Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•დამოუკიდებლობის აღდგენა

 

 მაკა ქირიკაშვილი

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა და

ეროვნული ძალების მოსვლა ქვეყნის სათავეში

(1990 – 1991 წწ.)

 

ქართველ ერს მრავალათასწლოვან ისტორიის მანძილზე უხდებოდა ბრძოლა ურიცხვ დამპყრობელთა წინააღმდეგ და არაერთხელ დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ მისი, როგორც ერის არსებობის ყოფნა-არყოფნის საკითხი, მაგრამ უმძიმესი გაჭირვების ჟამიდან ხსნას ყოველთვის ახერხებდა.

XX -ის 80-იანი წლებიდან დაიწყო გამოსვლები საბჭოური ხელისუფლების წინააღმდეგ, რასაც მოჰყვა 1989 წლის სისხლიანი 9 აპრილი. ეს იყო საბჭოთა იმპერიის დასასრულის დასაწყისი. 9 აპრილის ამბები არ ყოფილა ლოკალური მნიშვნელობის მოვლენა. ეროვნულ-განმანთავისუფლებელმა მოძრაობამ საქართველოში საყოველთაო ხასიათი მიიღო, სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისაკენ საზოგადოების ერთსულოვან მისწრაფებას ბიძგი მისცეს საბჭოთა კავშირის საშინაო და საგარეო მოვლენებმა. მძაფრ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს მთელ საბჭოთა კავშირში შედეგად მოჰყვა იმპერიული სისტემის თანდათანობითი რღვევა. ეროვნული დამოუკიდებლობის აღდგენა განახორციელეს აგრეთვე ლიტვის, ლატვიის, ესტონეთის რესპუბლიკებმა.

ყოველივე ამან მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია საბჭოთა კავშირის კონსტიტუციაში, რაც კერძოდ გამოისახა პრეზიდენტის თანამდებობის დაწესებაში.

ეს იყო ქართველი ერის სამოცდაათწლიანი ოცნების ასრულების დასაწყისი, რაც დღემდე გრძელდება.

 

1990 წლის მარტის დადგენილება

სსრ კავშირის პრეზიდენტის პოსტის დაწესებისა და სსრ კავშირის კონსტიტუციაში (ძირითად კანონში) შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ სსრ კავშირის კანონის პროექტმა დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენს რესპუბლიკაში. ნათელი იყო, რომ ახლანდელ პირობებში საპრეზიდენტო ხელისუფლების ინსტიტუტის დაწესება ხელს არ შეუწყობს დემოკრატიის განვითარებას, რადგან იგი მხოლოდ განამტკიცებს ცენტრის პოზიციებს, ამასთან ასუსტებს მოკავშირე რესპუბლიკების უფლება მოსილებებს, ზღუდავს მათ სუვერენიტეტს. ერთმნიშვნელოვნად ჩამოყალიბდა ფართო საზოგადოებრივი აზრი, რომ სსრ კავშირის სახალხო დეპუტატთა რიგგარეშე, მესამე ყრილობის წინ, რომელზეც უნდა განეხილათ ახალი კანონპროექტი, მოეწვიათ საქართველოს უზენაესი საბჭოს რიგგარეშე სესია, რათა შეემუშავებინათ ამ საკითხში რესპუბლიკის პარლამენტის პრინციპული პოზიცია.

9 მარტს გაიმართა სსრ უზენაესი საბჭოს რიგგარეშე სესია, რომლის განსახილველად გამოტანილი იყო ზემოთ აღნიშნული საკითხი.

სესია გახსნა საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, დეპუტატმა გ. გუმბარიძემ. მან თქვა: ,,დღეს ჩვენ საგანგებო რიგგარეშე სესიაზე შევიკრიბეთ უაღრესად მნიშვნელოვანი და პრინციპული საკითხის განსახილველად. როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის შემდეგ მუშაობას შეუდგება საბჭოთა კავშირის სახალხო დეპუტატთა რიგგარეშე, მესამე ყრილობა, რომელიც სხვა საკითხებთან ერთად საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის პოსტის დაწესებისა და დამატებების შეახებ კანონპროექტის განხილვას”1.

საქართველოს უზენაეს საბჭოს უნდა ჩამოეყალიბებინა თავისი შეხედულება, პოზიცია საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის პოსტის დაწესების კანონპროექტის მიმართ, რათა ყრილობაზე წარგზავნილება დაიცვან იგი.

დიდი მსჯელობის შემდეგ დეპუტატთა უმრავლესობის აზრით კანონპროექტის მიღება მოცემული სახით არ შეიძლება.

კერძოდ იგი – არ ითვალისწინებს საბჭოთა კავშირის სახელმწიფოებრივ წყობას, რომლის არსიც სუვერენულ სახელმწიფოთა კავშირია;

_ არ ითვალისწინებს, რომ პრეზიდენტი უნდა გახდეს რესპუბლიკების თვითგამორკვევის, ტერიტორიული მთლიანობისა და ხელშეკრულობის, მათი დამოუკიდებელი, თავისუფალი განვითარების გარანტი;

_ არ ითვალისწინებს, პრეზიდენტის ხელისუფლებისა და უფლებამოსილებისკონტროლის ქმედით მექანიზმს, რასაც მთელ რიგ შემთხვევაში გაუთვალისწინებელი შედეგები შეიძლება მოჰყვეს;

_არ ითვალისწინებს, მოკავშირე რესპუბლიკაში შესაბამისი საპრეზიდენტო ხელისუფლების დაწესებას, სუვერენიტეტს აკნინებს. ეს არის ის შენიშვნები, რომელიც ყველაზე არსებითია.

 ყოველივე ამის შემდეგ ჩამოყალიბებული იქნა საქართველოს სსრ უზენაესი საბჭოს დადგენილება, რომელიც მდგომარეობს შემდეგში:

,,მხარს უჭერს რა სსრ კავშირში მიმდინარე გარდაქმნებს, დემოკრატიის კურსის შემდგომ გაღრმავებას, რესპუბლიკური, პოლიტიკური და ეკონომიკური სუვერენიტეტის გაფართოვებისაკენ გადადგმულ კონკრეტულ ნაბიჯებს, ზოგადსაკაცობრიო, ჰუმანურ იდეალებზე დამყარებული საზოგადოების შექმნას, ამავე დროს განიხილავს რა სსრ კავშირის კონსტიტუციაში (ძირითად კანონში) შესაბამისი ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ სსრ კავშირის კანონის პროექტი, საქართველოს სსრ უზენაეს საბჭოს მიაჩნია, რომ:

 _ სსრ კავშორის კონსტიტუციის (ძირითადი კანონის) 70-ე მუხლისა და მოკავშირე რესპუბლიკების კონსტიტუცითა (ძირითადი კანონების) შესაბამისი მუხლების თანახმად მოკავშირე რესპუბლიკები სუვერენული სახელმწიფოები არიან. მაშასადამე, პრეზიდენტის მმართველობის პირობებში საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, თავისი პრეზიდენტი უნდა ჰყავდეს. სსრ კავშირის პრეზიდენტის პოსტი, საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს, არსებობის უარყოფაა.

_ კანონპროექტის 127-ე მუხლით დაშავებულია სსრ კავშირის პრეზიდენტის არჩევა იმ შემთხვევაშიც, თუ მისი კანდიდატურა უარყოფილია ხმათა უმრავლესობით მოკავშირე რესპუბლიკების უმცირესობის მიერ. ეს იმას ნიშნავს, რომ სსრ კავშირის პრეზიდენტი და მაშასადამე საქართველოს, როგორც სსრ კავშირის შემადგენლობაში შემავალი სახელმწიფოს, პრეზიდენტიც, შეიძლება გახდეს საქართველოსათვის მიუღებელი პირი.

სსრ კავშირის პრეზიდენტი არ უნდა იყოს საბჭოთა მოქალაქეების უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის გარანტი, რადგან ამ მოვალეობას უნდა ასრულებდეს შესაბამისი სუვერენული სახელმწიფოს _ მოკავშირე რესპუბლიკის მეთაური.

_ ის ღონისძიებები, რომლებსაც ახორციელებს პრეზიდენტი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, არ უნდა ზღუდავდეს სსრ კავშირის შემადგენლობიდან მიკავშირე რესპუბლიკის თავისუფალი გასვლის უფლებას, რაც ერთნიშნად უნდა ჩამოყალიბდეს კანონის ტექსტში. მოკავშირე რესპუბლიკის სუვერენიტეტის დაცვის გარანტი შეიძლება იყოს, მხოლოდ თვით რესპუბლიკა. სსრ კავშირის ეროვნულ სახელმწიფოებრივი წყობილების პრინციპების რეალიზაცია მოკავშირე რესპუბლიკის – სუვერენული სახელმწიფოს ფარგლებში მხოლოდ ამ მოკავშირე 320 მაკა ქირიკაშვილი რესპუბლიკის ურთიერთობის უფლებაა. რაც შეეხება მოკავშირე რესპუბლიკის ურთიერთობას კავშირთან, სსრ კავშირის პრეიზდენტი უნდა იყოს გარანტი მხოლოდ იმისა, რომ მოკავშირე რესპუბლიკის უფლებები არ იქნება ხელყოფილი კავშირის მხრიდან.

_ ვინაიდან მოკავშირე რესპუბლიკები სუვერენული სახელმწიფოები არიან, მათი ურთიერთობის რეგულირების კონტროლი შეიძლება დაეკისროს ისეთ ორგანოს, რომელიც შეიძლება ამ რესპუბლიკების, როგორც სახელმწიფოების წარმომადგენლობისაგან. რეპუბლიკის ეს უფლება არ შეიცვალოს კონსტიტუციამ, რომელსაც იღებენ სახალხო დეპუტატები _ პრეზიდენტის მიერ მიღებულ ნორმატიულ აქტებს არ შეიძლება ჰქონდეთ იურიდიული ძალა საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე შესაბამისი მოკავშირე რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თანხმობის გარეშე.

_ მიღებული კანონპროექტის 127-ე მუხლის მე-16 პუნქტი, რომელიც ანიჭებს სსრ კავშირის პრეზიდენტს არა მარტო სამხედრო და საგანგებო წესების გამოცხადების, არამედ ერთპიროვნული _ საპრეზიდენტო მმართველობის შემოღების უფლებასაც, რაც შესაძლებელია განიმარტოს, როგორც პრეზიდენტის უფლება _ დაითხოვოს მოკავშირე რესპუბლიკის ხელისუფლების ორგანოები და მოახდინოს რესპუბლიკის სუვერენიტეტის სრული ლიკვიდაცია. არ ეხება რა პრეზიდენტობის შესაძლო კანდიდატურა პოლიტიკურ პოზიციას და პიროვნულ თვისებებს, საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო წარმოდგენილ კანონპროექტს სსრ კავშირის პრეზიდენტის პოსტის დაწესების შესახებ მიიჩნევს მიუღებლად, რომ საქართველოს დეპუტატთა მონაწილეობა ამ კანონპროექტის მიღებაში – დაუშვებლად.

_ საქართველოს სსრ უზენაესი საბჭო ადასტურებს საქართველოსა და საბჭოთა რუსეთს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დარღვევის პოლიტიკური და სამართლებრივი შეფასების საკითხთა საქართველოს სსრ საბჭოს კომისიის დასკვნას და აღიარებს, რომ 1921 წლის თებერვალში საქართველოს საბჭოთა რუსეთის ჯარების შეყვანა და მთელი ტერიტორიის დაკავება სამართლებრივი თვალსაზრისით წარმოადგენდა სამხედრო ჩარევას (ინტერვანციას) და ოკუპაციას არსებული პოლიტიკური წყობის დამხობის მიზნით, ხოლო პოლიტიკური თვალსაზრისით _ ფაქტობრივად ანექსიას, გმობს საქართველოს ოკუპაციას საბჭოთა რუსეთის მიერ, როგორც საერთაშორისო დანაშაულს და ისწრაფვის საქართველოსათვის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევის შედეგების გაუქმებას და საბჭოთა რუსეთის მიერ ამ ხელშეკრულებით აღიარებული საქართველოს უფლებების აღდგენას. 

 _ საქართველოს უზენაესი საბჭო აცხადებს უკანონოდ და ბათილად 1921 წლის 21 მაისის მუშურ-გლეხურ სამოკავშირეო ხელშეკრულებას საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკასა და რუსეთის საბჭოთა ფედერაციულ სოციალისტურ რესპუბლიკას შორის 1922 წლის 12 მარტის სამოკავშირეო ხელშეკრულების ამიერ კავკასიის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკათა ფედერალური კავშირის შექმნის შესახებ.

_ დაიწყოს მოლაპარაკება საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს აღდგენის შესახებ, ვინაიდან 1922 წლის 30 დეკემბრის ხელშეკრულება საბჭოთა სოციალისტური რსპუბლიკების კავშირის შექმნის შესახებ საქართველოს მიმერთ არაკანონიერია.”2 უზენაესმა საბჭომ ერთხმად მიიღო 9 აპრილის დადგენილება, რომლის ძალითაც საბჭოთა ხელისუფლებამ თავი უკანონოდ სცნო.

 

1990 წლის 28 ოქტომბრის არჩევნები

 

1990 წლის 28 ოქტომბერს პირველად ჩატარდა უზენაესი საბჭოს დეპუტატების არჩევნები, რომელიც 1919 წლის შემდეგ პირველად განხორციელდა მრავალპარტიული სისტემის პირობებში. “ისახება რეალური შესაძლებლობა, რომ შეიქმნას ჭეშმარიტად ეროვნული პარლამენტი, რომელიც მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ჩვენი რესპუბლიკის ნაბიჯებს დამოუკიდებლობისა და თავისუფლების გზისაკენ”2.

2 ნოემბერს თბილისში საქართველოს უზენაესი საბჭოს დეპუტატთა არჩევნებთან დაკავშირებით გაიმართა დასკვნითი პრესკონფერენცია. პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ი. ჟორდანია, რომელმაც ილაპარაკა გამართული არჩევნების შესახებ: “ექსცესების გარეშე ჩაიარა 28 ოქტომბრის არჩევნებმა. ამ არჩევნებში პროპორციული სისტემის მიხედვით მონაწილეობა მიიღო თერთმეტმა პოლიტიკურმა პარტიამ და ბლოკმა, აქედან ხუთი საარჩევნო ბლოკი იყო, ხოლო ექვსი პოლიტიკური პარტია, ესენია: საარჩევნო ბლოკი “თავისუფლება”, საქართველოს სოციალურდემოკრატიული პარტია, საქართველოს კომუნისტური პარტია, საარჩევნო ბლოკი “თანხმობა, მშვიდობა, აღორძინება”, საქარ- თველოს სახალხო პარტია, სრულიად საქართველოს რუსთაველის საზოგადოება, სრულიად საქართველოს მიწათმოქმედთა კავშირი, საარჩევნო ბლოკი “განთავისუფლება და ეკონომიკური აღორძინება”, საარჩევნო ბლოკი “მრგვალი მაგიდა _ თავისუფალი საქარ- თველო” რომელშიც შვიდი ორგანიზაცია გაერთიანდა, საქართველოს სახალხო ფრონტი და საარჩევნო ბლოკი დემოკრატიული საქართველო. არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა ეროვნული მოძრაობის ყველაზე ძლიერმა ფრთამ, საარჩევნო ბლოკმა: ,,მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო”. ამ ბლოკში შემავალ პარტიების და ორგანიზაციებს ხმა მისცა ამომრჩეველთა 62%-მა, რამაც მათ მოუპოვა 114 ადგილი პარლამენტში, ხოლო საქართველოს კომპარტიას ხმა მისცა 29%-მა, ეს კი 61 დეპუტატის მანდატია”4.

ამით საქართველოში ფაქტობრივად ,,ხავერდოვანი რევოლუცია” მოხდა. კომუნისტურმა ერთპარტიულმა დიქტატურამ საქართველოში სამოცდაათწლიანი არსებობა დაასრულა და ქვეყნის სათავეში ეროვნული ხელისუფლება აღმოჩნდა . ეს კი საწინდარი იყო ერთიანი ძლიერი ეროვნული საქართველოს აღმშენებლობისა.

 

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი საქართველოს დამოუკიდებლობის შესახებ.

 

XX საუკუნე ქართველი ერისათვის უძნელესი პერიოდია მისი ჟამთაღრიცხვისა, რამეთუ სწორედ ამ საუკუნეში დაატყდა თავს კომუნისტური წყობილების რეჟიმი. მთელი ამ ხნის განმავლობაში ვიდრე დღემდე, ერთეული ნათელი თუ აბრწყინდებოდა ბნელით მოსილი საქარველოს ცაზე, სწორედ ერთ-ერთი იყო 1990 წლის შემოდგომაზე. ეროვნული მოძრაობის რადიკალური ფრთის თავდაუზოგავი ბრძოლის მეშვეობით საქართველოში ჩატარდა საბჭოთა კავშირის ისტორიისათვის უპრეცენდენტო მრავალპარტიული არჩევნები, რის შედეგადაც ხელისუფლებაში ზ.გამსახურდის თაოსნობით მოვიდა ჭეშმარიტად ჭეშმარიტად ეროვნული მთავრობა.

1991 წლის 29 იანვარს საქ-ოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს პირველ სესიაზე განიხილა რეფერენდუმის შესახებ საქ-ოს რესპუბლიკის კანონის პროექტი. განხილვის შემდეგ დეპუტატებმა მიიღეს გადაწყვეტილება არჩევნების დანიშვნის თაობაზე, არჩევნები დაინიშნა 1991 წლის 31 მარტისათვის. ახლაც 1991 წლის 31 მარტს დანიშნულ რეფერენდუმში, ქართველ ერს ეძლეოდა შესაძლებლობა, კიდევ ერთი ნათელი ფურცელი შეეტანა საქართველოს ისტორიაში. 31 მარტს საქართველოში რეფერენდუმი ჩატარდა ერთადერთი კითხვით: ,,თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფობრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე” ქართველმა ხალხმა დიდი ყურადღება გამოიჩინა ამ რეფერენდუმის შესახებ. მასში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს მოსკოვში, ლენინგრადში, ბაქოში მცხოვრებმა ქართველმა მოსახლეობამ.

,,საერთოდ დაბეჯითებით შეიძლება ავღნიშნოთ საქართველოს მოსახლეობის უაღრესად აქტიური მონაწილეობა რეფერენდუმში” – თქვა ცენტრალური კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ ხმალაძემ. რეფერენდუმის კენჭისყრა ყველა მოთხოვნის დაცვით ჩატარდა. რეფერენდუმმა საქართველოს მასშტაბით დაადასტურა საქართველოს მოსახლეობის სურვილი. ,,1991 წლის 4 აპრილს გაიმართა კომისიის სხდომა, რომელზეც შეჯამდა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმის შედეგები. ცენტრალურმა სარეფერენდუმო კომისიამ დაადგინა: ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის საქართველოს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე მხარი დაუჭირა რეფერენდუმში მონაწილეთა 97%- მა, ხოლო საკითხი უარყოფითად გადაწყვიტა 0,51%-მა. რაც მთავარია საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას მხარი დაუჭირა ქვეყნისს არაქართველმა მოსახლეობამაც”5

რეფერენდუმმა 1991 წლის 31 მარტს აჩვენა საქართველოს მოსახლეობის, ქართველისა და არაქართველის ურყევი ნება – აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

,,რეფერენდუმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად, სარეფერენდუმოდ გამოტანილი საკითხი მიღებულად ჩაითვალა.

 

1991 წლის 9 აპრილის უზენაესი საბჭოს სხდომა და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის მიღება

 

რეფერენდუმის საფუძველზე 1991 წლის აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.

9 აპრილს გაიმართა საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს პირველი სესიის საგანგებო სხდომა. დღის წესრიგის მთავარი საკითხი იყო საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენა მისი დამოუკიდებლობის შესახებ 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე. ამ საკითხთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ ზ. გამსახურდიამ. ,,მან წაიკითხა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აქტი, რომლითაც საქართველოს რესპუბლიკის საბჭომ დაადგინა: საქართველოს სახელმწიფოებრიობა, რომელიც საუკუნეთა სიღრმეში იღებს სათავეს, ქართველმა ერმა XIX ს-ში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად. ქართველი ხალხი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. 1918 წლის 26 მაისის აქტის გამოცხადებით აღდგა საქართველოს გაუქმებული სახელმწიფოებრიობა. შეიქმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა მრავალპარტიულობის საფუძველზე არჩეული ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოებითა და კონსტიტუციით.

1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა უხეშად დაარღვია საქართველო-რუსეთის 1920 წლის 7 მაისის სამშვიდობო ხელშეკრულება და შეიარაღებული აგრესიის გზით მოახდინა თავის მიერვე ცნობილი საქართველოს სახელმწიფოს ოკუპაცია, რასაც შემდგომში მოჰყვა მისი ფაქტობრივი ანექსია.

საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობის აქტი და კონსტიტუცია დღესაც იურიდიული ძალის მქონეა, ვინაიდან დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია და განაგრძობდა მოღვაწეობას ემიგრაციაში.

საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნა მთელი პერიოდის მანძილზე აღინიშნა სისხლიანი ტერორითა და რეპრესიებით, რისი უკანასკნელი გამოვლინებაც იყო 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია. ფარული ომი საქართველოს წინააღმდეგ დღესაც გრძელდება. მისი მიზანია დააბრკოლოს საქართველოს სწრაფვა თავისუფლებისა და დემოკრატიისაკენ.

1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული გზით არჩეული საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო, ეყრდნობა რა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, ადგენს და საქვეყნოდ აცხადებს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას საქართველოს დამოუკიდებლობის 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე:

საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის ტერიტორია ერთიანი და განუყოფელია. მის ტერიტორიაზე უზენაესი მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია და ხელისუფლებაა. ყოველი მოქმედება, მიმართული საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაესობის შეზღუდვის ან ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად და აგრესიად, საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად.

– საერთაშორისო სამართლის პრიმატი საქართველოს რესპუბლიკის ცნობების მიმართ და მისი ნორმების პირდაპირი მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე ცხადდება საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთ ძირითად კონსტიტუციურ პრინციპად.

 – საქართველოს რესპუბლიკა, ისწრაფვის რა დაიკავოს ღირსეული ადგილი მსოფლიოს სახელმწიფოთა თანამეგობრობაში, აღიარებს და თანაბრად უზრუნველყოფს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ადამიანის, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი ჯგუფების ყველა ძირითად უფლებასა და თავისუფლებას, როგორც ამას საყოველთაო დეკლარაცია, საერთაშორისო აქტები და კონვენციები.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო აცხადებს, რომ მტკიცედ დაიცავს სხვა სახელმწიფოებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს.

საქართველოს რესპუბლიკის სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულიად შეესაბამება გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას, ჰელსინკისა და ვენის აქტებს, რომლების აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის პოლოტიკური ბედი.

– საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭო იმედოვნებს, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა არ დარჩება გულგრილი ქართველი ხალხის კანონიერი და სამართლიანი ნაბიჯებისადმი და აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოკიდებულებას, რაც საქართველოს უშიშროებისათვის ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე იქნება.”

 უზენაესმა საბჭომ ერთხმად მიიღო ეს ჭეშმარიტად ნანატრი ისტორიული დოკუმენტი და თავისი ნება დაადასტურა ხანგრძლივი ტაშითა და ოვაციებით. დარბაზში საზეიმოდ აგუგუნდა საქართველოს რესპუბლიკის ჰიმნი “დიდება”.

საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს და მთავრობის წევრებმა ხელი მოაწერეს საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს.

 

 

1991 წლის 26 მაისის პრეზიდენტის არჩევა

 

1991 წლის 26 მაისს პირველად საქართველოს ისტორიაში გაიმართა საპრეზიდენტო არჩევნები. ამ დღეს აქტიურობა იგრძნობოდა საქართველოს ყველა უბანში. საქართველოს რესპუბლიკის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა 83%-მა სახალხო და პირდაპირი კენჭისყრის საფუძველზე ქართველმა ხალხმა, საქართველოს მთელმა მოსახლეობამ ხმების დიდი უმრავლესობით ბ-ნი ზვიად კონსტანტინეს ძე გამსახურდია აირჩია საქართველოს პრეზიდენტად.

ქართველი მეცნიერები და არა მარტო მეცნიერები ამ ფაქტს აღიქვამენ, როგორც უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ფაქტს – გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგმულს დამოუკიდებელი და დემოკრატიული საქართველოს შენების გზაზე.

საპრეზიდენტო არჩევნებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი ზვიად გამსახურდიას სახელთან აკავშირებდა ეროვნული თავისუფლებისა და სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტის განმტკიცების საუკუნოვან იდეას.

 

დასკვნა

 კრიზისი სოციალისტური ბანაკის ქვეყნები XX საუკუნის 80-იანი წლების დამდეგიდან სულ უფრო აშკარა ხდებოდა XX საუკუნის 80-იანი წლების შუა ხანებიდან საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობა გადაუჭრელი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. Gჩატარებული რეფორმები შედეგს ვერ იძლეოდა. საბჭოთა კავშირის ცალკეული რესპუბლიკაში დაწყებული ეროვნული მოძრაობა სულ უფრო რადიკალური ხდებოდა კომუნისტური რეჟიმის კრიზისი უკანასკნელ სტადიაში შევიდა. აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებში კომუნისტური რეჟიმების დაცემამ ხელი შეუწყო საბჭოთა კავშირში კომუნისტური რეჟიმის ლიკვიდაციას და თვით საბჭოთა კავშირის დაშლას. სულ უფრო რადიკალური გახდა ცალკეულ მოკავშირე რესპუბლიკაში დაწყებული ეროვნული მოძრაობა.

1990წ. 25 მარტის არჩევნების ჩაშლის შემდეგ საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უზენაისი საბჭოს სესიის დადგენილებით გადაწყდა უზენაესი საბჭოს და ადგილობრივი საბჭოების დეპუტატების არჩევნების ჩატარება 1990 წლის ოქტომბერში. საქართველის მოქმედ კონსტიტუციასი შეტანილი შესწორებების თანახმად ახალი არჩევნები მრავალპარტიული სისტემის საფუძველზე უნდა ჩატარებულიყო. ეს იყო ეროვნული მოძრაობის დიდი გამარჯვება.

1990წ. 28 ოქტომბერს საქართველოში უზანაესი საბჭოს დეპუტატების არჩევნები ჩატარდა, სადაც დამაჯერებული გამარჯვება მოი პოვა ეროვნული მოძრაობის ყველაზე ძლიერმა ფრთამ, საარჩევნო ბლოკმა: ,,მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო”. საქართველოში ფაქტობრივად ხავერდოვანი ,,რევოლუცია” მოხდა. კომუნისტურმა ერთპარტიულმა დიქტატურამ საქართველოში 70 წლიანი არსებობა დაასრულა და ქვეყნის სათავეში ეროვნული ხელისუფლება აღმოჩნდა.

ეროვნული ძალების ხელისუფლებაში მოსვლით იწყება იმ ღონისძიებების და მოვლენების სერია, რომელთა გარეშეც შეუძლებელია სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვება. 1990წ. 14 ნოემბერს საქართველო ოფიციალურად გამოცხადდა რესპუბლიკად. საქართველის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ მის პირველ სესიაზე არჩეული იქნა ზვიად გამსახურდია.

საბჭოთა სისტემის შეცვლის ერთ-ერთი პირველი ღონისძიება იყო 1990წ. ნოემბერში მიღებული კანონი გარდამავალი პერიოდის შესახებ, რომლის ერთ-ერთი მიზანი იყო ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების, ახალი ინსტიტუტების შექმნა.Kკანონის თანახმად უნდა ჩამოყალიბებულიყო ადგილობრივი საკანონმდებლო დაღმასრულებელი ორგანოები-საკრებულოები და პრეფექტურები. საკრებულოს დეპუტატთა არჩევნები 1991წ. მარტში ჩატარდა.

1991წ. 31 მარტს ეროვნულმა ხელისუფლებამ რეფერენდუმი ჩაატარა. Mმოსახლეობას თავისი ნება უნდა გამოეხატა საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხზე და ამით დაედასტურებინა არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ მოსახლეობის საერთო ნებაც.

რეფერენდუმის საფუძველზე 1991 წ-ის 9 აპრილს უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღდგენილად გამოაცხადა.

 

გამოყენებული ლიტერატურა

1.გაზ. ,,კომუნისტი~ – 1990 წელი 10 მარტი # 57

2.გაზ. ,,კომუნისტი~ – 1990 წელი 3 ნოემბერი # 255

3.გაზ. ,,კომუნისტი~ – 1990 წელი 28 ოქტომბერი

4.გაზ. ,,ახალი საქართველო~ – 1990 წელი 10 ნოემბერი # 9

5.გაზ. ,,საქართველოს რესპუბლიკა~ – 1991 წელი 2 აპრილი # 64

6.გაზ. ,,საქართველოს რესპუბლიკა~ – 1991 წელი 5 აპრილი # 67

7.გაზ. ,,საქართველოს რესპუბლიკა~ – 1991 წელი 10 აპრილი # 70

8.გაზ. ,,ახალი ივერიელი~ – 1990 წელი 20 სექტემბერი

9.გაზ. ,,ახალი ივერიელი~ – 1991 წელი 5 მარტი

10.გაზ. ,,საქართველოს რესპუბლიკა~ – 1991 წელი 8 მაისი

11.ჟურ. ,,მნათობი~ – 1990 წელი # 3; 10; 11.

12.ჟურ. ,,მნათობი~ – 1991 წელი # 3; 4; 5. 13.ჟურ. ,,პოლიტიკა~ -1991 წელი # 2; 3; 4.

14.ჟურ. ,,ივერია~ – 1991 წელი # 36.

 

————————- 

1 გაზეთი “კომუნისტი”-1990 წ. 10 მარტი #57 გვ.1

2 გაზეთი “კომუნისტი”-1990 წ. 10 მარტი #57 გვ.1

3 “კომუნისტი” _ 1990 წ. 3 ნოემბერი #255

4 “კომუნისტი” _ 1990 წ. 28 ოქტომბერი

საქართველოს რესპუბლიკა- 1991წლის 5 აპრილი #67

5 საქართველოს რესპუბლიკა- 1991წლის 2 აპრილი #64

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s