესასწაულია, გლეხები და მუშები აქტიურ და ფართო მონაწილეობას იღებენ დღეობაში. ყველა მთვრალია სიხარულით, იმედით და სრულს ნებას აძლევს თავის გრძნობებს.

თუ ილიას დატირებამ ერთ არსებად აქცია ქართველი ერი, გააფართოვა და გააღრმავა მისი ნაციონალური შეგნება, ამ მხრივ აკაკის დღეობამ კიდევ უფრო დიდი როლი ითამაშა ილიას შეფასებაში. ზოგიერთები კიდევ ორჭოფობდნენ, აკაკის გარშემო კი გაერთიანდნენ ყველა პარტიები და ჯგუფები. ითქვა თამამად, დაურცხვენლად ქართველი ხალხის მთლიანობა, როგორც ერის, და აკაკი გამოცხადდა მთელი ერის საუნჯედ, სასიცოცხლო სულის ჩამდგმელად. ეს იმ დროს დიდი პოლიტიკური მოვლენა იყო, რადგან პარტიების გამწვავებულმა ურთიერთობამ თითქმის მთლად წაშალა ქართველობის სახე.

საიუბილეო დღესასწაული იშვიათი სიდიადით და ბრწყინვალებით ჩატარდა. დაუვიწყარი იყო ზოგიერთი მომენტები. აიხადა ფარდა. სცენა კოხტადაა გამართული. ამაღლებულ ადგილზე სავარძელია აკაკისთვის. მახლობლად დგანან საიუბილეო კომიტეტის წევრები, მწერლები, არტისტები, მხატვრები, კულტურულ დაწესებულებათა წარმომადგენელი დელეგაციები, ხოროები, ორკესტრი. ხალხით გაჭედილი თეატრი სულგანაბული მოუთმენლად ელოდება. აი, გამოჩნდა აკაკი და ფეხზე წამომდგარ საზოგადოების ენთუზიაზმს საზღვარი არა აქვს. გრგვინავს ტაში და «გაუმარჯოს აკაკის!»

პირველად მიესალმება ი. გოგებაშვილი კომიტეტის სახელით… აი, სავანელები, ამაყად უკავიათ თავი, თითქოს ამბობენ, აკაკი ყოვლის უწინარეს ჩვენია, ჩვენ გამოვზარდეთო. გამდელის ქალიშვილმა რომ აკვანი მოართვა, აკაკიმ ცრემლი ვერ შეიკავა. ვინ იცის, ეგებ იმ წუთს მის თვალწინ ელვასავით გადაირბინა მისი ტკბილი ბავშვობის დრომ და მერმინდელი ცხოვრების სიმწარემ. აი, მაჰმადიანი ქართველები, მესხები, ქართველი ებრაელები, გულითადი მოლოცვებით. სიტყვები საერთოდ ერთნაირია, მხოლოდ ზოგიერთი მიიქცევს ყურადღებას. მე განსაკუთრებით ჩამრჩა გულში სენაკის წარმომადგენლის ლოლუას სიტყვა, მეტად დახვეწილი, სუფთა ქართული ენით და საუცხოოდ წარმოთქმული.

აკაკი ყოველ მილოცვას უბრალო მადლობის თქმით ან ხელის ჩამორთმევით უპასუხებდა, მაგრამ სომეხ ლალაიანცს სიტყვით მიმართა: სომხებს და ქართველებს ეკონომიურ საკითხებში მცირეოდენი უთანხმოება გვაქვს, მაგრამ პოლიტიკურ და კულტურულ საქმიანობაში ერთად, ძმურად უნდა ვიმუშაოთო. ასევე შინაარსიანი სიტყვა უთხრა სპარსელს და მუსლიმანების წარმომადგენელს.

საიუბილეო გეგმით გათვალისწინებული იყო, რომ მილოცვები და ადრესები უნდა გათავებულიყო დღით და საღამოს იქნებოდა წარმოდგენა და სალიტერატურო განყოფილება აპოთეოზით. მაგრამ მოლოცვები ვერ ამოიწურა დღით, ამიტომ საღამოს წარმოდგენა და სალიტერატურო ნაწილი მოიხსნა და ისევ ადრესები გაგრძელდა. მაინც კიდევ ბევრი ადრესი წაუკითხავი დარჩა, დრო აღარ იყო. რაც შეეხება ფოსტით მოსულ წერილებს და დეპეშებს, მათ უბრალო ჩამოთვლას რამდენიმე საათი მოუნდებოდა.

ნაშუაღამევი იყო უკვე, რომ აკაკიმ სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა: ჩემი შრომა ერთიათად დაფასდა, ეს იმას ნიშნავს, რომ ხალხში ეროვნული გრძნობა გაზრდილია და იგი ეძებს გმირს, მხსნელს, რომლის მე მხოლოდ მოჩვენება ვარ. გაათავა ლექსით:

არა, არ ვკარგავ იმედსა,

ვერ შემაშინებს ჭაღარა,

გმირებს მოელის თქვენგანაც

ჩემი დაფი და ნაღარა!

იუბილე დასრულდა აპოთეოზით, აკაკის «სიზმრის» ცოცხალი სურათით _ «ენახათ ქვეყნად ჩამოსულიყვნენ თამარ, ქეთევან და ნინო». აპოთეოზმა ცხოვლად დაგვიხატა აკაკის პოეზიის მთავარი იდეა.

მიუხედავად იმისა, რომ იუბილე ასე გაგრძელდა, რამდენიმე საათი დღითი და საღამოთი თითქმის ერთფეროვან სიტყვებს და ადრესებს მოუნდა, ეს არვის მოსწყენია, ყურადღება და ინტერესი ერთ წუთსაც არ შენელებულა, პირიქით, ყველას უკმაყოფილება დაეტყო იმის გამო, რომ ძალაუნებურად იუბილეს დღესასწაული უნდა დასრულებულიყო.

იუბილესთან დაკავშირებით აკაკის ოხუნჯობა უნდა გავიხსენოთ კიდევ. დღესასწაულის წინა დღეებში ერთმა ჩვენმა საერთო ნაცნობმა ქალმა მთხოვა, გადაეცით აკაკის, რომ მას ახლა მოსვენება და მშვიდობა ესაჭიროება, რომ იუბილეს მხნედ და მაგრად შეხვდეს. დაბინავდეს ჩემთან, ცალკე ოთახს მივცემ, კარგად ვაჭმევ და ვასმევ, და ისე გავასუქებ, როგორც ყვერულსო.

აკაკის რომ ეს გადავეცი, ასე შემომძახა: ჰოო, როგორც ყვერულს, როგორც ყვერულს!.. აბა მამლად რომ არ ვარგივარ, მეც კარგად ვიციო!

იმ დღეებში ჟურნალგაზეთები გავსებული იყო წერილებით სულ აკაკის შესახებ. ცალკე ალმანახებიც გამოიცა. სხვა ერების გაზეთებიც ბევრს წერდნენ იუბილეს გამო. მაშინ ჩემი «ფასკუნჯიც» გამოდიოდა და, რასაკვირველია, 7 დეკემბრის ნომერი აკაკის მიეძღვნა, ლექსები თუ წერილები. ერთ ჩემს წერილში ვთქვი, რომ აკაკი ქართველი ხალხის სულიერი მეფეა. ამის გამო აკაკიმ ხუმრობით საყვედური მითხრა: რატომ დამღუპე, ჩემი მევალე ურიები დამესიენ, მეფე ყოფილხარ თურმე, ფული ბევრი გექნება და ვალი გადაგვიხადეო.

აკაკის იუბილეზე ჩამოსულები მეორე დღესაც თბილისში იყვნენ. ზოგნი მესამე დღესაც დარჩნენ. იყო ერთმანეთთან შეხვედრა, შთაბეჭდილებების გაზიარება. იუბილე თბილისის დღესასწაულით არ დამთავრებულა. აკაკის პოეტობის 50 წლისთავი იდღესასწაულეს საქართველოს სხვადასხვა ადგილებში, ბაქოში, პეტერბურგში და მოსკოვში.

ამ დღესასწაულების გათავების შემდეგ აკაკი უცხოეთში გაემგზავრა რამდენიმე თვით სამკურნალოდ. რომ დაბრუნდა, თავისებურად უკბინა და იოხუნჯა პარიზზე. რასაკვირველია, დედამიწის ეს ერთი უმთავრესი ცენტრთაგანი მრავალ სიმშვენიერესა და სიკეთესთან საოხუნჯო მასალასაც მისცემდა ჩვენს ენამახვილ პოეტს.

1910 წ. გაზაფხულზე მე დამაპატიმრეს, რამდენიმე თვეს მეტეხში ვიჯექი და მერე სამი წლით საქართველოდან გადამასახლეს. როდესაც დავბრუნდი, აკაკის ქუჩაში, თეატრში ან სადმე კრებაზე თუ შევხვდებოდი. ის ხანდახან ჩვენს რედაქციაში შემოივლიდა, ლექსებსაც მოგვაწოდებდა. პირველი ომის დაწყებას დიდი ინტერესით შეეგება. ფიქრობდა, ომი უთუოდ გატეხს რუსეთის თვითმპყრობელობას, რევოლუცია მოხდება და საქართველოსაც ეშველებაო.

1914 წლის მიწურულში ხმები გავრცელდა აკაკის ავადმყოფობის, რომელიც თავის სოფელში, სხვიტორში იმყოფებოდა. ამისათვის დიდი ყურადღება არავის მიუქცევია. ვფიქრობდით, რომ უბრალო რამეა. მაგრამ 1915 წ. იანვრის დამდეგს ცნობები უკვე მდგომარეობის საშიშროებას იტყობინებოდნენ, აკაკის სისხლი ჩაექცა და სხეულის ზოგიერთი ნაწილი გაუკავაო. ქართველი საზოგადოება ძალიან შეფიქრიანდა. ჩვენი გაზეთის («სახალხო ფურცელი») რედაქციას თითქმის ყოველდღე მოსდიოდა ექიმებისაგან აკაკის ავადმყოფობის ამბები. ყოველი მხრიდან გვეკითხებოდნენ, თუ როგორაა ძვირფასი ავადმყოფი, ზოგნი პირდაპირ საჩხერეში მიმართავდნენ ნაცნობებს და სთხოვდნენ ცნობებს. ექიმთა კონსილიუმით მდგომარეობა მძიმე იყო, მაგრამ არა უიმედო. ავადმყოფობა ცვალებადობით მიმდინარეობდა რამდენიმე დღის განმავლობაში _ ხან უკეთესობა ჩანს, ხან უარესობა. მთელი საქართველოს ყურადღება საჩხერესხვიტორისკენაა მიქცეული. წ. კ. საზოგადოების გამგეობა თავის წევრს ნ. ნაკაშიძეს აგზავნის სხვიტორში. სხვებიც მიდიან აკაკის სანახავად. აკაკის შვილს, რომელიც თავს დასტრიალებს მამას, დეპეშებს უგზავნიან და უსურვებენ ავადმყოფს მალე მორჩენას. ზოგან პარაკლისებს იხდიან აკაკის განკურნებისათვის.

23_24 იანვარს ავადმყოფი შესამჩნევად მოუმჯობესდა. მაგრამ თურმე, როგორც ხშირად ხდება, ეს იყო სასიცოცხლო ძალების უკანასკნელი შემოკრება, რომ ჩვენი საყვარელი აკაკი სამუდამოდ გამოეთხოვა ამ ქვეყანას.

25 იანვრიდან 26 იანვარზე გადასულ ღამეს აკაკი გარდაიცვალა. ჩვენმა გაზეთმა ორშაბათს, 26 იანვარს, შუადღეზე საჩხერიდან შემდეგი დეპეშა მიიღო: ჩვენმა მრავალტანჯულმა სამშობლომ დაკარგა თავისი სიამაყე, 26 იანვარს ღამის პირველ საათზე გარდაიცვალა აკაკი.

სამწუხარო ამბავი ელვის სისწრაფით გავრცელდა თბილისში და მოედო მთელს საქართველოს. ყველას გონება და გრძნობა მოიცვა ერთმა ფიქრმა: აღარაა აკაკი, ის აკაკი, რომელსაც ერთი ღმერთი სწამდა _ ქართველი ერი, ერთი სამლოცველო ჰქონდა _ საქართველო, ერთს ეტრფოდა _ სამშობლოს თავისუფლებას, ერთი სძაგდა _ მისი ქვეყნის მტერი.

რედაქციამ სამძიმრის დეპეშა გაუგზავნა აკაკის შვილს ალექსის და დამავალა მე, რომ იმ საღამოსვე გავმგზავრებულიყავი სხვიტორში, რედაქციის სახელით მუხლის მოსადრეკად ახლად მიცვალებულის ცხედრის წინაშე და მონაწილეობის მისაღებად მისი გასვენების თადარიგში.

ჩემთან ერთად წამოვიდნენ სანდრო შანშიაშვილი, ქართველ მწერალთა საზოგადოების წარმომადგენელი, მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძე, აკაკის სახის ნიღაბი უნდა გადმოეღო და სხვ. სხვიტორში მივედით ნაშუადღევს, სამშაბათს, ასე ორისამი საათი იქნებოდა.

აკაკის ეზოში მგლოვიარე ხალხი იყო თავმოყრილი. ჩვენ პირდაპირ შევედით სახლში. მიცვალებული ასვენია ოთახში, სადაც შეიძლება პირველად იხილა მზე მომავალმა მგოსანმა, სამშობლოს აღდგენის ქურუმმა. ახლა სამუდამოდ დახუჭულია მისი საამქვეყნიო თვალები, ხოლო სახე მისი, მარადისობის შუქით გაბრწყინებული, მოგვაგონებს დიდი იტალიელების დახატულ წინასწარმეტყველთა და მოციქულთა სახეს. თეთრი თმა და წვერულვაში ვერცხლისფერს ნათელსა ფენს სახეს, რომელზედაც აღბეჭდილია საუკუნო სიმშვიდე და მდუმარება. აღარ ამეტყველდება მისი ენა, არც სიტკბოსა და სიმწარისათვის, არც ქებისა თუ მრისხანებისთვის.

ვუცქერი სახეს და მინდა, რომ ჩემს გულში სამუდამოდ დარჩეს ყოველი მისი მოხაზულობა, ყოველი წერტილი, ნათელი თუ მიჩრდილული.

ცხედრის გარშემო ჭირისუფლები დგანან. ჩვენსავით მწარე ფიქრებში არიან ისინიც. ასე ვართ რამდენიმე წუთს.

მერე მივუსამძიმრეთ ალექსის. გარეთ გამოვედით. ეზოში დავჯექით და ალექსიმ გვიამბო მამის უკანასკნელი საათები. ძალიან მხნედ და იმედიანად იყო თურმე სიკვდილის წინ, მალე მორჩენას ელოდა, თბილისში წავალთო, ოხუნჯობდა კიდეც.

იმ ღამეს და შემდეგაც ელისაბედ წერეთელმა მიგვიწვია საჩხერეში, მის ორ ვაჟს პირადად კარგად ვიცნობდი, უფროსი ვაჟი წინა ხანებში ომში დაიღუპა. ელისაბედის ოჯახი, ნაშთი ძველი ფეოდალებისა, მდიდარ და განთქმულ წერეთლების, კარგად შეძლებული იყო. ჩვენ ყურადღებით მიგვიღეს და დიდი პატივი გვცეს.

მეორე დღეს სავანეში წავედით. დაგვპატიჟა ერთმა ჩემი გიმნაზიელობის დროის ამხანაგმა აბაშიძემ. ვინახულეთ ის ეზო, სადაც ცელქობდა და თამაშობდა პატარა აკაკი, ის ხეები, რომელთა ჩრდილში იწვრთნებოდა მისი ოცნება. სახლი კი დამწვარიყო რამდენიმე წლის წინათ. სავანელები, სხვიტორელები, საჩხერელები სულ იმას გვეკითხებიან, თუ სად დაასაფლავებენ აკაკის. გვეუბნებიან: იგი აქ დაიბადა, აქ გაიზარდა, უყვარდა აქაურობა, იგი ჩვენია და აქ უნდა დაიმარხოს უთუოდო. ჩვენ ვუმტკიცებდით, რომ აკაკი მთელ საქართველოს ეკუთვნის, ის უნდა დაიკრძალოს დედაქალაქში, მეორე დიდი ქართველის _ ილია ჭავჭავაძის გვერდით, მთაწმინდაზე. ვიდავეთ და ბოლოს დაგვეთანხმნენ.

ვვარაუდობდით, რომ აკაკის დასაფლავება მოხდებოდა ახლობელ კვირას, 1 თებერვალს და, რასაკვირველია, ჩვენ მანამდის საჩხერეში დავრჩებოდით და გამოვყვებოდით პროცესიას. მაგრამ თბილისიდან შეგვატყობინეს, რომ აკაკის დასაფლავება მოხდება მხოლოდ 8 თებერვალს, რადგან გასვენების მოწყობა მანამდე ყოვლად შეუძლებელი არისო. ამის გამო თბილისიდან ჩამოსულები ისევ უკან გამოვბრუნდით, რომ მერე სხვებთან ერთად ისევ წამოვსულიყავით გასვენებაში მონაწილეობის მისაღებად.

დამკრძალავი კომიტეტის დადგენილებით, მიცვალებული გამოსვენებული იქნებოდა სხვიტორიდან ოთხშაბათს, 4 თებერვალს, იმ ღამეს საჩხერეში დარჩებოდა. ხუთშაბათს ღამესაც შორაპანში შევჩერდებოდით და პარასკევს დილით წამოვიდოდით თბილისისაკენ. თანახმად ამ წესისა, კომიტეტის წევრები, მწერლები, პრესის წარმომადგენლები, საზოგადო მოღვაწენი ოთხშაბათს დილით ჩავედით სხვიტორში. იქ უკვე უთვალავ ხალხს მოეყარა თავი. უმეტესობა სულ უბრალო გლეხობაა. დაახლოებით მესამე საათზე აკაკის კუბო გამოვასვენეთ მისი სახლიდან. ცოტა შევჩერდით, თითქოს იმისათვის, რომ აკაკი სამუდამოდ გამოთხოვებოდა მამაპაპეულ სახლკარს. პროცესია ნელნელა დაიძრა საჩხერისაკენ. გზაში ხალხი გვემატებოდა და საჩხერეშიც ბევრი დაგვხვდა.

ეს დიდებული პროცესია საჩხერიდან შორაპნამდე, შორაპნიდან თბილისამდე, პროცესია თბილისში დაწვრილებით იყო აწერილი მაშინდელ გაზეთებში და მე ამ აწერას არ გავიმეორებ. ვიტყვი მხოლოდ: აკაკის კუბოს რომ ყოველ სადგურზე ასე გულწრფელად დამწუხრებული ხალხი ხვდებოდა და დასტიროდა, ეს არ იყო ჩვეულებრივი დასაფლავება, ტირილი, დიდი პოეტის პატივისცემა; ეს თვალცრემლიანი ხალხი ასე მოკრძალებით და სიყვარულით რომ შესცქეროდა აკაკის კუბოს, ცდილობდა ახლოს მისვლას, სიტყვით თუ სხვაფერ უკანასკნელად გამოთხოვებოდა, თაყვანი ეცა მისთვის _ ამას ჰქონდა რაღაც ზეადამიანური, რელიგიური ხასიათი. ეს ამოდენა მოდენილი ხალხი მე მომაგონებდა პილიგრიმების შემოკრებას რომელიმე წმინდანის ან ხატის მოსალოცავად. ეს იყო ღვდელმოქმედება და წარმოთქმული სიტყვები მორწმუნეთა ლოცვები.

ჩვენს ხალხს გულით უყვარდა აკაკი. ილიას დიდ პატივს სცემდა და ამ პატივისცემას მისი განსვენებისას ზედ დაერთო ერთნაირი დანაშაულის გრძნობა, ხოლო აკაკის რომ ასაფლავებდნენ, ხალხი გრძნობდა, რომ მის მხრებზე ერის გული იყო შესვენებული. ილიას, გარდა ეროვნულისა, სხვა მოტივებიც აქვს, აკაკის კი მხოლოდ ერთი მოტივი აქვს _ პატრიოტიკა. და აქ ვერც ერთი ქართველი პოეტი ვერ ჩაწვდა ხალხის სიღრმეს, როგორც აკაკი. მისი პატრიოტული ლექსები ხალხურ სიმღერებად გადაიქცა. ამ ლექსში ერმა იგრძნო თავის ბედის სიმწარე და მას გაუნათდა გზაც თავისუფლებისა და აღდგენისაკენ…

აქ უნდა მოვიტანო ერთი კურიოზული დამახასიათებელი შემთხვევა. შორაპანში რომ ჩამოვედით, ვინმე ბათუმელმა ჩიქოვანმა ითხოვა, სიტყვა მაქვს დაწერილი და უნდა მათქმევინოთო. კომიტეტის წევრებმა უარი უთხრეს, მაგისთანა მსურველი ძალიან ბევრიაო. ჩიქოვანს ეს ძლიერ საწყენად დაურჩა. მეორე დღეს დილით ადრე შესულიყო სამგლოვიარო ვაგონში, იდგა მარტო აკაკის კუბოს წინაშე და ღაღადებდა თავის სიტყვას იმგვარ კილოთი, როგორც მღვდლები კითხულობდნენ ეკლესიაში…

შორაპანში ახლად ჩამოსულები მოგვემატენ, ზოგნი თბილისიდან იყვნენ, ზოგნი დასავლეთ საქართველოდან. რკინიგზის სამმართველოდან საგანგებო მატარებელი იყო მოცემული თბილისამდე. მთელ ჩვენს ინტელიგენციას მოეყარა თავი ვაგონებში. იყვნენ ყველა მიმართულების და პარტიების წარმომადგენლები, ძველი და ახალი მოღვაწეები. გზაში დიდი პოლიტიკური დისპუტი გაიმართა, იმის გარშემო, თუ როგორ გათავდება ომი და რას მოუტანს საქართველოს. მოკამათენი დანაწილდნენ არა პარტიულ მიმართულების მიხედვით. ერთნი ამტკიცებდნენ, რომ გაიმარჯვებს გერმანიის კოალიცია, მეორენი _ საფრანგეთი, ინგლისი და რუსეთიო. პირველების შეხედულებით, გერმანია რომ გაიმარჯვებს და რუსეთი დამარცხდება, ეს გამოიწვევს რუსეთში რეჟიმის დაცემას და საქართველოსაც მოუტანს თავისუფლებასო. ინგლისსაფრანგეთის გამარჯვების მომხრენი კი ამბობდნენ, რომ ინგლისი და საფრანგეთი ომის მოგების შემდეგ აიძულებენ რუსეთს, რომ თავისუფლება გამოაცხადოს. იყო ისეთი აზრიც (გ. ლასხიშვილი), რომ გერმანია დამარცხდება, მაგრამ დამარცხდება რუსეთიც და მოხდება რევოლუციაო…

თბილისში ჩამოვედით მეოთხე საათზე. ცხედარი მივასვენეთ ქაშვეთის ეკლესიაში. დასაფლავება მოხდა მესამე დღეს, 8 თებერვალს. სამგლოვიარო პროცესია ძალიან მოგვაგონებდა ილიას დასაფლავებას. ისევე მოზღვავებული იყო ხალხი, როგორც მაშინ. მთავარი სიტყვები წარმოითქვა ერევნის მოედანზე. პირველად ილაპარაკა ნ. ნიკოლაძემ, აკაკის თანატოლმა. მშვენიერი შთაბეჭდილება მოახდინა ქობულეთელმა მაჰმადიანმა ქართველმა კაიკაციშვილმა: მოიგონა თავის მოძმეთა მწარე ბედი და მიმართა აკაკის, დაუბარე შენებს, რომ ცოტა სინათლე შემოიტანონ ჩვენს მხარეშიო. იშვიათის მჭერმეტყველობით იყო წარმოთქმული კიტა აბაშიძის სიტყვა. უკეთესი მე არასოდეს გამიგონია. ვერცხლის ზარის ხმასავით გაისმა მისი წარმოთქმული: «აჰა, დაიმსხვრა ჭურჭელი ძვირფასი!» ერთბაშად დაატყვევა ყველა და სულგანაბულნი აღტაცებით უსმენდნენ დასასრულამდე.

მე სამი წერილი ვუძღვენი დიდებული პოეტის ხსოვნას: «აკაკი აღარაა», «მოვედინ და თაყვანი ვცეთ» და «აკაკი». ჩემი განცდები იყო მაშინდელი საზოგადო განცდები.

საუკუნო განსვენების ადგილამდე მივაცილე საქართველოს ორი უდიდესი შვილი, ილია და აკაკი, ეს ორი მთავარი ბურჯი ჩვენი XIX ს. ლიტერატურის, კულტურის, აღორძინების და იმედის, რა ძვირფასი იყო ეს იმედი იმ დროს, როცა მტრები უკვე სამარეს თხრიდნენ ქართველი ერისთვის. მათ გადაიტანეს უმთავრესად თავისი ზურგით გასული საუკუნის მანძილზე ქართველი ხალხის ნაციონალური რაობა და გადმოსცეს მეოცე საუკუნეს მკვიდრი და განმტკიცებული.

ილია და აკაკი, ამ სახელების ერთიმეორის დაშორება არ უდგება გონებას. ერთს რომ ახსენებ, მეორე მოსდევს თან, რომელი უფრო უყვარდა ქართველ ხალხს? მე ამის პასუხი არა მაქვს. ილია და აკაკი ძნელი გასარჩევია. ორივე ერთნაირად საყვარელია და არ არის დღეს ქართველი მოღვაწე _ უდიდესი და უმცირესი, რომლის გული არ ატოკებულიყოს მათი ქნარის ხმით, რომლის სისხლხორცში არ იყოს გამჯდარი მათი მოწოდება მაღალი ადამიანობისა და მამულიშვილობის.

მადლიერმა ქართველმა ერმა ერთი ძეგლი უნდა აუგოს მათ, ორივეს ერთად, თბილისის ერთერთ საუკეთესო ადგილზე.

ზოგიერთები

ნიკო ცხვედაძე _ მე60 წლების საზოგადო მოღვაწე, წ. კ. საზოგადოების ერთი მთავარ დამაარსებელთაგანი. ნ. ცხვედაძე ამ საზოგადოების გამგეობაში დიდი ხანია იღებდა მონაწილეობას და ჩემსობას და ადრეც თავმჯდომარის ამხანაგი იყო.

ნ. ცხვედაძე ი. ჭავჭავაძის ახლო მეგობარი იყო და შინაურ კაცად ითვლებოდა კონიაკის მწარმოებლის, მდიდარ დ. სარაჯიშვილის ოჯახში და ეს სარაჯიშვილი მისი რჩევით ნიშნავდა სტიპენდიებს და ეწეოდა ქველმოქმედებას.

ნ. ცხვედაძე ძალიან მუყაითი მუშაკი იყო, მუდამ რასმე აკეთებდა, ცუდად ყოფნა არ შეეძლო. მის დამახასიათებელ თვისებას შეადგენდა ნების სიმტკიცე, დაჟინება. რასაც ხელს მოჰკიდებდა, ადვილად არ მოეშვებოდა. ნამდვილი ქართლელი ტიპი იყო _ გამძლე, ძარღვიანი. ამ თავის დაუღალავი ენერგიით, სიმტკიცით და შრომისმოყვარეობით გაჰქონდა საქმე და ამას უნდა ვუმადლოდეთ, რომ მან მომავალ ქართულ უნივერსიტეტს წინასწარ დაუმზადა მშვენიერი შენობა. ამ სახლის შენება რომ დაიწყო, ეს ყველას ფანტაზიად, ოცნებად მიაჩნდა და არავის სჯეროდა შენობის დამთავრება.

წ. კ. საზოგადოების სხდომებს თითქმის არასოდეს აკლდებოდა. უბრალო ადამიანი იყო და გამგეობის ახალგაზრდა წევრებს ისე გვეპყრობოდა, როგორც მამა შვილებს _ ცოტა მეგობრის, ცოტა უფროსის კილოთი.

გამგეობის სხდომების ჟურნალში დადგენილებების ჩაწერა თავის ხელით უყვარდა, თუმცა სწორი ხელი არ ჰქონდა და მისი გამოთქმა ზუსტი და ადვილად გასაგები არ იყო ყოველთვის. ეს ჩვეულებაც ჰქონდა: როგორც კი გასარჩევი საკითხი დაისმოდა, აიღებდა კალამს ხელში, იტყოდა თავის აზრს და შეუდგებოდა ამის ჩაწერას, როგორც საერთო აზრის და დადგენილების. ბ. ნიკოლოზ (ნიკოლაი ზებედეევიჩ)! შესძახებდნენ გამგეობის წევრები, მოითმინეთ, ჯერ არაფერი დაგვიდგენია, ვიმსჯელოთ, ნება მოგვეცით, ჩვენი აზრი მოგახსენოთ. ისიც დინჯად დასდებდა კალამს და მოგვმართავდა: აბა, ბრძანეთო.

საერთოდ სიმპათიური ადამიანი იყო, ერთგული პატრიოტი და ყველა პატივს ვცემდით.

ი. ჭავჭავაძე რომ გარდაიცვალა, დადგა საკითხი, თუ ვინ უნდა აგვერჩია წ. კ. საზოგადოების თავმჯდომარედ. იმ დროს რეაქცია თანდათან ძლიერდებოდა და გვეშინოდა, წ. კ. საზოგადოებას რამე არ შემთხვეოდა. ამიტომ საერთო აზრი იყო, რომ საზოგადოების თავმჯდომარედ აგვერჩია ვინმე მთავრობის წინაშე დამსახურებული კაცი, რომლის სიტყვას ანგარიშს გაუწევდნენ მმართველი წრეები.

გავჩერდით გენერალ გიორგი ყაზბეგზე, რომელსაც ერთ დროს დიდი თანამდებობა ეკავა ჯერ ვარშავაში და შემდეგ ვლადივოსტოკში. გასული საუკუნის 70იან წლებში მან ოსმალეთის მესხეთში იმოგზაურა და საინტერესო წიგნი გამოაქვეყნა «Три месяца в Турецкой Грузий», რომელიც ძვირფას ცნობებს შეიცავს და დღესაც მოწონებაშია. გ. ყაზბეგს ყველა ისე იცნობდა, როგორც კარგ ქართველს და განათლებულ, ჭკვიან კაცს.

ნ. ცხვედაძეს ეს ეწყინა, ფიქრობდა, რომ მისი კანდიდატურა იქნებოდა წამოყენებული.

1908 წ. გაზაფხულზე მოხდა წერაკითხვის საზოგადოების საერთო კრება და თითქმის ერთხმად საზოგადოების თავმჯდომარედ არჩეულ იქნა გ. ყაზბეგი. ნ. ცხვედაძე კრებას არ დაესწრო და გამგეობის წევრობაზედაც კენჭი არ იყარა.

საზოგადოებამ ის საპატიო წევრად აირჩია. გამგეობამ პერგამენტზე დაწერილი სამადლობელი ადრესი მიართვა, მთელი შემადგენლობით სახლში ეახლა და სიტყვიერადაც დიდი მადლობა მიუძღვნა.

ნ. ცხვედაძემ თავაზიანად მიგვიღო სტუმრები. მაგრამ მის სახეს ნაღველი და სევდა ემჩნეოდა.

ვაჟაფშაველა ჩემთან რომ შემოვიდოდა, წ. კ. საზოგადოების კანცელარიაში, თუ ზამთარი იყო, მე მაშინვე თითქოს სიცივეს, სუსხს ვიგრძნობდი, გამაჟრჟოლებდა, ასე მეგონა ფშავხევსურეთის თოვლიანყინულიან მთებში ვიყავი, ხოლო თუ ეს ცხელ მაისში გაზაფხულში იყო, რაღაც საამო გრილი ნიავი დამიბერავდა და ლაღად ვიწყებდი სუნთქვას.

ვაჟა სადაც მივიდოდა, თან მიჰქონდა თვისი ფშავეთი. ის მიჯაჭვული იყო მშობლიურ მთებსა და კლდეებზე. ის მუდამ იქ არ იყო, სხვაგან სწავლობდა, სხვაგან მსახურობდა, საქართველოს გარეთაც უცხოვრია, პეტერბურგში, თბილისში ხშირად ჩამოდიოდა, სხვაგანაც დადიოდა, ხოლო ყველგან მუდამ თან ახლდა მისი მხრის ჯურღმულები, ნაპრალები, ხევები, მაღალი მწვერვალები, ჩანჩქერები, მიყრუებული ზამთარი და გაზაფხულის ქუხილი.

ერთიან გამდნარი იყო ბუნებაში და მისი საკუთარი პიროვნება აღარა ჩანდა. მისი ნუკრი, ჩხიკვი, ია, ხე, კლდე, მართლა თავის საკუთარის გონებით მსჯელობდნენ, საკუთარის ენით ლაპარაკობდნენ და არა ვაჟაფშაველას ნაკარნახევს იმეორებდნენ.

ვაჟა ადამიანი, შემოქმედი აღარსად იყო. მის სრულს ანტიპოდს წარმოადგენდა ნ. ბარათაშვილი. ვაჟა ბუნებაში თუ ჰქრება, ეს ბუნება თვით ჰქრება ბარათაშვილში. მთაწმინდა, მტკვარი, არაგვი, სუმბული _ ეს სულ ბარათაშვილია, ისე ღრმად შეაქვს პოეტს ყველაფერში თავისი პიროვნება, თავისი მე, თავისი ფიქრები და გრძნობები. გინდათ ჩაეხუტოთ კლდეს, იმიტომ რომ იგი ბარათაშვილის სულითაა გაჟღენთილი და იქ პოეტის გულის ფეთქვა გესმით.

ვაჟაფშაველა მეტად შებორკილია ბუნებით, თავი ვერ დაუღწევია მისი სიძლიერისაგან. ესაა მისი სისუსტე, ესაა მისი სიდიადე, ტყუილად არ იტყოდა ი. ჭავჭავაძე, ვაჟა სოფელს და მთას არ უნდა მოშორდესო.

ბარათაშვილი ბუნებას იმორჩილებს, იპყრობს, თავის მედ გარდაქმნის, ვაჟაფშაველას კი ბუნება იმორჩილებს და პიროვნებას უკარგავს.

ასეთი ფიქრები მომდიოდა, როცა ჩემ წინ ვაჟაფშაველა იყო და მეგობრულად ვესაუბრებოდი.

ის წელიწადში რამდენჯერმე ჩამოვიდოდა თბილისში და თითქმის ყოველდღე შემოივლიდა წ. კ. საზოგადოებაში. «ცნობის ფურცლის» რედაქციაშიც შევხვდებოდით ერთმანეთს.

თბილისში რომ ჩამოვიდოდა, ამბების დამშეული იყო, და უნდოდა ყველაფრის გაგება, მთელი ქვეყნის, ნამეტან კი საქართველოსი. გვეშველება რამეო? ეს იყო მისი საწუხარი და მარტო მისი?

მე ვიყავი მისი ინფორმატორი. თუ საერთო მსჯელობა იყო, მონაწილეობას მიიღებდა. ცოდნაგანათლება არ აკლდა. ენა უჭრიდა, მაგრამ ჩანდა მისი პრიმიტივობა, ზევით რომ ვთქვი. ღარიბად იყო, ოცნებობდა, თვეში ერთი თუმანი მაინც მქონდეს უტყუარი შემოსავალიო. თბილისში ჩამოსვლისას რედაქციებს დაუვლიდა, ხუთათ მანეთობით შეაგროვებდა თავისი ნაწერების ჰონორარს.

წ. კ. საზოგადოების კრებასაც მიადგებოდა და ითხოვდა ოთხხუთ თუმანს ან სესხად, ან დახმარებად, ან ავანსად რომელიმე მისი დასაბეჭდი თხზულების ანგარიშში. უარს თუ მიიღებდა, მაინც არ მოგვეშვებოდა, თხოვნას გაიმეორებდა, აბა რა ექნა! გაჭირვებულ ქართველ მწერალს შემწყალებელი და გამკითხველი არავინ ჰყავდა, გარდა წ. კ. საზოგადოებისა, რომლის სალაროში ყოველთვის მცირე თანხა იყო.

ვაჟაფშაველას მძიმე მდგომარეობას რომ ვხედავდი, მინდოდა რითიმე დავხმარებოდი. ერთხელ ვურჩიე, შილერის ტრაგედია «ორლეანელი ქალი» გადმოეთარგმნა და წარმოედგინა გამგეობაში, ეგებ გამოეცათ და სასყიდელს მისცემდნენ. ვაჟამ მოკლე დროში შეასრულა თარგმანი და მიუტანა გამგეობას, რომელმაც ი. ჭავჭავაძეს გადასცა გასასინჯად. ილიამ არავითარი დასკვნა არ წარმოადგინა და წიგნი გამოუცემელი დარჩა.

მე შილერის დიდი თაყვანისმცემელი ვიყავი. მის პიესებს ყოველთვის აღტაცებაში მოვყავდი. «ორლეანელი ქალის» ქართულ სცენაზე დადგმა ფრიად სასარგებლოდ მიმაჩნდა და ვურჩიე დრამატულ საზოგადოების გამგეობას, 1904 წელს სეზონი «ორლეანელი ქალის» წარმოდგენით დაეწყო. გამგეობა დამეთანხმა და მაშინვე მივწერე ვაჟასL

«ძმაო ვაჟა, როგორც კი მიიღო ეს წერილი, დაუყოვნებლივ აფრინე შენი «ორლეანელი ქალი». მაგ პიესით გაიხსნება სეზონი 23 სექტემბერს. ამიტომ ახლავე უნდა შევუდგეთ მზადებას. მერე «საზოგადოებასაც» გამოვაცემინებთ».

ვაჟასგან პასუხი ვერ მივიღე. წერილი გავუმეორე, სხვამაც მისწერა, ხოლო შედეგი არ მოყვა რატომღაც, და შილერის პიესის ქართულ სცენაზე წარმოდგენა არ მოხერხდა.

დრამატულ საზოგადოებას საბოლოოდ არ აუღია ხელი «ორლეანელ ქალზე». რამდენიმე ხნის შემდეგ განიზრახა მისი გამოცემა სურათებით და მთარგმნელს მოგების ნახევარს ჰპირდებოდა. სამწუხაროდ, ესეც განუხორციელებლი დარჩა.

1908_1909 წწ. ჩემს ჟურნალს «ფასკუნჯს» ვბეჭდავდი «სორაპანის» სტამბაში. ამ სტამბის პატრონი მ. გაჩეჩილაძე წიგნების გამომცემლობასაც ეწეოდა. განიზრახა ქართულ და უცხო ნაწარმოებების გამოცემა პოპულარული სახით. მე ვურჩიე, ერთერთ წიგნად გამოეცა ვაჟაფშაველას ლექსების პატარა კრებული. ვიკისრე მოლაპარაკება პოეტთან და გავარიგე. ვაჟას უნდა მიეცა მ. გაჩეჩილაძისთვის რამდენიმე ახალი ლექსი. ვაჟამ რატომღაც ყველა დაპირებული ლექსი ვერ ჩააბარა მესტამბეს და მათი დავა სამედიატორო სასამართლომ გაარჩია. მე ვფიქრობდი, რომ ვაჟამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა. ამის გამო ცოტა უკმაყოფილო იყო ჩემი. მაგრამ ჩვენი მეგობრული ურთიერთობა არ შეცვლილა. 1909 წ. აგვისტოს 30, ილიას მოკვლის დღეს, მისი პატივისმცემელნი წიწამურში წავედით.

მე და ვაჟამ მთელი გზა მცხეთიდან ერთად ვიარეთ და ტკბილად, მეგობრულად ვბაასობდით ჩვენი ცხოვრების საკითხებზე.

უკანასკნელი ჩვენი შეხვედრა მოხდა 1915 წ. ივლისში. ვაჟაფშაველა ავადმყოფი იწვა ლაზარეთში, რომელიც მოთავსებული იყო ახლანდელი უნივერსიტეტის შენობაში.

არ მომეწონა ოთახის მორთულობა, რაღაც ყაზარმული, სამხედრო სახე ჰქონდა, ვერსად ვხედავდი მზრუნველის ხელს და ყურადღებას, ვაჟა მარტოდ იყო, რაღაც მიტოვებული. ესეც არ მიამა. ავადმყოფი ძალიან გაახარა ჩემმა მისვლამ, თითქოს ძვირფასი რამ საჩუქარი მიმეტანოს. გამოცოცხლდა, მის სახეს ღიმილი დაეტყო.

ვისაუბრეთ ნელნელა. გულნატკენი იყო _ ნაცნობები და მეგობრები არ მოდიან, არ მნახულობენო, მითხრა. ქართველებმა მკვდრის დამარხვა კარგად ვიცით, ცოცხალს ყურადღებას არ ვაქცევთო.

დიდხანს არ დავრჩენილვარ. ძალზე მისუსტებული იყო და შემეშინდა, არ დაიღალოს სხვადასხვა ამბების გახსენებითმეთქი. რომ გამოვეთხოვე, მთხოვა და მეც დავპირდი, მალე გინახულებთქვა, მე ეს ვერ შევასრულე.

როგორც აკაკი გარდაცვალების წინ თავს კარგად გრძნობდა, ასე თურმე ვაჟა 27 ივლისს დღისით მხიარულად იყო, ოხუნჯობდა, საღამოს კი გათავდა.

ვაჟას სურათი მქონდა, ფანქრით დახატული (ვისი?). პოეტმა მოკლე ლექსი მიძღვნა და საკუთარის ხელით დააწერა ამ სურათს. სად არის ეხლა ეს სურათი, არსებობს კიდევ თუ არა, არაფერი ვიცი.

ი რ. ე ვ დ ო შ ვ ი ლ ი. ირ. ევდოშვილი თავისებური პოეტია. მას საკუთარი, განსხვავებული ადგილი ეკუთვნის ქართულ ლიტერატურაში. მისი ლირა სევდიანია, ნაღველს და მწუხარებას, გაჭირვებულთა მწარე ბედს გვიხატავს.

ირ. ევდოშვილი რევოლუციური ეპოქის შვილია, ბრძოლისათვის მოგვიწოდებს, ბრძოლას უგალობს და ამ ბრძოლის ველზე დაღუპულ გმირებს.

იგი გულწრფელი პოეტია, მისი სიხარული და კვნესა გულიდანაა გამოსული და გულს სწვდება. ესაა მისი პოეზიის დამახასიათებელი თვისება. ამიტომ უყვარს ხალხს ირ. ევდოშვილი. ის მასის, ქუჩის პოეტია.

მის შემოქმედებაში შეიძლება ორი პერიოდი იყო: ჯერ მხოლოდ სოციალური მოტივები აინტერესებდა უფრო, მერე კი სამშობლოს სიყვარული და მშობელი ერის თავისუფლება მიიპყრობს დიდ ყურადღებას. ხოლო მისი განცდები ყოველთვის წრფელია, მისი ლექსი გულითადია, სავსე გრძნობით და გრძნობის ამძვრელი.

ი. ევდოშვილი მე ადრე გავიცანი, თბილისში ჩამოსვლისთანავე. «კვალის» რედაქციაში ნაცნობები მყავდა. იქ ის ხშირი სტუმარი იყო, თანამშრომელი, დროგამოშვებით წ. კ. საზოგადოებაშიც შემოივლიდა, შ. მღვიმელს, ი. ეკალაძეს, ვაჟას და მის ძმებს მეგობრობდა, უყვარდა მათთან პურის ჭამა. ესწრებოდა წ. კ. საზოგადოების საერთო კრებებს, კამათში ცხარე მონაწილეობას იღებდა.

მე რომ «გლეხის» და «მიწის» გამოცემა დავიწყე, ი. ევდოშვილი ძალიან დამიახლოვდა. მოსწონდა ჩემი გამოცემა. თითქმის ყოველი ნომრისათვის მაძლევდა ლექსს, ბარე ორჯერ სატირული ფელეტონიც მომაწოდა. ასევე ერთგული თანამშრომელი იყო «მზის» _ «ფასკუნჯის», რომელსაც საკუთარ ჟურნალად სთვლიდა.

მეტად აწუხებდა რეაქციის წამოდგომა, თითქოს გრძნობდა, რომ ის პირადად მას მისწვდებოდა. მართლაც, 1909 წ. დაატუსაღეს, რამდენიმე თვეს იჯდა ციხეში და, როცა 1910 წ. მეც მეტეხში მიმიყვანეს, იქ ვნახე, სხვადასხვა განყოფილებაში ვიყავით და ხანდახან შემთხვევით თუ მოვკრავდი თვალს.

ახალი შემოდგომა იყო. ერთ დღეს მეტეხის ეზო ერთბაშად ახმაურდა. გამოვიდნენ ზედამხედველები და ჯარისკაცები, შეიქმნა რაღაც ფაცაფუცი. სალდათებმა თოფები მოიმარჯვეს. გამოვიდა ციხის უფროსი, ისეთი სახე ჰქონდა, თითქოს დიდი დღესასწაულისათვის ემზადებოდა.

ტუსაღები, რომელთა სარკმლები ეზოში გადიოდა, დიდი გაკვირვებით ვუყურებდით ამ ამბავს.

ახმაურდა საკნების ურდულები და გამოიყვანეს ციმბირში გასაგზავნი ხალხი _ კატორღელები და გადასახლებულები. ზოგს ბორკილი ედო ხელფეხზე. ყველა შეაქუჩეს და გარშემო ჯარისკაცები დაუდგნენ.

მათში დავინახე ირ. ევდოშვილი, სახე გამხდარი, დალეული. მხარზე ჩანთა ეკიდა და ხელში მსუბუქი ბარგი ეჭირა.

«იროდიონ!» მივაძახე ჩემი ოთახიდან. შემომხედა, თავი დამიქნია, მწუხარება ამოვიკითხე მის სახეზე. თვალები მაინც უბრწყინავდა.

წაიყვანეს განწირულები, გაუმაძღარი იმპერიალიზმის და თვითმპყრობელობის მსხვერპლნი. ვინ იცის, ვის ეღირსება მათში სამშობლოში დაბრუნება.

ირ. ევდოშვილი ორი თუ სამი წლის შემდეგ დაბრუნდა უკურნებელი სენით დაავადებული, ჭლექიანი.

1913 წ. წაღვერში იყო ავადმყოფი. ზაფხულში რამდენიმე კვირა მეც იქ გავატარე და ვნახულობდი იროდიონს მის ბინაზე. იწვა ლოგინში მილეული, მაგრამ ცოცხალი თვალებით.

ვიგონებდით გარდასულს, იმედით შევყურებდით ჩვენი ქვეყნის მომავალს.

თავის საკუთარ ბედს გრძნობდა. სწყუროდა კი სიცოცხლე და ყოველს, სულ მცირე სიტკბოს გადამეტებულად აფასებდა. მეც მიმადლოდა ფრიად, მთხოვდა, მალმალე მინახულეო.

შემდეგ მსოფლიო ომი დაიწყო და ომის ამბებმა გაგვიტაცა ყველა.

პ. უ მ ი კ ა შ ვ ი ლ ი. ა ლ. ს ა რ ა ჯ ი შ ვ ი ლ ი. ბევრი შემხვედრია ჩემს სამწერლო გზაზე _ თითქმის ყველა ქართველ მწერალს, ხელოვანს, საზოგადო მოღვაწეს ვიცნობდი თბილისში, ბევრთან მქონია სხვადასხვა სახის დამოკიდებულება, და ახლა წარსულისაკენ რომ მივიხედავ, ყველა მათი სახის გამომეტყველება ნათლად დამეხატება თვალწინ. მათში არიან ადამიანები, რომელთა პიროვნება ღრმადაა ჩაბეჭდილი ჩემს გულში და რომელთა გახსენება დღესაც მახარებს, ცხოვრებას მაგებინებს და ხალისს და რწმენას მიმატებს.

ზოგი მათგანი უკვე ვახსენე, ახლა მინდა კიდევ ორი ძვირფასი ქართველი მოვიგონო.

ხშირად არა, მაგრამ მაინც გვეწვეოდა პეტრე უმიკაშვილი, ძველი თაობის მოღვაწე, მწიგნობარი. მისი ეს იშვიათი მოსვლა მეტად გასახარი იყო.

შემოდის დინჯად, ნელი ნაბიჯით. მის სახეზე ტკბილი ღიმილია, რომელიც თავიდანვე კეთილგანწყობილებას გვამცნობს. მისალმების შემდეგ მკითხავს, როგორა ვარ, მეც მის ჯანმრთელობას ვიკითხავ. შევლაპარაკდებით, ყველაფერს მიმოვავლებთ თვალს.

ჩემს უკანასკნელ ფელეტონს გაიხსენებს, კმაყოფილია, მოსწონს. თუ რამ ნაკლი ნახა, მეტყვის, არ მომერიდება. მისი დაძრახვა მეგობრული კილოსია, სიტყვაში გესლს არ გაურევს. ქართველი ხალხის გამოფხიზლებას ხედავს, უხარია. იგონებს განვლილ მწარე დროს. განსაკუთრებით შეხარის ახალგაზრდობის მუშაობას, ყველა პარტიას და დაჯგუფებას ერთნაირად არ უყურებს, მაგრამ მტრობა არავისი არა აქვს. მთელი ახალგაზრდობის მამაა, ყველა უყვარს. დარიგებაც იცოდა, მორიდებით, ფრთხილად, საწყენად არ დაურჩესო. მისი გულწრფელი სიტყვა გულს სწვდება, შეიძლება მთლად არ დაიჯერო, მაგრამ გვერდზე ვერ ჩაუვლი, ანგარიშს გაუწევ.

სულ საქართველოს საქმეების გარშემო ტრიალებს. ხოლო განსაკუთრებული სიყვარული აქვს წიგნის, წიგნით სუნთქავს.

წასვლისას ისე გამომეთხოვება, თითქოს უკანასკნელად მხედავდეს.

რა ტკბილია მანუგეშებელი ასეთი ადამიანის მოგონება!

ალ. სარაჯიშვილმა 25_30 წელიწადი სახელმწიფო სამსახურში გაატარა, მაგრამ ლიტერატორად იყო დაბადებული, იშვიათი მოყვარე მწერლობის, მწიგნობრობის. იცოდა, ნაბეჭდში თუ ნაწერში, ძველსა და ახალში, კარგად ჩახედავდა. იქ ისეთ რასმე აღმოაჩენდა, რასაც ყველა ვერ ხედავდა.

ქართული ენა მშვვენივრად იცოდა და კარგი სტილისტი იყო. ლამაზად თარგმნიდა დასავლეთის და აღმოსავლეთის პოეტურ ნაწარმოებებს. მის კალამს ეკუთვნის რამდენიმე ისტორიულლიტერატურული ნარკვევი და მისმა «ვეფხისტყაოსნის ყალბმა ადგილებმა» დიდად შეუწყო ხელი რუსთაველის შესწავლას. პატარპატარა ორიგინალურს არაკებსაც წერდა, მარილიანს, იუმორისტულს და სატირულს. დიდი თანაგრძნობით მოეგება «ფასკუნჯის» დაარსებას. ძალიან აინტერესებდა მისი ბედი, აუცილებელ საჭიროებად მიაჩნდა ამნაირი ლიტერატურულმხატვრული ორგანოს არსებობა. მეხმარებოდა მეგობრულად, რჩევით, სხვადასხვა მასალების მოწოდებით.

ალ. სარაჯიშვილი მარჯვენა ხელი იყო ექ. თაყაიშვილის საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების დაარსებასა და მოწყობილობაში. მას ახასიათებდა თავმდაბლობა. უყვარდა საქმის გაკეთება და ნაკლები ლაპარაკი, ერიდებოდა თავის გამოჩენას.

ცენზურა და პრესა

მე რომ მწერლობა დავიწყე, ქართული ენის ცენზორად იყო გ. ჟურული, ის კარგა ხანია ცენზორობდა. მის წინ რაფ. ერისთავი იყო ცენზორად და კიდევ ადრე ისარლიშვილი, რომელიც ძლიერ სასტიკი იყოო. გ. ჟურულიც ავიწროებდა ქართულ გამოცემებს.

თვითმპყრობელობის დროს წიგნების და გაზეთების ცენზურას განაგებდა ეგრეთწოდებული საცენზურო კომიტეტი, რომლის ნების დაურთველად ერთი სტრიქონი ვერ დაიბეჭდებოდა. ამ კომიტეტს თბილისში შეადგენდნენ თავმჯდომარე, ორი უფროსი ცენზორი: ერთი ევროპული ენებისა, მეორე _ რუსულისა, ორი უმცროსი ცენზორი _ ქართულისა და სომხურის, სტამბების და წიგნის მაღაზიების მეთვალყურე ინსპექტორი და მდივანი, სულ შვიდი კაცი.

ქართული ენის ცენზორი ქართველი იყო. ამ თანამდებობაზე, რასაკვირველია, სანდო პირს ნიშნავდნენ, რომელსაც ზევიდან დირექტივები ეძლეოდა და იმყოფებოდა კომიტეტის უშუალო კონტროლის ქვეშ. ცენზორს დავალებული ჰქონდა სასტიკად ედევნებინა თვალყური განსაკუთრებით ეროვნული მოძრაობისათვის. რომელიმე უბრალო მოვლენა პატარა ერის ცხოვრებაში მთელ ალიაქოთს იწვევდა. თვით არსებობა არარუსი ერებისა უკანონობად და დანაშაულად იყო მიჩნეული. «ინოროდცებს» ითმენდნენ მხოლოდ, ითმენდნენ იმის მოლოდინში, რომ ყველანი ისინი მალე გარუსდებოდნენ.

ასეთი მტრული განწყობილების პირობებში ქართული პრესა (ისე როგორც სხვა ბევრი) დიდ შევიწროებას განიცდიდა ცენზურისაგან. საქართველოში ცენზურა უფრო მძაფრი იყო, ვიდრე შიდა რუსეთში. ხშირად ხდებოდა, რომ ქართულ გაზეთს უკრძალავდნენ ამოეღო ცნობები რუსულ გაზეთებიდან და გადმოეთარგმნა რუსულ ლიბერალურ გამოცემების თუნდაც მეტად ფრთხილი და ზომიერი წერილები.

ცენზურას (ან უკეთ მის პატრონს, თვითმპყრობელობას და იმპერიალიზმს) ორი რამ აფრთხობდა _ რევოლუციური მოძრაობა ეკონომიურსოციალური ხასიათისა მუშებსა და გლეხებში და არარუსი ხალხების ეროვნული გამოღვიძება. ცენზურა არ უშვებს ცნობებს გაფიცვების შესახებ რუსეთში თუ უცხოეთში. არ შეიძლება დაიბეჭდოს ამბავი გლეხების შეტაკებისა მემამულეებთან. ცენზორი წითელი მელნით გადახაზავს, როგორც მავნებელს, ასეთ უბრალო ცნობას: თბილისის ცხენის რკინიგზაზე მომუშავეებს ხელფასი დაუკლეს, ისინი გაიფიცნენ, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ ვეღარ გაუძლეს გაჭირვებას და დამორჩილდნენ პატრონებს. სერბიაში მუშებმა სოციალდემოკრატიული პარტია დააარსეს და ამის გამო მანიფესტაცია გამართეს. ამის გამოქვეყნება უკანონობად მიიჩნია ცენზურამ. ასევე შეუძლებლად დაინახა გამჟღავნება იმის, რომ ქუჩაში მთვრალი ჟანდარმი ნახეს, რომ ამა და ამ საპატიმროში დიდი უსუფთაობა აღმოაჩინა პროკურორმა, რომ ციხიდან ტუსაღი გაიქცა, რომ ოდესაში სექტანტებმა ითხოვეს ნებართვა სალოცავად შეკრებისა და სხვ. აკრძალულია დაბეჭდვა ისეთი სურათებისა, რომლებიც გამოხატავენ იმპერატორის ჯარის დამარცხებას რუსეთიაპონიის ომში.

მაგრამ ასეთ ამბებს, როგორც საზოგადო მოვლენებს, ცენზურა შედარებით უფრო ლმობიერად უყურებს, მათი ეშინია, ხოლო ფიქრობს, ეს საყოველთაო «ჭირი და უბედურებაა». მას უფრო აშფოთებს არარუს ერების ამოძრავება, საზოგადოდ ეროვნული გრძნობის გამოცხადება. ქართულ გაზეთს არა აქვს ნება დასტამბოს წერილი სილოვან ხუნდაძისა იმის შესახებ, საჭიროა სწავლება დაწყებით სკოლებში დედაენაზე წარმოებდეს. ცენზორისაგან წაშლილია ახალი ამბავი, რომ სვანეთის და სამეგრელოს სკოლებში სწავლება რუსულად იქნება და ქართული სრულიად განდევნილი იქნება, რომ სამეგრელოში რუსულის სწავლება მუნჯურის მეთოდით იქნება, რომ ფინლანდიაში ამიერიდან სახელმწიფო დახმარება არ მიეცემა იმ სკოლის მასწავლებელს, სადაც რუსული ენის სწავლება ცუდადაა დაყენებული და სხვ. არ შეიძლება დაბეჭდვა ისეთი ცნობებისა და წერილებისაც, რომლებიც ეხებიან უცხო ქვეყნების მოძრაობას და ბრძოლას.

საქმეს ოდნავად არ შველოდა ის გარემოება, რომ ქართულ გამოცემას ქართველი ცენზორობდა. პირიქით, ხანდახან ეს მავნებელიც იყო. ქართველმა ცენზორმა საქართველოს ცხოვრების ყოველი ავი და კარგი იცოდა, რა მიდრეკილება, რა აზრები, რა ხმები ტრიალებდა ქართველებში და თუ რომელიმე მოხერხებული მწერალი შეეცდებოდა მიხვეულმოხვეული გზით, მიკიბულმოკიბული ენით, ქარაგმებით, იგავებით ფარულად თავის ეროვნულ ზრახვების შეპარებას, ქართველი ცენზორი ამას ადვილად მიუხვდებოდა და წითელ მელანს გადაუსვამდა დაწერილს.

ასე იყო, მაგალითად, გ. ჟურულის ცენზორობის დროს, რომლის ხელში მეტად შევიწროებულნი ვიყავით ჟურნალისტები. ჩვენი აზრების გაპარების საშუალებას მოკლებულნი ვიყავით და სულს მოვითქვამდით, როცა ხანდახან გ. ჟურული შვებულებაში წავიდოდა ან ავად გახდებოდა და მის მაგიერ ქართულ გაზეთს ცენზორობას უწევდა ქართულის მცოდნე უფროსი ცენზორი ქიშმიშოვი. გ. ჟურული რომ რასმე აკრძალავდა, მორჩა, გათავდა, არა ეშველებოდა რა, ქიშმიშოვთან კი მოლაპარაკების გამართვა გვშველოდა და ხანდახან დაგვითმობდა და წაშლილის აღდგენის ნებას მოგვცემდა.

მაგონდება ერთი შემთხვევა: შუა ზაფხული იდგა, ძლიერ ცხელოდა. ცენზორმა ქიშმიშოვმა ჩემი ფელეტონი მეტად შელახა. გაზეთის ნომრის გამოსვლა ფერხდებოდა, არაფერი გვქონდა მომარაგებული ცარიელი ადგილის შესავსებად. მირჩიეს, წადი ქიშმიშოვთან, პირადად მოელაპარაკე, ეგებ შეგვიბრალოსო.

მივედი, დავრეკე და კარგა ხანს მომიხდა ცდა. ბოლოს, როგორც იყო, გაიღო კარი. ჩემს წინ ხანში შესული კაცი იდგა, თეთრი საცვლების ამარა. სიმპათიური გამომეტყველება ჰქონდა, მაგრამ ეტყობოდა, სიცხე ძლიერ აწუხებდა, წამდაუწუმ ოფლს იწმენდდა. ვინა ხარ, რა გინდაო? მკითხა. მეც ავუხსენი, თუ რისთვის მივედი. _ ჰო, მე რაც წავშალე თქვენს წერილში, ის უნდა ამოიღოთ, მთავრობის საწინააღმდეგოა. გავმართეთ კამათი. მე ვუმტკიცებდი, თუ არაფერს გვათქმევინებთ, გაზეთის გამოცემას რა აზრი ექნება. ის თავისას ამბობდა. არ მოვეშვი. სიცხე და ოფლი უფრო და უფრო აწუხებდა. შემატყო, რომ არ ვშორდებოდი, ხელი ჩააქნია და მითხრა: კარგი, კარგი, გაუშვით, თავი დამანებეთ. გამომართვა საცენზურო ამონაბეჭდი ფურცელი და წაშლილი ადგილები კვლავ აღადგინა დასაბეჭდად.

გ. ჟურულის შემდეგ პ. გოთუა იყო ცენზორად, რომელიც ფართოდ გვაძლევდა თავისუფლებას. მას მოყვა ან. ღულაძე, ესეც არ გვავიწროვებდა მაინცდამაინც. უკანასკნელი ცენზორი იყო ივ. პოლუმორდვინოვი, რომელიც კანონს ემორჩილებოდა, მაგრამ ყოველნაირად ცდილობდა, რაც შეიძლება, რბილად და ლმობიერად მოგვპყრობოდა და არ დავზიანებულიყავით. გვაფრთხილებდა წინდაწინ, თუ რამ ხიფათი მოგველოდა. მე პირადად, სხვათა შორის, ისიც შემატყობინა, შენს სახელზე ფოსტით მოსულ ბარათებს ჟანდარმერია სინჯავსო.

საერთოდ, მე პირადად ცენზურას ძალიან არ ვუყვარდი. დაეჭვებით და შიშით ხვდებოდა ყოველ ჩემს წერილს, რამე არ იყოს დაფარულიო. პირველ ჩემს ფელეტონურ წერილებს სათაურად დავარქვი «ფიქრები, მხოლოდ ფიქრები». ამით ის მინდოდა მეთქვა, რომ რასაც ვწერ, ეს მხოლოდ ფიქრებია, აზრები და არა რამე საქმე და მოქმედება და მარტო ფიქრი აბა რა საშიშია. ცენზურას ესეთი სათაური არ მოეწონა და კინაღამ წამიშალა.

მერე რეგულარულად საკვირაო ფელეტონების წერა რომ დავიწყე, მათ «პატარა ამბების» სახელი ვუწოდე. პირველ ფელეტონში განვმარტე ასეთი აზრი, რომ დღევანდელი პატარა ამბები ამზადებენ მომავალ დიდს ამბებს, ამ ფელეტონიდან ცენზურამ დიდი ადგილი ამოშალა, სადაც ნათქვამი იყო: …»პატარა ამბებიც მოსჭამენ თავის დღეს და ჩვენც ვეღირსებით უკეთეს ამბებს. ოქროს დრო ჩვენს უკან კი არაა, არამედ ჩვენს წინაა! დავცინით იმ ცხოვრებას, რომელიც მხოლოდ პატარა ამბებს წამოაყენებს წინ, იგი არ არის სანატრელი, და გავიხედოთ წინ, წინ!.. ვერავითარი ძალა ვერ აღმოფხვრის ადამიანის გულიდან სურვილს ადამიანურ ცხოვრებისას» და სხვ.

რევოლუციური მოძრაობა რომ დაიწყო ამ საუკუნის დასაწყისიდან, ცენზურის გარდა, პრესას ახალი ზედამხედველი და ბატონი გაუჩნდა _ ადმინისტრაცია, ჟანდარმერია, პოლიცია. გაზეთები ხშირად იკეტებოდა, ეს თითქმის სულ ადმინისტრაციის განკარგულებით, რომელიც უფრო შეუბრალებელი იყო, ვიდრე ჩვეულებრივი ცენზურა. უბრალო მიზეზი საკმარისი იყო გაზეთის დასახურავად და მისი რედაქტორის დასატუსაღებლად. ჩემი «გლეხი» და «მზე» თბილისის გენერალგუბერნატორის განკარგულებით დაიკეტა, «ცნობის ფურცლის» ჯალათიც გენერალგუბერნატორი იყო.

ადმინისტრაცია წიგნებსაც სდევნიდა და არა ერთი და ორი გამოცემის კონფისკაცია მოახდინა. 1906 წ. ბოლო იყო, სტამბიდან ახლად დაბეჭდილი «საგლეხო კალენდარი» მომქონდა, ყოფილ ვორონცოვის ხიდთან პოლიციელმა (მილიციონერმა) გამაჩერა, წიგნები რომ დაინახა, წამიყვანა პოლიციაში, სადაც დიდხანს მაცდევინეს განუკითხავად. ჩემს ბედზე პოლიცმეისტერმა (პოლიციის უფროსმა) შემოიარა და რატომღაც კარგი თვალით შემომხედა. იკითხა, რატომაა დაკავებულიო. უთხრეს: დაბეჭდილი წიგნები მოჰქონდაო. ბოქაულს უბრძანა: გასინჯეთ ახლავე და თუ საამისო არაფერია, გაუშვითო. გასინჯეს და რა ნახეს, კალენდრები იყო. გამათავისუფლეს.

უკვე ვთქვი, რომ ცენზურა მეტად მემტერებოდა. არა მარტო ადგილებს წამიშლიდა და აკრძალავდა, ხანდახან მთლად აკავებდა ფელეტონს და რედაქცია იძულებული იყო, ჩემი ფელეტონის ადგილზე შემდეგ ფართო განცხადება მოეთავსებია: «დღეს «სიტყვას» (ჩემი ფსევდონიმი) «პატარა ამბები» ვერ იბეჭდება».

ასეთი პირობების მიზეზით იყო, რომ 1906 წ. ჩემს ფელეტონებს სხვა სახელი დავარქვი _ «დღევანდელი ამბები» და ფსევდონიმიც გამოვიცვალე, «სიტყვის» ნაცვლად «იგივე» მოვაწერე. ვფიქრობდი, ამით ეგებ, დროებით მაინც, სასტიკად არ დამტაკებოდა ცენზურა და პოლიცია ჩემი ძველი «ცოდვების» გახსენების წყალობით.

შეიძლება ეს თავის მოტყუება იყო და მტერმა თავიდანვე კარგად იცოდა, რომ «იგივე» «სიტყვის» განმეორება იყო.

შიო ჩიტაძე _ ძვირფასია მისი მოგონება

ხვალ ათი წელიწადი შესრულდება, რაც ვერაგულად იქნა მოკლული შიო ჩიტაძე, ერთი საუკეთესო წარმომადგენლეთაგანი ჩვენი თაობისა, ერთი ძვირფასი ჩვენი ამხანაგი და თანამებრძოლი. განსვენებულმა რუსეთში დაიწყო მოღვაწეობა, სადაც საყოველთაო სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა, ხოლო გული სულ სამშობლოსკენ იზიდავდა, იქ უნდოდა ფართოდ გაეშალა თავისი ნიჭი თუ საქმიანობა და 1904 წელს კიდევ მოახერხა ტფილისში გადმოსახლება. დიდხანს არ დასცალდა, მაგრამ ეს მცირე დრო სრულიად საკმარისი იყო, რომ კეთილშობილური სახის გამომეტყველება, მისი მტკიცე, ბეჯითი სიტყვა და შრომის უნარი ღრმად ჩაბეჭდოდა ყველას გულში. შიოს ერთბაშად მიაქცია ყველამ ყურადღება და ყველა ნათლად ჰხედავდა, რომ ჩვენს საზოგადოებას შეემატა ახალი მრავალმხრივ მდიდარი ძალა, რომლისთვის სამოღვაწეო ასპარეზი ჯერ წინ იყო გადაშლილი.

უბრალო ქართლელი გლეხის შვილი, ჩვენი ქვეყნის წიაღში და მშობელი ხალხის კალთაში გამოზრდილი შიო ნათელი გამომსახველი იყო ამ ხალხის უდიდეს თვისების და სულიერ მისწრაფების. მას განცდილი ჰქონდა პირადად მთელი ვაება ჩვენის აწინდელის ცხოვრების, პირადად ჰქონდა განვლილი სიმწარე შელახული უფლებისა, ადამიანის ღირსების გათელვისა და ისე ეწაფებოდა თავისუფლებას, როგორც ჰაერს. გაბედულად და თავდაუზოგველად მიემხრო რევოლუციის მებრძოლთ და სიტყვით თუ საქმით პირველთა შორის იდგა. მისთვის თავისუფლება და სამართლიანობა არ იყო განყენებული მცნება, არამედ განარსებული და ხორცშესხმული განსაზღვრულ წრესა და ხალხში. ამიტომ თავისუფლება დასახული ჰქონდა ყოვლის უწინარეს, როგორც თავისუფალი ქართველი ერი და სოციალური სამართლიანობა, როგორც ბორკილების დამმსხვრევი ქართველი მშრომელი ხალხის მიერ.

ეს ხალხის შვილობა აშკარად სჩანდა შიოს გარეგნულობაში _ მის ლაპარაკსა და მსჯელობაში. მისი სიტყვა ყოველთვის მარტივი იყო, უბრალო, სადა, მაგრამ ყოველთვის მკვეთრი, ძლიერი, მაგარი, რომლის შერყევა ისე ძნელია, როგორც მიწაზე ფეხმოდგმულ ჩვენებურ გლეხისა. ასეთი იყო მისი მოქმედება, რომელიც ყოველთვის საქმიანი იყო, მტკიცე პრაქტიკული, სინამდვილის ნიადაგს ემყარებოდა, მაგრამ ამავე დროს ასულდგმულებდა იდეალისტური მისწრაფება, მაღალი სული, რწმენა და აღფრთოვანება. მისი საქმიანობა არასოდეს ყოფილა წვრილმანური, გაჟღენთილი ვიწრო პრაქტიციზმით, არამედ მარად აშუქებდა დიდებული სხივი მომავლის. მისი მახვილი და შორს ღრმად გამსჭვრეტი თვალები დღეის იქით ნათლად ჰხედავდნენ ხვალეს და ეს თვისება ყველაზე უფრო ძვირფასი იყო და ამით განსვენებული ჩიტაძე არსებითად განსხვავდებოდა ჩვენი დროის მოღვაწეებისაგან, რომელნიც ერთიან ჩამხრჩვალნი არიან ვიწრო პრაქტიკულობაში.

შიო რომ ქართულ გიმნაზიის გამგედ მიიწვიეს გაძლიერებული განმათავისუფლებელი მოძრაობის დროს, თავიდანვე გამოიჩინა თავისი არაჩვეულებრივი საქმიანობა. საყოველთაო არევდარევის ჟამს, როცა უკიდურესი თავისუფლების ქადაგება ადვილად ჰპოულობდა ნიადაგს, შიომ მოკლე ხნის განმავლობაში შემოქმედების სული შთაბერა სასწავლებელს და მასთან სრული წესიერება და დისციპლინა დაამყარა სასწავლებელში. იგი ნამდვილი მეგობარი _ ამხანაგი შეიქნა მასწავლებლებისათვის, რომელთაც უყვარდათ, გულწრფელად პატივს სცემდნენ და ერთგულად მხარში უდგნენ ყოველს საქმეში. ამასთანავე ერთად მეგობარი მასწავლებელი, ჭეშმარიტი აღმზრდელი იყო მოწაფეების, რომელთაც მამობრივის სიყვარულით ეპყრობოდა, ყოველთვის ალერსით და ხალისით ესაუბრებოდა, მაგრამ შეურყევლად მოსთხოვდა ცოდნას. იგი უყურებდა სასწავლებელს, როგორც ტაძარს, საიდანაც ყოველი გამოდის უფრო ამაღლებული და გაკეთილშობილებული, ვიდრე შევიდა. სკოლა უდიდესი აღმზრდელი დაწესებულება იყო, რომლის სისტემა ემყარება არა ძალადობას და შიშს, არამედ სიყვარულს, შეგნებას და ზნეობრივ გავლენას.

საამოა, მანუგეშებელი და გამამხნევებელი ისეთი ადამიანების მოგონება, როგორიც იყო განსვენებული შ. ჩიტაძე. მისი სახე გზას გვინათებს, მისი გონიერი სიტყვა ყურში ჩაგვძახის და გვახალისებს, წინ მიგვიწვევს, იმედით გვავსებს.

ჩემი მოგონება არჩილ ჯორჯაძის შესახებ

არჩილ ჯორჯაძეს პირველად შევხვდი პეტერბურგში სტუდენტობის დროს 189394 წლებში. მის სიმპატიურს სახეს, გონივრულს თვალებს და ნაზს გამომეტყველებას ძალაუნებურად მიაქცევდით ყურადღებას. ჩემზე ერთი წლით ადრე იყო ჩასული, ბუნებისმეტყველების ფაკულტეტზე სწავლობდა, მე _ იურიდიულზე. ცალკე ჯგუფი ჰქონდათ არჩილს, ლუარსაბ ანდრონიკაშვილს და ორიოდე ქართველ სტუდენტს კიდევ. მათ შემდეგ მიემატა ზურაბ ავალიშვილი. ჟურნალ «სევერნიე ზაპისკის»1 ფაქტიურ რედაქტორ ვოლინსკისთან იყვნენ დაახლოებულნი და მისი ხელმძღვანელობით ეცნობოდნენ ფილოსოფიურ და რელიგიურ საკითხებს. დანარჩენ სტუდენტებს კი უფრო ქართული ცხოვრება, ქართული მწერლობა და ისტორია გვაინტერესებდა და ამ ნიადაგზე ერთნაირი გათიშვაც კი იყო ჩვენს და მათ შორის. ჩვენ პოლიტიკა გვიტაცებდა, იმათ კი აპოლიტიკობა ემჩნეოდათ, თუმცა არჩილთან კერძოდ შეკამათება არასოდეს არ გვქონია, მაშინაც ისეთი ჯენტლმენი იყო, როგორსაც შემდეგ ყველანი ვიცნობდით, მის გულს არ ეუცხოვებოდა ჩვენი ზრახვა და მისწრაფება. მახსოვს ერთი კრება ქართველ სტუდენტთა სათვისტომოსი. პოლიტიკური დამნაშავე კურსისტი ვეტროვის ქალი ისე გაამწარეს მთავრობის აგენტებმა პეტრეპავლეს ციხეში, რომ ნავთი გადაისხა ტანზე და თავი დაიწვა. ამან ისე ააშფოთა სტუდენტობა, რომ გადაწყვიტეს ყაზანის ტაძრის მოედანზე დიდი დემონსტრაციის გამართვა. წინა დღით შევიკრიბენით ქართველები, ვბჭობდით, მივიღოთ მონაწილეობა თუ არათქო, კრებას თავმჯდომარეობდა არჩილი და მოგვიწოდებდა, არ გამოვთიშულიყავით და ჩვენი ხმა შეგვეერთებინა სტუდენტობის საერთო ხმისთვის. დიდი უმეტესობა წინააღმდეგი იყო _ ქართველობა ცოტა ვართ, ჩვენ ისედაც ბევრი საკუთარი საქმე გვაქვს და დინჯად უნდა ვიყოთ, ჩვენს ძალღონეს გავუფრთხილდეთო. ამისდაგვარი განაჩენი გამოვიტანეთ. მაგრამ მეორე დღეს, წინააღმდეგ ამ დადგენილებისა, ყველანი ყაზანის მოედანზე გავედით და მხურვალე მონაწილეობა მივიღეთ დემონსტრაციაში, რომელიც მეტად გრანდიოზული გამოვიდა და ხანგრძლივი სიჩუმის შემდეგ პირველი გამოღვიძება იყო რევოლუციური სულისკვეთებისა. აქვე იყო, რასაკვირველია, არჩილიც. მის მომხიბლავ სახეს კიდევ უფრო ალამაზებდა ღრმა სიამოვნება. უხაროდა არა ის, რომ მისმა აზრმა გაიმარჯვა, არა, სიხარულს განიცდიდა იმით, რომ კეთილშობილურმა ახალგაზრდულმა გრძნობამ დასძლია მშრალი განყენებული მსჯელობა და ქართველები მხარში ამოვუდექით სხვებს.

ამ დემონსტრაციამ მთელი პოლიცია ფეხზე დააყენა. დიდი მითქმამოთქმა შეიქნა, ხოლო მთავრობა მოერიდა გამწვავებას და მარტო სამსამი დღით დაგვატუსაღეს დემონასტრაციის მონაწილენი.

ამის შემდეგ არჩილი მალე წავიდა უცხოეთში. იყო ინგლისში და საფრანგეთში. უფრო გაიტაცა ზნეობრივმა საკითხებმა, გაეცნო ტოლსტოის მოძღვრებას და შეიქნა მისი მიმდევარი. დაწვრილებით არაფერი ვიცოდი დიდხანს, კანტიკუნტად თუ მოგვდიოდა ცნობები. გვეგონა, რომ იგი სამუდამოდ მოწყდა ჩვენს ცხოვრებას და დაიკარგა სამშობლო ქვეყნისათვის.

მაგრამ თურმე შორს _ უცხოეთში გარდახვეწილ არჩილის სულში დიდი პროცესი ხდებოდა. შორიდან იგი უფრო დაუახლოვდა მშობელ მიწაწყალს, უფრო მწვავედ იგრძნო თავის ერის განცდანი, უფრო ჩაწვდა მის უბადრუკს ცხოვრებას. ღრმა სულიერის ტანჯვით და დაკვირვებით ეძიებდა გზას ქართველი ერის განვითარებისთვის და ჰპოვა კიდეც: ეს იყო გზა განვითარებისა საკუთარ ნიადაგზე, საკუთარის კულტურის და შემომქედების განცხოველება.

1901 წელს ქუთაისში ვიყავი. იმჟამად «ცნობის ფურცელი» გადავიდა ახალგაზრდათა ერთი მცირე ჯგუფის ხელში გ. ლასხიშვილის ხელმძღვანელობით. აქ დაიწყო პირველად წერა სამშობლოში დაბრუნებულმა არჩილმა. ეხებოდა ჩვენი ცხოვრების საჭირბოროტო საკითხებს, ხელი შეახო ჩვენი არსებობის მთავარ ძარღვებს და ისეთის დარბაისლურის, დინჯის, დაკვირვებულის ენით წერდა, რომ ერთბაშად დააინტერესა მკითხველი საზოგადოება. ყველა დიდი ხალისით კითხულობდა მის წერილებს, რომლებიც აუცილებლად იწვევდნენ, აზრთა გამოცვლაგაცვლას და კამათს. წერდა, რაც ყველას აწუხებდა, რის გარშემო ტრიალებდა ყველას ფიქრი და გონება.

პირველად რომ წავიკითხე არჩილის წერილები, გამიკვირდა, არ მოველოდი ასეთ შეთვისებას სამშობლო ქვეყნის ინტერესებისას, ასეთ ძლიერ სიყვარულს ერისა. სულ სხვანაირი ზნეობრივრელიგიური საკითხებით გატაცებული არჩილი დღეს თავისი ერის თავისუფლების მებაირაღედ გამოდიოდა.

1901 წ. შემოდგომაზე ტფილისში გადმოვსახლდი. გაზ. «ივერიის» კორექტორი ვიყავი და დროგამოშვებით წერილებსაც ვათავსებდი ამ გაზეთში. არჩილს და მის თანამოკალმეებს იშვიათად ვხვდებოდი, რადგან «ივერიასა» და «ცნობის ფურცელს» შორის პოლემიკა იყო, თუმცა პირადად ჩემი წერილები «ცნობის ფურცლისას» უფრო ენათესავებოდა. რამდენიმე თვის შემდეგ მე «ცნობის ფურცლის» რედაქციაში გადავედი და შევიქენი მისი ახლობელი, მუდმივი თანამშრომელი. იქ მაშინ მუშაობდნენ გ. ლასხიშვილი, ა. ჯორჯაძე, ვლ. ლორთქიფანიძე. ამ დღიდან იწყება ჩემი დაახლოება არჩილთან და სხვა ამხანაგებთან. გარდა საგაზეთო მუშაობისა, ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო გეგმის შემუშავება პრაქტიკულ მოღვაწეობისათვის და მოწყობა არალეგალური გაზეთის გამოცემისა უცხოეთში. ვიკრიბებოდით თხუთმეტიოდე კაცი, ვკამათობდით, ვარკვევდით დედა მუხლებს ახალი პარტიის პროგრამისთვის, ვაგროვებდით ფულს. ჩვენთან მაშინ იყვნენ ისეთი პირები, რომელთაც ჩვენი მუშაობის მხოლოდ ერთი მხარე აინტერესებდათ, სახელდობრ, ეროვნული, და მერე ჩამოგვშორდნენ, როცა საბოლოოდ ჩამოყალიბდა ჩვენი მიმართულება _ ეროვნული, მაგრამ იმავე დროს წმინდა სოციალისტური. რამდენიმე კრებაზე ცხარე კამათი გვქონდა უკანასკნელი საკითხის შესახებ. ზოგიერთები მოითხოვდნენ, რომ ახალი პარტიის გეგმაში არ ყოფილიყო სოციალიზმის ხსენება, მაგრამ ამას წინ აღუდგა დიდი უმეტესობა და მათ შორის არჩილიც. იგი მედგრად იცავდა იმ დებულებას, რომელიც ასე ახასიათებს მთელს მის მოძღვრებას: მისთვის განუყოფელი იყო ქართველი ერის და მშრომელი ხალხის ინტერესები. რამდენსამე თვეში საკმაო ფული შევაგროვეთ, მასალებიც დავამზადეთ და არჩილი და მასთან გიორგი დეკანოზიშვილი, რომელმაც დაუფასებელი ამაგი დასდო ჩვენს მიმართულებას თავის საორგანიზაციო ნიჭითა და პრაქტიკულის მუშაობით,

გავამგზავრეთ პარიზში, სადაც მალე გამოვიდა პირველი ნომრები ჩვენი არალეგალური გაზეთის «საქართველოსი». გაზეთის გარდა გამოდიოდა ცალკე წიგნაკები და ფურცლები.

რამდენს სიხარულს იწვევდა იქიდან მიღებული გაზეთი და ფურცლები! როგორ ვტაცებდით ერთმანეთს ხელში! რა აღფრთოვანებით შევყურებდით მომავალს!

არჩილი ფიზიკურად სუსტი იყო. ბევრი უსიამოვნება და მწუხარება ჰქონდა გამოვლილი ოჯახში თუ პირად ცხოვრებაში. ყოველი აზრი და შეხედულება დიდის განცდით და ღრმა სულიერი პროცესით ჰქონდა მოპოვებული. მისთვის არ კმაროდა გაგონება და წაკითხვა _ ყველაფერი უნდა შეესისხლხორცებინა, განეცადა მთელის არსებით, ყველაფერს უნდა ჩასწვდომოდა სიღრმემდის. ასეთი ადამიანი ყოველთვის სანთელივით იწვის, მეტად ნერვიულმა და ცხოველმა მუშაობამ დააუძლურა არჩილი და ამხანაგები იძულებულნი იყვნენ სამშობლოში გამოეგზავნათ იგი 1905 წელს. უკურნებელის სენით დაავადმყოფებულს შევხვდი ბათომში. მისმა ძალზე გამხდარმა, ჩალურჯებულმა სახემ საშინელი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. შევშინდი და არ მეგონა, თუ რამდენიმე დღეს მაინც გაძლებდა.

მაგრამ სულ სხვა იყო მისი ძლიერი სული, რომელიც დაავადებულს სხეულს ულმობლად, გულგაუტეხელად ებრძოდა, არ ემორჩილებოდა, თითქოს უარყოფდა მის არსებობასაც და თუმცა მეტ წილად ლოგინზე იყო მიჯაჭვული, თუმცა ექიმები დღედღეზე მოელოდნენ მის გარდაცვალებას და გაოცებულნიც იყვნენ, რომ ის ცოცხალი იყო, მაგრამ მაღალის, აღფრთოვანებულის სულისა და რწმენის მეოხებით შვიდი წელიწადი იცოცხლა კიდევ და ეს დრო იყო საუკეთესო და უნაყოფიერესთაგანი მთელს მის ცხოვრებაში. მისმა მომწიფებულმა ნიჭმა გამოიჩინა დიდი ანალიტიური და სინთეტიური ძალა ჩვენი საზოგადოების შესწავლაში და ღრმა რწმენა იმ სოციალურპოლიტიკური იდეალისა, რომელსაც თავიდან ემსახურებოდა. მისი გული იმედისა და სიმხნის კალო იყო და ყოველი განსაცდელის, ყოველი სერიოზული მოვლენის დროს მისკენ იყო მიქცეული ამხანაგების თვალები. თუ რომელიმე ჩვენთაგანი ჩამორჩებოდა მუშაობაში, არ იჩენდა საკმაო ენერგიას და მუყაითობას, არჩილი მაშინვე მოაგონებდა მოვალეობას და წაახალისებდა სამუშაოდ. მისი სიტყვა ყველასათვის კანონი იყო. ერთგული ამხანაგიც იყო, მასწავლებელი, მოსამართლე, მსაჯულიც, თუ ტფილისში არ იმყოფებოდა, საგანგებოდ მივდიოდით რომელიმე, სადაც იყო, და იქ ვეკითხებოდით რჩევა და დარიგებას.

1910 წელს რომ დაგვატუსაღეს ამხანაგები, ყველას მეტად გვაწუხებდა, ვაითუ არჩილიც დაატუსაღონ და მოუსწრაფონ სიკვდილითქო, მაგრამ რაღაც სასწაულით ხელი არ ახლეს სამარის კარზე მდგომს და თავისუფლად დასტოვეს.

ციხიდან რომ გამოგვიშვეს, მეორე დღესვე ვნახეთ არჩილი. გადაგვკოცნა, გაგვამხნევა, ჩვენზე უფრო ახარებდა ჩვენი განთავისუფლება. გულს გვიკეთებდა _ მართალია, გადაგასახლეს, მაგრამ აქ დარჩენილები გავაათკეცებთ მუშაობას და საქმეს ერთს წუთსაც არ შევაფერხებთო. იმ დროს სამშობლოსათვის მსხვერპლად შეწირულის, უდროოდ დაკარგულის გიორგი დეკანოზიშვილის გვამი ახლად ჩამოსვენებული იყო თბილისში. არჩილი და რამდენიმე ამხანაგი ერთად წავედით მისი საფლავის სანახავად. ვინახულეთ ერთგული მეგობრების შ. ჩიტაძისა და ვლ. ლორთქიფანიძის საფლავები. თაყვანი ვეცით, მოვიგონეთ გარდასული დღენი და იმედით შევხედეთ მომავალს. ციხეში ყოფნის შემდეგ მეტის სიცხოვლით ვგრძნობდით თავისუფლების სიმშვენიერეს, ადამიანის უფლების აღდგენის ღირსებას.

ვიდრე სამშობლოდან გაძევებული გავემგზავრებოდი რუსეთისაკენ, ხშირად შევდიოდი არჩილთან სასაუბროდ. უკანასკნელად რომ ვნახე და მეგობრული საუბრის შემდეგ რომ გამოვეთხოვე, არჩილმა მითხრა: განა ვნახავთ კიდევ ერთმანეთსო? მე მაშინვე გულწრფელად ღიმილით მოვუჭერი სიტყვა: აბა რას ამბობ? არათუ ვნახავთ, ვნახავთ გაცილებით უკეთეს პირობებშიმეთქი.

აღარ გამართლდა ჩემი იმედი, სამწუხაროდ. მე იგი ვეღარ ვნახე ცოცხალი, მაშინდელი ამბორი იყო უკანასკნელი და სამშობლოში დაბრუნებულმა მის ახლად დასაფლავებულს გვამსღა მოვუსწარი.

მაგრამ არა! ჩემი იმედი არ გაცრუებულა. არჩილი მხოლოდ გარდაიცვალა, იცვალა სახე, რომელიც მარადია, უკვდავია, რომელიც ეხლა უფრო ბრწყინვალეა. ამ სახეს უნაზესი სიყვარულით შესცქერის ერის მოწინავე ნაწილი.

ეს სახე სიმბოლოა ჩვენის აღდგენისა და განახლების.

ბოლოსიტყვა

«გამოჩენილ ადამიანთა გახსენება დროდადრო ფიქრებს აგვიშლის ხოლმე. ისინი წამოიმართებიან ჩვენ თვალწინ, როგორც ანდერძი თაობებისა».

გოეთე

http://ai-ia.info/aqtualuri.htm

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s