Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• პაპასქირი – 1989წ. აფხაზეთის კრიზისი

 

ზურაბ პაპასქირი,

ისტორიის  მეცნიერებათა  დოქტორი,

სოხუმის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის 

 პროფესორი

 

 

 ერთხელ კიდევ 1989წ. აფხაზეთის კრიზისის

გამომწვევი მიზეზების შესახებ

 

1989 წლის გაზაფხულზე აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბ­ლი­კაში, როგორც ცნობილია, უკიდურესად გამწვავდა პოლიტიკური სი­ტუა­ცია, რაც გამოიწვია 1989 წლის 18 მარტს ლიხნის თავყრი­ლო­ბაზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის პარტიული და საბჭოთა ხელმძღვანელობის, მათ შორის, საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველი მდივნის ბორის ადლეიბასა და აფხაზე­თის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის ვალერიან კო­ბახიას უშუალო მონაწილეობით, მიღებულმა ანტიკონსტიტუციურმა გა­დაწყვეტილებებმა.

როგორც ცნობილია, ლიხნის თავყრილობაზე მიღებული გადაწ­ყვე­ტი­ლებები იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის მორიგი “და­ბეზღება”. დოკუმენტებში აღნიშნული იყო, რომ საქართველოში უხე­შად ირღვეოდა “ლენინური ეროვნული პოლიტიკა”. აფხაზთა თავყრი­ლობის მონაწილეები კატეგორიულად სვამდნენ 1931 წელს დაშვე­ბუ­ლი “ტრაგიკული შეცდომის” (როდესაც თითქოს “დამოუკიდებელი” აფ­ხა­ზეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, აფხაზი ხალხის ნე­ბის გარეშე, გადააკეთეს აფხაზეთის ავტონომიურ საბჭოთა რესპუბ­ლი­კად სა­ქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში) დაუყოვნებლივ გამოს­წო­რების საკითხს, ანუ აფხაზეთის ასსრ-ის ფაქტობრივად საქართვე­ლოს სსრ-ის შემადგენლობიდან გამოყვანას, რაც ეწინააღმდეგებოდა რო­გორც სსრკ-ის, ისე საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციებს, რომ­ლებ­შიც ერთნიშ­ნად იყო დადასტურებული და კონსტიტუციურად გან­მ­ტ­კი­ცე­ბული მო­კა­ვშირე რესპუბლიკათა (ამ შემთხვევაში საქართველოს სსრ-ის) ტე­რი­ტორიული მთლიანობის ურყევობა.

სპეციალურ ლიტერატურაში (А. Ментешашвили. Исторические предпосылки современного сепаратизма в Грузии, Тб., 1998; Д. Гамахария, Б. Гогия. Абхазия – историческая область Грузии. Тбилиси, 1997; Л. Тоидзе. К вопросу о политическом статусе Абхазии. Страницы истории 1921-1931. Тб., 1996; З. Папаскири. О национально- госу­дарственном облике Абхазии/Грузия, С древнейших времен до 1993г. Тб., 2003 და ა.შ.) საკმაოდ ამომწურავადაა გაანა­ლი­ზე­­ბული ე.წ. “აფხაზეთის ასსრ-ის” რეალური სახელმწიფოებ­რივი სტა­­ტუსის საკითხი 1921-1931 წლებში და კონკრეტულ დოკუმენტურ მა­სალაზე დაყრდნობით, დამაჯერებლად არის ნაჩვენები, რომ ე.წ. “ხელ­შეკ­რულებითი აფხაზეთის სსრ” არასოდეს არ წარმოადგენდა საქარ­თ­ვე­ლოს სსრ-ისაგან დამო­უკიდებელ “მოკავშირე რესპუბლიკას”, და რომ “დე-ფაქტო” მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ის ითვ­ლებოდა ავ­ტონომიურ ერთეულად საქართველოს სსრკ-ის შემადგენლო­ბაში. უფრო მეტიც, ნესტორ ლაკობას ნაციონალისტურ-სეპარატის­ტუ­ლი რეჟიმის მც­დელობა (1925წ.), კონსტიტუციურად მოეწყვიტა აფ­ხა­ზეთი დანარ­ჩე­ნი საქართველოსაგან, როგორც ცნობილია, სრული კრახით დას­რუ­ლ­და.

აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოზე მორიგი პასკვი­ლის შეთითხვნას (როგორც ცნობილია, ასეთი “დოკუმენტები” ადრეც _ 1957, 1967, 1978, 1984 წლებში _ იქმნებოდა, მაგრამ იმხანად მათ აფხაზეთის ქართველობის რაიმე მასშტაბური საპროტესტო აქცია არ მოჰყოლია, რაც აიხსნებოდა შემდეგი გარემოებით: მიუხედავად იმისა, რომ საკავშირო ხელისუფლება მოხერხებულად იყენებდა “აფხაზურ სა­ჩივრებს” თბილისზე გავლენის შესანარჩუნებლად, მთლიანობაში, ის მაინც ერიდებოდა ურთიერთობების მკვეთრად გამწვავებას საქართვე­ლოს ხელისუფლებასთან და ამიტომაც, მაინც და მაინც, დიდ ყურად­ღე­ბას არ აქცევდა აფხაზთა დაბეზღებებს), შეიძლება რაიმე სერიო­ზული გართულება არც გამოეწვია. მაგრამ ამ შემთხვევაში “ლიხნის თავყრილობაზე” მიღებულ გადაწყვეტილებებს, ხელისუფლებისათვის და თვით აფხაზებისათვის მოულოდნელად, აფხაზეთის ქართულმა მოსახ­ლე­ობამ და სრულიად საქართველომ მწვავე პროტესტით უპასუხა. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ყოველივე ეს მოხდა აფხაზეთის ავტო­ნო­მი­ური რესპუბლიკის პარტიული და საბჭოთა ხელმძღვანელობის, მათ შორის, საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პი­რ­­ველი მდივნის ბორის ადლეიბასა და აფხაზეთის ასსრ უმაღლესი სა­ბ­ჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარის ვალერიან კობახიას უშუალო მო­ნა­წი­ლეობითა და დასტურით. უფრო მეტიც მათ ოფიციალურად მოა­წე­რეს ხელი ე.წ. “ლიხნის მიმართვას”, რითაც ფეხქვეშ გათელეს ავ­ტო­ნო­მიური რესპუბლიკის მკვიდრი ქართული მოსახლეობის ეროვ­ნუ­ლი ინტერესები.

დაიწყო ქართული ეროვნულ-პატრიოტული ძალების მასობრივი სა­­­პროტესტო გამოსვლები, როგორც საკუთრივ აფხაზეთი, ისე თბი­ლი­ს­ში, რაც, როგორც ცნობილია დამთავრდა 9 აპრილის ტრაგედიით. ხე­ლისუფლებისათვის უმართავი გახდა პროცესები აფხაზეთში სადაც ქარ­თული ეროვნული ინტერესების სადარაჯოზე უყოყმანოდ დადგა ადგი­ლობ­რივი მკვიდრი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი.

მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდა აფხაზეთის სახელმწიფო უნი­ვერ­სიტეტი, რომლის ქართველმა სტუდენტობამ და პროფესორ-მას­წავ­ლებლებმა ღიად გაილაშქრეს ლიხნის თავყრილობის მიერ მიღებული ანტიქართული გადაწყვეტილებების წინააღმდეგ და კატეგორიულად მო­ითხოვეს უნივერსიტეტის აფხაზ ხელმძღვანელთა, პირველ რიგში კი რე­ქტორის, პროფ. ალეკო გვარამიას მხრიდან “ლიხნის მიმართვაზე” თავიანთი ხელმოწერის დეზავუირება. უნივერსიტეტის ხელმძღვანე­ლო­ბამ, როგორც მოსალოდნელი იყო არაფრად ჩააგდო ქართული მხარის ეს მოთხოვნა და ელემენტარულ დათმობებზეც კი არ წავიდა. შედეგად დაიწყო ქართველ სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა საპრო­ტეს­ტო აქცია, რომელმაც მალე შიმშილობის ფორმა მიიღო.

აქციას სოლიდარობა გამოუცხადა აფხაზეთის ქართული მოსახ­ლე­ობის ფართო ფენებმა და ის საერთო-სახალხო პროტესტში გადა­ი­ზარ­და. ხელისუფლებამ, მათ შორის, საქართველოს პოლიტიკურმა ხელ­მძღვანელობამ და საკავშირო ცენტრიდან მოგზავნილმა ემისრებმა ვერაფერი გააწყვეს აფხაზურ მხარესთან და ვერ დაიყოლიეს ის რაიმე შემხვედრ ნაბიჯებზე. ასეთ ვითარებაში საქართველოს ხელისუფლება იძულებული გახდა მიეღო იმ დროისათვის სრულიად უპრეცედენტო გა­დაწყვეტილება და წასულიყო აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტე­ტის ქართული ნაწილის ბაზაზე სოხუმში ახალი ქართული უმაღლესი სასწავლებლის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმ­წი­ფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის დაარსებაზე.

1989 წლიდან დღემდე ქართულ საზოგადოებაში, მათ შორის დე­­ვ­ნილებშიც, არ არის ერთი აზრი აფხაზეთის სახელმწიფო უნივერ­სი­ტე­ტის გაყოფისა და მისი ქართული ნაწილის ბაზაზე ახალი ქარ­თული უმაღლესი სასწავლებლის _ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის დაფუძ­ნე­ბის თა­ობაზე. არც თუ ისე იშვიათად, შევხვდებით ასეთ შეფასებას: მაშინ, 1989 წლის გაზაფხულზე, როდესაც აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართველმა სტუდენტობამ და პროფესორ-მასწავლებ­ლებ­მა ვერ აიტანეს უნივერსიტეტის აფხაზური ნაწილის გამოკვეთილი ანტიქართული კურსი და არ ისურვეს სეპარატისტებთან ერთად ერთ უმაღლეს სასწავლებელში სწავლა და მუშაობა, ქართულმა მხარემ და­აშავა და უნივერსიტეტის გახლეჩით თავად გაამწვავა პოლიტიკური სი­ტუაცია აფ­ხაზეთში. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ეს, არც მეტი არც ნაკლები, მკრეხელური ბრალდებაა. ამგვარი შეფასების ავტორები შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დავ­ყოთ.

ერთნი, არ არიან რა სათანადოდ ჩახედული XX საუკუნის 50-80-იანი წლების აფხაზეთის სინამდვილეში, თავს უფლებას აძლევენ “და­მოძღვრონ” ის ადამიანები, რომლებიც XXს. 80-იანი წლების მი­წუ­რულს მედგრად დადგნენ საერთო-ეროვნული სახელმწიფოებრივი ინ­ტერესების სადარაჯოზე და დაადანაშაულონ ისინი დესტრუქციულ ქმედებებში. კერძოდ, ამის მცდელობას ადგილი ჰქონდა ამ რამდენიმე ხნის წინათ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, რომლის პერიოდული ორგანოს: გაზეთ “სოხუმის სადროშოს” ფურცლებზე გამქვეყნდა (აშკარად უმაღ­ლე­­სი სასწავლებლის იმჟამინდელი ადმინისტრაციის ხელშეწყობით) ვი­ნ­მე გივი ხაზალიას (მასალათა გამძლეობის დო­ცენტის, რომე­ლიც არა­ვინ იცის, თუ რატომ კითხულობდა სოხუმის უნივერსიტეტში ფსი­ქო­ლო­­გი­ის ზოგად კურსს) “დარიგებანი”. მასში აფხაზეთის ქართვე­ლო­ბა, პირ­ველ რიგში, აფხაზეთის უნივერსიტეტის ამბოხებული ქართ­ველი პრო­ფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები, ფაქტობრივად, რუ­სე­თის იმპე­რიული პოლიტიკის გამტარებელ პრო­ვო­კა­ტორებად და აფ­ხა­ზებთან შუ­ღ­ლის გამჩაღებლად იყვნენ მონათლულნი. თურმე ეს, ქარ­თველებს (და არა აფ­ხა­ზებს) გადაუხვევია მრავალსაუკუნოვანი ისტო­რი­ული ძმობის გზი­­დან, ეს, მათ უღალატია აკაკი წე­რეთ­ლის, გიორგი შარვაშიძის, კონ­­ს­ტანტინე გამსახურდიას იდეებისათვის.

მეორენი, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად ერკვევიან აფ­ხა­ზეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების ნიუანსებში, ხშირ შე­მ­თხვევაში თვითონ არიან ამ პროცესების მონაწილე და, შეიძლება ით­ქვას, შექმნილი ვითარების მსხვერპლნიც, ჯეროვნად ვერ აცნობიე­რე­­­ბენ ეროვნული თვითშეგნება გამოღვიძებული აფხაზეთის ქართვე­ლო­ბის სატკივარს და იძლევიან ზოგიერთი მოვლენის არაადექვატურ შე­ფა­სე­ბას. მაგალითისათვის დავასახელებდი ჩემთვის (და არამარტო ჩე­მ­თ­ვის) ფრიად პატივსაცემ პიროვნებას, აფხაზი ხალხის ღირსეულ შვი­ლს, ქარ­თულ-აფხაზური ისტორიული ძმობისა და ერთობის დიდ მებაი­რა­ხ­ტ­რესა და ბურჯს, ბატონ ლორიკ მარშანიას, რომლის ერთ-ერთ პუბ­ლი­კაციაში უნივერსიტეტის გაყოფა, სამწუხაროდ, ახსნილია “ქართ­ვე­ლი ექსტრემისტების რადიკალი­ზ­მით” (იხ.: Л. Маршания. Абхазия. Пути к миру и возрождению. Тб., 2006, გვ. 210, ხაზგასმა ჩვენია _ ..).

მაგრამ განსაკუთრებით საგანგაშოა ქართული მხარის დადანაშაუ­ლება უნივერსიტეტის გახლეჩაში აფხაზეთის მკვიდრ ქართველთა მხ­რი­დან. მათ შორის, არიან ისინიც, ვინც თავს პოლიტიკოსობაზე დებენ (კერძოდ, აფხაზეთის ლეგიტიმური ხელის­უფლების ერთ-ერთი ხელმძ­ღ­ვა­ნელი, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ნა­პო­ლე­ონ მე­ს­ხია, რომელიც ამ რამდენიმე ხნის წინ, ბ-ნ ლორიკ მარშანიას ზე­მოთ­დასახელებული წიგნის პრეზენტაციაზე, უხეშად დაესხა თავს ამ სტ­რი­ქონების ავტორს, მხოლოდ იმიტომ, რომ მან მორიდებულად, მეც­ნი­ე­რული და ადამიანური ეთიკის სრული დაცვით, მიუთითა წიგნის ავ­ტორს, მის მიერ უნებლიედ დაშვებულ შეცდომაზე). შევეცდებით ახსნა მოვუძებნოთ აფხაზეთის ქართველობის ამ კატეგორიის ამგვარ, მე ვი­ტ­ყოდი კაპიტულანტურ, პოზიციას.

უკანასკნელი ათწლეულების (საბჭოთა კავშირის ხელისუფლების სათავეში ნიკიტა ხრუშჩოვის მოსვლის შემდეგ) განმავლობაში აფ­ხა­ზეთ­ში პარტიული და სახელმწიფო ნომენკლატურის მიერ გატარე­ბუ­ლ­მა გამოკვეთილმა პროაფხაზურმა კონიუნქტურამ დააბეჩავა ადგილობ­რი­ვი ქართველობა, მნიშვნელოვნად დააქვეითა მისი ეროვნული თვით­შე­გნება და ჩამოუყალიბა არასრულფასოვნების კომპლექსი. უნდა ითქ­ვას, რომ ამაში გარკვეულწილად დამნაშავეა არა მხოლოდ ადგილობ­რი­ვი სახელისუფლებო სტრუქტურები, არამედ საქართველოს ცენტ­რა­ლუ­რი ხელისუფლებაც. რასაკვირველია, გულუბრყვილობა იქნებოდა, გვეფიქრა, რომ მოსკოვი დაუშვებდა საქართველოს ხელისუფლების მხ­რიდან ზედმეტად აქტიურ ჩარევას აფხაზეთის “საშინაო” საქმეებში, მაგრამ ეს მაინც არ ამართლებს თბილისის პასიურობას. ვფიქრობთ, საკავშირო ცენტრის დიქტატის პირობებშიც კი შესაძლებელი იყო ქმე­დითი მექანიზმების მოძებნა რეგიონში მიმდინარე პროცესების დასარე­გუ­ლურებლად.

ამის ნაცვლად, სამწუხაროდ, საქართველოს სსრ-ის კომუნის­ტუ­რი ხელმძღვანელობა, ხშირ შემთხვევაში, თვალებს ხუჭავდა და სირა­ქ­ლემის პოზას იღებდა. განსაკუთრებით კრიტიკას ვერ უძლებს საქარ­თველოს ხელისუფლების საკადრო პოლიტიკა. სრული დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ 60-იანი წლებიდან მაინც კარდინალური საკად­რო საკითხები ავტონომიურ რესპუბლიკაში მთლიანად აფხაზური ნო­მენ­კლატურის კარნახით წყდებოდა. აფხაზური ნომენკლატურა ყოველ­ნა­ირად ცდილობდა და წარმატებითაც ახერხებდა, ე.წ. “ქართულ თა­ნამდებობებზე” შეერჩია და დაენიშნა საშუალო უნარისა და შესაძ­ლებ­ლობების პიროვნებები, რომელთა ქართველობის ხარისხი მხოლოდ და მხოლოდ პასპორტში გაკეთებული ჩანაწერითღა შემოიფარგლებოდა. ამის სანიმუშო მაგალითია თუნდაც ცნობილი ვაჟა ზარანდია, რომელიც ვლადისლავ არძინბამ, რეგლამენტის უხეში დარღვევითა და, რაც მთა­ვა­რია, ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის არსებული ე.წ. “ჯენტ­ლ­მე­ნუ­რი შეთანხმების” სრული იგნორირებით, ქართული დეპუტაციის დაუ­კი­თ­ხავად, მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარედ დაამტკიცებინა აფხაზეთის ახლად არჩეულ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს 1992 წლის მაისში. ეს ვაჟბატონი, როგორც ცნობილია, ერთგულად ემსახურა სეპარა­ტის­ტულ რეჟიმს 1992-1993 წლების ძმათამკვლელი ომის დროს და დღესაც საკმაოდ კომფორტულად გრძნობს თავს უქართველებო აფხაზეთში.

სეპარატისტები ვერაფრით ვერ დაუშვებდნენ ხელმძღვანელ თა­ნა­მ­დებობებზე პატრიოტი ქართველების დაწინაურებას. მათ სჭირდე­ბო­დათ უნიათო, არაფრით გამორჩეული, მათი ნების უსიტყვოდ შემს­რუ­ლე­ბელი ადამიანები, რომელთათვისაც სრულიად უცხო იყო ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესები. ის თითო-ოროლა ქართ­ვე­ლი მოღვაწე კი, რომელიც გამოიჩენდა “ზომაზე მეტ ქართველობას” და დაუპირისპირდებოდა აფხაზ ხელისუფალთა ნაციონალისტურ კურსს, იმ­თავითვე ხდებოდა სეპარატისტების ანგარიშსწორების ობიექტი.

თავის მხრივ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება არა თუ არ იცავდა ამ ე.წ “აქტიურ ქართველებს”, არამედ, პირიქით, აფხაზ სე­პარატისტთა გულის მოგების მიზნით, დემონსტრაციულად იშორებდა მათ. ამის მაგალითად გამოდგება თუნდაც XXს. 60-70-იანი წლებში სეპარატისტული გამოსვლების ფონზე განხორციელებული საკადრო გა­დაწყვეტილებები, როდესაც აფხაზური ნომენკლატურისა და სეპარატის­ტუ­ლი წრეების მოთხოვნით სოხუმიდან “გამოწვეულნი” იქნენ: 1967წ. _ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბ­ჭოს თავ­მ­ჯ­დო­­მარე მიხეილ ჩიქოვანი და საქართველოს კომპარტიის აფხაზეთის სა­­ოლქო კომიტეტის მეორე მდივანი და­მი­ანე გო­გო­ხია, ხოლო 1978 წელს _ ავ­ტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მარე ავთან­დილ საყვარელიძე და საქართველოს კომპარტიის სოხუმის საქალაქო კო­მიტეტის პირველი მდივანი გიორგი ჟორჟოლიანი.

არავითარი მხარდაჭერა არ ჰქონდათ იმ აფხაზ მოღვაწეებსაც, რომლებსაც ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებში მეტ-ნაკლებად ობიექ­ტუ­რი პოზიცია ეკავათ და, ასე თუ ისე, ცდილობდნენ, გამიჯვნოდნენ სეპარატისტულ იდეოლოგიას. ეს ტენდენცია განსაკუთრებით გამოი­კ­ვე­თა 1978 წლის ე.წ. “აფხაზური რევოლუციის” შემდეგ. ამ მხრივ გან­საკუთრებით თვალში საცემია მეჯიდ ხვარცკიასა და იგივე ლორიკ მარ­შანიას მაგალითი, რომლებიც ერთმანეთის მიყოლებით, 1979-1980 წწ., გაანთავისუფლეს იდეოლოგიის დარგში საქართველოს კომპარ­ტი­ის აფხაზეთის საოლქო კომიტეტის მდივნის თანამდებობიდან. ამასთან, თუ მ. ხვარცკია იქვე დატოვეს და გადაიყვანეს სამეცნიერო-პედა­გო­გიურ სამუშაოზე საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტი­ტუტ­ში, ლ. მარშანია საერთოდ მოაშორეს სოხუმს და თბილისში, სა­ქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის აპარატში “დააწი­ნა­ურეს”. ამგვარი პოლიტიკის შედეგი იყო ის, რომ აფხაზეთში ჩა­მო­ყა­ლიბდა ყოვლად უხერხემლო, აფხაზ ხელისუფალთა მონურ სამსა­ხურს შეჩვეული და მთლიანად მათზე დამოკიდებული ქართული ნო­მენ­კლატურა, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში, როგორც პროფესიონალური მომზადების დონით, ისე ზოგადი ინტელექტითაც აშკარად ჩამოუვარდებოდა მოწინააღმდეგე მხარეს.

აფხაზეთში ქართული მოსახლეობის თანდათანობითი დაბეჩა­ვე­ბი­სა და მისი საკუთარ სამშობლოშივე მეორეხარისხოვან ხალხად გა­და­ქ­ცე­ვის პროცესს ხელს უწყობდა საქართველოს კომუნისტური ხელის­უფ­ლების არათანმიმდევრული და ცალმხრივი პოლიტიკა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროში. პირველ რიგში, ყურადღება ექ­ცეოდა აფხაზი ეროვნების სამეცნიერო-პედაგოგიური და შემოქმე­დე­ბითი კადრების მომზადებას, მათთვის მუშაობის საუკეთესო პირობების შექმნას. ყოველნაირად იდევნებოდა ქართული სახელმწიფოებრივი სუ­ლისკვეთების, ქართული სულიერების ნებისმიერი სახით გამოვლინება სა­სწავლო-სამეცნიერო და კულტურულ-შემოქმედებით დაწესებულე­ბებ­ში. ამის მკაფიო მაგალითია თუნდაც ის, თუ რა აუტანელ პირობებში უხდებოდა მოღვაწეობა ქართულ დასს სამსონ ჭანბას სახელობის სო­ხუმის სახელმწიფო დრამატულ თეატრში; როგორი წინააღმდეგობით ხვ­დებოდნენ აფხაზები ქართული სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის ჩამოყალი­ბებას; რა გადაულახავ სიძნელეებს აწყდებოდნენ ქართველი მწერლები თავიანთ ნაწარმოებთა გამოქვეყნებისას და რო­გო­რი ცინიკური დამოკიდებულება იყო მათდამი აფხაზეთის მწერალთა კავშირში.

პოლიტიკურ დანაშაულად ითვლებოდა ქართულ-აფხაზური ის­ტო­რიულ-კულტურული ერთობის აღიარება და პროპაგანდა, ხოლო პი­რებს, რომლებიც შემჩნეულნი იქნებოდნენ ამგვარ “დანაშაულში”, უმალ­ვე აკერებდნენ “აფხაზი ხალხის მტრის”, იარლიყს, მაშინ, როდესაც ხე­ლის­უფლება არავითარ ზომებს არ იღებდა იმ აფხაზ მოღვაწეთა (მეცნიერების, მწერლების და ა.შ.) მიმართ, რომელთა მთელი საქ­მი­ა­ნობა მიმართული იყო საქართველოსა და ქართველი ხალხის წინა­აღ­მ­დეგ. განსაკუთრებით თვალნათლივ გამომჟღავნდა ეს ისტორიოგ­რა­ფი­ა­ში. სწორედ ისტორიული წარსულის გაყალბებამ დაიკავა გამორჩეული ადგილი ნაციონალ-სეპარატისტთა პოლიტიკურ და იდეოლოგიურ არ­სე­ნალში. საყველთაოდ ცნობილია, თუ რა ურცხვად ატყუებდნენ აფ­ხაზური სეპარატისტული “ისტორიოგრაფიის მამები” ხალხს თავიანთი ნაცოდვილარით, რა მიწიერ და არამიწიერ ცოდვებში არ სდებდნენ ბრალს საქართველოს სახელმწიფოსა და ქართველ ხალხს, სრულიად უსაფუძვლოდ აცხადებდნენ მათ საუკუნეების მანძილზე აფხაზი ხალ­ხის თავზე დატრიალებული ყველა უბედურებისა და ბოროტების მიზე­ზად.

 

ანტიქართული ფსიქოზით დაავადებული ცალკეული ისტორიკოს-პოლიტიკოსები ისეთ მკრეხელობამდეც კი მიდიოდნენ, მზად იყვნენ თვით რუსეთის იმპერიის მიერ XIX საუკუნეში მოწყობილ აფხაზი ხალხის გენოციდშიც კი ქართველები დაედანაშაულებინათ. და ეს ყვე­ლაფერი მათ გასდიოდათ. ქართველი მეცნიერების ნებისმიერი მცდე­ლობა, საკადრისი პასუხი გაეცათ საქართველო-აფხაზეთის ისტორიის გამყალბებლებისათვის, უმეტეს შემთხვევაში, გადაულახავ წინააღმ­დე­გობას აწყდებოდა ხელისუფლების სათანადო სტრუქტურების მხრიდან, როგორც სოხუმში, ისე თბილისში.

ასეთ ვითარებაში, სამწუხაროდ ქართველ ისტორიკოსთა უმრავ­ლესობა (ეს განსაკუთრებით ეხება სოხუმში მოღვაწე მეცნიერებს) ვერ ბედავდა სიტყვის ამოღებას და დუმილს ამჯობინებდა, ხოლო იმ თი­თო-ოროლა მეცნიერს, რომელიც არ უშინდებოდა ამ კონიუნქტურას და მაინც იმაღლებდა ხმას, უმალვე თავს სეპარატისტულად განწყო­ბი­ლი აფხაზების რისხვა ატყდებოდა (ამ მხრივ არაერთი უსიამოვნება შე­ხვედრია ამ სტრიქონების ავტორსაც.) ყოველივე ამის შედეგი იყო ის, რომ არამარტო აფხაზებმა, არამედ აფხაზეთის ქართველობის საკმაოდ მნიშვნელოვანმა ნაწილმაც მართლა დაიჯერა, რომ აფხაზეთი არა­სოდეს არ იყო საქართველო, ხოლო აფხაზეთის მკვიდრ მოსახლეობას მხო­ლოდ და მხოლოდ აფსუა-აფხაზები წარმოადგენენ. აქედან გა­მომდინარე, ქართველებს, როგორც “მოსულ ხალხს” არ უნდა ჰქო­ნო­და უფლება შე­ცილებოდა რეგიონის ერთადერთ მკვიდრ მოსახლეობას _ აფხაზებს, “საკუთარი” სამშობლოს _ აფხაზეთის მოვლა-პატრო­ნო­ბა­ში.

და მაინც, არავითარი გამართლება არა აქვს აფხაზეთის ქარ­თ­ველობის პასიურობას. როგორიც არ უნდა ყოფილიყო ოფიციალური კო­ნიუნქტურა აფხაზეთში, ქართულ მოსახლეობას, პირველ რიგში კი მის პოლიტიკურ ელიტას _ პარტიულ-საბჭოთა ნომენკლატურას _ არ ჰქონდა უფლება პირში წყალი ჩაეგუბებინა და გულგრილად ეცქირა იმისათვის, თუ როგორ მოურიდებლად ილახებოდა რეგიონის მკვიდრი ქართული მოსახლეობის ეროვნული თავმოყვარეობა ერთი მუჭა სეპა­რა­ტისტების მხრიდან. იმის ნაცვლად, რომ დროულად გამოფხი­ზ­ლე­ბუ­ლიყო და აფხაზთა ნაციონალისტური დემარშებისათვის აქტიური ერო­ვ­ნული მოქალაქეობრივი პოზიცია დაეპირისპირებინა, აფხაზეთის ქარ­თუ­ლი ნომენკლატურის წარმომადგენელთა აბსოლუტური უმრავლე­სო­ბა, თავისი ლაჩრული დუმილით კიდევ უფრო ათამამებდა სეპარატი­ს­ტებს.

უფრო მეტიც, ქართველთა შორის არც თუ ცოტანი იყვნენ  ისე­თი “მოღვაწენიც”, რომლებიც არა თუ არ იმაღლებდნენ ხმას სეპარა­ტი­სტული გამოხდომების წინააღმდეგ, არამედ, რიგ შემთხვევებში, პი­რი­ქით, ყოველნაირად ცდილობდნენ კრიტიკულ სიტუაციაში გამო­კ­ვე­თილი პროაფხაზური პოზიცია დაეკავებინათ და ამით თავისი ერ­თ­გულება დაემტკიცებინათ “ძლიერთათვის ამა ქვეყნისა”, რათა შემდგომ საჩუქრად “თბილი სავარძელი” მიეღოთ, ან შეენარჩუნებინათ. დიახ, სწო­რედ ლაჩრული დუმილი და პირფერობა გახდა ნომენკლატურაში მო­ხვედრისა და ამ გზით მატერიალური კეთილდღეობის უზრუნველ­ყოფის უმთავრესი საშუალება. ამიტომაც ქართველი კაცის შეგნებაში მყა­რად გაჯდა აზრი, რომ ვერავითარ წარმატებას ვერ მიაღწევ სა­მ­სა­ხუ­რებრივად, თუ ვერ გამონახავ “საერთო ენას” აფხაზობასთან, თუ არ ჩაგთვლიან ისინი თავიანთ კაცად. “საერთო ენის” გამონახვა კი, პირველ რიგში, აქტიურ ეროვნულ პოზიციაზე უარის თქმისა და ფაქ­ტობრივად სეპარატისტთა პოლიტიკურ-იდეოლოგიური გავლენის ქვეშ მოქცევის ხარჯზე ხდებოდა. ვინც არ გაითვალისწინებდა ამას, ის, ბუნებრივია, იმთავითვე განწირული იყო. ყოველივე ეს ქართველ კაცს ლაქიის ფსიქოლოგიას უნერგავდა. სამწუხაროდ, სწორედ ამგვარმა ფსიქოლოგიამ გამოიწვია აფხაზეთის ქართველობის დიდი ნაწილის ეროვნული თავმოყვარეობის სრული დეგრადაცია.

ასეთ ვითარებაში ვერ აღმოჩნდა მოწოდების სიმაღლეზე აფხა­ზეთის ქართული სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენცია, რო­მე­ლსაც არ ეყო გამბედაობა და ვერ იტვირთა ერის წინამძღოლის ფუნ­ქცია. ესეც არ იყო შემთხვევითი, ვინაიდან ქართული ინტელიგენციაც, ისევე როგორც ნომენკლატურა, ყალიბდებოდა პროაფხაზური კონიუნ­ქ­ტურის პირობებში და იმთავითვე ექცეოდა მისი გავლენის ქვეშ. ფაქ­ტობრივად, ქართველი მწერლები, მეცნიერები, იშვიათი გამონაკლისის გარდა, სრულ ინდეფერენტულობას იჩენდნენ რეგიონში მიმდინარე პროცესებისადმი და არანაირად არ ცდილობდნენ, დაპირისპირებოდნენ თავიანთი აფხაზი კოლეგების ანტიქართულ გამოხდომებს. უფრო მე­ტიც, ამ სფეროშიც გამოიკვეთა აფხაზური ნაციონალისტური დინების ფარვატერში მავალ ქართველ მწერალთა და მეცნიერთა ერთგვარი “ელი­ტა”, რომელთაც არასოდეს მიუტანიათ გულთან საერთო-ქარ­თუ­ლი ეროვნული სატკივარი და, რომელიც სათანადოდ იყო დაფასებული აფხაზური ხელისუფლების მიერ. ნიშანდობლივია, რომ ამ ე.წ. “ელიტის” ზოგიერთი წარმომადგენელი 1993 წლის ტრაგედიის შემ­დეგ სოხუმში დარჩა და დღესაც “წარმატებით” განაგრძობს თავის “შემოქმედებით მოღვაწეობას” სეპარატისტული რეჟიმის საამებლად.

ერთი სიტყვით, ათეული წლების მანძილზე აფხაზეთის ქართვე­ლო­ბის მხრიდან პოლიტიკურ ასპარეზზე აფხაზთა “მონოპოლიური უფ­ლებებისადმი” სრულმა შემგუებლობამ და “უსიტყვო მორჩილებამ” გა­ა­თა­მამა სეპარატისტები, ხელი შეუწყო აფხაზობის მმართველ ერად ჩა­მოყალიბებასა და აფხაზური ეთნოკრატიისა და ეთნოდიქტატურის და­მ­ყარებას ავტონომიურ რესპუბლიკაში. ქართველობის ამგვარმა პასი­უ­რო­­ბამ მიიყვანა ერთი მუჭა სეპარატისტები იმ დასკვნამდე, რომ იქაურ ქართველებს არა თუ არა აქვთ უფლება, არამედ მათ საერთოდ არ ძა­ლუძთ და არცა აქვთ მოთხოვნილება, დაიცვან თავისი ეროვნული ინ­ტე­რესები და რომ ისინი უბრალოდ ვალდებულნი არიან, უსიტყვოდ და­ე­მო­რჩილონ ცხოვრების იმ წესს, რომელსაც აფხაზური ეთნოკრატია კა­რ­ნახობდა.

აი ამან გამოიწვია სეპარატისტთა გათავხედება. სწორედ აფხა­ზეთის ქართველობის უნიათობამ და ბედოვლათობამ დაარწმუნა აფხა­ზები იმაში, რომ მათ ყველაფრის უფლება გააჩნიათ: აქვთ უფლება რეგიონის მოსახლეობის 90%-ს _ ქრისტიანებს (მათ შორის, თვით აფ­ხაზთა დიდ ნაწილსაც) თავს მოახვიონ გამოკვეთილი ისლამისტური სახელმწიფოებრივი სიმბოლიკა; აქვთ უფლება ქართველების ნების სრუ­­ლიად იგნორირებით, უხეშად დაარღვიონ საყოველთაოდ აღია­რე­ბული სამართლებრივი ნორმები და შეცვალონ კონსტიტუცია და ამით, ერთი ხელის მოსმით, მეოთხედ მილიონზე მეტი მკვიდრი ქართული მოსახლეობა მოწყვიტონ დედა-სამშობლოს და სხვა სახელმწიფოს მო­ქა­ლაქეებად აქციონ.

მართალია, 80-იანი წლების II ნახევრიდან საქართველოში ეროვ­ნული მოძრაობის აზვირთებამ, მოგვიანებით კი აფხაზეთში დატრია­ლე­ბულმა ტრაგედიამ აფხაზეთის ქართველობის დიდი ნაწილი თითქოს გამოიყვანა “საღათას ძილიდან” და რამდენადმე მტკიცე ეროვნულ მრ­წამსზე მოაქცია, მაგრამა ფაქტია ისიც, რომ ათწლეულების მანძილზე ჩამოყალიბებული ფსიქოლოგია (სეპარატისტების ნებისმიერი კაპრი­ზე­ბი­სადმი შეგუება) ჯერ კიდევ ბოლომდე არაა დაძლეული. აფხაზეთის ქართველობაში, როგორც ენგურს გაღმა, ისე ენგურს გამოღმაც (?!) საკმაოდ არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც კვლავ ძველებურად აპი­რებენ თავიანთ აფხაზ “მოძმეებთან” ერთად, მათ “ჭკუაზე”, წყნარად, “შეხმატკბილებულად” ცხოვრებას.

ეს ის ხალხია, რომელიც აფხაზეთის ტრაგედიის მიზეზებს ეძებს არა აფხაზურ სეპარატიზმსა და მოსკოვის იმპერიულ პოლიტიკაში (უკი­დურეს შემთხვევაში, არა მხოლოდ ამაში), არამედ “ექსტრე­მისტუ­ლად განწყობილი” ქართველი პოლიტიკოსებისა და ცალკეული პირო­ვ­ნე­ბების “დესტრუქციულ ქმედებებში”, რომლებმაც დაურღვიეს მათ იდი­ლია და “არიეს” ქვეყანა. მათთვის არა აქვს არავითარი მნიშვ­ნელობა, თუ როგორი პოლიტიკურ-იდეოლოგიური კონიუნქტურის ქვეშ იცხოვრებენ, ოღონდ პირადი მატერიალური კეთილდღეობა ნუ მო­აკ­ლ­დებათ. მხოლოდ ასეთ ხალხს არ შესწევს უნარი, გაითავისოს საერ­თო-ეროვნული სატკივარი, არ შეუძლია იმის გაგება, თუ რატომ არ ისურვა 80-იანი წლების მიწურულს მძაფრ პატრიოტულ ნოტაზე შე­მ­დ­გარმა ქართველმა სტუდენტობამ, რომელმაც თავი დააღწია მარქ­სიზმ-ლენინიზმისა და პროლეტარული ინტერნაციონალიზმის “უკვდავი იდეების” ტყვეობას, ანტიქართული იდეოლოგიის ბუნაგად ქცეულ აფ­ხა­ზურ უნივერსიტეტში დარჩენა. მხოლოდ ასეთ ხალხს შეუძლია და­ინახოს კრიმინალი იმაში, რომ ქართველ ახალგაზრდას საკუთარ სა­მ­შო­ბლოში _ საქართველოში, რომლის განუყოფელ ნაწილსაც წარ­მო­ადგენს აფხაზეთი, საერთო-ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სულისკვეთების მატარებელ უმაღლეს სასწავლებელში სურდა სწავლა.

ასე რომ, 1989წ. აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის გახ­ლე­ჩა და მისი ქართული ნაწილის ბა­ზა­ზე თსუ სოხუმის ფილიალის შექმნა სულაც არ იყო “ქართველ ექსტრემისტთა დესტრუქციული ქმე­დების”, მით უფრო “კარიერასა და ფულს დახარბებულ” ქართველ პროფესორ-მასწავლებელთა ჯიუტი ახირება, როგორც ამას აბ­რა­ლებ­დ­ნენ და დღესაც აბრალებენ აფხაზეთის ქართველობის საერთო-სა­ხალ­ხო საპროტესტო (სხვათა შორის აფხაზეთის სინამდვილეში მანამდე უპრეცედენტო) აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს სეპარა­ტის­ტები და მათი ლაქია ცალკეული მედროვე ქართველები. ეს იყო ქარ­­თუ­ლი აფხაზეთისათვის დაწყებული დიდი ეროვნული ბრძოლის პირველი რეალური ნაყოფი. ამით აფ­ხა­ზეთის ქართველობამ, პირველად უკანასკნელი 40 წლის მანძილზე, აშკარად დაანახა მოსკო­ვი­სა­გან შე­გუ­ლიანებულ სეპარატისტულ ძალებს, რომ აფხაზეთი მათი სამშობ­ლო­ცაა და რომ ისინი არავის მისცემენ დანარჩენი საქართველოსაგან მისი მოწყვეტის ნებას. ქართველმა სტუდენტებმა და პროფესორ-მას­წავ­ლებლებმა ხმამაღლა განაცხადეს, რომ აფხაზეთის უნივერსიტეტი (ხაზს ვუსვამ, აფხაზეთის და არა აფხაზების) მათთვის ისეთივე მშო­ბ­ლიურია, როგორც აფხაზ­თათ­ვის და რომ ისინი არ დაუშვებენ ამ უნი­ვერ­სიტეტის სეპარატისტების მიერ ერთიანი ქართული სა­ხელმწი­ფო­ებ­რი­ობის წინააღმდეგ 1989 წლის 18 მარტს ლიხნში ოფიციალურ (ავ­ტონომიური რეს­პუბლიკის პირველი პირების) დონეზე გამოცხადებული “ჯვაროსნული ომის” იდეოლოგიური მედ­როშის როლში გამოსვლას.

დიახ, სწორედ ლიხნის თავყრილობაზე მიღებულმა ექსტრემის­ტუ­ლმა და ანტიკონსტიტუციურმა გადაწყვეტილებებმა ააფეთქა უნი­ვერ­­­სიტეტი, სწორედ ამ თავხედურმა გადაწყვეტილებებმა გახლიჩა აფ­ხა­ზე­თის საზოგადოება ორ ნაწილად და არა იმან, რომ ქართველ მწერ­ლებს მო­უნდათ თანამდებობები მწერალთა კავშირში ან სოხუმის თე­ატ­რის ქართული დასი აუხირდა აფ­ხა­ზურ დირექციას, ხოლო სო­ხუ­მის “დინამოს” ქართველმა ფეხბურთელებმა საკუთარი ქვეყნის ჩემ­პი­ონატში არჩიეს თამაში. დროა, ერთხელ და სამუდამოდ, გავიგოთ, რომ ყოველივე ეს იყო შედე­გი არა ქართველთა ახირებისა და ე.წ. “კა­რი­ე­რისტული ამბიციებისა”, არამედ საპასუხო რეაქცია სე­პარატისტების თავგასულ პარპაშზე.

ეს იყო ბრძოლა იმპერიისა და მის დამქაშთა წინააღმდეგ სა­ქარ­თველოსა და ქართული სახელმწიფოსათვის, აფხაზეთში ქართული ეროვნულ-სახელ­მწიფო­ებ­რი­ვი ცნობიერების დამკვიდრებისათვის. აი, ამ ბრძოლის ავანგარდში ჩადგა ყველაზე კრიტიკულ ჟამს აფხაზეთის უნი­ვე­რსიტეტის ქართველი სტუდენტობა და პროფესორ-მასწავლებლები, რო­მლებმაც სრუ­ლი დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს სეპარატისტულ კონიუნქტურას. აქვე არ შეიძლება სა­განგებოდ არ აღვნიშნოთ, რომ ქართველ სტუდენტთა და პროფესორ-მასწავლებელთა დაუმორ­ჩი­ლებ­ლო­ბის აქციის მაშინდელი ლიდერები სულაც არ ისახავდნენ მიზნად მა­ინცდამაინც დამო­უკი­დე­ბე­ლი უმაღლესი სასწავლებლის დაარსებას (სხვათა შორის, ამ იდეას მოწინააღმდეგენი ჰყავდა, და არა მხოლოდ სახელისუფლებო წრეებში, გარკვეულწილად მას კრიტიკულად შეხვდნენ ქართული ეროვნული მოძრაობის ცალკეული ლიდერები, სამეცნიერო და შემოქმედებითი ინტელიგენციის წარმომადგენლები, მათ შორის, ქარ­თუ­ლი ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი თავკაცი, სრულიად საქართველოს რუს­თაველის საზოგადოების პრეზიდენტი აკაკი ბაქრაძე, რომელიც საპ­რო­ტე­ს­ტო აქციის მონაწილეებს მოუწოდებდა, არ დაეტოვებინათ უნივერ­სიტეტი და შიგნიდან ებრძოლათ სეპარატისტული იდეოლოგიის წინააღმ­დეგ.), პირიქით, მათი უმთავრესი ამოცანა სწორედ რომ აფ­ხა­ზეთის უნი­ვერსიტეტის გადარჩენა იყო. ერთადერთი აუცილებელი პირობა, რომ­ლის შესრუ­ლე­ბა­საც ისინი კატეგორიულად აყენებდნენ, იყო, უნივერ­სი­ტეტი (უფრო სწორად, მისი აფხაზური ხელ­მძღვა­ნელობა რექტო­რის, პროფ. ალეკო გვარამიას მეთაურობით) ოფიციალურად გამიჯვ­ნო­და ე.წ. “ლიხ­ნის დეკლარაციას”. აფხაზეთის უნივერსიტეტის გახლეჩა და თსუ-ს სოხუმის ფილიალის და­არ­სება მხოლოდ და მხოლოდ ამ მთავარი მოთხოვნის შეუსრულებლობამ განაპირობა.

 

 გამოქვეყნდა  გაზეთში: „საქართველოს

 რესპუბლიკა“, #35, 23. 02. 2007.

დაბეჭდილია აგრეთვე წიგნში:

ზურაბ პაპასქირი. და აღმოცისკრდა საქართველო

ნიკოფსიიდან დარუბანდამდე

(თბ., 2009, გვ.  283-294)

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s