Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•პავლე ინგოროყვა – “აფხაზეთის სამეფო”

♥ აფხაზეთი

პავლე ინგოროყვა

 

IV

დასავლეთ საქართველოს ფეოდალური სახელმწიფო

(“აფხაზეთის სამეფო”)

და ცნობები მის შესახებ გიორგი მერჩულეს ძეგლში

 

მე-8 საუკუნის მეორე ნახევრიდან დაწყებული, მე-8-10 საუკუნეთა მანძილზე, დასავლეთ საქართველოს, როგორც ცნობილია. ეწოდება “აფხაზეთი“. ასე ეწოდება დასავლეთ საქართველოს, კერძოდ, გიორგი მერჩულის ძეგლშიაც.

აქ საჭიროა აღვნიშნოთ ამასთან, რომ ეს სახელწოდება “აფხაზეთი” შერჩა დასავლეთ საქართველოს უფრო გვიან ხანაშიც, მას შემდეგაც, რაც საქარველოს სამეფო-სამთავროები მე-10-11 საუკუნეთა საზღვარზე გაერთიანდნენ ერთი მთლიანი სახელმწიფოს სახით. ამ გაერთიანებული სამეფოს ოფიციალურ სახელწოდებაში, როგორც ცნობილია, პირველად მოიხსენებოდა აფხაზეთი, რა სახელითაც იგულისხმებოდა მთელი დასავლეთი საქართველო.

მე-12-13 საუკუნეებში, როდესაც საქართველოს ფარგლებში გაერთიანდა მთელი კავკასია (და აგრეთვე შემოერთებულ იქნა კავკასიის მოსაზღვრე სანაპიროები ანატოლიასა და ირანისა), სრული ტიტულატურა საქართველოს სახელმწიფოს მეთაურთა, როგორც ცნობილია, შემდეგი იყო:

“მეფე აფხაზთა და ქართველთა (=ქართლელთა), რანთა და კახთა, სომეხთა, შარვანშა (=შარვან შაჰი) და შაჰანშა (=შაჰან შაჰი), და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა ფლობით მპყრობელი”.

როდესაც ეს ტიტულატურა შემოკლებით იხმარებოდა, საქართველოს სახელმწიფოს მეთაურს ეწოდებოდა “მეფე აფხაზთა”, ხოლო საქართველოს სახელმწიფოს მთლიანად აღებულს ეწოდებოდა “აფხაზეთი”, “ქუეყანა აფხაზეთისა”.  ასე მაგალითად, როგორც ქართულს, ისე უცხოურ წყაროებშიაც, დავით აღმაშენებელს და თამარ მეფეს ხშირად მიემართება ეს ტიტული – “მეფე აფხაზთა”, ხოლო მე-12-13 საუკუნეთა საქართველოს, რომელიც მთელს კავკასიას მოიცავდა, ეწოდება “აფხაზეთი”, “ქუეყანა აფხაზეთისა”. 

ამრიგად, “სახელწოდება “აფხაზეთი” გახდა სინონიმი ჯერ დასავლეთ საქართველოში, ხოლო საქართველოს გაერთიანების შემდეგ იგი იხმარებოდა როგორც სინონიმი მთლიანად საქართველოს სახელმწიფოსი. [114]

***

რა წარმოშობისაა ეს სახელწოდება “აფხაზეთი” ასეთი გაფართოებული მნიშვნელობით? ვინ იყვნენ თვით აფხაზნი, რომელთაც თავისი სახელწოდება გადასცეს ჯერ დასავლეთ საქართველოს, ხოლო შემდეგ მთელ საქართველოს სახელმწიფოს?

სახელწოდება “აფხაზეთი” – გაფართოებული მნიშვნელობით, როგორც ზოგადი სახელწოდება დასავლეთ საქართველოსი, პირველად შემოდის ხმარებაში, როგორც მოვიხსენეთ, მე-8 საუკუნის მეორე ნახევრიდან, რა დროსაც შეიქმნა დასავლეთ საქართველოს ფეოდალური სახელმწიფო – “აფხაზეთის სამეფო” ანუ “აფხაზთა სამეფო”.

ქართულ ისტორიოგრაფიაში დასავლეთ საქართველოს – “აფხაზთა სამეფოს” – დაარსების გამო ის შეხედულებაა მიღებული, ვითომც ამ დროს, მე-8 საუკუნის მეორე ნახევარში, მოხდა დაპყრობა დასავლეთ საქართველოსი აფხაზების მიერ) რომლებიც, ამ შემცდარი შეხედულების თანახმად, არა-ქართველ ტომად არის მონათლული), და ვითომც ამის შემდეგ ორი მომდევნო საუკუნე (მე-9-10 საუკუნეები) – ეს არის ერთგვარად “აფხაზური ერა” დასავლეთ საქართველოს ისტორიაში.

ქართული ისტორიის მიღებულ სახელმძღვანელოში დასავლეთ საქართველოს – “აფხაზეთის სამეფოს” – დაარსების ისტორია ასეა განმარტებული; მოგვყავს სათანადო ამონაწერი:

“მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა ამ დროისათვის (მე-8 საუკუნის მეორე ნახევრისთვის) დასავლეთ საქართველოშიაც. როგორც ვიცით, მე-6 საუკუნის დამდეგიდან აბაზგების (აფხაზების) სამთავრო ეგრისის სამეფოდან გამოყოფილი იყო და ბიზანტიის კეისარს ემორჩილებოდა უშუალოდ. ეს მთავრები შემდეგში კეისრებმა თავის ერისთავებად აქციეს აფხაზეთში. მე-8 საუკუნეში აფხაზეთი უკვე მჭიდროდ დასახლებული და მშვიდობიანობით მოსარგებლე ქვეყანა იყო.

“მე-8 საუკუნის დამლევს ბიზანტიაში დიდი შენაური შფოთი და არევ-დარევა ატყდა. ამით ისარგებლა აფხაზთა ერისთავმა ლეონ მეორემ, მოირთო ძალა ხაზართა მეფისაგან, რომლის ასულის შვილიც იგი იყო, და თავი დამოუკიდებლად გამოაცხადა. ამ დროს ძველი ეგრისის (დასავლეთ საქართველოს) სამეფო დაუძლურებული იყო. აფხაზთა ერისთავმაც ადვილად დაიპყრო ეგრისი და არგვეთი (დასავლეთ საქართველო ვიდრე ლიხის მთამდე).

“ლეონმა და მისმა მემკვიდრეებმა თავის სატახტო ქალაქად ქუთათისი, დღევანდელი ქუთაისი, აირჩიეს … ამის შემდეგ აფხაზთა ერისთავმა “მეფის” წოდებულებაც მიიღო.

“დინასტიის მიხედვით დასავლეთ საქართველოს ამ ახალ სამთავროსაც “აფხაზთა სამეფო” ეწოდა. თვით მოსახლეობის შემადგენლობაში დიდი ცვლილებები არ მომხდარა. მე-9-10 საუკუნეებშიც დასავლეთ საქართველოს მოსახლოების უმრავლესობას ისევ საკუთრივ ქართველი ტომები – ქართები, მეგრელები და სვანები შეადგენდნენ”1.

————

1 იხ. საქართველოს ისტორია, 1, ს. ჯანაშიას რედაქციით, 1948 წ., გვ. 146-147.

[115]

ამრიგად, ამ შეხედულების თამახმად, აფხაზებს მე-8 საუკუნის დასასრულს ვითომც დაუპყრიათ დასავლეთ საქართველო – ვიდრე ლიხის მთამდე და დაუარსებიათ “აფხაზთა სამეფო”.

ხოლო ვინ იყვნენ აფხაზები?

აფხაზები, წარმოდგენილი შემცდარი შეხედულებით, მიჩნეული  არიან არაქართული მოდგმის ტომად. თუმცაღა მას შემდეგ, რაც აფხაზებმა ვითომც დაიპყრეს დასავლეთ საქართველო, მოსახლეობის შემადგენლობაში “დიდი ცვლილება” არ მომხდარაო და დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას  ისევ საკუთრივ ქაართველი ტომები, – ქართები, მეგრელები და სვანები, – შეადგენენო, მაგრამ, სახელმძღვანელოს დასკვნის თანახმად, ივარაუდება, რომ ნაწილობრივი ცვლილება მაინც მომხდარა; ეს ნაწილობრივი ცვლილება ვითომც იმაში გამოიხატა, რომ ქართველი ტომების (ქართების, მეგრელებისა და სვანების) მიწა-წყალზე მოხდა გაფართოება აფხაზთა ტერიტორიისა ქართველთა ტომების ტერიტორიის ანგარიშზე.

***

ეს შეხედულებანი დასავლეთ საქართველოს – “აფხაზთა სამეფოს” – ისტორიის შესახებ, რაც მიღებულია ქართულ ისტორიოგრაფიაში, არ შეეფერება სინამდვილეს.

საისტორიო მასალების პრეცეზული ანალიზის შედეგად, როგორც ეს ქვემოთ ნათელი გახდება მკითხველისათვის, ირკვევა შემდეგი:

1. აფხაზეთის ტერიტორია იმ ეპოქაში, როდესაც დაარსდა “აფხაზთა სამეფო”. ე.ი. მე-8 საუკუნეში, დასახლებული იყო ქართველი ტომებით, და ეს არა მარტო ამ დროს, მე-8 საუკუნეში, არამედ საერთოდ მთელი ძველი ისტორიის მანძილზე, ანტიკურ ხანაში და საშუალო საუკუნეებში. აფხაზები და აფხაზეთში მოსახლე სხვა ტომები იყვნენ, ქართული წარმოშობისა, ქართულის დიალექტზე მოლაპარაკე, როგორც დასავლეთ საქართველოს დანარჩენი ქართველი ტომები – ქართები, მეგრელები და სვანები.

2. გარდა იმისა, რომ აფხაზები იყვნენ წარმოშობითა და ენით, თვით ისტორიული ვითარება აფხაზეთის სამეფოს დაარსებისა არაა სწორედ გაშუქებული ქართულ ისტორიოგრაფიაში. სინამდვილეში არავითარი დაპყრობა დასავლეთ საქართველოსი აფხაზების (ე.ი. აფხაზეთში მოსახლე ქართველი ტომის) მიერ არ მომხდარა, არამედ მოხდა აფხაზეთის ერისთავის მოთავეობით განთავისუფლება როგორც აფხაზეთისა, ისე დასავლეთ საქართველოს დანარჩენი ტერიტორიებისა ბიზანტიის იმპერიის ბატონობისაგან.

ძირითადს ისტორიულ პირველწყაროში – “მატიანე ქართლისაი”-ს ძეგლში – პირდაპირ აღნიშნულია, რომ აფხაზთა ერისთავი “გაადგა ბერძენთა (ბიზანტიელთა), დაიპყრა აფხაზეთი და ეგრისი ვიდრე ლიხამდე” (იხ. ქართლის ცხოვრება, ანასეული ნუსხა, გვ. 161), ე.ი. აფხაზთა ერისთავმა აფხაზეთიდან კი არ დაიპყრა ეგრისი, არამედ ორივე მხარე, აფხაზეთიც, და ეგრისიც ვიდრე ლიხის მთამდე, დაიპყრა ბიზანტიელთაგან, განათავისუფლა ბიზანტიელთა ბატონობისაგან.

აქ ჩვენ ხაზს ვუსვამთ ამ ერთ ფაქტს, ხოლო ისტორიული ვითარება მთლიანის სახით აღდგენილი გვაქვს ქვემოთ. [116]

3. ზემოთ აღნიშნულთან დაკავშირებით აქ საჭიროა ხაზი გავუსვათ აგრეთვე იმ გარემოებასაც, რომ სწორედ მას შემდეგ, რაც დასავლეთი საქართველო, აფხაზეთთან ერთად, აფხაზეთის დინასტიის მოთავეობით, განთავისუფლდა ბიზანტიის ბატონობისაგან, და შეიქმნა დასავლეთ-საქართველოს – “აფხაზეთის სამეფო”, სწორედ ამ დროიდან იწყება მკვეთრი, წმინდა ქართული სახელმწიფოებრივი პოლიტიკის გატარება დასავლეთ საქართველოში, ბერძნული ენა, რომელიც ბიზანტიის ხანგრძლივი ბატონობის შედეგად გაბატონებული იყო დასავლეთ საქართველოში როგორც მთავარი სახელმწიფო ენა, განდევნილ იქნა სწორედ აფხაზთა დინასტიის მიერ და ბერძნულის ადგილი მთლიანად ქართულმა დაიჭირა. ბერძნული ენა განდევნილ იქნა ეკლესიიდანაც და მის მაგიერ ქართული იქნა შემოღებული. დასავლეთ საქართველოს ეკლესია, რომელიც მანამდე იერარქიულად დაკავშირებული იყო კონსტანტინეპოლის პატრიარქთან, ჩამოშორდა კონსტანტინეპოლს და დაუკავშირდა ქართლის (იბერიის) საკათალიკოზოს.

ამრიგად, ხანა “აფხაზთა სამეფოსი” – ეს არის ეპოქა ქართული სახელმწიფოებრივი პოლიტიკის სრული და საბოლოო გამარჯვებისა დასავლეთ საქართველოში.

რასაკვირველია, ყოველივე  ეს უცნაური და გაუგებარი იქნებოდა, თუ ჩვენ დავუშვებდით, რომ დასავლეთ საქართველოს “აფხაზთა სამეფო” ვოთომც შეიქმნა დასავლეთ საქართველოს დაპყრობის შედეგად უცხო, არა-ქართველი ტომის მიერ. მაგრამ, როგორც მოვიხსენეთ, არაფერი ამის მსგავსი სინამდვილეში არ მომხდარა; დასავლეთ საქართველოს ქართული სახელმწიფო შექმნილია ქართველი ტომების მიერ, და ერთ-ერთი ამ ტომთა შორის არის ქართველი ტომი აფხაზები.

***

შეხედულებანი, რომლებიც მიღებულია აფხაზთა ტომის ვინაობის შესახებ და დასავლეთ საქართველოს – “აფხაზთა სამეფოს” – დაარსების ისტორიული ვითარების შესახებ იმდენად დაცილებულია სინამდვილეს, იმდენად შემცდარად წარმოგვიდგენს არა თუ ერთ კერძოობითს საკითხს, არამედ მთელ პერიოდს ქართველი ხალხის ისტორიაში, რომ ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია დაწვრილებით შევჩერდეთ ამ საგანზე, რათა საკითხში სრული სინათლე იქნეს შეტანილი. ჩვენ აქ სპეციალურ მიმოხილვას მივუძღვნით საკითხებს:

ა) როგორი იყო აფხაზეთის მხარეთა მოსახლეობის ეთნოგრაფიული შემადგენლობა ანტიკურ ხანასა და საშუალო საუკუნეებში, ვინ იყვნენ აფხაზები და აფხაზეთის მკვიდრი სხვა ტომები;

ბ) რა ისტორიულ ვითარებაში მოხდა დასავლეთ საქართველოს – “აფხაზეთის სამეფოს” – დაარსება.

ამ საკითხთა განხილვის შემდეგ ჩვენ შევეხებით ცნობებს, რომელთაც შიეცავს გიორგი მერჩულის ძეგლი “აფხაზეთის სამეფოს შესახებ. [117]

 

 

 

I

აფხაზეთის მხარეთა მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა

ანტიკურ ხანაში და საშუალო საუკუნეებში

 

გადავდივართ რა აფხაზეთის ისტორიული ეთნოგრაფიის საკითხთა განხილვაზე, ჩვენ აქ წინასწარ შევჩერდებით კითხვაზე, თუ როგორი იყო ტერიტორიული მოცულობა საკუთრივ აფხაზეთის მხარეთა (ვიწრო მნიშვნელობით).

აფხაზეთის მხარეთა ტერიტორიული მოცულობა

სახელწოდებით “აფხაზეთის მხარენი” ანუ “აფხაზეთი” ვიწრო მნიშვნელობით – ჩვენ ვგულისხმობთ ისტორიული “აფხაზეთის საერისთავო“- ს ტერიტორიას იმ ფარგლებში, რომლებშიც იგი არსებობდა მე-8 საუკუნის შუა წლებში (ე.ი. უფრო ადრე, ვიდრე დაარსდებოდა დასავლეთ საქართველოს გაერთიანებული სახელმწიფო “აფხაზეთის სამეფოს” სახელწოდებით).

ეს ტერიტორიული ერთეული, – “აფხაზეთის საერისთავო” ანუ “აფხაზეთი” ვიწრო მნიშვნელობით – არ იყო შემთხვევითი, დროებით შეკოწიწებული ადმინისტრაციული ერთეული, არამედ წარმოადგენდა მყარს გეოგრაფიულ მთლიანს, რომელსაც არ შეუცვლია თავისი ადრინდელი ტერიტორიული მოცულობა მას შემდეგაც, რაც იგი შევიდა ჯერ დასავლეთ საქართველოს ფეოდალურ სახელმწიფოს შემადგენლობაში, ხოლო შემდეგ – გაერთიანებული საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში.

როდესაც ძველ-ქართულსა და ბიზანტიურს საისტორიო წყაროებში საუბარია აფხაზეთის ქვეყანაზე ვიწრო მნიშვნელობით, იგულისხმება აფხაზეთის საერისთავოს მოცულობით. კერძოდ, გვიან ხანაში, მე-12-13 საუკუნეებში (თამარის ეპოქაში) არსებული ადმინისტრაციული ერთეული ცხუმის საერისთავო – ტერიტორიული მოცულობით იგივეა, რაც მე-8 საუკუნეში არსებული აფხაზეთის საერისთავო.

***

საერისთავო წყაროების ჩვენებათა თანახმად, საზღვრები საკუთრივ აფხაზეთის მხარეთა (მე-8 საუკუნის აფხაზეთის საერისთავოს ფარგლებში) შემდეგი იყო.

ჩრდილოეთის მხრით საზღვრად დასახელებულია მდინარე ნიკოფსიის (ნიკოფსიისის) ხეობა. ამ მდინარესთან მდებარეობდა ქალაქი ამავე სახელწოდებისა, საისტორიო წყაროებში კარგად ცნობილი ქალაქი ნიკოფსია (ნიკოფსისი).

მდინარე ნიკოფსია ერთვის შავ ზღვას ტუაფსესა და გელანჯიკს შუა, ტუაფსიდან ოცი კილომეტრის ჩრდილოეთით 1.

—————–

1 ქალაქ ნიკოფსიის ადგილმდებარეობა ზუსტად ირკვევა მე-5 საუკუნის გეოგრაფოსის პერიპლუსიში აღნიშნული მანძილების მიხედვით (იხ. SC, I, გვ. 278). აღსანიშნავია ამასთან, რომ მდინარე ნიკოფსიას დღემდე შერჩენილი აქვს ძველი სახელი; მას ამჟამად ეწოდება, ოდნავ შეცვლილად, “ნიკოფსუხო” ანუ “ნეკოფსუხო” (რუსულ რუკებზე Негопсухо). მდინარე ნიკოფსიის ხეობაში შენახულა ნანგრევები ნიკოფსიის ძველი ნაქალაქევისა. (ნიკოფსიის ადგილმდებარეობის შესახებ იხ. აგრეთვე: ფრ. დიუბუა დე მონპერე, Voyage autour du Caucase, I, 1839 წ. გვ. 194-195; კარლ მიულერი, Fragmenta historicorum Graecorum, V, 1870 წ., გბ. 180, 18 7; ფ. ბრუნი – წერილი Восточный берег Черного моря по древним периплам и компасовым картам, წიგნში Черноморъе, II, 1880 წ., გვ. 259); В. Латышев, К истории христианства на Кавказе, 1911 წ., გვ 5.

119

მდინარე ნიკოფსიის ხეობა გაჰყოფდა აფხაზეთის მხარეებს დიდი ჯიქეთიდან. (კერძოდ, ქალაქი ნიკოფსია, რომელიც საზღვრის ხაზზე მდებარეობდა, შედიოდა აფხაზეთის ფარგლებში)1.

ეს რაც შეეხება ჩრდილოეთ საზღვარს.

აფხაზეთის მხარეთა (აფხაზეთის საერისთავოს) სამხრეთი საზღვარი ეს იყო ძველი დროიდანვე არსებული დიდი საფორტიფიკაციო ნაგებობა – კელასურის ზღუდე-კედელი, “ზღუდე, საზღვარი კლისურისა” (ძველი წყაროების კორახის ზღუდე), რომელიც იწყება მდინარე კელასურის შესართავთან (ქალაქ სუხუმის მიდამოებში, 4 კილომეტრის მანძილზე სამხრეთით), მიჰყვება ჯერ კელასურის ხეობას (მარცხენა სანაპიროს), შემდეგ უხვევს აღმოსავლეთისაკენ და ქერჩის მთის ხაზით გადადის ფარავნის ქედზე კოდორის ხეობაში.

ეს სამხრეთი საზღვარი გაჰყოფს აფხაზეთის მხარეებს (ყოფილ აფხაზეთის საერისთავოს) ეგრისიდან.

ჩრდილო-აღმოსავლეთი  საზღვარი აფხაზეთის მხარეთა არის კავკასიონი; სამხრეთ-დასავლეთი საზღვარია შავი ზღვა.

***

 აფხაზეთის მხარეთა დასახელებული საზღვრები ზუსტად ირკვევა როგორც ქართული, ისე ბერძნული საისტორიო წყაროებით.

მოგვყავს აქ წყაროების ჩვენება.

მე-10 საუკუნის ბერძენ ავტორს კონსტანტინე პორფიროგენეტს ასე აქვს აღწერილი ჯიქეთის (დიდი ჯიქეთის) და აფხაზეთის მხარეების ტერიტორიული მოცულობა; კონსტანტინე პორფიროგენეტი წერს:

“ჯიქეთი [იგულისხმება დიდი ჯიქეთი] მდებარეობს 300 მილის მანძილზე, დაწყებული უკრუხიდან [მდინარე ყუბანიდან] ვიდრე მდინარე ნიკოფსისამდე, სადაც მდებარეობს ამავე სახელწოდების ქალაქი…

“ჯიქეთიდან, ე.ი. მდინარე ნიკოფსისიდან, ვიდრე ქალაქ სოტირიუპოლამდე [ძველი დიოსკურია, თანამედროვე ქ. სუხუმის სექტორში]2 ზღვის ნაპირას მდებარეობს აბაზგია [აფხაზეთი], აგრეთვე 300 მილის მანძილხე” 3.

ამრიგად, აქ მოხაზულია აფხაზეთის მხარეთა ის საზღვრები, რაც ზემოთ იყო ნაჩვენები.

რაც შეეხება ქართულ წყაროებს, აქ აფხაზეთის მხარეთა საზღვრები ასეა აღნიშნული:

სამხრეთ საზღვრად აფხაზეთის მარეებისა ნაჩვენებია კელასურის ზღუდე-კედელი – “ზღუდე იგი, საზღვარი კლისურისა” (ჯუანშერის მატიანე)4.

————————

1 იხ. გიორგი მცირე მთაწმინდელი, ცხოვრება გიორგი მთაწმინდელისა (ათონის კრებული, 1901 წ.). გვ. 315.

2 სოტირიუპოლის ლოკალიზაციის საკითხის გამო იხ. ქვემოთ.

3 იხ. კონსტანტინე პორფიროგენეტი, op, cit., თავი 42, გვ. 181-182.

4 იხ. გვ. *419-420/208-209.

120

ხოლო ჩრდილოეთ საზღვრად წყაროებში დასახელებულია:

ა) ნიკოფსია  ანუ  ნაფსაჲს ნავთსადგური  (იოანე საბანის-ძე, ეფთიმე მთაწმინდელი, გიორგი მცირე მთაწმინდელი, აგრეთვე შემდგომი ხანის ქართული მატიანეები)1.

ბ) “მდინარე მცირისა ხაზარეთისა” (ვახტანგ გორგასარის მატიანე)2, როგორც ეს ცხადი ხდება ერთმხრივი ჩვენებებიდან საისტორიო წყაროებისა, რომლებიც აფხაზეთის ჩრდილოეთ საზღვრად ნიკოფსიას აღნიშნავენ, “მდინარე მცირისა ხაზარეთისა” ქალაქ ნიკოფსიის სექტორის მდინარე ყოფილა 3.

აღსანიშნავია, რომ ქალაქი ნიკოფსია არა მხოლოდ მე-8 საუკუნეში ყოფილა საზღვარი აფხაზეთის მხარეებისა, არამედ შემდეგაც იგივე ნიკოფსია იყო საზღვარი დასავლეთ საქართველოს ფეოდალური სამეფოსი (“აფხაზეთის სამეფოსი”), ხოლო შემდეგ გაერთიანებული საქართველოს სახელმწიფოსი.

უფრო გვიანაც, მე-12-13 საუკუნეებში, დავით აღმაშენებლისა და თამარის ეპოქაში საქართველოს ჩრდილოეთი საზღვარია იგივე ნიკოფსია. (მე-12-13 საუკუნეებში, საზღვრები საქართველოს სახელმწიფოსი, რომელიც ამ დროს მოიცავდა მთელ კავკასიას, ასე აღინიშნებოდა: “ნიკოფსიითგან – დარუბანდამდე”)4.

რაც შეეხება აფხაზეთის მხარეთა სამხრეთ საზღვარს კელასურის კედლის სექტორში, ისიც აგრეთვე არ წარმოადგენდა დროებითი ხასიათის მიჯნას, არამედ სასაზღვრო ხაზი ამ სექტორში საუკუნეთა მანძილზე არსებულა, ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან მოკიდებული 5.

———————-

1 იხ. იოანე საბანისძე, გვ. 66; ეფთიმე მთაწმინდელი, გლოსა ჩართული ბერძნულიდან თარგმნილ ანდრია მოციქულის ცხოვრებაში (საქართველოს სამოთხე, 1832 წ., გვ. 36); გიორგი მცირე მთაწმინდელი, ცხოვრება გიორგი მთაწმინდელისა (ათონის კრებული, 1901 წ,) გვ. 315. იხ. აგრეთვე აქვე შენიშვნა 4.

2 იხ. ცხოვრება ვახტანგ გორგასარისა, გვ. *358/157. შეად. აგრეთვე ლეონტი მროველი, გვ. *98/3 (ჯუანშერის მატიანეში, გვ, *429/209, ტექსტი დაზიანებულია).

3 “მდინარე მცირისა ხაზარეთისა”, როგორც ირკვევა საისტორიო წყაროების ჩვენებათა შეფარდებიდან, ეს არის მდინარე შაფსუხო, რომელიც მომდინარეობს ნიკოფსიის ხეობის მოსაზღვრედ ჩრდილოეთის მხრიდან; იგი არის პირველი მდინარე დიდი ჯიქეთისა ნიკოფსიის  საზღვრის ჩრდილოეთით. დიდი ჯიქეთი მე-8 საუკუნეში პოლიტიკურად ხაზარეთთან იყო დაკავშირებული (იგი, როგორც ირკვევა, “მცირე ხაზარეთში” შედიოდა) და ამიტომ არის, რომ მოსაზღვრე პირველი ხეობის მდინარეს რქმევია “მდინარე მცირისა ხაზარეთისა”.

ამ მდინარის შესახებ წყაროებში ამავე დროს აღნიშნულია, რომ იგი მდინარეებს იმ სექტორში, “სადა დასწყდების წვერი კავკასიასა”. ტუაფსის ჩრდილოეთით კავკასიონის ქედის სიმაღლე თანდათან კლებულობს, აქედან იწყება კავკასიონის ქედის “დაწყდომა”. კერძოდ, მდინარე ნიკოფსიასა და შაფსუხოს სათავეებთან კავკასიონის ქედიდან ჩამოდის მძლავრი შტო, რომლის კვერნაქები ადგება შავ ზღვას მდინარე შაფსუხოს და ნიკოფსიის ხეობათა გაყოლებით. როგორც ჩანს, ეს შტო კავკასიონისა იგულისხმება ქართულ წყაროებში, სადაც აღნიშნულია, რომ მცირისა ხაზარეთისა მდინარის ზონაში “დასწყდების წვერი კავკასიასა” (ანუ მეორე ტექსტით: “წასწვდების წვერი კავკასიასა”).

4 იხ. დავით აღმაშენებლის ანდერძი (ქრონიკები, II, გვ, 51); ისტორია – აზმანნი შარავანდედთანი (გვ. *701/500, *711/516, *650/435) და სხვანი.

5 იხ. კლავდი პტოლემეს გეოგრაფია (მე-2 საუკ. ახ.წ.), სადაც კოლხიდის საზღვარი აღნიშნულია ამავე სექტორში, მდ. კორაქსთან (კელასურთან), ქ. დიოსკურიის ზონაში (SC, I, 240). იხ. აგრეთვე მე-5 საუკუნის ანონიმი გეოგრაფოსის პერიპლუსი, სადაც ლაზეთის (ძველი კოლხეთის) საზღვარი ასევე ნაჩვენებია ქ. დიოსკურიის ზონაში (SC, I, 240).

121

ჩვენ ამით დავასრულებთ აფხაზეთის მხარეთა საზღვრების ამ მიმოხილვას.

ამრიგად, როგორც ირკვევა, აფხაზეთის მხარეები მოიცავდა ტერიტორიას კელასურის კედლიდან ვიდრე ნიკოფსიამდე (ნიკოფსიის ჩათვლით). თანამედროვე ადმინისტრაციული დანაწილებით იგი შეიცავდა შემდეგ ერთეულებს: ახლანდელი აფხაზეთის ასსრ-ის ჩრდილოეთ ნაწილს (სახელდობრ, სუხუმის, გუდაუთის და გაგრის რაიონებს მთლიანად და ნაწილს გულრიფშის რაიონისა), ადლერის რაიონს, სოჭის რაიონს და ტუაფსის რაიონს.

***

აფხაზეთის მხარენი აქ აღნიშნულ საზღვრებში დასახლებული იყო რამდენიმე ტომით, რომელთა შორის მე-8-10 საუკუნეებში და, საერთოდ საშუალო საუკუნეებში, მთავარი ადგილი ეჭირა აფხაზთა ტომს, რის გამოც მთელ მხარეს აფხაზეთი ეწოდებოდა.

სახელდობრ, აფხაზეთში (აფხაზეთის საერისთავოს ფარგლებში) მოსახლეობა შემდეგი ოთხი ადგილობრივი ტომი: 1. აფხაზები; 2. სანიგები (სანიხები) ანუ ჰენიოხები; 3. აბსილები (აფსილები); 4. მისიმიანები. გარდა ამ ოთხი ადგილობრივი მკვიდრი ტომისა, აფხაზეთის მხარეთა ჩრდილოეთ სანაპიროზე ჩამოსახლებული ყოფილან ჯიქები (ეს არის აფხაზეთის ჯიქეთი).

სულ აფხაზეთის მხარეები მოსახლეობის ტომობრივი შემადგენლობისა და გეოგრაფიული განაწილების მიხედვით განიყოფებოდა შემდეგ ერთეულებად, რომლებიც ქვემოთ არის ჩამოთვლილი.

 

 

 

 

 

 

სრულად:

http://darbr.webs.com/merCule4.pdf

 

 

3 Responses to “•პავლე ინგოროყვა – “აფხაზეთის სამეფო””

  1. AFXAZI said

    რუსულად არ არის ეს ნათარგმნი, ძალიან კარგი იქნებოდა აფხაზურ მხარეს გავაცნობდით.

    Like

  2. jaba melkadze said

    აფხაზეთი რომ საქართველოს ორგანული ნაწილია, ამას ისიც მოწმობს, რომ ბაგრატიონ მეფეთა მოკლე ტიტულატურა “მეფე აფხაზთა” იყო, ხოლო ქართველი და აფხაზი იდენტური ცნებები იყო მთელი შუა საუკუნეების პერიოდის ისტორიოგრაფიისათვის(როგორც ქართველი , ისე უცხოელი ავტორებისათვის)… პლიუს ქართული ტაძრები- გაბნეული მთელს აფხაზეთში, ათობოთ ქართულენოვანი ტოპონიმი, მცენარეთა დასახელება და ა.შ. მაგრამ სხვა რამ მინდა ავღნიშნო: ნუთუ აბაზგები, აბშილები და საძები ქართული ტომები იყვნენ? ნუთუ უძველესი დროიდან არ წარმოადგენდნენ აქ აბორიგენ მოსახლეობას ადიღეური ტომები-ჩვენ რომ მე-16-ე საუკუნეში გალაქტიკიდან მოფრენილებად ვთვლით აფხაზეთში? კი ბატონო, გვიან შუა საუკუნეებში გაიზარდა მათი ხვედრითი წილი ამ კუთხეში, მაგრამ ამ ხალხის უახლოესი ნათესავები არ ცხოვრობდნენ ათასწლეულების მანძილზე მანდ მანამდეც? სიმართლეს თვალი ყოველთვის უნდა გავუსწოროთ, მიუხედავად იმისა მწარე იქნება იგი, თუ თაფლიანი. აფხაზეთი ორაბორიგენული მიწა იყო მუდამ(ჭადრაკული პრინციპით იყვნენ განლაგებული ადიღეური და სვანურ-ლაზური ტომები). იგი თანაბრადაა როგორც ქართველის, ისე ჩერქეზის სამშობლო! თავად აფხაზი ერიც ერთგვარ ჰიბრიდს წარმოადგენს ამ ორი სამყაროსას-საუკუნეობით ნათქვეფს.

    Like

    • marine said

      პავლე ინგოროყვას ნაშრომი– “აფხაზეთის სამეფო”,სწორედ სიმართლის დადგენას ემსახურება.ამისთვის ის განიხილავს უამრავ წყაროს. საყოველთაოდ ცნობილია ქართველთ-ისტორიის გაყალბების მცდელობები და ფაქტები სდს დროს გაბატონებული იმპერიების მხრიდან.ღვთისწყალობით დღემდე შემორჩა უამრავი წყარო,რომლის შესწავლით შესაძლებელია სიმართლის დადგენა.(ერთ-ერთი წყაროა- ენა,ტოპონიმები,წეს-ჩვეულებები,არქეოლოგიური მონაპოვარი და ა.შ.)
      თქვენ საიდან ასკვნით,რომ:” აფხაზეთი ორაბორიგენული მიწა იყო მუდამ(ჭადრაკული პრინციპით იყვნენ განლაგებული ადიღეური და სვანურ-ლაზური ტომები). იგი თანაბრადაა როგორც ქართველის, ისე ჩერქეზის სამშობლო! თავად აფხაზი ერიც ერთგვარ ჰიბრიდს წარმოადგენს ამ ორი სამყაროსას-საუკუნეობით ნათქვეფს.”
      სი-მ-ართ-ლე კი არც მწარეა და არც თაფლიანი.იგი ართი ანუ ერთია.ისევე,როგორც სა-ქ-ართ-ველო!!

      Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s