Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•რუსეთის აგრესიული პოლიტიკა 1918-1921

  ♥ კოლხეთი და იბერია – KOLKHIBERIA

 

შოთა ვადაჭკორია

 

დამოუკიდებელი საქართველო და რუსეთის აგრესიული პოლიტიკა 1918-1921 წლებში

 

დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთერთი ურთულესი სფერო საბჭოთა რუსეთთან ურთიერთობა იყო. ქართველ პოლიტიკოსებს კარგად ესმოდათ, რუსული ორიენტაცია ქვეყნის დაღუპვას რომ მოასწავებდა, ამიტომ, პრიორიტეტს დასავლურ ორიენტაციას ანიჭებდნენ. მიუხედავად ამისა, ურთიერთთანამშრომლობისა და თანასწორობის პრინციპიდან გამომდინარე, ახალგაზრდა ქართული რესპუბლიკა რუსეთთან თანამშრომლობისთვისაც მზად იყო, თუმცა საბჭოთა რუსეთი, იმპერიაში შემავალ ყოველ ერს კვლავ თავის შემადგენელ ნაწილად მოიაზრებდა.

ამის შესახებ გაბრიელ ხუნდაძე∗ საქართველოს ეროვნული საბჭოს 1918 წლის აგვისტოს სხდომაზე ხაზგასმით აღნიშნავდა: “ყველა იმ ერს, რომელმაც ისარგებლა ერთა თვითგამორკვევის პრინციპით და ბოლშევიკური მთავრობა არ იცნო, ბოლშევიკებმა ომი გამოუცხადეს. ტროცკიმ წინადადება მისცა ადმირალ საბლინს∗ ფლოტი საბრძოლველად გაემზადებინა და სევასტოპოლიდან გაელაშქრა ჩხენკელის∗ მთავრობის წინააღმდეგ. ამას ბოლშევიკები არ ეძახიან ერთა თვითგამორკვევის წინააღმდეგ გალაშქრებას.” როგორც ვხედავთ, დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ საომარი მოქმედების დაწყება, საბჭოთა რუსეთის ხელისუფალთა დღის წესრიგში იდგა. ამ ჩანაფიქრის სისრულეში მოყვანა, მხოლოდ “მოხალისეთა არმიის”∗ შეტევითმა ოპერაციებმა და რუსეთში სამოქალაქო ომის დაწყებამ ჩაშალა. უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, საბჭოთა რუსეთმა ამიერკავკასიის სახელმწიფოების მიმართ მტრული პოლიტიკური კურსი გარეგნულად “კეთილმეზობლური” ურთიერთობის დამყარების მცდელობით შეცვალა. ამის დამადასტურებლად საბჭოთა რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარის გ.ჩიჩერინის მიერ აზერბაიჯანის, დაღესტნის და საქართველოს მუშებისა და გლეხებისადმი გაგზავნილი “მოწოდება“ გამოდგება. დოკუმენტის მიხედვით, ერთა თვითგამორკვევის პრინციპიდან გამომდინარე, საბჭოთა რუსეთის მიზანს თითქოს აღნიშნული რესპუბლიკების დამოუკიდებლობისადმი მხარდაჭერა წარმოადგენდა. “თუ თქვენ კავკასიის მუსლიმანები და ქართველები _ ვკითხულობთ მოწოდებაში _ კმაყოფილნი ხართ თქვენი რესპუბლიკების სახელმწიფოებრივი წესებით, იცხოვრეთ თქვენთვის წყნარად, თვითგამორკვევით და აღადგინეთ ჩვენთან კეთილმეზობლური განწყობილება.” დოკუმენტში გამოთქმული შემრიგებლური ტონი და “ერთა თვითგამორკვევის” საბჭოური აღიარებისადმი მხარდაჭერა, გაზეთმა “ერთობამ” ეჭვის ქვეშ დააყენა. თავისი პოზიციის გასამაგრებლად, ბოლშევიკების სიტყვასა და საქმეს შორის ურთიერთსაწინააღმდეგო, კერძოდ, საქართველოში მათი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის ფაქტები მოიშველია და მოსკოვის “სამშვიდობო” კურსისადმი ნდობა, შეუძლებლად გამოაცხადა. “ჩვენ კი ჩვეულნი ვართ – წერდა გაზეთი _ საქმეს დავუჯეროთ, და სანამ ბოლშევიკების სიტყვასა და საქმეს შუა ჰარმონია არ იქნება, ჩვენი დღევანდელი პოლიტიკაც ბოლშევიკებისადმი მათ მოქმედებასთან იქნება შეფარდებული და არა მათ “მოწოდებასთან.” ეს იმის მაჩვენებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების მესვეურები, მიმდინარე პროცესებს სწორად აფასებდნენ და ამიერკავკასიის სახელმწიფოებისადმი რუსეთის “დამთმობლურ“ ნაბიჯთან მიმართებაში შესაბამის დასკვნებსაც აკეთებდნენ. ამის შესანიშნავ ნიმუშს

 3

საქართველოს მთავრობისადმი გ. ჩიჩერინის მიერ გამოგზავნილი ნოტისადმი დამოკიდებულება წარმოადგენს. ეს დოკუმენტი რუსეთთან მიმართებაში საქართველოს მთავრობას “მერყევი” პოლიტიკური კურსის დაძლევის აუცილებლობაზე მიუთითებდა და დენიკინის წინააღმდეგ საბრძოლველად საბჭოთა რუსეთთან სამხედრო ხელშეკრულების გაფორმებას სთავაზობდა. თუ რამდენად მიზანშეწონილი იყო ჩრდილოელი მეზობლის მიერ შემოთავაზებული წინადადების მიღება და თანხმობის შემთხვევაში რას მისცემდა საქართველოს ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, ამასთან დაკავშირებით, ჩვენი ყურადღება გაზეთ “ერთობაში” გამოქვეყნებულმა მოწინავე წერილმა “კომუნისტების წინადადება საქართველოს მთავრობისადმი” მიიქცია. იგი საზოგადოებას შეახსენებდა: 1) საქართველო, რუსეთთან “სამხედრო კავშირის” შეკვრის გარეშედაც 1919 წლიდან დენიკინთან საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ამ ფონზე, მეზობელი რესპუბლიკების საგარეო პოლიტიკის დენიკინის საფრთხისაგან თავდაცვისათვის დაქვემდებარებამდე დაყვანას იგი შეცდომად მიიჩნევდა; 2) საბჭოთა რუსეთის მიერ შემოთავაზებული “სამხედრო კავშირი,” ამიერკავკასიის რესპუბლიკების სამოქალაქო ომში ჩათრევას, საქართველოსადმი ევროპის სახელმწიფოების გადამტერებას და ბლოკადას ისახავდა მიზნად. ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი ქვეყანაში უმძიმეს ეკონომიკურ კრიზისს წარმოქმნიდა. “ეს ნიშნავს _ წერდა გაზეთი _ შიმშილის ათჯერ გაზრდას, ეს ნიშნავს ჩვენი ქვეყნის მცხოვრებთა გადაშენების გზაზე დაყენებას. შეიძლება რუსეთის ასმილიონიანმა ერმა ამ უბედურებას გაუძლოს, მაგრამ ჩვენი ორ მილიონიანი ერი ამას ვერ გაუძლებს, წელში გატყდება და საბოლოოდ აღიგვება ქვეყნიდან. ბოლშევიკებს ასეთი შედეგი არ აშინებთ, რადგან ისინი ერს, როგორც ასეთს არ უფრთხილდებიან. ერი მათთვის მხოლოდ საშუალებაა სხვა მიზნისათვის. ჩვენთვის კი ერის შენახვა უმაღლესი მიზანია.” 3) გასაბჭოებულ რუსეთთან “სამხედრო კავშირის” შეკვრა, საქართველოს მხრიდან “დაუფიქრებელი და შეუწყნარებელი ნაბიჯი იქნებოდა, რადგან… დარწმუნებული არა ვართ, წერდა გაზეთი “ერთობა” _ რომ დღევანდელი “მოკავშირენი” ხვალ ზვარაკად არ შეგვწირავენ კომუნისტური ღმერთების სამსხვერპლოზე.”

აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, იმავე გაზეთმა სტატიაში _ “უცნაური გაუგებრობა” თავისი პოზიცია შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: “დღევანდელ პირობებში, როცა რუსეთში ანარქია მძვინვარებს და ამ ანარქიის გამომწვევ ორ ძალასთან ლენინდენიკინთან∗ გვაქვს საქმე, ჩვენ ყოვლად შეუძლებლად ვთვლით რაიმე სახელმწიფოებრივი კავშირის გაბმას როგორც ერთ ისე მეორე ძალასთან.” ხოლო მომდევნო წერილში “რეაქციის წინააღმდეგ” ვკითხულობთ; “ბოლშევიზმის აყოლა დენიკინის გულისათვის ნიშნავს მეორე უკიდურესობაში ჩავარდნას, გზის აბნევას და ამით თავის დასამარცხებლად უეჭველი ნიადაგის მომზადებას. ჩვენი მიზანი ნათელია: დემოკრატიის საშუალებით, დემოკრატიული რევოლუციური მეთოდებით დენიკინის დამხობა და ბოლშევიკური ანარქიის თავიდან აცილება. ამ ორი დიდი მიზნის ერთად განხორციელება იხსნის… ჩვენს მხარეს მოსალოდნელი განადგურებისაგან.” როგორც

4

ვხედავთ, დენიკინთან და ბოლშევიზმთან მიმართებაში ნეგატიური დამოკიდებულება აქ გამოკვეთილადაა ნაჩვენები.

ასეთი პოზიციის ოფიციალურად გამოთქმით, ქართულმა სამთავრობო პრესამ, რუსეთისადმი უნდობლობის დემონსტრირება მოახდინა. ამავე დროს საჭირო იყო საკითხის სამთავრობო დონეზე გადაწყვეტა. ამ მხრივ, განსაკუთრებულ ინტერესს გ. ჩიჩერინისადმი ე. გეგეჭკორის∗ საპასუხო ნოტა იქცევს. რუსეთსაქართველოს შორის კეთილმეზობლური, სამშვიდობო ურთიერთობის დამყარებას ეს დოკუმენტი გადაუდებელ ამოცანად მიიჩნევდა და სათანადო გზების ძიების აუცილებლობაზეც მიუთითებდა, მაგრამ ამავე დროს, აღნიშნული ნოტა, საბჭოთა რუსეთთან სამხედრო კავშირის დადებასა და დენიკინის წინააღმდეგ საბრძოლო ოპერაციებში მონაწილეობის შესაძლებლობას გამორიცხავდა. ძირითად არგუმენტებად ე. გეგეჭკორი შემდეგ გარემოებებს ასახელებდა: ა) საქართველოს საგარეო პოლიტიკა ქვეყნის ნეიტრალიტეტის დაცვას ეფუძნებოდა, ბ) დენიკინთან 1919 წლიდან საომარი მდგომარეობის მიუხედავად, შეტევითი ომის შეუძლებლობიდან და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველო მხოლოდ თავდაცვითი ოპერაციების განხორციელებით იფარგლებოდა, გ)დენიკინის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ქართული მხედრობის მონაწილეობა, საბჭოთა რუსეთის შინაურ საქმეებში ჩარევას წარმოადგენდა.

დიპლომატიური ნორმების დაცვით შედგენილმა დასაბუთებულმა პასუხმა, რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარს როგორც ჩანს, წონასწორობა დააკარგვინა. ამის დადასტურებას ე. გეგეჭკორისადმი გ.ჩიჩერინის მიერ გამოგზავნილი საპასუხო ნოტა (1919 წლის 31 იანვარი) წარმოადგენს. იგი დიპლომატიურ ჩარჩოს ცილდებოდა და რაც მთავარია, საქართველოს ხელისუფლებისადმი წინასწარგამიზნული ბრალდებების ახალ წყებას შეიცავდა. საპასუხო ნოტით (7 თებერვალი), ე. გეგეჭკორმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის წამოყენებულ პრეტენზიებს არა მარტო დამაჯერებელი პასუხი გასცა, არამედ სააშკარაოზე გამოიტანა ის ძირითადი მიზეზები, რასაც რუსეთის მხარე ზემოდასახელებული ნოტის გავრცელებით ითვალისწინებდა. “აღნიშნული რადიოდეპეშის შინაარსი და ხასიათი, – ვკითხულობთ ე. გეგეჭკორის ნოტაში _ საქართველოს მთავრობას სრულ საბუთს აძლევს იფიქროს, რომ საბჭოთა მთავრობა ცდილობს საქართველოს რესპუბლიკის პრესტიჟი დასცეს ყალბ ცნობებზე მითითებით, რომლით სარგებლობასაც მე სრულებით მიუღებლად ვთვლი.” გ. ჩიჩერინის ბრალდებებს ე. გეგეჭკორი ზნეობრივპოლიტიკური კუთხით განიხილავდა და მის შეფასებასაც იძლეოდა. “ჩემი მთავრობის რწმუნებით ვაცხადებ, _ ვკითხულობთ ნოტაში _ რომ საქართველოს რესპუბლიკის მხრივ ამ დამოკიდებულებათა დასამყარებლად არავითარი დაბრკოლება არ არსებობს და იმედს გამოვთქვამ, რომ საბჭოთა მთავრობა თავის მომავალ პოლიტიკაში მოძებნის ქართველი ხალხისათვის მისაღებ ენას.” ე. გეგეჭკორის ეს იმედი არ გამართლდა. პირიქით, საბჭოთა რუსეთის მესვეურები დიპლომატიურ პაექრობაში, საქართველოსთან მიმართებაში დაგროვილი ღვარძლი და მტრული დამოკიდებულება სრულყოფილად გამოამზეურეს. ამის დადასტურებას გ. ჩიჩერინის

5

მესამე, ნოტა #432 წარმოადგენს, რომელიც 1920 წლის 19 თებერვლითაა დათარიღებული. იგი ბრალდებების ახალ “სერიალთან” ერთად, საქართველოსადმი საბჭოთა რუსეთის “რისხვის” განმაპირობებელ ძირითად მიზეზსაც ხსნის. “მიუხედავად ყველაფრისა, – ვკითხულობთ ნოტაში _ რუსეთის მუშათა და გლეხთა მთავრობა იმედოვნებდა, რომ გეგეჭკორის მთავრობა ვერ გაბედავდა უარი ეთქვა ერთად ბრძოლაზე რუსეთისა და საქართველოს მშრომელი მასის საერთო მტრის წინააღმდეგ.” აქ ერთი ნიუანსია გასათვალისწინებელი, კერძოდ, “უარის თქმის გაბედვა” ჩრდილოელი მეზობლისაგან შემოთავაზებულ “საომარ ხელშეკრულებაზე.” როგორც ჩანს, დროის ცვალებადობამ რუსულ ცნობიერებაზე ზემოქმედება ვერ მოახდინა. მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლებას აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში თავისი პრინციპული პოზიცია არ შეუცვლია. გაზეთი “ერთობა” მოწინავე წერილში “ჩიჩერინის მესამე ნოტა” ამ დოკუმენტს “სიცრუისა და ჭორიკანობის დაუშრეტელ ზღვას” უწოდებდა და დასტურად, ჩიჩერინის მიერ წამოყენებული ყოველი ბრალდების გასაბათილებელი ფაქტები მოყავდა. მათ შორის განსაკუთრებულ ყურადღებას საქართველოზე თურქეთის თავდასხმის მომენტში, სოხუმის ოლქში ბოლშევიკთა მიერ საგანგებოდ მოწყობილ აჯანყებაზე ამახვილებდა. იმავდროულად, ნოტის ავტორს ბრესტის საზავო ხელშეკრულებასაც შეახსენებდა. “ამისთანა წამების გახსენებით, _ ვკითხულობთ წერილში _ არა გვგონია ბოლშევიკებმა მოიგონ რამე. კეთილგონიერება მოითხოვდა, რომ ჩიჩერინს დავიწყებისათვის არ მიეცა ისეთი სახელოვანი საზავო ხელშეკრულება, რომელიც საბჭოთა რუსეთმა ბრესტლიტოვსკში დასდო, ხელშეკრულება, რომელიც ამიერკავკასიის დემოკრატიის გაწირვას და გაყიდვას უდრის, რომლითაც ლენინის მთავრობამ ოსმალთა ფაშების ფეხქვეშ განართხო ჩვენი დემოკრატია, მთელი ჩვენი ერი, ყველა ის, რაც რევოლუციის გზით მოვიპოვეთ.” რაც შეეხება, რუსეთის წინააღმდეგ, საქართველოოსმალეთის შეთქმულების ბრალდებას, იმავე სტატიაში ვკითხულობთ: “პოლიტიკური გულუბრყვილობით, ანდა საზღაპრო უტიფრობით უნდა ავხსნათ, რომ ბატონი ჩიჩერინი… რამდენჯერმე იხსენიებს ჩვენს ვითომდა “შეთანხმებას” ოსმალფაშასთან, ასეთი ლაპარაკი “ოსმალფაშების” შესახებ ბნი ჩიჩერინის მხრივ, სხვა რომ არა ვთქვათ რა, უზრდელობაა საბჭოთა რუსეთის დღევანდელი მოკავშირისადმი, რომლებთანაც ბოლშევიკურ მთავრობას ნამდვილი ბლოკი აქვს შეკრული და რომლებთანაც ერთად აწარმოებს მთელ თავის პოლიტიკას აღმოსავლეთში და ამიერკავკასიაში. გაბედოს ჩიჩერინმა ამ ფაქტის უარყოფა.” ისტორიოგრაფიაში დადასტურებულია, რომ 1920 წლიდან მუსტაფა ქემალსა∗ და ლენინს შორის მიმოწერა ოსმალეთისადმი დახმარების შესახებ მართლაც მიმდინარეობდა. ხოლო ოსმალეთის ეროვნულმა კრებამ (1920 წლის 12 ივლისი), რსფსრ∗ სახალხო კომისარიატისადმი გაგზავნილი შეტყობინებით, რუსეთის სფს რესპუბლიკისადმი ოსმალეთის მოკავშირეობა ოფიციალურად აღიარა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, საბჭოთა რუსეთმა საპასუხო ნაბიჯი გადადგა. იმავე წლის ივნისში, მუსტაფა ქემალფაშას გ. ჩიჩერინმა საგანგებო ნოტა გაუგზავნა, რომელშიც თურქეთისადმი დამოკიდებულება გამოკვეთილად იყო დაფიქსირებული. ჩვენთვის

6

საინტერესო საკითხთან მიმართებაში, დოკუმენტში ვკითხულობთ: “საბჭოთა მთავრობამ მიიღო თქვენი წერილი, რომელშიაც თქვენ სურვილს გამოთქვამთ მუდმივი კავშირი დაიკავოთ საბჭოთა მთავრობასთან და მონაწილეობა მიიღოთ ბრძოლაში იმპერიალიზმის წინააღმდეგ, რომელიც ერთნაირად ემუქრება ორივე ქვეყანას… საბჭოთა მთავრობა იღებს ცნობათ დიდი ნაციონალური კრების გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რათა ჩვენი მუშაობა და… სამხედრო ოპერაციები იმპერიალისტური მთავრობების წინააღმდეგ შეთანხმებული იყოს… დღეს, როდესაც ოსმალეთი განიცდის დიდ ტანჯვას, საბჭოთა მთავრობა განსაკუთრებულის სიხარულით ჰკრავს მეგობრულ კავშირს, რომელმაც უნდა შეაკავშიროს რუსეთისა და ოსმალეთის ხალხები.” აღნიშნული ფაქტებით დასტურდება, რომ ქართული სახელმწიფოს ხელისუფალთა გულისწყრომა სინამდვილიდან გამომდინარეობდა. ხოლო ზემოთ მითითებული წერილის მწვავე პოლემიკური ხასიათი საქართველოს წინააღმდეგ საბჭოთა რუსეთის მიერ ჩადენილი ცოდვების სააშკარაოზე გამოტანას და საზოგადოების წინაშე სრული სახით წარმოჩენას ითვალისწინებდა. რაც შეეხება რუსეთოსმალეთის შეთანხმებას, მასში ორივე სახელმწიფოს ინტერესები იყო ჩადებული. რუსეთის მოკავშირეობიდან გამომდინარე, თურქეთის მიზანს ანტანტისადმი დაპირისპირება და დანაწილებისგან ოსმალეთის გადარჩენა წარმოადგენდა. ხოლო რუსეთს, კავკასიაში გაბატონებით, ახლოაღმოსავლეთში წინსვლისათვის მტკიცე დასაყრდენის შექმნა ქონდა ჩაფიქრებული. ამასთან დაკავშირებით მ.მანდელშტამმი გაზეთ “სლოვო”ში გამოქვეყნებულ წერილში გარკვევით მიუთითებდა, რომ “ევროპა სადაც მრეწველობა განვითარებულია, ზურგს აქცევს ბოლშევიზმს. კრემლი კი თვალებს აღმოსავლეთისკენ აპყრობს. საქართველო გზაზეა და ბოლშევიზმი შეეცდება მის დამორჩილებას.” ხოლო გაზეთი “ტანი” იმავე საკითხთან დაკავშირებით იუწყებოდა;” მუსტაფა ქემალს მჭიდრო დამოკიდებულება აქვს ლენინთან, რომელთანაც იგი იმუშავებს საბჭოთა მთავრობის მცირე აზიის საქმეებში ჩარევის გეგმას.” ეს იმის დამადასტურებელია, რომ რუსეთოსმალეთის ალიანსი უშუალოდ დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ იყო მიმართული. მეორე მხრივ, აშკარად გამოიკვეთა რუსეთის ახლოაღმოსავლური პოლიტიკა. აქ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორიცაა გასათვალისწინებელი, კერძოდ, ბოლშევიკების და მეფის რუსეთის პოლიტიკურ მისწრაფებათა იდენტურობა. ამ საკითხთან მიმართებაში, ქართულ სახელმწიფოს გამოკვეთილი პოზიცია გააჩნდა. ამის შესანიშნავ მაგალითს გაზეთ “ერთობაში” გამოქვეყნებული მოწინავე წერილი “წითელი არმიის კავკასიასთან მოახლოების გამო,” წარმოადგენს.

აღნიშნულ სტატიაში, მეფის დროინდელი და საბჭოთა რუსეთის იდეოლოგიურ პოლიტიკური ხაზის ურთირთდაპირისპირების მიუხედავად, მათი იდენტურობაა აღიარებული. ამის ერთერთ ნიმუშად გაზეთი “ინოროდცებისადმი” დამოკიდებულებას ასახელებდა. მისი თქმით, ორივე რუსეთი არარუსი ერების სურვილსა და მისწრაფებებს იგნორირებდნენ, ხოლო დაპყრობის პოლიტიკის გატარებას მისაღებად თვლიდნენ. დასახელებული სტატია საზოგადოებას შეახსენებდა: “რა სანელებლითაც გინდათ შეაზავეთ ბოლშევიკების პოლიტიკა, თუნდაც ამ სანელებელს “კომუნიზმი” ეწოდებოდეს, ერს იგი ისევე უნდა ემწაროს,

7

როგორც ემწარებოდა ძველი რუსეთის პოლიტიკა, რადგან ერისათვის მას მოაქვს ძალდატანება, წელში გატეხა და კულტურული დაქვეითება.” მეორე ძირითად არგუმენტად იგივე გაზეთი რუსეთის “ახლოაღმოსავლეთის პოლიტიკას” ასახელებდა, მის ორბუნებიანობაზე და მაკიაველიზმზე მიუთითებდა. იმავდროულად, გაზეთის ყურადღება “სოციალური რევოლუციის გაღრმავების” ნიღბით, ცარიზმის პოლიტიკის დაფარვის მცდელობაზე გადაჰქონდა; “რუსეთის იმპერიამ, _ წერდა გაზეთი _ “დიდი რუსეთის” ლოზუნგით შემოდგა ფეხი საქართველოში. შესაძლებელია საბჭოთა რუსეთმა “კომუნიზმის” ლოზუნგით მოინდომოს “წითელი არმიის” შემოყვანა ჩვენს საზღვრებში… ჩვენმა ხალხმა… კარგად იცის, რომ მისთვის არავითარი განსხვავება არ არის, რომელი უცხო ჯარი შემოდის საქართველოში ძალდატანების მიზნით, ძველი რუსეთისა თუ საბჭოთა რუსეთისა.” რუსული საფრთხე, მართლაც სავსებით რეალური იყო. რუსეთის საინფორმაციო საშუალებებში, საქართველოსადმი გამოთქმული პრეტენზიების შესახებ დაწვრილებითაა საუბარი “ამხანაგის” (მ. ს. ლომთათიძე) ფსევდონიმით გამოქვეყნებულ ნაშრომში “კომუნისტურ რუსეთში.” მისი ძირითადი დებულებები შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს: ა) საქართველო საბჭოთა რუსეთის ყველაზე ძლიერი და დაუძინებელი მტერია, რადგან ნ. ჟორდანიამ საქართველოში “კედელი აღმართა” და საბჭოთა რუსეთი აღმოსავლეთს მოწყვიტა. ლენინის მთავრობას აღმოსავლეთში “რევოლუციის ცეცხლის შეტანაში” ხელი შეუშალა, ბ) ნ. ჟორდანიას მთავრობის დამარცხება, რუსულ მენშევიზმს საზრდოს გამოაცლის და მის სრულ ლიკვიდაციას დააჩქარებს. გ) ნ. ჟორდანიამ, ი. წერეთელმა, კ. ჩხეიძემ და ნ. რამიშვილმა დასავლეთ ევროპის მუშათა კლასი საბჭოთა რუსეთს დაუპირისპირეს და მათი მეშვეობით “რუსეთს ევროპაში უცქერიან როგორც ველურების ქვეყანას.” რამდენადაც, საბჭოთა რუსეთის პოლიტიკური მისწრაფებების “შემაფერხებელი ბარიერის” როლში საქართველო აღმოჩნდა, საბჭოთა რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მის წინააღმდეგ მოქმედების შესაბამისი გეგმაც მომზადდა. 1920 წლის თებერვალში ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის ერთერთ სხდომაზე მ. კალინინი აცხადებდა, “თბილისმა უნდა ითამაშოს მოსკოვის როლი აღმოსავლეთში, ის უნდა გადაიქცეს მეორე მოსკოვად” და იქვე აყენებდა საკითხს. “ავიღოთ საქართველო თუ ხმლით არა, “ნებით” მაინც.” იმ შემთხვევაში თუკი საქართველო დამოიკიდებლობაზე ნებით უარს არ განაცხადებდა, საბჭოთა რუსეთის გენშტაბის მიერ გამოცემული რუსეთის რესპუბლიკის საზღვრების დამადასტურებელი რუკების მიხედვით, საქართველოს საზღვარი მდინარეებზე, _ ბზიფსა და ჩოლოქზე გაივლებოდა. ამ ფაქტს საბჭოური პრესა შემდეგნაირად ხსნიდა: “ბაქო ჩვენ გვინდა, უმისოდ ვერ გავძლებთ, ხოლო ბაქო უბათუმოდ არაფერია, ამისათვის კლიტეც ჩვენს ხელში უნდა იყვეს. თქვენ კი არ გიშლით ცხოვრებას იყავით თქვენთვის დამოუკიდებელი” სხვათაშორის, დენიკინიც ასე მსჯელობდა. “გაგრა ჩემია, თქვენ ბზიფიდან გეკუთვნით, ხოლო ბათუმი ხომ რასაკვირველია რუსეთის არის.” ზემოთ აღნიშნულ რუკაზე რუსეთსაქართველოს საზღვარი ზუსტად ისე იყო გავლებული, როგორც დენიკინს ჰქონდა ჩაფიქრებული. ეს კი, საქართველოსთან მიმართებაში დენიკინისა და

8

საბჭოთა რუსეთის ხელისუფალთა პოლიტიკური კურსის იდენტურობაზე მეტყველებდა. იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს ხელისუფლება საბჭოთა რუსეთის მიერ შემოთავაზებულ ხელშეკრულებაზე თანხმობას განაცხადებდა და ორი მოდავე აგრესორიდან უპირატესობას ერთერთ მათგანს მისცემდა, ეს ნაბიჯი ქართული სახელმწიფოსათვის თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა.

ჩვენს მიერ მოტანილი ფაქტები იმის უდაო დადასტურებაა, რომ ამიერკავკასიის რეგიონი და მათ შორის საქართველო, გარდუვალი საფრთხის წინაშე იმყოფებოდა. ასეთ რთულ სიტუაციაში სომხეთაზერბაიჯანს შორის დაწყებული საომარი მოქმედება, (1920 წლის მარტი) რეგიონის გარშემო მიმდინარე პროცესების გაუთვალისწინებლობის შედეგი იყო. მისი შემდგომი გაღრმავება, ამიერკავკასიაში საბჭოთა რუსეთის გააქტიურებას უწყობდა ხელს და საქართველოსაც გარკვეული საფრთხის წინაშე აყენებდა.

ბუნებრივია, ქართველმა პოლიტიკოსებმა, სომხეთაზერბაიჯანის კონფლიქტი საქართველოს დამფუძნებელი კრების მეათე საგანგებო სხდომის (1920 წლის 8 აპრილი) მსჯელობის საგანი გახადეს. მიღებული რეზოლუცია, აღნიშნულ ომს, ამიერკავკასიის სახელმწიფოების დამოუკიდებლობისათვის მომაკვდინებლად აცხადებდა. რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით, საერთო კავკასიურ კონფერენციაზე სადაო საკითხების გატანას მოითხოვდა და ორთავე მხარეს არსებული პრობლემების მშვიდობიანი გზით გადაწყვეტისაკენ მოუწოდებდა. ეს ანგარიშგასაწევი წინადადება, სომხეთისა და აზერბაიჯანის მხრიდან ყურადღების მიღმა დარჩა. მტაცებლურმა და ურთიერთ დასუსტების პოლიტიკამ ორივე ქვეყნისათვის უარყოფითი შედეგები გამოიღო. იგი აზერბაიჯანსა და სომხეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებით დამთავრდა. რაც შეეხება აზერბაიჯანზე რუსეთის ჯარის თავდასხმას, ამ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებამ რეაგირება მაშინვე მოაზდინა და შესაბამისი გადაწყვეტილებაც მიიღო (1920 წ. 27 აპრილი). ქართული მხარე საქართველოაზერბაიჯანის სამხედრო ხელშეკრულების (1919 წლის 16 ივნისი) პირველი მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნას, _ ურთიერთდახმარების შესახებ, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეასრულებდა, თუკი აზერბაიჯანის მოსახლეობა მტერს წინააღმდეგობას გაუწევდა, ხოლო მთავრობა, საქართველოს ხელისუფლებას დახმარებისათვის ოფიციალურად მიმართავდა. ქართულ მხარეს, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შესრულება არ დასჭირვებია, რადგან მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. ამის შესახებ დამფუძნებელი კრების 1920 წლის 30 აპრილის სხდომაზე ნ.ჟორდანია ამბობდა: “ბოლშევიკები მივიდნენ სწრაფი მატარებლებით… სრულიად უმნიშვნელო ძალებით, _ ორი ჯავშნიანი მატარებლით. მათი უკან გარეკვა და მატარებლების დაკავება შეეძლო მცირე ძალას, მაგრამ ვინაიდან ამის სურვილი არ იყო, ბოლშევიკების შესვლა უბრალო გასეირნებად გადაიქცა.” ხოლო გაზეთი “ერთობა” მოწინავე წერილში “ბოლშევიკური გადატრიალება ბაქოში” მომხდარ ფაქტს შემდეგნაირად აღწერდა: “აქ არ იყო არავითარი ომი, არავითარი თავდაცვა; ბოლშევიკები მოვიდნენ ჩრდილოეთიდან ისე, როგორც ჩვეულებრივი მგზავრები მოდიან სასწრაფო მატარებლით. მათ წინ არ დახვედრიათ არავითარი წინააღმდეგობა, არავითარ

9

ჯარს არ შეუშლია მათთვის ხელი.” ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ აზერბაიჯანის მოსახლეობამ და მთავრობამ ქვეყნის გასაბჭოებას (1920 წლის 28 აპრილი) მხარი დაუჭირა. ამ აქტით, საბჭოთა რუსეთი აღმოსავლეთიდანაც გაუმეზობლდა საქართველოს, რითაც მისი დამოუკიდებლობა რეალური საფრთხის წინაშე დააყენა.

ამ ფონზე უთუოდ ყურადღებას იქცევს დამფუძნებელი კრების 1920 წლის 30 აპრილის სხდომაზე ნ. ჟორდანიას მიერ წარმოთქმული სიტყვა: “ბოლშევიზმის ჩვენში შემოშვება, აქ მისი გამეფება, _ აცხადებდა იგი _ ნიშნავს ჩვენს აზერბაიჯანად გახდომას, ბოლშევიკუროსმალური იმპერიალიზმის საქართველოში გაბატონებას. აზერბაიჯანის გზაზე ჩვენი შედგომა, მისი პოლიტიკური მრწამსის მიღება, ეს თავისუფალი და დემოკრატიული საქართველოს სამუდამო დასამარებაა. ევროპისაგან სამუდამოდ მოწყვეტაა და აზიის ფანატიკოსების ბრჭყალებში ჩავარდნაა.” ქვეყნის პირველი პირის მიერ პოზიციის ასეთი ფორმით ოფიციალურად დაფიქსირებამ, საკანონმდებლო ორგანოსგან შესატყვისი რეზოლუციის მიღება მოითხოვა. მიღებულDდოკუმენტში იმედი იყო გამოთქმული, რომ განსაცდელის ჟამს, რესპუბლიკის მოსახლეობა და მისი შეიარაღებული ძალები ხელისუფლების გარშემო შემოიკრიბებოდნენ და საქართველოს დამოუკიდებლობის ინტერესებს დაიცავდნენ.

რამდენადაც მდგომარეობა უაღრესად სერიოზული იყო, ქართული სახელმწიფოს ლიდერებმა საეთაშორისო ორგანიზაციების საქმის კურსში ჩაყენება, აუცილებლობად მიიჩნიეს. სსდმ∗ პარტიის ცენტრალური კომიტეტის პრეზიდიუმის 1920 წლის 27 აპრილის სხდომის დადგენილების თანახმად, სპეციალური შეტყობინება დაეგზავნა მეორე ინტერნაციონალს, საერთაშორისო პროფკავშირულ ბიუროსა და ყველა ქვეყნის სოციალისტურ პარტიებს. ამას არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა იმ თვალსაზრისით, რომ მათი მეშვეობით, დასავლეთ ევროპის საზოგადოებრივპოლიტიკური აზრი, ბოლშევიკური რუსეთის საწინააღმდეგო პოზიციასა და საქართველოსადმი თანადგომას ოფიციალურად ერთხელ კიდევ დაადასტურებდა. მითუმეტეს, საქართველოს “დე იურე” აღიარების საკითხი დღის წესრიგში იდგა. მიუხედავად ამისა, რუსეთისგან ძალად თავსმოხვეულ პრობლემებთან მიმართებაში, არსებითი მნიშვნელობა ქვეყნის მოსახლეობის დამოკიდებულებას ენიჭებოდა. მისი გათვალისწინება მმართველ პოლიტიკურ პარტიას პრაქტიკული საქმიანობის ერთერთ უცილობო პირობად მიაჩნდა. ამიტომ, აღნიშნული საკითხი რეგიონალური პარტიული ორგანიზაციების მსჯელობის საგნად აქცია. ამის ერთერთ ნიმუშს, გორის სამაზრო პარტიული ორგანიზაციის მესამე კონფერენცია (1920 წლის 18 აპრილი) წარმოადგენს. როგორც სტენოგრაფიული ანგარიშიდან ირკვევა, მისმა მონაწილეებმა ერთსულოვნად დაუჭირეს მხარი მთავრობის მიერ რუსეთთან მიმართებაში აღებულ კურსს, რაც შესაბამისი რეზოლუციითაც დაადასტურეს. “კონფერენცია მოუწოდებს გორის მაზრის მშრომელ ხალხს, – ვკითხულობთ დოკუმენტში _ ერთსულოვნად შემოკრბეს დემოკრატიის ნებასურვილთა გამომხატველი დამფუძნებელი კრების და მის წინაშე პასუხისმგებელი მთავრობის

10

გარშემო და მათთან ერთად საჭიროებისას დაიცვან თავისუფალი საქართველოს საზღვრები მომხდურთა ძალებისაგან.”

დასახულ მიზანს ემსახურბოდა სსდმ პარტიის ცენტრალური კომიტეტის, სოციალ დემოკრატიული პარტიის კოლექტივების და ყველა სოციალდემოკრატიულ ფრაქციათა გაერთიანებული კრება (1920 წლის 30 აპრილი). ნ. ჟორდანიას მიერ პოლიტიკური მომენტის შესახებ გაკეთებულ მოხსენებაში, აზერბაიჯანში მომხდარი გადატრიალების ძირითად მიზეზებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება, საქართველოსთან მიმართებაში საბჭოთა რუსეთის მიზნებზე და ამოცანებზე იყო გადატანილი. გამოთქმული იყო რწმენა, რომ ქვეყანა მტერს შესაფერის პასუხს გასცემდა და განსაცდელისაგან უვნებლად გამოვიდოდა. მიღებული რეზოლუცია, მთავრობისადმი ოფიციალურ მხარდაჭერას გამოთქვამდა. “თათბირი სავსებით იწონებს დამფუძნებელი კრებისა და მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მიმართულია რესპუბლიკის საზღვრების დაცვისკენ და მოუწოდებს პარტიის ყველა წევრს, ენერგიულად აწარმოონ ფართო თავდაცვა გაერთიანებულ ბოლშევილუროსმალური იმპერიალიზმის საფრთხესთან.”

ამავე დროს როკის გადასასვლელიდან საქართველოს საზღვრების დარღვევის ფაქტები დაფიქსირდა. ე. გეგეჭკორი ამასთან დაკავშირებით, გ. ჩიჩერინისადმი გაგზავნილ ნოტაში (1920 წლის 29 აპრილი) საგანგებოდ ამახვილებდა ყურადღებას. იმავდროულად, იგი საქართველორუსეთის საზავო მოლაპარაკების საკითხსაც აყენებდა. “საქართველოს მომავალი ნაბიჯი საბჭოთა რუსეთის მიმართ, _ ვკითხულობთ დოკუმენტში _ სრულიად განსაზღვრული იქნება საბჭოთა რუსეთის საქართველოსადმი დამოკიდებულებით, რუსეთის მიერ სურვილის განცხადებით, რომ იგი საქართველოს დამოუკიდებლობას აღიარებს. კიდევ ვიმეორებ… რომ სიტყვა საბჭოთა რუსეთს ეკუთვნის.”

მართალია, პასუხად ე. გეგეჭკორმა 3 მაისით დათარიღებული ბრძანების ის ასლი მიიღო, რომელიც კავკასიის ფრონტის ჯარის ნაწილებს საქართველოს საზღვრების დარღვევას უკრძალავდა, მაგრამ იგი ფარატინა ქაღალდად დარჩა. XI არმიას, რომელმაც საქართველოს საზღვრები 2 მაისს დაარღვია და გეზი თბილისისაკენ აიღო, საბრძოლო ოპერაციები არ შეუწყვეტია. პირიქით, მისი სარდლობა თბილისის აღების წინასწარ პროგნოზირებასაც კი ახდენდა. ამის დამადასტურებლად ს. ორჯონიკიძის მიერ 3 მაისს მოსკოვში გაგზავნილი დეპეშა გამოდგება. იგი თბილისის აღების დროდ, _ 15 მაისს, ხოლო მეორე დღეს გაგზავნილ დეპეშაში, _ 12 მაისს ასახელებდა.

მაშინ როდესაც XI არმიის სარდლობა თბილისის აღებას გეგმავდა, მოსკოვში რუსეთსაქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულების მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა. ჩვენ არ შევუდგებით ამ დოკუმენტის შექმნის პროცედურის განხილვას, რადგან ამის შესახებ ქართულ ისტორიოგრაფიაში საკმაოდ ბევრი ითქვა. აღვნიშნავთ მხოლოდ ერთს: საქრთველოს წარმომადგენელს გრ. ურატაძეს კონკრეტული დავალება ჰქონდა ნ.ჟორდანიასაგან, რომ მოსკოვს პირველ რიგში ეცნო “საქართველოს დამოუკიდებლობა და საზღვრები” ხოლო დანარჩენი პირობები იქნებოდა მეორეხარისხოვანი.” იმ შემთხვევაში, თუკი დასახული

11

ამოცანა წარმატებით გადაწყდებოდა, საქართველოს შესაძლებლებლობა მიეცემოდა “ამ თამასუქით ევროპის არეოპაგის წინაშე წარმდგარიყო” და მათგან ქვეყნის დამოუკიდებლობის აღიარება უფრო გაბედულად მოეთხოვა.

ეს ფაქტი უდაოდ ანგარიშგასაწევია, რადგან იმ ეტაპზე, ანტანტის სახელმწიფოები საქართველოს აღიარებას აჭიანურებდნენ. რამდენადაც ქვეყანა გარდუვალი საფრთხის წინაშე იდგა, ხოლო ევროპა ელოდებოდა პრეცედენტს, ასეთ ფონზე რუსეთთან მოლაპარაკება შესაძლოა გამართლებული ყოფილიყო. მითუმეტეს, “შორეული ევროპა” განსაკუთრებით ინგლისი, კავკასიის პრობლემებთან შესაჭიდებლად რისკზე წასვლას არ აპირებდა. ირ. წერეთელთან საუბრისას, ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლ. კერზონმა ამის შესახებ საგანგებოდ გაამახვილა ყურადღება. “რუსეთთან მტრული დამოკიდებულება თუ გაქვთ, _ ამბობდა იგი _ ინგლისი არა თუ თქვენს დახმარებას ვერ იკისრებს, არამედ ცნობასაც ვერ მოგცემთ, ვინაიდან ჩვენთვის კომპრომეტაცია იქნება ისეთ პირობებში ცნობა ახალი სახელმწიფოსი, თუ მას მომავლის პირი არ ექნება.”

როგორც ვხედავთ, ინგლისის ხელისუფლების ერთერთი ლიდერთაგანი, საქართველოს მომავალს რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობაში ხედავდა. აქედან გამომდინარე, ქართველ კოლეგებს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის რუსეთთან და კავკასიის ხალხებთან შეთანხმებაზე აგების “რეცეპტს” სთავაზობდა. “ევროპის პოლიტიკური ძარღვის საუკეთესო მცოდნე, _ წერდა ირ. წერეთელი _ გვაფრთხილებდა, გადაჭარბებული იმედებისაგან ევროპის დახმარებაზე, რადგან იცოდა რამდენად გულგრილად უყურებდა შორეული კავკასიის ხალხების ბედს მთელი ევროპის და კერძოდ ინგლისის ბურჟუაზია; რამდენად სწორი იყო ეს გაფრთხილება, მალე ეს ინგლისის მთავრობის ნაბიჯებმა დაგვანახა.” ინგლისმა 1920 წელს ბოლშევიკებთან კომერციული შეთანხმება დადო. ლოიდ ჯორჯის მთავრობამ რუსეთს ადვილად დაუთმო კავკასიის საკითხში, ეს კი ნიშნავდა ბოლშევიკებისათვის ხელის გახსნას ჩვენს დასაპყრობად. როგორც ცნობილია, ამ მიმართულებით 28 აპრილს დაწყებული სამუშაო, 7 მაისს რუსეთსაქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულების ოფიციალურად გაფორმებით დასრულდა. რუსეთის მხრიდან, ვ.ლენინისა და გ. ჩიჩერინის რწმუნებულებით ამ დოკუმენტს ხელი ლ. კარახანმა მოაწერა, ხოლო საქართველოს მხრიდან, დამფუძნებელი კრების წევრმა გრ. ურატაძემ.

რაც შეეხება უშუალოდ ხელშეკრულებას, იგი პრეამბულის, 16 მუხლისა და ორი დამატებითი ნაწილისაგან შედგება; 1) “ცალკე საიდუმლო დამატება ხელშეკრულებისა რუსეთსა და საქართველოს შორის” (ორი მუხლი) და 2) “რუსეთსა და საქართველოს შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმება.”

აღნიშნულ დოკუმენტთან მიმართებაში, შევეცდებით წინა პლანზე მხოლოდ ის ძირითადი საკითხები წამოვწიოთ და მუხლობრივი თანმიმდევრობით ჩამოვაყალიბოთ, რომლებმაც ფაქტობრივად, სამართლებრივი სახე შეიძინა. 1) საბჭოთა რუსეთმა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღიარა. უარი განაცხადა იმ სუვერენულ უფლებებზე, რაც “რუსეთს ეკუთვნოდა ქართ

12

ველი ხალხისა და მისი მიწაწყლის მიმართ,’ 2) რუსეთი უარს აცხადებდა საქართველოს შინაურ საქმეებში ჩარევაზე, 3) რუსეთი ცნობდა საქართველოს ისტორიული ტერიტორიის საზღვრებში და რაც მთავარია, ზაქათალას ოლქს საქართველოს შემადგენელ ნაწილად მიიჩნევდა. ეს იყო საქართველოს “დე ფაქტო” და “დე იურე” რუსეთისაგან აღიარება. “ყოფილი მეტროპოლია იურიდიულად სცნობდა ყოფილ კოლონიას, ახლად ჩამოყალიბებულ სახელმწიფოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც თავისთავად დიდად ამაღლებდა საქართველოს რესპუბლიკის საერთაშორისო პრესტიჟს.” ხელშეკრულების ზოგიერთი მუხლის საქართველოს სინამდვილისათვის მიუღებლობის მიუხედავად, იმ პერიოდის ქართული პოლიტიკური ელიტა, აღნიშნულ დოკუმენტს დადებით შეფასებას აძლევდა. ისიც გასათვალისწინებელია, რომ მომხდარ ფაქტს ევროპის სახელმწიფოები გარკვეულ ანგარიშს უწევდნენ. თუკი ამ კონტექსტში განვიხილავთ რუსეთსაქართველოს სამშვიდობო ხელშეკრულებას, დავრწმუნდებით, რომ უარყოფითს, დადებითი აშკარად სჭარბობდა. ეს გარემოება ჰქონდათ მხედველობაში ქართული პოლიტიკური აზრის მესვეურებს; ე. გეგეჭკორს, აკ. ჩხენკელს, შ. ნუცუბიძეს, გ. გვაზავას და ივ.გობეჩიას, დამფუძნებელი კრების მეთექვსმეტე სხდომაზე (1920 წლის 11 მაისი) აღნიშნულ დოკუმენტს დადებითი შეფასება რომ მისცეს. მეტიც გ.გვაზავამ ხელშეკრულებას ეროვნული გამარჯვებაც კი უწოდა. დამფუძნებელი კრების ფრაქციათა წარმომადგენლები ძირითად საკითხში რამდენადაც ერთი აზრისანი იყვნენ, რეზოლუციაც შესაბამისი მიიღეს. “მოისმინა რა გარეშე (ე. ი. საგარეო, შ. ვ.) საქმეთა მინისტრის განცხადება საბჭოთა რუსეთის და საქართველოს რესპუბლიკას შორის საზავო ხელშეკრულების დადების შესახებ, – ვკითხულობთ დოკუმენტში _ დამფუძნებელი კრება იწონებს მთავრობის პოლიტიკას, კმაყოფილებას გამოთქვამს რუსეთსაქართველოს შორის კეთილმეზობლური დამოკიდებულების დამყარების გამო და დარწმუნებულია, რომ მთავრობა განაგრძობს სათანადო ზომების მიღებას რესპუბლიკის დამოუკიდებლობისა და მისი საზღვრების დასაცავად.”

ქართული პოლიტიკური აზრის წარმომადგენლები, შ. ნუცუბიძის სიტყვებით რომ ვთქვათ, “ეროვნული არსებობის აუცილებელ პირობად” მთელ რიგ კომპონენტებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიის ფარგლების განსაზღვრასა და მის დადასტურებას მიიჩნევდნენ. რამდენადაც ამ ხელშეკრულების მეოთხე მუხლის პირველი პარაგრაფის მიხედვით რუსეთი ბათუმის ოლქსა და ზაქათალას ოკრუგს საქართველოს უდაო ტერიტორიად აცხადებდა, ხოლო მეორე პარაგრაფი, სამხრეთ კავკასიის სანამესტნიკოს ამა თუ იმ ნაწილის შემოერთების შესაძლებლობას აძლევდა საქართველოს, თუკი ამის შესახებ შესაბამის სახელმწიფო ერთეულთან სათანადო ხელშეკრულებით იქნებოდა იგი დადასტურებული. ეს ფაქტი ქართული პოლიტიკური აზრის მესვეურთა შორის დიდ კმაყოფილებას იწვევდა. ამის დადასტურებას გაზეთ “ერთობაში” დაბეჭდილი მოწინავე სტატია “რუსეთი და აზერბაიჯანი” წარმოადგენს. “ხელშეკრულებით, _ ვკითხულობთ წერილში _ საკმაოდ ნათლად და მკაფიოდ არის განსაზღვრული ჩვენი ტერიტორიის ფარგლები, როგორც ჩრდილოეთის ისე აღმოსავლეთის 13

მხრივ. ჩვენსა და აზერბაიჯანს შორის გავლებულია ერთგვარი ხაზი.” რაც შეეხება ბათუმის ოლქის საკითხს, თავის გამოსვლებში ე. გეგეჭკორმა და აკ. ჩხენკელმა ერთხელ კიდევ დაადასტურეს ბათუმის ოლქის საქართველოს კუთვნილებად აღიარების საერთაშორისო მნიშვნელობა. “ბათუმის დაბრუნება, _ ამბობდა აკ. ჩხენკელი _ უბრალო სამართლიანობის და საერთაშორისო თავაზიანობის საქმეა. ეს მით უფრო უნდა იყოს გასაგები ყველასათვის ეხლა, როცა თვით რუსეთი ბათუმსა და მის ოლქს საქართველოს ტერიტორიის ნაწილად თვლის და ასე შეაქვს ხელშეკრულებაში.”

აკ. ჩხენკელის გამოსვლის ასეთი ფორმა შემთხვევითი არ იყო. მას გარკვეული ადრესატი ჰყავდა. კერძოდ, ინგლისის ხელისუფლება, რომელიც ბათუმის ოლქის საქართველოსადმი გადაცემას შეგნებულად აჭიანურებდა. რუსეთთან დადებული ხელშეკრულების IV მუხლის მოშველიებით, აკ. ჩხენკელი მოკავშირეებს “სამართლიანობისა და საერთაშორისო თავაზიანობისკენ” მოუწოდებდა. იმავდროულად, ბათუმის ოლქის კანონიერი მფლობელისადმი გადაცემის აუცილებლობასაც შეახსენებდა. ეს იმას ნიშნავს, რომ აღნიშნულ ხელშეკრულებას, საქართველოს ხელისუფლება საერთაშორისო თვალსაზრისით დიპლომატიური და პროპაგანდისტული ხასიათის დატვირთვასაც ანიჭებდა.

რუსეთსაქართველოს ხელშეკრულებით აღიარებულ საქართველოს საზღვრებს, მაშინდელი ქართული პოლიტიკურ მოღვაწეთა ნაწილი, უცხო სახელმწიფოთა მხრიდან საქართველოს კუთვნილი ტერიტორიების მიტაცებისაგან დაზღვევის ერთერთ გარანტად მიიჩნევდნენ. ამის რეალურ საფუძველს საბჭოთა რუსეთის მიერ თურქეთის დიდი ეროვნული კრებისადმი გაგზავნილი ნოტა (1920 წლის 19 დეკემბერი) წარმოადგენს. ამ დოკუმენტის მიხედვით, “საბჭოთა რუსეთის მთავრობა მიზანშეწონილად თვლიდა, თურქეთსაქართველოს ხელშეკრულება შემუშავებულიყო რუსეთსაქართველოს ხელშეკრულების საფუძველზე.” ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეული მოსაზრებებიდან გამომდინარე, საბჭოთა რუსეთი, თურქეთის ხელისუფლებას ბათუმის ოლქის საქართველოს კუთვნილებად აღიარების აუცილებლობაზე მიანიშნებდა. მეორე მხრივ, ამ დოკუმენტზე დაყრდნობით, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა წინაშე, საქართველოსათვის საერთასორისო სამართლებრივი უფლებების აღდგენის საკითხის დასმას აპირებდნენ. თუ რამდენად განხორციელებადი აღმოჩნდებოდა ეს იმედები, იგი პოლიტიკური პროცესების განვითარებაზე იყო დამოკიდებული. ერთი რამ ცხადია, საქართველოს ხელისუფლების ლიდერები, ქვეყნის იურიდიულად აღიარების დაჩქარების თვალსაზრისით, რუსეთსაქართველოს ხელშეკრულებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. მათივე მტკიცებით, აღნიშნული დოკუმენტის საფუძველზე 1) ჩრდილოეთის ფრონტის თუნდაც დროებითი “გაუქმებით,” აზერბაიჯანისა და ოსმალეთის ფრონტის ხაზზე წარმატების მისაღწევად საქართველოს მეტი შესაძლებლობები ეძლეოდა; 2) ხელშეკრულების VI მუხლის მიხედვით, რუსეთი ვალდებულებას იღებდა, საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ (მის დასამხობად) ან მისი სახელით მომქმედი ჯგუფები და ორგანიზაციები არ დაეშვა თავის ტერიტორიაზე. ზეგავლენას მოახდენდა მის მოკავშირე სახელმწიფოებზე, რათა ანალოგიური სახის ჯგუფებისა და ორგანიზაციების

14

საქმიანობა დროულად ყოფილიყო მათ მიერ აღკვეთილი. 3) იმავე ხელშეკრულების XII, XIII და XV მუხლები, საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების აღდგენის შესახებ, შესაბამისი დოკუმენტების მომზადებას ითვალისწინებდა. ამ მიმართულებით გადადგმულ პრაქტიკულ ნაბიჯს და ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობის დამყარებას, ქართველი პოლიტიკოსები ქვეყნის ეკონომიკის გაჯანსაღების აუცილებლობის ჭრილში განიხილავდნენ.

ჩვენს მიერ მოტანილი მასალები ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, თითქოს ზემოაღნიშნული ხელშეკრულება უნაკლო ყოფილიყოს და კითხვის ნიშნები არ ჰქონოდეს. ქართველი პოლიტიკოსები რატომღაც ამ კონკრეტულ მუხლებთან მიმართებაში დუმდნენ. არადა, ხელშეკრულების გარკვეული ნაწილები საქართველოს ხელისუფლების წინაშე მძიმე მოთხოვნების შესრულების აუცილებლობას ითხოვდა. მხედველობაში გვაქვს: 1) ხელშეკრულების III მუხლის მეორე ნაწილი, რომლის მიხედვითაც რუსეთ საქართველოს შორის სახელმწიფო საზღვრის დამდგენი ორმხრივი შერეული კომისიის დასკვნამდე, 1922 წლის პირველ იანვრამდე საზღვრის უღელტეხილები (საზღვრიდან 5 ვერსის მანძილზე) ნეიტრალურად ცხადდებოდა. დროის ამ მონაკვეთში, უღელტეხილების დაკავების, ან მისი გამაგრების უფლება ორივე მხარეს ეკრძალებოდა; 2) მეათე მუხლის V და VI პარაგრაფების მოთხოვნებიდან გამომდინარე, საქართველოს ხელისუფლებას მისი ტერიტორიიდან ყველა ის სამხედრო შენაერთი უნდა განედევნა, რომლებიც ქართული ჯარის შემადგენლობაში არ შედიოდნენ, და რაც მთავარია, უცხო ქვეყნის ჯარის ნაწილები საქართველოს ტერიტორიაზე მომავალშიაც არ უნდა ყოფილიყო დაშვებული. აღნიშნული ფაქტებიდან გამომდინარე; ა) საქართველოს ჩრდილოეთის საზღვრის სტრატეგიული უღელტეხილები, წელიწადი და 7 თვის განმავლობაში (ხელშეკრულების დადებიდან 1922 წლის იანვრამდე) დაუცველი რჩებოდა; ბ) მეათე მუხლის V და VI პარაგრაფები, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის ჯარის ნაწილებში, ინგლისის სამხედრო შენაერთებს გულისხმობდა, რომელიც იმ პერიოდში ბათუმის ოლქში იყო დისლოცირებული. საქართველოს ტერიტორიიდან სწორედ მათ განდევნას ითვალისწინებდა ზემოაღნიშნული პარაგრაფები. იმავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას უცხო სახელმწიფოს სამხედრო ნაწილების შემოყვანა ქვეყნის უსაფრთხოების მიზნითაც ეკრძალებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო, საბჭოთა რუსეთის პირისპირ მარტოდმარტო უნდა დარჩენილიყო და ქვეყნის უსაფრთხოების ბედი ეროვნულ საჯარისო შენაერთებზე დაემყარებინა.

საქართველოს დამოუკიდებლობის შენარჩუნების რეალურ გარანტიას, აკ. ჩხენკელი არა ხელშეკრულებაში, არამედ ძლიერ ეროვნულ საჯარისო შენაერთებში ხედავდა. აქედან გამომდინარე, იგი პრინციპულად აყენებდა საკითხს: “მთელი ჩვენი გონებრივი,… ზნეობრივი და ნივთიერი ძალა უნდა მოვიკრიბოთ იმისთვის, რომ ჩვენი რესპუბლიკის დამოუკიდებლობა, მისი თავდაცვის საქმე… საღ ნიადაგზე დავაყენოთ. ეს არის ჩვენი უწმინდესი მოვალეობა დემოკრატიისა,

 15

მთელი ერისა და საქართველოს ხალხის წინაშე. უამისოთ ჩვენ არ შეგვიძლიან ვსთქვათ, რომ ჩვენი მომავალი უზრუნველყოფილი არის.”

აღნიშნული ფაქტები იმაზე მიგვანიშნებს, რომ ხელშეკრულებაში ჩადებული არახელსაყრელი მუხლებიდან გამომდინარე საფრთხე, საქართველოს ხელისუფლების ლიდერებს შესანიშნავად ჰქონდათ გაცნობიერებული. ამიტომ იყო, რომ ჩრდილოელი მეზობლის მხრიდან შემოთავაზებული ნებისმიერი “სიურპრიზისადმი” ღირსეულად დახვედრის საკითხს რომ აყენებდნენ დღის წესრიგში. “დიდ რუსეთს, _ წერდა გაზეთი “ერთობა” _ არასოდეს არ ექნება შიში პატარა საქართველოს თავდასხმის, მაგრამ პატარა საქართველოს კი უნდა ჰქონდეს გეოგრაფიულად და სტრატეგიულად გამაგრებული სანაპიროები, რომ პირველმა ავანტიურისტმა და მონაპირე რაზმმა… იოლათ არ გადმოლახოს ჩვენი საზღვრები და შუაგულში არ შემოგვესიოს. თავდაცვისათვის… არის საჭირო აქაც მტკიცე და სასურველი საზღვრის დადება.”

რაც შეეხება უცხო საჯარისო შენაერთების (იგულისხმება ინგლისი) მხრიდან საქართველოს დატოვებას, იგი მხოლოდ ხელშეკრულებით არ იყო განპირობებული. ეს საკითხი ლ. კერზონის კავკასიური პოლიტიკის მარცხთან ერთად ინგლისშივე გადაწყდა. ამასთან დაკავშირებით ზ. ავალიშვილი წერს: “ლორდ კერზონის პოლიტიკა კავკასიის შესახებ დამარცხდა,… ბათუმის ოლქში ინგლისის ჯარების დაყოვნება ზედმეტი გახდა… ბათუმის დატოვებას… მოითხოვდა ლონდონში ეკონომიის ყველა მომხრე, რომელთაც უხაროდათ კიდევ ერთი ოკუპაციის მოხსნა. ამ ზომას იწონებდა ამიერკავკასიაში ინგლისის აქტიური პოლიტიკის ყველა მოწინააღმდეგე (ე. ი. კერზონის მოწინააღმდეგე).” ეს იმას ნიშნავს, რომ შექმნილი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, საქართველოს დატოვება ინგლისის ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულების V მუხლის V პარაგრაფის ასამოქმედებლად და ინგლისზე ზეწოლის განსახორციელებლად, საქართველოს ხელისუფლებას საერთაშორისო ან ძალისმიერი ბერკეტების ამოქმედების არანაირი შესაძლებოლბა არ გააჩნდა. ხელშეკრულებამ, როგორც ზ. ავალიშვილი წერს, ინგლისელებს “ძლიერ გაუადვილა… სახელოვნად გასულიყვნენ ბათუმიდან.”

აღნიშნული ფაქტი თუკი სინამდვილეს შეესაბამება, გამორიცხული არაა, რომ ხელშეკრულებაში ზოგადი სახით ჩადებული ფორმულირება, საქართველოს სახელისუფლებო ჯარის შემადგენლობაში არშემავალი (ე. ი. უცხო) საჯარისო ნაწილების საქართველოს ტერიტორიიდან გაყვანის შესახებ, საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან, ინგლისის დიპლომატიურ წრეებთან ყოფილიყო შეთანხმებული. მითუმეტეს: ა) იმ ეტაპზე რუსეთსა და ინგლისს შორის ეკონომიკურ და პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებაში საფუძვლიანი მოლაპარაკება მიმდინარეობდა; ბ) საქართველორუსეთის ხელშეკრულების ტექსტის შედგენისას, “მოკარნახის” როლს რუსეთის წარმომადგენლობა ასრულებდა; გ) ინგლისის ჯარის საქართველოდან გაყვანა, არა მარტო საბჭოთა რუსეთის, არამედ, როგორც ზემოთაც გვქონდა აღნიშნული, ლ. ჯორჯის მთავრობის ინტერესებშიაც შედიოდა. ამ შემთხვევაში, ხელშეკრულება ლ. ჯორჯის მთავრობას,

16

კავკასიის დატოვებასთან მიმართებაში ოპონენტებთან მხოლოდ “თავის მართლების” საბაბად სჭირდებოდა.

მართალია, ხელშეკრულების II მუხლით რუსეთი, საქართველოს შინაურ საქმეებში ჩაურევლობის გარანტიას იძლეოდა, მაგრამ, იმავე დოკუმენტის მეათე და სპეციალური დამატების პირველი მუხლი საქართველოს ავალდებულებდა: ა) ყველა იმ პიროვნების განთავისუფლებას, რომლებიც საბჭოთა რუსეთის ან კომუნისტური პარტიის სასარგებლოდ იყვნენ დასჯილნი; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე კომუნისტური ორგანიზაციების ლეგალური არსებობისა და სააგიტაციოპროპაგანდისტული საქმიანობის სრულ თავისუფლებას.

რამდენადაც აღნიშნული მუხლები ქვეყნის შიდასახელმწიფოებრივ კომპენტენციაში ჩარევას გულისხმობდა, ხელშეკრულების მეორე მუხლთან წინააღმდეგობაში მოდიოდა. სამწუხაროდ, ქართველმა პოლიტიკოსებმა ეს საკითხი ყურადრების მიღმა დატოვეს. მსჯელობის საგნად, წინა პლანზე, მხოლოდ ქართველი ბოლშევიკების სანდოობა და მით მიმართ დამოკიდებულება წამოსწიეს. არადა, არსებული პოლიტიკური სიტუაცია ორივე საკითხის ერთობლიობაში განხილვასა და შესაბამისი დასკვნის გაკეთებას საჭიროებდა. რაც შეეხება ქართველი ბოლშევიკებისადმი დამოკიდებულებას, ქართული სახელმწიფოებრივი პოლიტიკური აზრი ამ საკითხში ერთიანი იყო. ქართველ პოლიტიკურ მოღვაწეებს კარგად ჰქონდათ გაცნობიერებული, რომ საქართველოს მოქალაქე ბოლშევიკები ქვეყნის დამოუკიდებლობას ვერ შეურიგდებოდნენ, თუნდაც იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ მათი იდეური მრწამსი, აკ.ჩხენკელის სიტყვებით რომ ვთქვათ, ერის დამოუკიდებლობის უარყოფაზე იყო დაფუძნებული. “კულტურული ერის ნიადაგზე, _ ამბობდა აკ. ჩხენკელი _ არ უნდა არსებობდეს ასეთი უკულტურო მოვლენა თავისი თავის,… ინდივიდუალობის უარმყოფელი… თუ ბოლშევიკებმა აწი მაინც… არ შეწყვიტეს ბრძოლა ჩვენი ერის დამოუკიდებლობის წინაარმდეგ, ეს იქნება ნამდვილი ღალატი, და ვინც ღალატს ჩაიდენს, მას უნდა მოექცნენ ისე, როგორც ექცევიან დაწინაურებულ ქვეყნებში.” ეს იმას ნიშნავს, რომ ქართველი ბოლშევიკების ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას, საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის წინაშე ჩადენილი ღალატის რანგში განიხილავდა და ევროპის დაწინაურებული სახელმწიფოების მსგავსად შესაბამისი კანონმდებლობით დასჯიდა. ასეთივე თვალსაზრისია გატარებული გაზეთ “ერთობაში” დაბეჭდილ მოწინავე წერილში, _ “ახალი გამარჯვება”. მასში გარკვევით იყო მითითებული, რომ ბოლშევიკების ლეგალიზაცია “სრულებითაც არ ნიშნავს… დაუყოვნებლივ… კარი გავუღოთ ბოლშევიზმის ექსპერიმენტებს, ან ამ ექსპერიმენტების მოტრფიალე ელემენტებს მივცეთ… უფლება იმ ბოროტი მუშაობის წარმოებისა, რომელიც ჯარზე თავდასხმაში, აჯანყებაში, ღალატის ქადაგებაში და სხვა ასეთ მოქმედებაში გამოიხატება.”

ჩვენს მიერ მოტანილი ფაქტები იმის დამადასტურებელია, რომ საქართველოს ხელისუფლების მესვეურებს, ბოლშევიკების “გაკეთილშობილებისა” და მათი მხრიდან ეროვნული სახელმწიფოს სამსახურში ჩადგომის არ სჯეროდათ. ერთი რამ ცხადია, ბოლშევიკებზე სადამსჯელო ზემოქმედება, რომლის შესახებაც ქართველი პოლიტიკოსები მიუთითებდნენ, საბჭოთა რუსეთს, ხელშეკრულების

17

 დარღვევად შეეძლო გამოეცხადებინა და პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებისათვის გამოეყენებინა. მითუმეტეს, ხელშეკრულების არც ერთ მუხლში ჩადებული არ იყო ამა თუ იმ პოლიტიკური ორგანიზაციის მხრიდან გაწეული ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის აღსაკვეთი სადამსჯელო მექანიზმი. ქართული პოლიტიკური ელიტის ასეთი რისკი, დასავლეთ ევროპის სახელმწიფოთა შეპირებულ დახმარებაზე, “დე იურე” აღიარებაზე და ერთა ლიგაში საქართველოს გაწევრიანების იმედზე იყო დამყარებული. თუ რამდენად შესრულებადი აღმოჩნდებოდა ქართველ პოლიტიკოსთა ეს ჩანაფიქრი, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს უნდა განესაზღვრა. ყოველ შემთხვევაში, როგორც სამეცნიერო ლიტერატურაშია დადასტურებული ამ მიმართულებით საქართველოს დიპლომატიური კორპუსი ფართომასშტაბიან სამუშაოს ეწეოდა.

რაც შეეხება ხელშეკრულებისადმი ბოლშევიკთა დამოკიდებულებას, მათი უმეტესობის განწყობა აგრესიული ნამდვილად არ იყო. გაზეთ “კომუნისტში” გამოქვეყნებული პუბლიკაციებიდან დასტურდება, რომ ისინი რუსეთსაქართველოს ურთიერთობის ნორმალიზაციასა და ბოლშევიკური ორგანიზაციების ლეგალიზაციას დადებითად აფასებდნენ. გამონაკლისს მხოლოდ ს. ორჯონიკიძე და მისი გარემოცვა წარმოადგენდა. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ეს განმორჩეული ამბიციების მქონე პიროვნება, ფაქტიურად რუსეთის მაღალი სახელისუფლებო თანამდებობის მიღმა აღმოჩნდა. შელახული “თავმოყვარეობის” რეაბილიტაციის ერთერთ საშუალებად, მას ამიერკავკასიის სრული გასაბჭოება ესახებოდა. ამის დადასტურებას, 1920 წლის 2 მაისს საქართველოზე მის მიერ ორგანიზებული თავდასხმა წარმოადგენს. მოსკოვის მხრიდან მკაცრი გაფრთხილება რომ არა, ხელშეკრულების დადებისა და წითელი არმიის ნაწილების დამარცხების მიუხედავად, იგი ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებდა.

ხელშეკრულებისადმი ნეგატური დამოკიდებულება მხოლოდ სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამოავლინეს. მხედველობაში გვაქვს ამ ორი სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრების მხრიდან, რუსეთის საგარეო საქმეთა კომისარის გ. ჩიჩერინისადმი გაგზავნილი რადიო ტელეგრამა. ამ დოკუმენტების მიხედვით; 1) სომხეთი, თბილისის გუბერნიის შემადგენელი, _ ბორჩალოსა და ახალქალაქის მაზრების საქართველოსადმი გადაცემის წინააღმდეგი გამოდიოდა. იმავდროულად ბათუმის ოლქში ჭოროხის რაიონით დაკმაყოფილებას მოითხოვდა; 2) რაც შეეხება აზერბაიჯანს, იგი ზაქათალას ოკრუგის საქართველოს საზღვრებში შეტანას აპროტესტებდა. ამ შემთხვევაში, რუსეთის ხელისუფლებამ მხოლოდ გასაბჭოებული აზერბაიჯანის პრეტენზიების განხილვა მიიჩნია მიზანშეწონილად. სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება 1920 წლის 12 მაისს ხელმოწერილი დოკუმენტი, რომელიც რუსეთსაქართველოს 7 მაისის ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმებით არის ცნობილი. ძირითადი ხელშეკრულების IV მუხლსა და დამატების პირველ პარაგრაფს შორის განსხვავება შემდეგში მდგომარეობს: 1) ხელშეკრულების IV მუხლი ზაქათალას ოკრუგს, საზღვრების ყოველგვარი შესწორების გარეშე აცხადებდა საქართველოს შემადგენელ ნაწილად; 2) ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმების მიხედვით, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე და

18

ზაქათალას ოკრუგში მდებარე სადაო ადგილების კუთვნილების გადაწყვეტის საკითხი ორმხრივი შერეული კომისიის კომპენტენციად იყო მიჩნეული. ამასთან დაკავშირებით, დოკუმენტში ვკითხულობთ: “დავა ადგილების შესახებ, რომელიც მდებარეობს საქართველოს და აზერბაიჯანის საზღვარზე და ზაქათალას ოკრუგში, გადასაწყვეტად გადაეცემა შერეულ კომისიას, რომლის თავმჯდომარე იქნება რუსეთის ფედერაციის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის წარმომადგენელი.” ამ დოკუმენტში გარკვევითაა მითითებული, რომ საკითხი ეხება საქართველოაზერბაიჯანის საზღვარზე და ზაქათალას ოკრუგში არსებული ზოგიერთი სადაო ადგილის ე. ი. პუნქტის (თუკი ასეთი იქნებოდა) კომისიისადმი განსახილველად გადაცემას. ეს იმას ნიშნავს, რომ ხელშეკრულების დამატებითი ნაწილი, ძირითადი ხელშეკრულების IV მუხლს არ არღვევდა, რადგან ზაქათალას ოკრუგის კუთვნილებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ აყენებდა. ამ შემთხვევაში, საქმე ეხება ზაქათალას ოკრუგში სადაო ადგილის, _ პუნქტის საზღვრის მოსალოდნელ “კოსმეტიკურ” ცვლილებას და არა აზერბაიჯანისადმი უშუალოდ ოკრუგის გადაცემას, როგორც ეს ზოგიერთ ისტორიკოსს ჰგონია. რაც შეეხება საბჭოთა რუსეთის წარმომადგენელს, რა დონის ტენდენციურობითაც არ უნდა ყოფილიყო იგი გამორჩეული, დამატებითი ხელშეკრულების აღნიშნული პარაგრაფიდან გამომდინარე, მას აზერბაიჯანისადმი არა ზაქათალას ოკრუგის, არამედ, საქართველოაზერბაიჯანის საზღვარზე და თვით ზაქათალას ოკრუგში მდებარე მხოლოდ სადაოდ ქცეული ზოგიერთი ადგილის გადაცემა შეეძლო.

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ზემოაღნიშნული სამშვიდობო ხელშეკრულების დადების მიუხედავად, საბჭოთა რუსეთი, აზერბაიჯანის მიმართულებიდან საქართველოს წინააღმდეგ 2 მაისს დაწყებულ სამხედრო ოპერაციებს კვლავაც აგრძელებდა. იმ პერიოდის პრესა ამ კონფლიქტს, საქართველოაზერბაიჯანს შორის საომარი ურთიერთობის სახელით განიხილავდა. თუ რით იყო განპირობებული ნამდვილი აგრესორის შენიღბვა, ამის შესახებ ამომწურავ პასუხს ნ. ჟორდანიას მოგონებები იძლევა. “თბილისში, _ წერს იგი _ დიდი პანიკა იყო. ამბობდნენ რუსი მოდის და ვინ გაუძლებსო! რამდენადაც მთავარი მეომარი ელემენტი იყო გვარდია, როგორც გადაჭრით ანტიბოლშევიკური, გადავწყვიტეთ მორალი მისი გაგვემაგრებია ხმის გავრცელებით, მოდის არა რუსის არამედ აზერბაიჯანელთა ჯარი… ხერხმა გასჭრა, გვარდიელები ყალყზე დადგნენ, როგორ გვიბედავენ ეს “ჩაჩნები” ომსო.” როგორც ცნობილია, მოწინააღმდეგის დამარცხებისა და პირვანდელი სასაზღვრო პოზიციების აღდგენისთანავე, ქართული ჯარის ნაწილებმა საქართველოს ხელისუფლების მითითებით 16 მაისს შეტევითი ოპერაციები შეწყვიტეს. ამ ფაქტს გაზეთი “ერთობა” შემდეგნაირად ხსნიდა: “საქართველოს მთავრობამ ამით აცნობა მთელ ქვეყანას, რომ საქართველო არ აწარმოებს დაპყრობით ომს, არამედ იცავს თავის საზღვრებს.” დამარცხებული მოწინააღმდეგის გაუნადგურებლობის აღნიშნული მოტივი, მიღებული გდაწყვეტილების გამართლების მხოლოდ ერთ არგუმენტს წარმოადგენდა. ფაქტობრივად კი, იგი დაუსაბუთებელი რჩებოდა. ამ გარემოებამ, ბევრ პოლიტიკურ და სამხედრო მოღვაწეს, საქართველოს შეიარაღებული

19

ძალებით იმ ეტაპზე ბოლშევიკებისაგან ამიერკავკაიის “განთავისუფლების” მისიის შესაძლებლობის მტკიცების საშუალება მისცა. “ეს იყო ერთადერთი უაღრესად ხელსაყრელი შემთხვევა, _ წერდა გ. კვინიტაძე _ აზერბაიჯანისა და სომხეთის გასანთავისუფლებლად ბოლშევიკი დამპყრობლებისაგან. ჩვენ შეგვეძლო ბოლშევიკებისაგან მთელი კავკსიის გაწმენდა და იქნებ დაღესტნისაც. ეს იყო 1920 წელი, როდესაც პოლონეთი ომს აწარმოებდა რუსეთთან და გენერალი ვრანგელი დაძრული იყო ყირიმიდან.” ერთი შეხედვით ეს გეგმა რეალური ჩანს, მაგრამ თუკი ყველა ასპექტის გათვალისწინებით განვიხილავთ, მისი განხორციელება საქართველოს კატასტროფას დააჩქარებდა. როცა გ. კვინიტაძე სომხეთის განთავისუფლებაზე ლაპარაკობს, იგი ჯერ კიდევ დამოუკიდებელ სახელმწიფოს წარმოადგენდა. მისი გასაბჭოება მხოლოდ 1920 წლის 29 ნოემბერს განხორციელდა. 1) იმ შემთხვევაში თუ გენერალ გ. კვინიტაძის მიერ შემოთავაზებული გეგმით იმოქმედებდნენ, საქრთველოს ხელისუფლებას აზერბაიჯანელთა და სომეხთა მხრიდან ქართული ჯარის უსაფრთხოების გარანტია უნდა ჰქონოდა. აზერბაიჯანელებისგან ამის მიღწევა შეუძლებელი იყო იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ბოლშევიკებს ქვეყანა თითქმის უბრძოლველად ჩააბარეს. რაც შეეხება სომხეთს, იგი ხელსაყრელი სიტუაციის შექმნისთანავე მის მიერ “სადაოდ” ქცეული ქართული მიწების მიტაცებას შეეცდებოდა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ქართული მხედრობისადმი აზერბაიჯანელთა და სომეხთა თანადგომა სათავეშივე იყო გამორიცხული. ეს იმას ნიშნავდა, რომ თუკი საქართველო ამიერკავკასიის “განმათავისუფლებლის” ფუნქციას იკისრებდა, იგი დიდ რისკზე მიდიოდა. დამფუძნებელი კრების 1920 წლის 25 ივნისის სხდომაზე ოპონენტთა მისამართით ვ.თევზაია აცხადებდა: “აზერბაიჯანის ხალხი გაგვეთავისუფლებია უცხო ძალისაგან… ასეთ მიზნებს საქართველოს რესპუბლიკა ვერ გაიზიარებს… ის ვინც ფიქრობს, რომ უნდა ჩაერიოს სხვის საქმეებში… შესულიყო მათ დედაქალაქში, გაეყარა ყველა მისი მოკავშირე ელემენტები… ასეთი პოლიტიკა რესპუბლიკას არ ქონია და არც ექნებოდა.” იმავე საკითხთან დაკავშირებით აკაკი ჩხენკელი აცხადებდა: “ჩვენი მდგომარეობა რთულია, ჩვენ ირგვლივ რკალშემორტყმული ვართ,… ჩვენი მთავრობაც არ აწარმოებდა რისკის პოლიტიკას და ყველა ის რასაც აქ ბნი ვეშაპელი ბრძანებდა, არის რისკის პოლიტიკა. ჩვენ რისკს ვერ ვაწარმოებთ სანამ ვგრძნობთ პასუხისმგებლობას ჩვენი ერის, ჩვენი დემოკრატიის წინაშე.” 2) “ომის გაგრძელების მომხრენი” ყურადღების მიღმა ტოვებდნენ ყველაზე მნიშვნელოვან კითხვას; შეძლებდა თუ არა საქართველოს ეკონომიკა ხანგრძლივი ომის ხარჯების გადაფარვას და რა მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა ქვეყნის ფინანსები. მითუმეტეს, 14 დღიანი ომი საქართველოს ბიუჯეტს მილიარდ ნახევარი ქართული ბონი დაუჯდა. 3) გასათვალისწინებელია ქვეყნის “დე იურე” აღიარების მისაღწევად საერთაშორისო არენაზე ნეიტრალური და მშვიდობისათვის მებრძოლი სახელმწიფოს იმიჯის შენარჩუნების მცდელობა, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთთურქეთის ალიანსი, ბოლშევიკების მიერ ივნისის დასაწყისში ცხინვალში მოწყობილი აჯანყებისა და ხულოს გარნიზონზე თავდასხმის ფაქტები. 4) მხედველობაშია მისაღები 1918 წელს სომხეთისა და

20

აზერბაიჯანის ინტერესების დაცვიდან გამომდინარე მიღებული მწარე გამოცდილება. აღნიშნული პოლიტიკური კურსი ეროვნული საბჭოს 1918 წლის 16 სექტემბრის სხდომაზე ეროვნულდემოკრატმა ი. მაჭავარიანმა “ოცობოცო” პოლიტიკად შეაფასა და მმართველ პოლიტიკურ პარტიას მკაცრი ტონით მიუთითა: “დაანებეთ თავი ოცობოცოდიას, დაადექით რეალური პოლიტიკის გზას, დაანებეთ თავი მსოფლიოზე ზრუნვას… აი ჩვენი პასუხი საგარეო პოლიტიკაზე.” წარუმატებლობის შემთხვევაში, ქვეყნის მმართველი პოლიტიკური პარტია ანალოგიურ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდა. ერთი რამ უდაოდ შეიძლება ითქვას, ოპოზიციური პარტიებისა და სამხედრო უწყების არცერთ მაღალჩინოსანს, აღნიშნული გეგმის შესაძლო წარმატების დასაბუთება ან მოსალოდნელი შედეგების პასუხისმგებლობის შესახებ რაიმე დოკუმენტი მთავრობისათვის არ წარუდგენია. ამ შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებამ იმოქმედა ისე, როგორც ამას სახელმწიფოს ინტერესები კარნახობდა, მაგრამ იმავეს ვერ ვიტყვით საქართველოაზერბაიჯანს შორის 1920 წლის 12 ივნისს აქსტაფაში დადებულ ხელშეკრულებაზე. ამ დოკუმენტის ავკარგიანობის სრულად გაცნობიერებისათვის პირველ რიგში გასათვალისწინებელია, რომ ზემოაღნიშნული ომი, აზერბაიჯანის სახელს ამოფარებული საბჭოთა რუსეთის შეიარაღებული თავდასხმა იყო საქართველოზე. ეს იმას ნიშნავდა, რომ ფაქტობრივად, საქმე რუსეთსაქართველოს კონფლიქტთან გვქონდა და ბუნებრივია, საზავო ხელშეკრულებაც რუსეთსაქართველოს ხელშეკრულების ელფერს ატარებდა. მითუმეტეს, მის ძირითად ამოსავალ საფუძველს 7 მაისის ხელშეკრულება წარმოადგენდა. ამის შესახებ ალ. ასათიანი ხელისუფლებას სავსებით სამართლიანად საყვედურობდა: “ეს ხელშეკრულება გამომდინარეობს რუსეთთან დადებული ხელშეკრულებიდან. მე ვფიქრობ, რომ ეს სრულიად შეუწყნარებელი მოვლენა არის.” ამ შემთხვევაში ჩვენს მიზანს დასახელებული დოკუმენტის სრულად განხილვა არ წარმოადგენს, ყურადღებას მხოლოდ ორ ძირითად საკითხზე გავამახვილებთ: 1) შესაძლებელი გახდა თუ არა სასაზღვრო დავის მოწესრიგება და 2) ომით მიყენებული ზარალის თუნდაც ნაწილობრივ ანაზღაურება. რაც შეეხება პირველ საკითხს, იგი მეორე, მესამე, მეოთხე, მეხუთე და მეექვსე მუხლებში იქნა ჩამოყალიბებული. საქართველოაზერბაიჯანის სასაზღვრო ზოლი თბილისისა და განჯის გუბერნიებს შორის გამავალი ძველი საადმინისტრაციო ხაზით განისაზღვრა. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, რომ გამარჯვებულმა საქართველომ, ზაქათალას ოკრუგის დასაბრუნებლად რეალური შანსი ვერ გამოიყენა. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, იგი ფაქტიურად დამარცხებული სახელმწიფოს როლში მოგვევლინა. რამდენადაც აზერბაიჯანის დელეგაციის სახით ფაქტობრივად რუსეთი ლაპარაკობდა, საინგილოს საკითხის შერეული კომისიისათვის გადაცემის შესახებ მისი მოთხოვნისადმი დათანხმება და ამ კომისიის თავმჯდომარის ფუნქციების მოსკოვის მთავრობის წარმომადგენლისადმი გადაბარება პოლიტიკურ შეცდომას წარმოადგენდა. სავსებით მართალი იყო გ.ვეშაპელი როცა ხელშეკრულების VI მუხლს მიუღებლად თვლიდა. “რაც შეეხება მე6 მუხლს, _ ამბობდა იგი _ აქ არის ერთი გარემოება ყოვლად მიუღებელი,… ეს მუხლი ეყრდნობა რუსეთთან

21

დადებულ ხელშეკრულებას… მეორეს მხრივ, მიუღებელია ისიც, რომ არბიტრი ზავის საკითხში რუსეთის ხელშია, როდესაც აზერბაიჯანი წარმოადგენს რუსეთის ოფიციალურ მოკავშირეს და ფაქტიურად მის პროვინციას, _ მიუღებელია, რომ რუსეთი იყოს არბიტრი თავის საკუთარ საქმეში.” ოპოზიციის ასეთი გულისწყრომა იმით იყო განპირობებული, რომ გამარჯვებული სახელმწიფოს ინტერესებში, ფაქტობრივად იგნორირებული იქნა, ხოლო სასაზღვრო ხაზზე, საქართველოს სასარგებლოდ, მხოლოდ უმნიშვნელო “კოსმეტიკური” ცვლილებები მოახდინეს. აქ ერთი მეტად მნიშვნელოვანი ნიუანსია გასათვალისწინებელი. კერძოდ, გ. ვეშაპელი შეცდომას უშვებს, როცა აღნიშნული ხელშეკრულების VI მუხლის ძირითად დებულებას, რუსეთთან 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულების დამატებითი ნაწილიდან გამომდინარედ აცხადებს. სინამდვილეში ეს მუხლები ერთმანეთს ეწინააღმდეგება. მხედველობაში გვაქვს ის ფაქტი, რომ თუკი რუსეთთან დადებული ხელშეკრულების დამატებითი ნაწილის II მუხლი ზაქათალას ოკრუგს, როგორც ზემოთაც გვქონდა მითითებული საქართველოს შემადგენელ ნაწილად აცხადებდა, ხოლო შერეულ კომისიას განსახილველად ამ ოკრუგში მდებარე სადაოდ ქცეული მხოლოდ ზოგიერთი პუნქტის კუთვნილების საკითხის გადაწყვეტა ჰქონდა მინდობილი, მისგან განსხვავებით, საქართველოაზერბაიჯანის ხელშეკრულების VI მუხლი საწინააღმდეგო ფორმულირებას შეიცავდა. ამის დამადასტურებლად იმავე ხელშეკრულების VI მუხლიდან შესაბამის ამონაწერს მოვიტანთ; “საკითხი ზაქათალას ოკრუგისა უნდა გადაეცეს გადასაჭრელად საარბიტრაჟო კომისიას; ეს კომისია გათვალისწინებულია დამატებითი შეთანხმებით, რომელიც დაიდო რუსეთს სოციალისტურ ფედერაციულ საბჭოთა რესპუბლიკასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის 1920 წლის მაისის 12ის თარიღით.” აქ გარკვევითაა მითითებული, რომ რუსეთთან დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საარბიტრაჟო კომისიას ზაქათალას ოკრუგში მდებარე არა ზოგიერთი პუნქტის, არამედ მთლიანად ზაქათალას ოკრუგის კუთვნილების გადაწყვეტის საკითხი უნდა გადაცემოდა. ამ სამარცხვინო ხელშეკრულებას ხელს საქართველოს რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი გ. ლორთქიფანიძე, საქართველოს დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილე ს. მდივანი და ს.ანდრონიკაშვილი აწერდნენ. რაც შეეხება ომით მიყენებულ ზარალს, მის ანაზღაურებას, ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა. მტრისადმი ასეთ შემწყნარებლურ დამოკიდებულებას დამფუძნებელი კრების იმავე სხდომაზე წარმოთქმულ სიტყვაში აკ. ჩხენკელი შემდეგნაირად ხსნიდა: “იმედი გვაქვს, რომ… მეზობელი… დააფასებს იმ გარემოებას რომ ჩვენ ბოლომდის არ ვისარგებლეთ ამ ომის შედეგებით, არ ვისარგებლეთ მეზობლის, შეიძლება ითქვას კრიტიკული მდგომარეობით; ჩვენ გავიხსენეთ ხვალინდელი დღეც, ის რომ ჩვენ მეზობლები ვართ და გვინდა თუ არ გვინდა ერთი მეორის გვერდით უნდა ვიცხოვროთ. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ აზერბაიჯანის ხალხი ადრე თუ გვიან ამაღლდება ჩვენი ხალხის ამ შეგნების დონემდე.”

ქართული სახელმწიფოს ლიდერებმა შესანიშნავად იცოდნენ, რომ აზერბაიჯანის სახით მათ რუსეთი “ელაპარაკებოდა.” ამიტომ, აღნიშნული ნაბიჯი

22

ფაქტობრივად რუსეთისადმი დათმობას ნიშნავდა. საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული მოთხოვნებიდან გამომდინარე, ომით მიყენებული ზარალის თუნდაც ნაწილობრივი კომპენსაციის არგამოყენება, პოლიტიკურ შეცდომას წარმოადგენდა. ასეთი ნაბიჯი, კარსმომდგარ დაუძინებელ მტერთან კომპრომისზე წასვლასა და აგრესორისადმი “ლოიალურ” დამოკიდებულებას მოასწავებდა. ქართული მხარის ეს შეცდომა, მოწინააღმდეგემ შესანიშნავად გამოიყენა და “კეთილის მსურველ” მეზობელს, მისი სახელმწიფოებრიობის საზიანოდ ბუმერანგივით უკან დაუბრუნა.

***

დამოუკიდებელ საქართველოსთან მიმართებაში, საბჭოთა რუსეთის აგრესია, საქართველოში ანტისახელმწიფოებრივი ბოლშევიკური აჯანყებების (1918 1920 წლები) მოწყობასა და მის დაფინანსებაში გამოვლინდა. აღნიშნული პროცესები ქართულ საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ტენდენციურადაა შეფასებული და მისი წარმოშობის მიზეზები მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებისადმია გადაბრალებული. საბჭოთა იდეოლოგიური მოთხოვნებიდან გამომდინარე, უპასუხოდაა დატოვებული: 1) გამართლებული იყო თუ არა საბჭოთა რუსეთის მიერ გლეხთა ბოლშევიკური აჯანყებების გამოყენებით, საქართველოს მთავრობის დამხობა. 2) გლეხთა აჯანყებებს სოციალური აფეთქება ედო საფუძვლად თუ ბოლშევიკთა მიერ ხელოვნურად მოწყობილ პროვოკაციებს წარმოადგენდნენ. 3) ბოლშევიკებისადმი საქართველოს ეროვნული მთავრობის ნეგატიური დამოკიდებულების ობიექტური მიზეზები. ჩვენს ამოცანას, აღნიშნულ კითხვებზე დასაბუთებული პასუხის გაცემა და მომხდარი ფაქტების სწორი შეფასება წარმოადგენს. რაც შეეხება საქართველოს ტერიტორიაზე მოწყობილ გლეხთა აჯანყებებსა და საქართველოს მთავრობის დამხობის მცდელობის სამართლებრივ ასპექტს, მისი შეფასებისა და სათანადო დასკვნის გაკეთებისათვის ყველა იმ მასალების საფუძვლიანი შესწავლაა აუცილებელი, რომლებიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ აღნიშნულ პროცესს უკავშირდება. საარქივო მასალებით დასტურდება, რომ რუსეთის ხელისუფლება, საქართველოში მომქმედ ბოლშევიკურ ორგანიზაციებს საკმაოდ დიდი თანხით უზრუნველყოფდა. ამასთან დაკავშირებით, კავკასიის სამხარეო კომიტეტისადმი “რაფაელის” ფსევდონიმით გაგზავნილ წერილში (1919 წლის 27 ოქტომბერი), რომ ოქროს კურსით 500 000 მანეთი გაეგზავნათ, დადასტურებულია. აღნიშნული თანხიდან ათათი ათასი მანეთი აბაშის, სენაკის და ზუგდიდის ბოლშევიკურ ორგანიზაციებს გადაეცა. იმავე პიროვნების ხელმოწერით, მეორე წერილში სამეგრელოს ბოლშევიკური ორგანიზაციებისადმი დამატებით 50 000 მანეთის, ხოლო გურიის ბოლშევიკური ორგანიზაციებისადმი 12 მილიონი რუსული მანეთის გაგზავნის შესახებაა მითითებული, თელავში აჯანყების მოსამზადებლად 1919 წლის 5 სექტემბრიდან 20 ოქტომბრამდე ოქროს კურსით 96 360 მანეთი იქნა დახარჯული. ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე რკინიგზელთა მეორე ყრილობაზე

23

(1919 წლის 23 ოქტომბერი) გაკეთებულ მოხსენებაში ნ. რამიშვილი∗ საგანგებოდ ამახვილებდა ყურადღებას. იგი სათანადო ფაქტებზე დაყრდნობით ბოლშევიკთა იმ გეგმის შესახებ მიუთითებდა, რომელიც ქვეყნის სასაზღვრო ზონაში აჯანყების დაწყებას ითვალისწინებდა. ამ საკითხთან დაკავშირებით გაზ. “ერთობა” პრესის მიმოხილვის რუბრიკაში, თავის პოზიციას ბოლშევიკთა საქმიანობის მიმართ შემდეგნაირად აყალიბებდა: “კომუნისტები ჩვენს დემოკრატიას სძულს, ეზიზღება, მაგრამ რუსეთის ხაზინიდან მიცემული ფულით მათი პარტია მაინც… ცოცხლობს… ეს არის პარტია უცხო სახელმწიფოს პენსიონერებისა, პარტია უცხოთა აგენტებისა, სამშობლოს მოღალატეთა და მისი დემოკრატიის გამყიდველთა. დემოკრატია ამ სამარცხვინო დაღს აშკარად კითხულობს ჩვენებური კომუნისტების შუბლზე.” ასეთი მკაცრი განაჩენი საქართველოში ბოლშევიკების პრაქტიკული საქმიანობიდან გამომდინარეობდა. მათი კონკრეტული მიზნების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში ერთხელ კიდევ ხაზგასმით იყო მითითებული, რომ “საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი ემორჩილებოდა არალეგალური ცენტრის დირექტივებს და ამზადებდა შეიარაღებულ გამოსვლას… თანხას უცხო სახელმწიფოებიდან იღებდნენ. იგი ხმარდებოდა, როგორც ლეგალური ისე არალეგალური მიზნების განხორციელებას. კომუნისტები რუსეთის აღდგენას ძველ საზღვრებში ცდილობენ.” როგორც ვხედავთ, საქმე ქვეყნის დანგრევას ეხებოდა. ისინი მოსკოვის შორსგამიზნული პოლიტიკის მონური შემსრულებლები იყვნენ. თავისი ქმედებით, საქართველოს სახელმწიფოს დასუსტებას და სამომავლოდ მის გასაბჭოებას ისახავდნენ მიზნად. ყოველივე აღნიშნულის სრულად გაცნობიერება, ბუნებრივია მაშინდელ გლეხკაცობას არ შეეძლო. ამ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს აგიტაცია და ფული ასრულებდა. თუ რა ორგანიზებულად ეწეოდნენ ბოლშევიკები ანტისახელმწიფოებრივ საქმიანობას, ამის შესახებ საინტერესო მასალას გაზ. “ერთობაში” გამოქვეყნებული მთავრობის განცხადება _ “კომუნისტების კონტრრევოლუციონური გამოსვლები” _ იძლევა. მასში ყურადღება სამ ძირითად საკითხზეა გამახვილებული: 1) საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ბოლშევიკების მიერ არაქართული ელემენტის გამოყენების ფაქტებზე, რომლებიც “ეტრფოდნენ რუსეთის ბატონობის აღდგენას”; 2) აჯანყების მოწყობისა და მისი ორგანიზაციის მიზნით, თბილისისა და ქუთაისის ბოლშევიკთა საგუბერნიო კონფერენციის (1919 წლის აგვისტოსექტემბერი) მიერ არჩეულ სამხედრო ტექნიკურ კომისიებზე; 3) შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ოპერაციის შედეგად აჯანყების მომწყობი ხელმძღვანელი ბირთვის, 21 ოქტომბერს სასტუმრო “ავრორაში” (ოთახი #15) დაპატიმრებაზე. აჯანყების გეგმის აღმოჩენაზე, რომელიც რესპუბლიკაში ბოლშევიკთა ფართომასშტაბიან გამოსვლებს ითვალისწინებდა. ეს ფაქტი საყურადღებოა იმდენად, რამდენადაც აღნიშნული გეგმის განხორციელება, დენიკინის სამხედრო ნაწილების საქართველოში შემოჭრას უნდა დამთხვეოდა და რუსეთში მიმდინარე სამოქალაქო ომში საქართველოს ჩათრევას ითვალისწინებდა. ამის დადასტურებას, დამფუძნებელი კრების (1919 წლის 29 სექტემბერი) სხდომაზე ნ.რამიშვილის მიერ გაკეთებული განცხადება წარმოადგენს.

24

 იგი საქართველოს დამოუკიდებლობის წინააღმდეგ დაწყებული ფართომასშტაბიანი მოქმედების შესახებ საკანონმდებლო ორგანოს წევრთა ყურადღებას საგანგებოდ მიაპყრობდა და მისი ძირითადი მიზანდასახულობის ახსნას ცდილობდა. “უმთავრესი მიზანი, – ამბობდა ნ. რამიშვილი _ მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენ ჩაგვითრიონ რუსეთის სამოქალაქო ომში… ჩვენი მოწინააღმდეგენი ცდილობენ ამით თავისი საქმე გააკეთონ… თუ ისინი მიზანს მიაღწევენ… ნიადაგი მოესპობა ჩვენს აღმშენებლობით მუშაობას და შეირყევა ჩვენი პოლიტიკური ორგანიზმი… ძალაუნებურად მონაწილენი გავხდებით იმ არეულობის, რომელსაც ადგილი აქვს რუსეთში და რომელიც რუსეთის ერებს ურთიერთ გაჟლეტას უქადის.” მოსკოვიდან მიღებული მითითებებისა და დასახული მიზნის წარმატებით განსახორციელებლად, მოქმედების ერთერთ აუცილებელ საშუალებად, ბოლშევიკები საქართველოს საზღვრებზე აჯანყების მოწყობას, უკიდურეს შემთხვევაში, ტერორისტული აქტების განხორციელებას ისახავდნენ მიზნად. ამის შესანიშნავ დადასტურებას მოხალისეთა არმიის გენერალ ნ. ბარათოვზე∗ თბილისში განხორციელებული თავდასხმა წარმოადგენს.

აღნიშნულ ფაქტებს, ნ.რამიშვილი უცხო სახელმწიფოთა ძალების მიერ საქართველოს საწინააღმდეგო ღონისძიებად თვლიდა და დამფუძნებელი კრების 31 ოქტომბრის სხდომის მონაწილეებს შეახსენებდა: “აქ გარეშე სახელმწიფოთა ხელი ტრიალებს. ჩვენს დამოუკიდებლობას ებრძვის ერთი მხრივ შავი რეაქციის წარმომადგენლები და მეორე მხრივ წითელ ხიშტებზე დაყრდნობილი ავანტიურისტები. ამ ორ გარეშე ძალას სურს გაანადგუროს ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფო.” აქ გარკვევითაა ნათქვამი იმ ძალების შესახებ, რომლებიც ქვეყანას არა მარტო დესტაბილიზაციით, არამედ ნგრევითაც ემუქრებოდნენ. თუკი საქართველო რეალურ საფრთხეს გადაურჩა, არსებული ხელისუფლების, განსაკუთრებით შინაგან საქმეთა სამინისტროს გონივრულ და წინდახედულ საქმიანობას უნდა მივაწეროთ. რაც შეეხება ბოლშევიკების ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისადმი დამოკიდებულებას და მის შეფასებას, ცენტრისა და რეგიონალური სოციალდემოკრატიული ორგანიზაციების პოზიცია იდენტური იყო. ამის ნიმუშად გურიის კომიტეტის 1920 წლის 3 ივლისის სხდომის მასალები გამოდგება. მიღებული დადგენილების შესაბამისად, ბოლშევიკები მოღალატეებად იყვნენ გამოცხადებულნი.

ეს საკითხი გაზეთმა “ერთობამ” საგანგებო განხილვის და მსჯელობის საგნად აქცია. ამ მხრივ განსაკუთრებულ ინტერესს მოწინავე სტატია “საქართველოს კომუნისტური პარტია“ იქცევს. იგი ბოლშევიკებისადმი შემდეგ ძირითად მოთხოვნებს აყენებდა: 1) ხელი აეღოთ საქართველოს შინაგან საქმეებში, კერძოთ საბჭოთა რუსეთის ძალების პირდაპირი ჩარევის ხელშეწყობაზე. ამ შემთხვევაში გაზეთს მხედველობაში ქონდა უცხო სახელმწიფოს მიერ საქართველოსადმი იძულებითი, ძალდატანებითი საშინაო და საგარეო პოლიტიკის თავს მოხვევის მცდელობა. კერძოდ, ქართველი ბოლშევიკების ხელშეწყობით საბჭოთა რუსეთის მიერ ჩრდილო კავკასიიდან და აზერბაიჯანიდან საქართველოს წინააღმდეგ წითელი ჯარის ნაწილების შეტევითი ოპერაციების განხორციელება (1920 წლის 4 მაისი). “ამაში მდგომარეობდა მთავარი მიზეზი, _ წერდა გაზეთი

25

 _ შეურიგებლობისა, ჩვენსა და ბოლშევიკებს შორის;” 2) შეეწყვიტათ რუსეთიდან შემოტანილი ფულით იარაღის შეძენა, მოსახლეობაში გავრცელება და არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყების მოწყობა. იდეური მუშაობა, დამოუკიდებელი საქართველოს სახელმწიფოსათვის მისაღები ჩარჩოთი შემოეფარგლათ, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქართველ კომუნისტებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში გარეშე ძალებისადმი ზურგი ექციათ და ადგილობრივი პოლიტიკური პარტიების მსგავსად ემოქმედათ. “საქართველოს კომუნისტებისაგან, _ ვკითხულობთ გაზეთში _ ჩვენ მოვითხოვთ, რომ მათ ამიერიდან იმოქმედონ, როგორც საქართველოს მოქალაქეებმა და ხელი აიღონ იმ პოლიტიკურ საშუალებებზე, რომლებსაც მოქალაქეობრიობის თვალსაზრისით სახელმწიფოს ღალატის სუნი უდის. თუ ჩვენებური კომუნისტები ამ პირობებს გადაუხვევენ, საქართველოს დემოკრატია ჩათვლის, რომ მათ უნდათ უცხო ძალის ჩარევა… სახელმწიფოს შინაურ საქმეებში. ამ შემთხვევაში ჩვენი დემოკრატია მოეპყრობა ადგილობრივ ბოლშევიკებს ისე, როგორც აქამდის ეპყრობოდა ყოველნაირ მოძალადეებს.” მართალია, აქ ცივილიზებული ქვეყნებისათვის დამახასიათებელი იდეური ბრძოლის ფორმების გამოყენების აუცილებლობის საკითხია დასმული, მაგრამ ქართველი ბოლშევიკებისათვის იგი მიუღებელი იყო. მათ კარგად ესმოდათ, რომ ამ სახით გაწეული საქმიანობიდან ფართო მასის მხარდაჭერას ვერ მოიპოვებდნენ, ამიტომ, ხელისუფლებასთან დაპირისპირების მხოლოდ ძალისმიერი მეთოდების გამოყენებისაკენ ისწრაფვოდნენ. რამდენადაც ეს ყოველგვარი შენიღბვის გარეშე მიმდინარეობდა, საქართველოს მმართველი პოლიტიკური პარტიის მესვეურები ერთხელ კიდევ შეახსენებდნენ ბოლშევიკებს “თქვენ გსურთ იდეური ბრძოლა? ხელი აიღეთ უცხო ხიშტებზე, გამოეთიშეთ ავანტიურისტებს, რომელნიც კვანტალიანების და ლომინაძეების სახით ებრძვიან აზერბაიჯანიდან საქართველოს მუშათა კლასს… ხელი აიღეთ უცხოეთიდან შემოტანილ მილიონებზე და პატიოსანი იარაღით მიბრძანდით მუშათა რაზმებში… ყველა კრებაზე თქვენ მოგაგონებენ იმ მოღალატურ საქციელს რომელიც გამოხატულია უცხოელთა ხიშტებზე დაყრდნობაში.” ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული მოსახლეობა ბოლშევიკებს ფაქტობრივად ბოიკოტს უცხადებდა, არა იმიტომ, რომ ბოლშევიკები იყვნენ, არამედ როგორც არაეროვნულ მიმდინარეობას. ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ეროვნული სახელმწიფოს მშენებლობის წინააღმდეგ, ქართველი კაცის იარაღით ბრძოლა, დიდ უმეცრებასთან, ან ქვეყნის ღალატთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამ ფონზე განიხილავხდა აკ. ჩხენკელი ქართველი ბოლშევიკების საქმიანობას და პარალელს დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში მოქმედ კომუნისტურ პარტიებთან ავლებდა. მისი მტკიცებით, ევროპელ კომუნისტებში ურთიერთდაპირისპირებული მიმდინარეობების მიუხედავად, არც ერთ მათგანს ეროვნული სახელმწიფოს წინააღმდეგ იარაღი არ აღუმართავს. “ბოლშევიზმი, _ ამბობდა აკ. ჩხენკელი _ ევროპაში… ყოფს მუშათა კლასსაც, მაგრამ ბოლშევიზმი უარმყოფელი ერის დამოუკიდებლობისა არ არსებობს და არც შეიძლება არსებობდეს იქ და თუ მაინც არსებობენ ჩვენში ასეთები,.. იგი ბღალავს ერს, რომელიც ჩვენის წარმოდგენით კულტურული ერია. კულტურული ერის ნიადაგზე კი არ უნდა არსებობდეს

26

ასეთი უკულტურო მოვლენა თავისი თავის, თავისი ინდივიდუალობის უარყოფისა.” როცა საკითხი ასე დგას, პირველ რიგში პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, _ რატომ არ გამოხატავდნენ ქართველი ბოლშევიკები ერის ინტერესებს. ამ შემთხვევაში გასარკვევია საქართველოს კომუნისტური პარტიის ეროვნული შემადგენლობა და ის ძალა, რომელსაც იგი ეყრდნობოდა. ჩვენთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით “ახალი კომუნისტი”სადმი საპასუხოდ გაზეთ “ერთობაში” გამოქვეყნებულ მოწინავე წერილში “რისთვის გვდევნიან” აღნიშნული პარტიის წევრთა უმრავლესობა უცხო სახელმწიფოთა მოქალაქენი, კერძოდ, სახელმწიფო დაწესებულებათა ნაციონალიზაციის შედეგად უადგილოდ დარჩენილი რუსი ჩინოვნიკები და ოფიცრები, ანუ არაქართული მოსახლეობაა მიჩნეული. თუ რამდენად სწორია გაზეთის ეს ინფორმაცია, ამის საილუსტრაციოდ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო რაზმის მიერ 1920 წლის 8 დეკემბერს თბილისის ბოლშევიკური კომიტეტის მეორე რაიონის კრების მონაწილეთა შემოწმების მასალები გამოდგება. სხდომის 37 მონაწილიდან, საქართველოს მოქალაქე მხოლოდ 4 კაცი, დანარჩენი 33 უცხო ქვეყნის მოქალაქენი იყვნენ. იმავე მონაცემებით, თბილისის პირველი რაიონის ბოლშევიკური ორგანიზაციის 250 წევრიდან, _ 173 უცხო სახელმწიფოს, ხოლო 77 საქართველოს მოქალაქენი იყვნენ. ასეთივე მდგომარეობა იყო კომუნისტური პარტიის სხვა ორგანიზაციებშიც. ეს იმას ნიშნავს, რომ უცხოელების ბაზაზე შექმნილი, ქართულ სახელწოდებას ამოფარებული “საქართველოს კომპარტია”, ეროვნული იდეოლოგიის მატარებელი არ შეიძლებოდა ყოფილიყო. ეს პარტია სამომავლო იმედს, სრულიად აშკარად, უცხო სახელმწიფოს _ რუსეთის შეიარაღებულ ძალებზე ამყარებდა. ამდენად მის მიერ ადგილობრივი ხელისუფლების წინააღმდეგ გაწეული ყოველგვარი ბრძოლა გაუმართლებლად, საქართველოს შინაურ საქმეებში უცხო ძალების ჩარევად უნდა მივიჩნიოთ. 2) რაც შეეხება გლეხთა აჯანყების გამომწვევ ძირითად მიზეზებს, მისი ახსნა არსებული მასალების საფუძვლიან შესწავლასა და საქართველოში მიმდინარე პროცესების ყოველმხრივ გათვალისწინებას უნდა დაემყაროს. სამწუხაროდ, ქართულ საბჭოურ ისტორიოგრაფიაში საკითხი მხოლოდ ცალმხრივადაა წარმოდგენილი. ბოლშევიკთა ანტისახელმწიფოებრივი აჯანყებები თითქმის ეროვნულ მოძრაობად, მათდამი საქართველოს მთავრობის მათ საწინააღმდეგო ღონისძიებები, ქართველი ხალხის მიმართ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებადაა გამოცხადებული. როცა საკითხი გლეხთა რეგიონალურ გამოსვლებს ეხება, პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, იგი ბოლშევიკთა ხელოვნურად მოწყობილ პროვოცირებას, თუ სოციალურ აფეთქებას წარმოადგენდა. ჩვენს ხელთ არსებული მასალების მიხედვით, 1918 წლის გლეხთა აჯანყებებს აგრარული საკითხის გადაუჭრელობა, მხოლოდ გარკვეულწილად ედო საფუძვლად. მისი წარმოშობის სათავე ამიერკავკასიის სახელმწიფოთა ფედერაციული გაერთიანების, ხოლო შემდეგ, საქართველოს დამოუკიდებლობის საწინააღმდეგოდ ბოლშევიკთა მიერ გაწეულ აგიტაციაში და რუსეთის მიერ გაღებულ ზემოაღნიშნულ დაფინანსებაში უნდა ვეძიოთ. ეს რომ არა, ქვეყნის ძნელბედობის ჟამს, სამშობლოს დაცვაზე უარის თქმა და მისი დამოუკიდებლობის დასამხობად იარაღის აღ

27

მართვა, შეუძლებლად მიგვაჩნია. იმასთან დაკავშირებით, თუ რა ფორმით მიმდინარეობდა ბოლშევიკების ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა, რესპუბლიკის პარლამენტის სოციალდემოკრატიული ფრაქციის თავმჯდომარისადმი წარდგენილ მოხსენებაში საყურადღებო ფაქტებია მოტანილი. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, ბოლშევიკების მიერ გავრცელებული პროკლამაციები სოფლის მოსახლეობას მოუწოდებდა გაეწყვიტა გვარდია, ჩამოეგდო “რუსეთის მოღალატე, საქართველოს მთავრობა” და “მუშურგლეხური რევლუციური მთავრობა” შეექმნა. საქართველოს რუსეთთან შეერთების შემთხვევაში, მიწების კერძო საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას, გაიაფებულ ფასებში პურის, ხორცის და სხვა პირველადი მოხმარების პროდუქტების მიცემას პირდებოდნენ. ასეთი სახის აგიტაციას იმ ეტაპზე გასავალი ქონდა, რადგან აგრარული საკითხი დამუშავების სტადიაში იმყოფებოდა (საუბარია 1918 წელზე) და რეფორმა ამ სფეროში საფუძვლიანად მზადდებოდა.

რაც შეეხება პირველადი მოხმარების პროდუქტებს, საქართველო გარკვეულ დეფიციტს განიცდიდა. ეს ორი ფაქტორი საკმარისი გახდა იმისათვის, რომ გლეხთა გარკვეული ნაწილი, არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ აემხედრებინათ. ამ მხრივ, ლეჩხუმის მაზრის გლეხთა აჯანყება გამოირჩევა (1918 წლის 22 თებერვალი). საგუბერნიო კომისარის ივ. კაჩუხაშვილის მიერ, გარკვეული მოსაზრებების გამო, მაზრის კანონგარეშე გამოცხადებამ, ქართული საბჭოური ისტორიოგრაფიის განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია. მათ, საქართველოს ხელისუფლების მესვეურები არაჰუმანურობაში დაადანაშაულეს. როცა აღნიშნულ საკითხს ვეხებით და მისი შეფასება გვაქვს დასახული, პირველ რიგში გარკვეული უნდა იქნეს: ა) აჯანყების დამწყები სოციალური ფენა; ბ) მაზრის კანონგარეშე გამოცხადების მიზეზი; გ) აჯანყების დაწყებისას საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება. საარქივო მასალებიდან ირკვევა, რომ ლეჩხუმის აჯანყება საბჭოთა რუსეთიდან შემოსულმა და ფრონტიდან დაბრუნებულმა ზოგირთმა გაბოლშევიკებულმა ჯარისკაცებმა დაიწყეს. “ციხიდან გაანთავისუფლეს “ურიადნიკები”, “სტრაჟნიკები” და ყაჩაღები, რომლებიც მათ შეუერთდნენ და მოძრაობას სათავეში ჩაუდგნენ.”

ეს იმის დამადასტურებელია, რომ აჯანყების დამწყები ლეჩხუმის გლეხობა კი არ იყო, არამედ მეზობელი სახელმწიფოდან შემოსული და ადგილობრივი ბოლშევიკი ჯარისკაცები, რომლებმაც მოსახლეობა მხოლოდ აიყოლია. რამდენადაც აჯანყებულებთან მოლაპარაკების ყოველგვარი გზა ამოიწურა და გვარდიის მეთაურის ლევან დადეშქელიანის სიცოცხლეც კი შეიწირა, საგანგებო ზომების მიღება გარდუვალი გახდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით ქუთაისის გუბერნიის კომისარი ივ.კაჩუხაშვილი ქუთაისის მუშათა დეპუტატების საბჭოს სხდომაზე გაკეთებულ მოხსენებაში გარკვევით მიუთითებდა: “ყველაზე უფრო მისაღებ ზომათ დავინახე ლეჩხუმის მაზრის კანონგარეშე გამოცხადება. ეს იმას არ ნიშნავს, ლეჩხუმში ყველას შეუძლია ერთიმეორის მოკვლა და… კანონის წინაშე პასუხს არ აგებს… მე დარწმუნებული ვიყავი, რომ ჩემს მიერ გადადგმული ნაბიჯი ხალხს გამოაფხიზლებდა, ბრბოს ჩამოაცილებდა… კანონგარეშე გამოცხადებას ლეჩხუმში არავის მოკვლა არ გამოუწვევია, ხოლო რუსეთში

28

ბოლშევიკების მიერ კანონგარეშე გამოცხადებამ კოკოშკინი∗ და შინგარიოვი∗ იმსხვერპლა.” თუკი ამ მონაცემებს დავეყრდნობით, აღნიშნული ღონისძიება მაზრაში სტაბილურობის აღდგენის მცდელობას წარმოადგენდა და იგი მოქალაქის უფლებების დარღვევას, ან უდანაშაულოთა რეპრესირებას სრულებითაც არ ითვალისწინებდა. მაზრის კანონგარეშედ გამოცხადება იძულებითი ნაბიჯი იყო და აჯანყებულთა წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებათა შორის, უკიდურეს ფორმას წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, თვით სიტყვა უსიამოვნო შეგრძნებას იწვევს. ამიტომ, ამ ნაბიჯის მიზანშეწონილობის შესახებ, გარკვეული აზრის ჩამოყალიბებისას, პირველ რიგში უნდა იქნეს გათვალისწინებული მიმდინარე პოლიტიკური სიტუაცია. მხედველობაში გვაქვს საქართველოთურქეთს შორის საომარი მოქმედების დაწყება. ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხთან მიმართებაში, გაზეთმა “ერთობამ”, მოწინავე წერილში _ “წესიერებისაკენ”, მომხდარ ფაქტს ობიექტური შეფასება მისცა. იგი ფართო საზოგადოებრიობის ყურადღებას, თურქულ აგრესიაზე მიაპყრობდა და დასძენდა: “გარედან ოსმალეთის ჯარი მოგვდგომია და ჩვენს შემუსვრას ცდილობს. თუ მან გაიმარჯვა, ყველაფერი ოხრათ დაგვრჩება; თავისუფლებაც, მიწაც და რევოლუციაც. კიდევ მეტი, თვით სიცოცხლესაც გამოვესალმებით, _ ყოველგვარ აჯანყებას, რა მიზეზითაც უნდა იყოს გამოწვეული, შედეგი ერთი და იგივე მოყვება. იგი მხოლოდ მტერს გაახარებს და ქვეყანას დაღუპავს.” ასეთი პრეამბულის შემდეგ, იგივე სტატია ხელისუფლების მიერ გატარებულ ღონისძიებას გამართლებულად მიიჩნევდა და მკითხველ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიანიშნებდა იმ გარდუვალი საფრთხის შესახებ, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას ემუქრებოდა. “უდიდესი განსაცდელის წინაშე ვდგევართ! – ვკითხულობთ გაზეთში _ წესიერება ერთი მთავარი საფუძველია ამ განსაცდელისაგან თავის დაღწევის. კარზე ოსმალეთის ჯარი გვადგია. სიმაგრე, სიმტკიცე ასეთ პირობებში აუცილებლად საჭიროა. ყოველი რყევა მხოლოდ დაღუპავს თავისუფლებას. წინააღმდეგობის გაწევა მთავრობის განკარგულებისადმი… არღვევს დემოკრატიულ მთლიანობას და ხელს უწყობს ანარქიის გაძლიერებას.” ასეთი პოზიცია მისაღები უნდა ყოფილიყო ყველა იმ საღად მოაზროვნე პოლიტიკური მიმდინარეობისათვის, რომელთა მიზანი მხოლოდ დამოუკიდებელი საქართველოს მომავლისადმი სამსახური იყო. თუკი ამ კუთხით შევაფასებთ ლეჩხუმის აჯანყებისადმი გატარებულ ზემოაღნიშნულ სადამსჯელო ღონისძიებას, იგი სავსებით გამართლებულად უნდა ჩაითვალოს, რადგან მის ძირითად საფუძველს ქვეყნის გადარჩენის ინტერესები განაპირობებდა. ეს საკითხი ქართველი ბოლშევიკებისათვის ფიქრისა და განსჯის საგანს არ წარმოადგენდა. მათ მხოლოდ ქვეყნის გასაბჭოებისა და ძალაუფლების აღების სურვილი ამოძრავებდათ, რისთვისაც ხელსაყრელი მომენტის მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობდნენ. ამის დადასტურებას სადახლოში და სამაჩაბლოში (ე. წ. “სამხრეთ ოსეთში”) 1918 წლის მარტში ბოლშევიკების მიერ მოწყობილი გლეხთა აჯანყებების ფაქტები წარმოადგენს. ეს აჯანყებები ოსმალთა წინააღმდეგ ბათუმის მისადგომებთან ქართული ჯარის მძიმე თავდაცვით ბრძოლებს დაამთხვიეს. ამასთან დაკავშირებით, დამფუძნებელი კრების სხდომაზე ვ. ჯუღელი∗ გარკვევით ამბობდა: “იმ დროს 29

როდესაც საომრად ვემზადებოდით, ორი აჯანყება ერთად მოხდა. ერთის მხრივ აჯანყება მოახდინეს თათრის ბრბოებმა სადახლოში და იქ გაიწვიეს საუკეთესო შეიარაღებული ძალები და უფრო დიდი აჯანყება მოახდინეს ცხინვალში და ჩვენ იძულებული ვიყავით ახალი ძალები იქ გაგვეგზავნა. ბათუმი გაშიშვლებული დარჩა. როდესაც ეს აჯანყება ჩავაქრეთ და მისკენ გავეშურეთ, ბათუმი უკვე დაცემული იყო”. ოსმალეთთან წარუმატებელი საომარი ოპერაციების შემდეგ, ქართული ჯარის მიერ ახალი სასაზღვრო ხაზის გამაგრებისა და მტრის იერიშების მოგერიებისათვის მზადების პროცესს, ამიერკავკასიის სეიმის მიერ ქვეყნის დამცველთა რიგების შესავსებათ გამოცხადებულ მობილიზაციას, ბოლშევიკებმა მორიგი აჯანყებით უპასუხეს. მხედველობაში გვაქვს სამეგრელოში მათ მიერ მოწყობილი შეიარაღებული გამოსვლები. ამ ფაქტმა ხელისუფლება იძულებული გახადა, ბათუმის ფრონტზე გასაგზავნი ჯარის ნაწილები სამეგრელოში გადაესროლა. ამ საკითხის შესახებ ბ. ძველაია გაზეთ “ერთობაში” გამოქვეყნებულ სტატიაში “ბოლშევიკების მოღვაწეობა სამეგრელოში“ ხაზგასმით მიუთითებდა: “ჩვენი ხალხის ამ ერთსულოვან მისწრაფებაში, პირველი შური და არევდარევა ბოლშევიკებმა შეიტანეს. დრო იხელთეს… ბუდუ მდივანის∗ და საშა გეგეჭკორის∗ მეთაურობით ააფრიალეს დროშა, გადაისროლეს ლოზუნგი: “ძირს ომი”, “ბათუმს არავითარი საფრთხე არ მოელის” “გაუმარჯოს ჩვენს ძმებს თათრებს.” ასეთი “იმედისმომცემი” ლოზუნგით ბოლშევიკები იმ დროს გამოვიდნენ, როცა ბათუმი დაცემული იყო და თურქეთის კონტროლს ექვემდებარებოდა და ოსმალეთის საჯარისო შენაერთები ჩაქვის უღელტეხილის დასაკავებლად მორიგი იერიშისათვის ემზადებოდა. ეროვნული სახელმწიფოსადმი ქართველი ბოლშევიკების ნეგატიური დამოკიდებულების შესანიშნავ ნიმუშს, ფრონტზე წასული ჯარისკაცების ოჯახებისადმი ძალმომრეობის გამოყენების ფაქტები წარმოადგენს. “ბოლშევიკებმა ბათუმის დასაცავად წასული მეომრების ოჯახებს, _ ვკითხულობთ იმავე სტატიაში _ გაუორკეცეს ჯარიმების გადახდა. ბათუმისავე დასაცავად მიმავალ მოხალისე მეომრებს თავიანთი შტაბების მითითებით იარაღს ყრიდნენ და “პოდნადზორად” აკავებდნენ.” ჩვენს მიერ მოტანილი მასალები ადგილობრივი ხელისუფლების ხელფეხის შებოჭვისა და თურქეთის აგრესიისადმი ხელშეწყობის დამადასტურებელია. ეს დანაშაულებრივი ქმედება ბოლშევიკებმა არათუ აღკვეთეს, არამედ კიდევ უფრო განავრცეს და იგი სამეგრელოდან აფხაზეთის რეგიონში გადაიტანეს. საქართველოსათვის ძნელბედობის ჟამს, (მხედველობაში გვაქვს თურქეთსაქართველოს საომარი მდგომარეობა და ქართული სამხედრო შენაეთების თურქეთის ფრონტზე კონცენტრირება) აჯანყებები მოაწყვეს სოხუმის ოლქში (1918 წლის მარტი) ლოზუნგით “ძირს საქართველო!” “გაუმარჯოს რუსეთს”. მომხდარი ფაქტის ხელისუფლების მხრიდან რეაგირების გარეშე დატოვება ყოვლად შეუძლებელი იყო. იგი ქვეყანას ახალი საფრთხის წინაშე აყენებდა. ამის შესახებ დამფუძნებელი კრების 1920 წლის 30 აპრილს სხდომაზე ვ. ჯურელი დამსწრე საზოგადოებას შეახსენებდა: აჯანყებულები “ნაცვლად იმისა, რომ მოშველებოდნენ ბათუმს, სამეგრელოში გადასვლას აპირებდნენ… თუ ისინი სამეგრელოში გადასვლას მოასწრებდნენ, იქაც აჯანყების ცეცხლი დაინთებოდა. ამით ისარგებლებდა თათარი და სამეგრელოში

30

დესანტს გადმოსხამდა. ჩვენ ისედაც გაშიშვლებულ ფრონტს, მოვხსენით საუკეთესო ძალები და გავგზავნეთ სოხუმში… აი, ასეთი იყო მუდამ მოღვაწეობა ჩვენში ბოლშევიზმისა, ასე გვექცეოდნენ ჩვენ მუდამ ისინი, როდესაც საშინელ გაჭირვებას განვიცდიდით და დიდი საფრთხე თავს გვატყდებოდა.” ანალოგიური პოზიცია ეჭირა გაზეთ “ერთობასაც”. “ასე მშვენივრად სარგებლობენ ეს ახალი მოდის სოციალისტები, _ წერდა გაზეთი _ შექმნილი მდგომარეობით, მაშინ როდესაც მტერი შემოჭრილია ჩვენს კუთხეში, ესენი ზურგიდან სცემენ ლახვარს დასუსტებულ დემოკრატიას… და ამას სჩადიან სოციალისტების სახელით.”

არაეროვნული საქმიანობით ქართველი კომუნისტები კიდევ უფრო შორს წავიდნენ და ახლადშექმნილი დამოუკიდებელი საქართველოს მშენებლობისთვის ხელშეწყობის ნაცვლად, მისი ფუნდამენტის ნგრევა დაიწყეს. მხედველობაში დუშეთისა და თიანეთის მაზრებში მაღალორგანიზებული გლეხთა აჯანყებები (1918 წლის ივნისი) გვაქვს. ამ ფაქტს გაზეთმა “ერთობამ” “ერწოელის” ფსევდონიმით გამოქვეყნებულ სტატიაში “თიანეთის აჯანყება და მისი მეთაურები” ობიექტური შეფასება მისცა. ბოლშევიკებმა “ჩარგეს თიანეთის მაზრაში, _ ვკითხუობთ წერილში _ ხე ბოროტებისა. მხოლოდ უნდა ახსოვდეთ, რომ ფესვებს ის ვერ გაიდგამს და სრულებით გახმება. დარჩება მხოლოდ ნაშთათ, რომლითაც მომავალი თაობა მოიგონებს მათ მოღალატურ მოქმედებას და საუკუნო წყევლაკრულვას შეუთვლის.” გადაჭარბებული არ იქნება თუკი ამ შეფასებას გლეხთა ზემოთაღნიშნულ აჯანყებებზეც გავავრცელებთ, რადგან ისინი საბჭოთა რუსეთისა და ოსმალეთის ალიანსის შედეგს წარმოადგენდა. აჯანყების მონაწილე გლეხობა მათ ხელში საქართველოს პირველი რესპუბლიკის ეროვნული მთავრობის დასამხობად ბრმა იარაღს წარმოადგენდა. ამ საკითხთან დაკავშირებით გაზეთი “ერთობა” მოწინავე წერილში “ოსმალეთი და ბოლშევიკები” ხაზგასმით წერდა: “ოსმალეთი საქართველოში აბამდა პროვოკაციის ქსელს. მისმა აგენტებმა აჯანყება მოაწყვეს ცხინვალში, ზუგდიდში, თიანეთში, დუშეთში და თუ დღემდის რაიმე ეჭვი შეჰქონდა ვინმეს, დღეს ეს აშკარა და ნათელია. ოსმალეთის მოსყიდულმა აგენტებმა მოაწყვეს აჯანყება სწორედ იმ დროს, როცა ოსმალეთის ჯარი ბათუმის ციხეს ესხმოდა თავს. ჩვენი ძალები ანარქიასთან ბრძოლას მოუნდა, რითაც ოსმალეთმა ისარგებლა და ბათუმი აიღო.” ხოლო იგივე გაზეთი სტატიაში “ამიერკავკასია და საქართველოს რესპუბლიკა 1918 წელს” მკითხველ საზოგადოებას შეახსენებდა: რომ ბოლშევიკები “როგორც ბაქოს მხრიდან ისე ყუბანის ოლქიდან სწორედ იმ დროს იწყებდნენ მოძრაობას, როდესაც საქართველოს ჯარები ოსმალეთის ჯარების წინააღმდეგ იბრძოდნენ. როგორც კი სამხრეთიდან და დასავლეთიდან ოსმალეთის ჯარი იწყებდა შემოსევას და მათ წინააღმდეგ წავიდოდა სახალხო გვარდია და ჯარი,… ზურგს უკანიდან, აღმოსავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ამ ჯარს და გვარდიას თავს ესხმოდა ბოლშევიკური ბრბოები. ბოლშევიკური ანარქისტული მოძრაობა იყო მესამე საფრთხე, რომელმაც საქათველოს რესპუბლიკა სიკვდილის პირას მიიყვანა. უკიდურესი ღონის მოკრებით, რესპუბლიკამ იგიც დასძლია.”

31

თურქეთთან საომარი მოქმედება და იმავდროულად ბოლშევიკების მიერ მოწყობილი აჯანყებები, ქვეყნის სამხედრო ძალების გახლეჩას, _ ორ ფრონტზე გადანაწილებას იწვევდა. იგი მოწინააღმდეგეს წარმატების რეალურ პირობებს უქმნიდა. ბოლშევიკთა ხელოვნურად მოწყობილი ამბოხებები და ქართული ჯარის შენაერთების დაქსაქსვა რომ არა, თურქეთის წარმატება გარკვეულწილად შეფერხდებოდა, ქართულ დიპლომატიას კი ხელსაყრელი პოლიტიკური “ამინდი” ექნებოდა. ზემოაღნიშნულმა ფაქტორებმა თავისი უარყოფითი შედეგები, ბუნებრივია ბათუმის საკითხის გადაწყვეტისას გამოიღო. მართალია, ბათუმის დაცემაში ქართველ ბოლშევიკებს ლომის წილი ედოთ, მაგრამ თურქეთთან დამარცხებაში ისინი მხოლოდ მმართველ პოლიტიკურ პარტიას ადანაშაულებდნენ და ბათუმს ჩხენკელგეგეჭკორისგან გაყიდულად აცხადებდნენ. 1918 წლის 28 მაისით დათარიღებულ პროკლამაციაში, რომელსაც ამიერკავკასიის სოციალისტური ჯარის შტაბის თავმჯდომარის სახელით ხელს ა. გეგეჭკორი აწერდა, _ ვკითხულობთ: “მენშევიკებს და მათ მთელ შემადგენლობას სეიმისას შემოყავთ კავკასიის შუაგულში ოსმალთა ჯარები, აშკარაა ჩვენს წინააღმდეგ.” როგორც ვხედავთ, თავიანთი დანაშაულებრივი ქმედების შენიღბვის მიზნით, ბოლშევიკები მომხდარ ფაქტს არასწორ ინტერპრეტაციას უკეთებდნენ, ქართველთა საზიანოდ განვითარებულ მოვლენებს ქართული სოციალდემოკრატიის ლიდერებს აბრალებდნენ და მოსახლეობას აბნევდნენ.

საქართველოს სახელმწიფოებრიობის ნგრევის დაჩქარებას ითვალისწინებდა ქართველი ბოლშევიკების მიერ 1920 წლის მაისისათვის დაგეგმილი საყოველთაო აჯანყება. ისინი მოსკოვის ხელისუფალთა შეკვეთას რომ ასრულებდნენ, ამის აშკარა დადასტურებას რკპ(ბ)∗ კავკასიის სამხარეო კომიტეტის (1919 წლის 15 აგვისტო), კავკასიის საერთო პარტიული თათბირის (1919 წლის 9 სექტემბერი), რკპ(ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის (1919 წლის სექტემბრის) სხდომის მასალები წარმოადგენს. დასახული მიზნის განხორციელების ხელსაყრელ მომენტად, ქართველმა და ოსმა ბოლშევიკებმა საქართველოაზერბაიჯანს შორის მიმდინარე საომარი მოქმედება (1920 წლის მაისი) მიიჩნიეს და იმავე წლის მაისში ე. წ. “სამხრეთოსეთში” აჯანყება დაიწყეს. თითქმის მთელ სამაჩაბლოში საბჭოთა ხელისუფლება გამოაცხადეს. ზემოაღნიშნული აჯანყებები საბჭოთა რუსეთის შეკვეთით ქართველი ბოლშევიკების მიერ განხორციელებულ აქციას წარმოადგენდა. მისი მიზანი საქართველოს გასაბჭოება და ქვეყნის კანონიერი ხელისუფლების დამხობა იყო. 1918-1920 წლებში ბოლშევიკთა მიერ განხორციელებული აჯანყებები, ქართულ საბჭოთა ისტორიოგრაფიაში ისეა შეფასებული, თითქოს მისი მონაწილენი საქართველოს ყოველი მტკაველი მიწისთვის თავდადებული მებრძოლები ყოფილიყვნენ. თუ რამდენად პასუხობს სინამდვილეს აღნიშნული შეფასება, ამის გარკვევის შესაძლებლობას ჩვენს მიერ ზემოთ მოტანილი მასალების ობიექტური ანალიზი იძლევა. თუკი მათ მოქმედებას სამართლებრივი პოზიციებიდან განვიხილავთ, იგი ღალატის ტოლფასი იყო, ხოლო საქართველოს ხელისუფლების ნეგატიური დამოკიდებულება მათდამი ბუნებრივ მოვლენას წარმოადგენდა. ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, რესპუბლიკის შიგნით მიმდინარე

32

პროცესებისადმი გამოკვეთილი პოზიცია დაიკავა. იმავდროულად, ეროვნული სახელმწიფოს “მოწინააღმდეგეთა აჩრდილის” სათავეშივე განადგურების საკითხი ოფიციალურად დააყენა. ამ მხრივ, ეროვნული საბჭოს 1918 წლის 11 თებერვლის სხდომა გამოირჩევა. “სოფლად ანარქიის შესახებ” სოციალდემოკრატთა მიერ წარდგენილ რეზოლუციის პროექტში, ანარქიის ხელმძღვანელების, როგორც ბოროტმოქმედთადმი უმკაცრესი ზომების გატარების აუცილებლობის საკითხი იყო დასმული. ანალოგიური ხასიათის რეზოლუცია იქნა მიღებული დამფუძნებელი კრების 1919 წლის 31 ოქტომბრის სხდომაზედაც. “დამფუძნებელი კრება, – ვკითხულობთ დოკუმენტში _ მიაქცევს მთავრობის ყურადღებას იმ გარემოებას, რომ მხოლოდ ფიცხელი და მკაცრი ღონისძიებების მიღებით, როგორც თვით ბოროტმოქმედთა, ისე მათი მასაზრდოებელი გარეშე ელემენტების, დეზერტირების და სხვა ანარქისტული წრეების წინააღმდეგ, შეიძლება გამოსვლების მომავალში თავიდან აცილება.” როგორც ვხედავთ, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად, ქვეყნის ინტერესების აუცილებლობიდან გამომდინარე, მეამბოხეთა წინააღმდეგ სასტიკი ზომების გატარების მომხრეთ, რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოც გამოდიოდა. რამდენადაც საკითხი ეროვნული სახელმწიფოს გადარჩენას ეხებოდა, არსებული ხელისუფლება ბოლშევიკების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას და მათი ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობის აღკვეთას კანონიერად მიიჩნევდა. ამ შემთხვევაში იგი, საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და ევროპის სახელმწიფოთა გამოცდილებას ეყრდნობოდა.

საქართველოს მთავრობის მიერ მოწინააღმდეგის ასალაგმავად გატარებულ უკიდურეს ღონისძიებებს გაზეთი “ერთობა” დადებითად შეხვდა და თავისი პოზიცია მოწინავე წერილში “კომუნისტი” ოფიციალურად დააფიქსირა სტატიაში. განსაკუთრებული ყურადღება, ხელისუფლების მხრიდან სადამსჯელო ღონისძიებების გატარების შემდეგ, ბოლშევიკთა მიხრიდან ოფიციალურად, იდეური ბრძოლის პრიორიტეტად აღიარებაზე და ძალდატანებისა და იარაღის გამოყენებისადმი უარის თქმის ფაქტებზე იყო გამახვილებული. გაზეთ “კომუნისტიდან” მოტანილი ამონაწერების საფუძველზე: “ხელს ვიღებთ იარაღით სარგებლობაზე და გადავდივართ მხოლოდ ლეგალურ იდეურ მოღვაწეობაზე საქართველოში” ან კიდევ, “შეიარაღებული აჯანყების მაგიერ ჩვენ უნდა წამოვაყენოთ ბრძოლის მშვიდობიანი საშუალებები”,_ დაასკვნიდა: “კომუნისტები დღეს ხელს იღებენ იარაღით ბრძოლაზე, ამით ამართლებენ ჩვენს მტკიცებას, რომ ყველა რეპრესიული ზომები რომელიც მიღებული იყო კომუნისტების წინააღმდეგ, მიმართული იყო არა მათი იდეური მოღვაწეობის, არამედ “უხეში ძალის,” “შეიარაღებული აჯანყების,” “იარაღით ბრძოლის” ე. ი. ყველა იმ მეთოდების წინააღმდეგ, რომლითაც ჩვენებური ბოლშევიკები ცდილობდნენ… ხალხისათვის ძალადობის საშუალებით თავს მოეხვიათ ერთი მუჭა ხალხის ნებასურვილი.” რაც შეეხება მეორე სტატიას, _ “კომუნისტების უტიფრობა” იგი ბოლშევიკური გაზეთის მიერ საქართველოს მთავრობისადმი წაყენებული ბრალდებების პასუხს წარმოადგენდა. სტატია დაწვრილებით იხილავდა 1918-1920 წლების ბოლშევიკთა აჯანყებას და შესაბამისი არგუმენტებით ასაბუთებდა მათ წინააღმდეგ

33

საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული სადამსჯელო ღონისძიებების აუცილებლობას. “საქართველოს დემოკრატიას, _ ვკითხულობთ წერილში _ შეუძლია იამაყოს იმით, რომ მან დროზე ალაგმა ბოლშევიკური პრესა და ჩაფუშა მეამბოხეთა გეგმა. ამით, ქვეყანა იმ სამოქალაქო ომისაგან იხსნა, რამაც წელში გასტეხა რუსეთის დემოკრატია და იგი დაღუპვის კარამდის მიიყვანა. “ეკონომისტს“ არ მოსწონს ასეთი ტაქტიკა, ვინაიდან საქართველო ის ქვეყანაა, რომელიც მჭევრმეტყველურად ღაღადებს დემოკრატიის აღმშენებლობითი მოღვაწეობის შესახებ და ამხელს მათ, ვინც სამოქალაქო ომის დროშის აფრიალებით რუსეთში დასცა წარმოება, გაანადგურა მიმოსვლის საშუალებანი.” ყოველივე ეს იმის აშკარა დადასტურებაა, თუ რამდენად დამღუპველი შედეგის მოტანა შეეძლო საქართველოს სახელმწიფოსათვის ბოლშევიკთა შეუზღუდავ მოქმედებას.

ამრიგად: 1) 1918-1920 წლებში საქართველოში განხორციელებული აჯანყებები ადგილობრივი ხელისუფლების დასამხობას, საქართველოს გასაბჭოებასა და საბჭოთა რუსეთის შემადგენლობაში შეყვანას ისახავდა მიზნად. მისი შემსრულებელი ქართველი ბოლშევიკები, საბჭოთა რუსეთის დაკვეთითა და დაფინანსებით მოქმედებდნენ. ეს აჯანყებები სოციალური სიდუხჭირიდან კი არ იყო აღმოცენებული, არამედ გარეშე ძალების პროვოცირება ედო საფუძვლად; 2) გლეხთა ყველა აჯანყება, ბოლშევიკებმა საქართველოსათვის კრიტიკულ მომენტს, თურქეთსაქართველოს და საქათველოაზერბაიჯანის საომარ მოქმედებებს დაამთხვიეს. იგი რუსეთთურქეთის ალიანსით გათვალისწინწბული პროგრამით ხორციელდებოდა და სამშობლოს დამცველი ქართული ჯარისადმი ზურგში მახვილის ჩაცემას ითვალისწინებდა. მისი შეფასების ამოსავალ კრიტერიუმად ქვეყნის სახელმწიფოებრივ ინტერესებს თუკი ავიღებთ, მას ეროვნული ღალატის კვალიფიკაცია უნდა მიეცეს. აქედან გამომდინარე უნდა დავასკვნათ, რომ აჯანყებულთა წინააღმდეგ ნებისმიერი სადამსჯელო ღონისძიება, ეროვნული სახელმწიფოს გადარჩენას ემსახურებოდა და სამართლებრივად გამართლებული იყო.

***

საბჭოთა რუსეთის მიერ პოლონეთთან მიღწეული დროებითი დაზავებისა (1920 წლის 12 ოქტომბერი) და ვრანგელის∗ საბოლოოდ განადგურების შემდეგ, (1920 წლის 15 ნოემბერი) დამოუკიდებელი საქართველოს უსაფრთხოება ისევ კითხვითი ნიშნის ქვეშ დადგა. მიღწეულმა გამარჯვებებმა, საბჭოთა რუსეთის ხელისუფლებას ამიერკავკასიის საკითხის დღის წესრიგში დასმისა და მისი წინა პლანზე წამოწევის შესაძლებლობა მისცა. ამ მხრივ, მისი განსაკუთრებული ინტერესი საქართველოსთან მიმართებაში გაიზარდა. ამის შესაძლებლობას სომხეთის გასაბჭოებით (1920 წლის 29 ნოემბერი) აღმოსავლეთის მხრიდან საქართველოსთან სიგრძივი საზღვარიც განაპირობებდა. გასაბჭოებული

 34

აზერბაიჯანის და სომხეთის ფონზე, დამოუკიდებელი საქართველო გარკვეულ დისონანსს ქმნიდა ამიერკავკასიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში.

ასეთ პირობებში, დამოუკიდებელი საქართველოს ატანა საბჭოთა რუსეთისთვის შეუძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, რუსეთი ძალისმიერი ფორმის გამოყენებას, იმ ეტაპზე თავს არიდებდა და უპირატესობას დიპლომატიურ ზეწოლას ანიჭებდა. ამ მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას ბათუმთან დაკავშირებით ხელოვნურად შექმნილი აჟიოტაჟი იქცევს. საკითხი ინგლისსაქართველოს არარსებული საიჯარო ხელშეკრულებით, ბათუმის თითქოსდა ინგლისისადმი გადაცემას, ხოლო მეორე შემთხვევაში, საქართველოს მიერ ინგლისიდან “აღებული სესხის” სანაცვლოდ ბათუმის ოკუპაციის “ნებართვას” ეხებოდა.

საქართველოში რუსეთის ელჩის პ. შეიმანის მიერ ე. გეგეჭკორისადმი გაგზავნილ ნოტაში (31 ოქტომბერი, 18 ნოემბერი) ეს საკითხები “გულშემატკივრის” პოზიციიდანაა განხილული და საქართველოს ინგლისის ახალშენად მოსალოდნელი გადაქცევის საფრთხეზეა მითითებული. გამოთქმულია იმედი, რომ ქართული მხარე “სახელმწიფოთა შეიარაღებული ძალების უფლებებში” ბათუმის გადაცემას არ დაუშვებდა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხდარ ფაქტს 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების დარღვევად ჩათვლიდა. იმავდროულად, შეფარვითი ფორმით იყო მითითებული აზერბაიჯანისა და რუსეთისათვის “საფრთხის” შემქმნელი ინგლისის ჯარის ბათუმიდან გაყვანის დაჩქარების ნაკისრი ვალდებულებების შესრულების აუცილებლობაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 1920 წლის 4 და 22 ნოემბრის საპასუხო ნოტაში, ინგლისსაქართველოს გარიგების ბრალდებები დასაბუთებულად იყო უარყოფილი. არარსებული “გარიგების” შესახებ რუსეთის დიპლომატიურმა წრეებმა კარგად იცოდნენ, მაგრამ ეს “დიპლომატიური თამაში” მათ სამი გარემოების გამო დასჭირდათ: 1) საქართველოს ხელისუფლებას 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით ნაკისრი პირობების ინგლისელებისაგან ბათუმის გაწმენდის დაჩქარების აუცილებლობა მოსთხოვეს, 2) ბათუმისადმი ქართული მხარის ოფიციალური დამოკიდებულება გაარკვიეს და 3) საქართველოსთან მიმართებაში დასავლეთ ევროპის საელმწიფოთა, განსაკუთრებით ინგლისის პოზიცია გახადეს ნათელი. ამის რეალური პირობები გ. ჩიჩერინის მიერ ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრის ლ. კერზონისადმი 28 ნოემბერს გაგზავნილმა რადიოდეპეშამ შეამზადა. იგი ინგლისის მთავრობას პროტესტს უცხადებდა ინგლისის მხრიდან ბათუმის მოსალოდნელი ოკუპაციის შესაძლებლობის შესახებ. იმავდროულად, კავკასიის საქმეების უცოდინარობაში ადანაშაულებდა და ნიშნისმოგებით შეახსენებდა: “რუსეთის მთავრობამ პირველმა იცნო საქართველოს მთავრობის დამოუკიდებლობა, რაიც ჯერ არ უცვნია ანტანტის მთავრობებს, რომლებიც ასე დიდ ინტერესს იჩენენ საქართველოს ბედის მიმართ.” ეს დიდი კოზირი გ. ჩიჩერინმა ოპონენტთან პაექრობაში შესანიშნავად გამოიყენა და საბჭოთა რუსეთის ახლოაღმოსავლური პოლიტიკა, ერთა თვითგამორკვევის უფლებების “დაცვის” პოზიციიდან შეაფასა. იმავდროულად ინგლისის ხელისუფლებას 1920 წლის 7 მაისის საქართველორუსეთის ხელშეკრულება შეახსენა და იქვე მიანიშნა, რომ მისი დარღვევის შემთხვევაში

35

“რუსეთის მთავრობას არ შეუძლია უბრალო მოყურადე იქნეს ასეთი მოვლენის წინაშე.”

ეს იმას ნიშნავდა, რომ რუსეთი, ბთუმის საკითხთან მიმართებაში განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა და მოტივაციად საქართველოს დამოუკიდებლობის დაცვას ასახელებდა: “რუსეთის მთავრობა, _ ვკითხულობთ დოკუმენტში _ სასტიკად იცავს საქრთველოს დამოუკიდებლობას და სუვერენულ უფლებებს.”

ფაქტობრივად ეს “დიპლომატიური ომი” რუსეთის მხრიდან მოგებული იყო. მიუხედავად ამისა, ლ. კერზონმა, გ. ჩიჩერინისადმი გაგზავნილ პასუხში (19, 24 ნოემბერი) ბათუმთან მიმართებაში ინგლისის შესახებ გავრცელებული ხმების არა მარტო უსაფუძვლობა დაადასტურა, არამედ თვით საბჭოთა “რუსეთს ანალოგიური პრეტენზია წაუყენა და მისგან ოფიციალურად მოითხოვა აღიარება “რომ საფუძველი არა აქვს იმ ეჭვს, თითქოს საბჭოთა რუსეთის მთავრობას განზრახვა ქონოდეს ბათუმის ოკუპაციისა.”

ამ დიპლომატიური ბრძოლის პროცესში, საქართველოსთან მიმართებაში ორი ზესახელმწიფოს პოზიცია სრულყოფილად იქნა გამოკვეთილი. მართალია, ისინი ნიღაბაფარებული მოქმედებდნენ და ერთმანეთის ჯიბრზე საქართველოსადმი “მზრუნველის” სახის წარმოჩენას ცდილობდნენ, მაგრამ, სინამდვილეში მსხვერპლი დაგულვებული ჰყავდათ და შესაფერისი პოლიტიკური სიტუაციის შექმნისთანავე მის “ჩასაყლაპავად” ემზადებოდნენ. ეს განსაკუთრებით რუსეთის მიმართ ითქმის. ამიერკავკასიაში მომხდარმა პოლიტიკურმა ცვლილებებმა, კერძოდ აზერბაიჯანისა და სომხეთის გასაბჭოებამ, ინგლისისათვის კავკასია, განსაკუთრებით საქართველო, უინტერესო გახადა. ამ ფაქტორს ომით გამოწვეული კრიზისიც დაემატა, რამაც ინგლისის ხელისუფლებას ბათუმიდან ჯარის გაყვანა დააჩქარებინა. ამ ნაბიჯის გადადგმის აუცილებლობის შესახებ ლ. ჯორჯმა ოფიციალური განცხადება ჯერ კიდევ 1919 წლის შუა რიცხვებში გააკეთა.

კავკასიისადმი ზურგშექცევა და საბჭოთა რუსეთისაკენ 90% შემობრუნება, ინგლისმა ერთდროულად განახორციელა. მხედველობაში გვაქვს საბჭოთა რუსეთის საგარეო ვაჭრობის სახალხო კომისართან ლეონიდ კრასინთან 1920 წელს ეკონომიკური ურთიერთობის საკითხებთან დაკავშირებით დაწყებული მოლაპარაკება. თუკი ზ. ავალიშვილს ვენდობით, ინგლისის წარმომადგენლობას კრასინისათვის განუცხადებია, რომ ბაქოს ნავთი თავის ღირებულებას დაკარგავდა თუკი ნავთსადენი და ბათუმი საბჭოთა რუსეთის განკარგულებაში არ აღმოჩნდებოდა.

ამასვე ადასტურებს აკ. ჩხენკელიც “ლოიდ ჯორჯის მთავრობამ, _ წერდა იგი _ 1920 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყო კრასინთან მოლაპარაკება სავაჭრო ხელშეკრულების დასადებად… როცა რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, მას უკვე ჰქონდა ერთგვარი რწმენა, რომ ინგლისი ხელს არ შეუშლიდა. ხელშეკრულებაში არის განსაკუთრებული მუხლი, რომლის ძალითაც ინგლისი არდაინტერესებულად აცხადებს თავის თავს კავკასიის საქმეებში.”

როგორც ვხედავთ, კავკასიის რეგიონში, რუსეთმა თავისუფალი მოქმედების არაოფიციალური ნებართვა მიიღო, რითაც ევროპის სახელმწიფოებმა საქართველო გასაწირად გაიმეტეს და რუსეთის ახლოაღმოსავლური პოლიტიკის ინტერესების

36

სამსხვერპლოზე “მიიტანეს.” ეს სიტუაცია საბჭოთა რუსეთმა შესანიშნავად გამოიყენა. დაეყრდნო რა ბოლშევიკთა ლეგალიზაციას, საქართველოს ხელისუფლების დასამხობად, საქართველოში მძლავრი პროპაგანდისტული მანქანა აამუშავა. ანტიქართული გამოსვლების ორგანიზაციულ ხელმძღვანელობას ს. კიროვის მეთაურობით თბილისში არსებული 400 კაციანი რუსული საელჩო ასრულებდა. ამის შესახებ, გაზეთი “ერთობა” წერდა: “საბჭოთა რუსეთის მისია გავსებულია ადგილობრივი ბოლშევიკებით, უმეტეს ნაწილათ საქართველოს ქვეშევრდომებით, რომელთა მთელი მუშაობა მიმართულია არა რუსეთსაქართველოს შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის განმტკიცების, არამედ ამ ურთიერთობის დარღვევისაკენ.” ხელსაყრელი სიტუაციის შექმნისთანავე, საბჭოთა რუსეთის ხელისუფალნი აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან, საქართველოზე “მშვიდობიანი თავდასხმის” ღონისძიებების პროვოცირებას მიმართავდნენ. ამის ერთერთ ნიმუშად, სიყალბეზე აგებული ბრალდებიდან გამომდინარე, აზერბაიჯანიდან საქართველოსადმი ნავთის მიწოდების შეწყვეტის ფაქტი გამოდგება. საქმე ეხებოდა საბჭოთა რუსეთის წარმომადგენელ ლეგრანის მატარებლის “დაკავებას” და სომხეთში გასაგზავნი სატრანზიტო საქონლის ვითომდა შეჩერებას. ამ ფაქტთან დაკავშირებით, გაზეთი “ერთობა” მოწინავე წერილში “ვინ არღვევს კეთილმეზობლურ დამოკიდებულებას,” საქართველოს მთავრობის მიერ 7 დეკემბერს გაკეთებულ ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით (იგი სომხეთსაქართველოს ხელშეკრულებებს ძალაში ტოვებდა), რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ ზემოაღნიშნულ ეკონომიკურ სანქციას, ხელშეკრულების ცალმხრივ დარღვევად აცხადებდა და დასძენდა: “საქართველოს არ დაურღვევია არც საზავო და არც სავაჭრო ხელშეკრულება. ის პირნათლად ასრულებდა იმ მოვალეობას, რომელიც ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარეობდა… რუსეთს არა აქვს უფლება საქართველოს უკიჟინოს მისადმი მტრული დამოკიდებულება, ჩვენს ქვეყანას საომარი საბაბი მისთვის არ მიუცია და თუ… აქეთ გვედავებიან… და გვაბრალებენ იმას, რაც არ ჩაგვიდენია, ჩვენ გვინდა ვიცოდეთ რა მიზნით ხდება ყოველივე ეს. ჩვენ გვინდა გამოირკვეს, რანაირი ურთიერთობა არსებობს ჩვენსა და საბჭოთა რუსეთს შორის.”

რუსეთსაქართველოს შორის შექმნილ რთულ პოლიტიკურ სიტუაციას ეხებოდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს 1920 წლის 17 დეკემბრის ნოტა. იგი საბჭოთა რუსეთის აგენტურის მიერ საზღვრებზე განხორციელებულ პროვოცირების კონკრეტულ ფაქტებზე (მოსაზღვრე სოფლებში შეჭრა, მცხოვრებთა დარბევა, ნეიტრალურ ზონაში ჯარის თავმოყრა და ა. შ.) მიაპყრობდა რუსეთის ხელისუფალთა ყურადღებას. ამასთან დაკავშირებით გაზეთი “ერთობა” მოწინავე წერილში “ჩვენ და რუსეთი” გარკვევით წერდა: “ნუთუ მოსკოვს, რომელიც მთელი ქვეყნის წინაშე საჯაროთ ირწმუნება, რომ… საქართველოს დამოუკიდებლობას ცნობს “დე იურედ”,… არა აქვს იმდენი გავლენა თავის ადგილობრივ აგენტებზე, რომ ასეთი სახიფათო ნაბიჯების გადადგმაზე ხელი ააღებინოს? მოსკოვის მთავრობამ უნდა მიიღოს ზომები მეზობლური ურთიერთობის აღსადგენად და შექმნილი მძიმე ატმოსფეროს გასაფანტავად.

37

 საქართველოს ხალხს არ მიუძღვის არავითარი ბრალი ამ ატმოსფეროს შექმნაში. საქართველოს მთავრობას არ აქვს არავითარი განზრახვა რუსეთთან კეთილგანწყობილება დაარღვიოს. სიტყვა ეკუთვნის “კომუნისტური” მოსკოვის საბჭოთა მთავრობას.”

როგორც ვხედავთ, საქართველოს ხელისუფლების ლიდერები, საქართველოს საზღვრებთან მიმდინარე პროცესების მოსკოვთან შეუთანხმებლობაში დარწმუნებული იყვნენ. Aამიტომ, ორ ქვეყანას შორის ნორმალური ურთიერთობის აღსადგენად, მისი ხელქვეითებისადმი მხოლოდ კონკრეტული აღმკვეთი ღონისძიებების გატარებას მოითხოვდნენ, სინამდვილეში, იგი წინასწარგამიზნული საბჭოური გეგმის ერთერთ საფეხურს წარმოადგენდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, იმ მოვლენების აქტიური მონაწილე, ქართველი ოფიცერი ვ. თევზაძე წერს: “1920 წლის შემოდგომაზე ხელში ვიგდეთ და ფოტოგრაფზე აღვბეჭდეთ ბოლშევიკური XI ლაშქრის სარდლის ლევანდოვსკის∗ გეგმა დამტკიცებული ჩრდილო კავკასიის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ძალთა უფროსის გეკერის∗ და ამ ტერიტორიათა კომისრის ორჯონიკიძის მიერ. გეგმა ითვალისწინებდა დამოუკიდებელ საქართველოს ლიკვიდაციის მიმართულებებს და ძალთა შემადგენლობას, რომლითაც უნდა დასცემოდნენ საქართველოს.”

თუ როგორი გულმოდგინებით ამზადებდნენ რუსეთის ხელისუფალნი, საქართველოზე თავდასხმას, მკვლევარმა ლ. თოიძემ საგანგებო გამოკვლევა მიუძღვნა და მისთვის ხელმისაწვდომი თითქმის ყველა დოკუმენტი, სათანადო ანალიზით სამეცნიერო ბრუნვაში შემოიტანა. აღვნიშნავთ, რომ ლორეს 11 თებერვლის “აჯანყების” ინსცენირების შემსრულებლები სომხეთში განლაგებული წითელი არმის სამხედრო ნაწილები და ოფიცრობა იყო. ქართული სარდლობის დაუდევრობის გამო, “აჯანყებულებმა” შაგალის ხიდის აღება, ქართული სასაზღვრო რეგულარული ჯარის განიარაღება და ბორჩალოს მაზრაში საბჭოთა ხელისუფლების გამოცხადება შეძლეს. ეს პროცესი 23 დღეში განხორციელდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით, ი. ლაზიანის მოგონებებში ვკითხულობთ: “აჯანყების რაიონში სხვადასხვა სახეობის იარაღის მენშევიკთა რეგულარული ჯარის 7.000ზე მეტი კაცი იყო. აჯანყებულთა ძალები კი მეტად პრიმიტიულად შეიარაღებულ 10.000 გლეხს არ აღემატებოდა… 11 თებერვალს ღამით დაიწყო აჯანყება. იმავე ღამეს აიღეს ხიდი და მენშევიკთა ჯარი უკანასკნელ კაცამდე ყველა განაიარაღეს. 23 დღეში აჯანყებულებმა მთელი ზონის მიდამოები დაიკავეს და შულავერამდე (ამჟამად შაუმიანი) მივიდნენ.” რამდენადაც ეს მოგონებები 1936 წელსაა დაწერილი, ი. ლაზიანმა∗ საბჭოთა ხელისუფლების მიერ ოფიციალურად მიღებული ვერსია არ დაარღვია და 10.000 წითელარმიელი რუსი ჯარისკაცი, სომეხ გლეხებად გამოაცხადა. მომხდარი ფაქტის სისწორეს, საქართველოს მაშინდელი მთავარსარდალი გენ. ოდიშელიძეც ადასტურებს. მან ქართული ჯარის დამარცხება შემდეგ გარემოებას დაუკავშირა: “მთავარი მიზეზი ჩემი გადაყენებისა მთავარსარდლობიდან, _ წერდა იგი მოგვიანებით _ შაგალის ხიდთან მომხდარი მოულოდნელი კატასტროფა იყო… იცით რა მოხდა? მტრის აგენტებმა ლხინი გაუმართეს შაგალის ხიდზე მყოფ ჯარისკაცებს, დაათვრეს. ღამით შაგალის ხიდზე შეუმჩნევლად მოხსნეს ჩვენი დარაჯი, გადმოვიდნენ ხი

38

დით და თოფის გაუსროლად ტყვედ ჩაიგდეს მთვრალი მძინარე თითქმის მთელი ჩვენი ძალები.” ეს არის თავის მართლების უსუსური ფორმა, რადგან 7000 ჯარისკაცის ისე დათრობა რომ მათ ბრძოლისუნარიანობა დაეკარგა დაუჯერებელია. აქ დასაშვებად ერთი რამ შეიძლება მივიჩნიოთ, კერძოდ; შაგალის ხიდზე მხოლოდ დარაჯად მყოფი ჯარისკაცების დათრობის ფაქტი, რადგან ღამის პერიოდში ხიდის მეთვალყურის ფუნქცია რამდენიმე (თუგინდ 20) ჯარისკაცს ექნებოდა დავალებული. ქართული ჯარის დამარცხების მიზეზებთან დაკავშირებით, იმავე ოდიშელიძის მიერ მთავრობის თავმჯდომარისადმი წარდგენილი პატაკის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ნ. ჟორდანია თავის მოგონებებში წერს: “მაშინვე დავიბარე ოდიშელიძე და მოვსთხოვე ამ სირცხვილის ანგარიში. მან მომცა ასეთი განმარტება: ჯარი დამარცხდა იმიტომ, რომ იყო დანაწევრებული, შეერთება ვერ მოასწრეს;… შევუტიე _ როგორ დანაწევრებული, ომისთვის ვემზადებოდით და თქვენ ჯარები დაფანტეთ! მე რა შუაში ვარ,… ეს მოახდინა დამფუძნებელი კრების სამხედრო კომისიის თავმჯდომარე აკაკი ჩხენკელმაო!… გული მომივიდა, ვინ არის ჯარების უფროსი _ თქვენ თუ ჩხენკელი!” აღნიშნული ამონაწერი და ზემოთ მოტანილი ფაქტი იმაზე მიგვანიშნებს, რომ ომის მოლოდინში მყოფ ქართულ სარდლობას თავდაცვის სტრატეგიული გეგმა არ ქონდა შემუშავებული და ნეიტრალურ ზონაში განლაგებული ქართული ჯარის ნაწილები უსისტემოდ ყავდა სხვადასხვა მიმართულებით გადასროლილი. მეორე მხრივ, შაგალის ხიდზე მყოფი გუშაგების თუგინდ დათრობა, სტრატეგიული მნიშვნელობის ხიდის უმტკივნეულოდ აღება და 7.000 ქართველი ჯარისკაცის 23 დღეში განიარაღება, დაფანტული ჯარის ნაწილებში გამეფებულ უკონტროლობაზე და სამხედრო ხელმძღვანელთა უნიათობაზე მიგვანიშნებს.

სამწუხაროა, რომ ზემოაღნიშნული შეცდომა საბედისწერო აღმოჩნდა ქართველი ხალხისთვის. ამ ფაქტმა საქართველოს წინააღმდეგ საბჭოთა რუსეთის ფართომასშტაბიან სამხედრო ოპერაციას დაუდო სათავე. მეორეს მხრივ, ეს მარცხი, ქართული მხედრობისათვის მორალურფსიქოლოგიურ დარტყმას წარმოადგენდა. ამ ფონზე, ომის დაწყების პირველ ეტაპზე, ნამდვილი აგრესორის შენიღბვის მცდელობა და მიმდინარე პროცესის, საქართველოსომხეთის ომად გამოცხადება. ქართული მხედრობის ბრძოლისუნარიანობის შენარჩუნებისათვის იყო გამიზნული, თუ რამდენად დიდი მმნიშვნელობა ენიჭებოდა ასეთი ნატყუარი ინფორმაციის გავრცელებას, ამის შესახებ ნ.ჟორდანიას მოგონებებში ვკითხულობთ: “ომი გაჩაღდა: მოსკოვმა ამცნო ქვეყანას რადიოთი საქართველოში აჯანყება დაიწყოვო, ხოლო კავკასიაში კი აცხადებდა, _ საბჭოთა სომხეთი თავს დაესხა მენშევიკებს და ითხოვს ბორჩალოს სომხეთის შემოერთებასო. ხალხის გასამხნევებლად ჩვენ ამ ვერსიას ჩავაფრინდით, შემდეგ აზერბაიჯანელებიც მივაყოლეთ, ხოლო როცა ტყვეებში რუსებიც მოხვდნენ _ ვამბობდით, რუსები ეხმარებიანო და სხვა. ეს აგიტაცია სჭიროდა, ხალხი აღშფოთებული იყო, როგორ გვიბედავენ ეს გლახაკები თავს დასხმასო. ნამდვილი ამბავი, რომ იბრძვის რუსის ჯარი და არა სომეხი და აზერბაიჯანელი, ჯერ კიდევ უცნობი იყო ფართე მასისათვის. მით უფრო ეს სჯეროდათ, რომ ომი იყო მხოლოდ სომხეთის საზღვრებთან.”

 39

მას შემდეგ რაც XI არმიამ აზერბაიჯანის მხრიდან საქართველოს საზღვრები გადმოლახა (15 თებერვალი) და შეტევითი ოპერაციები განახორციელა, საზოგადოებისათვის ნათელი გახდა, რომ ქართველ მხედრობას ბრძოლა სომხებთან კი არა საბჭოთა რუსეთის რეგულარულ არმიასთან უხდებოდა. ამის შესახებ მთავრობის თავმჯდომარის 17 თებერვლის ოფიციალურ მოწოდებაშიაც იქნა ხაზგასმული. საქართველოს მოსახლეობის ყურადღებას ქვეყნის ხელმძღვანელი, ბოლშევიკური რუსეთის მუხანათურ თავდასხმაზე მიაპყრობდა და დასძენდა: “ბოლშევიკურმა ჯარებმა შემოგვიტია აღმოსავლეთით. იცოდეთ, რომ მათი გამარჯვება ნიშნავს ერის თავისუფლების, ხალხის ნაშრომის და ნაამაგარის სამუდამოთ დაღუპვას და ბოლშევიკთა მშიერი ბრბოების უსაშინლეს ტირანიაში ჩავარდნას. დადგა ჟამი ჩვენი ყოფნაარყოფნისა. ჩვენი ბედი ჩვენ ხელთ არის. გამოვიჩინოთ ძველებური ქართველური მამაცობა, თავის დადება, ერთობა და მტერი ძლეული იქნება.”

დასახული მიზნის მისაღწევად იგი ყველა ქართველში ჭეშმარიტი მამულიშვილობის გაღვიძებას, ფრონტისათვის დამხმარე რაზმების შექმნას, იარაღისა და სურსათის დაუბრკოლებლად მიწოდებას, ქვეყანაში უმკაცრესი წესრიგის დამყარებისადმი ხელშეწყობას, მოღალატეთა და ორგულთა ალაგმვას გადაუდებელ ამოცანად თვლიდა. “შევქმნათ ერთი მთლიანი თავგანწირული ძალა_ ვკითხულობთ დოკუმენტში, _ და ჩვენს ირგვლივ შემოიკრიბებიან მშველელნი. ქართველო ხალხო ხელი ხმალს იკარ, მტერთა ისმიან ხმანია! საქართველო მოკვდება მაგრამ მტერს არ დანებდება.”

საქართველოს ხელისუფლები კარგად ხედავდნენ, რომ საქართველო მრისხანე დამპყრობლის წინაშე მარტოდმარტო აღმოჩნდა. ამიტომ, ფრონტის დასახმარებლად პარტიული ძალების მაქსიმალურ მობილიზაციას შეეცადნენ. ამის დადასტურებას სსდ პარტიის ცენტრალური კომიტეტის მიერ რაიონული ორგანიზაციებისადმი 16 თებერვალს დაგზავნილი საგანგებო მოწოდება წარმოადგენს. ამ დოკუმენტის მიხედვით: 1) პარტიის წევრთა მობილიზაცია დაუყოვნებლივ უნდა განხორციელებულიყო; 2) ყველა გაწვეული ორ კატეგორიათ დაეყოთ: ა) სამხედრო წვრთნა გავლილნი და ბ) ახალბედები. 3) ოჯახებში გადანახული იარაღი და ვაზნები გვარდიის შტაბისათვის ჩაებარებინათ “არ დააყოვნოთ ერთი წამი, ყველა ფეხზე დადექით.” ასეთი იყო ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მოთხოვნა. მომხდარ ფაქტს საერთაშორისო რეზონანსი რომ მისცემოდა, საქართველოს სოციალდემოკრატიული პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა და საქართველოს პროფესიულ კავშირთა ცენტრალური საბჭოს აღმასრულებელმა კომიტეტმა, ერთობლივი მოწოდებით მიმართეს მეორე ინტერნაციონალს, სოციალისტური და მუშათა პარტიების ინტერნაციონალურ ბიუროს. დოკუმენტი, საბჭოთა რუსეთის მიერ 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულების ცალმხრივად დარღვევას და საქართველოზე ვერაგულ თავდასხმას, მეფის რუსეთის დიდმპყრობელური პოლიტიკური კურსის გაგრძელების კვალიფიკაციას აძლევდა. საერთაშორისო პროგრესული ძალებისაგან აღნიშნული ქმედების დაგმობას და

40

ქართველი ხალხისადმი თანადგომის აუცილებლობის საკითხს აყენებდა. “კომუნისტური დროშის ქვეშ გრძელდება მეფის რუსეთის იმპრიალისტური პოლიტიკა, მცირე ერთა დაპყრობისა და დამონებისა. საქართველოს პროლეტარიატი იცავს თავის საზღვრებს და უკანასკნელ სისხლის წვეთამდე იბრძოლებს… საქართველოს მუშათა კლასის სახელით ვაცხადებთ უღრმეს პროტესტს იმპერიალისტური მოძალადის წინააღმდეგ… ჩვენ ველით თქვენ მორალურ დახმარებას. დარწმუნებული ვართ,… არ მოითმენთ, რომ სოციალიზმისა და კომუნიზმის სახელით კეთდებოდეს შავი საქმე სოციალისტური რესპუბლიკის განადგურებისა.”

საქართველოს მთავრობის თავმჯდომარის ორგზის მცდელობა (16, 21 თებერვლის დეპეშები) ომის მიზეზების გარკვევისა და საბჭოთა რუსეთთან მოლაპარაკების დაწყების შესახებ, უპასუხოდ დარჩა. ასეთივე ბედი ეწია ნ. ჟორდანიას მიერ ლენინისა და სტალინისადმი გაგზავნილ ნოტებს, რომელიც საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმითი იმპერიალისტური ხასიათის ომის შეწყვეტას მოითხოვდა.

აღნიშნული დოკუმენტების “პასუხი” საბჭოთა რუსეთის მხრიდან საქართველოს რესპუბლიკის წინააღმდეგ ჩრდილოეთიდან ახალი ფრონტის გახსნით გამოიხატა. სოჭის, მამისონის, როკისა და დარიალის მიმართულებით საქართველოს წინააღმდეგ მერვე, მეცხრე და მეცამეტე არმიები იქნა დაძრული. ეს იმას ნიშნავდა, რომ საბჭოთა რუსეთმა დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ ერთდროულად, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის განხორციელება დაიწყო. დაძრული ბოლშევიკური არმიების შეჩერება, საქართველოს შესაძლებლობებს აღემატებოდა. ქვეყანა გარდუვალი საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ასეთ მძიმე ვითარებაში, საქართველოს დამფუძნებელი კრების 1921 წლის 21 თებერვლის სხდომამ, მიღებული დადგენილებით საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლი ქართველები კანონგარეშე გამოაცხადა. “იღებს რა მხედველობში, რომ საქართველოზე თავდასხმაში მონაწილეობას იღებენ ქათველი ხალხის უღირსი შვილნი, _ ვკითხულობთ დოკუმენტში _ დამფუძნებელი კრება ადგენს: ყველა ქართველები, რომლებიც უშუალო მონაწილეობას იღებენ შეიარაღებულ ბრძოლაში საქართველოს წინააღმდეგ ან დახმარებას უწევენ ამ ბრძოლას, მათ ერთმევათ ყოველივე ქონება და კანონგარეშე არიან გამოცხადებული ამ დადგენილების სისრულეში მოყვანა ევალება მთავრობას.”

იმავე დადგენილების მეორე პუნქტი უშუალოდ 16 თებერვალს შექმნილ “საქართველოს რევკომს” ანუ შულავერის მთავრობას ეხებოდა და მისი წევრების მისამართით აცხადებდა: “ფილიპე მახარაძე, მამია ორახელაშვილი, ბუდუ მდივანი, შალვა ელიავა, მიხეილ ოკუჯავა, ლადო დუმბაძე, ომარ ფაიკი, ამაიკ ნაზარეტიანი, ალექსანდრე გეგეჭკორი და ბესო კვირკველია აღიარებულ იქნენ საქართველოს ხალხის მოღალატეებად, ჩამოერთვას მათ მთელი ქონება და გამოცხადდნენ საქართველოს კანონთა მფლობელობის გარეშე.”

მართალია, ეს დოკუმენტი ისტორიისათვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენდა, მაგრამ იმ ეტაპზე გარკვეული ფუნქციის, კერძოდ, მასაზე იდეოლოგიური

41

ზემოქმედების შესრულებაც ეკისრებოდა. ამით საზოგადოებას ერთხელ კიდევ აჩვენეს, რომ ბოლშევიკების სამსახურში ყოფნა, ან მათდამი თანადგომა, ერის ღალატის ტოლფასოვან ქმედებას წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, იგი ბოლშევიკებისადმი საქართველოს მოსახლეობის დაპირისპირების ერთერთ მძლავრ საპროპაგანდო იარაღად შეიძლებოდა გამოყენებულიყო.

ქართული ჯარის წინააღმდეგ 1822 თებერვალს განხორციელებული შეტევითი ოპერაციები, XI არმიის ნაწილებმა მარცხით დაამთავრა. საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობამ, მისი მოკავშირე თურქეთის ამოქმედებით, საქართველოსთვის სამხრეთის ფრონტის გახსნას შეეცადა. განსაცდელის წინაშე მყოფ საქართველოს ხელისუფლებას, თურქეთის მთავრობამ ულტიმატუმით (22 თებერვალი) ართვინარდაგანის ოკრუგების დაცლა მოსთხოვა. ახალი ფრონტის გასახსნელად მოწინააღმდეგისათვის საბაბის არმიცემის მიზნით, ქართულმა მხარემ, აღნიშნული ტერიტორიებიდან ჯარის გამოყვანა მოახდინა. ამ გადაწყვეტილების მიღება იმ თვალსაზრისით იყო გამართლებული, რომ იმ ეტაპზე ქვეყნის გადარჩენა მხოლოდ ბოლშევიკური რუსეთის წინსვლის შეჩერებით იყო შესაძლებელი. მიზნის მიღწევა, დაშვებული საბედისწერო შეცდომების გამო, შეუძლებელი გახდა. სერიოზული პრობლემები შემდეგი იყო: 1) გასაწვევ პუნქტებში გამოცხადებული ადამიანების იარაღითა და ტანსაცმლით უზრუნველყოფა მოუგვარებლობა, მაშინ როდესაც მისი დადებითად გადაწყვეტისათვის ქვეყანას რეალური სარეზერვო ფონდი გააჩნდა. ამის შესახებ, თავის მოგონებებში გ.მაზნიაშვილი წერს: “1921 წლის მაისში ჩვენს საწყობებში დარჩენილი ტანსაცმლით მე შევძელი შემოსვა თავიდან ფეხამდე 17.000 კაცისაგან შემდგარი ქართული წითელი არმიისა… მაშინ როდესაც დ. ჭავჭავაძე რეკვიზიციის სახით ჰკრებდა დანჯღრეულ უნაგირებს ქუთაისში და სამტრედიაში, ნავთლუღის საწყობებში იყო თურმე რამდენიმე ათასი საკავალერიო ახალი უნაგირი და ცხენების სხვა მრავალი მოწყობილობა.” მისივე მონაცემებით, სამინისტროს საწყობებიდან ორი კვირის განმავლობაში ბოლშევიკები უფასოდ კვებავდა ქალაქის მოსახლეობას. აღნიშნული ფაქტების სისწორეს იმ მოვლენების აქტიური მონაწილე გ.ქიქოძეც ადასტურებს; “როდესაც თბილისში წითელი არმია შემოვიდა, _ წერს იგი _ აღმოჩნდა, რომ საწყობები სავსე იყო ამუნიციით და სანოვაგით, ქართველ ჯარს კი ბრძოლის ველზე ბევრი რამ აკლდა.”

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს იმ ეტაპზე დამატებით, “თავიდან ფეხებამდე“შეიარაღებული 17.000 ქვეითი ჯარისკაცის, რამდენიმე ათასი კავალერისტის გამოყვანა და საკვებითაც უზრუნველყოფა შეეძლო. და თუ ეს არ გაკეთდა, იგი იმ სამხედრო უწყების პასუხისმგებელ პირთა დანაშაულებრივ ქმედებად უნდა ჩაითვალოს, ვისაც ქართული სარეზერვო ჯარის შეიარაღება ევალებოდა და ამ ქონების ბედიღბლით არ დაინტერესდა, გადამწყვეტ მომენტში სამშობლოს დამცველთა შეიარაღებას რომ ვერ მოახმარა და ფაქტობრივად ბოლშევიკებს “გადაუნახა.” 2) იაღლუჯის სანახებში 19 თებერვალს შემოჭრილი XI არმიის ნაწილების დამარცხება და მტრის უკან გაქცევით შექმმნილი ხელსაყრელი მომენტის ბოლომდე გამოუყენებლობა. ამ ფაქტს, გ. მაზნიაშვილი შემდეგნაირად აგვიწერს: “მოწინააღმდეგის დახეულ ჯარებს თოფის

42

ტყვია ვერ სწვდებოდა და ვესროდით მხოლოდ ზარბაზნებს. რეზერვში არ მყავდა დასვენებული არც ერთი ნაწილი, რომელსაც კი შეეძლო მტერს დასდევნებოდა. ლაშქრის შტაბმა, არ ვიცი რა მიზეზით, საჭიროთ არ ჩათვალა გამოეგზავნა ჩემთვის კავალერიის ერთი ესკადრონი მაინც. ცხენოსანი ჯარი კი იდგა იმ დროს სოფელ ლილოსთან უსაქმოდ.” თუ რა შედეგის მომტანი შეიძლებოდა აღმოჩენილიყო მტრისათვის დადევნება, ამის შესახებ გ. ქიქოძესთან საუბარში შალვა ელიავას განუცხადებია: “ქართველმა ჯარმა გამარჯვება არ გამოიყენა და იერიშზე არ გადავიდა ფართო მასშტაბით. უკანდახეულ წითელარმიელებს ძლივს ვაკავებდით, თუ ქართველ ჯარს ენერგიულად შემოეტია, შეიძლება ფეხი ვეღარ მოგვემაგრებია ბაქომდე.” ქართველი მთავარსარდლობისაგან დაშვებული ეს შეცდომა მოწინააღმდეგემ შესანიშნავად გამოიყენა. გ. ქიქოძის სიტყვებით რომ ვთქვათ, წითელ არმიას დრო მიეცა გონს მოსულიყო და თავისი რაზმები გადაეჯგუფებინა. რიცხვობრივი უპირატესობისა და საგანგებოდ მომზადების მიუხედავად, როგორც მთავარი შტაბის მონაცემებით დასტურდება, მტრის 20, 21, 22 და 23 თებერვლის შეტევითი ოპერაციები მარცხით დამთავრდა.

მთავარი მაინც, 24 თებერვალს ღამით, მთავარსარდლობისაგან თბილისის დატოვების შესახებ მიღებული საბედისწერო გადაწყვეტილება გახდა. აღნიშნულ ბრძანებას გ. კვინიტაძე 24 თებერვალს შექმნილი მძიმე მდგომარეობით ხსნის. მისი მტკიცებით, ამ მომენტში მტერს დაკავებული ჰქონდა ნორიო, ლილო, მამკოდი, გლდანი, ავჭალის რკინიგზის სადგური და სოღანლუღის ქედზე შავნაბადას მონასტერი. “დიღმის მინდვრიდან (ნახშირგორასთან),_ წერს გ. კვინიტაძე _ გამოჩნდა ჯერ კიდევ დილით 24 თებერვალს მანგლისიდან ჩამოსული მტერი… შეიძლება ითქვას, რომ უკვე გარშემორტყმული ვიყავით.” აღნიშნულ ფაქტებთან და მიმდინარე საომარ ოპერაციებთან დაკავშირებით გენ. მაზნიაშვილი თავის მოგონებებში ყურადღებას საგანგებოდ ამახვილებს. რამდენადაც იგი მოწინავე ხაზზე იმყოდფებოდა და თბილისის დაცვის სამივე რაიონის სარდლობის (გენ. მაზნიაშვილი, გენ. ანდრონიკაშვილი, გენ. ჯიჯიხია) ინფორმაციას სრულად ფლობდა, ვფიქრობთ მის მიერ გამოთქმული თვალსაზრისიც უთუოდ გასათვალისწინებელია. 24 თებერვლის მოვლენებს იგი შემდეგნაირად აგვიწერს: “24 თებერვალს დილიდანვე მოწინააღმდეგე მთავარი ძალებით მოაწვა გენ. ანდრონიკაშვილის რაიონს და ნაწილობრივ ჩემს რაიონსაც ტაბახმელიდან მოყოლებული შავნაბადამდე. მთელი დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის იერიშებს ვიგერიებდით და დიდ ზარალს ვაყენებდით… ჯიჯიხიას რაიონში მოწინააღმდეგე ამოძრავდა შუადღის 3 საათზე, ხოლო ვაზიანთან, სადგურიდან კარგად მოშორებულ მანძილზე გამოჩნდა რამდენიმე “ტანკი” გვარდიელების ზოგიერთმა ათასეულმა ტანკები რომ დაინახეს, შეშინდნენ, მიანებეს თავი თხრილებს და გამოიქცნენ, მაგრამ რამდენიმე საათის შემდეგ მებრძოლი რაიონი კვლავ იქნა აღდგენილი. დაახლოებით საღამოს 6 საათზე, ჩემს რაიონში მოწინააღმდეგემ წამოიწია სოფელ თელეთმუხრანიდან, გაარღვია ჩემი პოზიცია და დაიკავა ტრიგონომეტრიული პუნქტი. ეს მაცნობა მე9 ქვეითი ლეგიონის უფროსმა პოლკოვნიკმა ნ. ვაჩნაძემ. ტელეფონით ვთხოვე

43

გენ. ანდრონიკაშვილს, დაებრუნებინა I-ელი ლეგიონის ერთი ასეული მაინც გარღვეული პოზიციის აღსადგენად. გენ. ანდრონიკაშვილმა დაუყოვნებლივ გამოგზავნა ორი ასეული და პოლკ. ვაჩნაძემ საღამოს 6 საათსა და 40 წუთზე აღადგინა წინანდელი მდგომარეობა, ე.ი. მოწინააღმდეგე განდევნა და პუნქტები კვლავ დაიკავა.” ეს ვრცელი ამონაწერი ჩვენ შეგნებულად მოვიტანეთ, რადგან მასში ფრონტის მოწინავე ხაზის სარდლისა და თვითმხილველის პოზიციიდანაა დანახული ის საომარი პროცესები, რომლებიც თბილისის დაცვის უბანზე მიმდინარეობდა. მეორე მხრივ, იგი იმის უდაო დადასტურებასაც წარმოადგენს, რომ 24 თებერვალს საღამოს 7 საათისათვის ნორიოლილოს, გლდანიავჭალისა და ტაბახმელაშავნაბადას მონაკვეთი ქართული ჯარის ხელში იყო და მტერზე ზემოქმედების სტრატეგიულ უპირატესობას ფლობდა. ამის შესახებ, მთავარ შტაბს გ. მაზნიაშვილისაგან სრული ინფორმაცია ჰქონდა. 24 თებერვალს ფრონტზე მიმდინარე მოვლენების გადმოცემისას ვ.თევზაძე, როგორც შტაბის ოფიცერი, ბუნებრივია აღნიშნულ ინფორმაციას ემყარებოდა. იგი მაზნიაშვილის მიერ მოტანილი ფაქტების სისწორეს მხოლოდ ზოგიერთი “კორექტივის შეტანით” ადასტურებს: “მთელი 24 თებერვლის ღამე და 24ის დღე, _ წერს ვ. თევზაძე _ გამწარებული ბრძოლები წარმოებს. ოღონდ, შედეგს (მტერი _ შ. ვ.) ვერსად ვერ აღწევს, ერთი ფეხითაც არ იხევენ უკან თავდადებული მებრძოლები. შუა ნაკვეთსაც გენ. მაზნიაშვილისას ცოტა წარუმატებლობა აქვს მარცხენა ფრთაზე, მაგრამ საერთოდ თავის პოზიციაზე ურყევად დგას. მხოლოდ გენ. ჯიჯიხიას ნაკვეთზე, შეტევის მაგიერ უკანდახევას აქვს ადგილი.”

როგორც ზემოთაც გვქონდა მითითებული, გენ. ჯიჯიხიას პოზიციების დაკავება დღის სამ საათზე მტერმა მართლაც შეძლო, მაგრამ საღამოს 6 საათისათვის ქართულმა ჯარმა ეს პოზიცია ისევ დაიბრუნა. რაც შეეხება გენ. მაზნიაშვილს, თელეთმუხრანთან მტრისაგან გარღვეული ფრონტი, მან საღამოს 6 საათსა და 40 წუთზე სრულად აღადგინა. თუკი იმავე მაზნიაშვილს დავეყრდნობით, 24 თებერვლის საღამოსთვის ქართულ ჯარს მტერზე აშკარა უპირატესობა ჰქონდა. “ფრონტის მდგომარეობა კი 24 თებერვალს, _ წერს გ. მაზნიაშვილი _ ასეთი იყო: მოწინააღმდეგის იერიშები ყველა რაიონში მოგერიებულ იქნენ და დარწმუნებული ვიყავი, რომ მთელი დღის ბრძოლით დაქანცული მოწინააღმდეგე ღამის იერიშებს არ მოახდენდა, ხოლო დილით, რადგანაც მოწინააღმდეგე იდგა მთის გაშლილ ფერდობზე და ხევებში, ჩვენი კარგად მოწყობილი პოზიციის პირდაპირ, იძულებული გახდებოდა ან იარაღი აეყარა, ან და თუ ვინიცობაა უკან დაიხევდა, მთლად გაწყდებოდა. ლეგიონების უფროსებთან ტელეფონით ლაპარაკის დროს ეს ჩემი აზრი თანდათან მტკიცდებოდა.” ეს იმას ნიშნავს, რომ რეალური საფრთხის წინაშე, არათუ ქართული ჯარი, არამედ მოწინააღმდეგე იმყოფებოდა. ვ. თევზაძის გადმოცემით “25 საღამოს (გამთენიისას _ შ.ვ.) ჩვენი მდგომარეობა არ იყო სანუგეშო, მტერი თბილისიდან ყველა მიმართულებით 1012 კმ. მანძილზე იმყოფებოდა. მართალია, დაწვრილებითი ცნობების მიღება ნაკვეთების უფროსთაგან ადვილი არ იყო, მაგრამ ცხადად იმჩნეოდა ყველგან მოწინააღმდეგის რიცხვობრივი უპირატესობა და

44

რაც მთავარია, მათი 6 დივიზიამდე ცხენოსანთა ლაშქარი, რომელიც ორივე მხრიდან მოქმედებდა, გზის ჩაკეტვით გვემუქრებოდა.” აქ ორ გარემოებას უნდა მივაქციოთ ყურადღება: 1) როგორც ვ. თევზაძე ადასტურებს, მტერი თბილისიდან 1012 კილომეტრის მანძილზე იმყოფებოდა. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართულ ჯარს პირვანდელი პოზიციები ეჭირა და 2) მართალია, იგივე ვ. თევზაძე გამოუვალ მდგომარეობაზე და უკანდასახევი გზის მოჭრის გარდუვალ საფრთხეზე მიუთითებს, მაგრამ იმავდროულად, საბრძოლო რაიონებიდან მოწოდებული ინფორმაციის დეფიციტზეც ამახვილებს ყურადღებას. ასეთ პირობებში, სამხედრო შტაბი ვალდებული იყო თბილისის თავდაცვის რაიონების სარდლებიდან (გენ. მაზნიაშვილი, გენ. ანდრონიკაშვილი და გენ. ჯიჯიხია), რომელიმე მათგანი მაინც გამოეძახა და სრულყოფილი ინფორმაცია მიეღო. უკიდურეს შემთხვევაში, მათივე თანდასწრებით განეხილა საკითხი, _ იძლეოდა თუ არა ქართული ჯარის განლაგება და პოზიციები თბილისის დაცვის გაგრძელების შესაძლებლობას. უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ბრძოლის გარეშე მისი დატოვების მიზანშეწონილობა ერთობლივად გადაეწყვიტათ. სამწუხაროდ, მთავარსარდალმა იგნორირება გაუკეთა ფრონტის მოწინავე ხაზის სარდლობას და ინდივიდუალური გადაწყვეტილება მიიღო. თუ რამდენად გამართლებული იყო ქვეყნის საბედისწერო ჟამს მისი მოქმედება, ამ საკითხის ყოველმხრივ შესწავლა და საერთო დასკვნის გაკეთება სამხედრო ხელოვნების ისტორიის მკვლევართა კომპეტენციას წარმოადგენს. მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ მთავარსარდლის მიერ 24 თებერვალს ღამით გაცემული ბრძანებით, თბილისი დატოვებულ იქნა. ტაქტიკური შეცდომის დაშვების გამო, სურამის უღელტეხილის რიგიანად ჩაკეტვაც ვერ მოხერხდა. ხეობაში გასასვლელი უღელტეხილის გზატკეცილის გამაგრებას მეორეხარისხოვანი მნიშვნელობა მიანიჭეს და ძირითადი ყურადღება გვირაბის დაცვისაკენ გადაიტანეს. “ჩემის აზრით, _ წერს გ. მაზნიაშვილი _ უღელტეხილის დასაცავად ჯარების ამგვარი გადანაწილებით დიდი შეცდომა იყო დაშვებული. ჩვენი მთავარი შტაბისათვის ცხადი უნდა ყოფილიყო, რომ მოწინააღმდეგე მთელი თავისი ძალებით მოაწვებოდა ჩვენს მარცხენა ფრთას, ე.ი. უღელტეხილს იმ მიზნით, რომ ჩაეგდო ხელში გზატკეცილი და სოფ. ფონა. გვირაბს იგი გვერდს აუქცევდა და გამოვიდოდა ამგვარად ხეობაში… ამ შეცდომას მოჰყვა საბედისწერო შედეგი. მოწინააღმდეგემ… დასახული ამოცანა გადაჭრა ისე, როგორც ამას საჭიროება მოითხოვდა. იერიში მიიტანა მარცხენა ფრთაზე და იმავე დღეს ხელთ იგდო უღელტეხილის უმაღლესი წერტილი.” ყოველივე ამის შემდეგ, ბრძოლის გაგრძელება უაზრო იყო.

საბჭოთა რუსეთმა ქართველ ხალხს მეორე დიდი დარტყმა მოსკოვის 1921 წლის 16 მარტის ხელშეკრულებით მოუმზადა. ხელმოწერილი დოკუმენტის პირველი მუხლის მიხედვით, არტაანისა და ართვინის ოკრუგები თურქეთის კუთვნილებად გამოცხადდა და საქართველოს ხარჯზე მეზობელ თურქეთს 12.115 კვ. კმ ტერიტორია გადასცა. თუ რა განსხვავებულ პოზიციებზე იდგნენ, ამ საკითხთან დაკავშირებით, დემოკრატიული საქართველოსა და ბოლშევიკების ხელისუფლების წარმომადგენლები, ამის საილუსტრაციოდ გ. ლორთქიფანიძისა და მ. ორახელაშვილის 1921 წლის 17 მარტის მოლაპარაკების სტენოგრაფიული

45

ჩანაწერები გამოდგება. გ.ლორთქიფანიძის სამართლიან მოთხოვნას: “როგორიც არ უნდა იყოს საქართველო, იქნება მისი ხელისუფლება დემოკრატიული რესპუბლიკა თუ საბჭოთა წყობილება, ჩვენი მოვალეობა არის, მოვალეობა სახელმწიფოებრივი და ეროვნული, რომ ბათუმის ოლქი ყოველ შემთხვევაში დარჩეს საქართველოს. ვიმეორებ, როგორიც არ უნდა იყოს ის. ეს არის ჩვენი სახელმძღვანელო გეზი… დღეს ყველაზე დიდი საშური საკითხი და პირველ რიგში განსახილველი არის საქართველოს ტერიტორიის მთლიანობის შენარჩუნება.” მ. ორახელაშვილმა შემდეგნაირად უპასუხა: “ეს საკითხი მეორეხარისხოვანია. ჩვენი პირველი მოთხოვნილება არის, რომ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობამ იცნოს საქართველოში მომხდარი გადატრიალება და აღიაროს საბჭოთა რესპუბლიკა და თუ ეს არ იქნება მიღებული, სხვა დეტალების მიღება შეუძლებელია.”

აღნიშნული ფაქტი ამ ორი პიროვნების ეროვნული ცნობიერების ურთიერდაპირისპირების შესანიშნავ დადასტურებას წარმოადგენს. გ. ლორთქიფანიძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას პირველხარისხოვან მნიშვნელობას ანიჭებდა, ხოლო ორახელაშვილი პირიქით, წინა პლანზე საბჭოთა ხელისუფლების აღიარებას აყენებდა და ტერიტორიის პრობლემას ერის მომავლისათვის მეორეხარისხოვნად თვლიდა. ეს იმაზედაც მიგვანიშნებს, თუ რა მძიმე გამოცდის წინაშე იდგა სამომავლოდ ქართველი ერი. რაც შეეხება გ. ლორთქიფანიძეს და მ. ორახელაშვილს შორის 18 მარტს ქუთაისში მიღწეულ შეთანხმებას, მიღებული დოკუმენტის პირველი, მეორე და მესამე მუხლები საომარი მოქმედების შეწყვეტასთან ერთად, საბჭოთა რუსეთის ჯარებს, დაუბრკოლებლად წინსვლის შესაძლებლობას აძლევდა. ეს გადაწყვეტილება თურქებისგან ბათუმის ოკრუგის გაწმენდას და მოსკოვის 16 მარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღვრების დაკავებას ისახავდა მიზნად. დამფუძნებელი კრების 1921 წლის 16 მარტის დადგენილების თანახმად, საქართველოს მთავრობის წევრებმა, 17 მარტს იტალიური გემით ბათუმი დატოვეს და ემიგრაციაში, საფრანგეთში გაემგზავრნენ. საქართველო ბოლშევიკურ რუსეთს “გენერალური ბრძოლის” გარეშე “ჩაბარდა,” ხოლო მისმა სარდლობამ, საქართველოს მთავრობის თავმჯდომარისადმი შეპირებული “გენერალური ბრძოლის” იდეა “საზღვარგარეთ წაიღო.”

ამრიგად: 1) რუსეთის იმპერიის დაშლის შედეგად წარმოქმნილი სახელმწიფოებისადმი, საბჭოთა ხელისუფლებისაგან დაუნდობელი ომის გამოცხადება, “ურჩი ქვეშევრდომის” დასჯას ისახავდა მიზნად და კეთილმეზობლურ ურთიერთობას სათავეშივე გამორიცხავდა. 2) რუსეთსაქართველოს 7 მაისის ხელშეკრულებით, ისტორიულ საზღვრებში საქართველოს “დე იურე” აღიარება, ევროპისათვის პრეცედენტს წარმოადგენდა და საერთაშორისო არენაზე სამართლებრივი უფლებების მოპოვების გარანტიებს იძლეოდა. ამ დოკუმენტს, მაშინდელმა ქართულმა პოლიტიკურმა ელიტამ, დადებითი შეფასება მისცა, რადგან იგი რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის აღდგენას და მოსალოდნელი აგრესიისაგან უსაფრთხოების შექმნას ისახავდა მიზნად. 3) საბჭოთა რუსეთი, საქართველოს დამოუკიდებლობის არსებობაში პოტენციურ მოწინააღმდეგეს და ახლოაღმოსავლური პოლიტიკის განხორციელებაში ხელშემშლელს ხედავდა. მის მიერ საქართველოს დასაპყრობად შემუშავებული გეგმა, კავკასიის რეგიონში ხელსაყრელი სიტუაციის შექმნას ეფუძნებოდა. ქართველი სარდლობის მიერ დაშვებულმა შეცდომებმა, საბჭოთა რუსეთის მესვეურებს ლორეს “აჯანყების” ინსცენირებისა და საქართველოს წინააღმდეგ გამოლაშქრების შესაძლებლობა მისცა. ასეთი ძნელბედობის ჟამს, სამხედრო უწყებას დაქვემდებარებულ საწყობებში არსებული დიდძალი ამუნიციის ეროვნული ძალების შესაიარაღებლად ვერგამოყენება, მთავარსარდლობის შეცდომებზე მეტყველებს. საბოლოოდ საბჭოთა რუსეთმა, ნანატრი ოცნება აისრულა და ქართველ ერს, მონობის საბჭოურ უღელში გააყოფინა თავი.

 

განმარტებითი ლექსიკონი *

აკაკი ჩხენკელი _ (1874_1959) ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე (1918 წლის აპრილიმაისი). დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი (1918 წლის 26 მაისი _ 1919 წლის 21 მარტი). 1919 წლიდან საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ჯერ გერმანიაში, შემდეგ შვეიცარიაში.

ალექსანდრე (საშა) გეგეჭკორი _ (1887 1918) კომუნისტური პარტიის წევრი. დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ მებრძოლი. დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების დასამხობად გლეხთა აჯანყებების მოწყობის ერთერთი ორგანიზატორი. შულავერის რევკომის წევრი.

ანტონ დენიკინი _ (1872_1939) სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი 1918 წლის აპრილიდან. ანტანტის სახელმწიფოთა მხარდაჭერით იბრძოდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ.

ბუდუ მდივანი _ ბოლშევიკი, საქართველოს დამოუკიდებლობის წინაარმდეგ აქტიური მებრძოლი, შულავერის რევკომის წევრი, შემდგომში ე.წ. “ნაციონალუკლონისტი.”

გაბრიელ ხუნდაძე _ (1877_1937) დამოუკიდებელი საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი საბჭოთა რუსეთში.

გენერალი ბარათოვი _ გენერალლეიტენანტი ნიკოლოზ ბარათოვი _ ბარათაშვილი (1865 წ.) პირველი მსოფლიო ომის აქტიური მონაწილე. წარმატებით იბრძოდა კავკასიის ფრონტზე თურქეთის წინააღმდეგ. 1918 წლიდან ნ. ბარათოვი, რუსეთის იმპერიის აღდგენის მიზნით იბრძვის დენიკინის არმიის შემადგენლობაში.

გენერალი გეკერი _ საბჭოთა რუსეთის წითელი XI არმიის სარდალი. ხელმძღვანელობდა დამოუკიდებელი საქართველოს წინააღმდეგ 1921 წლის თებერვალმარტში ჩატარებულ საომარ ოპერაციებს.

ევგენი გეგეჭკორი _ (1881_1954). 1917 წლის 15 ნოემბრიდან ამიერკავკასიის კომისარიატის თავმჯდომარე, შრომისა და საგარეო ურთიერთობის საქმეთა სამინისტროს კომისარი. 1919 წლის 24 ივნისიდან დამოუკიდებელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი.

ვალიკო ჯუღელი _ დამოუკიდებელი საქართველოს სახალხო გვარდიის სარდალი 1918-1921 წლებში. გვარდია 1917 წლის 12 დეკემბერს შეიქმნა.

ი. ლაზიანი _ ხელმძღვანელობდა ლორეში (სომხეთსაქართველოს სასაზღვრო ნეიტრალური ზონა) დამოუკიდებელი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ 1921 წლის 11 თებერვალს მოწყობილი “აჯანყების” ინსცენირებას და რუსეთის წითელი არმიის შენარეთების სომხეთიდან საქართველოზე თავდასხმის ორგანიზებას.

იური საბლინი _ (1897_1937) წითელი არმიის სარდალი.

კ. ვრანგელი _ (1878-1928) მეფის რუსეთის არმიის გენერალი. იბრძოდა საბჭოთა ხელისუფლების დასამხობად რუსეთში. მხარს უჭერდა რუსეთის იმპერიის აღდგენას.

კოკოშკინი _ სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების კადეტთა ფრაქციის წევრი.

მოხალისეთა არმია _ საბჭოთა რუსეთში სამოქალაქო ომის დროს მთავარი სამხედრო ძალა 1918_1920 წლებში. მოხალისეთა არმიის უმაღლესი ხელმძღვანელი იყო გენ მ. ალექსეევი. მთავარსარდალი კი კორნილოვი. 1918 წლის დამლევს, ანტანტის სახელმწიფოთა მხარდაჭერის შედეგად, ანტისაბჭოური ძალები გენ. ა. დენიკინის ხელმძღვანელობით სამხრეთ რუსეთის შეიარაღებულ ძალად გაერთიანდა. იგი საბჭოთა ხელისუფლების დამხობას და ერთიანი რუსეთის იმპერიის აღდგენას ისახავდა მიზნად.

მ. ლევანდოვსკი _ (1890_ 1929) საბჭოთა მხედართმთავარი.

მუსტაფა ქემალი _ (ათათურქი) 1881_1939. თურქეთის რესპუბლიკის ფუძემდებელი, მისი პირველი პრეზიდენტი (1923_1938 წწ.). თურქეთის სახალხო პარტიის დამაარსებელი და ლიდერი.

ნოე რამიშვილი _ (1881_1930) ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის სინაგან საქმეთა მინისტრი (1918 წლის აპრილი_მაისი); 1918 წლის 26 მაისიდან დამოუკიდებელი დემოკრატიული საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე 1918 წლის 24 ივნისამდე. 1918 წლის 24 ივნისიდან დამოუკიდებელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.

რკპ (ბ) _ რუსეთის კომუნისტური პარტია (ბოლშევიკებისა).

რსფსრ _ რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკა

სსდმ _ საქართველოს სოციალდემოკრატიული მუშათა პარტია.

შინგარიოვი _ სრულიად რუსეთის დამფუძნებელი კრების კადეტთა ფრაქციის წევრი.

 

 

გამოყენებული ლიტერატურა და წყაროები:

• ავალიშვილი ზ. _ საქართველოს დამოუკიდებლობა. თბილისი 1929

• “ამხანაგი” (გ. ს. ლომთათიძე)_ კომუნისტური რუსეთი. თბილისი 1920

• ბენდიანიშვილი ა. _ საქართველოს პირველი რესპუბლიკა (1918_ 1921). თბილისი 2001

• დაუშვილი ა. _ სოსო ჯუღაშვილის ამბავი. თბილისი 2007

• ვადაჭკორია შ. _ საქართველოს პოლიტიკური ისტორიის საკითხები (XX საუკუნე) წიგნი I. თბილისი 2006

• თოიძე ლ. _ ინტერვენციაც, ოკუპაციაც, ძალდატანებითი გასაბჭოებაც. თბილისი 1991

• თოიძე ლ. _ როგორ შეიქმნა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი. თბილისი 1991

• თევზაძე ვ. _ ქართული ოფიცრის ჩანაწერები. თბილისი 1990

• კირთაძე ნ. _ საქართველოს დამოუკიდებლობა და ქართულევროპული ურთიერთობები. თბილისი 1997

• კვინიტაძე გ. _ ჩემი პასუხი. თბილისი 1990

• მაზნიაშვილი გ. _ მოგონებანი 19171925. ბათუმი 1990

• ჟორდანია ნ. _ ჩემი წარსული. თბილისი. 1990

• შარაძე გ. _ მასალები საქართველორუსეთის 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებისათვის. იხ. გაზ. “კომუნისტი” 1989 წ. 6, 23, 30 ივლისი; 10, 12 სექტემბერი.

• საქართველოს ცენტრალური საისტორიო არქივი აღწერა 1. საქმე #1, 2, 5, 75, 130, 904

• Окупация и фактическая анексия Грузии. Тбилиси 1990

• Документы и материалы по внешней политике Закавказъя и Грузии. Тбилиси. 1990

• Документы внешней политики СССР. Т. 3. Москва 1959

• დამფუძნებელი კრების სტენოგრაფიული ანგარიში. 1919 წელი. 29 ენკენისთვე; 31 ოქტომბერი; 1920 წელი: #10; 16; 27; 64

• გაზ. “ერთობა” 1918 წელი: #57, 92, 116, 133, 149, 187, 283; 1919 წელი. #3, 251, 252; 1920 წელი: #4, 7, 29, 30, 31, 61, 62, 95, 97, 98, 101, 104, 107, 115, 117, 123, 126, 129, 139, 167, 175, 246, 268, 289.

 

თბილისი 2008

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s