Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

♦ რეპორტაჟი გალიდან

  

რას ფიქრობენ “რუსეთის მოქალაქეობის” მიღებაზე აფხაზეთში მცხოვრები ქართველები? 

რეპორტაჟი გალიდან

 

აფხაზეთის დაცემისთანავე, როდესაც ენგურის ხიდს აფხაზებთან ერთად დაქირავებული ჩრდილოკავკასიელი მებრძოლები მოადგნენ, მათ თამამად, ყველასათვის მოურიდებლად აღმართეს სასაზღვრო ფირნიში “კრასნოდარსკი კრაი!” მაშინ ბევრ ჩვენთაგანს ეგონა, რომ ეს იყო გამარჯვებისგან რეტდასხმულთა მორიგი ილუზია. ისიც გვჯეროდა, რომ მალევე დავუბრუნდებოდით მიტოვებულ სახლ-კარებს და ჩვენს ისტორიულ მიწაზე გადამთიელთა თარეშსაც მოვუღებდით ბოლოს.

სამწუხაროდ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისათვის ბრძოლის შემდგომ ეტაპზეც (კონფლიქტში საერთაშორისო ორგანიზაციების ჩართვა, სხვადასხვა პოლიტიკური დიალოგები და დებატები) გამოვლინდა ჩვენი ხელისუფლების უმწეობა. გამოღმა დარჩენილი ასიათასობით დევნილისათვის აფხაზეთში დაბრუნება ოცნებად იქცა.

საქართველოსა და აფხაზეთის გამყოფი საზღვარი თანდათან მკვეთრად დაფიქსირდა. ხელისუფლების უნიათო პოლიტიკამ განაპირობა ისიც, რომ ენგურს გაღმა, განსაკუთრებით გალის რაიონში მოსახლეობის ძალიან დიდი რაოდენობა უნებართვოდ დაბრუნდა. სამიოდე ლარად შეძენილი აფხაზურ-რუსულ ენაზე შეთითხნილი საბუთი მათ უსაფრთხოების მცირე გარანტად “მიიღეს” და იქ სიცოცხლის რისკის ფასად დარჩნენ.

იმხანად აფხაზებმა ქართული გენისადმი ზიზღი ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიანი პასპორტებიდან ქართულად ნაწერი გვერდის ამოხევით გამოავლინეს. ჩვენდა სამწუხაროდ, ბევრ მათგანს თავადაც მოუწია საკუთარი პასპორტიდან ამ ფურცლის ამოხევა. უმწეოდ დარჩენილ ადამიანებში თვითგადარჩენის ინსტიქტი მძლავრობდა.

უკანასკნელ პერიოდში ენგურს გაღმა დარჩენილი მოსახლეობის საქართველოს მოქალაქეობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ყველასათვის კარგადაა ცნობილი იმ სკანდალის შესახებ, რაც პასპორტების შეცვლასთან დაკავშირებით ხდება აფხაზეთის ტერიტორიაზე. კერძოდ, იქ ახალ პასპორტებში რუსეთის მოქალაქეობის ჩაწერა და შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეობის მინიჭება მიმდინარეობს.

გალის რაიონში ჩემი გამგზავრების მიზანსაც იმის გარკვევა წარმოადგენდა, რა განწყობაა შექმნილი იქაურ მოსახლეობაში. ენგურს გამოღმა ბევრი ვარაუდობს, რომ “რუსეთის მოქალაქეებად” ჩაწერა გარდა იმისა, რომ სამშობლოს ღალატია, იქ დარჩენილი ადამიანებისათვის უსაფრთხოების ყველაზე მყარი გარანტიცაა და გადამწყვეტ მომენტში არ არის გამორიცხული, რომ საკუთარი ხელისუფლებისადმი უიმედოდ დარჩენილმა ადამიანებმა თანხმობა განაცხადონ რუსეთის მოქალაქეობის მიღებაზე. ღმერთმა ნუ ქნას, რადგან ეს ქმედება საბოლოოდ დაუსვამს წერტილს საქართველოსაგან აფხაზეთის მოწყვეტას, რასაც საკუთარი ნებითვე შევუწყობთ ხელს. მით უმეტეს, დღეს გალის რაიონის ყველა სოფელში, ძირითადად ქართული მოსახლეობა ცხოვრობს. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ისინი თავდაუზოგავად ემსახურებიან ქართულ საქმეს და მათთვის ეროვნულობა, ქართველობა ყველაზე ფასეულია. ამას მოწმობს ისიც, რომ მათ უმძიმეს პირობებში მოახერხეს ქართულ სკოლებში სწავლების განახლება. იქ ჩვენი პატარები არძინბას სისხლიანი რეჟიმის ქვეშ სწავლობენ “დედა ენას”.

მიმოზა აბშილავა, ოტობაიას 1-ლი საშუალო სკოლის დირექტორი:

– წლეულს ჩვენთან 15 ბავშვმა დაამთავრა საშუალო სკოლა. დიდი ზეიმით გავაცილეთ ისინი. ვიტოვებთ იმედს, რომ გაამართლებენ და ღირსეულ არჩევანს გააკეთებენ.

აქვე მოგახსენებთ, რომ სკოლა საქართველოს განათლების სამინისტროს ექვემდებარება. ვმუშაობთ უხელფასოდ. იყო მრავალი დაპირება, რომ მოგვხედავდნენ და ჩვენი დაფინანსების საკითხს პარლამენტში დასვამდნენ, მაგრამ ამ ხნის მანძილზე ჩვენს სასასარგებლოდ არაფერი შეცვლილა. გასულ წელს მივიღეთ ერთჯერადი ფულადი დახმარება 150 ლარის ოდენობით, წელსაც გვპირდებოდნენ, სასწავლო წელი მიიწურა და ჯერ არაფერი ჩანს.

ყველას ერთიანად გვიჭირს. სკოლაში მომუშავე მასწავლებლების უმეტესობას მაისის ტრაგედიისას გადაუწვეს სახლები. უკიდურესად გვიჭირს და, მიუხედავად ამისა, ერთგულად ვემსახურებით მომავალი თაობის აღზრდის საქმეს. ყველა საგანი ისწავლება. მოვიზიდეთ ახალგაზრდა კადრებიც. სასიხარულოა, რომ ბავშვები ქართული სულისკვეთებით იზრდებიან და ეროვნული სიამაყე მათ სისხლსა და ხორცში აქვთ გამჯდარი.

სამანა დგებუაძე, გალის რაიონის დამსახურებული პედაგოგი:

– არსებულ პირობებში “უნებართვოდ” დაბრუნება გმირობის ტოლფასად მიმაჩნია. პირადად მე 1999 წლის მარტში გადმოვედი. მანამდე ორსანტიაში, მოსაზღვრე სოფელში ვცხოვრობდი ნათესავთან. ძალიან ჭირდა და იძულებული გავხდი დავბრუნებულიყავი. სხვა გზა არ მქონდა. მოხუცი დედითა და მამამთილით ვერავის მივეკედლე. სხვაგან არაადამიანურ სიცოცხლეს ჩემს მიწაზე ვარჩიე სიკვდილი, ამ რწმენით დავბრუნდი. პედაგოგის ოჯახში დავიბადე და ქართველობა წარმოადგენდა ჩემთვის ყველაზე დიდ სიამაყეს. ახლაც სამენოვანი პასპორტი მაქვს. არავის უკადრებია ჩემთვის, რომ ქართულად ნაწერი გვერდი ამოეგლიჯათ… ძალიან გვიჭირდა, ახლაც გვიჭირს, მაგრამ არასოდეს მიფიქრია, რომ ვერ დავბრუნდებოდით! ჩვენი აქ დარჩენა “ჩვენს დაბრუნებას” არ ნიშნავს, რადგანაც აქ ყოველ დღეს მოაქვს სიკვდილსა და უბედურებაზე ფიქრი. რაღაც საოცარი რისკი გავწიეთ.

უბედურებაა საქართველოსათვის ის ფაქტი, რაც პასპორტებთან დაკავშირებით ხდება აფხაზეთის ტერიტორიაზე. “რუსეთის მოქალაქეობა” ნიშნავს, რომ ამით რუსს დავამკვიდრებთ ჩვენს მიწაზე. ეს არ უნდა მოხდეს! მე დღეს აქ ვცხოვრობ იმ რწმენით, რომ საქართველო აუცილებლად გამთლიანდება. თუ აფხაზეთი არ დაბრუნდა საქართველოს შემადგენლობაში და თუკი საბოლოოდ დავრწმუნდები ამაში (ღმერთმა ნუ ქნას), სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მხოლოდ მაშინ დავტოვებ აქაურობას. ჩემი დარჩენით შეძლებისდაგვარად ვცდილობ ქართველობის შენარჩუნებას. ეს ჩემი მოვალეობაა, ჯერჯერობით აქ უნდა დავრჩე!

ანტიფო გეჯუა, ს. ოტობაიას მკვიდრი:

– ჩვენ ეროვნული სულისკვეთებით დავბრუნდით მშობლიურ მიწაზე და არასოდეს დავუშვებთ, რომ ჩვენს პასპორტში “რუსეთის მოქალაქე” ჩაიწეროს. ეს ჩვენთვის მიუღებელია. ამ აზრზეა ყველა, ვინც ამ უკუღმართ პერიოდში დარჩა გალის რაიონში. ქართველობაზე ძვირფასი აქ ჩვენთვის არაფერია. როდესაც პირადობის მოწმობიდან ეროვნება ამოგვიღეს, ეს ტრაგედიად აღვიქვით. აფხაზებს 61 დღის განმავლობაში არნახულ პირობებში ვყავდით მძევლად, ყოველდღე სიკვდილს შევცქეროდით და მაინც ვახერხებდი, რომ ხმამაღლა გამომეხატა ჩემი ეროვნული მეობა. ბოლომდე ამას გავიძახოდი. წარმოიდგინეთ, აფხაზსაც კი გავაგებინე, რომ ის საქართველოს მოქალაქეა. წუთით მაინც დავაფიქრე!

ქართული სკოლის არსებობით შევინარჩუნეთ ეროვნული სული და აზროვნება. გვქონდა პრობლემები, მაგრამ არცერთი ნაბიჯი არ გადაგვიდგამს აფხაზეთის ლეგიტიმურ ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად. თუ სერიოზულად, მთელი სიმწვავით დადგება პასპორტებში “რუსეთის მოქალაქეობის” აღნიშვნის საკითხი, მოვიქცევით ისე, როგორც ეს ჩვენს ქართველობას ეკადრება.

როგორც ვხედავთ, ენგურს გაღმა დარჩენილი ადამიანებისათვის ეროვნული შეგნება ის მყარი ბალავარია, რაც მათ მშობლიურ სახლებში სიცოცხლის რისკის ფასად დარჩენის უფლებას აძლევთ. ბუნებრივია, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მიმდინარე “პასპორტიზაციის” პროცესით არსებულ საფრთხესაც ყველაზე მტკივნეულად სწორედ ისინი აღიქვამენ. თუმცა, ვერც იმ ფაქტს გავექცევით, რომ, ჩვენდა საუბედუროდ, იქ საქართველოს მოქალაქეები რუსეთის მოქალაქეებადაც ეწერებიან…

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვე აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეს, მურად ანჯაფარიძეს.

– ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ბოლო დღეებში რამდენიმე საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ რუსეთის სხვადასხვა ოფიციალური სტრუქტურების ხელშეწყობით აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე დაიწყო საბუთების შეგროვება იქ მცხოვრები ქართველი მოქალაქეებისათვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ, – აღნიშნა მან, – ადრე ამას არ ჰქონდა მასიური ხასიათი და დაკავშირებული იყო რიგ ფორმალობასთან. რუსეთის ოფიციალური სტრუქტურები ითხოვდნენ, რომ განმცხადებელს აუცილებლად ჰქონოდა საცხოვრებელ ფართზე თანხმობა რუსეთის ტერიტორიაზე ან სამუშაო ადგილი ნებისმიერ ორგანიზაციაში. ამასთანავე, საბჭოთა კავშირის სიმბოლიკიან პასპორტში არ უნდა ყოფილიყო შტამპი “საქართველოს მოქალაქე”. ამ შემთხვევაში ბოლო მოთხოვნა დარჩა, რადგან საქართველოს მოქალაქედ წოდებულ პირს არა მგონია, რუსეთის მოქალაქეობა მიანიჭონ. სხვა დანარჩენი, რაც შეეხება ფართს, სამუშაო ადგილს, ამის აუცილებლობა არ არის.

ჩვენ დღესდღეობით ვერაფერს ვუპირისპირებთ ამ სიტუაციას. რაც შეეხება აფხაზებს, მათი ნაწილი ამას არ ეთანხმება. გვაქვს ინფორაცია, რომ ამ დღეებში გუდაუთის რაიონში ჩატარდა საკმაოდ დიდი მიტინგი, სადაც აფხაზებმა განაცხადეს, რომ ეს არის პირდაპირი ხელყოფა აფხაზეთის სუვერენიტეტისა, რადგან რუსეთის მოქალაქეებად აფხაზეთში მცხოვრები ხალხის მიღების შემთხვევაში მათ შეიძლება განახორციელონ სხვა პოლიტიკური და სამხედრო ღონისძიებებიც.

რაც შეეხება საკითხს, ოფიციალურად რამდენიმე ადამიანმა მიიღო ახალი პასპორტი, როგორც ბატონმა მურადმა გვითხრა, ქართული მხარისათვის ეს უცნობია. მისივე თქმით, მიმდინარე პროცესის მიმართ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკვეთრი განცხადება გააკეთა. ასევე, შესაბამისი მსჯელობები ჰქონდათ პარლამენტის კომიტეტში. “აფხაზეთის” სახელწოდების მქონე ორივე ფრაქციამ იმუშავა ამ საკითხზე, დისკუსიები გრძელდება.

მურად ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ახალ პასპორტში “რუსეთის მოქალაქეობის” ჩაწერით შესაძლოა გადაწყვიტონ რუსეთის შემადგენლობაში მიღების საკითხი.

– ცნობილია, რომ რუსეთში პასპორტების ოფიციალური გამცემი არის რუსეთის ოფიციალური სტრუქტურა, შსს შესაბამისი დანაყოფები, – აღნიშნა ბატონმა მურადმა, – რამდენი პასპორტიც არ უნდა შეაგროვონ აფხაზეთში, ეს იქნება ე.წ. “სლავიანსკი დვორ” თუ “რუსკი დვორ”, თუკი არ გასცემს მას ოფიციალური სტრუქტურა, ყველაფერი იქნება ყალბი. მაგრამ ჩანს, რომ ეს არის მაღალი სტრუქტურებისგან მიღებული დავალება, რომელსაც ასრულებენ გარკვეული ორგანიზაციები აფხაზეთის მთელ ტერიტორიაზე.

 

“საქართველო ”  # 7 (1778)

2 ივლისი, 2002 წელი

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s