Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• ბაქრაძე – აფხაზთა საკითხი

 

აკაკი ბაქრაძე

აფხაზთა საკითხი

 

 პირველი თავი

 აფხაზთა ჭირვეულობას კარგა ხანგრძლივი ისტორია აქვს. რაც საბჭოთა ხელისუფლება არსებობს, მათ რამდენჯერმე მოაწყვეს არეულობა, მაგრამ განსაკუთრებული მასშტაბი 1978 წლის აპრილ-მაისში მიიღო. უკვე მკაფიო გახდა, რომ აფხაზთა ჭირვეულობის დაშოშმინება-დაცხრომა იოლად არ მოხერხდებოდა. მომავალში იგი უფრო მწვავე ხასიათს მიიღებს, თუ აფხაზთა მდგომარეობა ახლავე არ იქნა გაანალიზებული ობიექტურად და დაწვრილებით.

 როცა აფხაზთა მიერ სვადასხვა ორგანიზაციებში გაგზავნილ წერილებს გაეცნობით, მათ საუბარს მოისმენთ, მიხვდებით რომ აფხაზთა ჭირვეულობის საფუძველია გადაშენებისა და გადაგვარების შიში. თუმცა ეს უმრავლესობას გაცნობიერებული არა აქვს. ზ. ანჩაბაძის წიგნში (1) მოტანილ სტატისტიკურ ცნობებს თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ აფხაზთა საერთო რაოდენობა, მართალია მატულობს, მაგრამ კლებულობს მათი ხვედრითი წონა. 1962 წლის აღწერით, აფხაზები აფხაზეთის ასსრ მთელი მოსახლეობის 25% შეადგენდნენ, 1970 წლის აღწერით 16% წარმოადგენენ. ჯერჯერობით ტენდენცია მიმართულია მათი გაქრობისაკენ. ბუნებრივია, ეს იწვევს მათ შიშსა და შეშფოთებას. მაგრამ ამ ფაქტიდან ყალბი დასკვნა გამოაქვთ და ნამდვილი მიზეზის ნაცვლად ცრუ მიზეზებს ებრძვიან. ისინი აფხაზთა ხვედრითი წონის შემცირებას აფხაზეთის ასსრ ქართული მოსახლეობის ზრდას აბრალებენ და მოითხოვენ შეწყდეს ქართველთა ჩასახლება აფხაზეთში. უფრო აფსურდული მსჯელობა წარმოუდგენელია. დავაკვირდეთ კიდევ ერთ სტატისტიკურ ცნობას. 1916 წლის აღწერით, აფხაზთა სოფლის მოსახლეობაში (2) ქართველები იყვნენ 55,6%, ხოლო აფხაზები – 33,3%, ორივე ერთად 88,9%. სხვა ერის წარმომადგენლები კი იყო 11,1%. 1970 წლის აღწერით კი მთელ აფხაზეთში ქართველი დაახლოებით 41%-ია, ხოლო აფხაზი — 16%. ორივე ერთად – 57%. მაშასადამე, 1916-1970 წლებში აფხაზთა და ქართველთა საერთო რაოდენობა შემცირებულა. ამრიგად აფხაზთა ხვედრითი წონის შემცირება აფხაზეთში ქართველთა ჩასახლების ბრალი კი არ ყოფილა, არამედ არაქართული და არააფხაზური ეროვნული ელემენტის შეუნელებელი ზრდისა.

 თუ ეს სწორი დასკვნა არ გაითვალისწინეს აფხაზებმა, მათი მომავალი კატასტროფით დამთავრდება.

 ამიტომ ვისაც სურს აფხაზეთის საკითხის ნამდვილი მოგვარება, აფხაზეთის ისტორია ეტაპობრივად უნდა განიხილოს და მერე გამოიტანოს მართალი დასკვნა.

 ერთია აფხაზეთის ისტორია და მდგომარეობა აფხაზეთის სამთავროს გაუქმებამდე, ე.ი. 1864 წლამდე, მეორეა იგი 1864 წლიდან 1921 წლამდე და  აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ.

 დღევანდელი ზოგიერთი აფხაზი ისტორიკოსი დაჟინებით ცდილობს დაამტკიცოს, რომ არსებობდა დამოუკიდებელი ფეოდალური აფხაზური სახელმწიფო და კულტურა. ვინც საერთოდ იცნობს ისტორიულ პროცესს ის ამას ვერა და ვერ დაიჯერებს, იმიტომ, რომ არ არსებობს არავითარი სახელმწიფო, არავითარი კულტურა არც მონათმფლობელური, არც ფეოდალური, არც კაპიტალისტური და არც სოციალისტური დამწერლობისა და მწიგნობრობის თვინიერ. ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ აფხაზური დამწერლობის შექმნის პირველი წარუმატებელი ცდა ეკუთვნის მე-19 საუკუნის ბოლო მეოთხედს.

 კულტურა ყველაფერს მოიცავს – სახელმწიფო სტრუქტურას, ეკლესიას, განათლებას და ა.შ.

 ქართულ მატიანეში ცნობილი ე.წ. აფხაზთა სამეფო თავისი წეს-წყობილებით, ენით, ეკლესიით, განათლებით, სამეფო კარით ქართული ფეოდალური სახელმწიფოა. ამას ადასტურებს ყველა ისტორიული წყარო და დოკუმენტი. საწინააღმდეგო საბუთს ვერავინ წარმოადგენს.

 გარდა ოფიციალური მატიანესა “ქართლის ცხოვრებისა”, აფხაზთა სამეფო რომ ქართული სამეფოა, ამას მოწმობს:

 ა. დღევანდელ აფხაზეთის ტერიტორიაზე ისტორიული ძეგლების ქართული წარწერები.

 ბ. აფხაზი ფეოდალების ქართული ფორმით წარმოდგენილი გვარები (შარვაშიძე, ანჩაბაძე, ემუხვარი, მარშანია)

 გ. ბიჭვინთაში კათოლიკოსის რეზიდენციის არსებობა. უმრევლოდ ეკლესია არ არსებობს, უწიგნოდ და უდამწერლობოდ კი – ქრისტიანული რელიგია. დღევანდელი აფხაზეთის ასსრ ტერიტორიაზე მდებარე ტაძრების სამუშაო ენა ქართულია. იქაური მოსახლეობა ქართულად ილოცავს. აფხაზურ ენაზე არ არსებობს არც ძველი და არც ახალი აღთქმის თარგმანი.

 დ. ყველა საეკლესიო და კულტურული ცენტრის ქართული სახელი – ბიჭვინთა, ცხუმი, მოქვი, ბედია, ილორი და ა.შ.

 ე. აფხაზეთის მთავრების შარვაშიძეთა სახლის ტრადიციული ერთგულება ქართული ენის, ქართული ეკლესიის, ქართული სახელმწიფიობრიობისადმი მაშინაც კი, როცა რომელიმე შერვაშიძე იძულებული იყო მაჰმადიანობა მიეღო.

 ვ. აფხაზები თავიანთ თავს უძახიან “აფსუას”, აფხაზეთს – “აფსნის”. ამ სახელით მათ არავინ არ იცნობს. მთელი მსოფლიოსთვის ისინი ცნობილი არიან იმ სახელით, რაც მათ ქართველებმა დაარქვეს, მაშასადამე, გარე სამყაროს აფხაზეთი უკავშირდებოდა, როგორც საქართველოს ნაწილი.

 ზ. დღევანდელ გალის რაიონს ისტორიულად ერქვა სამურზაყანო. ეს ტოპონიმი მომდინარეობს მურზაყან შარვაშიძის სახელისგან, როცა მე-18 საუკუნის დასაწყისში ზეგნაყ შარვაშიძის შვილებმა როსტომმა, შიქეშიამ და ყვაპუმ აფხაზეთი გაიყვეს, ღალიძგასა და ენგურს შორის მდებარე ტერიტორია მიეცა ყვაპუს შერვაშიძეს. მერე იგი მემკვიდრეობით ერგო ყვაპუს შვილს მურზაყანს. აი, ამ მურზაყანის სახელის მიხედვით, ამ ტერიტორიას სამურზაყანო ეწოდა. ქართულად გაფორმებული ტოპონიმი სა-მურზაყან-ო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომელი ენა იყო აფხაზეთში სახელმწიფოს და კულტურის ენა.

 ამრიგად, კიდევ ერთხელ უნდა გავიმეოროთ, რომ ე.წ. აფხაზთა სამეფო თავისი შინაარსით, ბუნებით, მოსახლეობით, ხასიათით ქართული ფეოდალური სახელმწიფოა. აფხაზი ისტორიულად, კულტურულ-ეროვნულად ქართველია. “საქართველოში “აფხაზი” იმდენადვე (და არა უფრო მეტად) არსებობდა, რამდენადაც ქართი, ჰერი, კახი, მესხი, ჯავახი, კლარჯი, შაშვი, ეგრი, სვანი, ზანი და სხვა”.(3) ეს კი იმას მეტყველებს რომ, ფეოდალიზმის ეპოქაში აფხაზთა ეროვნული თვითგამორკვევა არ მომხდარა.

 ეროვნული თვითგამორკვევის აუცილებელი ელემენტებია მშობლიურ ენაზე დამწერლობის და მწიგნობრობის შექმნა, მშობლიური ენისათვის სახელმწიფო ფუნქციის მინიჭება, სახემწიფოს ეროვნული სტრუქტურის ჩამოყალიბება. არაფერი ამდაგვარი ფეოდალურ აფხაზეთში არ ყოფილა. ამიტომ ზოგიერთის მტკიცება, აფხაზეთის ფეოდალური კულტურა არსებობდაო, ერთდროულად არის უმეცრებაც და თავის მოტყუებაც.

 აფხაზთა თვითგამორკვევა არ მომხდარა არც აფხაზეთის სამთავროს გაუქმების შემდეგ, როცა თვით სახელი “აფხაზეთიც” მოსპეს და უწოდეს Сухумский военный отдел Росийской Империии. მაგრამ აფხაზეთის ცხოვრებაში მაინც მოხდა ძირეული ცვლილება.

 რუსეთს, საერთოს კავკასიაში, და კერძოდ საქართველოში, ერთი მიზანი ჰქონდა – მოსახლეობის მთლიანი გარუსება. ამ ამოცანის შესასრულებლად აუცილებელი იყო ქართული ეროვნული სახელმწიფოს დაქუცმაცება, ერთიანი ეროვნული შეგნების მოშლა. ბუნებრივია, ნაჭერ-ნაჭერ დაყოფილი საქართველოს გარუსება უფრო იოლი იყო. ამ მიზნის, განხორციელებას რუსეთი იქ შეუდგა, სადაც ყველაზე სუსტი ადგილი იპოვეს. წარსული ისტორიული პირობების გამო ეს სუსტი ადგილი სწორედ აფხაზეთი აღმოჩნდა. რუსეთზე ადრე თურქეთი ცდილობდა საქართველოს გამაჰამადიანებას და ამ გზით მის გათურქებას. საქართველოს სამეფო-სამთავროების სისუსტის გამო XVII – XVIII საუკუნეებში, აფხაზეთში მძლავრად მოიკიდა ფეხი მაჰმადიანობამ. აფხაზეთის მოსახლეობის ერთმა ნაწილმა აღიარა ისლამი. ისლამის წყალობით აფხაზეთსა და დედა-საქართველოს შორის უკვე გაჩნდა ბზარი. ეს ბზარი ოსტატურად გამოიყენა რუსეთმა, თანდათანობით გაზარდა და გააღრმავა იგი. ისლამის აღმსარებელ აფხაზთა უდიდესი ნაწილი აფხაზეთიდან თურქეთში გააძევა. როგორც დღეს ისტორიულ მეცნიერებაში გარკვეულია(4) მუჰაჯირობა იყო შედეგი რუსეთის ცარიზმის კოლონიალური პოლიტიკის და თურქეთის პროვოკაციული აქციებისა, რომლებსაც მხარს უჭერდა აფხაზი ფეოდალების ნაწილი. თურქეთში გადასახლებულ აფხაზთა უმრავლესობა გათურქდა. დღეს იქ თითო-ოროლა თუ ებღაუჭება აფხაზობას. ამ გადასახლების შედეგად დარჩა ცარიელი მიწა-წყალი. ამ ცარიელ ადგილებში დაიწყო რუსების, სომხების, ბერძნების და სხვათა მასობრივი დასახლება. ერთადერთი ხალხი, ვისაც მაშინ აფხაზეთში დასახლება ეკრძალებოდა, იყვნენ ქართველები. ქართველების დასახლებას ცარიზმი იმიტომ ეწინააღმდეგებოდა, რომ აფხაზთა გადასახლება და აფხაზეთში რუსების დასახლება კავკასიის გარუსების გეგმის ნაწილი იყო. ამ გეგმის არსი და მექანიზმი მკაფიოდ არის მხილებული ქვემორე ციტირებულ სტრიქონებით.

 “თუ ბარბაროსული ოსმალეთის გავლენით აფხაზეთში ქართული ქრისტიანული კულტურის ბიჭვინთის საკათალიკოსო მოიშალა (ამას მოჰყვა შემდეგ თანდათანობით ყველა ასეთი ცენტრის მოშლა), “კულტუროსანი” ცარიზმი არანაკლების დაჟინებით ცდილობდა ქართული კულტურის ყოველივე კვალის ამოგდებას ამ მხარეში. საამისოდ ცარიზმს ჰყავდა ამოქმედებული ადმინისტრაცია, ეკლესია, სკოლა, პრესა და ე.წ. “მეცნიერება”. უკანასკნელი ძალ-ღონეს არ ზოგავდა რათა დაერწმუნებინა, ვისი დარწმუნებაც, მისი აზრით, საჭირო იყო რომ ამ კუთხეს საქართველოსთან საერთო არაფერი აქვს, მაშასადამე, საქართველოს მტკიცებანი აფხაზეთ-საქართველოს ერთობის შესახებ მხოლოდ მათი უნიადაგო სურვილების ნაყოფია, რომ ეს მონუმენტური ნაგებობანი – ციხე სასახლეები, მონასტერ-ეკლესიები, ხიდები, რომელის ყველა მოწმობით საქართველოს ფეოდალური კულტურის დროისანია, – ყველა ეს უცხოელ ბერძნებს, დამპყრობელ რომაელებს, მეკობრე-ვაჭარ ვენეციელებს და …. ბარბაროს თურქებსაც კი, რომელთა მფლობელობის დროს, გადაჭრით უნდა ითქვას, არც ერთი ღირსშესანიშნავი ძეგლი არ შექმნილა მთელ აფხაზეთში (ისევე, როგორც ოსმალთა ხელში მოყოლილი საქართველოს არც სხვა რომელიმე ნაწილში), ამ თურქებსაც კი მიეწერებოდა ცარიზმი აგენტ მეცნიერთა მიერ,(5) ოღონდ ქართველები როგორმე გამოერიცხათ, ოღონდ მათი სახსენებელი გაექროთ იქ”.(6)

 რუსეთის პოლიტიკის შესახებ ამასვე ამბობდა ნ. ლაკობა. “თუ ძველმა მეფის მთავრობამ საბოლოოდ არ აღგავა მიწის პირისგან ეს ეთნოგრაფიული ეროვნება (აფხაზები), რომლებსაც არ აქვს არც თავისი კულტურა, არც თავისი დამწერლობა, ეროვნება, რომელიც ცხოვრობს პრიმიტიული, წარღვნამდელი საშუალებებით, ეს აიხსენბა პოლიტიკური მოსაზრებით, რაც გამოიხატება სიტყვებით: “დათესე ეროვნული შუღლი” და “თვითონ კი ნუ იდოყლაპიებ, ობატონე მტკიცედ”. თვითდამპყრობელობა ყოველგვარ ღონეს ხმარობდა იმისათვის, რომ ქართველ და აფხაზ ხალხებს შორის გაეთხარა ისეთივე უფსკრული, როგორიც იყო თათრებსა და სომხებს შორის, მაგრამ ეს მას არ გამოუდიოდა”.(7)

 საინტერესოა, რაც ცარიზმმა ვერ მოახერხა, მოახერხა საბჭოთა ხელისუფლებამ.

 აფხაზთა გარუსების მიზანს ცარიზმი არ მალავდა და აშკარად, დაუფარავად წერდნენ ამაზე. როცა უსლარი აფხაზური დამწერლობის შექმნას ცდილობა, გულახდილად აღნიშნავდა: “… ადგილობრივი დამწერლობა უნდა ემსახურებოდეს მხოლოდ იმას, რომ მათ (აფხაზებს – ა.ბ.) გაუადვილოს რუსული ენის შესწავლა”.( 

 ამის აუცილებლობას ის იწვევდა, რომ “…. ამ პერიოდშის (მე-19 საუკუნის 60-იან წლებში) ქართული ენა კულტურის მთავარი ენაა სამტავროსათვის” (ს. ჯანაშია).(9) ამიტომ როგორმე ქართული ენა უნდა შეცვლილიყო რუსულით. ამ ამოცანას კიდევ უფრო მკაფიოდ სახავს ვეიდენბაუმი: ” აფხაზური ენა, რომელსაც არა აქვს დამწერლობა და ლიტერატურა, რა თქმა უნდა, განწირულია ცოტად თუ ბევრად ახლო მომავალში. საკითხავია ის: რომელი ენა შეცვლის მას? ცხადია, რომ მოსახლეობაში კულტურული იდეების და ცნებების გამტარებლის როლი უნდა უნდა შეასრულოს არა ქართულმა ენამ, არამედ რუსულმა. ამიტომ მე მგონია, აფხაზური დამწერლობის შექმნა თავისთავად კი არ უნდა იყოს მიზანი, არამედ უნდა გახდეს ქართული ენის მოთხოვნილების შესუსტების საშუალებად ეკლესიისა და სკოლის გზით. იგი (ქართული) თანდათანობით შეიცვალოს სახელმწიფო ენით (ე.ი. რუსულით – ა. ბ.)(10)

 უმაგალითო გულწრფელობით არის განმარტებული აფხაზური დამწერლობის შექმნის ამოცანა და მიზანი. რუსმა მოღვაწეებმა ეს ამოცანა სრულად გადაჭრეს და მიზნადაც სრულად მიაღწიეს. ის, რაც ორი საუკუნის მანძილზე ვერ მოახერხა უკულტურო თურქეთმა, სრულიად ადვილად შესძლო კულტურულმა რუსეთმა რარაც 50 წლის მანძილზე.

 

            

მეორე თავი

 

ამრიგად, 1864-1921 წწ აფხაზი ხალხის ცხოვრებაში ძირეული ცვლილება მოხდა:

 1. აფხაზთა ერთი ნახევარი თურქეთში გადასახლდა და არსებითად გათურქდა.

 2. აფხაზთა მეორე ნახევარი, მართალია შინ დარჩა, მაგრამ ცარიზმის გამარუსებელი პოლიტიკის წყალობით, გარუსდა და ქართული ეროვნული სამყაროდან გადავიდა რუსულ ეროვნულ სამყაროში.

 აფხაზები მოექცნენ იმძიმეს პირობებში. ტერიტორიით, ისტორიით, წარსულით, ზნე-ჩვეულებებით, ტრადიციით, სისხლით დარჩნენ ქართული გარემოთი გარსშემორტყმული, მათი სული კი გადასახლდა რუსულ გარემოში, რადგან აფხაზისთვის განათლების, კულტურის, მწიგნობრობის ენა გახდა რუსული. აფხაზის სულიერი სამყარო ორად გაიხლიჩა. ყველა გონიერმა აფხაზმა დაინახა, რომ აფხაზები კატასტროფულ სიტუაციაში მოექცნენ. თუ ამ მდგომარეობიდან თავს არ დაიხსნიდნენ, ისინი განწირულნი იყვნენ გადაშენებისათვის. ამიტომ აფხაზთა შეგნებულმა ნაწილმა დაიწყო ბრძოლა ისევ ქართულ ეროვნულ სამყაროში დასაბრუნებლად. ამის ერთ-ერთი მკაფიო საბუთია აფხაზთა დეპუტაციის ჩამოსვლა თბილისში და მეფისნაცვალთან მისვლა 1916 წლის აპრილის ბოლოს. (11) დეპუტაციაში იყვენენ მ. შარვაშიძე, მ. ემუხვარი, მ. ინალიფა, პ. ანჩაბაძე, ბ. ეზუხბაია და ნ. ჩუკბარი. ისინი ეახლნენ კავკასიის მეფისნაცვალს საქართველოს ეგზარქოსს და სხვა თანამდებობით პირთ და მთელი აფახეთის სახელით წარუდგინეს თხოვნა. ამ თხოვნის მრავალ პუნქტთაგან მკითხველს გავახსენებ დღეისათვის საინტერესოს:

 1. სწავლა სკოლებში წარმოებდეს მშობლიურ ენაზე – ქართულად და აფხაზურად.

 2. სოხუმის ოლქი გამოიყოს ცალკე გუბერნიად და არასგზით არ იქნეს შეერთებული შავი ზღვის გუბერნიასთან (12)

 3. თუ შეუძლებელია სოხუმის ოლქი ცალკე გუბერნიად გამოყოფა, მაშინ იგი შეურთდეს ქუთაისის გუბერნიას.

 4. სოხუმის ეპარქია, რომლიც მთელი წარსულით და აწმყოთი შესისხლხორცებულია საქართველოს ეკლესიასთან, არავითარ შემთხვევაში არ გამოეყოს საქართველოს საეგზარქოსოდან.

 ახლა შევადაროთ ეს აფხაზთა დღევანდელ მოთხოვნებს და დავინახავთ:

 თუ 1961 წლის აფხაზთა დეპუტაცია, აფხაზურთან ერთად, ქართულ ენას მშობლიურს უწოდებს და ამ ენაზე ითხოვს სწავლას, 1978 წლის აპრილში აფხაზები ქართული ენის აფხაზეთიდან გაძევებისათვის იბრძვიან და ცდლიობენ ამოიღონ იგი აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციიდან.

 თუ 1916 წლის აპრილში აფხაზები თავგამეტებული ეწინააღმდეგებიან აფხაზეთის (მაშინდელი სოხუმის ოლქის) შავი ზღვის გუბერნიასთან შეერთებას, 1978 წლის აპრილში თავგადადებული მოითხოვენ აფხაზეთი საქართველოს გამოეყოს და სტავროპოლის მხარეს შეუერთდესო. (13)

 რა მოხდა 1916-1978 წლებში ისეთი, რომ ასე ძირფესვიანად შეცვალა აფხაზთა გუნება-განწყობილება, შეგნება? რატომ გახდა ცარიზმის პოლიტიკა დღეს აფხაზთა ერთი ჯგუფისთვის მოქმედების პროგრამად?

 1921 წელს საქართველოში საბჭოთა ხელისუფლება დამყარდა. რუსმა კომუნისტებმა, ქართველო აგენტების დახმარებით, აფხაზეთი საქართველოდან გამოყვეს და მას “დამოუკიდებელი” მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი მიანიჭეს. თუ ცარიზმის დროს აფხაზთა გარუსების პროცესს ქართველი და აფხაზი ინტელიგენცია ასე თუ ისე წინააღმდეგობას უწევდა, საბჭოთა ხელისუფლების პირობებში ვერაფერი მოახერხეს. რუსმა, კომუნისტებმა დაასრულეს აფხაზთა გარუსები პროცესი და ამით სულიერად ისინი საქართველოს მოწყვიტეს.

 არსებობდა თუ არა საფუძველი აფხაზებს მიეღო მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი? რა თქმა უნდა, არა. მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსისთვის აფხაზეთს არც ტერიტორიის მოცულობა ჰყოფნიდა, არც მოსახლეობის რაოდენობა და არც მოცემულ ტერიტორიაზე წარმოადგენდნენ აფხაზები უმრავლესობას. მაგრამ ეს მოხდა მაშინ, როცა “ს.ორჯონიკიძე საქართველოს სადაო ტერიტორიებს, ქართველებით დასახლებულ ადგილებს უკამათოდ, უმტკივნეულოდ აძლევდა აზერბაიჯანელებს, სომხებს და ყველა, ვინც მათზე რაიმე პრეტენზიას აცხადებდნენ”. (14)

 სხვათა შორის, არც სოხუმის გამოცადება შეიძლებოდა აფხაზეთის მოკავშირე რესპუბლიკის დედაქალაქად. როგორც უკვე ითქვა, 1926 წლის აღწერით სოხუმში ცხოვრობდა 25 ათასი ქართველი, აფხაზი კი მხოლოდ 400. მაგრამ ეს ფაქტი არ გახსენებია სტალინს, სამაგიეროდ არ დავიწყებია თბილისის საქართველოს დედაქალაქად გამოცხადების წინააღმდეგ გამოსულიყო რკბ(ბ) XII ყრილობაზე 1923 წ. აპრილში. (15)

 მოგვიანებით, როცა მოსკოვს რესპუბლიკების მოჩვენებითი დამოუკიდებლობის თამაში აღარ სჭირდებოდა, გააუქმა აფხაზეთის მოკავშირეობა და 1931 წლის 19 თებერვალს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით შეცვალეს. (16)

 ახლა ისიც ვიკითხოთ – შეიძლება აფხაზეთს ჰქონდეს თუნდაც ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი?

 მართალია, საბჭოთა სახელმწიფოს სამართლის თეორეტიკოსებს საფუძვლიანად და ზედმიწევნით არა აქვთ დამუშავებული როდის, რა პირობებში და რის საფუძველზე შეიძლება მიენიჭოს ამა თუ იმ ხალხს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი და აქ გამორიცხული არ არის თვითნებური გადაწყვეტილებანი, მაგრამ ერთი რამ კი საყოველთაოდ აღიარებულია. კერძოდ ის, რომ თითოეული ავტონომიური ერთეული იწოდება იმ ერის თუ ეთნოგრაფიული ჯგუფის მიხედვით, რომლიც შეადგენს მოსახლეობის ძირითად ნაწილს. მერედა აფხაზები შეადგენენ აფხაზეთის ასსრ მოსახლეობის ძირითად ნაწილს?

 1965 წელს სსრკ მეცნიერებათა აკადემიის მიერ გამოცემული წიგნი “ნასალენიე ზემნოგო შარა” ასეთ ცნობებს გვაწვდის აფხაზეთის ასსრ-ში ცხოვრობს:

 ქართველი – 158.2 ათასი

 რუსი – 86,7

 სომეხი – 64,4

 აფხაზი – 61,2

 როგორც მკაფიოდ ხედავთ, აფხაზეთის ასსრ-ში აფხაზებს მოსახლეობის საერთო რაოდენობის მიხედვით მეოთხე ადგილი უჭირავთ.

 როგორ არის საქმე აფხაზეთის ასსრ-ში შემავალ თითოეულ რაიონში?

 ამჟამად აფხაზეთის ასსრ-ში ხუთი რაიონია – გალის, გუდაუთის, გულიფრიშის, ოჩამჩირის და სოხუმის. ჩავიხედოთ 1974 წელს გამოცემული საქართველოს სსრ რესპუბლიკური დაქვემდებარებისა და ადმინისტრაციული რაიონების ცნობარში:

 1. გალის რაიონში ცხოვრობს 73,2 ათასი კაცი. აქედან ქართველია 88,2% რუსი – 7,0% სომეხი – 1% აფხაზები გალის რაიონში 1%-ზე ნაკლები არიან.

 2. გულირიფშის რაიონში ცხოვრობს 51,7 ათასი კაცი. აქედან ქართევლია 43,4% აფხაზი 1,2% (დანარჩენია რუსი, სომეხი, ბერძენი და ა.შ.)

 3. სოხუმის რაიონში ცხოვრობს 36,5 ათასი კაცი. აქედან ქართველია 43,4% აფხაზი 2,5 (დანარჩენი რუსი, სომეხი, ბერძენი და ა.შ.)

 მაშასადამე, ხუთიდან სამ რაიონში აფხაზთა რაოდენობა მინიმალურია.

 4. ოჩამჩირის რაიონში ცხოვრობს 70.2 ათასი კაცი. აქედან ქართველია 42.9% აფხაზი – 38.4%. მიუხედავად იმისა, რომ ამ რაიონში აფხაზთა რაოდენობა შედარებით დიდია, ქართველთა რაოდენობას მაინც არ აღემატება. ერთადერთი რაიონი, სადაც აბხაზთა რაოდენობა ჭარბობს, გუდაუთის რაიონია.

 5. გუდაუთის რაიონში ცხოვრობს 61,1 ათასი კაცი. აქედან აფხაზია 47,1%, ქართველი – 11,6% (დანარჩენი სხვა ეროვნებისაა)

 თავად სოხუმში, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქია, სულ 101,2 ათასი კაცი ცხოვრობს. აქედან ქართველია 34,8%, აფხაზი – 7,2%, (დანარჩენი სხვა ეროვნებანია)

 ამრიგად, ეროვნულობის (რაც საბჭოთა ავტონომიურობის ძირითადი პრიციპია) თვალსაზრისით, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი არ ეკუთვნის.

 როგორც მოკავშირე რესპუბლიკის, ისე ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი თითქოს იმას მეტყველებს, რომ მოხდა აფხაზთა ეროვნული თვითგამორკვევა. მართლლაც ფორმალურად აფხაზურმა ენამ შეიძინა სახელმწიფოს, განათლების, კულტურის ენის ფუნქცია, მაგრამ ეს ფუნქცია მხოლოდ ქაღალდზე არსებობს. არავითარი ფაქტიური გამოიყენება არა აქვს.

 სინამდვილეში აფხაზური ენა არ არის განათლების ენა. იმ სკოლებშიც კი, რომელთაც ოფიციალურად ეწოდებათ აფხაზური საშულაო სკოლა, აფხაზურ ენაზე სწავლა მხოლოდ პირველ სამ წელისწადს, ე.ი. პირველ, მეორე და მესამე კლასებში მიმდინარეობს. მეოთხე კლასიდან კი ყველა საგანს უკვე რუსულ ენაზე ასწავლიან. მაშასადამე, აფხაზური საშუალო სკოლა ფიქციაა და აფხაზურად მხოლოდ სამკლასიანი სწავლაა.

 აფხაზური უმაღლესი სასწავლებელი ხომ არ არსებობს და არ არსებობს. ვერც ვერასდროს იარსებებს, რადგან აფხაზური ენა არსებითად განუვითარებელი ენაა, რომლეზედაც შეუძლებელია თანამედროვე რთული, სამეცნიერო ტერმინოლოგიის შექმნა. ენაზე, რომელზედაც მეოთხე კლასის სახელმძღვანელოც კი ვერ იწერება, როგორ და რანაირად დაიწერება უმაღლესი სასწავლებლის სახელმძღვანელოები? ამას არ ვლაპარაკობ აფხაზური ენის შეურაცხყოფის მიზნით. დამერწმუნეთ, არა! ვაღიარებ მხოლოდ მწარე სინამდვილეს. ჩვენ გვიყვარს თავის მოტყუება და ამას არასოდეს მოაქვს სიკეთე. ამიტომ უნდა ვაღიაროთ აფხაზური ენის ნამდვილი შესაძლებლობება. ეს ერთი მხარეა საკითხისა. მეორე მხარეა ის, რომ აფხაზთა მეტისმეტი მცირერიცხოვნობის გამო სად უნდა იშოვონ აფხაზური ენის ამდენი მცოდნე, რომ უმაღლესი სასწავლებელი დაკომპლექტდეს აფხაზურად მოლაპარაკე მეცნიერ-პედაგოგებით?

 განათლების ენა მარტო სასწავლებლის ენას არ ნიშნავს. განათლების ენა შეიცავს იმასაც, რომ ენაზე ხელმისაწვდომი უნდა იყოს კულტურული კაცობრიობის ყველა მონაპოვარი. არაფერს ვამბობ იმაზე, აფხაზურად თარგმნილი არ არის უცხოელი მეცნიერების, მოაზროვენეების, ფილოსოფოსების, მწერლების თხზუნებანი, აფხაზს მშობლიური ენის საშუალებით არ შეუძლია მეცხრამეტე საუკუნის დიდი რუსი მწერლების თხზულებათა ერთი პროცენტის წაკითხვაც კი. უფრო მეტიც, აფხაზურ ენაზე არ არის თარგმნილი მარქსიზმ-ლენინიზმის კლასიკოსების ძირითადი თხზულებანიც კი. ასე ღარიბია აფხაზური ენა ლიტერატურით, მხატვრული იქნება იგი თუ მეცნიერული.

 რა გამოიწვია იმან რომ აფხაზური ენა არ არის განათლების ენა? აფხაზის, კულტურული თვალსაზრისით, გარუსება. განათლებული, წიგნის მოყვარული, აფხაზი დიდი-დიდი ერთ თვეში გადაიკითხავს ყველაფერს, რაც აფხაზურად დაწერილა და თარგმნილა. მერე რა უნდა ჰქნას მან? მას სურვილი აქვს გამუდმებული კონტაქტი ჰქონდეს წიგნთან. ეს მისი სულიერი მოთხოვნილებაც არის და პრაქტიკული აუცილებლობაც. რაკი მას ამ მიმართულებით აფხაზური ენა ვერ დააკმაყოფილებს, იგი მიმართვას იმ სხვა ენას, რომლიც მან იცის. დღეს ასეთია რუსული ენა. რუსულ ენაზე, მოგეხსენებათ, ზღვა ლიტერატურა არსებობს, რომლის ამოწურვას ადამიანი რამდენიმე სიცოცხლეც კი არ ეყოფა. ამდენად, რუსული ენა აწვდის აფხაზს უმდიდრეს სულიერ საზრდოს. ასეთ პირობებში აფხაზი თანდათადნობით ივიწყებს მშობლიურ ენას და ითვისებს რუსულს.

 პროვოკატორი აფხაზები ჩივიან, მართალია აფხაზეთის ოლქკომის მდივნები აფხაზები არიან, მაგრამ აფხაზური ენა არ იციანო. ამას ვერაფერი შეცვლის, ამდენად ეს ამაო ჩივილია. ვინც უნდა დანიშნოს აქ მდივნად, სულერთია, ცოტა ხნის შემდეგ აფხაზური აღარ ეცოდინება. პრაქტიკულ საქმიანობაში მას აფხაზური აღარ ეცოდინება. პრაქტიკულ საქმიანობაში მას აფხაზური არ სჭირდება, კომუნისტური პარტია რუსულად მუშაობს. სულიერად კი მას აფხაზური დამწერლობა არაფერს აძლევს. განა ვინმე პუშკინს ან ბლოკს გვერდზე გადადებს და შინკუბას ან ტარბას ლექსებს წაიკითხავს? დოსტოევსკის “დანაშაულსა და სასჯელზე” უარს იტყვის და დ.გულიას “კამაჭიჭის” კითხვით ღამეებს გაათენებს? განა მხატვრული ხარისხის თვალსაზრისით, აფხაზური ლიტერატურას შეუძლია რაიმე, თუნდაც იოტისოდენა მეტოქეობა გაუწიოს რუსულ ლიტერატურას? რა თქმა უნდა, არა.

 ამრიგად, დღეს აფხაზი სულიერი საზრდოს რუსული ენის საშუალებით იღებს და, კულტუული თვალსაზრისით, იგი უკვე რუსია.

 ასეთ პირობებში რას ნიაშნავს სოხუმის უნივერსიტეტის გახსნის მოთხოვნა? ცხადია, რუსულ უნივერსიტეტს. როგორც ითქვა, აფხაზური ენა მხოლოდ სამკლასიან სასწავლებელში სწავლის საშუალებას იძლევა და აფხაზური უნივესიტეტი გამორციხულია. ასევე გამორიცხულია ქართული უნივერსიტეტი, რადგან აფხაზები ყველაფერ ქართულს ფანატიკური სიძულვილით ებრძვიან და გაასკეცებული ძალით გაილაშქრებენ ქართული უნივერსიტეტის წინააღმდეგ. მაშასადამე, დარჩა ერთადერთი ვარინატი – რუსული უნივერსიტეტი. სოხუმში რუსული უნივერსიტეტი კი შეიქმნება როგორც აფხაზთა, ისე ქართველთა გარუსების მძლავრ კერად.

 სოხუმის უნივერსიტეტში მუშაობაზე უარს არ იტყვის თითქმის არც ერთი გამოჩენილი რუსი მეცნიერ-პედაგოგი. ამას განაპირობებს თუნდაც სოხუმის დიდებული ადგილმდებარეობა.

 სოხუმის რუსულ უნივერსიტეტს მიაშურებს არა მარტო აფხაზეთის ასსრ-ში მოსახლე ქართველობა, არამედ მთელი დასავლეთი საქართველო, თუნდაც იმიტომ, რომ მათთვის სოხუმი ახლოს არის და მგზავრობის საკითხი გაიოლდება. ცხადია ისიც, რომ აბიტურიენტებს, ვისაც ქართული საშუალო სკოლა ექნებათ დამთავრებული, რუსულ უნივერსიტეტში შესვლაც გაუჭირდებათ და სწავლაც. დაიწყება რუსული საშუალო სკოლისკენ ლტოლვა. ქართული საშუალო სკოლა თანდათანობით დასუსტდება. სოხუმის რუსულ უნივერსიტეტს დიდი რაოდენობით ეყოლება როგორც იმიერ, ისე ამიერკავკასიიდან არააფხაზი და არაქართველი სტუდენტობა, სწავლა რუსულად, ურთიერთობა რუსულად, რადგან ეროვნულად ჭრელი სტუდენტების ურთიერთობის ენა რუსული იქნება.

 ასე გახდება სოხუმის რუსული უნივესიტეტი რუსიფიკაციის ბურჯი საქართველოში. ასრულდება ცარიზმის მოხელეთა სურვილი, გაეხსნათ თბილისში რუსული უნივერსიტეტი საქართველოს რუსიფიკაციის მიზნით, რასაც ასე თავგამეტებით ებრძოდა მოწინავე ქართველი ინტელიგენცია.

 თუ აფხაზურს არ ძალუძს იყოს განათლების ენა, მით უმეტეს არ შეიძლება იყო სახემწიფო ენა.

 აფხაზური ენის გავრცელების არე მეტად პატარაა. ყველა აფხაზმაც კი არ იცის აფხაზური. არააფხაზზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. დღევანდელ აფხაზეთის ასსრ-ში კი მოსახლეობა ჭრელია: ქართველები, რუსები, სომხები, ბერძნები, ესტონელები და ა.შ. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, აფხაზები აფხაზეთის ასსრ-ის მოსახლეობის მხოლოდ 16%-ს შეადგენენ და განა 16%-ს შეუძლია საკუთარი ენა თავს მოახვიოს არააფხაზი მოსახლეობის 84%-ს? რა უნდა გააწყოს აფხაზურმა ისეთი კულტურული ენების წინააღმდეგ, როგორიც არის რუსული, სომხური, ბერძნული? დღევანდელ აფხაზეთის ასსრ-ში ყველასათვის გასაგები ენა არის რუსული, ამიტომ ყოველგვარი სახელმწიფო-ადმინისტრაციული საქმიანობიდან რუსულმა ადვილად გამოდევნა ქართულიც და აფხაზურიც. ამიტომ ტარდება რუსულად ყოველგვარი თავყრილობა-კრება. სხდომა პლენუმი, კონფერენცია და ა.შ. ყველა საბუთი იწერება რუსულად. ერთმანეთისგან პრაქტიკული ურთიერთობის ენაც რუსულია.

 

მესამე თავი

 

ამრიგად, მიუხედავად კონსტიტუციაში ჩაწერისა, აფხაზური აფხაზეთის ასსრ-ის სახელმწიფო ენააო, არსებითად და ნამდვილად ენა ისევ დარჩა პატუა-ენად (შინასახმარ-ენად), როგორიც ყოველთვის იყო.

აფხაზეთის ასსრ კონსიტიტუციაში, რუსულის გვერდით, აფხაზურისა და ქართულის სახემწიფო ენებად ჩაწერა წმინდა წყლის ფორმალობაა და გაკეთებულია აფხაზების და ქართველების ცრუ პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად.

ყოველივე-ზემორე თქმულს თუ გავითვალისწინებთ, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ აფხაზთა ეროვნული თვითგამორკვევა არც საბჭოთა ხელისუფლების დროს მომხდარა. ერთადერთი, რაც აფხაზებმა საბჭოთა ხელისუფლებისგან მიიღეს, არის ნაწილობრივი კულტურული ავტონომია, რადგან აფხაზური ენის მოყვარულთ აქვთ საშუალება აფხაზურად წერონ წიგნები, ბეჭდონ ისინი, გამართონ წარმოდგენები. ამას იქით აფხაზური ენი გამოყენება ვერ წავა. არ არსებობს ობიექტური საფუძველი და იმიტომ.

არანაკლებ მძიმე მდოგომარეობაში აფხაზი სამეურნეო თვალსაზრისითაც. დღეს მეურნეობრივად აფხაზეთის ასსრ ვითარდება იმავე ტემპით, როგორითაც მთელი სსრკ. ეს ტემპი დღევანდელი სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესით ნაკარნახევი ტემპია და მისი შეჩერება შეუძლებელია. აფხაზეთის ასსრ-ში შენდება ფაბრიკა ქარხნები, ახალი საბჭოთა მეურნეობანი, ახალი საკურორტო კომპლექსები. ყველაფერ ამას სჭირდება მუშახელი, მომსახურე პერსონალი. შეუძლიათ კი აფხაზებს საკუთარი ძალებით, სხვათა მიუშველებლად მათი დაკმაყოფილება? გულახდილათ თუ ვიტყვით, არ შეუძლიათ. აუცილებელი მუშახელის მოთხოვნილებას აფხაზეთის ასსრ აკმაყოფილებს ქართველი, რუსი, სომეხი … ე.ი. არააფახაზი. ამიტომ არააფხაზი ელემენტი აფხაზეთში სწარაფად იზრდება. ამის გამო კლებულობს აფხაზთა ხვედრითი წონა. მატემატიკოსების ენით რომ ვთქვათ, თუ სამეურნეო თვასაზრისით აფხაზეთი გეომეტრიული პროგრესიით იზრდება, დემოგრაფიულად აფხაზთა რისცხვი არითმეტიკული პროგრესიით იმატებს. ამ პროცესის შეცვლა შეუძლებელია და ამიტომ აფხაზთა ხვედრითი წონა თანდათანობით კიდევ უფრო შემცირდება.

ეს იმდენად მკაფიო პროცესია, რომ შეუძლებელია იგი აფხაზებს არ დაენახათ. მაგრამ დასკვნა უკუღმა გააკეთეს, მოითხოვეს – შეწყდესო აფხაზეთის ასსრ-ში ქართველთა ჩამოსახლება. ერთი წუთით დავუშვათ, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ ყურადიღო, ეს აბსურდული მოთხოვნა და აუკრძალა ქართველებს აფახაზეთის ასსრ-ში ჩასახლება. მაშინ, მართალია, ქართველების ჩასახლება შეჩერდება, მაგრამ სხვა ხალხების ჩამოსახლება ხომ არ შეწყდება? არააფხაზური ეროვნული ელემენტის ზრდა ხომ მაინც არ შენელდება? თუ მერე აფხაზები მოითხოვენ სხვა ხალხების ჩასახლებაც შეწყვიტეთო? თუ ამას აპირებენ, მაშინ ახლავე აღიარონ, აფხაზებს გვეშინია გადაშენების და ამიტომ გამოგვიყავით აფხაზთა ნაკრძალი, აფხაზთა რეზერვაცია და როგორც გადაშენების გზაზე დამდგარ ცხოველებს უვლით, ისე მოგვიარეთო ჩვენც. ეს უკვე საკითხის სხვაგვარი დასმაა და ამასთანავე ეროვნული სიკვდილის აღიარებაც. ალბათ ამის აღიარება არ სურთ აფხაზებს. ეს ეროვნული შეურაცხყოფადაც მიაჩნიათ. ისინი ცოცხალ, შემოქმედ ხალხად თვლიან თავის თავს და რა რეზერვაციაზე შეიძლება ლაპარაკი? რაკი ასეა, მოთხოვნა – შეწყდესო აფხაზეთის ასსრ-ში ქართველთა ჩასახლება – სულელური მოთხოვნაა და ამასთანავე ამით (ჩასახლების აკრძალვით) აფხაზთა ეროვნული მდგომარეობა არ შეიცვლება.

საინტერესოა, როცა აფხაზები ითხოვენ ქართველთა ჩასახლების შეწყვეტას, რას ფიქრობენ და რას უპირებებნ აფხაზეთის ასსრ-ში მოსახლე 200.000 – მდე ქართველს? როგორც ჩანს, ამაზე არ უფიქრიათ, დავუშვათ ჩვენ რამდენიმე ვარიანტი.

1. ვთქვათ, ერთ მშვენიერ დღეს, მოსკოვის (სხვას ამის გაკეთება არ შეუძლია) განკარგულებით, აჰყარეს ეს ორასი ათასი ქართველი და სხვაგან გადაასახლეს – მერედა, 200.00 ქართველის ნასახლარს როგორ აითვისებენ 80.000 აფხაზი? მითუმეტეს, რომ ამ 80.000 აფხაზს თავისი სამოსახლო ადგილი უკვე აქვს. თუ აფხაზებს ჰგონიათ, რომ საბჭოთა ხელისუფლება 200.000 ქართველთა ნასახლარს გაუდაბურებულს დატოვებს და ცარიელ ადგილას არავის დაასახლებს, აფხაზები არ შევაწუხოთო? 200.000 ქართველის დაიკავებენ სხვა ერების წარმომადგენლები და თავისუფალი ადგილებიდან აფხაზებს თხის კუდიც არ დარჩებათ.

რა თქმა უნდა, ქართველთა აყრა-გადასხლების ვარიანტი მსჯელობისთვის არის დაშვებული, თორემ რეალურად ეს ყოვლად გამორიცხულია. ამგვარი რამ გენოციდია და იგი სასტიკად დაგმობილია კულტურული კაცობრიობის მიერ. რასაც სტალინის დროს აკეთებდა საბჭოთა ხელისუფლება(17) იმას დღეს მოსკოვი ვერასგზით ვერ გააკეთებს.(18)

2. შეიძლება ზოგიერთი აფხაზი ითვალისწინებს ქართველი კაცის ავადმყოფურ მისწრაფებას მაძღარი ცხოვრებისკენ და ვარაუდობს: შევუქმნით აფხაზეთის ასსრ-ში მცხოვრებ ქართველებს ცხოვრების აუტანელი პრიობები და ისინი გააფხაზდებიანო. ცხადია, ასეთი რამ დასაშვებია. შეიძლება ზოგიერთმა სულმდაბალმა ქართველმა მართლა ჩაიწეროს პასპორტში ეროვნებით აფხაზი ვარო, თუნდაც იმიტომ, რომ ლიმიტი მიიღოს და შერავათით შევიდეს სამედიცინო ინსტიტუტში, მაგრამ ასეთის მსგავსი საქციელი შეიძლება ჩაიდინოს მხოლოდ თითო-ოროლა ნაძირალამ და არა 200.000 კაცმა.

ამგვარ თითო-ოროლა რენეგატს არაფრის შეცვლა არ შეუძლია. 200.000 ქართველის გააფხაზების დაუჯერებელი ვარიანტიც რომ დავუშვათ, ეს ხომ ნიღაბი იქნება და არა სინამდვილე. “გააფახაზებული” ქართველი ქართველ ერს მოაკლდება, მაგრამ აფხაზებს არ მიემატება. დღეს აფხაზეთის ასსრ-ში შექმნილი მდგომარეობის გამო “გააფხაზებული” ქართველი ენით, სულით, შეგნებით, კულტურით რუსი გახდება და არა აფხაზი.

რაც მთავარია, ასეთი ქართველი იქნება აფხაზის დაუძინებელი მტერი, რადგან იგი აფხაზთა ჭირვეულობამ აიძულა დაეგმო თავისი ეროვნება და სხვად ქცეულიყო. ასე “გააფხაზებული” ქართველის ყველაზე მეტად უნდა ეშინოდეს აფხაზს. საკუთარ ეროვნებას სულმდაბალი ადამიანები გმობენ და სულმდაბლისგან ყოველგვარი სისაძალგლეა მოსალოდნელი.

3. კიდევ ერთი კითხვა: როგორ აპირებენ აფხაზები აფხაზეთის ასსრ-ში მცხოვრები 200.000 ქართველის ბუნებრივი გამრავლების შეჩერებას?

მაშასადამე, იმ მოთხოვნას, რასაც აფხაზი პროვოკატორები აყენებენ, ქართველთა და აფხაზთა ურთიერთობის მოგვარება შეუძლია. ზიანი კი შეიძლება მოიტანოს კატასტროფული, როგორც ერთი ხალხისათვის, ისე მეორისთვის.

ვინც საკითხს დაკვირვებით შეისწავლის, მკაფიოდ დაინახავს, რომ აფხაზთა ეროვნულ თვითარსებობას ქართველთა მხრიდან საფრთხე არ ელის. ამას, ყველა ზემოდთქმულის გარდა, ადასტურებს ისიც, რომ 1864 წლიდან მოყოლებული დღემდე აფხაზები კი არ გაქართველებულან, არამედ გარუსდნენ. ამ პროცესის არ დანახვა ელემენტური სიბრმავეა. მაშინ რამ აამხედრა ასე სასტიკად აფხაზები ქართველთა წინააღმდეგ? აფხაზი მოსახლეობის ფართო ფენის პოლიტიკური მიამიტობის გამო, აფხაზები იოლად წამოეგნენ რუსიფიკატორი პროვოკატორების ანკესს.

“აფხაზურ ჭირვეულობას” რომ მოსკოვი წარმართავს, ამას ადასტურებს შემდეგი:

1. როდის იწყებენ აფხაზები გამოსვლას? როგორც წესი, მაშინ, როცა საქართველოში ეროვნული ღირსება გაიღვიძებს. ასი იყო წინათ, ასე მოხდა 1978 წლის აპრილშიც. ყველამ იცის, რომ 1978 წლის მარტ-აპრილში ქართველი ხალხი იცავდა თავის ეროვნულ ღირსებას. რუსიფიკატორების გადაწყვეტილებით საქართველოს სსრ კონსტიტუციიდან ამოიღეს ქართული, როგორც სახელმწიფო ფუნქციის მატარებელი ენა. ეროვნული ღირსების დასაცავად თბილისში დაიწყო დიდი სახალხო მღელვარება, რომელიც ქართველი ახალგაზრდობის მძლავრი დემონსტრაციით დამთავრდა, რის შედეგადაც ქართველი ხალხი გადაურჩა გაუგონარ დამცირება. სწორედ აი ამ კრიტიკულ სიტუაციაში დაიწყეს აფხაზებმა გამოსვლები და წამოაყენეს თავიანთი მოთხოვნები. ამით უნდოდათ რუსიფიკატორებს ქართველი ხალხის ყურადრება გადაეტანათ აფხაზეთისკენ და გაეპარებინათ ქართველი ხალხის დამამცირებელი კონსტიტუცია.

2. როცა “აფხაზური ჭირვეულობის” გამო სოხუმში სიტყვა თქვა სკკპ ცკ მდივანმა კაპიტონოვმა, აღნიშნა, რომ აფხაზთა მოთხოვნები “ძირფესვიანად ეწინააღმდეგება ჩვენი პარტიის ლენინურ ეროვნულ პოლიტიკას”. (19)

მკაცრი შეფასებაა, მაგრამ რატომღაც ამ ანტილენინისტური ეროვნული პოლიტიკის მოთავეთაგან არავინ დაუსჯიათ. როდის აქეთ არის, რომ საბჭითა ხელისუფლება ასე ალერსიანად ექცევა ანტილენინისტური პოლიტიკის თავკაცებს? რამ გამოიწვია აფხაზთა მიმართ ასეთი გულჩვილობა და ლმობიერება? თუ კაპიტონოვის სიტყვები ნიღაბი იყო მოვლენების ნამდვილი არსის დასამალავად? ასე იყო. სხვანაირი ახსნა მოსკოვის ალერსს აფხაზთა მიმათ არ ეძებინებინა.

სხვათა შორის, იმავე კაპიტონოვს, როცა იგი სოხუმში მიტინგებზე გამოდიოდა, აფხაზთა რადიორეპროდუქტორის ზონარი გადაუჭრეს და მიტინგზე თავშეყრილ ხალხს არ ესმოდა რას ლაპარაკობდა სკკპ ცკ მდივანი. არც ამგვარ ხულიგნურ საქციელს გაუბრაზებია “მოსკოველი ამხანაგები”. ესეც გულმშვიდად აიტანეს.

3. “აფხაზური ჭირვეულობის” სამი მოთავე კომპარტიიდან გარიცხა და სამსახურიდან მოხსნა აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მაშინდელმა მდივანმა ხათინბამ. თან თავის მოხსენებაში ხათინბამ აფხაზი პროვოკატორები ასე დაახასიათა.

“არ დასჯერდნენ რა წერილის შედგენას, მისმა ავტორებმა გააჩაღეს “მჩქეფარე საქმიანობა” ამ წერილზე ხელმოწერის შესაგროვებლად, იყენებდნენ რა ამისათვის მანკიერ მეთოდებს. გააჩაღეს დემაგოგიაც, “პატრიოტული მოწოდებებიც” და ყველაზე უბრალო მოტყუებაც. მე ვადასტურებ ამ უკანასკნელს, რადგან წერილის შინაარსის შესწავლის პროცესში და ამ წერილზე ხელისმომწერ ადამიანებთან საუბრისას გამოირკვა, რომ მისი შემდგენლები იყენებდნენ მთელი რიგი პირებისგან, მათ შორის შრომის და ომის ვეტერანებისაგან ხელმოწერის პირდაპირ გამოძალვას, აჩვენებდნენ რა, მათ წერილის სხვადასხვა ვარიანტებს. კიდევ მეტიც, დადგენილია, რომ ზოგიერთი ხელმოწერა უბრალოდ ფალსიფიცირებულია”. (20)

როგორც ხედავთ, პროვოკატორები იმსახურებდნენ სისხლის სამართლის სასჯელს. მაგრამ სინამდვილეში რა მოხდა? საქართველოს კპ ცკ-მა პარტიიდან გარიცხული და სამსახურიდან მოხსნილი პროვოკატორები პარტიაშიც აღადგინა და სამსახურშიაც ჩააყენა, ხოლო ხინთბა მოხსნა და მის მაგიერ სხვა დანიშნეს. რატომ? თუ ხათინბას სიტყვები სწორი არ იყო და ცილს სწამებდა პატიოსან ადამიანებს, მაშინ ხინთბა გადმოყვანა საქართველოს კპ ცკ განყოფილების გამგედ შეუძლებელი იყო, რადგან ცილისმწამებელსა და მატყუარას რა უნდა საქართველოს კპ ცკ აპარატში? თუ ხინთბამ ყველაფერი სიმართლე თქვა, მაშინ რას ემართლებოდნენ მას და რატომ მოხსნეს იგი? ამ კითხვას ადვილად გასცემს პასუხს ყველა, ვინც იცის სკკპ ცკ მუშაობის წესი. თუმცა, რომელმა დაკვირვებულმა საბჭოთა მოქალაქემ არ იცის ეს!

აი, რა მოხდა: როცა აფხაზმა პროვოკატორებმა მუშაობა გააჩაღეს, საქართველოს ცკ კპ გაბრაზდა და ხათინბას უბრძანა – პარტიიდან გაერიცხა ისინი და სამსახურიდანაც მოეხსნათ. ხათინბამ თბილისიდან მიღებული ბრძანება მაშინვე შეასრულა. მაშინ პარტიიდან გარიცხული და სამსახურიდან მოხსნილი აფხაზი პროვოკატორები მოსკოვში გაიქცნენ და კრემლს შესჩივლეს – თქვენს დავალებას ვასრულებთ, იქ კი პარტიიდან გვრიცხავენ, სამსახურიდან გვხსნიან გვაუბედურებენ. გვიშველეთო რამე. მაშინ მოსკოვმა სასწრაფოდ უბრძანა საქართველოს კპ ცკ-ს – ახლავე ყველანი აღადგინეთ პარტიაში, დააბრუნეთ სამსახურში და თქვენი აჩქარებით გამოწვეული შეცდომა გამოასწორეთო. შიშით თავზარდაცემულმა საქართველოს კპ ცკ-მა აფხაზი პროვოკატორები მაშინვე აღადგინა პარტიაში, სამსახურში დააბრუნა, ხოლო შერცხვენილი და გაბითურებული ხინთბა თბილისში გადმოიყვანა, რაკი მას აფხაზეთში აღარ დაედგომებოდა. (21)

ესეც უეჭველად მეტყველებს იმას, რომ აფხაზ პროვოკატორებს მოსკოვის კალთა აფარია.

4. თბილისში პარტიულ კრებებზე წაიკითხეს საქართველოს კპ ცკ ბიუროს 1978 წლის 5 სექტემბრის დადგენილება, რომლიც კრძალავს ყოველგავრ შეკრებას, მიტინგებს, თავყრილობებს, კოლექტიურ წერილებს. მიიჩნევს ამას ანტისაბჭოურ საქმიანობად.

ასეთ დადგენილებას თავისით, მოსკოვის უკითხავად თბილისი ვერ მიიღებს. როგორც ყველასათვის ცნობილია, მოსკოვის ნებართვის გარეშე საქართველოს კპ ცკ ვერ დაამთქნარებს. დადგენილებას როგორ მიიღებს? ამიტომ იბადება კითხვა – თუ მართლა თვითნებური კრებები და თავყრილობები არ მოსწონთ, რატომ აპრილ-მაისში არ მიიღეს ეს დადგენილება, როცა ყოველი ხის ძირში აფხაზებს მიტინგები ჰქონდათ გამართული და მიიღეს მაინცდამაინც სექტემბერში, როცა ქართველებს მოთმინების ფიალა აევსოთ და მათაც დაიწყეს გამოსვლა? პსუხი ადვილია. აპრილ-მაისში აფხაზთა გამოსვლები მოსკოვისთვის ხელსაყრელი იყო, რადგან ქართველთა გამოსვლა უკვე აღარ იყო მოსკოვისთვის სასურველი, რადგან ეს ქართველთა გამოფხიზლებას მოწმობდა. ამასთანავე გამორიცხული არ იყო, რომ გამოსვლებს უფრო ფართო ხასიათი მიეღო და სოხუმის გარდა საქართველოს სხვა ქალაქებშიც მომხდარიყო. ამიტომ სასწარაფოდ მიიღეს დადგენილება, სადაც ცხელი ტყვიით იმუქრებიან, თუ ქართველები გამოსვლას გაბედავდნენ.

5. მიუხედევად იმისა, რომ ძირითადად პროვოკაციული გამოხდომები ხდება გუდაუთის რაიონში, გუდაუთის რაიკომის მდივანი არხეინად გრძნობს თავს და ოდნავაც არ გრძნობს პსუხისმგებლობას. არც არავინ თხოვს. ფორმალურად საბჭოთა იდეოლოგია ხალხთა მეგობრობის ქადაგებაა. გუდაუთის რაიონში სწორედ ხალხთა მეგობრობის საწინააღმდეგო გამოხდომები ხდება. რაიონის ხელმძღვანელობა კი ამ ანტილენინური ეროვნული პოლიტიკისათვის პასუხს არ აგებინებს. რატომ? იმიტომ, რომ მოსკოვის მითითებით აკეთებს ამას.

 ამრიგად “აფხაზთა ჭირვეულობის” მამოძრავებელი ძალა ცნობილია. იგი მოსკოვია. ამ ჭირვეულობით მოსკოვი საქართველოში ქმნის დესტაბილურ მდგომარეობას. არსებითად სპობს ქართველთა ეროვნული მიზნით გაერთიანების შესაძლებლობას. აფხაზთა სახით მომარჯვებული აქვს დანა, რომელსაც მაშინვე ჩასცემს საქართველოს ზურგში, როგორც კი ქართველები დააპირებენ ეროვნულ გამოფხიზლებას.

ასეთი სამარცხვინო მისია დააკისრეს მოსკოვმა და აფხაზმა პროვოკატორებმა აფხაზ ხალხს. ამიტომ მოსკოვის პროვოცირებული “აფხაზური ჭირვეულობა” ერთდროულად არის მიმართული როგორც აფხაზი, ისე ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ამიტომ როგორც ქართველებს, ისე აფხაზებს ღრმა დაფიქრება მართებთ, ფხიზელი და ცივი გონებით უნდა განჭვრიტონ რას აკეთებენ. ქართველმა ხალხმა უნდა გაიგოს, რომ აფხაზეთის საკითხი არ არის მარტო ერთი კუთხის პრობლემა. აფხაზეთის საკითხი საქართველოს მდგომარეობის სასინჯი ქვაა. საკმარისია საქართველომ აფხაზეთის საკითხი წააგოს, რომ ამას მაშინვე მოჰყვება საქართველოს ოსთა, აზერბაიჯანელთა, სომეხთა გამოსვლები. დარწმუნებული უნდა ვიყოთ, თუ აფხაზეთის საკითხი წავაგეთ, წავაგებთ ოსების, აზერბაიჯანელების, სომხების საკითხსაც. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისედაც პატარა საქართველოსგან არაფერი დარჩეს; საქართველო დამარცხდეს ისე, როგორადაც არ დამარცხებულა იგი არასოდეს თავისი გრძელი ისტორიის მანძილზე – არსებითად გაქრეს. ამიტომ აფხაზეთის საკითხი მთელი საქართველოს ფიქრის, ზრუნვის და მოქმედების საკითხი უნდა იყოს.

ყოველი ერის ცხოვრებაში არის პერიოდი, როცა ქვეყნის და ხალხის ბედი თავად მთელმა ერმა უნდა გადაწყვიტოს. იგი არ უნდა ელოდოს რა გადაწყვეტილებას გამოიტანს ოფიციალური მთავრობა, ოფიციალური ხელმძღვანელები. დღეს საქართველოს კპ ცკ-ს არ შეუძლია აფხაზეთის საკითხის მოსაგვარებლად არსებითი და ქმედითი გადაწყვეტილება გამოიტანოს. თბილისმა იცის, რომ “აფხაზური ჭირვეულობა” პრვოცირებულია მოსკოვის მიერ და მიტომ სკკპ ცკ-ს შიშით საქართველოს კპ ცკ ხელფეხშეკრულია. ამიტომ აქ სიტყვა ქართველმა ხალხმა უნდა თქვას.

უკვე ნათელია, რომ აფხაზთა საკითხი არ გადაწყდება საქართველოს სასარგებლოდ, რაკი “აფხაზთა ჭირვეულობას” მოსკოვი წარმართავს. ამიტომ ქართველმა ხალხმა, რომლის ეროვნული და სახელმწიფო ღირსება შეურაცხყოფილი და დამცირებულია, უნდა ერთხმად, ერთსულოვნად მოითხოვოს სსრკ-დან გასვლა. ამის უფლება ყველა მოკავშირე რესპუბლიკას, ცხადია, მათ შორის საქართველოს, მოცემული აქვს სსრკ კონსტიტუციით.

სხვა გამოსავალი არა აქვს საქართველოს. აშკარად და მკაფიოდ ჩანს, რომ მოსკოვი არ იცავს საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტს. ასეთი დამოკიდებულების ერთადერთი პასუხია სსრკ-დან გასვლა. მაშინ საქართველო თვითონ მოუვლის თავის თავს და თვითონვე გადაწყვეტს თავის საშინაო საკითხებს. არ დაელოდება სხვის მოწყალებას.

თუ საქართველო, ქართველი ხალხი არ დადგება ასეთ პრინციპულ პოზიციაზე, მას მოელის უდიდესი მარცხი, რომელიც იქნება დასაწყისი ქართული სახელმწიფოს გაქრობისა.

 

 ———————————————

 ბიბლიოგრაფია:

 1. “Очерки етнической истории абхазского народа”, 1976 წ.

 2. მაშინ აფხაზები ქალაქდ თითქმის არ ცხოვრობდნენ. მაგალითად, 1926 წელს სოხუმში 25 ათასი ქართველი ცხოვრობდა, აფხაზი კი – მოხოლოდ 400.

 3. ნ. ბერძენიშვილი, “საქართველოს ისტორიის საკითხები”, ტ. III, 1966 წ. გვ 179.

 4. Г. Дзидзария, Махаджирство и проблеми истории Абхазии XIX цтолетия, 1975 წ.

 5. ახლა პოზიცია შეცვალეს და თავად აფხაზებს მიაწერე მათი შექმნა.

 6. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. III, 1966 წ. გვ. 348.

 7. К истории ревоолюционного движения в Абхазии, 1922 г, стр. 4. “Если старое царское паривтельство окончательно не стрело с лица земли эту этонгафическую народность (абхазскую), не имеющую ни своей культуры, ни своеи письменности, народность, живущую примитивним способом, то это обьясналось политическими соображениями, формулировавшимся в словах: “Сей национальную рознь”, и ” Сам не зевай и властвуй крепко”. Самодержавие прилагало всяческие усилия к тому, чтобы создать между грузинским и абхазским народами такую же пропасть, как между татарами и армиянами, не это ему не удавалось”.

 8. “… туземная грамота должна служить только тому, чтобы …. облегчить для них изучения русского языка” [З. Анчабадзе, Очерки этнической истории абхазского народа, 1976 г., стр. 96.]

 9. გ შარვაშიძე, ლირიკა, ეპოსი, დრამა. 1946 წ., სოხუმი, გვ. 32.

 10. “Абхазский язык, не имеющий писменности и литературы, обречен, конечно, на исчезновевание в более или менее близком будущем. Вопрос в том: какой язык заменит его? Очевидно, что роль проводника в населеие культурних идей и понятий должен был бы играть не грузинский, а руский язык. Мне кажется пэтому, что учреждение абхазской писменности должно быть не целью само по себе, а только средством к ослаблению, путем церкви и школы, потребности в грузинском языке и постепеной замене его языком государственным”. იხ. ზ. ანჩაბაძის დასახელებული წიგნი, გვ. 96.

 11. იხ. ჟურნ. “თეატრი და ცხოვრება”, 1916 წ,. N 23, გვ. 4; გაზ. “სამშობლო”, 1916 წ,. 20 აპრილი; “საქართველო”, 1916 წ,. 30 აპრილი.

 12. შავი ზღვის გუბერნიაში შედიოდა სოჭის, ტუაფსეს და ნოვოროსიისკის ოლქები. ე,ი, ეჭირა დაახლოებით ის ტერიტორია, რასაც დღეს კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებს უწოდებენ.

 13. აფხაზთა ახლანდელი მოთხოვნების შესახებ იხ. გაზ. “კომუნისტი” (1978 წ. 26 მაისი), სკკპ ცკ მდივნის კაპიტონოვის სიტყვა.

 14. აკ. ირემაძე, “ბრძოლას ლენინი წარმართავდა”, 1968 წ. გვ. 23

 15. Двенадцатый съезд РКП(Б) 17 25 апреля 1923 г . Стенографический отчет. М., 1968 г. სტალინი თვლიდა, რომ თბილისში ქართველები 30% მეტი არ არიან, სხვა ერების წარმომადგენლები კი – რუსები, სომხები, აზერბაიჯანელები და ა.შ. – მოსახლეობის 70% შეადგენდნენ. ამიტომ არ შეიძლებაო, თბილისი საქართველოს დედაქალაქი იყოს. მაგრამ რატომღაც სტალინს ეს პროცენტები მხედველობაში არ მიუღია, როცა სოხუმს აცხადებდნენ აფხაზეთის დედაქალაქად.

 16. საერთოდ მკითხველმა უნდა იცოდეს, რომ ვახუშტისა და სხვა ქართული წყაროების მიხედვით (აფხაზური წყაროები აფხაზეთის ტერიტორიის დასადგენად არ არსებობს), საკუთრივ აფხაზეთი იწყება ანაკოფიიდან (ე.ი. დღევანდელი ახალი ათონიდან) და გრძელდება კაპპეტის წყლამდე (ე.ი. დრევანდელ ბზიფამდე) კაპპეტის წყლის (ბზიფის) იქით იწყება ჯიქეთი. ანაკოფიამდე კი ისტორიული ეგრისია. ფეოდალურ ეპოქაში ფეოდალთა შორის ქიშპის დროს ტერიტორიის ამა თუ იმ მონაკვეთს ესა თუ ის ფეოდალი ფლობს. ასე იყო ყველგან, ასე იყო საქართველოშიც. ეგრისისა და აფხაზეთის ამა თუ იმ ნაწილს ხან შარვაშიძეები ფლობენ, ხან დადიანები. შარვაშიძეებსა და დადიანებს შორის არსებული ბრძოლა ისეთივე მტრობაა, როგორც არაგვისა და ქსნის ერისთავების, წერეთლების და აბაშიძეების და სხვათა შუღლი. სხვა შინაარსი ფეოდალურ საქართველოში მას არ ჰქონია. ამიტომ იყო უკანონობა ფეოდალური ქიშპის შედეგად მითვისებული მიწა-წყლის მიკუთვნება აფხაზეთის ასსრ-სთვის.

17. გაიხსენეთ ჩეჩენ-ინგუშების, ყირიმელი თათრების და სხვათა აყრა-გადასახლება.

 18. 1993 წლის 31 ივლისის მინაწერი: მოვტყუვდით. ქართველთა გენოციდი რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთში ჩაატარა. გაგრის ზონაში ქართული მოსახლეობის ერთი ნაწილი ამოწყვიტეს, მეორე კი აჰყარეს და გააძევეს მშობლიური მიწა-წყლიდან. “კულტურული” კაცობრიობა თურმე რუსეთის ძალის პირისპირ შიშით ცახცახებს.

19. გაზ. “კომუნისტი”, 1978 წ., 26 მაისი, N 123.

 20. გაზ. “საბჭოთა აფხაზეთი”, 1978 წ., 21 მარტი, N 55.

 21. დააკვირდით, როგორ ჰგავს ეს ნაწილ-ნაწილ დაქუცმაცებულ ფეოდალურ საქართველოში მომხდარ ამბებს. როცა ირანის შაჰის, ან თურქეთის სულხანის ხელქვეითი ქართველი მეფე ღალატისთვის რომელიმე თავადს დასჯიდა, იგი ირანს ან თურქეთს გარბოდა. იქიდან წყალობით ავსებული ბრუნდებოდა და ქართველი მეფეც იძულებული იყო ეს მოღალატე თავიდან უკან პატივისცემითა და ალერსით მიეღო.

 

 1978 წელი

 

http://mamuli.net/portal/ge/forum/forum_posts.asp?TID=840&PN=1

 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s