Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ანთროპოლოგიური თავისებურებანი

 ♥ კოლხეთი და იბერია – KOLKHIBERIA

 

ოთარ ცეცხლაძე

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ანთროპოლოგიური თავისებურებანი და პოპულაციურ – გენეტიკური სტრუქტურა

ბათუმი 2006 წელი

 

შესავალი

სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ანთროპოლოგიური შესწავლა გასული საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყო ა. ნათიშვილის, მ. აბდუშელიშვილისა და გ. ჯანბერიძის მიერ. კვლევის შედეგად ქართულ მოსახლეობაში სამი ანთროპოლოგიური ტიპი გამოიყო: კოლხური, იბერიული და კავკასიონის, რომელთა შორის პირველი და მეორე ახლო მორფო-გენეტიკური კავშირით ხასიათდება ურთიერთის მიმართ, ხოლო მესამე – კავკასიონის, უფრო მეტად განსხვავდება ორივესაგან.

ქართველთა ანთროპოლოგიური თავისებურებანი არ ამოიწურება ამ სამი ტიპით და, თავის მხრივ, მ. აბდუშელიშვილმა (Абдушелишвили 1964) შეძლო ტიპებს შიგნით დიფერენცირება. კოლხური ტიპი დაყო შავიზღვისპირულ და დასავლეთქართულ ვარიანტებად. ამ ორ ვარიანტს შორის განსხვავებები აღინიშნება თავის მაჩვენებლით, სახისა და ცხვირის სიმაღლით, ტუჩების სიგანით, თვალების ჭრილის სიგანით, ცხვირის ზურგის განივი კვეთის პროფილით, ცხვირის ზურგის ხრტილოვანი პროფილით, ცხვირის წვეტისა და ფუძის მდგომარეობით და ა.შ, თუმცა ეს განსხვავება მინიმალურია.

იბერიული ტიპის დაყოფაც მოხერხდა ორ მეტ-ნაკლებად გეოგრაფიულად განსაზღვრულ აღმოსავლეთქართულ და სამხრეთქართულ ვარიანტებად. ამ ორ ვარიანტს შორის არის მნიშვნელოვანი მსგავსება, რომელიც პირველადია. ორივე ვარიანტისთვის დამახასიათებელია უფრო მაღალი თავის მაჩვენებელი, სხეულის პატარა სიმაღლე, სახის ნაკლები სიგანე, უფრო მაღალი და ვიწრო ცხვირი, თვალების უფრო მუქი პიგმენტაცია. ნიშანთა ეს კომპლექსი სამხრეთქართულ ვარიანტში გაერთიანებულ ჯგუფთათვის არის საერთო, რაც მათ აახლოებთ წინააზიურ ფორმებთან.  აღმოსავლეთქართული ვარიანტისათვის დამახასიათებელია ნაკლები თავის მაჩვენებელი, სხეულის უფრო დიდი სიმაღლე, უფრო ღია პიგმენტაცია, პროფილირებული და ფართო სახე, რაც აახლოებს იბერიული ტიპის აღმოსავლურქართულ ვარიანტს კავკასიონის ტიპთან (აბდუშელიშვილი 1964).

შავიზღვისპირული ვარიანტის წინააზიური რასისადმი კუთვნილება, მ.აბდუშელიშვილის აზრით (Абдушелишвили М.Г. 1964), ყველაზე საკამათოა მის მიერ შემოთავაზებულ კლასიფიკაციაში. ამრიგად, საკვლევი რეგიონის შესწავლა ახლა უკვე მონაცემთა ფართო ბაზის საფუძველზე დააზუსტებს ამ ვარიანტის გენეზისს. გარდა ამისა, ისტორიული საქართველოს შავშეთ-იმერხევის მოსახლეობის ანთროპოლოგიური გამოკვლევა არავის უწარმოებია. აქტუალურია და მნიშვნელოვანი აგრეთვე მუჰაჯირი ქართველების ანთროპოლოგიური პორტრეტის გარკვევა. ისინი თითქმის საუკუნე ნახევარია ცხოვრობენ თურქეთის რესპუბლიკის სხვადასხვა რაიონებში და მათი ანთროპოლოგიური კვლევის საკითხი ქართული ანთროპოლოგიური მეცნიერების თეთრ ლაქას წარმოადგენს.

დღემდე შეუსწავლელი იყო იმერხევლების ანთროპოლოგიაც. ჩვენი კვლევის შედეგად გაირკვა, რომ მათი ანთროპოლოგიური იერი, მიუხედავად ქართულ ეთნოსთან ხანგრძლივი დაშორებისა, სომატოლოგიურად შენარჩუნებულია. ეს ფაქტი მნიშვნელოვანი დასტურია ანთროპოლოგიური ნიშნების მდგრადობისა და ამ ნიშნების გამოყენების სანდოობისა ეთნოგენეტიკურ კვლევებში. მიზანი და ამოცანები: სადისერტაციო ნაშრომი მიზნად ისახავს ჩვენს მიერ მოპოვებული და სხვა ავტორთა შრომებიდან აღებული მასალების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე განხილულ იქნას აჭარის და ისტორიული საქართველოს (იმერხევის) თანამედროვე მოსახლეობის ანთროპოგენეტიკური ურთიერთმიმართება. შრომას საფუძვლად დაერთო ეთნიკურ ანთროპოლოგიაში და პოპულაციურ გენეტიკაში სადღეისოდ მიღებული რამოდენიმე სისტემის, კერძოდ, სომატოლოგიურის, დერმატოგლიფიკური, ოდონტოგლიფიკური და სეროლოგიური მონაცემები. ეს საშუალებას მოგვცემს თვალი გავადევნოთ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს და იმერხევის მოსახლეობის ანთროპოგენეტიკურ ურთიერთდამოკიდებულებას. დასავლეთ საქართველოს მეზობელ სუბეთნიკურ ჯგუფებთან. იგულისხმება გურულების, ლაზების, მესხების, ჯავახების და სხვა ჯგუფები. ასეთი კომპლექსური შესწავლა საშუალებას მოგვცემს განისაზღვროს აჭარის და იმერხევის მოსახლეობის ადგილი ანთროპოლოგიურ კლასიფიკაციაში, რაც შესაძლებელს გახდის განხილილ იქნეს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს თანამედროვე მოსახლეობის ანთროპოლოგიური ისტორია უძველესი დროიდან დღემდე.

კვლევის ობიექტი და საგანი: კვლევის ობიექტია აჭარის და იმერხევის თანამედროვე მოსახლეობა. კვლევის საგანია სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ეთნოლინგვისტური, ისტორიულ-ეთნოგრაფიული, სომატოლოგიური, დერმატოგლიფიკური, ოდონტოგლიფიკური და სეროლოგიური სისტემებით კომპლექსური შესწავლა და საკვლევი რეგიონის მოსახლეობის ეთნოგენეტიკური სტატუსის დადგენა.

ნაშრომის მეცნიერული სიახლე: ნაშრომში პირველად, ფართო ანთროპოგენეტიკური პროგრამით, კომპლექსურად არის შესწავლილი სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს თანამედროვე მოსახლეობა. მასალის დამუშავებისას გამოყენებულია ანალიზის თანამედროვე მეთოდიკა, რომელიც მოიცავს სტატისტიკის მრავალგანზომილებიან მეთოდებს. ნაშრომში პირველადაა მონოგრაფიულად შესწავლილი აჭარისა და სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობა სისხლის იზოანტიგენური 7 სისტემების, დერმატოგლიფიკის აღწერილობითი ნიშნების და დემოგრაფიული მაჩვენებლების მიხედვით. ნაშრომის პრაქტიკული ღირებულება. ნაშრომში მიღებული შედეგები შესაძლებელია გამოყენებულ იყოს კავკასიის ხალხთა ისტორიული წარსულის რეკონსტრუქციისათვის. ისინი შესაძლოა რეკომენდირებულ იქნეს მკვლევართა, პედაგოგთა ფართო წრისათვის, რომლებიც ასწავლიან ადამიანის პოპულაციურ გენეტიკას, ანთროპოლოგიას და იკვლევენ ეთნოგენეზისის საკითხებს. ნაშრომის მონაცემების გამოყენება შეიძლება აგრეთვე კავკასიის ხალხთა ეთნიკური ანთროპოლოგიის სპეცკურსების კითხვისას სტუდენტებისა და დოქტორანტებისათვის (ანთროპოლოგები, გენეტიკოსები, ეთნოლოგები, ისტორიკოსები).

 

თავი I

 ლიტერატურის მიმოხილვა. მოსახლეობის მოკლე ისტორიული, ეთნოლინგვისტური და ანთროპოგენეტიკური გამოკვლევები სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში.

1.1. ისტორიულ-ეთნოგრაფიული მონაცემები

ისტორიულად სამხრეთ-დასავლეთი საქართველო მეტად საინტერესო რეგიონია. აქ დაირწა ქართული კულტურის აკვანი. საინტერესოა იმ თვალსაზრისითაც, რომ ის წარმოადგენდა საქართველოს სამხრეთის ფარს თავისი გეოპოლიტიკური მდებარეობით.

მთლიანად საქართველოში და მის სამხრეთ და სამხრეთდასავლეთ ნაწილებში ადამიანთა საზოგადოების ისტორიის ადრეული ეტაპების აღდგენა-რეკონსტრუქცია უმთავრესად არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგებზეა დაფუძნებული. არქეოლოგიური მასალის საშუალებით შეიძლება გადაიჭრას არაერთი კარდინალური საკითხი. ასეა ჩვენს შემთხვევაშიც. ვინაიდან ძველ რომაულ, აღმოსავლურ და ქართულ წერილობით ძეგლებში დაცული მნიშვნელოვანი და საინტერესო ცნობები არსებითად პირველი ათასწლეულის ხანას განეკუთვნება.

სამხრეთ-დასავლეთი საქართველო და მიმდებარე ტერიტორიები ხელსაყრელი ბუნებრივი პირობების წყალობით უძველესი დროიდან იყო დასახლებული. ამის დასტურია უდაბნოპითეკის ნაშთების აღმოჩენა საგარეჯოს რაიონში, ხოლო სამხრეთ საქართველოში ქ. დმანისში, უძველესი ადამიანის ქვედა ყბისა (1992 წ) და მოგვიანებით (2002 წ) თავის ქალების აღმოჩენა, რომლის ასაკი 1.8 მილიონი წლით თარიღდება და რომელიც უძველესია ევრაზიის კონტინენტზე (გაბუნია, ვეკუა, 1993, ლორთქიფანიძე, 2002). ეს აღმოჩენები მრავალრიცხოვან არქეოლოგიურ მასალასთან ერთად უეჭველს ხდის, რომ საქართველო და საერთოდ კავკასია ერთ-ერთი იმ რეგიონთაგანია, სადაც მიმდინარეობდა ანთროპოგენეზის პროცესი.

როგორც ცნობილია, ქვის ხანა განვითარების ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პერიოდია. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს არქეოლოგიური რუკა სწორედ ქვის ხანის ძეგლებით იხსნება. აქვე გვხდება ამ პერიოდის ადამიანთა სადგომები, გარდა პალეოლითისა (კახიძე, 1971). აღსანიშნავია ის, რომ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ქვის ხანის ძეგლები განლაგებულია, როგორც ზღვისპირა ზოლში, ასევე სუბალპურ და ალპურ ზონაში. მეზოლითადრენეოლითური ძეგლები აღმოჩენილია მდ. აჭარისწყლის აუზის ზემო ნაწილში ზღვის დონიდან 1000 მ-ზე მაღლა. მათგან მნიშვნელოვანია: ბეშუმი, ხიხაძირი, დანისპარაული, თიკანაური, სასვინტრია და სხვ. (კალანდაძე, 1986). ნეოლითის ძეგლები გამოვლინდა ჭვანისწყლის, ჩოლოქის, კინტრიშის, ჩაქვისწყლის, ყოროლისწყლისა და ჭოროხის ხეობებში (მამულაძე, 1991). ამათგან ჭოროხისწყლის ხეობაში აღმოჩენილი სადგომები ადრენეოლითს უნდა ეკუთვნოდეს, ხოლო მახვილაურისა – განვითარებულ ნეოლითს. ახალი ქვის ხანის განვითარებულ საფეხურს ეკუთვნის აგრეთვე კინტრიშის ნამოსახლარი (ბერძენიშვილი, ნებიერიძე, 1964).

გ. გრიგოლია გურია-აჭარის ადრენეოლითურ კულტურას აღმოსავლეთ საქართველოდან შემოსულად თვლის. მისი ვარაუდით, ეს კულტურა დაკავშირებულია მესხეთ-ჯავახეთისა და თრიალეთის ობსიდიანის საბადოებით მდიდარი რაიონების კულტურასთან, საიდანაც შემოდის დასავლეთ საქართველოში ობსიდიანთან ერთად (გრიგოლია, 1977).

რაც შეეხება სამხრეთ საქართველოს, კერძოდ სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიას, აქაც ისევე, როგორც მთელ კავკასიაში, ზედა 11 პალეოლითში კლიმატი შეიცვალა, აცივდა და მთის ზოლი უკაცრიელი გახდა, რის გამოც მისი ხელახალი ათვისება ქვის ხანის დასასრულიდან იწყება (ჯაფარიძე და სხვ., 1981).

შემდგომი ენეოლითური ეპოქის მასალები, რომელსაც თავდაპირველად მისი გავრცელების რაიონის მიხედვით ,,მტკვარარაქსის ენეოლითი” უწოდეს, საკვლევ რეგიონში წარმოდგენილია როგორც ნამოსახლარებით, ასევე სამარხეული კომპლექსით. მესხეთის ქვაბული და ჯავახეთის პლატო ინტენსიურად ,,მტკვარ-არაქსის კულტურის” ხანაში სახლდება (საქართველოს არქეოლოგია, 1991). ახალციხის ამირანის გორაზე აღმოჩნდა ,,მტკვარ-არაქსის” კულტურის დროინდელი მძლავრი ნამოსახლარი (ო. ჯაფარიძე და სხვ. 1981).

,,მტკვარ-არაქსის კულტურის” შესწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს ქართველ ტომთა წარმოშობის პრობლემასთან დაკავშირებით. ამ კულტურის ეთნიკური ატრიბუცია სპეციალურ სამეცნიერო ლიტერატურაში დღესაც არქეოლოგების, ისტორიკოსების, ლინგვისტების და ანთროპოლოგების პაექრობის საგანს წარმოადგენს.

სამცხე-ჯავახეთის ლითონის ნაწარმი ცხადყოფს ამ რეგიონში მეტალურგიის საკმაოდ მაღალი დონის არსებობას. აქაური ნივთების უმეტესობა, ისევე როგორც ,,მტკვარ-არაქსის კულტურის” ლითონის ნივთების დიდი ნაწილი, წინააზიურ მეტალურგიულ ცენტრში ჩამოყალიბებულ ფორმებს იმეორებს (ჯაფარიძე, 1981).

40-იან წლებში ბ. კუფტინმა თრიალეთის მაღალმთიან ზოლში შუაბრინჯაოს ხანის საინტერესო ძეგლები აღმოაჩინა, რასაც მან ,,თრიალეთის ყორღანების ბრწყინვალე კულტურა” უწოდა. ეს კულტურა ისეთივე თავისებური და ორიგინალური მოვლენაა, როგორც ,,მტკვარ-არაქსის” კულტურა (Куфтин, 1941). შემდგომში მას თრიალეთის ყორღანული კულტურა ეწოდა. ჯავახეთის პლატო თრიალეთის კულტურის ეპოქაში თითქმის დაუსახლებელი ჩანს.  შესაბამისად აქ არაა გამოვლენილი ამ ეპოქის ძეგლები. მესხეთში კი აღნიშნული კულტურა ვრცელდება ძვ. წ. აღრიცხვის II ათასწლეულის დასაწყისიდან, სამცხე-ჯავახეთის მაღალმთიანი ზოლის ათვისების დასაწყისად კი ,,მტკვარ-არაქსის კულტურის” განვითარებული საფეხური იქნა მიჩნეული (ო. ჯაფარიძე და სხვ., 1981)

გვიან ბრინჯაოს ხანა არის ტომთა მსხვილი გაერთიანების ეპოქა, რომელიც ვრცელ ტერიტორიაზე მეტ-ნაკლებად ერთგვაროვანი მაღალგანვითარებული კულტურის, ,,კოლხური კულტურის” ჩამოყალიბებაში აისახა. ,,კოლხური კულტურა” (რომლის სფეროში ექცევა ჩვენი საკვლევი რეგიონის უდიდესი ნაწილი) უშუალოდ დასავლურ ქართული ბრინჯაოს კულტურის განვითარების შედეგია (ო. ლორთქიფანიძე, 1966). იგი ძვ.წ.აღ. II-I ათასწლეულების მიჯნაზე ჯერ კიდევ სუსტად დიფერენცირებული ქართული ეთნიკური ჯგუფების კულტურა უნდა ყოფილიყო, რომელიც ისტორიული კოლხეთის მიწა-წყალს მოიცავდა. გვიან ბრინჯაოს ეს მეტად თავისებური კულტურა ვრცელდებოდა დღევანდელ დასავლეთ და სამხრეთ საქართველოს ისტორიული მესხეთის მიწა-წყალზე. ამ პერიოდში სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მჩქეფარე ინტენსიური ცხოვრება უწყვეტად გრძელდებოდა მთელ მომდევნო ეპოქებში. ჭოროხის აუზი აღიარებული იქნა, როგორც ბრინჯაოს მეტალურგიის ერთ-ერთი მძლავრი კერა. ისტორიული სამხრეთ საქართველოს ტერიტორია არქეოლოგიურად დღემდე შეუსწავლელია და მათზე წარმოდგენა მხოლოდ შემთხვევით აღმოჩენილი განძების მიხედვით გვაქვს. ე.წ. ყობანის, არსებითად კოლხური ბრინჯაოს კულტურის გავრცელების არეალის განსაზღვრისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ბრინჯაოს ნივთებს (კურტ ბიტელი, თარგმანი აკ. ს. ჯიქიასი). 

 საკვლევი ტერიტორია ინტენსიურად იყო ათვისებული რკინის წარმოების ხანაშიც, ეს განსაკუთრებით ითქმის აჭარის მდინარეთა ხეობების ტერიტორიაზე, რასაც მოწმობს მრავალფეროვანი რკინის ნაწარმი და რკინის სადნობი ქურები აჭარისწყლის, კინტრიშისა და ჩოლოქის აუზებში (გრძელიშვილი, 1964; ხახუტაიშვილი, 1964).

ამ მოკლე არქეოლოგიური მიმოხილვიდან ნათლად ჩანს, რომ საკვლევი რეგიონი ქვის ხანიდან მოყოლებული ინტენსიურად იყო დასახლებული. ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ტომები ფლობდნენ საკმაოდ მძლავრი მეტალურგიის კულტურის ელემენტებს. თუ რა ტომებით იყო დასახლებული ეს ტერიტორია, ამას ძველი ბერძნული, რომაული და აღმოსავლური წერილობითი წყაროები გვამცნობენ. საკვლევ ტერიტორიაზე მცხოვრები ქართული სუბეთნიკური ჯგუფების სათავეებს მიმოვიხილავთ საერთო ქართველური ტომების გენეზისის შუქზე. წერილობითი ძეგლები ძველი ქართული ტომების შესახებ ანტიკური პერიოდიდან მოგვეპოვება. V საუკუნის ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე ამტკიცებდა, რომ კოლხები ეგვიპტელები არიან და დასძენდა: ,,ამას მე თვითონ მივხვდი უწინ, ვიდრე მოვისმენდი სხვათაგან და ისე ვიტყოდი. . . ასე მეჩვენებოდა, რადგანაც კოლხები არიან შავგრემანები და ხუჭუჭთმიანები”. (ყაუხჩიშვილი, 1960).

დღეისათვის ანთროპოლოგიურად შესწავლილია კოლხური (დასავლურ-ქართული)… მოსახლეობის ათეულობით ჯგუფი და არცერთი მათგანი განსაკუთრებული შავგრემანობითა და ხუჭუჭთმიანობით არ გამოირჩევა. ამიტომ ეს მოსაზრება მეცნიერებაში თითქმის ერთხმადაა უარყოფილი.

XIX საუკუნის დასავლეთ ევროპელმა ისტორიკოსებმა (ლენორმანმა, მასპერომ და სხვ.) ქართველ ტომთა მერმინდელი მესხებისა და იბერების წინაპრებად მიიჩნიეს მცირე აზიაში ძვ. წ. აღ. XII-VII სს. დამოწმებული მუშქები და თაბალები. მათ მალე მიუმატეს  ქაშქები, როგორც კოლხების წინაპრები. ქართველთა წინაპრების წრეში შემოიყვანეს აგრეთვე ქსენოფონტეს მიერ ძვ.წ.აღ-მდე V საუკუნის დასასრულს ზემო მესოპოტამიაში მოხსენებული კარდუხები, რომელთა სახელი მართლა საოცრად გავს ქართველის სახელს ,,ქართუ”-ს. ლემან-ჰაუფტი თვლიდა, რომ ქართველები ჩრდილოეთ მესოპოტამიიდან მოსული კარდუხებისა და მცირე აზიიდან მოსული იბერების შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდნენ.

მოსაზრებამ ქართველი ტომების მცირე აზიიდან კავკასიაში, კერძოდ, დღევანდელ საქართველოში გადმოსახლების შესახებ ფართო გავრცელება ჰპოვა მას შემდეგ, რაც ეს თეორია გაიზიარა XX საუკუნის პირველი ნახევრის უდიდესმა ქართველმა მეცნიერმა ი. ჯავახიშვილმა. მან ქართველთა ტომების საკითხი დაუკავშირა კავაკასიაში მცხოვრები სხვა ხალხების ეთნოგენეზს და წამოაყენა მოსაზრება, რომ ძვ.წ.აღმ-დე I ათასწლეულში აქ მცხოვრებ ტომებში, ძირითადად ქართველთა მონათესავე ჩრდილო კავკასიური მოსახლეობა იგულისხმება და რომ ქართველები მოსული უნდა იყვნენ სამხრეთიდან (ჯავახიშვილი, 1913), რასაც არ იზიარებდნენ აკადემიკოსი ს. ჯანაშია და სხვები (ჯანაშია, 1936).

ჭანეთს თურქები თავდაპირველად ,,ლაზიკას” ეძახდნენ და ეცნობოდნენ მას ბერძნების მეშვეობით, რადგანაც ბერძნები ,,ლაზიკას” ეძახდნენ (ყაუხჩიშვული, 1934).

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია XVII საუკუნის თურქი ისტორიკოსის ევლია ჩელების ცნობები ტრაპიზონის მოსახლეობის შესახებ. კერძოდ, ის დასძენს, რომ სულთან მეჰმედ-II–მ ტრაპიზონის ციხე რომ აიღო, ყოველი მხრიდან ბევრი სხვადასხვა წარმოშობის ხალხი მოიყვანა ტრაპიზონში და მოსახლეობის უმრავლესობა ლაზებისგან შესდგებოდა (ჯიქია, 1954). 1872 წლის მონაცემებით. ტრაპიზონის საფაშოს 940 000 მცხოვრებიდან 600 000 კაცამდე ლაზი იყო, დღეს ოფიცილაური დოკუმენტებით ქრისტიანი ლაზი აღარ არსებობს, მათი დიდი ნაწილი ბერძნებად არის აღიარებული, თუმცა მათ ახსოვთ გადმოცემა თავიანთი ლაზური წარმოშობის შესახებ. წალკის რაიონის ბერძნების ნაწილი ლაზური წამოშობისაა. ისინი 1830-იანი წლების დასაწყისში ადრიანოპოლის ხელშეკრულების თანახმად ქვემო ქართლში ჩამოიყვანეს გიუმიშხანიდან და დაასახლეს. მათ ოფიციალურ საბუთებში ,,ბერძენი” ანუ ,,ურუმი” ერქვათ (ლომსაძე, 1979).

რაც შეეხება დღევანდელ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ ლაზებს, ისინი ეთნოკულტურული თავისებურებებით ძალიან დიდ მსგავსებას ავლენენ აჭარლებთან.

 

1.2. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ლინგვისტური თავისებურებანი

ცნობილია, რომ ენა არის უმნიშველოვანესი ეთნიკური ნიშანი. მას დიდი მნიშვნელობა აქვს ამა თუ იმ ხალხის ეთნოგენეზისსა და სუბეთნიკურ ჯგუფებს შორის გენეტიკური კავშირის დადგენისათვის.

საკვლევი რეგიონი საინტერესოა ლინგვისტური თვალსაზრისითაც. ძველი ბერძნებისა და რომაელებისათვის კავკასია “ენათა მთას” წარმოადგენდა და მათზე უდიდეს შთაბეჭდილებას ახდენდა. მოსალოდნელია, – წერდა ი.ჯავახიშვილი, რომ უცხოელი მკვლევარების ცნობები კავკასიაში მცხოვრები ერების შესახებ მათ ენათა მსგავსება-განსხვავებაზე ყოფილიყო დამყარებული (ჯავახიშვილი, 1937). ნ. მარი საქართველოს ცოცხალ ლინგვისტურ მუზეუმს უწოდებდა და აღნიშნავდა, რომ ჩვენ აქ გვაქვს, ერთის მხრივ, მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის მქონე სალიტერატურო ქართული ენა და მეორეს მხრივ კი, მრავალრიცხოვანი შეფერილობით განსხვავებული ცოცხალი კილოები (Mаpp, 1910). 

 საკვლევ არეალში გავრცელებულია ქართველური ანუ იბერიული ენების საკუთრივ ქართული და ლაზური (მეგრულ-ჭანური) ენების დიალექტები: აჭარული, მესხური, ჯავახური, იმერხევური და ჭანური ანუ ლაზური. ეს ენები თავდაპირველად სვანურთან ერთად ეკუთვნოდნენ საერთო ქართულ ფუძე-ენას. მეოცე საუკუნის 30-იან წლებში ცნობილმა გერმანელმა ენათმეცნიერმა გ. დეეტერსმა მოგვცა საერთო ქართველური ფუძე-ენის დიფერენციაციის ასეთი სქემა:

 

 სადაც:

A – არის საერთო ქართველური ფუძეენა

B – ქართულ-ზანური (ქართულ-კოლხური) 

C – ქართული

D – ზანური (მეგრულ-ჭანური)

G – სვანური

სქემიდან ჩანს, რომ საერთო ქართველური ფუძეენის დაყოფა მოხდა ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე ქართულად და სვანურად, მეორე ეტაპზე კი ქართული და ზანური გაიყო და ცალკე ერთეულებად ჩამოყალიბდა. დიფერენციაციის ამ სქემას ძირითადად იზიარებენ ცნობილი ქართველი და რუსი ენათმეცნიერები (გამყრელიძე, მაჭავარიანი, ქურდიანი, კლიმოვი, ივანოვი და სხვ). უფრო შორს მიდის მ. ქურდიანი, რომელიც წერს: ,,სოციოლინგვისტური თვალსაზრისით იმერხეული ქართული თურქული ენის დიალექტია” (ქურდიანი, 1996).

ცნობილ ენათმეცნიერთა ერთი ნაწილი ასეთ დაყოფას არ ეთანხმება და თვლის რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქართული ენის დიალექტებია და მეტი არაფერი. (ფუტკარაძე 2005). მას უამრავი არგუმენტი მოყავს მ. ქურდიანის მოსაზრების საწინააღმდეგოდ და ასკვნის, რომ ქართული ენა თურქეთში (იმერხევში) არის არა თურქული ენის დიალექტი, არამედ ეთნიკური უმცირესობის ენა (ფუტკარაძე 2006).

ქართველური ენების შემდგომი დიფერენციაციით მივიღეთ მრავალფეროვანი და თავისებურებებით უხვი დიალექტები, მათ შორის ჩვენს მიერ დასახელებული და საკვლევ რეგიონებში გავრცელებული დიალექტები (აჭარული, იმერხეური, ჭანური ანუ ლაზური). ცნობილია, რომ ენასთან (დიალექტთან) მჭიდრო კავშირშია ამ ენის (დიალექტის) მატარებელი ეთნოსისა ისტორია და ეთნოგრაფია. ჩვენის მხრივ დასძენთ, რომ ენასთან (დიალექტთან) მჭიდრო კავშირშია მისი მატარებელი ეთნოსის (სუბეთნოსის) ანთროპოლოგიაც.

თავისი გავრცელების არეალით, ცალკეულ დიალექტზე მოლაპარაკე მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში უდიდესია აჭარული დიალექტი. აჭარულ დიალექტზე მეტყველებენ აჭარის ხუთივე რაიონის თითქმის ყველა სოფლის, ასევე გურიის, მესხეთის, ჯავახეთის, ქართლისა და კახეთის უამრავ სოფლში კომპაქტურად მცხოვრები ზემო აჭარის მკვიდრი მოსახლეობა.

ბგერითი შემადგენლობით აჭარული დიალექტი ქართული სალიტერატურო ენისაგან თითქმის არ განსხვავდება, მაგრამ ზოგიერთ თავისებურებებს მაინც შევამჩნევთ, რაც სალიტერატურო ქართულისაგან განასხვავებს მას (ნოღაიდელი, 1936).

შ. ნიჟარაძემ მონოგრაფიულად შეისწავლა აჭარული დიალექტი და დაყო ზემო და ქვემო აჭარულად. ქვემო აჭარული, როგორც აჭარული დიალექტის ძირითადი კილოკავური ერთეული, ტერიტორიულად მოიცავს ქედისა და ხელვაჩაურის (ამ უკანასკნელის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს) რაიონებში შემავალ სოფლებს. შ. ნიჟარაძის აზრით, ხელვაჩაურის ბარის მეტყველებაში ყურადღებას იქცევს ზანიზმები. კირნათ-მარადიდის, ახლასოფლისა და გონიოს მკვიდრთა მეტყველებისათვის დამახასიათებელია მეგრულ-ჭანურის მსგავსი სინტაქსური კონსტრუქციები, ხოლო ზემო და ქვემო აჭარული კილოკავების შედარებამ ქობულეთის რაიონის მკვიდრთა მეტყველებასთან ავტორი იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ არსებობს რეალური საფუძველი, სადიფერენციაციო ნიშნების სახით, რათა ქობულეთური მეტყველება მივიჩნიოთ აჭარულ დიალექტში შემავალ ცალკე კილოკავურ ერთეულად. სამივე კილოკავი ორგანულადაა შეხამებული აჭარულში და ერთიანი სისტემის სახით წარმოდგენილი (ნიჟარაძე, 1971).

რაც შეეხება აჭარულის მიმართებას იმერხეულთან, მთელი რიგი თავისებურებებით ეს ორი კილო იმდენად ემსგავსება ერთმანეთს, რომ ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ორივე ერთ დიალექტს წარმოადგენს. ისტორიულად შეიძლება ასედაც იყო, მაგრამ ამჟამინდელი ლინგვისტური მონაცემებით აჭარული დამოუკიდებელ კილოდ არის მიღებული.

ქვემო აჭარული დიალექტი დიდ მსგავსებას ავლენს აგრეთვე გურულ დიალექტთან. ა. ჩიქობავას იმდენად ახლოს მდგომად მიაჩნია აჭარული და გურული კილოები, რომ იგი აჭარულ-გურულ დიალექტს გამოყოფს და მისი აზრით, ამ უკანასკნელს შეუძლებელია გარკვეული როლი არ შეესრულებინა თანამედროვე სალიტერატურო ქართული ენის ფორმირებაში (ჩიქობავა, 1951). აჭარულის (განსაკუთრებით ქვემო აჭარულის) მსგავსება გურულთან დადასტურებულია სხვა მკვლევარების შრომებშიც (ჟღენტი, 1936., ჯაჯანიძე, 1977., ჩიქობავა, 1936., ფუტკარაძე, 1986).

აჭარის გეოგრაფიულ, ეთნოგრაფიულ დაყოფასთან შეუსაბამისობასა და სხვა მიზეზთა გამო აჭარული დიალექტის ასეთნაირად დაყოფა რიგ მეცნიერთა მიერ არ იქნა გაზიარებული (გიგინეიშვილი და სხვ. 1961.; მიქელაძე, 1988). მიუხედავად ამისა, არავინ კამათობს იმაზე, რომ აჭარული მეტ-ნაკლებად სიახლოვეს იჩენს ყველა დიალექტთან, რომელთა გარემოშიც ის მდებარეობს.

მესხური დიალექტის ამჟამინდელი განვითარების არეალია მდ. მტკვრის აუზის ის ტერიტორია, რომელზედაც დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფით ახალციხის, ასპინძისა და ადიგენის რაიონები მდებარეობს. დასახელებულ რაიონთა 22 სოფელში ცხოვრობს მესხურ დიალექტზე მოლაპარაკე ქართული მოსახლეობა. მესხური, ჯავახურთან ერთად, საქართველოში ისტორიულად გავრცელებული მესხური კილოს ნაშთია. ჭოროხის აუზის დიალექტი უფრო სამხრეთულ დიალექტებთან ერთად წარსულში კი ქართული ენის სამხრეთულ განშტოებასა და სალიტერატურო ენის ერთ-ერთ საყრდენ კილოს წარმოაგენდა (ძიძიგური, 1990).

მესხური კილო ძირითადად ქართლურია, საკმაო რაოდენობით შეიცავს აჭარული დიალექტისათვის დამახასიათებელ თავისებურებებს და მეზობელ აღმოსავლურ ენათა გავლენის ელემენტებს. მის შემადგენლობაში გამოიყოფა დასავლურ კილოთა სინამდვილისათვის დამახასიათებელი დიდი ფენა. განსაკუთრებით საყურადღებო ისაა, რომ ვღებულობთ ,,სიმპტომატურ ნაზავს”, რომელშიც ერთიანდება ტიპური ქართლური ფორმები და ტიპური იმერულ-აჭარულ-გურული კილოების ელემენტები. ამდენად შეიძლება ითქვას, რომ მესხური რამდენადმე გარდამავალი ტიპის დიალექტია (ძიძიგური, 1954).

ისტორიულ მესხეთში ზანური სუბსტრატი უცილობელ ფაქტორად არის მიჩნეული, ამასთან ზანიზმები მესხურ დიალექტში ხშირად ემთხვევა ზანიზმებს დასავლურ დიალექტურ წრეში (ბერიძე, 1986). მესხურში ბევრია კოლხური წარმოშობის ტოპონიმები: ზანავი, ცხროჭა, ხვილიშა და სხვ. მეორეს მხრივ, მესხურს გარკვეული წვლილი უნდა შეეტანა ისტორიულად დასავლურ კილოებში იმერხეულ-აჭარულის გზით (გიგინეიშვილი, 1961).

ჯავახური მეტყველება, რომელიც ქართული ენის დიალექტთა სამხრეთულ ჯგუფში შედის და გავრცელებულია ძირითადად, ახალქალაქისა და ნაწილობრივ ასპინძის რაიონებში. ჯავახეთი ისტორიულად უფრო მეტ ტერიტორიას მოიცავდა, ვიდრე ამჟამად (მარტიროსოვი, 1984). ჯავახური კილო, როგორც გავრცელების არეალით, ასევე დიალექტურად და ლექსიკურად ახლოს დგას მესხურთან, ეს სიახლოვე ისეთი დონისაა, რომ ზოგი მკვლევარი ჯავახურს, როგორც ცალკე დიალექტოლოგიურ ერთეულს არც კი გამოყოფს და მესხურთან ერთად განიხილავს, როგორც ამ უკანასკნელის კილოკავს და არა ცალკე კილოს, რადგანაც ბევრი ენობრივი მოვლენა და განვითარების ტენდენციები მათ საერთო აქვთ (ჯორბენაძე, 1989). იგი ქართული ენის დიალექტთა ადრეულ კლასიფიკაციაში ჯავახურს ცალკე დიალექტად არ გამოყოფს და აერთიანებს მესხურში. ამავე აზრისაა შ. ძიძიგურიც (ძიძიგური, 1954). გ. ახვლედიანი კი მესხურსა და ჯავახურს დიალექტებად საერთოდ არ გამოყოფს და მათ ქართლურს მიაკუთვნებს (ახვლედიანი, 1972).

ქართველ ენათმეცნიერთა უმრავლესობა მესხურს და ჯავახურს განიხილავს როგორც ქართული ენის ცალ-ცალკე დიალექტებს. ეთნოგრაფიაშიც და ანთროპოლოგიაშიც დამკვიდრებული ტრადიციების მიხედვით ისინი ცალ-ცალკე სუბეთნიკური ჯგუფების სახით განიხილება. ამ საკითხის ირგვლივ აზრთა ასეთი პოლარიზება იმითაც არის განპირობებული, რომ ენათმეცნიერებაში დღემდე არ არის შემუშავებული კილოებისა და კილოკავების გამიჯვნის ერთიანი, უნიფიცირებული კრიტერიუმები.

იმერხეული კილო ლოკალიზებულია დღევანდელი საქართველოს საზღვრებს გარეთ, თურქეთის რესპუბლიკის შავშეთის ოლქის ჩრდილოეთ ნაწილში, ჭოროხის მარცხენა შენაკადის მდინარე იმერხევისწყლის აუზის სოფლებში. პირველი მეცნიერი, რომელმაც მე-20 საუკუნის დასაწყისში იმოგზაურა და მასალები შეაგროვა, ნ. მარი იყო. სწორედ მის მიერ შეგროვილი მასალების მიხედვით ეწოდა კილოსაც იმერხეული. ნ. მარი იმ დროისათვის ამ ხეობაში ასახელებს 12 ქართულენოვან სოფელს. ამჟამად იმერხევში 21 ქართული სოფელია (ცეცხლაძე. 2002) ალბათ, მაშინდელი ადმინისტრაციულ დაყოფით სოფლები უფრო მსხვილი იყო. ახლანდელი ადმინისტრაციული დაყოფით კი ზოგიერთი სოფლების უბნები ცალკე სოფლებად არის გამოყოფილი და ამით უნდა აიხსნას სოფელთა ასეთი რაოდენობრივი განსხვავება.

 ტერმინი იმერხევი ვიწროა და პირობითი, ვინაიდან იმერხევისწყლის ხეობა, საიდანაც ამ დიალექტის სახელი მომდინარეობს შავშეთ-კლარჯეთის მცირე ნაწილია და ამ კილოს შავშური ან შავშურ-კლარჯული შეიძლება დარქმეოდა (გიგინეიშვილი და სხვ. 1961), ამავე აზრისაა ა. ჩიქობავაც, რომელიც აღნიშნავს – უსათუოდ უნდა არსებულიყო სხვა დიალექტური წრე, რომლიდანაც სალიტერატურო ქართულმა შეითვისა მთელი რიგი მოვლენები. ეს კილო აჭარის სამხრეთით ტაოსა და კლარჯეთში უნდა ვივარაუდოთ (ჩიქობავა, 1938).

ისტორიული სამხრეთ საქართველოს შესწავლაში ახალი ხანა დაიწყო 1988 წლიდან, მას შემდეგ რაც სარფის კარით შესაძლებელი გახდა ამ პროვინციასთან დაკავშირება. ამ დროიდან იწყება დიალექტოლოგიური, ეთნოგრაფიული და ანთროპოლოგიური გამოკვლევები იმერხევის ტერიტორიაზე.

საკვლევი რეგიონის უკიდურეს სამხრეთ დასავლეთ ნაწილში გავრცელებული ლინგვისტური ერთეულია მეგრულ-ჭანური, ანუ ლაზური. იგი უდამწერლობოა და ძირითადად, დღევანდელ დასავლეთ საქართველოსა და თურქეთის ლაზისტანშია გავრცელებული (ჩიქობავა, 1936). იგი 2 ძირითადი დიალექტითაა წარმოდგენილი, მეგრულითა და ლაზურით. აქედან საკვლევ რეგიონში ლაზურია გავრცელებული. ნ. მარი ჭანურს და მეგრულს ცალ-ცალკე ენებად თვლიდა (Mapp, 1910). ცალკე ენად თვლიდა ჭანურს გ.ახვლედიანიც (ახვლედიანი, 1972), მაგრამ თანამედროვე ქართველ და უცხოელ ენათმეცნიერთა უმრავლესობა ჭანურს ანუ ლაზურს მიიჩნევდნენ კილოდ და არა ენად. ჭანური და მეგრული – წერს ცნობილი ენათმეცნიერი ა. ჩიქობავა ამ საკითხის შესახებ, ერთი ენის ორი კილოა, ამას ცხადყოფს ფონეტიკური და მორფოლოგიური სისტემა, ლექსიკის ძირითადი მარაგი (ჩიქობავა,1952). იმავე აზრს ავითარებს ვ. თოფურია, რომელიც აღნიშნავს ბოლო ხანებამდე ორ ენად მიჩნეული მეგრული და ჭანური, მათი ურთიერთობის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ, ორ კილოდ არის გამოცხადებული, ხოლო ენა რომელსაც ისინი წარმოადგენენ ზანური ეწოდება (თოფურია, 1963). სვანები ახლაც “ზანებს” უწოდებენ მეგრელებს. “ზანე” ეწოდება სამეგრელოს ყაბარდოულად. “ზანა” სოფელი და 23 მდინარეა სამეგრელოში, “საზანო” – იმერეთში. ასე რომ, ეს ტერიტორია საკვლევად შემთხვევით არ აგვირჩევია (ჩიქობავა, 1936).

უკანასკნელ ხანებში მეგრულ-ჭანურის აღსანიშნავად მკვიდრდება ტერმინი “კოლხური” (შანიძე, 1973). მეგრული და ჭანური ამჟამად ერთმანეთს მოწყვეტილია, ძველად დაახლოებით 18 საუკუნის წინ “ჭანური” უშუალოდ მიჰყვებოდა “მეგრულს”, წარმოადგენდა მის გაგრძელებას (ჯავახიშვილი, 1952). ახლა კი მათ შორის ლოკალიზებულია ქართული ენის გურული და აჭარული დიალექტები. შევიწროვდა ჭანური დიალექტის გავრცელების ზღვის გასწვრივი ზოლიც. იგი პროკოფი კესარიელის ცნობით, შავი ზღვის სანაპიროდან სამხრეთით მთებში მოსახლე ტომის მეტყველება იყო, ხოლო აღმოსავლეთიდან ტრაპიზონამდე და ტრაპიზონის სამხრეთით გიუმიშხანამდის მოსახლეობა ჭანურად მეტყველებდა (ჩიქობავა, 1936).

ჩვენს საკვლევ რეგიონში ლაზები კომპაქტურად ცხოვრობენ, ხელვაჩაურის რაიონის ორ სოფელში კვარიათსა და სარფში, რამდენიმე ოჯახი ცხოვრობს იმავე რაიონის სოფლებში: გონიოში, თხილნარში, მახოში, სიმონეთსა და ახალსოფელში.

ამრიგად, ქართული და ზანური ენების დიალექტების განხილვიდან ნათლად ჩანს, ერთის მხრივ, ქართული ენის აჭარულ, მესხურ, ჯავახურ და იმერხეურ კილოებს შორის დიდი მსგავსება, მერეს მხრივ, ზანურის მეგრულ-ჭანურ კილოებს შორის არანაკლები მსგავსება.

 

1.3. მოსახლეობის ანთროპოგენეტიკური გამოკვლევების მოკლე მიმოხილვა

ისტორიულ, ეთნოგრაფიულ, ლინგვისტურ და სხვა დარგებისგან განსხვავებით საქართველოს მოსახლეობის ანთროპოლოგიური და გენეტიკური კვლევა საკმაოდ გვიან დაიწყო. ამ მიმართულებით ევროპელ და რუს მეცნიერთა ყურადღება მხოლოდ XIX საუკუნის ბოლოს იქნა მიპყრობილი, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ თვით ასეთი სახის კვლევა-ძიება რუსეთსა და საქართველოში საკმაოდ გვიან დაიწყო.

 სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ანთროპოგენეტიკური შესწავლა მთლიანი საქართველოს მოსახლეობის კვლევის განუყოფელი ნაწილია. ამიტომ მიზანშეწონილად მიგვაჩნია საკვლევი რეგიონის ანთროპოგენეტიკური შესწავლის ზოგადი მიმოხილვა მთელი საქართველოს მოსახლეობის შესწავლის ისტორიის ფონზე. აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ საბჭოთა პერიოდში საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მოსახლეობის გენეტიკური შესწავლა პოლიტიზირებული იყო მაშინდელი სახელმწიფო იდეოლოგიის გამო, უფრო მეტიც, გარკვეული პერიოდი საერთოდ გენეტიკა ტაბუირებული იყო. ამიტომ ამ დარგის განვითარება გარკვეულწილად შენელდა და მხოლოდ გასული საუკუნის სამოციანი წლებიდან იწყება ინტენსიური კვლევა-ძიება ამ მიმართულებით. ამ მხრივ ანთროპოლოგია, კერძოდ, მისი მორფოლოგიური ნაწილი უფრო ადრე იწყებს განვითარებას, კერძოდ მასალების შეგროვებისა და კვლევის დასაწყისად მიჩნეულია XIX საუკუნის 70-იანი წლების დასაწყისი. სწორედ ამ პერიოდში საქართველოს სამხედრო გზის სარეკონსტრუქციო სამუშაოების დროს საქართველოს ძველ დედაქალაქ მცხეთასთან აღმოჩენილი იქნა ქვაყუთის ტიპის სამარხები. აღნიშნულ სამარხების შესასწავლად “კავკასიის არქეოლოგიის მოყვარულთა საზოგადოებამ” მცხეთაში მოავლინა ერთ-ერთი თავისი წევრი, ავსტრიელი ბუნებისმეტყველი ფრიდრიხ ბაიერნი. მან მცხეთის სამაროვანზე თავისი დაკვირვებების, არქეოლოგიური და კრანიოლოგიური აღმოჩენების მიმოხილვა გამოაქვეყნა გაზეთ “კავკაზ”-ში (Байерн,1872,1873). მანვე შემდგომ 25 წლებში იგივე რეგიონში შეაგროვა არქეოლოგიური და კრანიოლოგიური მასალები. მართალია, ბაიერნს აღნიშნული მასალების რაიმე სერიოზული ანალიზი არ უწარმოებია და ამიტომაც საჭიროდ არ ჩავთვალეთ მისი მონაცემების აქ მოტანა, მაგრამ მისი დამსახურება მაინც მნიშვნელოვანია, რადგან ფაქტობრივად საფუძველი მან ჩაუყარა პალეოანთროპოლოგიური მასალების შეგროვებას საქართველოში. ბაიერნის მიერ მოპოვებული პალეოანთროპოლოგიური მასალების ანალიზი სცადა ს. სცეპურამ. მან ნაშრომს დაურთო ცხრილები და ფოტომასალები. სცეპურა სამთავროს თავის ქალებს მაკროცეფალებს უწოდებს (Сцепура, 1875). სამთავროს ტერიტორიაზე მოპოვებული თავის ქალები შეისწავლეს სმირნოვმა (Smirnov,1877) და ვირხოვმა (Virchov, 1883). ეს უკანასკნელი წერდა მოცემული ძვლოვანი მასალების გრძელთავიანობის შესახებ და აღნიშნავდა: თანამედროვე ქართველები მოკლეთავიანები არიან. ამიტომ ისინი გვიან არიან მოსულიო. ამრიგად, ვირხოვი და ზოგიერთი სხვა უცხოელი ავტორი ქართველებს თავიანთ სამშობლოში არააბორიგენებად მიიჩნევდა. ამ მცდარი აზრის გაბათილებას საკმაო დრო, დიდი ძალა და შრომა დასჭირდა.

აღსანიშნავია, რომ ჩვენს მიერ დასახელებული ზოგიერთი ავტორი საქართველოს მოსახლეობას სწავლობს მხოლოდ კრანიოლოგიურად. ამასთან საკვლევი რეგიონის გეოგრაფია ძირითადად მცხეთა-სამთავროს ტერიტორიით შემოიფარგლებოდა. კავკასიისა და საქართველოს მოსახლეობის ანთროპოლოგიური შესწავლა, სომატოლოგიური პროგრამითაც იწყება XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან რ. ერკერტისა და ე. შანტრის მიერ.

ერკერტს თავის ნაშრომებში (Эркерт, 1881,1883). მოჰყავს 43 ქართველის ანთროპომეტრიული გაზომვების შედეგები. ჩვენი საკვლევი რეგიონი მის შრომებში წარმოდგენილია მხოლოდ 4 ინდივიდით, რომლებიც მან შეისწავლა როგორც ანთროპომეტრიული, ისე ზოგადი ანთროპოსკოპიული ნიშნის მიხედვით, სახელდობრ, აღწერილობითი ნიშნის მიხედვით ის აჭარლებს შემდეგნაირად ახასიათებს: სწორი ცხვირი გრძელი ფუძით, წინ წამოწეული კბილები, ოდნავ დაქანებული სწორი შუბლი, თვალები ვიწრო, თაფლისფერი, ოდნავ მომწვანო, წარბები ხშირი, თმები მუქი. მისი გაზომვებით აჭარლების თავის სიგრძე 180.5 მმ-ია, სიგანე 156.7 მმ, სახის მორფოლოგიური სიმაღლე 124 მმ, ფიზიონომიური სიმაღლე 181.7 მმ, ყვრიმალთაშორისი დიამეტრი 147.0 მმ, ქვედა ყბის დიამეტრი 109.0 მმ.

1887 წელს ე. შანტრის მიერ თმის ფერის, თავის, სახისა და ცხვირის მაჩვენებლების მიხედვით შესწავლილი იქნა 27 ლაზი. ამ 27 ინდივიდიდან, ავტორის აღწერით მხოლოდ 4 ინდივიდს ჰქონდა შერეული ფერის თვალები, დანარჩენს-მუქი ფერის (Chantre,1887).

იმავე წელს რამდენიმე სომატოლოგიური ნიშნის მიხედვით აჭარლებზე ანთროპოლოგიური დაკვირვების შედეგები გამოაქვეყნა ვ.ლისოვსკიმ, რომელიც მათ შემდეგნაირად ახასიათებს: აჭარლების ტომი გამოირჩევა სხეულის მაღალი ზომებით, სიგამხდრით, დაკუნთული და ათლეტური ტანით, მაღალი და წვრილი წელით, ფართო ბეჭებით, ოვალური სახით, სწორი ან მცირედ კეხიანი ცხვირით, შავი თვალებით, შავგრემანი მკრთალი კანით (Лисовский,1887).

სოლიდური რაოდენობის მასალებით და ფართო გეოგრაფიით გამოირჩევა კავკასიის სამხედრო ოლქის საგანგებო დავალებათა ექიმისა და ანთროპოლოგის ი. პანტიუხოვის გამოკვლევები. მან სხვადასხვა დროს შეისწავლა ოზურგეთის მაზრის გურულები, ახალციხის მაზრის მესხები და ჯავახები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია 1900 წლის გამოქვეყნებული “კავკასიის რასები” (Пантюхов, 1900). ეს ნაშრომი ჩვენთვის მრავალმხრივ არის  საინტერესო. ჯერ ერთი მასში შესულია ქუთაისის გუბერნიის 26 ლაზის თავის ქალის მაჩვენებლის მიხედვით შესწავლის შედეგები, რომელიც მისი გამოთვლებით 86.9 მმ-ის ტოლია, რაც შემდგომი გამოკვლევებით დიდი სიზუსტით დადასტურდა (აბდუშელიშვილი, 1977) და მეორეს მხრივ, ეს გამოკვლევა საინტერესოა იმით, რომ მასში შეჯამებულია ავტორის ორი ათეული წლის ანთროპოლოგიური გამოკვლევები კავკასიაში და ჩამოყალიბებულია ძირითადი დებულება კავკასიის მოსახლეობის ანთროპოლოგიის ავტორისეული ხედვისა, რაც შემდეგში მდგომარეობს: იმიერკავკასიაში (იგულისხმება სამხრეთკავკასია ო.ც.) უძველესი ტომები იყვნენ დოლიქოცეფალები, რომელთაც აქ, როგორც ყველგან, გაბატონებული მდგომარეობა ეკავათ და მათთან ერთად იყვნენ ბრაქიცეფალებიც, რომლებიც ყოველთვის ქვეშერდომების როლს თამაშობდნენ. ამ შემთხვევაში ვინვის ჩაგრავდა, ჩვენ ნაკლებად გვაინტერესებს. აქ მთავარია ავტორის მოსაზრება ამიერკავკასიაში ორი განსხვავებული კრანიოლოგიური ტიპის თანაარსებობის შესახებ.

მე-20-ე საუკუნის დასაწყისიდან მოყოლებული ახალი მასალების დაგროვების, პროგრამებისა და კვლევის მეთოდების დახვეწის შედეგად ფ. ბაიერნის, ს. სცეპურას, მ. სმირნოვის, რ. ერკერტის, ე.შანტრის, ი.პანტიუხოვის და სხვების ანთროპოლოგიურმა დაკვირვებებმა და გამოკვლევებმა შემდგომი ეპოქის ანთროპოლოგთა შრომებში ვერ ჰპოვეს დადასტურება (ამის შესახებ უფრო დეტალურად ქვემოთ შევნიშნავთ), ეს გასაგებიცაა, ვინაიდან მათ მიერ შესწავლილ ინდივიდთა რაოდენობა ძალზე მცირე იყო, ანთროპოლოგიური კვლევის მეთოდიკა შემოიფარგლებოდა კრანიოლოგიით და სომატოლოგიით. ამასთან ამ პროგრამებით შესწავლაც მეტად მცირერიცხოვანი ვიზუალური (ანთროპოსკოპული) და მეტრული ნიშნებით შემოიფარგლებოდა. მათ მიერ შესწავლილი ნიშნები ტაქსონომიურად  ნაკლებად ღირებული იყო. ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, XIX საუკუნის უკანასკნელი მეოთხედის ამ დარგის მკვლევართა შრომების იგნორირება მაინც არ შეიძლება თუნდაც იმიტომ, რომ მათ ხელი შეუწყეს პალეოანთროპოლოგიური და სომატოლოგიური მასალების შეგროვებას, მათ კამერალურ დამუშავებას და საფუძველი ჩაუყარეს შემდგომში უფრო ინტენსიურ ანთროპოლოგიურ კვლევა-ძიებას.

ქართველი ხალხისა და მთელი საქართველოს მოსახლეობის ანთროპოლოგიის სისტემატური შესწავლა იწყება მე-20-ე საუკუნის დასაწყისიდან, როდესაც ცნობილი ქართველი ანთროპოლოგი და გეოგრაფი ა. ჯავახოვი (ჯავახიშვილი) იწყებს ინტენსიურ კვლევა- ძიებას. 1908 წელს გამოქვეყნდა ა. ჯავახიშვილის ფუნდამენტური შრომის “საქართველოს ანთროპოლოგიისათვის” I ტომი, რომელიც მიეძღვნა ქართლისა და კახეთის მოსახლეობის შესწავლას, სადაც მან გამოიკვლია 300 ინდივიდი. ავტორი აგრძელებს საქართველოს სხვა კუთხეების მოსახლეობის შესწავლას (კერძოდ მთიულეთის, იმერეთის, რაჭის, გურიის, სამეგრელოს) და გამოსცემს დასახელებული მონოგრაფიის მეორე ტომს (Джавахов,1908). ა.ჯავახიშვილის გამოკლევებით დადასტურდა, რომ საქართველოს ზემოთ ჩამოთვლილი კუთხეების ქართველები ერთმანეთთან ანთროპოლოგიური ნიშნების მიხედვით დიდ მსგავსებას იჩენენ, განსხვავებანი კი უმნიშვნელოა. ამასთან ქართველები წარმოადგენენ განსაკუთრებულ და დამოუკიდებელ ჯგუფს, რომელსაც ა. ნათიშვილი ქართველურს უწოდებს. იმ დროის ისტორიკოსებისაგან განსხვავებით, რომლებიც ქართველთა არაავტოქტონურობას ამტკიცებდნენ, ეს მოსაზრება ახალი სიტყვა იყო და განამტკიცებდა ლინგვისტურ მონაცემებს, რომლებიც ჩვენ ზემოთ ავღნიშნეთ.

 ამავე პერიოდში ა.ჯავახიშვილი მუშაობს ქართველთა ეთნოგენეზის ისეთ უმნიშვნელოვანეს საკითხზე, როგორიცაა დილოქოცეფალია ქართველთა შორის და მიაჩნია, რომ ეს მოვლენა ევროპული ან მცირე აზიური უნდა იყოს და საქართველოში მოგვიანებით უნდა იყოს შემოსული, მისი აზრით, ამ მოვლენის სრულყოფილ ახსნას უფრო მდიდარი პალეოანთროპოლოგიური მასალა სჭირდება და ამდენად მომავლის საქმეს წარმოადგენს.

XX საუკუნის 20-იანი წლების შრომებში ა. ჯავახიშვილი იძლევა კავკასიის თანამედროვე მოსახლეობის ანთროპოლოგიის სრულიად ახალ ორიგინალურ სქემას, რომლის მიხედვით აუცილებელია კავკასიური მოდგმის გამოყოფა და ის თვლის, რომ კავკასიური მოდგმა 4 ჯგუფად უნდა დაიყოს: ქართულ, ჩერქეზულ, ლეკურ და სომხურ ჯგუფებად. ამასთან ქართველებს ნიშანთა კომპლექსით ამ მოდგმის ფარგლებში უფრო განცალკევებული მდგომარეობა უკავიათ, ხოლო ლეკები, ჩერქეზები და სომხები უფრო დიდ სიახლოვეს ავლენენ ერთმანეთთან. აქვე ახასიათებს რა ქართველებს, ავტორი შენიშნავს, რომ ქართველები სხვაგან კომპაქტურად არსად არ არიან გავრცელებული და ამდენად ისინი უეჭველად კავკასიის აბორიგენ მოსახლეობას წარმოადგენენ (ჯავახიშვილი, 1923).

საქართველოს მოსახლეობის ანთროპოლოგიურ შესწავლაში დიდი დამსახურება მიუძღვის ვ. ბუნაკს. მან კავკასიის მოსახლეობისადმი მიძღვნილ თავის ფუნდამენტურ გამოკვლევაში “კავკასიის მოსახლეობის ანთროპოლოგიური შემადგენლობა” (Бунак,1946) მოგვცა კავკასიის მოსახლეობის ანთროპოლოგიური კლასიფიკაცია. საქართველოს მოსახლეობაში გამოყო 3 ტიპი:

1) დასავლეთის ანუ ქვემო რიონის;

2) ცენტრალური ანუ ყვირილას;

3) აღმოსავლეთის ანუ ლიახვ-ალაზნის.

სამწუხაროდ, აღნიშნულ კლასიფიკაციაში ჩვენი საკვლევი რეგიონი ვერ მოხვდა, მაგრამ სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ 30 საქართველოს მოსახლეობის ანთროპოლოგიური ადგილის განსაზღვრისათვის ამ დაყოფას გარკვეული მნიშვნელობა აქვს.

1948 წელს გამოვიდა ვ.დებეცის ცნობილი მონოგრაფია “სსრკ პალეოანთროპოლოგია”. ნაშრომში საქართველოს პალეოანთროპოლოგია წარმოდგენილია მცხეთის VII საუკუნის სამაროვანზე ე. თაყაიშვილის მიერ აღმოჩენილი რამდენიმე თავის ქალათი. ავტორის აზრით, ძვლოვანი მასალები უეჭველად მიეკუთვნება თანამედროვე ქართველების წინაპრებს, თუმცა, თავის ქალების ფორმა გამოხატული დოლიქოკრანულია, ე.ი. თანამედროვე ბრაქიკრანული ქართველებისაგან განსხვავებული. რაც სხვადასხვა რასობრივ ჯგუფებში ბრაქიკეფალიზაციის პროცესის ფართო გავრცელების კიდევ ერთი დამადასტურებელი ნიშანია, ან შედარებით გვიანდელი ავტოქტონური პროცესებით აიხსნება (Дебец, 1948).

საქართველოს სუბეთნიკური (ეთნოგრაფიული) და ტერიტორიული ჯგუფების, ქართველთა მეზობელი ტომების და ეთნოსების კვლევამ, განსაკუთრებით ფართოდ გაიშალა, სისტემატიური და საფუძვლიანი სახე მიიღო XX საუკუნის 50-იანი წლების დასაწყისიდან, როდესაც აკადემიკოს ა.ნათიშვილის თაოსნობით საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მორფოლოგიის ინსტიტუტთან საფუძველი ჩაეყარა ანთროპოლოგიის განყოფილებას. 1950 წელს ანთროპოლოგიის განყოფილების ექსპედიციამ ა. ნათიშვილის ხელმძღვანელობით შეისწავლა საქართველოს მოსახლეობის 15 ეთნოტერიტორიული ჯგუფი, მათ შორის ჩვენი საკვლევი რეგიონიდან, ხულოსა და ქედის რაიონებში აჭარლები, ხელვაჩაურის რაიონში, ტრაპიზონის ვილაეთიდან გადმოსახლებული ლაზები (ნათიშვილი, აბდუშელიშვილი,1953).

ექსპედიციამ მომდევნო წლებშიც განაგრძო მუშაობა. შეგროვილი მასალების ანალიზის საფუძველზე ა.ნათიშვილმა და მ.აბდუშელიშვილმა საქართველოს მოსახლეობაში გამოყეს სამი ლოკალური ვარიანტი: “შავიზღვისპირული”, ”შიდასაქართველოს” და “კავკასიონის” (ნათიშვილი, აბდუშელიშვილი,1953). ამ უკანასკნელმა, რომელიც პირველად იქნა გამოყოფილი, ქართულ და საბჭოთა ანთროპოლოგიურ ლიტერატურაში აღიარება მოიპოვა და დღესაც ასეთი სახელწოდებით არის დამკვიდრებული.

1954 წელს გამოვიდა მ.აბდუშელიშვილის მონოგრაფია (Абдушелишвили, 1954), “სამთავროს სამაროვანის პალეოანთროპოლოგიისათვის”. იგი მოიცავს ადრენბრინჯაოს, გვიანბრინჯაოს, ბრინჯაოდან რკინაზე გარდამავალი და რკინის ფართოდ ათვისების პერიოდებს. ასეთი ძველი ეპოქისათვის საკმაოდ მრავალრიცხოვან მასალებზე (137 თავის ქალა) დაყრდნობით ავტორი ასკვნის, რომ გვიანბრინჯაო და ბრინჯაოდან რკინაზე გარდამავალი პერიოდის თავის ქალები მსგავსია და შეიძლება სამთავროს პირველი ვარიანტი ვუწოდოთ, ხოლო სამთავროს პირველი ვარიანტისა და საკუთრივ რკინის პერიოდის თავის ქალები ტიპოლოგიურად განსხვადებიან და მათ ავტორი სამთავროს მეორე ვარიანტს უწოდებს. ავტორი შეუძლებლად მიიჩნევს ე.წ. მეორე ვარიანტის წარმოქმნას პირველი ვარიანტის ეპოქალური ცვლილებების გზით და მეორე ვარიანტის ანთროპოლოგიურ ტიპს მიიჩნევს მოსულად. ამ მოსაზრებას სკეპტიკურად უყურებდა საბჭოთა კავშირის პალეოანთროპოლოგიური სკოლის ერთ-ერთი კორიფე ვ. ალექსეევი. თუმცა იგი თვლიდა, რომ აქ არის უძველესი ნეგროიდული მინარევების კვალი (Алексккв, 1975), ზოგიერთ ქართველ ანთროპოლოგს დასაშვებად მიაჩნია ძველ საქართველოში არამარტო ორი ანთროპოლოგიური ტიპის არსებობა, არამედ აყენებს ჰიპოთეზას აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე შუა საუკუნეებისათვის “მონღოლოიდური” და “ნეგროიდული” მინარევების არსებობის შესახებ (ასლანიშვილი, 1999).

 1957 წელს გამოიცა აჭარის მკვიდრი მოსახლეობის შესწავლისადმი მიძღვნილი ო. ახვლედიანის (Ахвледиани, 1957) ნაშრომი. ეს იყო სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ანთროპოლოგიის პირველი მონოგრაფიული შესწავლა. კვლევა ჩატარდა ძირითადად მხოლოდ სომატოლოგიური პროგრამით, მაგრამ მას მაინც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ნაშრომს სომატოლოგიურ ნაწილში საფუძვლად დაედო ტერიტორიული ჯგუფი აჭარის ტერიტორიიდან (7-აჭარლების, 1-ლაზების) და 3 ტერიტორიული ჯგუფი მომიჯნავე გურიის რეგიონიდან. ძვლოვანი მასალები, რომლებიც XIX-XX საუკუნეებით თარიღდება, მოპოვებულია აჭარის ხუთივე რაიონში, სულ 61 თავის ქალა. ავტორი მას პირობითად აჭარის კრანიოლოგიურ სერიას უწოდებს. მასალათა ანალიზით ავტორი აკეთებს ასეთ დასკვნას: მორფოლოგიური ნიშნების მსგავსების მიხედვით ერთიანდებიან ხულოს, შუახევის, ქედის, ბათუმის (ახლანდელი ხელვაჩაურის, ო.ც.) აგრეთვე ჩოხატაურის მცხოვრებლები და მათ პირობითად “აჭარული ეთნოტერიტორიული ჯგუფს” უწოდებს. ქობულეთის რაიონის მოსახლეობა მსგავსებას იჩენს ლანჩხუთისა და ოზურგეთის მოსახლეობასთან, ამიტომ შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ქობულეთი დასახლებულია ,,გურული ელემენტებით’’.

აჭარლების, მეგრელებისა და სვანების დერმატოგლიფიკურ შესწავლას მიეძღვნა 1958 წელს გამოქვეყნებული ტ. გლატკოვას სტატია. ნაშრომში მოტანილია 434 ინდივიდის მასალები და აქედან 141 წარმოდგენილია აჭარელი მამაკაცების (ქობულეთის რაიონი) მარჯვენა ხელის ანაბეჭდებით. ავტორი მიდის იმ დასკვნამდე, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ჯგუფები ზოგიერთი დერმატოგლიფიკური თავისებურებებით ერთმანეთისაგან განსხვავდებიან, მაგრამ იმავდროულად ერთიანდებიან ბევრი ზოგადი ნიშნებით. ავტორი აჭარლებს, მეგრელებსა და სვანებს უახლოებს წინა აზიისა და სამხრეთ ევროპის ზოგიერთ ხალხებს (Гладкова,1958).

 1964 წელს გამოქვეყნდა მ. აბდუშელიშვილის “საქართველოს ძველი და თანამედრვე მოსახლეობის ანთროპოლოგია” (Абдушелишвили, 1964). ნაშრომი ეფუძნება მდიდარ კრანიოლოგიურ (1000 თავის ქალა) და სომატოლოგიურ (კავკასიის მოსახლეობის 118 ტერიტორიული და ეთნიკური ჯგუფი) მასალებს. ხსენებული ნაშრომის ღირებულებაზე სპეციალისტების მიერ ბევრი ითქვა და დაიწერა. ჩვენ მხოლოდ ყურადღებას ვამახვილებთ გამოკვლევაში წარმოდგენილ საქართველოს მოსახლეობის ანთროპოლოგიურ კლასიფიკაციაზე და იმაზე, თუ რა ადგილი დაიკავეს საკვლევი რეგიონის ეთნოტერიტორიულმა ჯგუფებმა ამ კლასიფიკაციაში. ავტორი ავითარებს რა ა.ნათიშვილთან ერთად ადრე გაკეთებულ კლასიფიკაციას (ნათიშვილი, აბდუშელიშვილი, 1953). საქართველოს მოსახლეობაში გამოყოფს 3 ანთროპოლოგიურ ტიპს: კოლხურს, იბერიულს და კავკასიონის. კოლხურ ტიპს თავის მხრივ ყოფს 2 ვარიანტად _ დასავლეთ ქართულად და შავიზღვისპირულად. იბერიულ ტიპს ყოფს სამხრეთ-ქართულ და აღმოსავლურ-ქართულ ვარიანტებად. ჩვენი საკვლევი რეგიონის მოსახლეობას ადგილი მიჩნეული აქვს კოლხურ ტიპში. კერძოდ, კოლხურ ტიპში გაერთიანებილია ქობულეთის, ხელვაჩურის, ქედის, შუახევისა და ნაწილობრივ ხულოს რაიონის მოსახლეობა. იბერიულ ტიპში კი ხულოს რაიონის სოფ. ღორჯომის აჭარლები.

 1966 წელს გამოდის იგივე ავტორის “კავკასიის ძველი და თანამედროვე მოსახლეობის კრანიოლოგია”. ნაშრომში წარმოდგენილი მასალა ასახავს საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობის არსებობას, დაწყებული ბრინჯაოს ხანიდან, დამთავრებული თანამედროვე ეპოქით. ეს გამოკვლევა საინტერესოა იმით, რომ თუ 34 ავტორი ადრინდელ შრომებში (აბდუშელიშვილი,1954,1958) ბრინჯაოს და რკინის ათვისების ხანაში საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ორი კრანიოლოგიური ტიპიდან ერთ-ერთს (ე.წ.მეორე სამთავროს ვარიანტს) მოსულად მიიჩნევდა, ამჯერად უფრო მრავალრიცხოვანი ოსტეოლოგიური მასალების ანალიზის საფუძველზე ამ განსხვავებებს ხსნის ანთროპოლოგიური ნიშანთვისებათა ეპოქალური ტრანსფორმაციით. ამასთან, ნაშრომში დასახულია ანთროპოლოგიური ტიპების ეპოქალური ტრანსფორმაციის მიმართულება და მთლიანად ანთროპოლოგიური ნიშნების დინამიკა საქართველოს ტერიტორიაზე. 1968 წელს იწყება სერიის, “მასალები კავკასიის ანთროპოლოგიისათვის”, გამოქვეყნება. პირველ კრებულში ქვეყნდება მ. აბდუშელიშვილის სტატია “ლაზების ანთროპოლოგიისათვის”. ნაშრომს საფუძვლად დაედო 97-კაციანი ადგილობრივი ლაზების და თურქეთის სხვადასხვა ვილაეთებიდან მოსული ლაზების ჯგუფის (n=54) მასალები. ეს გამოკვლევა განსაკუთრებით საინტერესოა ჩვენთვის. ჯერ ერთი, ლაზების პოპულაცია საკვლევ რეგიონში შედის (ხელვაჩაურის რაიონი) და კიდევ იმიტომაც, რომ ქართულ სუბეთნიკურ ჯგუფებს შორის იმ დროს ყველაზე ნაკლებად შესწავლილი პოპულაცია იყო. ლაზებს სათანადო ადგილი არ ქონდათ მიჩნეული საქართველოს მოსახლეობის ანთროპოლოგიურ კლასიფიკაციაში. ანთროპომეტრიული და ანთროპოსკოპიური მასალების ინტერპრეტაციით ავტორი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლაზების ორივე სუბპოპულაცია ეკუთვნის კოლხურ ანთროპოლოგიურ ტიპს. ადგილობრივი (სარფის) ლაზები თავიანთი მორფოლოგიური თავისებურებებით მოეკუთვნებიან კოლხური ტიპის შავიზღვისპირულ ვარიანტს, ხოლო მოსული ლაზები ატარებენ კოლხური ტიპის ორივე ვარიანტის ნიშნებს და იხრებიან სამხრეთ ქართული და წინააზიური ტიპებისაკენ (აბდუშელიშვილი,1968). ჩვენი აზრით, ამ უკანასკნელთა  ადგილი კიდევ უფრო დაზუსტდება, როცა ანთროპოლოგების განკარგულებაში იქნება სრულყოფილი მასალები თურქეთის ლაზისტანიდან.

1971 წელს გამოქვეყნდა რ. კოჩიევის კავკასიის ხალხთა ოდონტოლოგიისადმი მიძღვნილი ნაშრომი. მასში ავტორმა ოდონტოლოგიური ნიშნების მიხედვით მთელი კავკასიის მოსახლეობა გააერთიანა და უწოდა სამხრეთის გრაციალური ტიპი (Кочиева, 1971).

1975 წელს გამოდის ი. ლადარიას გამოკვლევა, რომელიც ეძღვნება დასავლეთ კავკასიის დერმატოგლიფიკურ შესწავლას. ნაშრომი ეფუძნება დასავლეთ კავკასიის 11 პოპულაციის მასალებს. მათგან 7 საქართველოს მოსახლეობის ეთნიკური და სუბეთნიკური ჯგუფია, კერძოდ, აფხაზეთის 3 ჯგუფი, აგრეთვე სვანების, მეგრელების, იმერლების და აჭარლების (ხელვაჩურის რაიონიდან 80 ვაჟი და 41 ქალი) ტერიტორიული ჯგუფები. ავტორის აზრით, დერმატოგლიფიკური ნიშნები განხილულ ჯგუფებში განაწილებულია დისპერსიულად და ფართოდ ვარირებს ნიშან-თვისებათა კრებულის მიხედვით, აფხაზების გაერთიანებული ჯგუფი ყველაზე ახლოსაა აჭარლებთან (Ладария,1975).

1976 წელს გამოვიდა სერიის კრებული _ “მასალები კავკასიის ანთროპოლოგიისათვის”. მასში გამოქვეყნებულია საქართველოსა და კავკასიის ხალხების ანთროპოლოგიური დამოკიდებულება რკინის ათვისების ხანაში (აბდუშელიშვილი, 1976, 1976ა), უახლოესი ამიერი და ჩრდილოკავკასიელი ხალხების გენეტიკური თავისებურებების ფონზე, სადაც ავტორი ასკვნის, რომ საკვლევ პერიოდში ამიერ და იმიერ კავკასიის მოსახლეობის ბევრი პოპულაცია ქართველთა უბრალო მეზობლები კი არა, საკმაოდ ახლო ნათესავები იყვნენ.

1978 წელს გამოვიდა ცნობილი ანთროპოლოგის გ. ხიტის “კავკასიის მოსახლეობის დერმატოგლიფიკა” (Хить, 1978), რომელშიც საქართველოს მოსახლეობის კვლევის შედეგებიც არის წარმოდგენილი.

ცოტა მოგვიანებით იგივე ავტორი უფრო აფართოებს დერმატგლიფიკური კვლევის არეალს და აქვეყნებს ფუნდამენტურ ნაშრომს “სსრკ ხალხთა დერმატოგლიფიკა” (Хить, 1983), რომელშიც მდიდარ მასალაზე დაყრდნობით გამოკვლეულია მოსახლეობის დერმატოგლიფიკური დიფერენციაციის ძირითადი კანონზომიერებანი. ნაშრომში საქართველოს მოსახლეობა 10 ეთნო-ტერიტორიული ჯგუფით არის წარმოდგენილი. საკვლევი რეგიონიდან შესულია 100 ქალისა და 96 მამაკაცის სრული პროგრამით შესწავლის შედეგები.

დასავლეთ საქართველოს მთის მოსახლეობის დერმატოგლიფიკურ კვლევას ეხება ვ. ასლანიშვილის სტატია (ასლანიშვილი, 1986). მასში ავტორი აანალიზებს ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს სუბპოპულაციების (სვანებისა და რაჭველების) დერმატოგლიფიკურ მონაცემებს. ადარებს მათ რა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ჯგუფებთან და მიდის იმ დასკვნამდე, რომ სვანები და რაჭველები საკმაოდ ახლო მორფოლოგიურ ურთიერთობაში არიან ხელვაჩაურისა და ხულოს რაიონის აჭარლებთან. იმავე წელს გამოქვეყნდა გ. ხიტისა და ვ. ასლანიშვილის (Хить, Асланишвили,1986) შრომა, რომელიც დასავლეთ კავკასიის მოსახლეობის დერმატოგლიფიკის ახალ მასალებს ეყრდნობა. მასში განხილულია დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის განზოგადოებული ჯგუფები (აჭარლები, გურულები, მეგრელები, რაჭველები, მესხები, ჯავახები, იმერლები და აფხაზები) ავტორები ასკვნიან, რომ დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა დერმატოგლიფიკური ნიშნების მიხედვით მეტნაკლებად არის ჰომოგენური. გამონაკლისს წარმოადგენენ ლაზები, რომლებთანაც ზოგიერთ ნიშნებში ვხდებით უკიდურეს სიდიდეებს. 

 გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იწყება კავკასიისა და საქართველოს მოსახლეობის ოდონტოლოგიური თავისებურებების შესწავლა. დღემდე გამოქვეყნებული ოდონტოლოგიური ხასიათის შრომებიდან, რომლებიც მეტნაკლებად ეხებიან ჩვენს საკვლევ რეგიონს, აღსანიშნავია რ. კოჩიევის, ა. ზუბოვის, ვ. ქაშიბაძის, ო. ცეცხლაძის ნაშრომები (Кочиев,1971.; Зубов,1973.; Кашибадзе, Вашаева, 1984., ცეცხლაძე, 1997).

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში ამ დარგის განვითარება დაკავშირებულია ცნობილ ოდონტოლოგის ვ. ქაშიბაძის სახელთან. იგი დასავლეთ კავკასიის მოსახლეობაში გამოყოფს 3 ოდონტოლოგიურ ვარიანტს. პირველ ვარიანტს მიაკუთვნებს აჭარლებს, აფხაზებს, მეგრელებსა და გურულებს. მეორე ვარიანტს _ აბაზინელებს, მესამეს _ სვანებს (ქაშიბაძე, 1982). მანვე ნაშრომში “კავკასიის მოსახლეობის ჰეტეროგენურობის შესახებ ოდონტოლოგიური ნიშნების მიხედვით” საქართველოს მოსახლეობაში გამოყო შემდეგი ოდონტოლოგიური ვარიანტები: სვანური, შავიზღვისპირული, დასავლეთქართული, სამხრეთქართული და აღმოსავლეთქართული (ქაშიბაძე, 1984), რაც ძალიან ახლოსაა მ. აბდუშელიშვილის კლასიფიკაციასთან, რომელიც ეფუძნება სომატოლოგიურ მონაცემებს (Абдушелишвили,1964); კავკასიის ანთროპოლოგიის მასალების ბოლო IX კრებულში შესულია მ. აბდუშელიშვილის სტატია ‘საქართველოს მოსახლეობის ანთროპოლოგია რკინის წარმოების ფართო ათვისების ხანაში” (აბდუშელიშვილი, 1988). ამ ეპოქას ავტორი თავის ადრინდელ შრომაშიც შეეხო (Абдушелишвили, 1954), მაგრამ მას შემდეგ გაფართოვდა კვლევის არეალი, შეემატა ახალი მასალები და ძველ მასალებთან ერთად ავტორმა მის მიერ შემუშავებული კატეგორიული გამოთვლების მეთოდით (Абдушелишвили, 1979) ხელახლა დაამუშავა და  გაანალიზა. თუმცა დასკვნებს რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილება არ განუცდია. იმავე კრებულში გამოქვეყნებულია ვ. ქაშიბაძის ნაშრომი, რომელშიც განხილულია დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის თითქმის ყველა ტერიტორიული ჯგუფი. ავტორი მასალათა ანლიზის საფუძველზე ასკვნის, რომ დასავლურ ქართული ჯგუფები ქმნიან ცალკე დამოუკიდებელ კომპლექსს და მას კოლხურს უწოდებს (ქაშიბაძე, 1988).

2000 წელს გამოქვეყნდა “სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის ანთროპოლოგია” (ბითაძე და სხვ. 2000), რომელშიც სრული პროგრამით შესწავლილია მართლმადიდებელი და კათოლიკე მესხების და ჯავახების სომატოლოგიური, დერმატოლოგიური და სეროლოგიური თავისებურებანი. მათ გვერდით მცხოვრებ კათოლიკე და გრიგორიანელ სომხებსა და რუს დუხობორებთან შედარების ფონზე.

სომატოლოგიურ მასალათა ანალიზით ავტორები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ სამხრეთ ქართული ჯგუფებისათვის მეტ-ნაკლებად დამახასიათებელი ნიშან-თვისებანი კონცენტრირებულია მესხებში. როგორც მოსალოდნელი იყო დიამეტრულად განსხვავდებიან დუხობორები, რომლებიც აქ მოსულები არიან და მიეკუთვნებიან ევროპეოიდების ჩრდილოეთ შტოს, რაც შეეხება სომხებს, ისინიც მოსულები არიან მცირე აზიიდან, მაგრამ ქართულ ანთროპოლოგიურ სამყაროსთან ძალზედ დაშორებული არ აღმოჩნდნენ.

დერმატოგლიფიკური პროგრამით შესწავლითაც ავტორებმა დაახლოებით იგივე შედეგები მიიღეს, რაც სომატოლოგიური პროგრამით.

სისხლის ერითროციტული ABO, Rh, MN, Kell სისტემების ანტიგენების მიხედვით გამოკვლეული იქნა ბათუმის, ქობულეთის, ხელვაჩაურის, ქედის, შუახევის და ხულოს პოპულაციები (სულ 274 ინდივიდი). დადგინდა, რომ აჭარის მოსახლეობის 51,8% სისხლის 0 39 ჯგუფის მატარებელია, 40,14% – A ჯგუფის, 6,93% – B –ს, ხოლო 1,09% სისხლის AB ჯგუფს ატარებს. ამრიგად, აჭარის მოსახლეობაში დომინირებს სისხლის I(0) ჯგუფი, მეორე ადგილზეა II(A) ჯგუფი, შემდეგ მოდის III(B) და IV(AB) ჯგუფები. შესწავლილი მოსახლეობის 67,51% ღჰ(+) სისხლის მატარებელია, ხოლო 31.02% კი ღჰ(-). გამოკვლეულთა 52% სისხლის M ჯგუფს ატარებს, N ჯგუფს – 16,78%, MN-ს – 30,29%. სისხლის K ანტიგენის მატარებელია გამოკვლეული პოპულაციის მხოლოდ 1.09 %, K-ს მატარებელი კი 98,9%-ის რაოდენობით გვხდება (Nagervadze et all., 2007).

იმავე წელს მ. ნაგერვაძისა დას სხვების მიერ შესწავლილია აჭარის ხუთივე რაიონის მოსახლეობაში ABO სისტემის სისხლის ჯგუფები. ამ ნაშრომის მიხედვით ქედის რაიონში სისხლის O (I) ჯგუფის მატარებელთა რაოდენობა სხვა რაიონებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია 58 ± 49, პროცენტული მაჩვენებლით 1.13-ჯერ ჩამორჩება ხელვაჩაურის რაიონი. აღნიშნულ პოპულაციებში ალელი რ თითქმის თანაბრად არის კონცენტრირებული (0.71 და 0.79). უმნიშვნელო განსხვავებაა დაფიქსირებული ქ ალელის მიხედვით (ხელვაჩაური 0.2; ქედა – 0.18). პ ალელის კონცენტრაცია კი მნიშვნელოვნად ვარიაბილურია, კერძოდ ქედის რაიონთან შედარებით (0.06) ხელვაჩაურის რაიონში ორჯერ მეტია (0.12) (Нагервадзе и др., 2007).

სეროლოგიური მონაცემების მიხედვით მესხები და ჯავახები ავლენენ საკმაოდ განსხვავებულ თვისებებს სხვა ქართულ ჯგუფებთან მიმართებაში.

“კავკასიონის” ტიპის ანალიზს მიეძღვნა ლ. ბითაძის მორიგი ნაშრომი (ბითაძე, 2001), რომელშიც მდიდარ საანალიზო მასალებზე დაყრდნობით (50 ქართული და 62 არაქართული ეთნო-ტერიტორიული ჯგუფი) ასკვნის, რომ საქართველოს მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობა ერთმანეთთან საკმაოდ ახლოს მდგომი მორფოლოგიური  ნიშნების კომპლექსით ხასიათდება, მაგრამ მაინც შეიძლება შევნიშნოთ ზოგიერთი ნიშნის კონცენტრაციაში გეოგრაფიული გრადიენტები, რაც გამოწვეულია გეოგრაფიული გარემოს გავლენით. მთლიანობაში კავკასიონის ტიპის გენეზისი და მისი თავისებურებები შეიძლება განვიხილოთ როგორც წინააზიური ტიპის რეგიონული ფორმა, რომელიც ჩამოყალიბდა განსხვავებულ მაღალმთიან გარემოში. რიგი ნიშნების მიხედვით დიფერენცირდება საქართველოს აღმოსავლეთის მთის მოსახლეობა. ამასთან აღნიშნული რეგიონის მოსახლეობა უფრო მჭიდრო კავშირს ავლენს კავკასიონის ქედის არაქართულ მოსახლეობასთან.

2002 წელს გამოვიდა იგივე ავტორის ბოლო წლების სამეცნიერო მოღვაწეობის შემაჯამებელი შრომა “ანთროპოლოგიური მონაცემები ქართველთა ეთნოგენეზისათვის” (ბითაძე, 2002). მასში ქართველი ხალხის ეთნოგენეზის ანთროპოგენეტიკური ასპექტები განხილულია ყველა ძირითადი ანთროპოლოგიური პროგრამით. ამ ნაშრომის მთავარი ღირსება ის არის, რომ დღემდე ასე კომპლექსურად და ამდენი პროგრამით ქართველი ერის ანთროპოლოგიური კვლევა არავის უწარმოებია. ავტორი მ. აბდუშელიშვილის შეხედულებას, რომ საქართველოს ტერიტორია არასოდეს ყოფილა დიდი რასების კონტაქტების ზონა, ახლა თანამედროვე კომპლექსური კვლევით ადასტურებს. საგრძნობი რომ ყოფილიყო მონღოლოიდური და ნეგროიდული რასების წარმომადგენლებთან შერევა, ქართველების ფიზიკურ ტიპს მნიშვნელოვნად შეცვლიდა, რადგანაც მონღოლოიდური და ნეგროიდული ნიშნები დომინირებენ ევროპეიდული ნიშნების მემკვიდრეობითობაზე. ამჟამად კი ევროპეიდულ ნიშნებში მკვეთრად არის გამოხატული. გამონაკლისს მხოლოდ ცხვირის სიგანე წარმოადგენს, თუმცა ისიც არ გამოდის სამხრეთ ევროპეიდებისათვის დამახასიათებელი ფორმების ფარგლებიდან. შრომაში დადასტურებულია დერმატოგლიფიკური და სეროლოგიური ნიშნებით საქართველოს მოსახლეობის მჭიდრო კავშირი წინააზიურ სამყაროსთან.

ასეთია იმ სამეცნიერო ნაშრომების მოკლე ისტორიულანთროპლოგიური მიმოხილვა, რომელთაც უშუალო კავშირი აქვს საკვლევ რეგიონთან. მართალია ჩვენს მიერ განხილულ ნაშრომებში ჩვენი საკვლევი რეგიონი კონკრეტულად არ არის წარმოდგენილი, თუმცა ყველა მათგანი მეტ-ნაკლებად კავშირშია ერთმანეთთან და ორგანულ მთლიანობას ქმნის. ამასთან შრომების ნაწილში გაანალიზებულია კავკასიისა და საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები არაქართული ეთნიკური ჯგუფების მორფოლოგიური თავისებურება. ეს ის ჯგუფებია, რომელთაც საუკუნეების განმავლობაში უახლოესი ურთიერთობა ჰქონდათ ქართულ ეთნოსთან და ამდენად გავლენას ახდენდნენ ქართველების ფიზიკური ტიპის გენეზისზე.

 

 ***

თავი II.

მასალები და მეთოდები.

2.1 საკვლევი რეგიონის კლიმატურ-გეოგრაფიული დახასიათება.

 

 სამხრეთ-დასავლეთ საქართველო გეოგრაფიული თვალსაზრისით მეტად საინტერესო, მდიდარი და მრავალფეროვანი ბუნებით ხასიათდება.

ქვეყნის ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით საკვლევი რეგიონი მოიცავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხუთივე რაიონს და ისტორიული ტაო-კლარჯეთის, შავშეთ-იმერხევის პროვინციას, რომელიც დღეს თურქეთის რესპუბლიკაში მდებარეობს და შედის ართვინის ვილაეთში, არტანუჯის, არხავის, ბორჩხის, იუსუფელის, მურღულის და ხოფის რაიონებთან ერთად (რუკა 1-2). ამასთან, ნაშრომში მასალები შესულია მესხეთ-ჯავახეთიდან და ბუნებრივია, ჩვენი კვლევის არეალში გარკვეული კუთხით ისიც შემოდის. კერძოდ, მესხეთში შემავალი ადიგენის, ახალციხის და ჯავახეთში მდებარე ახალქალაქის რაიონები. ისტორიულადაც და თანამედროვე პოლიტიკურ-ადმინისტრაციული დაყოფითაც მესხეთ-ჯავახეთის აღსანიშნავად მიღებულია ტერმინი სამცხე-ჯავახეთი. მაშასადამე, ჩვენი საკვლევი რეგიონი ძირითადად მოიცავს აჭარას, შავშეთ-იმერხევს და ნაწილობრივ სამცხე-ჯავახეთს. ფიზიკურ-გეოგრაფიული თვალსაზრისით, საკვლევი რეგიონის უდიდესი ნაწილი მთაგორიანია, მცირე კავკასიონის ნაწილია, რეგიონის დასავლეთის მცირე ნაწილი კი წარმოდგენილია ისპანისა (ქობულეთის რაიონი) და კახაბრის (ხელვაჩაურის რაიონი) დაბლობებით, რომელთა სიმაღლე ზღვის დონიდან 0_20 მეტრს შორის მერყეობს. საკვლევი ტერიტორია დასავლეთიდან შემოსაზღვრულია შავი ზღვით.

საკვლევი რეგიონის პოლიტიკურ-ადმინისტრაციული რუკა

რუკა #1

 

საკვლევი რეგიონის ფიზიკურ-გეოგრაფიული რუკა

 რუკა #2

 

 ჩრდილოეთიდან _ აჭარა-გურიის, აჭარა-იმერეთის ქედებით და თრიალეთის ქედის დასავლეთ ნაწილით, აღმოსავლეთიდან სამსარკეჩუთის (ჯავახეთის) ქედის ვულკანურ-ტექტონიკური მაღლობებით, სამხრეთის საზღვარი ძირითადად თურქეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს მიუყვება და მხოლოდ შავშეთ-იმერხევის მიდამოში კვეთს მას. სამხრეთ-აღმოსავლეთიდან სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით რეგიონი შემოსაზღვრულია შემდეგი ოროგრაფიული ერთეულებით: გიოქთაფის ანუ ნილისყურის, ერუშეთისა და შავშეთის ქედებით. ეს უკანასკნელი მიემართება თითქმის განედობრივად ხევას მთამდე, მას ჩრდილო-დასავლეთის მიმართულება აქვს, ხოლო შემდეგ დასავლეთის მიმართულებას ინარჩუნებს. შავშეთის ქედი ქმნის წყალგამყოფს მდინარე აჭარისწყლის მარცხენა შენაკადებსა და ჭოროხის მარჯვენა შენაკადებს შორის. იგი გაუყვება ჭანეთის ქედს, რომელიც თითქმის შავ ზღვამდე ეშვება. შავშეთს ფოცხოვისგან ყოფს არსიანისა და სისხლიანი მთები (თურქ. “ყანლი-დაღი”) ჰანაკისაგან _ ეშმაკების მთა (თურქ. “ჯინტაღი”), არტაანისგან კი _ საჰარის მთები.

 საკვლევი რეგიონი რთული და მრავალფეროვანი რელიეფით ხასიათდება. მისი ზედაპირის აბსოლუტური უმრავლესობა მთებსა და ხეობებს უჭირავს, მცირე ნაწილი კი – ზღვის სანაპიროს. აჭარის მთების უმაღლესი მწვერვალია ყანლის მთა (2987 მ), რომელიც მდებარეობს არსიანის მთების სამხრეთ ნაწილში, იმ ადგილას სადაც მას შავშეთის ქედი უკავშირდება (ნიჟარაძე, ჯიბუტი 1957).

მესხეთის ტერიტორიის უდიდესი აბსოლუტური სიმაღლეები განლაგებულია აჭარა-იმერეთის ქედის მთებზე (მ. მეფისწყარო, დიდმაღალი, ნაგება და სხვები) და თურქეთთან მოსაზღვრე ერუშეთის მაღლობზე (მ. ჰარმანთაფა, აირილიანბაში) და 2500-3000 მ-ს აღწევს. მესხეთის დაბალ შუა ნაწილს ახასიათებს აბსოლუტური სიმაღლეები 910-დან 1100-1500 მ-მდე. 

 ჯავახეთის ტერიტორია რამდენიმე ოროგრაფიულ ერთეულად იყოფა, ესენია: ჩრდილოეთის ქვერაიონი, სადაც აბსოლუტური სიმაღლეები იცვლებიან 1800-დან 2500 მ-ის ფარგლებში. რელიეფი დასერილია სერებითა და ქვაბურებით, რომლებიც უმთავრესად ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ არის მიმართული. შემდეგი ქვერაიონია ცენტრალური ანუ ახალქალაქის ვაკე. მისი ჰიფსომეტრული ნიშნულები იცვლება 1600-დან 1800 მ-ის ფარგლებში და მხოლოდ მდინარე ახალქალაქის წყლის ფსკერზე (ქ. ახალქალაქს ქვემოთ) მცირდება 1200 მ-მდე. კარწახ-ფარავნის და ნიალისყურის ქვერაიონები ჯავახეთის სამხრეთით მდებარეობენ, აქ აბსოლუტური სიმაღლეები იცვლებიან 1800-დან 3011 მეტრამდე. აჭარა და სამცხე-ჯავახეთი აჭარა-თრიალეთის დანაოჭებულ სისტემაში შედის. აჭარა-თრიალეთის დანაოჭებული სისტემის ქვეშ ესმით მაღალი დანაოჭებული მთიანი ნაგებობა, რომელიც განედობრივი მიმართულებით გადაჭიმულია დასავლეთიდან აღმოსავლეთით, შავი ზღვის სანაპიროდან მდ. ივრის ხეობამდე (სიგრძით 300 კმ და განით დაახლოებით 50 კმ). ეს ნაოჭა სისტემა მოთავსებულია ორ მკვრივ გეოტექტონიკურ ზონას _ ჩრდილოეთ საქართველოს ბელტსა და სამხრეთით ართვინ-სომხეთის ბელტს შორის.

ცნობილია, რომ აჭარა, შავშეთი და სამცხე ჯავახეთი ისევე, როგორც მთელი საქართველო და კავკასია, არც ისე შორეულ გეოლოგიურ წარსულში აჭარა-თრიალეთის გეოსინკლინს წარმოადგენდა. მასში დიდ სიღრმეზე დაგროვდა ზღვიური ნალექები კირქვების, თიხების და ქვიშების წყებათა სახით. აქვე ვხვდებით სხვადასხვა ხნოვანების დანალექ ვულკანოგენურ ქანებს. ამ ტერიტორიის გეოლოგიურ აგებულებაში დიდი გავრცელება აქვს აგრეთვე მაგმურ ქანებს ატმოსფერული ნალექების მიხედვით აჭარის ზღვის სანაპირო ზოლი არა მარტო საქართველოში, მთელ აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ტენიანია, ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა 2200 მმ-ია. აჭარის მაღალმთიან სარტყელში კი ატმოსფერულ ნალექთა წლიური ჯამი 1500-1800 მმ-ს აღწევს. ნალექები ზამთარში აქ თოვლის სახით მოდის, რომელიც ცალკეულ წლებში 3 მ-ს აღემატება.

მესხეთის ჰავა ხასიათდება შემდეგი მაჩვენებლებით: საშუალო წლიური ტემპერატურა +10,6 გრადუსია. უცივესი თვის ტემპერატურა +4+6 გრადუსია. დასავლეთიდან წამოსულ ნოტიო ჰაერის მასებს ეღობება არსიანის ქედი და აქ წლიური ნალექიანობა 400-600 მმ-ია. ამდენად ეს არის მცირე კავკასიონის ყველაზე გვალვიანი ტერიტორია საქართველოს ფარგლებში.

 ჯავახეთის კლიმატური რეჟიმი ხასიათდება შემდეგი მონაცემებით: საშუალო წლიური ტემპერატურა +2+6 გრადუსი, უცივესი თვის ტემპერატურა +7+11 გრადუსი, უთბილესი თვისა +14+18 გრადუსია, ატმოსფერულ ნალექთა ჯამი 650-700 მმ. თოვლის საბურველის ხანგრძლივობა 4-5 თვეა, მისი სისქე არ აღემატება 10-20 სმ-ს. კარლ რიტერმა ჯავახეთს “ჰაერითა და წყლით მდიდარი გრილი კუნძული” უწოდა და ამით ხაზი გაუსვა ამ რაიონის განსაკუთრებულ მდგომარეობას აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ლანდშაფტების სისტემაში.

აჭარის მდინარეები შავი ზღვის აუზს მიეკუთნებიან გარდა მდ. ქვაბლიანისა, რომელიც სათავეს იღებს აჭარაში, მაგრამ ჯერ მდ. ფოცხოვს და ამ უკანასკნელთან ერთად მდ. მტკვარს უერთდება და კასპიის ზღვის აუზს მიეკუთნება.

ჭოროხი აჭარის მთავარი მდინარეა. იგი სათავეს თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე იღებს და საქართველოს ფარგლებში 21 კმ სიგრძისაა. მისი მნიშვნელოვანი შენაკადებია აჭარისწყალი, მაჭახლის წყალი, ბოლოკო და ჭარნალი. ამ მდინარეთა აუზებში ცხოვრობს სამხრეთ-დასავლეთ მოსახლეობის უდიდესი ნაწილი. აჭარა-გურიის ქედზე სათავეს იღებს კინტრიში და ჩაქვისწყალი, რომლებიც შავ ზღვას ერთვიან ქობულეთის რაიონის ტერიტორიაზე.

მესხეთის ჰიდროგრაფიული ქსელი წარმოდგენილია მდ. მტკვრით და მისი შენაკადებით, აგრეთვე წვრილი ტბებით, საკმაოდ მრავალრიცხოვანი მინერალური და მტკნარი წყაროებით. მდ. მტკვარი რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილს კვეთს, მესხეთის ფარგლებში იგი იერთებს მთელ რიგ მნიშვნელოვან შენაკადებს _ მარცხნიდან ფოცხოვს, ურაველას, წინუბნის წყალს, მარჯვნიდან კი ახალქალაქის წყალს, კოდალას, ოთასწყალს და სხვა.

ჯავახეთი საკმაოდ მდიდარია ჰიდროგრაფიული ქსელით, რომლებიც მდინარე მტკვარს უერთდებიან და რომელსაც აქ ჯავახეთის მტკვარი ეწოდება. ჯავახეთის ტერიტორიაზე სათავეს იღებს მდ. ახალქალაქისწყალი, ჭობარეთისწყალი, ბარალეთისწყალი, მურჯახეთისწყალი და სხვა.

შავშეთ-იმერხევის ტერიტორიის უმთავრესი მდინარეებია იმერხევისწყალი, შერთული და ბორჩხისწყალი.

სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს რელიეფის მრავალფეროვნებამ, გეოლოგიურმა აგებულებამ, ჰავის ნაირსახეობამ მრავალფეროვანი ნიადაგსაფარის და მცენარეულობის ჩამოყალიბება განაპირობა. საკვლევი რეგიონის ზღვის სანაპირო ზოლში და მიმდებარე დაბალი მთების არეალში ჭაობიანი, ალვიური და წითელმიწა ნიადაგები გვხდება, სადაც სუბტროპიკული მცენარეულობაა გავრცელებული. სიმაღლის მატებასთან ერთად წითელმიწები შავმიწებით იცვლება, რომელზედაც ფართოფოთლოვანი და შერეული ტყეებია გავრცელებული მაღალმთიან სარტყელში მთამდელოს ნიადაგებია წარმოდგენილი. თანამედროვე მცენარეული საფარი საუკუნეების ბუნებრივ-ისტორიული პირობების ცვალებადობის შედეგია და უმეტეს შემთხვევაში ჰავისა და ნიადაგების ცვალებადობის შესაბამისად იცვლებოდა და ვერტიკალური ზონადობის კანონს ემორჩილებოდა.

რეგიონის ფიზიკურ-გეოგრაფიულ მდებარეობას, გეოლოგიურ აგებულებას, რელიეფს, ჰავას და ბუნების სხვა კომპონენტებს უდიდესი სამეურნეო მნიშვნელობა ჰქონდა წარსულშიც, რამაც განაპირობა საქართველოს ამ რეგიონის დასახლება უძველესი ქართული ტომებით. საკვლევი რეგიონის უმეტესი ნაწილების ტენიანმა ჰავამ და შესაბამისმა ნიადაგ-კლიმატურმა პირობებმა განაპირობა ის, რომ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში ფეოდალურზე ადრინდელი პერიოდის ადამიანის ძვლოვანი მასალები არ არის დაცული, მაშინ როდესაც არქეოლოგიური ძეგლები ქვის ხანიდან მოყოლებული უწყვეტად გვხვდება. თუმცა ეჭვს არ იწვევს ის ფაქტი, რომ აქ ადამიანი უძველესი დროიდან იყო დასახლებული.

 

***

2.2 მასალები და კვლევის მეთოდები.

2.3 მასალების სტატისტიკური დამუშავების მეთოდები.

 

თავი III. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის პოპულაციურ-გენეტიკური სტრუქტურა.

3.1 მოსახლეობის რიცხოვნება და სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა.

3.2 ქორწინებით-მიგრაციული სტრუქტურა.

 

თავი IV. მოსახლეობის ანთროპოგენეტიკური დახასიათება შედარებით ასპექტში.

4.1 მოსახლეობის კეფალომეტრიული და კეფალოსკოპიული დახასიათება.

4.2 მოსახლეობის ოდონტოლოგიური თავისებურებანი.

4.3 კანის რელიეფის ნიშნების დახასიათება.

4.4 სისხლის იზოანტიგენური სისტემების (ABO, MN, Rhesus, P, Kell განაწილება მოსახლეობაში.

 

***

დასკვნები

 

 

საკვლევი რეგიონის მოსახლეობის ანთროპო_გენეტიკურმა კვლევამ აჩვენა:

1. საკვლევი რეგიონების მოსახლეობა საქართველოს სხვა რეგიონების მოსახლეობისგან განსხვავდება როგორც სქესობრივ_ასაკობრივ სტრუქტურით და საშუალო ასაკით, ასევე რეპროდუქციული ქცევით. აჭარის პოპულაციების რეპროდუქციული მოცულობა მერყეობს 55.3%-დან 64.3%-მდე, ხოლო ეფექტურ_რეპროდუქციული მოცულობა მერყეობს 51.7%-დან 60.3%-მდე. მესხეთ-ჯავახეთის მოსახლეობაში ეს მაჩვენებელი თითქმის იდენტურია და აჭარის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით დაბალია.

2. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს სოფლის მოსახლეობა ეთნიკური თვალსაზრისით საკმაოდ ჰომოგენურია. კერძოდ, შუახევის (99.73), ხულოს (99.52), ქედის (99.52), ხელვაჩაურის (90.39), ქობულეთის (82.17) მოსახლეობას ძირითადად შეადგენენ ქართველები და შესაბამისად მონოეთნიკური ქორწინების სიხშირე მაღალია. მთლიანობაში აჭარის მოსახლეობიდან მაქსიმალურად ,,ჩაკეტილია” ხულოს პოპულაცია, სადაც ენდოგამიის ინდექსი 97%-ის ტოლია. მინიმალური ენდოგამური ინდექსით ხასიათდება ხელვაჩაურის პოპულაცია (80%). საშუალოდ რეგიონის 91%-ის აღწარმოება ხდება რეგიონისვე ფარგლებში. პოპულაციებს შორის გამეტების გაცვლა დაახლოებით 2%-ია, დანარჩენი გამეტური წილი მოდის საქართველოს სხვა რეგიონების მოსახლეობაზე. ამასთან საანალიზო პოპულაციებში სხვებისაგან განსხვავებით გენების მიგრაცია ხდება ქალების მიგრაციის ხარჯზე.

3. კეფალომეტრიული და კეფალოსკოპიური (სხეულის სიმაღლე, თვალის გრძივი დიამეტრი, ცხვირის უნაგირის სიმაღლე, თვალის ფერი, ნესტოების ფორმა, ცხვირის წვეტის მდებარეობა და სხვ.) ნიშნების განაწილება საკვლევ რეგიონში ავლენს ნიშანთა კომპლექსს, რომელიც ახდენს ამ რეგიონის მოსახლეობის გარკვეულ დიფერენციციას.

4. სომატოლოგიური ნიშნების საფუძველზე გამოთვლილი მორფოლოგიური დისტანციების კლასტერიზაციამ გამოავლინა გამოკვლევაში ჩართული ჯგუფების სამ სუბკლასტერად დაყოფა. პირველი სუბკლასტერი ძირითადად აჭარლებს, გურულებს, და ადგილობრივ ლაზებს აერთიანებს. მეორე სუბკლასტერი _ ღორჯომის, შუბანის, სარფის ლაზებსა და იმერხევლებს. ხოლო მესამე სუბკლასტერი მესხეთ-ჯავახეთის პოპულაციებსა და აჭარლებს (ს.რიყეთის )აერთიანებს.

5. კომპონენტური ანალიზით გამოიყო 6 ძირითადი კომპონენტი, რომლებიც მთლიანად ცვალებადობის 91.2% პროცენტს აგროვებენ. აქედან ყველაზე მაღალი დატვირთვა (26.34%) მოდის I კომპონენტზე, მეორე კომპონენტზე _ 25.62%, მესამე კომპონენტზე ცვალებადობა მცირდება 17.31%-მდე, ხოლო IV-VI კომპონენტების დატვირთვა ბევრად ნაკლებია.

6. I და II კომპონენტების ველში უახლოესთა ჯგუფს ქედის, ხულოს, ჩოხატაურისა და ბათუმის პოპულაციები ქმნიან, ხოლო მეორეს – ქობულეთის, ლანჩხუთისა და ოზურგეთის პოპულაციები. საწინააღმდეგო ჯგუფს მართმადიდებელი მესხები, რიყეთის აჭარლები და კათოლიკე მესხები შეადგენენ. კათოლიკე ჯავახები სოფელ ღორჯომის აჭარლებს უახლოვდებიან. მართლმადიდებელი ჯავახები ამ კომპონენტთა ველში განცალკევებულნი არიან. იმერხეველები სარფის ლაზებსა და სოფ. რიყეთის აჭარლებს უახლოვდებიან.

7. I და III კომპონენტების ველში ზოგი ჯგუფები იმეორებენ იგივე პოზიციას. იმერხეველები მართლმადიდებელ ჯავახებთან იგივე მანძილზე იმყოფებიან. ღორჯომის აჭარლები აღმოჩნდენ ცვალებადობის 95%-ის გარეთ.

8. II და III კომპონენტთა ველში ორი ძირითადი დაჯგუფებაა. კერძოდ ქობულეთის, ლანჩხუთის, სოფ. რიყეთის, კათოლიკე მესხების და მართლმადიდებელი ჯავახების გაერთიანება. მეორე დაჯგუფებას ქმნის ხულოს, ბათუმის, ქედის აჭარლები და ჩოხატაურის გურულები. მართლმადიდებელი მესხები და ღორჯომის აჭარლები ამ კომპონენტებში ცვალებადობის 95%-იან ზღვარს უახლოვდებიან.

9. ოდონტოლოგიური ნიშნების მიხედვით სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა სამხრეთის ქვეტიპის ფარგლებში ორ ლოკალურ ვარიანტს შეიძლება მივაკუთნოთ: შავიზღვისპირულს და დასავლეთ ქართულს. შავიზღვისპირული ვარიანტი მსგავსების მაღალი ხარისხით აერთიანებს აჭარლებსა და გურულებს.

10. სამხრეთ ქართული ოდონტოლოგიური ვარიანტი, რომელშიც შედის მესხები და ჯავახები, უფრო მეტად ჰეტეროგენურია. ამ ნიშნების კომპლექსით განსაკუთრებული მდებარეობა დაიკავა ლაზების ჯგუფმა, რომელმაც პრაქტიკულად ყველა საკვლევ ჯგუფთან მაქსიმალური მსგავსება გამოავლინა.

11. საკვლევი რეგიონის მოსახლეობის დერმატოგლიფიკური ნიშნების კლასტერიზაციამ აჩვენა, რომ საკმაოდ მაღალ (0,996) დონეზე (მაქსიმალური მსგავსება 1.0-ის ტოლია) ერთიანდებიან ხულოს, ბათუმის, სოფ. რიყეთის და თხილვანის აჭარლები, კათოლიკე მესხები და მართლმადიდებელი ჯავახები. ეს კლასტერი ქმნის ორ სუბკლასტერს: პირველში ერთიანდება ხულოს, ხელვაჩაურის აჭარლები და მართლმადიდებელი ჯავახები, მეორეში _ რიყეთისა და თხილვანის აჭარლები და კათოლიკე მესხები. ქედის აჭარლები მართლმადიდებელი მესხებისა და კათოლიკე ჯავახების პოპულაციების ძირითად ბირთვთან ერთიანდებიან, ხოლო ღორჯომის აჭარლები კრავენ სამხრეთ_დასავლეთ საქართველოს პოპულაციებს მსგავსების საკმაოდ მაღალ დონეზე.

12. პოპულაციების თავისებურება ნათლად ჩანს ღაო-ს მეთოდით ჩატარებულ კლასტერიზაციაზე. ყველაზე მაღალ დონეზე არ ერთიანდებიან ქედის, ღორჯომის აჭარლები და მართლმადიდებელი მესხები, ისინი მხოლოდ II დონეზე 0.995 ამჟღავნებენ მსგავსებას, რაც პრაქტიკულად ემთხვევა წინა მეთოდით ჯგუფების გაერთიანების (0.996) დონეს. აჭარული ჯგუფებიდან მაქსიმალურად პოლიმორფულები არიან ბათუმის და ხულოს პოპულაციები.

13. სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის სისხლის გენეტიკური მარკერების შესწავლამ გვიჩვენა, რომ ერთმანეთთან ძალიან ახლოს დგას ხულოს 2 სუბპოპულაცია (ღორჯომის და რიყეთის) მათ უახლოვდება ქედის პოპულაციაც მსგავსების კოეფიციენტით 0.9984. მსგავსების უფრო დაბალი დონით (0.9968) მათთან ერთიანდება ხელვაჩაურისა და ქობულეთის პოპულაციები. აჭარულ წრეს კრავს შუახევის პოპულაცია. შემდგომ იერარქიულ წრეს უახლოვდებიან მესხები და ჯავახები. ამრიგად გენეტიკური მარკერები გვიჩვენებენ აჭარული პოპულაციების დიფერენცირებას, მათ მსგავსებას ერთმანეთთან და შედარებით დაბალი საფეხურის მსგავსებას სამხრეთ საქართველოს ქართულ პოპულაციებთან.

14. საანალიზო მასალის საფუძველზე შეიძლება განისაზღვროს იმერხევლების ადგილი სამხრეთ ქართულ ანთროპოლოგიურ ვარიანტში, რომლებიც ეთნოლოგიურად დასავლეთ საქართველოსკენ იხრებიან, თუმცა საკმაოდ დიდ მსგავსებას იჩენენ დსავლეთ საქართველოს ჩვენს მიერ მიმოხილულ ყველა ჯგუფთან. მიუხედავად იმისა, რომ აჭარლები, მესხები და ჯავახები მ.აბდუშელიშვილის (1964) ანთროპოლოგიური კლასიფიკაციის თანახმად სხვადასხვა ვარიანტში არიან გაერთიანებულნი, მაინც მაღალი მსგავსებით გამოირჩევიან. ეს უდავო ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს მოსახლეობის მჭიდრო გენეტიკურ კავშირს უძველესი დროიდან, მეტყველებს დერმატოგლიფიკური, ოდონტოლოგიური და სეროლოგიური ნიშნების ჩამოყალიბების ეპოქალურ სტაბილურობაზე და დიაქრონულ მემკვიდრეობითობაზე.

 

 

8 Responses to “• სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის ანთროპოლოგიური თავისებურებანი”

  1. beqa said

    ისე ქართველებიდან და სერთოდ კავკასიელებიდან კველაზე ღიაფერის ქერები და რიჟები ოზურგეთელი გურულები არიან

    Like

  2. beqa said

    ჩემი დაკვირვებით ნაღდად ესეა, გურულები ბევრად უფრო ღიაფერისები არაინ, ვიდრე მეგრელები და იმერლები

    Like

  3. joni said

    ხევსურების დიდი ნაწილი ებრაული წარმოშობისაა.და ისინი კი მწითური ხალხია,და ცოტა მოხუჭუჭო თმა ,ბალანი აქვთ წითელი ასე ვთქვათ,ხოლო იმ ხევსურებს კი რომლებიც ვაინახური წარმოშობისაა მაგარი შავები არაინ.

    Like

    • iberiana said

      მთის ხალხი (სვანები, რაჭველები, ხევსურები …) ბარის ხალხთან შედარებით ქერებიც არიან და წითურებიც. ებრაელობა არაფერშუაშია.

      Like

      • meba said

        მე ვისაც ვიცნობ მთის ხალხს განსაკუთრებით აღმოსავლეთის მთის ხალხს ჩრდილო კავკასიელებივით შავები არრიან და იმერლებთან გურულებთან და მეგრელებთან შედარებაც არ შეიძლება, თეთრები არა ის.

        Like

  4. დაიხსომეთ ხევსურები არიან ურიების შთამომავლები და არა ებრელების ური იყო ქალაქი რომლის მაცხოვრებლები გადასახლდნენ პალესტინაში და იქიდან უკან გადმოასახლა ნაბუგუდუნოსორმა

    Like

  5. ური იყო ქალაქი დღევანდელი ტაოლკარჯეთის ტერიტორიაზე ამიტომ დრემდე ებრაეებს ვეძახით ურიებს

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s