Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

•რუსული მმართველობის დამყარება

აფხაზეთი – Abkhazia

ბეჟან ხორავა – ,,აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და მიხეილ შარვაშიძე”

I ნაწილიII ნაწილი

III ნაწილი

 

***

 

რუსული მმართველობის დამყარება

წებელდაში 1837 წელს

 

XIX საუკუნის 30-იან წლებში დასავლეთ საქართველოს ერთერთ ყველაზე შფოთიან და მოუწესრიგებელ მხარეს წებელდა წარმოადგენდა. წებელდელები სათარეშოდ ხშირად იჭრებოდნენ აფხაზეთის სანაპირო ზოლში და სამურზაყანოში, იტაცებდნენ ადამიანებს, მათ შორის, რუს ჯარისკაცებს, ეწეოდნენ ტყვის სყიდვას, აოხრებდნენ სოფლებს. გარდა ამისა, წებელდას თავს აფარებდნენ აფხაზეთიდან და სამეგრელოსამურზაყანოდან გაქცეული ავაზაკები. ამიტომ ხელისუფლება წებელდას ,,დამნაშავეთა ბუნაგს~ უწოდებდა. წებელდაში გაბატონებული შფოთი და უკანონობა გავლენას ახდენდა აფხაზეთსა და სამეგრელოსამურზაყანოზე. სამეგრელოს მთავარი ლევან V დადიანი (1805-1846) ამ მხარეში შექმნილი ვითარების შესახებ 1832 წლის 2 აპრილის საიდუმლო წერილში კავკასიის კორპუსის შტაბის უფროსს, გენერალმაიორ ვ.დ.ვოლხოვსკის (1832-1837) წერდა; ,,ცნობილ არს მმართებლობისადმი მდგომარეობა სამურზაყანოისა, რაოდენნმე ავაზაკნი, მქონებელნი მარადის საყუდავისა ანუ წებწლსა შინა და ანუ აბხაზისა შინა, განერთვიან მოუწყვედელითა მტაცებლობითა და კაცთა ვაჭრობითა აღურევენ ჭკუათა შთაგონებითა მათდა თვითმნებებლობისა და უმორჩილებისა”. მთავარი გამოთქვამდა იარაღით შეჭრილიყო აფხაზეთსა და წებელდაში და მკაცრი ანგარიშსწორებით გონს მოეყვანა ავაზაკები. დადიანი ვ.დ.ვოლხოვსკის სთხოვდა, მიეცა მისთვის ამის უფლება ან ამ მიზნით ჯარი გამოეგზავნა, ,,აღხოცვისათვის დაფუძნებულის ბოროტისა, _ წერდა იგი, _ სასტიკი მაგალითი ადგილსავე მაცხოვრებელთა აღუცილებელ არს”.

წებელდას უაღრესად ხელსაყრელი მდებარეობა ჰქონდა. წებელდელებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ კავკასიონის ქედის გაღმა დიდ ყაბარდოსთან, აგრეთვე აბაზებსა და ყარაჩაელებთან.ისინი უმთავრესად მეჯოგეობას მისდევდნენ.ამიტომ აფხაზეთის ბარის გარეშე არსებობა ძნელად თუ შეეძლოთ. აქ იყო მათთვის აუცილებელი ზამთრის საძოვრები. როგორც ნახევრად მეჯოგეები, ისინი პერიოდულად თავს ესხმოდნენ და ძარცვავდნენ მეზობელ დაბლობ რაიონებს. მართალია, აფხაზეთის მთავარი თავს წებელდის ბატონად თვლიდა, მაგრამ წებელდელები მის ხელისუფლებას არ ცნობდნენ.

კავკასიის რუსულ ადმინისტრაციას კარგად ესმოდა, რომ წებელდის დამორჩილებას დიდი მნიშვნელობა ექნებოდა სამეგრელოსა და აფხაზეთში სიმშვიდისათვის, მაგრამ მისი იარაღით დამორჩილება რთული იყო. მთავარმართებელი და კავკასიის კორპუსის მთავარსარდალი გრ.როზენი (1832-1837) ცდილობდა წებელდის მფლობელი მარშანიები ხელისუფლებისათვის მიემხრო. ამ მიზნით, 1832 წელს აფხაზეთში სპეციალური მისიით გაგზავნილ გენერალლეიტენანტ რ.ბაგრატიონს დაავალა ახლო ურთიერთობა დაემყარებინა მათთან. ზოგიერთი მარშანია კიდევაც ეახლა რ.ბაგრატიონს და რუსეთის იმპერატორის ერთგულების ფიცი დადო. მარშანიებმა მას აღუთქვეს, რომ ნათესავებს დაარწმუნებდნენ მორჩილება გამოეცხადებინათ მთავრობისათვის, თუმცა შემდეგ ეს პირობა არ შეასრულეს. წებელდელები სარგებლობდნენ უწესრიგობით აფხაზეთში და აგრძელებდნენ ყაჩაღობას. სამეგრელოს მთავარმა, რომელიც მონაწილეობდა რ.ბაგრატიონისადმი მიცემული დავალების შესრულებაში, მთავარმართებელს პირობა მისცა, რომ ყველაფერს გააკეთებდა, რათა წებელდელებისათვის რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლა ჩაეგონებინა. ამის შემდეგ ლევან V დადიანს დიდი ხნის მანძილზე მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდა წებელდელებთან, მათ შორის, თავისი შვილის დავითის მეშვეობითაც. ძლიერი ზეწოლის შედეგად, ერთმანეთთან ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, მარშანიებმა რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლა გადაწყვიტეს და ლევან V დადიანთან გააგზავნეს საგვარეულოში უხუცესი მისოუსტ მარშანია, რათა მას თბილისში გაეგზავნა გრ.როზენთან იმის გასარკვევად, თუ რა პირობების საფუძველზე სურდა მთავრობას წებელდელების მორჩილების მიღება.

1834 წლის დეკემბერში მისოუსტ მარშანია შეხვდა გრ.როზენს და სიტყვიერად გადასცა მარშანიების სურვილი, წებელდის მთელ მოსახლეობასთან ერთად შესულიყვნენ რუსეთის მფარველობასა და ქვეშევრდომობაში. გრ. როზენმა მისოუსტ მარშანიას გამოუცხადა, რომ მზად იყო წებელდელები მიეღო იმპერატორის ქვეშევრდომობად.ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების პირობები გადასცა და წებელდაში გაისტუმრა. ხელისუფლება წებელდელებს ჰპირდებოდა სარწმუნოების (მაჰმადიანობა) და მხარის შინაგანი მმართველობის ხელშეუხებლობას; მათი საქონლის ზამთარში აფხაზეთის საძოვრებზე და აფხაზების საქონლის ზაფხულში წებელდის საძოვრებზე გადარეკვის საკითხის მოგვარებას; მარშანიებისა და წებელდელების სურვილის, რომ მათსა და ხელისუფლებას შორის შუამავალი ყოფილიყო სამეგრელოს მთავარი, _ შესრულებას. წებელდაში მუდმივად უნდა ყოფილიყო ჩინოვნიკი. თუ საჭირო იქნებოდა წებელდელების რაიმე თხოვნის განხილვა, ეს დაევალებოდა სამეგრელოს მთავარს, იმერეთის მმართველს ან წებელდაში დანიშნულ ჩინოვნიკს. ამასთან, აშკარად ჩანდა, რომ ხელისუფლება ბოლომდე არ ენდობოდა მარშამიებს.იმპერატორის ერთგულების ნიშნად, ერთი მარშანია მუდმივად უნდა ყოფილიყო როზენთან თბილისში, და ერთიც_სამეგრელოს მთავართან ხელისუფლება მოითხოვდა წებელდაში მყოფი გაქცეული რუსი ჯარისკაცებისა და ტყვეების, თუ ასეთები არსებობდა, გადაცემას სამეგრელოს მთავრის ან დრანდის სიმაგრის უფროსისათვის; მტაცებლობის, ყაჩაღობის, ძარცვის, აფხაზეთსა და სამეგრელოზე თავდასხმების შეწყვეტას; ადამიანებით ვაჭრობის აღკვეთას; რუსეთის ქვეშევრდომობაში ყოფნას; არ მიეცათ თავშესაფარი გაქცეული მეგრელებისა და აფხაზებისათვის და ისინი მათი მთავრებისათვის გადაეცათ. გრ. როზენი მისოუსტ მარშანიას აღიარებდა საგვარეულლოში უფროსად და იმპერატორის კეთილგანწყობასა და მოწყალებას ჰპირდებოდა. მთავარმართებელმა მას წინადადება მისცა მარსანიებს მისი მეშვეობით გამოეგზავნათ ხელმოწერით და ბეჭდით დამოწმებული წერილობითი თანხმობა, რომ ისინი მზად იყვნენ თავიანთი სურვილით დაედოთ იმპერატორის ერთგულების ფიცი. ხელისუფლების მოთხოვნებზე მარშანიების დათანხმების შემთხვევაში გრ.როზენს გადაწყვეტილი ჰქონდა ჩინოვნიკის გაგზავნა წებელდაში მარშანიებისა და, საერთოდ, წებელდელებისაგან იმპერატორის ერთგულების ფიცის მისაღებად. მიუხედავად მისოუსტ მარშანიას გულწრფელი სურვილისა და დიდი მცდელობისა, მარშანიებს გაუჭირდათ ხელისუფლების პირობების მიღება და დრო გაჰყავდათ.ისინი კვლავ აგრძელებდნენ ძარცვას, მტაცებლობას აფხაზეთსა და სამურზაყანოში. ამის აღკვეთის მიზნით, კავკასიის რუსულმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ძალის გამოყენებით წებელდის დამორჩილება, რაზეც იმპერატორი დათანხმდა. გრ.როზერნმა წებელდაში სამხედრო ექსპედიციის მოწყობის დროდ 1837 წლის გაზაფხული განსაზღვრა. სოხუმკალეში დაიწყო ჯარის ნაწილების თავმოყრა.

1837 წლის 2 თებერვლის მიწერილობით ბარონმა როზენმა იმერეთის მმართველს, გენერალმაიორ ა. ესპეხოს (1837-1840) დაავალა აფხაზეთში გამოეცხადებინა, რომ ჯარის შეკრება სოხუმკალეში ხდებოდა ერთადერთი მიზნით, სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის სახმელეთო მიმოსვლის გასაუმჯობესებლად.კავკასიის რუსული ადმინისტრაცია ფიქრობდა, რომ წებელდელები, რომლებსაც კარგად ესმოდათ თავიანთი დანაშაული ხელისუფლების წინაშე, მორჩილების გამოცხადებით დაგეგმილი ექსპედიციის ჩაშლას შეეცდებოდნენ, შემდეგ კი, პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევაში, მორჩილების პირობას კვლავ დაარღვევდნენ. 23 თებერვალს როზენმა ა. ესპეხოს დაავალა, თუ ჯარების შეკრების პირობებში წებელდელები იგრძნობდნენ, რომ სარდლობას განზრახული ჰქონდა მათ წინააღმდეგ გადამჭრელი ზომების მიღება და მასთან იმპერატორის ერთგულების ფიცის განახლების სურვილით გამოცხადდებოდნენ, მიეღო მათი მორჩილების პირობა, ამასთან ხელისუფლების მხრიდან შემდეგი პირობები წამოეყენებინა: გაეცათ მძევლები საუკეთესო საგვარეულოებიდან, უფროსად რუსი ტყვეები და გაქცეული ჯარისკაცები; მონაწილეობა არ მიეღოთ ძარცვაყაჩაღობაში აფხაზეთსა და სამეგრელოში, არც თავიანთ ტერიტორიაზე გაეტარებინათ მძარცველები; არ შეეფარებინათ დამნაშავეები; შეესრულებინათ ხელისუფლების ყველა ბრძანება და თავი არ აერიდებინათ მთავრობის სამსახურისათვის. ამასთანავე ხელისუფლება წებელდელებს ჰპირდებოდა, რომ წებელდის საზღვრები დარჩებოდა ხელშეუხებელი; წებელდელების საქონლის აფხაზეთში მწყემსვისა და აფხაზთა საქონლის ზაფხულში წებელდაში მწყემსვის საკითხი მოგვარდებოდა იმერეთის მმართველის მიერ აფხაზეთის მთავართან შეთანხმებით; რამდენადაც წებელდელები სრულ ნდობას უცხადებდნენ სამეგრელოს მთავარს, იმერეთის მმართველი მას მოეთათბირებოდა მათ საჭიროებებზე; წებელდელებსა და აფხაზებს შორის დავის წამოჭრის შემთხვევაში მათ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინათ ხელისუფლებისათვის, რომელიც განიხილავდა ამ საქმეს და სამართლიანად გადაწყვეტდა. როზენმა ა.ესპეხოს დაავალა განემარტა წებელდის მამასახლისებისათვის, თუ ისინი მთავრობის მოთხოვნების შესრულებას გადადებდნენ, იქამდე მიიყვანდნენ საქმეს, რომ მათ მორჩილებაში მოსაყვანად საჭირო გახდებოდა გადამწყვეტი ზომების მიღება. ასეთ შემთხვევაში ისინი იქნებოდნენ დამნაშავენი, რომ თავი და ოჯახი დასაღუპად გასწირეს. ამასთან, ა.ესპეხო წებელდელებთან ურთიერთობის შესახებ უნდა მოთათბირებოდა სამეგრელოს მტავარს, რომელიც კარგად იცნობდა მათ და მთავრობაც სავსებით ენდობოდა.

გარდა იმისა, რომ კავკასიის სარდლობა 1837 წლის გაზაფხულზე წებელდაში აპირებდა ექსპედიციის მოწყობას, განზრახული იყო ექსპედიციის მოწყობა ჩრდილოაღმოსავლეთ შავიზღვისპირეთშიც. 5 მარტს როზენმა გენერალმაიორ ა. ესპეხოს გაუგზავნა მიწერილობა, რომლითაც იმერეთის, გურიის, სამეგრელოს, აფხაზეთის სახალხო ლაშქრის შეკრებას ავალებდა. მისი აზრით, სამეგრელოდან უნდა გამოსულიყო 650 მოლაშქრე, იმერეთიდან 240, გურიიდან 60, აფხაზეთიდან 300, მათ შორის 250 მხედარი სამეგრელოდან და 150 აფხაზეთიდან, დანარჩენი ქვეითად, ოფიცერთა და ურიადნიკთა შესაბამისი რაოდენობით. იმერეთის სახალხო ლაშქარი უნდა სეკრებილიყო ქუთაისში და მისთვის სათავეში ჩაეყენებინა პოდპოლკოვნიკი გრიგოლ წერეთელი; გურიის სახალხო ლაშქარი უნდა შეკრებილიყო ოზურგეთში დავით გურიელის მეთაურობით და სოხუმკალეში გაეგზავნა. რაც შეეხება სამეგრელოსა და აფხაზეთის სახალზო ლაშქარს, ის თვითონ აპირებდა მთავრებთან ამ საკითხზე მოთათბირებას. იმავე დღეს, 5 მარტს, გრ. როზენმა წერილი გაუგზავნა ლევან V დადიანს და აუწყა, რომ ,,იმპერატორი ფრიად კმაყოფილი იყო რუსეთის ჯარების შემადგენლობაში მამაცი მეგრელების მონაწილეობით რუსეთოსმალეთის უკანასკნელ ომში, და 1836 წლის ყუბანის ექსპედიციაში”. მათ კვლავ ეძლეოდათ შესაძლებლობა თავი გამოეჩინათ მიმდინარე წელს აფხაზეთიდან განზრახულ საომარ მოქმედებებში, რისთვისაც ის ფიქრობდა, რომ მთავრისათვის ძნელი არ იქნებოდა 250 მხედრისა და 400 ქვეითი მოლაშქრის, ოფიცრებისა და ურიადნიკების შესაფერისი რაოდენობით, სოხუმკალეში გაგზავნა.

აპრილის ბოლოს, სარდლობამ რუსეთის ჯარის ნაწილებს სოხუმკალესა და სოფ.კელასურის მიდამოებში მოუყარა თავი, რეგულარული ჯარის ნაწილები შეუერთდა იმერეთის, სამეგრელოს და გურიის მილიცია, მიმდინარეობდა აფხაზეთის მილიციის შეგროვებაც. გრ. როზენმა ა. ესპეხოს დაავალა, წებელდელებისათვის შეეთავაზებინა დამორჩილებოდნენ ხელისუფლებას იმ პირობით, რაც დამტკიცებული იყო იმპერატორის მიერ საერთოდ მთიელთათვის. ა. ესპეხომ მარშანიებს გადასცა ხელისუფლების მოთხოვნა და მათ პირობა დადეს რომ მოვიდოდნენ იმერეთის მმართველთან, თუმცა შემდეგ, ეს პირობა არ შეასრულეს.

27 აპრილს გრ. როზენი კელასურის ბანაკში ჩავიდა. გაზაფხულის წვიმიანი ამინდები იდგა. გადაუღებელი წვიმების გამო მდინარეები კალაპოტიდან გადმოსულიყო. როზენმა მშვენივრად იცოდა, რომ ყოველივე ეს ლაშქრობას შეაფერხებდა, მაგრამ ექსპედიციის გადადება არც უფიქრია. კავკასიის კორპუსის მთავარსარდლის აფხაზეთში ჩასვლის შემდეგ მარშანიებმა პირობა დადეს, რომ მძევლებს გამოაგზავნიდნენ, მაგრამ არც ეს პირობა შეასრულეს. ამიტომ როზენმა გადაწყვიტა 28 აპრილს დაძრულიყო წებელდისაკენ და გარემოების შესაბამისად ემოქმედა.

აფხაზეთის რაზმის ავანგარდი 30 აპრილს კელასურიდან გავიდა და მდ. მაჭარის ხეობას წებელდისკენ აუყვა. 1 მაისს რაზმის ძირითადი ნაწილიც გრ. როზენის მეთაურობით, არტილერიის თანხლებით, კელასურიდან გავიდა. გზა ძნელი იყო. გაუვალი ტყეები და წვიმა ართულებდა გზის გაწმენდას. პირველი შეტაკება წებელდელებთან აგიშის მთასთან მოხდა. მთიელებმა ვერ გაუძლეს რეგულარული ჯარის ნაწილების შემოტევას და გაიფანტნენ. ჯარის გამოჩენამ დააფრთხო წებელდელები და 3 მაისს როზენთან გამოცხადდა მისოუსტ მარშანია, რომელმაც თემის სახელით საომარი მოქმედებების შეწყვეტა ითხოვა. მან პირობა დადო, რომ წებელდელები უსიტყვოდ დაემორჩილებოდნენ მთავრობას, გადასცემდნენ წებელდაში მყოფ ტყვეებს, გაქცეულ ჯარისკაცებს და მათთან თავშეფარებულ დამნაშავეებს. მთავარსარდალმა მას განუცხადა, რომ იარაღს არ გამოიყენებდა, მაგრამ წებელდის სიღრმეში მსვლელობას გააგრძელებდა, სანამ ისინი თავიანთ პირობას არ შეასრულებდნენ და ამის დასტურად მძევლებს არ გამოაგზავნიდნენ.

5 მაისს ისევ მოხდა შეტაკება. წებელდელები კვლავ დამარცხდნენ და გაიფანტნენ. 8 მაისს მარშანიებმა 40 რუსი გადასცეს როზენს, ჯარისკაცები და მატროსები, რომლებიც წლების განმავლობაში იყვნენ მათთან ტყვედ. ბევრ მათგანს უკვე ოჯახიც შეექმნა და აქ დამკვიდრებულიყო. მთავარსარდლის აზრით, ეს ხალხი ხელისუფლებას დიდად გამოადგებოდა წებელდაში, რადგან კარგად იცნობდნენ ამ მხარეს, ხალხის ზნეჩვეულებებს, იცოდნენ ენა. ამიტომ ვისაც დარჩენა სურდა, ნება დართო, ხოლო გაქცეულებს პატიება გამოუცხადა. გრ. როზენს გადაწყვეტილი ჰქონდა მანამდე დარჩენილიყო, სანამ დიდი რაოდენობით ტყვეებს არ გადასცემდნენ, რომელთა აქ ყოფნის შესახებაც მას ინფორმაცია ჰქონდა. შემდეგ, ფიქრობდა, მძევლები აეყვანა, ბოქაული დაენიშნა და მერე კი სოხუმკალეში დაბრუნებულიყო, სადაც შეუდგებოდა სამზადისს შავი ზღვის ჩრდილოაღმოსავლეთ სანაპიროზე, გაგრის იქით ექსპედიციის მოსაწყობად. ამიტომ რაზმმა წებელდის სიღრმეში წინსვლა განაგრძო. წებელდელები კვლავ განაგრძობდნენ თავდასხმებს რაზმზე. მათ დასაშინებლად, 11 მაისს რუსებმა სოფელი გადაწვეს. იმავდროულად, ისინი ზვერავდნენ და სწავლობდნენ გზებს კავკასიონის მთავარი ქედისკენ, და დრანდიდან მდ. კოდორის ხეობით წებელდისკენ. აფხაზეთის რაზმის შემადგენლობაში იმყოფებოდა დეკაბრისტი ვ. ნოროვი, რომელიც წებელდაში ლაშქრობას ,,მძიმე ექსპედიციას” უწოდებდა, როცა მთელი თვის განმავლობაში ჯარის ნაწილები დაკავებული იყვნენ იმით, რომ ,,Лазили по горам, по долинам Кодора и били цебельдинцев”. იგი ამ ექსპედიციას ასე იხსენებდა: ,,30 апреля мы отправились в Сухумкале и прошли через долину Келасур в начале до Антопира (სოფ. უნთფირი, ბ.ხ.), затем до подножья Маруха, через южное ущелье, под беспреривной перестрелкой. Эта была настоящая охота на людей. Мы потеряли там мало людей, ибо цебельдинцы были плохо вооружены, но мы были обессилены от усталости, взбираясь по скалам и проходя через густые чаши”.

16 მაისს წებელდელმა მარშანიებმა და სასულიერო პირებმა ყურანზე რყსეთის იმპერატორის ერთგულების ფიცი დადეს. 18 მაისს გრ.როზენთან გამოცხადდა დალის თემის ბატონი ხინკურას მარშანია ძმებთან ერთად და მათთან მყოფი 52 ტყვე გადასცა. 19 მაისს ხინკურასმა, მისმა ძმებმა და სხვა დალელმა თავადებმა იმპერატორის ერთგულების ფიცი დადეს და სარდლობას მძევლები გადასცეს. წებელდელების მიერ დადებული ფიცის პირობები ასეთი იყო: მათ მოეთხოვებოდათ ხელისუფლების ერთგული სამსახური; უნდა შეეწყვიტათ ძარცვაყაჩაღობა, თავშესაფარი არ მიეცათ ყაჩაღებისა და სხვა ჯურის დამნაშავეებისათვის; არ ჰქონოდათ ურთიერთობა იმ ხალხებთან, რომლებიც მტრულ მოწმედებას ეწეოდნენ რუსეთის წინააღმდეგ; შეეწყვიტათ ადამიანებით ვაჭრობა; მათთან მყოფი ტყვეები და გაქცეულები გადაეცათ ხელისუფლებისათვის; ერთმანეთში და მეზობელ ხალხებთან წამოჭრილი უთანხმოების გადასაჭრელად არ გამოეყენებინათ იარაღი და პრობლემის მოსაგვარებლად ხელისუფლებისათვის მიემართათ. იმავდროულად, გრ. როზენმა წებელდის ბოქაულიც დანიშნა – შავი ზღვის სანაპირო მე5 ბატალიონის პროპორშიკი ფ.ლისოვსკი. წებელდის ბოქაული უშუალოდ აფხაზეთის ჯარების სარდალს ემორცილებოდა. წარმოშობით პოლონელი ლისოვსკი გადმოსახლებული იყო კავკასიაში. 1828 წლიდან მსახურობდა აფხაზეთში. იგი იყო განათლებული, კარგად იცნობდა აფხაზთა ხასიათს, იცოდა ენაც. მას გარკვეული ცოდნა ჰქონდა ტოპოგრაფიაში და დაევალა გამოეკვლია სად შეიძლებოდა წებელდიდან ჩრდილოეთ კავკასიაში გადასასვლელი გზის გაყვანა.

ამრიგად, წებელდა თითქმის წინააღმდეგობის გარეშე და უსისხლოდ დაემორჩილდა რუსეთის ხელისუფლებას. სამხედრო მინისტრის, გრაფ ა. ჩერნიშევისადმი მოხსენებით ბარათში გრ. როზენი იმედს გამოთქვამდა, რომ შეწყდებოდა წებელდელების თავდასხმები სამეგრელოსა და აფხაზეთზე; ამასთან, წებელდის დამორჩილებას სასიკეთო გავლენა ექნებოდა აფხაზებზე და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებზე, რომლებთანაც მათ მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ. წებელდის დამორჩილებას დასავლეთ საქართველოში და, საერთოდ, ამიერკავკასიაში, ცარიზმის მდგომარეობის განმტკიცების თავლსაზრისით გარკვეული მნიშვნელობა ჰქონდა. ამიტომაც, გრ. როზენი ა. ჩერნიშევისადმი წერილში კმაყოფილებით აღნიშნავდა, რომ კავკასიონის ქედის სამხრეთით, საქართველოს სამხედრო გზიდან შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, სრულებით არ დარჩა დაუმორჩილებელი ხალხი და ტერიტორია.

რუსეთის ხელისუფლების მიერ წებელდის დამორჩილებაში დიდი იყო ლევან V დადიანისა და მიხეილ შარვაშიძის (1823-1864) წვლილი. რუსული მმართველობა იმხანად აფხაზეთში ჯერ კიდევ მიხეილ შარვაშიძის მეშვეობით მოქმედებდა. აფხაზეთის მთავარი ადრე მთავრობას უმტკიცებდა, რომ წებელდის დამორჩილება მხოლოდ მას შეეძლო. ის სრულებით არ იყო დაინტერესებული რუსეთის პიზიციების განმტკიცებით აფხაზეთში, ამიტომ მთავრობაც თავის მხრივ ამ მხარეში თავისი რეალური ხელისუფლების გაფართოებას ცდილობდა. ამის გამოხატულება იყო ერთერთი ყველაზე შფოთიანი მხარისა და ავაზაკთა ბუდის _ წებელდის სამხედრო ძალით დაკავება და უშუალო რუსული მმართველობის შემოღება. მიხეილ შარვაშიძის იმედი, რომ ხელისუფლება ცნობდა მის უფლებებს წებელდაზე, არ გამართლდა.

16 მაისს ფ. ლისოვსკიმ მოხსენებითი ბარათით მიმართა იმერეთის მმართველს, გენერალმაიორ ა.ესპეხოს. ის აღნიშნავდა, რომ დაკისრებული მოვალეობის წარმატებით შესასრულებლად მას უნდა ჰქონოდა არამხოლოდ შესაფერისი ანაზღაურება, არამედ, გარკვეული სახსრები წებელდელებთან დასაახლოვებლად. მისი აზრით, წებელდელებზე ზემოქმედება შეიძლებოდა სამართლიანობით, რაც მათ წარმოდგენებს შეესაბამებოდა; სასურველი იქნებოდა რომელიმე სასულიერო პირს, რომელიც პატივისცემით სარგებლობდა, მთავრობა მოფერებოდა საჩუქრებით და დაეახლოებინა, რადგან მთიელებში, სადაც ისლამი იყო გავრცელებული, მოლა დიდი პატივისცემით სარგებლობდა. იგი სურვილს გამოთქვამდა, რომ მასთან მუდმივად ყოფილიყო 6 წებელდელი მაინც, რომლებიც მისი დაცვის მოვალეობასაც შეასრულებდნენ და გამყოლებიც იქნებოდნენ; მასთან დაენიშნათ მწერალი საქმის წარმოებისათვის და თარჯიმანი, სახელდობრ, ბზიფის ოლქის მკვიდრი აზნაური კვატაშ ლაკობა, რომელიც ამ თანამდებობაზე იყო შავი ზღვის მე8 ბატალიონის უფროსთან დრანდაში; მისთვის გაეგზავნათ: საკანცელარიო ნივთები, ბუსოლი _ მხარის ტოპოგრაფიული გადაღებისათვის და სახაზავი მოწყობილობა; წებელდისა და მისი მეზობელი ტომების ახალი რუკა, შედგენილი გენშტაბის პოდპოლკოვნიკ ნორდენსტანის მიერ; წებელდის შესახებ არსებული ცნობები.

გრ. როზენმა ფ. ლისოვსკის გაუგზავნა წებელდელების ფიცის ტექსტი და მითითებები, რომლითაც მას უნდა ეხელმძღვანელა. კერძოდ, მთავარსარდალი წებელდის ბოქაულს ავალებდა: რამდენადაც შესაძლებელი იყო გასცნობოდა ქვეყანას, მის მცხოვრებთა ხასიათს, წესჩვეულებებს, წარმოდგენებს; შეეგროვებინა ზუსტი ცნობები ხალხთმოსახლეობაზე, თავადების, სასულიერო პირებისა და სხვა პატივსაცემი ადამიანებისათვის ჩაეგონებინა იმპერატორის ერთგული სამსახური; არ დაეშვა უთანხმოება თავადებს შორის, რადგან ეს იწვევდა უწესრიგობას არამარტო წებელდაში, არამედ გავლენა ჰქონდა მეზობელ ხალხებზეც; მკვლელობის, ყაჩაღობის, ძარცვის, ღალატის შემთხვევებში შეეგროვებინა ზუსტი ცნობები, დამნაშავეები დაეპატიმრებინა და თუ საჭიროდ ჩათვლიდა, გაეგზავნა სოხუმკალეში, იმავდროულად, მომხდარი ფაქტის შესახებ აფხაზეთის ჯარების სარდლისათვის ეცნობებინა; წებელდელების მიერ აფხაზეთისა და სამეგრელოს მკვიდრთა მიმართ საჩივრის შესახებ ეცნობებინა აფხაზეთის ჯარების სარდლისათვის, ხოლო სამეგრელოსა და აფხაზეთის მკვიდრთა მხრიდან წებელდელებზე საჩივრის შემთხვევაში, ეწარმოებინა მოკვლევა, გამოეძიებინა საქმე და სათანადო გადაწყვეტილება მიეღო; ცნობები შეეკრიბა ადათობრივი სამართლით და განსაკუთრებით, შარიათით საქმეების განხილვის თაობაზე; მისი ერთერთი მთავარი მოვალეობა უნდა ყოფილიყო ადამიანებით ვაჭრობის და ადამიანთა გატაცების აღკვეთა. მას უნდა გაეგო, კიდევ ჰყავდა თუ არა წებელდელებს რუსი ტყვეები. თუკი ასეთები აღმოჩნდებოდა, გამოეხსნა ისინი და სოხუმში გაეგზავნა, გარდა მოხუცების, რომელთაც უკვე ოჯახი ჰქონდათ შექმნილი. გრ. როზენმა საგანგებოდ დაავალა ფ. ლისოვსკის, რომ უზრუნველეყო უკვე გადმოცემული ტყვეებიდან 16 დაოჯახებული მოხუცის, რომლებმაც დიდი ხანი იცხოვრეს ტყვეობაში, მოიწყვეს მეურნეობა და წებელდაში დარჩენის უფლება მიიღეს, ზოგჯერ სოხუმში წირვაზე დასწრება. მათი უფლებები არ უნდა შელახულიყო უწინდელი ბატონების ან სხვა წებელდელების მიერ. მას უფლება ეძლეოდა თავისი საჭიროებისამებრ გამოეყენებინა ისინი; ბოქაულს უნდა შეეგროვებინა ცნობები წებელდელების მეზობლებთან _ ყარაჩაელებთან, სვანებთან, სამურზაყანოელებთან ურთიერთობის თაობაზე, აგრეთვე დაწვრილებით ტოპოგრაფიული და სტატისტიკური ცნობები წებელდაზე, რისთვისაც საჭირო ინსტრუმენტები და მოწყობილობა თბილისიდან გაეგზავნებოდა; დაეთვალიერებინა კავკასიონის მთავარი ქედი წებელდის ფარგლებში, ყურადღება მიექცია წებელდიდან ჩრდილოეთ კავკასიაში გადასასვლელებისათვის და გაერკვია, რამდენად შესაძლებელი იყო ამ ადგილებში კარგი გზის გაყვანა კავკასიისა ხაზიდან შავი ზღვის სანაპიროსაკენ. ბოქაული ყველაფერში უნდა დამორჩილებოდა აფხაზეთის ჯარების სარდალს, რომლისთვისაც უნდა ეცნობებინა ყველა მის მოქმედებაზე და ქებელდაში მომხდარი ფაქტების თაობაზე.

ამრიგად, ცარიზმმა წებელდა დაიმორჩილა და რუსული მმართველობა შემოიღო. ამ ფაქტს ნამდვილად დადებითი მნიშვნელობა ჰქონდა. წებელდის დამორჩილებას საგრძნობლად უნდა შეეზღუდა აფხაზეთში და სამეგრელოსამურზაყანოში მთიელთა თარეში, ადამიანების გატაცება, ტყვის სყიდვა, მოსახლეობის აწიოკება, სოფლების აოხრება, გავლენა უნდა მოეხდინა აფხაზებზე, რომლებიც თავს წებელდას აფარებდნენ, აგრეთვე ამიერკავკასიის ხალხებზეც, რომლებთანაც ადგილობრივ მოთარეშეებს ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდათ და გაცვლით ვაჭრობას ეწეოდნენ.

ახალგაზრდა მეცნიერთა და ასპირანტთა IV საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბ., 2006.

***

წებელდა-დალის 1840 წლის აჯანყება

XIX საუკუნის 30იან წლებში რუსეთი ცდილობდა ფეხი მოეკიდებინა შავი ზღვის ჩრდილოაღმოსავლეთ სანაპიროზე, სადაც ხელსაყრელი ადგილები სიმაგრეებით დაიკავა. 1839 წლის აპრილში შავი ზღვის სანაპიროს ყველა სიმაგრე მდ. ყუბანის შესართავიდან მდ. ჩოლოქამდე, აგრეთვე აფხაზეთი და წებელდა იქ განლაგებულ ჯარებთან ერთად, შავი ზღვის სანაპირო ხაზის სისტემაში შევიდა.

მიუხედავად იმისა, რომ შავი ზღვის ჩრდილოაღმოსავლეთი სანაპირო სიმაგრეებით იქნა დაკავებული, ისინი დროის ხანმოკლე პერიოდში აგების, გარნიზონების სომცირისა და სხვა მრავალი პრობლემების გამო, მრისხანე და აუღებელი სულაც არ იყო. კლიმატურმა ავადმყოფობებმა, გარნიზონის შეუცვლელობამ და სხვ. 1840 წლის გაზაფხულისთვის შავი ზღვის სანაპირო ხაზის სიმაგრეები მნიშვნელოვნად დაასუსტა.

1840 წლის დასაწყისში ჯიქებმა, უბიხებმა და შაფსუღებმა გაააქტიურეს მოქმედება რუსეთის ჯარების წინააღმდეგ. კავკასიელი მთიელებისათვის ცნობილი იყო, რომ შავი ზღვის სანაპირო ხაზის სიმაგრეები სათანადოდ არ იყო დაცული; მცირერიცხოვანი იყო სიმაგრეთა გარნიზონი; ჯარისკაცებს მრავალი პრობლემა ჰქონდათ, მათ შორის, შეიარაღების მხრივ, და სხვ. ამასთან, რამდენიმე წლის მოუსავლიანობამ ჩერქეზულ ტომებში შიმშილობა გამოიწვია, რამაც მთიელები საყოველთაო აჯანყებისათვის განაწყო. მათ იარაღით ხელში სიკვდილი არჩიეს შიმშილით მტანჯველ სიკვდილს და რადგან იცოდნენ შავი ზღვის სანაპირო სიმაგრეების მძიმე მდგომარეობა, მათი აღება და იქ არსებული სურსათის მარაგის დაუფლება გადაწყვიტეს.

1840 წლის თებერვალ-მარტში მთიელებმა შტურმით აიღეს ლაზარევის, ველიამინსკოეს, მიხაილოვსკოეს ფორტები, მაგრამ სხვა სიმაგრეების ასაღებად ძალები არ ეყოთ. დასავლეთ კავკასიის მთიელთა გააქტიურებასთან ერთად, მარტში შამილიც გააქტიურდა. ხელისუფლება მღელვარების დაწყებას მოელოდა აფხაზეთშიც. თუმცა, მალე, მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა. მაისში შავი ზღვის სანაპირო ხაზის უფროსმა, გენერალლეიტენანტმა ნ. რაევსკიმ ტუაფსესა და ფსეზუაფსეს შესართავები დაიკავა და ველიამინსკოესა და ლაზარევის სიმაგრეები აღადგინა. იმავდროულად, აფხაზეთის მთავრის მიხეილ შერვაშიძის (1823-1864) მცდელობით, ჯიქების ცანთა თემმა იმპერატორის ერთგულების ფიცი დადო. ეს ფაქტი იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ სწორედ მაშინ მოხდა, როდესაც შავი ზღვის ჩრდილოაღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრები ტომები რუსულ სიმაგრეებს კვლავ ემუქრებოდნენ.

შავი ზღვის სანაპირო ხაზზე მდგომარეობის შედარებით გამოსწორების მიუხედავად, სიმშვიდე არ იყო აფხაზეთის მთის თემებში _ წებელდასა და დალში, სადაც მღელვარება 1840 წლის ივნისში რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებაში გადაიზარდა. აჯანყებას დალელი თავადი შაბათ მარშანია მეთაურობდა.

შაბათ მარშანია ადრიდანვე რუსეთის ხელისუფლების შეურიგებელი მოწინააღმდეგე იყო. მისმა ნახევარძმებმა _ ხინკურასმა და ბათალბეიმ 1837 წლის მარტში ის შეიპყრეს და რუსეთის ხელისუფლებას გადასცეს; ამასთანავე, მათ 1837 წლის მაისში აქტიური დახმარება გაუწიეს ბარონ გრ. როზენს წებელდადალის დამორჩილებაში. რუსულმა ადმინისტრაციამ შაბათ მარშანია მეტეხის ციხეში ჩასვა, სადაც მან წელიწადზე მეტი დაჰყო.

საქართველოში ე. გოლოვინის (1837-1842) ჩამოსვლის შემდეგ წებელდადალის თავადებმა, მათ შორის, ხინკურასმა და ბათალბეიმ, აგრეთვე იმერეთის მმართველმა, გენერალ-მაიორმა ა. ესპეხომ (1837-1840) შუამდგომლობა აღძრეს შაბათ მარშანიას გათავისუფლების თაობაზე. 1838 წელს შაბათ მარშანია პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შემდეგ მან მთილეთა წინააღმდეგ ბრძოლებშიც მიიღო მონაწილეობა ჩრდილოაღმოსავლეთ კავკასიაში, თავი გამოიჩინა როგორც მამაცმა მეომარმა და პრაპორშიკის ჩინი ებოძა.

1838 წლის ნოემბერში შაბათ მარშანია დალში დაბრუნდა და ისევ დაიწყო ძმებს შორის დაპირისპირება და შინაბრძოლა, რაც რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აშკარა აჯანყებაში გადაიზარდა. შაბათ მარშანიამ წებელდიდან რუსების განდევნა გადაწყვიტა და დასახმარებლად ფსხუელები და სვანები მოიწვია. იგი შეეცადა აგრეთვე კავშირი დაემყარებინა ყარაჩაელებთან და ყაბარდოელებთან; მაცნე გაგზავნა შამილის მოქმედების დაწვრილებით გასაგებად.

შაბათ მარშანიას მოწოდებაზე მაშინათვე გამოემართა სვანეთის (ჩუბეხევის) მთავარი ციოყ (მიხეილ) დადიშქელიანი (1821-1841), შაბათის ძმის ეშსოუს ცოლისძმა, სვანთა რაზმით. შაბათ მარშანია სვანთა რაზმთან ერთად თავს დაესხა მის ძმებს – ბათალბეის და ხინკურასს, პირველი შეიპყრო, მეორის სახლს ალყა შემოარტყა და მათგან რუსეთის ქვეშევრდომობაზე უარის თქმა და შვილების მძევლად გადაცემა მოითხოვა. ხინკურასმა ამ მოთხოვნების შესრულებაზე უარი განაცხადა. აჯანყებულ დალს წებელდაც შეუერთდა. ხალილბეი მარშანია დალელებისა და წებელდელების რაზმით თავს დაესხა წებელდის ბოქაულის სახლს მრამბაში. ბოქაული ფ. ლისოვსკი მისოუსტ მარშნიამ შეიფარა, ხოლო მისი სახლი აჯანყებულებმა გაძარცვეს და დაწვეს.

შვიდმა წებელდელა თავადმა, რომლებიც რუსეთის ხელისუფლების ერთგულები დარჩნენ, მათ შორის, ზაუსხან მარშანიამ, ყურანზე დაიფიცა, რომ არ უღალატებდნენ იმპერატორისადმი მიცემულ ფიცს. ისინი სოხუმში ჩავიდნენ და აფხაზეთის ჯარების სარდალს, შავი ზღვის სანაპირო ხაზის II განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელს, პოდპოლკოვნიკ ვ. კოზლოვსკის განუცხადეს, რომ მეამბოხეთა წინააღმდეგ იბრძოლებდნენ, თუ ის წებელდაში გაილაშქრებდა. ვ. კოზლოვსკიმ წებელდაში გასაგზავნად 500 მეომარს მოუყარა თავი. ამ რაზმს უნდა შეერთებოდა აფხაზეთის სახლხო ლაშქარი _ 2300 მებრძოლი და არტილერია. ვ. კოზლოვსკის მიერ გატარებული ღონისძიებების შესახებ ცნობის მიღებისთანავე, ე. გოლოვინმა ამბოხებულ წებელდაში სვანეთით სამეგრელოსა და იმერეთის 600კაციანი მილიცია გააგზავნა საგანგებო დავალებათა მოხელის, პოდპოლკოვნიკ ზორინის მეთაურობით. ამასთანავე, ე. გოლოვინმა ჩუბეხევის მფლობელს ციოყ (მიხეილ) დადიშქელიანს მოსთხოვა ამ რაზმს შეერთებოდა.

კავკასიის კორპუსის სარდლობა იმდენად შეშფოთებული იყო მთელ კავკასიაში განვითარებული მოვლეებითა და წებელდის აჯანყებით, რომ აფხაზეთის ამ პატარა მთის თემის დასასჯელად ვ. კოზლოვსკის მიერ შეკრებილი რაზმი საკმარისად არ ეჩვენებოდა. ე. გოლოვინის აზრით, წებელდის მღელვარების მიზეზი ძმებს შორის დაპირისპირება იყო და არა სხვა რამე, რის გამოც წებელდელი თავადებისა და მიხეილ შარვაშიძის დახმარებით ამ თემის დამორჩილება შესაძლებელი უნდა ყოფილიყო, სხვა შემთხვევაში, ეს ძალა საკმარისი არ იქნებოდა.

1840 წლის ივნისის მეორე ნახევარში დამსჯელი ექსპედიცია, რომელსაც მიხეილ შარვაშიძე მეთაურობდა, წებელდაში გაემართა. ჯარები ორი მხრიდან შევიდნენ წებელდაში. მთავარი რაზმი მიხეილ შარვაშიძის მეთაურობით _ სახაზო ბატალიონი რამდენიმე ქვემეხით, კაზაკთა რაზმი და აფხაზეთის მილიციის დიდი ნაწილი 1837 წლის მაისში გაკეთებული გზით მდ. მაჭარის ხეობას აუყვა. იმავდროულად, აფხაზეთის მთავარმა, რომელმაც არ იცოდა მის მიერ მოთხოვნილი იმერეთისა და სამეგრელოს მილიციის სვანეთით ლაშქრობის შესახებ, შემოვლითი გზით დალში 500 მებრძოლი გაგზავნა თავისი მილიციიდან. ეს რაზმი ფანავის ქედზე გადავიდა, დალში შეიჭრა და ხინკურას მარშანიას სახლი ალყისაგან გაათავისუფლა. არც დალს და არც წებელდას წინააღმდგობა არ გაუწევია. მიხეილ შარვაშიძემ გამოაცხადა, რომ ჯარი წებელდაში შევიდა არა ასაოხრებლად, არამედ წესრიგის დასამყარებლად, რამაც მოსახლეობა დაამშვიდა. შაბათ მარშანია წებელდის ბოქაულთან, პოდპორუჩიკ ფ. ლისოვსკისთან გამოცხადდა და დანაშაული მოინანია, რის გამოც პატიება მიიღო. მრამბაზე თავდასხმისათვის მთელი პასუხისმგებლობა ხალილბეი მარშანიას დაეკისრა, რომელიც ჯარის ნაწილების წებელდაში შესვლისთანავე გაიქცა. წებელდის მამასახლისებმა მიხეილ შარვაშიძის ბანკში მოიყარეს თავი, ხელისუფლების ერთგულების ფიცი დადეს და აფხაზეთის მთავარს პირობა მისცეს, რომ ბოქაულის სახლზე თავდასხმისას გატაცებულ ქონებას დააბრუნებდნენ. დალის თავადებმაც დადეს ერთგულების ფიცი. შაბათ მარშანიამ პირობა დადო, რომ ხელისუფლებას მიანდობდა მასა და მის ძმებს შორის არსებული უთანხმოების მოგვარებას. მიხეილ შარვაშიძემ წებელდადალის საუკეთესო ოჯახებიდან მძევლები აიყვანა და უკან გაბრუნდა. სამეგრელოს, იმერეთისა და სვანეთის მილიციაც დაითხოვეს. წებელდაში მხოლოდ ვ. კოზლოვსკი დარჩა ეგერთა პოლკის ორი ასეულითა და დონის კაზაკთა რაზმით მრამბაში ბოქაულის სახლის ასაღებად.

მიუხედავად იმისა, რომ შაბათ და ეშსოუ მარშანიებმა იმპერატორის ერთგულების ფიცი დადეს, რუსეთის ხელისუფლების მორჩილებაში ყოფნას ისინი სულაც არ აპირებდნენ. შაბათ მარშანიამ ხალხს კვლავ დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა, ხოლო ეშსოუ უბიხებთან გაემართა დახმარების სათხოვნელად.

სექტემბრის ბოლოს მრამბის სიმაგრის აგება დამთავრდა და იქ რუსთა ერთი ასეული ჩადგა არტილერიით. იმავდროულად, ღალატით შეიპყრეს წებელდის აჯანყების ერთერთი მეთაური ხალილბეი ყათმასიფა მარშანია და სოხუმში დახვრიტეს.

1840 წლის სექტემბერში შავი ზღვის სანაპირო ხაზის რეორგანიზცია განხორციელდა. ჩამოყალიბდა სამი განყოფილება: I. ყუბანის შესართავიდან გელენჯიკამდე; II. გელენჯიკიდან ნავაგინსკამდე; III. ნავაგინსკიდან წმ. ნიკოლოზოს საგუშაგომდე (შეკვეთილი). ამ უკანასკნელში შედიოდა: ნავაგინსკის, გოლოვინსკის, ადლერის, გაგრის, ბიჭვინთის, ბამბორის, სოხუმკალეს სიმაგრეები; მრამბის, დრანდის, კვიტოულის, ილორის საგუშაგოები; ანაკლიის, რედუტკალეს, ფოთის, ოზურგეთის სიმაგრეები და წმ. ნიკოლოზის საგუშაგო. შავი ზღვის სანაპირო ხაზის რეორგანიზაციის შემდეგ I განყოფილების უფროსად კონტრადმირალი ლ. მ. სერებრიაკოვი დაინიშნა; II განყოფილების უფროსად _ გენერალმაიორი ა. კ. ოპერმანი; III განყოფილების უფროსად _ პოლკოვნიკი ნ. ნ. მურავიოვი.

შემოდგომაზე რუსეთის სარდლობა ექსპედიციის მოწყობას აპირებდა შავი ზღვის ჩრდილოაღმოსავლეთ სანაპიროზე და ამისთვის ემზადებოდა. ასეთ ვითარებაში ცნობილი გახდა, რომ სექტემბრის ბოლოს 7 ათასამდე უბიხი ჰაჯი ბარზეგის მეთაურობით მდ. სოჩაზე შეიკრიბა და აფხაზეთში შეჭრას აპირებდა. იმავდროულად, მღელვარება დაიწყო დალში. მეამბოხე ძმებს, შაბათ და ეშსოუს, ბათალბეიც შეუერთდა. მათი წაქეზებით დალელები მზად იყვნენ უბიხების აფხაზეთში შეჭრისთანავე რუსების წინააღმდეგ იარაღი აეღოთ. ამ ფაქტიდან კარგად ჩანდა, რომ ძმებს შორის დაპირისპირების მიზეზი იყო არა ყოფითი საკითხები, როგორც ამას კავკასიის რუსული ადმინისტრაცია წარმოაჩენდა, არამედ რუსეთისადმი დამორჩილების საკითხი.

ოქტომბრის დასაწყისში უბიხები აფხაზეთისკენ დაიძრნენ, მაგრამ, გზად, რუსეთის ერთგული ჯიქი თავადის ცანბას მამულის დასარბევად მდ. ცანდრიფშზე შეჩერდნენ. ცანდრიფშზე მთიელების შეყოვნებამ და ადალელების მერყეობამ, რომლებსაც უბიხების შემოჭრამდე აჯანყება ვერ გადაეწყვიტათ, ნ. მურავიოვს შესაძლებლობა მისცა დრო მოეგო და სათანადოდ მომზადებულიყო. მისი ბრძანებით, საჩქაროდ შეიკრიბა 1000 კაციანი მილიცია სამურზაყანოში და აფხაზეთში გაიგზავნა; მიხეილ შერვაშიძემაც შეკრიბა აფხაზეთის სახალხო ლაშქარი. იმავდროულად, ე. გოლოვინმა სვანეთის (ჩუბეხევის) მთავარს, მაიორ ციოყ დადიშქელიანს უბრძანა თავის ქვეშევრდომებთან ერთად დალის დასაწყნარებლად წასულიყო და მისი სიძე ეშსოუ მარშანია მთავრობის მორჩილებაზე დაეყოლიებინა. სვანეთის მთავარი იძულებული იყო დათანხმებოდა.

როგორც ჩანს, აფხაზეთის დასაცავად ნ. მურავიოვის მიერ გატარებულმა ღონისძიებებმა უბიხებს წარმატების იმედი გადაუწურა. მათ ლაშქრობის გაგრძელებაზე უარი თქვეს და ცანდრიფშიდან უკან გაბრუნდნენ. დალშიც არ მოხდა აჯანყება, თუმცა, ხელისუფლებას სანდო წყაროებიდან ჰქონდა ინფორმაცია, რომ მარშანიები პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევაში აჯანყებას აპირებდნენ. ე. გოლოვინის აზრით, ხელისუფლებას მაშინ ძალა არ შესწევდა მარშანიების დასასჯელად, მაგრამ როდესაც საკმარისი ძალები იქნებოდა აფხაზეთში, ხელისუფლებას მტკიცედ უნდა ემოქმედა, შაბათ, ეშსოუ და ბათალბეი მარშანიები შეეპყრო და დაესაჯა, რაც აუცილებელი იყო როგორც წებელდის, ისე აფხაზეთის სიმშვიდისათვის.

კავკასიის რუსული ადმინისტრაციის აზრით, დალის დაუსჯელად დატოვება არ შეიძლებოდა. ე. გოლოვინმა დალის დამორჩილება გადაწყვიტა და სათანადო სამზადისს შეუდგა. 1840 წლის 24 დეკემბერს სოხუმკალედან გავიდა რაზმი, რომელსაც შავი ზღვის სანაპირო ხაზის III განყოფილების უფროსი ნ. მურავიოვი მეთაურობდა. რაზმი შედგებოდა ტენგინის პოლკის სამი ასეულისა და შავი ზღვის სანაპირო ხაზის ბატალიონების 3 ასეულისაგან, რომელსაც არტილერიაც ახლდა. რუსეთის ჯარის ნაწილებს წებელდაში შეუერთდა აფხაზეთისა და სამურზაყანოს მილიცია, აგრეთვე წებელდელთა მცირე რაზმი ზაუსხან მარშანიას მეთაურობით. ნ. მურავიოვს წებელდაში ელოდებოდა ციოყ დადიშქელიანიც შვილთან და 73 მილიციელთან ერთად. ის წებელდაში 1 დეკემბერს ჩასულიყო დალის გავლით და მხოლოდ ეშსოუსთან ნათესაობას ეხსნა ამ მამაცური გადასვლისას. რუსეთის სარდლობას სასიამოვნოდ დარჩა ჩუბეხევის მფლობელის მიერ ექსპედიციაში მონაწილეობაზე თანხმობა და სიძის, უშსოუ მარშანიას რუსეთის ქვეშევრდომობაზე დაყოლიების მზადყოფნა.

დეკემბრის ბოლოს ექსპედიცია ცეცხლითა და მახვილით შეიჭრა დალში და ორი კვირის განმავლობაში სრულიად დაიმორჩილა. დალის 50მდე მამასახლისმა ერთგულების ფიცი დადო. ყველა რუსი, რომელიც დალსა და წებელდაში იყო ტყვედ, გაათავისუფლეს და მრამბის სიმაგრესთან დაასახლეს. მეამბოხე მარშანიები ფსხუში, შემდეგ კი აჰჭიფსში გადავიდნენ. ნ. მურავიოვის ბრძანებით, დალში მცხოვრები 500მდე ოჯახი, მათ შორის, შაბათ და ბათალბეი მარშანიების ოჯახები, აყარეს და წებელდასა და აფხაზეთში ჩაასახლეს. ექსპედიციის მიზანი მიღწეული იყო და 1841 წლის 9 იანვარს ნ. მურავიოვი უკან გაბრუნდა. დალი დარჩა დაფერფლილი და დაცარიელებული.

ექსპედიციის შედეგების შესახებ ანგარიშში ნ. მურავიოვი აღნიშნავდა, რომ აუცილებელი იყო დალის რუსებით დასახლება. მისი აზრით, ამის შემდეგ საბოლოოდ აღიკვეთებოდა ამ მხრიდან საფრთხე. ის ხაზს უსვამდა ციოყ დადიშქელიანის დახმარებას და სამურზაყანოს მილიციის წვლილს. აღნიშვნის ღირსად მიაჩნდა, რომ ამ პატარა ოლქმა პირველსავე მოთხოვნაზე 700მდე მილიციელი გამოგზავნა, რასაც სამურზაყანოს ბოქაულის, პორუჩიკ კირილოვის დამსახურებადაც თვლიდა და შუამდგომლობა აღძრა, რომ სამურზაყანო დროშით დაეჯილდოებინათ. მართლაც, ნიკოლოზ I-ის (1825-1855) 1841 წლის 12 ივლისის ბრძანებულებით ,,სამურზაყანოს ტომს~ დროშა ებოძა იმ ერთგულებისა და სამაგალითო მამაცობისათვის, რომელიც მათმა სახალხო ლაშქარმა 1840 წელს გამოიჩინა მთიელთა წინააღმდეგ მოქმედებისას, დალში სიმშვიდის აღდგენისათვის.

ე. გოლოვინმა სამხედრო მინისტრს აუწყა, რომ დალის ექსპედიციის წარმატება მნიშვნელოვანწილად განაპირობა ნ. მურავიოვის უნარიანმა და გონიერმა ხელმძღვანელობამ; რაც შეეხება მის აზრს დალის რუსებით დასახლების თაობაზე, ეს საკითხი ყურადღებით განსჯას საჭიროებდა, რადგან ეს მხარე ყარაჩაელებისა და სხვა მტრულად განწყობილი ტომების თავდასხმებს განიცდიდა და რუსი მოსახლეობა საფრთხეში რომ არ ჩავარდნილიყო. იგი დარწმუნებული იყო, რომ დალის დამორჩილება განამტკიცებდა რუსეთის მფლობელობას აფხაზეთში და მეზობელ დაუმორჩილებელ ტომებზეც გავლენას მოახდენდა. დალის ექსპედიციისათვის ნ. მურავიოვს გენერალმაიორის წოდება მიენიჭა.

ამრიგად, რუსეთის სარდლობამ წებელდადალის 1840 წლის ივნისის აჯანყება ჩაახშო და ეს მხარე კვლავ დაიმორჩილა, თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. 1840 წლის დეკემბერი _ 1841 წლის იანვარში საჭირო გახდა დალში სამხედრო ექსპედიციის მოწყობა და მისი კვლავ დამორჩილება. ნათელი იყო, რომ ეს მხარე კვლავ რუსეთის მფლობელობის შეურიგებელ მოწინააღმდეგედ რჩებოდა.

სვანეთი _ ქართული კულტურის სავანე, თბილისი, 2008.

 

***

 

დალი. ისტორიის ფურცლები

 

აფხაზეთში, მდ.კოდორის სათავეებში, მდებარეობს ისტორიული მხარე დალი. თემის სახელწოდება მომდინარეობს სვანური ნადირობის ღვთაების სახელიდან და დალის საუფლოს ნიშნავს.

დალს დასავლეთით ბაგადის კლდე მიჯნავს, სადაც ისტორიული მხარე წებელი (წებელდა) ესაზღვრება; აღმოსავლეთით – მთაგრეხილი ხვარხვა, რომელსაც ზემო სვანეთის თემი ჭუბერი აკრავს; ჩრდილოეთით – კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის ერთი მონაკვეთი – მარუხის მთიდან ღვანდრას მთამდე; სამხრეთით – ჰარვასა და ბრამბას მთები.

ამ მხარეში ოდითგან სვანები ცხოვრობდნენ. ადრე შუა საუკუნეების ბიზანტიურ წყაროებში მას მისიმიანეთი, ხოლო მის მცხოვრებთ მისიმიელები ეწოდება. მისიმიელები სვანური მოდგმის ტომია. მათი სახელწოდება წარმოადგენს სვანთა თვითსახელწოდების _ ,,მუშვან”, _ ბერძნულად გადმოცემულ ფორმას. როგორც მიჩნეულია, მისიმიელები ის სვანებია, რომელთა შესახებაც სტრაბონი I საუკუნეში წერს, რომ ,,ისინი ფლობენ ირგვლივ ყველაფერს და უპყრიათ კავკასიონის მწვერვალები, რომლებიც დიოსკურიის ზემოთ არის”.

IV საუკუნიდან მისიმიანეთი ეგრისის (ლაზიკის) სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა და უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა. მდ.კოდორის ზემო წელიდან ჩრდილოეთ კავკასიაში მარუხის, ქლუხორის და ნახარის უღელტეხილების გავლით გადადიოდა მნიშვნელოვანი გზები, რომლებიც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს ჩრდილოეთ კავკასიასთან აკავშირებდა. ქლუხორის უღელტეხილზე გამავალ გზას ,,მისიმიანთა გზა” ეწოდებოდა. ეს იყო სავაჭროსატრანზიტო გზა, რომლითაც ჯერ რომის იმპერია, შემდეგ ბიზანტია ეკონომიკურ და პოლიტიკურ კავშირს ახორციელებდა ჩრდილოეთ კავკასიასთან.

VI საუკუნეში დასავლეთ საქართველო ბიზანტიაირანის ბრძოლის ასპარეზად გადაიქცა. ორივე სახელმწიფოს მიზანი კავკასიაში გაბატონება იყო. ეგრისის სამეფოზე ბიზანტიის პოლიტიკური გავლენა ვრცელდებოდა. 555 წელს ბიზანტიელი სტრატეგოსი სოტერიქე ლაზიკიდან მისიმიანეთში ჩავიდა. ადგილობრივ მოსახლეობაში გავრცელდა ხმა, რომ მას სურდა მისიმიელების ერთერთი ციხე ბუქლოოსი (ბოკერი, მდ.ღვანდრასა და მდ. ყოლოჩის შესართავთან), რომელიც ალანეთის საზღვარზე იყო, ალანებისთვის გადაეცა. მისიმიელებმა ელჩები მიუგზავნეს სოტერიქეს და შეუთვალეს – არც სხვას უნდა მისცე ნება ჩვენი ქონება წაგვართვას, არც თვითონ უნდა მოინდომო ამის ჩადენა. ელჩებმა ბიზანტიელ სარდალს შესთავაზეს, თუ მართლა არ ჰქონდა გულში ასეთი განზრახვა, აქედან სხვაგან გადასულიყო და სურსათით მომარაგება აღუთქვეს. სოტერიქემ ელჩების მოთხოვნა შეურაცხყოფად მიიღო და მათი გაჯოხვა ბრძანა. იმავე ღამით მისიმიელები თავს დაესხნენ ბიზანტიელთა ბანაკს, ამოწყვიტეს ისინი, მათ შორის, სოტერიქე და მისი ორი ვაჟი, ხოლო მათი ქონება დაიტაცეს.

ამრიგად, მისიმიელები ბიზანტიელებს გადაუდგნენ და აღმოსავლეთ საქართველოში მდგარი სპარსელები მიიწვიეს. მისიმიანეთში სპარსთა ჯარი ჩადგა. ბიზანტიელი ისტორიკოსის მენანდრე პროტიქტორის ცნობით, ალანთა წინამძღოლმა საროდიმ ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ მიმავალი აბრეშუმით მოვაჭრე ქარავანი გააფრთხილა, მორიდებოდა მისიმიანთა გზით გადასვლას, რათა იქ დაბანაკებული სპარსელების ხელში არ ჩავარდნილიყო.

მალე, სპარსელებმა მისიმიანეთი დატოვეს. ამის შემდეგ ბიზანტიელები ცეცხლითა და მახვილით შეიჭრნენ ამ მხარეში. აგათია სქოლასტიკოსი მოგვითხრობს, რომ ბიზანტიელთა ჯარი მისიმიანეთის საზღვარზე ერთ გაუვალ კლდეს მიადგა. მისიმიელებს იგი დაცული არ ჰქონდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბიზანტიელებს მისი დაძლევა გაუჭირდებოდათ. ამით ისარგებლეს ბიზანტიელებმა, იოლად გადალახეს ეს კლდე და გაშლილი ხეობისკენ დაეშვნენ. მისიმიელებმა გადაწვეს ახლომახლო ციხეები და თვითონ ყველაზე დიდ ციხეს შეაფარეს თავი. ეს იყო ძახარი, რომელსაც ,,რკინის ციხის” სახელით იცნობდნენ მისი სიმტკიცისა და დაუძლეველობის გამო.

როგორც ფიქრობენ, გაუვალი კლდე, რომელიც ბიზანტიელებმა გადალახეს, ყველა ნიშნის მიხედვით ბაგადის კლდე იყო; შემდეგ ისინი დღევანდელი ლათის ტერიტორიაზე დაეშვნენ, რომელიც მისიმიელებს გადაეწვათ. ციხე, რომელსაც მისიმიელებმა შეაფარეს თავი, ძახარი, იგივე ჩახარი (ჩხალთა) მდინარეების _ კოდორისა და ჩხალთის შესართავში, მისიმიანეთის ადმინისტრაციული ცენტრი იყო. მისიმიელების მედგარი წინააღმდეგობის მიუხედავად ბიზანტიელებმა ციხე აიღეს და აჯანყება ჩაახშეს. მისიმიელებმა დააბრუნეს მათ მიერ მიტაცებული ბიზანტიელთა ქონება, ხოლო ბიზანტიელებმა ხეობის მოსახლეობას ,,ნება დართეს” კვლავ თავიანთი შეხედულებისამებრ ეცხოვრათ. მათ ვერ გაბედეს მისიმიანეთში რაზმები ჩაეყენებინათ და ეგრისში დაბრუნდნენ. შემდეგ, მისიმიელმა ელჩებმა, აგათია სქოლასტიკოსის ცნობით, ბიზანტიელთა სტრატეგოსთან ასე განაცხადეს: ,,ამდენი უბედურება გამოვცადეთ, უდიდესი სასჯელი მოვიხადეთ იმით, რომ ციხის გარშემო მდებარე მიდამო მთლად გადაგვებუგა და მოწიფული ვაჟკაცებიც დაგვეღუპა არანაკლებ ხუთი ათასისა, ქალები უფრო მეტი, ბავშვები კიდევ უფრო მეტი, ისე რომ ლამის მთელი ჩვენი მოდგმა აღიგავოს”. ამრიგად, მისიმიელებმა ბიზანტიელებთან ბრძოლაში დიდი მსხვერპლი გაიღეს, ამ მხარის მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა. ამდროინდელია ბიზანტიის კეისრის იუსტინიანე I-ის (527-565) ოქროს მონეტა, რომელიც მოგვიანებით ჩხალთაში აღმოჩნდა.

662 წელს ბიზანტიიდან ლაზიკაში გადაასახლეს საეკლესიო მოღვაწეები – მაქსიმე აღმსარებელი, ანასტასი აპოკრისიარი და ანასტასი მონაზონი. თეოდოსი განგრელის ცნობით, ,,ქრისტესმოყვარე ლაზთა ქვეყანაში~ ჩამოსულები ერთმანეთს დააშორეს, მაქსიმე აღმსარებელი სქიომარის ციხეში მოათავსეს, ანასტასი მონაზონი სკოტორის (კოდორის) ციხეში, ხოლო ანასტასი აპოკრისიარი მისიმიანეთში, ბუკოლუსის (ბოკერის) ციხეში, ხოლო მოგვიანებით, აფსილიისა და მისიმიანეთის მხარეში _ ფუსტას ციხეში.

ამრიგად, VII საუკუნის 60იან წლებში მისიმიანეთი კვლავ ეგრისის (ლაზიკის) შემადგენლობაში იყო და როგორც ლაზიკა, ისე მისიმიანეთი, იმპერიიდან ექსორიაქმნილთა გადასახლების ადგილს წარმოადგენდა. VIII საუკუნეში აქ არაბული გარნიზონები იდგა.

VIII საუკუნის მიწურულს ჩამოყალიბდა ,,აფხაზთა” სამეფო, რომელიც მთელ დასავლეთ საქართველოს მოიცავდა. იგი საერისთავოებად იყოფოდა. მდ. კოდორის ზემო წელი – დალი, _ სვანეთის საერისთავოში შედიოდა. მდ.კოდორის ზემო წელიდან ავრცელებდა ქრისტიანობას ჩრდილოეთ კავკასიაში, ალანეთში, ,,აფხაზთა” მეფე გიორგი II (922-957). მისი მეცადინეობით გამოცხადდა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად ამ მხარეში, აიგო ეკლესიები მდ. დიდი ზელენჩუკის ხეობაში, მდ. თებერდას ხეობაში შოანა, სენტი და სხვ.

XI საუკუნის დასაწყისში ,,აფხაზთა” სამეფო საქართველოს ერთიან მონარქიაში გაერთიანდა. საქართველოს სახელმწიფოს შემადგენლობაში ,,აფხაზთა” სამეფოს საერისთავოები უცვლელად შევიდა. მდ. კოდორის ზემო წელი _ დალი, _ კვლავაც სვანეთის საერისთავოში შედიოდა. სვანეთის ერისთავები ვარდანიძეთა ფეოდალურ საგვარეულოს ეკუთვნოდნენ.

XIV-XVI საუკუნეებში, არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, დალში ბრძოლებისა და დიდი ნგრევის კვალი შეიმჩნევა. საქართველოს სამეფოს დასუსტებით, რაც გამოწვეული იყო მონღოლების თარეშით და თემურლენგის გამანადგურებელი შემოსევებით, ისარგებლეს ჩრდილოდასავლეთ კავკასიაში მცხოვრებმა აბაზაადიღებმა. ისინი კავკასიონის ქედის უღელტეხილებით იჭრებოდნენ მდინარეების _ კოდორის, კაპპეტის წყლის (ბზიფის) ხეობებში და აქ დამკვიდრებას ცდილობდნენ. სწორედ მათ შემოსევებთან და მაშინ გამართულ ბრძოლებთან არის დაკავშირებული ნგრევის კვალი მდ. კოდორის ზემო წელში. მდ. ყოლოჩის ხეობაში, ტყეში, გვიანობამდე იყო შემორჩენილი აბაზაადიღების ძველი საფლავები – ხავსმოკიდებულ ქვათა გროვა რამდენიმე ადგილას.

როგორც ჩანს, XVI-XVII სს. აბაზაადიღებმა შეძლეს კოდორის შუა და ზემო წელის _ წებელისა და დალის დაუფლება. იმავდროულად, აბაზაადიღების ჩამოსახლების – მთის ჩამოწოლის პროცესი, _ ინტენსიურად მიმდინარეობდა აფხაზეთში, რის შედეგადაც რადიკალურად შეიცვალა აფხაზეთის მოსახლეობის ეთნიკური სახე. ჩამოსახლებულ მთიელთა ადგილობრივ მოსახლეობასთან შერწყმის შედეგად ჩამოყალიბდა თანამედროვე აფხაზური (აფსუა) ეთნოსი. აფხაზთა ტომი ახალი ეთნიკური სახით ჩამოყალიბდა. ამ ახალ ეთნიკურ ჯგუფს ქართველებმა მექანიკურად ისევ ,,აფხაზი”‘ უწოდეს, ისინი კი თავიანთ თავს ,,აფსუას” უწოდებენ.

XVII ს. შუა ხანებისათვის აფხაზებმა მიიტაცეს ოდიშის სამთავროს ჩრდილოდასავლეთი ნაწილი მდ. კელასურამდე. აფხაზთა თარეშისაგან სამთავროს დასაცავად ოდიშის მთავარმა ლევან II დადიანმა (1611-1657) აფხაზეთის საზღვარზე საფორტიფიკაციო სიმაგრეთა სისტემა ააგო, რომელიც კელასურის კედლის სახელითაა ცნობილი. ოდიშაფხაზეთის საზღვარი მდ. კელასურის მარცხენა ნაპირზე გადიოდა, შემდეგ კი ფანავის ქედს მისდევდა. კელასურის კედლის სახელწოდებით გაერთიანებული სიმაგრეთა სისტემაც ზუსტად ამ საზღვარს მიუყვებოდა. იგი იწყებოდა მდ. კელასურის შესართავთან, მის მარცხენა ნაპირზე, მიუყვებოდა კელასურის ხეობას, შემდეგ უხვევდა აღმოსავლეთისაკენ, გადაკვეთდა მდინარეებს – მაჭარასა და კოდორს, მიუყვებოდა ფანავის ქედს, გადაკვეთდა მდ. მოქვს და მდ. ღალიძგამდე (ტყვარჩელამდე) აღწევდა. მდ. კოდორის შუა და ზემო წელი – წებელი და დალი უკვე აფხაზეთის სამთავროს შემადგენლობაში შედიოდა, ერთ მხარედ იყო გაერთიანებული და წებელი ეწოდებოდა. წებელს მარშანიების ფეოდალური საგვარეულო ფლობდა. მარშანიები წარმოშობით მარუშიანები, სვანეთის ერისთავების – ფარჯანიანვარდანიძეების ჩამომავლები იყვნენ. ისინი უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ კოდორის ხეობის შუა და ზემო წელში – წებელიდალში. გვიან შუა საუკუნეებში ისინი გააფხაზდნენ, აფხაზ ფეოდალებად იქცნენ. ამ დროისათვის, კოდორის ხეობის ზემო წელი – დალი წებელს გამოეყო. მას მარშანიების ფეოდალური საგვარეულოს ერთი შტო ფლობდა.

გვიან შუა საუკუნეებში წებელი და დალი ნომინალურად ცნობდნენ აფხაზეთის მთავრის უზენაესობას. 1810 წელს, როდესაც აფხაზეთის სამთავრო რუსეთის ,,მფარველობაში” შევიდა, წებელისა და დალის მფლობელმა მარშანიებმა არ ცნეს გიორგი შარვაშიძის (1810-1821) ხელისუფლება და არც რუსეთის ,,მფარველობაში” შევიდნენ. დალს უაღრესად ხელსაყრელი მდებარეობა ჰქონდა. კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის უღელტეხილებით დალელებს ახლო ურთიერთობა ჰქონდათ დიდ ყაბარდოსთან, აგრეთვე აბაზებთან და ყარაჩაელებთან. დალელები წებელელებთან ერთად უმთავრესად მეჯოგეობას მისდევდნენ, ამიტომ აფხაზეთის ბარის გარეშე არსებობა ძნელად თუ შეეძლოთ. აქ იყო მათთვის აუცილებელი ზამთრის საძოვრები. როგორც ნახევრად მეჯოგეები, ისინი პერიოდულად თავს ესხმოდნენ და ძარცვავდნენ მეზობელ დაბლობ რაიონებს. აფხაზეთის მთავარი თავს წებელიდალის ბატონად თვლიდა, მაგრამ ეს თემები მის ხელისუფლებას არ ცნობდნენ.

კავკასიის რუსულ ადმინისტრაციას კარგად ესმოდა ამ მხარის დამორჩილების მნიშვნელობა, მაგრამ მისი იარაღით დამორჩილება რთული იყო. მთავარმართებელი და კავკასიის კორპუსის მთავარსარდალი გრიგოლ როზენი (1832-1837) ცდილობდა წებელიდალის მფლობელი მარშანიები ხელისუფლებისათვის მიემხრო. ძლიერი ზეწოლის შედეგად, მარშანიებმა რუსეთის ქვეშევრდომობაში შესვლა გადაწყვიტეს და საგვარეულოში უხუცესი მისოუსტ მარშანია თბილისში გაგზავნეს გრ. როზენთან იმის გასარკვევად, თუ რა პირობების საფუძველზე სურდა მთავრობას მათი მორჩილების მიღება.

1834 წლის დეკემბერში მისოუსტ მარშანია შეხვდა გრ. როზენს და სიტყვიერად გადასცა მარშანიების სურვილი, მხარის მოსახლეობასთან ერთად რუსეთის მფარველობასა და ქვეშევრდომობაში შესვლის თაობაზე. გრ. როზენმა მისოუსტ მარშანიას გამოუცხადა, რომ მზად იყო წებელელები იმპერატორის ქვეშევრდომებად მიეღო, ამასთან დაკავშირებით ხელისუფლების პირობები გადასცა და წებელში გაისტუმრა. ხელისუფლება ამ მხარის მოსახლეობას ჰპირდებოდა სარწმუნოების (მაჰმადიანობა) და შინაგანი მმართველობის ხელშეუხებლობას; მათი საქონლის ზამთარში აფხაზეთის საძოვრებზე გადარეკვის საკითხის მოგვარებას; ამასთან, ხელისუფლება მოითხოვდა მტაცებლობის, ყაჩაღობის, ძარცვის, აფხაზეთსა და სამეგრელოზე თავდასხმების შეწყვეტას, ადამიანებით ვაჭრობის აღკვეთას.

მიუხედავად მისოუსტ მარშანიას გულწრფელი სურვილისა და დიდი მცდელობისა, მარშანიებს გაუჭირდათ ხელისუფლების პირობების მიღება და დრო გაჰყავდათ. მაშინ, კავკასიის რუსულმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა ძალის გამოყენებით დაემორჩილებინა წებელიდალი. 1837 წლის მაისში რუსეთის ჯარის ნაწილები წებელში შეიჭრნენ და რამდენიმე ხანმოკლე შეტაკების შემდეგ დაიკავეს იგი. 16 მაისს წებელელმა მარშანიებმა და სასულიერო პირებმა ყურანზე რუსეთის იმპერატორის ერთგულების ფიცი დადეს. 18 მაისს გრ. როზენთან გამოცხადდა დალის თემის ბატონი ხინკურას მარშანია ძმებთან და სხვა დალელ თავადებთან ერთად. მათ იმპერატორის ერთგულების ფიცი დადეს და სარდლობას მძევლები გადასცეს. ამრიგად, წებელი და დალი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა და აქ რუსული მმართველობა დამყარდა. შეიქმნა რუსული ტერიტორიულადმინისტრაციული ერთეული წებელდის საბოქაულო. XIX საუკუნის 30იანი წლებიდან რუსეთის ხელისუფლება წებელიდალს წებელდის სახელით მოიხსენიებს. ამ დროიდან დამკვიდრდა ქართული ,,წებელის” ნაცვლად მისი რუსული ფორმა ,,წებელდა”.

1840 წლის დასაწყისში შავი ზღვის ჩრდილოაღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრებმა ტომებმა _ ჯიქებმა, უბიხებმა, შაფსუღებმა რუსეთის ჯარების წინააღმდეგ მოქმედება გაააქტიურეს. მღელვარება დაიწყო წებელდასა და დალში, რომელიც ივნისში რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აჯანყებაში გადაიზარდა. აჯანყებას დალელი თავადი შაბათ მარშანია მეთაურობდა. ზაფხულში რუსეთის სარდლობამ წებელდადალის დასამორჩილებლად დამსჯელი ექსპედიცია გაგზავნა.

დამსჯელი ექსპედიცია, რომელსაც აფხაზეთის მთავარი მიხეილ შარვაშიძე (1823-1864) მეთაურობდა, მდ. მაჭარის ხეობით წებელდაში ავიდა. რაზმის მეორე ნაწილი ფანავის ქედზე გადავიდა და დალში შეიჭრა. არც დალს და არც წებელდას წინააღმდეგობა არ გაუწევია. მიხეილ შარვაშიძემ გამოაცხადა, რომ ჯარი აქ მოვიდა არა ასაოხრებლად, არამედ წესრიგის დასამყარებლად. ასეთმა განცხადებამ მოსახლეობა დაამშვიდა. შაბათ მარშანია წებელდის ბოქაულთან გამოცხადდა და მოინანია დანაშაული, რის გამოც პატიება მიიღო. წებელდადალის თავადებმა იმპერატორის ერთგულების ფიცი დადეს. მიხეილ შარვაშიძემ მათგან მძევლები აიყვანა და უკან გაბრუნდა.

მიუხედავად იმისა, რომ შაბათ მარშანიამ იმპერატორის ერთგულების ფიცი დადო, რუსეთის ხელისუფლების მორჩილებაში ყოფნას სულაც არ აპირებდა. შემოდგომაზე ისევ დაიწყო მღელვარება დალში. კავკასიის რუსული ადმინისტრაციის აზრით, დალის დაუსჯელად დატოვება არ შეიძლებოდა. 1840 წლის 24 დეკემბერს სოხუმიდან გავიდა რაზმი, რომელსაც შავი ზღვის სანაპირო ხაზის III განყოფილების უფროსი, პოლკოვნიკი ნ. მურავიოვი მეთაურობდა. რუსეთის ჯარის ნაწილებს წებელდაში შეუერთდა აფხაზეთის, სამურზაყანოს, წებელდისა და სვანეთის (ჩუბეხევის) სამთავროს სახალხო ლაშქარი. დეკემბრის ბოლოს ექსპედიცია ცეცხლითა და მახვილით შეიჭრა დალში და ორი კვირის განმავლობაში სრულიად დაიმორჩილა. მეამბოხე მარშანიები ფსხუში, შემდეგ კი აჰჭიფსში გადავიდნენ. ნ. მურავიოვის ბრძანებით, დალში მცხოვრები 500-მდე ოჯახი, მათ შორის, მეამბოხე მარშანიების ოჯახები, აყარეს და წებელდაში ჩაასახლეს. ექსპედიციის მიზანი შესრულებული იყო და 1841 წლის 9 იანვარს ნ. მურავიოვი უკან გამობრუნდა. დალი დარჩა დაფერფლილი და დაცარიელებული. ნ. მურავიოვმა სარდლობას სთხოვა დალში 500 რუსის ოჯახი ჩაესახლებინათ. ისინი უნდა გამხდარიყვნენ ხელისუფლების დასაყრდენი ამ სტრატეგიულად მნიშვნელოვან მხარეში, რომელზეც გადიოდა გზა ყუბანის ხეობიდან აფხაზეთისაკენ კავკასიონის ქედის გავლით. ამასთან, მან ზომები მიიღო, რომ დალში მცირე ხნითაც კი არ დაეშვა ადგილობრივ მთიელთა ოჯახების დაბრუნება, მაგრამ ნ. მურავიოვმა ასეთი ნებართვა ვერ მიიღო იმ მოტივით, რომ ხელისუფლება საფრთხეში ვერ ჩააგდებდა 500 რუსის ოჯახს, რადგან ისინი სათანადოდ ვერ იქნებოდნენ დაცული. შემდეგ, დალში მაინც იქიდან გადასახლებული ოჯახები დაბრუნდნენ, ჩამოსახლდნენ ჩრდილოკავკასიელი მთიელებიც.

1861 წლის შემოდგომაზე ძმების – ალმასხიტ და ხირიფს მარშანიების წინამძღოლობით დალში მღელვარება დაიწყო. რუსული ადმინისტრაციის ცდა, მშვიდობიანად მოეგვარებინა საქმე, უშედეგოდ დამთავრდა. დალში წესრიგის აღდგენის მიზნით, 1863 წლის გაზაფხულზე აფხაზეთის ჯარების სარდალმა, გენერალმაიორმა პ. შატილოვმა მდ. კოდორის სათავეებისაკენ ლაშქრობა მოაწყო. 21 მარტს წებელდის სიმაგრესთან პ. შატილოვმა თავი მოუყარა რაზმს, რომელიც ქვეითთა 7 ასეულისა და აფხაზთა სახალხო ლაშქრის ნაწილისაგან შედგებოდა. მრამბიდან დალში ორი გზა მიდიოდა: ერთი, კოდორის ხეობით, ფსკალის მთის გავლით, კლდოვანი მთების კალთებით ბაგადის ხიდამდე, სადაც დაკიდული კლდეებით შევიწროებული მდინარე თითქოს დალის კარიბჭეს ქმნიდა; მეორე _ ჯგერდის ციცაბო ქედის გავლით პირდაპირ დალის ადმინისტრაციული ცენტრისაკენ, სოფ. ლათისაკენ მიემართებოდა. პ. შატილოვისათვის ცნობილი გახდა, რომ მარშანიებმა თავიანთი რაზმით პოზიციები ბაგადასთან დაიკავეს, ამიტომ მან მეორე გზა აირჩია. 23 მარტს პ. შატილოვის რაზმი წებელდის სიმაგრიდან გავიდა. მთიელებმა ბაგადის ხიდი გაანადგურეს და ჯგერდის მთისაკენ გაემართნენ. პ. შატილოვმა ამით ისარგებლა და ჯარის ნაწილი ბაგადისკენ გაგზავნა, რომელიც სტრატეგიულად მნიშვნელოვან ამ ადგილს უბრძოლველად დაეუფლა, ხოლო 24 მარტს სოფ. ლათა დაიკავა და დალელების სურსათის მარაგი _ სიმინდი, ღომი, აგრეთვე საქონლისათვის შეგროვილი თივა, _ გაანადგურა. მარშანიებმა ვერ მოახერხეს პ. შატილოვის რაზმის შეჩერება ჯერგალის მთაზე და უკან დაიხიეს. რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილებთან შეტაკებაში მთიელები დამარცხდნენ და გაიფანტნენ. პ. შატილოვის ბრძანებით, დალის მცხოვრებლები 25-27 მარტს თავიანთი სამკვიდროდან აყარეს და წებელდაში გადაასახლეს, თუმცა მათ მალევე შეძლეს ამ მხარეში დაბრუნება.

1864 წლის მაისში მრავალწლიანი რუსეთკავკასიის ომი დამთავრდა. იმავე წლის ივლისში ცარიზმმა აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და რუსული მმართველობა შემოიღო. შეიქმნა სამხედროსახალხო მმართველობა, რომელსაც სათავეში აფხაზეთის ჯარების სარდალი ედგა. ამ დროისათვის, 1865 წლის სტატისტიკური მონაცემებით, წებელდის საბოქაულოს მოსახლეობა 1 436 კომლს, 10 443 სულს შეადგენდა.

1866 წელს ცარიზმმა აფხაზეთში საგლეხო რეფორმის გატარებისათვის მზადება დაიწყო. აფხაზეთის სოციალურსაზოგადოებრივი წყობის თავისებურებების გაუთვალისწინებლობამ, ჩინოვნიკური აპარატის უხეშმა ჩარევამ აფხაზთა ცხოვრების წესში, ეკონომიკურმა სიდუხჭირემ, ადგილობრივი მოსახლეობისათვის მიუღებელმა ადმინისტრაციულმა რეფორმამ და თავისი ხასიათით ბატონყმური რეფორმისათვის ნიადაგის მომზადებამ, აფხაზეთის მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია, რომელიც სახალხო აჯანყებაში გადაიზარდა. აჯანყება დაიწყო 1866 წლის 26 ივლისს სოფ. ლიხნში და მალე თითქმის მთელი აფხაზეთი მოიცვა, რითაც კავკასიის რუსული ადმინისტრაცია საგრძნობლად შეაშფოთა. კავკასიის რუსულმა ადმინისტრაციამ აფხაზეთში სასწრაფოდ გადმოისროლა ჯარის ნაწილები და აგვისტოში აჯანყება ჩაახშო.

აჯანყების ჩახშობის შემდეგ რუსეთის ხელისუფლება მხარის ადმინისტრაციული მოწყობის რეფორმის მომზადებას შეუდგა. რეფორმა მიზნად ისახავდა ხელისუფლების მხრიდან ადმინისტრაციული კონტროლის გაძლიერებას. 1866 წლის 11 აგვისტოს დებულებით, სოხუმის ოკრუგის (აფხაზეთის), წებელდისა და ოქუმის ოკრუგის (სამურზაყანო) გაერთიანებით სოხუმის სამხედრო განყოფილება (აფხაზეთი) შეიქმნა. იგი ბიჭვინთის, დრანდის, წებელდის, ოქუმის ოკრუგებად (ოლქებად) დაიყო. ცალკე ადმინისტრაციული ერთეულის სახით შევიდა მასში ქ.სოხუმი.

1866 წლის აჯანყების შემდეგ ცარიზმი აფხაზთა სამშობლოდან ოსმალეთში გადასახლებისათვის ზრუნვას შეუდგა. ხელისუფლებას ,,აფხაზთა გადასახლების მთავარ ამოცანად მიაჩნდა რუსეთის იმპერიის საზღვრებიდან მოსახლეობის იმ ნაწილის მოშორება, რომელიც ხელისუფლებისადმი ყველაზე უფრო მტრულად იყო განწყობილი~. ხელისუფლებას გადაწყვეტილი ჰქონდა პირველ რიგში გაესახლებინა წებელდადალის მოსახლეობა ამ მხარის სტრატეგიული მნიშვნელობისა და მათი მუსლიმანობის გამო. ხელისუფლება იმასაც ითვალისწინებდა, რომ ამ თემების მოსახლეობა ცხოვრობდა მთის ძნელად მისადგომ ადგილებში და კავკასიონის ქედის უღელტეხილებით კავშირი ჰქონდა ყარაჩაელებთან და ყაბარდოელებთან. ცარიზმი მათ რეფორმის წინააღმდეგ გამოსვლაშიც სდებდა ბრალს და მისი სურვილი იყო პირველ რიგში იმ ხალხის გადასახლება, რომელიც მეტნაკლებად დაკავშირებული იყო აჯანყებასთან.

1867 წლის აპრილივნისში წებელდადალის მოსახლეობა მასიურად აყარეს და ოსმალეთში გადაასახლეს. გადასახლებულთა სიებში დასახელებულია დალის თემის სოფლები: დალი, აჟარა, ყამგარა, ზიმა, შვაქვი, უარდა, თაფშიფა იჰაბლა, ამჭარა, ლათა, გენწვიში. ამ სოფლების ერთი ნაწილის ლოკალიზაცია ჭირს, რადგან ისინი სხვა წყაროებში არ გვხვდება და, ამდენად, უცნობია. მათ შორის: შვაქვი, თაფშიფა იჰაბლა (ქართ. თაფშიფების უბანი). ნაწილი კარგად არის ცნობილი: თემისა და სოფლის სახელწოდება დალი მომდინარეობს ნადირობის სვანური ღვთაების სახელიდან და დალის საუფლოს ნიშნავს; გენწვიში სვანურად ანწლიან ადგილს ნიშნავს; ლათა სვანურად ნიშნავს საზღვარს, გასაყარს, გასაყოფ ადგილს. აჟარა, საფიქრებელია, რომ მომდინარეობს აფხაზური ღვთაების სახელიდან აჟაჰარა (ფუძის ანგელოზი, ოჯახის მფარველი ღვთაება). საგულისხმოა, რომ მიუხედავად აფხაზთა დიდი ხნის ცხოვრებისა ამ მხარეში, ქართული (სვანური) ტოპონიმები მაინც შემორჩა. ბევრი ქართული სახელწოდება გაქრა ამ მხარეში მომხდარი ეთნიკური ცვლილებების გამო და ახალი, აფხაზურადიღური ტოპონიმი გაჩნდა.

წებელდის ოლქიდან (წებელდა და დალი) გადასახლდა 2 503 ოჯახი, 14 740 სული, საკუთრივ დალიდან 5 ათასამდე მცხოვრები. 1867 წლის აგვისტოსექტემბერში სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსმა, გენერალმაიორმა ვ. გეიმანმა მისდამი რწმუნებული მხარე შემოიარა. 2628 სექტემბერს ის იყო წებელდასა და დალში. კოდორის შუა და ზემო წელი თითქმის მთლიანად იყო ,,გაწმენდილი” ადგილობრივი მოსახლეობისაგან. კავკასიის მთიელთა სამმართველოს ცნობით, 1867 წლის ნოემბრისთვის წებელდის ოლქში 27 ოჯახი ცხოვრობდა, 87 სული. უკვე 1868 წლის მონაცემებით, წებელდაში სულ 13 ოჯახი ცხოვრობდა, ხოლო დალში – არცერთი.

აფხაზთა მუჰაჯირობის შემდეგ სულ მალე, 1874 წელს კავკასიაში ჩამოვიდა ინგლისელი მოგზაური გროვე. იგი ყარაჩაიდან გადმოვიდა კოდორის ხეობაში. ინგლისელი მოგზაური მოიხიბლა კოდორის ხეობით: ,,ძნელია ნახო უფრო დიდებული და მშვენიერი ადგილი, ვიდრე მდელოთი დაფარული სივრცე და ტყეები, რომელზეც კოდორი მიედინება,” _ აღფრთოვანებით წერს იგი. მაგრამ მოგზაურს სევდა და ნაღველი იპყრობს როცა ხედავს, რომ აქ ადამიანის ყოფნის არავითარი კვალი არ ჩანს _ ,,ხეობის ზემო წელი სრულიად უკაცრიელი იყო”, _ აღნიშნავს იგი. როდესაც გროვე კოდორის ხეობაში გადავიდა, ერთგან, ტყეში, მისი გამყოლი ყარაჩაელები შეჩერდნენ, აღმოსავლეთისაკენ მიბრუნდნენ და ლოცვა წარმოთქვეს. როგორც გროვემ გაარკვია, აქ იყო მათი წინაპრების საფლავები, რომლებიც ბრძოლებისას დაღუპულან. როგორც ჩანს, ეს იყო სწორედ ჩრდილოკავკასიელ მთიელთა საფლავები მდ. ყოლოჩის ხეობაში.

1868 წელს დაცარიელებულ ყოფილ წებელდის ოლქში დასახლებათა მზრუნველობა შეიქმნა. მისი მიზანი იყო რუსი მოახალშენეებით წებელდადალის კოლონიზაცია. წებელდის დასახლებათა მზრუნველობას უნდა შეერჩია ადგილები მომავალ დასახლებათა მოსაწყობად. ხელისუფლება თვლიდა, რომ წებელდადალის სტრატეგიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, ეს მხარე პოლიტიკური თვალსაზრისით სანდო ხალხით უნდა დასახლებულიყო; კოლონიზაცია საჭირო იყო ამ მხარეში მეურნეობისა და მრეწველობის განვითარებისათვის. მხარის ბუნებრივგეოგრაფიული პირობების გათვალისწინებით, აქ უნდა განევითარებინათ მებაღეობა, მეხილეობა, მეღვინეობა, მეფუტკრეობა, მესაქონლეობა; რადგან პურის მოყვანა არ იქნებოდა მიზანშეწონილი, უნდა დაენერგათ სიმინდი. მრეწველობის განვითარებისათვის აქ იყო სამშენებლო ხეტყე, სპილენძის, რკინის, ტყვიის მადნები. ეს მხარე თავისუფალი იყო მალარიისაგან, რაც აგრერიგად იყო გავრცელებული აფხაზეთის სანაპირო ზოლში, გამოირჩეოდა ჯანსაღი ჰავით, რბილი კლიმატით, ნაყოფიერი ნიადაგით, ამიტომ პრობლემა არ უნდა გამხდარიყო აქ მოსახლეობის მოზიდვა. ამდენად, წებელდადალი შეიძლებოდა გამხდარიყო აყვავებული მხარე _ შესანიშნავი ვენახებითა და ხეხილის ბაღებით, სამთამადნო წარმოებით, ოღონდ ამისათვის საჭირო იყო კიდევ ერთი და მთავარი პირობა _ გზების გაყვანა.

ხელისუფლებამ ვრცელი მიწაწყალი უბოძა რუს ჩინოვნიკებს _ სამხედრო და სამოქალაქო პირებს, მაგრამ მათთვის შეუძლებელი აღმოჩნდა სამსახურის პარალელურად მეურნეობის გაძღოლა, მიწების იჯარით გადაცემის შესაძლებლობაც არ ჰქონდათ, რადგან მსურველები არ ჩანდნენ, ამიტომ მიწების დიდი ნაწილი გამოუყენებელი იყო. აფხაზეთის სანაპირო ზოლში ციებიანი ჰავა მუსრს ავლებდა კოლონისტებს, წებელდადალის მაღალმთიანი პირობები შეუჩვეველი იყო რუსეთის შიდა გუბერნიებიდან გადმოსახლებულ გლეხთათვის. მიუხედავად იმისა, რომ წებელდადალის მიწები რუს ჩინოვნიკებს დაურიგეს, ქვეყანა კვლავ დაუსახლებელი იყო, მიწები კი უპატრონოდ მიგდებული. წებელდაში მიწებს 24, ხოლო დალში 23 მემამულე ფლობდა. ისინი რამდენიმე წელიწადში ერთხელ თუ აკითხავდნენ თავიანთ მამულებს. დალში, სადაც 1867 წლის მუჰაჯირობამდე 5 ათასამდე მცხოვრები იყო, XIX საუკუნის მიწურულსაც კი არავინ ცხოვრობდა. ცნობილი ქართველი მოღვაწე პეტრე ჭარაია 1897 წელს დალის შესახებ გულისტკივილით წერდა: ,,დიდი ხანი არ არის მას აქეთ, რაც დალი გაჭედილი იყო აფხაზებითა. ძველათ იქაურ მცხოვრებთა ვაჟკაცობით განთქმული ქვეყანა დღეს გავერანებულია ისე, რომ შიგ არავინ ცხოვრობს”.

1899 წლის 15 აპრილს რუსეთის ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომლის ძალითაც სახაზინო (სახელმწიფო) მიწებზე დასახლების უფლება მხოლოდ რუსებს ეძლეოდათ, მაგრამ შესაძლებელი იყო არარუსების მიერ მიწების იჯარით აღება. ამის საფუძველზე, უმიწობითა და უგზოობით შეწუხებული ზემო სვანეთის მკვიდრნი დალის ხეობაში ჩასახლებას შეეცადნენ, როგორც სახაზინო მიწების მოიჯარეები. ამ დროს ჩხალთაში ჩაასახლეს 17 კომლი სვანი, 112 სული. როგორც გაზ. ,,ცნობის ფურცელი” წერდა, ,,ტყეჯაგნარად ქცეულ სახელმწიფო ადგილზე” ჩასახლებული ,,სვანები დიდიანპატარიანად, ქალიანკაციანად მთელი ძალღონით შეუდგნენ მუშაობას, გაკაფეს ჯაგნარი, გაწმინდეს ადგილი, გააშენეს ქოხები, სისხლით და ოფლით მორწყეს ყოველი მტკაველი მიწა რამდენიმე ათეული წელიწადი უხმარურგები ადგილები მშვენიერ მამულად აქციეს და მათი მისიაც ამოიწურა. ადგილობრივმა მთავრობამ გამოუცხადა, რომ ეს ადგილები განსაზღვრულია რუსთა დასასახლებლად, რის გამოც უნდა აიბარგოთო”. ჩხალთაში დამკვიდრებულმა მოიჯარეებმა საჩივრით მიმართეს რუსულ ადმინისტრაციას სოხუმსა და ქუთაისში, მაგრამ ამაოდ. 1902 წელს, ,,ერთ დღეს, როცა მათი ტანჯვით მონაგარი გაწმენდილგათოხნილი ყანები მტერს გულს უკლავდა, მოყვარეს კი უხარებდა, მოულოდნელად დაეცნენ ,,სტრაჟნიკები”, მოღაღანე ყანებს მომვლელპატრონად თავისი ცხენები მიუჩინეს, თვით კი ხალხს ეცნენ, არც აცალეს ყანები მოემკათ და დედაბუდიანად აყარეს”.

ამის შემდეგ, უმიწობითა და უგზოობით შეწუხებული ზემო სვანეთის მკვიდრნი კვლავ შეეცადნენ დალში დამკვიდრებას. პირველი, ვინც გადმოსახლდა, იყო კალის თემის სოფ. ხალდეს მკვიდრი გიორგი (გერგ) ჩოფლიანი. შემდეგ კიდევ რამდენიმე სვანი გადმოვიდა დალში, 1905 წლიდან კი ეს პროცესი გააქტიურდა. მოდიოდნენ როგორც ზემო, ისე ქვემო სვანეთიდან წინაპართა მიწაზე, სახლდებოდნენ დალის ტყეებში, ირჩევდნენ შედარებით სწორ, ვაკე ადგილებს. მიწა ბევრი იყო და სამშენებლო ხეტყე, სვანეთისგან განსხვავებით, სამუშაო დროც მეტი ჰქონდათ, რადგან აქ ზღვის სიახლოვე ჰავას ანაზებს და ზამთარი ისე დიდხანს არ გრძელდება.

სვანების ჩამოსახლება დალში ხელისუფლებას არ მოეწონა, ამიტომ ცდილობდა საჩქაროდ დაესახლებინა რუსები ამ მხარეში. XIX ს. მიწურულსა და XX ს. დასაწყისში რუსების დასახლება ამ მხარეში სამ ადგილას გაჩნდა: ლათაში, აჟარასა და გენწვიშში. ეს ადგილები ნაზი ჰავით, ტყის შემადგენლობით, არც ისე მაღალი ადგილმდებარეობით, უცხოელებისათვის შესაფერისი გამოდგა; I მსოფლიო ომის (1914-1918) პირველ წლებში დალში სომხებიც დასახლდნენ. მოგვიანებით, რუსების ნაწილმა დალი დატოვა და წებელდაში გადასახლდა. სვანები კარგად შეეწყვნენ აქაურობას. მოჰყავდათ სიმინდი, მაღლობებში თესავდნენ ცოტაოდენ პურსაც, მაგრამ მთავარი საკვები იყო სიმინდი; მოჰყავდათ ბოსტნეული, კარტოფილი, თამბაქო, ხეხილიდან გავრცელებული იყო ვაშლი, მსხალი, ტყემალი და სხვ. ანწლისაგან ხდიდნენ არაყს. მეურნეობის ძირითადიDდარგი იყო მესაქონლეობა. საქონელი მთელი ზაფხულის განმავლობაში ჰყავდათ ხუტიასა და ჰარვას მთებზე; ხელი მიჰყვეს მეფუტკრეობას და ა.შ.

XX ს. 20იან წლებში სვანეთიდან დალისაკენ ლტოლვა შემცირდა, რადგან დასასახლებლად თავისუფალი ადგილები უკვე აღარ იყო, ამასთან მოსახლეობას აწუხებდა აქაური უგზოობა, არ იყო საავადმყოფოები, სკოლები და სხვ. სწორედ ამ ხანებში გაიხსნა აქ პირველი სკოლები და საავადმყოფოები, დაიწყო გზის კეთილმოწყობა.

1921-1930 წწ. დალი სოხუმის მაზრაში შედიოდა. შექმნილი იყო აჟარის სასოფლო საბჭო (სოფლები: აჟარა, გენწვიში, გვანდრა, ზიმა, პტიში, საკენი, ჩხალთა) და ლათის სასოფლო საბჭო (სოფლები: ლათა, უარდა, კაკუბა, ხიზარუხი). 1930 წელს საქართველოში მაზრებად დაყოფა რაიონებად დაყოფით შეიცვალა, შესაბამისად, ეს სოფლები სოხუმის რაიონის შემადგენლობაში შევიდა. 1946 წელს სოხუმის რაიონს გამოეყო გულრიფშის რაიონი, რომლის შემადგენლობაშიც შევიდა აჟარისა და ლათის სასოფლო საბჭოები.

1992-1993 წწ. აფხაზეთის ომის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების იურისდიქცია აფხაზეთში მხოლოდ მდ. კოდორის ზემო წელზე _ დალზე ვრცელდება. 2006 წლის სექტემბერში კოდორის ხეობის ზემო წელს ზემო აფხაზეთი ეწოდა, რომლის ადმინისტრაციული ცენტრი სოფ. ქვემო აჟარა გახდა.

აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია.

შრომათა კრებული, ტ. 2, ზემო აფხაზეთი. თბილისი, 2008.

 

***

 

სამურზაყანო. ისტორიის ფურცლები

 

სამურზაყანო ისტორიული მხარეა დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთში. როგორც პოლიტიკური ერთეული, XVII ს. მიწურულს აფხაზთა მიერ ოდიშის სამთავროს ჩრდილოდასავლეთ ნაწილის მიტაცების შედეგად XVII-XVIII სს. მიჯნაზე ჩამოყალიბდა და მდ. ღალიძგასა და მდ. ენგურს შორის ტერიტორიას მოიცავდა.

XVI-XVII სს. საქართველოს ჩრდილოდასავლეთ ნაწილში მნიშვნელოვანი ეთნოპოლიტიკური ცვლილებები მოხდა. დასავლეთ კავკასიის მთიელთა აფხაზეთში ექსპანსიისა და ადგილობრივ მოსახლეობასთან შერწყმის შედეგად თანამედროვე აფხაზური (აფსუა) ეთნოსი ჩამოყალიბდა. მალე, აფხაზებმა (აფსუებმა) თავიანთი აგრესია ოდიშის სამთავროს წინააღმდეგ მიმართეს. XVI საუკუნის მიწურულს აფხაზებმა მიიტაცეს ოდიშის სამთავროს მიწაწყალი მდ. კელასურამდე ქართული ქალაქებით ანაკოფია და ცხუმი. XVII საუკუნის შუა ხანებში ოდიშის მთავარმა ლევან II დადიანმა (1611-1657) აფხაზეთის საზღვარზე სიმაგრეთა სისტემა ააგო, რომელიც კელასურის კედლის სახელითაა ცნობილი. ლევან II დადიანის ბრძანებით, ოდიშის ყოველი თავადი და ეპისკოპოსი ვალდებული იყო თავისი რაზმით თითო თვეს ედარაჯა აფხაზეთის საზღვარზე. გატარებულ ღონისძიებათა შედეგად დროებით შესაძლებელი გახდა აფხაზთა შემოტევის შეჩერება.

ლევან II დადიანის გარდაცვალების შემდეგ დასავლეთ საქართველოში მრავალწლიანი შინაომი დაიწყო, რამაც ოდიშის თავდაცვისუნარიანობა მნიშვნელოვნად შეარყია. საგანგებოდ გამაგრებული სამთავროს ჩრდილოდასავლეთი საზღვარი თანდათან მოიშალა, რადგან მას უკვე არავინ იცავდა. ამით სარგებლობდნენ აფხაზები და ჩრდილოკავკასიელ თანამოძმეებთან ერთად ოდიშს დროდადრო ძლიერ აოხრებდნენ. 1681 წელს აფხაზებმა ოდიშის სამთავროს ჩრდილოდასავლეთი ნაწილი, მდ. კელასურიდან მდ. ეგრისწყლამდე (ღალიძგა), მიიტაცეს. ვახუშტი ბაგრატიონი ამ ამბების შესახებ აღნიშნავდა: “…გარნა იყო ჭირი დიდი ოდიშს, ვითარცა აღვსწერეთ, და უმეტეს აფხაზთაგან, რამეთუ მოვიდოდიან ნავებითა და ჴმელითა და სტყუევნიდიან, დაიპყრეს ვიდრე ეგრისის მდინარემდე, და დაეშენებოდენ თვით აფხაზნი და არღარა იყო დრანდას და მოქუს ეპისკოპოსნი”.

როგორც ვახუშტი ბატონიშვილის ცნობიდან ჩანს, აფხაზთა შემოსევები ჩვეულებრივი შინაფეოდალური ომებისაგან ძალზე განსხვავდებოდა. აფხაზები მიწებს იკავებდნენ და ზედ “დაეშენებოდენ”, ე.ი. სახლდებოდნენ. ეს იყო ბრძოლა ტერიტორიის მისატაცებლად. საგულისხმოა ისიც, რომ წარმართ აფხაზთა მიერ დაპყრობილ ტერიტორიაზე შეუძლებელი შეიქნა ქრისტიანული ეკლესიის ფუნქციონირება, რის გამოც დრანდისა და მოქვის საეპისკოპოსოები გაუქმდა.

ასეთ რთულ ვითარებაში, 1681 წლის ზაფხულში, ოდიშის მთავარი ლევან III დადიანი (1661-1681) გარდაიცვალა. ტახტის მემკვიდრე, ლევან III დადიანის ძე მანუჩარი, მძევლად გურიის მთავარს, გიორგი III გურიელს (1664-1684), ჰყავდა. ოდიშის მესვეურებმა სთხოვეს გურიის მთავარს მანუჩარის გათავისუფლება, მაგრამ მან თავად განიზრახა ოდიშში გაბატონება. გიორგი III გურიელმა იფიქრა, რომ მანუჩარის მოშორების შემდეგ მოცილე არავინ ეყოლებოდა, ამიტომ მოკლა მანუჩარი და ოდიშში გაილაშქრა, მაგრამ ოდიშართ არ ინდომეს ,,მესისხლე თვისი” ბატონად, ციხეები გაამაგრეს და გურიელი სამთავროში არ შეუშვეს. ოდიში დარჩა მთავრის გარეშე და რეალურად არც არსებობდა სამთავრო ტახტის კანონიერი მემკვიდრე. ქვეყანას, ფაქტობრივად, სამთავროს ვეზირი და საუფლისწულო მამულის – სალიპარტიანოს მფლობელი კაცია ჩიქვანი (ჩიქოვანი) განაგებდა. ამ დროს ოდიშის წარჩინებულთა წრეში მომწიფებულა აზრი ახალი მთავრის არჩევის შესახებ, მაგრამ ჯერ მაინც ,,ოდიში იყო უპატრონოდ და კაცია ჩიქოვანი იყო თავ და გამგე მათი”, _ აღნიშნავს ვახუშტი ბატონიშვილი.

კაცია ჩიქვანი გამთავრებაზე ოცნებობდა და მოწინააღმდეგეებს სასტიკად უსწორდებოდა. ამ რეპრესიებს ოდიშის მრავალი ძირძველი ფეოდალი ემსხვერპლა. ოდიშში შექმნილი რთული ვითარებით ისარგებლა აფხაზთა მთავრის საუსტან შარვაშიძის ვაჟმა სავარეხმა (სორეხი) და ოდიშის სამთავრო ტახტზე განაცხადა პრეტენზია. სორეხ შარვაშიძემ ოდიშში გაილაშქრა და მთავრად გამოაცხადა თავი, ,,რადგან იმას დაეპყრო იქაურობა”. თუმცა იგი ოდიშის მთელ ტერიტორიას ვერ აკონტროლებდა. როგორც ჩანს, სორეხს რაღაც ლეგიტიმური უფლებაც ჰქონდა ოდიშის ტახტზე. საფიქრებელია, და ყველაზე უფრო დამაჯერებელი ჩანს, რომ დედა ჰყავდა ოდიშის სამთავრო სახლიდან.

სორეხ შარვაშიძე ოდიშის ჩრდილოდასავლეთ ნაწილში 1681 წლის შემოდგომაზე ,,გაბატონდა”. სამთავროს წარჩინებულთა ერთი ნაწილი არ ცნობდა სორეხ შარვაშიძის პრეტენზიებს ოდიშის ტახტზე. ასეთ ვითარებაში, იმავე 1681 წელს, კაცია ჩიქვანი გარდაიცვალა და სალიპარტიანოს მფლობელი და ოდიშის ფაქტობრივი გამგებელი მისი შვილი გიორგი გახდა, რომელიც სალიპარტიანოს მფლობელობის გამო ლიპარტიანად იწოდებოდა. გიორგი ლიპარტიანი გამთავრებაზე ოცნებობდა და მოწინააღმდეგეებს სასტიკად უსწორდებოდა. იგი მამაზე უფრო დაუნდობელი აღმოჩნდა. ამ დროს ოდიშში შექმნილი ვითარების შესახებ ვახუშტი ბატონიშვილი წერდა: ,,გარნა იყო ოდიშს ჭირი გიორგი ლიპარტიანისაგან კლვითა და ყიდვითა ტყვისათა და უმეტეს აფხაზთაგან, რამეთუ მოვიდოდიან ლაშკრად და აოხრებდიან ქუყანა ავაზაკობით და ცხადად”.

როგორც ჩანს, სორეხ შარვაშიძე ოდიშის მთელ ტერიტორიაზე გაბატონებას ცდილობდა. ოდიშში გამთავრებაზე კვლავ ფიქრობდა გიორგი III გურიელიც. გიორგი ლიპარტიანმა, ბოლო რომ მოეღო ოდიშის ტახტზე შარვაშიძისა და გურიელის პრეტენზიებისათვის, ახალციხის ფაშას შუამდგომლობით სულთანისაგან გამოითხოვა დადიანობა ლევან III დადიანის უკანონო შვილის ლევანისათვის, რომელიც იმჟამად ახალციხის საფაშოში იმყოფებოდა. 1683 წელს ოდიშის ტახტზე ლევან IV დადიანი (1683-1691) ავიდა, მაგრამ სამთავროს მაინც ფაქტობრივად გიორგი ლიპარტიანი განაგებდა. საბოლოოდ, ოდიშის მთელ ტერიტორიაზე, გარდა მდ. ენგურის ჩრდილოდასავლეთ ნაწილისა, სადაც სორეხ შარვაშიძე გაბატონდა, ნომინალურად მაინც, ლევან IV დადიანის ხელისუფლება გავრცელდა.

აფხაზთა სამთავრო სახლის წევრის, სორეხ შარვაშიძის მიერ ოდიშის ჩრდილოდასავლეთ ნაწილის მიტაცების მიუხედავად, ეს მხარე არ შეერთებია აფხაზთა სამთავროს, ის ჯერ კიდევ სამეგრელოდ იწოდებოდა და მისი ხელისუფალი სამეგრელოს მთავრად. სორეხ შარვაშიძე არ ემორჩილებოდა აფხაზთა მთავარს და და კიდევაც ეურჩებოდა მას. იტალიელი მისიონერები გ. ტურკო და ჯ. ტორიჩელი ერთ ასეთ ფაქტს აღნიშნავენ: სორეხს რაღაც უსიამოვნება მოსვლია მის ნათესავთან აფხაზთა მთავართან (ეს უნდა იყოს სორეხის ბიძა ზეგნაყ შარვაშიძე), რის გამოც 1685 წლის 10 აპრილს აფხაზები შემოესივნენ მის სამფლობელოს და საშინლად აიკლეს. მხოლოდ სორეხ შარვაშიძის სიკვდილის შემდეგ შეუერთდა ეს მხარე აფხაზთა სამთავროს. მაგრამ როდესაც აფხაზთა მთავარი ზეგნაყ შარვაშიძე გარდაიცვალა, მისმა შვილებმა მდ. ბზიფსა და მდ. ენგურს შორის მოქცეული მიწაწყალი დაინაწილეს. უფროსმა მათ შორის, როსტომმა, მიიღო მდინარეებს _ ბზიფსა და კოდორს შორის მდებარე მიწები და აფხაზთა მთავრის ტიტული; შუათანა ძმამ, ჯიქეშიამ _ მდ. კოდორსა და მდ. ღალიძგას შორის მდებარე მიწები, რომელსაც შემდეგ აბჟუა (აფხ. შუა ნაწილი) ეწოდა; უმცროსმა, ყვაპუმ _ მდ. ღალიძგასა და მდ. ენგურს შორის მდებარე მიწები, რომელსაც მოგვიანებით, ყვაპუს მემკვიდრის, მურზაყანის სახელის მიხედვით სამურზაყანო ეწოდა. საგულისხმოა, რომ აფხაზთა სამთავროს მხარეებიდან ერთს ჰქვია მხოლოდ პირვანდელი სახელი ,,აფხაზეთი”, ხოლო ორს ახალი სახელი _ აბჟუა და სამურზაყანო. მრავლისმეტყველია, რომ ხორონიმი სამურზაყანო ქართულადაა გაფორმებული (სა _ ო პრეფიქსსუფიქსით). ეს სახელწოდება ფაქტობრივად არ იცვლება აფხაზურადაც ,,самырзакан”. აბჟუასა და მერმინდელი სამურზაყანოს მფლობელები აფხაზთა მთავართან ნომინალურ დამოკიდებულებაში იმყოფებოდნენ.

ყვაპუ შარვაშიძეს მეტად მოოხრებული და გაუკაცურებული ტერიტორია შეხვედრია. ამიტომ, გადმოცემით, მას ბზიფის აფხაზეთიდან, უფროსი ძმის სამფლობელოდან გადმოუსახლებია თავადაზნაურთა რამდენიმე გვარი: ანჩაბაძე, ემუხვარი, ინალიშვილი, მარღანია, ზვანბაია, ლაკირბაია და აქირთავა. ყვაპუ შარვაშიძისაგან მომდინარეობენ შემდეგ სამურზაყანოში მცხოვრები შარვაშიძეები. თავის სახასო მამულად ყვაპუს დაუმკვიდრებია სოფლები: ბედია, ფახულანი და ბარბალო (კოკი). მერმინდელ სამურზაყანოში გადმოსახლებულ თავადაზნაურებს, რა თქმა უნდა, თავისი ხალხიც მოყვებოდა, გარკვეული რაოდენობა გლეხებისა, მაგრამ ამ მხარის ძირითადი მოსახლეობა მაინც ქართული იყო. ეს კარგად ჩანს იმდროინდელი საბუთებიდან.

ყვაპუ შარვაშიძე და მისი შვილი ავთანდილი აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათალიკოს გრიგოლ ლორთქიფანიძეს (1696-1742) საფიცრის წიგნით (1696-1704) აძლევენ ,,ჟამთა ვითარებით ამოწყვეტილი ქვეყნის” საკათალიკოზო ,,კაცებს” ნაჟანურიდან ,,სასამსახუროდ”. ეს ,,კაცები”, სულ 10 მოსახლე მოჯალაბიანად*, მათ ,,მოურჩენიათ”, ე. ი. გადაურჩენიათ ტყვედ გაყიდვისა და სიკვდილისაგან. ,,…ესე საფიცრის წიგნი მოგეცით ჩუენ შარვაშიძემ ყუაპუმ და ჩუენმა შვილმან ავთანდილ თქუენ კათალიკოზს ბატონს გრიგოლს ასე და ამა პირსა ზედა რომე ჟამთა ვითარებითა ქუეყანა ამოწყდა და საკათალიკოზო ნაჟანური და ხოირული კაცები ზოგიერთი ჩვენ მოვარჩინეთ. ახლა დაგელაპარაკეთ ბატონისშვილი ჩუენი დისწულის შუამავლობით და რომელიც ნაჟანურიდან ხოილური კაცები ჩუენ გვყავს თავს ხატისთვის და მერმე თქუენთვის სასამსახუროდ მოგვირთმევია, თავს ერთი მოსახლე კაცი ბაბადიში კონდარია, მეორე მოსახლე კაცი ხუცესი ღრუბელაია, მესამე მოსახლე კაცი კაკა ელიშია; მეოთხე მოსახლე ზუმალეი კოდია; მეხუთე მოსახლე ჯიმადიში უჩაძე, მეექუსე მოსახლე მამაკოჩი სუბუქია; მეშვიდე მოსახლე ხუხუტა ჯგუბურია, მერვე მოსახლე ობოლი ციცორია; მოჯალაბე ბაძღალეი მარკოზია და მის გარეთ ერთი მოსახლე სახოირო მიამია ბიგვავა. ეს ათი მოსახლე კაცი მოჯალაბიანად როგორც სხვა კათალიკოზს მსახურებდა, აგრე გემსახუროთ და თქვენი სამსახური არ დაუშალოთ და არცა ჩუენგან ამ კაცებს არცა აყრით და არცა გაყიდვით არა უშავდეთ რა ამის თავდებად გასათავებლად მომიცია თავად ღმერთი და ყოველი მისი წმინდანი ზეცისანი…” …

პარალელურად ხდებოდა მეგრული მოსახლეობის ,,აყრა აფხაზისგან”. კათალიკოს გრიგოლ ლორთქიფანიძის შეწირულობის წიგნში (1706-1712 წწ.) ბიჭვინტისადმი, ნათქვამია: ,,…ბიბია ბოლქუაძე აფხაზს ცოლიანშვილიანად წაეყვანა, ნემსაძე კათალიკოზს სორეხისაგან დაეხსნა, ნოჯიხევს დაესახლებინა~. იმავე კათალიკოსის კიდევ ერთ შეწირულობის წიგნში (1706 წ.) ბიჭვინტისადმი, ნათქვამია: ,,…ნაჟანევს სოფელი საკათალიკოზო ნემსაძე კათალიკოზის ხელშიდ აფხაზისგან აყრილიყო, ყვაპ შარვაშიძეს სხვა დაეყიდა და ექუსი მოსახლე კაცი ყავდა. ის კათალიკოსიც ბევრს ედავა და ჩუენც, მაგრამ არც მას და არც ჩუენ პასუხი მოგუცა, რომ შარვაშიძე მოკუდა, მივედით ჩუენ და ნიშანიც მართებული ავიღეთ და ექუსი მოსახლე კაცის მეტი აღარ იყო და ის წამოვიყვანეთ მისის ყოვლისფერითა: ღრუბელაია ამხსნელი და მისი სახლის კაცი ელიშია ხუტალა და მისი ძმები; კიდევ ელიშია ხუხა და მისი ძმები ზუმალა, კოდია და მისი შვილები; კიდევ ჯგუბურია, სუბუქია და ბიგვაა; კიდევ ერთი მოსახლე კაცი ჯღერიას ნაყმევი პაპა ხუცობავა და და მისი ძმა შარვაშიძისგან სადეო კაცი იყო ჩუენი და იმაშიდ წამოვიყვანეთ და ხობს დავასახლეთ. არმანია ყვაპსეული კაცი მაგიერშიდ ამოვიყვანეთ და ხიბულას დავასახლეთ. კიდევ ელიშახუ ნანაისშვილი ეგურს გაღმიდამ წამოვიყვანეთ და მაგიერშიდ ხიბულას დავასახლეთ”.

ნაჟანევი, ნაჟანეული დღევანდელი სოფ. ოტობაიაა, ხოლო ხოირი, როგორც ფიქრობენ, ამჟამინდელი სოფ. ოხურეი უნდა იყოს. როგორც ჩანს, ნაჟანეულში 1621 წელს მცხოვრები 58 კომლიდან, მას შემდეგ, რაც ის აფხაზებმა დაიკავეს, 1706 წელს მხოლოდ 6 კომლი იყო დარჩენილი. ვინც აფხაზთაგან ,,აყრას” გადაურჩა, ყვაპუ შარვაშიძეს დაუყიდია ჯერ კიდევ კათალიკოს დავით ნემსაძის (1673-1696) დროს, და კათალიკოს გრიგოლ ლორთქიფანიძეს უკვე ენგურის გაღმიდან გლეხები უსაფრთხო ადგილას, ენგურის მარცხენა ნაპირზე გადმოჰყავს. საგულისხმოა, რომ კათალიკოსს ენგურის გაღმიდან გლეხების ,,ფასით ამოყვანა”, ე.ი. გამოსყიდვა უხდება.

აფხაზთაგან მოსახლეობის ,,აყრა” ისეთ ფართო მასშტაბებს იღებს, რომ ერთი სოფლიდან, ნაჟანეულიდან, მხოლოდ 6 სახლობა გადარჩენილა. ყვაპუ შარვაშიძე იძულებულიც გამხდარა კათალიკოს დავით ნემსაძისათვის ფიცის წიგნი (1681-1696) მიეცა, რომ ამიერიდან გლეხებს აღარ გაყიდდა: ,,ესე …მტკიცე, უტყუარი ფიცი, პირი და წიგნი დაგიწერეთ და მოგართვით ჩვენ შარვაშიძემან ბატონმან ყუაპუ და ჩემმან ძმამან ქერექიმ თქუენ ჩრდილოისა და აფხაზეთისა კათალიკოზსა დავითს ასრე და ამა პირსა ზედან, რომელ ნაჟნაურელი და ხოირული კაცები, რომელიც ახლა იყოს, ის შეუცოდებლად და თქუენდა უკითხავად აღარც გავყიდოთ, და თქვენის სიტყვისა და ბრძანების მორჩილის კაცისაგან კარგად შემოუაროთ, არც თქვენი ხლება და სამსახური დაუშალოთ…”

თუმცა არც ამ ფიცის წიგნმა უშველა და ამ მხარიდან კვლავ გაგრძელდა მოსახლეობის ,,აყრა, ოხრება და ტყვედ გაყიდვა”. დაცარიელებულ ადგილებზე აფხაზები სახლდებოდნენ, თუმცა მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა ამ მხარეში მაინც ქართული (მეგრული) დარჩა.

1701 წელს ოდიშის სამთავროს ფაქტობრივმა გამგებელმა გიორგი ლიპარტიანმა დადიანის ტიტული მიიღო. იგი ვერ ბედავდა აშკარად დადიანის ტიტულის მიღებას და თავიდან დადიანლიპარტიანად იწოდებოდა. ამრიგად, 1701 წელს ჩიქვანთა საგვარეულო გადადიანდა, რომელიც ოდიშის სამთავროს 1857 წლამდე, სამთავროს ფაქტობრივ გაუქმებამდე მართავდა. XVII საუკუნის მიწურულიდან იმერეთის სამეფოს ფაქტობრივად, ხოლო 1702 წლიდან, უშუალოდ, გიორგი აბაშიძე განაგებდა. იმავე წლის ზამთარში ოდიშის მთავარმა გიორგი IV დადიანმა (1701-1709, 1710-1714) გიორგი აბაშიძეს ,,აფხაზთა ზედა” შეწევნა სთხოვა, ,,რამეთუ მიეღოთ აფხაზთა ეგრისის მდინარემდე და აოხრებდნენ ოდიშს კლვითა და ტყუეობითა”. აბაშიძემ ლაშქარი შეკრიბა და და აფხაზთა წინააღმდეგ გაილაშქრა. ,,ვერ წინააღუდგა შარვაშიძე, მოსტყუევნეს აფხაზეთი, აღიღო ალაფი დიდი, დააზავა ლიპარტიანი და შარვაშიძე, გამოუხუნა ქუეყანა მიღებული და მძევალნი, მერმე წარმოვიდა და მოვიდა იმერეთსავე”. ერთ ქართულ წყაროში დაცულია ცნობა ოდიშის მთავრის აფხაზეთში გალაშქრების შესახებ: ,,ქ. ეჰა შენ ცათა უმაღლესო, სერაბინთა უზეშთაესო და ქერაბინთა უწმიდესო… წინამძღვარმან ზებედე, შემოგწირე მცირე ესე შესაწირავი ასრე და ამა პირსა ზედან, რომე ამას წინათ ხობს ვიდექით ჩვენ… მერმე ლიპარტიანი ქვემოთ წაბრძანდა აფხაზეთს ლაშკრად, და ჩვენ ზუგდიდამდის ვიახელით, და ცოტა უძლებად ვიყავით, და დავბრუნდით, და აქ ხობს მოვედით”.

აფხაზთა მთავარი იძულებული გახდა დაეთმო მიტაცებული მიწების ერთი ნაწილი, ენგურსა და ღალიძგას შორის მდებარე ტერიტორია, რომელიც ოდიშის მთავრის იურისდიქციაში მოექცა კვლავ, და მორჩილების ნიშნად აბაშიძისათვის მძევლებიც მიეცა. ვახუშტი ბატონიშვილის ცნობიდან ისიც ჩანს, რომ აფხაზები მკვიდრად დაფუძნებულან მდ. კელასურსა და მდ. ღალიძგას შორის ტერიტორიაზე, მაგრამ ღალიძგასა და ენგურს შორის მდებარე მხარე ჯერ კიდევ ვერ აუთვისებიათ.

ღალიძგასა და ენგურს შორის მდებარე მიწაწყლის ოდიშის სამთავროს შემადგენლობაში დაბრუნების შემდეგ, ამ მხარის გამგებლად აფხაზეთის სამთავრო სახლის გვერდითი შტოს წარმომადგენლები დარჩნენ, რომლებიც ოდიშის მთავრის უზენაესობას აღიარებდნენ.

1704 წელს ყვაპუ შარვაშიძე რუხში გარდაიცვალა. კათალიკოსი გრიგოლ ლორთქიფანიძე გელათიდან ჩამოვიდა და ,,ნიშანი” (ერთდროული გადასახადი, რომელიც მართებდა მიცვალებულის ჭირისუფალს: გარდაცვლილის პირადი ნივთიარაღი, შეკაზმული ცხენი, ყმამამული ეკლესიისათვის ან სხვ.) აიღო. ის ფაქტი, რომ ყვაპუ შარვაშიძე რუხში გარდაიცვალა და კათალიკოსი მისი ,,ნიშანის” ასაღებად ჩამოვიდა იმერეთიდან, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ეს მხარე პოლიტიკურად და ეკლესიურად ოდიშის ორგანული ნაწილი იყო.

ყვაპუ შარვაშიძის შემდეგ ოდიშის ეს ნაწილი მემკვიდრეობით მისმა შვილმა მურზაყანმა მიიღო. ზეპირი ხალხური გადმოცემით მას თავის სამფლობელოში ტყვის სყიდვა აუკრძალავს, ქურდავაზაკნი სასტიკად დაუსჯია, შედარებით მშვიდობიანობა დაუმყარებია და ჭეშმარიტად ,,აღუყვავილებია” ეს მხარე, რითაც ხალხის სიყვარული და პატივისცემა დაუმსახურებია. ამით აიხსნება ის ფაქტი, რომ XVIII საუკუნის 30-40-იან წლებში, ოდიშის ამ მხარეს სამურზაყანო ეწოდა. იმის გამო, რომ ამ მხარის მმართველები აფხაზთა სამთავრო სახლის გვერდითი შტოს წარმომადგენლები იყვნენ, სამურზაყანოს აღმნიშვნელად XVIII ს. II ნახევრის ქართულ წყაროებში მკვიდრდება ტერმინები: ,,ზემო აფხაზეთი” და ,,სამურზაყანო აფხაზეთი”.

მურზაყან შარვაშიძის შემდეგ სამურზაყანოს მისი შვილი ხუტუნია განაგებდა. 1757 წლის დეკემბერში ხუტუნია შარვაშიძე სამურზაყანოელთა რაზმით, ოდიშის სამთავროს ლაშქრის შემადგენლობაში, ოსმალთა წინააღმდეგ ხრესილის ბრძოლაში მონაწილეობდა და გმირის სიკვდილით დაეცა. ნ. დადიანის ცნობით, ,,…შარვაშიძე ხუტუნია მოჰკლეს ბრძოლასა ამას შინა, რომელმანცა სამაგალითოდ წარმოაჩინა მამაცობა და სიმხნე მისი, სადა სხვათა სახელოვანთა ბრძოლათა შორის ხრმლითა განჰკვეთა თექვსმეტი ოსმალი და შემდგომად ოსმალთა რაზმთა შუაგულობასა მყოფი მოჰკლეს”. 1771 წელს ოდიშის ლაშქრის შემადგენლობასი ფოთთან ოსმალთა წინააღმდეგ თავისი რაზმით სამურზაყანოს მფლობელი ლევან შარვაშიძეც იბრძოდა. იმავდროულად, ლევან შარვაშიძე აფხაზთა მთავარს, ზურაბ შარვაშიძეს, სოხუმის ციხიდან ოსმალთა განდევნაში დაეხმარა.

XVIII საუკუნის მიწურულს აფხაზებმა ოსმალთა წაქეზებითა და დასავლეთ კავკასიელ მთიელთა დახმარებით მდ. ენგურის სამხრეთაღმოსავლეთი მიწაწყლის მიტაცება სცადეს. ოდიშის მთავარს განუდგა და აფხაზეთის მფლობელ შარვაშიძეებს სამურზაყანოს მფლობელი ლევან შარვაშიძეც შეუერთდა. 1780 წლის მარტში აფხაზთა და დასავლეთ კავკასიის მთიელთა ლაშქარმა მდ. ენგური გადალახა და იქვე დაბანაკდა. ბრძოლა გაიმართა მდ. ენგურის მარცხენა ნაპირზე, რუხის ციხესთან და ქართველთა ლაშქრის ბრწყინვალე გამარჯვებით დამთავრდა, რითაც აფხაზთა შემოტევას ოდიშის სამთავროზე ბოლო მოეღო.

XVIII ს. 80-90-იან წლებში და XIX ს. დასაწყისში, სამურზაყანო, რომელიც ოდიშის სამთავროს შემადგენლობაში ითვლებოდა, ფაქტობრივად, დამოუკიდებელ სამფლობელოს წარმოადგენდა, რომელზეც გავლენის გავრცელებას აფხაზთა მთავარი ქელეშბეი შარვაშიძე ცდილობდა.

XIX ს. დასაწყისში რუსეთის იმპერია თანდათან ფეხს იკიდებს საქართველოში. 1801 წელს ქართლკახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსეთის მიერ დაპყრობის შემდეგ დასავლეთ საქართველოს ჯერი დადგა. ამ მხარეში რუსეთმა თავდაპირველად ანექსიის უფრო რბილი ფორმა გამოიყენა და სამეფოსამთავროებს ავტონომია მიანიჭა. 1803 წლის დეკემბერში ოდიშის (სამეგრელოს) მთავარმა გრიგოლ დადიანმა (1788-1792, 1796-1804) რუსეთის იმპერატორისადმი “სათხოვარ პუნქტებს“ მოაწერა ხელი, რომელიც რუსეთის იმპერატორმა 1804 წლის ივლისში დაამტკიცა. ამ აქტით სამეგრელო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში ავტონომიის უფლებით შევიდა.

1805 წლის 9 ივლისს სამეგრელოს ახალი მთავრის ლევან V დადიანის (1805-1840) მთავრად დამტკიცებისა და რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე ფიცის დადების საზეიმო ცერემონიალზე სამურზაყანოს მფლობელებმა, მანუჩარ და ლევან შარვაშიძეებმა იმპერატორისა და სამეგრელოს მთავრის ერთგულების ფიცი დადეს, როგორც სამეგრელოს მთავრის ქვეშევრდომებმა: ,,ჩვენ ქვემორე ხელის მომწერნი, აფხაზეთის თავადნი, სამურზაყანოს მფლობელნი, შემოვედით ყმად ჩვენის ქვეყნით და თავადაზნაურებით მისს იმპერატორობის დიდებულებისა ყოვლად უმოწყალესისა რუსთა ხელმწიფისა, ვფიცავთ ყოვლად ძლიერ ღმერთს და წმინდა სახარებას, რომ ვიყვნეთ ერთგულნი მონა და ყმანი სამიწდღეოდ და მის დიდებულობის ურჩობაში და ღალატობაში არასდროს არ შევიდეთ და აგრეთვე თუ სხვათაგან ღალატი ანუ ურჩობა შევიტყვეთ, დიახ სწრაფად შევატყობინოთ, საცა მართებული იყოს და, როგორც ზემო სწერია, ის არ აღვასრულო, ღვთისაგან და წმინდა სახარებისაგან შეჩვენებული ვიყვნეთ, და აგრეთვე ყოვლად უმოწყალესი ხელმწიფის ყმა ვიმყოფებით, აგრეთვე სამეგრელოს თვითმპყრობელი ლევან დადიანისა, რადგანაც ჩვენ ჩვენის ქვეყნით ვყოფილვართ სამეგრელოს თვითმპყრობელის თავადი დადიანისა”. ამრიგად, სამურზაყანომ, სადაც XVIII საუკუნის მიწურულიდან ქელეშბეი შარვაშიძის გავლენა ვრცელდებოდა, სამეგრელოს მთავრის უზენაესობა აღიარა.

1805 წელს სამურზაყანოს მფლობელის ლევან შარვაშიძის გარდაცვალების შემდეგ, მისმა ძმისშვილმა, ამ მხარის ერთერთმა მფლობელმა მანუჩარ შარვაშიძემ, რომელსაც ლევან V დადიანის და ჰყავდა ცოლად და ამიტომ მისი მხარდაჭერით სარგებლობდა, თავისი ძმების ბეჟან და ლევან შარვაშიძეების მამულების ხელში ჩაგდება მოახერხა და სამურზაყანოს უცილობელი მფლობელი გახდა. ნ. დადიანის ცნობით, ,,დროსა ამას განურისხდა დადიანი ლეონ შარვაშიძეს ბეჟანს და შეიპყრო და პატიმარ ჰყო ციხესა ჭაქვიჯისასა …, ხოლო ყოველი სამურძაყანოაფხაზეთი მიათვალა და მიაბარა საუფროსოთ და საგამგებლოდ სიძესა თვისსა მანუჩარ სოლომონის ძე შარვაშიძესა”. 1810 წელს ოდიშის დედოფალმა ნინო ბაგრატიონიდადიანისამ მანუჩარ შარვაშიძეს მემკვიდრეობის უფლებით სამურზაყანოს მოურავობა უბოძა: ,,სიძე ჩემი შარვაშიძე მანუჩარ მოგართვით და მოგეცით საუფროსოდ შენ და შენს მომავალს სამოურავოდ სამურზაყანოს დიდებულნი თავადნი და გლეხნი ღალიძგიდან ენგურის საზღვრამდე დადებული აწ განმტკიცებით და განავრცელებთ სრულსა სიყვარულსა თანხმობით, რათა მიაქციოთ ესე სამფლობელო ჩვენი მართალსა ერთგულებასა და მსახურებასა, ყოვლად მოწყალისა, ჩვენისა ხელმწიფისა, ეგრეთ ჩემის სახლისა”. მოურავი მთავრის მოხელე იყო, აღჭურვილი ადმინისტრაციული და შეზღუდული სასამართლო უფლებებით. ის იყო ამ მხარის სარდალმოურავი, რომლის ფუნქცია ამ მხარიდან გამოყვანილი ლაშქრის ხელმძღვანელობა იყო.

1811 წელს ახალციხის საფაშოდან თითქმის მთელ საქართველოში შავი ჭირის ეპიდემია გავრცელდა, რასაც შიმშილობაც დაერთო. შიმშილობამ და შავი ჭირის ეპიდემიამ ათასობით ადამიანი იმსხვერპლა. იმერეთისა და სამეგრელოს მოსახლეობის ნაწილი სამურზაყანოსა და აფხაზეთში გაიხიზნა, რის შედეგადაც გაძლიერდა ტყვის სყიდვა. სამურზაყანოს მფლობელმა მანუჩარ შარვაშიძემ სამეგრელოს მთავარს, ლევან V დადიანს, წესრიგის დასამყარებლად აფხაზეთში გალაშქრება ურჩია: ,,თუ ახლავე არ უშველეთ, ტყვეები დაიყიდაო და კიდევ მრავალი დაიკარგებაო~. სამეგრელოს მთავარმა ლაშქარი შეკრიბა, ჭყონდიდელი და ცაიშელი მღვდელმთავრები იახლა და 1812 წლის ოქტომბერში აფხაზეთისკენ გაემართა. სამურზაყანოში გადასული ლევან V დადიანი ღამის გასათევად მანუჩარ შარვაშიძის ძმის, ლევანის მამულში, ბედიაში გაჩერდა. ღამით, ლევან შარვაშიძის შვილის, ხუტუნიას მიგზავნილებმა მანუჩარ შარვაშიძე მოკლეს. სამეგრელოს მთავრის ცნობით, მოკვლას მასაც უპირებდნენ, მაგრამ დროზე შეიტყო და გადარჩა.

ლევან V დადიანი დაუყოვნებლივ დაბრუნდა ზუგდიდში. მას არ შეეძლო საკუთარი ძალებით აეღო კარგად გამაგრებული ბედიის ციხე, ამასთან ლევან შარვაშიძეც საკმაოდ გავლენიანი კაცი იყო სამურზაყანოში. ამიტომ მან დახმარება რუსულ ადმინისტრაციას სთხოვა. მთავარმართებლის ბრძანებით, დადიანის დასახმარებლად ორი ასეული ზარბაზნების თანხლებით, აგრეთვე იმერეთისა და გურიის სახალხო ლაშქარი გაიგზავნა. 1812 წლის დეკემბერში ლევან V დადიანი ბედიისკენ გაემართა. ჯარის მიახლოებისთანავე ხუტუნია შარვაშიძე წებელში გაიქცა. ლევან შარვაშიძე მიხვდა, რომ დადიანს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და ციხე ჩააბარა. სამეგრელოს მთავარმა გულმოწყალება გამოიჩინა, ლევან შარვაშიძე მოხუცებულობის გამო არ დასაჯა, ,,გამოსაზრდელად” სოფ. ფახულანი მიუჩინა და იქ გაგზავნა, შემდეგ ბედიის ციხე გაამაგრა, თავისი მეციხოვნეები ჩააყენა და ზუგდიდში დაბრუნდა.

სამეგრელოს მთავარმა, როგორც მანუჩარ შარვაშიძის უახლოესმა ნათესავმა, მისი შვილების _ ალექსანდრესა და დიმიტრის აღზრდა იკისრა. ამ დროიდან, ლევან V დადიანი სამურზაყანოს უშუალო მფლობელი გახდა.

ამ პერიოდში რთული ვითარება იყო სამეგრელოს მეზობელ აფხაზეთში. გიორგი შარვაშიძის (1810-1821) ხელისუფლება სუსტი იყო. მთავარს, ფაქტობრივად, არ ემორჩილებოდნენ ცალკეულ მხარეთა მფლობელები; სამთავროს ხშირად თავს ესხმოდნენ დასავლეთ კავკასიის მთიელები და მთის აფხაზური თემების მკვიდრნი. აქ არსებული უწესრიგობა და ანარქია მეზობელ სამეგრელოზეც ახდენდა გავლენას. ამიტომ 1814 წლის 3 ოქტომბერს ლევან V დადიანმა კავკასიის მთავარმართებელსა და აქ განლაგებული რუსეთის ჯარების მთავარსარდალს, ნ. რტიშჩევს, აფხაზეთში ლაშქრობის ნებართვა სთხოვა. ლაშქრობის მიზანი უნდა ყოფილიყო წებელში წესრიგის დამყარება, რადგან ამ თემის სოფლები სამეგრელოსა და აფხაზეთის ავაზაკთა თავშესაფარს წარმოადგენდა. მაგრამ ლაშქრობის დაწყება გაჭიანურდა, მალე კი მისი საჭიროება მოიხსნა. 1815 წლის შემოდგომაზე ლევან V დადიანმა წებელთან ურთიერთობა მშვიდობიანად მოაგვარა. 29 ნოემბერს სამურზაყანოს სოფელ ოქუმში ჩამოვიდნენ წებელის თემის ბატონები _ მისოსტ, სარალუფუ, ზერეფსუ მარშანიები და ლევან V დადიანს ერთგულების ფიცი მისცეს, შეჰპირდნენ კეთილმეზობლობას და აღუთქვეს, რომ სამეგრელოდან ტყვეების გატაცებასა და სხვა ბოროტმოქმედებას აღარ ჩაიდენდნენ; ისინი სამეგრელოს მთავარს ფიცით აღუთქვამდნენ, რომ სამურზაყანოზე თავდასხმებს შეწყვეტდნენ: ,,ვიყვნეთვე კეთილითა მეზობლობითა სამთავროსა თქვენისა სამურზაყანოდ წოდებულს აფხაზეთსა ნაწილსა თანა და ოდიშისა და მისთა მცხოვრებთა…”

ცოტა უფრო ადრე ლევან V დადიანი აქტიურად ჩაერია სამურზაყანოს საქმეებში და ამ მხარეში წესრიგის დამყარებას შეეცადა. 1815 წლის 20 ნოემბერს ,,სამურზაყანოს აფხაზეთისა მთავარმა” ლევან V დადიანმა დადგენილება გამოსცა, რომლითაც მოითხოვა სამურზაყანოში ქურდობის, ავაზაკობის, ტყვის სყიდვის აკრძალვა, შავი ჭირის ეპიდემიისა და შიმშილობის დროს (1811-1812) აქ გადმოხვეწილი იმერელი და მეგრელი გლეხების ადრინდელ საცხოვრებელ ადგილებში დაბრუნება, ამ მხარეში წესრიგის შენარჩუნება, რისი შესრულებაც სამურზაყანოს თავადაზნაურებმა ფიცით აღუთქვეს. ფიცს ხელს აწერდნენ შარვაშიძეები, ანჩაბაძეები, ჩქოტუები, ემუხვარები, მარღანიები და სხვ.

ამავე ხანებში ადგილობრივი რუსული ადმინისტრაცია შეეცადა მოეგვარებინა სამურზაყანოს საკითხი, რომელიც სამეგრელოსა და აფხაზეთის სამთავრო სახლებს შორის დაპირისპირების საგანი იყო. 1818 წლის მაისში იმერეთის მმართველის გენერალ ვ.კურნატოვსკის თანდასწრებით აფხაზეთისა და სამეგრელოს მთავრებს შორის შეთანხმება დაიდო. გიორგი შარვაშიძემ სამურზაყანო დადიანის სამფლობელოდ ცნო. როგორც ლევან V დადიანი აღნიშნავდა, ეს აქტი ორ სამთავროს შორის მშვიდობიანი ურთიერთობის აღდგენას ისახავდა მიზნად. შეთანხმების მიხედვით, სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის საზღვრად მდ. ღალიძგა განისაზღვრა. ორივე მხარე ვალდებულებას იღებდა, მეამბოხეებისა და სხვა ჯურის დამნაშავეთათვის თავშესაფარი არ მიეცათ. ამრიგად, აფხაზეთის მთავარმა სამურზაყანო სამეგრელოს სამთავროს შემადგენლობაში აღიარა, რითაც ბოლო უნდა მოღებოდა შარვაშიძეთა სამთავრო სახლის პრეტენზიას ამ მხარეზე. 1827 წლის 21 აპრილს ზუფუელმა თავადაზნაურებმა ლევან V დადიანს წერილობით აღუთქვეს, რომ ძარცვაქურდობას სამურზაყანოში არ ჩაიდენდნენ და სამეგრელოს მთავრის უფლებებს ამ მხარეზე არ შელახავდნენ. ამ დოკუმენტს ხელს აფხაზეთის მთავარი მიხეილ შარვაშიძეც (1823-1864) აწერდა. ამდენად, ის სამურზაყანოს სამეგრელოს ნაწილად აღიარებდა.

მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ შარვაშიძემ თავისი მთავრობის დასაწყისში ეს მხარე დადიანის კუთვნილად აღიარა, ამ ფაქტისადმი შერიგებას არ აპირებდა და სამურზაყანოზე პრეტენზიას აცხადებდა. ასეთი გაურკვევლობა და ფარული ბრძოლა დადიანსა და შარვაშიძეს შორის, სამურზაყანოში დაძაბულობასა და არეულობას იწვევდა. სამურზაყანოში ბატონობის განმტკიცების მიზნით, ლევან V დადიანმა მანუჩარ შარვაშიძის შვილები გზიდან ჩამოიცილა: როდესაც ალექსანდრე სრულწლოვანი გახდა, სამეგრელოს მთავრის დასმენით ციმბირში გადაასახლეს და იგი გზაში გარდაიცვალა; დიმიტრი 1832 წელს დადიანის რაზმელებთან შეტაკებაში დაიღუპა. ამრიგად, 1832 წლიდან ამ მხარის უცილობელი მფლობელი დადიანი გახდა, რამაც აფხაზეთის მთავარი კიდევ უფრო გააღიზიანა. 1834 წელს მიხეილ შარვაშიძე სოფ. ილორში შეიჭრა და სოფლის მცხოვრებლებს ერთგულების ფიცი დაადებინა. კავკასიის რუსულმა ადმინისტრაციამ მკაცრად გააფრთხილა აფხაზეთის მთავარი, თვითნებობაზე ხელი აეღო. მთავარმართებელი, ბარონი გრ. როზენი (1832-1837) მიხეილ შარვაშიძეს წერდა: ,,ასეთი მოქმედება ემსახურება აფხაზეთში უწესრიგობის გამრავლებას და არ შემიძლია გაკვირვება არ გამოვთქვა სხვის სამფლობელოში თქვენი ასეთი თვითნებობის გამო. ხელისუფლებისათვის ცნობილია, რომ ცოცხალი საზღვარი სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის არის მდინარე ღალიძგა და რამდენადაც სოფელი ილორი მდებარეობს მდინარის მარცხენა ნაპირზე, ის არ შეიძლება ეკუთვნოდეს აფხაზეთს. ამიტომ მე ვალდებული ვარ გთხოვოთ, წერილობით გამოუცხადოთ ყველა ილორელს, რომ მათ მიერ მიცემული ფიცი თქვენდამი ერთგულებაზე უსაფუძვლოა და ისინი ეკუთვნიან არა თქვენს უმაღლესობას, არამედ სამეგრელოს მფლობელს~. მიხეილ შარვაშიძე იძულებული გახდა ილორი დაეტოვებინა.

30იანი წლების მიწურულს აფხაზეთის მთავარი შეეცადა ხელისუფლებაზე ზეწოლით სამურზაყანოს დაუფლებოდა. 1839 წელს მიხეილ შარვაშიძემ რუსეთის ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, რომ სამურზაყანო, როგორც ადრე აფხაზეთის კუთვნილი მხარე, ჩამორთმეოდა დადიანს და აფხაზეთის სამთავროს გადასცემოდა. ამით აღშფოთებულმა ლევან V დადიანმა ვრცელი მოხსენებითი ბარათით ხელისუფლებას მიმართა. იგი აფხაზეთის მთავრის პრეტენზიებს უსაფუძვლოდ მიიჩნევდა და აღნიშნავდა, რომ სამურზაყანო ძველთაგანვე სამეგრელოს სამთავროში შედიოდა და მან მემკვიდრეობით მიიღო. ამასთან სამეგრელოს მთავარს ამ ოლქზე მისი კანონიერი უფლებების დასამტკიცებლად 1818 წელს გიორგი შარვაშიძესთან და 1827 წელს მიხეილ შარვაშიძესთან დადებული შეთანხმებები მოჰქონდა, რომლითაც აფხაზეთის მთავრები სამურზაყანოს სამეგრელოს სამთავროს შემადგენელ ნაწილად აღიარებდნენ.

რუსეთის ხელისუფლებას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა ახლად შეძენილ ტერიტორიებზე, სადაც შესაძლებელი იქნებოდა, უმტკივნეულოდ შემოეღო რუსული მმართველობა, აფხაზეთისა და სამეგრელოს მთავრებს შორის ატეხილი დავა კი ამის განხორციელების საშუალებას აძლევდა. მიხეილ შარვაშიძეს სამურზაყანოს გადაცემაზე უარი ეთქვა იმ მოტივით, რომ ის აფხაზეთის სამთავროსაგან დიდი ხნის წინ იყო გამოყოფილი, მაგრამ ხელისუფლების გადაწყვეტილებით ის არც სამეგრელოს სამთავროს შემადგენლობაში უნდა დარჩენილიყო.

1840 წლის თებერვალში რუსეთის ხელისუფლებამ სამურზაყანო, ტერიტორია მდ. ენგურსა და მდ. ღალიძგას შორის, ჩამოართვა სამეგრელოს მთავარს და აქ უშუალო რუსული მმართველობა შემოიღო. შეიქმნა რუსული ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეული სამურზაყანოს საბოქაულო, რომლის ცენტრი სოფ. ბედიის ნაცვლად სოფ. ოქუმი გახდა. სამურზაყანოს ბოქაული შავი ზღვის სანაპირო ხაზის უფროსს დაუმორჩილეს.

სამურზაყანოს მიმართ ცარიზმს ასეთი გადაწყვეტილების მიღება აფხაზეთისა და სამეგრელოს მთავრებს შორის ატეხილმა დავამ გაუადვილა, თუმცა მთელი XIX ს. I მესამედის მანძილზე რუსეთის ადმინისტრაცია სამურზაყანოს სამეგრელოს ნაწილად აღიარებდა. ლევან V დადიანმა სამურზაყანოს ჩამორთმევა გაასაჩივრა და მოითხოვა, თუ დაბრუნება არა, საზღაურის მიცემა მაინც. 1847 წელს ხელისუფლებამ სამეგრელოს მთავარს, დავით დადიანს (1846-1853), სამურზაყანოს სანაცვლოდ კომპენსაციის სახით 25 ათასი ვერცხლის მანეთი გადაუხადა.

1840 წლის დეკემბრიდან 1847 წლის დეკემბრამდე სამეგრელოს სამთავროსა და სამურზაყანოს საბოქაულოს გამყოფი სადემარკაციო ხაზი დადგინდა. საზღვრად მიჩნეულ იქნა მდ. ენგურის ახალი კალაპოტის მარჯვენა ტოტი. ამის შესაბამისად, 1849 წლის 4 იანვარს, სოფლები: დიდი კოკი და პატარა კოკი, განარჯიას მუხური, ორსანტია, შამგონა, რომლებიც მდინარის მარჯვენა ტოტის მარცხენა ნაპირზე მდებარეობდნენ, სამეგრელოს კუთვნილად ცნეს. სამეგრელოს სამთავროს შემადგენლობაში რჩებოდა სოფ. ფახულანიც მდ. ენგურის მარჯვენა ნაპირზე.

რადგან სამურზაყანოს საბოქაულოს დაქვემდებარება შავი ზღვის სანაპირო ხაზის უფროსისადმი ბევრ უხერხულობას ქმნიდა, 1848 წლის მაისში ის ქუთაისის ახლადშექმნილ გუბერნიას შეუერთეს. სამურზაყანოს ბოქაულს კავკასიაში მაზრის უფროსის უფლება მიენიჭა და უშუალოდ ქუთაისის სამხედრო გუბერნატორს დაექვემდებარა.

1851 წელს სამურზაყანოს ადმინისტრაციულ ცენტრში, სოფ. ოქუმში, ასევე სოფ. ილორში პირველი სკოლები გაიხსნა, რასაც ამ მხარეში განათლების გავრცელების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.

ყირიმის ომის (1853-1856) დროს, 1854 წელს, შავი ზღვის სანაპირო ხაზი გაუქმდა. ომის დამთავრების შემდეგ, 1856 წლის სექტემბერში ქუთაისის საგენერალგუბერნატორო შეიქმნა, რომელშიც აფხაზეთის, სამეგრელოსა და სვანეთის სამთავროები, აგრეთვე სამურზაყანოს საბოქაულო შევიდა. 1857 წლის სექტემბერში რუსეთის ხელისუფლებამ სამეგრელოს სამთავროში უშუალო რუსული მმართველობა შემოიღო. ამ დროიდან მას “სამეგრელოს სამფლობელო“ ეწოდა, რომელსაც სათავეში სამეგრელოს მმართველი ედგა. სამურზაყანოს ბოქაული მაზრის უფროსის უფლებით სამეგრელოს მმართველს დაუქვემდებარეს.

1864 წლის მაისში რუსეთის ხელისუფლებამ დასავლეთ კავკასიის დაპყრობით მრავალწლიანი კავკასიის ომი (1763-1864) გამარჯვებით დაასრულა. ამის შემდეგ ცარიზმს აფხაზეთის ავტონომიური სამთავროს შენარჩუნება არ სჭირდებოდა. 1864 წლის ივლისში რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და უშუალო რუსული მმართველობა შემოიღო ე.წ. სამხედროსახალხო მმართველობის სახით, რომელსაც სათავეში აფხაზეთის ჯარების სარდალი ედგა. აფხაზეთში უშუალო რუსული მმართველობის შემოღების შემდეგ ცარიზმი მხარის ადმინისტრაციული მოწყობის რეფორმის მომზადებას შეუდგა, რომელიც მიზნად ხელისუფლების მხრიდან კონტროლის გაძლიერებას ისახავდა. 1866 წლის 11 აგვისტოს დებულების თანახმად, საკუთრივ აფხაზეთის (სოხუმის ოკრუგი), წებელდისა და სამურზაყანოს (ოქუმის ოკრუგი) გაერთიანების შედეგად სოხუმის სამხედრო განყოფილება შეიქმნა. იმის გამო, რომ ცარიზმს გადაწყვეტილი ჰქონდა მდ. ბზიფიდან მდ. ენგურამდე შავი ზღვის სანაპიროს კოლონიზაცია კაზაკრუსებით, სამურზაყანო (ოქუმის ოკრუგი) აფხაზეთს შეუერთეს. ამრიგად, 1866 წელს სამურზაყანო, ოქუმის ოკრუგის სახელწოდებით აფხაზეთს შეუერთეს.

სოხუმის სამხედრო განყოფილება ბიჭვინთის, დრანდის, წებელდის, ოქუმის ოკრუგებად დაიყო. ცალკე ადმინისტრაციული ერთეულის სახით შევიდა მასში ქ. სოხუმი. სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსს სამხედრო გუბერნატორის უფლება მიენიჭა, თუმცა ნომინალურად ის ქუთაისის გენერალგუბერნატორს ექვემდებარებოდა. სოხუმის სამხედრო განყოფილების საზღვარი სამხრეთაღმოსავლეთით მდ. ენგურის ქვემო დინებაზე გადიოდა, სადაც სამეგრელოს ესაზღვრებოდა; ჩრდილოეთით _ კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედს გასდევდა; ჩრდილოდასავლეთით მდ. ბეღერეფსთა (ხოლოდნაია რეჩკა) გამოყოფდა შავი ზღვის ოკრუგისაგან გამოყოფდა. ასე რომ, თანამედროვე აფხაზეთი ტერიტორიულად, ფაქტობრივად, ამ დროს მოიხაზა.

1866 წლის აფხაზთა ანტირუსული, ანტიკოლონიური აჯანყების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებაში მომწიფდა აზრი მაჰმადიანი აფხაზების თურქეთში გადასახლების თაობაზე. 1867 წლის აპრილივნისში განხორციელდა აფხაზთა ძირითადად ძალდატანებითი გადასახლება ოსმალეთში, რომელიც მუჰაჯირობის სახელითაა ცნობილი. აფხაზეთიდან თურქეთში 3358 ოჯახი, 19342 კაცი გადასახლდა. მუჰაჯირობა სამურზაყანოს, ანუ ოქუმის ოკრუგს არ შეხებია, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ მოსახლეობა ძირითადად ქართული და, შესაბამისად, ქრისტიანული იყო, ხოლო აფხაზები, ვინც აქ ცხოვრობდნენ, ქრისტიანები იყვნენ. კავკასიის მთიელთა სამმართველოს ცნობით, 1867 წლის ნოემბრისათვის სოხუმის სამხედრო განყოფილების (აფხაზეთი) მოსახლეობა ოკრუგების მიხედვით ასეთი იყო:

ოკრუგები

კომლების რაოდენობა

ოჯახების

რაოდენობა

მოსახლეობის რაოდენობა

მამაკაცთა

ქალთა

სულ

ბიჭვინთის 4730 1183 14183 12300 26483
დრანდის 2868 3278 8824 7681 16505
ოქუმის 3493 3493 11795 10063 21858
წებელდის 27 27 46 41 87
სულ 11118 12696 34848 30085 64933

ამდენად, ოქუმის ოკრუგში 3493 კომლი, 21 858 კაცი ცხოვრობდა.

აფხაზთა მუჰაჯირობის გამო დაცარიელებული მიწაწყლის დასახლებისა და სოხუმის სამხედრო განყოფილების მმართველობის შემდგომი ცენტრალიზაციის აუცილებლობამ დღის წესრიგში ახალი ადმინისტრაციული რეფორმის გატარება დააყენა, რომელიც 1868 წლის მაისში განხორციელდა. გამსხვილდა ადმინისტრაციულტერიტორიული ერთეულები, შეიქმნა ორი ოკრუგი _ ბიჭვინთის და ოჩამჩირის. ბიჭვინთის ოკრუგი შედგებოდა გუდაუთისა და გუმისთის უბნებისაგან; ოჩამჩირის ოკრუგი – კოდორისა (მდ. კოდორსა და მდ. ღალიძგას შორის) და სამურზაყანოს (მდ. ღალიძგასა და მდ. ენგურს შორის) უბნებისაგან. ასეთმა ადმინისტრაციულმა დაყოფამ 1883 წლამდე იარსება.

1883 წელს სოხუმის სამხედრო განყოფილება სამოქალაქო უწყებაში გადავიდა და სოხუმის ოკრუგად გარდაიქმნა. ამჯერად ცარიზმმა სოხუმის ოკრუგი საქართველოს არ ჩამოაშორა და ქუთაისის გუბერნიის შემადგენლობაში დატოვა. სოხუმის ოკრუგი გუმისთის (ცენტრი ქ. სოხუმში), გუდაუთის (დ. გუდაუთა), კოდორის (დ. ოჩამჩირე), სამურზაყანოს (დ. ოქუმი) უბნებად დაიყო. შეიცვალა ოკრუგის შიდა ადმინისტრაციული საზღვრებიც. სამურზაყანოს კუთვნილი სოფელი ილორი, მდ. ღალიძგის მარცხენა ნაპირზე, კოდორის უბანს შეუერთეს და საზღვარი კოდორისა და სამურზაყანოს უბნებს შორის მდ. ღალიძგიდან მდ. ოხურეიზე გადაიტანეს.

1900-იანი წლების დასაწყისში, სამურზაყანოს მოსახლეობამ აღძრა საკითხი ამ მხარის ადმინისტრაციული ცენტრის განაპირა ნაწილიდან, ოქუმიდან, გეოგრაფიულ ცენტრში, მეორე გალში გადატანის შესახებ. ამის წინააღმდეგი ოქუმელი თავადები ემუხვარები იყვნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, 1906 წელს სამურზაყანოს უბნის ადმინისტრაციული ცენტრი ოქუმიდან მეორე გალში გადაიტანეს, რომელსაც ამ დროიდან გალი ეწოდა. ტოპონიმი ,,გალი” მომდინარეობს ქართული ,,ღალი”-დან, რაც ,,ღელე”-ს ნიშნავს. რადგან რუსულ ენაში არ არის ასო ,,ღ”, მას ,,გ” ჩაენაცვლა.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისა და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის შემდეგ, 1919 წლის 20 მარტს აფხაზეთის სახალხო საბჭომ მიიღო “აქტი ავტონომიის შესახებ“, რომლის ძალითაც აფხაზეთი ადგილობრივ საქმეებში ავტონომიური მმართველობის უფლებით, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შევიდა. ამ აქტით ოფიციალურად აღდგა 1864 წლიდან დავიწყებას მიცემული ტერმინი “აფხაზეთი”, რომელმაც “სოხუმის ოლქი” შეცვალა. 1919-1921 წწ. სოხუმის ოლქის (აფხაზეთის) შემადგენლობაში სამურზაყანო მაზრის სახელწოდებით შედიოდა.

1921 წლის თებერვალმარტში საბჭოთა უსეთის წითელი არმიის ნაწილებმა საქართველო დაიპყრეს. დემოკრატიული რესპუბლიკა დაემხო. შეიქმნა საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა. საბჭოთა რუსეთის IX წითელი არმიის ნაწილებმა 4 მარტს სოხუმი, ხოლო 8 მარტს სამურზაყანოს ადმინისტრაციული ცენტრი გალი დაიკავეს. აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლება გამოცხადდა. საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ, 1921-1930 წწ. საქართველოში ძირითადი ადმინისტრაციული ერთეული მაზრა იყო. სამურზაყანოს მაზრა აფხაზეთის შემადგენლობაში შედიოდა. 1925 წლიდან მას გალის მაზრა ეწოდა. 1930 წლის 1 ოქტომბრიდან საქართველოში მაზრებად დაყოფა რაიონებად დაყოფით შეიცვალა. შესაბამისად, გალის მაზრასაც გალის რაიონი ეწოდა. მაზრების რაიონებად გარდაქმნასთან დაკავშირებით, აფხაზეთის სახალხო კომისართა საბჭოს (მთავრობის) თავმჯდომარის ნ. ლაკობას ინიციატივით 1930 წელს სოფ. ბედია გაყვეს. მისი სამხრეთი ნაწილი _ მეორე ბედია გალის რაიონში დატოვეს, ხოლო ჩრდილოეთი ნაწილი _ აგუბედია (აფხ. შუა ბედია) და პირველი ბედია _ ოჩამჩირის რაიონს შეუერთეს. იმავდროულად, სოფ. რეკაც გალის რაიონიდან გამოყვეს და ოჩამჩირის რაიონს შეუერთეს.

XVIII ს. 60იან წლებში ბედიის ეპარქიის გაუქმების შემდეგ, სამურზაყანო ეკლესიურად ოდიშის სამთავროს ცაიშის ეპარქიაში შედიოდა. 1823 წლიდან საქართველოს საეგზარქოსოს ჭყონდიდის ეპარქიაშია (1829 წლიდან სამეგრელოს ეპარქია), 1866-1869 წწ. _ აფხაზეთის ეპარქიაში; 1869-1885 წწ. იმერეთის ეპარქიის, ხოლო 1885 წლიდან სოხუმის ეპარქიის შემადგენლობაშია. 1917 წლის სექტემბრიდან ეს მხარე ცხუმბედიის ეპარქიაში, ხოლო 1919 წლის ოქტომბრიდან _ ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში შედის.

აფხაზეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემია,

შრომათა კრებული, ტ. 3, სამურზაყანო. თბილისი, 2010.

 

                                 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s