Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• სეპარატისტული გამოსვლები აფხაზეთში

 

 

ზურაბ პაპასქირი

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული
 პროფესორი

სეპარატისტული გამოსვლები აფხაზეთში XX საუკუნის 50-60-იან წლებში

 

1953 წლის გაზაფხულზე, ი. სტალინის გარდაცვალებისა და, ოდნავ მოგვიანებით, ლ. ბერიას პოლიტიკური არენიდან გაქრობის შემდეგ, სსრ კავშირში შეიქმნა სრულიად ახალი პოლიტიკური კონიუნქტურა. სკკპ ცენტრალური კომიტეტის ახალმა ხელმძღვანელობამ, ნიკიტა ხრუშჩოვის მეთაურობით, ერთი შეხედვით, თითქოს დაიწყო სტალინური სისტემის დემონტაჟი. გაჩაღდა ფართო კამპანია პიროვნების კულტისა და ე.წ. “ბერიევშჩინის” პერიოდში დაშვებული შეცდომების აღმოსაფხვრელად. ერთ-ერთ ასეთ შეცდომად გამოცხადდა სასკოლო რეფორმა აფხაზეთში და აფხაზური დამწერლობის ქართულ ანბანზე გადაყვანა. უკვე 1954 წ. სახელდახელოდ შეიცვალა აფხაზური ანბანი და ის გადაყვანილ იქნა “კირილიცაზე”. “აღადგინეს” ე.წ. “აფხაზური სკოლები”, რაც იმაში გამოიხატა, რომ აფხაზურად სწავლება შემოიღეს მხოლოდ დაწყებით კლასებში, ხოლო V-X კლასებში სწავლება გადაიყვანეს რუსულ ენაზე. ყოველივე ეს, როგორც სავსებით სამართლიანად მიუთითებს გ. ლეჟავა, „чётко обозначили возврат к прежней тенденции создания условий для обрусения абхазского населения и пресечения попыток их огрузинивания“.1

სკკპ XX ყრილობამ და 1956 წლის მარტის ტრაგიკულ დღეებში ქართველი სტუდენტი ახალგაზრდობის თავგანწირულმა აქციამ, რომელიც ხელისუფლებამ სისხლში ჩაახშო, ახალი იმპულსი მისცა ანტიქართული განწყობილებების გამოვლინებას აფხაზეთში. სეპარატისტულად განწყობილმა ძალებმა ერთი მეორის მიყოლებით დაიწყეს დაბეზღებითი საჩივრის წერილების გაგზავნა მოსკოვში. ამ წერილებში მკაცრად იყო გაკრიტიკებული საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტიკა ეროვნულ საკითხში. უფრო მეტიც, აფხაზი მოღვაწეები გამოდიოდნენ რა ერთგვარი ბრალმდებლის როლში, ზემდგომი ორგანოებისაგან თითქმის პროკურორის ტონით მოითხოვდნენ: „Привлечь к строжайщей партийной и политической ответственности всех организаторов, активных участников и попустителей националистической демонстрации в Грузии и Абхазии 5-9 марта 1956 г.“2 აფხაზი სეპარატისტების გაღიზიანება არ იყო შემთხვევითი.

ისინი დააფრთხო იმ ენთუზიაზმმა, რომლითაც გამოეხმაურა აფხაზეთის ქართველობა (პირველ რიგში, ახალგაზრდობა) თბილისში განვითარებულ მოვლენებს.

ამ პერიოდში აფხაზურ სეპარატისტულ მოძრაობას გაუჩნდა ახალი ლიდერები, რომელთა შორის განსაკუთრებით გამოიკვეთა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პროპაგანდისა და აგიტაციის განყოფილების გამგის ასლან ოტირბას პიროვნება. სწორედ ა. ოტირბა ჩაუდგა სათავეში მაშინ ე.წ. “აფხაზურ ფრონტს” პარტიულ-იდეოლოგიურ უბანზე.

ამავე დროს, ის ყოველნაირად ცდილობდა, წაწეულიყო წინ პარტიულ-იერარქიულ კიბეზე და დაეკავებინა უფრო მაღალი პარტიული თანამდებობა. აღსანიშნავია, რომ მისი ეს ამბიციები მთლად უსაფუძვლო არ იყო. ცნობილია, რომ ჯერ კიდევ 1953 წელს საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროზე განიხილებოდა საკითხი ა. ოტირბას საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის თანამდებობაზე შესაძლო არჩევის შესახებ, მაგრამ ამ საკითხის დადებითად გადაჭრას ხელი თვით ა. ოტირბამ შეუშალა, რომელმაც იქვე, ბიუროზე, ღიად მოითხოვა 1937-1953 წლებში აფხაზეთში ჩასახლებული ქართველების გამოსახლება3.

სსრ კავშირის უმაღლეს ხელისუფლებაში ნიკიტა ხრუშჩოვის პოზიციების შემდგომ განმტკიცებასთან ერთად, სეპარატისტულად განწყობილმა ძალებმა აფხაზეთში კიდევ უფრო გაააქტიურეს თავიანთი ანტიქართული პროპაგანდა. ასეთ ვითარებაში ვერ გამოიჩინა სათანადო პრინციპულობა ვერც საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა და ვერც აფხაზეთის საოლქო კომიტეტმა. ორივე ამ ორგანომ ვერ გაუძლო, ერთი მხრივ, აფხაზი ნაციონალისტების შემოტევას, ხოლო, მეორე მხრივ, კრემლის ახალი ხელმძღვანელობის ზეწოლას და ფაქტობრივად კაპიტულაცია გამოაცხადა. ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის ოთარ გოცირიძის გამოსვლა აფხაზეთის პარტიული აქტივის კრებაზე 1956 წლის 16 აგვისტოს. აფხაზეთის კომუნისტების ამ თავყრილობაზე, რომელმაც განიხილა საკითხი: „О Постановлении Президиума ЦК КПСС от 10 июля 1956г. „Об ошибках и недостатках в работе ЦК КП Грузии“ и итогах II пленума ЦК КП Грузии и задачах Абхазской областной партийной организации“, ო. გოცირიძემ, არც მეტი, არც ნაკლები, განაცხადა: „В Абхазии и Южнои Осетии исскуственно разжигалась рознь между грузинами, абхазами, армянами, осетинами, умышленно проводилась линия по ликвидации национальной культуры местного абхазского, армянского и осетинского населения, осушествлялась его насильственная ассимиляция“.4

მაგრამ აფხაზური სეპარატიზმის იმდროინდელი ლიდერები არ დაკმაყოფილდნენ პარტიული ხელმძღვანელობის მხრიდან “ჩადენილი შეცდომების” აღიარებით და 1957 წელს ისინი თბილისის წინააღმდეგ ახალ გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდნენ. ამჯერად საბაბად გამოყენებულ იქნა ცნობილი ქართველი ფილოლოგის პავლე ინგოროყვას წიგნი “გიორგი მერჩულე”. პ. ინგოროყვას ეს ფუნდამენტური გამოკვლევა გამოიცა 1954 წელს, მაგრამ ის ერთბაშად არ გამხდარა ფართო საზოგადოების მსჯელობის საგანი. პ. ინგოროყვას აღნიშნული ნაშრომი ყურადღების ცენტრში მოექცა მხოლოდ მას შემდეგ, რაც 1955 წლის ივლისში გაზეთ „Заря востока“-ში გამოქვეყნდა აკადემიკოს გიორგი ახვლედიანის რეცენზია ამ წიგნზე. რეცენზიაში ავტორმა მხარი დაუჭირა პ. ინგოროყვას თვალსაზრისს იმის შესახებ, რომ თანამედროვე აფხაზები არ არიან გვიან ანტიკური ხანისა და ადრეული შუა საუკუნეების “აბაზგ”-”აფსილთა” და “აფხაზების” შთამომავალნი და რომ ადრინდელი “აფხაზები” ეთნიკურად ქართველურ სამყაროს განეკუთვნებოდნენ.

აკად. გ. ახვლედიანის რეცენზიის პუბლიკაციამ სეპარატისტულად განწყობილი ინტელიგენციის წარმომადგენლების აღშფოთება გამოიწვია. მათ ნამდვილი ულტიმატუმი წაუყენეს საქართველოს ხელისუფლებას და კატეგორიულად მოითხოვეს პ. ინგოროყვას წიგნის აკრძალვა. სიტუაცია ვერ განმუხტა ქართული ისტორიოგრაფიული სკოლის მაშინდელი ლიდერის აკადემიკოს ნიკო ბერძენიშვილისა და ცნობილი აფხაზმცოდნე-ფილოლოგის ქეთევან ლომთათიძის სტატიებმა, რომლებიც გამოქვეყნდა ჟურნალ “მნათობის” 1956 წლის მე-12 ნომერში. ამ სტატიებში საკმაოდ მკაცრად იქნა გაკრიტიკებული აფხაზთა ეთნიკური ვინაობის საკითხზე პ. ინგოროყვას ნაშრომში გამოქვეყნებული თვალსაზრისი.

ამის საპასუხოდ, იმავე “მნათობის” 1957 წლის მე-2 ნომერში გაჩნდა აკად. გ. ახვლედიანისა და პროფესორების სიმონ ყაუხჩიშვილისა და დავით კობიძის პუბლიკაციები, რომლებშიც ავტორები იცავდნენ პ. ინგოროყვას შეხედულებათა სისწორეს.

ამ ფაქტმა აფხაზ სეპარატისტთა მოთმინების ფიალა აავსო. 1957 წლის 11 აპრილს სსრ კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივნის ნიკიტა ხრუშჩოვის სახელზე გაიგზავნა დეპეშები, რომელთაც აფხაზური ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად ხელს აწერდნენ პარტიული

მუშაკებიც. მათ შორის იყვნენ: იმჟამად საქართველოს კომპარტიის გუდაუთის რაიონული განყოფილების გამგის მოადგილე, შემდგომში ცნობილი მეცნიერი-ისტორიკოსი ბაჯგურ საღარია და რუფეტ ბუთბა (80-იან წლებში საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივანი იდეოლოგიის დარგში). ამ დეპეშა საჩივრებში, რომელიც იგზავნებოდა უმაღლეს პარტიულ და სახელმწიფო ინსტანციებში _ სკკპ ცენტრალურ კომიტეტში, სსრკ უმაღლეს საბჭოში, არც მეტი, არც ნაკლები, დაყენებული იყო აფხაზეთის ასსრ-ის საქართველოს სსრის შემადგენლობიდან გამოყვანის საკითხი.

პარალელურად, 1957 წ. 11-12-13 აპრილს სოხუმში დაიწყო მღელვარება. აფხაზური მოსახლეობის ცალკეულმა ჯგუფებმა ალყა შემოარტყეს პარტიის საოლქო კომიტეტის შენობას. შეწყვიტეს მეცადინეობები აფხაზი ეროვნების სტუდენტებმა სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტსა და პედაგოგიურ სასწავლებელში.

მოწვეულ იქნა პედაგოგიური ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელმაც დაგმო ჟურნალ “მნათობის” 1957 წლის მე-2 ნომრის ზემოხსენებული პუბლიკაციები.

ამავე დროს აფხაზური ინტელიგენციის ცალკეული წარმომადგენლები გავიდნენ ავტონომიური რესპუბლიკის სოფლებში და მოუწოდეს ხალხს საპროტესტო გამოსვლებისაკენ. დემონსტრაციულად უარი განაცხადა რეპეტიციებზე სოხუმის ს. ჭანბას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის აფხაზურმა დასმა.

პროტესტის ნიშნად ასევე უარი თქვა თბილისში კონცერტში მონაწილეობაზე აფხაზური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ხელმძღვანელმა ჩიჩბამ5.

ამრიგად, შეიქმნა აფხაზური მოსახლეობის “საყოველთაო დაუმორჩილებლობის” ფონი. საქართველოს პარტიულმა ხელმძღვანელობამ უმალვე მოახდინა რეაგირება აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებზე და უკვე 12 აპრილს სასწრაფოდ მოიწვია ცენტრალური კომიტეტის ბიუროს სხდომა, რომელზეც განიხილეს საკითხი შემდეგი ფორმულირებით: „Об ошибочной дискуссии организованной журналом „Мнатоби“ по книге П. Ингороква „Гиорги Мерчуле“. ბიუროს მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს და თავიანთი მოსაზრებები გამოთქვეს ივანე თარბამ – ცნობილმა აფხაზმა პოეტმა, იმჟამად პარტიის საოლქო კომიტეტის მდივანმა

იდეოლოგიის დარგში, არხიპო ლაბახუამ (პარტიული და სახელმწიფო მოღვაწე, იმჟამად აფხაზეთის ასსრ-ის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე), ხუხუტი ბღაჟბამ (ცნობილი ენათმეცნიერი და ლიტერატურათმცოდნე, პროფესორი) და ზემოთ ნახსენებმა ასლან ოტირბამ. საქართველოს კომპარტიის ცკ-ის ბიურომ

დაგმო ჟურნალ “მნათობის” 1957 წლის მე-2 ნომრის პუბლიკაციები და შეცდომად მიიჩნია დისკუსია საკითხზე, რომელიც არსებითად საეჭვოდ მიიჩნევდა აფხაზი ხალხის ისტორიულ წარსულს.

განსაკუთრებით ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ „публикация подобных материалов на страницах республиканских журналов и газет наносит большой вред делу воспитания, укрепления дружбы между народами и создаёт условия для различного рода националистических проявлений“.6 ამასთან, საქართველოს კპ ცკ-ის ბიურომ გამოთქვა უკმაყოფილება იმის გამო, რომ საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტმა ვერ მოახერხა ცალკეული მტრული ელემენტების ანტისაზოგადოებრივი ქმედებების აღკვეთა7.

1957 წლის 15-16 აპრილს ჩატარდა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის სხდომა, რომელმაც განიხილა საკითხი: „О решении бюро ЦК КП Грузии от 12 апреля 1957 г. „Об ошибочной дискусии, организованной журналом „Мнатоби“ по книге П. Ингороква „Гиорги Мерчуле“. აღნიშნულ სხდომაზე მოიწონეს საქართველოს კომპარტიის ცკ-ის ბიუროს გადაწყვეტილებები და მიიღეს ისინი „К неукоснительному руководству и исполнению“.8 საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისა და აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ერთგვარად ჩააცხრო ვნებათაღელვა სეპარატისტების ბანაკში და საერთო პოლიტიკური ვითარება ავტონომიურ რესპუბლიკაში მეტ-ნაკლებად სტაბილური გახდა.

ასე დასრულდა პირველი “საყოველთაო-აფხაზური ამბოხი” 1957 წელს.

როგორც დავინახეთ, სეპარატისტულად განწყობილმა ძალებმა აფხაზეთში ზუსტად შეარჩიეს მომენტი თბილისის წინააღმდეგ გადამწყვეტი დარტყმის მისაყენებლად. კერძოდ, მათ კარგად გამოიყენეს საქართველოში 1956 წლის 5-9 მარტის “ანტისაბჭოური გამოსვლების” შედეგად გამოწვეული კრემლის გაღიზიანება. ისარგებლეს რა ამგვარი ანტიქართული ფონით მოსკოვში, მათ თავიანთი დამაბეზღებელი დეპეშა-წერილებითა და მიმართვებით “ცეცხლზე ნავთი დაასხეს” და ამ გზით დამატებითი იმპულსი შესძინეს ანტიქართულ ისტერიას ცენტრში. სავსებით სწორია გ. ლეჟავა, როდესაც აღნიშნავს, რომ „Под прикрытием исправления ошибок сталинского руководства в национальной политике, создавались условия для возобновления националистического движения в Абхазии“.9

რაც შეეხება საბაბს, რომელიც გამოყენებულ იქნა აფხაზი სეპარატისტების მიერ ხალხის ასამხედრებლად, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ის ხელოვნურად იქნა გაზვიადებული. თავის დროზე, ჩვენ არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი დამოკიდებულება პავლე ინგოროყვას შეხედულებისადმი აფხაზთა ეთნიკური ვინაობის საკითხთან დაკავშირებით და აღვნიშნეთ, რომ თანამედროვე ქართული ისტორიოგრაფია მთლიანობაში (ზოგიერთი მეცნიერის გამოკლებით) არ იზიარებს პ. ინგოროყვას თვალსაზრისს და არ მიიჩნევს საეჭვოდ ადრეული შუა საუკუნეების “აფსილ”-”აბაზგთა” და “აფხაზთა” აფხაზურ-ადიღეურ წარმომავლობას10.

მაგრამ, ამავე დროს, მთელი კატეგორიულობით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ პავლე ინგოროყვას კონცეფცია არ იშვა შემთხვევით.

ეს იყო ერთგვარი საპასუხო რეაქცია ქართველი და აფხაზი ხალხების ისტორიული წარსულის იმ უხეში გაყალბებისა, რომელიც თავის დროზე (1907 წელს) წამოიწყო ვინმე ნ. ვორონოვმა და XX საუკუნის 20-იან წლებში, ნესტორ ლაკობას ნაციონალისტურ-სეპარატისტული რეჟიმის პარპაშის პირობებში, წარმატებით განაგრძეს სემიონ ბასარიამ, სემიონ აშხაცავამ, კონსტანტინე კუდრიავცევმა და სხვ.11 მართებულად აღნიშნავს გ. ლეჟავა, რომ პ. ინგოროყვას ამ ნოვაციებისაკენ უბიძგა აფხაზთა სეპარატისტულმა გამოხდომებმა, კერძოდ, მათმა მცდელობამ, გამოეცხადებინათ აფხაზები ერთადერთ აბორიგენებად “თავიანთ ტერიტორიაზე” და ამის საფუძველზე დაესვათ საკითხი „об обязательном отделении Абхазии от Грузии“.12

და ბოლოს, არ შეიძლება ყურადღება არ მიექცეს საქართველოს მაშინდელი კომუნისტური ხელმძღვანელობის (ვასილ მჟავანაძის მეთაურობით) ერთგვარ კაპიტულიანტურ პოზიციას, რომელმაც იმთავითვე ჩათვალა „Ошибочной“-დ ქართული მხარის ქმედება და სამაგალითოდ დასაჯა მხოლოდ ამ “დრამის” ქართველი მონაწილენი: ჟურნალ მნათობის რედაქტორი, პოეტი სიმონ ჩიქოვანი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივანი დავით მჭედლიშვილი, ცენტრალური კომიტეტის მეცნიერების, სკოლებისა და კულტურის განყოფილების გამგე მიხეილ კვესელავა. ერთი სიტყვით, საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გამოამჟღავნა თავისი სისუსტე, რითაც ფაქტობრივად წაახალისა სეპარატისტულად განწყობილი ძალები ახალი “გმირობებისაკენ” თავიანთ “ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში”. ამგვარი კაპიტულანტური პოლიტიკის ნაყოფი საქართველოს კომუნისტურმა ხელისუფლებამ მოიმკო ზუსტად 10 წლის შემდეგ _ 1967 წელს, როდესაც აფხაზეთში იფეთქა მორიგმა ანტიქართულმა ამბოხმა.

ნაციონალისტური ისტერიის ახალი ტალღის აგორების საბაბად კვლავ იქნა გამოყენებული ცალკეული სამეცნიერო პუბლიკაციები, რომლებშიც, აფხაზური სეპარატისტული მოძრაობის იდეოლოგების აზრით, გაყალბებული იყო აფხაზი ხალხის ისტორიული წარსული. მომავალი “საერთო-სახალხო” პროტესტის სიმპტომები გაჩნდა ჯერ კიდევ 1965 წელს, როდესაც სეპარატისტებმა “ანათემას გადასცეს” გამოჩენილი აფხაზი ფილოლოგის, ლინგვისტისა და ლიტერატურათმცოდნის პროფ. ხუხუტი ბღაჟბას მონოგრაფია: „Бзыбский диалект абхазского языка“.13 ჩადენილი ცოდვებისათვის (სეპარატისტთა განმარტებით, წიგნში არასწორად იყო ახსნილი ცალკეული აფხაზური გვარები), ხუხუტი ბღაჟბა გადაყენებულ იქნა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი გულიას სახელობის აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობიდან.

1966 წელს თბილისში გამოიცა დიდი ქართველი ისტორიკოსის აკად. ნიკო ბერძენიშვილის თხზულებათა კრებულის: “საქართველოს ისტორიის საკითხების” III ტომი, რომელშიც მოთავსებული იყო მეცნიერის წერილი: “მცირე შენიშვნა დიდი საკითხის გამო”. ამ წერილში განვითარებული ცალკეული დებულებები მიუღებელი აღმოჩნდა აფხაზური სეპარატიზმის “მამებისთვის”, რომლებმაც მათში “დაინახეს” აფხაზი ხალხის ეთნიკური ინდივიდუალობის უარყოფის მცდელობა. სინამდვილეში კი აღნიშნულ სტატიაში (ისევე, როგორც აკად. ნ. ბერძენიშვილის სხვა შრომებში) მსჯელობა იყო აფხაზთა “ისტორიულ-კულტურულ” ქართველობაზე. რაც შეეხება აფხაზთა ეთნიკურ-ტომობრივ წარმომავლობას, ამ საკითხზე ცალსახა პასუხი მეცნიერს არ ჰქონია, თუმცა ამ წერილში (სხვა შრომებში ეს ფაქტობრივად არ გვხვდება) ნ. ბერძენიშვილი თითქოს არ გამორიცხავდა იმას, რომ “ძველი აფხაზები” შეიძლება ტომობრივადაც ეკუთვნოდნენ ქართველურ ეთნიკურ სამყაროს. ამაზე მიგვანიშნებს თუნდაც მეცნიერის მსჯელობა ამჟამინდელ აზერბაიჯანელთა ეთნიკურ იერ-სახეზე. მას არ მიაჩნია “ენის მომენტი… ერთადერთ განმსაზღვრელ მომენტად” ამა თუ იმ ხალხის ეთნიკური წარმომავლობის დადგენისას14. “დღეს აზერბაიჯანელები, _ წერს აკად. ნ. ბერძენიშვილი, _ ენით თავანკარი თურქები არიან, მაგრამ ასეთივე თურქები არიან განა ისინი წარმოშობით? ვის შეუძლია უარყოს, რომ ისინი წარმოშობით სანახევროდ მაინც, თუ უფრო მეტად არა, კავკასიური მოდგმის “ალბანელები” არიან?”15

საკუთრივ აფხაზებთან დაკავშირებით კი მეცნიერი აღნიშნავს, რომ ანტიკურ პერიოდში დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ ტომთა სიმრავლე “საქართველოს ისტორიის ფეოდალურ ხანაში… დიდად შემცირებული ჩანს და აწინდელი აფხაზეთის ტერიტორია წარმოადგენდა რიგს ერთიმეორისაგან დამოუკიდებელ საერისთავოს… და მხოლოდ ერთ მათგანს ეწოდებოდა “აფხაზთა საერისთავო” (ხაზგასმა ნ. ბერძენიშვილისეულია), რომელიც მოიცავდა ქვეყანას აწინდელი ახალი ათონის (ანაკოფიის) დასავლეთით ვიდრე კაპოეტის მდინარემდე (ბზიფამდე) ან, შეიძლება გაგრის ვიწროებამდეც”. აქვე, ნ. ბერძენიშვილი საგანგებოდ ხაზს უსვამს იმას, რომ “ფეოდალური ხანის ადმინისტრაციული ერთეულის _ საერისთავოს _ შექმნისათვის ამოსავალი პრინციპი ტომობრივი მომენტი იყო”.16

ამ მსჯელობიდან თამამად შეიძლება დავასკვნათ, რომ ნ. ბერძენიშვილი “აფხაზთა-საერისთავოში” მცხოვრები “აფხაზური ტომების” ეთნო-ტომობრივ გამორჩეულობას ნამდვილად აღიარებს. თუმცა, ის იქვე შენიშნავს, რომ “მაინცდამაინც მეცნიერებას არ მოეპოვება იმის საბუთი, რომ აფხაზეთში მობინადრე ტომები (საფიქრებელია, მეცნიერს მხედველობაში ჰქონდა სწორედ აფხაზები) უფრო შორს იდგნენ იბერ-ლაზებისაგან, ვიდრე, ვთქვათ, სვანები, მესხები, ჰერები. ამასთან დაკავშირებით, მეცნიერი ყურადღებას ამახვილებს ქართული საისტორიო ტრადიციის (“ქართლის ცხოვრება”) მიერ დაფიქსირებულ ფაქტზე იმის შესახებ, რომ “აფხაზთა საერისთავო” უძველესი დროიდანვე ეგროსის წილხვედრი ქვეყნის ნაწილი იყო. “ეს გადმოცემა, _ წერს აკად. ნ. ბერძენიშვილი, _ ანგარიშგასაწევი მოწმობაა დასავლეთ საქართველოს ტომთა, როგორც ეთნიკური მონათესავეობისა, ისე მათი მრავალსაუკუნოვანი ისტორიულ-კულტურული თანამშრომლობისა”.17 ე.ი. როგორც ვხედავთ, აკად. ნ. ბერძენიშვილი ამ სტატიაში, მართალია, არა გადაჭრით, მაგრამ რამდენადმე მაინც უშვებდა “ძველი აფხაზეთის” დასავლეთ საქართველოს სხვა ტომებთან “ეთნიკური მონათესავეობის” შესაძლებლობას, რაც ერთი შეხედვით, პ. ინგოროყვას თვალსაზრისის ფონზე, მართლაც შეიძლება გამაღიზიანებელი ყოფილიყო სეპარატისტული იდეოლოგიისათვის.

მიუხედავად ამისა, სეპარატისტების მიერ აკად. ნ. ბერძენიშვილის ამ პუბლიკაციის გამოყენება პოლიტიკური სპეკულაციებისათვის სრულიად გაუმართლებელი იყო, რადგანაც მეცნიერის მთავარი მიზანი ამჯერად იყო არა აფხაზთა ეთნიკური ვინაობის დადგენა, არამედ იმ აუცილებელი ფაქტის წარმოჩენა, “რომ აფხაზეთი კულტურულ-ისტორიულად საქართველოს ორგანული ნაწილია, რომ კულტურულ-ისტორიულად (ხაზს ვუსვამთ კულტურულ- ისტორიულად, და არა ეთნიკურად _ ზ.პ.) საქართველოში “აფხაზი” იმდენადვე (და არა უფრო მეტად) არსებობდა, რამდენადაც ქართი, ჰერი, კახი, მესხი, ჯავახი, კლარჯი, შავში, ეგრი, სვანი, ზანი და სხვ. ან კიდევ “კახელი”, “ქართლელი”, “გურული”, “მეგრელი”, “იმერელი”, “აჭარელი” და ა.შ. რომ ფეოდალური აფხაზეთი მხოლოდ “ქართული” შეიძლებოდა ყოფილიყო, რომ აფხაზი კულტურულ-ისტორიულად “ქართველი” იყო” (ხაზგასმა ავტორისაა).18

ამრიგად, სრულიად აშკარაა, რომ აქ, ამ შემთხვევაში, ეთნოტომობრივი მომენტი სულაც არ არის ნაგულისხმევი. უფრო მეტიც, სტატიის მეორე ნაწილში, რომელშიც აკად. ნ. ბერძენიშვილი იძლევა აფხაზეთის მთავრის ქელაიშ აჰმედ ბეგ შარვაშიძის პიროვნების შეფასებას (სეპარატისტები არანაკლებ გააღიზიანა ამ შეფასებამ), მეცნიერი ამჟამინდელ აფხაზებს ერთნიშნად მოიაზრებს ქართველთა მოძმე ხალხად, ის საყვედურობს იმათ, ვინც მოინდომა ქელეშ ბეი შარვაშიძის აფხაზი ხალხის გმირად გამოცხადება.

“ქელაიშ ბეგები, _ წერს ნ. ბერძენიშვილი, _ ეს აფხაზეთის ისტორიის ათასწლიანი უარყოფაა, თანამოძმეებთან ათასწლოვანი კულტურულ-ისტორიული თანამშრომლობის უარყოფაა, ქართველობისაგან გამოთიშვაა, საქართველოს (და თვით აფხაზეთის) ღალატია. და როგორ შეუძლია დღეს აფხაზ საბჭოთა მოქალაქეს (ე.ი. ამჟამინდელ აფსუა-აფხაზს _ ზ.პ.) უარყოს საკუთარი წარსული, საკუთარი სახელოვანი ისტორია და გმირი სწორედ ამ ისტორიის შემგინებელ-უარისმყოფელში დაიგულოს?

გმირი იყო ლეონ I, ლიხთიქითის გამაერთიანებელი, გმირები იყვნენ ის გიორგი-კონსტანტინეები, საქართველო-კავკასიის გაერთიანებას რომ ალევდნენ ძალებს, გმირები იყვნენ მოქვის, ბედიისა და ლიხნის თუ ანაკოფიის მაშენებელნი, გაერთიანებული საქართველოს მაშენებელნი და არა ქელაიშ-აჰმედ-ბეგები _ სულტნის ყურმოჭრილი მონები. გმირი იყო ის ახალგაზრდა აფხაზი (მთავრის შვილი), ხრესილის ომში სოლომონ მეფესთან ერთად რომ ოსმალთა წინააღმდეგ იბრძოდა და არა ქელაიშ აჰმედ ბეგი, რუხის ომში რომ ოსმალეთის გადამწყვეტ შემოტევას ხელმძღვანელობდა…

მოქვი, ანაკოფია, ბედია, ლიხნი, ბიჭვინტა თუ სხვა ხომ ყველა ქართველ მოძმეებთან უმჭიდროეს თანამშრომლობაში შექმნილი ძეგლებია და ამ ისტორიული თანამშრომლობის მოწმობანია”19.

ობიექტური მკითხველი ადვილად მიხვდება, რომ აკად. ნ. ბერძენიშვილის ამ ციტატაში სრულიად გარკვევითაა აღიარებული ამჟამინდელ აფხაზთა უპირობო უფლება იამაყონ საკუთარი ისტორიული წარსულით, დასავლეთ საქართველო-აფხაზეთის იმ დიდი მოღვაწეებით, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს ერთიან ძლიერ საქართველოს, იამაყონ იმ სწორუპოვარი ძეგლებით, რომლებიც მათ წინაპრებს “ქართველ მოძმეებთან უმჭიდროეს თანამშრომლობაში” შეუქმნიათ. და ყოველივე ამის შემდეგ განა შეიძლება ვინმე დაეჭვდეს იმაში, რომ აკად. ნ. ბერძენიშვილი აღნიშნულ სტატიაშიც (სხვა ნაშრომებზე რომ არაფერი ვთქვათ) ფაქტობრივად ადასტურებდა ე.წ. “ძველ” და “ახალ” აფხაზთა იდენტურობას.

მაგრამ, ბუნებრივია, ეს გარემოება ოდნავადაც არ შეაჩერებდა სეპარატისტთა იდეოლოგებს, რომლებმაც ნ. ბერძენიშვილის შრომების III ტომის გამოსვლა გამოიყენეს ახალი პროვოკაციულ ანტიქართული კამპანიის წამოსაწყებად. ნ. ბერძენიშვილის თხზულებების III ტომის პარალელურად აფხაზ სეპარატისტთა ლიდერების მწვავე კრიტიკა დაატყდათ თავს აგრეთვე გამოჩენილ ქართველ მეცნიერს, აკად. სიმონ ყაუხჩიშვილს, “გეორგიკის” (ბიზანტიელ მწერალთა ცნობები საქართველოს შესახებ) VI ტომისათვის (თბ., 1966) დართული კომენტარების გამო და ნათელა კეჭაყმაძეს, “ფლავიუს არიანეს “პერიპლუსის” ქართული თარგმანისათვის (თბ., 1961) დართული კომენტარებისათვის.

ამ მასალებში ფლავიუს არიანეს “აბაზგები” და “აფსილები” ქართველურ ტომებად იყვნენ გამოცხადებულნი. ასევე კრიტიკულად მიიღეს მათ ზურაბ ჭუმბურიძის წიგნი: “რა გქვია შენ?” (თბ., 1966), რომელშიც აფხაზეთის ცალკეული ტოპონიმები იხსნებოდა ქართულად.

ვნებათაღელვა დაიწყო მას შემდეგ, რაც თბილისიდან სოხუმში გაიგზავნა თბილისის უმაღლესი სასწავლებლების აფხაზ სტუდენტთა არა ერთი წერილი-საჩივარი. ამ წერილების ადრესატები იყვნენ როგორც სტუდენტთა ახლობლები, ისე ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალური სტრუქტურები. საჩივრის წერილებს, პირველ რიგში, მ. გორკის სახელობის სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის აფხაზი სტუდენტები და საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი გულიას სახელობის აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები გამოეხმაურნენ. ასე დაიწყო მღელვარება, რომელმაც თავის აპოგეას 1967 წლის 7-9 აპრილს მიაღწია20.

ის, რომ აფხაზთა მორიგი “ამბოხის” დრო საგანგებოდ იყო შერჩეული, რასაკვირველია, არავითარ ეჭვს არ იწვევს _ ის “არითმეტიკული სიზუსტით” იყო გამოანგარიშებული და ემთხვეოდა აფხაზთა პირველი ამბოხის 10 წლისთავს. ახალი “ამბოხის” ინიციატივა მიანდეს ახალგაზრდობას. ჯერ კიდევ 1967 წლის მარტის შუა რიცხვებში სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის სტუდენტთა ჯგუფმა (სულ 45 ხელმოწერა) მიმართვა გაუგზავნა აფხაზეთის ასსრ-ის სახელისუფლებო ორგანოებს. ამ მიმართვაში ისინი ულტიმატუმის ფორმით კატეგორიულად მოითხოვდნენ აფხაზეთის ცალკეული ქართული ტოპონიმების აფხაზურით შეცვლას21.

1967 წლის 28 მარტს სეპარატისტებმა უკვე თვითნებურად დაიწყეს აღნიშნული მოთხოვნის სისრულეში მოყვანა. ასე, ქ. სოხუმის ავტომატური სატელეფონო სადგურის ტექნიკოსმა ვინმე აბგაჯავამ და მძღოლმა ცკუამ საღებავებით გადაშალეს ყველა ქართული წარწერა საგზაო ნიშნებზე დაწყებული საქართველო რუსეთის საზღვრიდან ბიჭვინთამდე. ამ ქმედებისათვის ორივე ეს პიროვნება დააპატიმრეს. პასუხად, 1967 წლის 31 მარტს გაგრის მცხოვრებთა ერთი ჯგუფი ჩამოვიდა სოხუმში, სადაც მათ შეუერთდა რამდენიმე ათეული ადგილობრივი მაცხოვრებელი და ისინი (სულ 150 კაცამდე) ერთდროულად _ ორ ნაწილად გაყოფილნი გაემართნენ საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტისა და ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს შენობებისაკენ. აფხაზეთის ოფიციალური ხელისუფლების წარმომადგენლები შეაშინა პროტესტის ასე ღიად გამოხატვამ და მათ მოსალოდნელი კრიზისის შემდგომი ესკალაციის თავიდან აცილების მიზნით დაუყონებლივ გაათავისუფლეს დაკავებულნი22.

მაგრამ სეპარატისტები ამან არ დააკმაყოფილა და ისინი გადამწყვეტ შეტევაზე გადავიდნენ.

1967 წლის 7 აპრილს აფხაზური მოსახლეობის წარმომადგენლებმა (400 კაცამდე) ალყა შემოარტყეს საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის შენობას, ხოლო მოგვიანებით გაემართნენ საზაფხულო თეატრისკენ და თვითნებურად დაიკავეს ის23. აქ შუაღამისას, 12 საათზე მოეწყო შეხვედრა ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობასთან. “ამბოხებულები” ვერ დააკმაყოფილა ხელმძღვანელობის განმარტებებმა და მათ უშუალოდ მოსკოვის ჩარევა მოითხოვეს. რატომღაც დაისვა საკითხი მაინცდამაინც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ერთ-ერთი მდივნის ჩამოსვლის შესახებ.

ამავე დროს, მომზადდა წერილი სკკპ ცენტრალური კომიტეტისადმი, რომელშიც კვლავ იქნა დაყენებული აფხაზეთის ასსრის საქართველოს სსრ-ის შემადგენლობიდან გამოყვანისა და მისი “დამოუკიდებელ” მოკავშირე რესპუბლიკად გარდაქმნის საკითხი.

1967 წლის 9 აპრილს შედგა კიდევ ერთ შეხვედრა “ამბოხებულებსა” და ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელებს შორის, რომლის შემდეგაც მომიტინგეთა დიდმა ნაწილმა დატოვა საზაფხულო თეატრის შენობა. დარჩნენ მხოლოდ აქტივისტები (100-მდე კაცი), რომლებმაც აირჩიეს სარედაქციო კომისია (20 კაცის შემადგენლობით) სკკპ ცენტრალურ კომიტეტში გასაგზავნი მიმართვის მოსამზადებლად. ამ კომისიაში შევიდნენ სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის დოცენტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი თამარ შაყრილი24, ახალგაზრდა მწერალი ჯუმა ახუბა, იურისტი ნიკოლოზ ყოლბაია _ ქ. სოხუმის პროკურორის თანაშემწე, საქართველოს სსრ-ისა და აფხაზეთის ასსრ-ის სახალხო არტისტი აზიზ აგრბა, ბიოლოგიურ მეცნიერებათა კანდიდატი კ. ვარდანია და სხვა. 10 აპრილს დოკუმენტი უკვე მომზადებული იყო. იმავდროულად შეირჩა დელეგაცია, რომელიც უნდა ჩასულიყო მოსკოვში. ამ დელეგაციაში შევიდნენ თამარ შაყრილი, ჯუმა ახუბა, აზიზ აგრბა, ხ. ჭამაღუა, ო. შამბა, აგრეთვე ანატოლი ზუხბა და ოლეგ დომენია, რომლებიც დელეგაციას მოსკოვში უნდა შეერთებოდნენ25.

სხვა დასახელებულ პირთაგან უკანასკნელ მომენტში მოსკოვში წასვლისაგან თავი შეიკავეს ცნობილმა ტყვარჩელელმა მეშახტემ ნ. შამბამ, კოლმეურნე კ. შლარბამ, აგრეთვე სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დეკანის მოადგილემ ვალერი ყურასქუამ. მათ ნაცვლად, დელეგაციის ხელმძღვანელმა თამარ შაყრილმა, თავისი ინიციატივით, დელეგაციაში შეიყვანა შ. ხაჯიმბა, იგორ მარხოლია, ა. შლარბა. დელეგაციას თან ახლდა 10 ახალგაზრდისაგან შემდგარი ერთგვარი “დაცვა”. დელეგაცია მოსკოვში მატარებლით ადლერიდან გაემგზავრა26.

სკკპ ცენტრალური კომიტეტისადმი მიმართვაში მოყვანილი იყო თბილისის მხრიდან აფხაზეთის შევიწროების “უტყუარი ფაქტები”. კერძოდ, აღნიშნული იყო, რომ ავტონომიური რესპუბლიკის ყველა საბჭოთა მეურნეობა, აგრეთვე სამრეწველო საწარმოების 90% და სავაჭრო ობიექტების 83% უშუალოდ თბილისისადმი იყო დაქვემდებარებული; რომ კურორტებისა და ტურიზმის მთელი შემოსავალი (აფხაზეთის ასსრ-ის საერთო ბიუჯეტის 50%) ირიცხებოდა საქართველოს სსრ-ის ბიუჯეტში; რომ მიმდინარეობს აფხაზეთის ტყის სიმდიდრეების დაუნდობელი განადგურება 27 და ა.შ. ამავე დროს, სკკპ ცენტრალურ კომიტეტში გაგზავნილ დოკუმენტებში სეპარატისტები აყენებდნენ აფხაზეთის ცალკეული ტოპონიმების აფხაზურად გადარქმევის, აფხაზი ეროვნების ადამიანებისათვის ქალაქებში ჩაწერისას უპირატესობის მინიჭებისა და მათი შრომითი მოწყობისათვის მაქსიმალურად ხელის შეწყობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ყველა სკოლაში აფხაზური ენის სავალდებულო სწავლების შემოღების, ხელმძღვანელ თანამდებობებზე მხოლოდ აფხაზი ეროვნების წარმომადგენელთა დანიშვნის, თურქეთიდან 200 ათასი მუჰაჯირაფხაზთა შთამომავლის გადმოსახლების ორგანიზაციის, საქმის წარმოების აფხაზურ ენაზე გადაყვანისა და ა.შ. მოთხოვნებს.

სეპარატისტთა ლიდერების განცხადებით, ამ და აფხაზი ხალხისათვის “სასიცოცხლო” სხვა საკითხების გადაჭრა შეუძლებელი იყო აფხაზეთის ასსრ-ის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში ყოფნის პირობებში. აქედან გამომდინარე, ისინი მოითხოვდნენ აფხაზეთის გამოსვლას საქართველოს სსრ-ის შემადგენლობიდან და მისი მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსში აყვანას28.

1967 წლის 18 აპრილს სეპარატისტთა “დელეგაცია” მიიღო სკკპ ცენტრალური კომიტეტის პასუხისმგებელმა მუშაკმა ვიქტორ ვასილიევმა, (ის კურირებას უწევდა საქართველოს), თუმც “ოფიციალური დოკუმენტები” მისთვის არ გადაუციათ. თ. შაყრილი და მისი ჯგუფი ითხოვდა შეხვედრას უშუალოდ სკკპ ცენტრალური კომიტეტის ერთ-ერთ მდივანთან (თუ ვისთან კონკრეტულად, არ სახელდება), ან სსრ კავშირის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარესთან ალექსეი კოსიგინთან. მაგრამ სეპარატისტების ეს მცდელობა უშედეგოდ დასრულდა. აუდიენცია ასეთ მაღალ დონეზე არ შედგა, რის გამოც “დელეგაცია” იძულებული შეიქმნა “დოკუმენტები” სკკპ ცენტრალური კომიტეტის მისაღებში ჩაებარებინა და სოხუმში დაბრუნებულიყო29.

ამასობაში, საქართველოს კომპარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა აფხაზეთში სიტუაციის განსამუხტავად გარკვეული სამუშაო ჩაატარა. ჯერ კიდევ 31 მარტს შედგა ცენტრალური კომიტეტის ბიუროს სხდომა, რომელზეც განიხილეს მოხსენებითი ბარათი. ამ ბარათს ხელს აწერდნენ საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივანი ვალერიან კობახია, აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარე ბაგრატ შინკუბა და მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ჩიქოვანი. ბიუროს სხდომაზე მათ გარდა მოწვეულნი იყვნენ აფხაზეთის საქალაქო და რაიონული კომიტეტების პირველი მდივნები: ს. ალანია (გუდაუთა), ი. ამიჩბა (ოჩამჩირე), კვარანძია (ტყვარჩელი), ხ. ჯიქია (გაგრა), ა. ძაძუა (გალი), ვ. კოკაია (სოხუმის რ-ნი). რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე არ მიუღიათ და მხოლოდ საკითხის განხილვით დაკმაყოფილდნენ, თუმცა აკად. ნ. ბერძენიშვილის წიგნისა და ზოგიერთი სხვა ნაშრომის პუბლიკაცია შეცდომად იქნა აღიარებული.

ბიუროზე ასევე მართებულად მიიჩნიეს მოთხოვნა ცალკეული დასახლებული პუნქტებისათვის აფხაზური სახელწოდებების დაბრუნების შესახებ და სხვ.30

1967 წლის 12 აპრილს, საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს მორიგი სესიის დამთავრებისთანავე, საქართველოს კომპარტიის ცენტრალურ კომიტეტში შედგა შეხვედრა აფხაზეთიდან წარმოდგენილ დეპუტატებთან, რომლის დროსაც შეხვედრის მონაწილეებმა ერთსულოვნად დაგმეს „неправильные действия отдельных представителей интеллигенции Абхазии“.31

14 აპრილს უკვე შედგა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს საგანგებო სხდომა, რომელზედაც მოიწვიეს წამყვანი მეცნიერები: აკად. გიორგი წერეთელი, აკად. გიორგი მელიქიშვილი; პროფესორები: შოთა მესხია, მამია დუმბაძე, ირაკლი ანთელავა, ნიკოლოზ სტურუა, მარიამ ლორთქიფანიძე და სხვ. ბიუროზე განიხილეს შემდეგი საკითხები: „1. О нездоровых проявлениях в Абхазии, 2. О серьезной оплошности, допущенной при издании III тома избранных сочинении академика Н. А. Бердзенишвили. 3. О переименовании некоторых сёл Абхазской АССР“.32 ბიუროს სხდომის მსვლელობისას, ქართველმა მეცნიერებმა მოახერხეს აკად. ნ. ბერძენიშვილის წიგნის დაცვა და, მიუხედავად სეპარატისტების კატეგორიული მოთხოვნისა, ის გადაურჩა აკრძალვას. ამავე სხდომაზე მოწონებულ იქნა საქართველოს სსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება:

“აფხაზეთის ასსრ-ის ზოგიერთი სოფლისათვის სახელის გადარქმევის შესახებ”. ბიუროს სხდომაზე საგანგებოდ აღინიშნა, რომ „Некоторые лица в Абхазии использовав в качестве повода недостаточно тщательно отредактированную статью.., включенную в третий том избранных сочинений академика Бердзенишвили, стали на путь подстрекательства абхазского населения к выступлению в знак протеста против, якобы ущемляемых интересов абхазского народа“.33

აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიურომ დაავალა პარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტს, სოხუმის საქალაქო და რაიონულ კომიტეტებს, „принять исчерпывающие меры, исключающие в дальнейшем нездоровые проявления“.34

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის ბიუროს დადგენილებაში პოლიტიკური აქცენტები სწორად იყო დასმული35 და აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს საკმაოდ მკაცრი შეფასებაც მიეცა, მოქმედებებში ერთგვარი წინააღმდეგობრიობა მაინც შეიმჩნეოდა. პირველ რიგში, ეს გამოვლინდა იმაში, რომ საქართველოს უმაღლესმა პარტიულმა ორგანომ, მოუწოდა რა პარტიის ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდის, მეცნიერებისა და სასწავლო დაწესებულებების განყოფილებებს „осуществлять постоянный контроль и оказать помощь(?!) научно-издательским учреждениям и высшим учебным заведениям в дальнейшем повышений теоретического и идейного уровня издаваемой печатной продукций“,36

ფაქტობრივად მკაცრი ცალმხრივი ცენზურა დააწესა. შედეგად, ქართველ მეცნიერებს დიდი ხნის მანძილზე არ ეძლეოდათ საშუალება, სათანადო პასუხი გაეცათ სეპარატისტულად განწყობილი აფხაზი ისტორიკოსებისა და სხვა მოღვაწეთა ფალსიფიკაციური პროპაგანდისათვის, რომელიც ფართოდ გაიშალა აფხაზეთში 70-იან წლებში. ცალკეულ ქართველ მკვლევართა ნებისმიერი მცდელობა (უნდა ითქვას, რომ ასეთ “სითამამეს” მხოლოდ ერთეულები იჩენდნენ), როგორმე წინ აღდგომოდნენ აფხაზი კოლეგების “ისტორიოგრაფიულ თარეშს”, ხელისუფლების მხრიდან ძირშივე იკვეთებოდა, ხოლო სეპარატისტული პროპაგანდა მაშინათვე აკერებდა ამ მეცნიერებს აფხაზი ხალხის “მტრის” იარლიყს.

70-იან წლებში ეს “პატივი” წილად ხვდათ აკად. მ. ლორთქიფანიძეს, პროფ. ნ. ლომოურს და სხვ.37

მაგრამ დავუბრუნდეთ 1967 წლის გაზაფხულის მოვლენებს.

18 აპრილს სოხუმში შედგა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარტიულ-სამეურნეო აქტივის კრება, რომელზედაც ვრცელი მოხსენებით წარსდგა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი ვასილ მჟავანაძე. Kრების მონაწილეებმა ერთნიშნად დაგმეს „самочинный сход, состоявшийся в г. Сухуми 7-9 апреля 1967 г.“ და მოუწოდეს პარტიულ, საბჭოთა, პროფკავშირულ და კომკავშირულ ორგანიზაციებს, „…настоичиво укреплять трудовую и государственную дисциплину, проявлять непримиримость к любым нарушениям советского правопорядка и социалистической законности“.38

სერიოზული მსჯელობა ამავე საკითხზე გაგრძელდა საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის VII პლენუმზე, რომელზეც საოლქო კომიტეტის პირველმა მდივანმა ვალერიან კობახიამ დაგმო ანტიქართული ამბოხის ინსპირატორთა ქმედებები. „Нельзя мириться, _ აღნიშნავდა აფხაზეთის პარტიული

ხელმძღვანელი, _ с любыми проявлениями национальной органиченности, от кого бы они ни исходили… Мы знаем тех людей, которые подогревали ненужные страсти. Неприглядную, если не сказать более резко, роль, в частности, играли старший преподаватель пединститута со степенью кандидата

наук Т. Шакрил, экономист Ш. Хаджимба, литератор Д. Ахуба, директор Гагрскои восьмилетней школы Б. Бения, учитель Х. Чамагуа“.39 მაგრამ სეპარატისტულ ამბოხს სხვა, უფრო გავლენიანი ლიდერებიც ჰყავდა. პირველ რიგში, ეს იყო აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ასლან ოტირბა, რომელიც ითვლებოდა ე.წ. “იატაკქვეშა საოლქო კომიტეტის” ხელმძღვანელად. თითქმის ღიად უჭერდნენ მხარს ამბოხებულებს და გამოსვლების ორგანიზატორთა როლში გვევლინებოდნენ აფხაზეთის მაშინდელი კულტურის მინისტრი ვლადიმერ კვარჩელია, აგრეთვე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის დიმიტრი გულიას სახელობის აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე აკიბეი ხონელია40. საქართველოს პარტიულ ხელმძღვანელობას ჰქონდა ინფორმაცია, რომ „некоторые из организаторов акции, имеющих националистическую направленность“, ცდილობდნენ მოეპოვებინათ ცნობილი აფხაზი პოეტისა და მეცნიერის, იმჟამად აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის (ხელისუფლების იერარქიაში მესამე თანამდებობა) ბაგრატ შინკუბას მხარდაჭერა41.

მიუხედავად საკმაოდ პრინციპული შეფასებებისა, რომელიც მიეცა აფხაზთა მორიგ “ამბოხს”, როგორც საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, ისე აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მხრიდან, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ სეპარატისტები სულაც არ გრძნობდნენ თავს დამარცხებულად. უფრო მეტიც, საკადრო ცვლილებები, რომელიც განახორციელა საქართველოს უმაღლესმა პარტიულმა ხელმძღვანელობამ, გარკვეულწილად იმედიანად განაწყობდა სეპარატისტულ ბანაკს და ქმნიდა მეტად ხელსაყრელ ფონს აფხაზური ნომენკლატურის პოზიციების შემდგომი განმტკიცებისათვის. საკმარისია ითქვას, რომ არც ერთი აფხაზი მაღალჩინოსანი, რომელიც ფაქტობრივად “ამბოხის” ორგანიზატორი იყო, არ დასჯილა. ერთადერთი პიროვნება ვისზეც თითქოს “ჯოხი გადატყდა”, იყო თ. შაყრილი, რომელიც ჩამოაშორეს სტუდენტურ აუდიტორიას პედაგოგიურ ინსტიტუტში და სამეცნიერო-კვლევით სამუშაოზე (დ. გულიას სახელობის აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტში) გადაიყვანეს. სამაგიეროდ, რეპრესიული ღონისძიებები გატარდა ქართველი ნომენკლატურული მუშაკების მიმართ.

ასე, 1967 წლის 21 მაისს საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პლენუმმა (მის მუშაობაში მონაწილეობდა საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მეორე მდივანი პეტრე როდიონოვი) დემონსტრაციულად გამოიყვანა საოლქო კომიტეტის ბიუროს შემადგენლობიდან და გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობებიდან საოლქო კომიტეტის მეორე მდივანი დამიანე გოგოხია და ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ ჩიქოვანი. და ეს მაშინ, როდესაც საკუთრივ აფხაზი ხელმძღვანელების: საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის ვალერიან კობახიასა და უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის ბაგრატ შინკუბას პასუხისმგებლობის საკითხი არავის დაუსვამს. პირიქით, 1967 წლის “აპრილის ეპოპეის” შემდეგ მკვეთრად გაიზარდა მათი გავლენა.

ამრიგად, კვლავ შეიქმნა მხოლოდ ქართველთა დასჯის პრეცედენტი. ამან კიდევ უფრო გაათამამა სეპარატისტული მოძრაობის იდეოლოგები, რომლებიც ამ დროიდან ხელიდან არ უშვებდნენ ნებისმიერ საბაბს თავისი “ბრძოლისუნარიანობის” მორიგი დემონსტრირებისათვის. ასე მოხდა, მაგალითად, 1968 წელს, როდესაც მათ “იერიში მიიტანეს” ი. ადამიას წიგნზე “ქართული ხალხური შემოქმედება” (მასში ავტორი იმეორებდა პ. ინგოროყვას თვალსაზრისს აფხაზთა წარმომავლობის საკითხზე). საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა კვლავ აჩვენა სეპარატისტებს თავისი “პრინციპულობა” აფხაზი ხალხის ისტორიის “გამყალბებლების” მიმართ და გაზეთ „Заря Востока“-ში (4.VI.1968) სახელდახელოდ მოათავსა სარედაქციო წერილი საკმაოდ მაღალფარდოვანი სათაურით: „С чувством ответственности перед историей“, რომელშიც მკაცრად იყო გაკრიტიკებული ი. ადამიას დებულებები. ეს კი აფხაზმა სეპარატისტებმა თავიანთ მორიგ გამარჯვებად მიიწერეს.

ვასრულებთ რა საუბარს 1967 წლის ანტიქართულ ამბოხზე აფხაზეთში, მიზანშეწონილად მიგვაჩნია მოვიყვანოთ ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის, იმჟამად საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის მდივნის, ამ მოვლენების უშუალო თვითმხილველის პროფ. დევი სტურუას შეფასება. დ. სტურუა სავსებით სწორად მიიჩნევს, რომ სეპარატისტები ამ “პუტჩს”, პირველ რიგში, განიხილავდნენ როგორც „очередной этап в осуществлении своих конечных вероломных планов“. ამავე დროს, „сепаратисты добивались (и не без успеха) получения от руководства Грузии уступок такого характера, которые подняли бы их авторитет, или как сейчас говорят и пишут, рейтинг, чтобы предстать перед общественностью борцами за национальные интересы абхазского народа“.

და ბოლოს, „сепаратисты знали, что за беспорядками, как правило, следуют кадровые перестановки и они получили бы возможность „протащить“ на руководящие посты своих людей“.42

ესმოდა თუ არა ყოველივე ეს საქართველოს ხელმძღვანელობას? _ სვამს სავსებით ლოგიკურ კითხვას დ. სტურუა და იქვე ერთნიშნად პასუხობს, რომ „С полной отвественностью можно сказать, что да. Так почему же в таком случае оно (ე. ი. საქართველოს ხელისუფლება _ ზ.პ.) шло на заведомые уступки? Почему не назывались вещи своими именами? Почему, как правило, избегали наказания сепаратисты и карьеристы?“43

სამართლიანობა მოითხოვს, ითქვას, რომ დ. სტურუას მიერ საქართველოს მაშინდელი პარტიული ხელმძღვანელობის მოქმედებების თუ უმოქმედობის გასამართლებლად მოყვანილი არგუმენტები44 მთლად დამაჯერებლად ვერ გამოიყურება. ერთადერთი, რასაც არ შეიძლება არ დავეთანხმოთ, არის ის, რომ თბილისი „в процессе проявления этих конфликтов“ სულაც არ იყო დამოუკიდებელი და უდავოდ განიცდიდა ცენტრის ზეწოლას45, რომელიც, თავის მხრივ, ფარულად თვითვე აღვივებდა კიდეც იმ კონფლიქტებს.

З. В. ПАПАСКИРИ

СЕПАРАТИСТСКИЕ ВЫСТУПЛЕНИЯ В АБХАЗИИ В 50-60-Х ГОДАХ XX В.

В статье освещена история сепаратистских выступлений в Абхазии в 50-60-х годах XX в. В ней, на основе критического анализа соответствующих документальных материалов, а также публикаций мемуарного характера, показана антиконституционная суть этих выступлений. В работе особо подчеркивается подстрекательская роль Москвы в идеологической подготовке сепаратистских „мятежей“ абхазов. Вместе с тем, критически оценена капитулянтская позиция коммунистического руководства Грузии, подхлестывавшая сепаратистов на новые „подвиги“.

1 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией. М.,1997, გვ. 163.
2 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 171.
3 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 183.
4 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 163.
5 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 181.
6 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 182-183.
7 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 182.
8 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 184.
9 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 170.
10 ამის შესახებ იხ.: ზ. პაპასქირი. ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის
ისტორიული წარსულიდან. ნაკ. I. უძველესი დროიდან 1917
წლამდე. თბ., 2004, გვ. 87-95.
11 ამის შესახებ იხ.: ზ. პაპასქირი. მითი ქართველთა მხრიდან აფხაზი
ხალხის ეთნოკულტურული ინდივიდუალობის მოშლის “მცდელობის”
შესახებ XX საუკუნის 30-იანი წლების მიწურულსა და 40-იან წლებში
_ “საისტორიო ძიებანი”, წელიწდეული, VI. თბ., 2003, გვ. 3-32.
12 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 178.
13 Х. С. Бгажба. Бзыбский диалект абхазского языка. Сухуми, 1965.
14 ნ. ბერძენიშვილი. მცირე შენიშვნა დიდი საკითხის გამო. _ წგნ.:
ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები. ტ. III. თბ.,
1966, გვ. 278.
15 ნ. ბერძენიშვილი. მცირე შენიშვნა.., გვ. 278.
16 ნ. ბერძენიშვილი. მცირე შენიშვნა.., გვ. 278.
17 ნ. ბერძენიშვილი. მცირე შენიშვნა.., გვ. 278-279, ხაზგასმა ჩვენია
_ ზ.პ.
18 ნ. ბერძენიშვილი. მცირე შენიშვნა.., გვ. 279-280.
19 ნ. ბერძენიშვილი. მცირე შენიშვნა დიდი საკითხის გამო.., გვ.
285-286. ხაზგასმა ჩვენია _ ზ.პ.
20 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 186-187.
21 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 186.
22 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 186-187.
23 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 187.
24 ეს სწორედ ის თამარ შაყრილია, რომელიც დაიღუპა 2004 წლის
მიწურულს, აფხაზეთში განვითარებული პოლიტიკური კრიზისის
დღეებში, სერგეი ბაღაფშის მომხრეების მიერ პარლამენტის შენობის
შტურმისას.
25 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 188.
26 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 188.
27 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 188-189.
28 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 189.
29 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 189-190.
30 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 192.
31 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 198.
32 Д. Стуруа. Сепаратистское движение в Абхазии в шестидесятые и семи-
десятые годы нашего столетия. Тб., 1995, გვ. 30.
33 Д. Стуруа. Сепаратистское движение в Абхазии.., გვ. 31.
34 Д. Стуруа. Сепаратистское движение в Абхазии.., გვ. 31-32.
35 Д. Стуруа. Сепаратистское движение в Абхазии.., გვ. 32.
36 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 199. ხაზგასმა ჩვენია
_ ზ. პ.
37 ამ მხრივ არაერთი უსიამოვნება შეხვედრია ამ სტრიქონების ავტორსაც,
განსაკუთრებით 80-იანი წლების დამდეგს, როდესაც აფხაზეთის
სახელმწიფო უნივერსიტეტში მოკალათებულმა სეპარატისტული
მოძრაობის იდეოლოგებმა, ოლეგ დომენიას მეთაურობით, ის
ფაქტობრივად “პერსონა ნონ გრატა”-დ გამოაცხადეს.
38 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 201.
39 Г. П. Лежава. Между Грузией и Россией.., გვ. 202.
40 Д. Стуруа. Сепаратистское движение в Абхазии.., გვ. 24.
41 Д. Стуруа. Сепаратистское движение в Абхазии.., გვ. 27.
42 Д. Стуруа. Сепаратистское движение в Абхазии.., გვ. 44.
43 Д. Стуруа. Сепаратистское движение в Абхазии.., გვ. 45.
44 Д. Стуруа. Сепаратистское движение в Абхазии.., გვ. 45-46.
45 Д. Стуруа. Сепаратистское движение в Абхазии.., გვ. 46.

საისტორიო ძიებანი, 7, 2004

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s