Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• აფხაზეთი XIX ს. 30-იან წლებში

აფხაზეთი – Abkhazia

 

ბეჟან ხორავა – ,,აფხაზეთის სამთავროს გაუქმება და მიხეილ შარვაშიძე”

I ნაწილი

II ნაწილი

***

აფხაზეთი XIX საუკუნის 30-იან წლებში

XIX საუკუნის 30-იან წლებში რუსეთი ცდილობდა მტკიცედ დამკვიდრებულიყო აფხაზეთში, მაგრამ ამ ხანებში აფხაზეთის მთავრისა და რუსეთის ხელისუფლების ურთიერთობა მნიშვნელოვნად გაფუჭდა, რისი მიზეზიც მიხეილ შარვაშიძის მიერ დამნაშავეთა მფარველობა და ცოლის შერთვასთან დაკავშირებული ამბები იყო.

1829 წელს მიხეილ შარვაშიძემ მამის სურვილის თანახმად შეირთო ჯიქების თავადის ბესლანგურ არიდბას ასული, რომელიც აფხაზეთის სამთავრო კარზე იზრდებოდა. მალე, 1831 წ. მიხეილი მას გაშორდა. აფხაზეთის მთავარმა არიდბას ასული სამშობლოში გაისტუმრა, სადაც ის კვლავ გამაჰმადიანდა და 1832 წ. ჯიქების თავად ედირ-ბეი გეჩს მისთხოვდა. მიხეილის დედას, თამარ კაციას ასულ დადიანი-შარვაშიძეს ძალიან სურდა, რომ მას ვინმე დადიანთა საგვარეულოდან შეერთო. 1831 წლის დასაწყისში მიხეილ შარვაშიძე, რომელიც ქუთაისიდან აფხაზეთში ბრუნდებოდა, სამეგრელოში, ქვაშიხორში, თავად ნიკოლოზ ელიზბარის ძე დადიანის ოჯახში ნადიმზე მიიწვიეს. ნადიმი ორი დღე გაგრძელდა. მიხეილ შარვაშიძემ აქვე ჯვარი დაიწერა ოჯახის უფროსის ქალიშვილზე, მარიამ (მენიკი) დადიანზე, თუმცა ის აფხაზეთში არ წაუყვანია, მამის სახლში დატოვა და მუდმივად ქვაშიხორში (შხეფი) ცხოვრობდა.

ამავე ხანებში გამწვავდა ურთიერთობა აფხაზეთის მთავარსა და მის ბიძას _ ჰასან-ბეის შორის. 1833 წლის 3 მარტს ზუგდიდისკენ მიმავალ ჰასან-ბეის სოფ. ფოქვეშში შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ. ორმხრივი სროლისას მოკლულ იქნა მიხეილ შარვაშიძის ერთგული ქვეშევრდომი და ნათესავი, აზნაური ხალიმ ლაკერბაია. ადათის თანახმად, მიხეილმა ბიძისაგან სისხლის საზღაური მოითხოვა. საქმეში თამარ შარვაშიძე ჩაერია და სიტუაციის განმუხტვა შეძლო. მან ხელი შეუშალა ლაკერბაიას ნათესავებს ჰასან-ბეიზე შური ეძიათ, თუმცა მათ მაინც მოასწრეს ჰასან-ბეის ზოგიერთი ქვეშევრდომის მამული დაერბიათ.

ჰასან-ბეი დარწმუნებული იყო, რომ მასზე თავდასხმაში მთავრის ხელი ერია, მისი წაქეზებით დაესხნენ თავს ჰასან მარღანია და ხალიმ ლაკერბაია. შეურაცხყოფილმა ჰასან-ბეიმ ოჯახი წებელდაში გახიზნა, ხოლო თვითონ კელასურში გამაგრდა. მის მომხრეთა რიცხვმა ორი ათას კაცს მიაღწია და 6 ათასამდე მთიელთა დამხმარე ძალასაც ელოდა. სოხუმის კომენდანტი, კაპიტანი ფონ კლუგენი ხელისუფლებას ატყობინებდა, რომ მთავრობის მხრიდან უმოქმედობის შემთხვევაში ჰასან-ბეის განზრახული ჰქონდა წებელდაში გადასახლება, რასაც მთავრის წინააღმდეგ ამბოხება მოჰყვებოდა. მდგომარეობა იმდენად დაძაბული იყო, რომ ბარონი როზენი სამხედრო ძალის გამოყენების საჭიროებასაც არ გამორიცხავდა.

ხელისუფლებას გაცნობიერებული ჰქონდა ჰასან-ბეის მხარდამჭერი ძალის სიძლიერე და ისიც, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა დაპირისპირების შემდგომ გამწვავებას. იმერეთის მმართველი, გენერალ-მაიორი პ. ვაკულსკი (1831-1834) 18 მარტს ჰასან-ბეის წერდა: “ხელმძღვანელობთ რა მხოლოდ მთავრისადმი პირადი დამოკიდებულებით და თქვენსა და მას შორის არსებული ხანგრძლივი მტრობით, თქვენ ხალხს აქეზებთ თავისი კანონიერი მთავრის წინააღმდეგ. აფხაზეთში მშვიდობა მანამ არ აღდგება, სანამ თქვენსა და მიხეილ შარვაშიძეს შორის უთანხმოება გრძელდება”. პ. ვაკულსკი ხელისუფლებას ჰასან-ბეის გადასახლებას სთხოვდა იმ მოტივით, რომ იგი კვლავინდებურად სამთავრო ტახტს ეძიებდა და მიუხედავად მოჩვენებითი ერთგულებისა, ციმბირში გადასახლების გამო რუსების მიმართ სიძულვილით იყო გამსჭვალული.

1833 წლის 16 მარტს პ. ვაკულსკი ბარონ როზენს აუწყებდა, რომ აფხაზთა უკმაყოფილება მთავრის მიმართ აშკარა იყო. უკმაყოფილება უფრო იზრდებოდა მიხეილისა და ჰასან-ბეის ურთიერთსიძულვილის გამო. ეს სიძულვილი იმდენად აშკარა იყო, რომ თებერვალში ქუთაისში მიმავალი მიხეილ შარვაშიძე კელასურში შეჩერებულა იმ მიზნით, რომ ჰასან-ბეისთვის ეცნობებინა _ მათი ერთად ყოფნა აფხაზეთში შეუძლებელი იყო და რომელიმე მათგანს ის უნდა დაეტოვებინა. პ. ვაკულსკის ცნობით, ხალხი აღშფოთებული იყო მმართველობის სისუსტით და მთავრის გამოუცდელობით, რაც ქვეყანაში არსებული უწესრიგობების მიზეზი იყო. ამ შეხედულებას სავსებით იზიარებდა გრ. როზენიც, რომლის აშკარა არაკეთილმოსურნე დამოკიდებულებამ მიხეილ შარვაშიძის მიმართ უკვე გამოკვეთილი სახე მიიღო.

მიხეილ შარვაშიძე, რომელიც ყოველმხრივ ეწინააღმდეგებოდა ურჩი ვასალის _ ჰასან-ბეის ავტორიტეტისა და გავლენის ზრდას სამთავრო ხელისუფლების შეზღუდვის ხარჯზე, მხოლოდ გრ. როზენის უშუალო ჩარევისა და კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ იძულებული გახდა გარკვეულ კომპრომისზე წასულიყო. კომპრომისის მიღწევა ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ გახდა შესაძლებელი. ხელისუფლებას მოწინააღმდეგე მხარეებს შორის შუამავლობა ლევან V დადიანმა შესთავაზა. ჰასან-ბეი დათანხმდა სამეგრელოს მთავრისა და მიხეილ შარვაშიძის რწმუნებულების, თავად ჩიქოვანისა და კაც მარღანიას სამშვიდობო ინიციატივას, მაგრამ ზუგდიდში გამგზავრების ნაცვლად მოლაპარაკების ადგილად ალი-ბეი შარვაშიძის მამული ირჩია. მაგრამ ლევან V დადიანის შუამავლობა უშედეგოდ დამთავრდა. ამის შემდეგ, მოლაპარაკებების ინიციატივით თამარ შარვაშიძე და კაც მარღანია გამოვიდნენ. 1833 წლის 12 ივლისს სოფ. ეშერაში გამართული მოლაპარაკებისას ჰასან-ბეიმ აფხაზეთის მთავარს რამდენიმე მოთხოვნა წაუყენა. აშკარად ჩანდა, რომ ჰასან-ბეი ცდილობდა შეუვალი გაეხადა მისი უფლებები აფხაზეთის ოლქში. კერძოდ, მან მთავარს მოსთხოვა იმ პირების რუსეთის ხელისუფლებისთვის გადაცემა, რომლებიც მასზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ; მისი უფლებების შეუვალობა აფხაზეთის ოლქის მართვაზე; აგრეთვე მთავარს უნდა აკრძალვოდა ჰასან-ბეის ნებართვის გარეშე მისი კუთვნილი გლეხების გადასახლება. თამარ შარვაშიძემ ჰასან-ბეის ამ მოთხოვნების შესრულების წერილობითი პირობა მისცა, მაგრამ მიხეილ შარვაშიძემ სიტყვიერი თანხმობის მიუხედავად უარი განაცხადა მოწმეთა თანდასწრებით წერილობით დაედასტურებინა ისინი.

ბარონმა როზენმა კატეგორიულად მოსთხოვა მიხეილ შარვაშიძეს ჰასან-ბეის მოთხოვნების დაკმაყოფილება, ამასთანავე მიუთითა, რომ სიტუაციის გართულებისას, ყოველთვის რუსეთის ხელისუფლებისთვის მიემართა და არ დაეშვა თვითინიციატივა, რაც მხოლოდ მღელვარებასა და უწესრიგობას იწვევდა ქვეყანაში. 1833 წ. 7 აგვისტოს პ. ვაკულსკი გრ. როზენს უწყებდა, რომ მიხეილ შარვაშიძე მზად იყო შეესრულებინა და წერილობით დაედასტურებინა ჰასან-ბეის მოთხოვნები. ეს იყო მთავრის უკანდახევა, რადგან ის ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა ჰასან-ბეის ავტორიტეტის ზრდას საკუთარი უფლებების შეკვეცის ხარჯზე.

რუსეთის ხელისუფლებას სხვა პრეტენზიებიც ჰქონდა მიხეილ შარვაშიძისა და ჰასან-ბეის მიმართ. ისინი ხელს უმართავდნენ კონტრაბანდისტებს, მფარველობდნენ ტყვის მსყიდველებს და სხვა დამნაშავე ელემენტებს. ამ მოვლენების თანამედროვე და თვითმხილველი ფრანგი მოგზაური დიუბუა დე მონპერე აღნიშნავდა, რომ `ეს საშინელი ვაჭრობა სრულიად მოისპობოდა, მიხეილ-ბეი და ჰასან-ბეი რომ არ ყოფილიყვნენ მისი პირველწამომწყებნი. ისინი უშვებდნენ ჯარისკაცთა მოტაცებას, რადგან ამ საქმიდან გარკვეული სარგებელი ჰქონდათ. ჰასან-ბეიზე უკეთესად არავინ იცის, თუ რა ხდება სამთავროში… როგორც კი ის შეიტყობს, რომ აფხაზმა ტყვე მოიტაცა, იბარებს დამნაშავეს და ემუქრება, რომ რუსებს გადასცემს (ამ მუქარისა აქ ძლიერ ეშინიათ) თუ არ მისცემს მას ძღვნად ძროხებს, ცხენს და ა.შ. მას შემდეგ, რაც დამნაშავე სათანადო ძღვენს მიართმევს, მთავარი ნებას აძლევს გაყიდოს ტყვე და ყველა ღონეს ხმარობს მის დასაცავად. რამდენჯერაც არ უნდა მოსთხოვონ რუსებმა დამნაშავის გაცემა, ის ათასგვარი მიზეზით თავს არიდებს მის შესრულებას და მოლაპარაკება უშედეგოდ მთავრდება~. რუსეთის ხელისუფლება ვერ ახერხებდა აფხაზეთში კონტრაბანდის, ტყვის სყიდვის, სხვადასხვა დანაშაულობების აღკვეთას, რადგან მას დიდწილად მთავარი, სამთავრო სახლის წარმომადგენლები და ფეოდალური ზედაფენა მფარველობდა.

1833 წლის მიწურულს მიხეილ შარვაშიძე შეეცადა შეერთო სამეგრელოს მთავრის ასული ნინო, მაგრამ ლევან V დადიანმა ეს შეურაცხყოფად ჩათვალა და გრ. როზენს აცნობა. მთავარმართებელი ამ ქორწინების სასტიკი წინააღმდეგი იყო. მას მიაჩნდა, რომ ეს ქორწინება საღვთო და ადამიანური კანონების წინააღმდეგი, და, ფაქტობრივად, აფხაზეთის მთავრის ქრისტიანობისაგან განდგომის მომასწავებელი იქნებოდა, რადგან ის ორცოლიანი იყო და მესამის შერთვა სურდა. გარდა ამისა, აფხაზეთისა და სამეგრელოს მთავრები ახლო ნათესავები იყვნენ. მიხეილი ლევან V დადიანის მამიდაშვილი იყო, თანაც სამეგრელოს მთავრის მეორე ასული დანიშნული იყო აფხაზეთის მთავრის ბიძაშვილზე _ დიმიტრი ჰასან-ბეის ძე შარვაშიძეზე, ხოლო თვით მიხეილი დაქორწინებული იყო სამეგრელოს მთავრის ახლო ნათესავზე. გრ. როზენი აფრთხილებდა ლევან V დადიანს, რომ ამ ღვთის საწინააღმდეგო საქმეში არ მიეღო მონაწილეობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლების ნდობას დაკარგავდა; ამასთან, მისი აზრით, ეს ქორწინება განხეთქილებას გამოიწვევდა დადიანთა საგვარეულოში და უწესრიგობას არამარტო აფხაზეთში, არამედ სამეგრელოშიც. ამიტომ ის ლევან V დადიანს ურჩევდა მტკიცე უარი ეთქვა მიხეილისთვის ასეთ საძრახის სურვილზე. ის აღნიშნავდა, რომ სინოდი არასდროს დართავდა ასეთი ქორწინების ნებას და არც ხელისუფლება ცნობდა მას. `თქვენ არ უნდა გეშინოდეთ მიხეილის მხრიდან შურისძიების, _ წერდა გრ. როზენი სამეგრელოს მთავარს, _ თქვენ იცით რა სუსტიც არის ის აფხაზეთში. მთავრობა მხარს რომ არ უჭერდეს, მხოლოდ ჰასან-ბეი დიდი ხნის წინ მოუღებდა ბოლოს მის ხელისუფლებას და თვით მასაც~. მთავარმართებელი ლევან V დადიანს ურჩევდა, მიხეილის მხრიდან რაიმე გამოხტომის თავის არიდების მიზნით, ნინო დროებით იმერეთში გაეგზავნა ნათესავებთან.

1833 წლის 28 დეკემბერს მთავარმართებელმა წერილებით მიმართა თამარ შარვაშიძეს და აფხაზეთის მთავარს. გრ. როზენმა თამარ შარვაშიძეს მოსთხოვა მიხეილისთვის გადაეფიქრებინა ასეთი ნაბიჯის გადადგმა, ხოლო მიხეილისადმი წერილში მას კატეგორიულად აუკრძალა ფიქრიც კი ამ საკითხზე და მოუწოდა, არაქრისტიანული და კანონსაწინააღმდეგო ქმედებით რუსეთის ხელისუფლების კეთილგანწყობა და მფარველობა არ დაეკარგა. თუმცა მიხეილი არ აპირებდა თავის განზრახვაზე ხელის აღებას. ის დაჟინებით ითხოვდა ლევან V დადიანისაგან ქორწინების ნებართვას. 1834 წ. 26 იანვარს მან მუქარით სავსე წერილი მისწერა სამეგრელოს მთავარს, რომელსაც უარის თქმის შემთხვევაში შურისძიებით აშინებდა. ის ნინოსაც აძალებდა და ურჩევდა არ დამორჩილებოდა დედ-მამას. ამის გამო გრ. როზენმა მკაცრად გააფრთხილა მიხეილ შარვაშიძე და მოსთხოვა ნინოსთვის თავი გაენებებინა. 1834 წლის 5 მარტს მან წერილით მიმართა როზენს და დაჟინებით ითხოვა ნინო დადიანზე დაქორწინების ნებართვა, რასაც იმით ამართლებდა, რომ ეს ქორწინება ნათესაობის ძაფებით შეაერთებდა აფხაზეთს სამეგრელოსთან და განამტკიცებდა რუსეთის პოზიციებს ამ მხარეში. მთავარმართებელმა აფხაზეთის მთავარს კვლავ მოსთხოვა თავის განზრახვაზე ხელის აღება და მკაცრად გააფრთხილა: `რა მოგელით თქვენ, თუკი ძლიერი რუსეთის სახელმწიფო, რომელმაც აფხაზეთში თქვენს სახლს მისცა პირველობა და ყველა საშუალებით მხარს გიჭერთ, უარს იტყვის თქვენს მფარველობაზე, რომლის გარეშეც თქვენ არსებობაც კი არ შეგიძლიათ?~

მიხეილ შარვაშიძე ყველაფერში ლევან V დადიანს ადანაშაულებდა და მისთვის სამაგიეროს გადახდაზე ფიქრობდა. 1834 წლის მაისში აფხაზეთის მთავარი სამურზაყანოს სოფელ ილორში შეიჭრა, მოსახლეობას ერთგულების ფიცი დაადებინა, მძევლები აიყვანა და ფაქტობრივად მიითვისა სოფ. ილორი. ამის თაობაზე გრ. როზენმა 12 ივნისს მკაცრი წერილი გაუგზავნა მიხეილ შარვაშიძეს, სადაც წერდა: `…ასეთი მოქმედება ემსახურება აფხაზეთში უწესრიგობის გამრავლებას და არ შემიძლია გაკვირვება არ გამოვთქვა სხვის სამფლობელოში თქვენი ასეთი თვითნებობის გამო. ხელისუფლებისათვის ცნობილია, რომ ცოცხალი საზღვარი სამეგრელოსა და აფხაზეთს შორის არის მდინარე ღალიძგა და რამდენადაც სოფელი ილორი მდებარეობს მდინარის მარცხენა ნაპირზე, ის არ შეიძლება ეკუთვნოდეს აფხაზეთს. ამიტომ მე ვალდებული ვარ გთხოვოთ… წერილობით გამოუცხადოთ ყველა ილორელს, რომ მათ მიერ დადებული ფიცი თქვენდამი ერთგულებაზე უსაფუძვლოა და, ისინი ეკუთვნიან არა თქვენს უმაღლესობას, არამედ სამეგრელოს მფლობელს~.

მთავარმართებლის კატეგორიული მოთხოვნის შემდეგ მიხეილ შარვაშიძე იძულებული გახდა დათმობაზე წასულიყო და ილორი დაეცალა. ამავე ხანებში, აპრილში, ბარონმა როზენმა ასევე მკაცრად გააფრთხილა მიხეილ შარვაშიძე და მას ჰასან მარღანიას მფარველობაზე ხელის აღება მოსთხოვა. ჰასან მარღანია მთავრის ნებართვით დასახლდა ალი-ბეი შარვაშიძის ქვრივის მამულში, აბჟუის ოლქში, მდ. მერკულას მახლობლად, და ზედ გზაზე ააგო სახლი. მთავარსარდალმა აფხაზეთის მთავარს მოსთხოვა დაუყოვნებლივ გამოეყვანა ის ალი-ბეი შერვაშიძის მამულიდან, გაესახლებინა აფხაზეთიდან, ხოლო მის მიერ აგებული სახლი გაენადგურებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მთავრობის წინაშე პასუხისმგებლობა მას დაეკისრებოდა. კავკასიის რუსული ადმინისტრაციისთვის ცნობილი იყო ისიც, რომ მიხეილ შარვაშიძე მფარველობდა აგრეთვე მის უკანონოდ შობილ ნათესავს ხალილ-ბეი შარვაშიძეს, რომელსაც ხელისუფლება როგორც ყაჩაღს ისე იცნობდა. როზენმა გააფრთხილა აფხაზეთის მთავარი, რომ მისი ინფორმაციით ხალილ-ბეი ყაჩაღთა რაზმს აგროვებდა და განზრახული ჰქონდა თავს დასხმოდა სამურზაყანოს. უწესრიგობები რომ არ მომხდარიყო, იგი მთავარს ურჩევდა ხალილ-ბეი აფხაზეთიდან გაესახლებინა, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა მას დაეკისრებოდა. მაგრამ მიხეილ შარვაშიძემ არავითარი ზომები არ მიიღო. ამიტომ როზენმა მაისში კვლავ მკაცრად გააფრთხილა აფხაზეთის მთავარი. მთავარსარდალმა მას შეახსენა, რომ ჰასან მარღანიამ ალი-ბეი შარვაშიძის მამულში, ოჩამჩირეში, ზღვის მახლობლად ააგო სახლი და მუდმივი კავშირი ჰქონდა თურქებთან, რომლებიც იქვე კანჯოებით ადგებოდნენ ნაპირს და ტყვის სყიდვას ეწეოდნენ. `თქვენ რადგან რუსეთის ქვეშევრდომი ხართ, _ წერდა იგი, _ ვალდებული ხართ ყველა ზომით დაეხმაროთ ხელისუფლებას ყოველგვარი უწესრიგობის აღკვეთაში. მოვითხოვ, დაუყოვნებლივ განდევნოთ ყაჩაღი ჰასან მარღანია მისი ადგილსამყოფელიდან და მის მიერ აგებული სახლი გაანადგუროთ. თქვენ ვალდებული ხართ უსიტყვოდ შეასრულოთ ჩემი ბრძანება. თქვენს მიერ იმის დაშვება, რომ ჰასან-ბეი დასახლდეს ალი-ბეის მამულში და თურქებთან დაუშვებელი ვაჭრობა აწარმოოს იმ მიწაზე, რომელიც ალი-ბეის ქვრივს და შვილებს ეკუთვნით, მე მაოცებს. პირადად უნდა იძლეოდეთ მართლმსაჯულების მაგალითს აფხაზეთში, თქვენ კი ნამდვილ მფლობელს წაართვით მისი საკუთრება საზოგადოებისათვის მავნე კაცის სასარგებლოდ, რომელიც უნდა დაგესაჯათ მრავალი დანაშაულისთვის და, განსაკუთრებით, თქვენი ბიძის, ჰასან-ბეის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობისთვის”. როზენი მას აფრთხილებდა, რომ ჰასან მარღანიას მფარველობას შეეძლო მის მიმართ ჰასან-ბეი შარვაშიძის უკმაყოფილება გამოეწვია და ქვეყანაში მღელვარებები განახლებულიყო მაშინ, როცა ჰასან-ბეიმ ხელისუფლების სასარგებლოდ თავისი პრეტენზიები კეთილგონივრულად დათმო.

საქართველოს მთავარმართებელი აფხაზეთის მთავრისაგან დამნაშავეთა მფარველობის შეწყვეტას და სასამართლოსთვის მათ გადაცემას მოითხოვდა, მაგრამ მიხეილ შარვაშიძე ამ მოთხოვნის შესრულებას თავს არიდებდა. ასეთი ვითარების შედეგი იყო ის, რომ არათუ აფხაზეთის სანაპიროსა და სოფლებში, არამედ თვით სოხუმშიც დამნაშავეობის მხრივ რთული ვითარება იყო. სოხუმშიც კი, სადაც მაშინ რუსული გარნიზონი იდგა, ფ. დიუბუა დე მონპერეს ცნობით, `მზის ჩასვლის შემდეგ ვერავინ ბედავდა გავლას საკარანტინოდან ბაზრამდე, რომელიც ზღვის სანაპიროდან ერთი ვერსით იყო დაშორებული. აქ მარტო გავლას დღისითაც არიდებდნენ თავს, რათა აფხაზთაგან ტყვედ გატაცების საფრთხე აეცილებინათ. და თუ ყოველივე ეს ხდებოდა გუშაგებისა და გარნიზონის თვალწინ, ადვილი წარმოსადგენია რა მოხდებოდა, ვინმეს რომ ქვეყნის სიღრმეში შეღწევა გაებედა”.

1834 წ. ივლისში გრ. როზენმა მიიღო იმერეთის მმართველის, გენერალ-მაიორ დ. ახლესტიშევის (1834-1837) ცნობა, რომ აფხაზეთის მთავრის ძმამ ალექსანდრემ 17 ივნისს ფარულად დატოვა სახლი რამდენიმე მომხრესთან ერთად, წებელდაში წავიდა და მთავრისადმი არაკეთილგანწყობილ პირებს შეუერთდა. იგი ყაჩაღთა რაზმს აგროვებდა, რათა თავს დასხმოდა სამურზაყანოს. დედოფალმა მიიღო ზომები მის დასაბრუნებლად, თუმცა უშედეგოდ. მთავარმართებელმა მიხეილ შარვაშიძეს უბრძანა დაუყოვნებლივ დაეკავებინა ალექსანდრე და თბილისში გამოეგზავნა; ამასთანავე, დედოფალს სთხოვა ხელი არ შეეშალა მიხეილისთვის ამ ბრძანების შესრულებაში. იგი დედოფალს აღუთქვამდა, რომ მისდამი პატივისცემის გამო ალექსანდრეს არ დასჯიდა, პირიქით, მისთვის განათლების მიცემასა და სამსახურში მოწყობაზე იზრუნებდა.

მალე, როზენისთვის ცნობილი გახდა, რომ მიხეილ შარვაშიძე შეურიგდა ალექსანდრეს იმ პირობით, რომ ეს უკანასკნელი დაემორჩილებოდა მთავარს, ხოლო მიხეილს მისდამი პატივისცემა ექნებოდა და შესაფერისად შეინახავდა მას. როზენმა აფხაზეთის მთავრისადმი წერილში გაკვირვება გამოთქვა ასეთი პირობით შერიგების გამო. მთავარმართებელი მიხეილ შარვაშიძეს შეახსენებდა, რომ მას ალექსანდრესთან შეთანხმება კი არ უნდა დაედო, არამედ მორჩილება უნდა მოეთხოვა მისგან. `მიუხედავად იმისა, რომ ალექსანდრე თქვენი ძმაა, _ წერდა იგი, _ ის თქვენი ქვეშევრდომია და ვალდებულია დაგემორჩილოთ”. მთავარმართებელი მიუთითებდა, რომ ასეთი კომპრომისით ის ასუსტებდა თავის ხელისუფლებას ქვეშევრდომების თვალში. მისთვის ცნობილი იყო, რომ ალექსანდრეს პარტიაში მთავარ როლს მაჰმუდ ზვანბაი ასრულებდა და დარწმუნებული იყო, რომ ვერავინ დადგებოდა იმის თავმდებად, რომ ის კვლავ არ მოაწყობდა უწესრიგობებს აფხაზეთში, ამიტომ აფხაზეთის მთავარს ავალებდა შეეპყრო მაჰმუდ ზვანბაი, ასევე ამავე პარტიის წევრი ლევან ზვანბაიაც და იმერეთის მმართველთან, დ. ახლესტიშევთან გაეგზავნა, რითაც კარგ სამსახურს გაუწევდა მთავრობას. ასევე, სთხოვდა, სხვა დროსაც შეეპყრო მეამბოხეები და თითოეულის ბრალის აღნიშვნით ქუთაისში გაეგზავნა. რაც შეეხება ალექსანდრეს, მთავარმართებელი მოუწოდებდა მიხეილ შარვაშიძეს, იგი თბილისში გაეგზავნა.

მიხეილ შარვაშიძემ ალექსანდრე თბილისში გააგზავნა როზენთან და მას პორუჩიკი კაც მარღანია გააყოლა. როზენმა ალექსანდრე დროებით ქუთაისში გააგზავნა დ. ახლესტიშევთან, ხოლო კაც მარღანიას გადასცა 22 დეკემბრის წერილი მიხეილ შარვაშიძისადმი, ხელისუფლების მოთხოვნებით, რომელიც აფხაზეთის მთავარს ზუსტად უნდა შეესრულებინა და ამით მთავრობა ერთგულება დაედასტურებინა.

როზენი მოითხოვდა: მთავარს მოეწყო საპატიო თავად-აზნაურების მმართველობა, რომლის მოვალეობა უნდა ყოფილიყო მოსახლეობის სხვადასხვა სახის თხოვნებისა და საჩივრების განხილვა და მათი დაცვა შევიწროებისაგან; რამდენადაც ბზიფის ოლქი სხვა ოლქებისათვის სამაგალითო უნდა ყოფილიყო მოწყობის თვალსაზრისით, შინაგანი წესრიგისათვის დაეყო ის რამდენიმე ნაწილად ან სამოურავოდ (ამ ქართულ ტერმინს ხმარობს გრ. როზენი _ ბ.ხ.) და ამ ნაწილებში დაენიშნა ნაცვალი, საერობო პოლიციის მოვალეობის შემსრულებლად; მოსახლეობისთვის აეკრძალა შეუსაბამო პროცენტების აღება. ქურდობისთვის, დამნაშავისათვის გადაეხდევინებინათ არაუმეტეს 2-ჯერ მეტი, და არა 7-ჯერ და 8-ჯერ მეტი, როგორც ხდებოდა ხოლმე, რის გამოც დამნაშავე ღატაკდებოდა და იძულებული ხდებოდა ყაჩაღი და მძარცველი გამხდარიყო; შემწყდარიყო ერთი პირის მიერ სიმინდის შესყიდვა; მკაცრად აეკრძალა სისხლის აღება და დაწესებულიყო მეთვალყურეობა, რომ სისხლის აღების მიზნით არ მომხდარიყო ოჯახებისა და სოფლების აკლება; მკვლელები, ყაჩაღები, მძარცველები გაეგზავნა სასამართლოში სოხუმ-კალეში ან ქუთაისში; თურქული კანჯოები საკარანტინო შემოწმების გარეშე არ დაეშვა აფხაზეთის სანაპიროზე; გაქცეული თურქები, რა წოდებისაც არ უნდა ყოფილიყვნენ ისინი, არ მიეღო აფხაზეთში; დაუყოვნებლივ შეეპყრო და ქუთაისში ან სოხუმ-კალეში გაეგზავნა ჰასან მარღანია, მისი აფხაზეთიდან გაძევების მიზნით; აფხაზეთში განლაგებული რუსეთის ჯარის ნაწილებისთვის დახმარება აღმოეჩინა”. “ამ ბრძანების შეუსრულებლობის შემთხვევაში, _ წერდა როზენი, _ სრული საფუძველი გვექნება ვიფიქროთ, რომ თვით მთავარი ცდილობს არ დაუშვას აფხაზთა დაახლოება რუსებთან”.

მიუხედავად გრ. როზენის მკაცრი გაფრთხილებისა, აფხაზეთში უწესრიგობები კვლავ გრძელდებდა, რაც ისევ და ისევ აფხაზეთის მთავრის სახელთან იყო დაკავშირებული.

როდესაც მიხეილ შარვაშიძეს ნინო დადიანის შერთვაზე ხელი ააღებინეს, ამჯერად მან არჩევანი სამთავრო სახლის გვერდითი შტოს წარმომადგენლის, ნიკო დადიანის (“დიდი ნიკო”) შვილიშვილზე, ალექსანდრა (ცუცუ) გიორგის ასულ დადიანზე შეაჩერა. გიორგი დადიანის ოჯახი აფხაზეთის მთავართან დამოყვრების თანახმა იყო, მაგრამ სამეგრელოს მთავრისა და კავკასიის რუსული ადმინისტრაციის რისხვას უფრთხოდა. 1836 წლის 18 იანვარს მიხეილ შარვაშიძემ ალექსანდრა (ცუცუ) დადიანი მოიტაცა მისი მამიდის, კესარია ნიკოს ასულ დადიანი-შარვაშიძის სახლიდან და სოფ. კოდორში ჯვარი დაიწერა.

ამრიგად, მიხეილ შარვაშიძემ თავისი გაიტანა და მკვეთრად დაუპირისპირდა რუსეთის ხელისუფლებას, რომელიც წინააღმდეგი იყო მიხეილ შარვაშიძის მესამე ქორწინების და დიდხანს არ აღიარებდა მას, ხოლო ალექსანდრას მამის _ გიორგი ნიკოლოზის ძე დადიანის ფარული მონაწილეობა ამ ამბავში, შემდეგ სამეგრელოში, დადიანთა საგვარეულოს წევრებს შორის უთანხმოებისა და დაპირისპირების მიზეზი გახდა. ლევან V დადიანი სამართლიანად იყო უკმაყოფილო თავისი ქვეშევრდომის, გიორგი დადიანის მოქმედებით, ამიტომ იგი მდივანბეგის მოვალეობისაგან გაათავისუფლა და თავისთან გამოიძახა ახსნა-განმარტებისათვის. გიორგი დადიანიც მიხვდა, რომ მართალი არ იყო, და აფხაზეთში გაიქცა.

მიხეილ შარვაშიძისა და რუსული ადმინისტრაციის ურთიერთობას კიდევ უფრო ძაბავდა უწესრიგობების ზრდა აფხაზეთში, და მთავრის მიერ თავის არიდება რუსული ადმინისტრაციის ადგილობრივ წარმომადგენელთა მოთხოვნაზე _ გადაეცა დამნაშავეები. 1836 წლის გაზაფხულზე აფხაზები თავს დაესხნენ რუსთა რაზმს, რომელსაც დრანდიდან დამნაშავე ჯოპუა სოხუმ-კალეში გადაჰყავდა გემით გასაგზავნად, და გაიტაცა იგი. რუსული ადმინისტრაციის ადგილობრივმა წარმომადგენლებმა მიხეილ შარვაშიძეს მიმართეს ამ დანაშაულის მონაწილე და სხვა არაკეთილგანწყობილი აფხაზების გადაცემის მოთხოვნით, მაგრამ მან არაფერი იღონა ამ მოთხოვნის შესასრულებლად, რამაც მის მიმართაც აღძრა ეჭვები.

1836 წლის სექტემბერში გრ. როზენი სამხედრო მინისტრს, გრაფ. ა. ჩერნიშევს აუწყებდა, რომ მიხეილ შარვაშიძის მესამე ქორწინების შემდეგ უწესრიგობები აფხაზეთსა და სამურზაყანოში შესამჩნევად გაიზარდა, რასაც ფარულად აქეზებდნენ ბოროტმზრახველი აფხაზები. ხელისუფლება ეჭვობდა, რომ ეს უწესრიგობები გამოწვეული იყო არამარტო აფხაზეთის მთავრის უმოქმედობით, არამედ მის მიერ ქვეშევრდომების რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ აჯანყებისაკენ ფარული წაქეზებით, თუმცა პირდაპირი ფაქტები, რომლებიც მას ხელისუფლების მიმართ არაკეთილგანწყობაში ამხელდა, არ არსებობდა.

რუსული ადმინისტრაცია ყოველმხრივ ცდილობდა სიმშვიდე დაემყარებინა ამ მხარეში. გრ. როზენმა იმერეთის მმართველს, გენერალ-მაიორ დ. ახლესტიშევს უბრძანა ყველა ზომა მიეღომთავრის ზრახვების გასაგებად; თუ დარწმუნდებოდა მთავრობის მიმართ მის არაკეთილგანწყობასა და ღალატის განზრახვაში, დაეპატიმრებინა იგი და თბილისში გამოეგზავნა. დ. ახლესტიშევს უფლება მიეცა, საჭიროების შემთხვევაში, აფხაზთა დასამორჩილებლად ძალა გამოეყენებინა, რისთვისაც უფლება ეძლეოდა გამოეყენებინა გენერალ-მაიორ ა. ესპეხოს დაქვემდებარებაში მყოფი ჯარის ნაწილები, რომლებიც სამეგრელოსა და იმერეთის სამხედრო გზის გაყვანაზე მუშაობდნენ. ამასთან, მას განემარტა, რომ სასურველი არ იყო აფხაზების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება და, პირველ რიგში, დარწმუნების მეთოდისთვის უნდა მიემართა.

1836 წლის ნოემბრის დასაწყისში კავკასიის რუსულმა ადმინისტრაციამ მიიღო ცნობა, რომ აფხაზეთის მთავრის მოწვევით მდ. ბზიფთან თავი მოიყარა რამდენიმე ასეულმა ჯიქმა იმ მიზნით, რომ აფხაზებთან ერთად თავს დასხმოდნენ სამურზაყანოს ან სამეგრელოს; მთავრის ძმა _ ალექსანდრე წებელდაში გაემგზავრა ხალხის შესაკრებად, ხოლო თვითონ მიხეილი ჯიქებთან გაემართა მოსალაპარაკებლად. თამარ შარვაშიძის ცნობით, მიხეილი ჯიქებთან წავიდა თავისი სასაზღვრო სოფლების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, შემდეგ კი განზრახული ჰქონდა სამურზაყანოში გამგზავრება და მოსახლეობისაგან მძევლების აყვანა, რადგან ამ ოლქს სამეგრელოს მთავრის მიერ უკანონოდ მისაკუთრებულად თვლიდა; რაც შეეხება ალექსანდრეს, ამავე საქმეზე გაემგზავრა წებელდაში მთავრის ბრძანებით.

44-ე ეგერთა პოლკის მეთაურმა ა. პაცოვსკიმ იცოდა მიხეილ შარვაშიძის ლევან V დადიანთან მტრობის ამბავი და მისი სამურზაყანოზე თავდასხმის განზრახვის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინა გენერალ-მაიორ ა. ესპეხოს, რომელიც სამეგრელოსა და იმერეთის სამხედრო გზის გაყვანაზე მუშაობდა, რათა საჭირო ზომები მიეღო, თუ აფხაზები თავს დაესხმოდნენ სამურზაყანოს. ამ ცნობის მიღების შემდეგ, ა. ესპეხომ გააძლიერა ილორთან განლაგებული სამეგრელოს ეგერთა პოლკის ბატალიონი თბილისის ეგერთა პოლკის ორი ასეულით, იმავე პოლკის ორი ასეული მდ. ენგურის პირას დააყენა იმ შემთხვევისათვის, თუ ილორის ნაწილისთვის დახმარება გახდებოდა საჭირო, ხოლო გრენადერთა პოლკის ერთი ასეული, რომელიც ფოთში უნდა წასულიყო, მდ. ხობთან გააჩერა სიტუაციის გარკვევამდე. იმავდროულად, სამაგრელოს მთავარმაც მიიღო ცნობა მიხეილ შარვაშიძის განზრახვის შესახებ. მან შეკრიბა სამეგრელოს სახალხო ლაშქარი 500 კაცამდე და უფროსი შვილის, დავით დადიანის მეთაურობით სამურზაყანოში გაგზავნა საზღვრების დასაცავად.

3 ნოემბერს ა. პაცოვსკიმ გაიგო მიხეილ შარვაშიძის ბზიფიდან დაბრუნების შესახებ, მასთან გაემგზავრა და ახსნა-განმარტება მოსთხოვა. მიხეილ შარვაშიძე ბზიფზე გამგზავრებას იმით ხსნიდა, რომ სურდა შეთანხმებოდა ჯიქებს აფხაზებთან მტრობის შეწყვეტაზე და მისი სიმამრის _ გიორგი დადიანის საქმის გართულების შემთხვევაში, რომელიც აფხაზეთს აფარებდა თავს, მისთვის თავშესაფარი ეპოვა ჯიქეთში. ის ა. პაცოვსკის არწმუნებდა, რომ თამარ შარვაშიძემ არასწორად აუხსნა მისი სამურზაყანოში გამგზავრების განზრახვისა და ალექსანდრეს წებელდაში წასვლის მიზნის შესახებ; ყოველივე ეს ემყარებოდა მის არაკეთილმოსურნეთა მიერ გავრცელებულ ხმებს, თითქოს წებელდელებმა მას მორჩილების ნიშნად მძევლები გამოუგზავნეს, თუ ის შეძლებდა გადაეფიქრებინა რუსებისთვის წებელდის დაკავება. მან ისიც აღნიშნა, რომ მდ. ფსირცხაზე გუშაგები დააყენა, რათა არ დაუშვა არაკეთილმოსურნეთა მიერ არასწორი ხმების გავრცელება მთავრობის მიმართ მის არაკეთილგანწყობაზე.

გრ. როზენის აზრით, ხმები მ. შარვაშიძის მთავრობის მიმართ არაკეთილგანწყობის შესახებ მოდიოდა არა მისი ბოროტი ზრახვებიდან, არამედ მისი შეზღუდული შესაძლებლობებისა და არასაკმარისი კეთილგონიერების გამო, ხოლო ხელისუფლების მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობა იმით იყო გამოწვეული, რომ მას მნიშვნელოვანი გავლენა არ ჰქონდა და ქვეშევრდომებში განსაკუთრებული პატივისცემით არ სარგებლობდა.

1836 წლის 19 ნოემბერს გრ. როზენი სამხედრო მინისტრს, გრაფ ა. ჩერნიშევს აუწყებდა, რომ აფხაზეთსა და სამურზაყანოში უწესრიგობების გახშირება მიხეილ შარვაშიძისაგან მოდიოდა. როზენი აღნიშნავდა, რომ მან აფხაზეთის მთავარს აუხსნა ხელმწიფის ქვეშევრდომის მოვალეობები და მოუწოდა თავისი მოქმედება შეეთანხმებინა მთავრობის გეგმებთან; ამასთანავე, აგრძნობინა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამას შეიძლებოდა უსიამოვნებები მოჰყოლოდა მისთვის. მთავარმართებელი მიხეილ შარვაშიძის მოქმედებას შესაძლებლობებისა და კეთილგონიერების არქონით ხსნიდა. იგი მინისტრს სთხოვდა, რომ თუ მიხეილ შარვაშიძე მის შეგონებებს არ გაითვალისწინებდა, მისი ქცევა არ შეიცვლებოდა, კვლავაც გავლენა ექნებოდა უწესრიგობებზე და, ამდენად, მისი აფხაზეთში ყოფნა საზიანო იქნებოდა ხელისუფლებისთვის, სამხედრო მინისტრს იმპერატორთან აღეძრა შუამდგომლობა პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევაში აფხაზეთიდან მისი გასახლების შესახებ.

1836 წლის 10 დეკემბრის წერილით ა. ჩერნიშევმა გრ. როზენს აუწყა, რომ აფხაზეთში უწესრიგობების გახშირების შესახებ იმპერატორმა გაიზიარა მთავარმართებლის აზრი _ ეს უწესრიგობები გამოწვეული იყო მთავრის უმოქმედობით და მისი მმართველობის უუნარობით. სამხედრო მინისტრმა მას აუწყა მონარქის ნება, მთავრობის მიმართ მიხეილ შარვაშიძის ბოროტი განზრახვის გამომჟღავნების შემთხვევაში, ან თუ თავისი ქცევით გააგრძელებდა უწესრიგობების გაღვივებას ამ მხარეში, იმპერატორი თანახმა იყო იგი რუსეთში გაესახლებინათ.

ხელისუფლება თავს უხერხულად გრძნობდა მიხეილ შარვაშიძის მესამე ქორწინებასთან დაკავშირებით. თუ ამ ქორწინებას და, შესაბამისად, ამ ქორწინებიდან შეძენილ მთავრის შვილებს უკანონოდ ჩათვლიდნენ, მთავარს დაამცირებდნენ ქვეშევრდომების თვალში. აფხაზები ამას მთავრის შეურაცხყოფად ჩათვლიდნენ. შავი ზღვისპირეთის სანაპირო ხაზიც უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ნ. რაევსკის აზრით, ამ რთული საკითხიდან საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა, ხელისუფლებას დაემტკიცებინა მიხეილ შარავაშიძის განქორწინება მეორე ცოლთან, რომელსაც დაენიშნებოდა აფხაზეთის მთავრის პენსიის ნახევარი, ხოლო მესამე ქორწინება კანონიერად ყოფილიყო ცნობილი. ახალმა მთავარმართებელმა ე. გოლოვინმა (1837-1842) გაიზიარა ნ. რაევსკის აზრი და ა. ჩერნიშევს ამის თაობაზე ხელმწიფის ნებართვა სთხოვა.

ა. ჩერნიშევმა ე. გოლოვინს ამ საკითხთან დაკავშირებით იმპერატორის აზრი აცნობა. იმპერატორიც გრძნობდა საკითხის უხერხულობას, ამიტომ მიხეილის ქორწინება-განქორწინების საკითხი არსებულ მდგომაროებაში უნდა დარჩენილიყო, შემდგომი მსვლელობის გარეშე.

ამრიგად, XIX საუკუნის 30-იან წლებში, როდესაც კავკასიის რუსული ადმინისტრაციის მხარდაჭერით მიხეილ შარვაშიძის ხელისუფლება მნიშვნელოვნად განმტკიცდა, იგი ცდილობდა ნაკლები ანგარიში გაეწია რუსეთის ხელისუფლებისათვის, თუმცა უშედეგოდ. რუსეთის ხელისუფლება მას გასაქანს არ აძლევდა და ცდილობდა აფხაზეთი და მისი მთავარი მტკიცე ხელით დაემორჩილებინა.

ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის შრომები, IX, თბილისი, 2009.

***

შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთი სანაპირო და

აფხაზეთი XIX საუკუნის 30-იანი წლების დასაწყისში

XIX საუკუნის 30-იან წლებში რუსეთის ხელისუფლების წინაშე მწვავედ იდგა აფხაზეთში და შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მტკიცედ დამკვიდრების ამოცანა. ამ ამოცანის გადაწყვეტის გარეშე რუსეთის პოზიციები ამიერკავკასიაში მყარი ვერ იქნებოდა, რადგან ეს მხარე იმპერიის ცენტრს მოწყვეტილი იყო. გარდა ამისა, დასავლეთ კავკასიის მთიელთა აბაზური და ადიღური (ჩერქეზული) ტომების წინააღმდეგ საბრძოლველად ცარიზმს ამ მოხერხებულ პლაცდარმზე დამკვიდრება აუცილებლად სჭირდებოდა.

იმპერატორმა კავკასიის კორპუსის სარდლობას შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე დამკვიდრების ამოცანა დაუსახა. დასახული გეგმის განხორციელების მიზნით კავკასიის კორპუსის მთავარსარდალმა და კავკასიის სამოქალაქო ადმინისტრაციის მმართველმა, გენერალ-ფელდმარშალმა ი. პასკევიჩმა (1827-1831) 1830 წლის 21 ნოემბერს საზღვაო შტაბის წინაშე გელენჯიკის ყურის დაკავების საკითხი დააყენა. მისი აზრით, გელენჯიკის ყურე, როგორც მოხერხებული ნავსადგური, რუსეთის ფლოტს შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ბაზად გამოადგებოდა. ი. პასკევიჩს განზრახული ჰქონდა გელენჯიკის დაკავება 1831 წლის გაზაფხულზე და იქ სიმაგრის აგება. ეს ღონისძიება გარკვეულწილად ხელს შეუშლიდა თურქებს დასავლეთ კავკასიის ტომებთან ურთიერთობაში, რო-მელთაც ისინი იარაღსა და საომარ საჭურველს აწვდიდნენ. ასევე, შესაძლებელს გახდიდა ზღვით ჯარების სწრაფად გადაყვანას ანაპიდან რედუტ-კალემდე და დასავლეთ კავკასიის ტომებისა და აფხაზების დამორჩილებას გააადვილებდა; შეცვლიდა კრეისერების გამოყენების საჭიროებას, რადგან აფხაზეთის სანაპიროზე წყალმარჩხობის გამო ხომალდებს ნაპირთან მიახლოება არ შეეძლოთ. კავკასიის კორპუსის მთავარსარდალმა შტაბს ამ ოპერაციის განხორციელებაში სამხედრო ესკადრით დახმარება სთხოვა. მთავარი საზღვაო შტაბი ი. პასკევიჩის წინადადებას დათანხმდა და ოპერაციის მომზადებას შეუდგა.

30 ნოემბერს ი. პასკევიჩმა უმაღლესი სარდილობის წინაშე აღძრა საკითხი, ანაპისა და შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს შემოერთების შემდეგ, კავკასიის ხაზის არსებული დაყოფა შეცვლილიყო. იმპერატორმა გაითვალისწინა კავკასიის კორპუსის მთავარსარდლის აზრი, ნიკოლოზ I-ის (1825-1855) 1830 წლის 20 დეკემბრის ბრძანებულებით კავკასიის ხაზის არსებული დაყოფა შეიცვალა. კავკასიის ხაზი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროდან (ანაპის სიმაგრიდან) კასპიის ზღვამდე, ოთხ ნაწილად დაიყო: მარჯვენა ფლანგი, ცენტრი, მარცხენა ფლანგი და ვლადიკავკაზის კომენდანტის სამმართველო. დასავლეთ კავკასია მარჯვენა ფლანგში შედიოდა, რომლის უფროსად გენერალ-მაიორი ბერხმანი დაინიშნა, ხოლო მის ადგილსამყოფელად ქ. ეკატერინოდარი განისაზღვრა.

XIX ს. 30-იანი წლების დასაწყისში რუსეთის სარდლობა თავს იკავებდა დასავლეთ კავკასიაში ფართო შეტევითი ოპერაციებისაგან და ანაპისა და გაგრის სიმაგრეების დაცვას სჯერდებოდა. რუსეთისთვის ეს მხარე ჯერ კიდევ აქილევსის ქუსლად რჩებოდა. მდგომარეობას ართულებდა ოსმალეთის ემისრებისა და კონტრაბანდისტების მცდელობა, ხელი შეეშალათ რუსეთის განმტკიცებისათვის ანაპასა და ფოთს შორის შავი ზღვის სანაპიროზე. ამ პერიოდში ცარიზმის ყურადღება ძირითადად ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიისკენ იყო მიპყრობილი, თუმცა ჩეჩნეთ-დაღესტანში საომარი მოქმედებების პარალელურად, რუსეთის ჯარის ნაწილების სამხედრო ექსპედიციები მოქმედებდნენ დასავლეთ კავკასიაში.

1831 წლის აპრილში გენერალ-ფელდმარშალი ი. პასკევიჩი პოლონეთში გაიწვიეს. კავკასიის კორპუსის მთავარსარდლის მოვალეობის შესრულება დროებით კავკასიის კორპუსის შტაბის უფროსს, გენერალ-ლეიტენანტ ნ. პ. პანკრატიევს დაეკისრა, ხოლო აგვისტოში, მთავარმართებლად და კავკასიის კორპუსის მთავარსარდლად ინფანტერიის გენერალი, გენერალ-ადიუტანტი, ბარონი გრ. როზენი დაინიშნა. ბარონ გრ. როზენის (1831-1837) მმართველობის ხანაში საფუძველი ჩაეყარა ყუბანისპირეთის ვაკისა და კავკასიონის მთისწინეთის დაკავებას, მდ. ყუბანსა და მდ. ლაბას შორის ტერიტორიაზე კაზაკთა დასახლებების შექმნას. კავკასიის სარდლობა შავი ზღვის სანაპიროზე აგებდა სიმაგრეებს, გაჰყავდა გზები, რაც ამ მხარეში ცარიზმის ბატონობის განმტკიცებას უწყობდა ხელს. გრ. როზენის პირველი ნაბიჯი მთავარსარდლის პოსტზე ი. პასკევიჩის სურვილის განხორციელება იყო. 1831 წლის აგვისტოში მან გელენჯიკი დაიკავა და იქ სიმაგრე ააგო.

ახალმა მთავარმართებელმა და კავკასიის კორპუსის მთავარსარდალმა თბილისში ჩამოსვლისთანავე განსაკუთრებული ყურადღება აფხაზეთს მიაქცია, რომელსაც, მისი აზრით, შავი ზღვის სანაპიროზე თავისი მდებარეობისა და ბუნებრივი სიმდიდრის წყალობით უმაღლესი კეთილდღეობის მიღწევა შეეძლო. აფხაზეთში არსებულ ვითარებაში გასარკვევად მან მთავრის ბიძა – ჰასან-ბეი შარვაშიძე თბილისში დაიბარა. მთავარმართებელთან აფხაზეთის მთავარი მიხეილ შარვაშიძეც (1823-1864) ჩამოვიდა. მათთან საუბარში გრ. როზენმა გაარკვია, რომ შარვაშიძეთა საგვარეულოდან «Один из князей оной обыкновенно признавался главным владельцем, но степень власти его совершенно соответствовала личным его достоинствам, и вообще владелец мало вмешивался во внутреннее управление частных уделов других князей, коих власть также ограничивалась почти только собственными их поместьями; подвластные же им князья весьма мало оказывали им повиновения». გრ. როზენის აზრით, აფხაზები რუსების მიმართ მტრულად არ იყვნენ განწყობილი, «Главные князья нуждаются в нашей помощи для поддержания власти своей, но другие по сему самому не доверяют нам».

აფხაზეთში რუსებს ოთხი სიმაგრე ჰქონდათ – სოხუმ-კალე, ბომბორა, ბიჭვინთა და გაგრა, სადაც 44-ე ეგერთა პოლკის ნაწილები იდგა. სოხუმიდან ბიჭვინთამდე სახმელეთო გზა მიემართებოდა, მაგრამ გაგრასთან დაკავშირება მხოლოდ ზღვით იყო შესაძლებელი. გაგრის გარნიზონს ხშირად თავს ესხმოდნენ ჩერქეზები, ხოლო სხვა სიმაგრეებში შედარებით სიმშვიდე იყო. თურქებს კვლავ ჰქონდათ ურთიერთობა აფხაზებთან და ჩერქეზებთან რუსეთის საბაჟო პუნქტების გვერდის ავლით. მათ შემოჰქონდათ დენთი, ტყვია, მარილი და სხვა საქონელი, რაზეც აქ დიდი მოთხოვნილება იყო, ხოლო სანაცვლოდ გაჰქონდათ ხე-ტყე, ტყავი, სიმინდი, გაჰყავდათ ტყვეები. თავადები საკმაო მოგებას იღებდნენ ამ გზით და კავკასიის რუსული ადმინისტრაცია დარწმუნებული იყო, რომ ისინი კონტრაბანდული ვაჭრობის აღკვეთაში არ დაეხმარებოდნენ. რუსულ ადმინისტრაციას არ შეეძლო ჯარის ნაწილებით დაეკავებინა ყველა პუნქტი, სადაც უცხო სახელმწიფოთა ხომალდებს შეეძლოთ მიდგომა, განსაკუთრებით პატარა ნავებს. შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე, ანაპიდან წმ. ნიკოლოზის სიმაგრემდე (შეკვეთილი) კრეისირებას ეწეოდნენ რუსეთის ხომალდები, თუმცა მათი რაოდენობა საკმარისი არ იყო. ისინი ვერ აკავებდნენ თურქულ და აფხაზურ ბრტყელძირიან გრძელ ნავებს სანაპიროს წყალმარჩხობის გამო და ნაპირთან მიახლოებას ვერ ახერხებდნენ. ი. პასკევიჩი და შემდეგ გრ. როზენიც საზღვაო მთავარი შტაბის წინაშე აყენებდნენ საკითხს, რომ რუსეთის საზღვაო ესკადრას უნდა ჰქონოდა აფხაზური და თურქული ნავების მსგავსი პატარა ხომალდები რუსეთის სიმაგრეებით დაკავებული სანაპიროს დასათვალიერებლად, ხოლო გაგრასა და გელენჯიკს შორის საჭირო იყო კრეისირების გაგრძელება. მიუხედავად რუსეთის ხელისუფლების მიერ მკაცრი ზომების მიღებისა, თურქული სავაჭრო ხომალდები მთელი 1831 წლის ზაფხულისა და შემოდგომის განმავლობაში ხშირად სტუმრობდნენ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს, განსაკუთრებით, სუჯუკ-კალეს ყურეს, და ჩერქეზებთან სავაჭრო საქონელი ჩამოჰქონდათ.

მიხეილ შარვაშიძისა და ჰასან-ბეის ცნობით, აფხაზებმა იცოდნენ, რომ რუსეთ-ოსმალეთის 1828-1829 წწ. ომის შემდეგ პორტამ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო დათმო, მაგრამ არ იცოდნენ რუსეთის მთავრობის ზრახვები და რა მოთხოვნები ექნებოდა მთავრობას აფხაზებისადმი. ამიტომ ისინი ითხოვდნენ აფხაზეთში ჩინოვნიკის გაგზავნას, რომელიც ყველა თემის თავადს აუხსნიდა იმპერატორის ნებას მიხეილ შარვაშიძის მთავრად აღიარების, სამურზაყანოს სამეგრელოს მთავრის დამოკიდებულებაში დატოვების, კონტრაბანდული ვაჭრობის აღკვეთის და სხვათა შესახებ; აგრეთვე მათი საჭიროებებისა და სურვილების გასაგებად, მათ შორის წამოჭრილი უთანხმოებების მოსაგვარებლად და სხვ., რაც კარგი იქნებოდა მთავრობის მხრიდან აფხაზების მიმართ მზრუნველობის საჩვენებლად და მიხეილისა და ჰასანბეისათვის კეთილი შედეგები ექნებოდა. ჯერ კიდევ ი. პასკევიჩი 1830 წლის 21 ივნისს სამხედრო მინისტრს, გრაფ ა. ჩერნიშევს აუწყებდა, რომ საპატიო აფხაზი თავადაზნაურები განსაკუთრებით უარყოფითად არ იყვნენ განწყობილი რუსეთის ხელისუფლების მიმართ. მათთვის ცნობილი იყო, რომ რუსეთი შეუდგა ზრუნვას აფხაზეთის მტკიცედ დაუფლებისთვის, მაგრამ მიხეილ შარვაშიძისადმი დამორჩილება არ სურდათ.

მთავარსარდალმა გაითვალისწინა ეს რჩევა და გადაწყვიტა აფხაზეთში გაეგზავნა თბილისის გენერალ-გუბერნატორი, გენერალ-ლეიტენანტი რომან ივანეს ძე ბაგრატიონი (1778-1834), რომელსაც ადგილობრივი ზნეჩვეულებებისა და ენის ცოდნის გამო შეეძლო ადვილად დაახლოებოდა აფხაზ თავადაზნაურობას. მას უნდა ხლებოდა გენერალ-მაიორი ნიკო დადიანი, რომელიც დიდი პატივისცემით სარგებლობდა აფხაზეთში და რუსეთის ხელისუფლების ერთგული იყო.

მიხეილმა და ჰასან-ბეიმ მთავარმართებელს ასევე სთხოვეს, აფხაზეთში სამთავრო სახლის გავლენის გაზრდის მიზნით, შუამდგომლობა გაეწია აფხაზეთის დედოფლის თამარ კაციას ასულის წმ. ეკატერინეს ორდენით დაჯილდოების თაობაზე; აგრეთვე ლიხნში მღვდელმთავრის დანიშვნის შესახებ, მისი წოდების შესაფერისი ანაზღაურებით, რადგან მათი ცნობით, აფხაზები, როგორც ქრისტიანები, ისე მუსლიმანები, დიდ პატივს სცემდნენ უმაღლეს ქრისტიანულ სამღვდელოებას. მათი ინფორმაციით, ამ უკანასკნელი საკითხის თაობაზე უკვე დაწყებული იყო მოლაპარაკება სინოდის ობერ-პროკურორთან და საქართველოს ეგზარქოსთან.

1832 წლის 7 მარტს გრ. როზენმა წერილობითი მითითებები მისცა რ. ბაგრატიონს, რა უნდა გაერკვია და რისთვის უნდა მიექცია ყურადღება. აფხაზებს მოეთხოვებოდათ იმპერატორის ერთგულება, მორჩილება და სიმშვიდის შენარჩუნება; მათ უნდა შეედგინათ ერთი მთლიანი თემი მთავრის მმართველობაში. მთავრობას სურდა, რომ მთავარსა და თავადებს შორის შეწყვეტილიყო უთანხმოება; შეწყვეტილიყო ძარცვა, ყაჩაღობა, ტყვის სყიდვა, რაც უთანხმოებისა და უბედურების წყარო იყო. აფხაზებს უნდა სცოდნოდათ, რომ ეპიდემიებისა და უცხოეთის გემებთან კონტრაბანდული ურთიერთობის აღსაკვეთად შემოღებული იყო კარანტინები და საბაჟოები; სამურზაყანო სამუდამოდ იყო დამტკიცებული სამეგრელოს მთავრის მფლობელობაში რუსეთის ხელისუფლებისადმი ერთგულების გამო. თავის დროზე, აბჟუის თემის ბატონმა ალი-ბეიმ რამდენჯერმე ითხოვა რუსეთის ჯარის ნაწილების მიერ კოდორისა და ილორის დაკავება. იმერეთის მმართველს, გენერალ-მაიორ პ.პ. ვაკულსკის (1831-1834) შესაძლებლად მიაჩნდა სამურზაყანოში – სოფ. ილორში, ათანგელაში დისლოცირებული ორი ასეულის გადაყვანა, რადგან ილორის საგუშაგოს გავლენა ექნებოდა სიმშვიდეზე სამურზაყანოშიც და აბჟუაშიც. რ. ბაგრატიონს უნდა გაერკვია, რამდენად სასარგებლო იქნებოდა ამის გაკეთება და ჯარის ნაწილის ილორში განლაგების შემთხვევაში იქაური კლიმატი ცუდად ხომ არ იმოქმედებდა.

კავკასიის ადმინისტრაციას ჰქონდა ინფორმაცია, რომ უკანასკნელ პერიოდში ბევრი თურქი დასახლდა სამეგრელოსა და აფხაზეთში, განსაკუთრებით, სოხუმ-კალეს მახლობლად, ჰასან-ბეის მიწებზე. ისინი მუდმივად ერთ ადგილზე არ ცხოვროდნენ, ეწეოდნენ წვრილმან ვაჭრობას, ატყუებდნენ მოსახლეობას, ხელს უწყობდნენ ტყვის სყიდვას; ადგილობრივ მცხოვრებლებთან დანათესავების შემთხვევაში ისინი ისლამის აღმსარებლობაზე გადაჰყავდათ და ხელს უშლიდნენ რუსებთან დაახლოებაში. რ. ბაგრატიონს უნდა გაერკვია, რამდენად სწორი იყო ეს ინფორმაცია და რა უნდა გაკეთებულიყო თურქების დამკვიდრების წინააღმდეგ; დაეყოლიებინა ჰასან-ბეი, არ მიეღო ისინი თავის მიწებზე, რადგან მტრულად იყვნენ განწყობილი რუსეთის ხელისუფლებისადმი; ყურადღება მიექცია აფხაზეთში განლაგებული ჯარების საყოფაცხოვრებო პირობებისთვის – საცხოვრებელი პირობები, ჯანმრთელობის მდგომარეობა, ლაზარეთები, საკვები და სხვა, სიმაგრეების მდგომარეობისათვის; გაერკვია, რა უნდა გაკეთებულიყო ამ მხრივ მდგომარეობის გასაუმჯობესებლად; განსაკუთრებული ყურადღება მიექცია გაგრის გარნიზონისთვის; უნდა გაერკვია, შესაძლებელი იყო თუ არა ბიჭვინთამდე გზის ოთხთვალებისთვის მოწყობა, საერთოდ, ყურადღება მიექცია რამდენად შესაძლებელი იყო გზების მოწესრიგება. ხელისუფლებას აინტერესებდა დაწვრილებითი ცნობები აფხაზების მეზობელ ხალხებზე, განსაკუთრებით, გაგრიდან გელენჯიკამდე მცხოვრებ ტომებზე, ანაპიდან აფხაზეთამდე გზის აღწერა და ცნობები აფხაზების შესახებ.

1832 წლის აპრილის ბოლოს რომან ბაგრატიონი თბილისიდან ზუგდიდში და შემდეგ ანაკლიაში ჩავიდა. მან დაათვალიერა ათანგელას ციხე, სადაც იდგა რაზმი პოდპოლკოვნიკ გედრიმოვიჩის მეთაურობით, შემდეგ ილორს ეწვია, და აფხაზეთში გადავიდა. მისი აზრით, რაზმის ათანგელაში კიდევ რამდენიმე ხნით დატოვება სასარგებლო იქნებოდა, რადგან მას გავლენა ექნებოდა სამურზაყანოში სრული წესრიგის დამყარებაზე. აქ 300 ჯარისკაცი იდგა და რაზმის გაძლიერება არც იყო საჭირო, თანაც ადგილი კარგი იყო, სურსათით უზრუნველყოფა მთლიანად სამეგრელოს მოსახლეობას ჰქონდა დაკისრებული; რაც შეეხება ილორს, ადგილი არაჯანსაღი იყო და რაზმის გასაჩერებლად სათანადო პირობები არ იყო, რადგან გარდა რამდენიმე ღარიბი ოჯახისა, ახლო-მახლო არავინ ცხოვრობდა. რ. ბაგრატიონთან შესახვედრად ილორში მოვიდა წებელდელი მარშანიების ერთი ნაწილი, რომლებმაც მზადყოფნა გამოთქვეს იმპერატორის ერთგულების ფიცის დასადებად, რაც უშუალოდ სამეგრელოს სამთავრო სახლის დამსახურება, ამ სახლის შუამავლობის შედეგი იყო.

ილორიდან რ. ბაგრატიონი სოფელ კვიტოულში ჩავიდა ალი-ბეი შარვაშიძესთან და, შემდეგ, სოფელ კელასურში ჰასან-ბეი შარვაშიძესთან. ალი-ბეიმ და ჰასან-ბეიმ აღუთქვეს, რომ დაემორჩილებოდნენ ხელისუფლებას, რომელსაც სურდა სამეგრელოს მსგავსად აფხაზეთშიც ერთმმართველობა შემოეღო მთავრის ხელისუფლების სახით. ისინი პირობას იძლეოდნენ, რომ მიხეილ შარვაშიძის ქვეშევრდომობაში გადავიდოდნენ, თუმცა ბევრს კარგავდნენ ამით, რადგან თითქმის დამოუკიდებელი მფლობელები იყვნენ. მიხეილ შარვაშიძე ამ ფაქტში მის მიმართ რუსეთის მთავრობის აშკარა მზრუნველობას და კეთილგანწყობას ხედავდა. რ. ბაგრატიონმა ამის სანაცვლოდ მას განუმარტა რამდენად სასარგებლო იქნებოდა პირადად მისთვის და მის სამფლობელოში წესრიგისთვის, რომ ღალიძგა ყოფილიყო საზღვარი აფხაზეთსა და სამეგრელოს შორის. ამდენად, რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა აფხაზეთში ერთმმართველობის შემოღების სანაცვლოდ სამურზაყანო სამეგრელოს მთავრის მფლობელობაში განემტკიცებინა. კვიტოულში რუსეთის იმპერატორის ერთგულების ფიცი დადეს წებელდელმა მარშანიებმა, თუმცა რ. ბაგრატიონმა მათთან მოლაპარაკებებით გაარკვია, რომ ისინი მიხეილ შარვაშიძის ან დადიანის ქვეშევრდომობაში შესვლის წინააღმდეგი იყვნენ. რ. ბაგრატიონმა საჭიროდ ჩათვალა ისინი მიხეილ შარვაშიძის სამფლობელოსთვის შეერთების მოთხოვნით არ დაეფრთხო, რადგან თვლიდა, რომ რუსეთის ხელისუფლებას ჯერ კიდევ არ ჰქონდა ამ მხა-რეში საკმაო ძალა, რათა დაჟინებით მოეთხოვა წებელდელებისაგან მორჩილება, და, ჯერჯერობით, საკმარისი იყო ერთგულების ფიცით, სიმშვიდის დაცვისა და ხელისუფლების მოთხოვნების შესრულების აღთქმით დაკმაყოფილება. ამასთან, წებელდელებმა პირობა დადეს, რომ არ იყიდდნენ რუს ტყვეებს და დააბრუნებდნენ გაქცეულ ჯარისკაცებს. მიხეილ შარვაშიძე თვითონაც ხედავდა ამ ზომიერების სარგებლობას. ამასთან, რ. ბაგრატიონმა მას რჩევაც მისცა, თუ როგორ უნდა ემოქმედა, რათა აფხაზეთთან გეოგრაფიული მდებარეობით, საერთო ენით და წეს-ჩვეულებებით დაკავშირებული წებელდა დაეახლოებინა.

8 მაისს კელასურში ჩავიდნენ დანარჩენი მარშანიებიც და ერთგულების ფიცი დადეს. ზოგიერთი მათგანი თბილისში ჩამოსვლასაც აპირებდა თემის სახელით როზენთან წარსადგომად. ფიცის დასადებად მხოლოდ ორი მარშანია არ მოვიდა, ერთი ავადმყოფობის, ხოლო მეორე დანარჩენ მარშანიებთან დიდი ხნის მტრობის გამო. რ. ბაგრატიონი ფიქრობდა, მარშანიები ერთმანეთთან შეერიგებინა, მათ შორის თანხმობა ჩამოეგდო და რუსეთის ხელისუფლებისადმი ნდობით განეწყო. რ. ბაგრატიონი დაეთანხმა პ. ვაკულსკის აზრს და ალი-ბეის თხოვნას, რომ მდ. კოდორის მარჯვენა ნაპირზე საგუშაგო მოეწყოთ, რაშიც აბჟუის მფლობელი დახმარებას აღუთქვამდა ხელისუფლებას. ეს საგუშაგო ჩაკეტავდა და მორჩილებაში იყოლიებდა წებელდას, ამასთან გავლენა ექნებოდა სიწყნარეზე ალი-ბეისა და ჰასან-ბეის სამფლობელოებში. რ. ბაგრატიონმა ისიც გაარკვია, რომ წებელდაში ოთხი გზა მიდიოდა: ლიხნიდან, კელასურიდან, კოდორის ხეობით და კვიტოულიდან, ამასთან ყველა ისინი იმაზე ნაკლებად რთული ჩანდა, ვიდრე კავკასიის რუსული ადმინისტრაცია ფიქრობდა. რ. ბაგრატიონი დარწმუნდა, რომ ბიჭვინთიდან გაგრამდე ჯერაც არ იყო უსაფრთხო სახმელეთო კავშირი დამყარებული. ამის მიზეზად მას ისიც მიაჩნდა, რომ ამ ტერიტორიაზე იყო საძების (ჯიქების) საძოვრები და აქ მცხოვრები აფხაზები საძებთან კავშირის გამო ნაკლებად იყვნენ დაწყნარებული. მან დაათვალიერა გაგრის სიმაგრე და დარწმუნდა, რომ ეს პუნქტი სამხედრო თვალსაზრისით აფხაზეთის უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვანი იყო.

14 ივლისს რ. ბაგრატიონმა გრ. როზენს ვრცელი მოხსენებითი ბარათი წარუდგინა და აუწყა, რომ მისი დავალება წარმატებით შეასრულა. აფხაზეთში მისიის შესახებ ანგარიშში რ. ბაგრატიონი წერდა, რომ ამ მხარეში სიწყნარე იყო, აფხაზებმა გაიგეს სიმშვიდის ფასი. ამის დასტურად მას ისიც მიაჩნდა, რომ ზოგიერთმა გავლენიანმა თავადმა საიდუმლოდ ითხოვა ოთხი ყველაზე საშიში ყაჩაღის – ორი ძმა მარღანიას და ორი ძმა ლაკერბაის, რომლებიც ხალხს ძარცვა-ყაჩაღობით აწუხებდნენ, – დაჭერა, რის შესახებაც მან მიხეილ შარვაშიძეს დავალება მისცა.

აფხაზეთში შედარებითი სიმშვიდის დამყარების პარალელურად, ჩრდილოკავკასიელი მთიელები კვლავ ცდილობდნენ რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ აფხაზეთის მთის თემები აემხედრებინათ. 1832 წლის ზაფხულში იმამ ყაზი მოლასთან დაახლოებულმა აფ აჰმეტ ეფენდიმ, რომელიც მთავარი პირი იყო მთიელებთან სასულიერო სფეროში, როგორც მუფტი, წებელდელებს წერილი გამოუგზავნა. იგი წებელდელებს აუწყებდა ყაზი მოლას მოქმედებებზე რუსების წინააღმდეგ, მის წარმატებებზე, მოუწოდებდა რუსების წინააღმდეგ აჯანყებისა და იმამთან შეერ-თებისაკენ. მაგრამ, ამჯერად, ჩრდილოკავკასიელმა მთიელებმა წებელდელების აყოლიება ვერ შეძლეს.

1833 წელს რუსეთის ხელისუფლების ჩარევით მარშანიებმა მიხეილ შარვაშიძეს აფხაზეთის სანაპიროზე თავდაუსხმელობის პირობა მისცეს, ხოლო თვით მთავარი ვალდებულებას იღებდა არ დასხმოდა წებელდას და არ შეევიწროებინა მის სამფლობელოში “კეთილი განზრახვით გადმოსული წებელდელები”. მართალია, მიხეილ შარვაშიძე ხელისუფლებას არწმუნებდა, რომ წებელდის დამორჩილება მხოლოდ მას შეეძლო, თუმცა, როგორც ჩანს, კავკასიის რუსული ადმინისტრაცია წებელდაში აფხაზეთის მთავრის აქტიურობით დაინტერესებული არ იყო.

რუსეთის ხელისუფლებას კარგად ესმოდა კავკასიაში მტკიცედ დამკვიდრებისათვის მთიელების დამორჩილების მნიშვნელობა და, ამ ამოცანის გადაწყვეტის მიზნით აფხაზეთში სრული ბატონობის დამყარების აუცილებლობა. შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე და დასავლეთ კავკასიაში დამკვიდრება რუსეთს იმიტომაც სჭირდებოდა, რომ ბოლო მოეღო ტყვის სყიდვისა და კონტრაბანდისათვის, რაც ქვეყნის სტრატეგიულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებს კავკასიაში ზიანს აყენებდა. ამის აღკვეთის შემდეგ ოსმალეთისა და ევროპის სახელმწი-ფოების მტრულ საქმიანობას კავკასიაში ბოლო მოეღებოდა.

ცარიზმის დამკვიდრებას კავკასიაში გააფრთებულ წინააღმდეგობას უწევდა ინგლისი, რომელსაც სერიოზულად აშფოთებდა, რომ რუსეთმა დაასწრო ამ რეგიონში. XIX ს. I მესამედში, თურქმანჩაისა (1828 წ.) და ადრიანოპოლის (1820 წ.) საზავო ხელშეკრულებების დადებამდე, ინგლისი მხარს უჭერდა სპარსეთისა და ოსმალეთის ბრძოლას კავკასიისათვის, მაგრამ შემდეგ, თვითონ განაცხადა პრეტენზია ამ მხარეზე და თავისი გავლენის სფეროში მოქცევა გადაწყვიტა. კავკასიის, როგორც მნიშვნელოვანი სამხედრო-სტრატეგიული პლაცდარმის დაუფლება ინგლისს საშუალებას მისცემდა მახლობელ აღმოსავლეთში გაბატონებულიყო, ხოლო შემდეგ შუა აზიისა და ინდოეთისკენ გაჭრილიყო. ქვეყნის პოლიტიკურ კურსს, რომელიც კოლონიური ექსპანსიის მეთოდით ხორციელდებოდა, ბრიტანეთის ბურჟუაზიის ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები განსაზღვრავდა.

რუსეთიც ცდილობდა კავკასიაში განმტკიცებას და “აღმოსავლეთის საკითხის” თავის სასარგებლოდ გადაჭრას. 30-იანი წლების დასაწყისში რუსეთი და ოსმალეთი მნიშვნელოვნად დაუახლოვდნენ ერთმანეთს. 1833 წლის 26 ივნისს მათ შორის უნქიარ-ისქელესში შეთანხმებას მოეწერა ხელი, რომელიც რუსეთის დიპლომატიის დიდი გამარჯვება იყო მახლობელ აღმოსავლეთში. რუსეთი და ოსმალეთი ვალდებულებას კისრულობდნენ მესამე ქვეყანასთან ომის შემთხვევაში ერთმანეთს არმიით და ფლოტით დახმარებოდნენ; ოსმალეთი ვალდებულებას იღებდა რუსეთის წინააღმდეგ სხვა სახელმწიფოს მიერ წარმოებული ომის შემთხვევაში დარდანელში არ შეეშვა სამხედრო გემები, ხოლო ბოსფორის სრუტე რუსეთის გემებისთვის ნებისმიერ პირობებში ღია იქნებოდა. ამრიგად, რუსეთმა შესაძლებლობა მიიღო გაეკონტროლებინა სრუტეები და შავ ზღვაზე გაბატონდა, რამაც მნიშვნელოვნად განამტკიცა მისი პოზიციები ოსმალეთში.

უნქიარ-ისქელესის ხელშეკრულების დადებამ გაამწვავა რუსეთის ურთიერთობა ინგლის-საფრანგეთთან, რომლებიც მასში სამართლიანად ხედავდნენ მახლობელ აღმოსავლეთში თავიანთი პოზიციების შესუსტებას და ცა-რიზმის გაძლიერებას. თუმცა მათი მცდელობა, ხელი შეეშალათ რუსეთ-ოსმალეთის დაახლოებისათვის, უშედეგოდ დამთავრდა. ინგლის-საფრანგეთის წინააღმდეგობა მახლობელ აღმოსავლეთში ხელს უშლიდა მათ შეთანხმებულად ემოქმედათ. ინგლისს არ სურდა თავის თავზე აეღო რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო კონფლიქტის გაჩაღების ინიციატივა და ამჯობინებდა, ეს საფრანგეთს ან ავსტრიას გაეკეთებინა. საფრანგეთი, თავსი მხრივ, არ იყო მზად ომისთვის და არც სურდა რუსეთთან ომი; ავსტრიის ჩართვაც ვერ მოხერხდა ანტირუსულ კოალიციაში. ინგლისი მეტი ენერგიით და დაჟინებით შეუდგა მახლობელი აღმოსავლეთიდან რუსეთის გამოდევნისათვის მზადებას. ამ პროცესში მან განსაკუთრებული ყურადღება კავკასიას, მისი აზრით, სადავო ტერიტორიას მიაქცია. თავისი მიზნის მისაღწევად ლონდონი შეეცადა კავკასიის ომი გამოეყენებინა. გააქტიურდა ინგლისის აგენტების სადაზვერვო საქმიანობა კავკასიაში. 1833 წელს მახლობელ აღმოსავლეთში იმოგზაურა ინგლისში ფართოდ ცნობილმა პუბლიცისტმა დევიდ ურკარტმა და შეისწავლა ამ რეგიონის სავაჭრო-ეკონომიკური თავისებურებები. “ამჟამად ჩვენი ვაჭრობა, – წერდა იგი, – შეიძლება ითქვას, გამოდევნილია შავიზღვისპირეთის ყველა ქვეყნიდან, აფხაზეთისა და საქართველოს სანაპირო ჩვენთვის მთლიანად დაკეტილია”. ინგლისელი ვაჭრების მიერ კავკასიის ინტენსიური ათვისების ამოცანას დ. ურკარტი მომწიფებულად თვლიდა.

თავის მხრივ რუსეთი გეგმაზომიერად დგამდა ნაბიჯებს კავკასიაში დასამკვიდრებლად. 1834 წლის 5 აპრილს იმპერატორმა კავკასიის დაპყრობის თაობაზე კავკასიის კორპუსის შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვ.დ. ვოლხოვსკის (1832-1837) სათანადო მითითებები მისცა. იმპერატორის მითითებები წარმოადგენდა 1934 წლის სამოქმედო გეგმას, რომელიც ითვალისწინებდა: 1. გელენჯიკის გამაგრებული ხაზის შექმნას და, იმავდროულად, ამ ხაზსა და შავი ზღვის სანაპიროს შორის მცხოვრები ტომების დამორჩილებას; 2. აფხაზეთში გზის გაყვანას გაგრამდე და, თუ შესაძლებელი იქნებოდა, გაგრის იქითაც, შავი ზღვის სანაპიროს გასწვრივ. იმერეთიდან სოხუმ-კალემდე გზის უკეთ მოწყობას ან ახლის გაყვანას.

სამხედრო მინისტრმა 21 აპრილს გრ. როზენს აუწყა, რომ იმპერატორი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა იმერეთის სამხედრო გზას, რომელიც აღმოსავლეთ საქართველოს და, საერთოდ, ამიერკავკასიის მხარის ერთადერთი საკომუნიკაციო საშუალება იყო შავ ზღვასთან. ამდენად, ერთ-ერთ აუცილებელ ღონისძიებად თვლიდა უკეთესი გზის გაყვანას, რომელიც სოხუმ-კალეს სამეგრელოსთან და იმერეთის სამხედრო გზასთან შეაერთებდა. იმპერატორს სურდა, რომ პირველსავე ხელსაყრელ შემთხვევაში შედგომოდნენ ფოთიდან სოხუმამდე და სოხუმი-დან გაგრამდე გზის გაყვანას. სამხედრო მინისტრის, გრაფ ა. ჩერნიშევის აზრით, ეს ფრიად მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო. აფხაზეთში სანაპირო გზის გაყვანით შეწყდებოდა აფხაზების ურთიერთობა თურქებთან და მათთან აკრძალული ვაჭრობა. კაკასიის კორპუსის შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ ვ. ვოლხოვსკის ცნობით, ამ საქმის განხორციელებას განსაკუთრებული წინააღმდეგობები არ შეხვდებოდა. ამასთანავე, სამხედრო მინისტრი გრ. როზენს აუწყებდა, გენერალ-ლეიტენანტ ა.ა. ველიამინოვისთვის ეცნობებინა იმპერატორის ნება, რომ არ სურდა მთიელებს გენერალ ა. ერმოლოვის სისასტიკით მოქცეოდნენ. თავდაპირველად მათთვის ნებაყოფლობით დამორჩილება უნდა შეეთავაზებინათ, ხოლო წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში ისე უნდა მოქცეოდნენ, როგორც სა-ჭირო იყო.

1834 წლის 25 აპრილს გრ. როზენმა შავი ზღვის ფლოტის სარდალს, ადმირალ მ. ლაზარევს სთხოვა გაეძლიერებინა სამხედრო ხომალდების ესკადრა გელენჯიკსა და სოხუმ-კალეში, აგრეთვე აფხაზეთის სანაპიროს კრეისირებისათვის ხომალდები გამოეყო. მ. ლაზარევმა ხომალდების ორი ესკადრა გამოყო, რომელთაგან ერთს ანაპიდან გაგრამ-დე, ხოლო მეორეს – გაგრიდან რედუტ-კალემდე ტერიტორიის გაკონტროლება დაევალა. ამ ხომალდების ბაზად გელენ-ჯიკი და სოხუმ-კალე განისაზღვრა. მიუხედავად ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებებისა, რომლებიც მიზნად ისახავდა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს მოსახლეობასთან უცხოელთა ურთიერთობის აღკვეთას, ასეთ ფაქტებს კვლავ ჰქონდა ადგილი. რუსეთის სარდლობისთვის ცნობილი გახდა, რომ 1834 წლის ივლისში ინგლისური სამხედრო იახტა “ტურკუაზი” შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს მოადგა და მის ოფიცრებს საეჭვო ურთიერთო-ბა ჰქონდათ მთიელებთან. ეს იახტა სტამბოლიდან გამოვიდა და შევიდა სოხუმის ყურეში, შემდეგ სუჯუკის ყურეში, იყო ანაპაშიც. მისი მეთაურის, კაპიტან ლაიონსის ცნობით, მათ შავი ზღვის სანაპიროს დათვალიერება სურდათ. როგორც ცნობილი გახდა, ხომალდზე დ. ურკარტი იმყოფებოდა. ამ ექსპედიციის დროს იგი მთიელებს შეხვდა და რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებისაკენ მოუწოდა. გელენჯიკსა და ანაპაში შეკრიბა ცნობები რუსული სიმაგრეებისა და მათი გარნიზონის, ჩერქეზების რუსებთან ურთიერთობის, კავკასიის კორპუსის შესახებ და სხვა. ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ აკრძალა უცხოელების მიერ კავკასიის სანაპიროს დათვალიერება და ჩერქეზებთან ურთიერთობა.

ბარონ როზენს გადაწყვეტილი ჰქონდა 1834 წლის სექტემბერში შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, გაგრიდან გელენჯიკამდე, სამხედრო ექსპედიციის მოეწყო. ამ ექსპედიციის თაობაზე მან იმერეთის მმართველს, გენერალ-მაიორ დ. ახლესტიშევს (1834-1837) სთხოვა თავისი აზრი გამოეთქვა. დ. ახლესტიშევმა ვრცელი წერილი გაუგზავნა გრ. როზენს. იმერეთის მმართველი წერდა, რომ აფხაზეთში არ არსებობდა ადგილი, სადაც სიმაგრიდან ორ ვერსზე იარაღის გარეშე გამოსვლა შეიძლებოდა; ფართოდ იყო გავრცელებული ძარცვა, მკვლელობა და სხვა სახის დანაშაულობები, რის გამოც ჯერ საჭირო იყო ამ მხარეში ისე დამკვიდრება, რომ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე ექსპედიციისთვის გამიზნული რაზმის ზურგი აფხაზთაგან სრულიად უსაფრთხო ყოფილიყო. წინა-აღმდეგ შემთხვევაში, ექსპედიციის პირველივე წარუმატებლობის შემთხვევაში აფხაზები ჩერქეზებთან ერთად რაზმს საფრთხეს შეუქმნიდნენ. ამიტომ მას მიაჩნდა, რომ გაგრის იქით წასვლა ჯერჯერობით არ შეიძლებოდა, უკიდურეს შემთხვევაში, კიდევ ერთი წელი. ამ ხნის განმავლობაში აფხაზეთში განლაგებული ჯარები შეძლებდნენ ამ მხარეში წესრიგის დამყარებას. გარდა ამისა, დ. ახლესტიშევის აზრით, სახმელეთო ექსპედიციის მოწყობისას გართულდებოდა რაზმის სურსათით მომარაგება, ძნელი გადასატანი იქნებოდა აღჭურვილობა; რაზმთან ვერ იქნებოდა კავალერია, ვერც არტილერია, ამიტომ სახმელეთო ექსპედიცია, მითუმეტეს, ფლოტის დახმარების გარეშე, ეფექტური ვერ იქნებოდა.

ადგილობრივი რუსული ადმინისტრაციისთვის კარგად იყო ცნობილი, რომ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მრავალრიცხოვანი და აფხაზებზე უფრო მამაცი ხალხები ცხოვრობდნენ. შესაბამისად, დ. ახლესტიშევის აზრით, ყოველი ნაბიჯი მიწა სისხლისღვრის ფასი დაჯდებოდა. ამიტომ ჯერ საჭირო იყო ამ მხარის კარგად შესწავლა. ამის შემდეგ ექსპედიცია ნაკლები მსხვერპლი და სახსრები დაჯდებოდა. იმერეთის მმართველის აზრით, ამ მხარის შესწავლა შეიძლებოდა დაკისრებოდა გენშტაბის რომელიმე ოფიცერს, რომელიც ჰასან-ბეი შარვაშიძეს შეეძლო გაეცილებინა. მას მიაჩნდა, რომ რედუტ-კალედან გაგრამდე გზა ისე უნდა მოეწყოთ, რომ დაცვის გარეშე ყოფილიყო შესაძლებელი მგზავრობა. როდესაც შესწავლილი იქნებოდა ეს მხარე, დადგინდებოდა თუ სად შეიძლებოდა სიმაგრეების აგება, სიმაგრეებში ჩადგებოდა გარნიზონი, მერე შეიძლებოდა ექსპედიციის მოწყობა.

კავკასიის კორპუსის სარდლობამ გაითვალისწინა დ. ახლესტიშევის აზრი და ექსპედიციის მოწყობა გადადო. ამასთან, დასავლეთ კავკასიისა და შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს სათანადოდ შესწავლა გადაწყვიტა. სწორედ ამ მიზნით მოეწყო 1835 და 1836 წლებში გენშტაბის ოფიცრის, ბარონ თ.თ. ტორნაუს დაზვერვითი მოგზაურობა დასავლეთ კავკასიაში, როდესაც მან გარდა სტრატეგიული ცნობებისა, დასავლეთ კავკასიის ხალხების – უბიხების, ჯიქების და სხვათა შესახებ, მათ შორის, აფხაზების შესახებაც, დიდძალი ეთნოგრაფიული მასალა შეაგროვა.

კავკასიის რუსულმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა შედგომოდა სტრატეგიული მნიშვნელობის გზის გაყვანას შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ამ მიზნით, 1834 წლის ზაფხულის სიცხეების ჩავლის შემდეგ, აფხაზეთში გაიგზავნა რაზმი გენერალ-მაიორ დ. ახლესტიშევის მეთაურობით. ბარონმა როზენმა სამეგრელოს მთავარს ლევან V დადიანს (1805-1840) დაავალა მის სამფლობელოში დ. ახლესტიშევისთვის დახმარება გაეწია. ამ მიზნით მას უნდა შეეკეთებინა ხიდები ენგურზე და სხვა მდინარეებზე; აგრეთვე 100 ცხენოსანი და 200 ქვეითი მილიციელით დახმარებოდა რუსეთის ჯარის ნაწილს საგზაო სამუშაოების შესრულებაში.

ლევან V დადიანმა თავის სამფლობელოში რამდენადმე შეუმსუბუქა დ. ახლესტიშევის რაზმს მდგომარეობა. მის მიერ შეკრებილი მილიცია თანაბრად იზიარებდა იმ სიძნელეებს, რაც რაზმს შეხვდა. რედუტ-კალედან გზა ზღვის სანაპიროზე, ქვიშიან, ჭაობიან და ტყიან ადგილებში გადიოდა. მდინარების დიდი ნაწილის გადალახვა მეტად რთული იყო. კოკისპირული წვიმები ართულებდა გზის გაყვანას. რედუტ-კალედან ბომბორამდე გზა თუმცა გაყვანილი იყო, შეკეთებას საჭიროებდა. დ. ახლესტიშევმა ილორში 300 მეომრისთვის სიმაგრე ააგო, შემდეგ გზა განაგრძო, გადალახა ადიდებული კოდორი და დრანდის ეკლესიასთან, ასევე 300 მეომრისთვის სიმაგრე ააგო. ადგილობრივი მცხოვრებლებისა და კაზაკების მიერ მგზავრთა გასაცილებლად, აქვე მოეწყო საგუშაგო. დრანდა სტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პუნქტი იყო. მდ. კოდორის ხეობით, დრანდის გავლით, შავი ზღვის სანაპირო ზოლში ხშირად იჭრებოდნენ წებელდისა და დალის თავისუფალი მთის თემების მკვიდრნი. სწორედ ამ გზის ჩასაკეტად აიგო დრანდის სიმაგრე.

დ. ახლეხტიშევს აფხაზთაგან არსად შეხვედრია წინააღმდეგობა და ოქტომბერში ბომბორას მიაღწია. აქ მოეწყო ზამთრისთვის დროებითი საცხოვრებელი. შემდეგ რაზმი ბიჭვინთამდე და გაგრამდე გზის გაყვანას შეუდგა. 1835 წლის გაზაფხულზე მდ. ბზიფის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის მახლობლად, დ. ახლესტიშევმა კონსტანტინოვსკოეს სიმაგრე ააგო. სიმაგრე 40 მეომრისა და ორი ქვემეხისთვის იყო გათვალისწინებული. თუმცა, 1836 წელს ის მთლიანად ჩარეცხა ადიდებულმა ბზიფმა. 1835 წლის ზაფხულში დ. ახლესტიშევმა გაგრას მიაღწია. მთიელების თურქებთან ურთიერთობის აღკვეთის მიზნითაც მიღებულ იქნა გარკეული ზომები – გაძლიერდა ესკადრა, რომელიც შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე კრეისირებას ეწეოდა. ამასთან, გადაწყდა, რომ საბაჟო უწყება შეიძენდა კანჯოებს, რომელთა მეშვეობითაც ბათუმიდან სოხუმ-კალემდე სანაპირო ზოლს გააკონტროლებდა.

ამრიგად, აფხაზეთში თანდათან მტკიცდებოდა რუსეთის პოზიციები და ცარიზმი მთელი კაკასიის დაპყრობის გეგმას თანმიმდევრულად ახორციელებდა.

სოხუმის უნივერსიტეტის შრომები, I. ჰუმანიტარულ და

სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა სერია, თბილისი, 2007.

***

რუსეთის დამკვიდრება შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე XIX ს. 30-40-იან წლებში

XIX საუკუნის 30-იან წლებში რუსეთის წინაშე მწვავედ იდგა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპი-როს დაკავების ამოცანა. ამ მიზნით შემუშავდა გეგმა, რომელიც ითვალისწინებდა შავი ზღვის ჩრდილო-აღმო-სავლეთ სანაპიროზე მნიშვნელოვანი პუნქტების დაკავებას, რითაც მთიელებს გარესამყაროსთან, პირველ რიგში, ოსმალეთთან და ინგლისთან ურთიერთობის საშუალებას მოუსპობდნენ. აფხაზეთის სანაპიროზე დამკვიდრებისა (1830 წ.) და წებელდის ექსპედიციის (1837 წლის მაისი) წარმატებით დასრულების შემდეგ, კავკასიის კორპუსის მთავარსარდალი და კავკასიის მთავარმართებელი გრ. როზენი (1831-1837) იმპერატორის მიერ დამტკიცებული გეგმის შესაბამისად ადლერის კონცხის დასაკავებლად მზადებას შეუდგა. განზრახული იყო ექსპედიციის მოწყობა სახმელეთო გზით, მაგრამ აღმოჩნდა, რომ გზა გაგრის ქედის გავლით თითქმის გაუვალი იყო, ხოლო მის მოსაწესრიგებლად დიდი სამუშაოს ჩატარება იქნებოდა საჭირო და, შესაბამისად, დიდი დრო, თუმცა მაშინაც ჯარისთვის რთული გასავლელი იქნებოდა. ამიტომ მთავარსარდალმა ადლერის კონცხის დაკავება დესანტით გადაწყვი-ტა.

წებელდის ექსპედიციის პარალელურად კავკასიის ხაზის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ა.ველიამინოვმა მდ.ყუბანი გადალახა, შაფსუღეთში შეიჭრა და 24 მაისს მდ.ფშადას შესართავი დაიკავა. 6 ივნისს, სამებობას, აქ საფუძველი ჩაეყარა სიმაგრეს, რომელსაც ნოვო-ტროიცკოე ეწოდა. 26 მაისს კორპუსის შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვ.ვოლხოვსკიმ გრ.როზენს აუწყა, რომ ადლერის კონცხის მიდამოების დასაზვერად და დესანტის გადასხმისთვის ადგილის შესარჩევად სოხუმ-კალედან ბრიგი გაგზავნა. 29 მაისს მთავარსარდალმა სამხედრო მინისტრს, გრაფ ა.ჩერნიშევს აუწყა თავისი გადაწყვეტილება, ადლერის კონცხი დესანტით დაეკავებინა.

3 ივნისს სოხუმიდან გავიდა ესკადრა ჯარის ნაწილებით, რომელსაც უშუალოდ გრ.როზენი მეთაურობდა. 7 ივნისს ვ.ვოლხოვსკის მეთაურობით დესანტი ადლერის კონცხზე გადასხდა და ბრძოლით დაიკავა. 8 ივნისს აქ საფუძველი ჩაეყარა სვიატოგო დუხას სიმაგრეს. იმავდროულად მიმდინარეობდა მიმდებარე ტყის გაწმენდა მთიელებისაგან. ამ ბრძოლაში დაიღუპა ცნობილი მწერალი, დეკაბრისტი ალექსანდრე ბესტუჟევ-მარლინსკი, რომელიც გაგრის გარნიზონში, შავი ზღვის სახაზო მე-10 ბატალიონში მსახურობდა და ვ. ვოლხოვსკის ადიუტანტის მოვალეობას ას-რულებდა.

ადლერის ექსპედიციაში იმერეთის, გურიის, სამეგრელოს და აფხაზეთის მილიციაც მონაწილეობდა, სულ, 150-მდე მებრძოლი. ექსპედიციის მონაწილე დეკაბრისტ ვ.ნოროვის ცნობით, ადლერის კონცხის დაკავებისას აფხაზები “ჰაერში ისროდნენ… და მალე ისინი სახლში გაისტუმრეს” როგორც არასაიმედონი.

ადლერის კონცხი შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე და ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში მცხოვრები ტომებისათვის თურქებთან სავაჭრო ურთიერთობის მნიშვნელოვან პუნქტს წარმოადგენდა. სამაგრის ასაგებად შეირჩა მდ.მზიმთას შესართავი, რომელიც გენერალ-მაიორ ა.სიმბორსკის რაზმმა დაიკავა. გრ.როზენის წი-ნადადებით, ადლერის კონცხს დიდი მთავრის, მეფის ძის, კონსტანტინეს სახელი ეწოდა. დიდი მთავარი კონსტანტინე იყო გრენადერთა ქართული პოლკის შეფი, რომელიც ადლერის კონცხის დაკავებაში მონაწილეობდა. ადლერის კონცხის ახლო-მახლო მცხოვრებ მოსახლეობასთან მოსალაპარაკებლად გრ.როზენმა უბიხი ჰასან ბარსეგი გააგზავნა. მთავარსარდალი უბიხებს რუსეთის ხელისუფლებისთვის დამორჩილებას სთავაზობდა. ერთი თვის შემდეგ ჰასან ბარსეგი დაბრუნდა და თურქულად დაწერილი უბიხების პასუხი მოიტანა. მთიელები რუსეთის სარდლობას აფრთხილებდნენ, რომ მათ მიწა-წყალზე გამოჩენის შემთხვევაში დიდი და პატარა სამშობლოს დასაცავად დადგებოდა. ამასობაში, რუსეთის ჯარის ნაწილები, რომელსაც გენერალი ა.სიმბორსკი მეთაურობდა, გამალებით მუშაობდნენ სიმაგრის აგებაზე, თუმცა მათ უბიხები პერიოდულად თავს ესხმოდნენ. 16 ივნისს გრ.როზენმა ა.სიმბორსკის დაავალა: ახლომდებარე აულების განადგურება, თუ მათი მცხოვრებლები მორჩილებას არ გამოაცხადებდნენ; დაეჩქარებინა სვიატოგო დუხას სიმაგრის აგება, შემდეგ თავისი რაზმით აფხაზეთში გადასულიყო და სოხუმ-კალედან ბიჭვინთამდე გზის გაყვანას შედგომოდა. აფხაზეთის სანაპიროზე მოკრეისერე ესკადრის მეთაურს, I რანგის კაპიტანს, იურიევს მითითება მიეცა ა.სიმბორსკისთვის საჭირო დახმარება გაეწია.

ამრიგად, ერთი მხრივ, გრ.როზენის მიერ ადლერის კონცხის, ხოლო მეორე მხრივ, ა.ველიმინოვის მიერ მდ.ფშადას შესართავის დაკავებით, სათავე დაედო იმპერატორის მიერ დასახული გეგმის განხორციელებას. ამ დროიდან, რუსეთის სარდლობამ, კავკასიელ მთიელთა წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის მიზნით, მეტი ყურადღება მიაქცია შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროს მნიშვნელოვან პუნქტებში სიმაგრეების აგებას და დაპყრობილ ტერიტორიებზე გზების გაყვანას. როგორც წესი, სიმაგრეები და ფორტები იგებოდა მდინარეების შესართავთან, ადგილობრივ მკვიდრთათვის წართმეულ ტერიტორიაზე. სიმაგრეების აგებით რუსები კავკასიელ მთიელებს უსპობდნენ გარესამყაროსთან, პირველ რიგში, თურქეთთან და ინგლისთან ურთიერთობის საშუალებას, ამასთან რუსები მკვიდრდებოდნენ შავი ზღვის სანაპიროზე, რუსეთის ფლოტს შავ ზღვაზე ბატონობისათვის ხელსაყრელი პირობები ექმნებოდა.

4 ივლისს ა.ჩერნიშევმა გრ.როზენს აუწყა, რომ იმპერატორს სურდა, კავკასიის კორპუსის სარდლობა მიღწეულით არ დაკმაყოფილებულიყო და ადლერის შემდეგ დაეკავებინათ მოხერხებული პუნქტი მის ჩრდილოეთით; ამასთან, დაერწმუნებინათ მთიელები, რომ რუსეთის ჯარის ნაწილებისთვის წინააღმდეგობის გაწევა შეუძლებელი იყო და ნებაყოფლობით დამორჩილებოდნენ. მთიელების წინააღმდეგ ძალის გამოყენება, მათი საცხოვრებლების, ჯოგებისა და მარაგების განადგურება ერთ-ერთი დამხმარე საშუალება უნდა ყოფილიყო მიზნის მისაღწევად, თუმცა იმპერატორს სურდა, რომ შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს დაკავებისას ასეთი ზომებისთვის რაც შეიძლება ნაკლებად, მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში მიემართათ. იმპერატორს სურდა, რომ მთიელების წინააღმდეგ ყოველი მოქმედების წინ მათთვის მორჩილების გამოცხადების წინადადებით მიემართათ. ამ მიწერილობის მიღების შემდეგ, 24 ივლისს გრ.როზენმა ა.სიმბორსკის უბრძანა, დაეჩქარებინა სვიატოგო დუხას სიმაგრის აგება და ამ პროცესში მთიელთა აულების განადგურებისაგან თავი შეეკავებინა; სიმაგრის აგების შემდეგ კი მდ.სოჩის მახლობლად მეორე პუნქტის დაკავებისათვის სამზადისს შედგომოდა, რადგან ამ ადგილიდან მთიელებს უცხოელებთან ინტენსიური ურთიერთობა ჰქონდათ. აქ უნდა აეგოთ სიმაგრე 200 მეომრისთვის.

1837 წლის ივლისის დასაწყისში ა.ველიამინოვმა დაამთავრა ნოვო-ტროიცკოეს ხის სიმაგრის აგება და სამხრეთისაკენ გადაწყვიტა გზის გაგრძელება, ხოლო სიმაგრის დასაცავად მცირე რაზმი დატოვა. 13 ივლისს ა. ველიამინოვმა მდ.ვულანის შესართავი დაიკავა და საფუძველი ჩაუყარა მიხეილის სიმაგრეს _ მიხაილოვსკოეს. ექსპედიციას მცირე შეტაკებები ჰქონდა მთიელებთან, თუმცა ისინი რუსეთის რეგულარულ ჯარის ნაწილებს სათანადო წინააღმდეგობას ვერ უწევდნენ. მრავალრიცხოვან ადიღურ ტომებს შორის მუდმივი ქიშპი და მტრობა არსებობდა, რის გამოც ისინი რუსების წინააღმდეგ დიდი ძალის გამოყვანას ვერ ახერხებდნენ, მათი მცირე ჯგუფები კი მარცხდებოდნენ. ამასთან, მთიელები, სანამ ცოცხლები იყვნენ, ტყვედ არ ნებდებოდნენ, ხოლო დაღუპულთა გვამები ბრძოლის ველიდან გაჰქონდათ. თუ მთიელთა გვამები რუსების ხელში აღმოჩნდებოდა, ბრძოლის შემდეგ მათი წარმომადგენლები სანაცვლოდ რუს ტყვეებს ან რამდენიმე სულ პირუტყვს სთავაზობდნენ. სექტემბერში ა.ველიამინოვის ექსპედიცია გელენჯიკში დაბრუნდა, იქიდან კი ყუბანის მარჯვენა ნაპირზე _ დისლოკაციის მუდმივ ადგილზე გადავიდა. აქტიურად მიმდინარეობდა აფხაზეთიდან შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპირო პუნქტების დაკავებისათვის მზადება. ამ მიზნით, იმპერატორის ბრძანებით, შემოდგომაზე, გაგრის გარნიზონი ორი ასეულით, ხოლო ბიჭვინთისა და დრანდის გარნიზონები თითო ასეულით შემცირდა.

1837 წლის 26 სექტემბერს ადლერის კონცხის რეიდზე დადგა გემი “ჩრდილოეთის ვარსკვლავი”, რომელზეც იმპერატორი ნიკოლოზ I (1825-1855) იმყოფებოდა. ზღვის ძლიერი ღელვის გამო, იმპერატორმა ნაპირზე გადმოსვლა ვერ მოახერხა. ოქტომბერში ნიკოლოზ I თბილისში ჩამოვიდა. იგი უკმაყოფილო დარჩა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე რუსული იარაღის მიღწევებით და ბარონ გრ.როზენის მმართველობით, რის გამოც იგი გადააყენა. 1837 წლის 30 ნოემბერს ცალკე კავკასიის კორპუსის მთავარსარდლად და კავკასიის სამოქალაქო ადმინისტრაციის მმართველად, მთავარმართებლად, ინფანტერიის გენერალი ევგენი გოლოვინი (1837-1842) დაინიშნა.

ე.გოლოვინის შეფასებით, 1838 წლისთვის შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მდგომარეობა ასე-თი იყო: ,,предстояло довершение береговой линии и откритие нового, более надежного сообщения берега с низовьями Кубани и черноморьем”. რაც შეეხება აფხაზეთს, ე.გოლოვინის დაკვირვებით “აფხაზეთი წარმოადგენდა პარტიებს შორის შინაგან უთანხმოებათა ასპარეზს. მთავარს, რომელიც ნდობით და პატივისცემით არ სარგებლობდა, ხალხში თითქმის არავითარი წონა არ ჰქონდა. ამიტომ მისი ღირსება და უფლება ამ პროვინციის მორჩილების გარანტს სულაც არ წარმოადგენდა”. მთავარმართებლის აზრით, საჭირო იყო აფხაზეთის მთავრისადმი დახმარება მისი ხელისუფლებისა და გავლენის განმტკიცების მიზნით. ამის შემდეგ, კავკასიის ახალმა რუსულმა ადმინისტრაციამ კურსი აიღო მიხეილ შარვაშიძის ხელისუფლების განმტკიცებისაკენ, რასაც ამ მხარეში რუსეთის მფლობელობის განმტკიცება უნდა მოჰყოლოდა.

შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე სანავსადგურო პუნქტების დასაკავებლად განსაზღვრულმა ჯარის ნაწილებმა 1838 წლის გაზაფხულზე სოხუმ-კალესა და ტამანში მოიყარეს თავი. 11 აპრილს აფხაზეთის რაზმი გენერალ ა.სიმბორსკის მეთაურობით სოხუმ-კალედან გავიდა ხომალდებით და 13 აპრილს მთიელთა სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად უბიხეთში მდ.სოჩის შესართავი დესანტით დაიკავა. ექსპედიციის წარმატება მნიშვნელოვანწილად განაპირობა სადესანტო ესკადრის მეთაურის, კონტრ-ადმირალ არტიუხოვისა და მოკრეისერე ხომალდების ესკადრის მეთაურის, კონტრ-ადმირალ სტანიუკოვიჩის დახმარებამ. 21 აპრილს ა.სიმბორსკი მდ.სოჩის შესართავთან, მაღლობზე, უბიხების ყოფილი აულის ადგილას სიმაგრის აგებას შეუდგა. რადგან სიმაგრეს დედოფლის _ ალექსანდრა თევდორეს ასულის დაბადების დღეს ჩაეყარა საფუძველი, ა.სიმბორსკის წინადადებით მას ალექსან-დრია ეწოდა.

ტამანში შეკრებილი რაზმი გენერალ ნ.რაევსკის მეთაურობით 12 მაისს მდ.ტუაფსეს შესართავში გადმოსხდა და სიმაგრის აგებას შეუდგა, რომელსაც 1838 წლის 27 მარტს გარდაცვლილი კაკასიის ხაზის უფროსის, გენერალ-ლეიტენანტ ა.ველიამინოვის პატივსაცემად ველიამინოვსკი ეწოდა. სიმაგრის აგების შემდეგ, რაზმი კვლავ გემებში ჩასხდა და 10 ივლისს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე მდ.შაფსუხოს შესართავი დაიკავა. რუსეთის ჯარის ნაწილები აქაც სიმაგრის აგებას შეუდგნენ. 22 აგვისტოს სიმაგრის აგება დასრულდა და მას ტენგინის პოლკის პატივსაცემად ტენგინსკოე ეწოდა.

1838 წლის ზაფხულში შავი ზღვის სანაპირო ხაზის დათვალიერებამ ე.გოლოვინი დაარწმუნა, რომ სუჯუკის ყურე მდ.ცემესის შესართავში, უსაფრთხო და ყოველმხრივ დახურულ რეიდს წარმოადგენდა. იმპერატორმა ბრძანება გასცა აქ აეგოთ სიმაგრე, სამხედრო ნავსადგური და საადმირალო შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მოკრეისერე ესკადრისათვის. 12 სექტემბერს შავი ზღვის ფლოტის სარდალმა, ადმირალმა მ.ლაზარევმა დესანტით დაიკავა მდ.ცემესის შესართავი, სადაც საფუძველი ჩაეყარა ნოვოროსიისკის სიმაგრეს. 1839 წელს განზრახული იყო შავი ზღვის სანაპიროზე სიმაგრეებით დაეკავებინათ მდ.შახესა და მდ.ფსეზუაფსეს შესართავები; ცემესსა და ანაპას შორის, მდ.მესკაგზე სიმაგრის აგება და ნოვოროსიისკის სიმაგრის მშენებლობის დასრულება.

შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრები ტომები ცდილობდნენ ხელი შეეშალათ რუსეთის დამკვიდრებისათვის ამ მხარეში და შური ეძიათ აფხაზეთის მთავარზე, რომელიც დაუმორჩილებელი მთიელების შემომტკიცებაში რუსეთის ხელისუფლებას დიდ დახმარებას უწევდა. 1839 წლის მარტის დასაწყისში, მდ. მზიმთას ხეობაში, ჯიქების აულ არტკუაჯში აზნაურ კერენტუხ ბარზეგის მეთაურობით 2 ათასამდე ჯიქი და უბიხი შეიკრიბა. ისინი ქვეითად შეიჭრნენ აფხაზეთში, ღამით გვერდი უარეს ბამბორის სიმაგრეს, თავს დაესხნენ სოფ. აჭანდარას ლიხნიდან 5 ვერსზე, გაძარცვეს და გადაწვეს იგი. სანამ მთავარი მდევარს აგროვებდა, მთიელებმა 63 ტყვე გაიტაცეს, პირუტყვი გაირეკეს და სამშვიდობოს გავიდნენ. ამ ფაქტმა აფხაზების ურთიერთობა მეზობელ ჯიქებთან და უბიხებთან გაამწვავა. აფხაზეთის მთავარი იმედოვნებდა, რომ ჯიქებზე და უბიხებზე შურისძიებაში ხელისუფლება მას სათანადო დახმარებას გაუწევდა.

1839 წლის აპრილში შავი ზღვის სანაპირო ყველა სიმაგრე მდ.ყუბანის შესართავიდან მდ.ჩოლოქამდე, აგრეთვე აფხაზეთი და წებელდა იქ განლაგებულ ჯარებთან ერთად, იმპერატორის ბრძანებით, შავი ზღვის სანაპირო ხაზის სისტემაში შევიდა, რომლის უროსად გენერალ-ლეიტენანტი ნ.რაევსკი დაინიშნა. სანაპირო ხაზი ორ განყოფილებად გაიყო: 1.მდ.ყუბანის შესართავიდან მდ.სოჩის შესართავამდე (ალექსანდრიის ფორტი); II. მდ.სოჩის შესართავი-დან მდ.ჩოლოქის შესართავამდე (წმ. ნიკოლოზის საგუშაგო, შეკვეთილი). I განყოფილების უფროსად დაინიშნა კონტრ-ადმირალი ლ.მ.სერებრიაკოვი; II განყოფილების უროსად _ გენერალ-მაიორი მ.მ.ოლშევსკი. სანაპირო ხაზის II განყოფილების უფროსი იმავდროულად აფხაზეთში განლაგებული ჯარების სარდლის მოვალეობას ასრულებდა. შავი ზღვის სანაპირო ხაზის უფროსის რეზიდენცია ნოვოროსიისკში იყო. აქვე იყო I განყოფილების უფროსის ადგილსამყოფელი, ხოლო II განყოფილების უფროსის _ სოხუმ-კალეში. ამასთან, სოხუმ-კალეში დაინიშნა ნავსადგურის კაპიტანი და მოკრეისერე ესკადრისთვის საზღვაო პროვიზიის სათადარიგო მაღაზია შეიქმნა. ნ.რაევსკი I განყოფილების მხრივ კავკასიის ხაზისა და შავიზღვისპირეთის ჯარების სარდალს, II განყოფილების მხრივ კი _ უშუალოდ ე.გოლოვინს დაექვემდებარა. მოგვიანებით, ნ.რაევსკიმ დასვა საკითხი, რომ უბიხების მიწა-წყალი, რომლის ნაწილი I განყოფილებაში, ხოლო ნაწილი II განყოფილებაში იყო მოქცეული, მთლიანად II განყოფილებას მიკუთვნებოდა და I და II განყოფილებას შორის საზღვრად მდ.სუბაში დაწესებულიყო. ე.გოლოვინმაც ა.ჩერნიშევის სახელზე აღძრა შუამდგომლობა ნ.რაევსკის მოთხოვნის დაკმაყოფილების თაობაზე, რაც დადებითად გადაწყდა.

ამრიგად, აფხაზეთი შავი ზღვის სანაპირო ხაზის II განყოფილებაში მოექცა. რუსეთის სარდლობა აფხაზეთის მთავრის ხელისუფლებას არ ზღუდავდა. იგი აღიარებდა, რომ მხოლოდ მთავრის ხელისუფლების მეშვეობით შეიძლებო-და “საიმედო ზემოქმედება მთელ აფხაზეთზე”, ამიტომ ცდილობდა ის განემტკიცებინა, რათა მისი მეშვეობით ემართა ქვეყანა. თვით ნ.რაევსკიც თბილად იყო განწყობილი მიხეილ შარვაშიძის მიმართ და მისი ხელისუფლების განმტკიცებას ყოველმხრივ ხელს უწყობდა.

აპრილის ბოლოს, ე.გოლოვინის ნებართვით მიხეილ შარვაშიძემ ჯიქეთში კარგად ორგანიზებული ექსპედიცია მოაწყო. მასში ბზიფის აფხაზეთის სახალხო ლაშქართან ერთად რუსებიც მონაწილეობდნენ. სამხედრო ექსპედიცია, რომელშიც 7 გალერა და სამხედრო ნავი მონაწილეობდა, ადლერის კონცხს მიადგა, სადაც პირქარის გამო 2 დღე დარჩა. აქ ექსპედიციას კიდევ ერთი სამხედრო ნავი შეემატა. 25-დან 26 აპრილის ღამით, მიხეილ შარვაშიძემ სვიატოგო დუხასა და ალექსანდრიის ფორტს შორის დესანტი გადმოსხა. “ეს მოულოდნელი ღამის თავდასხმა, _ აღნიშნავდა შემდეგ ე.გოლოვინი, _ შარვაშიძის გონივრული განკარგულებების წყალობით დიდი წარმატებით განხორ-ციელდა. აფხაზებმა გადაწვეს ნაპირიდან 5 ვერსზე მდებარე ორი აული, წამოასხეს ტყვეები და ალაფი წამოიღეს”. ჩერქეზები მიხვდნენ, რომ თავდამსხმელები ზღვით უნდა მოსულიყვნენ და დესანტის გადმოსხმის ადგილისაკენ გაემართნენ, მაგრამ სარეზერვო რაზმის სროლამ და სამხედრო ნავების ქვემეხების ცეცხლმა ისინი უკუაქცია. ჩერქეზები რამდენჯერმე დაესხნენ თავს ალაფით დატვირთულ აფხაზთა რაზმს, მაგრამ მათ ეს შე-მოტევები მოიგერიეს, გალერებში ჩასხდნენ და 26 აპრილის დილით სვიატოგო დუხას სიმაგრეში დაბრუნდნენ. იმავდროულად, ჩერქეზთა ყურადღების გადატანის მიზნით, მთავრის მიერ სახმელეთო გზით გაგზავნილი ასკაციანი რაზმი 28 აპრილს ისე დაბრუნდა აფხაზეთში, რომ ჯიქებთან შეტაკება არ ჰქონია.

ექსპედიციის წარმატებით გახარებულმა მიხეილ შარვაშიძემ ე.გოლოვინს სთხოვა კვლავაც დაერთო მსგავსი აქციების მოწყობის ნება და მხოლოდ სამხედრო ხომალდებით დახმარებოდა. ე.გოლოვინი თვლიდა, რომ აფხაზების ასეთი მოქმედება დაუმორჩილებელი მთიელების წინააღმდეგ დიდ სახსრებს არ მოითხოვდა და არც დანაკარგები მოჰქონდა რუსეთის ხელისუფლებისთვის, სარგებლობა კი დიდი იყო. ასეთ აქციებს მთიელთა დასაშინებლად და დასასუსტებლად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. აფხაზეთი კი ნაწილობრივ დაცული იყო თავდასხმებისგან, ამიტომ გენერალ ნ.რაევსკის მისწერა, ნება დაერთო აფხაზეთის მთავრისთვის მსგავსი აქციები მოეწყო და ამისთვის სამხედრო ნავებით დახმარებოდა.

შავი ზღვის სანაპირო ხაზის სარდლობა სანაპირო პუნქტების დაკავებას და სიმაგრეების აგებას კვლავ აგრძელებდა. 1839 წლის 3 მაისს, ნ.რაევსკიმ მთიელთა სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად დესანტით დაიკავა მდ.სუბაშის შესართავი და სიმაგრის აგებას შეუდგა, რაც ივნისში დასრულდა. მას ე.გოლოვინის პატივსაცემად ფორტი გოლოვინსკი ეწოდა. ივლისის დასაწყისში ნ.რაევსკიმ დესანტით დაიკავა მდ.ფსეზუაფსეს შესართავი და სიმაგრე ააგო. მას ადმირალ მ.ლაზარევის პატივსაცემად ფორტი ლაზარევი ეწოდა. ამის შემდეგ ნ.რაევსკის რაზმი ანაპაში დაბრუნდა და სექტემბერში, ანაპასა და ნოვოროსიისკს შორის, მდ.მესკაგზე ფორტის აგებას შეუდგა, რომელსაც მის პატივსაცემად რაევსკი ეწოდა. იმავდროულად, სიმაგრეს მდ.სოჩაზე ალექსანდრიის ნაცვლად ნავა-გინსკი ეწოდა, რადგან შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, გელენჯიკიდან 18 ვერსზე, ალექსანდრიის სა-ხელწოდებით კიდევ ერთი სიმაგრე არსებობდა. იმავე წელს ნოვოროსიისკის სიმაგრის აგებაც დასრულდა.

მთიელები ყოველნაირად ხელს უშლიდნენ მათ მიწა-წყალზე რუსული სიმაგრეების აგებას. 1839 წლის 28 სექტემბერს, გამთენიისას, ისინი შტურმით შეიჭრნენ ნავაგინსკის სიმაგრეში, მაგრამ გარნიზონმა შეძლო შეტევის მოგერიება და მომხდურნი სიმაგრის კედლებიდან გადაყარა. 29 და 30 სექტემბერს ჩერქეზები კვლავ შეეცადნენ სიმაგრეში შეჭრას, დიდი ძალებით ალყაში მოაქციეს ის და გარნიზონს სროლა აუტეხეს, თუმცა ციხესიმაგ-რის დამცველებმა ეს შეტევაც მოიგერიეს.

შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე კვლავ აქტიურობდნენ კონტრაბანდისტები. მ.ოლშევსკის ცნობით, ოქტომბრის დასაწყისში მიხეილ შარვაშიძემ გაიგო, რომ კონსტანტინეს კონცხის (ადლერი) მახლობლად იდგა თურქული კანჯო, რომლითაც თითქოს ოსმალეთში უნდა წასულიყო ინგლისელი აგენტი ჯეიმს ბელი, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში ჩერქეზებთან ცხოვრობდა. აფხაზეთის მთავარმა კანჯოს ხელში ჩასაგდებად 4 გალერით პრაპორშიკი მარღანია გააგზავნა. მაგრამ აღმოჩნდა, რომ კანჯო რამდენიმე ვერსის მანძილზე იყო მდინარეში შეყვანილი და უსაფრთხო ადგილას იდგა დიდი აულის მახლობლად, სადაც მისი ნავმტე და მგზავრები ცხოვრობდნენ. ამიტომ მარღანიამ კანჯოს ხელში ჩაგდება ვერ მოახერხა.

1839 წელს შავი ზღვის სანაპირო ხაზის აგება დასრულდა. ყველა მნიშვნელოვანი ადგილი შავი ზღვის ჩარდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, რომელიც ხელსაყრელი იყო კონტრაბანდული ხომალდების მისადგომად, სიმაგრეებით იქნა დაკავებული. თუმცა ეს სიმაგრეები მოკლე დროში აგების, გარნიზონის სიმცირისა და სხვა მრავალი პრობლემის გამო, სულაც არ იყომრისხანე და აუღებელი. კლიმატურმა ავადმყოფობებმა 1839 წლის შემოდგომაზე და 1840 წლის ზამთარში, გარნიზონის შეუცვლელობამ, გაზაფხულისთვის ისე დაასუსტა შავი ზღვის სანაპირო სიმაგრეები, რომ ფორტების უფროსებს არ ძალუძდათ არათუ დაესრულებინათ დარჩენილი სამუშაოები, არამედ თოვლისა და წვიმისაგან დაზიანებული ძელების გამოცვლაც კი, რადგან საკმარისი გარნიზონი არ ჰყავდათ.

1840 წლის დასაწყისში ჯიქებმა, უბიხებმა და შაფსუღებმა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე გააქტიურეს მოქმედება რუსეთის ჯარების წინააღმდეგ. დასავლეთ კავკასიაში ანტირუსულ განწყობილებას ინგლისის აგენტებიც აღვივებდნენ, რომლებიც კავკასიელ მთიელებს “ნისლიანი ალბიონის” მფარველობას ჰპირდებოდნენ. ინგლისი ცდილობდა რუსეთის პოზიცების შესუსტებას კავკასიაში და, საბოლოოდ, ამ მხარის რუსეთისაგან მოწყვეტას. კავკასიელი მთიელებისათვის ცნობილი იყო, რომ შავი ზღვის სანაპირო ხაზის სიმაგრეები სათანადოდ არ იყო დაცული, მცირერიცხოვანი იყო სიმაგრეთა გარნიზონი, ჯარისკაცებს მრავალი პრობლემა ჰქონდათ, მათ შორის, შეიარაღების მხრივ და სხვ. ამასთან, რამდენიმე წლის მოუსავლიანობამ ჩერქეზულ ტომებში შიმშილობა გამოიწ-ვია, ამან მთიელები საყოველთაო აჯანყებისათვის განაწყო. მათ იარაღით ხელში სიკვდილი არჩიეს შიმშილით მტანჯველ სიკვდილს და რადგან იცოდნენ შავი ზღვის სანაპირო სიმაგრეების მძიმე მდგომარეობა, მათი აღება და იქ არსებული სურსათის მარაგის დაუფლება გადაწყვიტეს.

1840 წლის 7 თებერვალს მთიელთა დიდმა რაზმმა ალყა შემოარტყა ლაზარევის ფორტს და მიუხედავად გარნიზონის მედგარი წინააღმდეგობისა, დაეუფლა მას. ამით გამხნევებულმა მთიელებმა 29 თებერვალს იერიში მიიტანეს ველიამინოვსკოეზე და ასევე აიღეს; 23 მარტს ალყა შემოარტყეს მიხაილოვსკოეს და მძიმე ბრძოლის შემდეგ სიმაგრეში შეიჭრნენ, მაგრამ რუსმა ჯარისკაცმა არხიპ ოსიპოვმა დენთის სარდაფს ცეცხლი წაუკიდა და სიმაგრე, მის დამცველებთან და იქ შემოჭრილ მთიელებთან ერთად, ააფეთქა; 2 აპრილს მთიელები ნიკოლაევსკის ფორტსაც დაეუფლნენ. შემდეგ, სხვა სიმაგრეებზეც მიიტანეს იერიში, თუმცა უშედეგოდ. 26 მაისს მათ აბინის სიმაგრეს შეუტიეს, მაგრამ სასტიკი მარცხი იწვნიეს და გაიფანტნენ. ამის შემდეგ, რაიმე მნიშვნელოვანი ღონისძიებებისთვის მათ არ მიუმართავთ.

დასავლეთ კავკასიის მთიელთა გააქტიურებასთან ერთად, 1840 წლის გაზაფხულზე, მარტში, შამილიც გააქტიურდა. კავკასიის ხაზისა და შავიზღვისპირეთის ჯარების სარდალი, გენერალ-ადიუტანტი პ.გრაბე 30 მარტს გრაფ ა.ჩერნიშევს აუწყებდა, რომ კავკასიის კორპუსის მთავარსარდალს არ შეეძლო რაიმე მნიშვნელოვანი დამხმარე ძალის გამოგზავნა, მითუმეტეს, რომ მღელვარება იყო დაღესტანში, მღელვარება მოსალოდნელი იყო აფხაზეთშიც, სადაც გენერალ-მაიორ მ.ოლშევსკის ცნობით სიმშვიდე არ იყო. ამდენად, არსებული ვითარება ამიერკავკასიის სრულად გაშიშვლების საშუალებას არ იძლეოდა, მაგრამ მალე მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა. 1840 წლის მაისის დასაწყისში ნ.რაევსკიმ ტამანსა და ფეოდოსიაში ორი რაზმი შეკრიბა. ერთმა 10 მაისს მდ.ტუაფსეს შესართავი, ხოლო მეორემ 22 მაისს მდ.ფსეზუაფსეს შესართავი დაიკავა. მალე, რუსეთის სარდლობამ, ველიამინოვსკოესა და ლაზარევის დანგრეული სიმაგრეები ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე აღადგინა.

იმავდროულად, 1840 წლის მაისის დასაწყისში, მიხეილ შარვაშიძის მცდელობით, ჯიქების ცანთა თემის თავადები _ ომარ, ბესლან და ისლამ ცანბები რუსეთის ქვეშევრდომობაში შევიდნენ და იმპერატორის ერთგულების ფიცი დადეს. ცანბები მდ.ხოშუფსეზე, ცანდრიფშში ცხოვრობდნენ და 150-მდე კომლ გლეხს ფლობდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ცანბების მთელი საგვარეულო არ შესულა რუსეთის ქვეშევრდომობაში, და ვინც იმპერატორის ერთგულების ფიცი დადო, ბევრნი არ იყვნენ, როგორც ე.გოლოვინი ფიქრობდა, მათ მაგალითს შეეძლო სხვა ჯიქ თავადებზე გავლენა მოეხდინა. ე.გოლოვინის ცნობით, მიხეილ შარვაშიძე ძალას არ იშურებდა ჯიქების რუსეთის ქვეშევრდომობაში შესაყვანად, რის შედეგადაც გაგრის სიმაგრე და მთელი აფხაზეთი მათი თავდასხმებისაგან დაცული იქნებოდა. გენერალ გრ.ფილიპსონის ცნობით, მიხეილ შარვაშიძე და კაც მარღანია სამი თვე აწარმოებდნენ ჯიქებთან მოლაპარაკებებს, რაც საბოლოოდ წარმატებით დასრულდა. ჯიქეთში ბოქაულად აფხაზეთის მთავრის ძმა _ ალექსანდრე დაინიშნა, რომელიც შემდეგ სოლომონ ზვანბამ შეცვალა.

ცანბების დამორჩილება იმითაც იყო მნიშვნელოვანი, რომ ეს სწორედ მაშინ მოხდა, როცა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრები ტომები რუსეთის სიმაგრეებს კვლავ ემუქრებოდნენ. შავი ზღვის სანაპირო ხაზზე მდგომარეობის შედარებით გამოსწორების მიუხედავად, სიმშვიდე არ იყო აფხაზეთის მთის თემებში _ წებელდასა და დალში, სადაც მღელვარება 1840 წლის ივნისში რუსეთის ხელისუფლების წინააღ-მდეგ აჯანყებაში გადაიზარდა. აჯანყებას შაბათ მარშანია მეთაურობდა, რომელმაც დალი-წებელდიდან რუსების განდევნა გადაწყვიტა. აჯანყებულ დალს წებელდაც შეუერთდა. ივნისის მეორე ნახევარში, მიხეილ შარვაშიძის მეთაურობით წებელდასა და დალში დამსჯელი ექსპედიცია მოეწყო, რომელმაც ეს მთის თემები წინააღმდეგობის გარეშე დაიმორჩილა. თუმცა, მალე, კვლავ დაიწყო მღელვარება დალში.

წებელდა-დალის დამორჩილების შემდეგ, ფსხუს გავლენიანმა თავადმა ფშემაყომ რუსეთის ხელისუფლებას მორჩილება გამოუცხადა მის ქვეშევრდომ აზნაურებთან და გლეხებთან _ სულ, 100 კომლი, _ ერთად, რაც ფსხუს მოსახლეობის მესამედს შეადგენდა. ე.გოლოვინი სამხედრო მინისტრს აუწყებდა, რომ კავკასიის მმართველობაში მისი მოსვლის დღიდან განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ფსხუს დამორჩილებას, თუმცა სხვადასხვა გარემოებათა გამო ეს ყოველთვის გადაიდო. მისი აზრით, ამ მთიანი თემის დამორჩილება, რომელიც ერთი მხრივ _ წებელდასა და აფხაზეთს, ხოლო მეორე მხრივ, მთის ჩერქეზულ ტომებს ესაზღვრებოდა, იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ წებელდის დამორჩილების შემდეგ ეს იყო ერთადერთი თემი, რომელიც გაგრის ქედს აქეთ რუსეთის ხელისუფლებას არ ემორჩილებოდა, ღიად ეწეოდა ადამიანებით ვაჭრობას, მეზობელი მხარეებიდან ყაჩაღებსა და სხვადასხვა ჯურის დამნაშავეებს თავშესაფარს აძლევდა. მართალია, მისი აზრით, ფშემაყოს დამორჩილება არ ნიშნავდა მთელი ფსხუს დამორჩილებას, მაგრამ რამდენადმე უზრუნველყოფდა აფხაზეთს მთიელთა თავდასხმებისაგან, რომლებიც ფსუხს გავლით იჭრებოდნენ. ფშემაყო ვერ აუკრძალავდა მათ აფხაზეთში შეჭრას, მაგრამ დროზე შეატყობინებდა სარდლობას მთიელთა მოძრაობის შესახებ, რაც მათ მოგერიებას გააადვილებდა. ამასთან, ე.გოლოვინის აზრით, ალბათ, ფშემაყოს მაგალითი დადებითად იმოქმედებდა სხვა ფსხუელ თავადებზე, რომლებიც ერთი გვარის წარმომადგენლები იყვნენ და, ამას, გარკვეულწილად, ხელს შეუწყობდა აფხაზეთის მთავარიც, რომელიც შეეცდებოდა ისინი რუსეთის ხელისუფლებისადმი დამორჩილების სიკეთეში დაერწმუნებინა.

1840 წლის ოქტომბერში შავი ზღვის სანაპირო ხაზის რეორგანიზაცია განხორციელდა. სამხედრო მინისტრის 11 სექტემბრის ბრძანებით სამი განყოფილება ჩამოყალიბდა: I. ყუბანის შესართავიდან გელენჯიკამდე; II. გელენჯიკიდან ნავაგინსკამდე; III. ნავაგინსკიდან წმ. ნიკოლოზის საგუშაგომდე (შეკვეთილი). ამ უკანასკნელში შედიოდა: ნავაგინსკის, გოლოვინსკის, ადლერის, გაგრის, ბიჭვინთის, ბამბორის, სოხუმ-კალეს სიმაგრეები; მრამბის, დრანდის, კვიტოულის, ილორის საგუშაგოები; ანაკლიის, რედუტ-კალეს, ფოთის, ოზურგეთის სიმაგრეები და წმ. ნიკოლო-ზის საგუშაგო. III განყოფილების უფროსი ვალდებული იყო ,,აფხაზეთზე პოლიტიკური მეთვალყურეობა გაეწია”. აუცილებლობის შემთხვევაში მას იარაღის გამოყენების უფლებაც ჰქონდა. შავი ზღვის სანაპირო ხაზის რეორგანიზაციის შემდეგ, I განყოფილების უფროსად დაინიშნა კონტრ-ადმირალი ლ.მ. სერებრიაკოვი; II განყოფილების უფროსად _ გენერალ-მაიორი ა.კ.ოპერმანი; III განყოფილების უფროსად _ პოლკოვნიკი ნ.ნ. მურავიოვი.

შემოდგომაზე რუსეთის სარდლობა ექსპედიციის მოწყობას გეგმავდა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ნავაგინსკიდან უბიხების მიწა-წყალზე. მოგვიანებით, ნ.რაევსკის წინადადებით გეგმა შეიცვალა და გადაწყდა ექსპედიციის მოწყობა ჯიქეთში, გაგრიდან სვიატოგო დუხას სიმაგრემდე. ხელისუფლების აზრით, ამ ექსპედიციას მთიელებისთვის უნდა ეჩვენებინა, რომ რუსეთის სარდლობისთვის “ავაზაკთა ბუნაგები” ყველგან ხელმისაწვდომი იყო სხვანაირად ფიქრობდა ნ.მურავიოვი. მისი აზრით, ჯიქებისა და უბიხების დასამორჩილებლად საჭირო იყო ფსხუს დამორჩილება, რაც აჰჭიფსის დამორჩილებასაც გამოიწვევდა. ასეთ შემთხვევაში, რუსეთის ჯარის ნაწილები, როგორც სანაპიროდან, ისე მთიდან, უბიხებს შეუტევდნენ, რომლებსაც დასაყრდენი არ ეყოლებოდათ მთაში, და ადვილად დაიმორჩილებდნენ. საჭირო იყო ასევე გზების გაყვანა: გაგრიდან მდ.მზიმთისაკენ და, სასაპალნე გზისა ფსხუსა და აჰჭიფსში. წინააღმდეგ შემთხვევაში, უბიხების აულების აოხრება მნიშვნელოვან შედეგს არ მოიტანდა.

1840 წლის დეკემბერ _ 1841 წლის იანვარში დამსჯელი ექსპედიცია III განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლის, პოლკოვნიკ ნ. მურავიოვის მეთაურობით, ცეცხლითა და მახვილით შეიჭრა დალში და ეს მთის თემი დაიმორჩილა. მეამბოხე მარშანიები ფსხუში, შემდეგ კი აჰჭიფსში გადავიდნენ. ნ.მურავიოვის ბრძანებით, დალში მცხოვრები 500-მდე ოჯახი აყარეს და წებელდასა და აფხაზეთში ჩამოასახლეს.

1841 წლის იანვარში შავი ზღვის სანაპირო ხაზის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ნ.რაევსკიმ, რომელიც კავკასიელი მთიელებისადმი ლიბერალური დამოკიდებულებით გამოირჩეოდა, გადადგომა ითხოვა, რაც მარტში დაკმაყოფილდა. სანაპირო ხაზის უფროსად გენერალ-მაიორი ი.ანრეპი დაინიშნა, რომელსაც გენერალ-ლეტენანტის ჩინიც ებოძა. მოგვიანებით, 1841 წლის 28 თებერვლის წერილში ა.ჩერნიშევისადმი, ნ.რაევსკი კავკასიის დაპყრობას ესპანელების მიერ ამერიკის დაპყრობას ადარებდა. მისი აზრით საჭირო იყო არა მთიელების განადგურება, არამედ მათთან სავაჭრო ურთიერთობების დამყარება და ამ გზით მათი დაახლოება. თვითონ ნ.რაევსკი მთიელებთან ასეთი ურთიერთობის დამყარებას ყოველმხრივ უწყობდა ხელს. მათთან ვაჭრობის მნიშვნელოვანი ცენტრი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ანაპა იყო. ციხე-სიმაგრის კომენდანტი, პოლკოვნიკი ფონ-ბრინკი მთიელებთან მშვიდობიანი სავაჭრო ურთიერთობების განვითარებას აქტიურად უწყობდა ხელს. რუსებთან ვაჭრობდნენ ნათხვაჯები და ჯიქები, სხვა ტომები კი ამ უკანასკნელთაგან იძენდნენ სავაჭრო საქონელს. ნ.რაევსკი თვლიდა, რომ სხვა ტომები ალბათ მალე დარწმუნდებოდნენ რუსებთან სავაჭრო ურთიერთობის სიკეთეში. ამ კურსის აქტიური მოწინააღმდეგე იყო კონტრ-ადმირალი ლ.სერებრიაკოვი, რომელიც მთიელებთან საომარი მოქმედებებისა და მათი დაპყრობა-განადგურების პოლიტიკას უჭერდა მხარს.

1841 წლის თებერვალში უბიხების რაზმი აფხაზეთში შეიჭრა გაგრის სიმაგრის გვერდის ავლით, მდ.ჟოეკვარას ხეობით, მეტად რთული, ტყიანი ბილიკით, და რამდენიმე სოფელი ააოხრა. კვლავ არეულობა იყო წებელდაში. ნ. მურავიოვი აფხაზეთის უბიხებისაგან დაცვის მიზნით ჟოეკვარას ხეობაში კოშკის აგებას და წებელდა-დალში უწესრიგობების აღმოსაფხვრელად ლაშქრობისათვის სათანადო სახსრებს დაჟინებით ითხოვდა. ი.ანრეპმა კოშკის აგებისა და შემოდგომაზე, სიცხეების დაცხრომის შემდეგ, უბიხეთში ექსპედიციის მოწყობის თაობაზე განკარგულება გასცა.

ასეთ ვითარებაში, 20 მაისს, ჯიქების თემებმა, რომლებიც გაგრასა და სვიატოგო დუხას სიმაგრეს შორის ცხოვრობდნენ, რუსეთის ხელისუფლებას მორჩილება გამოუცხადეს და ი.ანრეპთან სვიატოგო დუხას სიმაგრეში ფიცი დადეს. ამ ფაქტმა მათი მეზობელი უბიხები აღაშფოთა. ისინი მოითხოვდნენ, რომ ჯიქებს უარი ეთქვათ რუსეთის ხელისუფლების მორჩილებაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში იმუქრებოდნენ, რომ ამას ძალით გააკეთებინებდნენ. უბიხებმა მუქარა მალევე შეასრულეს. უბიხებმა დააპატიმრეს რუსეთის ხელისულებისადმი დამორჩილებული ჯიქი თავადები აჰმედ აუბლა და ზურაბ ხამიში, აგრეთვე რამდენიმე უბიხი, რომლებსაც ი.ანრეპის სვიატოგო დუხას სიმაგრეში ყოფნისას მასთან მოლაპარაკებები ჰქონდათ, მათ შორის: ჰაჯი ისმაილ დაგუმოყვა ბარზეგი, მისი ძმისშვილი კერანტუხ ბარზეგი და ვარდანეს მცხოვრები, უბიხებს შორის სიმამაცით ცნობილი მურადი. აჰმედ აუბლა და ზურაბ ხამიში იძულებული გახდნენ უარი ეთქვათ რუსეთის ხელისუფლების მორჩილებაზე და მხოლოდ მაშინ გაათავისუფლეს. ჰაჯი ისმაილ ბარზეგიც დიდხანს არ დაუკავებიათ. როგორც კი ის გაათავისუფლეს, მან უბიხების შეკ-რებისა და ჯიქების წინაამდეგ ლაშქრობის ბრძანება გასცა. ჯიქებმა რუსეთის სარდლობას მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილების მიზნით დახმარება სთხოვეს. ნავაგინსკისა და სვიატოგო დუხას სიმაგრეთა უფროსებმა ნ.მურავიოვს დაუყოვნებლივ აცნობეს ამის თაობაზე. ნ.მურავიოვმა ჯიქებს უბრძანა ერთიანად გამოსულიყვნენ თავიანთი მამულის დასაცავად, ხოლო თვითონ, დაუყოვნებლივ, 22 მაისს, რუსთა რაზმით გაგრიდან სვიატოგო დუხას სიმაგრისკენ გაემართა.

ეს იყო რუსების პირველი ლაშქრობა გაგრის ჩრდილო-დასავლეთით შავი ზღვის სანაპიროთი. გზა რთული იყო, განსაკუთრებით ძნელი შეიქნა მდინარეებზე ფონით გადასვლა. ჯიქები სიხარულით ხვდებოდნენ ნ.მურავიოვის რაზმს, რომელსაც ზღვიდან ხომალდები მიაცილებდნენ. იმავე დღეს, საღამოს 6 საათზე რაზმმა მდ. მზიმთას მიაღწია და სვიატოგო დუხას სიმაგრის წინ დაბანაკდა. აქ თავი მოიყარეს ჯიქებმაც. ნ.მურავიოვი ელოდა აფხაზეთის სახალხო ლაშქარსაც მიხეილ შარვაშიძის მეთაურობით, ამასთან, მან მოკრეისერე ესკადრის უფროსს სთხოვა ჯარის გადმოსაყვანად ხომალდები სოჩაში ან გაგრაში გაეგზავნა. მალე მიხეილ შარვაშიძეც ჩამოვიდა 11 გალერით, 500 მილიციელის თანხლებით, ჩამოვიდა დამხმარე ჯარის ნაწილებიც და სვიატოგო დუხას სიმაგრესთან შთამბეჭდავმა ძალამ მოიყარა თავი. მიუხედავად ამისა, ი.ანრეპმა ნ.მურავიოვი გააფრთხილა, რაიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი არ გადაედგა უბიხების წინააღმდეგ, რადგან ოდნავ წარუმატებლობასაც კი უარყოფითი შედეგები მოჰყვებოდა უბიხეთში განზრახული დიდი სახმელეთო ექსპედიციისთვის.

რუსეთის სარდლობის საომარმა სამზადისმა უბიხები დააფრთხო. მათ ოჯახები მთებში გახიზნეს, ამასთან ჯიქებს წინადადებით მიმართეს, მათ შორის წამოჭრილი უთანხმოება მშვიდობიანად მოეგვარებინათ. 4 ივნისს ნავაგინსკისა და სვიატოგო დუხას სიმაგრეებს შორის შედგა ჯიქებისა და უბიხების მამასახლისების შეხვედრა, რომელსაც ნ.მურავიოვიც ესწრებოდა. შეხვედრის ადგილის პირდაპირ, ნაპირთან, რუსეთის სამხედრო ფლოტის ხომალდები იდგნენ, ხოლო ადლერში დაბანაკებული ჯარის ნაწილები ყოველ წუთს მზად იყვნენ სალაშქროდ. ნ.მურავიოვმა ბრძანა უბიხებისთვის გადაეცათ რუსეთის სარდლობის მოთხოვნები, რომლის თანახმადაც მათ სამი თვე ეძლეოდათ ნებაყოლობით დასამორჩილებლად. ამ დროის განმავლობაში ისინი არ უნდა დასხმოდნენ თავს ჯიქებსა და აფხაზეთს, არც ჯიქები დაესხმოდნენ ებიხებს; დაუყოვნებლივ დაებრუნებინათ ჯიქებისთვის მძევლები. ეს პირობა უნდა დამტკიცებულიყო ტრადიციულად ფიცის დადებით. თუ უბიხები ამ პირობებს არ დათანხმდებოდნენ, ნ.მურავიოვი მათი მიწაწყლის აოხრებით იმუქრებოდა. უბიხებმა პირობა დადეს, რომ ამ მოთხოვნებს შე-ასრულებდნენ. ადლერში დაბრუნებული ჯიქები გამარჯვებას ზეიმობდნენ. რუსეთის სარდლობაც თვლიდა, რომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. მართლაც, რუსეთის გავლენა შავი ზღვის ჩრდილო-ამოსავლეთ სანაპიროზე მნიშვნელოვნად გაიზარდა. ხამიშებმა ნ.მურავიოვს აუწყეს, რომ ისინი რუსეთის ხელისუფლების ერთგულები რჩებოდნენ, სოჩელმა თავადმა აჰმედ აუბლამ კი შემოთვალა, რომ უბიხეთში რუსეთის ჯარების გამოჩენისთანავე ის თავისი ქვეშევრდომებით მათ შეუერთდებოდა. 5 ივნისს ნ.მურავიოვი გაგრაში დაბრუნდა, მიხეილ შარვაშიძე-მაც დაითხოვა სახალხო ლაშქარი.

შავი ზღვის სანაპირო ხაზის უფროსი ი.ანრეპი თვლიდა, რომ ჯიქები უკვე მტკიცედ იყვნენ დამორჩილებული. ამასთან, უბიხების სიამაყე და თავდაჯერებულობაც მნიშვნელოვნად შემცირდა. ისინი გრძობდნენ, რომ ჯიქების სახით ძლიერი მოკავშირეები დაკარგეს და რუსების უშუალო მეზობლები აღმოჩნდნენ, ამიერიდან კი მათი მიწა-წყალი რუსებისთვის ყოველთვის ხელმისაწვდომი იყო. უბიხეთშიც გაჩნდა ჯგუფი, რომელიც მზად იყო მორჩილების გამოსაცხადებლად, მაგრამ მას გავლენა არ ჰქონდა. ი.ანრეპი ფიქრობდა, რომ მისი ძალა რუსეთის ჯარის უბი-ხეთში შესვლისას უფრო გამოიკვეთებოდა. რუსეთის სარდლობის მთავარი ამოცანა ჯიქეთში განმტკიცება გახდა. ამ მიზნით დაიწყო აფხაზეთიდან ჯიქეთისკენ გზის გაყვანა, მდინარეებზე ხიდების აგება. მდ.ჟოეკვარას ხეობაში ააგეს კოშკი, რომლითაც გაგრის სიმაგრის შემოვლითი გზა მთიელებისთვის ჩაიკეტა. ამ ღონისძიებების შედეგად აფხაზეთიც უფრო დაცული ხდებოდა. იმავდროულად, რუსეთის სარდლობა დიდ ყურადღებას უთმობდა უბიხე-თის ექსპედიციის მომზადებას.

ი.ანრეპი უბიხეთში ექსპედიციის მოწყობას სექტემბრის დასაწყისში გეგმავდა. ამ დროისათვის ზაფხულის მინდვრის სამუშაოების დასრულების შემდეგ, შესაძლებელი იქნებოდა სახალხო ლაშქრის შეკრება; ამასთან, ზაფ-ხულის სიცხეების დაცხრომის შემდეგ, სექტემბერ-ოქტომბერი ყველაზე კარგი დრო იყო ამ მხარეში სახმელეთო ლაშქრობის მოსაწყობად; უბიხებისთვისაც უფრო მგრძნობიარე იქნებოდა რუსეთის ჯარის შეჭრა მათ ქვეყანაში, რადგან სწორედ ამ დროს შემოდიოდა აქ ღომი და სიმინდი, რაც უმთავრესი მარცვლეული კულტურები იყო მათთან და დასაკარგიც მეტი ექნებოდათ. შავი ზღვის სანაპირო ხაზის სარდალს სურდა, გაგრაში მდგარი რაზმი მდ.მზიმთაზე ჩაეყენებინა, სვიატოგო დუხას სიმაგრიდან 20 ვერსზე, რათა დამორჩილებული ჯიქები უბიხებისაგან დაეცვა; ასევე, საომარი მოქმედებების დაწყებამდე ჯიქების მთის თემები _ აიბგა და აჰჭიფსი დაემორჩილებინა. თუ ამას მოახერხებდა, უბიხების ნებაყოფლობით დამორჩილებასაც არ გამორიცხავდა.

ივნისის დასაწყისში სამხედრო მინისტრმა, გრაფმა ა.ჩერნიშევმა ი.ანრეპს აუწყა იმპერატორის ნება, რომ მას სურდა უბიხეთში ექსპედიცია აგვისტოს დასაწყისში შემდგარიყო. შავი ზღვის სანაპირო ხაზის უფროსი იმპერატორის ნების აღსრულებისათვის მზადებას შეუდგა. ასეთ ვითარებაში, 22 ივლისს ნ. მურავიოვმა ჯიქების თავადებისაგან მიიღო ცნობა, რომ სოჩასთან თავი მოიყარეს უბიხებმა, რომელთა რიცხვი განუწყვეტლივ იზრდებოდა. მათ განზრახული ჰქონდათ ნავაგინსკზე და, შემდეგ, ჯიქების მიწა-წყლის გავლით, სვიატოგო დუხას სიმაგრეზე თავდასხმა. ჯიქებს არ სჯეროდათ, რომ უბიხები მათ მიწა-წყალზე გავლისას ქვეყანას არ ააოხრებდნენ, ამიტომ ნ.მურავიოვს სთხოვეს სვიატოგო დუხას სიმაგრიდან რაზმი წინ წაეწია და ისინი დაეცვა. 23 ივლისს ნ.მურავიოვმა ჯარის ნაწილები მდ.ხოროთთან ჩააყენა, რითაც მდ. მზიმთას ხეობისკენ გზა ჩაკეტა. 28 ივლისს მთიელები ნავაგინსკს მიადგნენ და ქვემეხების ცეცხლი დაუშინეს. ნ.მურავიოვმა ხომალდით დამხმარე ძალები გადაიყვანა სიმაგრეში. მთიელების იერიში შემდეგ დღეებშიც გაგრძელდა. ნავაგინსკს 16 ათასამდე უბიხი, აბაძეხი და შაფსუღი უტევდა. ფორტს ჯიქებიც იცავდნენ, ხოლო თავადები: სოზრონ არიდბა, ასლან-ბეი გეჩი და მისოუსტ გეჩი თავიანთი ქვეშევრდომებით სვიატოგო დუხას სიმაგრესთან ზღვის სანაპიროს და ტყის ბილიკებს დარაჯობდნენ, რადგან ჩერქეზების გამოჩენას იქაც მოელოდნენ. მაგრამ, მოულოდნელად, 30 ივლისის ღამით, მთიელებმა ნავაგინსკის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. ამის შემდეგ, ნ.მურავიოვი თავისი რაზმით სვიატოგო დუხას სიმაგრეში დაბრუნდა. იგი ი.ანრეპისადმი მოხსენებით ბარათში აღნიშნავდა, რომ “უბიხების უკანასკნელი ძალისხმევა ნავაგინსკის ფორტისა და ჯიქების წინააღმდეგ კეთილად დამთავრდა”. მიუხედავად ამისა, ი.ანრეპი სრულიად სამართლიანად თვლიდა, რომ უბიხების მტრული მოქმედებები ჯიქების წინააღმდეგ მხოლოდ მათი დამორჩილების შემდეგ შეწყდებოდა და ამ ფაქტიდანაც კარგად ჩანდა უბიხეთში ექსპედიციის მოწყობის აუცილებლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლებოდა მათ ჯიქების ნდობა დაეკარგათ, რაც, საბოლოოდ ჯიქეთის დაკარგვას გამოიწვევდა.

1841 წლის ზაფხულში უბიხების თემმა საშემ და ჯიქეთის მთის თემმა წვიჯამ რუსეთის სარდლობასთან სამშვიდობო მოლაპარაკებები დაიწყეს. იმავდროულად, სვიატოგო დუხას სიმაგრეში თავმოყრა დაიწყეს უბიხეთის ექსპედიციის მონაწილე ძალებმა. ასეთ პირობებში დასავლეთ კავკასიაში გავრცელდა ცნობა გურიის აჯანყების შესახებ. ამიტომ ადლერში გურიისა და სამეგრელოს სახალხო ლაშქარი არ გამოცხადდა, ძალიან მცირერიცხოვანი იყო სამურზაყანოდან და სვანეთიდან მოსული სახალხო ლაშქარი. რუსეთის სარდლობა აფხაზეთის მთავარსაც ბოლომდე არ ენდობოდა. ჯიქებამდე და უბიხებამდე გურიის აჯანყების (1841 წ. მაისი-სექტემბერი), ამბები დამახინჯებული და გაზვიადებული აღწევდა, ამიტომ წვიჯასა და საშას თემებმა რუსებთან მოლაპარაკება შეწყვიტეს. ჯიქების სანაპირო თემები აულების გამაგრებას შეუდგნენ, რადგან ფიქრობდნენ, რომ რუსები შავიზღვისპირეთიდან გურიაში წავიდოდნენ და უბიხების წინაშე დაუცველნი დარჩებოდნენ.

შავი ზღვის სანაპირო ხაზის უფროსი, გენერალი ი.ანრეპი მაშინ აღნიშნავდა: «невольный свидетель, я видел, как быстро развивалась весть о восстании в Гурии по всему восточному берегу (Черного моря), какие симпатии и надежды она возбудила не только в непокорных народах, но даже в тех, которые издавна пользовались всеми выгодами гражданства под сенью нашего правительства».

როდესაც მიხეილ შარვაშიძე ხელისუფლების ბრძანებით სახალხო ლაშქრის შეკრებას შეუდგა გურიის აჯანყების ჩასახშობად, ამ ლაშქრობაში მონაწილეობაზე აფხაზებმა უარი თქვეს. აფხაზეთის მთავარმა საერთოდ უარი თქვა აბჟუაში ლაშქრის შეკრებაზე იმ მოტივით, რომ აბჟუელები მას არ დაემორჩილებოდნენ. სამურზაყანოშიც 600 მილიციელის ნაცვლად მხოლოდ 300 შეგროვდა.

ამრიგად, გურიის აჯანყებამ გამოძახილი ჰპოვა დასავლეთ საქართველოს მხარეებში _ სამეგრელო-სამურზაყანო, აფხაზეთი; შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს მთიელებმა გაააქტიურეს მოქმედება რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. სექტემბერში შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპირო მთიელთა მასობრივმა მღელვარებამ მოიცვა. ნათხვაჯები და შაფსუღები თავს ესხმოდნენ რუსეთის სიმაგრეებს. ამასთან, ანაპასა და ნოვოროსიისკში მოლაპარაკებებზე მოდიოდნენ და ყუბანის მარცხენა ნაპირზე სიმაგრეების მოხსნის სანაცვლოდ სარდლობას მშვიდობას სთავაზობდნენ; უბიხები დარწმუნებულები იყვნენ, რომ რუსები მათ მიწა-წყალზე ვერ შევიდოდნენ და ჯიქებს რუსების წასვლის მერე აკლებით ემუქრებოდნენ. უბიხების უშუალო მეზობელი ჯიქების ხამიშისა და არედის თემები ყოყმანობდნენ რუსებისთვის დაეჭირათ მხარი თუ არა. შექმნილი ვითა-რება რუსეთის სარდლობისგან დროულ და გადამწყვეტ მოქმედებას მოითხოვდა, სანამ მთელ კავკასიაში არ ჰპოვებდა გამოძახილს. ე.გოლოვინი აზრით, უბიხების დასჯა და ჯიქების მორჩილების განმტკიცება უშუალოდ იყო დაკავშირებული გურიის აჯანყების ჩახშობასთან. ამიტომ ი.ანრეპმა ექსპედიცია 20 სექტემბრამდე გადადო და შექმნილ ვითარებაში უკეთ გასარკვევად რედუტ-კალეში ჩავიდა. აჯანყების სწრაფად ჩახშობის მიზნით იგი მზად იყო სამი ბატალიონი პოლკოვნიკ მ.არღუთინსკი-დოლგორუკის დასახმარებლად გურიაში გაეგზავნა. სანაცვლოდ, აჯანყების ჩახშობის მერე, ის იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის მილიციას ითხოვდა უბიხეთის ექსპედიციისთვის. მისი აზრით, გურიის მილიციის მონაწილეობა ექსპედიციაში ამ მხარეში წესრიგის დამყარების ყველაზე ნათელი მოწმობა იქნებოდა და სასურველ გავლენას მოახდენდა არამარტო სამურზაყანოსა და აფხაზეთზე, არამედ ჯიქეთზე და უბიხეთზე. ამასთან, ხელისუფლებას კარგად ესმოდა, რომ მხოლოდ რეგულარული ჯარის ნაწილებით, სახალხო ლაშქრის გარეშე, მთიელების დამორჩილება შეუძლებელი იქნებოდა.

კავკასიაში რუსეთის გართულებული მდგომარეობით სარგებლობას ინგლისი შეეცადა. “ნისლიანი ალბიონი” ცდი-ლობდა კავკასია თავისი გავლენისთვის დაემორჩილებინა, ამიტომ რუსეთის ამ რეგიონში დამკვიდრებას კვლავ მნიშვნელოვან დაბრკოლებას უქმნიდა. 30-40-იან წლებში დასავლეთ კავკასიის მთიელთა გააქტიურება რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჩეჩნეთ-დაღესტნისაგან განსხვავებით, მნიშვნელოვანწილად ბრიტანეთის აგენტურის წამქეზებელური საქმიანობით იყო გამოწვეული. ინგლისი აფხაზეთსა და შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე იარაღ-საჭურველსა და თავის ემისრებს აგზავნიდა. ოსმალეთში მყოფი ინგლისელი დიპლომატები 1841 წელს ტყვია-წამალს აჯანყებულ გურულებსაც აწვდიდნენ.

სექტემბრის შუა რიცხვებში ხელისუფლებამ გურიის აჯანყება სასტიკად ჩაახშო, მაგრამ, “როგორც მოსა-ლოდნელი იყო, _ აღნიშნავდა ი.ანრეპი, _ ამის შესახებ ცნობას რამდენადმე მაინც არ შეეძლო ის ზარალი აენაზღაურებინა, რაც მთიელების ჩვენდამი განწყობაში ამ უბედური აჯანყების შესახებ ცნობამ იქონია”. გურიის აჯანყების ჩახშობის შემდეგ, კავკასიელ მთიელთა წინააღმდეგ საბრძოლველად მეტი შესაძლებლობა მიეცა. კავკასიის კორპუსის შტაბის უფროსის, გენერალ-მაიორ პ.კოცებუს დიდი მეცადინეობით, იმერეთის, სამეგრელოსა და გურიის მილიცია 16 სექტემბერს აფხაზეთისკენ დაიძრა. მიხეილ შარვაშიძემ განზრახული 800 მეომრის ნაცვლად 1500 გამოიყვანა; სამურზაყანოს მილიციაც მოვიდა ბიჭვინთაში. სექტემბრის ბოლოს, მდ. მზიმთას სანაპიროზე დაბანაკებულ გენერალ ი.ანრეპს ნ.მურავიოვიც შეუერთდა სანაპირო ხაზის III განყოფილების რაზმით და აფხაზე-თის, სვანეთის, სამეგრელოს, სამურზაყანოს, იმერეთის, გურიის სახალხო ლაშქრით. აფხაზეთის მთავარი დაინიშნა მთელი მილიციის უფროსად, რომელიც 3 ათასამდე მეომარს ითვლიდა. ჯარს ციება აწუხებდა და რომ არა სახალხო ლაშქარი, ავადმყოფობით დასუსტებული რეგულარული ჯარის ნაწილებით უბიხეთში ლაშქრობა შეუძლებელი იქნებოდა.

რუსეთის ჯარის ნაწილებისა და სახალხო ლაშქრის ადლერში გამოჩენისთანავე უბიხებმა ოჯახები მთებში გახიზნეს, თვითონ კი საომარ სამზადისს შეუდგნენ _ დაიწყეს მდ. სოჩის ხეობისკენ მიმავალი სანაპირო გზის გამაგრება, შეაგროვეს 5 ათასამდე მეომარი და სხვ. ჰაჯი ისმაილ დაგუმოყვა ბარზეგმა საჯაროდ განაცხადა, რომ “წვერს მოიპარსავდა და ქალის კაბას ჩაიცვამდა, ვიდრე თუნდაც ერთ რუსს მაინც შეუშვებდა თავის მიწაზე”. უბიხებმა ჯიქებს შეუთვალეს, რომ გაანადგურებდნენ, თუ რუსებს თუნდაც ერთი ჯიქიც კი შეუერთდებოდა. ჯიქები მზად იყვნენ უბიხებს შეერთებოდნენ. ი. ანრეპმა ჩათვალა, რომ ასეთ ვითარებაში დაყოვნება არ შეიძლებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯიქეთის დაკარგვა გარდუვალი ჩანდა, რაც კიდევ უფრო მძიმე შედე-გებს გამოიწვევდა რუსებისთვის შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, ამიტომ დაუყოვნებლივ გალაშქრება გადაწყვიტა. ჯიქების თავადებს მან უბრძანა მილიცია არ გამოეყვანათ და საკუთარი მიწა-წყლის დაცვის საბაბით სახლებში დარჩენილიყვნენ.

უბიხების ყურადღების სხვა მხარეს გადატანის მიზნით, ი.ანრეპის ბრძანებით, მიხეილ შარვაშიძე 450 მილიციელით გოლოვინსკის სიმაგრეში გადავიდა და ღამით ახლომდებარე აულებში შეიჭრა, მაგრამ აულები დაცარიელებული იყო. აფხაზებმა ცარიელი ქოხები გადაწვეს და ნადავლის გარეშე დაბრუნდნენ. ცხადი გახდა, რომ უბიხები, ვისაც იარაღის ხელში აღება შეეძლო, საბრძოლველად იყო გამოსული.

1841 წლის 8 ოქტომბერს ექსპედიცია უბიხეთისკენ დაიძრა. ზღვიდან მას საბრძოლო ხომალდების ესკადრა უჭერდა მხარს. ექსპედიციას უბიხები და ჯიქების მთის თემები, რომლებიც მათ დასახმარებლად მოვიდნენ, მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ. ექსპედიცია ბრძოლით მიიწევდა წინ. ამ ბრძოლაში, 8 ოქტომბერს, დაიღუპა წებელდელი ზაუსხან მარშანია. 10 ოქტომბერს ექსპედიცია ნავაგინსკში ჩავიდა. ასეთი გადასვლა უბიხებს შეუძლებლად მიაჩნდათ და გაოცებულები იყვნენ. მათ შორის მსხვერპლი დიდი იყო. უბიხების წინამძღოლის, 70 წლის ჰაჯი ისმაილ დაგუმოყვა ბარზეგის 9 ვაჟიშვილიდან 4 ბრძოლაში დაიღუპა, სხვები დაიჭრნენ. სულ, ბარზეგების წარჩინებული საგვარეულოდან 11, ხოლო ძიაშის წარჩინებული საგარეულოდან _ 7 კაცი დაიღუპა. მრავალი საუკეთესო მეომარი, რომელიც ჩვეულებრივ წინა რიგებში იბრძოდა, დაიღუპა ან დაიჭრა. დაღუპულთა რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ მთიელები არც ცდილობდნენ თავიანთი მიცვალებულების ბრძოლის ველიდან გაყვანას, როგორც სჩვეოდათ. დამარცხებულმა უბიხებმა რუსეთის სარდლობასთან მოლაპარაკებები დაიწყეს.

უბიხების დამარცხებისა და მათ მიწა-წყალზე რუსეთის ჯარის ნაწილების შეჭრის ამბავი მთებში სწრაფად გავრცელდა. შაფსუღების ცნობით, ექსპედიციის სამი დღის _ 8-10 ოქტომბერი _ განმავლობაში უბიხებმა მოკლულთა და დაჭრილთა სახით 1700 კაცი დაკარგეს, მათ შორის, საუკეთესო ვაჟკაცები. უბიხებმა დახმარება სთხოვეს აბაძეხებსა და შაფსუღებს, მაგრამ ისინი ომის გაგრძელების წინააღმდეგი იყვნენ. უბიხები მია-ტოვეს ჯიქების მთის თემებმაც. იმავდროულად, რუსეთის სარდლობა მიხეილ შარვაშიძის მეშვეობით უბიხებთან მოლაპარაკებებს აგრძელებდა. როგორც ი.ანრეპი აღნიშნავდა, უბიხების თავდაჯერებულობა და შეუდრეკელობა, რაც ყოველთვის გამოარჩევდა მათ სხვა მთიელთაგან, გაქრა. რუსებთან მოსალაპარაკებლად თვით ჰაჯი ისმაილ ბარზეგიც არაერთხელ მივიდა.

უბიხები ითხოვდნენ დაახლოებით ერთ წელს, რათა ხალხი გაცნობოდა რუსებს, რომლებთანაც მათ გარდა მტრული ურთიერთობისა, სხვა ურთიერთობა არ ჰქონიათ და პირობას დებდნენ, რომ რუსებისა და მთიელთა დამორჩილებული ტომების წინააღმდეგ მტრულ მოქმედებებს არ მიმართავდნენ. ი.ანრეპმა უბიხებს განუცხადა, რომ იმპერატორის ნებით წყვეტდა უსარგებლო სისხლისღვრას, თუკი მშვიდობიანი საშუალებები მათზე იმოქმედებდა, ხოლო მტრული მოქმედებების გაგრძელება რუსებისა და დამორჩილებული ტომების წინააღმდეგ, მათ უსათუო განადგურებას გამოიწვევდა.

უბიხეთის ექსპედიცია დამთავრდა, თუმცა რუსეთის სარდლობისთვის რაიმე რეალური შედეგი მას არ მოუტანია. რუსეთის სარდლობამ თავი შეიკავა უბიხეთის სიღრმეში შეჭრისაგან, რაც ჯარის მძიმე სანიტარული მდგომარეობით იყო გამოწვეული. ჯარისკაცები ციებით იყვნენ დაავადებული, როგორც გენერალი გრ.ფილიპსონი აღნიშნავდა, რუსების მხრიდან უბიხეთის სიღრმეში სერიოზულ შეტევაზე ფიქრიც არ შეიძლებოდა. ი.ანრეპის ბრძანებით, ნავაგინსკის მახლობლად, მაღლობზე, საიდანაც უბიხები ცეცხლს უშენდნენ სიმაგრეს, კოშკი ააგეს, რითაც მთიელთა თავდასხმებისაგან სიმაგრე უფრო დაცული გახდა. ი.ანრეპმა ექსპედიციის მიზანი ამოწურულად ჩათვალა და უკან დაბრუნება ბრძანა.

40-იანი წლების დასაწყისში მნიშვნელოვანი ძვრები მოხდა კავკასიის ხაზის მარჯვენა ფლანგზე. 1840 წელს ყუბანის საკორდონო ხაზი მდ.ლაბაზე გადაიტანეს, თუმცა ყუბანსა და ლაბას შორის ტერიტორია ჯერ კიდევ არ იყო კაზაკებით დასახლებული. 1841 წელს ყუბანსა და ლაბას შორის 3 სტანიცა მოეწყო, თითოეულში კაზაკთა 200 ოჯახით, რითაც საფუძველი ჩაეყარა ლაბის სახაზო კაზაკთა პოლკს. ამასთან, ლაბის ხაზი რამდენიმე სიმაგ-რით გაძლიერდა. ლაბის ხაზის მოწყობას კავკასიის ხაზის მარჯენა ფრთის სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი გრ.ზასი ახორციელებდა. რუსების გააქტიურებამ ყუბანისპირეთში, დასავლეთ კავკასიის მთიელების მძაფრი რეაქცია გამოიწვია. მარჯვენა ფლანგზეც ფაქტობრივად იგივე მოხდა, რაც 1840 წელს მარცხენა ფლანგზე, როდესაც მრავალრიცხოვანმა ჩეჩნებმა, რომლებიც მშვიდობიანად ცხოვრობდნენ მდ.სუნჯასა და მდ.თერგს შორის, დატოვეს თავიანთი მიწა-წყალი, მთებსა და ტყეებში გაიხიზნენ და რუსეთის ხელისუფლებას მტრად გაუხდნენ. ასევე, 1841 წლის დასაწყისში თემირგოი, მახვაშები, ეგერუყვები, რომლებიც მდ.ლაბაზე ცხოვრობდნენ, მდ.ბელაიას ხეობაში წავიდნენ და რუსებზე თავდასხმები დაიწყეს.

1842 წლის ზაფხულის ბოლომდე მარჯვენა ფლანგზე სიმშვიდე იყო და ჯარები ლაბასა და ყუბანს შორის დაფუძნებული კაზაკთა სტანიცების მოწყობაზე მუშაობდნენ. შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე, უბიხეთის ექსპედიციის შემდეგ სიმშვიდე იყო და მთიელები თავდასხმებით თითქმის სულ არ აწუხებდნენ სანაპირო სიმაგრეებს. 1842 წლის თებერვალში უბიხების სუბაშის თემმა, რომელიც მდ.შახეზე (სუბაში) ცხოვრობდა, რუსეთის ხელისუფლებისადმი დამორჩილების სურვილი გამოთქვა. ი.ანრეპი გოლოვინსკის სიმაგრეში გაემგზავრა, უბიხებისგან მორჩილების ფიცი მიიღო და მძევლები აიყვანა. რუსეთის სარდლობა შეუდგა ანაპიდან და ნოვოროსიისკიდან ყუბანის მხარეში გზის გაყვანას, რომლის მიზანიც შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს ყუბანის მხარესთან მტკიცედ დაკავშირება იყო. ამ პროექტს შავი ზღვის სანაპირო ხაზის I განყოფილების უფროსი, კონტრ-ადმირალი ლ. სერებრიაკოვი ახორციელებდა. რაც შეეხება აფხაზეთს, როგორც ე.გოლოვინი აღნიშნავდა: “აფხაზეთში დამყარდა თანხმობა, მთავრის ღირსება ამაღლებულია, მისი ხელისუფლება ნახევრადველურ და ონავარ აფხაზებზე, შეძლებისდაგვარად განმტკიცებულია, რითაც ამ მხარეში ჩვენი გავლენა სულ უფრო და უფრო მტკიცდება”.

ე. გოლოვინს თავისი მოსაზრება ჰქონდა იმ ღონისძიებების შესახებ, რაც საჭირო იყო შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე რუსეთის მფლობელობის განმტკიცებისათვის. მას აუცილებლად მიაჩნდა სავაჭრო ურთიერთობის დამყარება ამ მხარესა და სამხრეთ რუსეთს შორის, რაც ხელს შეუწყობდა ორივე მხარის მოსახლეობის მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესებას, შეამცირებდა ფასს საქონელზე, რომელიც ამიერკავკასიის მხარეში საქართველოს სამხედრო გზით შემოდიოდა. მისი აზრით, ამ ვაჭრობის მთავარი პუნქტი შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე სოხუმ-კალე უნდა ყოფილიყო.

1842 წლის ივლისში დალიდან განდევნილი მარშანიები მთიელთა რაზმით კვლავ შეიჭრნენ წებელდაში და მრამბის სიმაგრეს შეუტიეს, მაგრამ გარნიზონმა შეტევა მოიგერია. ამ ბრძოლაში შავიზღვისპირეთის სახაზო მე-11 ბატალიონის რიგითმა სოფრონ რაძიევსკიმ 22 აგვისტოს შაბათ მარშანია მოკლა. ამის შემდეგ მთიელთა გუნდი გაიფანტა. რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ თავდადებული მებრძოლი შაბათ მარშანია მრამბაში დაასაფლავეს. მის დაკრძალვაზე, მარშანიების საგარეულოს პატივისცემით, აფხაზეთიდან და სამურზაყანოდან მრავალი თავადი ამოვიდა. შაბათ მარშანიას სიკვდილის შემდეგ, წებელდა-დალის თემების მთიელთა ბრძოლას რუსეთის ბატონობის წინააღმდეგ, მისი უმცროსი ძმა ეშსოუ ჩაუდგა სათავეში. აგვისტოს დასაწყისში ყუბანისპი-რეთის ტომებშიც მღელვარება დაიწყო. შამილის მიერ გამოგზავნილი რამდენიმე მოლა ყაბარდოს გავლით აბაძეხებთან ჩავიდა და შარიათის ქადაგება დაიწყო, რამაც ამ ტომებში მათთვის აქამდე უცხო ფანატიზმი გააღვიძა. აბაძეხების ნაწილი ყუბანის ზემო წელისაკენ დაიძრა და მთებში გაიყოლია ის აულები, რომლებსაც ადრე რუსეთის ხელისუფლებისთვის მორჩილება ჰქონდათ გამოცხადებული. გენერალი გრ.ზასი გაუბედავად მოქმედებდა, რამაც მთიელებს საშუალება მისცა თავიანთი განზრახვა განეხორციელებინათ. ამრიგად, ბესლენელები, ბაშილბაები და თამები, რომლებმაც თავიანთი საცხოვრებლები დატოვეს, რუსეთის ხელისუფლების მოწინააღმდეგე ტომებს შეუერთდნენ.

მალე კავკასიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოხდა. 1842 წლის გაზაფხულზე კავკასიაში სამხედრო მინის-ტრი ა.ჩერნიშევი ჩამოვიდა, რომელსაც იმპერატორისაგან დავალებული ჰქონდა მხარეში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაცნობოდა. როგორც ვარაუდობდნენ, ხელმწიფის რისხვა არ ასცდებოდთ კავკასიის კორპუსის მთავარსარდალს, ე.გოლოვინსა და კავკასიის ხაზისა და შავიზღვისპირეთის ჯარების სარდალს, გენერალ პ.გრაბეს. მართლაც, მინისტრის კავკასიაში სტუმრობის შედეგი იყო ე.გოლოვინის ნაცვლად, 1842 წლის ოქტომბერში გენერალ-ადიუტანტ ა.ნეიდჰარტის კავკასიის კორპუსის მთავარსარდლად, ხოლო კავკასიის ხაზისა და შავიზღვისპირეთის ჯარების სარდლად გენერალ ვ.გურკოს დანიშვნა. მათ დაევალათ საქმეების გამოსწორება ამ მხარეში, მაგრამ ისინი კავკასიას სრულიად არ იცნობდნენ; ამასთან, წინასწარ იყვნენ განწყობილი ყოველივე იმის წინააღმდეგ, რასაც მათი წინამორბედები აკეთებდნენ, და ამ საქმეების გამოსწორების ძალაც არ შესწევდათ. ამიტომაც იყო, რომ ა.ნეიდჰარტი მხოლოდ ორი წელი (1842-1844წწ.) დარჩა კავკასიაში.

1843 წელს განზრახული იყო წებელდასა და დალში სამხედრო დასახლებათა მოწყობა. აქ უნდა დაესახლებინათ მთაში განთავისუფლებულ ტყვეთა ოჯახებიც. ამასთან დაკავშირებით, ა.ნეიდჰარტმა 1843 წლის 25 იანვარს გენერალ ი.ანრეპს უბრძანა კაზაკთა დასახლებებისთვის ადგილები მოეძია, წებელდასა და დალში სამხედრო დასახლებათა შექმნის სრული პროექტი და ხარჯთაღრიცხვა 1 ივლისამდე წარმოედგინა.

გაზაფხულზე კვლავ დაიწყო მღელვარება წებელდაში. ამის გამო, აპრილში, ნ.მურავიოვი წებელდაში გაემართა. რუსეთის ჯარის ნაწილების გამოჩენისთანავე მეამბოხეები გაიფანტნენ. აპრილის მეორე ნახევარში ნ. მურავიოვს უკვე ადლერში მოუხდა გალაშქრება ჯიქების დასაცავად, რომლებსაც უბიხები ემუქრებოდნენ. ივნისში ის კვლავ წებელდაში გაემართა წესრიგის აღსადგენად და მემბოხეებთან მცირე შეტაკებაც ჰქონდა.

1843 წლის ივნისში ა.ნეიდჰარტმა შავი ზღვის სანაპირო ხაზის სიმაგრეთა ინსპექტირება მოაწყო. სოხუმში ყოფნისას ნ.მურავიოვმა და პოდპოლკოვნიკმა ბაგრატიონ-მუხრანელმა მას აცნობეს, რომ წებელდელი მეამ-ბოხეების ერთ-ერთმა წინამძღოლმა შარინბეი მარშანმა მზადყოფნა გამოთქვა თანამებრძოლებთან ერ-თად მთავრობას დამორჩილებოდა. იგი შეწყალებას ითხოვდა, ხოლო მისმა აბრაგებმა, როგორც ხელისფლება მეამბოხე და თავისუფლებისათვის მებრძოლ მთიელებს უწოდებდა, დალში დასახლების სურვილი გამოთქვეს. ა.ნეიდჰარტი თვლიდა, რომ აბრაგების ხშირი შემოჭრა წებელდაში, არეულობას იწვევდა აფხაზეთშიც, ამიტომ წებელდის საკითხი ყველა საშუალებით უნდა მოგვარებულიყო. მან ნ.მურავიოვს დაავალა გამოეცხადებინა მათთვის, რომ პატიებას და წებელდაში დასახლების ნებას მიიღებდნენ, მაგრამ დალში დასახლებაზე უარი ეთქვა. სექტემბერში ისევ დაიწყო მღელვარება წებელდაში და ნ.მურავიოვი 15-დან 27 სექტემბრის ჩათვლით რუსეთის ჯარის ნაწილებით მრამბასთან იყო დაბანაკებული, სანამ სიმშვიდე არ აღდგა.

ოქტომბრის ბოლოს შავი ზღვის სანაპირო ხაზის ახალ უფროსს, გენერალ-მაიორ ა.ბუდბერგს უბიხების ერთ-ერთი წინამძღოლი ჰაჯი კერანტუხ ბარზეგი შეხვდა და უბიხების დამორჩილების თაობაზე მოლაპარაკება გამართა. ა.ბუდბერგი მას შეუთანხმდა, რომ კონკრეტულ საკითხებზე მოლაპარაკებას მასთან ნ.მურავიოვი და მიხეილ შარვაშიძე გამართავდნენ. ნოემბრის დასაწყისში ნ.მურავიოვი და აფხაზეთის მთავარი უბიხებთან მოსალაპარაკებლად ნავაგინსკში ჩავიდნენ. სიმაგრესთან მალე თავი მოიყარეს უბიხების მამასახლისებმა და სხვა საპატიო პირებმა, სულ 400-მდე კაცმა. უბიხებს მიხეილ შარვაშიძის დიდი ნდობა და პატივისცემა ჰქონდათ, რაც ამ შეხვედრაზეც დადასტურდა. მიხეილთან მოვიდა 20-მდე უბიხი, თბილად მიესალმნენ მას, ჩოხაზე და ხელზე ემთხვივნენ, მოეფერნენ. ერთმა 80 წლის მოხუცმა ისიც გაიხსენა, რომ პატარაობისას ის მხარზე შემოსმული დაჰყავდა. ესენი იყვნენ ჰაჯი ისმაილ დაგუმოყვა ბარზეგის გლეხები, რომლებმაც აფხაზეთის მთავრის, როგორც მათი სახლის აღზრდილის, ნახვა ისურვეს.

მოლაპარაკება რამდენიმე საათს გაგრძელდა. უბიხებმა, რომლებიც ვაჟკაცობით და სიმამაცით კავკასიონის ქედის ორივე მხარეს მცხოვრები ჩერქეზი ხალხების მეთაურად იყვნენ მიჩნეული, ნ.მურავიოვს მორჩილების პირობა მისცეს, მაგრამ სანამ ფიცს დადებდნენ და მძევლებს მისცემდნენ, ითხოვეს უკანასკნელად გაე-მართათ მოლაპარაკება აფხაზებთან და შაფსუღებთან. ჰაჯი ისმაილ დაგუმოყვა ბარზეგი დარწმუნებული იყო, რომ ისინი კეთილგანწყობით შეხვდებოდნენ მათ გადაწყვეტილებას და რამდენიმე თვეში ეს საქმე დამთავრდებოდა. მიუხედავად ამისა, ნ. მურავიოვი ფიქრობდა, რომ ა. ნეიდჰარტის უადგილო ხელმოჭერილობას, გამოუცდელობას, უნდობლობას და სიჯიუტეს შეეძლო ეს საქმე ჩაეშალა, რაც ასეც მოხდა.

1844 წლის 16 ივლისს 6 ათასამდე უბიხი თავს დაესხა გოლოვინსკს, მაგრამ გარნიზონმა შემოტევა მოიგერია. უბიხებმა მოკლულთა და დაჭრილთა სახით 1000-მდე კაცი დაკარგეს. სიმაგრის მიმდებარე ტერიტორია მოფენილი იყო მკვდრებით, რამაც მთიელებზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. შემდეგ ისინი მოდიოდნენ და მადლობას უხდიდნენ გარნიზონის უფროსს, რომელმაც მთიელები დაასაფლავებინა და მხეცების საჯიჯგნად არ დატოვა. ბევრი უბიხი შემდეგ ჭრილობებისაგან დაიღუპა. უბიხეთში არ იყო აული, სადაც ამ ბრძოლის დროს დაღუპულს არ დასტიროდნენ. ამ მძიმე ვითარებას დაემატა შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროს მცხოვრებთა შიში მოუსავლიანობის გამო მოსალოდნელ შიმშილობაზე. შავი ზღვის სანაპირო ხაზის II განყოფილების უფროსმა ა.ბუდბერგს აცნობა, რომ შაფსუღებმა თხოვნით მიმართეს, მათთვის გელენჯიკში პური მიეყიდათ, მაგრამ მან დაუმორჩილებელი მთიელებისათვის პურის მიყიდვაზე უარი განაცხადა.

40-იანი წლების დასაწყისში დასავლეთ კავკასიის მთიელების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლის გააქტიურებასთან ერთად, ჩეჩნეთ-დაღესტანში შამილიც გააქტიურდა. რუსებმა მთლიანად დაკარგეს ჩეჩნეთი, ავარია და დაღესტნის დიდი ნაწილი. ასეთ ვითარებაში, 1844 წლის დეკემბერში ნიკოლოზ I-მა (1825-1855) კავკასიაში მეფისნაცვლობა შემოიღო. მეფისნაცვლად და კავკასიის კორპუსის მთავარსარდლად განათლებული, შორსმჭვრეტელი, გრაფი მ.ს. ვორონცოვი (1844-1854) დაინიშნა.

მეფისნაცვალი არსებითად მხოლოდ იმპერატორს ემორჩილებოდა და დიდი უფლებებით იყო აღჭურვილი. იმპერატორმა მ. ვორონცოვს პირადად გააცნო ხელისუფლების მიზნები საქართველოსა და კავკასიაში: ამ მხარის გარუსება და იმპერიასთან შერწყმა; რუსეთთან კავკასიის სრული პოლიტიკური და ეკონომიკური დამოკიდებულების შენარჩუნება. 1845 წლის მარტში მ. ვორონცოვი მოვალეობის შესრულებას შეუდგა. იმავდროულად, იგი დარჩა ნოვოროსიის გენერალ-გუბერნატორად და მეფისნაცვლად ბესარაბიაში.

კავკასიის კორპუსი შედარებით გაძლიერდა, მთავარსარდალს უფრო ფართო ულებები მიეცა, მაგრამ მ. ვორონცოვის პირველი ნაბიჯები ბოლომდე წარმატებული არ ყოფილა. 1845 წლის ლაშქრობა დაღესტანსა და იჩქერიაში, დარღოს ექსპედიცია (1845 წლის 31 მაისი _ 20 ივლისი), რუსებისთვის კინაღამ კატასტროფით დამთავრდა. მოკლულთა და დაჭრილთა სახით მათ 3500-ზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი დაკარგეს, ხოლო მ. ვორონცოვი დატყვევებას ძლივს გადაურჩა. ამის შემდეგ რუსეთის სარდლობამ ბრძოლის ტაქტიკა შეცვალა. დაიწყო ტყეების გაჩეხვა, გზების გაყვანა, სიმაგრეებისა და გამაგრებული ხაზების აგება, რაც მთიელებს აიძულებდა დაეტოვებინათ ვაკე ადგილები და მთების სიღრმეში შესულიყვნენ. ეს სისტემა ჰგავდა ერმოლოვისას, მაგრამ მთიელებისადმი უფრო ლიბერალური მიდგომით განსხვავდებოდა. მ. ვორონცოვის საქმიანობა მხარის კოლონიზაციისა და იმპერიასთან სრული შერწყმისაკენ იყო მიმართული, მაგრამ ამას მოქნილად, მეთოდურად აკეთებდა.

1845 წლის მიწურულს რუსეთის ხელისუფლებამ მეამბოხე წებელდელების ნაწილს, მათ შორის ბათალბეი მარშანიას პატიება გამოუცხადა და წებელდაში დაბრუნების ნება დართო. ამის შემდეგ, ბათალბეი მარშანია მთავრობის ნდობის მოპოვებას ცდილობდა და ხელისუფლების პოზიციების განმტკიცებას ამ მხარეში ყოველმხრივ ხელს უწყოდა. ადგილობრივი რუსული ადმინისტრაცია მის დამსახურებას მიაწერდა წებელდის დამშვიდებას, რის შედეგადაც ბოქაული მისდამი რწმუნებულ მხარეში დაცვის გარეშე, მხოლოდ თარჯიმნის თანხლებით დადიოდა. ბათალბეი გადამტერებული იყო ძმასთან _ ეშსოუსთან. როდესაც წებელდელ აბრაგებს ეპატიათ დანაშაული და წე-ბელდაში დაბრუნების ნება დართეს, ბათალბეის ჩარევით ეშსოუმ პატიება ვერ მიიღო. რუსეთის ხელისუფლებისთვის ნათელი იყო, რომ ბათალბეის და ეშსოუს წებელდაში ერთად ცხოვრება შეუძლებელი იყო, ამიტომ ბათალბეის შემორიგება არჩია. მოგვიანებით, მ.ვორონცოვმა დადეშქელიანების შუამდგომლობით ეშსოუ შეიწყალა და წებელდაში დაბრუნების ნება დართო. ამის შემდეგ, ძმებს შორის მტრობა განახლდა და წებელდაში სიმშვიდის შენარჩუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა. ეშსოუ ისევ განდევნეს წებელდიდან და კვლავ აბრაგულ ცხოვრებას დაუბრუნდა. იგი იჭრებოდა წებელდასა და აფხაზეთში, მაგრამ გზაზე ყოველთვის ძმის _ ბათალბეის წინააღმდეგობას აწყდებოდა და წარმატება არ ჰქონია. თავის დროზე, ბათალბეი ასევე მტრობდა ძმებს _ ხინკურასს და შაბათს. ძმების წინააღმდეგ მისი ბრძოლა უზომო პატივმოყვარეობით და წებელდაში პირველობის მოპოვების სურვილით იყო ნაკარნახევი. რუსეთის ხელისუფლებასთან შერიგების შემდეგ ბათალბეიმ ხელში ჩაიგდო ძმების მამულები. ამის შემდეგ ის იმ წებელდელი თავადების წინააღმდეგობას წააწყდა, რომლებიც ადრე ძმების წინააღმდეგ ბრძოლაში შველოდნენ, ამიტომ მოწინააღმდეგეების გზიდან ჩამოსაცილებლად მუდმივად რუსეთის ხელისუფლების დახმარებას ეძიებდა.

ჩრდილოეთ კავკასიაში შექმნილი ვითარება რუსეთისთვის კვლავ მძიმე იყო. შამილი შეეცადა მიღწეული წარმატებები განემტკიცებინა და 1846 წლის აპრილში ყაბარდოში შეიჭრა. მისი მიზანი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩრდილო-აღმოსავლეთ და დასავლეთ კავკასიის მთიელთა გაერთიანება და შავ ზღვაზე გასვლა იყო. ამ მიზნის მისაღწევად კი საჭირო იყო ყაბარდოს ხელში ჩაგდება, მაგრამ შამილს მხოლოდ რამდენიმე ყაბარდოელი ფეოდალი შეუერთდა. მათი უმრავლესობა ამ დროს ცარიზმთან მტკიცედ იყო დაკავშირებული და მას არ განუდგა. შამილს არც ოსებმა და ინგუშებმა დაუჭირეს მხარი, ამიტომ რუსეთის ჯარების მოახლოების გამო მან თავის განზრახვაზე ხელი აიღო და უკან გაბრუნდა. ყაბარდოში დამარცხების შემდეგ, 1848 წლის მიწურულს შამილმა დასავლეთ კავკასიაში მისი ერთ-ერთი ნაიბი მუჰამედ ემინი გაგზავნა. ამ უკანასკნელის მიზანი ერთმანეთის მიმართ მტრულად განწყობილი დასავლეთ კავკასიის ტომების შერიგება, თავისი ხელისუფლებისთვის დაქვემდებარება, რუსეთის წინააღმდეგ საბრძოლველად დარაზმვა და შამილთან შეერთება იყო.

1849 წლის ზაფხულში შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე მცხოვრებმა ტომებმა მუჰამედ ემინის მოწოდებით გადაწყვიტეს არჩეული მამასახლისები სახალხო კრებაზე გაეგზავნათ, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებში ადაგუმას ან ფსიფის ხეობაში უნდა გამართულიყო. ხალხი ამ კრების გადაწყვეტილების მოლოდინში იყო. ამ დროს უბიხეთში, ბარზეგებისა და ჩიზმას საგვარეულოებს შორის ბრძოლა მიმდინარეობდა. უბიხების წინამძღოლი, მოხუცი ჰაჯი ისმაილ დაგუმოყვა ბარზეგი 1846 წლის ზაფხულში მექადან სამშობლოში მომავალი გარდაიცვალა. პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოვიდა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთ კავკასიის მთიელთა განმათავისუფლებელი ბრძოლის ერთ-ერთი მეთაური. ამ დროიდან უბიხების ფაქტობრივი წინამძღოლი მისი ძმისშვილი, უაღრესად პატივმოყვარე კერანტუხ ბარზეგი გახდა.

დაძაბულობის კერად კვლავ რჩებოდა წებელდა, სადაც მღელვარება ისევ გრძელდებოდა. ეშსოუ მარშანიამ ჩრდილოეთ კავკასიაში 400 კაციანი რაზმი შეკრიბა და დალში გადმოვიდა. იგი ხელსაყრელ დროს ელოდა, რათა მოწინააღმდეგეს თავს დასხმოდა, ამასთან განზრახული ჰქონდა თავისი ქვეშევრდომები, რომლებიც მისი გაქცევის შემდეგ წებელდაში დარჩნენ, ჩრდილოეთ კავკასიაში გადაესახლებინა. ბათალბეი მარშანიამ და მისმა ბიძაშვილმა შირინბეი მარშანიამ ყველა ვიწროები და მდინარეზე გადასასვლელები დაიკავეს, რათა ეშსოუსთვის წებელდის გზა შეეკრათ. შავი ზღვის სანაპირო ხაზის უფროსმა, ბარონმა ა.ბუდბერგმა სოხუმიდან წებელდაში სახაზო ბატალიონის ერთი ასეული გაგზავნა და, ყოველი შემთხვევისთვის, სარეზერვო ნაწილიც გაამზადა.

ბათალბეი და შირინბეი მარშანიებთან ფსხუს მფლობელი მარშანიებიც მტრობდნენ. წებელდელი მარშანიების საგვარეულო დავაში ისინი ეშსოუს უჭერდნენ მხარს და მასთან შეერთებასაც აპირებდნენ. ფსხუელები 1849 წლის ივლისში წებელდაში შეიჭრნენ და შირინბეის კუთვნილი 8 ათასი ცხვარი გაიტაცეს. გენერალ-ადიუტანტ ა.ბუდბერგის ცნობით, მარშანიების საგვარეულოში შინაბრძოლების ერთ-ერთი მიზეზი მარშანიებსა და ანჩაბაძეებს შორის დაპირისპირება და ბესლანგურ მარშანიას მოკვლა იყო. ამ მკვლელობაში ანჩაბაძეებთან ერთად მარშანიების ნაწილიც იყო გარეული. ივლისის შუა რიცხვებში აჰჭიფსელი მარშანიები ცანდრიფშში შეიჭრნენ და იქ მცხოვრებ ანჩა-ბაძეებს 3 ათასი სული ცხვარი წაჰგვარეს.

ადგილობრივი რუსული ადმინისტრაციის დიდი ძალისხმევის შედეგად ეშსოუ მარშანიამ წებელდაში შეჭრა ვერ შეძლო. რუსეთის ხელისუფლება წებელდაში მტკიცედ დამკვიდრებას ცდილობდა და ამისთვის ადგილობრივი ფეოდალების _ ბათალბეი და შირინბეი მარშანიების მხარდაჭერას აქტიურად იყენებდა, რომელთა წახალისებას სამხედრო ჩინებით და ჯილდოებით ცდილობდა. ეშსოუ მარშანია კიდევ რამდენიმე ხანს იბრძოდა რუსების ბატონობის წინააღმდეგ, მხოლოდ 50-იანი წლების მეორე ნახევარში მან იარაღი დაყარა და თურქეთში გადასახლდა, რადგან დარწმუნდა, რომ რუსეთის ბატონობის დამყარებას ხელს ვერაფერი შეუშლიდა.

მუჰამედ ემინის დასავლეთ კავკასიაში ჩამოსვლის შემდეგ, სულ მალე, მისი ხელისუფლება ცნეს აბაძეხებმა, მახვაშებმა, ეგერუყვებმა, თემირგოიმ; 1850 წელს _ უბიხებმა, შაფსუღებმა, ნათხვაჯებმა. ისინი მოელოდნენ, რომ მუჰამედ ემინი მათ შორის მშვიდობას ჩამოაგდებდა და წესრიგს დაამყარებდა. რუსეთის ხელისუფლება შიშობდა, რომ მისი გავლენა აფხაზეთშიც არ გავრცელებულიყო, სადაც მოსახლეობის ნაწილი ისლამს აღიარებდა, რაც მას, რა თქმა უნდა, დამატებით სირთულეებს შეუქმნიდა, თუმცა ეს შიში არ გამართლდა. 1851 წლის 15 მაისს მუჰამედ ემინი გენერალ-მაიორ გ. ერისთავისა და პოლკოვნიკ პ. ვოლკოვის ჯარებთან ბრძოლაში მდ. ურუფზე დამარცხდა. იმავდროულად, რუსებმა ხამიშების წინააღმდეგ გაილაშქრეს, რომლებიც მდ. ფსეყუფსესა და მდ. აგრიფსს შორის ცხოვრობდნენ, დაამარცხეს და დაიმორჩილეს ისინი; ვიცე-ადმირალმა ლ. სერებრიაკოვმა აიძულა მდ. ბელაიასა და მდ. ფშიშს შორის მცხოვრები ჩერჩენელები რუსეთის ხელისუფლებას დამორჩილებოდნენ; მანვე, 1852 წელს შაფსუღებისა და ნათხვაჯების 44 აული გაანადგურა. 1852 წელს მუჰამედ ემინი 2 ათასი მთიელით შეეცადა გაგრის ვიწროებით აფხაზეთში შეჭრილიყო, მაგრამ რუსეთის ჯარის ნაწილებმა მდ. მზიმთას ნაპირზე, ადლერთან ახლოს, შეაჩერეს და უკუაგდეს. იმავე წლის ზაფხულში იგი კიდევ ერთხელ შეეცადა ყაბარდოს მეშვეობით შამილს შეერთებოდა, მაგრამ ეს ცდაც მარცხით დამთავრდა.

უბიხების მხრიდანაც არ იყო სიმშვიდე. ჰაჯი კერანტუხ ბარზეგი პირადი მიზნებიდან გამომდინარე ხან მტრობდა, ხან უახლოვდებოდა რუსეთის ხელისუფლებას. 1851 წლამდე ის რუსეთის ხელისუფლებისგან პენსიასაც იღებდა, მაგრამ როდესაც მთავრობას მისი მოქმედება საეჭვოდ მოეჩვენა, პენსია შეუწყვიტა. ამის შემდეგ ის აშკარა მტრობაზე გადავიდა, თავს ესხმოდა რუსთა რაზმებს, რომლებიც ნავაგინსკიდან შეშის საჭრელად გადიოდნენ, მუდმივ ბლოკადაში ჰყავდა ეს ფორტი და მოსახლეობას იქ სავაჭროდ არ უშვებდა. 1852 წელს უბიხთა მრავალრიცხოვანი რაზმით იგი აფხაზეთში აპირებდა შეჭრას, მაგრამ მთებიდან გამოსვლისას რუსთა დიდი რაზმი დახვდა და დაამარცხა იგი. ამის შემდეგ ჰაჯი კერანტუხ ბარზეგი რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებას კვლავ შეეცადა.

შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე და დასავლეთ კავკასიაში შექმნილი რთული ვითარება აფხაზეთზეც ახდენდა გავლენას. 1853 წლის 26 თებერვალს, გააბრაგებული აფხაზი თავადი ყიზილბეკ მარშანია სხვადასხვა ტომების წარმომადგენელთაგან შემდგარი რაზმით, გუმისთის ხეობით, აფხაზეთში შეიჭრა, თავს დაესხა ძი-აფშიფების კუთვნილ სოფელ ეშერას სოხუმიდან 10 ვერსზე და ტყვედ გაიტაცა 40-მდე ქალი და ბავშვი. ამ თავდასხმის შესახებ ცნობის მიღებისთანავე სოხუმის ციხიდან გავიდა 500 კაციანი რაზმი მაიორ ველიამოვსკის მეთაურობით, და შეეცადა მარბიელთათვის მთებისკენ დასაბრუნებელი გზა მოეჭრა გუმისთის ხეობაში. საჩქაროდ შეიკრიბა აფხაზეთის მილიციაც პოლკოვნიკ დიმიტრი შარვაშიძის მეთაურობით და ჯარს შეუერთდა. მდევრებმა დროულად ჩაკეტეს ხეობა, მაგრამ ყიზილბეკ მარშანიამ ჩასაფრებას მოხერხებულად აუარა გვერდი და ფსირცხას ხეობით ქედზე ავიდა. დიმიტრი შარვაშიძე გაეკიდა მას და სროლაც აუტეხა, მაგრამ მარშანიამ მცირე მსხვერპლის ფასად სამშვიდობოს გაღწევა შეძლო. მალე, კვლავ გავრცელდა ხმები, რომ ყიზილბეკ მარშანია ახალ პარტიას კრებდა აფხაზეთში შესაჭრელად და თითქოს მასში მონაწილეობას ეშსოუ მარშანია და უბიხებიც აპირებდნენ.

ამდენად, აფხაზთა გამოსვლებს რუსული იმპერიული პოლიტიკის წინააღმდეგ ბოლო არ უჩანდა. დასავლეთ კავკასიის მთიელთა ბრძოლის გააქტიურებისას რუსეთის სარდლობა ცდილობდა არ დაეშვა ჯიქებისა და უბიხების შეჭრა აფხაზეთში, რაც კიდევ უფრო არევდა ისედაც არამყარ სიტუაციას ამ მხარეში. შავი ზღვის სანაპირო ხაზის უფროსი, ვიცე-ადმირალი ლ. სერებრიაკოვი მ. ვორონცოვს 1852 წელს აუწყებდა: “ჩვენი მდგომარეობა აფხაზეთში სამხედრო თვალსაზრისით მეტად არადამაკმაყოფილებელია”. ამიტომ რუსეთის სარდლობა სასწრაფოდ აძლიერებდა თავის ნაწილებს აფხაზეთში.

ამრიგად, XIX ს. 30-40-იან წლებში რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა მტკიცედ დამკვიდრებულიყო შავი ზღვის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე და აფხაზეთ-წებელდაში. მიუხედავად იმისა, რომ მას აქ სიმაგრეები ჰქონდა და ჯარის მნიშვნელოვანი ნაწილებიც ჰყავდა, ამ მხარეში თავს მყარად ვერ გრძნობდა, მისი პოზიციები ჯერ კიდევ სუსტი იყო. ამიტომაც იყო, რომ ყირიმის ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის სარდლობამ აფხაზეთ-წებელდიდან ჯარის ნაწილები გამოიყვანა და შავი ზღვის სანაპირო ხაზის ლიკვიდაციაც მოახდინა.

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები. ჰუმანიტარულ და სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა სერია, ტ.V, თბილისი, 2008.

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s