Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• მიხეილ შარვაშიძე

აფხაზეთი – Abkhazia

ბეჟან ხორავა – ,,აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და მიხეილ შარვაშიძე”

I ნაწილი, II ნაწილი, III ნაწილი, IV ნაწილი

 

V ნაწილი

 

 

***

აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და მიხეილ შარვაშიძე

 

1859 წელს ჩრდილოაღმოსავლეთ კავკასიის _ ჩეჩნეთ-დაღესტნის დაპყრობის შემდეგ რუსეთის სარდლობამ დასავლეთ კავკასიაში გადმოისროლა 200 ათასიანი კავკასიის არმიის ძირითადი ნაწილები. ალექსანდრე II (1855-1881) სარდლობისგან მოითხოვდა, რომ კავკასიის ომი, რომელიც ნახევარი საუკუნის მანძილზე გაიწელა და უზარმაზარ სახსრებს ნთქავდა, მალე დაემთავრებინათ.

დასავლეთ კავკასიაში საომარი მოქმედებების მსვლელობაში რუსეთის მთავრობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა აფხაზეთის სამთავროს როლს. ამიტომ იყო, რომ აფხაზეთმა სხვა ქართულ პოლიტიკურ ერთეულებზე დიდხანს შეინარჩუნა ავტონომიური მმართველობა. რუსეთის მთავრობა სავსებით სწორად ფიქრობდა, რომ აფხაზეთის სამთავროს გაუქმებას და უშუალო რუსული მმართველობის შემოღებას შეეძლო გაერთულებინა საომარი მოქმედებების წარმოება დასავლეთ კავკასიაში, რადგან აფხაზეთი ამ რეგიონში რუსეთის სამხედროსტრატეგიულ პლაცდარმს წარმოადგენდა; ამასთან, აფხაზეთის მთავარი მიხეილ შარვაშიძე (1823-1864) და აფხაზი ფეოდალები აქტიურად მონაწილეობდნენ საომარ მოქმედებებში, ამიტომ ცარიზმმა აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და რუსული მმართველობის შემოღება დასავლეთ კავკასიაში ომის დამთავრებისთვის გადადო.  რუსეთის მთავრობა რეალურად აფასებდა მიხეილ შარვაშიძის როლსაც. 1862 წლის 28 აპრილს კავკასიის მეფისნაცვალი და კავკასიის არმიის მთავარსარდალი ა. ბარიატინსკი (1856-1862) სამხედრო მინისტრს, გენერალადიუტანტ დ. მილიუტინს წერდა: მიხეილ შარვაშიძის “გავლენა აფხაზეთში და მეზობელ ტომებზე, როგორც ჩემთვის ცნობილია, ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია… ამიტომ ამ კაცის კეთილად განწყობა ჩვენს მიმართ ძალზედ საჭიროდ მიმაჩნია”.

რუსეთის ხელისუფლება აფხაზეთში ჯერ კიდევ საკმაოდ შეზღუდული იყო და მხოლოდ რუსთა ჯარის მიერ დაკავებულ პუნქტებზე ვრცელდებოდა. სამთავროს საშინაო მმართველობა მთავრის ხელში იყო. კავკასიის რუსული ადმინისტრაციისთვის ნათელი იყო, რომ აფხაზეთში რუსეთის ხელისუფლების განმტკიცება დას. კავკასიაში რუსეთის მფლობელობის დამყარების კვალად მოხდებოდა.  ეს კარგად იცოდა მიხეილ შარვაშიძემაც. რუსეთის ხელისუფლება ფიქრობდა და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ აფხაზეთის მთავარი, რომელიც დიდი პატივისცემითა და გავლენით სარგებლობდა დასავლეთ კავკასიის მთიელთა _ ჯიქებს, უბიხებს, შაფსუღებს, აბაძეხებს და სხვ. შორის, ფარულად მხარს უჭერდა მათ ბრძოლას დამოუკიდებლობისთვის. მიხეილ შარვაშიძეს გაცნობიერებული ჰქონდა, რომ დასავლეთ კავკასიის დამორჩილების შემდეგ რუსეთი მის ხელისუფლებასაც ბოლოს მოუღებდა.  ა. ბარიატინსკისაც არაერთხელ უთქვამს მისთვის, რომ აფხაზეთში რუსული მმართველობა იქნებოდა შემოღებული და ურჩევდა მოემზადებინა შვილი ახალი რეალობისთვის; რაც შეეხება მას, სიცოცხლის ბოლომდე ისარგებლებდა თავისი უფლებებით და იმპერატორის წყალობით, თუკი რუსეთის სარდლობას სარგებლობას მოუტანდა.

1858 წლიდან მიხეილ შარვაშიძე ხშირად ავადმყოფობდა, ხოლო 1862 წლის ოქტომბრიდან მისმა ავადმყოფობამ სერიოზული სახე მიიღო,  თუმცა, შეძლებისდაგვარად, კვლავ მართავდა სამთავროს. 1863 წლის მარტში აფხაზეთის ჯარების სარდალმა, გენერალმაიორმა პ. შატილოვმა მას გააცნო მეფისნაცვლისა და კავკასიის არმიის მთავარსარდლის მოვალეობის შემსრულებლის გრ. ორბელიანის მოსაზრება ჯიქებისა და უბიხების დამორჩილების თაობაზე. კავკასიის არმიის მთავარი შტაბის უფროსის, გენერალლეიტენანტ ა. კარცოვისადმი 22 მარტის წერილში მიხეილ შარვაშიძე წერდა, რომ ითვალისწინებდა ამ ღონისძიების მნიშვნელობას, ამიტომ ჯიქებისა და უბიხების მამასახლისები მოსალაპარაკებლად დაიბარა, რის შედეგებსაც მოგვიანებით აცნობებდა,  მაგრამ ამ წამოწყებას მნიშვნელოვანი შედეგი არ მოჰყოლია. რუსეთის მიერ ჯიქებისა და უბიხების დამორჩილებით აფხაზეთის მთავარი დაინტერესებული არ იყო.

კავკასიის ახალმა მეფისნაცვალმა და კავკასიის არმიის მთავარსარდალმა, დიდმა მთავარმა მიხეილ რომანოვმა (1862-1881) თბილისში ჩამოსვლისთანავე, 1863 წლის მარტში, მეფისნაცვლის კანცელარიის უფროსსა და კავკასიის არმიის მთავარი შტაბის უფროსს დაავალა შეეკრიბათ ცნობები მიხეილ შარვაშიძის მოქმედებაზე ყირიმის ომის დროს (1853-1856), როცა ის სახელმწიფო ღალატში იქნა ეჭვმიტანილი; ყირიმის ომის შემდეგ აფხაზეთში არსებულ ვითარებაზე და, საერთოდ, ბოლო წლებში აფხაზეტის მთავრის მმართველობის თაობაზე. მეფისნაცვლის განკარგულების შესაბამისად, მალე შედგა საქმე, რომელშიც მიხეილ შარვაშიძის მმართველობის უკანასკნელი პერიოდი უარყოფითად იყო შეფასებული.

ამრიგად, კავკასიის რუსული ადმინისტრაცია სერიოზულად ფიქრობდა აფხაზეთის სამთავროს გაუქმებაზე და ამ აქტისათვის სამართლებრივი საფუძვლის მომზადებას ცდილობდა.

1863 წლის მთელი ზაფხული მიხეილ შარვაშიძემ პიატიგორსკში გაატარა, ხოლო სამთავროს მართვა ძმას _ ალექსანდრეს ჩააბარა. ამ პერიოდში აფხაზეთში გახშირდა უწესრიგობები _ მკვლელობა, ყაჩაღობა, ძარცვა. კავკასიის რუსული ადმინისტრაცია ამაში ალექსანდრე შარვაშიძეს და ჰასან მარღანიას სდებდა ბრალს. ივნისში, აბჟუის ოლქის უფროსის, თავად გრიგოლ შარვაშიძის ქვეშევრდომმა გლეხმა მთავრის ნათესავი ხარიტა ძიაფშიფა მოკლა. შურისძიების მიზნით, ჰასან მარღანია, რომელიც მიხეილ შარვაშიძის მფარველობით სარგებლობდა, თავს დაესხა მთავრის არასასურველი აბჟუის ოლქის უფროსის მამულს, რამდენიმე სოფელი აიკლო და 25 კაცი ტყვედ წაიყვანა, რომლებიც შემდეგ თურქებს მიჰყიდა.  სულ მალე, ალექსანდრე შარვაშიძეს, რომელიც ოჯახთან და დასთან _ რუსუდანთან ერთად ეკლესიიდან სახლში ბრუნდებოდა, შურისძიების მიზნით თავს დაესხნენ გრიგოლ შარვაშიძის ძმები _ მაჟარა და გიდი. პასუხად, რუსუდან შარვაშიძის შვილმა მეჰმედგირეი მარშანიამ მაჟარა და გიდ შარვაშიძეების მამულები აიკლო.

23 აგვისტოს ა. კარცოვი მიხეილ შარვაშიძეს, რომელიც მაშინ უკვე რაჭაში იმყოფებოდა, წერდა: ზაფხულში, თქვენს არყოფნაში აფხაზეთში უწესრიგობები მოხდა და სამწუხაროა, რომ ავადმყოფობის გამო აქ ჩამოსვლა არ შეგიძლიათო.  მთავარმა აფხაზეთში დაბრუნება გადაწყვიტა. 8 სექტემბერს იგი ქუთაისიდან გავიდა, მაგრამ ავადმყოფობის გამო იმდენად ნელა მგზავრობდა, რომ სოხუმში მხლოდ 16 ოქტომბერს ჩავიდა.  კავკასიის რუსული ადმინისტრაცია იმედოვნებდა, რომ მიხეილ შარვაშიძე სამართლიანად გამოიძიებდა მომხდარ დანაშაულობებს, დამნაშავეებს დასჯიდა, ჰასან მარღანიას აიძულებდა ეზღო გრიგოლ შარვაშიძისთვის ზარალი და ამით რამდენადმე მაინც დაეკმაყოფილებინა ის, მაგრამ მთავარი პირიქით მოიქცა _ გრიგოლ შარვაშიძე ოლქის მართვას ჩამოაშორა და მის ნაცვლად ჰასან მარღანია დანიშნა,  რითაც კავკასიის რუსული ადმინისტრაცია გააკვირვა. უფრო გაუგებარი იყო მთავრის მოქმედება, როდესაც შემოდგომაზე კავკასიის მეფისნაცვალი, დიდი მთავარი მიხეილ რომანოვი სოხუმში ჩავიდა და მას არც აფხაზეთის მთავარი, რომელმაც ავადმყოფობა მოიმიზეზა, და არც მისი ქვეშევრდომები არ შეხვდნენ.

გიორგი და მიხეილ (არზაყან) შარვაშიძეები

მიხეილ შარვაშიძემ გადაწყვიტა სამთავროს მართვა უმტკივნეულოდ გადაეცა უფროსი შვილის, გიორგისთვის, რომელიც მეფისნაცვალთან ადიუტანტად მსახურობდა. 1863 წლის 27 ოქტომბერს მან წერილი გაუგზავნა ა. კარცოვს და სთხოვა მისი ავადმყოფობის გამო გიორგის გათავისუფლება სამხედრო სამსახურიდან და აფხაზეთში დაბრუნება, რათა სამთავროს მართვა, თავისი მეთვალყურეობითა და ხელმძღვანელობით მემკვიდრისთვის ჩაებარებინა.

ა. კარცოვი მაშინ თბილისში არ იმყოფებოდა, ამიტომ მიხეილ შარვაშიძისთვის პასუხი გაცემა დაუგვიანდა. 10 დეკემბერს კი მან მთავარს აუწყა, რომ მისი წერილი კავკასიის მეფისნაცვალსა და კავკასიის არმიის მთავარსარდალს მიხეილ რომანოვს გააცნო, რომელმაც ბრძანა გიორგი შარვაშიძის ყუბანის ოლქიდან გამოძახება, სადაც ის სამხედრო სამსახურში იმყოფებოდა, და აფხაზეთში შვებულებით გაგზავნა მამის სანახავად; რაც შეეხება მისთვის აფხაზეთის მართვის გადაცემას, იმპერატორის გადასაწყვეტი იყო, რადგან ის ამტკიცებდა ტახტზე ახალ მთავარს, თუმცა, მისი აზრით, გიორგი მრავალი დადებითი თვისების მიუხედავად, ახალგაზრდობისა და გამოუცდელობის გამო, იმჟამად ალბათ ვერ შეძლებდა მთავრის მოვალეობის შესრულებას.

რა თქმა უნდა, გიორგი შარვაშიძის ახალგაზრდობა და გამოუცდელობა არაფერ შუაში იყო. უბრალოდ, რუსეთის მთავრობა შესაფერ დროს ელოდა სამთავროს გასაუქმებლად. ამას ის ფაქტიც ადასტურებს, რომ ასევე ახალგაზრდები და გამოუცდელები იყვნენ დიმიტრი შარვაშიძე და მისი უმცროსი ძმა მიხეილ შარვაშიძე, როდესაც აფხაზეთის მთავრებად დაამტკიცეს, მაგრამ რუსეთის ხელისუფლებას მაშინ პრეტენზია არ ჰქონია. მთავრობას სურდა, მიხეილ შარვაშიძის გარდაცვალების შემთხვევაში სამთავრო უმტკივნეულოდ გაეუქმებინა და რუსული მმართველობა შემოეღო.

1863 წლის შემოდგომის მიწურულს მიხეილ შარვაშიძე ლიხნში, სამთავროს პოლიტიკურ ცენტრში დამკვიდრდა. მან მჭიდრო კავშირები გააბა უბიხებთან, რომლებიც განსაკუთრებით მტრულად იყვნენ განწყობილი რუსებისადმი. უბიხი მამასახლისები, მათ შორის, უბიხების ერთერთ წინამძღოლად აღიარებული და ყველაზე გავლენიანი ჰაჯი კერანტუხ ბარზეგიც, ხშირად სტუმრობდნენ აფხაზეთის მთავარს, რაც რუსული ადმინისტრაციისთვისაც კარგად იყო ცნობილი.  მიხეილ შარვაშიძე რჩევადარიგებებს არ აკლებდა მათ და გარდა ამისა, მიუხედავად ქუთაისის გენერალგუბერნატორის, გენერალადიუტანტ დ. სვიატოპოლკმირსკის გაფრთხილებისა, სურსათითაც ამარაგებდა რუსეთის ჯარების ბლოკადით შიმშილობამდე მიყვანილ უბიხებს. ამ მიზნით, მან სპეციალური სასურსათო გადასახადიც შემოიღო.  აფხაზეთის ჯარების სარდლის, გენერალმაიორ პ. შატილოვის ცნობით, მიხეილ შარვაშიძე ცდილობდა უბიხები დაეიმედებინა თითქოსდა მოსალოდნელი ევროპის ომით და ყოველმხრივ ამხნევებდა წინააღმდეგობის გასაწევად. უფრო მეტიც, რუსეთის სარდლობის მიერ განზრახულ ჯარებისა და ფლოტის თავმოყრას სოხუმში იგი აფხაზეთიდან უკანდახევისას ჯარის დასაცავად მიმართულ ღონისძიებად წარმოაჩენდა.  ამიტომ იყო, რომ კავკასიის რუსული ადმინისტრაცია  აფხაზეთის მთავარს ეჭვის თვალით უყურებდა.

1864 წლის 26 თებერვალს მიხეილ შარვაშიძემ წერილით მიმართა ქუთაისის გენერალგუბერნატორს და ავადმყოფობის გამო “ნამდვილი სამსახურიდან” დათხოვნაში შუამდგომლობა სთხოვა. ამასთან, აუწყა, რომ თუ შეძლებდა, ზაფხულში სამკურნალოდ საზღვარგარეთ წასვლა სურდა.  დ. სვიატოპოლკმირსკიმ აფხაზეთის მთავრის წერილი მეფისნაცვალს გადაუგზავნა. მიხეილ რომანოვის აზრით, წერილი ორაზროვანი იყო; ძნელი გასაგები იყო რას გულისხმობდა მთავარი “ნამდვილ სამსახურში”, რადგან გენერალადიუტანტის წოდება და სამხედრო ჩინი მას ისეთ მოვალეობას არ აკისრებდა, რაც დიდ დატვირთვას მოითხოვდა; მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც თითქოს ნორმალური იყო,  ამიტომ მან ა. კარცოვს დაავალა აფხაზეთის მთავრის მიზნები და სურვილები დაწვრილებით გაეგო.

1864 წლის დასაწყისისათვის კავკასიის ომი დასასრულს მიუახლოვდა. რუსებს ჩრდილოდასავლეთ კავკასია დაპყრობილი ჰქონდათ, რჩებოდა მხოლოდ კავკასიონის ქედის სამხრეთი კალთებისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის დაკავება. თებერვალში რუსეთის ჯარის ნაწილებმა ყუბანის ოლქის მხრიდან დაიწყეს კავკასიონის ქედის გადმოლახვა; ისინი შეტევას აწარმოებდნენ შავი ზღვის სანაპირო ზოლშიც, სადაც შაფსუღები, უბიხები და ჯიქები ცხოვრობდნენ. აფხაზეთის ავტონომიური სამთავროს შენარჩუნება ცარიზმს უკვე არაფერში სჭირდებოდა.

როცა უკვე ნათელი გახდა, რომ კავკასიის ომი დასასრულს უახლოვდებოდა, მიხეილ რომანოვმა აფხაზეთის სამთავროს გაუქმების საკითხი აღძრა. სამხედრო მინისტრის, გენერალადიუტანტ დ. მილიუტინისადმი 27 მარტის წერილში, მეფისნაცვალმა მას აცნობა აფხაზეთის მთავრის წინადადების შესახებ. ამასთან, უარყოფითად დაახასიათა უკანასკნელ პერიოდში მისი მმართველობა, განსაკუთრებით _ მთიელებთან ურთიერთობა, და გამოთქვა მოსაზრება, რომ მისი საეჭვო მოქმედებიდან გამომდინარე მიხეილ შარვაშიძე მთავრად არ უნდა დარჩენილიყო.  მეფისნაცვალმა გაიხსენა რუსეთის ხელისუფლებაზე განაწყენებული მიხეილ შარვაშიძის 1847 წლის 10 ნოემბრის წერილი კავკასიის მაშინდელ მეფისნაცვალ მ. ვორონცოვისადმი (1844-1854), როცა ის მთავრის მოვალეობისაგან გათავისუფლებას ითხოვდა. დიდი მთავრის აზრით, მიხეილ შარვაშიძე მაშინ გულწრფელად აღიარებდა თავის უუნარობას აფხაზეთის მართვაში, მაგრამ, გარემოებათა გამო, მაშინ ეს თხოვნა არ დაკმაყოფილდა, ახლა კი შეიძლებოდა აფხაზეთის მთავრის 17 წლის წინ დაწერილი წერილის გამოყენება.

ამ წერილის დანართში “აფხაზეთის მდგომარეობის შესახებ”, მეფისნაცვალი თავის შეხედულებას გამოთქვამდა აფხაზეთის მომავალი მოწყობის თაობაზე. მისი აზრით, უმაღლესი მთავრობის მიერ მოწონებული, შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, მდ. ყუბანის შესართავიდან მდ. ბზიფამდე კაზაკთა სტანიცების მოწყობის შესახებ პროექტის განხორციელების მოახლოებასთან ერთად, აუცილებელი იყო აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტაც: დარჩებოდა ის არსებულ მდგომარეობაში, ე.ი. მიხეილ შარვაშიძის მმართველობაში, თუ შემოღებული იქნებოდა სხვა საწყისებზე დამყარებული მმართველობა.

აფხაზეთის მდგომარეობას მიხეილ რომანოვი მუქ ფერებში ხატავდა. ის აღნიშნავდა, რომ 60 წელი გავიდა რუსეთის მფარველობაში აფხაზეთის შესვლიდან; მაშინ ის იყო ნახევრადველური, ფეოდალურ საგვარეულოებს შორის ბრძოლებით დაფლეთილი ქვეყანა, რომელიც განიცდიდა მთიელთა შემოსევებს და ძალადობას თურქეთის მხრიდან. რუსეთის მფარველობამ აფხაზეთი ყოველივე ამისგან საიმედოდ დაიცვა, მაშინ რუსეთს არ შეეძლო კავკასია სრულ დაქვემდებარებაში ჰყოლოდა, ამიტომ ადგილობრივ ხელისუფალთა მხარდაჭერით კმაყოფილდებოდა. ამ მხარდაჭერის წყალობით შარვაშიძის საკმაოდ არამყარი და გაურკვეველი ხელისუფლება გარეგნულად შეუზღუდველი გახდა, თუმცა ამან აფხაზეთი არ მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რასაც მთავრობა მოელოდა: ,,აფხაზები კვლავ სიღარიბეში ცხოვრობდნენ და ისევე ველურად, მათმა ერთმა ნაწილმა ისლამი მიიღო, მეორე ნაწილმა ყოველგვარი გაგება დაკარგა რელიგიაზე. მიმდინარეობდა ისლამის პროპაგანდა, ადგილი ჰქონდა ძარცვას, ყაჩაღობებს, მკვლელობებს, რის გამოც ხალხი იტანჯებოდა”.  მიხეილ რომანოვი უარყოფითად ახასიათებდა მიხეილ შარვაშიძის მმართველობის უკანასკნელ პერიოდს და სვამდა კითხვას იყო თუ არა სასურველი ასეთ პირობებში მთავრის ხელისუფლების შენარჩუნება, და “მთიელების საბოლოო დამორჩილებისა და აღმოსავლეთ სანაპიროს გაწმენდისთანავე” სამთავროს გაუქმების საკითხს აყენებდა.

მეფისნაცვალმა აფხაზეთის სამთავროს გაუქმების თაობაზე პრაქტიკული წინადადებებიც წამოაყენა:

“1. აფხაზეთის მთავრისა და მისი მემკვიდრის დათანხმება უარი თქვან სამთავროს მართვაზე;

2. მთავარს და მის მემკვიდრეებს დაენიშნოთ შესაბამისი ჯამაგირი, რომელიც მათ უზრუნველყოფთ;

3. აფხაზეთისგან შეიქმნას სამხედრო ოკრუგი, რომელიც წებელდასთან ერთად დაექვემდებარება განსაკუთრებულ სამხედრო პირს, ოლქებში განყოფილებათა უფროსების უფლებით და ქუთაისის გენერალგუბერნატორისადმი დაქვემდებარებით;

4. თუ თავისუფალი მიწების რაოდენობა საშუალებას მოგვცემს, სანაპიროს (შავი ზღვის, _ ბ.ხ.) გასწვრივ ენგურის შესართავამდე შეიქმნას კაზაკთა დასახლებები, რომლებმაც მდ. ბზიფის დასახლებებთან ერთად შეიძლება აფხაზეთის კაზაკთა ჯარი შეადგინონ აფხაზეთის სამხედრო ოკრუგის უფროსის მეთაურობით;

5. ყუბანისა და აფხაზეთის ჯარს შორის საზღვრად განისაზღვროს გაგრის ქედი, რომელიც გაგრის ვიწროებს კეტავს და აფხაზეთს ჯიქების მიწაწყლიდან გამოყოფს”.

ამრიგად, კავკასიის მეფისნაცვლის მიერ შემუშავებული გეგმით გათვალისწინებული იყო აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღება და მხარის მოწყობა ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქების ანალოგიურად. ისევე, როგორც ჩრდილოეთ კავკასიაში განხორციელდა სამხედრო კოლონიზაცია კაზაკების მეშვეობით და შეიქმნა ყუბანის ოლქში _ ყუბანის კაზაკთა ჯარი, ხოლო თერგის ოლქში _ თერგის კაზაკთა ჯარი ოლქების უფროსების მეთაურობით, აფხაზეთშიც გათვალისწინებული იყო კაზაკების დასახლება სანაპირო ზოლში და აფხაზეთის კაზაკთა ჯარის შექმნა. საგულისხმოა ისიც, რომ გეგმა ითვალისწინებდა სამურზაყანოს, ტერიტორია მდ. ენგურსა და მდ. კოდორს შორის, რომელიც მთავრობამ 1840 წელს ჩამოართვა სამეგრელოს მთავარს და აქ რუსული მმართველობა შემოიღო, აფხაზეთის სამხედრო ოკრუგთან შეერთებას.

დ. მილიუტინი დაეთანხმა მიხეილ რომანოვს და საჭიროდ მიიჩნია მიხეილ შარვაშიძისა და მისი მემკვიდრეების გათავისუფლება მთავრის მოვალეობისაგან და აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღება დაუყოვნებლივ, რის საბაბსაც იძლეოდა აფხაზეთის მთავრის დ. სვიატოპოლკმირსკის სახელზე.

1864 წლის აპრილში სამხედრო მინისტრმა ალექსანდრე II-ს გააცნო კავკასიის მეფისნაცვლის მოსაზრება აფხაზეთის შემდგომი მოწყობის თაობაზე. იმპერატორი დათანხმდა აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღებას დაუყოვნებლივ. დ. მილიუტინმა 1 მაისს წერილი გაუგზავნა მიხეილ რომანოვს და დაავალა მიხეილ შარვაშიძისთვის გამოეცხადებინა იმპერატორის ნება მთავრის მემკვიდრეობითი მოვალეობისაგან მისი გათავისუფლებისა და აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღების შესახებ. მიხეილ შარვაშიძეს უნარჩუნდებოდა გენერალადიუტანტის წოდება და ნება ეძლეოდა საცხოვრებლად აერჩია პეტერბურგი ან მოსკოვი; მთავარს და მისი ოჯახის წევრებს უნდა მისცემოდათ შესაბამისი ანაზღაურება, რათა უზრუნველად ყოფილიყვნენ მომავალში.

1864 წლის 21 მაისს ჯიქეთის მთის თემის აჰჭიფსის ცენტრში, აულ გუბაადვში (რუს. კბაადა, ამჟ. კრასნაია პოლიანა) რუსეთკავკასიის ომი (1763-1864) დამთავრებულად გამოცხადდა. დასავლეთ კავკასიის დაპყრობის შემდეგ, როდესაც მთიელთა ნაწილი ბრძოლაში გაწყდა, ხოლო ნაწილი, რუსეთის კოლონიური რეჟიმისადმი შეურიგებლობის გამო ოსმალეთში გადასახლდა (მუჰაჯირობა), ცარიზმმა კავკასიაში თავი მყარად იგრძნო. თვითმპყრობელობა დაპყრობილი მხარის სამხედროადმინისტრაციული მოწყობისა და კოლონიზაციისთვის ზრუნვას აქტიურად შეუდგა.

1864 წლის 24 მაისს გენერალმა ა. კარცოვმა მიხეილ შარვაშიძეს აუწყა, რომ მისი წერილი ქუთაისის გენერალგუბერნატორ დ. სვიატოპოლკმირსკისადმი, რომელშიც ავადმყოფობის გამო ნამდვილი სამსახურიდან გათავისუფლებას ითხოვდა, მეფისნაცვალმა იმპერატორს გააცნო. ა. კარცოვი მიხეილ შარვაშიძეს 3 ივნისს ქუთაისში იწვევდა, რათა პირადად გაეცნო მისი უდიდებულესობის ნება. მთავრისა და მისი ოჯახის გამომგზავრება რომ არ შეფერხებულიყო, 28 მაისიდან მათ სოხუმსა და ფოთში ხომალდები დაელოდებოდათ, ხოლო ორპირში _ ეკიპაჟი.

კავკასიის ადმინისტრაციას სურდა აფხაზეტის მთავრისთვის ქუთაისში უმტკივნეულოდ გამოეცხადებინა იმპერატორის ბრძანება და ოჯახით რუსეთში გაესახლებინა, მაგრამ 31 მაისს მიხეილ შარვაშიძემ ა. კარცოვს აუწყა, რომ ავადმყოფობის გამო ქუთაისში ჩასვლას ვერ შეძლებდა. რაც შეეხება თხოვნას სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ, ის განმარტავდა, რომ შერყეული ჯანმრთელობის გამო ითხოვდა უფროსი ვაჟი გიორგი ყოფილიყო მისი შემწე სამთავროს მართვაში, ყოველ შემთხვევაში, ავადმყოფობის გამო შვილის მის გვერდით ყოფნა აუცილებლად მიაჩნდა. ამასთან, აფხაზეთის მთავარი გენერალს აუწყებდა, რომ სამკურნალოდ გერმანიასა და საფრანგეთში წასვლა სურდა, რისთვისაც საზღვარგარეთის პასპორტის გამოგზავნას ითხოვდა; მისი სურვილი იყო, საზღვარგარეთ შვილიც ხლებოდა.

რადგან მიხეილ შარვაშიძე ქუთაისში არ ჩამოვიდა, მეფისნაცვალმა თავისი ადიუტანტი, პოლკოვნიკი, გრაფი ვ. ლევაშოვი გაგზავნა აფხაზეთში, რომელსაც მთავრისთვის უნდა აეხსნა, თუ რა არასასურველ შედეგს გამოიღებდა იმპერატორის ბრძანების შეუსრულებლობა. ვ. ლევაშოვს უნდა დაეთანხმებინა მთავარი აფხაზეთის დატოვებაზე და თუ ამას ვერ მიაღწევდა, უნდა ცდილიყო, მისი ნამდვილი სურვილები და მიზნები გაეგო.

გრაფი ვ. ლევაშოვი აფხაზეთის მთავარს შეხვდა და იმპერატორის გადაწყვეტილება გააცნო, მაგრამ მიხეილ შარვაშიძემ ავადმყოფობის მომიზეზებით, სამთავროს დატოვებაზე უარი თქვა. მისი სურვილი იყო აფხაზეთი სიკვდილამდე ემართა, მაგრამ, თუ იმპერატორი წინააღმდეგი იქნებოდა, ის დაემორჩილებოდა, თუმცა საზღაურად ითხოვდა 1 მლნ. მანეთს ვერცხლით და მის მფლობელობაში არსებული მთელი მამულისა და ქონების შენარჩუნებას. ამასთან, თვითონაც აფხაზეთში უნდა დარჩენილიყო როგორც კერძო პირი.

გრაფი ვ. ლევაშოვი შეძრა მოხუცი, ავადმყოფი მთავრის მდგომარეობამ და განცდებმა. მიხეილ შარვაშიძესთან შეხვედრის შემდეგ მას ისეთი გრძნობა გაუჩნდა, რომ ხელისუფლება აფხაზეთის მთავრის მიმართ მთლად კეთილშობილურად არ იქცეოდა, რაც მან დ. სვიატოპოლკმირსკისთან გამოთქვა. ეს უკანასკნელიც თვლიდა, რომ ეს გრძნობა სავსებით ბუნებრივი იყო, თუმცა მაინც გრძნობა იყო.

დ. სვიატოპოლკმირსკის აზრით, სავსებით სამართლიანი იქნებოდა მიხეილ შარვაშიძისთვის მიეცათ მილიონ მანეთამდე მამულების ხაზინისათვის გადაცემის სანაცვლოდ, ხოლო თუ მამულებს დაუტოვებდნენ, ისიც აფხაზეთში უნდა დარჩენილიყო, რაც გაუმართლებლად მიაჩნდა.  მეფისნაცვალი თანახმა იყო მიხეილ შარვაშიძისათვის პირადი მამულები დაეტოვებინათ და მათი მართვა ნდობით აღჭურვილი პირის მეშვეობით ეწარმოებინა ან გაეყიდა ისინი, მაგრამ აფხაზეთში მისი დატოვების კატეგორიულად წინააღმდეგი იყო. თუ ვერ მოხერხდებოდა აფხაზეთიდან მიხეილ შარვაშიძის მშვიდობიანად გაყვანა, იგი ძალის გამოყენებასაც არ გამორიცხავდა, თუმცა ასეთი ღონისძიება მოსარიდებლად მიაჩნდა. იგი აგრეთვე მიხეილ შარვაშიძის საზღვარგარეთ გაშვების წინააღმდეგი იყო, სანამ აფხაზეთში რუსული მმართველობა არ იქნებოდა შემოღებული.

ქუთაისის გენერალგუბერნატორის აზრით, თუ ხელისუფლებას სურდა პრობლემის მშვიდობიანად მოგვარება, უნდა გამოეცხადებინა მთავრისთვის იმპერატორის გადაწვეტილება მისი მოვალეობისაგან გათავისუფლების შესახებ. ამასთან, ეს გადაწყვეტილება გამოეცხადებინათ მთელი აფხაზეთის მოსახლეობისთვის და არ მორიდებოდნენ მთავრის იქ ყოფნას; იმპერატორის ბრძანება კი დაუყოვნებლივ უნდა შესრულებულიყო.  მისი აზრით, საეჭვო იყო აფხაზები ერთსულოვნად დამდგარიყვნენ მთავრის დასაცავად, თუმცა მას მომხრეებიც ეყოლებოდა, რომლებიც მზად იქნებოდნენ თავი გაეწირათ მისთვის. ყოველ შემთხვევაში, გამოყენებული იქნებოდა თუ არა ძალა მთავრის აფხაზეთიდან გასაყვანად, თუ ახალი მმართველობის შემოღება მისი იქ ყოფნისას გამოცხადდებოდა, აფხაზეთში მნიშვნელოვანი ჯარის ნაწილების ყოფნა პირველ თვეებში მაინც, დ. სვიატოპოლკმირსკის აუცილებლად მიაჩნდა. იგი თვლიდა, რომ აფხაზეთში არსებული ძალები ამისთვის საკმარისი იქნებოდა, თუმცა მეტი შიშის დასანერგად სასურველი იქნებოდა ყუბანის ოლქიდან ერთი რაზმის, რომელიც გზის გაყვანაზე მუშაობდა მდ. ლაბის ზემო წელში, დროებით ფსხუში გადმოყვანა ქუთაისის გენერალგუბერნატორის განკარგულებაში; ამასთან, მას მიაჩნდა, რომ აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღების დაყოვნება ერთი ან ორი თვით, საზიანო არ იქნებოდა.

20 ივნისს დ. სვიატოპოლკმირსკიმ ა. კარცოვს აცნობა, რომ აფხაზეთის ჯარების სარდალმა, გენერალმაიორმა პ. შატილოვმა ქუთაისის საგენერალ-გუბერნატოროს სამხედრო განყოფილების მართვის დებულებისა და შტატების პროექტი წარმოადგინა. ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს აუცილებლად მიაჩნდა აფხაზეთის დაყოფა ორ ოკრუგად; სამურზაყანოს და წებელდის საბოქაულოების მმართველობა არსებული სახით უნდა დარჩენილიყო. ამასთან, იგი იუწყებოდა, რომ გრენადერთა დივიზია მთლიანად აფხაზეთში იმყოფებოდა და საჭირო იყო მხოლოდ ყუბანის ოლქიდან იმ რაზმის გადმოყვანის დაჩქარება, რომელიც ლაბის ზემო წელისაკენ მიიწევდა.

21 ივნისს ა. კარცოვმა დ. სვიატოპოლკმირსკის დაავალა აფხაზეთში უშუალო რუსული მმართველობის შემოღების შესახებ იმპერატორის ბრძანების შესრულებას შედგომოდა.  24 ივნისს მეფისნაცვალმა ქუთაისის გენერალგუბერნატორს უბრძანა აფხაზეთის მართვა უშუალოდ თავის ხელში აეღო.  იმავე დღეს, 24 ივნისს, მეფისნაცვალმა მიხეილ შარვაშიძეს წერილი გაუგზავნა, რომელშიც გამოუცხადა იმპერატორის ნება მთავრის მოვალეობისაგან მისი გათავისუფლების შესახებ. ამის საფუძვლად დასახელებული იყო აფხაზეთის მთავრის 1847 წლის 10 ნოემბრის თხოვნა მ. ვორონცოვისადმი, რაც მხარის იმჟამინდელი რთული პოლიტიკური მდგომარეობის გამო ვერ დაკმაყოფილდა, და მისი 1864 წლის 26 თებერვლის განმეორებითი თხოვნა ქუთაისის გენერალგუბერნატორისადმი, ასევე ზეპირი თხოვნა მეფისნაცვლისადმი, როცა ის ავადმყოფობის გამო მთავრის მოვალეობისაგან გათავისუფლებას ითხოვდა. მიხეილ რომანოვი აუწყებდა, რომ იმპერატორმა გაითვალისწინა მთავრის სურვილი და დათანხმდა მის გათავისუფლებას მხარის მართვისაგან მემკვიდრეობით; ამასთან, მას უნარჩუნდებოდა გენერალადიუტანტის წოდება, ხოლო მეფისნაცვალს დაევალა მთავრისა და მისი ოჯახის მატერიალურ და ფინანსურ უზრუნველყოფაზე ეზრუნა.

მეფისნაცვლის ბრძანების შესრულების მიზნით დ. სვიატოპოლკმირსკი 29 ივნისს სოხუმში ჩავიდა. მიხეილ შარვაშიძე ტყვარჩელში იმყოფებოდა მინერალურ წყლებზე.  იმავე დღეს დ. სვიატოპოლკმირსკიმ აფხაზეთის მთავართან პორუჩიკი დადიანი მიავლინა მეფისნაცვლისა და თავისი წერილებით. ქუთაისის გენერალ-გუბერნატორი მიხეილ შარვაშიძეს აუწყებდა, რომ დიდმა მთავარმა მას უბრძანა დაუყოვნებლივ აეღო თავის თავზე აფხაზეთის მართვა, აქედან გამომდინარე, სთხოვდა ეცნობებინა, როგორი წესი და რიგი მიაჩნდა უფრო მისაღებად აფხაზეთის მმართველობის მისთვის გადასაცემად და აფხაზეთიდან გამგზავრებას როდის აპირებდა.

იმავე 29 ივნისს, დ. სვიატოპოლკმირსკიმ, გარდა ამ ოფიციალური წერილებისა, მიხეილ შარვაშიძეს სხვა, არაოფიციალური წერილიც გაუგზავნა 34-ე სახაზო ბატალიონის მეთაურის, პოდპოლკოვნიკ ფ. ზავადსკის ხელით, რომელიც დადიანთან ერთად გააგზავნა. კერძო წერილში ქუთაისის გენერალგუბერნატორი წერდა, რომ მათ შორის არსებული კარგი ურთიერთობა აიძულებდა ასე მოქცეულიყო. ის მთავარს უხსნიდა და არწმუნებდა, რომ კავკასიის ომის დამთავრების შემდეგ არ შეიძლებოდა აფხაზეთი უწინდელ მდგომარეობაში დარჩენილიყო. ამასთან, ქუთაისის გენერალგუბერნატორზე არ იყო დამოკიდებული მისი დატოვება მხარის მმართველად, თუმცა ისიც წინააღმდეგი იქნებოდა, რადგან მას არ ძალუძდა აფხაზეთის მართვის შესახებ მთავრობის ყველა მოთხოვნის შესრულება, რაც მრავალრიცხოვან შეტაკებებს გამოიწვევდა და, ადრე თუ გვიან, მისთვის და მისი მემკვიდრეებისთვის ცუდად დამთავრდებოდა. გენერალგუბერნატორის აზრით, მიხეილ შარვაშიძის წასვლა მთავრის მოვალეობიდან გარდაუვალი და სასურველი მოვლენა იქნებოდა. როგორ უნდა დარჩენილიყო ის აფხაზეთში, როდესაც აქ ახალი მმართველობა მყარდებოდა; როცა ყველაფერი მოგვარდებოდა, მაშინ კიდევ სხვა საქმე იყო.  იგი მთავარს ურჩევდა ეფიქრა ახალ პირობებში მისი და მისი შვილების ბედზე და თუ თბილისში წასვლა არ სურდა, ეფიქრა ქუთაისში, რაჭაში ან სადმე წყლებზე წასვლაზე, მაგრამ არ დარჩენილიყო აფხაზეთში ხელმწიფის ნების წინააღმდეგ და ოჯახი და თავისი თავი აშკარა დაღუპვის საფრთხის წინაშე არ დაეყენებინა.

ამასთან, ქუთაისის გენერალგუბერნატორმა ფ. ზავადსკის, რომელიც მთავრის ნდობით სარგებლობდა, დაავალა წერილი ზეპირი ახსნით და დარწმუნებით შეევსო.  მთავრის პასუხის მოლოდინში დ. სვიატოპოლკმირსკიმ თითქმის მთელი აფხაზეთი შემოიარა, რათა მოსახლეობისათვის აეხსნა, რომ აფხაზეთის მმართველობაში ცვლილებები მათ სასიკეთოდ ხდებოდა.

დადიანი და ზავადსკი სოხუმში 2 ივლისს დაბრუნდნენ და დ. სვიატოპოლკმირსკის მიხეილ შარვაშიძის არაერთნიშნა, ორჭოფული პასუხი გადასცეს. მთავარი წერდა, რომ არ იყო ხელმწიფის ნების და აფხაზეთიდან გასვლის წინააღმდეგი, მაგრამ სურდა ტყვარჩელის მინერალურ წყლებზე სამკურნალოდ ზაფხულის გატარება შეძლებისდაგვარად ჯანმრთელობის განსამტკიცებლად. ამასთან, გამოთქვამდა სურვილს, შეხვედროდა მას რჩევისთვის, მისი მეურნეობის მართვის თაობაზე.  დადიანმა და ზავადსკიმ სიტყვიერად დაამატეს, რომ მთავარი ითხოვდა აფხაზეთში დატოვებას 1 აგვისტომდე, მაგრამ თუ ეს შეუძლებელი იქნებოდა, მზად იყო გასულიყო 10 ივლისამდე და ამ დროისათვის ოჩამჩირეში გემის გამოგზავნას ითხოვდა. მას სურდა შეეკრიბა აფხაზები მათთვის იმპერატორის ბრძანების გამოსაცხადებლად, თანახმა იყო შეხვედროდა დ. სვიატოპოლკმირსკის ტყვარჩელში ან ოჩამჩირეში, გადაეცა მისთვის სამთავროს მართვა და საბოლოოდ ყველაფერზე შეთანხმებულიყვნენ.

დ. სვიატოპოლკმირსკი შეუძლოდ იყო და ტყვარჩელში წასვლა არც უფიქრია, არც მიაჩნდა ეს საკადრისად. იგი თვლიდა, რომ მიხეილ შარვაშიძეს მის წერილზე ოფიციალური და პირდაპირი პასუხი უნდა გაეცა, ამიტომ დაუყოვნებლივ გაუგზავნა მეორე წერილი ფ. ზავადსკის ხელით, რომელშიც კატეგორიულად მოითხოვდა მთავრისგან ერთნიშნა პასუხს.  წერილში ქუთაისის გენერალგუბერნატორი მთავარს კვლავ სთხოვდა, რაც შეიძლება ჩქარა დაეტოვებინა აფხაზეთი, რაც მისთვისვე იქნებოდა სასარგებლო. აფხაზეთის მმართველობის თაობაზე კი წერდა: “თქვენ გესმით, რომ მე უფლება არა მაქვს დავაყოვნო მისი უმაღლესობის ბრძანების შესრულება და ამას დაუყოვნებლივ უნდა შევუდგე. ვისურვებდი, რომ ეს შესრულდეს თქვენი თანდასწრებით და არა უთქვენოდ, და მცირედი დაყოვნების გარეშე”. მისი აზრით, კარგი იქნებოდა, თუ მთავარი საპატიო აფხაზებს შეკრებდა და გამოუცხადებდა იმპერატორის ბრძანებას აფხაზეთში უშუალო რუსული მმართველობის შემოღების შესახებ, და მოიწვევდა მათ სოხუმში შემდგომი განკარგულების მისაღებად, მაგრამ თუ რაღაც მიზეზით მთავარი ამას უხერხულად ჩათვლიდა, სთავაზობდა გამგზავრებულიყო აფხაზეთიდან და ხელმწიფის ბრძანებას ხალხს თვითონ გამოუცხადებდა. რაც შეეხება მათ შეხვედრას, დ. სვიატოპოლკმირსკი წერდა, რომ ეს არ მიაჩნდა ახლა აუცილებლად და ექნებოდა შესაძლებლობა მას ქუთაისში შეხვედროდა.

იმავდროულად, 5 ივლისს, დ. სვიატოპოლკმირსკიმ დეპეშით აცნობა კავკასიის არმიის მთავარსარდალს, რომ მიხეილ შარვაშიძე თანახმა იყო 10 ივლისს აფხაზეთი დაეტოვებინა და ქუთაისში გამგზავრებულიყო; ამასთან, იმასაც უსვამდა ხაზს, რომ აფხაზეთში სიმშვიდე იყო.

აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღების შესახებ იმპერატორის ბრძანების შესაბამისად, 6 ივლისს მთავარმა განკარგულება გასცა ბზიფისა და აფხაზეთის ოლქების მმართველებს იმპერატორის ბრძანება გამოეცხადებინათ მათდამი რწმუნებულ ოლქებში; შეეკრიბათ ოლქების საპატიო მცხოვრებნი და მათთან ერთად 12 ივლისს გამოცხადებულიყვნენ სოხუმკალეში მხარის მართვის შესახებ ქუთაისის გენერალგუბერნატორის შემდგომი განკარგულების მისაღებად. რადგან აბჟუაში ოლქის მმართველი დანიშნული არ იყო, ხელმწიფის ბრძანება ადგილობრივ საპატიო პირებს უნდა გამოეცხადებინათ და თვითონ სოხუმკალეში გამოცხადებულიყვნენ.

დ. სვიატოპოლკმირსკი იმედოვნებდა, რომ აფხაზეთის მთავართან ყველაფერი კარგად მოგვარდებოდა, თუმცა ეჭვიც იპყრობდა. მართალია, მთავარი შეპირდა მმართველობის გადაცემას, მაგრამ რა იქნებოდა, თუ ამას 10 ივლისამდე არ გააკეთებდა? იგი თავს იმშვიდებდა, რომ ამას მიხეილ შარვაშიძის დახმარების გარეშეც გააკეთებდა. ორი ბატალიონი იყო ბზიფის ოლქში საგზაო სამუშაოებზე, ჯარები მუშაობდნენ ფსხუსკენ გზის გაყვანაზეც, სოხუმშიც იყო გრენადერთა დივიზიის რამდენიმე ასეული, რომელთა იმედიც ჰქონდა ქუთაისის გენერალგუბერნატორს საჭიროების შემთხვევაში.  მან თავისი იმედები და ეჭვები გულახდილად გაუზიარა კავკასიის არმიის მთავარი შტაბის უფროსს ა. კარცოვს 6 ივლისის წერილში. იქვე იგი აფხაზეთის შემდგომი მოწყობის შესახებ წინადადებას აყენებდა. შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს კოლონიზაციის ეფექტურად წარმართვის მიზნით, ქუთაისის გენერალგუბერნატორს საჭიროდ მიაჩნდა აფხაზეთთან სამურზაყანოს შეერთება. მისი შეფასებით, აფხაზეთის მცხოვრებთა რიცხვი დაახლოებით 10 ათასი კომლი იყო, სამურზაყანოს _ 5 ათასი, წებელდის _ 3 ათასი; ენგურიდან გაგრამდე 2 ათას ვერსამდე იყო. ამ სივრცის დაყოფა შესაძლებლად მიაჩნდა ორ ოკრუგად. მისი აზრით, საოლქო მმართველობა ბიჭვინთაში უნდა დამკვიდრებულიყო, სადაც ასევე უნდა შექმნილიყო საეპარქიო კათედრა და სასწავლებელი, აქვე შეიძლებოდა პატარა ქალაქიც წარმოქმნილიყო.  საზღვარი ყუბანის ოლქსა და ქუთაისის საგენერალგუბერნატოროს შორის, გაგრის ქედზე უნდა გასულიყო. “ერთი მთავარი საფუძველთაგანი ამისათვის ის არის, _ წერდა იგი, _ რომ თუ ჩვენს ხელთ იქნება ცარიელი ადგილები ბზიფის ორსავე მხარეს, ჩვენ შევძლებთ საფუძველი ჩავუყაროთ რუსულ მოსახლეობას აფხაზეთში”.

8 ივლისს სოხუმში დაბრუნდა ფ. ზავადსკი დ. სვიატოპოლკმირსკის სახელზე აფხაზეთის მთავრის წერილით, რომელშიც საერთოდ არ იყო ნახსენები აფხაზეთიდან გასვლა. ფ. ზავადსკის ცნობით, მიხეილ შარვაშიძემ უარყო თავისი სიტყვები და ირწმუნებოდა, რომ არასდროს გამოუთქვამს მზადყოფნა გასულიყო აფხაზეთიდან 1 აგვისტოს ან, მითუმეტეს, 10 ივლისს. მთავარი ითხოვდა დ. სვიატოპოლკმირსკის შუამდგომლობა აღეძრა, მისთვის ნება დაერთოთ აფხაზეთში დარჩენილიყო 1 ოქტომბრამდე, რათა ჯანმრთელობისთვის მიეხედა და საოჯახო საქმეები და მეურნეობა მოეწესრიგებინა.

დ. სვიატოპოლკმირსკი დარწმუნებული იყო, რომ მიხეილ შარვაშიძე ნამდვილად ავად იყო. მის სერიოზულ ავადმყოფობას ადასტურებდნენ ფ. ზავადსკი და აფხაზეთის ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე (1862-1869), რომელიც მთავართან იმყოფებოდა ტყვარჩელში,  მაგრამ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორს ბრძანება უნდა შეესრულებინა. 10 ივლისს მან სოხუმიდან კვლავ გაუგზავნა წერილი მიხეილ შარვაშიძეს, რომელშიც უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ მთავარმა გადაიფიქრა აფხაზეთიდან გასვლა, თუმცა კარგად ესმოდა, როგორი რთული იყო მისთვის ახაზეთის დატოვება მანამ, სანამ თავის საქმეებს და მეურნეობას მოაწესრიგებდა. აქვე ის მთავარს არწმუნებდა, რომ ამის გაკეთებას ქუთაისიდანაც შეძლებდა და კვლავ სთხოვდა აფხაზეთიდან გასვლა დაეჩქარებინა, რათა მტავარსარდლის წყენა არ გამოეწვია.

იმავდროულად, ქუთაისის გენერალგუბერნატორმა გადაწყვიტა დაუყოვნებლივ შედგომოდა აფხაზეთში უშუალო რუსული მმართველობის შემოღების შესახებ ბრძანების შესრულებას. 12 ივლისს მან აფხაზეთში რუსეთის ჯარების სარდალს, გენერალმაიორ პ. შატილოვს უბრძანა, აფხაზეთის დროებით მართვას დაუყოვნებლივ შედგომოდა; ამასთან, შესთავაზა დროებით დაეტოვებინა მხარის ადმინისტრაციული დაყოფა ბზიფის, აფხაზეთის და აბჟუის ოლქებად; ოლქების უფროსებად დროებით დაეტოვებინა: ბზიფის _ პოდპოლკოვნიკი შარვაშიძე, აფხაზეთის _ პოდპოლკოვნიკი ჰასან მარღანი, აბჟუის ოლქის უფროსად წებელდის ბოქაული, კაპიტანი ი. ბუტმი დე კაცმანი გაეგზავნა, ხოლო წებელდის ბოქაულის მოვალეობის შესრულება კაპიტან-ლეიტენანტ ნ. კანაშევიჩისთვის დაეკისრებინა; შეეკრიბა აფხაზეთის ცხენოსანი მილიციის ასეული, რომლის ნაწილი საპოლიციო ფუნქციის შესასრულებლად მასთან და ოლქის უფროსებთან უნდა დარჩენილიყო, ხოლო ნაწილი უნდა იმ რაზმთან გაეგზავნა, რომელიც ფსხუს გზის გაყვანაზე მუშაობდა.  ამასთან, დ. სვიატოპოლკმირსკიმ პ. შატილოვს გარკვეული ინსტრუქციაც მისცა: აფხაზეთის მუდმივი მმართველობა თერგისა და დაღესტნის ოლქების ანალოგიურად უნდა მოწყობილიყო; მმართველობის დებულებისა და შტატების დამტკიცებასთან ერთად უნდა შემდგარიყო დაწვრილებითი ინსტრუქცია ადმინისტრაციისა და სახალხო სასამართლოს შესახებ; აფხაზებს შორის სადავო საკითხები არსებული ჩვეულებითი სამართლით უნდა გადაწყვეტილიყო, ამიტომ, ახალი სასამართლოების დამტკიცებამდე, საჭიროების მიხედვით, ოლქების უფროსებთან საპატიო პირები _ უხუცესები უნდა შეკრებილიყვნენ. გამონაკლისს წარმოადგენდა სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც რუსული კანონებით უნდა განსჯილიყო; სასტიკად იკრძალებოდა სისხლის აღება, ტყვის სყიდვა და კონტრაბანდა. აფხაზეთიდან დაუყოვნებლივ უნდა გაესახლებინათ ის თურქები, რომლებიც აქ არალეგალურად ცხოვრობდნენ ან ისლამის პროპაგანდას ეწეოდნენ.

მიხეილ შარვაშიძის 6 ივლისის განკარგულების შესაბამისად, 12 ივლისს სოხუმში დ. სვიატოპოლკმირსკისთან აფხაზეთის სამთავროს სამივე ოლქის საპატიო პირები და მამასახლისები შეიკრიბნენ. ქუთაისის გენერალგუბერნატორმა აფხაზებს გამოუცხადა იმპერატორის ბრძანება ქვეყანაში რუსული მმართველობის შემოღების შესახებ, მოკლედ აუხსნა ახალი მმართველობის საფუძვლები და მოუწოდა, რომ ამიერიდან მხოლოდ იმპერატორის სახელით დანიშნულ მოხელეებს დამორჩილებოდნენ. აფხაზებმა უსიტყვოდ მოუსმინეს დ. სვიატოპოლკმირსკის და, როგორც თვითონ წერდა იმავე დღეს ა. კარცოვისადმი გაგზავნილ წერილში, ბევრმა მათგანმა შესამჩნევი კმაყოფილებითაც.

ამრიგად, 1864 წლის 12 ივლისს ცარიზმმა აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და უშუალო რუსული მმართველობა შემოიღო. შეიქმნა სამხედროსახალხო მმართველობა, რომელსაც აფხაზეთის ჯარების სარდალი, გენერალმაიორი პ. შატილოვი ჩაუდგა სათავეში.  სამთავროს გაუქმებითა და რუსული მმართველობის შემოღებით აფხაზეთში კოლონიური პოლიტიკური რეჟიმი დამკვიდრდა.

რუსული მმართველობის დამყარება აფხაზეთში ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე განხორციელდა, რასაც დ. სვიატოპოლკმირსკი განსაკუთრებით ხაზს უსვამდა. მისი აზრით, შექმნილ პირობებში, მიხეილ შარვაშიძის აფხაზეთიდან დაუყოვნებლივ გასვლის მოთხოვნამ ნაწილობრივ მნიშვნელობა დაკარგა. ყოფილი მთავრის აფხაზეთში ყოფნა, რა თქმა უნდა, გარკვეულ უხერხულობას უქმნიდა ადგილობრივ ხელისუფლებასა და ახალ მმართველობას, მაგრამ, მეორე მხრივ, იგი აღიარებდა, რომ მიხეილ შარვაშიძის ავადმყოფობის, გაფანტული მეურნეობის, მოძრავი ქონების უზარმაზარი რაოდენობისა და ოჯახური პირობების გამო (მისი შვილები აღსაზრდელად გაბარებული იყვნენ აფხაზეთში სხვადასხვა პირებთან), გასამგზავრებლად მოკლე დროში მომზადება მისთვის ძნელი იყო. ქუთაისის გენერალგუბერნატორს მიაჩნდა, რომ თუ მიხეილ შარვაშიძე კვლავაც გულწრფელად დაეხმარებოდა რუსულ მმართველობას, მთავარსარდალი ყოველივე ამას მხედველობაში მიიღებდა და მას მოწყალედ შეხედავდა.

21 ივლისს მიხეილ შარვაშიძემ დ. სვიატოპოლკმირსკის ტყვარჩელიდან წერილი გაუგზავნა. მას გრაფ ვ. ლევაშოვისთვის უთხოვია მოეხსენებინა მიხელ რომანოვისთვის, რომ ის საკუთარ მამულში დატოვებას ითხოვდა, რაზეც პასუხი არ მიუღია. მიხეილ შარვაშიძე ქუთაისის გენერალგუბერნატორს ახსენებდა, რომ 40 წელი იმყოფებოდა მეფის სამსახურში და თავის დროზე მნიშვნელოვანი სარგებლობა მოუტანა ტახტს. ახლა კი, ამ სიბერეში, _ წერდა იგი გულისწყრომით, _ უკურნებელი სენით ავადმყოფი გენერალი არ უნდა დაამციროთ და მისცეთ საშუალება იცხოვროს თავის მამულში და კი არ იწანწალოს, რაც საზოგადოებრივი აზრისათვის, მისი წოდებისა და ღირსების თვალსაზრისით მიუღებელი იქნებოდა. მიხეილ შარვაშიძის მტკიცებით, იგი იმიტომ ცდილობდა აფხაზეთში დარჩენას, რომ თუ აქედან წავიდოდა, უკურნებელი სენი საბოლოოდ მოუშლიდა ჯანმრთელობას, მითუმეტეს რუსეთის მკაცრი კლიმატის პირობებში. იგი დ. სვიატოპოლკმირსკის არწმუნებდა, რომ მისი ყოფნა აფხაზეთში ხელისშემშლელი კი არ იქნებოდა მთავრობისთვის მისი გადაწყვეტილებების გატარებაში, უფრო, პირიქით, სასარგებლოც იქნებოდა. ამასთან, იგი სურვილს გამოთქვამდა, რომ მის მიერ აღდგენილ მოქვის ტაძარში, მეუღლის გვერდით დაეკრძალათ. აფხაზეთში დატოვების შესახებ მისი თხოვნის შესრულება თუკი შეუძლებელი იქნებოდა, იგი ითხოვდა საზღვარგარეთ წასვლის ნება მიეცათ და როგორც კი ავადმყოფობა საშუალებას მისცემდა, იერუსალიმში წავიდოდა, სადაც მაცხოვრის საფლავთან დაელოდებოდა მთავარსარდლის განკარგულებას, სანამ ის აფხაზეთში დაბრუნების ნებას არ დართავდა.

31 ივლისს ა. კარცოვმა წერილი გაუგზავნა დ. სვიატოპოლკმირსკის და აუწყა, რომ აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღებასთან დაკავშირებით მის მიერ გატარებული ღონისძიებები მთავარსარდალმა მოიწონა. ამასთან, მეფისნაცვალს სურდა, რომ ოლქების უფროსები: პოდპოლკოვნიკი შარვაშიძე და პოდპოლკოვნიკი ჰასან მარღანი, რამდენადაც შესაძლებელი იქნებოდა, რუსეთის სამსახურში მყოფი სანდო ოფიცრებით მალე შეეცვალათ. რაც შეეხება მიხეილ შარვაშიძეს, მას უნდა დაწესებოდა მკაცრი მეთვალყურეობა და, ჯანმრთელობის მდგომარეობის მცირედით გაუმჯობესების შემთხვევაში, აფხაზეთიდან დაუყოვნებლივ გაესახლებინათ. ამ ღონისძიების განხორციელებამდე კი მისთვის ხაზინიდან თანხის გაცემა შეეწყვიტათ.

იმავდროულად, 31 ივლისს, კავკასიის სამოქალაქო სამმართველოს უფროსმა, ბარონმა ა. ნიკოლაიმ კავკასიის არმიის მთავარი შტაბიდან მიიღო შეტყობინება, რომ მთავარსარდლის ბრძანებით, აფხაზეთის ყოფილი მთავრის, გენერალადიუტანტ მიხეილ შარვაშიძისათვის დაუყოვნებლივ შეეწყვიტათ ხაზინიდან სხვადასხვა ფულადი სახსრებისა და ჯამაგირის გაცემა შემდგომ საგანგებო განკარგულებამდე.

14 აგვისტოს მიხეილ რომანოვმა წერილით აცნობა დ. მილიუტინს აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღებისა და დ. სვიატოპოლკმირსკის განკარგულებების შესახებ. მთავარსარდალი წერდა, რომ, სამწუხაროდ, მიხეილ შარვაშიძე ჯერ კიდევ აფხაზეთში იმყოფებოდა, კერძოდ, ტყვარჩელის მინერალურ წყლებზე, რადგან უკანასკნელ ხანს მისმა ავადმყოფობამ სერიოზული სახე მიიღო, თუმცა მისი აქ ყოფნა რუსეთის ხელისუფლებას უხერხულობას უკვე არ უქმნიდა. რადგან აფხაზეთიდან მის გაყვანაზე იმპერატორის ბრძანება უკვე იყო, მიხეილ რომანოვი ითხოვდა დაეტოვებინათ იგი კიდევ რამდენიმე ხნით ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებამდე; მასზე დაწესებული იყო მკაცრი მეთვალყურეობა და პირველსავე შესაძლებლობისთანავე აფხაზეთიდან გაიყვანდნენ.

აფხაზეთიდან მიხეილ შარვაშიძის გასახლებას რუსეთის ხელისუფლება ჩქარობდა. სამხედრო მინისტრი დ. მილიუტინი 3 სექტემბერს კავკასიის არმიის მთავარსარდალს, მიხეილ რომანოვს აუწყებდა, რომ იმპერატორს სურდა მიხეილ შარვაშიძის გასახლება აფხაზეთიდან დაუყოვნებლივ მომხდარიყო, ყოველ შემთხვევაში, არაუგვიანეს 1 ოქტომბრისა.

სექტემბრის დასაწყისში დ. სვიატოპოლკმირსკიმ მეფისნაცვლის წერილი მიიღო. მიხეილ რომანოვი ქუთაისის გენერალგუბერნატორს აუწყებდა, რომ მიხეილ შარვაშიძის აფხაზეთში ყოფნის უკანასკნელ ვადად 1 ოქტომბერი განისაზღვრა და სურდა გაეგო, ის აფხაზეთიდან გასვლას როდის შეძლებდა. ამასთან, იგი აღნიშნავდა, რომ იმპერატორი ამ საკითხით ძალიან იყო დაინტერესებული. მთავარსარდალი იმედს გამოთქვამდა, რომ მთავრობის მოთხოვნას მიხეილ შარვაშიძე ბოლოს და ბოლოს შეასრულებდა, აფხაზეთიდან დანიშნულ ვადამდე გავიდოდა და ძალის გამოყენება საჭირო არ გახდებოდა.

მთავარსარდლის წერილის მიღების შემდეგ დ. სვიატოპოლკმირსკი 13 სექტემბერს აფხაზეთში გაემგზავრა, რათა მიხეილ შარვაშიძე პირადად ენახა, გაეგო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამბავი და აფხაზეთიდან დაუყოვნებლივ გასვლაზე დაეყოლიებინა. ქუთაისის გენერალგუბერნატორმა მიხეილ შარვაშიძე ტყვარჩელში ნახა მწოლიარე ავადმყოფი. როგორც მას მოეჩვენა, ჯანმრთელობის მხრივ ის მართლაც მძიმე მდგომარეობაში იყო. მისმა მცდელობამ, დაეყოლიებინა აფხაზეთიდან დაუყოვნებლივ გასვლაზე, მიხეილ შარვაშიძეზე არ იმოქმედა. მან დ. სვიატოპოლკმირსკის განუცხადა, რომ დაუმსახურებელ შეურაცხყოფად მიაჩნდა მისთვის გამოცხადებული უნდობლობა, უსამართლო დაჟინება და დაჩქარება, რითაც მას აფხაზეთიდან დევნიდნენ და არც კი ეუბნებოდნენ სად იცხოვრებდა. ამ უსამართლობას ის მიაწერდა არა იმპერატორს, არამედ კავკასიის რუსულ ადმინისტრაციას, თუმცა მისი საუბრიდან კარგად ჩანდა, რომ მშვენივრად იცოდა ვისგან მოდიოდა ყოველივე. ის ამტკიცებდა, რომ მისი ყოფნა აფხაზეთში საზიანო კი არ იქნებოდა ხელისუფლებისათვის, არამედ, პირიქით _ სასარგებლო. რუსეთის ხელისუფლებისათვის აფხაზეთის გადაცემას ის თავის დამსახურებად წარმოაჩენდა და ელოდებოდა არა რისხვას იმპერატორისაგან, არამედ მის მოწყალებას.

ყველა უსიამოვნება, რომელსაც ყოფილი მთავარი განიცდიდა, უხსნიდა დ. სვიატოპოლკმირსკი მას, იმიტომ ხდებოდა, რომ არ შეასრულა იმპერატორის ბრძანება აფხაზეთიდან გასვლის შესახებ. არ არსებობდა მაგალითი, რომ მმართველობიდან გადაყენებული მთავარი თავის ყოფილ სამფლობელოში დაეტოვებინათ, ამიტომ მისი აფხაზეთიდან გასვლის უკანასკნელ ვადად 1 ოქტომბერი იყო დანიშნული და მეფისნაცვალს სურდა ის ქუთაისში გამგზავრებულიყო.

მიხეილ შარვაშიძე საცხოვრებლად აფხაზეთში დატოვებას ითხოვდა, ხოლო თუ ეს შეუძლებელი იქნებოდა, მაშინ ზამთარში ქუთაისში, ზაფხულში კი რაჭაში ცხოვრების ნებას; რადგან საკუთარი მეურნეობის გარეშე ვერ იცხოვრებდა, ის ითხოვდა მიწის გამოყოფას ქუთაისის მაზრაში და მცირე მიწის ნაკვეთს რაჭაში აგარაკის ასაგებად. ასეთ პირობებში ის მზად იყო 1 იანვრის შემდეგ ქუთაისში გამგზავრებულიყო. თუ ეს თხოვნა არ იქნებოდა გათვალისწინებული, იგი იმპერატორს მიანდობდა თავისი შვილების ბედს და ითხოვდა პასპორტს იერუსალიმში წასასვლელად, სადაც მაცხოვრის საფლავთან სიკვდილს დაელოდებოდა, “წინააღმდეგ შემთხვევაში, _ აღნიშნავდა იგი დ. სვიატოპოლკმირსკისთან საუბარში, _ წამათრიეთ აქედან ძალით და დაე მთელმა ქვეყანამ დაინახოს თქვენი უსამართლობა და სისასტიკე”.

20 სექტემბერს დ. სვიატოპოლკმირსკიმ წერილით აუწყა მთავარსარდალს მიხეილ შარვაშიძესთან შეხვედრის შესახებ. იგი გულახდილად წერდა, რომ აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღებისას ხელისუფლება მიხეილ შარვაშიძისგან აშკარა თუ ფარულ წინააღმდეგობას მოელოდა, ამიტომ საჭიროდ იყო მიჩნეული მისი აფხაზეთიდან გასახლება რუსული მმართველობის შემოღებამდე ან მას შემდეგ მაშინათვე. მაგრამ ხელისუფლების შიში არ გამართლდა და მიხეილ შარვაშიძემ აფხაზეთის მართვა რუსულ ადმინისტრაციას პირველსავე მოთხოვნაზე გადასცა. ახლა კი იგი მხოლოდ პირადი ცხოვრების მოწყობაზე ზრუნავდა. ქუთაისის გენერალგუბერნატორის აზრით, მიხეილ შარვაშიძეს სრული საფუძველი ჰქონდა შეურაცხყოფილად ეგრძნო თავი ხელისუფლების მხრიდან უნდობლობის გამო. მისი აფხაზეთში ყოფნა სერიოზულ უხერხულობას არ ქმნიდა; ის არ ეწინააღმდეგებოდა მთავრობის ღონისძიებებს, განმარტოებით ცხოვრობდა და არავითარ საქმეებში არ ერეოდა; მისი აფხაზეთში ყოფნა საშიში იქნებოდა მხოლოდ ომის ან სხვა გართულების შემთხვევაში, ამიტომ მიხეილ შარვაშიძისა და მისი შვილების აფხაზეთში დროებით დატოვება შესაძლებლად მიაჩნდა. რამდენად ჩქარა გავიდოდა ის აფხაზეთიდან, უკეთესი იქნებოდა, მაგრამ ძალის გამოყენება ავადმყოფი, მოხუცი, მისი წოდების ადამიანის მიმართ გაუმართლებლად მიაჩნდა. ამასთან, ყოფილი მთავარი მართლაც ძალიან ავად იყო და მგზავრობა მის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედებდა. დ. სვიატოპოლკმირსკის მიხეილ შარვაშიძის აფხაზეთში დატოვება იმპერატორის ნებართვით 1 იანვრამდე და მის საბოლოო საცხოვრებლად იმერეთის განსაზღვრა, სადაც მიწა გამოეყოფოდა, შესაძლებლად მიაჩნდა.

დ. სვიატოპოლკმირსკი ა. კარცოვს აუწყებდა, რომ მთელი ძალისხმევა გამოიყენა, რათა მიხეილ შარვაშიძე აფხაზეთის დატოვებაზე დაეთანხმებინა, თუმცა იმასაც აღიარებდა, რომ ის ნამდვილად ძლიერ ავად იყო. მისი აზრით, ძალზე სამწუხარო ფაქტი იქნებოდა ძალის გამოყენება იმ კაცის მიმართ, როელიც გენერალადიუტანტის წოდებას ატარებდა, ამიტომ ყოფილი მთავრის წინააღმდეგ ძალის გამოყენებამდე, უნდა მომხდარიყო მისთვის ჯამაგირის შეწყვეტა და გენერალადიუტანტის წოდების ჩამორთმევა. მისი აღიარებით, მიხეილ შარვაშიძე არ უნდა დარჩენილიყო აფხაზეთში და არც დარჩებოდა, მაგრამ აჩქარების საჭიროებას ვერ ხედავდა, რადგან აფხაზეთში მისი ყოფნა მხოლოდ პოლიტიკური სიტუაციის გართულების შემთხვევაში იქნებოდა საშიში, რაც ჯერ მოსალოდნელი არ იყო.

კავკასიის რუსული ადმინისტრაცია მაინც იმედოვნებდა, რომ მიხეილ შარვაშიძე 1 ოქტომბრამდე დატოვებდა აფხაზეთს და მის წინააღმდეგ ძალის გამოყენების საჭიროება არ დადგებოდა.

23 სექტემბრის წერილში იმპერატორისადმი, მთავარსარდალი აღნიშნავდა, რომ აფხაზეთში ყველაფერი კარგად იყო და ახალი მმართველობა ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მყარდებოდა, მიუხედავად მიხეილ შარვაშიძის ჯერ კიდევ აქ ყოფნისა; მაგრამ ის იმდენად მოკრძალებულად იქცეოდა და ჩამოშორდა ყოველგვარ საქმეებს, რომ მისი ამ მხარეში ყოფნა სრულიად შეუმჩნეველი იყო. მიუხედავად ამისა, ის აღნიშნავდა, რომ დ. სვიატოპოლკმირსკის დაავალა ყოფილი მთავრისთვის გამოეცხადებინა მისი აფხაზეთიდან გასვლის უკანასკნელ ვადად 1 ოქტომბერი იყო დანიშნული და დამუქრებოდა, თუ ამ დროისათვის ნებით არ გავიდოდა აფხაზეთიდან, იძულებული იქნებოდნენ ძალა გამოეყენებინათ. ასეთ შემთხვევაში, იმპერატორის ბრძანების შეუსრულებლობის გამო, ყოფილი მთავრისთვის გენერალადიუტანტის წოდების ჩამორთმევის თაობაზე ის შუამდგომლობას აღძრავდა.

იმავდროულად, მთავარსარდლის ადიუტანტმა ბარონმა მეიენდორფმა დ. სვიატოპოლკმირსკის მიხეილ რომანოვის 18 სექტემბრის წერილი გადასცა. მთავარსარდალი ქუთაისის გენერალგუბერნატორს ავალებდა იმპერატორის სურვილის შესასრულებლად ყველა ზომა მიეღო. აფხაზეთის ყოფილი მთავარი ქუთაისში უნდა გამგზავრებულიყო და იქ დალოდებოდა მთავარსარდლის მითითებას მისი შემდგომი საცხოვრებლის არჩევის შესახებ,  მაგრამ 25 სექტემბერს დ. სვიატოპოლკმირსკიმ მიხეილ რომანოვის 24 სექტემბრის დეპეშა მიიღო. მეფისნაცვალი 20 სექტემბრის წერილის პასუხად ქუთაისის გენერალგუბერნატორს აუწყებდა, რომ დაეთანხმა მის მოსაზრებებს მიხეილ შარვაშიძესთან დაკავშირებით და, რადგან ძალის გამოყენების აუცილებლობა არ იყო, ნებას რთავდა ადრინდელი ბრძანების შესრულება მის სოხუმში ჩასვლამდე გადაედო.

იმავე დღეს დ. სვიატოპოლკმირსკიმ წერილი გაუგზავნა მიხეილ რომანოვს, რომელიც მაშინ ყირიმში იმყოფებოდა და მისი მოსაზრებების გაზიარებისათვის მადლობა მოახსენა. ქუთაისის გენერალგუბერნატორის აზრით, მიხეილ შარვაშიძის სიჯიუტე გამოწვეული იყო იმით, რომ არ იცოდა რა მოელოდა რუსეთში. მას სავსებით ბუნებრივად მიაჩნდა მიხეილ შარვაშიძის სურვილი, ეცხოვრა იმ ქვეყანაში, სადაც კლიმატი და ადათწესები მისი ცხოვრების წესის შესაფერისი იყო. დ. სვიატოპოლკმირსკი ეჭვობდა, რომ მიხეილ შარვაშიძისათვის საიდანღაც ცნობილი გახდა იმპერატორის ბრძანება, რომლითაც აფხაზეთის ყოფილი მთავრის საცხოვრებლად მოსკოვი ან პეტერბურგი იყო განსაზღვრული, ხოლო ავადმყოფობის პირობებში რუსეთში გადასახლება მისთვის სიკვდილის განაჩენის ტოლფასი იყო.

მოგვიანებით, ოქტომბრის დასაწყისში, დ. სვიატოპოლკმირსკიმ თავისი მოსაზრებები აფხაზეთის საკითხზე წერილობით ჩამოაყალიბა. იგი კვლავაც თავის აზრზე რჩებოდა მიხეილ შარვაშიძის აფხაზეთიდან გასახლებასთან დაკავშირებით და თვლიდა, რომ ყოფილი მთავრის წინააღმდეგ ძალის გამოყენება სკანდალს გამოიწვევდა. მაგრამ, თუ იარაღის გამოყენება საჭიროდ ჩაითვლებოდა, ამისთვის სწორედ ახლა იყო შესაფერისი დრო, სანამ გრენადერთა დივიზიის ნაწილები აფხაზეთში იმყოფებოდა, რადგან ყოფილი მთავრის წინააღმდეგ ჯარის გამოყენების შემთხვევაში შეიძლებოდა აფხაზებს მისთვის მხარი დაეჭირათ. ასეთ შემთხვევაში ხელისულებას ენერგიულად უნდა ემოქმედა და “воспользоватсья поднятием ими оружия, чтобы выгнать из Абхазии все мусульманское народонаселение и тем довершить очищение восточного берега черного моря от враждебного нам элементов”.  იგი არ გამორიცხავდა მიხეილ შარვაშიძის საზღვარგარეთ გაქცევის შესაძლებლობასაც, თუმცა თვლიდა, რომ ეს სულაც არ ქმნიდა საფრთხეს, უფრო მეტიც, უკეთესიც იყო. ხელისუფლებას არ ექნებოდა მისთვის ფულადი კომპენსაცია მისაცემი აფხაზეთის სამთავროს რუსეთის უშუალო მმართველობაში გადაცემის გამო. ამასთან, მისი ყოფნა თუნდაც თურქეთში, ქვეყანას საფრთხეს ვერაფრით შეუქმნიდა: ,,აფხაზთა ტომი საკმაოდ მცირერიცხოვანი იყო, რომ მას რაიმე მნიშვნელობა ჰქონოდა რუსეთის მტრებთან კავშირში”; ამასთან, “с покорением Западного Кавказа от нас всегда будет зависит выселить абхазцев куда угодно”, _ წერდა იგი. მისი აზრით, არცერთი გავლენიანი სახელმწიფო არ ისურვებდა რუსეთისთვის ომის გამოცხადებას მიხეილ შარვაშიძის უფლების დასაცავად და მის სამფლობელოში დასაბრუნებლად. ხოლო, თუ აფხაზები მიბაძავდნენ თავიანთ მთავარს, უკეთესიც იქნებოდა, “мы бы сейчас могли водворить русское поселение”, _ აღნიშნავდა იგი.

11 ოქტომბერს მიხეილ რომანოვი სოხუმში ჩავიდა. აქ მას მიხეილ შარვაშიძის 9 ოქტომბრის ორი წერილი დახვდა. მეფისნაცვლისადმი წერილში მიხეილ შარვაშიძე წერდა, რომ როცა აფხაზეთი უსიტყვოდ გადასცა სამხედრო მმართველობას, ის მშვიდ ცხოვრებას ელოდა, მაგრამ სამხედრო ადმინისტრაცია, მიუხედავად ავადმყოფობისა, რომელიც მას მოძრაობის საშუალებას არ აძლევდა, დაჟინებით მოითხოვდა მის წასვლას აფხაზეთიდან. ყოფილი მთავარი ამტკიცებდა, რომ მისი აფხაზეთში ყოფნა არ იქნებოდა ხელისუფლებისათვის საზიანო, არამედ პირიქით, სასარგებლოც იქნებოდა, და სთხოვდა გულმოწყალება გამოეჩინა, დაეტოვებინათ აფხაზეთში, რათა დარჩენილი დღეები აქ გაელია. თუ ეს თხოვნა არ იქნებოდა გაზიარებული, მიხეილ შარვაშიძე სურვილს გამოთქვამდა ოჯახთან ერთად მუდმივ საცხოვრებლად იერუსალიმში წასულიყო.

მეორე წერილი იმპერატორის სახელზე იყო, რომელშიც მიხეილ შარვაშიძე ფორმალურად ითხოვდა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სამსახურიდან გათავისუფლებას სამხედრო წოდების აღნიშვნის გარეშე. კავკასიის არმიის მთავარსარდალმა ეს უკანასკნელი გაღიზიანებული ავადმყოფის თხოვნად ჩათვალა და ყურადღება არ მიაქცია.

მთავარსარდლის აზრით, რადგან უშუალო რუსულ მმართველობაში სამთავროს გადაცემის შემდეგ ადგილობრივ ხელისუფლებას მიხეილ შარვაშიძისადმი უკმაყოფილების საბაბი არ ჰქონდა, ამასთან მისი ავადმყოფობისა და ასაკის გათვალისწინებით, ხელისუფლება აფხაზეთის ყოფილ მთავარს მოწყალედ უნდა მოქცეოდა. მას მიაჩნდა, რომ არსებულ ვითარებაში შეიძლება უფრო სწორი ყოფილიყო ნება დაერთოთ მიხეილ შარვაშიძისთვის, აფხაზეთში 1 იანვრამდე ან გაზაფხულამდეც კი დარჩენილიყო; მის საცხოვრებლად განესაზღვრათ კავკასია, კერძოდ, ქუთაისისა და რაჭის მაზრები. ამის შემდეგ შესაძლებელი იქნებოდა მისი იძულება, დაეტოვებინა აფხაზეთი და უკვე არ გაეთვალისწინებინათ სხვა მიზეზები, რადგან ყველა მისი თხოვნა შესრულდა. მთავარსარდალი მზად იყო მიხეილ შარვაშიძისთვის ეს გადაწყვეტილება გამოეცხადებინა და იმპერატორის წინაშე შესაბამისი შუამდგომლობა აღეძრა.  მაგრამ მოულოდნელად ვითარება რადიკალურად შეიცვალა. მიხეილ შარვაშიძეს როგორც ჩანს ნერვებმა უმტყუნა და განწირული ნაბიჯი გადადგა. მოსახლეობის ნაწილთან ერთად მან თურქეთში გადასახლება გადაწყვიტა. 29 ოქტომბერს მეფისნაცვლის დიპლომატიურმა კანცელარიამ მიიღო კონსტანტინეპოლში რუსეთის ელჩის, გენერალადიუტანტ ნ. იგნატიევის უწყება, რომ ბრწყინვალე პორტამ მიიღო აბაზების მთავრის ჰამიდბეის თხოვნა, მიეცათ მისთვის თურქეთში ჩასვლის ნება და ამ მიზნით სოხუმში გემი გამოეგზავნათ. ნ. იგნატიევმა მოითხოვა ამ თხოვნის შესრულების მცირე ხნით გადადება, რათა მას საშუალება ჰქონოდა ეს ცნობა კავკასიის ადმინისტრაციისათვის გადაეცა.

მალე ნ. იგნატიევმა თავისი ცნობა უფრო დააზუსტა: აბაზებმა თურქეთში გადასახლების თხოვნით მიმართეს პორტას. ამ ტომის თხოვნაში ნათქვამია, რომ მათი უფროსია ჰამიდბეი. თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნ. იგნატიევს განუცხადა, რომ განზრახული ჰქონდა სოხუმკალეში სამხედრო გემების გაგზავნა ამ მთიელთა გადმოსაყვანად, მაგრამ რუსეთის ელჩმა ამ განზრახვის შესრულების გადადება დაჟინებით მოითხოვა. მან ალი ფაშას შეახსენა პორტას პასუხისმგებლობა ყველა იმ უხერხულობაზე, რომელიც ამ ტომს შეექმნებოდა წელიწადის ასეთ დროს გადასახლებისას; ამასთან, ეს გადასახლება ვერ მოხდებოდა რუსეთის სანაპირო ხელისუფლებისა და კავკასიის ადმინისტრაციის დახმარების გარეშე და გამოთქვა აზრი, რომ ასეთ შემთხვევაში აბაზების გადასახლება გაზაფხულამდე გადაიდებოდა.

თურქები, ჩვეულებრივ, XVI საუკუნიდან აფხაზებს აბაზების სახელით მოიხსენიებდნენ.  XIX საუკუნეში, ხშირად, რუსულ დოკუმენტებშიც აფხაზები აბაზების სახელით მოიხსენიებოდა. ნ. იგნატიევმა კავკასიის ადმინისტრაციისაგან შეიტყო, რომ ჰამიდბეის სახელით თურქეთში მიხეილ შარვაშიძეს იცნობდნენ. მაშინ რუსეთის ელჩმა ალი ფაშას მოსთხოვა ასეთ მცდელობაზე საბოლოოდ უარი ეთქვა. მან განმარტა, რომ მიხეილ შარვაშიძე იყო იმპერატორის გენერალადიუტანტი და მისი თურქეთში გადასახლება ისეთსავე უხერხულობას შექმნიდა, როგორც, მაგალითად, სულთნის გენერალადიუტანტის ფუად ფაშას რუსეთში გადასახლება. რაც შეეხება მიხეილ შარვაშიძეს, საკითხის ასე დასმის გამო, ის რუსეთის კანონებით დასჯას ექვემდებარებოდა. ალი ფაშა შეეცადა მიხეილ შარვაშიძე დაეცვა, მაგრამ აღიარა, რომ თხოვნა მისი სახელით იყო შემოტანილი და ამ თხოვნაში ის თავის თავს და თავის ტომს ფარულ მუსლიმებად წარმოაჩენდა, რომლებიც იძულებული იყვნენ გარკვეულ ხანს თავიანთი სარწმუნოება ქრისტიანობის ნიღბით დაეფარათ. იგი პორტას აფხაზების თურქეთში გადასახლების საქმეში დახმარებას სთხოვდა. ტრაპიზონის გენერალგუბერნატორის ემინ მუხლის ფაშას შუამდგომლობის საფუძველზე პორტას განზრახული ჰქონდა ამ თხოვნის შესრულებაზე განკარგულება გაეცა. გადასახლებულთა რაოდენობა სავარაუდოდ 20 ათასი სული უნდა ყოფილიყო. ალი ფაშამ დაადასტურა, რომ მიხეილ შარვაშიძემ ეს თხოვნა პორტას ემინ მუხლის ფაშას მეშვეობით გადასცა. ნ. იგნატიევის აზრით, ალი ფაშას ამით სურდა რამდენადმე აეცილებინა მორალური პასუხისმგებლობა პორტასათვის აფხაზებთან და მათ ყოფილ მთავართან პირდაპირი ურთიერთობის გამო.

ტრაპიზონში რუსეთის გენერალური კონსულის ა. მოშნინის ცნობით, მიხეილ შარვაშიძემ ემინ ფაშას სთხოვა მისი მდგომარეობა გაეთვალისწინებინა და მისთვის და მისი ტომისთვის ანატოლიაში მიწები გამოეყო. წერილი რუსულ ენაზე იყო შედგენილი. ფაშამ იგი სტამბოლში გადააგზავნა და თავისი აზრიც დაურთო, რომ პორტა ჰამიდბეის საქმეში არ უნდა ჩარეულიყო, რადგან ამას შეეძლო თურქეთი რუსეთთან წაეკიდებინა; და, მეორე, უხერხული იყო ჰამიდბეის თხოვნის შესრულება, რადგან მას სურდა პორტას ვასალ მთავრად დარჩენილიყო.

მიხეილ შარვაშიძის თურქეთთან ურთიერთობის შესახებ პირველი ცნობის მიღებისთანავე კავკასიის არმიის მთავარი შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, გენერალმაიორმა ვ. ლიმანოვსკიმ ეს ინფორმაცია დ. სვიატოპოლკმირსკის მიაწოდა. ამ უკანასკნელმა დაუყოვნებლივ, 31 ოქტომბერს, სოხუმში პოდპოლკოვნიკი, გრაფი პ. ქუთაისოვი გააგზავნა აფხაზეთის ჯარების სარდალთან, რომ მას მიხეილ შარვაშიძე დაუყოვნებლივ დაეპატიმრებინა, სოხუმში ჩაეყვანა და შემდგომ მითითებებს დალოდებოდა.

1 ნოემბერს დ. სვიატოპოლკმირსკიმ წერილი გაუგზავნა კავკასიის არმიის მთავარსარდალს, დიდ მთავარს მიხეილ რომანოვს, რომელიც ყირიმში იმყოფებოდა. ქუთაისის გენერალგუბერნატორი წერდა, რომ მიხეილ შარვაშიძის პორტასთან ურთიერთობის თაობაზე ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა. აფხაზეთის ყოფილი მთავარი თურქეთში გადასახლების ნებას და ამ მიზნით სოხუმში გემის გამოგზავნას ითხოვდა, რის გამოც მას მიხეილ შარვაშიძის აფხაზეთში დატოვება დაუშვებლად მიაჩნდა.

ამ ცნობის მიღებისთანავე მიხეილ რომანოვი სასწრაფოდ ჩამოვიდა თბილისში. მისი აზრით, არსებული ცნობები სრულიად საკმარისი იყო მიხეილ შარვაშიძის დასადანაშაულებლად, რის გამოც ლაპარაკიც არ შეიძლებოდა მის არათუ ქუთაისში, არამედ, საერთოდ, კავკასიაში დატოვებაზე.  მთავარსარდალმა მოიწონა დ. სვიატოპოლკმირსკის განკარგულება მიხეილ შარვაშიძესთან დაკავშირებით და ბრძანა ეს უკანასკნელი გემით ნოვოროსიისკში გაეგზავნათ.

დ. სვიატოპოლკმირსკის 31 ოქტომბრის ბრძანება პ. შატილოვმა გრაფ ქუთაისოვისაგან 1დან 2 ნოემბრის ღამით მიიღო და მისი შესრულებისათვის მზადებას დაუყოვნებლივ შეუდგა. 2 ნოემბერს განზრახული იყო ლეიბგრენადერთა ერევნის პოლკის ორი ბატალიონის ჩასხდომა გემში მათი ფოთში გადასაყვანად. რადგან კაზაკთა ერთი ასეული ოჩამჩირეში იდგა, პ. შატილოვმა, დრო რომ არ დაეკარგა მეორე ასეულის ბზიფის ოლქიდან ჩამოსაყვანად, ამასთან გარკვეულ დრომდე საიდუმლოდ შეენახა მისთვის მიცემული დავალება, გადაწყვიტა ეს ორი ბატალიონი და ოჩამჩირის კაზაკთა ასეული გამოეყენებინა დავალების შესასრულებლად. ზღვაზე ცუდი ამინდის გამო, გემში ჯარის ჩასხდომა 3 ნოემბრის ნაშუადღევამდე გაჭიანურდა.

მიხეილ შარვაშიძე იმხანად ოჩამჩირეში იმყოფებოდა. მასთან ერთად ოჩამჩირის სასახლეში იმყოფებოდნენ: აფხაზეთის ეპისკოპოსი ალექსანდრე ოქროპირიძე (1862-1869), მისი მოძღვარი, დეკანოზი ბასილ მიქაბერიძე, მთავარდიაკვნები _ ივანე თვალთვაძე და იოსებ ტიტვინაძე, მედავითნეები _ გრიგოლ კასრაძე და ალექსი დგებუაძე, ასევე მისი მოსამსახურეები: ბაზიერი _ ოტია კახიანი, მემიმინოვე _ მანჩა შარაშენიძე, მემეძებრე _ ბესო მიქელაძე და სხვები.  ნოემბრის მშვენიერი, თბილი ამინდები იდგა. მიხეილ შარვაშიძეს ნადირობა მოესურვა და ტყვარჩელის აბანოების მახლობლად, სოფელ კვასკესკენ გაემართა ამალით.

3 ნოემბრის მთვარიანი ღამე იყო. დაახლოებით 11 საათი იქნებოდა, როცა ოჩამჩირის ნავსადგურში სამი გემი შევიდა, საიდანაც ჯარი სასწრაფოდ გადმოსხდა.  მას შეუერთდა ოჩამჩირეში მდგარი კაზაკთა ასეულიც. ჯარმა ალყა შემოარტყა ყოფილი მთავრის სასახლეს და ყოველი ღონე იხმარა, რომ იქიდან არავინ გასულიყო. ყოფილი მთავრის უფროსი მსახური და მოლარე ქუთია კოზმავა მიხვდა, რომ ეს ჯარი სასიკეთოდ არ იქნებოდა მოსული, თვალსა და ხელს შორის გასხლტა და თავის ბატონთან გაიქცა ამბის შესატყობინებლად.

4 ნოემბერს, განთიადისას, დაახლოებით 5 საათზე, პ. შატილოვმა შეძლო კაზაკთა ასეულის და ქვეითთა ორი ასეულის სოფ. კვასკეში გაგზავნა პოდპოლკოვნიკ ქუთაისოვის მეთაურობით. კოლონას აბჟუის ოლქის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, მაიორი ი. კიშელსკი ახლდა. 6¼ საათზე პ. შატილოვი თვითონაც დაიძრა სოფელ კვასკესკენ ერევნის პოლკის ორი ბატალიონით, ხოლო ამ პოლკის ორი ასეული ოჩამჩირეში დატოვა.  პ. შატილოვი ფიქრობდა, რომ მიხეილ შარვაშიძე ადვილად არ დანებდებოდა, წინააღმდეგობას გასწევდა და შეიძლებოდა აფხაზები აჯანყებულიყვნენ, ამიტომ გაგზავნა ამდენი ძალა და შემდეგ კვასკესკენ თვითონაც გაემართა.  ოჩამჩირეში დატოვებული ნაწილი კი დაბას შემოერტყა და არავის უშვებდა.

ქუთია კოზმავამ რუსთა რაზმს დაასწრო და ყოფილი მთავრის გაფრთხილება მოასწრო.  მიხეილ შარვაშიძემ რამდენიმე ერთგული კაცი იახლა და სოფელ გუფუსკენ გაემართა მარშანიებთან, უმცროსი შვილის არზაყანის (მიხეილის) აღმზრდელებთან და დახმარება სთხოვა, მაგრამ მარშანიებმა სანუგეშო ვერაფერი უთხრეს, რუსეთის რეგულარული ჯარის ნაწილებს ომში გაუწვრთნელი აფხაზები წინააღმდეგობას ვერ გაუწევენ და ტყუილად სისხლი დაიღვრებაო. მიხეილ შარვაშიძე ბედს შეურიგდა და გუფუდან ჯარის შესახვედრად გაემართა.

პ. ქუთაისოვის კოლონამ კვასკეში მიხეილ შარვაშიძეს ვერ მიუსწრო. ღამის 11 საათზე პ. შატილოვიც ჩავიდა კვასკეში, სადაც მას აცნობეს, რომ მიხეილ შარვაშიძე სოფელ გუფუს გავლით დალის მიმართულებით გაიქცა და რომ მისი მომხრეები ხმებს ავრცელებდნენ, თითქოს რუსის ჯარი აფხაზეთს აიკლებდა, საპატიო კაცებს აიყვანდნენ, ზოგიერთი მათგანი დაპატიმრებულიც იყო სოხუმში და ა.შ.  ამ ხმების გამო მოსახლეობა სოფლებს ტოვებდა და ტყეს აფარებდა თავს. პ. შატილოვმა გარკვეული ზომები მიიღო ხალხის დასამშვიდებლად და გუფუსკენ გაემართა. ამ დროს მაიორ ი. კიშელსკისთან მიხეილ შარვაშიძის გამოგზავნილი კაცი მოვიდა, აუხსნა კვასკედან ყოფილი მთავრის გაქცევის მიზეზი და მასთან შესახვედრად სოფელ თხინაში მიიწვია. პ. შატილოვმა მიხეილ შარვაშიძესთან შესახვედრად დაუყოვნებლივ გააგზავნა ი. კიშელსკი და პ. ქუთაისოვი, რომელთაც დაავალა იგი ქუთაისში დაუყოვნებლივ წასვლაზე დაეყოლიებინათ.

დაახლოებით 2.30 სთ. შატილოვმა ქუთაისოვისგან ცნობა მიიღო, რომ ისინი მიხეილ შარვაშიძესთან ერთად სოფელ კვასკესაკენ მიემართებოდნენ. ამ ცნობის მიღებისთანავე პ. შატილოვიც იქით გაემართა. როდესაც იგი კვასკეში ჩავიდა, იქ დახვდა დაახლოებით ერთი საათის წინ ჩასული მიხეილ შარვაშიძე. იგი თავის გაქცევას იმ პანიკური შიშით ხსნიდა, რომელიც ჯარის მოულოდნელმა გამოჩენამ გამოიწვია. ყოფილი მთავარი დარწმუნებული იყო, რომ ქუთაისში უნდა გაეგზავნათ და აღნიშნა, რომ სრულიად ემორჩილებოდა ბრძანებას, ამასთან, მოსამზადებლად და ოჩამჩირეში ქონების გარკვეული ნაწილისთვის თავის მოსაყრელად დრო ითხოვა.  პ. შატილოვმა დაუდასტურა მას ქუთაისში დაუყოვნებლივ გამგზავრების აუცილებლობა და აუხსნა, რომ ჯარის მეთვალყურეობის ქვეშ მისი დატოვება ხალხის თვალში უხერხული იქნებოდა. მიხეილ შარვაშიძემ სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსს შესთავაზა კაზაკთა ასეული და ქვეითთა ჯარი ოჩამჩირეში გაეგზავნა და პირობა მისცა, რომ შეასრულებდა ბრძანებას მხარის დატოვების შესახებ. პ. შატილოვმა ჩათვალა, რომ მის სიტყვაზე დანდობის უფლება არ ჰქონდა, მაგრამ პ. ქუთაისოვმა ურჩია არ გამოეცხადებინა მისი დაპატიმრება, თუ ის ბრძანებას დაემორჩილებოდა. ამიტომ პ. შატილოვმა მიხეილ შარვაშიძეს არ გამოუცხადა, რომ ის დაპატიმრებული იყო.

მიხეილ შარვაშიძე კვასკეში და შემდეგ ოჩამჩირეში ჩაყვანამდე უსიტყვოდ ემორჩილებოდა ყველა განკარგულებას, ამიტომ პ. შატილოვს მის მიმართ მკაცრი ზომები არ მიუღია. ხალხის მღელვარება, რაც გამოწვეული იყო 4 ნოემბერს ოჩამჩირიდან კვასკესკენ ჯარის მსვლელობით, ჩვეულებრივი ადმინისტრაციული განკარგულებებით ჩაწყნარდა.  პ. შატილოვმა მიხეილ შარვაშიძეს ახსნაგანმარტება მოსთხოვა თურქეთთან მისი ურთიერთობის შესახებ. მიხეილ შარვაშიძე თავს იმართლებდა, რომ ეს იყო უბრალო თხოვნა მისი და მისი ოჯახის იერუსალიმში წასვლის შესახებ.

 მიხეილ შარვაშიძის ოჩამჩირეში ჩაყვანის შემდეგ ხმა გავრცელდა, რომ ის ქუთაისში უნდა გამგზავრებულიყო. პ. შატილოვის ცნობით, საერთოდ, ხალხში არ შეიმჩნეოდა განსაკუთრებული თანაგრძნობა ყოფილი მთავრისადმი. ოჩამჩირეში თავი მოიყარეს სოხუმისა და ბზიფის ოლქების თავადაზნაურებმა. მათ გამოუცხადეს, რომ ნებას რთავდნენ მთავარი გაეცილებინათ. მათ შორის იყვნენ ისეთებიც, ვინც მის გაქცევაში მონაწილეობდა, მაგრამ პ. შატილოვმა საჭიროდ არ ჩათვალა მათი დასჯა, რადგან ისინი ყოფილ მთავართან დაახლოებული პირები იყვნენ და ეს სხვანაირად იქნებოდა აღქმული. ამასთან, ზოგიერთი მათგანი მხოლოდ იმიტომ გაიქცა, რომ მაშინ მიხეილ შარვაშიძესთან ერთად იყვნენ კვასკეში და, ჯარის მოულოდნელი გამოჩენის გამო, შიშით მოქმედებდნენ.

4 ნოემბერს დ. სვიატოპოლკმირსკიმ მიიღო მთავარსარდლის ბრძანება მიხეილ შარვაშიძის ნოვოროსიისკში გაგზავნის შესახებ და აფხაზეთში მაშინათვე გააგზავნა საგანგებო დავალებათა მოხელე, შტაბსკაპიტანი ნ. დობრჟანსკი, შესაბამისი მიწერილობით.  ქუთაისის გენერალგუბერნატორი პ. შატილოვს უბრძანებდა აფხაზეთის ყოფილი მთავარი დაუყოვნებლივ გადაეგზავნა ნოვოროსიისკში, სადაც ის შემდგომ განკარგულებას დაელოდებოდა. ბრძანება უსათუოდ უნდა შესრულებულიყო, თუნდაც იარაღის გამოყენებითაც კი. მიხეილ შარვაშიძე ნოვოროსიისკში უნდა გაეცილებინა სანდო ოფიცერს, რომელიც მას იქაურ გარნიზონის უფროსს ჩააბარებდა. სურვილის შემთხვევაში, ყოფილ მთავარს შეეძლო თან წაეყვანა მცირეწლოვანი შვილი და სამი მოსამსახურე.

მთავარსარდალმა მიიღო გადაწყვეტილება, მიხეილ შარვაშიძე ნოვოროსიისკიდან სტავროპოლში გაეგზავნათ, სადაც იმპერატორის შემდგომ განკარგულებას დაელოდებოდა.  5 ნოემბერს დ. სვიატოპოლკმირსკიმ შატილოვს აცნობა, რომ მეფისნაცვალმა აფხაზეთის ყოფილი მთავრის გამცილებლად ნოვოროსიისკამდე და იქიდან სტავროპოლამდე საგანგებო დავალებათა მოხელე, შტაბსკაპიტანი, თავადი მიხეილ ამირეჯიბი დანიშნა.

ოჩამჩირეში მიხეილ შარვაშიძემ შეამჩნია, რომ მის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა. ამაში ის კიდევ უფრო დარწმუნდა, როდესაც თურქეთთან ურთიერთობის გამო ახსნაგანმარტება მოსთხოვეს. 6 ნოემბერს მან დ. სვიატოპოლკმირსკის წერილი გაუგზავნა, რომელშიც ის აღნიშნავდა, რომ ასეთი მოპყრობა გაუკვირდა. ის თავს იმართლებდა, რომ თურქეთიდან გემი იერუსალიმში წასასვლელად მოითხოვა და ვერაფრით იფიქრებდა, რომ მთავრობისთვის ეს მიუღებელი იქნებოდა, მითუმეტეს, რომ მთავარსარდალს იერუსალიმში გამგზავრების ნებართვა ადრევე სთხოვა. “მენდეთ, _ წერდა იგი, _ მე ვერ ვიფიქრებდი, რომ ეს ასე მიუღებელი იქნებოდა და არ იყო არაფერი საიდუმლო. იფიქრეთ, შემეძლო გამგზავრება საიდუმლოდ? რატომ მთვლიან მე ასეთ არაკეთილგონიერად? ამის შემდეგ რაა ჩემი სიცოცხლე!”

მიხეილ შარვაშიძის გამგზავრების დღედ 7 ნოემბერი დაინიშნა. ოჩამჩირის ნავსადგურში იდგა კორვეტი “სოკოლი”, რომელსაც ყოფილი მთავარი უნდა წაეყვანა. სანაპიროზე უამრავ ხალხს მოეყარა თავი. პ. შატილოვიც ნაპირზე უცდიდა მიხეილ შარვაშიძის მოსვლას. როცა მთავარი ნავმისადგომზე მოვიდა, პ. შატილოვმა ის გემზე ააცილა. მიხეილ შარვაშიძის ნაღვლიანად გადმოხედა ნაპირს, თითქოს გრძნობდა, რომ უკანასკნელად ხედავდა მშობლიურ მხარეს, გული აუჩუყდა, თვალებზე ცრემლი მოადგა და მზერა მოარიდა. გემი დაიძრა და ფოთის მიმართულებით გაემართა, მაგრამ მალე კურსი შეცვალა და ნოვოროსიისკისკენ აიღო გეზი. ოჩამჩირის ნავსადგურში თავმოყრილმა ხალხმაც დაინახა გემის კურსის შეცვლა და მიხვდა, რომ უკანასკნელად ხედავდნენ მთავარს, მაგრამ დაბაში დატოვებული ჯარის შიშით პროტესტის გრძნობა გულში ჩაიკლა.

იმავე დღეს პ. შატილოვმა დ. სვიატოპოლკმირსკის დეპეშით აცნობა, რომ 7 ნოემბერს, ნაშუადღევს, 5 საათსა და 30 წუთზე მიხეილ შარვაშიძე კორვეტ “სოკოლით” ოჩამჩირიდან ნოვოროსიისკში გაამგზავრა შტაბსკაპიტან ნ. დობრჟანსკის თანხლებით.  შტაბსკაპიტანი მ. ამირეჯიბი, რომელსაც მიხეილ შარვაშიძე უნდა გაეცილებინა, თბილისიდან მხოლოდ 5 ნოემბერს საღამოს ჩავიდა ქუთაისში, სადაც მას გადაეცა მიწერილობები ნოვოროსიისკიდან სტავროპოლამდე სამხედრო გარნიზონების უფროსებისადმი და დაუყოვნებლივ გაიგზავნა ოჩამჩირეში, თუმცა ყოფილ მთავარს ვერ ჩაუსწრო და მის კვალს გაუყვა.

მიხეილ შარვაშიძეს მხოლოდ რამდენიმე მსახური ახლდა. ნებართვის მიუხედავად მას მცირეწლოვანი შვილი მიხეილი (არზაყანი) თან არ წაუყვანია. დ. სვიატოპოლკმირსკი თვლიდა, რომ უფრო უპრიანი იქნებოდა ბავშვის თბილისში გაგზავნა უფროს ძმასთან გიორგისთან, სადაც შესაძლებელი იქნებოდა მისი წოდების შესაფერისად აღზრდა.

პ. შატილოვის დეპეშის მიღებისთანავე, დ. სვიატოპოლკმირსკიმ 7 ნოემბერს ასევე დეპეშით აუწყა მთავარსარდალს მიხეილ შარვაშიძის ნოვოროსიისკში გადაგზავნის შესახებ. აქვე აღნიშნავდა, რომ ამას წინააღმდეგობა არ მოჰყოლია და აფხაზეთში სიმშვიდე იყო.  თავის მხრივ, დიდმა მთავარმა დ. მილიუტინს აცნობა, რომ მიხეილ შარვაშიძის დაპატიმრება და აფხაზეთიდან გაყვანა მშვიდობიანად დამთავრდა და საზოგადოებრივი წესრიგი არ დარღვეულა.

მიხეილ შარვაშიძის აფხაზეთიდან გაყვანის შემდეგ, ქუთაისის გენერალგუბერნატორმა შეიმუშავა ღონისძიებების გეგმა, რომელიც, მისი აზრით, აუცილებელი იყო აფხაზეთში სიმშვიდის შესანარჩუნებლად და ყოველგვარი შემთხვევითობის თავიდან ასაცილებლად. ეს წინადადებები მან კავკასიის არმიის მთავარი შტაბის უფროსის, გენერალლეიტენანტ ა. კარცოვისადმი 10 ნოემბერს გაგზავნილ წერილში ჩამოაყალიბა. დ. სვიატოპოლკმირსკის აზრით, აუცილებელი იყო: აფხაზეთის ყოფილი მთავრისა და მისი შვილებისათვის აეკრძალათ ამ ქვეყანაში ცხოვრება; მისი მამულები გადაცემოდა ხაზინას; საგანგებო კომისიას შეეფასებინა მამულები და შესაბამისი თანხა ყოფილი მთავრის მემკვიდრეთა ქონებად ჩაეთვალათ; მიხეილ შარვაშიძეს შენარჩუნებოდა საკუთარი მოძრავი ქონების სრული განკარგვის უფლება.

დ. სვიატოპოლკმირსკის გეგმა მთავარსარდალმა მოიწონა, ხოლო აფხაზეთის ყოფილი მთავრის უძრავი ქონების შესაფასებლად საგანგებო კომისია შეიქმნა სამი კაცის შემადგენლობით. მის თავმჯდომარედ მეფისნაცვლის საბჭოს წევრი, გენერალმაიორი ი. ბართოლომეი დაინიშნა.

მიხეილ შარვაშიძე ნოვოროსიისკში ჩაიყვანეს და იქაური გარნიზონის უფროსს ჩააბარეს,  მაგრამ მალევე, შტაბსკაპიტან მ. ამირეჯიბის თანხლებით, ის სტავროპოლში გადააგზავნეს უკვე ყოველგვარი პატივის გარეშე. 23 ნოემბერს მიხეილ შარვაშიძე სტავროპოლში ჩაიყვანეს და სასტუმრო “ევროპაში” დააბინავეს, სადაც აფხაზეთის ყოფილ მთავარს შვიდი ოთახი ეჭირა ცალკე შესასვლელით. მასთან იმყოფებოდა მ. ამირეჯიბიც. მიხეილ შარვაშიძეს პოლიციის გაძლიერებული მეთვალყურეობა დაენიშნა, ამასთან ორი კაზაკი მიუჩინეს შიკრიკად. სასტუმროში ღამით ორ გუშაგს აყენებდნენ თითქოსდა წესრიგის დასაცავად, რომელთაც დღისით ხსნიდნენ. ფარული მეთვალყურეობის დაწესების შესახებ მიხეილ შარვაშიძისთვისაც ცნობილი იყო. ხელისუფლება ფრთხილობდა: ამირეჯიბი ავად იყო. მას თვალები სტკიოდა, აფხაზეთის ყოფილ მთავარს კი შვიდი მოსამსახურე ახლდა.  ამითაც იყო გამოწვეული ეს სიფრთხილე, თუმცა ალბათ უსაფუძვლოდ. მიხეილ შარვაშიძე სერიოზულად იყო ავად  და ნაცნობების გარდა არავის იღებდა. სტავროპოლში ის მოინახულა მამედ გირეი იასოვმა, რომელიც ადელ გირეი ნაჩაევთან და კიდევ რამდენიმე ყარაჩაელთან და ნოღაელთან ერთად ა. კარცოვთან თბილისში მიემგზავრებოდა.

7 დეკემბერს კავკასიის არმიის მთავარსარდლის თანაშემწემ, გენერალლეიტენანტმა ა. კარცოვმა ყუბანის ოლქის ჯარების სარდალს, გენერალლეიტენანტ მ. ოლშევსკის მისწერა, რომ მიხეილ შარვაშიძე სტავროპოლში დარჩენილიყო შემდგომ განკარგულებამდე,  სანამ მისი საცხოვრებელი ადგილი საბოლოოდ განისაზღვრებოდა.

1865 წლის 15 იანვარს მიხეილ რომანოვმა დ. მილიუტინს ვრცელი წერილი გაუგზავნა. ის წერდა, რომ, რადგან მიხეილ შარვაშიძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სუსტი იყო და ჩრდილოეთის კლიმატს ვერ გადაიტანდა, შესაძლებლად მიაჩნდა მის საცხოვრებლად განსაზღვრულიყო ხარკოვი, ვორონეჟი ან სამხრეთ რუსეთის რომელიმე სხვა ქალაქი. ამასთან, იგი შეეხო მიხეილ შარვაშიძის თურქეთთან კავშირის საკითხს, რაც შეუფერებლად მიაჩნდა მისი წოდებისთვის, და რადგანაც აფხაზეთში ყოფნისას იგი სამსახურიდან დათხოვნას ითხოვდა, წინადადება წამოაყენა მისთვის იმპერატორის გენერალადიუტანტის წოდება ჩამოერთმიათ; აგრეთვე, აღძრა შუამდგომლობა, მისთვის პენსიის დანიშვნის თაობაზე. მეფისნაცვლის აზრით, ყოფილი მთავარი არ უნდა შეეზღუდათ ოჯახის წევრებისა და თანმხლებ პირთა შერჩევაში, რომელთაც ის თან წაიყვანდა. მითუმეტეს, როდესაც მას შესაბამისი ანაზღაურება დაენიშნებოდა, თანმხლებ პირებზე ხარჯები უკვე არა ხაზინის, არამედ მისი პირადი საქმე იქნებოდა.  სულ მალე, 2 თებერვალს დ. მილიუტინმა მიხეილ რომანოვს აცნობა, რომ იმპერატორის ბრძანებით მიხეილ შარვაშიძე დათხოვნილია სამსახურიდან მიზეზის დაუსახელებლად, ხოლო მის საცხოვრებლად ქ. ვორონეჟი განისაზღვრა. ვორონეჟის გუბერნატორს უნდა დაკისრებოდა თვალყურის დევნება მის გაუსვლელობასა და შემდგომ ქცევაზე; მიხეილ შარვაშიძეს და მისი ოჯახის წევრებს ენიშნებოდათ შესაბამისი ჯამაგირი.

სტავროპოლის ცივმა კლიმატმა უარყოფითად იმოქმედა მიხეილ შარვაშიძის ჯანმრთელობაზე. იგი უფრო ცუდად გახდა და დახმარების გარეშე ოთახში გადაადგილებაც არ შეეძლო. 7 მარტს მან კავკასიის არმიის მთავარსარდალს წერილი გაუგზავნა და თავისი უკიდურესად მძიმე მდგომარეობა აუწყა. ის იმპერატორთან შუამდგომლობას ითხოვდა, რათა ნება დაერთოთ მისთვის სამკურნალოდ გერმანიაში ან საფრანგეთში წასულიყო, ხოლო დაბრუნებულისთვის საცხოვრებლად განესაზღვრათ კავკასიის მხარე, თუ შესაძლებელი იქნებოდა, ვლადიკავკაზი ან პიატიგორსკი, სადაც კლიმატი უფრო ასატანი იქნებოდა როგორც მისთვის, ისე მისი შვილებისთვის, რომლებთანაც სურდა დარჩენილი დღეები გაეტარებინა. ყოფილი მთავარი მთავარსარდალს სთხოვდა გაეთვალისწინებინა 60 წლის მოხუცის თხოვნა, მისი 42 წლის არცთუ უსარგებლო სამსახური და დიდი ხნის ავადმყოფობა. ამასთან, ის სურვილს გამოთქვამდა სამშობლოში დაეკრძალათ.

8 მარტს მიხეილ შარვაშიძემ ასეთივე შუამდგომლობის თხოვნით მიმართა სამხედრო მინისტრს დ. მილიუტინს, მაგრამ მისგან უარი მიიღო.  მთავარსარდალიც ნაწყენი იყო მისი თურქეთთან ურთიერთობის გამო.  როგორც ა. კარცოვმა მიხეილ შარვაშიძეს აუწყა, დიდი მთავარი საზღვარგარეთ მისი გაშვების წინააღმდეგი იყო, მითუმეტეს, რომ უკვე მოსული იყო იმპერატორის ბრძანება აფხაზეთის ყოფილი მთავრის საცხოვრებლად ვორონეჟის განსაზღვრის შესახებ. ამის შემდეგ მას შუამდგომლობის თხოვნით ვორონეჟის გუბერნატორისთვის უნდა მიემართა.

 

მიხეილ შარვაშიძე ჯერ კიდევ არ ჰკარგავდა აფხაზეთში დაბრუნების იმედს,  მაგრამ ამაოდ. 1865 წლის 25 მაისს სტავროპოლიდან გავიდა კოლონა, რომელსაც აფხაზეთის ყოფილი მთავარი ვორონეჟში უნდა ჩაეყვანა.  ნოვოროსიისკიდან როსტოვამდე გზად მიხეილი ცუდად გახდა. 23 ივლისს მან როსტოვიდან დეპეშით აუწყა სამხედრო მინისტრს, გენერალადიუტანტ დ. მილიუტინს თავისი მძიმე მდგომარეობა და იმპერატორთან შუამდგომლობა სთხოვა. ყოფილი მთავარი ითხოვდა დაეტოვებინათ სამხრეთ რუსეთის რომელიმე ქალაქში: როსტოვში, ტაგანროგში, ოდესაში ან ნოვოჩერკასკში, რადგან ცენტრალური რუსეთის მკაცრი კლიმატი მასზე და მის სამ არასრულწლოვან შვილზე ცუდად იმოქმედებდა.  მიხეილ შარვაშიძე დარწმუნებული იყო, რომ მთავრობისთვის არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა სად იცხოვრებდა ის, ვორონეჟში თუ სამხრეთ რუსეთის რომელიმე ამ ქალაქში, ამიტომ ჩათვალა, რომ მის თხოვნას დააკმაყოფილებდნენ და როსტოვში ჩამოაყვანინა ბავშვები _ არზაყანი (მიხეილი) და ნინო, ელოდა უმცროს ასულსაც.  25 ივლისს დ. მილიუტინმა მიხეილ შარვაშიძეს აცნობა, რომ მისი თხოვნა ალექსანდრე II-ს გააცნო, მაგრამ ამ უკანასკნელმა განკარგულების უსიტყვოდ შესრულება ბრძანა.  იმავდროულად, დ. მილიუტინმა კავკასიის არმიის მთავარსარდალს მიხეილ შარვაშიძის დეპეშის შინაარსი და იმპერატორის გადაწყვეტილება აუწყა.

1865 წლის 29 ივლისს როსტოვიდან გავიდა კოლონა, რომელმაც აფხაზეთის ყოფილი მთავარი 17 აგვისტოს ვორონეჟში ჩაიყვანა.  მიიწურა ზაფხული, გაილია სექტემბეროქტომბრის შედარებით თბილი დღეები და ნოემბრიდან უკვე საკმაოდ აცივდა. შესაბამისად, მიხეილ შარვაშიძის მდგომარეობაც დამძიმდა. ბავშვები ვერ იტანდნენ რუსეთის მკაცრ კლიმატს და 30 გრადუსიან ყინვაში მუდმივად ავადმყოფობდნენ, რის გამოც მოხუცი, ავადმყოფი მთავრის ტანჯვა კიდევ უფრო იზრდებოდა. 23 დეკემბერს მან წერილი გაუგზავნა კავკასიის არმიის მთავარსარდალს, დიდ მთავარს მიხეილ რომანოვს, აუწყა მისი და შვილების მძიმე მდგომარეობა, შეახსენა, რომ სტავროპოლში ყოფნისას სამკურნალოდ საზღვარგარეთ გაშვებას ითხოვდა, რაზეც უარი მიიღო და ამჟამად ითხოვა უფროსი შვილის გიორგის შვებულებით დათხოვნა სამსახურიდან ერთი წლით, რათა მამასთან ჩასულიყო; მოხუცს სასიამოვნოდ დარჩებოდა, რომ გიორგი სიკვდილის წინ მის გვერდით იყო.  იმავე დღეს მიხეილ შარვაშიძემ გიორგის შესახებ ასეთივე შუამდგომლობა კავკასიის არმიის მთავარსარდლის თანაშემწეს ა. კარცოვს სთხოვა.

1866 წლის დასაწყისში, ძმამ, კონსტანტინემ, მიხეილს ვორონეჟში უმცროსი ასული ბარბარე ჩაუყვანა,  რაც ავადმყოფს დიდად ესიამოვნა. მარტში ა. კარცოვმა აფხაზეთის ყოფილ მთავარს აუწყა, რომ მისი საზღვარგარეთ გაშვება მთავარსარდლის უფლებებს აღემატებოდა, ამიტომ ასეთი თხოვნით მას შინაგან საქმეთა ან სამხედრო მინისტრისთვის უნდა მიემართა ვორონეჟის გუბერნატორის შუამდგომლობით. რაც შეეხება გიორგის შვებულებით გათავისუფლებას ერთი წლით, იგი ატყობინებდა, რომ მთავარსარდალმა ეს შეუძლებლად ჩათვალა მასზე დაკისრებული განსაკუთრებით მნიშვნელოვანი დავალების შესრულებამდე.

შეიძლება ეს იყო ის უკანასკნელი წვეთი, რომელმაც აფხაზეთის ყოფილი მთავრის სიმწრის ფიალა შეავსო. მალე, 16 აპრილს, მიხეილ შარვაშიძე ვორონეჟში გარდაიცვალა. ივლისში მისი ნეშტი აფხაზეთში ჩამოასვენეს, რათა ანდერძისამებრ სამშობლოში დაეკრძალათ.

გიორგი შარვაშიძეს მამის დაკრძალვაზე აფხაზეთში ჩასვლის ნება დართეს.  ხელისუფლება არეულობას მოელოდა. ყოფილი მთავრის ძმამ კონსტანტინემ თავმდებობა იკისრა, რომ წესრიგი და სიმშვიდე იქნებოდა, მაგრამ პრევენციული ზომები მაინც მიიღეს და საეჭვო პირები წინასწარ დააპატიმრეს.

მიხეილ შარვაშიძე მოქვის ტაძარში დაკრძალეს მეუღლის _ ალექსანდრა გიორგის ასულ დადიანის გვერდით. მოქვში თავი მოიყარეს აფხაზეთის მმართველობის შეცვლით უკმაყოფილო ძალებმა. მთავრის დაკრძალვამ, მისმა დატირებამ ადგილობრივი წესით, მთავრის ოჯახის წევრებისა და, განსაკუთრებით, უფროსი შვილის გიორგის იქ ყოფნამ ხალხში გააცოცხლა მოგონებები და ნოსტალგია წარსულზე.  დაკრძალვაზე სრული წესრიგი იყო, თუმცა ხალხი ფარული უკმაყოფილების გრძნობით დაიშალა. ეს განცდა კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ დაკრძალვამდე, მცირე ხნით დააკავეს მთავრის ძმა ალექსანდრე, მისი და და მთავრის ასული; აგრეთვე შეურაცხყოფა მიაყენეს ერთერთ დაკავებულს, თავად სასირყვა ანჩაბაძეს ოჩამჩირიდან სოხუმში გადაყვანისას.

დაკრძალვის ცერემონიალის შემდეგ ომარ ლაკერბაიმ მიხეილ შარვაშიძის ვაჟს გიორგის და ძმას ალექსანდრეს შესთავაზა მთავრის სიკვდილის გამო რუსებზე შური ეძიათ.  ასეთ დაძაბულ ვითარებაში ხელისუფლებამ აფხაზეთში საგლეხო რეფორმის გატარებისათვის მზადება დაიწყო, მაგრამ აფხაზეთის სოციალურ-საზოგადოებრივი წყობის თავისებურებების გაუთვალისწინებლობამ, ჩინოვნიკური აპარატის უხეშმა ჩარევამ აფხაზთა ცხოვრების წესში, ეკონომიკურმა სიდუხჭირემ და თავისი ხასიათით ბატონყმური რეფორმისათვის ნიადაგის მომზადებამ მოსახლეობის მასობრივი უკმაყოფილება გამოიწვია, რაც რუსეთის კოლონიური რეჟიმის წინააღმდეგ 1866 წლის ივლისაგვისტოში საერთოსახალხო აჯანყებაში გადაიზარდა.

 

***

 

ფსხუელების გადასახლება

 

1864 წლის მაისში დასავლეთ კავკასიის დაპყრობით რუსეთმა გამარჯვებით დაასრულა მრავალწლიანი კავკასიის ომი (1817-1864). დასავლეთ კავკასიის მთიელთა ნაწილი, რომელიც არ აპირებდა რუსეთის ხელისუფლებისადმი დამორჩილებას, ზღვის სანაპიროსაკენ გაემართა, რათა ოსმალეთში გადასახლებულიყო, ხოლო ნაწილი, რომელმაც კავკასიაში დარჩენა არჩია _ ცარიზმმა ყუბანისპირა ვაკეზე გადაასახლა. ყუბანის ოლქის უფროსისა და ყუბანის ოლქის ჯარების სარდლის, გენერალადიუტანტ ნ. ევდოკიმოვის მიერ საომარი მოქმედებების შესახებ 1864 წლის 21 ივლისს გაკეთებული ანგარიშის თანახმად, დასავლეთ კავკასიიდან ოსმალეთში გადასახლდა 418 ათასი სული, ხოლო ყუბანსა და ლაბაზე _ დაახლოებით 90 ათასი სული.  გადასახლების პროცესი შემდგომ წლებშიც გრძელდებოდა.

კავკასიის ომის დამთავრების შემდეგ, უკვე არ არსებობდა აფხაზეთის სამთავროს შენარჩუნების აუცილებლობა და თვითმპყრობელობა დაპყრობილი მხარის სამხედროადმინისტრაციული მოწყობისა და კოლონიზაციისათვის ზრუნვას შეუდგა. კავკასიის რუსულ ადმინისტრაციას პირველ რიგში განზრახული ჰქონდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილებიდან, აფხაზეთის მთიანი მხარეების _ ფსხუ, მდ. ბზიფის ზემო წელში, წებელდა და დალი _ მდ. კოდორის შუა და ზემო წელის წელის აუზში, _ მოსახლეობის გადასახლება და იქ რუსების ჩასახლება.  მაგრამ ჯერ დასამორჩილებელი იყო ფსხუ, მთის თემი მდ. ბზიფის ზემო წელში, კავკასიონის ქედსა და ბზიფის ქედს შორის ქვაბულში, სადაც მარშანიების (აფხ. მარშან, მარშანი) ფეოდალური საგვარეულოს ერთერთი შტო ბატონობდა.

1864 წლის ივნისის ბოლოს, როცა მწვავედ იდგა აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღების საკითხი, ქუთაისის გენერალგუბერნატორი, გენერალადიუტანტი დ. სვიატოპოლკმირსკი კავკასიის არმიის მთავარი შტაბის უფროსს, გენერალლეიტენანტ ა. კარცოვს წერდა: ,,საჭიროა მოვრჩეთ ფსხუელებთან…, რომლებიც მსჯელობენ საით წავიდნენ, ზღვისკენ თუ ყუბანზე, თუმცა ჯერ არსად მიდიან. ყოველ შემთხვევაში, მათგან წინააღმდეგობა მოსალოდნელი არაა, მაგრამ სასარგებლოდ მიმაჩნია, რომ ყუბანის ოლქის ჯარის ნაწილი, რომელიც ლაბის ზემო წელისაკენ მიიწევს, ჩქარა გადმოვიდეს კავკასიონის ქედზე”.  დ. სვიატოპოლკმირსკის აზრით, ყუბანის ოლქიდან ჯარის ნაწილის გადმოყვანა ფსხუში საჭირო იყო შიშის დასანერგად აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღებისა და ფსხუელების გადასახლების პირობებში.  ხელისუფლება ჩქარობდა აფხაზეთის მთიანი მხარეების ,,გაწმენდას” ადგილობრივი მოსახლეობისაგან. 1864 წლის 6 ივლისს დ. სვიატოპოლკმირსკი ა. კარცოვს სოხუმიდან აუწყებდა, რომ ფსხუს თავადები ყუბანის ოლქში გაემგზავრნენ და ჯერაც არ იყვნენ დაბრუნებული, თუმცა არწმუნებდა, რომ ფსხუელების გადასახლების დაყოვნებას არავითარი ცუდი შედეგი არ მოჰყვებოდა. 

1864 წლის 12 ივლისს ცარიზმმა აფხაზეთის სამთავრო გააუქმა და რუსული მმართველობა შემოიღო. აფხაზეთში რუსული მმართველობის შემოღების კვალად ფსხუს საკითხიც გადაწყდა. ივლისში რუსეთის ჯარის ნაწილები ორი მხრიდან შეიჭრნენ ხეობაში, ჩრდილოეთიდან _ სანჭაროს უღელტეხილით, და ბზიფის ხეობიდან _ დოუს უღელტეხილით.  რუსეთის ჯარის გამოჩენის შემდეგ, ფსხუელების დიდი ნაწილი ზღვის სანაპიროსაკენ გაემართა ოსმალეთში წასასვლელად. მხოლოდ 105-მა ოჯახმა (862 სული) გამოთქვა ყუბანის ოლქში, მდ. ყუმას ხეობაში გადასახლების სურვილი.  ერთი ცნობით, ოსმალეთში გადასახლდა 3642 ფსხუელი. 

აგვისტოში, ფსხუელები მდ. ყუმას ხეობაში გადაასახლეს. მათ განემარტათ, რომ კაზაკების თანაბარი უფლებით დაასახლეს ყუბანის ოლქში და თუ მშვიდობიანად არ იცხოვრებდნენ, ოსმალეთში ან ყუბანისპირა ვაკეზე გადაასახლებდნენ.  25 აგვისტოს გენერალადიუტანტმა ნ. ევდოკიმოვმა კავკასიის მეფისნაცვალსა და კავკასიის არმიის მთავარსარდალს, დიდ მთავარს მიხეილ რომანოვს (1862-1881) აუწყა, რომ მდ. ყუმას ხეობაში თავისუფალ მთიელთა 107 და გლეხთა 35 ოჯახი გადასახლდა. მან შუამდგომლობა აღძრა, რომ გადასახლებული ფსხუელებისათვის _ ორივე სქესის 736 სული, _ შემდგომ მოსავლამდე სურსათი გამოეყოთ. კერძოდ, 603 სულისათვის 7 წლის ზევით _ მთელი წილი, ხოლო 133 სულისათვის 1-დან 7წლამდე, _ ნახევარი წილი; ასევე, გლეხთა 35 ოჯახისათვის. მთავარსარდალმა ამაზე თანხმობა განაცხადა. 

მალე, ურუპის საკორდონო ხაზის უფროსმა, რომლის გამგებლობაშიც შედიოდნენ ფსხუელები, ნ. ევდოკიმოვს აუწყა, რომ 15 აგვისტოს ყუმას ხეობაში კიდევ 47 ფსხუელი ჩავიდა, რომლებიც თავიანთ საცხოვრებელ ადგილას, აულ გრიბზაში იყვნენ დარჩენილი ავადმყოფობის ან სხვა მიზეზით; მათ გარდა კიდევ 61 ფსხუელი ჩავიდა, რომლებიც ოსმალეთში მიდიოდნენ, მაგრამ გზიდან გამობრუნდნენ. მათაც, სულ 108 სულს, საკვები გამოეყო. ამდენად, ყუმაზე ორივე სქესის 844 ფსხუელი აღმოჩნდა. 

1865 წლის 23 იანვრისათვის ყუმას ხეობაში 846 სული ფსხუელი ცხოვრობდა.  მათი ცხოვრების პირობები მძიმე იყო. 1865 წლის 23 ოქტომბერს ყუბანის ოლქის ჯარების შტაბიდან კავკასიის არმიის მთავარსარდალს მიხეილ რომანოვს აუწყეს, რომ აგვისტოში ძლიერი ყინვების გამო ფსხუელებს პურის მოსავალი გაუფუჭდათ და თავის გამოკვება არ შეეძლოთ. შტაბის უფროსმა შუამდგომლობა აღძრა, რომ ფსხუელებს კიდევ ერთი წლით, 1866 წლის მოსავლამდე გაგრძელებოდათ ხაზინიდან სურსათით მომარაგება; ამასთან, რადგან ფსხუელები დასახლებული იყვნენ ხორბლის მოყვანისათვის არახელსაყრელ ადგილას, რომ არ განმეორებულიყო მსგავსი შემთხვევა, მომავალი წლის გაზაფხულზე ისინი ყუმას ხეობასთან ახლოს, ზელენჩუკის ოკრუგში გადაესახლებინათ.  კავკასიის არმიის მთავარსარდალს ნ. ევდოკიმოვმაც მიმართა შუამდგომლობით, 1866 წლის გაზაფხულზე ფსხუელების ზელენჩუკის ოკრუგში გადასახლების შესახებ, რაზეც მიხეილ რომანოვმა 1865 წლის 24 ნოემბერს თანხმობა განაცხადა.  მაგრამ ფსხუელების გადასახლების საკითხის მოგვარება გაჭიანურდა და მხოლოდ 1867 წლის გაზაფხულზე, აპრილმაისში გადასახლდნენ ისინი მდ. დიდი ზელენჩუკის ხეობაში.  

ყუმას ხეობიდან დიდი ზელენჩუკის ხეობაში 794 ფსხუელი გადასახლდა, რომელთაც ფულადი შემწეობა გაუწიეს. ცნობილია მათი სახელობითი საოჯახო სია.  იგი პირველად 1986 წელს აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომელმა, ისტორიკოსმა მ. თხაიცუხოვმა გამოაქვეყნა,  თუმცა ხარვეზებით.  

ფსხუელების სია საინტერესოა გვიან შუა საუკუნეებში და XIX საუკუნეში აფხაზეთში მიმდინარე ეთნიკური პროცესების, აფხაზური ონომასტიკის და სხვ. კვლევის თვალსაზრისით. იგი თვალნათლივ ადასტურებს, რომ ჩრდილოეთ კავკასიიდან აფხაზეთში ჩამოსახლებული აბაზაადიღების პირველსაცხოვრისი სწორედ ფსხუ იყო და მათი ადგილობრივ მოსახლეობასთან შერწყმის პროცესი ყველაზე ადრე აფხაზეთის მთის თემებში, მათ შორის, ფსხუში დაიწყო. 

 

 

მდ. ყუმას ხეობიდან მდ. დიდ ზელენჩუკზე გადასახლებული ფსხუელების სია

 

Имена и фамилии глав семейств

Число

Муж.  Жен

Имена и фамилии глав

семейств

Число

Муж. Жен

 

1

2

3

4

5

6

1

Коч Ахба

4

3

42 Хаирле Ахба

3

3

2

Маршани Хатавмук

2

2

43 Шолох Коцба

3

2

3

Вдова Ханифа Капо

1

44 Якуб Хуран

1

1

4

Карабатыр Капо

1

3

45 Хачер Ажи

2

2

5

Мада Козба

2

3

46 Тыр Аджи

1

3

6

Косо Папо

1

2

47 Пату Аджи

3

1

7

Алан Ашибоко

3

3

48 Мжук Аджи

6

1

8

Тала Гирей

1

1

49 Шуко Аджи

1

2

9

Маршани Шахим Булат Кудешир

3

3

50 Сикун Аджи

4

5

10

Маршани Батыр Шах Кудешир

3

3

51 Чих Аджи

4

2

11

Закерий Шкацао                             

1

1

52 Якуб Адзин

3

2

12

Тагир Азимба

2

1

53 Зафис Акхао

3

2

13

Паго Жир

1

1

54 Машало Капо

2

2

14

Маршани Афирши Казилбек

4

1

55 Худыш Капо

5

2

15

Шахим Булат Хаджибиев

4

3

56 Маша Капо

3

3

16

Аслан Ашиба

3

1

57 Хабах Кудж

2

3

17

Вдова Халима Агибина

3

1

58 Уздень Кельба

4

1

18

Батырша Дармиво

2

3

59 Эльдар Кельба

4

3

19

Маршани Эдык Цекиш

5

2

60 Казбулат Каго

5

2

20

Исхак Эхба

2

2

  Крестьянин его

 

 

 

Крестьяни его Птым

1

2

  Зричипса Каго

4

1

21

Ханаш Кумсажев

1

61 Вдова Кол­дзиц Ашиба

1

2

22

Ильяс Кудж

2

62 Батыргша Козба

4

3

23

Вдова Куна Аджи

2

1

63 Долатук Тлись

3

2

24

Казылбек Тлис

3

2

64 Мусса Ахы

2

3

25

Апсо Мац

4

2

  Крестьянин его

 

 

26

Макао Аджи

1

2

  Туко Кудинет

1

3

27

Шерехмат Ареста

1

1

65 Баджелбай Жир

1

 

 

Крестьянин его жена Умако

1

1

  Крестьянин его

 

 

28

Маршани Азимба

1

1

  Зафись Джа­ника

3

4

29

Рашид Ахба

1

5

66 Уруч Лач Коцба

6

1

30

Хокяко Аджи

5

4

67 Магомет Тахушина

3

1

31

Жок Папо

2

3

  Крестьянин его Псеун Коз

2

1

32

Тека Капо

3

3

68 Хаджилбий Кеч

4

1

33

Шену Капо

2

1

69 Эдик Талбий

2

4

34

Шамач Кого

5

2

70 Сегер Тлис

9

6

35

Тлук Папо

3

71 Курджи Эмлех

1

1

36

Кечь Эгба

2

1

72 Шошрук Тахужина

2

4

37

Абдул Яшба

3

2

73 Падж Аджи

4

3

 

Крестьянин его Так Меако

4

1

74 Докун Аджи

1

2

38

Мада Ареста

1

2

7576 Бежго АдзинХабах  Адзин

5

4

3

3

39

Маршани Кутнай Кудешир

2

1

77 Лаказ Капо

2

4

40

Шолох Козба

1

5

78 Батыр Кельба

3

4

41

Цеко Тахушина

4

3

79 Маршан Сара­лып Кудешир

2

2

80

Хабах Эхба

3

2

102 Дурак Эхба

3

2

81

82

Шеремет БуцаСугум Апсо

5

4

3

2

103 Хатавшук Жир

1

2

83

Хаджасси Тахушина

4

2

104 Хатит Ашба

4

1

 

Крестьянин его Херл Сабида      2          1 105 Полан Ашба

2

3

84

Кожба Хуран

4

5

106 Мада Аджи

1

4

85

Лафиш Якба

4

3

  Крестьянин Шема Албик

 

 

86

Маршани  Эмек Цекиш

4

1

  Сурум Маго

 

 

87

Хакуч Ашиба

3

2

107 Саралып Ад­зин Крестья­нин его Эпиф

3

4

88

Клочьбий Кеч

4

3

108 Эслан Аджи

5

4

89

Вдова Нах Аджи

3

3

  КрестьянинЗафис Тажуко

3

1

 

Крестьянин его

 

 

109 Исхак Аджи

4

1

 

Шеруко Кетоко

4

6

110 Князь Джен­темир Заурумов

4

2

90

Гумляк Кельба

7

2

  Крестьянин. Фат Лапух

4

2

91

Келемет Кудж

2

4

  Алып Хануса

3

2

 

Крестьянин его

 

 

  Исмаил Хосца

5

4

 

 Батыр Кабан

3

3

  Хасан Мусса

3

2

92

Шешеруко Эхба

4

5

  Кочеруко Лапса

3

2

93

Джетима Апсо

4

1

111 Князь Сида Заурум

2

2

94

Тита Апсо

4

1

  Крестьянин Ше­­шерук Пот­у­хо

2

3

95

Маршани Нарчу Джалекон

6

1

  Мочало Хабарако

1

3

 

Крестьянин Хашхо Эльмурза

5

1

112 Исмаил Кельба

4

5

96

Хунча Нип

5

4

113 Щеко Хотыж

3

4

97

Огурлы Акукао

1

114 Лапгиуко Яшба

3

4

 

Крестьянин его Сабида Шмохо

4

5

115 Убздуко Ахба

5

1

98

Уздень Якуб Аджи

1

1

116 Татим Жир

3

2

 

Крестьянин его Шешруко Безюко

4

2

  Крестьянин Ар­ахмуд Му­ри­за

2

3

 

Таг Фато

3

1

117 Биберд Тахршна

3

4

99

Батыргирей Аджи

4

5

118 Багир Ахба

3

3

 

Крестьянин Османь Хозов

2

1

119 Надша Кудешир

1

3

100

Сосран Аджи

4

5

120 Хасамбий Асхоца

1

2

 

Крестьянин Хабич

2

1

121 Адышек Акхах

2

1

101

Кумач Аджиев

5

4

122 Аышек Жиба

1

2

 

 

 Итого 794 

 

ახალგაზრდა მეცნიერთა ასოციაცია. II რესპუბლიკური სამეცნიერო კონფერენციის შრომები, ქუთაისი, 2004.

 

 

 ***

 

 ეტიუდები აფხაზთა  მუჰაჯირობის ისტორიიდან

 

მუჰაჯირობა ერთერთი ყველაზე ტრაგიკული მოვლენაა აფხაზი და კავკასიის სხვა ხალხთა ისტორიაში. 1867 წელს 20 ათასამდე აფხაზი იძულებული გახდა სამშობლო დაეტოვებინა და ოსმალეთში გადასახლებულიყო.

მუჰაჯირთა რიცხვი სტატისტიკის სფეროს განეკუთვნება, მაგრამ თითოეული ციფრის უკან ადამიანი დგას. მუჰაჯირობის თანამდევი მოვლენა იყო ოჯახური ტრაგედიები: არცთუ იშვიათი იყო, როდესაც ოჯახის ზოგიერთი წევრი, გარკვეული მიზეზების გამო, სამშობლოში რჩებოდა, სხვები კი უცხოობაში მიდიოდნენ. ზოგჯერ, მუჰაჯირები სამშობლოში დაბრუნებას და ხელისუფლების ნებართვით აქ დამკვიდრებასაც ახერხებდნენ. საქართველოს ცენტრალურ სახელმწიფო საისტორიო არქივში აფხაზთა მუჰაჯირობის შესახებ უამრავი მასალაა დაცული, რომელთაგან ჩვენ მხოლოდ სამ ეპიზოდს შევეხებით.   

 

****

ოსმალეთში ჩასულ მუჰაჯირებს იმედები გაუცრუვდათ და ბევრი უკან დაბრუნებას ცდილობდა, მაგრამ ყველას არ უმართლებდა. თვითნებურად დაბრუნდა აამსთა (აფხ. აზნაური) ჩეფიაყ ციბავა და სოფელ ჯგერდაში დამკვიდრდა.

1875 წლის გაზაფხულზე სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსს, გენერალმაიორ პ. პ. კრავჩენკოს (1872-1877) სოფ. ჯგერდაში ყოფნისას ჩეფიაყ ციბავამ სთხოვა სამშობლოში დამკვიდრების ნება დაერთო. პ. კრავჩენკომ ამ საკითხზე ჯგერდის სასოფლო საზოგადოების აზრი მოითხოვა .

 

1 ივნისს ჩეფიაყ ციბავამ წერილით მიმართა სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსს და საქმის ვითარება აუხსნა. მისი განცხადებით, აფხაზთა ოსმალეთში გადასახლებისას ის სოფელში არ იმყოფებოდა. მაშინ მისი ღვიძლი ძმებიც გადასახლდნენ. როდესაც მან ეს გაიგო, თვითონაც წავიდა ოსმალეთში, მაგრამ იქ დარჩენას არ აპირებდა, არამედ მიზნად ჰქონდა ძმები სამშობლოში დაბრუნებაზე დაეთანხმებინა .

1867 წელს ჯგერდიდან გადასახლებულ მუჰაჯირთა სიაში იხსენიება როსტომ ციბა. ჩვეულებრივ, მუჰაჯირთა სიაში ოჯახის უფროსის სახელი და გვარი შეჰქონდათ, თუმცა იქვე აღნიშნავდნენ ამ ოჯახიდან წასულთა რაოდენობას, მათ შორის, ქალებს და კაცებს ცალცალკე. როგორც ირკვევა, როსტომ ციბას ოჯახიდან სამნი წასულან მუჰაჯირობაში _ ორი კაცი და ერთი ქალი. საფიქრებელია, რომ სწორედ ეს არის ჩეფიაყ ციბავას ოჯახი. ნიშანდობლივია ერთი გარემოებაც. ქართულად შედგენილ საბუთებში  ჩეფიაყის გვარი ქართული ფორმით _ ციბავა არის მოხსენიებული, როდესაც რუსულად შედგენილ საბუთებში  მისი გვარი აფხაზური ფორმით _ ციბა  იხსენიება.

ძნელი სათქმელია, ჩეფიაყ ციბავა მართლა იმ მიზნით წავიდა ოსმალეთში, რომ ძმები სამშობლოში დაბრუნებაზე დაეთანხმებინა თუ ადგილობრივ რუსულ ადმინისტრაციასთან თავის გამართლებას ცდილობდა. პ. კრავჩენკოსადმი გაგზავნილ თხოვნაში ჩეფიაყ ციბავა აღნიშნავდა, რომ მისი ძმები ახალ ადგილზე ჩასვლიდან სულ მალე გარდაიცვალნენ, თვითონ უსახსროდ დარჩა, ავადაც გახდა და ამიტომ მალე დაბრუნება ვერ მოახერხა. ის სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსს აუწყებდა, რომ ჯგერდის სასოფლო თემი მისი აქ დარჩენის თანახმა იყო და იქ დამკვიდრების ნებართვასა და ადგილობრივი მოსახლეობისადმი  მიწერას სთხოვდა. წერაკითხვის უცოდინარობის გამო მან თხოვნას მელანში დასველებული თითით დაუსვა ნიშანი .

სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსმა აღნიშნული თხოვნა ოჩამჩირის ოკრუგის უფროსს გადაუგზავნა და სთხოვა ამ საკითხზე აზრი გამოეთქვა; აგრეთვე, ჩეფიაყ ციბავას ქცევისა და მისი სანდოობის შესახებ ცნობები მიეწოდებინა .

ოჩამჩირის ოკრუგის უფროსმა თავის მხრივ ჯგერდის სასოფლო თემის მამასახლისს დაავალა სასოფლო თემის თანხმობა ჩეფიაყ ციბავას ჯგერდაში დამკვიდრების თაობაზე წერილობით დაედასტურებინა. სოფლის მამასახლისმა 1875 წლის 12 ივნისს შეადგინა საბუთი, რომ სასოფლო თემი ადასტურებდა ჩეფიაყ ციბავას სიმართლეს და მისი სოფელში დარჩენის თანახმა იყო თუ  მთავრობის თანხმობაც იქნებოდა. ამასთან, წერილს სოფელ ჯგერდის მცხოვრებ ოჯახის უფროს მამაკაცთა სია დაურთო.

 

,,ოჩამჩირის ოკრუღიის უ: ნაჩალნიკს!

ჯგერდის ობშინის სტარშინისაგან

 რაპორტი

 ბრძანებისამებრ თქუნისა, ჯგერდის ს: საზოგადოებას გამოუცხადე ყრილობაშიდ, სათათრიდან მოსრული აზრი ჩეფიაყ ციბავას თაობაზედ, და განაცხადეს ერთად საზოგადოებამ ხსენებული ციბავა არის სიმართლის მექონი და ჩუენ მსურველი ვართ რომ დარჩეს სოფელს ჯგერდეს უკეთუ მთავრობისაგან ნება იქმნება. ამაზედ მაქვს პატივი მოვახსენო თქუენს მაღალ კეთილშობილებას”.

1. თ-დი ლევან მარშანია        2. თ-დი ბესლან მარშანია3. თ-დი ალინბეი მარშანია4. თ-დი ყიზილბაქ მარშანია5. თ-დი ვარდსან მარშანია

6. თ-დი ზისხან მარშანია

7. აზრი მახმუთ ნაურუზოვი

8. სათქერი ციბავა

9. შახან ციბავა

10. ლევან ციბავა

11. მურზა ციბავა

12. რეშით ციბავა

13. მუთ ციბავა

14. ედგი შხვაწა

15. ლევან შხვაწა

16. ხალილ როვითა

17. შარახმეთ როვითა

18. გლეხნი ხასან აშუბა

19. საათ აშუბა

20. სათქერი აშუბა

21. მათეი აშუბა

22. საკუტ აშუბა

23. ექუფი აშუბა

24. ახმათ აშუბა

25. შახარი აშუბა

26. ისმელ აშუბა

27. ხაჯუ აშუბა

28. შამ აშუბა

29. სულემან აშუბა

30. გერი აშუბა

31. შიმათ აშუბა

32. ლომკაც აშუბა

33. ბაღირ აშუბა

34. დანაყე აშუბა

35. ხასან აშუბა

36. ხუსენ აშუბა

37. ხანგერი აშუბა

38. ბეშუყვა აშუბა

39. სეით აშუბა

40. სულემან აშუბა

41. შეხური აშუბა

42. ჯიგვათი აშუბა

43. ბესლან აშუბა

44. ხიფუ აშუბა

45. ასლან აშუბა

46. ანაშვი ბედია

47. შხანგერი ბედია

48. ბაკვა ბედია

49. გიორგი ბედია

50. ახმათ ბედია

51. თამანუხ ბედია

52. ბესიათ ბედია

53. შხანგერი აგუმავა

54. ბესიათ აგუმავა

55. ქობლუხ აგუმავა

56. ხაკუც აგუმავა

57. ბაღირ აგუმავა

58. აზდამურ გინდია

59. ვეჭი გინდია

60. აზდამურ გინდია

61. ხაბჟი გინდია

62. ოსმან გინდია

63. ხუპაშ გინდია

64. გიდიჭ გინდია

65. ბადიდ გინდია

66. საგესა გინდია

67. ბოღოზა ამჭიბა

68. სავეყ ამჭიბა

69. ბოღო ამჭიბა

70. კიჭა ამჭიბა

71. ჩიქვათ ამჭიბა

72. ემრეხათ ამჭიბა

73. ეხიც ამჭიბა

74. ხაჯმათ ამჭიბა

75. მაცი ბაგაბში

76. მაურა ბაგაბში

77. ხაკუცი ბაგაბში

78. ბათა ბაგაბში79. ესქერი ბაგაბში80. სეიდიყ ბაგაბში81. ბესიათ ბაგაბში82. სეით ბაგაბში

83. მუშვაგ ბაგაბში

84. ბოღო მატუა

85. ნუკვა მატუა

86. შაბ მატუა

87. ხასან მატუა

88. ეხუფი მატუა

89. ფათ მატუა

90. ქობლუხ მატუა

91. გვაჯა მატუა

92. ხაბაჯა მატუა

93. ოსმან მატუა

94. მათეი მატუა

95. ხალილ აძინბა

96. შარვან აძინბა

97. ბათარგერი აძინბა

98. მუთუ აძინბა

99. ვაბჭა აძინბა

100. ქობლუხ აძინბა

101. ეხია აძინბა

102. ესაყ აძინბა

103. ლომკაც აძინბა

104. სოსრან ერინბა

105. მუსა ერინბა

106. ახმათ ერინბა

107. სულემან ერინბა

108. ისმელ ერინბაბა

109. სოფუჯი შილარბა

110. რეჯებ შილარბა

111. გუდისა შილარბა

112. ფაფრა შილარბა

113. შხანუყვა შილარბა

114. ყვაბანი შილარბა

115. ხინდუგ შილარბა

116. გუგუ შილარბა

117. ჭუ შილარბა

118. ათხვა შილარბა

119. აბრაგი მუხუციფა

120. ვიტიშ მუხუციფა

121. ანაშვი მუხუციფა

122. ბაგა მუხუციფა

123. ხუხუნი მუხუციფა

124. საკუტ გამსონია

125. სელუფ საბუა

126. ხაკუც საბუა

127. მაზლოვ ჯინჯოლია

128. აზდამურ ჯინჯოლია

129. აბაჯი ჯინჯოლია

130. სოულათ ჯინჯოლია

131. ხაბჟი ჯინჯოლია

132. სოსრან არანია

133. თაგუჯ არანია

134. ხინდუგ არანია

135. გედლაჩ ლაცუშბა

136. შხანუყვა ლაცუშბა

137. ვაჭა ლაცუშბა

138. ფაფა ლაცუშბა

139. აზდამურ ლაცუშბა

140. ხუმატა ლაცუშბა

141. ხამგერი ლაცუშბა

142. ფათქერი ლაცუშბა

143. სალმაქვა ლაცუშბა

144. ჯაჯა ლაცუშბა

145. კვატაში ლაცუშბა

146. ფაჭა ვუტვია

147. ბათა ვუტვია

148. შხანუყვა ჯოლია

149. რეჯებ აბოხ

150. კვატაშ ყურდგელი

151. სესირყვა ჟიბა

152. ქვაბზაჩ ჟიბა

153. დირმა ჟიბა

154. ხვაჭ გერხელია

155. სესირყვა გერხელია156. ფშიყან ვვაწბა157. ჭიჭინ ჯოლია158. ვემა ცვეიბა159. მუსა ცვეიბა

160. გიდი ცვეიბა

161. ურუსი ცვეიბა

162. მუსა ცვეიბა

163. ფათ ცვეიბა

164. ნარჩოვ ცვეიბა

165. ექუფი ბუთბა

166. სელიმ ივანბა

167. გედლაჩ ივანბა

168. აბრაგ ივანბა

169. ბაღირ ივანბა

170. აზდამურ ივანბა

171. აზაჩი ივანბა

172. ჯიჯი წყარია

173. ვვატეი ბოვიდან

174. აბრაგი გაბალია

175. ოსმან საბანიფა

176. ხაძგერი ბარჩან

177. ხავუცი კვერნია

178. ქვაჩა ყოლღი

179. ქელამათ კუპრა

180. ოსმან კუპრა

181. ექუფი კუპრა

182. ხასან კუპრა

183. ჯიჯი კუბრა

184. ბინაყუყუ სანგულია

185. ყარაჩ სანგულია

186. ფათქერი სანგულია

187. ანაშვი სანგულია

188. აზდამურ კაცია

189. ბადუგვა კაცია

190. ქვაბზაჩ ბაბია

191. ქობლუხ ბაბია

192. გედლაჩ ახი

193. გვაჯანა ჩენჩორია

194. გიდრა გირხელია

195. ქელამათ ცვიძი

196. ხაკუც საბუა

197. საგესა ცვიძი

198. ჯირგუნ ლაპარტია

199. გედლაჩ ბებია

200. ყარაჩ აგუმავა

201. მუსა კუბრა

202. ანაშ ბარჩანი

203. აბაშ ბარჩანი

204. აფაჭა აშუბა

205. დოღუღუ შაქარიფა

206. ხუსენ  შაქარიფა

207. ესაფ  ჭკადუა

208. დოღუღუ  ბიდაჭიფა

209. მუსთაპ ახიბა

210. მურზა აშუბა

211. აბაჯი სალაყია

212. აზმათ ამჭიბა

213. სულემან ამჭიბა

214. ებრეხამ ამჭიბა

215. აბრაგი ამჭიბა

216. ვია ამჭიბა

217. სალმაქვა არღუნია

218. ხუთა ბედია

219. ბიზიტ ცანბა

220. მაზანა ცანბა

221. მუსა საბუა

222. მახმეთ აგუიფა

223. ანაშვი აგური

224. ხუსა აგუიფა

225. გედლაჩ აგუიფა

226. მუთ კვაძბა

227. აზ”რი ბათარგერი შხვაწა

228. ედგი აშუბა

229. კვატაშ აგუიფა

230. კვატა ბატაიფა

231. ესქერ ქაბბა

სიის ბოლოს მიწერილია:

,,რადგან ზემოგანცხადებულნი პირებმან წერა არ იციან მათის თხოვნით მათ მაგიერად ხელს ვაწერ მე აზ”რი მაქსიმე ჩიქოანი.

ჯგერდის ობშინის სტარშინა აზნაურ მატუა(?).

1875 წ. 12 ივლისს” . იქვე დასმულია ბეჭედი.

 

ამრიგად, რადგან სოფლის მცხოვრებლებმა წერაკითხვა არ იცოდნენ, მათი სახელები შეტანილია ამ დოკუმენტის შემდგენლის, აზნაურ მაქსიმე ჩიქოანის (ჩიქოვანი) მიერ. სიაში 231 კაცია შეტანილი, როგორც თავადაზნაურები, ისე გლეხები. დოკუმენტი მრავალმხრივ არის საინტერესო. ის შედგენილია იმ საბუთების მსგავსად, რომლებიც XIX საუკუნის მეორე ნახევრის საქართველოში დგებოდა. გამოყენებულია რუსული ტერმინები: ნაჩალნიკი, ობშინა, სტარშინა, რაპორტი; ამასთან, შედგენილია ქართული საბუთების შედგენის პრინციპებით და შესაბამისი ტერმინებით, როგორიცაა უფროსისადმი მიმართვისას _ უ(ფალ), გამოყენებულია შემოკლებები და ქარაგმები თ-დი(თავადი), აზ-რი (აზნაური), ს(სოფელი), ოსმალეთზე _ სათათრო//სათათრიდან; თვით სია საინტერესოა აფხაზური ონომასტიკის კვლევის თვალსაზრისით და სხვ.

ჯგერდის სასოფლო თემის მცხოვრებთა თხოვნა რუსულ ენაზე თავადმა გრიგოლ ალექსანდრეს (ალიბეის) ძე შარვაშიძემ თარგმნა და ის ქართულ ორიგინალს დაერთო. რაც შეეხება ჯგერდის  სასოფლო თემის მცხოვრებთა სიას, ის არ უთარგმნიათ. ამ დოკუმენტიდანაც კარგად ჩანს, რომ აფხაზური საზოგადოება XIX საუკუნის მეორე ნახევარშიც, რუსული მმართველობის დროსაც, ქართული კულტურულპოლიტიკური სამყაროს ნაწილად რჩებოდა.

19 ივლისს ოჩამჩირის ოკრუგის უფროსმა არსებული მიმოწერა ჯგერდის მცხოვრებთა გადაწყვეტილებასთან ერთად სოხუმის განყოფილების უფროსს წარუდგინა და დაურთო, რომ მცხოვრებთა განცხადებით ჩეფიაყ ციბავა კარგი ქცევით ხასიათდებოდა და თავის მხრივ ის წინააღმდეგი არ იყო საცხოვრებლად სოფელ ჯგერდაში დარჩენილიყო. 21 ივლისს სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსმა აღნიშნული მიმოწერა კავკასიის მთიელთა სამმართველოს უფროსს გადაუგზავნა და სთხოვა კავკასიის არმიის მთავარსარდლისა და კავკასიის მეფისნაცვლის, დიდი მთავრის მიხეილ რომანოვისაგან (1862-1881) გამოეთხოვა ნებართვა ჩეფიაყ ციბავას სოფელ ჯგერდაში საცხოვრებლად დატოვების თაობაზე .

26 ივლისს სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსმა პირადად სთხოვა კავკასიის არმიის მთავარსარდალს ნებართვა ჩეფიაყ ციბავას სოფელ ჯგერდაში საცხოვრებლად დატოვების თაობაზე, რაზეც მან თანხმობა განაცხადა .

 

****

1875 წელს სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსს თხოვნით მიმართა წებელდელი თავადის საათბეი მარშანის ასულმა ჩიჩმა. თხოვნაში ნათქვამია, რომ მისი მშობლები ოსმალეთში 9 წლის წინ (ე. ი. 1867 წელს,  ავტ.) წავიდნენ, ხოლო ის აღსაზრდელად სოფელ ბირცის მცხოვრებ ჩახმატ ხიბას ჩააბარეს. რადგან ის სრულწლოვანი გახდა და სურდა ოსმალეთში მშობლებთან გამგზავრება, სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსს სთხოვა ოსმალეთში გაშვების ნება დაერთო აღმზრდელის, ჩახმატ ხიბას შვილთან,  გიდთან, და მის დედასთან, ასიდასთან ერთად; ისინი მას მშობლების საცხოვრებელ ადგილამდე გააცილებდნენ, საიდანაც უკანვე დაბრუნდებოდნენ, ხოლო თვითონ მშობლებთან დარჩებოდა .

ჩიჩ მარშანის თხოვნის თაობაზე სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსმა კავკასიის არმიის მთავარსარდალს მიხეილ რომანოვს მოახსენა. 1875 წლის 13 აგვისტოს სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსს აცნობეს, რომ მისი იმპერატორობითი უდიდებულესობა თანახმა იყო ჩიჩ მარშანი ოსმალეთში, მშობლებთან,  გიდ ხიბასა და მის დედას, ასიდას გაეცილებინათ, მხოლოდ ჩიჩ მარშანი უკან არ უნდა დაბრუნებულიყო .

 ****

1875 წლის 9 აგვისტოს  სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსმა პ.  კრავჩენკომ კავკასიის მთიელთა სამმართველოს უფროსს აუწყა, რომ ბათუმიდან თურქული ფელუკით ჩამოვიდა თავადის ქალი ასიდა ანჩაბაძე მოსამსახურე ბიჭთან შაბანთან ერთად ყოველგვარი საბუთის გარეშე. ასიდა ანჩაბაძემ განმარტა, რომ ოსმალეთში ოჯახის ყველა წევრი დაკარგა, მათ შორის, ორი ვაჟიც, რის გამოც დაბრუნდა უკანასკნელ შვილთან, რომელიც ოჩამჩირის ოკრუგში ცხოვრობდა და მასთან საცხოვრებლად დარჩენა სურდა. პ. კრავჩენკო ითხოვდა კავკასიის მთიელთა სამმართველოს უფროსს ამის თაობაზე კავკასიის არმიის მთავარსარდლისათვის ეცნობებინა და მისგან გამოეთხოვა ნებართვა ასიდა ანჩაბაძისა და მისი მოსამსახურე ბიჭის მისდამი რწმუნებულ განყოფილებაში დატოვების თაობაზე .

1875 წლის 4 სექტემბერს პ. კრავჩენკოს აცნობეს, რომ კავკასიის არმიის მთავარსარდალმა თანხმობა განაცხადა, თავადის ასული ასიდა ანჩაბაძე მოსამსახურე ბიჭთან ერთად ოჩამჩირის ოკრუგში დარჩენილიყო; ამასთან რუსეთის კონსულს ბათუმში უნდა გაერკვია ოსმალეთიდან ასიდა ანჩაბაძის ჩამოსვლის მიზეზი და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებდა ის აქ სამუდამოდ დამკვიდრების უფლებას.

ამრიგად, ზოგჯერ მუჰაჯირები სამშობლოში დაბრუნებას ახერხებდნენ და რუსეთის ხელისუფლება მათ აქ დამკვიდრების უფლებას აძლევდა. იყო შემთხვევები, როდესაც ოჯახთან თუ ახლობლებთან შესაერთებლად აფხაზები ხელისუფლებას ოსმალეთში გადასახლების ნებართვას სთხოვდნენ და ასეთ ნებართვას იღებდნენ.

     ,,მაცნე”, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ

     და სოციალურპოლიტიკურ    მეცნიერებათა ფაკულტეტი, II.

                                          თბილისი, 2008.

 

 ***

  

რუსეთის საეკლესიო პოლიტიკის ისტორიიდან აფხაზეთში  (XIX ს.)

           

გვიან შუა საუკუნეებში აფხაზეთში მიმდინარე ეთნოპოლიტიკურმა პროცესებმა _ მთის ჩამოწოლა, გარეშე მტრების შემოსევები, ფეოდალური შინაომები და სხვა, _ მხარის კულტურული განვითარება შეაფერხა და ქართული სამყაროსაგან აფხაზთა გარკვეული ,,გაუცხოება” გამოიწვია. ეს, უპირველეს ყოვლისა, ქრისტიანობის მისუსტებასა და წარმართობის აღორძინებაში გამოიხატა. XV საუკუნის 70იან წლებში შედგენილ ძეგლში ,,მცნება სასჯულო” პირველად გამოჩნდა ქართული სამყაროსაგან აფხაზთა ,,გაუცხოების” კვალი: ,,აფხაზეთი ქრისტეანობისაგან სრულიად მიდრეკილ იყუნეს, ქრისტეს მცნებათაგან განშორებულ იყუნეს”.   იმავე ხანებში შედგენილ კიდევ ერთ დოკუმენტში ნათლადაა ნაჩვენები აფხაზეთში შექმნილი ვითარება: ,,მას ჟამსა უღმთოდ და უსჯულოებად მიიქცეს აფხაზნი”ო და ,,აფხაზთა გარყუნეს სჯული და კათალიკოზობა”.  ქართული ეკლესია აფხაზეთში თანდათან თმობდა პოზიციებს. ნიშანდობლივია, რომ XVI საუკუნის II ნახევარში აფხაზეთის (დასავლეთ საქართველოს) კათალიკოსის რეზიდენცია ბიჭვინთიდან გელათში გადაიტანეს.

1681 წელს აფხაზთა მიერ ოდიშის სამთავროს ჩრდილოდასავლეთ ნაწილის, მდ. კელასურსა და მდ. ღალიძგას შორის, მიტაცების შემდეგ დრანდისა და მოქვის საეპისკოპოსოები გაუქმდა. ამდენად, აფხაზთა მიერ მიტაცებულ ტერიტორიაზე ქრისტიანული ეკლესიის ფუნქციონირება შეუძლებელი გახდა. მოგვიანებით, XVIII საუკუნის 60იან წლების მიწურულს, აფხაზთა მძლავრობის გამო, ოდიშის სამთავროს ჩრდილოდასავლეთ ნაწილში, სამურზაყანოში, ბედიის კათედრაც მოიშალა.

XVIII საუკუნეში აფხაზეთში, რომელიც მოიცავდა ტერიტორიას მდ. ბზიფსა და მდ. ღალიძგას შორის, ქრისტიანობა სულს ღაფავს, აღორძინებულია წარმართობა, ვრცელდება ისლამიც. დასავლეთ საქართველოს კათალიკოსები და ეპისკოპოსები აფხაზეთში ქრისტიანობის აღორძინებისათვის ზრუნავდნენ, თუმცა ამას მაშინდელ პირობებში არსებითი შედეგი არ მოჰყოლია. სულხანსაბა ორბელიანის მიერ საფრანგეთის მეფის ლუი XIVის (1643-1714) სახელზე შედგენილ  მემორანდუმში (1714 წ.) აფხაზეთის კათალიკოსის გრიგოლ ლორთქიფანიძის (1696-1742) თხოვნით შევიდა პუნქტი კათოლიკე მისიონერების გაგზავნის შესახებ ჩერქეზეთსა და აფხაზეთში, დასავლეთ კავკასიაში ქრისტიანობის ასაღორძინებლად.  თუმცა მათი ჩამოყვანა მაშინ ვერ მოხერხდა.

დრანდის, მოქვის, ბედიის ეპარქიების გაუქმების შემდეგ, მიტროპოლიტი გრიგოლ ცაიშელი (1777-1823) ბევრს იღვწოდა ქრისტიანობის გავრცელებისათვის აფხაზეთში, ბევრიც მონათლა და ეპარქია წარმართთა აოხრებისაგან ბევრჯერ დაიფარა. XVIII ს. მიწურულს იგი ანდერძში აღნიშნავდა: ,,გულმოდგინებით მაქვნდა აფხაზეთის ერნი გარდაქცეულნი სარწმუნოებისაგან, რომელიც ხელმისაწთომელ იყო ჩემ მიერ იგინი მომეყვანა სარწმუნოებად და მრავალნიცა მოქცეული იქმნენ და მონათლულ. სიფრთხილითა და ღვაწლითაცა ჩემითა დავფარე მრავალგზის წარტყვევნისაგან წარმართთასა საეკლესიო მამული და საეპარხიოცა”.  მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთში ამ დროს მძლავრობდა წარმართობა და ისლამი, აფხაზები კრძალვით ეპყრობოდნენ ქრისტიანულ საკულტო ძეგლებსა და რელიკვიებს. ფრანგი მოგზაურის ჟ.ფ. გამბას ცნობით, აფხაზები ეთაყვანებიან ქვის ჯვრებსა და ეკლესიებს, რომლებიც მრავლადაა მათ ქვეყანაში. ქრისტიანული ტაძრები, სადაც მათი წინაპრები საუკუნეების განმავლობაში ქრისტიანულ რიტუალებს ასრულებდნენ, აფხაზებს არ შეუბღალავთ. აფხაზები და მეგრელები განსაკუთრებულ თაყვანს სცემენ ილორის ეკლესიას, რომელიც სამეგრელოაფხაზეთის საზღვარზეა და დაუსრულებლად შეუძლიათ ლაპარაკი აქ მომხდარი სასწაულების შესახებ. გამბას ცნობით, აფხაზების შიშისა და თაყვანისცემის ობიექტი იყო ბიჭვინთის ტაძარიც. ისინი ვერ ბედავდნენ ხელი ეხლოთ ტაძარში შემორჩენილი საეკლესიო ჭურჭლისა და წიგნებისათვის.

 

აფხაზეთში ქრისტიანობა უმთავრესად ოდიშის (სამეგრელოს) სამთავროს მომიჯნავე ნაწილში _ მდ. ღალიძგასა და მდ. კოდორს შორის იყო შემორჩენილი. მდ. კოდორიდან სოხუმამდე, და იქით მცხოვრებნი, მეტწილად მაჰმადიანები იყვნენ. ოდიშის სამთავროს დედოფალი ნინო ბაგრატიონიდადიანისა 1805 წელს წერდა: აფხაზეთში ,,გლეხნი… უმეტესნი ქრისტიანობენ და სწამთ ჯვარი და ხატი ჩვენი”ო.  ამასთან დაკავშირებით, საინტერესოა ჟ.ფ. გამბას ცნობა, რომ ,,ბევრმა აფხაზურმა ოჯახმა შემოინახა ქრისტიანობა. მათ წინაპრებად მეგრელები ითვლებიან”ო.  ფაქტობრივად, ეს ასეც იქნებოდა. აფხაზების მიერ მიტაცებული ოდიშის ჩრდილოდასავლეთი ნაწილის გააფხაზებულმა მოსახლეობამ, უმთავრესად გლეხობამ, შეინარჩუნა თავისი სარწმუნოება _ ქრისტიანობა.  ნინო ბაგრატიონი ასევე აღნიშნავდა, რომ მოქვის (აფხზეთი), ილორისა და ბედიის (ოდიში, სამურზაყანო) ეკლესიებში ღვთისმსახურება სრულდებოდა.

აფხაზეთის კათალიკოსის მაქსიმე აბაშიძის (1776-1795) დიპლომატიური მისიით რუსეთში გამგზავრების შემდეგ, 1784-1795 წწ. საკათალიკოსო საქმეებს ქუთათელი მიტროპოლიტი დოსითეოსი (წერეთელი) განაგებდა, ხოლო 1795 წლის  30 მაისს მაქსიმე კათალიკოსის კიევში გარდაცვალების შემდეგ დასავლეთ საქართველოს ეკლესიას სათავეში ის ოფიციალურად ჩაუდგა.

რუსეთის მიერ ქართლკახეთის სამეფოს დაპყრობის შემდეგ, ხელისუფლებას საქართველოს ეკლესიის ორგანიზაცია ხელს არ აძლევდა. მთავრობა ეკლესიისაგან მოსახლეობის სამეფო ტახტისა და არსებული პოლიტიკური რეჟიმის ერთგულებით აღზრდას მოითხოვდა. ასეთად საქართველოს ეკლესია ვერ გამოდგებოდა. ამასთან, ქვეყნის კოლონიზაციისა და მოსახლეობის ასიმილაციის ღონისძიებებთან, დამოუკიდებელი საეკლესიო ორგანიზაციის არსებობა მოუთმენელი იყო. ამიტომ საეკლესიო რეორგანიზაციის გატარება გადაწყდა. 1811 წელს საქართველოს ეკლასია რუსეთის სინოდს დაექვემდებარა და მის მმართველად საქართველოს ეგზარქოსი დაინიშნა. ამრიგად, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია გაუქმდა.  1814 წელს დასავლეთ საქართველოს დამოუკიდებელი საეკლესიო ორგანიზაციაც გაუქმდა და ის საქართველოს საეგზარქოსოს შეუერთდა. შეიქმნა ,,საქართველოიმერეთის სინოდალური კანტორა”, რომელსაც ,,საქართველოიმერეთის ეგზარქოსი” ხელმძღვანელობდა.

1810 წელს აფხაზეთის სამთავრო რუსეთის იმპერიის ,,მფარველობაში” შევიდა. რუსეთის ხელისუფლება და აფხაზეთის მთავარი ამ მხარეში პოზიციების განმტკიცების მიზნით ქრისტიანობის გავრცელებას ცდილობდნენ. ცარიზმი ქრისტიანობის მფარველობის დროშით ნიღბავდა დამპყრობლურ მიზნებს და კოლონიურ პოლიტიკას საქართველოსა და მთლიანად კავკასიაში. ქრისტიანობის გავრცელება რუსეთის პოლიტიკური გავლენის გავრცელებას მოასწავებდა. ამიტომ იყო, რომ აფხაზეთის სამთავროში ქრისტიანობის აღორძინებას ყურადღება მიექცა.

აფხაზეთში რუსეთის მფლობელობის დამყარების შემდეგ დეკანოზმა იოანე იოსელიანმა საკუთარი სახსრებით აღადგინა სამთავრო სახლის კარის ეკლესია ლიხნში – ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი, გამართა ღვთისმსახურება და მღვდლები გაამწესა, ამასთან მრავალი აფხაზიც მონათლა, მათ შორის, აფხაზეთის მთავრის გიორგი შარვაშიძის (1810-1821) ოჯახიც. ამასთანავე, 1810 წელს მან ლიხნში სასულიერო სასწავლებლის გახსნის თაობაზე საკითხი აღძრა. ის იმედს გამოთქვამდა, რომ ამ გზით აფხაზეთს ქრისტიანობის ნათელი კვლავ მოეფინებოდა, თუმცა რთული პოლიტიკური ვითარების გამო ხელისუფლებამ ამ წინადადებას მხარი არ დაუჭირა.

1817 წლიდან სოხუმის ეკლესიაში მოღვაწეობდა მღვდელი სოლომონ ნადიროვი (ნადარეიშვილი), რომელიც ქრისტიანობას ქადაგებდა აფხაზებში და მრავალიც მონათლა. მის თბილ დამოკიდებულებას აფხაზებისადმი, დიდ გულმოდგინებას მათი გაქრისტიანების საქმეში, აფხაზეთის ახალგაზრდა მთავარი მიხეილ შარვაშიძე (1823-1864) 1823 წელს მაღალ შეფასებას აძლევდა. 1823-1824 წლებში სოლომონ ნადარეიშვილმა ლიხნსა და ბიჭვინთაში 62 წარმართი და მაჰმადიანი აფხაზი მონათლა.  მაგრამ 20იანი წლების დასაწყისში აფხაზეთში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა აფხაზთა გაქრისტიანების პროცესი გარკვეული ხნით შეაფერხა.

1821 წლიდან ლიხნში ნაყოფიერ მოღვაწეობას ეწეოდა მღვდელი იოანე ქავთარაძე, რომელმაც ადგილობრივი მოსახლეობის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მალე იგი ლიხნის ეკლესიის დეკანოზი გახდა. 1823 წელს მან საქართველოს ეგზარქოსს, მიტროპოლიტ იონას (1821-1832) სთხოვა მის დასახმარებლად რომელიმე მღვდელმონაზონი და საეკლესიო ლიტერატურა გამოეგზავნა. იმ ფორმალური მოტივით, რომ აფხაზეთის სამთავრო ჯერ კიდევ არ შედიოდა მის გამგებლობაში, ეგზარქოსმა თხოვნის შესრულებაზე უარი შეუთვალა. 20იანი წლების დასაწყისში აფხაზეთის არქიმანდრიტმა იოანე იოსელიანმა, მთავრის სულიერმა მოძღვარმა სიმონ ჟორდანიამ, მღვდელმა იოანე ქავთარაძემ 150მდე აფხაზი მონათლეს.

მისიონერული საქმიანობის პირველმა წარმატებებმა აფხაზეთში ნათლად აჩვენა, რომ არც ეკლესიები  და არც სამღვდელოება ამ მხარეში საკმარისად არ იყო, ხოლო ,,სამკალი ფრიად” იყო. მთავარმართებელი ა. ერმოლოვი (1817-1827) საქართველოს ეგზარქოსს, მიტროპოლიტ იონას 1823 წლის 12 მაისს წერდა, რომ აფხაზეთის მთელი სამღვდელოება ერთი არქიმანდრიტისა და ერთი დეკანოზისაგან შედგებოდა; საეკლესიო მამულები იქ არ იყო. მან იმერეთის მმართველს, გენერალმაიორ პ. გორჩაკოვს (1820-1825) სთხოვა, სამეგრელოს მთავარს დაეთანხმებინა სამთავროს რომელიმე ეპისკოპოსი, აფხაზეთში ჩასულიყო და ლიხნის ტაძარი ეკურთხებინა. გრიგოლ ცაიშელმა გამგზავრება ვერ შეძლო, ამიტომ 1823 წლის 10 ივლისს აფხაზეთში ცაგერელი მიტროპოლიტი იოანე (დადიანი) ჩავიდა და ლიხნის ტაძარი აკურთხა. იოანე ცაგერელმა ლიხნში ყოფნისას 26 აფხაზიც მონათლა. 

1822 წელს ,,ოსეთის სასულიერო კომისიამ”, რომელიც ოსეთში ქრისტიანობის აღდგენის მიზნით 1745 წელს შეიქმნა, სურვილი გამოთქვა თავისი საქმიანობა აფხაზეთშიც გაევრცელებინა. მთავარმართებელმა ა. ერმოლოვმა არ გაიზიარა ,,ოსეთის სასულიერო კომისიისა” და პირადად მისი მეთაურის, საქართველოს ეგზარქოს იონას სურვილი, რადგან, მისი აზრით, არამყარი პოლიტიკური ვითარება აფხაზეთში, ხშირი მღელვარებები, ამ მხარეში სასულიერო პირთა მოღვაწეობას ხელს შეუშლიდა. თუმცა სამეგრელოს სამთავროს სამღვდელოება აფხაზეთში მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდა და რუსული ადმინისტრაცია ხელს არ უშლიდა. ხელისუფლება, გარდა მისიონერული საქმიანობისა, აფხაზეთში არსებული ეკლესიების აღდგენაზეც ზრუნავდა. იმპერატორმა მთავარმართებელს დაავალა მზრუნველობა გამოეჩინა ბიჭვინთის დანგრეული ტაძრის აღდგენაზე. კავკასიის რუსული ადმინისტრაცია ფიქრობდა, რომ არსებული პოლიტიკური ვითარების პირობებში საეჭვოდ მიაჩნდა იმპერატორის დავალების დაუყოვნებლივ შესრულება, მაგრამ 1821 წლის სექტემბერში იმერეთის მმართველს, პ. გორჩაკოვს, მონასტრის აღდგენისათვის გეგმის შედგენა მაინც დაევალა. 1821-1824 წწ. ხელისუფლება ლიხნის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის აღდგენასაც შეეცადა.  მაგრამ ეს მცდელობები აფხაზთა 1824 წლის ანტირუსულმა აჯანყებამ ჩაშალა.

იმერეთის 1819-1820 წწ.  აჯანყების ჩახშობის შემდეგ, ხელისუფლება დასავლეთ საქართველოში საეკლესიო რეფორმის გატარებას მეტი ენერგიით შეუდგა. 1821 წელს გაუქმდა ქუთაისის, გაენათის, ხონის, რაჭის ეპარქიები და მათ ნაცვლად იმერეთის ეპარქია შეიქმნა. ამ დროისათვის სამეგრელოში სამი ეპარქია იყო: ჭყონდიდის, ცაიშის და ცაგერის. ხელისუფლება ხელსაყრელ დროს უცდიდა სამეგრელოს ახალი საეკლესიო მოწყობისათვის და ეს დროც მალე დადგა. 1823 წლის 15 ნოემბერს მიტროპოლიტი გრიგოლ ცაიშელი (1777-1823), ხოლო 8 დეკემბერს მიტროპოლიტი იოანე ცაგერელი (1796-1823) გარდაიცვალა. ეგზარქოსმა ეს დრო ხელსაყრელად ჩათვალა ამ ეპარქიების გასაუქმებლად და ისინი ჭყონდიდის ეპარქიას შეუერთა, რომელსაც მიტროპოლიტი ბესარიონი (1796-1828) განაგებდა. ცაიშის ეპარქიის გაუქმების შემდეგ, აფხაზეთი ჭყონდიდის ეპარქიაში შედიოდა, რომელსაც მოგვიანებით, 1829 წელს, სამეგრელოს ეპარქია ეწოდა.

ქრისტიანობის სავალალო მდგომარეობა აფხაზეთში მისიონერობის სწორ ორგანიზაციას მოითხოვდა. ეს შესაძლებელი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთის ჯარის ნაწილებმა 1830 წლის ზაფხულში აფხაზეთის სანაპირო პუნქტები _ ბამბორა, ბიჭვინთა და გაგრა დაიკავეს და რუსეთის ხელისუფლება ამ მხარეში შედარებით განმტკიცდა.

30იან წლებში აფხაზეთში  რუსეთის ხელისუფლების შედარებით განმტკიცების შემდეგ აქ ქართველ სასულიერო პირთა მისიონერული მოღვაწეობა გაიშალა, რომლის აუცილებლობასაც ამ მხარეში ქრისტიანობის სავალალო მდგომარეობა განაპირობებდა. სამთავროში ქრისტიანობის გავრცელების მნიშვნელობა მისი ხელისუფლების განმტკიცებისათვის მიხეილ შარვაშიძეს კარგად ესმოდა. 1831 წელს  იმერეთის მმართველისადმი წერილში იგი აღნიშნავდა, რომ მისი ქვეშევრდომების დიდი ნაწილი მაჰმადიანი იყო; მათზე უარყოფით გავლენას ახდენდნენ ჩერქეზები; ისინი წინააღმდეგობას უწევდნენ რუსეთის მთავრობისა და მთავრის ღონისძიებებს, რომლებიც ამ მხარეში სიმშვიდის უზრუნველყოფისაკენ იყო მიმართული. რათა აფხაზები ჩერქეზების მავნე ზეგავლენისაგან ჩამოეშორებინა, მთავარს აუცილებლად მიაჩნდა მათი გაქრისტიანება. ამ მიზნით, ის წინადადებას აყენებდა აფხაზეთში შექმნილიყო ცალკე ეპარქია და მღვდელმთავრად მისი ნათესავი, ცაგერის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ანტონ დადიანი დაენიშნათ. მთავარი წერდა, რომ ანტონ დადიანს პატივს სცემდნენ როგორც წარმოშობის, ისე მისი წოდებისა და შესანიშნავი თვისებების გამო, მან შესანიშნავად იცოდა თავისი საქმე და ადგილობრივი ენა. იგი იმედს გამოთქვამდა, რომ ის აფხაზეთში ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებდა. 

კავკასიის ჯარების მთავარსარდლის მოვალეობის შემსრულებელმა და საქართველოს სამოქალაქო ნაწილის უფროსმა, გენერალლეიტენანტმა ნ. პანკრატიევმა საქართველოს ეგზარქოსს, მიტროპოლიტ იონას სთხოვა აფხაზეთის მთავრის თხოვნასთან დაკავშირებით აზრი გამოეთქვა. ამასთან დაკავშირებით, სინოდალურმა კანტორამ სამეგრელოს ეპარქიის მმართველს, მიტროპოლიტ დავითს (1829-1834) სთხოვა მიეწოდებინა ცნობები აფხაზეთში არსებული ეკლესიებისა და მღვდელმსახურთა რაოდენობის თაობაზე. 1831 წლის 5 ნოემბერს მიტროპოლიტმა დავითმა (წერეთელი) სინოდალურ კანტორას აცნობა, რომ აფხაზეთის მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობა მაჰმადიანი იყო და მხოლოდ ერთი ეკლესია ფუნქციონირებდა ლიხნში, სადაც ღვთისმსახურებას მისი ეპარქიის მღვდელი სიმონ ჟორდანია ეწეოდა. 

იმის გამო, რომ აფხაზეთში ეკლესიებისა და მრევლის რაოდენობა უმნიშვნელო იყო, სინოდალურმა კანტორამ აფხაზეთის მთავრის თხოვნის დაკმაყოფილებაზე  უარი თქვა, ამასთან აფხაზეთში მისიონერული მოღვაწეობის გასაშლელად სამეგრელოს ეპარქიიდან მღვდლების გაგზავნა მიზანშეწონილად ჩათვალა. რუსეთის ხელისუფლება თვლიდა, რომ სასურველი იყო აფხაზეთში მისიონერული საქმიანობისათვის თავდაპირველად ქართველი სასულიერო პირები გამოეყენებინათ. ამ საკითხის განხილვის შემდეგ სინოდმა დაადგინა იღუმენი ანტონი (დადიანი) არქიმანდრიტის ხარისხში აემაღლებინათ, მიეცათ მისთვის ერთი მონასტერი სამეგრელოში და მის უმთავრეს მოვალეობად აფხაზეთში ურწმუნოთა გაქრისტიანება განესაზღვრათ.  1833 წლის 12 თებერვალს საქართველოს ეგზარქოსმა, მთავარეპისკოპოსმა მოსემ (1832-1834) ცაგერის მონასტრის წინამძღვარი, იღუმენი ანტონი (დადიანი) არქიმანდრიტად აკურთხა. მომდევნო წლის დასაწყისში არქიმანდრიტი ანტონი აფხაზეთში ჩავიდა და მისიონერულ მოღვაწეობას შეუდგა. ეგზარქოსმა მის თანაშემწეებად დანიშნა ცაგერის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის იღუმენი დავითი (ახვლედიანი), მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მღვდელი სიმონი (ჟორდანია), ცაგერის ტაძრის მღვდელმონაზონი თეოფანე (გაბუნია).

1834 წლის გაზაფხულიდან არქიმანდრიტი ანტონი და მისი თანაშემწეები აქტიურ მისიონერულ მოღვაწეობას შეუდგნენ აფხაზეთში, ჯერ ლიხნში, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ აქ ცხოვრობდა მთავრის ოჯახი და მის მხარდაჭერას ამ საქმეში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა; ამასთან, ქრისტიანობა აქ ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი და აქაური მოსახლეობა ადვილად ინათლებოდა. არქიმანდრიტი ანტონი აფხაზებთან ურთიერთობას დიდად უფრთხილდებოდა, მათი ნდობის მოპოვებას ცდილობდა, აფხაზურ სამრევლოებში აფხაზური ენის მცოდნე მღვდლებს აგზავნიდა. 1835 წელს მან სამეგრელოს ეპისკოპოსს სთხოვა მასთან გაეგზავნა ილორის ეკლესიის მღვდელი რომან მერჭულე, რომელიც არამარტო კარგი მღვდელი, არამედ აფხაზური ენის კარგი მცოდნეც იყო. აფხაზთა სასულიერო კადრების მომზადებას ის დიდ ყურადღებას აქცევდა. მისი აზრით, აფხაზი სასულიერო პირები სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში _ მარტვილში უნდა მომზადებულიყვნენ. ამ სასწავლებელში მომზადებული აფხაზები შეძლებდნენ აფხაზეთში სასულიერო სასწავლებლის გახსნას და იქ მოღვაწეობას, მშობლიურ ენაზე ღვთისმსახურების შესრულებას. 

არქიმანდრიტ ანტონის (დადიანი) მისიონერული მოღვაწეობის დადებითი შედეგები მალე აშკარა გახდა. 1834 წლის მარტიდან მაისამდე მხოლოდ ლიხნში 155 კაცი მოინათლა. Bბზიფის ოლქში აფხაზთა გაქრისტიანებაში არქიმანდრიტ ანტონსა და მის თანაშემწეებს მთავრის დედამ თამარ შარვაშიძემ და თავადმა სალარუფ ინალიფამ დიდი დახმარება გაუწიეს. მისიონერები აბჟუის მხარეშიც მოღვაწეობდნენ. 1834 წელს კვიტოულში 156 კაცი მოინათლა, ტამიშში – 93, კინდღში – 72. მთლიანად აფხაზეთში მისიონერებმა პირველ წელს 554 აფხაზი მონათლეს. ეს პროცესი შემდგომ წლებშიც გაგრძელდა. 1835 წელს 784, ხოლო 1836 წელს 617 კაცი მოინათლა.  არსებობს 1834-1836 წლებში მონათლულთა სიები, რომლებიც ქართულ ენაზეა შედგენილი და დამოწმებულია მთავრის, მიხეილ შარვაშიძის ან მისი დედის თამარ დადიანის მიერ. ეს სიები შესანიშნავი წყაროა XIX საუკუნის 30იანი წლების აფხაზეთის ტოპონიმიკის, მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობის  და სხვ. შესასწავლად.  ამ სიებიდან კარგად ჩანს, რომ ბზიფის მხარეში ძირითადად აფხაზური გვარები ჭარბობდა, თუმცა საკმაოდ ბევრი იყო ქართული (მეგრული) გვარებიც, როგორც ჩანს, ესენი გააფხაზებული ქართველები იყვნენ; აბჟუაში უფრო მეტი ქართული (მეგრული) გვარები გვხვდება.

ამავე ხანებში აფხაზეთში აიგო ხის ან ქვის ეკლესიები, გამწესდა მღვდლები. 1836 წელს ეკლესიები აიგო: ეშქითში _ ღვთისმშობლის, ტამიშში _ წმ. ნიკოლოზის, შქაწყარში _ ღვთისმშობლის შობის და სხვ.

30იანი წლების მეორე ნახევარში მისიონერული მუშაობა შეფერხდა, რაც რამდენიმე ფაქტორით იყო გამოწვეული. სამეგრელოდან და ლეჩხუმიდან ჩამოსული სასულიერო პირები ციებით დაავადდნენ, რითაც ხელი ეშლებოდათ საქმიანობაში; თუ პირველ წლებში სანაპირო ზოლის მოსახლეობა გაქრისტიანდა, ახლა ჯერი მთიან სოფლებზე მიდგა. სანაპირო ზოლის მოსახლეობის დიდი ნაწილი ძირითადად გააფხაზებული ქართველებისაგან შედგებოდა, რომელთაც დიდად არ ეუცხოებოდათ მამაპაპათა სარწმუნოებისაკენ მობრუნება, ამასთან ისინი აქ შემორჩენილი მიტოვებული თუ დანგრეული ეკლესიების მიმართ ჯერაც მოკრძალებით იყვნენ გამსჭვალული; მთაში კი ცხოვრობდნენ არცთუ დიდი ხნის წინ ჩრდილოეთ კავკასიიდან ჩამოსახლებული წარმართი და მაჰმადიანი მთიელები, რომლებიც მისიონერებს აქტიურ წინააღმდეგობას უწევდნენ. ქრისტიანობის გავრცელება მათთვის მიუღებელი რუსული ხელისუფლების განმტკიცებას და თანამოძმე მთიელებთან კავშირის გაწყვეტას ნიშნავდა. ისინი ხვდებოდნენ, რომ ხელისუფლებას მათი გაქრისტიანება პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სურდა. ამიტომ სასტიკ წინააღმდეგობას უწევდნენ ქრისტიანობის გავრცელებას, უფრო მეტიც, ახალმონათლულთა კვლავ გამაჰმადიანებას ცდილობდნენ.  შექმნილი სიძნელეების თაობაზე არქიმანდრიტი ანტონი (დადიანი) ეგზარქოსს აუწყებდა: ,,უმეტეს და უმეტეს ძნელდების მონათვლა მათი. მიზეზთა ამით, რომელთა არიან მოსანათლავნი მთის ხალხი და უმეტეს მაჰმადიანობის მქონებელნი, და ამისათვის, თუცა არა ვრიდებთ თავსა ჩვენსა შრომასა, გარნა ძნელდების მოქცევა და მოყვანა მათი ჩვენთა მართალსა სარწმუნოებასა ზედა”.   1836 წლის 31 მარტს სამეგრელოს მთავარმა ლევან V დადიანმა (1805-1846) კავკასიის მთავარმართებელსა და კავკასიის კორპუსის მთავარსარდალს ბარონ გრ. როზენს (1831-1837) წერილით მიმართა. მისი აზრით, მისიონერული მოღვაწეობა აფხაზეთში დასახულ მიზანს ვერ მიაღწევდა. მას აეჭვებდა, რომ მთავრობის განზრახვა ,,საჭურვლითა ჯვარისათა” დაეძლია მთიელთა ურჩობა და დაუმორჩილებლობა, წარმატებას მიაღწევდა.  ამის შემდეგ რუსეთის ხელისუფლებამ მართლმადიდებლობის მეშვეობით აფხაზეთში იმპერიის პოზიციების განმტკიცების მცდელობას სამხედრო ძალის გამოყენებით მოქმედება არჩია. ამის შედეგი იყო სამხედრო ექსპედიციები აფხაზეთის მთის თემების _ წებელდა, დალი, ფსხუ, _ დასამორჩილებლად.

რთული პირობების მიუხედავად, ქართველი მისიონერები აფხაზეთში მოღვაწეობას კვლავ აგრძელებდნენ, თუმცა მისიონერული მოღვაწეობის შეფერხება ხელისუფლების წარმომადგენლებმა არქიმანდრიტ ანტონის (დადიანის) წინააღმდეგ საბაბად გამოიყენეს და მის თავიდან მოშორებას შეეცადნენ, რათა აფხაზეთის გარუსების საქმეში ხელი არ შეშლოდათ. ისინი განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც არქიმანდრიტმა ანტონმა (დადიანმა) ჯანმრთელობის გაუარესების გამო საქართველოს სხვა კუთხეში გამწესება ან საერთოდ, სამსახურიდან დათხოვნა ითხოვა. 1840 წლის 10 მარტს კავკასიის კორპუსის შტაბის უფროსი, გენერალმაიორი პ. კოცებუ საქართველოს ეგზარქოსს წერდა, რომ აფხაზეთში, ,,ამ ნახევრად ველურ მთიელთა შორის ჭეშმარიტი სარწმუნოების გასავრცელებლად” აუცილებელი იყო რუსი სასულიერო პირების დანიშვნა.  ამავე ხანებში, 1842 წლის 3 აპრილს, სამეგრელოს ეპისკოპოსი გიორგი (1838-1842) გარდაიცვალა და 1843 წლის 14 თებერვალს არქიმანდრიტი ანტონი (დადიანი) სამეგრელოს ეპისკოპოსად ეკურთხა.

აფხაზეთში რუსეთის პოზიციები უკვე საკმაოდ მყარი იყო და ამიტომ ხელისუფლება თავის პოლიტიკას დაპყრობილ მხარეში უკვე ნაკლებად ნიღბავდა. ქართველი არქიმანდრიტის რუსი ეპისკოპოსით შეცვლის საკითხის გადაწყვეტა დიდად იყო დამოკიდებული აფხაზეთის მთავრის მიხეილ შარვაშიძის პოზიციაზე, შეინარჩუნებდა თუ არა ის სარწმუნოებრივ, კულტურულ და პოლიტიკურ კავშირს ქართულ სამყაროსთან. მაშინ აფხაზეთის მთავარმა მტკიცედ განაცხადა: ,,მე მსურს ჩემს სამფლობელოში ანტონის წასვლის შემდეგ მის ადგილზე იყოს იღუმენი თეოფანე, რომელიც ანტონთან ერთად კარგად იცნობს აფხაზებს და თავისი კეთილგანწყობილებითა და გონიერი მიდგომით დაიმსახურა მათი პატივისცემა … მე მსურს ჩემი სამფლობელოს ეკლესია უშუალოდ დაექვემდებაროს სამეგრელოს ეპისკოპოს ანტონს”.  რუსეთის ხელისუფლება…აფხაზეთის მთავრის განაწყენებას მოერიდა და მისი სურვილი გაითვალისწინა. იღუმენი თეოფანე (გაბუნია) აფხაზეთში 1845 წლამდე მოღვაწეობდა. შემდეგ იგი იღუმენმა გერმანემ (გოგელაშვილი) შეცვალა.

40იანი წლების ბოლოს რუსეთის ხელისუფლება იმ დასკვნამდე მივიდა, რომ აფხაზეთში ცალკე ეპარქიის შექმნა აუცილებელი იყო. მიხეილ შარვაშიძესაც ძალიან სურდა აფხაზეთში სამღვდელმთავრო კათედრის შექმნა. მან შესაბამისი წინადადებით  საქართველოს ეგზარქოსს 1849 წელს მიმართა. იმპერატორის განკარგულებით, მართლმადიდებლური ქრისტიანობის აღორძინების მიზნით, 1851 წლის 30 აპრილს, აფხაზეთის ეპარქია შეიქმნა. 8 სექტემბერს, სიონის ტაძარში, აფხაზეთის ეპისკოპოსად ხელდასხმულ იქნა მიხეილ შარვაშიძის სულიერი მოძღვარი, არქიმანდრიტი გერმანე (გოგელაშვილი). 

რუსეთკავკასიის ომისა (1763-1864) და დასავლეთ კავკასიაში მიურიდიზმის შეღწევის მცდელობის ფონზე აფხაზეთში ქრისტიანობის გავრცელების მნიშვნელობა აშკარა იყო. აფხაზეთში ქართველი მისიონერების მოღვაწეობა კვლავ გრძელდებოდა. 1852 წელს აფხაზეთში პირველი სკოლა გაიხსნა _ ლიხნის სასულიერო სასწავლებელი, რასაც ამ მხარეში განათლების გავრცელების თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. სასწავლებელი აფხაზეთის სასულიერო პირებისა და ადგილობრივ მკვიდრთა ყველა ფენის შვილების სწავლა-აღზრდისათვის იყო განკუთვნილი.  სხვა აფხაზ ბავშვებთან ერთად, მოგვიანებით,  სასწავლებელში აფხაზეთის მთავრის შვილი გიორგიც სწავლობდა. სასწავლებლის ფუნქციონირებას და ბავშვების შენახვას დიდი ამაგი დასდო სასწავლებლის ზედამხედველმა, იღუმენმა ალექსანდრემ (ოქროპირიძემ).

1857 წლის 2 ოქტომბერს ეპისკოპოსი გერმანე (გოგელაშვილი) იმერეთის კათედრაზე გადაიყვანეს, ხოლო 6 ოქტომბერს აფხაზეთის ეპისკოპოსად დავით გარეჯის უდაბნოს არქიმანდრიტი გერონტი (პაპიტაშვილი) ეკურთხა. ახალი მღვდელმთავრის აფხაზეთში ჩასვლამდე, 1857 წ. ოქტომბრიდან 1858 წ. იანვრამდე აფხაზეთის კათედრას არქიმანდრიტი ალექსანდრე (ოქროპირიძე) განაგებდა. 1859 წლის 17 ოქტომბერს ეპისკოპოსმა გერონტიმ აფხაზეთის ეპარქიაში მისიონერული მოღვაწეობა იღუმენ გრიგოლს (დადიანი) დააკისრა. იღუმენმა გრიგოლმა სოფლებში: ლიხნი, ებერნიხა, არხუა, რიუითა, ჩიგურხვა, კვასკემიწა და სხვ. მრავალი წარმართი და მაჰმადიანი აფხაზი მონათლა. 

1860 წლის 9 ივნისს ,,კავკასიაში მართლმადიდებელი ქრისტიანობის აღმდგენელი საზოგადოება” შეიქმნა, რომელიც ამ მხარეში მაჰმადიანობის წინააღმდეგ საბრძოლველად იყო მოწოდებული. ამ მიზნით მის ფარგლებში იყო გათვალისწინებული მისიონერული მუშაობა. საზოგადოების დროშით, მისიონერებისა და მართლმადიდებელი სამღვდელოების მონაწილეობით კავკასიაში მთიელთა აშკარა რუსიფიკაცია წარიმართა.  საზოგადოებამ მუშაობა აფხაზეთშიც გაშალა, სადაც სწრაფი ტემპით წარიმართა ეკლესიების აღდგენამშენებლობა. 1861 წელს საზოგადოებამ სოფ. ათარაში პირველი ეკლესია ააგო. შემდგომ წლებში ეკლესიების აღდგენამშენებლობა სწრაფი ტემპით წარიმართა.

ამავე ხანებში, 1862-1864 წლებში, მიხეილ შარვაშიძემ მოქვის ტაძარი აღადგინა,  რომელიც სამთავრო ოჯახის ძვალთშესალაგად აქცია. 1861 წელს აქ დაიკრძალა მთავრის მეუღლე ალექსანდრა (ცუცუ) დადიანიშარვაშიძისა, ხოლო 1866 წელს _ თვით მიხეილ შარვაშიძე.

1862 წლის 4 მარტს არქიმანდრიტი ალექსანდრე (ოქროპირიძე) სიონის ტაძარში აფხაზეთის ეპისკოპოსად ეკურთხა. ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (1862-1869) აფხაზეთში მართლმადიდებლობის პოზიციების შენარჩუნება და განმტკიცება შეძლო. მისი მეცადინეობითა და ბიჭვინთის ოლქის უფროსის დ. ჭავჭავაძის ძალისხმევით 1867 წელს სამი ათასამდე აფხაზის მონათვლა მოხერხდა. ეპისკოპოსი ალექსანდრე აფხაზ ყმაწვილებს საკუთარი სახსრებით ზრდიდა და სასულიერო განათლებას აძლევდა. 

1864 წლის ივლისში აფხაზეთის სამთავრო გაუქმდა და ამ მხარეში უშუალო რუსული მმართველობა დამყარდა. 1866 წელს  საკუთრივ აფხაზეთის (სოხუმის ოკრუგი), წებელდისა და სამურზაყანოს (ოქუმის ოკრუგი) შეერთებით სოხუმის სამხედრო განყოფილება შეიქმნა. აფხაზთა 1866 წლის აჯანყებისა და 1867 წლის მუჰაჯირობის შემდეგ სოხუმის სამხედრო განყოფილების უფროსმა, გენერალმაიორმა ვ. გეიმანმა ჩათვალა, რომ აფხაზეთის მოსახლეობის გარუსებისათვის ხელსაყრელი დრო დადგა. მას აფხაზეთში სამისიონერო საქმისაგან ქართული სამღვდელოების ჩამოშორება და მათი რუსი სამღვდელოებით შეცვლა სურდა. 1867 წელს ვ. გეიმანმა  მეფისნაცვალს ვრცელი მოხსენება წარუდგინა ,,აფხაზეთში ქრისტიანობის შესახებ”, სადაც აღნიშნავდა, რომ აფხაზეთის ეკლესიებში ღვთისმსახურება ,,გაუგებარ ქართულ ენაზე სრულდებოდა”. მოსახლეობის მცირერიცხოვნობის მოტივით იგი აფხაზეთის ეპარქიის გაუქმებისა და იმერეთის ეპისკოპოსისადმი დაქვემდებარების საკითხს აყენებდა. 1869 წლის 30 მაისს აფხაზეთის ეპარქია იმერეთის ეპარქიას შეუერთდა. 

იმერეთის ეპისკოპოსმა და აფხაზეთის ეპარქიის მმართველმა, ეპისკოპოსმა გაბრიელმა (ქიქოძე), წინამორბედი აფხაზეთის მღვდელმთავრების კურსი გააგრძელა. ეპისკოპოსი გაბრიელი ყოველწლიურად მოიხილავდა აფხაზეთის სამრევლოებს და, ამასთანავე, დიდ მისიონერულ მუშაობას ეწეოდა. 18691877 წწ. მისი ძალისხმევით 19 ათასამდე აფხაზი მოინათლა.  ყოველივე ამის შედეგად ხელისუფლებამ აფხაზეთის დაჩქარებული ასიმილაციის იმპერიული გეგმა ვერ განახორციელა.

1867 წელს, როდესაც აფხაზეთის ეპარქიის რეორგანიზაციის საკითხი დადგა, სოხუმის სამხედრო განყოფილებაში (აფხაზეთი) 31 ეკლესია და 33 მღვდელმსახური იყო. მათ შორის, სამურზაყანოში _ 15 ეკლესია და 15 მღვდელი, აბჟუის ოლქში _ 10 ეკლესია და 10 მღვდელი, აფხაზეთის ოლქში _ 1 ეკლესია (დრანდაში) და 1 მღვდელი, ბზიფის ოლქში 4 ეკლესია (მათ შორის, ერთი მშენებარე) და 7 მღვდელი. 

XIX საუკუნის 70იანი წლებიდან რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთის რუსიფიკაციის მიზნით ეკლესიის გამოყენება აქტიურად დაიწყო.  ამ დროიდან აფხაზეთში სამონასტრო კოლონიზაცია წარიმართა. 1872 წელს დაფუძნდა ბიჭვინთის რუსული მონასტერი, რომელსაც სარგებლობაში 1049 დესეტინა მიწის ნაკვეთი, ფიჭვნარი და ინკითის ტბა გადაეცა; 1875 წელს ფსირცხაში ათონის მთის წმ. პანტელეიმონის რუსული მონასტრის ფილიალი დაფუძნდა. მონასტერს თავიდან 327 დესეტინა მიწა და 200 დესეტინა ტყის მასივი, მოგვიანებით კიდევ 1000, ხოლო შემდგომში _ 4 ათასამდე დესეტინა მიწა გამოეყო.  ახალი ათონისა და ბიჭვინთის რუსული მონასტრები ამ მხარის მოსახლეობის გარუსების მნიშვნელოვან კერებს წარმოადგენდა.

1885 წელს სინოდმა გურიისა და სამეგრელოს ეპარქიები გააერთიანა, ხოლო აფხაზეთი სოხუმის საეპისკოპოსოს სახით ცალკე გამოყო. 1886 წლის დეკემბერში მოსკოვის ტროიცესერგიევოს ტაძარში არქიმანდრიტი გენადი (პავლინსკი) სოხუმის ეპისკოპოსად აკურთხეს. ამ დროიდან სოხუმის ეპისკოპოსებად ძირითადად რუსები ინიშნებოდნენ.

18831885 წლებში რუსმა ბერებმა დრანდის ტაძარი აღადგინეს და რუსული მამათა მონასტერი დააარსეს; 1893 წელს კამანის ეკლესია აღადგინეს და რუსული დედათა მონასტერი დააარსეს. იმავდროულად, XIX საუკუნის მიწურულსა და XX საუკუნის დასაწყისში ბიჭვინთის, ახალი ათონის სიმონ კანანელის, დრანდის, მოქვის, გაგრის და სხვა ეკლესიების აღდგენითი სამუშაოების შედეგად მათი თავდაპირველი ხუროთმოძღვრული სახე შეიცვალა, რაც ქართული არქიტექტურული სტილის შეცვლას ნიშნავდა.

რუსეთის კოლონიური და რუსიფიკატორული პოლიტიკა აფხაზების ქართული სამყაროსაგან და აფხაზეთის საქართველოსაგან ჩამოშორებას ისახავდა მიზნად. უწმიდესი სინოდის განკარგულებით, ღვთისმსახურება აფხაზეთის ტაძრებში საეკლესიოსლავურ ენაზე უნდა აღესრულებინათ.  ნიშანდობლივია, რომ 1890 წლისათვის სოხუმში სამ ეკლესიაში სრულდებოდა ღვთისმსახურება. მათ შორის, ორი რუსული იყო, მხოლოდ ერთში, სასაფლაოს ეკლესიაში სრულდებოდა ღვთისმსახურება ქართულად და ესეც აიკრძალა; გუდაუთაში, სადაც 146 აფხაზი, 600მდე ქართველი და 50მდე სომეხი და რუსი ცხოვრობდა, ღვთისმსახურება მხოლოდ რუსულ ენაზე სრულდებოდა.

სულ მალე, რუსეთის ხელისუფლებამ არასაკმარისად მიიჩნია საეკლესიო სფეროში გატარებული ღონისძიებები და გადაწყვიტა აფხაზეთი ქართული ქრისტიანული ორგანიზმისაგან საერთოდ ჩამოეშორებინა. 900იანი წლების დასაწყისში უკვე სოხუმის ეპარქიის საქართველოს საეგზარქოსოსაგან გამოყოფისა და  სტავროპოლის ეპარქიასთან შეერთების საკითხი დადგა, თუმცა რუსეთის ხელისუფლებამ აფხაზეთის საზოგადოების მტკიცე პროტესტის გამო ამის განხორციელება ვერ მოახერხა. კავკასიის კოლონიზაციის იდეოლოგი ა. ვერეშჩაგინი ჯერ კიდევ 1878 წელს აღნიშნავდა: ,,…შავი ზღვის კავკასიის სანაპიროზე, როგორც სახელმწიფოს განაპირა მხარეში, რომელიც ასე ბევრი რუსული სისხლი და ფული დაჯდა, სამართლიანად უნდა ბატონობდნენ რუსული ეკლესია, რუსული ენა, რუსული წერაკითხვა”.   რუსეთის ხელისუფლება ამ იდეის განხორციელებას მიზანმიმართულად ცდილობდა.    

ამრიგად, აფხაზეთის სამთავროში (1810-1864) ქართველი სამღვდელოების დიდი მეცადინეობით მართლმადიდებლური ქრისტიანობა აღორძინდა, მაგრამ რუსეთის ხელისუფლება ქართული საეკლესიო და კულტურულპოლიტიკური სამყაროსაგან აფხაზეთისა და აფხაზების ჩამოშორებასა და “რუსული აფხაზეთის” შექმნის იდეის განხორციელებას ცდილობდა.    

 

 

                 

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s