Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• წმ. ანდრია

 

წმიდა მოციქული ანდრია პირველწოდებული (I)

29 (12.05) აპრილი, 30 (13.12) ნოემბერი

წმ. ანდრიას, პეტრე მოციქულის ძმას, უფალმა იესო ქრისტემ პირველს მოუწოდა, ამიტომ მას ეწოდა პირველწოდებული. წმიდა ანდრიამ სიყრმიდანვე შეიყვარა უფალი და როცა ისრაელში ქუხილივით გაისმა წმიდა იოანე ნათლისმცემლის ხმა, ნეტარი მოციქული მისი უახლოესი მოწაფე გახდა. მაცხოვრის გამოჩენისას, წმიდა იოანემ ანდრიას და იოანე ღვთისმეტყველს მიმართა: „აჰა, ტარიგი ღმრთისაჲ“. ამ სიტყვებზე ორივენი თან გაჰყვნენ იესოს. შემდეგ კი ანდრია ძმასთან, პეტრესთან მივიდა, მესიის პოვნა ახარა, ისიც იესოსთან მიიყვანა და მას დაუმოწაფა. ქრისტეს დამოწაფებული ძმები კვლავ ჩვეულ საქმიანობას განაგრძობდნენ და თევზაობით ირჩენდნენ თავს. ერთხელ გალილეის ზღვის ნაპირას მიმავალმა მაცხოვარმა მოუწოდა მას: „მოვედით და შემომიდეგით მე და გყვნე თქვენ მესათხევლე კაცთა“. რის შემდეგაც ისინი განუყრელად თან ახლდნენ ძე ღვთისას და მისი სასწაულების, სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის მოწმეებიც გახდნენ.

მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, „რაჟამს წილ იგდეს მოციქულთა“ საქადაგებლად, ღვთისმშობელს ივერიის მოქცევა ხვდა წილად, მაგრამ, რადგან მისი მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, ძე ღვთისამ უბრძანა, იერუსალიმში დარჩენილიყო, საქართველოში კი ანდრია პირველწოდებული გაეგზავნა თავისი ხელთუქმნელი ხატით. ყოვლადწმიდა ქალწულმა მოუწოდა წმიდანს და ღვთის ნება აუწყა, შემდეგ ფიცარი მოითხოვა, „დაიბანა პირი და დაიდვა პირსა ზედა თვისსა“. ფიცარზე ღვთისმშობელი გამოისახა ყრმა იესოთი. ეს სიწმიდე ზეციურმა დედოფალმა ანდრიას გადასცა და დიდ ღვაწლს შემდგარი, აკურთხა. წმიდა ანდრიამ გაიარა საბერძნეთი, მცირე აზია, შემდეგ კი შავიზღვისპირეთს მიაშურა, „შევიდა ქუეყანასა ქართლისასა, რომელსა დიდაჭარა ეწოდების“.

სოფელ დიდაჭარაში დღემდეა შემონახული ტაძრის ნანგრევები, რომელიც, გადმოცემით, თავად წმიდა ანდრია პირველწოდებულს აუშენებია.

ნეტარს მრავალი განსაცდელი დაატყდა თავს ურწმუნოთაგან, მაგრამ ღვთისა და პატიოსანი ხატის მეოხებით ყველაფერი მადლობით დაითმინა, „ვიდრემდის ყოველნივე მოაქცივნა და მოიყვანა სარწმუნოებად“. იმ ადგილას, სადაც მოციქულმა ღვთისმშობლის ხატი დაასვენა, „ფრიად შუენიერი და დიდი“ წყარო აღმოცენდა. ამ სასწაულმა მრავალ წარმართს გაუნათა გონება და შეუდგნენ ქრისტეს მაცხოვნებელ სწავლებას. მოციქულმა ახალმოქცეულთ დაუდგინა მღვდლები და დიაკვნები. „დაუდგინა წესი და საზღვარი სარწმუნოებისა“, აუგო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ტაძარი, სადაც ფიცარზე ზეციური დედოფლის ნაბოძები ხატიდან სასწაულებრივ გადასული ასლი დააბრძანა. ამის შემდეგ უფლის რჩეულმა გადაიარა ფერსათის მთა და აქ ჯვარი აღმართა (სწორედ ამის გამო ეწოდა ამ მთას „რკინის ჯვარი“). მოციქული შემდეგ სოფელ აწყურში მივიდა, რომელიც ადრე სოსანგეთად იწოდებოდა. ამ დროს ამ მხარის გამგებელი იყო ქვრივი სამძივარი, რომელსაც ერთადერთი ვაჟი ჰყავდა. სწორედ ამ დროს მას შვილი მოჰკვდომოდა. ქვრივს შეატყობინეს, რომ იქ იყო ერთი ადამიანი, რომელიც უცნობ ღმერთზე ლოცულობდა. ამ ცნობამ მას გულში იმედი ჩაუსახა და მოციქული თავისთან იხმო. წმიდა ანდრიამ ქვრივი დედაკაცის ერთადერთი ძე მკვდრეთით აღადგინა. გახარებულმა ქალმა მადლობით ირწმუნა უფალი იესო ქრისტე, თავის შვილთან ერთად მოინათლა და სამცხის მთავრებს წერილი მისწერა, ამ ამბავს ატყობინებდა და ყველას თავისთან იხმობდა. „ვითარცა ესმა მესხთა ამბავი ესე საკვირველი, მსწრაფლ შეკრბეს ყოვლით კერძო და იქმნა სიმრავლე ერისა ფრიადი“. მოვიდნენ საკერპოს მსახურნიც. ხალხი ორად გაიყო; ნაწილი იძახდა, „ჯერ არს თაყუანის-ცემად, რომელმა ესე ვითარი სასწაული აღასრულა“, სხვები კი კვლავ ცრუ ღმერთების ერთგულნი რჩებოდნენ. ცილობა რომ ჩაეცხროთ, გადაწყვიტეს, საკერპოში ღვთისმშობლის ხატი შეებრძანებინათ, შემდეგ კი კარი დაეხშოთ. მაცხოვრის მსასოებლებს – ქრისტეს მიმართ, კერპთმსახურებს კი – თავიანთი ღვთაებისადმი უნდა ელოცათ. დახშულ ტაძართან მცველები დააყენეს. დილით, როცა კარი გააღეს, ყველამ იხილა „კერპები ქუეყანად დათხეულნი და სახედ მტუერისა შემუსრვილნი, ხოლო ხატი ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა ბრწყინვიდა, ვითარცა მზე, დიდებითა და პატივითა“. წმიდა ანდრიამ აწყურში მოაწყო ეკლესია და მცირე ეკვდერში ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი დაასვენა, შემდეგ კი ახალმოქცეულ სამწყსოს განეშორა და გზა განაგრძო: იყო კლარჯეთში, არტაანკოლაში, პართეთში, სომხეთში, შემდეგ კი იერუსალიმში წავიდა.

იერუსალიმთან ანდრია სვიმონ კანანელთან და მატათასთან ერთად ისევ საქართველოში დაბრუნდა. ისინი ქართლში შევიდნენ, განამტკიცეს ქრისტიანობა და „დაჰყვნენ დასავლეთით, განვლეს ტაოს კერძო ქვეყანა ვიდრე ჭოროხამდე“, იყვნენ სამეგრელოსა და სვანეთში. სვიმონი და ანდრია აფხაზეთში წავიდნენ „ხოლო დიდი ანდრეა სვიმონითურთ… შევიდეს ქუეყანასა აფხაზეთისასა და უქადაგეს სიტყუა იგი ღუთის-მეცნიერებისა და მრავალთა სიხარულით შეიწყნარეს ქადაგება იგი და მუნ დაუტევა ნეტარმან ანდრეა სვიმონ კანანელი სხვათა თანა მოწაფეთა და თავად ჯიქეთისა ქუეყანად ავიდა“. ჯიქეთის მკვიდრმა მოსახლეობამ არა მარტო უარი განაცხადა მისი ქადაგების მიღებაზე, არამედ მოციქულის მოკვლაც კი გადაწყვიტა. მათი სიჯიუტე და უხეში გონება რომ დაინახა, მოციქულმა მიატოვა ისინი და წავიდა. წმიდა ანდრია მოციქული სკვითთა ქვეყანაში, დღევანდელ რუსეთშიც ყოფილა. მდინარე დნეპრს აჰყოლია იმ ადგილამდე, სადაც ამჟამად ქალაქი კიევი მდებარეობს.

უკანასკნელი ქალაქი, სადაც მოციქულმა იქადაგა, პატრა (საბერძნეთი) იყო, წმიდანის ლოცვით ამ ქალაქში უამრავი ადამიანი მოექცა ქრისტეს სჯულზე, მაგრამ ქალაქის თავი ეგაეტი კვლავ ერთგული რჩებოდა ცრუ ღვთაებისა. უღმრთო ხელისუფალმა ბრძანა, ჯვარს ეცვათ უფლის რჩეული. წმიდანი სიხარულით შეხვდა განაჩენს და თავისით ავიდა ჯვარზე. ტანჯვა რომ გაეხანგრძლივებინა, ეგაეტმა ბრძანა, ძელზე კი არ მიელურსმნათ, არამედ დაეკიდათ ნეტარი. წმიდა მოციქული ორი დღე ქადაგებდა ირგვლივ შეკრებილთა წინაშე. ბოლოს, წმიდანის მადლმოსილი სიტყვებით შეძრულმა ხალხმა მოითხოვა, ჯვრიდან ჩამოეხსნათ იგი. უღმრთო ეგაეტმა განკარგულება გასცა, გაეთავისუფლებინათ წმიდანი, მაგრამ ანდრიამ მხურვალედ შესთხოვა უფალს, ჯვარზე აღსრულების ღირსი გაეხადა. მეომრები დიდხანს ამაოდ ცდილობდნენ მის ჩამოხსნას. წმიდანმა „აღიხილნა თუალნი ზეცად და მადლობა შესწირა უფალს და აკურთხნა მორწმუნენი იგი ჯუარსა დამოკიდებულმან“. და ასე, ღვთისადმი მადლობით აღესრულა წმიდანი. ქალაქის მმართველის ცოლმა მოციქულის ცხედარი ჯვრიდან ჩამოხსნა და პატივით მიაბარა მიწას. რამდენიმე საუკუნის შემდეგ კონსტანტინე დიდი ზეობისას წმიდა მოციქულის უხრწნელი ნაწილები პატივით დაასვენეს კონსტანტინეპოლში და წმიდა მოციქულთა ტაძარში დააბრძანეს ლუკა მახარებლისა და ტიმოთე მოციქულის ნაწილთა გვერდით.

ხშირად, ჩვენი ისტორიის ავბედითობის გამო, ჩვენი ეკლესიის სამოციქულო წარმომავლობა ეჭვქვეშ დგებოდა. ამის დასტურია წმიდა გიორგი მთაწმიდელის ცხოვრებაში აღწერილი ერთ-ერთი ეპიზოდი, სადაც წმიდა გიორგი ანტიოქიის პატრიარქის წინაშე შემდეგი სიტყვებით იცავდა საქართველოს ეკლესიის თვითმყოფადობას: „წმიდაო მეუფეო, შენ იტყვი, თავისა მის მოციქულთაჲსა პეტრეს საყდარზე ვზიო. ხოლო ჩუენ პირველწოდებულისა და ძმისა თვისისა მწოდებელისა ნაწილნი ვართ და სამწყსონი და მის მიერ მოქცეულნი და განათლებულნი. და ერთი წმიდათა ათორმეტთა მოციქულთაგანი – სვიმეონს ვიტყვი კანანელსა – ქუეყანასა ჩუენსა დამარხულ არს აფხაზეთს, რომელსა ნიკოფსი ეწოდების. ამათ წმიდათა მოციქულთა განათლებულნი ვართ. და ვინაჲთგან ერთი ღმერთი გვიცნობიეს, არღარა უარგვიყოფიეს. და არცა ოდეს წუალებისა მიმართ მიდრეკილ არს ნათესავი ჩუენი, და ყოველთა უარისმყოფელთა და მწუალებელთა შევაჩუენებთ და დავსწყევთ. ამას საფუძველსა ზედა მართლმადიდებლობისასა და მცნებათა და ქადაგებათა ზედა წმიდათა მათ მოციქულთასა მტკიცე ვართ“.

შევთხოვოთ ჩვენს შემწესა და მფარველს წმიდა ანდრიას:

წმიდაო მოციქულო, მოციქულთა უპირატეს წოდებულო ანდრია, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის, რათა სოფელსა მშვიდობა მოანიჭოს და სულთა ჩვენთა დიდი წყალობა!

გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“, № 18(225), 2003 წ.

 

***

 

რამაზ ხალვაში –  ანდრია მოციქულის მისიონერული მოგზაურობები შავიზღვისპირეთსა და საქართველოში

 

მოციქულთა ქადაგება უძველესი ქრისტიანული ცენტრების პრესტიჟს განაპირობებდა, რის გამოც რომის, ალექსანდრიის, ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიების უპირატესობა ნიკეის მსოფლიო საეკლესიო კრებამ (325 წ.) განსაზღვრა. მეორე მსოფლიო საეკლესიო კრებამ (381 წ.) აღმოსავლური ქრისტიანობის ცენტრად კონსტანტინოპოლი გამოაცხადა და სტატუსით რომის ეკლესიას გაუტოლა: „კოსტანტინოპოლისა ეპისკოპოსსა აქუნდინ წარჩინებულებაჲპატივისა, სწორი ჰრომისა ეპისკოპოსისა, ვინაჲთგან ახალი ჰრომი არს იგი“ (სჯულისკანონი 1975: 261). კონსტანტინოპოლის გაძლიერებას მოჰყვა მისი ეპისკოპოსების აღზევება და ამავდროულად აქტუალობა შეიძინა წმ. ანდრიას ქადაგების შავიზღვისპირულ-ბალკანურმა ლოკალიზაციამ, რომელიც მოციქულის მისიონერულ მოღვაწეობას კონსტანტინოპოლის შემოგარენთან აკავშირებდა. აპოკრიფებში წმ. ანდრიას მისიონერული მოგზაურობების შესახებ ორი განსხვავებული ტრადიცია ჩამოყალიბდა. ტექსტების ერთ ნაწილშიმოციქულის ქადაგება უკავშირდება შავიზღვისპირეთის ქვეყნებს, ხოლო მეორე ნაწილში – სკვითეთს (ესბროკი 1974: 141; გეორგიკა I: 29-30; ენციკლოპედია II: 372; თამარაშვილი 1995: 166; მიმოსლვა 2008: 114-115; ანანია [ჯაფარიძე] 2009: 127-130).

საქართველო შედიოდა წმ. ანდრიას ქადაგების ორივე ძირითად მარშრუტში (შავიზღვისპირეთი, სკვითეთი), ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ სოფრონიუსი (IV-V სს.), დოროთეოს ტვირელი (VI ს.) და ფსევდო-ეპიფანე კვიპრელი (VI-VII სს.) უფრო აკონკრეტებენ წმ. ანდრიას ქადაგების იბერიულ-კავკასიურ მარშრუტს და ადრეულ წყაროებში ნახსენები სებასტოპოლისისა (დღევანდელი სოხუმი) და აფსაროსის (დღევანდელი გონიო) გარდა შეაქვთ: მდინარე ფაზისი (ჭოროხი), კოლხეთი (რომელიც შიდა ან მეორე ეთიოპიად იხსენიება, აფრიკის ეთიოპიისაგან გამიჯნვის მიზნით), იბერია, სუსანია (ძვ. ქართული – სოსანგეთი), ფუსტა (ძვ. ქართული – ფოსტაფორი) და ალანია (ძვ. ქართული – ოვსეთი).

 დაკვირვება ცხადყოფს, რომ ისტორიულ წყაროებში ანდრია მოციქულის საქართველოში ქადაგების მარშრუტი დროთა განმავლობაში იცვლებოდა სხვადასხვა პოლიტიკური ფაქტორის ზეგავლენით. ამ თვალსაზრისით, შეიძლება გამოიყოს რამდენიმე ეტაპი:

 1) პირველ ეტაპს ქმნიან ადრეული პერიოდის ბერძნულ-რომაული ტექსტები და მათი ქართული თარგმანები. ამ დროის უცხოელ ავტორებს წმ. ანდრიას მისიონერულ მარშრუტში შეაქვთ საქართველოში არსებული ძველი ბერძნული ახალშენები და რომაული სამყაროს სტრატეგიული ცენტრები. ამ პერიოდის ძეგლია ქართული „მრავალთავი“, რომლის არქეტიპებიV-VI საუკუნეებით თარიღდება. ჩვენამდე მოაღწია ამ კრებულის გვიანდელმა ნუსხებმა. ერთ-ერთ მათგანში, „კლარჯულ მრავალთავში“ (X ს.), დაცულიადოროთეოს ტვირელის ჰომილია „ათორმეტთა მოციქულთა მოსაჴსენებელი“, რომელშიც ავტორი წმ. ანდრიას ქადაგებას დასავლეთი და სამხრეთი საქართველოს გეოგრაფიულ პუნქტებს (სებასტოპოლისი, აფსარელთა ბანაკი, მდ. ფაზისი, ეთიოპია) უკავშირებს (მრავალთავი 1991: 387).

2) VII-IX საუკუნეების ბიზანტიურ ლიტერატურაში ჩამოყალიბდა წმ. ანდრია მოციქულის ვრცელი კანონიკური ცხოვრებანი, რომლებიც აპოკრიფული ტექსტების გადამუშავების შედეგად შეიქმნა. მათგან ყველაზე ადრეულია ე.წ. Narratio (VII ს.). ყველაზე მეტი პოპულარობა კი მოიპოვა ეპიფანე მონაზვნის „ანდრია პირველწოდებულის ცხოვრებამ“, რომელიც 815-843 წლებს შორისაა დაწერილი (ენციკლოპედია II: 371). ეპიფანე მონაზონმა ანდრია პირველწოდებულის ქადაგება, პავლე მოციქულის მიმოსვლათა ანალოგიით (საქმე 13.1-14.28; 15.36-18.22; 18.23- 21.17) სამ მოგზაურობად დაყო და საქართველოს ქრისტიანიზაციის საკითხს დიდი ადგილი დაუთმო. „ცხოვრების“ მიხედვით, მოციქულმა იქადაგა ლაზიკის ქალაქ ტრაპეზუნტში, იბერიაში, ფაზისში, სუსანიაში, ფუსტაში და აბაზგიაში – დიდ სებასტოპოლისში (გეორგიკა IV: 58-59). ეპიფანე მონაზვნის „ანდრია პირველწოდებულის ცხოვრების“ გადამუშავებას წარმოადგენს ნიკიტა-დავით პაფლაგონიელის (†890) „ანდრია მოციქულის მიმოსლვა“, რომელიც ქართულად ეფთვიმე ათონელმა თარგმნა 1011 წელს. „მიმოსლვის“ ტექსტით, ანდრია პირველწოდებულმა სამივე მი სიონერული მოგზაურობის დროს იქადაგა საქართველოში (მართალია, მეორე მოგზაურობის დროს – მხოლოდ ტრაპეზუნტში, მაგრამ ეპიფანე მონაზვნისა და ნიკიტა პაფლაგონიელის მიხედვით, ისიც ქართველთა, „ლაზთა ქალაქია“): პირველი მოგზაურობის დროს მოციქულმა “მრავალნი ქალაქნი და დაბნები პონტოისანი განანათლნა”, მივიდა ტრაპეზუნდში ( „სოფელსა მეგრელთასა“), შემდეგ – “ქუეყანასა ქართლისასა” და ბოლოს პართიის გზით დაბრუნდა იერუსალიმში (მიმოსვლა 2008: 174-175). მეორე მოგზაურობის დროს ანდრია მოციქულმა მოინახულა ტრაპეზუნდი (მეგრელთა ქვეყანა) და “მათცა შეიწყნარეს ქადაგებაჲ მოციქულისაჲ” (მიმოსვლა 2008: 187). ბოლო, მესამე მოგზაურობის დროს წმ. ანდრია სიმონ კანანელთან და მატათას- თან ერთად შემოვიდა “ქუეყანად ქართლისა და ვიდრე მდინარედმდე ჭოროხისა”, სოსანგეთში მოაქცია დედაკაცი მთავარი, იქ მატათა დატოვა და სიმონ კანანელთან ერთად გადავიდა ოსეთსა და აფხაზეთში. სევასტიაში (სოხუმში) ის დაშორდა სიმონსაც და ჯიქეთში გადავიდა, სადაც სასწაულებრივად გადაურჩა სიკვდილს (მიმოსვლა 2008: 188-189).

3) XI საუკუნის მეორე ნახევარში ლეონტი მროველმა მოციქულთა ქადაგებაზე ინფორმაცია საქართველოს ოფიციალურ ისტორიაში – „ქართლის ცხოვრებაში“ შეიტანა და ძირითადი აქცენტი დასავლეთი საქართველოს (ეგრის-აფხაზეთის) მოქცევაზე გადაიტანა. ამასთანავე, დააზუსტა, რომ „მიმოსლვაში“ ნახსენები გამონათქვამი „ვიდრე მდინარედმდე ჭოროხისა“ გულისხმობს წმ. ანდრიას ქადაგებას „გზასა კლარჯეთისასა“ (ქცა I: 38, 42). ანალოგიურ აზრს ავითარებს ეფრემ მცირე, რომელიც აღნიშნავს, რომ ანდრია პირველწოდებულმა იქადაგა დასავლეთ საქართველოში – აფხაზეთში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში – ქართლში ქრისტიანობა იქადაგა მაცხოვრის სხვა მოწაფემ – ბართლომემ (ეფრემ მცირე, 1959: 4).

4) ცალკე ეტაპად უნდა გამოიყოს რუის-ურბნისის საეკლესიო კრების „ძეგლისწერა“ (1104 წ.), რომელშიც წმ. ანდრიას ქადაგების ფაქტი მთელ საქართველოზეა განზოგადებული და აღნიშნულია, რომ მოციქულმა სახარებაიქადაგა „ყოველსა ქუეყანასა საქართველოჲსასა“ (სჯულისკანონი 1975: 545), რითაც წმ. ანდრია ცხადდება სრულიად საქართველოს განმანათლებლად და მისი ეკლესიური და პოლიტიკური ერთიანობის საფუძვლად.

5) ლეონტი მროველისეული ტრადიცია (შდრ.: „წარვიდა გზასა კლარჯეთისასა“) განავითარა არსენ ბერმა, რომელიც „ნინოს ცხოვრების“ მეტაფრასულრედაქციაში სიტყვასიტყვით მისდევს „მიმოსლვის“ ეფთვიმესეულ თარგმანს და დამატებით აღნიშნავს, რომ მოციქულმა იქადაგა ნიგალის პროვინციაში. ნიგალი ისევე, როგორც კლარჯეთი, ჭოროხის აუზის ქვეყანაა. მაგრამ ამ შემთხვევაში ავტორს სხვა არგუმენტიც აქვს. ნიგალი ტექსტში „მიმოსლვისეული“ ჭოროხის („ვიდრე მდინარედმდე ჭოროხისა“) ადგილს კი არ იკავებს, არამედ ცვლის პირველწყაროს სოსანგეთს (ხალვაში 2009: 203).

6) წმ. ანდრია მოციქულის საქართველოში ქადაგებასთან დაკავშირებით რამდენადმე განსხვავებულ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი იოანე ანჩელმა (რკინაელმა), რომელმაც თამარის ზეობის დროს დაწერა ჰიმნოგრაფიული კანონი „გალობანი ანჩის ხატისანი”. საგალობლის მიხედვით, წმ. ანდრია საქართველოში ჰიერაპოლისიდან შემოვიდა და ანჩაში მაცხოვრის ხატი შემოაბრძანა (სულავა, 2003:298-299). წმ. ანდრიას ქადაგება „უღაღთა ღადოთა კლარჯეთისათა” ეხმიანება მოციქულის მისიონერული მარშრუტის ლეონტი მროველისეულ ლოკალიზაციას „გზასა კლარჯეთისასა”.

7) XIII-XV საუკუნეებში შეიქმნა „მიმოსლვის“ ქართული რედაქცია. იგი სრული სახით A-161 ხელნაწერშია წარმოდგენილი (მიმოსვლა 2008: 129-133). ამ რედაქციის ავტორი თანამედროვეობის გადასახედიდან „კითხულობს“ ისტორიულ დოკუმენტს, ითვალისწინებს ლიტერატურულ ტრადიციას და „მიმოსლვის“ ეფთვიმესეულ თარგმანში შეაქვს ისტორიულ-გეოგრაფიული შინაარსის გლოსები, რომელთა უმრავლესობა წმ. ანდრიას მისიონერულმოგზაურობებში მესხეთის ფართო პლანით წარმოჩენას ისახავს მიზნად. ჭოროხის აუზთან (ტაო-კლარჯეთი-ნიგალი) ერთად გლოსებში ჩნდება მტკვრის აუზის ქვეყნები არტაანი და კოლა. როგორც ცნობილია, „მიმოსლვის“ ტექსტში მხოლოდ მდინარე ჭოროხია ნახსენები (ხალვაში 2009: 205-209).  შემდგომ ეტაპს ქმნის მესხური გადმოცემა, რომელიც ლიტერატურულად ყვარყვარე და მზეჭაბუკ ათაბაგების კარნახითა და უშუალო მონაწილეობით გაფორმდა (1486-1515). ეს ძეგლი წმ. ანდრიას მისიონერული მოგზაურობების მესხურ მარშრუტს ორმხრივ განავრცობს: ჭოროხის აუზის ქვეყნებში დამატებით ასახელებს აჭარას, ხოლო მტკვრის აუზის ქვეყნებში – სამცხეს. გადმოცემაში „მიმოსლვის“ ეფთვიმესეული თარგმანი ტენდენციურად, სეპარატისტული სულისკვეთებითაა გადამუშავებული. წმ. ანდრიას ქადაგება და მის მიერ პირველი ქართველი ეპისკოპოსის ხელდასხმა დაკავშირებულია სამცხე-საათაბაგოს საეკლესიო ცენტრთან – აწყურთან, რითაც ხაზგასმულია საეკლესიო დამოუკიდებლობის მოსურნე მესხეთის ეკლესიის „სამოციქულო“ ხასიათი (ხალვაში 2009: 206-209). მესხური გადმოცემის პირველი ლიტერატურული ვარიანტი ფიქსირდება მანუელ რიტორის (1460-1550 წწ.) ბერძნულ თხზულებაში „თხრობა აწყურის ხატსა და სასწაულებზე“, რომელიც 1500-1504 წლებშია დაწერილი კონსტანტინოპოლის პატრიარქის იოაკიმე I-ის (1498-1502, 1504 წწ.) დაკვეთით. იოაკიმე I-მა 1500-1501 წლებში იმოგზაურა სამცხე-საათაბაგოში სახსრების მოზიდვის მიზნით და ათაბაგების ოჯახისგან დიდი საბოძვარი მიიღო. აქედან გამომდინარე, ნიშანდობლივია, რომ „თხრობა“ მათ მიმართ მადლიერების გამოხატვას ისახავს მიზნად.

მანუელის „თხრობა“ აწყურის ხატის ვრცელ მატიანეს წარმოადგენს და შედგება ოთხი ძირითადი ნაწილისაგან:

ა) მესხური გადმოცემა წმ. ანდრიას აჭარასა და სამცხეში ქადაგების შესახებ;

ბ) ჰერაკლე კეისრის დროინდელი ქრონიკა;

გ) ხატის დატყვევება უზუნ-ჰასანის მიერ (1477 წ.);

დ) ხატის დატყვევება იაყუბ ყაენის მიერ.

 საგულისხმოა, რომ აწყურის ხატის მატიანის ქართული ვერსია ფრაგმენტებად დაუნაწილებიათ და XVIII საუკუნის 60-იან წლებში ჩანართების სახით შეუტანიათ „ახალი ქართლის ცხოვრების“ შესაბამის ქრონოლოგიურ მონაკვეთებში:

ა) მესხური გადმოცემა – ადერკი მეფის ქრონიკაში (ქცაI: 39-42);

ბ) ჰერაკლე კეისრის დროინდელი ქრონიკა – „ვახტანგ გორგასლის ცხოვრებაში“ (ქცა I: 224);

გ) უზუნ-ჰასანისა და იაყუბ ყაენის მიერ ხატისდატყვევების სასწაულები – საკუთრივ „ახალ ქართლის ცხოვრებაში“ (ქცა II: 480-481; 482-486).

მესხური გადმოცემის ბერძნული და ქართული ვერსიები შინაარსითა და სტრუქტურით მსგავსი ტექსტებია. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მანუელის თხზულებას აწყურის ხატის მატიანის ბერძნული თარგმანი უდევს საფუძვლად. თუმცა მათ შორის განსხვავებებიც იჩენს თავს:

ა) გადმოცემის შესავალ ნაწილში მანუელი აღნიშნავს, რომ აწყურის ხატი ლუკა მახარებელმა დაწერა (ქართულ ვერსიის მიხედვით კი, ხატი ხელთუქმნელია);

 ბ) ბერძნულ ვერსიაში აჭარაში ქადაგებაზეა საუბარი, ქართულ ვერსიაში – დიდაჭარაში ქადაგებაზე;

გ) ბერძნული ვერსიის მიხედვით, აწყურის ხატს გააჩნდა ორი ასლი, რომელთაგან პირველის ადგილსამყოფელი აჭარაა, ხოლო მეორის – შატბერდი და ა. შ. განსხვავებებია მესხური გადმოცემის დასკვნით ნაწილშიც.

 ქართულ ვერსიაში მოკლედ არის აღნიშნული, რომ წმ. ანდრია აწყურიდან „წარემართა სხუათაცა ადგილთა ქადაგებად სახარებისა“ (ქცა I: 42). ბერძნულ ვერსიაში კი აღნიშნულია, რომ აწყურიდან წასული „მოციქული მიიწია ადგილად, რომელსაც ღრმა (Βαθύ) ეწოდება, სადაც არის ნავსადგური (ჰავანი), იქიდან წავიდა სებასტოპოლისში და ქადაგებით განვლო სამეგრელო, აფხაზეთი, სავრომატია, სუგდეა და გუთეთი, გადასცურა პონტო და მოპირდაპირე სანაპიროზე ბიზანტიონში ჩავიდა. აქ ეპისკოპოსად სტაქე დაადგინა, სამოცდაათ მოციქულთაგან ერთ-ერთი, და თრაკიის ჰერაკლიისკენ გაემართა. იქ მან ხელი დაასხა ეპისკოპოს აპელესს, იმავე სამოცდაათთაგან ერთ-ერთს, განვლო მთელი რუმინეთი და შეჩერდა პელოპონესში, სადაც, აქაიის პატრაში, ანთიპატმა ეგეატმა სიკვდილით დასაჯა, ჯვარზე, თავით ქვემოთ. ასეთია, მოკლედ, მოთხრობა წმინდა მოციქულზე“. სამართლიანად აღნიშნავს რ. ბარტიკიანი, რომ ბერძნული ტექსტის Βαθύ-ში ბათუმი იგულისხმება (ბარტიკიანი 1987: 76). სახელწოდება Βαθύς ბერძნულ ლიტერატურაში პლინიუსისა და არიანეს დროიდან გვხვდება და გადმოგვცემს ადგილობრივ ტოპონიმს (ბათ-ომ-ი). ბერძნებს ეს სახელწოდება გააზრებული აქვთ, როგორც ბერძნული Βαθύς – „ღრმა“. ამგვარ მნიშვნელობას შეესაბამება ბათუმის ლათინური სახელწოდება Portus altus (გეორგიკა II: 22). საგულისხმოა, რომ XV საუკუნის ბიზანტიელი ის ტორიკოსი ლაონიკე ხარკოკონდილე, მანუელ რიტორის მსგავსად, ბათუმს Βαθύ-დ იხსენიებს (გეორგიკა VIII: 91).

ამრიგად, მანუელის „თხრობის“ მიხედვით, წმ. ანდრია აწყურიდან ბათუმში ჩავიდა: „მიიწია ადგილად, რომელსაც ბათუმი (Βαθύ) ეწოდება, სადაც არის ნავსადგური (ჰავანი)“ და იქიდან სებასტოპოლისში, ანუ ცხუმში გაემგზავრა. ბათუმი წმ. ანდრიას ქადაგების მარშრუტში მხოლოდ მანუელ რიტორის ტექსტში გვხვდება. ეს ნიშანდობლივიცაა, რადგან ბათუმის ნავსადგურმა („ჰავანმა“) საერთაშორისო ფუნქცია გვიან, XII საუკუნიდან, შეიძინა, როცა წინა აზიის სახმელეთო გზებზე თურქ-სელჩუკები გაბატონდნენ დამსოფლიო სატრანზიტო გზებმა საქართველოში გადმოინაცვლა. „აბრეშუმის გზის“ ერთი შტო ამ დროს ბათუმზე, აჭარასა და სამცხეზე გადიოდა (ბერაძე 1981: 167). მესხური გადმოცემის ქართული ვერსიის მიხედვითაც, წმ. ანდრია პირველწოდებული სწორედ ამ გზას მიჰყვება და სამცხეში (აწყურში) აჭარიდან (დიდაჭარიდან) გადადის. ცხადია, იოაკიმე კონსტანტინოპოლელი პატრიარქის დროს სახმელეთო გზის ეს მონაკვეთი ბათუმის ჰავანზე გადიოდა და სწორედ ამგვარი წარმოდგენა აისახა მანუელ რიტორის თხზულებაში.

9) „მიმოსლვის“ განსხვავებული რედაქცია შემოგვინახა „ქართლის ცხოვრების“ ურბნულმა ნუსხამ, რომელიც გვერდს უვლის მოციქულის მესხეთში ქადაგებას, სამაგიეროდ, განავრცობს ქართლისადმი მიძღვნილ მონაკვეთს. ურბნულ რედაქციაში დადასტურებული ტენდენცია განავითარა თეიმურაზ ბატონიშვილმა, რომელმაც „ივერიის ისტორიაში“ კიდევ უფრო დააკონკრეტა წმ. ანდრიას ქადაგების მარშრუტი და მასში შეიტანა: მცხეთა, გრემი და სტეფანწმინდა. გარდა ამისა, მთლიანად შეცვალა მესხური გადმოცემის გეოგრაფია და აწყურის მაგივრობა ბიჭვინთას დააკისრა: „ხოლო ოდეს მიიქცა მოციქული ანდრია ივერიად, ხატი იგი დედისა ღუთისა ვედრებითა მუნებურთა ერთათა დაუტევა მუნ ბიჭვინტას; ხოლო ბიჭვინტისა ღუთის-მშობლისა ხატი, რომელიცა ასვენიეს აწცა ქუემოსა საქართველოსა შინა, მახლობელად ქუთაისის ქალაქისა, მონასტერსა სამიტროპოლიტოს გენათლიას (ესე იგი გელათს), რომელიცა არს ფრიად მრავლითა სიმდიდრითა შემკულ ღირს სახსოვარისა მეფისა ბაგრატ მეოთხისაგან, სრულიად ივერიის თჳთ-მპყრობელისა, დავითიან-ბაგრატოვანისა, იტყვიან მას ხატსა, რომელ იგი არს რომელიცა მოციქულმან ანდრია მოასვენა თჳთ და ანუ არს იგი უეჭველად ორიგინალი ხატისა მისგან გარდამოხატული“ (თეიმურაზ ბატონიშვილი 1848: 145-146).

ასე რომ, ქართული ქრისტიანობის უძველესი ცენტრი – ბიჭვინთა წმ. ანდრიას მისიონერულ მარშრუტში გვიან (XIX ს.-ში) შეიტანეს. ამგვარად, წმ. ანდრიას შავიზღვისპირეთსა და საქართველოში ქადაგებაზე ადრეული პერიოდის ბერძნულ-რომაული ტექსტები მოგვითხრობენ. VII-IX საუკუნეებში ჩამოყალიბდა წმ. ანდრიას ცხოვრების კანონიკური რედაქციები. XI საუკუნიდან იქმნებოდა წმ. ანდრიას ცხოვრების ადგილობრივი, ქართული რედაქციები, რომელთა ჩამოყალიბებაზე ზეგავლენას ახდენდა სხვადასხვა ისტორიულ-პოლიტიკური ფაქტორი. წმ. ანდრიას საზღვაო მარშრუტი კი შავი ზღვის გარდა მოიცავდა ხმელთაშუა, ეგეოსის, მარმარილოსა და ყირიმის ზღვებს, ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ იგი ქრისტიანულ ტრადიციაში მეზღვაურების მფარველად ითვლება.

 

ლიტერატურა

 1. ანანია [ჯაფარიძე] 2009: ანანია [ჯაფარიძე], საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ისტორია, თბ., 2009.

2. არსენ ბერი 1971: არსენ ბერი, ნინოს ცხოვრება//ძველი ქართული აგიოგრაფიულილიტერატურის ძეგლები, III (მეტაფრასული რედაქციები XI-XIII სს.), თბ., 1971.

3. ბარტიკიანი 1987: Бартикян Р., Приписываемый Мануилу, Великому ритору Константинопольской патриархии (1-я пол. XVI в.), Панегирик государям Самцхе-Саатабаго Кваркваре II, Каихосро и Мзечабуку//Tbilisis saxelmwifo უნივერსიტეტის შრომები, 266, ისტორია, არქეოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, ეთნოგრაფია, თბ., 1987.

4. ბერაძე 1981: ბერაძე თ., ზღვაოსნობა ძველ საქართველოში, თბ., 1981.

5. გეორგიკა I: გეორგიკა, ტ. I, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცეს და განმარტებები დაურთეს ალ. გამყრელიძემ და ს. ყაუხჩიშვილმა, თბ., 1961.

6. გეორგიკა II: გეორგიკა, ტ. I, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცეს და განმარტებები დაურთეს ალ. გამყრელიძემ და ს. ყაუხჩიშვილმა, თბ., 1965.

7. გეორგიკა IV: გეორგიკა, ტ. IV1-2, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, თბ., 1941, 1952.

8. გეორგიკა VIII: გეორგიკა, ტ. VIII, ბერძნული ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო ს. ყაუხჩიშვილმა, თბ., 1970.

9. ენციკლოპედია II: Православная Энциклопедия. Т. 2. Москва, 2000.

10. ესბროკი 1974: Esbroeck M., L’assomption de la vierge dans un transitus Pseudo-Basilien//Analecta Bollandiana 92, 1974.

11. ეფრემ მცირე 1959: ეფრემ მცირე, უწყებაჲ მიზეზსა ქართველთა მოქცევისასა, თუ რომელთა წიგნთა შინა მოიჴსენების, თ. ბრეგაძის გამოცემა, თბ., 1959.

12. თამარაშვილი 1995: თამარაშვილი მ., ქართული ეკლესია დასაბამიდან დღემდე, თბ., 1995.

13. თეიმურაზ ბატონიშვილი 1848: თეიმურაზ ბატონიშვილი, ისტორია დაწყებითგან ივერიისა, სანკტპეტერბურღი, 1848.

14. მიმოსლვა 2008: მიმოსლვა ანდრია მოციქულისა, ძველი ქართული თარგმანის ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და გამოკვლევა დაურთო მ. კობიაშვილმა, თბ., 2008.

15. მრავალთავი 1991: კლარჯული მრავალთავი, თ. მგალობლიშვილის გამოცემა, თბ., 1991.

16. სულავა 2003: სულავა ნ., XII-XIII საუკუნეების ქართული ჰიმნოგრაფია, თბ., 2003.

17. სჯულის კანონი 1975: დიდი სჯულისკანონი, გამოსაცემად მოამზადეს ე. გაბიძაშვილმა, ე. გიუნაშვილმა, მ. დოლაქიძემ, გ. ნინუამ, თბ., 1975.

18. ქცა I: ქართლის ცხოვრება, I, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბ., 1955

19. ქცა II: ქართლის ცხოვრება, II, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბ., 1959

20. ხალვაში 2009: ხალვაში რ., ანდრია პირველწოდებულის ქადაგებასაქართველოში (ძველი ქართული ლიტერატურული წყაროებისადა „ახალი ქართლის ცხოვრების“ მიხედვით)//გონიო-აფსაროსი, VIII, ბათუმი, 2009.

 

 

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s