Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• პაპასქირი- ცრუ ისტორია

 

 

ზურაბ პაპასქირი,

ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი

 

 

ც რ უ   ი ს ტ ო რ ი ა

რეცენზია ოლეგ ბღაჟბას და სტანისლავ ლაკობას

“აფხაზეთის ისტორიის” სახელმძღვანელოზე

 

2006 წ. სოხუმში გამოვიდა . ბღაჟბასა და . ლაკობას წიგნი აფხაზეთის ისტორია, უძველესი დროიდან დღემდე. წიგნი დამტკიცებულია 10-11 კლასების სახელმძღვანელოდ აფხაზეთის სეპარატისტული ხელისუფლების განათლების სამინისტროს მიერ.[1] მოგვიანებით, 2007 წელს კი, გამოვიდა ამ წიგნის უკვე ფართო მკითხველი საზოგადოებისათვის განკუთვნილი ვარიანტი,[2] რომლის ტექსტი პრაქტიკულად იდენტურია.

ორივე ავტორი სამეცნიერო წრეებში კარგად არის ცნობილი. ოლეგ ბღაჟბა – არქეოლოგი, იკვლევს აფხაზეთის ძველი და შუა საუკუნეების ხანის არქეოლოგიას. სტანისლავ ლაკობა აფხაზეთის XIX-XX საუკუნეების ისტორიის მკვლევარია, ის იყო სულის ჩამდგმელი და რედაქტორი 1991 წ. სოხუმში გამოცემული აფხაზეთის ისტორიის ე.წ. დამხმარე სახელმძღვანელოსი[3] (ამ წიგნის ავტორთა შორის ო. ბღაჟბაცაა) ამ ბოლო დრომდე აქტიურად მოღვაწეობდა პოლიტიკურ ასპარეზზე – ეკავა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობა.

პირველი რაც თვალში საცემია აფხაზეთის ისტორიის ე.წ. სასკოლო სახელმძღვანელოში ესაა ავტორთა მცდელობა, რადაც არ უნდა დაუჯდეთ, ჩამოაცილონ აფხაზეთი და აფხაზობა საერთოქართულ ეთნო-კულტურულ და პოლიტიკურ სახელმწიფოებრივ სამყაროს და რეგიონის ისტორიული წარსული საერთო-ქართული ისტორიისაგან სრულიად მოწყვეტით წარმოაჩინონ. ვის არ ნახავთ აფხაზეთის ისტორიის ბღაჟბა-ლაკობასეულ ვერსიაში: პროტოხეთებს, ძველ ბერძნებს, რომაელებს, ბიზანტიას, გოთებს, სომხებს, ხაზარებს, ოსებს, რომ არაფერი ვთქვათ თურქებსა და რუსებზე. მხოლოდ ქართველებისათვის და საქართველოსათვის არ დარჩა ადგილი მასში. ერთადერთი პერიოდი, რომელსაც ვერ აუარეს გვერდი სახელმძღვანელოს ავტორებმა XI-XIII ს. პირველი ნახევარია, როდესაც მათი მტკიცებით არსებობდა ერთიანი ქართულ-აფხაზური სახელმწიფო – ე.წ. “Царство абхазов и картлийцев”.

უაღრესად ტენდენციურია ავტორთა მსჯელობა აფხაზთა ეთნოგენეზზე. წიგნში აღნიშნულია, რომ აფხაზურ-ადიღური ენების ჯგუფი აღმოსავლურ კავკასიურ (ვაინახურ და დაღესტნის) ენებს ენათესავება და ორივე ეს ჯგუფი კავკასიურ ენათა ოჯახს ქმნის. ამასთან, ავტორები შეგნებულად უმალავენ მკითხველს, რომ მეცნიერებაში (მათ შორის, აფხაზ მკვლევართა შორისაც) ამ ბოლო დრომდე სრულიად ურყევი იყო თვალსაზრისი კავკასიურ ენათა ერთიანი ოჯახის შესახებ, რომელიც იბერიულკავკასიურ ენათა ოჯახის სახელითაა ცნობილი და რომელშიც ქართველური, აფხაზურ-ადიღეური და ვაინახურ-დაღესტნური ენები იგულისხმება. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბოლო დროს, მიმდინარეობს ამ მოსაზრების ერთგვარი რევიზია და მკვლევართა ერთი ნაწილი (გ. მაჭავარიანი, ი. დიაკონოვი, თ. გამყრელიძე, ს. ნიკოლაევი და ს. სტაროსტინი, ჰ. ფენრიხი) ამჟამად ფაქტობრივად უარყოფს ქართვე-ლური ენების გენეტიკურ ერთობას ჩრდილო კავკასიურ ენებთან, ჯერ-ჯერობით ეს საკითხი საბოლოოდ სულაც არაა გადაწყვეტილი და ასე ხელაღებით კავკასიურ ენათა ოჯახიდან ქართველურის ამოგდება და იბერიულ-კავკასიური ენობრივი ერთობის უარყოფა რბილად რომ ვთქვათ ნაჩქარევია. რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ ავტორებს ჯიუტად არ სურთ ქართულთან რაიმე სიახლოვის აღიარება ან, უბრალოდ, ტერმინ “იბერიულის” გამოყენება.

ცალმხრივი და სუბიექტურია მსჯელობა დასავლეთ კავკასიის ძველი მოსახლეობის ეთნო-კულტურულ კავშირებზე მცირე და წინა აზიის ხალხებთან, ძველი აღმოსავლეთის ცივილიზაციებთან, რომლის ერთ-ერთ დადასტურებად მიაჩნიათ “მაიკოპისა” და “ეშერის” ეპიგრაფიკული ძეგლები. ამასთან დაკავშირებით, აქცენტი კეთდება ე. წ. მაიკოპის ფილის “მონაცემებზე” (გვ. 4-5), რომელიც სენსაციების მოყვარულმა ლენინგრადელმა მეცნიერმა გ. ტურჩანინოვმა კავკასიის უძველეს დამწერლობად მიიჩნია და თანამედროვე აფხაზური ენის საფუძველზე “გაშიფრა”. მკვლევარმა “მაიკოპის ფილა” ძვ.წ. XIII საუკუნით დაათარიღა (მოგვიანებით – XXს. 80-იან წლებში გ. ტურჩანინოვმა “მაიკოპის წარწერა” სულ ცოტა 1000 წლით დააძველა). მისი შორსმიმავალი დასკვნით, მსოფლოში უძველესად მიჩნეული ფინიკიური ანბანური დამწერლობა აფხაზური წარმოშობისაა და მის შექმნაში თურმე ძველ აფხაზ ტომებს მიუძღვით წვლილი.

აღსანიშნავია, რომ, თავის დროზე, ძველი აღმოსავლეთისა და კავკასიის ისტორიის კომპეტენტურმა სპეციალისტებმა, არქეოლოგებმა, ისტორიკოსებმა, ლინგვისტებმა – ე. კრუპნოვმა, ი. დიაკონოვმა, პ. აუტლევმა, ლ. ლავროვმა, ნ. ლომოურმა, გ. ლორთქიფანიძემ, თ. გამყრელიძემ, გრ. გიორგაძემ და სხვ. დამაჯერებლად აჩვენეს გ. ტურჩანინოვის “თეორიის” აბსურდულობა და ის მთლიანად ავტორის ფანტაზიის ნაყოფად გამოაცხადეს.

რაც შეეხება ძვ.წ. I ათასწლეულში ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთში მოსახლე ტომების ეთნიკურ ვინაობას, ამ საკითხის გარკვევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს უძველეს წერილობით ინფორმაციას, რომლიც მოგვეპოვება ანტიკური ხანის ბერძენი ავტორების: ჰეკატაიოს მილეტელის (ძვ.წ. VIს.), ფსევდო სქილაკს კარიანდელის (ძვ.წ. IVს.) თხზულებებში, რომელთა მიხედვითაც ძვ.წ. I ათასწლეულში ჩრდილო-დასავლეთ კოლხეთის ანუ თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორია – როგორც მთისწინა რეგიონი, ისე ზღვისპირა ზოლი – მაინცდამაინც დასავლურ-ქართველურ ტომებს: კოლებს, კორაქსებს, კოლხებს (შესაძლოა, “მოსხ”-მესხებსაც) ეკავათ. თუნდაც, რომ შემოგვედავონ კოლებისა და კორაქსების ქართველურობაში, რა ვუყოთ კოლხებს, თვით ო. ბღაჟბასა და ს. ლაკობას აღიარებით “древнекартвельские племена”-ს (გვ. 63), რომლებსაც ზემოთ ნახსენები ფსევდო სქილაკს კარიანდელის უაღრესად სანდო ცნობით ეკავათ ტერიტორია დიოსკურიიდან (დღევანდელი სოხუმი) მდ. აფსაროსამდე (მდ. ჭოროხი).[4]

ჰენიოხები ერთმნიშვნელოვნად გამოცხადებული არიან აფხაზურ ტომებად, რომელთაც, ძვ.წ. I ათასწლეულში, თურმე, არც მეტი არც ნაკლები “почти всё Западное Закавказье и прилегающие области” (გვ. 68, ხაზგასმა ჩვენია – ..) ეკავათ. აქ არ შეიძლება არ დაგებადოს სრულიად ბუნებრივი კითხვა: თუ მთელი დასავლეთი ამიერკავკასია “აფხაზ”-ჰენიოხებით იყო დასახლებული, ძველმა ბერძნებმა რატომ დაარქვეს ამ მხარეს მაინცდამაინც “კოლხეთი” და არა დავუშვათ “ჰენიოხეთი”.

“სახელმძღვანელოში” ასევე უპირობოდ ძველ აფხაზურ ტომებადაა გამოცხადებული “სანიგები”, (გვ. 95) ო. ბღაჟბასა და ს. ლაკობას ამ მტკიცებას (ეს თვალსაზრისი სათავეს ზ. ანჩაბაძიდან იღებს და თავის დროზე მას მხარს შ. ინალიფა უჭერდა, ამჟამად კი სანიგთა ეთნიკური წარმომავლობის დაცვით გ. ანჩაბაძე გამოდის) მთლიანად აქარწყლებს ის გარემოება, რომ ეთნონიმ “სანიგში” “ადვილად გამოიყოფა ძირი სანი, რომელიც სრულიად კანონზომიერად ბერძნულად გადმოსცემს სახელწოდებას ჭანი”, რაც უდავოდ ამ ტომის მეგრულ-ჭანურ წარმომავლობაზე მეტყველებს (ნ. ლომოური). მხედველობაშია მისაღები აგრეთვე, დიოსკურიასებასტოპოლისის უძველესი ქართული სახელწოდება “ცხუმიც”, რომელსაც, როგორც ცნობილია, ახსნა მხოლოდ ქართულ ენობრივ სამყაროში (სვანურად “რცხილა”) ეძებნება. დაბეჯითებით შეიძლება იმის მტკიცება, რომ დიოსკურია-სებასტოპოლისის, რომელიც ახ.წ. IIს. ავტორის ფლავიუს არიანეს თითქმის დოკუმენტური განმარტებით, სანიგთა განსახლების ფარგლებში იყო, სვანური (შესაძლოა, მეგრული; შეად. მეგრული “ცხიმური”, ან “თხუმუ”) სახელწოდება შეიძლებოდა გაჩენილიყო მხოლოდ ახ.წ. I ს. წინარე ხანაში, როდესაც ძველი ბერძენი გეოგრაფოსის სტრაბონის, ჩვენი აზრით, მეტად სანდო ცნობის თანახმად, დიოსკურია-სებასტოპოლისის მიდამოებში ზემოთ კავკასიონის მწვერვალები ეპყრათ სვანებს. ხოლო მეორე არანაკლებ კომპეტენტური ბერძენი გეოგრაფოსის, კლავდიუს პტოლემაიოსის (ახ.წ. IIს.) ცნობით, “კოლხეთის ჩრდილოეთ საზღვართან, დიოსკურიის ჩრდილო-დასავლეთით, მდ. ბზიფის (პტოლემაიოსის კორაქსი) გასწვრივ” უნდა ეცხოვრათ “სუანო-კოლხებს”, რომელთა სახელწოდებაც მკვლევართა (ნ. ლომოური) ავტორიტეტული დასკვნით, უდავოდ მეტყველებს “მათ შერეულ, სვანურ-კოლხურ” წარმომავლობაზე.[5]

სრულიად არასწორად ესმით “სახელმძღვანელოს” ავტორებს აფხაზებში ქრისტიანობის გავრცელების ისტორია. მათი მტკიცებით VIს. შუა ხანებისათვის დასრულდა აფხაზების გაქრისტიანების პროცესი, რასაც თითქოს ხელი შეუწყო ენობრივი ბარიერის შესუსტებამ, ვინაიდან ამ პერიოდში “среди местного населения … многие прекрасно изияснялись … по гречески”. გარდა ამისა, ავტორთა აზრით, ამ პროცესს აჩქარებდა ისიც, რომ ამ დროს, მართალია, არა ღვთისმსახურება, მაგრამ ქადაგება შეიძლება მიმდინარეობდა აფხაზურადაც (გვ. 115). საინტერესოა, თუ აფხაზობა VI საუკუნეში ასე ინტენსიურად ეწაფებოდა ქრისტეს მოძღვრებას თავის მშობლიურ ენაზეც კი, როგორ მოხდა, რომ, პოლიტიკური აღზევების ფონზე, მან ვერ შეძლო ქრისტიანობის ეროვნულ ნადაგზე საბოლოოდ მოქცევა, საეკლესიო ღვთისმსახურების აფხაზურ ენაზე გადაყვანა და ეროვნული ქრისტიანული წიგნიერების შექმნა, რაც ადრეულ შუა საუკუნეებში მოახერხეს ქართველებმა, სომხებმა სლავებმა და ა.შ.? ან რამ აიძულა “აფხაზთა” სამეფოს მესვეურები, რომლებმაც იმთავითვე განაცხადეს პრეტენზია საერთო-ქართულ სამყაროში პოლიტიკურ ჰეგემონობაზე, თავიანთი “აფხაზური ნაციონალური სახელმწიფოს” ოფიციალური საქმის წარმოებისა და ქრისტიანული ღვთისმსახურების ენად მაიმცდამაინც ქართული ექციათ? რასაკვირველია, ყოველივე ამაზე “სახელმძღვანელოს” ავტორები პასუხის გაცემას არც კი ცდილობენ. არადა, ამის ახსნა სულაც არაა ძნელი.

ჩვენ, ამჯერად მოვერიდებით იმის ახსნას, თუ რატომ იყო აფხაზეთის ერისთავის ლეონ II-ის მიერ VIIIს. მიწურულს შექმნილი ე.წ. “აფხაზთა” სამეფო იმთავითვე არა აფხაზური “ნაციონალური სახელმწიფო”, არამედ ისეთივე წმინდა ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი გაერთიანება, როგორიცაა ბაგრატოვანთა “ქართველთა” სამეფო ტაო-კლარჯეთში (ეს პრობლემა დიდი ხანია გადაწყვეტილია ისტორიოგრაფიაში, მათ შორის, გამოჩენილი აფხაზი ისტორიკოსის ზურაბ ანჩაბაძის შრომებში), მაგრამ მცირე კომენტარს მაინც გავაკეთებთ. ის ფაქტი, რომ ლეონ II-მ თავის თავს “აფხაზთა” მეფე უწოდა, ხოლო აქედან გამომდინარე, მის სახელმწიფოსაც “აფხაზთა” სამეფო ანუ “აფხაზეთი” დაერქვა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ “აფხაზეთის ერისთავმა” მოახდინა ეგრისის ანექსია, შეუერთა ის “თავის” აფხაზეთს და შექმნა ახალი აფსუა-აფხაზთა ნაციონალური სახელწიფო, რომელსაც თითქოს არაფერი არ აკავშირებდა ქართულ სახელმწიფოებრიობასთან, როგორც ეს წარმოუდგენიათ სეპარატისტულად განწყობილ აფხაზ მკვლევრებს, მათ შორის, ო. ბღაჟბასა და ს. ლაკობას.

თუ ე.წ. “აფხაზური” დინასტია ისტორიული ლაზიკა-ეგრისის სამეფოში მართლაც მოვიდა, როგორც “გარეშე დამპყრობელი”, რომელმაც ძალით დაიკავა მეზობელი ქვეყნის ტერიტორია და იქაურ ქართულ მოსახლეობას თავს მოახვია მისთვის “უცხო” აფხაზურ-აფსუური სახელმწიფოებრიობა, მაშინ სრულიად გაუგებარი რჩება, რატომ მიიღო შუა საუკუნეების ქართულმა საზოგადოებრივ-პოლიტიკურმა ცნობიერებამ “აგრესიის” ეს ფაქტი ასე მშვიდად და უმტკივნეულოდ? ხომ საყოველთაოდ ცნობილია (ამისთვის ძველი ქართული ლიტერატურული ძეგლების ზედაპირული გაცნობაც კი კმარა), თუ როგორ მოწიწებასა და კეთილგანწყობას ამჟღავნებს ე.წ. “აფხაზური” დინასტიის წარმომადგენლების მიმართ უკლებლივ ყველა ქართველი მწერალი და მემატიანე, რომელსაც ოდნავი შეხება მაინც ჰქონია “აფხაზ” მეფეებთან. ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც მატიანე ქართლისაჲ წოდებული ქრონიკა, რომელიც ფაქტობრივად წარმოადგენს ერთადერთ წერილობით წყაროს, რომელშიც გადმოცემულია “აფხაზთა” სამეფოს მეტნაკლებად სრული ისტორია. განა ვინმე შეიძლება დაეჭვდეს იმაში, რომ მატიანე ქართლისაჲ, გაერთიანებული საქართველოს სამეფო კარზე შექმნილი (XIს. 70-იანი წლები) თხზულება, რომელიც მთლიანად ქართული ეროვნულ-სახელმწიფოებრივი, ხაზს ვუსვამთ – ქართული (და არა აფსუურ–აფხაზური), კონიუნქტურის ამსახველი ნაწარმოებია, დაუშვებდა იმ “აფხაზ” მეფეთა “ქებათა-ქებას”, რომლებიც ჩვენი აფხაზი კოლეგების სრულიად უსაფუძვლო მტკიცებით, თურმე კი არ აერთიანებდნენ საქართველოს, არამედ, არც მეტი, არც ნაკლები, იპყრობდნენ მას.

ერთადერთი ახსნა ქართველ მწერალთა და მემატიანეთა ლოიალობისა და კეთილგანწყობისა “აფხაზი” მეფეების ე.წ “დამპყრობლური” პოლიტიკისადმი შეიძლება ვეძიოთ მხოლოდ იმაში, რომ ისინი მათში “უცხოელ დამპყრობლებს” კი არ ხედავდნენ, არამედ ისეთივე ქართველ ლიდერებს, როგორადაც მიაჩნდათ, მაგალითად, ბაგრატიონთა დინასტიის წარმომადგენლები. შუა საუკუნეების ქართული საზოგადოებრიობა “აფხაზთა” სამეფოს ცალსახად განიხილავდა, როგორც საერთო ქართული კულტურულ-პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი სამყაროს ნაწილს, რომელშიც დაწინაურდა ე.წ. “აფხაზური” დინასტია.[6]

არანაკლებ დამახინჯებულადაა გაშუქებული XI-XII საუკუნეების ისტორია. კერძოდ, ავტორები სრულიად არასწორ ინფორმაციას აწვდიან მკითხველს თითქოს გაერთიანებული საქართველოს შემადგენლობაში ბაგრატ IV-ის (1027-1072 წწ.) დროს აფხაზურ სეპარატიზმს ჰქონდა ადგილი (გვ. 161). სრული კატეგორიულობით შეიძლება განვაცხადოთ, რომ წყაროებში არ მოგვეპოვება ოდნავი მინიშნებაც კი აფხაზი ფეოდალების ანტისამთავრობო, მით უფრო სეპარატისტულ განწყობილებებზე, რომლებიც თითქოს უკმაყოფილონი იყვნენ “აფხაზთა” სამეფოს ე.წ. “გაუქმებით”, როგორც ამას ფიქრობდა თავის დროზე შ. ინალ-იფა. ჯერ ერთი, 978წ. “აფხაზთა” სამეფოს არანაირ გაუქმებას არ ჰქონია ადგილი (არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ აღნიშნული სამეფო, მისი წარმოქმნის დღიდანვე იყო არა საკუთრივ ეთნიკურ აფხაზთა /აფსუათა/ “ნაციონალური” სახელმწიფო, არამედ ქართული პოლიტიკური გაერთიანება), ამდენად საკითხის ასე დაყენება საფუძველშივე მცდარია. მეორეც, პრაქტიკულად ყველა ანტისამთავრობო გამოსვლა, რომელსაც ადგილი ჰქონდა XI-XII საუკუნეებში, როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში, მიზნად ისახავდა არა რომელიმე მხარის საქართველოს სახელმწიფოსაგან მოწყვეტას, არამედ ამა თუ იმ მონარქის ჩამოგდებას და სამეფო ტახტზე ამბოხებულთათვის სასურველი პრეტედენტის დასმას. როგორც სავსებით სამართლიანად ასკვნიდა აკად. ნ. ბერძენიშვილი, მოცემულ პერიოდში, ფეოდალური ოპოზიციის მთავარ მიზანს სამეფო კარზე თავისი გავლენის განმტკიცება, პოლიტიკური კურსის კონკრეტული მიმართულებით შეცვლა წარმოადგენდა.

ასე იყო დემეტრე უფლისწულის ამბოხების დროსაც, როდესაც ეს უკანასკნელი შეეცადა ბიზანტიის დახმარებით ჩამოეგდო ტახტიდან თავისი გვირგვინოსანი ნახევარძმა ბაგრატ IV. მართალია, ამ მოვლენის გაშუქებისას მატიანე ქართლისაჲს ავტორი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი აზნაური მხარს უჭერდა ანაკოფიაში გამაგრებულ უფლისწულს (XIს. 30-იანი წლების დამდეგი), მაგრამ არა გვაქვს არავითარი საფუძველი მივიჩნიოთ ისინი მაინც და მაინც ეთნიკურ აფხაზებად, მით უფრო გამოვაცხადოთ ეს გამოსვლა აფხაზ ფეოდალთა სეპარატისტულ ამბოხად, როგორც ამას აკეთებდა ზ. ანჩაბაძე.[7] მატიანე ქართლისაჲს (ფაქტობრივად ერთადერთი წყაროს, რომელიც გვაწდვის ინფორმაციას ამ დაპირისპირების შესახებ) მასალების ზერელე გადათვალიერებაც კი საკმარისია, დავასკვნათ, რომ დემეტრე უფლისწულის მომხრეები იბრძოდნენ არა საქართველოს სახელმწიფოსაგან რომელიმე ოლქის გამოყოფისათვის, არამედ თავიანთი პრეტენდენტის ერთიანი ქართული მონარქიის სათავეში მოსაყვანად. ე.ი ამ შემთხვევაში სახეზეა სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა, რომელშიც სულაც არ იყო აუცილებელი მხოლოდ აფხაზ (ეთნიკურად) აზნაურთა მონაწილეობა. უფრო მეტიც, როგორც შემდგომმა (XIს. 40-იანი წლების) მოვლენებმა ცხადყვეს, დემეტრე უფლისწულის გამეფებას ძირითადად მხარს უჭერდა ფეოდალური ოპოზიცია აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოდან. მაშინ როდესაც ბაგრატ მეფე, შეიძლება ითქვას, მთლიანად აკონტროლებდა სიტუაციას დასავლეთ საქართველოში,[8] მათ შორის თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზეც, რასაკვირველია, ანაკოფიის გამოკლებით, რომელიც ჯერ კიდევ XIს. 30-იან წლებში გადასცა ბიზანტიის იმპერიას კონსტანტი-ნოპოლში გაქცეულმა მეამბოხე უფლისწულმა. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ XIს. 40-იან წლებში ანაკოფიის ციხის განთავისუფლება ბაგრატ IV-მ დაავალა “აფხაზეთის ლაშქარს” ოთაღო ჭაჭას-ძის (სავარაუდოდ აფხაზეთის საერისთავოს ხელმ-ძღვანელის) მეთაურობით, რომელსაც, ზოგიერთი მკვლევარი (შ. ინალ-იფა) ლამის შარვაშიძეთა – მოგვიანებით აფხაზეთის მმართველი საგვარეულოს – მამამთავრად მოიაზრებს, მაშინ საუბარი მოცემულ პერიოდში აფხაზების მხრიდან რაიმე სეპარატისტული ქმედებების შესახებ აბსოლუტურად უსაფუძვლოა.

“აფხაზთა” სამეფოსა და XI-XIIსს. ერთიანი ქართული სახელმწიფოს ისტორიის გაშუქებისას არაერთ ზღაპარს შევხვდებით, რომელთაგან განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს “სახელმძღვანელოს” ავტორთა ფანტაზიები ლეონ II-ის პიროვნების ფორმირებაში მისი ხაზარი დედის განსაკუთრებულ როლზე, რომლის შედეგადაც თითქოს ლეონი “был менее подвержен христианству” (გვ. 132). ან რად ღირს “ხმამაღალი განცხადება” იმის შესახებ, რომ “абхазы и хазары … создали в своё время могущественные раннефеодальные государства, которые противостояли арабам и остановили их продвижение в Европу; одного этого достаточно, чтобы обеспечить этим народам прочное и достойное место на страницах всемирной истории” (გვ. 133). თავი რომ დავანებოთ იმას, რომ თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე არაბებზე მოპოვებული ყველაზე დიდი გამარჯვების (ანაკოფიის ბრძოლა) მთავარი შემოქმედნი, რატომღაც ქართლის ერისმთავრები მირი და არჩილი იყვნენ (როგორც ცნობილია, აფხაზეთის ერისთავ ლეონს ბრძოლაში უშუალო მონაწილეობა არც კი მიუღია, თუმცა აფხაზთა 2000-იანი რაზმი აქ იბრძოდა), კავკასიისათვის ხაზარ-არაბთა დაპირისპირებაში საბოლოოდ ხაზარები გამარჯვებულები ნამდვილად არ ყოფილან. აქვე გვინდა მოვუწოდოთ ჩვენს აფხაზ კოლეგებს, რომ “აფხაზთა” სამეფოს ეროვნულ-სახელმწიფოებრივ იერ-სახეზე მსჯელობისას თუ ქართულ ისტიოგრაფიას (რომლის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენელი აფხაზი ზურაბ ანჩაბაძეც იყო) არა, ანგარიში გაუწიონ კავკასიის (ასევე ხაზარების) ისტორიის ისეთ კომპეტენტურ მკვლევარს, როგორიც იყო გამოჩენილი რუსი აღმოსავლეთმცოდნე ანატოლი ნოვოსელცევი, რომელიც “აფხაზთა” სამეფოს ერთნიშნად მიიჩნევდა ქართულ პოლიტიკურ გაერთიანებად. მისი განმარტებით “აფხაზთა” სამეფო “в IX в. (после переноса центра „в Западную Грузию“) стало, по сути дела, западногрузинским государством, игравшим важную роль в истории Грузии“.[9]

ასევე ზღაპარია აგრეთვე მტკიცება იმის შესახებ, რომ IX ს. 80-იანი წლებიდან “нарастает соперничество” აფსუა-აფხაზურ აფხაზეთის სამეფოსა და ბაგრატუნთა სომხეთის სამეფოს შორის “из за княжества Картли” (გვ. 143). სინამდვილეში კი ამ დროიდან ახალ ფაზაში შედის ბრძოლა ქართლის მეფეთა და ერისმთავართა დომენად მიჩნეულ შიდა ქართლის (და არა არარსებული “ქართლის სამთავროს”) ხელში ჩასაგდებად, რომელშიც “აფხაზთა” მეფეებთან და “ქართველთა” სამეფოს ბაგრატიონ ლიდერებთან ერთად, ამჯერად აქტიურად ჩაერთო ანისის სამეფო ტახტიც. სწორედ ამ შიდა ქართლის (და არა ისტორიული ქართლის) მმართველი იყო X ს. 70-იანი წლების მიწურულს გურანდუხტ დედოფალი – ძლევამოსილი “აფხაზთა” მეფის გიორგი II-ის (922-957) ასული, “ქართველთა” მეფის ბაგრატ II-ის (958-994) ვაჟის გურგენ ბაგრატიონის თანამეცხედრე, გაერთიანებული საქართველოს პირველი მეფის ბაგრატ III ბაგრატიონის დედა. ამასთან, აბსოლუტურად მცდარია აზრი იმის შესახებ თითქოს გურანდუხტი “в первые становится правителницей Картли” (გვ. 147 ხაზგასმა ჩვენია – ..). გურანდუხტი სულაც არ იყო “ქართლის” პირველი “აფხაზი” მმართველი. მანამდე შიდა ქართლში ქუთაისის ტახტის ხელისუფლებას ახორციელებდნენ სხვა “აფხაზი” უფლისწულები, პირველ რიგში სამეფო ტახტის მემკვიდრეები, რომელთაგან განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ გურანდუხტ დედოფლის ძმები: კონსტანტინე და ლეონი.

აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ სულ ტყუილად მიაჩნიათ “სახელმძღვანელოს” ავტორებს გურანდუხტ დედოფალი თავისი ვაჟის – ბაგრატ “აფხაზთა” მეფის ცენტრალიზატორული კურსის აქტიურ მხარდამჭერად და ერთიანი “Царство абхазов и картлийцев”-ის შექმნის მებაირახტრედ. პირიქით, ყველა მონაცემით, გურანდუხტ დედოფალი (რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა მოეჩვენოს ეს ვინმეს) სწორედ რომ ქუთაისის ტახტის ტრადიციულ მოწინააღმდეგე ქართლის აზნაურთა კრეატურა იყო და შიდა ქართლში ადგილობრივ სეპარატისტულ ხელისუფლებას განასახიერებდა. ამიტომაც იყო, რომ, როდესაც X ს. 80-იანი წლების დამდეგს ბაგრატ “აფხაზთა” მეფემ ჩაახშო ქართლის აზნაურთა მორიგი ამბოხი, მიზანშეწონილად ჩათვალა ეს რეგიონი დედისათვის ჩამოერთმია და ეს უკანასკნელი აქაურობისთვის საერთოდ მოეშორებინა. ეს საკითხი დიდი ხანია გარკვეულია საისტორიო მეცნიერებაში[10] და დასანანია, რომ “სახელმძღვანელოს” ავტორები დღემდე სრულ ისტორიოგრაფიულ ბურანში იმყოფებიან.

მორიგი ზღაპარი, რომელსაც აწვდიან “სახელმძღვანელოს” ავტორები მკითხველს, არის მტკიცება იმის შესახებ თითქოს თამარის ეპოქაში ადგილი ჰქონოდეს ცხუმისა და ბედიის საერისთავოების გაერთიანებას თანაც იმ მოტივით, რომ ორივე ამ საერისთავოს მოსახლეობა იყო ეთნიკურად ერთფეროვანი – აფხაზურ-აფსუური (გვ. 150). ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, საქმე გვაქვს ზ. ანჩაბაძის მოძველებული თვალსაზრისის დამახინჯებულ ინტერპრეტაციასთან. ამ უკანასკნელის აზრით თამარის ეპოქაში მოხდა ცხუმისა და აფხაზეთის საერისთავოების (და არა ცხუმისა და ბედიის, როგორც წერენ ო. ბღაჟბა და ს. ლაკობა) შერწყმა, რაც თითქოს ეთნო-ტომობრივი ფაქტორით იყო განპირობებული, ანუ იმით, თითქოს იმჟამად ორივე საერისთავოს – აფხაზეთისა და ცხუმის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ეთნიკურად ერთგვაროვანი აფხაზური (აფსუური) ტომები. მაგრამ აგერ უკვე თითქმის ნახევარი საუკუნეა, რაც ზ. ანჩაბაძის ეს დასკვნა გადაისინჯა და თამარ მეფის პირველი ისტორიკოსის თხზულების უფრო სრული ტექსტოლოგიური შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ თამარის დროს აფხაზეთისა და ცხუმის საერისთავოების არავითარ გაერთიანებას ადგილი არ ჰქონია.[11] ამდენად, ზემოაღნიშნული საერისთავოების მოსახლეობის ეთნიკური ერთგვაროვნების საკითხი უნდა მოიხსნას.

“აფხაზთა” სამეფოსა და XI-XII სს. ერთიანი ქართული სახელმწიფოზე მსჯელობისას ო. ბღაჟბასა და ს. ლაკობას ნაცოდვილარში ვხვდებით კიდევ ერთ მოძველებულ ზღაპარს, რომლისაც სეპარატისტულად განწყობილ აფხაზ ისტორიკოსთა და პოლიტიკოსთა გარდა უკვე ნამდვილად არავის არ სჯერა. ესაა ე.წ. “ობეზების” ყბადაღებული თემა. როგორც ცნობილია, ძველ რუსულ მატიანეებსა და ზოგიერთ სხვა წერილობით ძეგლში XI-XII საუკუნეების საქართველოს სახელმწიფოს მხოლოდ ერთი სახელწოდებით _ „Обези“ (“აბაზას” ძველი რუსული ფორმა, იგივე “აფხაზეთი”) იცნობენ. თავის დროზე, ზოგიერთმა რუსმა და აფხაზმა მკვლევარმა (მ. სკრიპილი, შ. ინალ-იფა და სხვ.) სცადა რუსული წყაროების „Обези“, გაეაზრებინა, როგორც საკუთრივ აფხაზეთი (დღევანდელი გაგებით). მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხზე გაკეთდა არაერთი სრულიად დამაჯერებელი კომენტარი, ზოგიერთი აფხაზი მკვლევარი ჯიუტად განაგრძობს ამ თემით სპეკულირებას (ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ა. პაპასკირი, რომლის “მეცნიერული აბდა-უბდა”, თავის დროზე, გააცამტვერა თვით ჩვენს მიერ ზემოთ უკვე არაერთხელ ნახსენებმა გამოჩენილმა აფხაზმა ისტორიკოსმა ზ. ანჩაბაძემ). ამის გამოვლინებაა “სახელმძღვანელოს” ავტორების მხრიდან იმის მტ-კიცება, რომ ძველი რუსული მატიანის ცნობაში „Обези“-ს მეფის ასულზე იზიასლავ მსტისლავის ძის (კიევის დიდი მთავარი 1146-1154 წლებში) დაქორწინების შესახებ, უპირობოდ ნაგულისხმევია აფხაზ-აბაზინების მთავრის ასული და, რომ კიევ-პეჩორის მთავარი ტაძრის მომხატველი ოსტატები „Обези“-იდან იყვნენ აფხაზ-აბაზინები (გვ. 171).

ისტორიოგრაფიაში, მათ შორის, წამყვან რუს (აკად. მ. ტიხომიროვი[12]) და უკრაინელ (მ. კოტლიარი[13]) მეცნიერთა ნაშრომებში სავსებით ნათლად და არგუმენტირებულადაა ნაჩვენები სრული უსუსურობა და აბსურდულობა აფხაზ ავტორთა მცდელობისა ძველი რუსული მწერლობის ძეგლების „Обези“, „Обежанин“-ში იგულისხმონ ამჟამინდელი “აფხაზეთი” და “აფხაზები”. მთელი კატეგორიულობით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ დღეისათვის ცნობილ უკლებლივ ყველა ძველ რუსულ ძეგლში ტერმინ „Обези“-ს ქვეშ მოიაზრება “აფხაზეთი” და “აფხაზები” მხოლოდ ფართო გაგებით, ანუ ერთიანი ქართული სახელმწიფო და მისი მოსახლეობა.[14]

ასევე უაღრესად ტენდენციური და მეცნიერულად სრულიად უსუსურია “სახელმ-ძღვანელოს” ავტორთა მცდელობა თანამედროვე აფხაზეთის მატერიალური კულტურა შუა საკუნეებში მთლიანად მოწყვიტონ დანარჩენ საქართველოს. საუბრობენ აფხაზეთის ქრისტიანული ხუროთმოძღვრების ძეგლებზე ბიზანტიური სკოლის გავლენაზე (გვ. 200), და უაპელაციოდ მიაკუთვნებენ მათ მითიურ “აფხაზურ-ალანურ სკოლას” (გვ. 137, 200). არადა საკუთრივ აფხაზეთს, რომ თავი დავანებოთ, იმავე ალანიაოსეთი მოფენილია ქართული ქრისტიანული ეკლესია-მონასტრებით, რომელთა უმრავლესობის აგებას თვით ოსები თამარ მეფეს მიაწერენ, თუმცა, როგორც სავსებით სამართლიანად მიუთითებდა, თავის დროზე, ალანია-ოსეთის სიძველეების აღიარებული მკვლევარი ვ. პფაფი, ასეთი რაოდენობის ეკლესია-მონასტერი წარმოუდგენელია, რომ მხოლოდ თამარის მეფობის ჟამს აეგოთ.[15] დროა, ბოლოს და ბოლოს ყველამ გაიგოს, რომ შუა საუკუნეებში არავითარი საკუთრივ აფხაზური ნაციონალური ცივილიზაცია აფხაზური არქიტექტურული სტილითა და ფრესკული ფერწერით არ არსებობდა და რომ დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორია მთლიანად საერთოქართული ქრისტიანული სამყაროს ორგანული ნაწილი იყო.

ამიტომაცაა, რომ 1300 წ. გადაწერილი ე.წ. “მოქვის სახარება”, რომლითაც, სხვათა შორის, თავს იწონებენ “სახელმძღვანელოს” ავტორები (გვ. 197), ქართული წიგნიერების ნიმუშია და არა აფხაზურ-აფსუურის. ამიტომაცაა, რომ ე.წ. “აფხაზეთის” საკათოლიკოსოს – ქართული (და არა აფხაზურ-აფსუური) საეკლესიო ორგანიზაციის (რომლის იურისდიქცია მთელ დასავლეთ საქართველოზე ვრცელდებოდა) საჭეთმპყრობლის რეზიდენცია (სულ ცოტა XVI ს. შუა ხანებამდე) იყო ბიჭვინთაში. ამიტომაცაა, რომ მიუხედავად გვიან შუა საუკუნეებში მომხდარი ეთნო-დემოგრაფიულ ცვლილებებისა, რომელიც გამოწვეული იყო განვითარების დაბალ სტადიაზე მყოფ მთიელ ჯიქ-აფხაზთა ახალი ნაკადის ბარში ჩამოწოლით და, რომელმაც სერიოზულად შეცვალა რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული იერ-სახე, ქართული სალიტერატურო ენა განაგრძობდა სახელმწიფო ენის ფუნქციის შესრულებას. ის იყო საქმის წარმოებისა და საეკლესიო ღვთისმსახურების ენა. ამის დასტურია არაერთი ოფიციალური დოკუმენტი, რომელიც გამოსულია შარვაშიძეთა საგვარეულოს ისეთი აგრესიული (მეზობელი ოდიშის სამთავროს მიმართ) წარმომადგენლების კანცელიარიიდან, როგორებიც იყვნენ ყვაპუ შარვაშიძე და ქელეშ-ბეი შარვაშიძე. აფხაზეთის მთავრები კვლავინდებურად თვლიდნენ “აფხაზეთის” კათალიკოსებს თავიანთ სულიერ მამებად და ა.შ. ყოველივე ეს, რასაკვირველია, უნდა ასახულიყო აფხაზეთის ისტორიის სახელმძღვანელოში, მაგრამ განა ასეთი “წვრილმანებით” შეიწუხებდნენ თავს ჩვენი აფხაზთა “ნაციონალური” ისტორიის გამომზეურებით დაინტერესებული, კოლეგები?

ს. ლაკობა და ო. ბღაჟბა საქართველოს სამეფოს დაშლას და აფხაზთა სამთავროს წარმოშობას XIII საუკუნით ათარიღებენ. მაშინ, როდესაც ისტორიოგრაფიაში საყოველთაოდ გაზიარებული შეხედულებით, ერთიანი ქართული სახელმწიფოს დაშლა XVს. მიწურულით თარიღდება. XIII-XV საუკუნეებში თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი ყოფილი ცხუმისა და ბედიის საერისთავოები – ანაკოფია-ახალი ათონის ჩათვლით – მთლიანად სამეგრელო-ოდიშის მმართველ დადიანთა ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში იყო. უფრო მეტიც, არა ქართული, არამედ უცხოური დოკუმენტური წყაროები სრულიად მკაფიოდ ადასტურებენ, რომ XIII-XV საუკუნეებში (გიორგი II დადიანის, ვამეყ I-ის, ვამეყ II-ის, ლიპარიტ და შამა-დავლა დადიანების დროს) ცხუმი-სოხუმი, რომლის მოსახლეობის ძირითად ნაწილს სებასტოპოლისის (სოხუმის) კათოლიკე ეპისკოპოსის პეტრე გერალდის (XIVს. 30-იანი წლები) დოკუმენტური დამოწმებით ქართველები შეადგენდნენ,[16] სამეგრელო-ოდიშის მთავრის რეზიდენცია იყო, სადაც ეს უკანასკნელი საკუთარ მონეტას ჭრიდა. რაც შეეხება საკუთრივ აფხაზური ტომებით (ძირითადად) დასახლებულ აფხაზეთის საერისთავოს [დაახლოებით ანაკოფია-ახალი ათონიდან ნიკოფსიამდე (თანამედროვე ქ. ტუაფსეს ჩრდილოეთით)], რომელსაც სათავეში შარვაშიძეთა საგვარეულო ედგა, ისიც გაძლიერებული ოდიშის ხელისუფალთა გავლენის ქვეშ იყო.

ტენდენციურადაა გაშუქებული XIX ისტორიაც. ავტორებს (ეს ძირითადად ს. ლაკობას დამსახურებაა) სრულიად უსაფუძვლოდ შეაქვთ ეჭვი ასლანბეი შარვაშიძის მიერ მამის – ქელეშ-ბეი შარვაშიძის მოკვლაში და ამ ბრალდებას მთლიანად სამეგრელოს სამთავროს მმართველის ნინო დადიანი-ბაგრატიონის მიერ “შეთითხნილად” მიიჩნევენ. ამასთან, ისინი არ უწევენ ანგარიშს იმ დიდი გეოპოლიტიკურ დაპირისპირებას რუსე-თის იმპერიასა და ოსმალეთს შორის, რომლის ფონზეც დატრიალდა ტრაგედია აფხაზეთის სამთავრო სახლში. სწორედ ამ დაპირისპირებას, რომლის დროსაც ოსმალეთის კრეატურა ასლან-ბეი ღიად დაუპირისპირდა საკუთარ მამას, შეეწირა რუსეთის იმპერიისკენ გადახრილი, ოდესღაც “ჭეშმარიტ მუსლიმად” მიჩნეული, ქელეშ-ბეი შარვაშიძე და არა ოდიშის მთავრის ქვრივის ინტრიგებს.[17]

ისე, ამ მოვლენებზე მსჯელობისას “სახელმძღვანელოს” ავტორები, ჩვენდა გასაკვირად და რამდენადმე მოულოდნელადაც (დღევანდელი რუსულ-აფხაზური სრული “ჰარმონიის” ფონზე) ერთ უდავოდ სწორ დასკვნას აკეთებენ, როდესაც აღნიშნავენ, რომ 1810წ. 10 ივლისის აქტი (აფხაზეთის სამთავროს შესვლა რუსეთის იმპერიის მფარველობაში) “никак нельзя назвать добровольным присоединением Абхазии к России. Военный захват Сухум-Кале – это лишь первый шаг завоевательной политики царизма в Абхазии”, და რომ “для укрепления здесь новой власти России понадобилась ещё полувековая война с абхазским народом” (გვ. 220, ხაზგასმა ჩვენია – ..). საერთოდ, რჩება ისეთი შთაბეჭდილება, ო. ბღაჟბა და ს. ლაკობა აშკარად თანაუგრძნობენ აფხაზი და ჩრდილოეთ კავკასიის მუსლიმური მოსახლეობის გამათავისუფლებელ ბრძოლას რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ, რაც ნამდვილად მისასალმებელია. ასევე სწორადაა შეფასებული აფხაზთა მუჰაჯირობის რუსული ინტერესი და განმარტებულია, რომ “царизму нужна была Абхазия без абхазов” (გვ. 240, ხაზგასმა ჩვენია – ..).

“სახელმძღვანელოში” მთლიანად თავდაყირადაა დაყენებული ე.წ. “სამურზაყანოს საკითხი”. ავტორები ყოველნაირად ცდილობენ სამურზაყანო გამოაცხადონ ისტორიულად აფხაზების მკვიდრ ტერიტორიად. არადა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ XVIIIს. დამდეგამდე ამ ტერიტორიაზე (დღ. გალის რაიონი) აფხაზთა განსახლების არავითარი ნაკვალევი არ ჩანს და აქ მათი დაფუძნება მოხდა მას შემდეგ, რაც ის ოდიშის მთავრებს წაართვეს შარვაშიძეებმა XVIIს. მიწურულსა და XVIIIს. დამდეგს. საბოლოოდ სამურზაყანო როგორც ცალკე ფეოდალური სამფლობელო გაფორმდა მურზაყან შარვაშიძის დროს, რომლის სახელიც ეწოდა კიდეც ამ რეგიონს. ამ დროიდან 1840 წლამდე სამურზაყანო წარმოადგენდა შარვაშიძეთა და დადიანთა ცილობის საგანს, რომლის დროსაც წარმატებას ხან შარვაშიძეები აღწევდნენ, ხან კიდევ დადიანები. სამეგრელოს სამთავრო სახლის უპირატესობა ამ დაპირისპირებაში გამოიკვეთა XIXს. დამდეგიდან. 1805 წლის 9 ივლისს სოფ. ბანძაში ლევან V დადიანი რუსეთის იმპერატორის ნებით დაამტკიცეს სამეგრელოს მთავრად. ამ ცერემონიალში ოდიშის თავადაზნაურობასთან ერთად მონაწილეობდნენ სამურზაყანოს სამთავრო სახლის წარმომადგენლები ლევან და მანუჩარ შარვაშიძეებიც, რომლებმაც, ოფიციალურად დაადასტურეს რა, რომ ოდითგანვე იყვნენ “სამეგრელოს თვითმპყრობელის თავადის დადიანის” კუთვნილება,[18] ასევე დაიფიცეს რუსეთის იმპერატორის ერთგულებაზე. ეს ნიშნავდა სამურზაყანოს, როგორც სამეგრელოს ნაწილის, შესვლას რუსეთის იმპერიის ქვეშევრდომობაში.

სწორედ ამ უცილობელ ფაქტს არ აღიარებენ “სახელმძღვანელოს” ავტორები და შეგნებულად აყალბებენ რა ისტორიას, საქმეს ისე მოაჩვენებენ, თითქოს ლევან და მანუჩარ შარვაშიძეები დამოუკიდებლად იქნენ მიღებული რუსეთის იმპერიის მფარველობაში, სამეგრელოს მთავარი კი მხოლოდ შუამავლის როლს ასრულებდა. სრული სიცრუე აგრეთვე მათი მტკიცება თითქოს 1840წ. “владетель Абхазии доказал свой права на эту область (იგულისხმება სამურზაყანო – ..) и с этого времени она являлась отдельным приставством” (გვ. 245) სინამდვილეში კი (და ეს საყოველთაოდ ცნობილია) 1840წ. რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ სამურზაყანო ლევან V დადიანისაგან გამოისყიდა და ის აფხაზეთის მთავარს – მიხეილ შარვაშიძეს კი არ გადასცა (რომლის იმედი ამ უკანასკნელს ჰქონდა), არამედ იქ ცალკე საბოქაულო _ უშუალოდ ქუთაისის გენერალ-გუბერნატორისადმი დაქვემდებარებული რუსული ადმინისტრაციული ერთეული შექმნა. უფრო მეტიც, რუსეთის ხელისუფლების ამ “უსამართლო” გადაწყვეტილებით განაწყენებულმა მიხეილ შარვაშიძემ პროტესტის ნიშნად 1847წ. იმპერიის უმაღლესი ხელისუფლების წინაშე ოფიციალურად დასვა მისი მთავრის ტა-ხტიდან გადადგომის საკითხი.

აშკარად დაბნეულები არიან “სახელმძღვანელოს” ავტორები 1877 წლის აფხაზთა უპრეცედენტო ანტირუსული ამბოხის გაშუქებისას. სწორად აღნიშნავენ რა, რომ რუსეთ-თურქეთის მორიგი ომის დაწყების შემდეგ აფხაზეთში გადმოსხმული ე.წ. “თურქული დესანტი” ძირითადად აფხაზ მუჰაჯირთაგან იყო შემდგარი (გვ. 256), არაფერს ამბობენ ადგილობრივი აფხაზური მოსახლეობის პროტესტის მასშტაბებზე, რომ სოხუმი (სხვათა შორის ოჩამჩირეც) სწორედ აჯანყებულმა აფხაზებმა გადაწვეს და არა უბრალოდ “თურქულმა დესანტმა”. არასწორია მათი დასკვნა იმის შესახებ, თითქოს სამურზაყანოს გადარჩენა რუსული ადმინისტრაციის რეპრესიებისაგან გამოწვეული იყო იმით, რომ ამ რეგიონს რუსები მტკიცედ იცავდნენ (გვ. 259). სინამდვილეში, საყოველთაოდ ცნობილია, რომ სამურზაყანოს მოსახლეობა (მათ შორის, აფხაზური წარმოშობის თავადაზნაურობა) არა თუ არ უჭერდა მხარს აჯანყებას, არამედ, პირიქით, რამდენადმე უფრთხოდა კიდეც აჯანყებულთა გამოჩენას. ამას მოწმობს თუნდაც ბედიის თემის მოსახლეობის საქციელი, რომელიც „под впечатлением первого страха перед неприятелем, начало бежать к Ингуру“.[19] უფრო მეტიც, სამურზაყანოელებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს აფხაზთა ამბოხის ჩახშობაში. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აღნიშნავდნენ “სამურზაყანოელთა ასეულის”, რომელსაც ბათა ემუხვარი მეთაურობდა, დამსახურებას. ერთ-ერთი ბრძოლის დროს, რომელშიც რუსულ რეგულარულ ნაწილებს გრიგოლ შარვაშიძე სარდლობდა, სწორედ ბათა ემუხვარის ასეულმა დაამარცხა ამბოხებულთა რაზმი და შეიპყრო ანტირუსული აჯანყების ერთ-ერთი ბელადი ხერიპს მარშანია.[20] ამ ბრძოლაში მონაწილეობას იღებდნენ სხვა აფხაზ აზნაურთა, კერძოდ, ალმასხიდ და ჩაგუ მარშანიების რაზმებიც.

სამურზაყანოსა და სამურზაყანოელებს უკავშირდება კიდევ ერთი გაყალბება, რომელიც გვხვდება “სახელმძღვანელოში”. მხედველობაში გვაქვს, ავტორთა მიერ აფხაზეთის ეთნიკური შემადგენლობის ამსახველი ე.წ. “სტატისასტიკური მასალები”, რომლის მიხედვით თურმე 1886 წლის აღწერით აფხაზეთის მოსახლეობა შეადგენდა 69 ათასს, მათგან აფხაზობა ითვლიდა 58,963 ადამიანს (საერთო რაოდენობის 85%), ხოლო “мегрелы, лазы и грузины” მხოლოდ – 4,116 ადამიანს, რაც მათი გამოთვლით მხოლოდ 6%-ს შეადგენს (გვ. 263-264). ეს არის ს. ლაკობას მიერ ჯერ კიდევ XXს. 80-იან წლებში წამოწყებული ფალსიფიკატორული დემაგოგიის გაგრძელება, რომელსაც ის წიგნიდან წიგნში ანვითარებს.[21]

ქართველმა მეცნიერებმა (ა. თოთაძემ, ს. ლეკიშვილმა და სხვ.) კარგა ხანია ამხილეს ს. ლაკობასა და მის თანამოაზრეთა მონაჭორი ამ საკითხზე და კონკრეტული ციფრების მოშველიებით დამაჯერებლად აჩვენეს, თუ როგორ იცვლებოდა რეალურად აფხაზთა რაოდენობა აღწერიდან აღწერამდე. ასე მაგალითად, 1886წ. საკუთრივ აფხაზური მოსახლეობა შეადგენდა 28323 კაცს, სამურზაყანოელთა კი – 30640-ს, მაგრამ აფხაზთა საერთო რაოდენობა უდრიდა 58963 კაცს. როგორც ვხედავთ, ეს საბოლოო ციფრი მიღებული იყო აფხაზთა და სამურზაყანოელთა ელემენტარული არითმეტიკული მიმატების გზით. მაგრამ არსებობს სხვა სტატისტიკაც, რომლის შესახებაც დუმს ს. ლაკობა. ესაა 1883წ. ჩატარებული აღწერის მონაცემები, რომელთა მიხედვითაც აფხაზთა რაოდენობა უდრის 27526 კაცს, სამურზაყანოელთა – 25424-ს, 1914წ. აფხაზები 42073 იყვნენ. 1917წ. ეს ციფრი კიდევ უფრო შემცირდა და გაუტოლდა 38121-ს, ხოლო 1923 წელს – 36816-ს.[22]

აფხაზთა რაოდენობის შემცირების პარალელურად იზრდებოდა ქართული მოსახ-ლეობის რაოდენობა. თუ 1886წ. (როდესაც აფხაზებს მიათვალეს სამურზაყანოელები) ქართველები ითვლიდნენ მხოლოდ 25873 კაცს, 1923წ. მათი რაოდენობა გაიზარდა 71181-მდე. მაგრამ ყველაზე საინტერესო ფაქტი მოხდა 1926 წელს, როდესაც სულ რაღაც სამი წლის მანძილზე აფხაზთა რაოდენობა 36816-დან გაიზარდა 55918-მდე. ამასთან, როგორც სავსებით სამართლიანად მიუთითებს ს. ლეკიშვილი, არც 1897-1923 წლებში იყო განსაკუთრებით არახელსაყრელი დემოგრაფიული ფაქტორები (ემიგრაცია, რეპრესიები, ეპიდემია და ა.შ.) მოსახლეობის შემცირებისათვის და რაც მთავარია, არც 1923-1926 წლებში შექმნილა შესაფერისი პირობები დემოგრაფიული ბუმისათვის, რომლის შედეგადაც სულ რაღაც სამი წლის მანძილზე აფხაზთა რაოდენობა 20000 კაცით გაზრდილიყო.[23]

სრულიად ცხადია, რომ ამ ერთი შეხედვით უცნაურ ციფრობრივ აღრევას ერთად-ერთი ახსნა აქვს – სამურზაყანოელებით მანიპულირება. 1886, 1897 და 1826 წლების აღწერისას სამურზაყანოელები მიათვალეს აფხაზებს, ხოლო 1914, 1917 და 1923 წლებში _ ქართველებს. საინტერესოა, რომ თვით აფხაზ ბოლშევიკთა აღიარებული ლიდერი ნესტორ ლაკობა 1926 წელს ოფიციალურად აღიარებდა, რომ „абхазцев с большой натяжкой около 57-60 тысяч душ. Почему большой натяжкой? – სვამდა კითხვას ნ. ლაკობა, – Потому, что несколько тысяч человек причисляют себя к абхазской народности, но язык у них не абхазский, а мингрельский“. ნ. ლაკობა იმასაც აღიარებდა, რომ მეგრელები ქართველები იყვნენ და თვლიდა, რომ ისინი ქართველობას უნდა მიკუთვნებოდნენ.[24]

ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თამამად შეიძლება განვაცხადოთ, რომ ნებისმიერი მცდელობა სამურზაყანოს მკვიდრი მოსახლეობის აფხაზებად გამოცხადებისა და ამის საფუძველზე აფხაზთა რაოდენობის გაზრდისა XIX საუკუნეში, არის ისტორიული ჭეშმარიტების უხეში გაყალბება, რომელიც მთლიანად მიმართულია აფხაზურ მოსახლეობაში ანტიქართული ისტერიის გაღვივებისაკენ.

ამავე მიზანს ემსახურება “სახელმძღვანელოში” განვითარებული თეზისიც მუჰაჯირობის შემდგომ პერიოდში აფხაზეთში ქართველთა “მასობრივი ჩასახლების” შესახებ (გვ. 261). აქცენტი კეთდება აგრეთვე იმაზეც, თუ როგორ გაშალა ამ დროს ქართულმა სამღვდელოებამ ფართო საქმიანობა აფხაზეთში და როგორ ახვევდნენ თავს აფხაზობას ღვთისმსახურებას, მისთვის გაუგებარ ქართულ ენაზე (გვ. 264). და ეს იმ ფონზე, როდესაც ავტორები კრინტს არ ძრავენ არც რუსულ და სომხურ კოლონიზაციაზე და არც მთავრობის მიერ მხარეში გატარებულ სრული რუსიფიკაციის კურსზე, რაც კავკასიის რუსული პოლიციური რეჟიმის ერთ-ერთი მაღალჩინოსნის განცხადებით, არც მეტი არც ნაკლები, საჭირო იყო “для полного слияния абхазцев с населением империи”.[25]

ო. ბღაჟბასა და ს. ლაკობას “სახელმძღვანელოში” უაღრესად ტენდენციურადაა გაშუქებული XXს. ისტორია, განსაკუთრებით 1917-1921 წლების მოვლენები. ისინი ვერ ფარავენ თავიანთ ღია სიძულვილს იმ აფხაზი პოლიტიკური ლიდერებისადმი, რომელთაც აფხაზეთის მომავალი ერთიან ქართულ სახელმწიფოში წარმოედგინა. ეს გასაგებიცაა, ვინაიდან სახელმძღვანელოს ავტორებისათვის დღესაც კი “მშობლიური გარემო” რუსულ საბჭოურ-კომუნისტური სივრცეა. ამიტომაცაა, რომ ისინი აღფრთოვანებით წერენ ბოლშევიკური რაზმების მიერ სოხუმის “განთავისუფლებაზე” “от меншевиков” (არადა, ამ დროს სოხუმი ბოლშევიკებმა მენშევიკებს კი არ წაართვეს არამედ “აფხაზთა სახალხო საბჭოს”, რომელიც მაშინ რეგიონის ხელისუფლებას განასახიერებდა) და იქ საბჭოური რეჟიმის დამყარებაზე (გვ. 293-294); ამიტომაა, რომ ისინი მწარედ განიცდიან იმას, რომ “Советская Россия в силу политических обстоятельств (договор с германией в Бресте и др.) не имела возможности оказать вооружённую помощь Абхазии” (გვ. 294).

ამასთან, “სახელმძღვანელოს” ავტორები მკითხველს უმალავენ იმას, რომ ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის (და არა მენშევიკური საქართველოს) შეიარაღებული რეგულარული ნაწილები, რომლებმაც აღკვეთეს ბოლშევიკური ავანტიურა, აფხაზეთში შევიდნენ არა საკუთარი ინიციატივით, არამედ თავის დროზე აფხაზი ხალხის მიერ არჩეული “აფხაზთა სახალხო საბჭოს” ოფიციალური თხოვნის საფუძველზე. ისე გაუგებარია, რატომ უნდა იყოს გამართლებული რუსეთის შეიარაღებული ჩარევა აფხაზეთში არსებული ხელისუფლების, რომელსაც იმჟამად აფხაზური მოსახლეობის (ხაზს ვუსვამთ მხოლოდ აფხაზური და არა რეგიონის მთელი მოსახლეობის) სრული ნდობა ნამდვილად ჰქონდა, დასამხობად და რატომაა დასაძრახი ის, რომ “აფხაზთა სახალხო საბჭომ”, რომელიც ლეგიტიმურობის რაღაც ხარისხის მატარებელი იყო (ყოველ შემთხვევაში მას, როგორც უკვე აღინიშნა, აფხაზური მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ნდობის მანდატი მაინც ჰქონდა) დახმარებისათვის მიმართა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობას?

“სახელმძღვანელოს” ავტორები ატყუებენ მკითხველს მაშინაც, როდესაც წერენ, რომ “После подавления советской власти в Абхазии меншевики установили здесь режим военной диктатуры” (გვ. 295). ჯერ ერთი, არავითარი სამხედრო დიქტატურა არ ყოფილა. პირიქით, ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებულმა, და არა ქართველმა მენშევიკებმა, როგორც წერენ ავტორები (გვ. 297) 1918წ. მაისში აღადგინეს “აფხაზთა სახალხო საბჭოს” ხელისუფლება (სხვათა შორის, ამას აღიარებენ კიდეც ო. ბღაჟბა და ს. ლაკობა). ასევე თითიდან გამოწოვილია მტკიცება იმის შესახებ თითქოს აფხაზეთში ამ დროს ადგილი ჰქონდა მასობრივ ტერორსა და რეპრესიებს (გვ. 296). ის ფაქტი, რომ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე “სოხუმის ოკრუგში ბოლშევიკური გამოსვლის” გამო და “სახელმწიფო ღალატში” დადანაშაულებულ იქნენ რუსეთის აგენტი ბოლშევიკი ავანტიურისტები, ნამდვილად ვერ ჩაითვლება სამხედრო დიქტატურის გამოვლინებად. მით უფრო, რომ არ არსებობს არც ერთი ფაქტი რომელიმე ბოლშევიკი ლიდერის დასჯისა. ის კი არადა, ცნობილია, რომ თვით ნესტორ ლაკობა – აფხაზ ბოლშევიკთა აღიარებული წინამძღოლი, ერთი პერიოდი, თანამშრომლობდა კიდეც 1919წ. არჩეული აფხაზეთის სახალხო საბჭოსთან და მისი დავალებით ასრულებდა კომისრის მოვალეობას ოჩამჩირეში.[26]

“სახელმძღვანელოს” ავტორები ურცხვად ცრუობენ, როდესაც აცხადებენ, რომ 1917წ. 20 ოქტომბერს აფხაზეთი მიღებულ იქნა ე.წ. “კაზაკთა ჯარების, კავკასიის მთიელთა და სტეპების თავისუფალ ხალხთა სამხრეთ-დასავლეთის კავშირში” („Юго-Восточный Союз казачьих войск, горцев Кавказа и вольных народов степей“). სიმამდვილეში კი “სამოკავშირეო ხელშეკრულებაში” სრულიად ნათლად და გარკვევით წერია, რომ “კავშირში” შედის „горский народ Сухумского края (абхазцы)“.[27]

ასევე სრულ სიყალბეზეა აგებული “სახელმძღვანელოში” განვითარებული თვალსაზრისი ე.წ “ქართული ოკუპაციის” შესახებ. სასაცილოა, რომ ამ შემთხვევაში მათ მთავარ არგუმენტად მოჰყავთ გენერალ ა. დენიკინის დემაგოგიური განცხადებები (გვ. 323-324). ეს ის დენიკინია, რომლის მთავარ მიზანს როგორც ცნობილია, წარმოადგენდა ერთიანი და განუყოფელი რუსეთის იმპერიის აღდგენა და რომელსაც ამ დიადი მისიის განხორციელებაში მხარში ედგნენ თვით დიმიტრი გულიას მიერ “Иуда Абхазии“-იდ შერაცხული ცნობილი სეპარატისტი ლიდერი ალექსანდრე შარვაშიძე და მისი თანამზრახველნი. არავითარ ეჭვს არ უნდა იწვევდეს ის ფაქტი, რომ ე.წ. “აფხაზი ხალხის” პეტიცია “მოხალისეთა არმიის” სარდლობისადმი, რომელშიც მოცემული იყო თხოვნა „О помощи в изгнании Грузии и присоединении Сухумского округа к России“, აგრეთვე დაპირება აფხაზთა მხრიდან მხარდაჭერისა „в походе (“მოხალისეთა არმიის” _ ზ.პ.) против Закавказья“,[28] შეთითხნილი იყო სწორედ გენ. ა. დენიკინის კარნახით.

ასევე სიცრუეა მტკიცება იმის შესახებ, რომ საქართველოს დემოკრატიული რეს-პუბლიკის ხელისუფლებამ სრულიად უსამართლოდ ძალის გამოყენებით გარეკა “აფხაზთა სახალხო საბჭო” (გვ. 321-322). სინამდვილეში კი, უშუალოდ მოხალისეთა არმიის” სარდლობის (მ. ალექსეევი, ა. დენიკინი) ინსპირირებით სოხუმში ადგილი ჰქონდა შეიარაღებულ პუტჩს არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ, რომლის სათავეში იდგნენ აფხაზეთის საქმეების მინისტრი პოლკოვნიკი რ. ჩქოტუა და საოლქო კომისარი ი. მარღანია. პუტჩისტებს მხარს უჭერდნენ “აფხაზთა სახალხო საბჭოს” ყოფილი დეპუტატები (დ. მარშანია, გ. თუმანოვი და სხვ.), „прежде державшихся турецкой ориентации и в настоящее время переменивших ориентацию на Алексеева“.[29] 1918 წლის 9 ოქტომბერს აფხაზ ცხენოსანთა რაზმი საოლქო კომისრის ივანე მარღანიას მეთაურობით, პოლკოვნიკ რ. ჩქოტუას “აფხაზთა ასეულთან” (“Абхазская сотня”) ერთად შეიჭრა “აფხაზთა სახალხო საბჭოს” შენობაში, სადაც მიმდინარეობდა სხდომა და ულტიმატუმის ფორმით მოითხოვა სახალხო საბჭოს თავმჯდომარის ვარლამ შარვაშიძის გადაყენება. მაგრამ ვარლამ შარვაშიძემ მოახერხა დროულად დაკავშირება სამთავრობო ჯარების სარდლობასთან და აფხაზეთში განთავსებული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ნაწილების შტაბის უფროსის პოლკოვნიკ თუხარელის ოპერატიული მოქმედებების შედეგად სახალხო საბჭოს შენობა განთავისუფლებულ იქნა მომხვდურთაგან, ხოლო შეთქმულების ხელმძღვანელები: რ. ჩქოტუა, ი. მარღანია, ვ. ჩიჩბა, გ. აჯამოვი და სხვ. – დააპატიმრეს და თბილისში, მეტეხის ციხეში მოათავსეს.

1918 წლის 10 ოქტომბერს თბილისში, პირდაპირი ხაზით გადაიცა ერთგვარი სახალხო საბჭოს თავმჯდომარის ვ. შარვაშიძის, აგრეთვე სახალხო საბჭოს წევრების: დ. ემუხვარის, ი. გოგელაშვილის, ი. ფაშალიდის, პ. გელოვანისა და სხვ. მიერ ხელმოწერილი თხოვნა-წარდგინება, რომელშიც ითხოვდნენ “აფხაზთა სახალხო საბჭოს” დათხოვნას „временно, впредь до созыва подлинного народного представительства, созванного на началах всеобщего избирательного права“. ამასთან, სახალხო საბჭოს თავმჯდომარე ვ. შარვაშიძე და მისი თანამოაზრენი მოითხოვდნენ საქართველოს მთავრობისაგან “ალექსეეველთა საინიციატივო ჯგუფის” დაპატიმრებას. ასეთ ფეთქებადსაშიშ სიტუაციაში ვ. შარვაშიძეს და მის მომხრე დეპუტატებს, რომლებიც “აფხაზთა სახალხო საბჭოს” უმრავლესობას შეადგენდნენ, აუცილებლად მიაჩნდათ, „немедленное назначение правительственной власти окружного комиссара, вполне солидного, который энергично должен взяться за водворение государственного правления“. ისინი საქართველოს ხელისუფლებას აუცილებელ ღონისძიებად სთავაზობდნენ აგრეთვე, მიეცათ შტაბისთვის მითითებები „о принятии решительних мер предотвращения могущих быть вновь разыграться алексеевской авантюры“.[30]

ამრიგად, აქ მოტანილი მასალა პირდაპირ და არაორაზროვნად მიუთითებს მ. ალექსეევის შტაბის უშუალო კავშირზე რ. ჩქოტუასა და ი. მარღანიას ავანტიურასთან, რომლის მიზანი იყო ვ. შარვაშიძისა და მისი გუნდის დამხობა და აფხაზეთში პრორუსული მარიონეტული რეჟიმის დამყარება. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ აფხაზთა ერთი ნაწილის თანამშრომლობას “მოხალისეთა არმიასთან” ადასტურებს არა სხვა ვინმე, არამედ ს. დანილოვი, რომლის პასკვილი: „Трагедия абхазского народа“ (გამოიცა 1951წ. მიუნხენში), უკანასკნელ ხანს აქტიურად გამოიყენება ერთ-ერთ იდეოლოგიურ არგუმენტად აფხაზი სეპარატისტების მიერ თავიანთ ანტიქართულ პროპაგანდაში. და აი, ამ ავტორის აღიარებით, „немало абхазцев, офицеров и всадников, тайком ушло из Абхазии и вступило в ряды Добровольческой армии ген. Деникина“.[31] ასე, რომ რ. ჩქოტუა და მისი მომხრენი სულაც არ დაუდანაშაულებიათ უკანონოდ და დღესავით ნათელია, რომ ამ დროს აფხაზეთში ნამდვილად ჰქონდა ადგილი ანტისახელმწიფოებრივ ამბოხს, რაზეც ხელისუფლების რეაქცია, მოსწონს თუ არა ეს ჩვენს აფხაზ კოლეგებს, რომლებიც დღესაც მისტირიან “მოძმე” რუსეთს, სრულიად ლეგიტიმური იყო.

სრული სიცრუე აგრეთვე “სახელმძღვანელოს” ავტორთა მტკიცება იმის შესახებ, რომ აფხაზეთის სახალხო საბჭოს არჩევნები 1919წ. 13 თებერვალს ჩატარდა დემოკრატიის დარღვევით, ქართული ოკუპაციის პირობებში, რის შედეგად თითქოს “Абхазы, представляющийе в основном независимцев, составляли меншинство (8 депутатов)…” (გვ. 330). ეს მტკიცება, როგორც ჩანს, ეფუძნება იმთავითვე მცდარ ინფორმაციას, მოცემულს 1919წ. 29 სექტემბრით დათარიღებულ ე.წ. “აფხაზეთის სახალხო საბჭოს 14 დეპუტატისაგან შემდგარი ჯგუფის განცხადებაში საქართველოს მთავრობისადმი”. ამ “განცხადებაში” დეპუტატები “დამოუკიდებელი სოციალისტების” ფრაქციიდან: ა. ჩუკბარი, მ. ტარნავა, მ. ცაგურია, რ. კაკუბა, დ. ალანია, ს. ჭანბა და სხვ. – ადანაშაულებდნენ საგანგებო კომისარს ბენია ჩხიკვიშვილს იმაში, რომ ამ უკანასკნელმა თითქოს „блестяще выполнил свою задачу (აფხაზეთის სახალხო საბჭოს არჩევნებისას – ..), проведя в Совет по преимуществу представителей неабхазского населения, совершенно не связанных ни какой области с интересами края“[32] (სტილი დაცულია – ..) .

ის, რომ ბ. ჩხიკვიშვილისადმი სეპარატისტულად განწყობილ აფხაზ მოღვაწეთა და მათ მომხრეთა მიერ წაყენებული ეს ბრალდება, ისევე, როგორც ს. ლაკობასა და ო. ბღაჟბას მონაჩმახი 1919 წლის 13 თებერვალს ჩატარებული არჩევნების არადემოკრატიულობის შესახებ, არც მეტი, არც ნაკლები, მტკნარი სიცრუე და ისტორიული წარსულის უხეში ფალსიფიკაციაა, ცალსახად მტკიცდება ახლადარჩეული აფხაზეთის სახალხო საბჭოს დეპუტატთა სიითი შემადგენლობის უბრალო თვალის გადავლებით. აი, როგორ გამოიყურებოდა, მაგალითად, ეთნიკური თვალსაზრისით ე.წ. “ქართული” (მენშევიკური) უმრავლესობა აფხაზეთის პარლამენტში: 1. ნ. ავდალბეკიანი, 2. ნ. კ. აქირთავა, 3. დ. ბ. ბაზბა, 4. კ. ს. ბარციცი, 5. ლ. დ. გვალია, 6. ვ. გ. ღურჯუა, 7. დ. (არზაყან) კ. ემუხვარი, 8. დ. ვ. ზახაროვი, 9. გ. მ. ზუხბაი (ზუხბაია), 10. მ. ი. ტარნავა, 11. ტ. კ. კვარაცხელია, 12. მ. კობახია, 13. გ. ვ. კოროლიოვი, 14. ა. გ. მარტინი, 15. ა. ი. ნოდია, 16. ი. ი. რამიშვილი, 17. მ. ს. უბირია, 18. ი. ნ. ფაშალიდი, 19. დ. შარვაშიძე, 20. ა. ქირია, 21. ა. წვიჟბა, 22. პ. ი. ჩაჩავა, 23. ა. ჩუკბარი, 24. მ. ა. წულუკიძე, 25. დ. ხ. ცკუა, 26. ლ. მ. ტუმარკინი, 27. მ. ნ. ცაავა.[33] ე. ი. 27 დეპუტატიდან 12 იყო აფხაზი, ქართველი _ დაახლოებით 10 (დეპუტატების ეთნიკური კუთვნილების უფრო ზუსტ დადგენას აძნელებს სამურზაყანოელ დეპუტატთა – მაგალითად, ნ. აქირთავა, გ. ზუხბაი და ა.შ. ეთნიკური წარმომავლობის გაურკვევლობა, თუმცა “სახელმძღვანელოს” ავტორები არ უარყოფენ მათ ეთნიკურ აფხაზობას). დანარჩენი 5 სხვადასხვა ეროვნების (რუსები, ბერძნები, სომხები და ა.შ.) წარმომადგენელი იყო. გარდა ამისა, აფხაზეთის სახალხო საბჭოს დეპუტატები გახდნენ აფხაზები: 1. ვ. ტ. ანჩაბაძე, 2. დ. ი. ალანია, 3. ი. მარღანია, 4. მ. ცაგურია, 5. ს. ი. ჭანბა, 6. რ. ჩქოტუა, 7. ვ. შარვაშიძე, 8. დ. ი. გულია.[34]

ამრიგად, ახლადარჩეული აფხაზეთის პარლამენტის 40 წევრიდან, რომელიც თითქოს არჩეულ იქნა ე.წ. “ქართული საოკუპაციო რეჟიმის” მხრიდან მოსახლეობაზე უხეში ზეწოლის პირობებში, 18 დეპუტატი აფხაზი იყო, ქართველი (უკეთეს შემთხვევაში) – მხოლოდ 16, დანარჩენი 6 კი სხვა ეროვნებათა წარმომადგენელი. უფრო მეტიც, ქართველ დეპუტატთაგან სულ მცირე 2 (მ. ს. უბირია და რაჟდენ კაკუბავა) მოგვიანებით სეპარატისტულად განწყობილ დეპუტატთა (ე.წ. “დამოუკიდებელ სოციალისტთა”) ბანაკში გადაბარგდა. ისმის სავსებით დასაბუთებული კითხვა: როგორ შეიძლება დავადანაშაულოთ ე.წ. “ქართული საოკუპაციო რეჟიმი” და პირადად ბენია ჩხიკვიშვილი არჩევნების ფალსიფიკაციაში, თუ მათ ისიც ვერ მოახერხეს, რომ არ დაეშვათ პარლამენტში დემოკრატიული საქართველოს ისეთი პირწავარდნილი მოწინააღმდეგეების არჩევა, როგორებიც იყვნენ 1918 წლის 9-10 ოქტომბრის ანტისახელმწიფოებრივი პუტჩის ხელმძღვანელები: რ. ჩქოტუა, ი. მარღანია, დ. ალანია და სხვ., აგრეთვე ალექსეევისა და დენიკინის აგენტი ა. ა. დემიანოვი. როგორც იტყვიან, კომენტარები ზედმეტია.

აქვე არ შეიძლება ყურადღება არ გავამახვილოთ კიდევ ერთ გარემოებაზე. “სახელმძღვანელოს” ავტორები აფხაზი ხალხის ისეთ ღირსეულ წარმომადგენლებს, როგორებიც იყვნენ ვარლამ შარვაშიძე, დიმიტრი (არზაყან) ემუხვარი, ვიანორ ანჩაბაძე, დიმიტრი გულია, გიორგი ზუხბაი, ვასილ ღურჯუა და ა.შ., რომლებიც აქტიურად გამოდიოდნენ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური მოწყობის მოთხოვნით, არათუ არ მიიჩნევენ აფხაზური მოსახლეობის ინტერესების გამომხატველებად, არამედ ფაქტობრივად ეჭვქვეშ აყენებს მათ აფხაზურ წარმომავლობას. და ეს მაშინ, როდესაც თვალსაჩინო აფხაზ მოღვაწეთა შორის სიამაყით მოიხსენებიან ისეთი სახელები, როგორებიცაა: დიმიტრი ალანია, მიხეილ ტარნავა, მიხეილ ცაგურია, ალექსანდრე უბირია და სხვ. ისმის კითხვა: როდიდანაა, რომ ძველი წარჩინებული აფხაზური საგვარეულოების წარმომადგენლები – შარვაშიძეები, ანჩაბაძეები, ემუხვარები და ა.შ. – აღარ ითვლებიან აფხაზებად და მათ ადგილს იკავებენ ვიღაც ალანიები, ცაგურიები, უბირიები და სხვ., რომელთა აფხაზური წარმომავლობა უბრალოდ ღიმილის მომგვრელია. აი, როგორ ავტორიტეტებზე აგებენ თავიანთ ფალსიფიკაციას ს. ლაკობა, ო. ბღაჟბა და მათი თანამოაზრენი.

“სახელმძღვანელოში”, როგორც მოსალოდნელი იყო განვითარებული თეზისი იმის შესახებ, რომ ე.წ. “აფხაზეთის სსრ” 1921-1931 წლებში წარმოადგენდა “დამოუკიდებელ” საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკას, რომელიც სამოკავშირეო ხელშეკრულების საფუძველზე 1921წ. 16 დეკემბერს საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკასთან. ამ პერიოდში თურმე აფხაზეთის სსრ “по своему статусу являалась не автономной, а по сути союзной республикой, имевшей статус суверенного государства”. მათი აზრით ეს სტატუსი კონსტიტუციურად გააფორმა 1925წ. აპრილში ჩატარებულმა აფხაზეთის საბჭოების III ყრილობამ (გვ. 342). ეს არის სრული სიცრუე, რომლითაც აგერ უკვე 3 ათეული წელია, რაც აბრიყვებენ ჩვენს აფხაზ თანამემამულეებს სეპარატისტული მოძრაობის იდეოლოგები, რომელთა შორის საპატიო ადგილი, რასაკვირველია, ს. ლაკობასაც უკავია. ქართულმა ისტორიოგრაფიამ მთელი დამაჯერებლობით აჩვენა აფხაზური სეპარატიზმის ამ ყალბი პოსტულატის აბსურდულობა და დოკუმენტურ მასალაზე დაყრდნობით საფუძველი სრულიად მკაფიოდ დაადასტურა უდავო ფაქტი – მიუხედავად იმისა, რომ 1921წ. 16 დეკემბერს თბილისში დადებული ხელშეკრულებით, აფხაზეთი, ფორმალურად, თითქოს ითვლებოდა სამოკავშირეო რესპუბლიკად, “დე-ფაქტო” ის ავტონომიურ რესპუბლიკას წარმოადგენდა.

აფხაზეთის შესვლა საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში (და არა ორი თანასწორუფლებიანი სუბიექტის – საქართველოს სსრ-სა და აფხაზეთის სსრ-ის გაერთიანება ერთიან ფედერაციულ სახელმწიფოში) დადასტურებული იყო აფხაზეთის სსრ-ის (1927წ.), საქართველოს სსრ-ის (1922წ.) კონსტიტუციებით. სსრკ-ის შექმნის შესახებ სამოკავშირეო ხელშეკრულებაში აფხაზეთი არაა ნახსენები ამ ახალი გაერთიანების – სსრ კავშირის – დამოუკიდებელ სუბიექტად (ასეთი საქართველოს სსრ-ც კი არ იყო) და ის ფიგურირებდა ავტონომიურ რესპუბლიკებს შორის.

აფხაზეთის, როგორც ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი, ოფიციალურადაა და-ფიქსირებული სსრ კავშირის 1924წ. კონსტიტუციაში: “автономные республики Аджарии и Абхазии, Юго-Осетинская, Нагорно-Карабахская и Нахичеванская автономные области посылают в Совет Национальностей по одному представителью”.[35] ის, რომ აფხაზეთის სსრ იმთავითვე იყო საქართველოს სსრ-ში შემავალი ავტონომიური ერთეული, ჩანს იქიდანაც, რომ მისი ბიუჯეტი იყო საქართველოს ბიუჯეტის ნაწილი, ხოლო აფხაზეთის სამთავრობო უწყებები და პარტიული ორგანოები ანგარიშვალდებულნი იყვნენ საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების, პარტიული სტრუქტურები კი – საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის წინაშე.

ყოველივე ეს აღიზიანებდა იმ ძალებს, რომლებიც თავის დროზე დემაგოგიურად ჰპირდებოდნენ სეპარატისტულად განწყობილ აფხაზობას საბჭოთა ხელისუფლების დამყარებისთანავე აფხაზეთის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის მოპოვებას. სწორედ ამ ძალებმა მოინდომეს თბილისსა და სოხუმს შორის 1921-1925 წწ. ჩამოყალიბებული სახელმწიფოებრივ-სამართლებრივი ურთიერთობის ერთგვარი რევიზია. მათი ზეწოლით მომზადდა აფხაზეთის სსრ-ის პირველი კონსტიტუციის პროექტი, რომელიც დაამტკიცა აფხაზეთის საბჭოების III ყრილობამ 1925წ. მაგრამ ეს მცდელობა საქართველოსა და ამიერკავკასიის ზემდგომ პარტიული ინსტანციების ჩარევის შედეგად ჩავარდა. ზემდგომი პარტიული და საბჭოთა ინსტანციების, პირველ რიგში, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტისა და საქართველოს ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკის) მიერ ჩატარებული “აღმზრდელობითი მუშაობის” შედეგები შეჯამდა 1926 წლის 27 ოქტომბერს აფხაზეთის საბჭოების ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის III სესიაზე. იხელმძღვანელა რა საქართველოს ცაკის III სესიის პირდაპირი მითითებით, აფხაზეთის ხელისუფლების უმაღლესმა ორგანომ მიიღო კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც საბოლოოდ დაამტკიცა აფხაზეთის საბჭოების IV ყრილობამ 1927 წლის მარტში. 1927წ. აფხაზეთის სსრ-ის კონსტიტუციამ კიდევ ერთხელ დაადასტურა აფხაზეთის სსრ-ის ყოფნა საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში. 1931წ. აპრილში კი უკვე აფხაზეთის საბჭოების VI ყრილობამ სათანადო შესწორებები შეიტანა კონსტიტუციაში, რომლის მიხედვითაც აფხაზეთი უკვე ოფიციალურადაც გამოცხდდა ავტონომიურ საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკად საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში.

ასეთია ისტორიული სიმართლე ე.წ. “სუვერენული” აფხაზეთის საბჭოთა სოციალის-ტური რესპუბლიკის შესახებ 1921-1931 წლებში, რომელიც ფორმალურად იწოდებოდა რა ე.წ. “ხელშეკრულებით რესპუბლიკად” (“Договорная республика”), სინამდვილეში, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ოფიციალურად შედიოდა საქართველოს სსრ-ის შემადგენლობაში და “დე-ფაქტო” უკვე მაშინ წარმოადგენდა მის ავტონომიურ ერთეულს. ასე რომ, ყოველგვარი მტკიცება იმის შესახებ, თითქოს აფხაზეთის სსრ-ს 1921-1931 წლებში ჰქონდა საქართველოსაგან დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის _ მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსი, რომელიც მან დაკარგა 1931წ. “ყოვლისშემძლე ქართველების” ი. სტალინისა და ლ. ბერიას ვერაგული ქმედებების შედეგად, მხოლოდ პოლიტიკური ინსინუაციაა, რომლის მიზანია ერთი მხრივ, აფხაზურ მოსახლეობაში ანტიქართული განწყობილებების გაღვივება, ხოლო მეორე მხრივ, მსოფლიო თანამეგობრობის შეცდომაში შეყვანა.

“სახელმძღვანელოს” ავტორები, რასაკვირველია, უყურადღებოდ არ ტოვებენ ე.წ. “ქართველთა მასობრივი ჩასახლების” ყბადაღებულ თემას, რომელსაც ადგილი ჰქონდა XX ს. 40-იან 50-იანი წლების დამდეგს და ოსტატურად იყენებენ მას აფხაზურ მოსახლეობაში ანტიქართული განწყობილებების გასაღვივებლად (გვ. 356-358). ძირითადად იგულისხმება დასავლეთ საქართველოს მიწისძვრით დაზარალებული რაიონებიდან უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახების ორგანიზებული ჩასახლება აფხაზეთში XX ს. 40-იან წლებში. ეს პროცესი, როგორც ცნობილია, სეპარატისტთა მტკიცებით, იყო საქართველოს კომუნისტური ხელისუფლების მხრიდან აფხაზთა ეთნიკური ინდივიდუალობის მოშლისა და აფხაზეთის გაქართველების მიზანმიმართული აქცია.

ქართულ ისტორიოგრაფიაში სათანადო ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით საკმაოდ მკაფიოდაა ნაჩვენები, რომ თანამედროვე აფხაზეთის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან XX საუკუნემდე ქართული მოსახლეობა მუდამ სჭარბობდა აფხაზურს. ასე რომ, ზოგიერთი აფხაზი ისტორიკოსისა და პოლიტიკოსის დემაგოგიური მტკიცება, თითქოს დღევანდელი აფხაზეთის ტერიტორიაზე ქართული ეთნიკური უმრავლესობა გაჩნდა მხოლოდ XX ს. 30-40-იან წლებში ქართველთა ე.წ. “მასობრივი ორგანიზებული ჩასახლების” შედეგად, უბრალოდ სიცრუე და ისტორიის უხეში გაყალბებაა. რასაკვირველია, რომ არა აფხაზი ხალხის დიდი ეროვნული ტრაგედია – მუჰაჯირობა, რომლის ინსპირატორი და ნამდვილი შემოქმედი რუსეთის იმპერია იყო, აფხაზური მოსახლეობა XXს. 30-40-იან წლებში რაოდენობრივად უფრო მეტი იქნებოდა.

არც იმის უარყოფა შეიძლება, რომ მას მერე, რაც XIX ს. 60-70-იან წლებში აფხაზთა ერთმა ნაწილმა აფხაზეთში რუსული მმართველობის დამყარების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად დატოვა მშობლიური მხარე და ოსმალეთში გადაიხვეწა, მათი საცხოვრებელი ადგილები მართლაც დაიკავეს სხვა ერების წარმომადგენლებმა: რუსებმა, სომხებმა, ბერძნებმა და, რასაკვირველია, ქართველებმა (განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოს რაიონებიდან). ამასთან, ცნობილია ისიც, რომ კავკასიის რუსული ადმინისტრაცია ყოველნაირად ცდილობდა, არ დაეშვა ქართველთა მასობრივი დასახლება აფხაზეთში და ხელი შეეშალა მხარის ქართულ ეთნო-კულტურულ სივრცეში მოქცევისათვის. ამისათვის კი ერთ-ერთი მაღალჩინოსანი რუსი მოხელის, სოხუმის “ოკრუგის” ადმინისტრაციის უფროსის პოლკოვნიკ ბრაკერის განმარტებით (1995 წ.), აუცილებელი იყო „Вселение в Сухумский округ иноземного элемента допущенное в началепрекратить теперь же, в особенности вселение мингрельцев. Желательно сберечь возможно большой фонд свободной земли для водворения исключительно коренных русских людей“.[36]

„Русская колонизация округа, – წერდა მოგვიანებით ქუთაისის სამხედრო გუბერნატორი გენერალი გერშელმანი, – имеет большое государственное значение в политическом отношении. Абхазцы… до сих пор представляют из себя народность крайне малокультурную, мало развитую как в умственном, так и в нравственном отношении, шаткую в своих религиозных убеждениях и не раз уже проявившую свою политическую неблагонадежность. Все это вызывает необходимость особого внимания к ним. Помочь делу можно внесением в край русской гражданственности… Лучшим средством к осуществлению ся надо бесспорно признать колонизацию края русским населением“.[37] ეს არის მხოლოდ მცირე ნაწილი იმ მრავალფეროვანი დოკუმენტური მასალისა, რომლი-დანაც სრულიად ნათლად ჩანს, თუ ვინ ცდილობდა აფხაზთა ეროვნული თვითმყოფადობის მოშლას და აფხაზეთის ჩვეულებრივ რუსულ პროვინციად გადაქცევას.

საკითხავია, რატომ ივიწყებენ ყოველივე ამას ჩვენი ის აფხაზი კოლეგები, რომლებიც ასე სკრუპულოზურად ითვლიან არითმეტიკულად რამდენი ქართველი როდის ჩასახლდა არა სხვა სახელმწიფოში, არამედ თავისივე ქვეყნის, საქართველოს ძირძველ კუთხეში – აფხაზეთში. დიახ, მოსწონს ეს ვინმეს თუ არა, ვალდებული ვართ, კიდევ ერთხელ შევახსენოთ ყველას: აფხაზეთი ისტორიულად ყოველთვის იყო ერთიანი ქართული ეთნო-კულტურული და პოლიტიკურ-სახელმწიფოებრივი სამყაროს ორგანული ნაწილი, სამშობლო არა მხოლოდ ეთნიკურ აფხაზთა, არამედ, პირველ რიგში, სწორედ (და უფრო მეტადაც) ქართველთა. ასე რომ, ქართველების ადგილგადანაცვლება საცხოვრებლად თავისივე ქვეყნის ერთი კუთხიდან მეორეში, სულაც არ არის ვინმეს წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკური აქცია. რასაკვირველია, ეს ეხება 1937-1953 წლებსაც, როდესაც სახელმწიფო დონეზე მართლაც მოხდა ქართველთა მასობრივი ორგანიზებული ჩასახლება აფხაზეთში.

ბოლოს და ბოლოს, დროა, ყველამ შეიგნოს: ეს იყო ერთი ქვეყანა, ერთი სახელმწიფო, რომელიც ოფიციალურად იწოდებოდა – “საქართველოს სსრ”-დ, ხოლო “აფხაზეთის ასსრ” მისი შემადგენელი ნაწილი იყო. მოსახლეობის მიგრაციის გამოცხადება კი ერთი სახელმწიფოს ტერიტორიის შიგნით დანაშაულად, უბრალოდ, ელემენტარული ლოგიკის ვერავითარ ჩარჩოებში ვერ ჯდება. უფრო მეტიც, არავისთვის არაა საიდუმლო, რომ სსრ კავშირის არსებობის პერიოდში იყო ერთიანი მოქალაქეობა: თითოეულ ადამიანს პასპორტში ეწერა არა საქართველოს სსრ-ის (მით უფრო, აფხაზეთის ასსრ-ის) მოქალაქე, არამედ “სსრ კავშირის მოქალაქე”. აქედან გამომდინარე, ამ ერთიანი ქვეყნის ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო თავისი სურვილისამებრ აერჩია მუდმივი საცხოვრებელი ადგილი (ერთგვარი შეზღუდვა ამ მხრივ ჩაწერის ინსტიტუტის არსებობის გამო დიდ ქალაქებს ჰქონდა). რაც შეეხება “ორგანიზებულ გადასახლებას” (მხედველობაში არა გვაქვს ზოგიერთი “დამნაშავედ” მიჩნეული ხალხის ძალით აყრა თავიანთი მიწა-წყლიდან), მას ადგილი ჰქონდა არა მხოლოდ აფხაზეთში, არამედ სსრ კავშირის სხვა რეგიონებშიც და, პირველ რიგში, მოტივირებული იყო ეკონომიკური აუცილებლობით. ამისათვის თუნდაც ყაზახეთის მაგალითის გახსენება იკმარებდა, როდესაც ყამირი მიწების ასათვისებლად ამ რესპუბლიკაში ჩასახლდა ასეულ ათასობით რუსული ოჯახი. განა ასევე რუსული მოსახლეობის დიდი მასის “გადასროლა” არ ახლდა თან მრეწველობის გიგანტების მშენებლობას ამა თუ იმ ნაციონალურ რესპუბლიკაში? შორს რომ არ წავიდეთ, რად ღირს თუნდაც ენგურის ქაღალდკომბინატისა და ენგურჰესის მშენებლობები, რომლის დროსაც ზუგდიდის, წალენჯიხისა და გალის რაიონებში მთელი რუსული დასახლებები აღმოცენდა.

რატომ აღელვებთ ჩვენს აფხაზ ოპონენტებს რამდენიმე ათეული ათასი ქართველის ჩასახლება აფხაზეთში და რატომ არ იმაღლებენ ხმას, მაგალითად, იმის გამო, რომ 1886 წლიდან 1989 წლამდე რუსების რაოდენობა აფხაზეთში გაიზარდა, არც მეტი, არც ნაკლები, 70-ჯერ (!?) (დაახლოებით ამდენჯერვე გაიზარდა სომხური მოსახლეობაც). ან რა ასეთი ზიანი მიაყენა აფხაზეთს იქ ჩასახლებულმა ქართველობამ? იქნებ ის, რომ გაპარტახებული და გავერანებული რაიონები ნამდვილ წალკოტად აქცია.

დღეს უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, თუ ვინ იყო აფხაზეთში მატერიალური კეთილდღეობის ნამდვილი შემქმნელი და თუ როგორი “შემოქმედებითი შრომა-საქმიანობა” ძალუძთ მხარის “ერთადერთ აბორიგენებს – აფხაზებს”. ისტორიამ უკვე მეორეჯერ მოუწყო მათ გამოცდა. პირველად ეს იყო გვიან შუა საუკუნეებში, როდესაც მთიდან დაძრულმა “ბარბაროსული” მენტალიტეტის მატარებელმა ჯიქ-აფხაზთა ტალღამ ერთიანად წალეკა ცივილიზებული ქრისტიან ქართველ-აფხაზთა მიერ საუკუნეების მანძილზე დიდი რუდუნებით შექმნილი აყვავებული ქვეყანა, განვითარებული ფეოდალური ეკონომიკითა და მოწინავე ქრისტიანული კულტურით და აქცია ის ჩამორჩენილ, ველურ პროვინციად. ისმის კითხვა: იქნებოდა კი საერთოდ ამჟამინდელი აფხაზი ერი, თავისი ნაციონალური კულტურით, რომ არა გააფხაზებული ქართველები, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით სწორედ რომ საფუძველი დაუდეს აფხაზურ ეროვნულ-კულტურულ თვითშეგნებას?

მთელი კატეგორიულობით შეიძლება განვაცხადოთ, რომ აფხაზური ეროვნულკულტურული თვითშეგნების შემქმნელი ინტელექტუალური ელიტის პირველ ხუთეულში შედიან სწორედ ის მოღვაწენი, რომელთა ქართულ (მეგრულ) წარმომავლობაში წარმოუდგენელია ვინმემ ეჭვი შეიტანოს. ესენი არიან: აფხაზური ეროვნული ლიტერატურის ფუძემდებელი და ამავე დროს აფხაზური ანბანის ერთ-ერთი შემქმნელი დიმიტრი გულია; საყოველთაო აღიარებით აფხაზური პროზის პატრიარქად მიჩნეული ივანე პაპასქირი; აფხაზური პოეზიის კლასიკოსი იუა კოღონია; გამოჩენილი აფხაზი მეცნიერ-პედაგოგი ანდრია ჭოჭუა; გამოჩენილი აფხაზი ისტორიკოსი გიორგი ძიძარია. რასაკვირველია, აფხაზური კულტურისა და მეცნიერების განვითარებაში არაერთმა სხვა მოღვაწემაც შეიტანა თავისი წვლილი, მაგრამ ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ აფხაზი ერის ნაციონალურ-კულტურული ინდივიდუალობის ჩამოყალიბებას განსაკუთრებული ბიძგი სწორედ ამ “დიდმა ხუთეულმა” მისცა. ამაში ნამდვილად ძნელია ვინმე მათ პირველობას შეეცილოს. აი, როგორი “შევსება” მისცა ქართველობამ მოძმე აფხაზ ხალხს. და რაოდენ სავალალოა, რომ ყოველივე ამას ივიწყებენ არა მარტო რუსულ იმპერიულ ანტიქართულ პროპაგანდას აყოლილი აფსუა-აფხაზები, არამედ ისტორიულ მეხსიერებაზე დამბლადაცემული ამჟამად გააფხაზებული, გუშინდელი ტომით ქართველები.

“სახელმძღვანელოში”, როგორც მოსალოდნელი იყო, მთლიანად გატარებულია ე.წ. “აფხაზი ხალხის ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის” სეპარატისტული ხედვა, რაც აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებში მთლიანად ქართული მხარის დამნაშავედ გამოყვანას გულისხმობს. ამ თვალსაზრისით, საგანგებოდაა ხაზგასმული დაპირისპირება ისტორიოგრაფიის სფეროში (გვ. 370-376).

“სახელმძღვანელოში” ცალკე პარაგრაფადაა გამოყოფილი ე.წ. “Отечественная война народа Абхазии 1992-1993 годов”, რომელშიც, ბუნებრივია, ყველაფერი ბრალდება ქართულ მხარეს. ავტორები იმეორებენ მითს იმის შესახებ, თითქოს 1992წ. 14 აგვისტოს საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროსადმი დაქვემდებარებული სამხედრო ნაწილების გადაადგილება საქართველოს სახელმწიფოს (რომლის სუვერენიტეტი – საქართველოს სსრ-ის 1991 წლის საზღვრებში – აღიარებული იყო საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ) შიგნით – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე იყო ინტერვენცია. არადა ე. ი. ცხადზე უცხადესია, რომ სამართლებრივი თვალსაზრისით, ამ შემთხვევაში, არავითარ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. დანაშაული მოხდა მაშინ, როდესაც საქართველოს რესპუბლიკის შინაგანი ჯარის კოლონას ოჩამჩირის რაიონის სოფ. ოხურეისთან ე.წ. “აფხაზური გვარდიის” (თავისთავად უკანონო სამხედრო ფორმირების) “ბოევიკებმა” მოულოდნელად ცეცხლი გაუხსნეს. სხვათა შორის, “აფხაზური გვარდიის” მხრიდან შეიარაღებული წინააღმდეგობის გაწევა, რომელსაც მოჰყვა კონფლიქტის ინსპირირება, მოულოდნელი აღმოჩნდა, ვინაიდან აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო კონტინგენტის გადაადგილების საკითხი ქვეყნის ცენტრალურ ხელისუფლებას წინასწარ ჰქონდა შეთანხმებული პირადად ვ. არძინბასთან. ის, რომ შეთანხმება (მართალია, სიტყვიერი) თბილისსა და სოხუმს შორის სამხედრო ნაწილების აფხაზეთის ტერიტორიაზე გადაადგილების შესახებ ნამდვილად არსებობდა, ეს ამ რამდენიმე წლის წინ ოფიციალურად დაადასტურა არა სხვა ვინმემ, არამედ თვით დღევანდელი სეპარატისტული რეჟიმის მეორე პირმა („ვიცე-პრეზიდენტმა“), იმჟამად აფხაზეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ანქვაბმა.[38]

“სახელმძღვანელოს” ავტორები ყოველნაირად ცდილობენ მკითხველი დაარწმუნონ იმაში, რომ “სამამულო ომი” მოიგო აფხაზმა ხალხმა, “მოძმე” ჩრდილო-კავკასიელი და კაზაკი “მოხალისეების” დახმარებით”. სინამდვილეში კი მთავარ დამრტყმელ ძალას, რომელმაც გადამწყვეტი გავლენა მოახდინა შეიარაღებული დაპირისპირების შედეგზე, წარმოადგენდა ოფიციალური რუსული სამხედრო მანქანა, თავისი არტილერიით, ავიაციითა და სამხედრო ფლოტით, ხოლო სამხედრო ოპერაციებს უშუალოდ წარმართავდა რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი.[39] ეს თუ მანამდე ვინმეს ეეჭვებოდა, დღეს უკვე, მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციამ ჩაიდინა 2008 წ. აგვისტოში, ცხადზე უცხადესი გახადა თუ ვინ იყო ნამდვილი ინსპირატორი და მთავარი სულისჩამდგმელი 1992-1993 წლებში საქართველოში მოწყობილი სეპარატისტული ამბოხებებისა და ვინ აწარმოებდა “ჯვაროსნულ” ომს ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ და ვინ დგას აფხაზი სეპარატისტების მიერ 1993წ. მოპოვებული “დიადი გამარჯვების” უკან.

დაბოლოს, ო. ბღაჟბასა და ს. ლაკობას ე.წ. “აფხაზეთის ისტორიის” “სახელმძღვანელოზე” მსჯელობისას არ შეიძლება არ აღინიშნოს XIX-XX საუკუნეების აფხაზეთის კულტურული ცხოვრებიდანაც ყოველივე ქართულის სრული იგნორირება. ნებისმიერი გაუთვითცნობიერებელი მკითხველი ამ “სახელმძღვანელოს” გაცნობის შემდეგ უთუოდ დაასკვნის, რომ აფხაზეთში არასოდეს ყოფილა არც ქართული მწერლობა, არც ქართული თეატრი, რომ აქ მეცნიერულ მოღვაწეობას ეწეოდნენ მხოლოდ და მხოლოდ აფხაზები. საკმარისი აღინიშნოს, რომ ქართველ მოღვაწეთაგან დასახელებულნი არიან მხოლოდ ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის მუშაკები: ალ. გრიგოლია, ნ. რუხაძე, ნ. შუბლაძე, პ. ჯაფარიძე, აგრეთვე მეცნიერი-ისტორიკოსები: სიმონ ჯანაშია, არველოდ კუპრავა და გიორგი ანჩაბაძე, თუმცა ეს უკანასკნელნი გამოცხადებულნი არიან “из среды абхазского народа”-დ გამოსულებად (გვ. 361). “სახელმძღვანელოს” ავტორთა “გულმავიწყობა” იქამდეც კი მიდის, რომ მათ გამორჩათ ისეთი მოღვაწენი, როგორიცაა აფხაზური ენის აღიარებული მკვლევარი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი მირიან ციკოლია – იგივე ცნობილი ქართველი პოეტი მირიან მირნელი, რომელმაც არაერთი აფხაზი პოეტის ნაწარმოები ააჟღერა ქართულად, ქართულ-აფხაზური ლიტერატურული ურთიერთობის მკვლევარი და აფხაზური კულტურის დიდი მოამაგე პროფ. ოთარ ჭურღულია, ცნობილი ენათმეცნიერი-აფხაზმცოდნე ბაგრატ ჯანაშია და ათეულობით ღირსეული ქართველი მწერალი, ხელოვანი და მეცნიერი.

ასეთია, ჩვენი ზოგადი შთაბეჭდილებები ო. ბღაჟბასა და ს. ლაკობას ე.წ. “აფხაზეთის ისტორიის” “სახელმძღვანელოზე”. რასაკვირველია, აღნიშნულ გამოცემაზე კიდევ არაერთი კრიტიკული კომენტარის გაკეთება შეიძლებოდა, მაგრამ ამჯერად ამით შემოვიფარგლებით.

შ ე ნ ი შ ვ ნ ე ბ ი


[1] О. Х. Бгажба, С. З. Лакоба. История Абхазии. С древнейших времён до наших дней. 10-11 классы. Учебник для общеобразовательных учебных учреждений. Сухуми, 2006.

[2] О. Х. Бгажба, С. З. Лакоба. История Абхазии. С древнейших времён до наших дней. Сухуми, 2007.

[3] История Абхазии. Учебное пособие. Гл. ред. С. Лакоба. Сухуми, 1991. ამ წიგნის ხელმეორე გამოცემა განხორციელდა 1993წ. გუდაუთაში.

[4] М. П. Инадзе. Вопросы этнополитической истории древней Абхазии. – კრებ.: „Разыскания по истории Абхазии/Грузия“. Тб., 1999, გვ. 61.

[5] . ლომოური. ძველი აფხაზეთის ეთნოკულტურული ისტორიიდან. თბ., 1998, გვ. 33.

[6] დაწვრილ. იხ.: ზ. პაპასქირი. ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან, ნაკვ. I. უძველესი დროიდან 1917 წლამდე. თბ., 2004, გვ. 37-56; ელექტრონული ვერსია იხ.: http://sites.google.com/site/zpapaskiri/publications-georgian; З. В. Папаскири. „Абхазское” царство – грузинское государство. – საისტორიო ძიებანი, VIII-IX, წელიწდეული ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის პერიოდული სამეცნიერო გამოცემა. თბ., 2006, გვ. 68-104. ელექტრონული ვერსია იხ.: http://sites.google.com/site/saistoriodziebani/dziebani2005-2006

[7] З. В. Анчабадзе. Из истории средневековой Абхазии. Сухуми, 1959, გვ. 178.

[8] . ანჩაბაძე. “შიდა ლაშქრის” (“შიდა სპას”) მნიშვნელობის გარკვევისათვის. – მაცნე, #1, 1987, გვ 85-86. ამის შესახებ დაწვრ. იხ.: . პაპასქირი. ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა და საქართველოს საგარეო პოლიტიკური მდგომარეობის ზოგიერთი საკითხი. თბ., 1990, გვ. 188-189.

[9] იხ.: Комментарий 17 к главе 42. – წგნ.: Константин Багрянородный. «Об управлении империей». Текст, перевод, комментарии. Под. ред. Г. Г. Литаврина, А. П. Новосельцева. М., 1989, с. 401 (ხაზგასმა ჩვენია – ..). სხვათა შორის, “აფხაზთა” სამეფო ქართულ სახელწიფოებრივ გაერთიანებად მიაჩნდათ სხვა არანაკლებ ცნობილ რუს კავკასიოლოგებს, მათ შორის ვ. მინორსკის. ამის შესახებ იხ.: З. В. Папаскири. „Абхазское” царство.., გვ. 68-70.

[10] . პაპასქირი. ერთიანი ქართული ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნა.., გვ. 68-71.

[11] გ. ცქიტიშვილი. “ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი”-ს ერთი ადგილის წაკითხვისათვის. – საქართველო რუსთაველის ხანაში. თბ., 1966, გვ. 222-227; ილ. ანთელავა. მასალები “ისტორიათა და აზმათა” ტექსტის დადგენისა და ინტერპრეტაციისათვის. – წგნ.: ილ. ანთელავა. XI-XIVსს. ქართული საისტორიო წყაროები. თბ., 1988, გვ. 142-147; З. В. Папаскири. Территория Абхазии в XI-XVвв. – კრებ.: „Разыскания по истории Абхазии/Грузия“. Тб., 1999, გვ. 179; . ბახტაძე. ერისთავობის ინსტიტუტი საქართველოში. თბ., 2003, გვ. 245-247; . გოგოლაძე. “აფხაზთა” საერისთავოს, დღევანდელი აფხაზეთის ძველ ეთნოსთა ვინაობისა და ეთნოსის მკვიდრობის საკითხი. თბ., 1995, გვ. 12-14.

[12] М. Н. Тихомиров. Киевская Русь. – წგნ. М. Н. Тихомиров. Древняя Русь. М, 1975, გვ. 36-37.

[13] Н. Ф. Котляр. Грузинские сюжеты древнерусских летописей. – კრებ.: “Из истории украинско-грузинских связей”, III. Тб., 1975, გვ. 7-19.

[14] ამის შესახებ დაწვრ. იხ.: З. В. Папаскири. У истоков грузино-русских политических взаимоотношений. Тб., 1982, გვ. 116-123; Г. Г. Пайчадзе. Названия Грузии в русских письменных исторических источниках. Тб., 1989, გვ. 11-60.

[15] В. Б. Пфаф. Материалы для древней истории Осетии. – Сборник сведений кавказских горцев. Тифлис, вып. IV, 1870, გვ. 31-32.

[16] ვ. კიკნაძე. ლათინური წყარო XIVს. საქართველოს შესახებ, – თსუ შრომები, ტ. 243. თბ., 1983, გვ. 104.

[17] აქვე, სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სხვა ადგილას (გვ. 220) ავტორები მართებულად მიუთითებენ, რუსულ-ოსმალური დაპირისპირების გადამწყვეტ როლზე აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებში.

[18] Акты, собранные Кавказскою археографической комиссиею. Под ред. А. Берже, т. II. Тифлис, 1868, გვ. 527.

[19] Материалы для описания русско-турецкой войны 1877-1878гг. Т. V. Тифлисъ, 1909, გვ. 341.

[20] Материалы для описания русско-турецкой войны.., გვ. 331.

[21] С. З. Лакоба. В чем провинился учитель? – გაზ. სახალხო განათლება, 14 ივნისი, 1990, გვ. 8; С. З. Лакоба. Очерки политической истории Абхазии. Сухуми, 1990, გვ. 41-43 და სხვ.

[22] მასალა მოტანილია: ს. ლეკიშვილი. პასუხად ისტორიკოს ს. ლაკობას. – გაზ. „სახალხო განათლება“, 14 ივნისი, 1990, გვ. 14.

[23] ს. ლეკიშვილი. პასუხად ისტორიკოს ს. ლაკობას, გვ. 9.

[24] Н. А. Лакоба. Статьи и речи. Сухуми, 1987, გვ. 213.

[25] . სილაგაძე, . გურული. ისტორიულ-პოლიტიკური ნარკვევები. თბ., 2001, გვ. 325, ხაზგასმა ჩვენია – ..

[26] А. Ментешашвили. Исторические предпосылки современного сепаратизма в Грузии. Тб., 1998, გვ. 61.

[27] დოკუმენტი იხ. წიგნში: აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რეგიონების სტატუსი საქართველოს შემადგენლობაში (1917-1988). პოლიტიკურ-სამართლებრივი აქტების კრებული. კრებულის შემდგენელი და მთავარი რედაქტორი თამაზ დიასამიძე. თბ., 2004, გვ. 212, ხაზგასმა ჩვენია – ..

[28] Д. Гамахария, Б. Гогия. Абхазия – историческая область Грузии. Тб., 1997, გვ. 436, ხაზგასმა ჩვენია – ..

[29] Дж. Гамахария, Б. Гогия. Абхазия – историческая область Грузии…, გვ. 85.

[30] Дж. Гамахария, Б. Гогия. Абхазия – историческая область Грузии…, გვ. 85-86.

[31] Материалы по истории Абхазии. Вып. 1. Сухуми, 1990, გვ. 9.

[32] Р. Ходжаа. Документы и материалы Абхазского Народного Совета. 1918-1919гг. Сухуми, 1999, გვ. 23.

[33] . ჩიტაია. აფხაზეთის საკითხი საქართველოს პირველ რესპუბლიკაში. აფხაზეთის სახალხო საბჭო 1917-1921 წლებში. თბ., 2006, გვ. 270.

[34] . ჩიტაია. აფხაზეთის საკითხი.., გვ. 271.

[35] Л. Тоидзе. К вопросу о политическом статусе Абхазии. – კრებ: “Разыскания по истории Абхазии/Грузия”. Тб., 1999, გვ. 303, ხაზგასმა ჩვენია – ..

[36] С. З. Лакоба. Очерки политической истории Абхазии, გვ. 40, ხაზგასმა ჩვენია – ..

[37] Доклад Кутаисского военного губернатора по военно-народному управлению, 2 сентября 1900 года. – წგნ.: . სილაგაძე, . გურული. ისტორიულ-პოლიტიკური ნარკვევები. თბ., 2001, გვ. 309, ხაზგასმა ჩვენია – ..

[38] „Александр Анкваб отвечает – Историю Абхазии нельзя скроить из президентских мифов и небылиц“.– გაზ.: „Аитаира“, №10, 25.VI.2003. მასალა მოყვანილია გაზეთიდან: „Свободная Грузия“, №198-199, 18.VII. 2003.

[39] ამის შესახებ დაწვრილ. იხ. ზ. პაპასქირი. აფხაზეთის კონფლიქტის რაობა და მისი მონაწილენი. ანუ ვინ ებრძოდა საქართველოს. – საისტორიო ძიებანი. წელიწდეული, ექვთიმე თაყაიშვილის სახელობის საქართველოს საისტორიო საზოგადოების აფხაზეთის ორგანიზაციის პერიოდული სამეცნიერო გამოცემა, II. თბ., 2006.

აღნიშული რეცენზიის ოდნავ შემოკლებული

ვარიანტი დაიბეჭდა გაზ.: „საქართველოს რესპუბლიკაში“  

იხ. ზურაბ პაპასქირი. ცრუ ისტორია. ოლეგ ბღაჟბას

და სტანისლავ ლაკობას”აფხაზეთის ისტორიის”

სახელმძღვანელოს შესახებ.გაზ.: „საქართველოს რესპუბლიკა,

24, 25, 28, 29 აპრილი. 2009.

 

Advertisements

2 Responses to “• პაპასქირი- ცრუ ისტორია”

  1. ვიკიპედიაზე რატო არ დადეთ ? რუსულად გადათარგმენთ და ვიკიპედიაზე დადეთ…

    კარგი იქნება თუ შეასწორებთ ვიკიპედიაზეც. მადობთ

    https://ru.wikipedia.org/wiki/%D0%98%D1%81%D1%82%D0%BE%D1%80%D0%B8%D1%8F_%D0%90%D0%B1%D1%85%D0%B0%D0%B7%D0%B8%D0%B8

    Like

  2. მადლობა სტატიისთვის

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s