Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

◊ როგორ მოვიდა არძინბა

უახლესი ისტორიის უცნობი ფურცელი

 

დღემდე გაუმხელელი საიდუმლო

 

როგორ მოვიდა არძინბა აფხაზეთის ხელისუფლების სათავეში

 

ჩვენი საზოგადოებისათვის დღემდე უცნობია საიდუმლო, თუ როგორ მოხვდა ვლადისლავ არძინბა აფხაზეთის ხელისუფლების სათავეში.

ყველაფერი დაიწყო მაშინ, როცა აფხაზეთში სეპარატიზმი უკვე ჩამოყალიბდა, როგორც იდეოლოგიურად, ისე ორგანიზაციულად. შეიქმნა მთელი რიგი ანტიქართული პარტიები და მოძრაობები: აფხაზური “აიდგილარა”, რუსული “სლოვიანსკი დომ”, სომხური “კრუნკ”-ი, ხელისუფლების მიერ საგანგებოდ ჩამოყალიბებული ე.წ. “აფხაზეთის დემოკრატიული პარტია” და თვით “რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტია”-ც (ჟირინოვსკის პარტია), რომლებიც უშუალოდ მართულნი იყვნენ საბჭოთა რეაქციული ხელისუფლების მიერ და გაერთიანდნენ ბლოკ “სოიუზში”.

“სოიუზში” შემავალი პარტიის წევრებისათვის მიუღებელი გახდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მაშინდელ თავმჯდომარედ კობახიას ყოფნა, რომელიც საქართველოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატი იყო და მის მაგივრად არჩევანი შეაჩერეს სსრკ უმაღლეს საბჭოს დეპუტატ ვლადისლავ არძინბაზე, რომელიც, იმავდროულად, გამოირჩეოდა ანტიქართული სულისკვეთებით და გახლდათ სსრკ უმაღლესი საბჭოს ბლოკ “სოიუზის” წევრი.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო იყო, სულ მცირე, 71 დეპუტატის ხმა. დეპუტატთა საერთო რაოდენობა შეადგენდა 140 წევრს, მათგან 57 აფხაზი იყო, 54-ქართველი, ხოლო 29 სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი, რომელთაგან მხოლოდ ერთი, ბერძენი დეპუტატი ფიტოზოვი გვიჭერდა მხარს, მოგვიანებით ისიც, ზეწოლისა და შანტაჟის შემდეგ, იძულებული გახადეს დაეტოვებინა საქართველო და გადასახლებულიყო თავის ისტორიულ სამშობლოში, საბერძნეთში. მდგომარეობა იმანაც დაამძიმა, რომ სამი ქართველიც გამოგვაკლდა: ორი – რევაზ სალუქვაძე და ოთარ ზუხბაია – სსრკ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები გახდნენ, ხოლო დავით ჯიჭონაია, გარდაიცვალა.

ამრიგად, არძინბას არჩევას ხელს არაფერი უშლიდა, რაც მიუღებელი გახლდათ საქართველოს ეროვნული ხელისუფლებისთვის და ყოვლად მცდარია გავრცელებული ხმები, თითქოს იგი ზვიად გამსახურდიას დანიშნული იყო. გამოსავალი, თითქოს არ ჩანდა. მურმან ომანიძის მეშვეობით დაგვიკავშირდა აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ყოფილი პირველი მდივანი ბორის ადლეიბა, რომელიც მთელს რესპუბლიკაში დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა და შეხვედრა გვთხოვა. შეხვედრაზე მე, უზენაესი საბჭოს დეპუტატი თემურ ლორთქიფანიძე და მურმან ომანიძე გაგვაგზავნეს. ამის შესახებ ქართველმა საზოგადოებამ დღემდე არაფერი იცის.

ბორის ადლეიბას ოჯახში ვეწვიეთ. მან განგვიცხადა: “ნუ იფიქრებთ, თითქოს იმისთვის მოგიწვიეთ, რომArdzinba შეურაცხყოფილი და დამცირებული ვარ, როგორც თანამდებობიდან გადაყენებული პირი. მე, ჭეშმარიტი აფხაზი კაცი, მძიმედ განვიცდი ჩვენს მდგომარეობას, მადარდებს ახლო მომავალი, რადგან არძინბას მოსვლა აფხაზეთს ტრაგედიას მოუტანს. არძინბას არ ჰყოფნის სიბრძნე, რომ აფხაზეთი დღევანდელი დაძაბული, მძიმე მდგომარეობიდან გამოიყვანოს. პირიქით, ის მომართულია იმისთვის, რათა კიდევ უფრო დაძაბოს ურთიერთობა ქართველებსა და აფხაზებს შორის და გამოიწვიოს სისხლისმღვრელი სამოქალაქო ომი. სამწუხაროდ, არ არსებობს არავითარი მექანიზმი, რომელიც ხელს შეუშლის მზაკვრული გეგმის განხორციელებას, – არძინბას არჩევას უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ, გარდა იმ ჩანაფიქრისა, რომელიც მინდა შემოგთავაზოთ. არსებობს საშუალება ხელი შეუშალოთ არძინბას და ჩამოვაცილოთ იგი პოლიტიკურ ასპარეზს. არძინბას არჩევის შემდეგ მოწვეული უნდა იქნას აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პლენუმი, რომელიც მე დამაბრუნებს საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად (ბ. ადლეიბა პირველი მდივნის თანამდებობიდან გათავისუფლებული გახლდათ საქართველოს მაშინდელი კპ ცკ პირველი მდივნის ჯუმბერ პატიაშვილის მიერ იმის გამო, რომ ბ. ადლეიბამ ხელი მოაწერა საქვეყნოდ ცნობილ ლიხნის წერილს და მის მაგივრად დანიშნა აფხაზეთის სატყეო მეურნეობის ყოფილი მინისტრი ვლადიმერ ხიშბა). თქვენი ამოცანაა, რათა პლენუმის ქართველმა წევრებმა დამიჭირონ მხარი. ჩემი არჩევის შემდეგ, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი, გავაუქმებ საოლქო კომიტეტს და საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოვიყვან აფხაზეთის ასსრ კონსტიტუციას. რაც შეეხება უმაღლესი საბჭოს ახლადარჩეულ თავმჯდომარეს არძინბას, მას აფხაზეთის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის დირექტორად დავაბრუნებ. ჩვენს კითხვაზე, ასეთი აზროვნების პატრონს, რამ მოგაწერინათ ხელი ლიხნის წერილზეო, გვიპასუხა, რომ მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, რადგან იმ პერიოდში არსებული ვითარების გათვალისწინებით, აფხაზ მოსახლეობაში სრულიად დაკარგავდა ავტორიტეტს, რაც მას ხელს შეუშლიდა როგორც პირველ პირს, ავტონომიური რესპუბლიკის მართვაში.

ამის შესახებ მოვახსენე ზვიად გამსახურდიას, რომელიც რაღა თქმა უნდა, უყოყმანოდ დათანხმდა ბორის ადლეიბას შემოთავაზებას.

პლენუმის მოწვევის შესახებ შევუთანხმდით საოლქო კომიტეტის ქართველ წევრებს, მაგრამ სამწუხაროდ საოლქო კომიტეტის პრეზიდიუმის მდივანმა პავლე ქვაჩახიამ, პლენუმის სხვა ქართველ წევრებთან ერთად ჩაშალეს ეს უმნიშვნელოვანესი ღონისძიება – პრეზიდიუმის მდივანი რამოდენიმე დღით გაქრა, ვერსად ვიპოვეთ. როცა გამოჩნდა, მან აღიარა კიდეც, რომ პლენუმი შეგნებულად არ მოიწვიეს. ღალატი ბორის ადლეიბამ მძიმედ განიცადა და რამდენიმე დღის შემდეგ ინფარქტით გარდაიცვალა.

ასე ჩაიშალა, ერთადერთი გეგმა, რომელიც აფხაზეთს მომავალში სისხლისღვრიდან იხსნიდა.

 

ნუგზარ მგალობლიშვილი

20 მარტი, 2010 წელი

 

“განმათავისუფლებელი” N24

 

 

 

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s