Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•ბერძენიშვილი-ქრისტიანობა II

 ♥აფხაზეთი-Abkhazia

ირმა ბერძენიშვილი

  

ქრისტიანობის გავრცელების საკითხი აფხაზეთში არქეოლოგიური მასალების მიხედვით

(IV-VIII სს)

 

თავი I-II

თავი III. მთისწინა და მთიანი აფხაზეთის ძეგლები
§ 1 აფსილთა ქვეყანა – წებელდა

 

ახ. წ. I ს-დან წერილობით წყაროებში სანიგებისა და ლაზების მეზობლად, მათ შორის მდებარე ტერიტორიაზე აფსილებად წოდებული ტომი ჩნდება. პლინიუს უფროსი აფსილებს იხსენიებს მდ. ასტელეფოსის (კოდორი) და მდ. ხრისოროასის (კელასური) მახლობლად, ხოლო ფლავიუს არიანე ასახელებს მათ მეფეს (“ბასილევსს”) იულიანეს, რომელსაც სამეფო ხელისუფლება ადრიანეს მამის, იმპერატორ ტრაიანესაგან მიუღია. პლინიუსის ჩვენებებიდან გამომდინარე, აფსილებს აღებულ ხანაში (ახ. წ. I-II სს.) უნდა სჭეროდათ მდ. კოდორის ხეობა (წებელდის მხარე). ჩრდილო-დასავლეთით მათი მიწა-წყალი ციხე-ქალაქ სებასტოპოლამდე აღწევდა, ჩრდილო-აღმოსავლეთით კი სვანთა ქვეყანამდე [ინაძე მ., 1992, გვ. 50]. მაგრამ პლინიუსის ცნობით, არ ჩანს, რომელი ტერიტორია ეჭირათ აფსილებს შავი ზღვის სანაპიროზე. თუ გავითვალისწინებთ ახ. წ. II ს-ის გეოგრაფის კლავდიოს პტოლემაიოსის ჩვენებას, ასევე მემნონის ცნობას, რომელშიც ჩრდილოეთ კოლხეთის ზღვისპირეთის მოსახლეობად მხოლოდ ორი ეთნიკური ერთობა – ლაზები და სანიგებია დასახელებული, მაშინ აფსილებს ამ ხანაში (ძვ. წ. I – ახ. წ. I სს.) სანაპირო ზოლის დიდი მონაკვეთი არ უნდა სჭეროდათ [ინაძე მ., 1992, გვ. 50-53].
ახ.წ. I ს-დან აფსილთა სამთავრო საკმაოდ დაწინაურებული პოლიტიკური ერთეულია, რაც თავისთავად გულისხმობს აფსილთა ეთნიკურ ერთობაში შესაბამისი სოციალური-ეკონომიკური პირობებისა და კულტურის განვითარების გარკვეული დონის არსებობას. ამას ადასტურებს აფსილთა პოლიტიკური ცენტრის – წებელდისა და მისი მიდამოების არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგებიც. მკვლევარნი შენიშნავენ,
83
რომ წებელდაში გამოვლენილი კულტურა აღმოცენდა ადგილობრივ ბაზაზე. იგი წარმოადგენს კოლხური კულტურის ტრადიციების შემდგომი განვითარების შედეგს, ავლენს უწყვეტ კავშირს კოლხური კულტურის ტრადიციელბთან, მაგრამ, ამავე დროს, მასში შეინიშნება მთელი რიგი თავისებურებანი [ინაძე მ., 1992, გვ. 169].
წებელდის კულტურის ქრონოლოგიური ჩარჩოები მკვლევართა ერთი ნაწილის მიერ II – V სს-ში თავსდება (მ. თრაფში, გ. შამბა); მკვლევართა მეორე ნაწილის მიხედვით კი II-VII სს. (ბ. კუფტინი, ა. ამბროზი, ი. ვორონოვი) [Воронов Ю., 1975, с. 16].
აფსილთა ქვეყანა თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით ადვილად უკავშირდებოდა ერთი მხრივ, კოლხეთის შიდა და ზღვისპირა რაიონებს, მეორე მხრივ, ჩრდილო კავკასიას, რის შედეგად კულტურულ და პოლიტიკურ სფეროში, ასევე ეთნიკური თვალსაზრისითაც შეინიშნება აფსილთა მჭიდრო ურთიერთობები როგორც მეზობლად მცხოვრებ ქართველ მოსახლეობასთან, ისე ჩრდილოკავკასიის ტომებთან. ყველაფერი ეს ზეგავლენას ახდენდა წებელდის კულტურის თავისებურებათა ჩამოყალიბებაზე, ასევე, აფსილთა ისტორიის შემდგომ მსვლელობაზე. მ. ინაძის აზრით, ქართული მოსახლეობის გარემოცვაში მოხვედრა (აქ იგულისხმება მეგრულ-ჭანური, სვანური და აღმოსავლურ-ქართული მოსახლეობაც) და მასთან ხანგრძლივი კონტაქტი უთუოდ ზეგავლენას ახდენდა აფსილთა ენასა და კულტურაზე. მათ მიწა-წყალზე დადასტურებულია არა

84
ერთი ქართული, მათ შორის სვანური ტოპონიმი, რაც აფსილთა ქართულ ეთნიკურ სამყაროსთან მჭიდრო ურთიერთობის კიდევ ერთი მოწმობაა [ინაძე მ., 1992, გვ. 55].
პროკოპის გადმოცემით, “აფსილები ლაზების ქვეშევრდომნი არიან” [გეორგიკა, 1965, გვ. 128, 162]. ახ. წ. VI ს-ის ამბების აღწერისას არაფერია ნათქვამი აფსილთა მთავარზე. ამასთან, ლაზთა მეფეს აფსილეთში თავისი მოხელეები (მაგისტროსი) ჰყავდა. აღნიშნული გარემოება ზოგიერ მკვლევარს აფიქრებინებს, რომ აფსილეთი VI ს-ში უშუალოდ იყო შესული ლაზეთის სამეფოს შემადგენლობაში [მელიქიშვილი გ., 1970, გვ. 546; ლომოური ნ., 1973, გვ. 166].
ისტორიული წებელდა, ჯერ კიდევ XIX საუკუნეში მოიცავდა საკმაოდ დიდ ტერიტორიას, სამხრეთით ესაზღვრებოდა ქედს (აპიანჩას, აგიშის, ჩიჟოუშის მთები), აღმოსავლეთით – მდ. კოდორს, დასავლეთით – მდ. კელასურს, ჩრდილოეთით – კავკასიის მთავარ ქედს. II-VII სს-ში ეს ტერიტორია მთლიანად შედიოდა წებელდის არქეოლოგიური კულტურის არეალში, რომელიც თავის მხრივ დასავლურ-ქართული კულტურის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი, მისი ლოკალური ვარიანტი იყო, რასაც დასავლეთ საქართველოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად გამოვლენილი ნივთიერი მასალაც ადასტურებს. ცნობილია, რომ წებელდური კულტურის ერთ-ერთ ძირითად განმასხვავებელ ატრიბუტად ე.წ. წებელდური ტიპის ცული და ძაბრისებურპირიანი კერამიკაა მიჩნეული. ე.წ. წებელდური ტიპის ცულის აღმოჩენის ფაქტი დასავლეთ საქართველოს არაერთ

85
პუნქტში დასტურდება: ჩხარი, ლეჩხუმი, ზუგდიდის რ-ნი, აჯამეთი, ურეკი, ვანი, ვარდციხე და სხვ. [ჯაფარიძე ვ., 1989, გვ. 107; ჯაფარიძე ვ., 1978, გვ. 82]; ხოლო, რაც შეეხება ძაბრისებურპირიან კერამიკას, მსგავსი ფორმის ჭურჭელი ცნობილია ბუკისციხიდან, ურეკიდან, სოფ. ლიას სამარხებიდან და ვარდციხიდან [ჯაფარიძე ვ., 1978, გვ. 82]. ვ. ჯაფარიძის დაკვირვებით ეს ჭურჭელი თავი არსებობით სამარხებს უკავშირდება და ძირითადად სარიტუალო ჭურჭელია; გენეზისით კი, შესაძლოა, უფრო ადრეული ხანის (ელინისტური), ასევე სპეციფიურ კერამიკას – ქვევრსამარხებს უკავშირდებოდეს [ჯაფარიძე ვ., 1978, გვ. 82-83].
ისტორიული წებელდის ტერიტორიაზე და მის შემოგარენში ცნობილია 15-ზე მეტი ნასახლარი, 10 ციხე-სიმაგრე და 20 სამაროვანი. ყველაზე მნიშვნელოვანი ძეგლები თავმოყრილია წებელდისა და აზანთის მიდამოებში მდ. კოდორის მარჯვენა სანაპირზე. აქვე გამოვლენილია ქლუხორისაკენ მიმავალი ძველი გზა [Воронов Ю., 1975, с. 9, 18].
აფსილეთის შიდა რაიონებში ქრისტიანობის გავრცელებაზე მიუთითებს ის მასალა, რომელიც წებელდის ნეკროპოლზე აღმოჩნდა: თიხის ჭურჭელი და მინის სასმისები ჯვრის გამოსახულებით, პატარა გულსაკიდი ჯვრები, რკინის ბეჭედი ჯვრის გამოსახულებიანი ვერცხლის საბეჭდავით, ჯვრისფორმის ფიბულები. წებელდის ნეკროპოლის სამარხთა დამხრობაში და მოწყობის წესში რაიმე კანონზომიერბის დანახვა ძნელია, მით უფრო, რომ კრემაციული სამარხები აქ VII ს-მდე გვხვდება, თუმცა

86
მეტნაკლები სიხშირით აქ ქრისტიანული წესით გამართული სამარხებიც დასტურდება.
მეცნიერთა ერთი ნაწილი მიიჩნევს, რომ ქრისტიანობის შეღწევა წებელდაში III ს. ბოლოსა და IV ს-ში ხდება (მ. თრაფში, ზ. ანჩაბაძე, გ. შამბა, მ. გუნბა, მ. ინაძე), მეორენი (ი. ვორონოვი, ა. იუშინი) უარყოფენ ამ თარიღს, და ქრისტიანობის გავრცელებას VI ს. მეორე ნახევარსა და VII ს. უკავშირებენ.
წებელდაში ადრებიზანტიური ხანის ოთხი ეკლესიაა გამოვლენილია, რომელთაგან ორი წებელდის სიმაგრეშია გათხრილი. 1977-79 წლებში წებელდის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღ. ი. ვორონოვი) გაითხარა 3 ეკლესია. №1 ეკლესია, რომელიც მცირე ზომის დარბაზული ტიპის ნაგებობას წარმოადგენს, გვიან შუა საუკუნეებშია აგებული №2 ეკლესიის ადგილზე, როგორც ჩანს, №2 ეკლესიის ქვების გამოყენებით, ორივე ეკლესია, №1 და №2, ქვის რიგების დაცვითაა ნაგები. №2 და №3 ეკლესიები ადრექრისტიანული ხანით თარიღდება.
წებელდის №2 ეკლესია. №2 ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა, ნახევარწრიული შვერილი აფსიდით, რომელსაც შიგნიდან ნალისებური ფორმა აქვს. ეკლესიას დასავლეთით ეკვრის ნართექსი. ეკლესიის ზომებია 17 X 7,7 მ (ტაბ. VII,1). ძირითადად მხოლოდ ფუნდამენტია შემორჩენილი, რამდენადმე უკეთაა შემონახული აფსიდის კედელი (0,65 მ). კედლის სისქეა 0,95-1,0 მ. [Хрушкова Л., 1982, с. 156]. ეკლესიის აფსიდის ნალისებური ფორმა ანალოგებს პოულობს ადრექრისტიანული

87
ხანის აღმოსავლეთ საქართველოს და კაბადოკიის ძეგლებთან [Restle M., 1979]. აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის ძეგლებიდან მისი ანალოგია ციხისძირის ბაზილიკა [ინაიშვილი ა., 1974, ტაბ. VI]. ეკლესიის დეკორს წარმოადგენდა ადრექრისტიანული სიუჟეტებით შემკული კაპიტელი – იმპოსტი, რომელიც საუკუნის დასაწყისში აღმოჩნდა, მართალია დღეს დაკარგულია, მაგრამ ა. მილერის პუბლიკაციითაა ცნობილი [Миллер А., 1909, გვ 71-82. სურ. 6] (ტაბ. XVIII,4); ეკლესიის დეკორს წარმოადგენდა აგრეთვე კარნიზი, რომელიც ფიგურული აგურით იყო შედგენილი, თავისი ფორმით _ კბილანებით – იგი პარალელებს პოულობს ამიერკავკასიის მთელ რიგ ძეგლებთან, მისი გავრცელების დრო საქართველოში (კონდამიანი, მცხეთის ჯვარი, იდლეთი, ოლთისი) [ცინცაძე ვ., 1950, გვ. 7, სურ. 9; Чубинашвили Н., Шмерлинг Р., 1948, სურ. 12] და სომხეთში (მასტარა, მრენი, მაზარჯუკი, ადიამანი, ალამნი, ავანი) [Токарски Н. М., 1946, c. 62-65, 76-77, 80; Хрушкова Л., 1982, с. 161] VI ს-ის ბოლო – VII ს-ის I ნახევრით განისაზღვრება. №2 ეკლესიაც ამ დროით თარიღდება [Хрушкова Л., 1982, с. 161].
წებელდის №3 ეკლესია. №3 ეკლესია დარბაზული ტიპის ნაგებობაა ნართექსით და ნახევარწრიული აფსიდით. ეკლესიის ზომებია 22,47X17,8 მ (ტაბ. VII,1). სამხრეთ კედელს საკარე ღიობამდე ქვის სკამი მიუყვება (განი – 0,3 მ, სიმაღლე – 0,32 მ). ეკლესიის საკურთხეველში შემორჩა სინტრონის ნაშთი [Хрушкова Л., 1982, с. 162]. ეკლესიას სამხრეთით ეკვრის სამ განყოფილებიანი ბაპტისტერიუმი, რომლის მთავარ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს ემბაზი, რომელსაც შიგნიდან რამდენადმე ასიმეტრიული ჯვრის

 88
ფორმა აქვს, გარედან კი ოთხკუთხედშია ჩაწერილი. მისი გარეთა ზომებია 2X2 მ. ემბაზის საფუძველი და კედელი აგურითაა ნაგები და დაფარულია ფერადი დუღაბით. ემბაზის შიგნით აღმოჩნდა ნარინჯისფერკეციანი ამფორის ფრაგმენტი, რომლითაც სავარაუდოდ ემბაზის წყლით მომარაგება ხდებოდა. წებელდის ადრექრისტიანული ბაპტისტერიუმი განსაკუთრებულ სიახლოვეს ამჟღავნებს ბოსნიის ბაზილიკების ჯგუფთან, ჩობან-დარესთან (პრესლავთან, ბულგარეთი) და ზალლისთან (შვეიცარია). ბოსნიის ბაზილიკები თარიღდება V ს. II ნახევრით – VI ს. დასაწყისით, ჩობან-დარე – V-VI სს-ით, ზილლისი კი – V ს-ით [Хрушкова Л., 1982, с. 174].
წებელდის ბაზილიკა ბაპტისტერიუმით წარმოადგენს მთელ კომპლექსს, რომელიც რამდენიმე ფუნქციას აერთიანებს (domus esslesiae) – ევქარისტიულს, ნათლობის და მემორიალურ ფუნქციას. წებელდის ბაპტისტერიუმიანი ბაზილიკა იუსტინიანემდე დროით უნდა დათარიღდეს, ვინაიდან იუსტინიანეს ეპოქისათვის დამახასიათებლია (აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთისათვის) ბაზილიკის სტანდარტული ტიპი (სამნავიანი ნაგებობა წინ გამოზიდული ხუთწახნაგა აფსიდითა და ნართექსით), რომელიც არსებითად განსხვავდება წებელდის ეკლესიისაგან. წებელდის ბაზილიკა V ს-ის ბოლო – VI ს. პირველი ათწლეულით თარიღდება [Хрушкова Л., 1982, с. 176].
წებელდის ეს ეკლესია ვერ პოულობს ანალოგებს ამიერკავკასიის ადრექრისტიანულ ძეგლებთან. საერთოდ ბაპტისტერიუმები ამ რეგიონში ძალზედ ცოტაა. ყველაზე

89
ადრეული მაგალითია ქართლში – ბოლნისის სამნავიანი ბაზილიკა, სადაც სანათლავი სამხრეთ ეკვდერში უნდა ყოფილიყო გამართული [Чубинашвили Г., 1940, с. 128-130]. ბაპტისტერიუმად მიიჩნევენ, აგრეთვე, ვაშნარის სამნავიანი ბაზილიკის (VI ს.) სამხრეთი ნავის აღმოსავლეთი ნაწილის მინაშენს [Леквинадзе В., 1972, с. 313]. ბიჭვინთის ბაზილიკაში კი სანათლავი, გეგმაში სწორკუთხა ემბაზით, მოწყობილია ნართექსში. ერთადერთი მაგალითი აფხაზეთში ცალკე მგდომი ბაპტისტერიუმისა დასტურდება სოფ. გუდავაში, რომლის შესახებაც ზემოთ გვქონდა სუბარი.

შაპკა. წებელდის ციხიდან 7 კმ დასავლეთით, ბორცვზე “შაპკა”, 1983 წელს ო. ბგაჟბას მიერ თავდაცვითი ნაგებობის შიგნით ¹2 კოშკის ზემოთ გამოვლინდა, გეგმაში კვადრატული ფორმის (8,86X8,40 მ) ეკლესია (ტაბ. VII, 3). გამოიყო კულტურული ფენის ორი ჰორიზონტი – VI ს. და გვიანი შუა საუკუნეები. ეკლესიის სამხრეთისა და დასავლეთის კედლები ზოგან 2 მეტრის სიმაღლეზეა შემორჩენილი. აღმოსავლეთ ნაწილში მოთავსებულია გეგმაში კვადრატული ფორმის (4X4მ) საკურთხევლის პლატფორმა “საყდრის” ნაშთებით ცენტრში, რომელიც კარგად დამუშავებული ქვებით იყო მოპირკეთებული. პლატფორმამ შემოინახა სამრიგიანი აგურის სარტყლის ნაშთები. საკურთხეველს ჩრდილოეთით ებჯინება მონუმენტური ქვის სამარხი (2X0,8მ), რომელიც შიგნიდან ფერადი დუღაბითაა დაფარული. საკურთხევლის შესასვლელთან აღმოჩნდა მინის ჭრაქებისა და ამფორების (VI ს.) ფრაგმენტები. ეკლესია VI ს-ით თარიღდება [Бгажба О., 1985, с. 463-464].
90
ტიპოლოგიურად შაპკის ეკლესია უახოვდება სირიისა და მესოპოტამიის ნესტორიანულ ეკლსიებს [Воронов Ю., Бгажба О., Шенкао Н., Логинов В., 1986, с. 55-56].

მრამბა. სოფ. მრამბაში (წებელდიდან 4-7 კმ სამხრეთ-დასავლეთით) 1981-82 წლებში წებელდის ექსპედიციის მიერ (აფხაზეთის ინსტიტუტი და აფხაზეთის სახელმწ. მუზეუმი) ჩატარებული გათხრების შედეგად გამოვლინდა ადრექრისტიანული დარბაზული ტიპის ეკლესია წინ წამოზიდული, გარედან ხუთწახნაგოვანი (წახნაგთა სიგრძეა 1,3-1,8 მ) და შიგნიდან ნალისებური ფორმის აფსიდით (სიგანეა 2,72 მ, სიღრმე 2,45 მ). ეკლესია ნაკლები გულმოდგინებით დამუშავებული ქვის კვადრებითაა ნაგები. აფსიდის ნაწილში კედლის სისქეა 0,9 მ, შენობის დანარჩენ ნაწილებში კი 1,1 მ, კედლები 0,2-0,3 მ სიმაღლეზეა შემორჩენილი (ტაბ. VII,4). ტაძარი მოგვიანებით, XI-XIV სს-ში, საფუძვლიანად შეუკეთებიათ [Бгажба О.,1984, გვ. 421; Воронов Ю., Бгажба О., 1985, c. 33]. მრამბის ტაძარს ახლო ანალოგები ეძებნება კაბადოკიაში, ესაა Anatepe-სა (VII ს. პირველი ნახევარი) და Yedikapulus-ის (600 წ.) დარბაზული ტიპის ეკლესიები ხუთწახნაგოვანი აფსიდით [Restle M., 1979, სურ. 3, 7].
მრამბის ტაძარს უკავშირდება, აქვე აღმოჩენილი, ადრექრისტიანული სიუჟეტებითა და სიმბოლოებით შემკული კირქვის ფილები. ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია ტოლმკლავა ჯვარი წრეში, ყურძნის მტევნები და ჩიტები (ტაბ. XVII, 3); აქვეა აღმოჩენილი ფილაქვა თევზის სქემატური გამოსახულებით (ტაბ. XVI, 4), ანტეფიქსი ჯვრით და სხვა სიმბოლოებით (ტაბ. XVIII,5),
91
აგრეთვე ფილა ოთხფურცლიანი ვარდულით და ა.შ. ეს ფილაქვები სავარაუდოდ მრამბის ამ უძველესი ეკლსიის ფუნქციონირების დროინდელია და VI-VIII სს-ით თარიღდება [Воронов Ю., Бгажба О., 1985, c. 33, ტაბ. XXVI]. სწორედ მრამბის ეკლესიის ჩრდილოეთ კედელთან, 1 მეტრის სიხლოვეს აღმოჩნდა ქვიშაქვის მონოლითური სარკოფაგი [Воронов Ю., Бгажба О., 1985, с. 33, ტაბ. XXVI,13], რომელიც აფხაზეთში აღმოჩენილ ადრექრისტიანული ხანის ქვის ოთხ მონოლითურ სარკოფაგს შორის ერთ-ერთია. მას უფრო დეტალურად ქვემოთ სარკოფაგებზე მსჯელობისას შევეხებით.

 

§ 2 ხაშუფსე

ხაშუფსე მდებარეობს ზღვის სანაპიროდან 30 კმ ჩრდილო-აღმოსავლეთით, გაგრის რ-ნში, მდ. ხაშუფსეს ხეობაში. 1967 წელს აფხაზეთის ინსტიტუტის მიერ დაზვერვითი სახის სამუშაოების დროს (ს. შამბას ხემძღვანელობით) მდ. ხაშუფსეს, აჩმარდისა და ლაფსთის ხეობაში გამოვლინდა ადრე შუა საუკუნეთა ხანის ნამოსახლარები და სამაროვნები [Шамба С., 1974].
ხაშუფსეს ციხეში, რომელიც განვითარებული შუა საუკუნეების ძეგლს წარმოადგენს, გამოვლენილია VI ს-ის ეკლესია – დარბაზული ტიპის ნაგებობა ნახევარწრიული შვერილი აფსიდიდ, რომელსაც შიგნიდან ნალისებური ფორმა აქვს. დასავლეთით ეკვრის ნართექსი. ეკლესიის ზომებია 16,2X6,9 მ (ტაბ. VII,2). თავად ხაშუფსეს ციხე, ისევე როგორც ეკლესია,
92
არქეოლოგიურად შესწავლილი არაა. ციხიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კმ მანძილზე მდებარეობს ხაშუფსეს გვიანანტიკური ხანის სამაროვანი, რომელიც 3 ჰა ფართობზე ვრცელდება. ეს სამაროვანი ჯერ კიდევ 1952 წელს დაზვერა მ. თრაფშმა. შემდგომი დაზვერვითი სამუშაოების დროს აქ გამოვლინდა დიდი ოდენობით გვიანანტიკური ხანის კერამიკის ფრაგმენტები და რკინის შუბის პირები, რომელიც პირდაპირ ანალოგს პოულობს ამავე პერიოდის წებელდის სამაროვნის მასალასთან [Шамба С., 1974, с. 65].
მდ. ხაშუფსეს მარცხენა სანაპიროზე, ზღვიდან 28 კმ მანძილზე, სოფ. აჩმარდაში, იგივე დაზვერვითი სამუშაოების დროს, დადასტურდა გვიანანტიკური ხანის ნამოსახლარი და სამაროვანი. ზედაპირულად აიკრიფა თხელკედლიანი წითელლაკიანი კერამიკის ფრაგმენტები, რომაული სპილენძის მონეტა და სხვ.
მდ. ხაშუფსეს დასავლეთით ზღვიდან 30-40 მ მანძილზე, წინასწარული დაზვერვით ცხადი გახდა, რომ ბრინჯაოს ხანიდან დაწყებული ვიდრე, შუა საუკუნეებამდე აქ სამაროვანი და სამოსახლო არსებობდა, განსაკუთრებით მჭიდროდ ყოფილა იგი დასახლებული ანტიკურ ხანაში. ახ. წ. I ათასწლეულის შუა ხანებში აქ ლაფსთის სამაროვანი ფუნქციონირებს [Шамба С., 1974, с. 52].
მდ. ხაშუფსეს ხეობაში განლაგებული სამაროვნები, როგორც წესი, მცირე ბორცვების ფერდობებზეა შეფენილი. ხაშუფსეს ხეობის ეს ძეგლები შეიძლება იმის მაუწყებელი იყოს, რომ

93
აფხაზეთი ამ დროს ჩრდ. კავკასიას არა მხოლოდ კოდორის ხეობით და ქლუხორის უღელტეხილით უკავშირდებოდა, არამედ მისგან ჩრდილო–დასავლეთით არსებული ხაშუფსეს ხეობითაც [Шамба С., 1974, с. 65].

§ 3 დრანდა

დრანდის ტაძარი მდებარეობს ქ. სოხუმიდან 18 კმ სამხრეთ-აღმოსავლეთით, მდ.კოდორის მარჯვენა სანაპიროზე, შემაღლებულ პლატოზე, სოფელ დრანდაში.
შუა საუკუნეებში დრანდა ეპისკოპოსთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ვახუშტი ბატონიშვილი თავის ‘‘აღწერა სამეფოსა საქართველოსაში” წერს: ‘‘კოდორის… წყალზედ არს ეკლესია დრანდას, მთაში, გუნბათიანი, შვენიერი, დიდშენი. ზის ეპისკოპოსი, მწყემსი კოდორსა და ანაკოფიას შორისისა ადგილთა. Aარამედ აწ აფხაზთაგან არღარა არიან ორთა ამათ შინა ეპისკოპოზნი’’ [ბაგრატიონი ვ., 1997, გვ. 170].
ძეგლი არაერთგზის დაზიანებულა, განსაკუთრებით XVII-XVIII სს-ში თურქთა ბატონობის პერიოდში. XIX ს-ში იგი მრავალჯერ იყო რესტავრირებული. ხელახლა დაზიანდა ხანძრის შედეგად 1877-78 წლებში, რუსეთ-თურქეთის ომის დროს, რამაც ტაძრის ფრესკებიც იმსხვერპლა [Воронов Ю., 1978, с. 108-109; Пачулиа В., 1964, с. 44-47]. ეს ფრესკები, რომლებიც სავარაუდოდ XIII-XIV სს-ებს განეკუთვნებოდა 1846 წელს ს. საბლინს და მოგვიანებით, 1860 წელს დ. ბაქრაძეს უნახავს და აღუწერია [Бакрадзе Д., 1875, с. 65-66]. კაპიტალური რემონტი ძეგლს 1880-83

94
წწ-ში ჩაუტარდა, როცა ახალ ათონელმა ბერებმა აქ მამათა მონასტერი დააარსეს, რომელმაც 1921 წლამდე იარსება. 1900-იან წლებში ტაძრის გუმბათი რუსული ეკლესიის ნირზე იქნა გადაკეთებული. 1978 წ. დრანდაში ჩატარდა სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები (ვ. ცინცაძის ხელმძღვანელობით), რომლის მთავარი მიზანი ძეგლის თავდაპირველი სახის აღდგენა იყო [ცინცაძე ვ., 1979, გვ. 35-42].
ძეგლი წარმოადგენს ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას. ძეგლის გარეთა ზომებია: ჩრდილოეთიდან სამხრეთით – 19,5 მ, დასავლეთიდან აღმოსავლეთით, აფსიდისა და ნართექსის ჩათვლით – 27,3 მ. კონსტრუქციის ბირთვს გუმბათი და მისი მზიდი კედლები წარმოადგენენ. გუმბათი, რომლის შიდა დიამეტრი 10,3 მ, ემყარება კედლების მრგვალ შვერილებს და არა კვადრატს. თაღი შეკრულია 16 წახნაგზე. ტაძრის აღმოსავლეთ ნაწილში მოთავსებულია სამსხვერპლო და სადიაკვნო შიგნიდან ნახევარწრიული და გარედან სამწახნაგოვანი აფსიდით. ჯვრის აღმოსავლეთი მკლავი შიგნიდან ნახევარწრიულ, გარედან ხუთწახნაგოვან აფსიდას წარმოადგენს. ტაძრის დასავლეთი კუთხეები მრგვალ ოთახებს (4 მ დიამეტრის) უჭირავს, რომელიც აღმოსავლეთ სათავსოების მსგავსად ყრუ გუმბათით იყო გადახურული (ტაბ. VIII,1,2). სამშენებლო მასალად ძირითადად აგურია გამოყენებული, პერიფერიული და ზოგი სხვა კედლები კი აგურისა და რიყის ქვის რიგების მონაცვლეობითაა ნაშენი [ცინცაძე ვ., 1979, გვ. 38].

95
განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს ტაძრის დაბალი პროპორციები. გ. ჩუბინაშვილი დრანდას “მცხეთის ჯვრის” ტიპის ერთ-ერთ ვარიაციად მიიჩნევდა, სადაც ქართულ მხატვრულ გაგებასთან ბიზანტიური ხასიათის ელემენტებია შერწყმული. ასეთივე ხასიათი ჩანს მასალაშიაც: რიყის ქვა და აგურის სარტყლები [ჩუბუნაშვილი გ., 1936, გვ. 143]. იგივე აზრს იზიარებდა ლ. რჩეულიშვილი [Рчеулишвили Л., 1978, с. 27]. თუმცა არსებობს მოსაზრება დრანდის ტაძრის წმინდა ბიზანტიური წარმომავლობის შესახებაც [Леквинадзе В., 1980, с. 201-216; Хотелашвили М., Якобсон А., 1984, с. 200-206].
დრანდის ერთ-ერთ თავისებურებას წარმოადგენს გუმბათქვეშა სივრცის წრიულობა (და არა კვადრატულობა), ტაძრის კომპოზიციაში გუმბათის დომინირებული მდგომარეობა. ადრექრისტიანული ტაძრებისათვის გუმბათქვეშა სივრცის წრიულობა არაა დამახასიათებელი, სამაგიეროდ, მსგავსი გადაწყვეტა გვხვდება ჯვრის ფორმის ბაპტისტერიუმებსა და მარტირიუმებში [Леквинадзе В., 1980, с. 205]. ა. ვისოცკი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობის პროტოტიპად ანტიკური ხანის ტაძარს მიიჩნევს და დრანდის ტაძარს უდარებს ისეთ ადრექრიტიანულ ძეგლებს, როგორიცაა ბინბურ-კილისის ¹8 ეკლესია (VI ს.) მცირე აზიაში და ქერსონესის ბაპტისტერიუმი (VI ს.), ანტიკურ არქიტექტურაში დრანდის პარალელს წარმოადგენს ვენერასა და რომის ტაძარი (III ს.) ოსტიაში [Висоцкий А., 1978, с. 154].
ე. ნოიბაუერის მიხედვით დრანდის ტაძარს გეგმის მიხედვით ბიზანტიის ისეთ ძეგლებთან ეძებნება პარალელები,
96
როგორიცაა კონსტანტინოპოლში Kalender Halens Camii (S. Maria Diakonissa) და Hodja Atik Mustapha Camii (Petrus -und Markuskirche), V ს.; მაგრამ რადგანაც, ავტორის აზრით, მსგავსი გეგმის ტაძრები ფართოდ, მხოლოდ IX ს-დან ვრცელდება, დრანდის ტაძარიც, შესაბამისად, IX ს-ით უნდა დათარიღდეს [Neubauer E., 1978, s. 76].
ვ. ლექვინაძე დრანდის უახლოეს ანალოგად მიიჩნევდა ცარიცინგრადის ტეტრაკონქს, რომლის გუმბათქვეშა სივრცე ოვალურია. ეს ტეტრაკონქი, ჩაწერილი ჯვრის ტიპის ნაგებობას წარმოადგენს, მსგავსად დრანდისა, მაგრამ ცარიცინგრადის ტეტრაკონქი, დრანდის ტაძრისაგან განსხვავებით ბაპტისტერიუმი ან მარტირიუმია [Леквинадзе В., 1980, с. 205-206].
დრანდის ტაძარში, სადაც ჯვარ-გუმბათოვანი და როტონდას თემებია თავმოყრილი და მთელს კომპოზიციაში გუმბათს დომინირებული მდგომარეობა უჭირავს, რ. მეფისაშვილის აზრით შეიძლება პარალელების გავლება ბიზანტიის ისეთ ცნობილ ძეგლებთან, როგორიცაა ვიტალის ეკლესია რავენაში, ან სერგიისა და ვაკხას ეკლესიები კონსტანტინოპოლში [Меписашвили Р., 1983, с.7-9]. იგი ტაძარს არქიტექტურის თავისებურებიდან გამომდინარე ჯერ VII ს-ით ათარიღებდა [Mepisaschvili R., Zinzadse W., 1977, s. 64], მოგვიანებით მან შეცვალა თავისი ეს მოსაზრება და არქეომაგნიტური მეთოდით მიღებულ თარიღზე დაყრდნობით, ძეგლი VIII ს-ით დაათარიღა [Меписашвили Р., 1983, с. 10].
დრანდაში ბიზანტიურ გავლენაზე (სამშენებლო ტექნიკა) მიუთითებს დ. თუმანიშვილი, თუმცა აღნიშნავს გარკვეული პარალელების არსებობას მცხეთის ჯვარსა და დრანდას შორის: “ამ

97
უკანასკნელის ამგებთ თვალი მცხეთის წმ. ჯვრის ტაძრებისკენ გაქცევიათ და საკურთხევლის გარეთკენ წახნაგოვნად გამოსული ნახევარწრიული უბეები (ე.წ. აფსიდები) პატარა თაღებით გადაუბამთ, რასაც სხვაგან ვერსად ნახავს კაცი” (თუმანიშვილი დ., 1995, გვ. 67-70). ამ პარალელზე (თაღების მოტივი) მსჯელობს რ. მეფისაშვილი, რომელიც ასევე ხედავს მსგავსებას დრანდასა და მცხეთის ჯვარს შორის და ჯვრის ტიპის სხვა ძეგლებს შორის. მსგავსი თაღები ამკობს კუმურდოს (964 წ.) ფასადებს, თრიალეთის ახალქალაქს (X-XI სს.), წმ. ნიკოლოზის ეკლესიას გელათში (XIII-XIV სს.) [Меписашвили Р., 1983, с.7].
დრანდის ტაძრის სამშენებლო სპეციფიკიდან გამომდინარე არაა გამოსარიცხი, რომ დრანდა ბიზანტიური ხელოვნების აქტიურ ზეგავლენას განიცდიდა, და იგი შეიძლება, სავარაუდოდ, საიმპერიო ძეგლების რიცხვშიც მოექცეს, რადგან აქ, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია იმდროისათვის არსებული პოლიტიკური სიტუაცია, კერძოდ, ბიზანტიის ინტერესები და აქტიურობა აღნიშნულ რეგიონში; ამავე დროს აშკარაა მცხეთის ჯვარსა და დრანდის ტაძარს შორის არსებული კომპოზიციური მსგავსება და სიახლოვე.
დრანდაში მეტად საინტერესო აღმოჩენას ჰქონდა ადგილი სარესტავრაციო სამუშაოების დროს. გუმბათის ყელის საძირკველსა და ყრუ გუმბათს შორის სივრცე ამოვსებული იყო 30-მდე მთელი ამფორით (ტაბ. IX,1), ისინი ნახევრად ჩაწვენილ მდგომარეობაში, პირქვე იყო დამხობილი. ეს მეთოდი ტრადიციულია რომაულ-ბიზანტიური არქიტექტურისთვის და იგი ძირითადად კამარის

98
კონსტრუქციის შემსუბუქების და ხმის გაძლიერების მიზნით გამოიყენებოდა. ამ მეთოდის გამოყენება კი აღმოჩენილ ამფორათა და ტაძრის თანადროულობაზე მიუთითებს, ამიტომაც ამ ამფორათა განსაზღვრა და სწორი ანალიზი ერთ-ერთი ხელშემწყობი კომპონენტთაგანი უნდა იყოს ძეგლის სწორად დათარიღების საქმეში. აღმოჩენილ ამფორათაგან 24 მათგანი დღეს აფხაზეთის მუზეუმში ინახება, დანარჩენი კი ხელუხლებელი დარჩა აღმოჩენის ადგილას. მკვლევარები მსგავს კოსტრუქციულ გადაწყვეტას დრანდის ტაძრის დანარჩენ კამარებსა თუ გუმბათის ქვეშაც ვარაუდობენ [Хотелашвили М., Якобсон А., 1984, с. 193]. მსგავსი მეთოდი ცნობილია განთიადის ბაზილიკის ბემის კამარასა და კონქაში [Хрушкова Л., 1985, გვ. 30, ტაბ. VIII,1-3]. დრანდაში 7 ტიპის ამფორაა (ტაბ. IX,2) წარმოდგენილი, რომელთა განხილვასაც ქვემოთ შევეცდებით:

1. კონუსური ფორმის, მაღალყელიანი ამფორა, ოვალური ყურით, დაღარული ტანით. შემორჩენილია მხოლოდ კორპუსის ზედა ნაწილი, 43,5 სმ სიმაღლის; ყელის სიმაღლეა – 8,5 სმ; პირის დიამეტრი – 7 სმ. კეცი მოწითალო-ჩალისფერია, იშვიათი თეთრი ჩანართებით (ტაბ. IX,2-1) [Хотелашвили М., Якобсон А., 1984, с. 193].
მსგავსი ტიპის ამფორის ფრაგმენტები აღმოჩენილია ბიჭვინთის ნაქალაქარზე VI სს-ის ფენებში [ღამბაშიძე ო., 1977. გვ. 128, 131, სურ. 185; ღამბაშიძე ო., 1963. გვ. 91]; ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში ამგვარი ამფორები ცნობილია ქერსონესში და ტამანის ნახევარკუნძულზე, რომლებიც იაკობსონის

99
კლასიფიკაციით 1 ტიპს განეკუთვნება (V-VI სს.) [Якобсон А. 1979, გვ. 8, სურ. 1,1; Якобсон А. 1951, გვ. 327, სურ. 1,1]; ცნობილია ეს ტიპი დასავლეთ შავიზღვისპირეთში, რუმინეთში (Tomi, Sacidava, Dinogetia), სკორპანის მიხედვით ტიპი XVII, თარიღდება V-VI სს. [Scorpan, 1977, გვ. 283, fig. 23]. რამდენიმე ეგზემპლარი მსგავსი ამფორისა დაცულია სინოპის მუზეუმში, IV ს. [Tezgör D., 1999, p.119, fig.9]. Opaiţ-ის მიხედვით Topraichioi-ში აღმოჩენილი ეს ტიპი (conical amphora of Seleucia in Pieria type) სირიული წარმომავლობისაა, და სკმაოდ კარგადაა წარმოდგენილი დუნაის ქვემო წელზე IV ს-ის ბოლოს – V ს-ის პირველ ნახევარში [Opaiţ A., 1996, გვ. 210, planşa 11, 1]. არსებობს სხვა მოსაზრებაც ამ ტიპის ამფორის (LRA17) ეგვიპტური წარმომავლობის შესახებ, რომელიც მიმოქცევაში იყო IV ს-ის ბოლოდან ვიდრე VII ს-ის დასაწყისამდე [Sciallano M. et Sibella P., 1991].

2. თითისტარისებრი მოყვანილობის ამფორა, ბოლოში შევიწროებული კორპუსით, კონუსური, შიგნიდან ღრუ ქუსლით. კორპუსი მთლიანად დაღარულია. ამფორა თხელკედლიანია. კეცი– მოწითალო-ყავისფერი, წმინდად განლექილი, ქარსის უმნიშვნელო შემცველობით. ბრტყელი ყურები ყელს ებჯინება. ამფორის სიმაღლეა 56,5 სმ, პირის დიამეტრი – 3,5 სმ, კორპუსის უდიდესი დიამეტრი – 20,5 სმ (ტაბ. IX,2-2) [Хотелашвили М., Якобсон А., 1984, с. 194].
ანალოგიური ამფორის ძირის (50ც.) და პირის ფრაგმენტები მრავლადაა აღმოჩენილი პიტიუნტის ნაქალაქარზე, IV-V სს-ის ფენებში [berZeniSvili q., fuTuriZe r., 1975, gv. 275, sur. 62,63,64]; ცნობილია ეს ტიპი ნოქალაქევიდან და გუდავადან, რომელსაც ვ. ლექვინაძე, გაიდუკევიჩზე დაყრდნობით, სამოსურ ნაწარმად მიიჩნევს და IV-V სს-ით განსაზღვრავს [Леквинадзе В., Хведелидзе Л., 1981, გვ. 133, ტაბ. XLII,3,4]; დასტურდება ეს სახეობა გონიო-აფსაროსის ადრე შუა საუკინეთა ფენებში [ხალვაში მ., 2002, გვ. 48-51, სურ. 34,5].
მსგავსი ამფორები აღმოჩენილია ყირიმსა და ოლბიაში, IV ს. [Abadie-Reynal C., 1999, p.263, fig. 18], ბოსფორის თითქმის მთელ ტერიტორიაზე: ტირიტაკაში (IV ს.) [Гайдукевич В., 1952, с. 96, рис. 114,1,2,3], პანტიკაპეონსა და ფანაგორიაში (III-IV სს.), ჰერმონასაში (IVს.), ინკერმანში – გვიანანტიკური ხანის ჩერგუნსკის სამაროვანზე და ქერსონესში [Зеест И., 1960, с. 118-119, таб. XXXVIII,95]. ბოსფორის ქალაქებში აღმოჩენილ ამ ტიპის ამფორებს გაიდუკევიჩი სამოსურ ნაწარმად მიიჩნევდა [Гайдукевич В., 1952, с. 96]. აღმოჩენილია ისინი რუმინეთში (Sacidava, Dinogetia, V-VI ს-ის ფენებში) [Barnea I., 1966, p.244, fig. 8,2; p.250, fig. 12,1; Scorpan C., 1977, p.272, fig. 7.5,6. Type V]; ათენის აგორაზე (VI ს-ის ბოლო) [Sciallano M. et Sibella P., 1991, LRA3]; კართაგენში [Reynolds P., 1995, fig. 87]; Caesarea-სა და Berenice-ში (Berghazi, ლიბია) [Riley J., 1979, გვ. 229]. ამ ამფორათა აღმოჩენის ფაქტი დასტურდება სამხრეთ საფრანგეთის არაერთ ძეგლზე (Marseille, Collioure, Port-Vendres, Lunel, Aigues-Vives, Venéjan, Saint-Blaise, Toulon, Hyères, Methamis, Mandelieu, Saint-Laurent-d’Aigouse, Nimes, Saint-Bonnet-du-Gard),

101
რომლებიც აქ აღმოსავლურ იმპორტს წარმოადგენს და თარიღდება IV-VI სს-ით [Bonifay M. et Villedieu F., 1989, p. 27, fig. 7].
Reynolds-ის და Pieri-ს კლასიფიკაციით ეს LRA3 ტიპია [Reynolds P., 1995, fig. 87. ქუსლის ნაწილით გარკვეულ მსგავსებას პოულიბს LRA7,B ტიპთან; Pieri D., p.100, fig. 4]; Peacock and Williams-ის კლასიფიკაციით აღნიშნული ამფორა class 52 შეადგენს და თარიღდება IV ს-ის ბოლო – VII ს-ით [Peacock and Williams, 1986, p. 204, fig. 122]. Keay-ის მიხედვით ეს LLIV ტიპია [Keay S.J., 1984, p.286-289, fig. 124]. ამ სახეობის ამფორა, მხოლოდ ჯერ ცალყურა, ჩნდება უკვე I ს-ში, IV ს-დან მას მეორე ყური უჩნდება, და ამ სახით ეს ტიპი VI ს-ის ბოლომდე განაგრძობს არსებობას [Sciallano M. et Sibella P., 1991; Riley J., 1979, გვ. 229]. Keay მიიჩნევს, რომ დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ამფორის ეს სახეობა VI ს-ის ბოლომდე გამოიყენებოდა, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში კი VII ს-ის პირველ ნახევარშიც უნდა ყოფილიყო ხმარებაში, რასაც Yassi Ada-ში ამ ტიპის ამფორის ერთი ძირის ფრაგმენტის აღმოჩენა ადასტურებს, Yassi Ada-ში გემის ჩაძირვა კი 625-626 წწ-ის შემდგომი დროით თარიღდება [Keay S., 1984, p.289]. ამ ტიპის ამფორის ორყურა ვარიანტი IV ს-ის დასაწყისში პირველად ათენის აგორასა და Caesaraea-ში ჩნდება, IV ს-ის ბოლოთი თარიღდება კართაგენში აღმოჩენილი ცალები [Keay S., 1984, p.286-287]. მათი საწარმოო ცენტრი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს უკავშიდება [Sciallano M. et Sibella P., 1991], კერძოდ დასავლეთ თურქეთს, ეფესოსა და სარდის მიმდებარე რეგიონებს [Arthure P., 1998, p. 165].

102
3. ამფორა ღეროსებრი ქუსლით, დაბალი, ფართო ყელით, ოვალურ-გამოზნექილი ფორმის კორპუსით რომელიც ქვედა ნაწილში შესამჩნევად ფართოვდება.კორპუსი მთლიანად დაღარულია. ამფორის სიმაღლეა 60 სმ, პირის დიამეტრი – 10 სმ, კორპუსის უდიდესი დიამეტრი – 24,5 სმ (ტაბ. IX,2-3) [Хотелашвили М., Якобсон А., 1984, с. 194].
რადგანაც პუბლიკაციაში, რომელსაც ვეყრდნობით ამფორათა აღწერილობით ნაწილში (ვინაიდან პირადად ამ ამფორათა ნახვის საშუალებას მოკლებულნი ვართ ცნობილი მიზეზების გამო), არაა მოცემული ინფორმაცია ამფორის ყურის შესახებ, ფოტოზე კი ცალყურა ამფორაა გამოსახული, სავარუდოდ საქმე სწორედ ცალყურა ამფორასთან უნდა გვქონდეს.
როგორც ცალყურა ამფორა, იგი LRA3 ტიპის ადრინდელ ცალყურა ტიპს ემსგავსება, რომელიც I-IV სს-ში იყო მიმოქცევაში. IV ს-დან კი მას მეორე ყურიც უჩნდება. IV ს-ით დათარიღებული ცალყურა ეგზემპლარები ცნობილია ოლბიიდან, ტანაისიდან, Slaveni-დან, Tomis-დან [Abadie-Reynal C., 1999, p.263, fig. 18], Noviodunum-დან და Beroe-დან [Opaiţ A., 1996, planşa 9, 2,3]. მათი წარმომავლობა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს უკავშირდება [Sciallano M. et Sibella P., 1991].
მაგრამ, თუკი ამ ტიპს განვიხილავთ, როგორც ორყურა ამფორას, მსგავსი ტიპი ცნობილია ყირიმიდან (ტირიტაკა), რომელსაც გაიდუკევიჩი სამოსურ ნაწარმად მიიჩნევს და IV-V სს-ით ათარიღებს [Гайдукевич В., 1952, c.96, рис.114,3], იაკობსონის კლასიფიკაციით ტიპი 6 (IV-V სს.) [Якобсон А. 1979, გვ. 11-12, სურ.
103
2,2], ცნობილია ისინი ვარნიდან, IV-VI სს. [Минчев А., 1972, ტაბ. I,6], რუმინეთში – Medgidia-დან (IV ს.), Cernavodă-დან (IV ს.), Tomi-დან (V-VI სს.), სკორპანის მიხედვით ტიპი IV [Scorpan C., 1977, p.272, fig. 6].

4. კვერცხისფორმისებრი ამფორა, მრგვალძირიანი, ფართო ყელით, მასიური დუგმისებრი ყურებით. კორპუსი მთლიანად ღრმა ღარებითაა დაფარული. თიხა ჩალისფერია. ამფორის სიმაღლეა 40 სმ, პირის დიამეტრი – 9,5 სმ, კორპუსის უდიდესი დიამეტრი – 27 სმ (ტაბ. IX, 2-4) [Хотелашвили М., Якобсон А., 1984, с. 195].
მსგავსი ამფორის ფრაგმენტები ცნობილია ბიჭვინთის ნაქალაქარის VI სს-ის ფენებიდან, აქვე აღმოჩნდა წელშეზნექილი ამფორის ნატეხებიც [ღამბაშიძე ო., 1963, გვ. 92,91, სურ. 10]; ანალოგიური გოფრირებულ ამფორათა ფრაგმენტები აღმოჩენილია ნოქალაქევში, ციხისძირსა და გუდავაში, მათ ვ. ლექვინაძე იაკობსონზე დაყრდნობით V-VI სს-ით განსაზღვრავს [Леквинадзе В., Хведелидзе Л., 1981, გვ. 133, ტაბ. XLIV,1,2]. ამ სახეობის ამფორათა ფრაგმენტები ცნობილია წებელდის ციხის VI ს-ის ფენებში [Воронов Ю., Бгажба О., 1985, გვ. 71, სურ. 26,1-11; Воронов Ю., Бгажба О., 1987, გვ. 129, სურ. 13,16], და გონიო-აფსაროსში [ხალვაში მ., 2002, გვ. 44-46, სურ. 36].
ამფორის ეს ტიპი ცნობილია ქერსონესიდან, იაკობსონის კლასიფიკაციით ტიპი 8 A (IV ს.) [Якобсон А., 1979, გვ. 12,13,16, სურ. 3,11], კარგადაა იგი წარმოდგენილი დასავლეთ შავიზღვისპირეთში (Sacidava, Tomi, Histria) [Scorpan C., 1977, p.273, fig. 9. Type VI],
104
საბერძნეთში (Athenian Agora, Corinth) III-VI სს. ფენებში (Jonson B.I., 1986, გვ. 591-593, fig. 3), სამხრეთ საფრანგეთში (მარსელი, V-VII სს.) [Bonifay M. et Villedieu F., 1989, p. 31, fig. 10], რომელიც აქ სირია-პალესტინის იმპორტს წარმოადგენს [Jonson B.I., 1986, გვ. 591-593, fig. 3, 4, 5, 6]. ეს ტიპი სირია-პალესტინაში უკვე ძვ.წ. II ს-ში ჩნდება და არსებობს ვიდრე ახ.წ. IX ს-მდე [Jonson B., 1986, გვ. 591-593]. ეს ამფორა LRA5/6 ტიპს განეკუთვნება და კარგადაა წარმოდგენილი ეგვიპტეში ნილოსის შუა წელზე [Empereur J-Y et Picon M., 1989, fig. 26; Pieri D., p.102-103, fig.6], ისრაელში (Atlit, V-VI სს) [Sciallano M. et Sibella P., 1991], რავენაში, VI ს-ის დასაწყისი [Sciallano M. et Sibella P., 1991]. Peacock and Williams-ის კლასიფიკაციით ეს პალესტინური ამფორები class 46 შეადგენს და თარიღდება V-VI სს-ით [Peacock and Williams, 1986, fig. 110]. მსგავსი ამფორები, მხოლოდ უფრო მაღალი ყელით და უფრო სფერული კორპუსით ცნობლია იერუსალიმიდან (პუბლიკაციაში ამ ტიპის ამფორა მოიხსენიება ტერმინით jar), ისინი აქ VI ს-ის ბოლოდან არსებობენ ვიდრე VII – VIII სს-მდე [Magness J., 1993, p. 227-228].

5. ამფორა ცილინდრული კორპუსით, დაბალი, ვიწრო ყელით და მასიური ქობით, დუგმისებრი ყურით. თიხა ჩალისფერია. კორპუსი დაღარული. ამფორის სიმაღლეა 40 სმ, პირის დიამეტრი – 3,5 სმ, კორპუსის დიამეტრი – 18,5 სმ (ტაბ. IX,2-5) [Хотелашвили М., Якобсон А., 1984, с. 195]. ეს ტიპი წინა ტიპის ამფორას უახლოვდება თავისი ფორმით.
მსგავსი ამფორის ფრაგმენტები მრავლადაა აღმოჩენილი ბიჭვინთის ნაქალქარზე VI ს-ის ფენებში [RambaSiZe o., 1963, gv. 92,
105
sur.10; ramiSvili r., 1965, გვ. 109, sur. 2]; ეს სახეობა დასტურდება წებელდის ციხის VI ს-ის ფენებშიც [Воронов Ю., Бгажба О., 1987, გვ. 129, სურ. 13,14]. ცნობილია ქერსონესში და ტამანის ნახევარკუნძულზე. აღნიშნული ტიპი, ისევე, როგორც წინამორბედი, იაკობსონის კლასიფიკაციით ხვდება ტიპ 8-ში (IV ს.) [Якобсон А. 1979, c. 12-13, შენიშვნა 23. სურ. 2,4,5]; ცნობილია ილიჩევსკის ნაქალაქარიდან (IV ს.) [Сокольский Н., 1966, c. 132, рис.4,2]. მსგავსი სირია-პალესტინური წარმოშობის ამფორები აღმოჩენილია ათენის აგორასა და კორინთში, IV-VI სს. ფენებში [Jonson B., 1986, p. 591-593, fig. 1,a,b]; Tarragona-ში (კატალონია, ესპანეთი), IV ს-ის ბოლო – V ს-ის შუა ხანები, ტიპი LRA4 [Sciallano M. et Sibella P., 1991]; ამფორის ეს ტიპი დასტურდება აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ გალიის არაერთ ძეგლზე, V-VI სს. (Trèves, Genève, Tours, Bordeaux), და სამხრეთ საფრანგეთში (Collioure, Tautavel, Saint-Blaise, Toulon, Hyères, Fréjus, Viviers, Vaison-la-Romaine, Aix-en-Provence, V-VI სს.) [Bonifay M. et Villedieu F., 1989, p. 29, fig. 8, 6,7. Fig. 9]. ამ ტიპის წარმოება პალესტინასა (ღაზას რეგიონი) და ეგვიპტეში ხდებოდა და მიმოქცევაში იყო IV ს-დან ვიდრე VI ს-ის ბოლომდე [Sciallano M. et Sibella P., 1991; Pieri D., 1998, p. 101, fig.5]; თუმცა Arthure-ის აზრით ეს ტიპი, რომელიც აგრეთვე Gaza type-ად იწოდება, იწარმოებოდა ძირითადად გაზასა და აშკელონში IV ს-დან VII ს-ის ბოლომდე, ხოლო აშკელონის ბოლოდროინდელმა გათხრებმა აჩვენა, რომ ამ ტიპის წარმოება VIII ს-შიც გრძელდება, უმაიადთა დინასტიის დროს [Arthure P., 1998, p. 162]. G. Majcherek-ი მიიჩნევს, რომ ამ ტიპის ამფორათა წარმოების ცენტრად მხოლოდ

106
გაზისა და მისი მიმდებარე რეგიონის მიჩნევა არ იქნებოდა მართებული, მათი წარმოება მთელს სამხრეთ პალესტინაში ან Pelusium-სა და Negev-ს შორის არსებულ მოსზღვრე რეგიონშიც უნდა ვივარაუდოთ [Majcherek G., 1995, p. 165]. ეს ამფორა ძირითადად უმაღლესი ხარისხის ღვინის საექსპორტოდ გამოიყენებოდა [Arthure P., 1998, p. 161-162, fig.4,1].

6. წელშეზნექილი ამფორები. ამ ტიპის ამფორები დრანდის კომპლექსში უმრავლესობას წარმოადგენს. მათი სიმაღლე 71-75 სმ შორის მერყეობს. კეცი სხვადასხვაგვარია, ღია ვარდისფერიდან ვიდრე ყავისფრამდე. გამოწვა არათანაბარია. კორპუსის ზედა ნაწილის დიამეტრია 17,5 სმ, შეზნექილ ადგილას – 13,5 სმ, კორპუსის ქვედა ნაწილის დიამეტრია – 15-16 სმ (ტაბ. IX,2-6) [Хотелашвили М., Якобсон А., 1984, გვ. 196].
აფხაზეთში და საერთოდ დასავლეთ საქართველოში, წელშეზნექილი ამფორები ფართოდაა გავრცელებული. ეს ტიპი ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ძირითადად ადგილობრივ კოლხურ ამფორად მოიხსენიება. ესაა მუქ წითლად და მოყავისფროდ გამომწვარი ამფორა, პატარა ბრტყელგანივკვეთიანი ყურებით, წაგრძელებული წელში შეზნექილი კორპუსით და ოდნავ მომრგვალებული კონუსური ძირით. დიდი რაოდენობითაა ეს ტიპი აღმოჩენილია ბიჭვინთაში IV-VI სს-ის ფენაში [ბერძენიშვილი ქ., ფუთურიძე რ., 1975, გვ. 277, ტაბ. 61,1,2,5-7,9; 64,3-8, 4-14; რამიშვილი რ., 1965, გვ. 114, სურ. 7; Агрба З., 1985, გვ. 36, таб. XXXI,1]; ცნობილია ეს ტიპი ნოქალაქევიდან და გუდავიდან [Леквинадзе В., Хведелидзе Л., 1981, c. 131, ტაბ. XLIII,1]; ამფორის ეს

107
სახეობა აღმოჩენილია ურეკში, გრიგოლეთში, ფოთში, ნოსირში, მათ თარიღს ნ. ხოშტარია ზოგადად IV-VI სს-ით განსაზღვრავს [Хоштариа Н., 1955, c. 59-61]; რამდენიმე მთელი ეგზემპლარი ყავისფერკეციანი წელშეზნექილი ამფორისა აღმოჩენილია ვარდციხეში, რომელიც სტრატიგრაფიული მონაცემებითა და თანმხლები მასალების მიხედვით ზოგადად IV ს. მეორე ნახევარი – VI ს-ით თარიღდება [ჯაფარიძე ვ., 1989, გვ. 55-56]. რამდენიმე არასრული ეგზემპლარი ცნობილია პატრიკეთიდან [ჯაფარიძე ვ., 1989, გვ. 49-50], ბათუმის ციხიდან [ინაიშვილი ნ., 1981, გვ. 126] და ქობულეთ-ფიჭვნარიდან [ჩხაიძე ლ., 1980, გვ. 44]; ციხისძირში ამ ტიპის რამდენიმე ვარიანტია წარმოდგენილი, დასტურდება ისინი პეტრა-ციხისძირის აკროპოლისზე და სამაროვანზე, სადაც ეს ტარა ჩვილი ბავშვების დასაკრძალავ ჭურჭლადაც არის გამოყენებული და ზოგადად IV-VI სს-ით თარიღდება [ინაიშვილი ნ., 1981, გვ. 124-127; ინაიშვილი ნ., 1993, გვ. 52-54, ტაბ. XXXVI, XXXVII, XXXVIII, XXXIX]. 30-ზე მეტი ყავისფერკეციანი წელში გამოყვანილი ამფორა აღმოჩნდა გონიოს ციხის ¹2 კოშკში, რომლის პირველი სართული VI ს-ში ამფორათა საწყობად გამოიყენებოდა, ფენა სანდოდ თარიღდება იუსტინიანეს (527-565 წწ.) კონსტანტინოპოლში და ანტიოქიაში მოჭრილი 40 ნუმიანი სამი მონეტით (ლორთქიფანიძე გ., ნონეშვილი ალ., 2002, გვ. 168-170). განთიადის ბაზილიკის ბემის კამარასა და კონქაში აღმოჩენილ ამფორათა შორის სწორედ ეს სახეობა წარმოადგენს უმრავლესობას [Хрушкова Л., 1985, გვ. 30, ტაბ. VIII, 2]; ცნობილია იგი ბომბორიდან (გუდაუთა) [Воронов Ю., 1969, таб. XXIX, 12] და გიენოსიდან (ოჩამჩირე) [Кобахия Б.,
108
Хрушкова Л., Шамба С., 1987, გვ. 142]; კერამიკული ტარის ამ სახეობის თავისებური ვარიანტი წარმოდგენილია წებელდაში და კოდორის ხეობაში გამოვლენილ სამაროვნებსა და ნამოსახლარებზე: წებელდის ციხეზე VI-VII სს-ის ფენებში [Воронов Ю., Гунба М., Бгажба О., Хрушкова Л., 1980, c. 244-247, таб. 102,1; Воронов Ю., 1980, c. 406]; სოფ. ოლგინსკოეს მახლობლად კრემაციულ სამარხში [ბერძენიშვილი ქ., 1959, გვ. 103-104, ტაბ. V,1]; ალრახუს (სამარხი №8), აბგიძრახუს (სამარხები №12, №13, №41, №43, №44), აპიანჩას (სამარხები №20, №21, №38), აჰაცარახუს (სამარხი №41) და ახაჩარხუს (სამარხი №2, №43) სამაროვანებზე [Гунба М, 1978, c. 66-67, таб. VIII,5; XII,2; XIX,1; XX,1; XLI,5; Трапш М., 1971, c. 135, таб. VI,4; VII,16; XX,4; XXI,2; XXII,1; Шамба Г., 1970:25-26, таб. IV,1; XV,2]. ამ ამფორათა თავისებურება მდგომარეობს ამფორის პირის ძაბრისებურ და გოფრირებულ გაფორმებაში, აგრეთვე წელის შეზნექილობა აქ კორპუსის უფრო ქვედა ნაწილშია გამოყვანილი, ხოლო კორპუსის ზედა ნაწილი უფრო გამობერილია. გარდა ამისა, წებელდურ წელშეზნექილ ამფორათა რამდენიმე ეგზემპლარის ძირზე დასტურდება გამჭოლი ნახვრეტის არსებობა (აბგიძრახუს №44 სამარხი, აჰაცარახუს №39 სამარხი), რასაც რ. ფუთურიძე პრაქტიკული დანიშნულებით ხსნის: ამ ნახვრეტში და ამფორის ყურებში თოკის გაყრით უფრო გაადვილდებოდა ამფორის ზურგზე მოკიდება [ფუთურიძე რ., 2001, გვ. 88-87]. მაშ, ამფორის ეს სახეობა კოლხეთის შიდა რეგიონებში სახმელეთო ტარას წარმოადგენდა. წებელდის სამაროვნებზე აღმოჩენილ

109
წელშეზნექილ ამფორებს მ. თრაფში ზოგადად არაუადრეს III-IV სს-ით ათარიღებს [Трапш М., 1971, c. 136].
კერამიკული ტარის ეს სახეობა კარგადაა წარმოდგენილი ჩრდილო-დასავლეთ შავიზღვისპირეთში. ცნობილია ისინი ქერსონესიდან (VI-VII სს.) [Романчук А., 1976, c. 27-28], მირმიკიონიდან (IV-VI სს.) [Якобсон А. 1979, c. 12. тип 7], ტირიტაკიდან და ქერჩიდან (IV ს.) [Гайдукевич В., 1952, c. 120, рис.149], ილიჩევსკის ნაქალაქარიდან (IV ს.) [Сокольский Н., 1966, c. 131, рис. 4,1], პანტიკაპეონიდან (IV ს.), ერთი ეგზემპლარი დაცულია კრასნოდარის მუზეუმშიც (სემიბრატნოეს სამაროვნიდან, მდ. ყუბანის მარცხენა სანაპირო) [Зеест И., 1960, c. 121, таб.XL,103]; ცნობილია ისინი ვარნიდან – IV-VI სს. [Минчев А., 1972, ტაბ. I,7,9], რუმინეთიდან (Tomi, Histria), სკორპანის მიხედვით ტიპი XV, VI ს. [Scorpan C., 1977, p. 281, fig. 12]. დასტურდებ ეს სახეობა სამხრეთ შავიზღვისპირეთში, ქ. სინოპთან, დემირსიში (სინოპიდან 15 კმ სამხრეთით), აქვე გაითხარა ახ.წ. II-IV სს-ში მოქმედი კერამიკის გამოსაწვავი ქურები [ტეზგორი დ., 1999, გვ. 21-22]. ეს ამფორები, მართალია, ავლენენ კავშირს კოლხეთის ამფორებთან, თუმცა შეიმჩნევა განსხვავებებიც, მაგალითად არც ერთ მათგანზე არაა კოლხური ამფორებისთვის ესე დამახასიათებელი რელიეფური სპირალური ხვია, აგრეთვე არ აღინიშნება არათანაბარი გამოწვა და ა.შ. [ტეზგორი დ., 1999, გვ. 22].
ამფორის ეს სახეობა, ისევე როგორც სხვა ტიპები, ძირითადად, ღვინის და ზეითუნის ზეთის ტრანსპორტირებისთვის გამოიყენებოდა, თუმცა საინტერესო

110
აღმოჩენას ჰქონდა ადგილი ტირიტაკაში, 1939 წელს. IV-V სს-ის ფენებში აღმოჩნდა მომცრო ზომის წელშეზნექილი ამფორა, რომელიც შავი კუპრით, თუ ფისით იყო დახუფული, შიგ კი თხევადი ნავთობი ინახებოდა [Гайдукевич В., 1940, c. 212-213, სურ. 10]. ანალოგიური ნავთობის ნალექიანი წელშეზნექილი სამი მთლიანი ამფორა აღმოჩნდა “ნატეხების” ნამოსახლარზე, ქ. ფოთის სამხრეთით, პალიასტომის ტბის მცირე ყურეში [გამყრელიძე გ., 2001, გვ. 26, ტაბ. II,2,3]. ამ ამფორათა აღმოჩენით დასტურდება, რომ ეს ტიპი, აგრეთვე, ნავთობის ტრანსპორტირებისთვისაც გამოიყენებოდა.
სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმულია ვარაუდი, რომ წელშეზნექილი ამფორები გენეტიკურად ელინისტურ ხანაში წარმოებულ კოლხურ ყავისფერკეციან ამფორებს უკავშირდება [Путуридзе Р., 1977, c. 68-71; ფუთურიძე რ., 2001, გვ. 87-89; Sazanov A., 1997, p. 90, fig. 1,11], მსგავსი ელინისტური ხანის კოლხური ყავისფერკეციანი ამფორები ცნობილია ეშერისა და ვანის ნაქალაქართა კულტურული ფენებიდან [Шамба Г., 1980, c. 25, таб. XXXIII,5; ხოშტარია ნ., ლორთქიფანიძე ო., ფუთურიძე რ., ლეჟავა გ., 1972, გვ. 157, ტაბ. 109, 111/5-9]. მათი შემდგომი განვითარების ეტაპად ბიჭვინთაში [berZeniSvili q., fuTuriZe r., 1975, gv. 273, tab. 58], სებასტოპოლისში [Трапш М., 1969, c. 331, таб. XLIV] და ბოლოდროინდელი გათხრების შედეგად, გონიოში აღმოჩენილი II-III სს. ყელწიბოიანი ამფორები ითვლება [ხალვაში მ., 2002, გვ. 14], ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთისთვის კი გორგიპიის ნაქალაქარის II ს. ბოლო – III ს. დასაწყისის კულტურულ ფენებში აღმოჩნილი

111
წელშეზნექილი ამფორა [Кругликова И., 1966, c.150, рис. 37,12]. საინტერესოა, რომ 1998 წელს გონიო-აფსაროსის შიდა ციხის სამხრეთ-დასვლეთ კუთხეში სამეურნეო დანიშნულების უბანზე გაითხარა ყელწიბოიანი ამფორების დამამზადებელი ქურა-სახელოსნო [ხალვაში მ., 2002, გვ. 16]. ყელწიბოიანი ამფორების შემდგომი განვითარების ეტაპს, როგორც ჩანს, IV-VI სს-ში გავრცელებული პროფილირებულპირიანი წელშეზნექილი ამფორები წარმოადგენენ.Aკერამიკული ტარის ამ სახეობის ადგილობრივ კოლხურ წარმოებაზე მათი მრავლად აღმოჩენის ფაქტი მოწმობს. ამ ამფორათა წარმოება კი, სავარაუდოდ, არა მხოლოდ აღმოსავლეთ, არამედ ჩრდილოეთ, დასავლეთ და სამხრეთ შავიზღვისპირეთშიც ხდებოდა, რასაც ამ რეგიონებში აღმოჩენილი წელშეზნექილი ამფორების სიმრავლე და მათი მრავალფეროვნება ადასტურებს.
7. ამფორის უკანასკნელი ტიპი წარმოდგენილია მრგვალძირიანი პატარა დერგის მაგვარი ამფორით, მოკლე ცილინდრული კორპუსით და ოდნავ შევიწროებული ბოლოთი. კეცი მოვარდისფრო-ნაცრისფერია. ყურები და კორპუსი დაღარული. ამფორის სიმაღლეა 47,5 სმ, დიამეტრი – 26,5 სმ, ყელის სიმაღლე – 9 სმ (ტაბ. IX,2-7). ამფორის მხრებზე წითელი საღებავით შესრულებულია წარწერა (ტაბ. IX,2-8) [Хотелашвили М., Якобсон А., 1984, გვ. 197]. ანალოგიური ამფორა აღმოჩნდა განთიადის ბაზილიკის კამარაში (ტაბ. V,5).
მსგავსი ამფორის ფრაგმენტები ცნობილია ბიჭვინთაში [ლორთქიფანიძე გ., 1991, გვ. 78, ტაბ. XXXVII,1], წებელდაში

112
[Воронов Ю., Бгажба О., 1985, გვ. 71, სურ. 23,6,7,9; 24,1,3,8; Воронов Ю., Бгажба О., 1987, გვ. 129, სურ. 13,15], ნოქალაქევში [Леквинадзе В., Хведелидзе Л., 1981, გვ. 133, ტაბ. XLV,1,2] და გონიო-აფსაროსის ადრე შუა საუკინეთა ფენებში [ხალვაში მ., 2002, გვ. 43-44, სურ. 34,1]. ამ ტიპის ამფორები აღმოჩენილია ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში: ქერსონესში, ფანაგორიასა და მირმეკიონში, IV-VI სს. ფენებში [Якобсон А., 1979, გვ. 13-14, სურ. 2,6, тип 9]; ტირიტაკაში, IV ს., თუმცა ეს ტიპი აქ მოგვიანო VIII-IX სს-ის ფენებშიც დასტურდება [Гайдукевич В., 1952, c.122, 128, рис.150,1; 163]; პანტიკაპეონში (IV ს.) [Зеест И., 1960, c. 120. 98a]; ტამანის ნახევარკუნძულზე, ილიჩევკის ნაქალაქარზე (IV ს.), ამ ტიპის ამფორათა არსებობას ყირიმში, ტამანის ნახევარკუნძულზე და კავკასიაში სოკოლსკი IV-VII სს-ით განსაზღვრავს, ხოლო ილიჩევკის ნაქალაქარზე აღმოჩენილ ამფორათა შორის იგი ადგილობრივ (წითელკეციან) და იმპორტულ (ღია ფერის კეცის მქონე) ნაწარმს გამოყოფს [Сокольский Н., 1966, c. 132, рис. 5]. ცნობილია ეს ტიპი რუმინეთში (Sacidava, Histria, Tomis,), სკორპანის მიხედვით ტიპი VIII, VI ს. [Scorpan C., 1977, p.277, fig. 12; Opaiţ A., 1996, გვ.207]; Opait-ის მიხედვით ეს აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირული ამფორაა, ტიპი LRA1, რომელიც ფართოდ ვრცელდება V ს-ის ბოლოს, VI ს-ის დასაწყისში [Opaiţ A., 1996, გვ. 207, planşa 7, 3-4]; მსგავსი ეგზემპლარები დაცულია ვარნის მუზეუმში [Минчев А., 1972, ტაბ. IV,46]; მთელი სერია მსგავსი ამფორებისა აღმოჩენილია Yassi Ada-ში (ბოდრუმთან, თურქეთი) ჩაძირულ გემზე, ეს ამფორები LRA1 ტიპის ამფორებს

113
განეკუთვნება და გემზე აღმოჩენილი მონეტების მიხედვით თარიღდება VII ს-ის პირველი ნახევრით [Alfen P., 1996, გვ. 189-213. LRA1 ; Bass G. and Doorninck F., 1982, გვ. 156-157, fig. 8-1, 8-3, cargo amphoras of type 1]. ანალოგიური LRA1 ტიპის ამფორა ცნობილია კართაგენიდან [Reynolds P., 1995, fig. 87; Sodini J-P., 1993, სურ. 32, LRA1], სამოსიდან [Hautumm W., 1981, გვ. 206-207, abb. 167,168,169], ათენის აგორიდან (V ს. ბოლო –VI ს. დასაწყისი) [Hautumm W., 1981, გვ. 207-208, abb.171], Kourion-იდან (კვიპროსი) და რომიდან, IV ს. [Arthure P., 1998, p. 164, fig.5]. Ballana-ს და Qustul-ის ნეკროპოლებიდან (ქვედა ნუბია) [Hautumm W., 1981, გვ. 208, abb.174], Benghazi-დან (ლიბია) და დარდანელიდან [Peacock and Williams, 1986, p.185, fig. 104. class 44]. LRA1 ტიპის ამფორები აქტიურად იყო მიმოქცევაში IV-VII სს-ში. დასტურდება ეს ტიპი სამხრეთ საფრანგეთის არაერთ ძეგლზე (Marseille, Collioure, Port-Vendres, Tautavel, Pataran, Colian, Venéjan, Saint-Blaise, Toulon, Hyères, Fréjus, Antibes, V-VII სს.) [Bonifay M. et Villedieu F., 1989, p. 25, fig. 5,1,2]. ამ ტიპის ეგზემპლარები ირლანდიაშიც კია ნაპოვნი [Arthure P., 1998, p. 164, fig.5].
LRA1 ტიპის ამფორები ძირითადად ღვინის და ზეითუნის ზეთის გადასატანად გამოიყენებოდა, ზოგიერთი მათგანის შიდა პირი კუპრის თუ ფისის ფენით იყო დაფარული [Alfen P.G., 1996. გვ. 208]. ამ ტიპის ამფორათა წარმომავლობა ანტიოქიის რეგიონს უკავშირდება. Alexandretta-ს ყურეში (დღ. Iskanderum) და კილიკიის სანაპიროზე აღმოჩენილია LRA1 ტიპის ამფორათა გამოსაწვავი ქურები [Alfen P., 1996, გვ. 208], მათი წარმოება კვიპროსზე,
114
როდოსსზე და სამოსზეც ხდებოდა, მხოლოდ ირანელთა აქტიური თავდასხმების შემდეგ (611-15 წწ.), მათი წარმოება განახევრდა, ან სულაც შეწყდა [Alfen P., 1996, გვ. 210].
LRA1 და LRA2 ტიპის ამფორებზე ხშირია გრაფიტოების და დიპინტების დატანა, წარწერა ჩვეულებრივ ბერძნულ ენაზეა შესრულებული, თუმცა აშდოდიდან ცნობილ ეგზემპლარზე წარწერა არამეულ თუ ებრაულ ენაზეა შესრულებული. ეს წაერწერები ჩვეულებრივ ამფორის შემადგენლობას, წონას და მფლობელის ვინაობას აღნიშნავდა [Alfen P., 1996, გვ.201-202. იქვე ლიტერატურა]. ჯერჯერობით გაურკვეველი რჩება დრანდის ეგზემპლარზე წითელი საღებავით დატანილი წარწერის შინაარსი.
ამრიგად, დრანდის ტაძარში გამოვლენილი ამფორები იმდროინდელ ხმელთაშუა და შავიზღვისპირეთში საკმაოდ გავრცელბულ კერამიკულ ტარას წარმოადგენდა, მათი ქრონოლოგიური ჩარჩო IV-VII სს-ებს შორის თავსდება. ზოგიერთი მათგანის წარმოება კი უფრო მოგვიანო ხანაში, VIII ს-შიც ხდებოდა (დრანდა 4, LRA5/6; დრანდა 5, LRA4; დრანდა 7, LRA1;). გამოვლენილი ამფორების შუქზე კარგად ვლინდება ის სავაჭრო-ეკონომიკური კონტაქტები, რომელიც დასავლეთ საქართველოს, ხმელთაშუა და შავიზღვისპირეთის სახელმწიფოებს შორის უნდა არსებულიყო აღნიშნულ პერიოდში.
დრანდის ტაძრის თარიღის შესახებ მეცნიერთა შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ერთნი მას მცხეთის ჯვრის ერთ-ერთ ვარიაციად განიხილავენ და VIII ს-ით ათარიღებენ (გ. ჩუბინაშვილი, ლ. რჩეულიშვილი, რ. მეფისაშვილი, ვ. ცინცაძე, დ.
115
თუმანიშვილი), მეორენი VII ს-ით [Висоцкий А., 1978, с. 154], მესამენი ტაძარს წმინდა ბიზანტიურ მოვლენად მიიჩნევენ და VI ს-ით ათარიღებენ (ა. იაკობსონი, ვ. ლექვინაძე, ლ. ხრუშკოვა), ამ შემთხვევაში მკვლევარები ძირითადად ტაძრის გუმბათქვეშ აღმოჩენილ ამფორათა უმრავლესი ნაწილის (იგულისხმება წელშეზნექილი ამფორები) თარიღიდან გამოდიან, რომელიც აქტიურად იყო მიმოქცევაში სწორედ IV-VI სს-ში, VII ს-ით დათარიღებული ამ ტიპის ამფორები საქართველოში ჯერ-ჯერობით უცნობია; მაგრამ დრანდის ტაძარს არქეომაგნიტური მეთოდით მიღებული თარიღიც გააჩნია, რომელიც ტაძრის აგურის ანალიზის შედეგად იქნა მიღებული – VIII საუკუნის ბოლო (პლიუს-მინუს 50 წელი) [Меписашвили Р., 1983, с. 10]. მაგრამ, რადგანაც არქეომაგნიტური მეთოდით დათარიღებაში დიდია ალბათობისა და ცდომილების ხარისხი, ამიტომ უფრო მართებული უნდა იყოს ძეგლის დათარიღებისას უკეთ განსაზღვრულ არქეოლოგიურ მონაცემებს დავეყრდნოთ, როგორსაც ამ შემთხვევაში ტაძრის მშენებლობის დროინდელი ამფორები წარმოადგენენ, ამავე დროს გასათვალისწინებელია ძეგლის ჯვარ-გუმბათოვანი კონსტრუქცია და მისი მიმართება მცხეთის ჯვართან, შესაბამისად დრანდის ტაძარი VI ს-ის ბოლო, VII ს-ის დასაწყისით უნდა დათარიღდეს.
საინტერესოა, რომ დრანდა VI ს. და შემდეგ საუკუნეთა ამსახველ წერილობით წყაროებში, მათ შორის არც VII-IX სს-ით დათარიღებულ Notitia episcopatuum-ში არ მოიხსენიება. თავის დროზე ამის ახსნა სცადა ი. ვორონოვმა, იგი დრანდის ტაძარს

116
სებასტოპოლისის არქიეპისკოპოსთა კათედრად მიიჩნევდა [Воронов Ю., 1980, გვ. 97]. მისი ეს მოსაზრება მოგვიანებით გაიზიარა ვ. ლექვინაძემ [Леквинадзе В., 1988, გვ. 212-213]. მაგრამ ეს მოსაზრება ალბათ ნაკლებ დამაჯერებლად გამოიყურება დღეს, როცა სოხუმში უკვე გათხრილია VI საუკუნის ეკლესია, რომელიც, სავარაუდოდ, სწორედ სებასტოპოლისის ეპისკოპოსთა კათედრას წარმოადგენდა.

 

http://www.nplg.gov.ge/dlibrary/collect/0002/000171/Berdzenishvili%20Irma.%20Dissertation.pdf

____________

1 Late Roman Amphore. 100

              

       

One Response to “•ბერძენიშვილი-ქრისტიანობა II”

  1. დათო said

    გიჩქუნანო მუ…?! მიგეთითებინათ თუ რომელ წიგნშია…ესე უფრო წაკითხვადი იქნებოდა ჩემი აზრით..

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s