Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• აფხაზეთი დღეს

♥აფხაზეთი-Abkhazia

***

 

აფხაზეთში მიგრაციული პროცესები პიკს აღწევს

 

 23.09.2010

ანი გოდერძიშვილი

„დამოუკიდებელ სახელმწიფოდ“ აღიარებულ აფხაზეთს, აფხაზები ტოვებენ და საცხოვრებლად დსთ-ს ქვეყნებში მიდიან. აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის, გიორგი ბარამიას განმარტებით, თუ ქართული მოსახლეობის შემცირება ეთნიკური წმენდისა და იძულებით დეპორტირების შედეგად მოხდა, აფხაზი მოსახლეობის შემცირება განპირობებულია იმ ბუნებრივ-მიგრაციული პროცესებით, რომლის საფუძველია ეკონომიკური და პოლიტიკური ქაოსი.

ასევე იმ გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობებითა და კრიმინოგენური ვითარებით, რაც, მისივე თქმით, ამჟამად აფხაზეთში სუფევს. როგორც ბარამია ამბობს, სავალალო დემოგრაფიული პრობლემის წინაშე დგანან აფხაზები.

–„თვითონ აფხაზებმა მითხრეს, რომ დაახლოებით 45 ათასამდე აფხაზი ცხოვრობს დღეს აფხაზეთში და ორჯერ მეტია სხვა ეროვნების ადამიანები. ძალიან ბევრი აფხაზის განცხადებაა შემოსული ჩემთან, ისინი ითხოვენ სამედიცინო დახმარებას. აგრეთვე არიან აფხაზები, რომლებმაც ჩვენ მოგვმართეს განცხადებით, საქართველოს მოქალაქეობის თხოვნის შესახებ.

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ამ ბოლო პერიოდის განმავლობაში 200-ზე მეტი აფხაზია ჩემთან მოსული მიღებაზე. თითქმის ყველა კატეგორიის ადამიანია წარმოდგენილი, რომელთაც სურთ, მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა,“ – აღნიშნა გიორგი ბარამიამ.

აღსანიშნავია, რომ დღევანდელი აფხაზეთის მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა უცნობია. აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ ბოლო აღწერა 2003 წელს ჩაატარა. ამ აღწერაში ცალკე გრაფადაა აღნიშული მეგრული გვარის მატარებელი მოსახლეობის რაოდენობაც. აღწერის თანახმად, აფხაზური ეთნოსი დომინირებს გუდაუთისა და ოჩამჩირის რაიონში. რაც შეეხება სომხებს, ისინი გაგრაში, სოხუმში, გულირიფშის რაიონში და აფხაზურ ზონაში დომინირებენ და საკმაოდ დიდი მაჩვენებლით უსწრებენ აფხაზებს.

2003 წლის აღწერის შედეგები ასე გამოიყურება:

(ალბათ აღარავის უკვირს, რომ სოხუმის დე–ფაქტო რეჟიმის სტატისტიკოსები ქართველსა და მეგრელს ერთმანეთისაგან მიჯნავენ)

აფხაზეთის ტერიტორიაზე სულ 43,8% აფხაზი ცხოვრობს; 20,8% სომეხი; 19,6% ქართველი; 1,7% მეგრელი; 10,8% რუსი; 0,7 ბერძენი; 0,2% ესტონელი და 0,8% უკრაინელი.

ამ მონაცემებით ირკვევა, რომ სოხუმში 56,3% აფხაზი ცხოვრობს, 12,7% სომეხი; 4,0% ქართველი; 0,2% მეგრელი; 16,9% რუსი; 1,5% ბერძენი; 0,1% ესტონელი და 1,6% უკრაინელი.

რაც შეეხება გაგრის რაიონს, აქ 27,7% აფხაზი ცხოვრობს, 44,1% სომეხი; 3,2% ქართველი; 0,1% მეგრელი; 20,0% რუსი; 0,7% ბერძენი, 0,8% ესტონელი და 1,6% უკრაინელი.

ამ აღწერით ირკვევა, რომ გუდაუთის რაიონში 78,8% აფხაზი ცხოვრობს, 11,9% სომეხი; 1,7% ქართველი, 0,1% მეგრელი; 5,9% რუსი; 0,4% ბერძენი; 0,1 ესტონელი და 0,4% უკრაინელი. სოხუმის რაიონში 24,8% აფხაზია რეგისტრირებული; 61,4% სომეხი; 1,9% ქართველი; 0,2% მეგრელი; 7,3% რუსი; 1,6% ბერძენი; 0,1% ესტონელი და 0,5% უკრაინელი. გულირიფშის რაიონი: 24,5% აფახი; 47,5% სომეხი; 13,4% ქართველი; 0,3% მეგრელი; 12,1% რუსი; 0,6% ბერძენი; 0,3% ესტონელი და 0,6% უკრაინელი.

ოჩამჩირის რაიონი: 76,1% აფხაზი; 8,8% სომეხი; 7,9% ქართველი; 1,3% მეგრელი; 3,8% რუსი; 0,3% ბერძენი; 0,1% ესტონელი და 0,4% უკრაინელი. ტკვარჩელის რაიონი: 37,8% აფხაზი; 0,5% სომეხი; 46,4% ქართველი; 8,8% მეგრელი; 4,9% რუსი; 0,2% ბერძენი; 0,1% ესტონელი და 0,4% უკრაინელი. გალის რაიონი: 0,4% აფხაზი; 0,1% სომეხი; 92,6% ქართველი; 6,1% მეგრელი; 0,5% რუსი; 0,1% ბერძენი და 0,1% უკრაინელი.

ცალკე ზონადაა გამოყოფილი კოდრის ხეობა, რომელშიც დღეს ქართული იურისდიქცია არ ვრცელდება. კოდორის ხეობაში 0,5% აფხაზი ცხოვრობდა, 0,1% სომეხი; 97,8% ქართველი; 1,2% რუსი და 0,1% უკრაინელი.

 

ამ აღწერის მონაცემები დღემდე საეჭვოდ ითვლება რიგი ორგანიზაციებისთვის. კერძოდ, სომხეთის საზოგადოებრივი რადიოს მონაცემებით, დღეისათვის აფხაზეთში მცხოვრები სომხების რაოდენობა 67 ათას აღწევს, ხოლო აფხაზების რაოდენობა 80 ათასს არ აღემატებოდა. მათ შორის 30 ათასი აფხაზი არ ცხოვრობს აფხაზეთის ტერიტორიაზე, ისინი სამუშაოდ არიან წასული რუსეთში ან თურქეთში.

დამოუკიდებელი წყაროების მონაცემებით, ამჟამინდელი აფხაზეთის მოსახლეობის სრული შემადგენლობა ასეთი: 240-250 ათასი კაცი, მათ შორის 80 ათასი აფხაზი, მათგან 30 ათასი არ ცხოვრობს აფხაზეთში, 65 ათასი სომეხი, 55 ათასი ქართველი (გალის რ-ში), 25 ათასი რუსი და 1 500-მდე სხვა და სხვა ეროვნების მოქალაქე.

ოფიციალური მონაცემებით, ქართულ-აფხაზური კონფლიქტის დაწყებამდე, 1992 წლის 1 იანვრისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობა 535 061 კაცს შეადგენდა, ხოლო 1997 წლის შესაბამისი პერიოდისთვის – 145 586 კაცს. როგორც ირკვევა, ომის შემდეგ აფხაზეთის მოსახლეობა 388 075 ადამიანით შემცირდა.

მოსახლეობის შემცირებას მეტ-ნაკლებად დაექვემდებარა აფხაზეთში მცხოვრები ყველა ეთნიკური ჯგუფი, მაგრამ ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით დაზარალდა აფხაზეთის ქართული მოსახლეობა.

1992 წლის 1 იანვრისთვის აფხაზეთში ქართველთა რაოდენობა 244, 872 ადამიანს შეადგენდა, ხოლო აფხაზების 94.767 ადამიანს. 1997 წლის შესაბამისი პერიოდისათვის აფხაზეთის მოსახლეობა 53,993 კაცს შეადგენდა. ქართველი ექსპერტების მონაცემებით, აფხაზთა დიდმა ნაწილმა, კონფლიქტის დაწყებისთანავე დატოვა აფხაზეთის ტერიტორია, ვინაიდან არ ისურვა ძმათამკვლელ ომში მონაწილეობის მიღება, ამჟამად მათ დაბრუნების საშუალება არა აქვთ იმ მიზეზით, რომ სეპარატისტების მიერ მოღალატეებად არიან შერაცხულნი.

კავკასიის საკითხებში ექსპერტი მამუკა არეშიძე ამბობს, რომ 1990-იანი წლების მეორე ნახევარი აფხაზებისთვის უფრო სტაბილური იყო გასვლის თვალსაზრისით. მიზეზი კი არასტაბილური ვითარება და სოციალური პროლემები იყო.

– „აფხაზებისა და რუსების მიგრაცია მაინც დაკავშირებულია სოციალურ საკითხებთან. რუსების ჩამოსვლას მასიური სახე არ ჰქონდა. მაგრამ, როდესაც დაიწყო ლაპარაკი სოჭის ოლიმპიადაზე და როდესაც დაიწყო გარკვეული მშენებლობები აფხაზეთის ტერიტორიაზე, ამას უკვე მოჰყვა რუსი მუშების შემოსვლა.

რაც შეეხება საერთო სურათს, არც ერთ მონაცემებში არ წერია, რომ დაახლოებით 200-მდე ქართველი ცხოვრობს გაგრაში. გვარად არაბიძე არის გამწვანების უფროსი. მისი შვილი არის ძალიან ცნობილი რენდგენოლოგი, ერთადერთია მთელს აფხაზეთში. ის ქართველია და მამა თუ აფხაზია, არ ვიცი. რაღაცა რაოდენობა ქართველებისა არის სოხუმშიც და ტყვარჩელშიც. ციფრებით მანიპულირება ხდება,“ – ამბობს მამუკა არეშიძე.

დინამიკა რომ აფხაზების სასარგებლო არაა, ამას კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილიც ადასტურებს და ამბობს, რომ აფხაზები ჯერ-ჯერობით იბრძვიან იმისათვის, რომ მინიმუმზე იყოს დასული აფხაზების საწინააღმდეგოდ მიმართული პროცესი.

„აშკარაა, რომ აფხაზები დღეს უმცირესობაში არიან დანარჩენ ეთნიკურ ჯგუფთან შედარებით. თუ მთელი მოსახლეობის რაოდენობას ავიღებთ, ვნახავთ, რომ აფხაზები ორჯერ ნაკლები არიან დანარჩენ მოსახლეობაზე, რაც მათთვის შემაშფოთებელი და კატასტროფულია. რესურსები არ ყოფნით იმისთვის, რომ სახელმწიფო მართონ. დღეს აფხაზური ენის პრობლემა იმდენად სერიოზული არ დგას, როგორც დემოგრაფიული პრობლემა,“ – ამბობს კონფლიქტოლოგი.

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ აფხაზეთში დემოგრაფიული პრობლემა დღეს და ხვალ თავისი შედეგებით თავს არ იჩენს, მაგრამ 10 წლის თავზე უკვე სერიოზული პრობლემა იქნება.

„ყველა დასახლებაში ახლა აფხაზი იმაზე ნაკლებია, ვიდრე იყო ომამდე.

აშკარად ჩანს, რომ 2008 წლის აგვისტომდე აფხაზები გადიოდნენ აფხაზეთიდან. 95% მიდიოდა რუსეთში, უფრო უკრაინისკენ, მოსკოვისა

და ბელორუსიისკენ აქვთ აფხაზებს ყურადღება გამახვილებული. ამის მიზეზი არის სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა.

კრიმინოგენური ფონიც ძალიან ცუდია, მაგრა ეს აფხაზებისთვის არაა გადამწყვეტი. უფრო გადამწყვეტია სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. სოჭის ოლიმპიადის კონტექსტში, ალბათ, ბევრი აფხაზი დაბრუნდება უკან,“

– მიიჩნევს პაატა ზაქარეიშვილი.

რაც შეეხება რუს ოკუპანტთა საერთო რაოდენობას, კონფლიქტოლოგი მიიჩნევს, რომ სტატისტიკურ მონაცემებს არ ემთხვევა რუსების შემოსვლა.

– „უფრო გასული არიან, ვიდრე შემოსული. 2008 წლის აგვისტომდე იქ 16 ათასი რუსი იყო, შეიძლება, მათი რიცხვი გაიზარდა, მაგრამ არა მგონია, რომ 20 ათას აღემატებოდეს მათი რაოდენობა. ვერ ვიტყვი, რომ რუსები ხშირად შემოდიან.

მაგრამ მას შემდეგ, რაც რუსებმა გამალებით დაიწყეს სამხედრო ბაზების მშენებლობა, მათ მოჰყვებიან ოფიცრები და მათი ოჯახები, რომლებიც აუცილებლად დარჩებიან აფხაზეთში საცხოვრებლად.

ასეთი ხელშეკრულება აქვს დადებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას რუსეთის ხელისუფლებასთან, რაც შეშფოთებას იწვევს თვით აფხაზებში. ამიტომ, საქართველოს ჯერ კიდევ აქვს შანსი, შეცვალოს საქართველოს ხელისუფლება და ახალი პოლიტიკა აწარმოოს აფხაზეთის მიმართულებით. დრო კიდევ გვაქვს, რათა აფხაზებს ღირსეული სახელმწიფო შევთავაზოთ, ღირსეული ცხოვრების პირობებში“, – აღნიშნა ჩვენთან საუბრსას პაატა ზაქარეიშვილმა.

 

http://www.presa.ge/new/?m=society&AID=1085

 

 

***

 

აფხაზებს ბუმერანგი დაუბრუნდათ: მოსკოვი მათ ტერიტორიებს ედავება

30.06.2011
[თეა ინასარიძე]

ალბათ, აფხაზ ჩინოვნიკებსა და უბრალო მოსახლეობასაც ხშირად უფიქრია, რატომ ხარჯავს ამდენ ფულს მოსკოვი აფხაზეთზე. მართლა აფხაზების კეთილდღეობა ადარდებს, თუ…

აფხაზებს დამოუკიდებლობა სურდათ და არა რუსეთის ფედერაციის წევრობა. თუმცა შედეგად მიიღეს ის, რომ დღეს აფხაზეთში მცხოვრებთა 80%-ს რუსეთის მოქალაქეობა აქვს მიღებული, რუსული ენა დომინანტია, ყველა მნიშვნელოვანი სფეროც რუსეთის ექსკლუზიური მართვა-გამგებლობის ქვეშაა… ახლა კი ამ მონოპოლიას მიწების მისაკუთრების სურვილიც დაემატა და აფხაზებს ე.წ. ტერიტორიული მთლიანობის დაცვა უწევთ.

დამოუკიდებლობის 2 წლისთავზე მოსკოვმა ჩათვალა, რომ სოხუმმა “ყველა სიკეთე” უნდა დაუფასოს და პრეტენზია 16 ათას ჰექტარ მიწის ფართობზე განაცხადა. საუბარია გაგრის რაიონში, რიწის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე და აქვე მდებარე სოფელ აიბღაზე, რომელიც მდინარე ფსოუზეა გაშენებული და საქართველო-რუსეთის საზღვარს წარმოადგენს. მოსკოვი ამტკიცებს, რომ ეს მათი ტერიტორიაა, რომლისთვისაც მხოლოდ ახლა მოიცალა და მის აღორძინებას აპირებს.
თუმცა ეს სოფელი რუსეთის ტერიტორია არანაირად არ შეიძლება იყოს.

აიბღა, როგორც საქართველო-რუსეთის სასაზღვრო ზონა სადაო დიდი ხნის წინ გახდა. საბჭოთა კავშირის დროიდან ის ორ ნაწილადაა გაყოფილი, რადგან მასზე გადის მდინარე ფსოუ და საქართველო-რუსეთის საზღვარი. სწორედ ამ “ისტორიულ არგუმენტებს” იშველიებს რუსეთი, როცა აიბღაზე პრეტენზიას აცხადებს. თუმცა თუკი ისტორიას მოვიშველიებთ, ვერც გაგრისა და ვერც “სოჭის აიბღა” რუსეთის ტერიტორია ვერ იქნება, რადგან: სოჭი-ტუაფსეს რაიონი ოდითგანვე საქართველოს (აფხაზეთის) შემადგენლობაში შედიოდა. 1864 წლამდე აქ ჩერქეზები და აფხაზები ცხობრობდნენ. ხოლო როცა რუსეთის იმპერიამ დაასრულა კავკასიური ომი (რომლის უკანასკნელი ბასტიონი სწორედ აიბღა იყო), აქ მცხოვრებნი ოსმალეთის იმპერიაში გადაასახლა და მხოლოდ ისინი დატოვა, ვინც რუსეთის ქვეშევრდომობა აღიარა. XIX საუკუნის 60-იან წლებში სოფელი მთლიანად დაიცალა, თუმცა 80-იანებში აქ რუსები და უკრაინელები ჩამოასახლეს. სწორედ ეს ხალხი ცხოვრობს ახლა “სოჭის აიბღას” ტერიტორიაზე. სხვათა შორის რუსულ ვიკიპედიაზეც დევს ინფორმაცია, რომ “ვიდრე რუსეთის ხელისუფლებას დაექვემდებარებოდა, ამ ადგილზე აული აიბოღა არსებობდა და ის აფხაზ თავადებს – მარშანიებს ეკუთვნოდა, რომელთა ვასალები ამ რაიონში იყვნენ დიდებულები ოზდანი და შხაცა. ეს აული იყო აფხაზეთის ისტორიული რაიონის პსხუ-აიბგას ცენტრი.”

სოფელი ამჟამად დაცარიელებული, იქ 30-მდე ადამიანიღა ცხოვრობს ყოველგვარი კომუნიკაციებისა და ინფრასტრუქტურის გარეშე. მაშ, რაღაში სჭირდება მოსკოვს ეს ტერიტორია?

აიბღას მთელი ხიბლი, გარდა იმისა, რომ ის ულამაზესი ადგილია, ისიცაა, რომ სოფელს 15-მდე კილომეტრი აშორებს წითელი მდელოდან (კრასნაია პოლიანადან), რომელმაც 2014 წელს ოლიმპიურ თამაშებს უნდა უმასპინძლოს. ამიტომაც, ის რუსეთისათვის განსაკუთრებული ინტერესის საგანია. რადგან როცა აიბღა რუსეთს მიუერთდება, ეს ტერიტორია ლეგიტიმური გახდება და თუ აფხაზეთი, როგორც არაღიარებული და ოკუპირებული ზონა საერთაშორისო ტურიზმის თვალსაზრისით დივიდენდებს ვერ იღებს, კრემლზე “გადაფორმების” შემდეგ მოსკოვი ულამაზეს ტურისტულ რაიონს ჩაიგდებს ხელში. ამასთან, ულამაზეს მთიან სოფელში, რომელიც რიწის ტბის მიდამოებშია, სახლების ჩადგმაზე არც რუსი ტურისტები და მაღალი რანგის პირები იტყვიან უარს.

აიბღა მაღალმთიანი სოფელია, რომლის ბუნებაც დღემდე პირველყოფილი სახითაა შენარჩუნებული. სხვათა შორის ერთ-ერთ კავკასიურ გამოცემაში ამასთან დაკავშირებით წერენ: “აიბღაში ოლიმპიური ლას-ვეგასის მშენებლობა ყველაფერს ზიანს მიაყენებს. შეცვლის მთის ჰაერს, რადგან კარგად ვიცით, როგორ აშენებენ რუსები. ეს ჩანს ოლიმპიური ობიექტების მშენებლობაშიც, რომელიც დიდი ხარვეზებით მიმდინარეობს და ეკოლოგიურ ზიანს იწვევს. რუსეთს მხოლოდ ფული სჭირდება და არ აღელვებს აფხაზეთის სილამაზე. ისინი ფიქრობენ, რომ ეს სილამაზე მათ უნდა ემსახუროს.”

აიბღას საკითხი ჯერ კიდევ ბაღაფშის სიცოცხლეში იქცა სოხუმის თავისტკივილად. მოსკოვისგან დავალებულ ლიდერებს არც “მეგობრის” განაწყენება სურდათ, მაგრამ ვერც საკუთარი ხალხის წინააღმდეგ წასვლა გაბედეს.

დღესდღეობით, რუსეთის ინტერესში მოქცეული მიწების საკითხი ისევ გადაუწყვეტელია, თუმცა ის გარკვეული წინააღმდეგობის მიზეზად მაინც იქცევა. როცა მოსკოვში რუსეთის საზღვრის აფხაზეთის ტერიტორიაზე გადმოტანის მიზნით მოლაპარაკება მიმდინარეობდა, აფხაზური მედია სერგეი ბაღაფშის სიტყვებს ხშირად იმეორებდა: ”მოვკვდები, გადავდგები, მაგრამ არ მივცემ იმ დოკუმენტის მიღების უფლებას, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი თავისი ტერიტორიის მთიან ნაწილს კარგავს.”

ბოლო პერიოდში მოსკოვმა კიდევ ერთ ხერხს მიმართა. რუსულ მედიაში გაჩნდა ცნობა, რომ თურმე აიბღაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები მოსკოვს უყურადღებობას საყვედურობენ და რუსეთის შემადგენლობაში შესვლას მოითხოვენ. აფხაზი ძალოვნები კი, ისე, რომ არ ელოდებიან “რუსულ-აფხაზური საზღვრის” სადემარკაციო კომისიის დასკვნას, სოფელში თავის პოზიციებს აძლიერებენ, რაზეც ადგილობრივები თურმე ისევ კრემლს ეწუწუნებიან. კრემლი კი, საკუთარი მოქალაქეების დაცვისა და კეთილდღეობისათვის არაფერზე უარს რომ არ ამბობს, ეს აფხაზებმაც კარგად იციან და კიდევ სხვა მათს მდგომარეობაში მყოფმა რეგიონებმა.

ამიტომ, აფხაზი პოლიტიკოსებიცა და საზოგადოებაც დარწმუნებული უნდა იყოს, რომ რუსეთი მათზე ტყუილად არ ხარჯავს ფულს და მის ამოღებას ერთი-ორად შეეცდება, მათ შორის “დამოუკიდებელი რესპუბლიკების” მიწების მიტაცებითაც. სხვა საქმეა, რომ ამ ყოველივეს კრემლი საერთაშორისო აღიარებით ვერ გააფორმებს და ეს ისეთივე ფარსი იქნება, როგორც “აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა.”

 http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=6599

 

                            

***

 

აფხაზი ექსპერტი: აფხაზეთი არ არის დამოუკიდებელი

 

14.08.2011
[თეა ინასარიძე]

აფხაზეთში ცნობილმა ექსპერტმა არტურ მიქვაბიამ დამოუკიდებლობით თავმომწონე აფხაზებსა და პოლიტიკურ “ელიტას,” რომელიც მომხიბვლელი საარჩევნო პროგრამებით რაიონიდან რაიონში დარბის, ცივი წყალი გადაასხა. სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ აფხაზეთი არ არის დამოუკიდებელი ქვეყანა და ამის საილუსტრაციოდ, საკმაოდ ბევრი მაგალითიც მოიყვანა. ჟურნალისტებთან შეხვედრამდე უფრო ადრე კი ექსპერტმა თავისი გამანადგურებელი შეხედულებები წერილობითაც გამოაქვეყნა.

“აფხაზეთი მხოლოდ დე-იურეა დამოუკიდებელი, დე-ფაქტო კი – არა, რადგან სახსრების 90%- გარედან ვიღებთ” – ასეთია მიქვაბიას შეფასება.

მიქვაბიამ საკმაო სანერვიულო გაუჩინა აფხაზებს. მისი გამოთვლებით, სახელმწიფო ვალი, რომელიც კრედიტის სახით რკინიგზის აღდგენისა და საბანკო სფეროს მოდერნიზაციისათვის აქვთ აღებული, აფხაზეთში მცხოვრებთა რაოდენობაზე რომ გადანაწილდეს, გამოვა, რომ ყოველ აფხაზს 15 000 დოლარი ვალი აქვს. მთლიანობაში, ვალის მოცულობა 100 მილიონი დოლარი ყოფილა და ესეც იმ მონაცემების თანახმად, რომლებზეც ექსპერტს ხელი მიუწვდა.

თავის სტატიაში მიქვაბია ამ საგანგაშო ვითარებას არამარტო პოლიტიკოსების ბრალით ხსნის, არამედ საზოგადოების ფსიქოლოგიითაც, რომელიც ექსპერტის შეფასებით, მიეჩვია რუსეთის კმაყოფაზე ცხოვრებას. ამ ფსიქოლოგიას ის “მაროდიორულ-ნადავლურს” უწოდებს და ამბობს, რომ ხელისუფლება მის შეცვლას არ ცდილობს. მთლიანად რუსულ დახმარებას კი მიქვაბია “დათვურ სამსახურს” უწოდებს.

შუა წინასაარჩევნო კამპანიის დროს ექსპერტმა თითქმის არცერთი კანდიდატი არ დაინდო და მოკრძალებულად განაცხადა, რომ ქვეყნის პოლიტიკური ელიტის ინტელექტუალური პოტენციალი, სასურველია, უფრო მაღალი იყოს. “პოლიტიკური ელიტა, რა თქმა უნდა, არსებობს, მაგრამ რა მდგომარეობაშიცაა ის დღეს, იმ მდგომარეობაშია ჩვენი სახელმწიფოცა და ეკონომიკაც. ეს სარკის ეფექტია”, – თქვა მან. და ის, რომ ასეთი რეალისტური შეფასებები დღეს არცერთი საპრეზიდენტო კანდიდატისგან არ ისმის, მიქვაბიას აზრით, საზოგადოების ბრალია, რომელიც, რა თქმა უნდა ხელისუფლებასთან ერთად, 18 წელია, ვერ ჩამოყალიბდა იმაში, თუ რა სურს.

სხვათაშორის, მიქვაბია ერთადერთი არ არის, ვინც აფხაზეთში მიმდინარე პროცესებს არცთუ დამაიმედებელად უყურებს.

ექსპერტი შეფასებებში მარტო არ არის: აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის წევრი სენერ გოგუაც მიიჩნევს, რომ აფხაზეთის ეკონომიკა დღეს მხოლოდ “იყიდე-გაყიდეს” დონეზეა. სოხუმის სახალხო კრების წარმომადგენელი დიმიტრი ჩუკბარი კი აფხაზურ ეკონომიკას საერთოდ ჭაობს უწოდებს და ამბობს, რომ ის მხოლოდ ვირტუალურ ციფრებში არსებობს. ექსპერტი ანატოლი ოტირბა კი მიიჩნევს, რომ რუსეთზე ორიენტირებული აფხაზები სახელმწიფოს ვერასოდეს ააშენებენ.

http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=7858

***

თანამედროვე აფხაზეთი „რესპუბლიკური“ ლეგენდების გარეშე: რას ჰყვებიან რუსი ტურისტები

 

15.08.2011
[თეა ინასარიძე]

 14 აგვისტო აფხაზეთში ომის დაწყების თარიღია და ამ ტრაგიკული მოვლენიდან უკვე 19 წელი გავიდა. აქედან გამომდინარე, იმის გაგებაც საინტერესო იქნება, როგორ ცხოვრობენ აფხაზეთში ქართველების გარეშე და საერთოდ, როგორ გამოიყურება ეს კუთხე მათი ძირძველი მკვიდრების გარეშე. რადგან ქართველებს იქ, ჯერჯერობით, არ ჩაესვლებათ, ციტატები სხვადასხვა რუსული წყაროდანაა აღებული, მაგრამ ეს მხოლოდ უბრალო ადამიანების მონათხრობია უბრალო, რიგით აფხაზებზე, ყოველგვარი პოლიტიკისა და კომენტარის გარეშე – იმ რუსების მონათხრობი, რომლებმაც აფხაზეთი ყოველგვარი ლეგენდის საბურველშემოცლილი ნახეს, აღიქვეს და თავიანთ ბლოგებზე შთაბეჭდილებები სხვებს გაუზიარეს.

“შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ აფხაზეთში, მთელი ინფრასტრუქტურა განადგურებულია. რაღაცეები აღდგა, მაგრამ დღესაც იგრძნობა, რომ აქაურობა ნაომარია. მოსახლეობა ძირითადად, ყიდვა-გაყიდვისა და ტურიზმის ხარჯზე ცხოვრობს. აქედან მიღებული შემოსავლები, მართალია, მოკრძალებულია, მაგრამ სხვა რა გზა აქვთ. შედარებით უკეთესი მდგომარეობაა სოხუმში, დანარჩენ ქალაქებსა და განსაკუთრებით სოფლებში, ცხოვრება გაცილებით მძიმეა. სამუშაო არ არის. ახალგაზრდობა, ძირითადად, ასე ვთქვათ, ფსოუს გზაზე ცხოვრობს. საზღვარზე ტვირთაკიდებული ქალებიც ხვდება თვალს. მაშინ, როცა მამაკაცები “ბირჟებზე დიდ საქმეებს არჩევენ,” ქალები ადლერის “კაზაკთა ბაზარში” მიიჩქარიან. ყიდიან ყველაფერს, – ერთ ტომარა ფქვილს, თხილს, ხურმას, მანდარინს, ჭაჭას…”

“საუბრობენ, ძირითადად, რუსულ ენაზე. პატარა ბავშვების უმრავლესობამ, აფხაზურად, სიტყვაც კი არ იცის. სკოლაში ასწავლიან, მაგრამ მალე ავიწყდებათ, რადგან პრაქტიკა არ აქვთ. ოჯახებში, ქუჩაში, დაწესებულებებში, – ყველგან რუსული ისმის.” 

“აფხაზები ძალიან ხმაურიანები არიან. მაგალითად, ჩემი მეზობელი მაკა. დასასვენებლად ჩასულს, ყოველ დილით, უთენია მაღვიძებს მისი განწირული ხმა – ბავშვებს დახოცვით ემუქრება, თუ არ ადგებიან და არ ისაუზმებენ. საღამოს კი კუბოში ჩაწვენას პირდება, თუ ფეხებს არ დაიბანენ და არ დაიძინებენ. გადავირიე, არ მჯეროდა, რომ ამას, შვილებს, დედა ეუბნებოდა. მერე კი გავარკვიე, რომ ეს ტრადიციაა და მაგალითად, “შენ მომოკივდი” და “ეშმაკამდე გზა გქონია” დაახლოებით იგივეა, ადამიანს რომ უთხრა – “გააკეთე ასე, თორემ გავნერვიულდები.” სინამდვილეში, მაკას, ძალიან უყვარს თავისი შვილები. თუ ზღვიდან მოსვლას იგვიანებენ, მეზობლების ჯარის თანხლებით სასწრაფოდ მათ საძებრად გარბის.”

“იყო ერთი ასეთი შემთხვევაც: აფხაზ დედას სახლში მიუყვანეს შვილი, რომელიც მეზობლის საქათმის გადაწვას აპირებდა. ქალმა ისეთი წივილ-კივილი გაუმართა მეზობლებს, იფიქრებდით, სამოქალაქო ომი დაიწებაო, მაგრამ საღამოს, პატარა ბიჭუნა, გვარიანად ნაბეგვი ნახეს. რა თქმა უნდა, დედამ სცემა, მაგრამ არა სხვების დასანახად.”

“აფხაზეთში ძალიან პოპულარულია ბრაზილიური სერიალები. თუ ორი სერია ერთად გადის, ქაუჩაში გასულს, თავი უკაცრიელ კუნძულზე გეგონება. სერიებს შორის 5-წუთიან ინტერვალში ასწრებენ ძროხების მოწველას და ეზოების დაგვას.”

“აფხაზეთში ძალიან ბევრი მიტოვებული სახლია, ძირითადად, ქართველების. რუსებს ძალიანაც სურთ უძრავი ქონების ყიდვა, მაგრამ კანონით ეკრძალებათ. სხვათაშორის, თვალშისაცემია, რომ ეს მიტოვებული და გაძარცული სახლები უფრო ეფექტურად გამოიყურება, ვიდრე თავად აფხაზების. ეზოებში მოჯღანული ტუალეტები დგას. წყალიც, პირდაპირ მდინარეზე აქვთ მიერთებული. კითხვაზე, ჭებს რატომ არ თხრიან, პასუხობენ, ეგ ქართველებს ეხერხებოდათო.”

“სხვათა შორის, აქ, აფხაზურ სოფლებში, ქართველებს არცთუ იშვიათად ახსენებენ. განსაკუთრებით მაშინ, როცა ღვინოზე მიდგება საუბარი: “ჩვენი ღვინო ძმრიკენ მიდის. აი, ღვინის დაყენება ქართველებმა იცოდნენ. ჩვენ ყველაფერს ჭაჭაში ვუშვებთ. არ დაგიმალავენ, რომ ლამაზად გაშენებული ხეხილის ბაღებიც, რომლებიც უპატრონოა, მაგრამ მსხმოიარე, სწორედ ქართველებისაა.”

“ანუ, ყველაფერი კარგი, როგორც დავადგინე, აქ, ქართველების მიერ ყოფილა გაკეთებული. და საერთოდაც, ამბობენ, რომ ქართველების დროს უკეთესად ცხოვრობდნენ.”

http://www.presa.ge/new/?m=politics&AID=7860

 

3 Responses to “• აფხაზეთი დღეს”

  1. ვლადიმირი said

    აფხაზო ძმებო დებო და უხუცესებო, დაფიქრდით, გონს მოდით ვისთვის გაუკეთებია კარგი კრემლში მჯდომ ოკუპანტებს.მე რუს ხალხს პატივს ვცემ მაგრამ კრემლი არის საშინელება, კიდევ გეუბნებით 50 წლის შემდეგ თითზე ჩამოსათვლელი დარჩებით
    თუ კრემლის პოლიტიკას გაყვებით.ჩვენ სულ მალე აღვადგენთ საქართველოში კანონიერებას და ნამდვილად არ გვინდა რომ სხვა და სხვა რესპუბლიკებში გეძებოთ
    პირიქით გვინდა რომ იყოთ ყველანი იქ სადაც დაიბადეთ და გაიზარდეთ.აფხაზი, გურული,აჭარელი,მეგრელი,კახელი,ქართლელი, რაჭველი,იმერელი,ხევსური,მთიული, ფშაველი სამცხე ჯავახელები ყველანი ერთნი ქართველები ვართ და ვიცხოვროთ მშვიდათ სხვა ეთნიკურ უმცირესობასთან ერთად.ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი.
    ეროვნული მოძრაობა ემიგრანტების თავჯდომარე

    Like

  2. Heilos said

    ვლადიმირი

    მართალი ხარ, მაგარამ სანამ ყველა მაგას მიხვდება ვწუხვარ ძალიან გვიანი იქნება. საბოლოოდ გაწკდება ჩვენს შორის კავშირი და ის ულამაზესი მხარე დარჩებათ იმ არაადამიანებს, ვინც აფხაზეთის კონფლიქტი გაითამაშეს.

    Like

  3. jaba melkadze said

    ჩვენ ისე ვმოძღვრავთ აფხაზებს-გონს მოდითო, გეგონება ჩვენ სულ მაცხოვრის ხელებზე ვესვენოთ და ბედნიერებისაგან აღარ ღამდებოდეს საქართველოში! მართალია, აფხაზები დაბრმავდნენ და დაყრუვდნენ და მოძმე საქართველოსთან ყოფნას, იმ სახელმწიფოს მონობა არჩიეს, რომელმაც მათ მოჰაჯირობა მოუწყო, მაგრამ აბა ერთი იმათი თვალითაც შევხედოთ რა ჩვენს თავს! ისინი ლამის ყოველ თვე იმას უყურებენ მასობრივი ინფორმაციის საშუალებით, თუ როგორ გვინგრევენ ეკლესიებს ბულდოზერებით, როგორ ალტობენ რუსთაველს საკუთარი ხალხის სისხლით, როგორ მძლავრად ჰკოცნიან და ეამბორებიან საქართველოს მესვეურნი ამერიკა-იზრაელს უკანალზე, როგორ აქცევენ სოდომიტ-ლესბოსელთა “საბაღნაროდ” უძველეს მართლმადიდებელ ქვეყანას, როგორ ირმის სისწრაფით მიქრიან ფრონტის ხაზიდან, როგორ ახრჩობენ საკუთარ ხალხს “ჰაერის სოჩიკებით” და ასე შემდეგ და დაუსრულებლად…და ყოველივე ამის შემდეგ ჩვენს თავს უფლებას ვაძლევთ ვმოძღვროთ ისინი? ჩვენ რა, რით განვსხვავდებით მათგან? განა ჩვენ ნაცმოძრაობის და აქედან გამომდინარე ამერიკის და მასონური იდეოლოგიის მონები არ ვართ? კარგით რა ხალხო, თავს მაინც ნუ იმასხარავებთ და დიდაქტიკური შარავანდედით შემოსილნი ნუ მოძღვრავთ მათ! საქმე საქმეზე თუ მიდგა და რახან ცოდვა გამხელილი ჯობს იმის თქმასაც გავბედავ, რომ აფხაზეთის მთავრობა ჩვენსას ზნედაცემულობით ძნელად შეედრება! დარწმუნებული ვარ იქ ნინა წკრიალაშვილს, ლესბოსელებს და მამათმავლებს არ აძლევენ ეროვნული გმირის მედლებს! მე რომ შემეძლოს, ჩემს კარ-მიდამოს მე თვითონვე გამოვყოფდი დღევანდელი საქართველოსაგან და იმათი არც მიკვირს! იმათ იმაში ვადანაშაულებ, რომ ეროვნულ ხელისუფლებას-გამსახურდიას უღალატეს და რუსეთს მიეკედლნენ! კი, დაემონნენ რუსეთს და 9 აპრილის სისხლიც მეტწილად აფხაზ ერს ადევს კისრად, რადგან მათთან დაძაბულობას მოყვა ყველაფერი, მარა ჩვენ მათი დამოძღვრით ახლა ისე მოგვდის-ყვავმა ყვავს უთხრა შავი ხარო.აი მორალურად, ზნეობრივად და ეკონომიკურად გამართული სახელმწიფო რომ გვქონდეს და ეროვნული ხელისუფლება გვეჯდეს, მაშინ კი სხვა საქმე იქნებოდა!

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s