Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• პაპასქირი – საქართველო-რუსეთის ომი

 

ზურაბ პაპასქირი,

ისტორიის  მეცნიერებათა  დოქტორი,

სოხუმის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის 

 პროფესორი

 

 

 საქართველო-რუსეთის  ომი  და  აფხაზეთის  კონფლიქტის

მოწესრიგების  პერსპექტივები

 

 პირველ რიგში, 2008წ. აგვისტოს მოვლენების დეფინიციის შესახებ. ქართულ საზოგადოებაში და უცხოელ ანალიტიკოსთა პუბლიკაციებში ვხვდებით განსაზღვრებებს: “საქართველო-რუსეთის ომი”, “საქართველო-რუსეთის კონფლიქტი”. უფრო მეტიც, ხშირად სვამენ სავსებით ბუნებრივ კითხვას იმის შესახებ თუ მერამდენე ომია ეს რუსეთ-საქართველოს შორის. დიახ, რამდენად ტრაგიკულადაც არ უნდა მოგვეჩვენოს ეს _ ერთი რამ ცხადზე უცხადესია: საქართველო-რუსეთის ურთიერთობები სულაც არ ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ “ძმური” და “მეგობრული”, როგორც ამას, არსებული პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე, გვიქადაგებდნენ ათწლეულების მანძილზე. უფრო მეტიც, საქართველოს კომუნისტური ხელისუფლება პროლეტარული ინტერნაციონალიზმის “უკვდავი” იდეების პროპაგანდაში ისე შორსაც კი მიდიოდა, რომ თვით 1801წ. აქტის გამართლებასაც კი ცდილობდა.

 

ასე მაგალითად, 1976წ. ე.წ. “საქართველოს რუსეთთან შეერთების” 175 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე, რომელიც ტელევიზიითაც გადაიცა, და რომელსაც საგანგებოდ მოწვეული წამყვანი ქართველი ისტორიკოსებიც ესწრებოდნენ, რესპუბლიკის მაშინდელმა პარტიულმა ლიდერმა ერთგვარი ჭკუის სწავლებით მოუწოდა მათ ამოეღოთ ხმარებიდან “ნაკლები ბოროტების” სტალინისეული ფორმულა [ეს ფორმულა პირველად გაჟღერდა XXს. 30-იან წლებში _ 1937წ. გამოქვეყნებულ, “სსრკ ისტორიის მე-3-ე და მე-4-ე კლასების საუკეთესო სახელმძღვანელოს გამოსავლენად მოწყობილი კონკურსის “სამთავრობო კომისიის ჟიურის გადაწყვეტილებაში” («Постановление жюри Правительственной комиссии по конкурсу на лучший учебник для 3-го и 4-го классов по истории СССР»), რომლის ავტორად სავსებით მართებულად სწორედ ი. სტალინს მიიჩნევენ. აღნიშნულ დოკუმენტში დიდი ბელადი მიუთითებდა, რომ ”Факт перехода, например, Грузии в конце XVIII ст. под протекторат России, точно так же, как факт перехода Украины под власть России, рассматривается авторами как абсолютное зло, вне связи с конкретными историческими условиями того периода; авторы не видят, что перед Грузией стояла тогда альтернатива – или быть поглощенной шахской Персией и султанской Турцией, или перейти под протекторат России, точно так же как перед Украиной стояла тогда альтернатива – или быть поглощенной панской Польшей и султанской Турцией, или перейти под власть России; они не видят, что вторая перспектива была всё же наименьшим злом” (ამის შესახებ იხ.: К изучению истории. М., Партиздат ЦК ВКП(б), 1937, გვ.. 38; И. Лосев. Украинские учёные – о Переяславской раде.., ელექტრონ. ვერსია: http://www.ukrlife.org/main/prosvita/rada_los.htm). მოგვიანებით (1951წ.) ამ ფორმულის სწორი გააზრება წარმოადგინა ცნობილმა რუსმა მეცნიერმა აკად. მ. ნეჩკინამ, რომელმაც მოუწოდა ისტორიკოსებს სიფრთხილისაკენ სტალინისეული ფორმულის ამა თუ იმ რეგიონისადმი მისადაგებისას (М. В. Нечкина. К вопросу о формуле «наименьшее зло». – Вопросы истории. №4 1951)]. ამას და­ა­ხ­­ლო­ე­ბით ასეთი ახსნა მიეცა: საქართველო-რუსეთის ისტორიულ ურთიერთობებს, მით უფრო სოციალისტური თანაცხოვრების საბჭოურ გამოცდილებას, არ შეეფერება სიტყვა “ბოროტება”, რამდენად შემსუბუქებულიც არ უნდა იყოს ის განსაზღვრებით _ “ნაკლები”. საქართველოს კომუნისტური ხელმძღვანელობის პირველი პირის ეს განცხადება, როგორც შემდეგ გამოირკვა შემთხვევითი არ ყოფილა. ამით ოფიციალური თბილისი ამზადებდა ნიადაგს 1801წ. აქტის 180 წლისთავის საზეიმო აღნიშვნისათვის, რაც იმპერიის წინაშე საქართველოს ლოიალობის მორიგ დემონსტრირებად უნდა ქცეულიყო. მაგრამ ქართველი ისტორიკოსები არ აყვნენ ხელისუფლების ამ ინიციატივას, რის შემდეგ არჩევანი გეორგიევსკის ტრაქტატის დადების 200 წლისთავის იუბილის ჩატარებაზე შეაჩერეს.

არადა, იმის აღიარებას, რომ 1801წ. აქტი, რომლითაც დაიწყო ქართული სახელმწიფოებრიობის მოშლა, ნამდვილად იყო ბოროტება (და არავითარი “ნაკლები” _ ეს ფორმულა, უკეთეს შემთხვევაში გეორგიევსკის ტრაქტატზე თუ შეიძლება განვავრცოთ) მაინც და მაინც დიდი სიბრძნე არ უნდა დასჭირვებოდა. სხვათა შორის, ჭკუანაღრძობი ქართველი კომუნისტი ლიდერებისაგან განსხვავებით, ეს კარგად ესმოდათ თვით ბოლშევიკური კონიუნქტურის ისეთ იდეურ გამტარებლებსაც კი, როგორიც იყო აკად. მ. პოკროვსკი. მაგალითად, ცნობილია, თუ რა დაჟინებით უმტკიცებდა ის ფილიპე მახარაძესა და მის ქართველ თანამოაზრეებს (XXს. 20-იან წლებში), რომ 1801წ. აქტი იყო რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს დაპყრობა (“завоевание”).

მართალია, ერთი შეხედვით, ძნელია 1801წ. აქტი განვიხილოთ, როგორც საქართველო-რუსეთის ომის დასაწყისი, ვინაიდან მაშინ შეიარაღებულ დაპირისპირებას ადგილი არ ჰქონია. მაგრამ თუ არა ომი რა უნდა ეწოდოს მოვლენას, როდესაც ერთი სახელმწიფო (რუსეთის იმპერია) ფეხქვეშ თელავს მის მიერვე ინიციირებულ სამშვიდობო-სამოკავშირეო ხელშეკრულებას (1883წ. გეორგიევსკის ტრაქტატს) მეორე სახელმწიფოსთან (ქართლ-კახეთის სამეფო), დაუკითხავად შეჰყავს ჯარი მეზობელ, დიახ მეზობელ ქვეყანაში, რომელიც ოფიციალურად ჯერ კიდევ დამოუკიდებელ (თუმცა რუსეთის მფარველობის ქვეშ მყოფ) სახელმწიფოს წარმოადგენს, ამხობს არსებულ სახელმწიფოებრივ წყობას და აწესებს უშუალო რუსულ მმართველობას. არაფერს ვამბობთ 1804წ. მთიულეთისა და 1812წ. კახეთის აჯანყებებზე, რომლებიც რუსეთის იმპერიის მესვეურებმა სისხლში ჩაახშვეს და რომლებიც ნამდვილად შეიძლება განვიხილოთ 1801წ. დაწყებული რუსეთ-საქართველოს ომის ეტაპებად. უფრო ღიად და ცინიკურად იმოქმედა რუსეთის იმპერიამ 1810წ., როდესაც ვერაგულად დაარღვია 1804წ. დადებული ელაზნაურის ტრაქტატი, ტახტიდან გადააყენა იმერეთის უკანასკნელი მეფე სოლომონ II, დაიპყრო იმერეთის სამეფო და იქ რუსული სამხედრო-საოკუპაციო რეჟიმი დაამყარა. ამ აქტის შემდგომი გაგრძელება იყო 1819-1820წწ. იმერეთის აჯანყების ჩახშობა.

სამხედრო ძალის გამოყენების გარეშე არ ჩაუვლია სამეგრელოსა და აფხაზეთის ავტონომიური სამთავროების გაუქმებას. განსაკუთრებით მწვავე რეაქცია ამ აქტს, როგორც ცნობილია, აფხაზეთში მოჰყვა, სადაც ადგილობრივი აფხაზური მოსახლეობა არ შეურიგდა სამთავროს გაუქმებას და ორჯერ (1866 და 1977 წლებში) აჯანყდა იმპერიის წინააღმდეგ. რუსეთის ხელისუფლებამ ორივე ეს გამოსვლა სისხლში ჩაახშო, ამბოხებული აფხაზობა საერთოდ “დამნაშავე მოსახლეობად” გამოაცხადა და მათი დიდი ნაწილი მუჰაჯირების სტატუსით ოსმალეთში გადაასახლა. ამით დასრულდა საქართველოს დაპყრობის რუსული გეგმის რეალიზაცია, რომელსაც იმპერიამ 70 წელზე მეტი ხანი მოანდომა.

ამრიგად, მთელი კატეგორიულობით შეიძლება ვამტკიცოთ, რომ იმპერატორ ალექსანდრე I-ის 1801წ. 12 სექტემბრის მანიფესტით რუსეთის იმპერიის ხელისუფლებამ მწვანე შუქი აუნთო დაპყრობით სამხედრო ოპერაციას საქართველოში, რომელიც წარმატებით დაასრულა XIXს. 60-70-იან წლებში. ამ ოპერაციის ნამდვილი მიზანი ქართული სახელმწიფოებრიობის მოშლა და რუსული მმართველობის დამყარება იყო და არა ზრუნვა საქართველოს სახელმწიფოებრივ მომავალზე, მისი ისტორიული საზღვრების აღდგენაზე (საქართველოს ისტორიული პროვინციების დაბრუნების თემამ პირველად ჯერ კიდევ 1783წ. ქართლ-კახეთის სამეფოსა და რუსეთის იმპერიას შორის გეორგიევსკში დადებული ხელშეკრულების ე.წ. “სეპარატულ” (საიდუმლო) მუხლებში გაიჟღერა.), როგორც ეს წარმოუდგენია რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელ ლიდერებს, რომელთაც რატომღაც ჰგონიათ, რომ საქართველო დღევანდელ საზღვრებში მხოლოდ რუსეთის იმპერიის წყალობით მოექცა. აღსანიშნავია, რომ მათ ფეხს უბამენ აფხაზური სეპარატიზმის თანამედროვე იდეოლოგებიც. ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ მოსკოვში მოღვაწე აფხაზი იურისტი ტ. შამბა (ერთ დროს სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემიის პარტიული ბოსი, შემდგომ სსრ კავშირის სახალხო დეპუტატი გუდაუთის რაიონიდან). აი როგორ სიბრძნეს აფრქვევს ის თავის თანამოაზრე რუს “თეორეტიკოსთან” ვინმე ა. ნეპროშინთან ერთად: „Домыслы о существовании Грузии на протяжении 26 веков не имеют ничего общего с исторической действительностью … До мая 1918г. государство „Грузия“, как и ее территория, не существовало! Только с объединением нескольких отдельных независимых княжеств, располагавшихся на территории Закавказья, из которых ни одно не носило самоназвание „Грузия“, в единое государство и присвоением этому объединению указанного наименования юридически правомерно возникновение такой страны, с этого момента – и не ранее! Ссылки грузинских политиков на то, что все эти территории в XI-XIIIвв. принадлежали Грузии, – полная бессмыслица, поскольку такого государства до 26 мая 1918г. не было“. (იხ.: Т. Шамба, А. Непрошин. Постсоветское пространство после Беловежья. Абхазия – De Facto и De Jure. – Периодический политический журнал: „Гражданин“, №2, 2004. ელექტრონ. ვერსია: http://www.grazhdanin.com/grazhdanin.phtml?var=Vipuski/2004/1/statya8&number=%E2%84961%C2%A02004%D0%B3. ხაზგასმა ჩვენია _ ..).

მართალია, XIX საუკუნეში მიმდინარე რუსეთ-თურქეთის ომების (1806-1812, 1828-1829, 1877-1878 წლების) შედეგად საქართველოს მართლაც დაუბრუნდა თავისი ისტორიული კუთხეები: სამცხე-ჯავახეთის მნიშვნელოვანი ნაწილი, აჭარა და ა.შ. (აღსანიშნავია, რომ “სამხრეთის ტერიტორიების” სრულად შემოერთების შანსი საქართველოს XX საუკუნეშიც მიეცა, როდესაც მეორე მსოფლიო ომის დამთავრების შემდეგ შეიქმნა ხელსაყრელი სიტუაცია თურქეთის “დასჯისა” და მისთვის ისტორიული ქართული (ასევე სომხური) ტერიტორიების “წართმევისა”, მაგრამ სსრ კავშირის მაშინდელი ხელმძღვანელობა და, პირველ რიგში, თვით ი. სტალინი მოერიდა დასავლეთელი მოკავშირეების განაწყენებას და არ მოინდომა თურქეთთან არსებული საზღვრების გადასინჯვა. ასე დარჩა საქართველოს ფარგლებს გარეთ ქართველებით დასახლებული ისტორიული ტაო-კლარჯეთის უდიდესი ნაწილი. ამის შესახებ იხ.: ერთი იდეოლოგიური კამპანიის ისტორიიდან. საბჭოთა კავშირის ტერიტორიული პრეტენზიები თურქეთისადმი 1945-1953 წლებში. მასალები გამოსაცემად მოამზადა და შესავალი წერილი დაურთო ჯ. სამუშიამ. თბ., 2003.), მაგრამ ცხადზე უცხადესია, რომ რუსეთის ხელისუფლება ამ ტერიტორიების შემოერთებისას ოდნავადაც არ ფიქრობდა ისტორიული საქართველოს სახელმწიფოებრივ-ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ის უბრალოდ ზრუნავდა თავისი უკიდეგანო იმპერიის შემდგომ ტერიტორიულ განვრცობაზე. უფრო მეტიც, ცნობილია, თუ როგორ უშლიდა იმპერია ხელს ჩვენი ქვეყნის ცალკეული კუთხეების: სამცხე-ჯავახეთის, აფხაზეთის, აჭარის, თვით სამეგრელოსა და სვანეთის ინტეგრირებას ერთიან ქართულ კულტურულ-ეკონომიკურ და პოლიტიკურ სივრცეში. დროა გაიგოს ყველამ, შინ თუ გარეთ, რომ რუსეთს ერთიანი საქართველო კი არ სჭირდებოდა არამედ თბილისისა და ქუთაისის რუსული გუბერნიები. თუმცა არც იმის უარყოფა იქნებოდა მართებული, რომ რუსეთის მფლობელობის დამყარებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის თვალსაზრისით ნამდვილად ჰქონდა პოზიტიური მნიშვნელობა, ვინაიდან ცალკეულ სამეფო-სამთავროებად დაქუცმაცებული ქვეყანა საბოლოოდ კვლავ ერთიან სახელმწიფოებრივ (მართალია ჯერ საერთო-რუსულ) სივრცეში მოექცა, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა კიდეც 1918წ. ერთიანი დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს აღდგენისათვის სათანადო ტერიტორიული ბაზისის შექმნა (ზ. პაპასქირი. საქართველოს ტერიტორიული და სახელმწიფოებრივი მთლიანობის პრობლემა უძველესი დროიდან დღემდე. _ საისტორიო ძიებანი, V, თბ., 2002, გვ. 13-14. ელექტრონ. ვერსია: http://sites.google.com/site/saistoriodziebani/dziebani2002 ).

ერთი სიტყვით, 1801წ. აქტი ნამდვილად შეიძლება ჩაითვალოს საქართველო-რუსეთის პირველი ომის დასაწყისად. მეორე ომი რუსეთთან საქართველომ 1921წ. გადაიხადა, როდესაც ამჯერად უკვე ბოლშევიკურმა რუსეთის იმპერიამ არ უღალატა ტრადიციას, ვერაგულად დაარღვია მის მიერვე 1920წ. 7 მაისს ხელმოწერილი საქართველო-რუსეთის სამშვიდობო ხელშეკრულება და წითელი ურდოები შემოუსია საქართველოს, მოახდინა მისი ანექსია და ოკუპაცია და სუვერენული სახელმწიფო რუსული იმპერიის ნაწილად გადააქცია.

საქართველო-რუსეთის მორიგ (III) ომად ნამდვილად შეიძლება მივიჩნიოთ 1992-1993 წლებში აფხაზეთში დატრიალებული ტრაგედია, თუმცა ამ შემთხვევაში საქმე ისე მარტივად არ არის, როგორც 1801 და 1921 წლებში. ამჯერად რუსეთი ფარულად მოქმედებდა და ერიდებოდა მეზობელი ქვეყნის _ საქართველოს საშინაო საქმეებში ღიად ჩარევას. და მაინც, იმის უარყოფა, რომ სეპარატისტული ამბოხი აფხაზეთში (ისევე როგორც ე.წ. “სამხრეთ ოსეთში”) ინსპირირებული იყო ოფიციალური მოსკოვის მიერ და რომ მის ზურგს უკან მთლიანად რუსული სამხედრო მანქანა იდგა (ამის შესახებ დაწვრილ. იხ.: ზ. პაპასქირი. აფხაზეთის კონფლიქტის რაობა და მისი მონაწილენი. ანუ ვინ ებრძოდა საქართველოს. _ საისტორიო ძიებანი, II, თბ., 1999, გვ. 368-378; З. В. Папаскири. Сущность Абхазского конфликта и его участники. Или кто же воевал с Грузией. – Политика геноцида и этнической чистки в Абхазии (Грузия) – главное оружие агрессивного сепаратизма. Материалы международной конференции-семинара, 6-7 июля, 1999г. Тб., 1999, გვ. 131-140; Z. Papaskiri. The Essence of the Conflict in Abkhazia and its Participants. Or Those Who Struggled Against Georgia. – Policy of Genocide and Etnic Cleansing in Abkhazia (Georgia) – the Main Tool of aggressive Separatism. Proceedings of the International Conference-Seminar, July 6-7, 1999. Tbilisi, 1999, გვ. 133-142.), ვეჭვობთ, დღეს, სრულ ჭკუაზე მყოფ კაცს შეეძლოს. დიახ, რეალურად, ეს იყო საქართველო-რუსეთის ომი, რომლის მიზანი მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის იმპერიის დაშლის შეჩერება იყო და არა აფხაზი და ოსი ხალხების სახელმწიფოებრიობაზე ზრუნვა (ის თუ როგორ პასუხობს ამჟამინდელი რუსეთის ხელისუფლება მცირე ერების მცდელობებს, მოიპოვონ ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტი ნათლად გამოჩნდა ჩეჩნეთის მაგალითზე. განა იმაზე მეტი ცინიზმი შეიძლება იყოს, რომ სხვის ტერიტორიაზე უჭერდე მხარს დამოუკიდებელი ოსური სახელმწიფოს შექმნას, ხოლო საკუთრივ ოსეთში /ე.წ. “ჩრდილოეთ ოსეთში”/, თავიანთ სამშობლოში მცხოვრებ ოსებს არ აძლევდე ამის უფლებას).

და ბოლოს, 2008 წლის აგვისტო _ ყოველგვარ საღ აზრს მოკლებული ღია და დაუფარავი აგრესია სუვერენული სახელმწიფოს მიმართ, რომელსაც რუსეთის ფედერაციის პირველმა პირებმა ურცხვად “операция по принуждению к миру” უწოდეს. ამით მათ თითქოს შეაჩერეს “მიხეილ სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის” მიერ დაწყებული ოსი და აფხაზი (გაუგებარია აფხაზები რა შუაშია, აფხაზეთში ხომ თოფი საერთოდ არ გავარდნილა) ხალხების “გენოციდი”. მართლაც რომ მკრეხელობაა გენოციდზე ლაპარაკობდნენ ის ადამიანები, რომლებმაც ამოწყვიტეს მრავალტანჯული ჩეჩენი ხალხი, მოაწყო ნორდ-ოსტი, ბესლანის ტრაგედია და ა.შ.

ამრიგად, პასუხი კითხვაზე თუ მერამდენე ომია ეს რუსეთსა და საქართველოს შორის, ვფიქრობთ სრულიად ნათელია _ 2008 წლის აგვისტოში მიმდინარეობდა საქართველო-რუსეთის IV ომი, რომელშიც ერთი შეხედვით რუსეთმა გაიმარჯვა, ხოლო საქართველო დამარცხდა. მაგრამ ისმის კითხვა რამდენად მიაღწია დასახულ მიზანს “გამარჯვებულმა” მხარემ და რა მოუტანა მას ამ “გამარჯვებამ”. თუ გავაანალიზებთ მოვლენების შემდგომ (ნ. სარკოზის სამშვიდობო მისიის ამოქმედების) განვითარებას, საქართველოზე მოპოვებული გამარჯვების შედეგად რუსეთის მიერ მიღებული პოლიტიკური დივიდენდები შეიძლება ითქვას ნულის ტოლია. უფრო მეტიც, ცივილიზებულმა მსოფლიომ ერთხმად დაგმო რუსეთის აგრესიული ქმედებები და კატეგორიულად მოითხოვა მისგან აგრესიის შედეგების ანულირება.

ამ თვალსაზრისით, რად ღირს თუნდაც ევროსაბჭოს (ეს ორგანიზაცია რუსეთის მიმართ ყოველთვის საკმაოდ ლოიალური იყო) მიერ ულტიმატუმის დონეზე დაყენებული მოთხოვნა, კრემლის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების დეზავუირების შესახებ, რომ არაფერი ვთქვათ ევროკავშირის მართლაც რომ ისტორიულ გადაწყვეტილებებზე. ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ერთსულოვანი მსოფლიო თანამეგობრობა თვით სსრ კავშირის ავღანეთში შეჭრის დროსაც კი არ ყოფილა. იმას, რომ რუსეთმა რეალურად ვერაფერი მიიღო საქართველოში მოპოვებული გამარჯვებიდან, რომელსაც ამ დღეებში აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეიტსმა მეტად მოსწრებულად “პიროსის გამარჯვება” (ამ გამოთქმას ხშირად იყენებენ ისეთი გამარჯვების აღსანიშნავად, როდესაც დანაკარგები მეტია მიღწეულ წარმატებაზე. გამოთქმა უკავშირდება ეპიროსის მეფის პიროსის მიერ რომაელების წინააღმდეგ მოგებულ ბრძოლას ასკულუმთან /ძვ.წ. 279წ./, რომლებმაც მას საბოლოო გამარჯვება მაინც ვერ მოუტანა.) უწოდა (ამის შესახებ რადიოსადგურ “თავისუფლებაზე” დაყრდნობით ინფორმაცია გაავრცელა “The Georgian Times-მა. ელექტრ. ვერსია: http://www.geotimes.ge/index.php?m=home&newsid=14647&lang=geo.), თვით რუსეთის ყველაზე რეაქციულად განწყობილი სამხედროებიც კი აღიარებენ.

აი როგორ აფასებს რუსულ სამხედრო კამპანიას საქართველოში მაგალითად ცნობილი პოლკოვნიკი ვლადიმირ კვაჩკოვი (მთავარი ეჭვმიტანილი ა. ჩუბაისის ლიკვიდაციის მიზნით მოწყობილ ტერაქტში): “…результат её (საქართველოზე ლაშქრობის – ზ.პ.) в целом для нас негативен. По ряду военно-технических показателей грузинская армия превосходила российскую. В отношении ВВС стала наглядной настоящая катастрофа. Грузинские штурмовики Су-25, модернизированные израильской компанией Elbit, могли действовать в ночное время, и наша авиация не способна была им эффективно противодействовать. Даже на третий день войны грузинские ВВС продолжали наносить удары по российским военным колоннам… Дислоцированная в Северо-кавказском ВО авиация за все это время не смогла завоевать господство в воздухе. Не было достаточного количества боеспособных самолётов. По нормам советского времени, дежурная эскадрилья должна была подняться в воздух в течение 10 минут… Прорыв грузинской бригадной тактической группы в Цхинвал 8 августа стал возможен в условиях отсутствия в составе СКВО хотя бы эскадрильи штурмовых ударных вертолетов типа Ка-50/52, способных ночью поразить колонны с боевой техникой в условиях горной местности”. მიუხედავად ამისა, – აგრძელებს ვ. კვაჩკოვი, – რუსეთის არმიამ შეძლო მოწინააღმდეგის დამარცხება თუმცა დასახულ მიზანს მაინც ვერ მიაღწია: “у нас была уникальная возможность обеспечить установление в Грузии совершенно иного режима. 12 августа начался коллапс грузинской армии и органов управления. От полной победы над Грузией нас отделяло несколько часов. Мне достоверно известно, что перед подразделениями спецназа уже была поставлена задача высадиться в Тбилиси и захватить Саакашвили для последующего предания суду как организатора геноцида – либо нейтрализовать его. В России уже находился кандидат на роль главы не враждебного России, демократического грузинского государства”. და თუ რატომ ვერ შესრულდა ეს ამოცანა ვ. კვაჩკოვი ასკვნის: Не хватило политической воли. А в результате мы получили ситуацию, когда послевоенное мироустройство не слишком отличается от довоенного, что в рамках военной теории не позволяет говорить о полноценной победе”. (იხ.: Владимир Квачков. На нас надвигаются грозные события. – Информационная служба: МАПО «Народная Защита» იხ.: ელექტრონ. ვერსია:  http://www.ic-xc-nika.ru/texts/2008/sep/n267.html  (ხაზგასმა ჩვენია – ..).

ახლა იმის შესახებ თუ რა მოუტანა “თავისუფლებისა და ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისათვის” მებრძოლ “გმირ” აფხაზ და ოს ხალხებს. აგვისტოს მოვლენებიდან გასულმა ორმა თვემ ნათლად აჩვენა, რომ საქართველოს მიმართ განხორციელებულმა რუსულმა სამხედრო აგრესიამ, აფხაზეთისა და ე.წ. “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე კრემლის მიერ მოწყობილი იაფფასიანი “დიპლომატიური ფარსის” (რომლის არავის არ სჯერა) მიუხედავად, აფხაზები და ოსები სულაც არ მიაახლოვა “ნანატრ” თავისუფლებასთან და “სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობასთან”. პირიქით, რუსეთის ფედერაციის მესვეურების ამ სრულიად გაუმართლებელმა და თავისი ფორმით უკიდურესად გამომწვევმა თავხედურმა ნაბიჯმა მთელი მსოფლიო ერთბაშად გამოაფხიზლა. ყველასათვის ცხადი გახდა თუ ვინ იყო ნამდვილი ინსპირატორი და მთავარი სულისჩამდგმელი 1992-1993 წლებში საქართველოში მოწყობილი სეპარატისტული ამბოხებებისა და ვინ აწარმოებდა “ჯვაროსნულ” ომს ერთიანი ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ.

და, თუ ადრე, ვინმე თანაუგრძნობდა მცირე “დაჩაგრული” აფხაზი ხალხის (აგრეთვე ე.წ. “სამხრეთ ოსების”) “სამართლიან” ბრძოლას რუსული “დემოკრატიის” ზოგიერთი ქურუმის მიერ “მცირე იმპერიად” შერაცხული საქართველოს წინააღმდეგ, ამჯერად სრულიად ნათელი გახდა “დამოუკიდებელი” აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთისათვის” მებრძოლთა “ისტორიული მისიის” ჭეშმარიტი არსი. განა იმაზე დიდი გულუბრყვილობა შეიძლება იყოს, რომ ყბადაღებულ “დამუკიდებლობის აღიარებას” რეალურად მოჰყვება ახალი “დამოუკიდებელი სახელმწიფოების” ფორმირება და განმტკიცება. ეს ხომ მორიგი იმპერიული ბლეფია, რომლითაც თავიანთი მოსკოველი პატრონების მოწოდებით აბრუებენ თავიანთ თანამემამულეებს აფხაზი და ოსი ხალხების ახლად მოვლენილი ბელადები. მხოლოდ გარკვეული პათოლოგიით შეპყრობილ ადამიანს თუ შეუძლია, წარმოიდგინოს, რომ ვინმე, ოდესმე, მოსკოვში დაუშვებს დამოუკიდებელი აფხაზეთის (კომიკურ “სამხრეთ ოსეთზე” რომ არაფერი ვთქვათ) არსებობას.

თუმცა არც ესაა ახალი. მაგალითად, ცნობილია, თუ როგორ აბრიყვებდნენ თავიანთ თანამემამულეებს აფხაზური სეპარატისტული მოძრაობის “სულიერი მამები” XXს. 90-იან წლებში ანალოგიური ხასიათის ზღაპრებით. ჩვენ მხედველობაში გვაქვს სოხუმის დღევანდელი სეპარატისტული რეჟიმის ერთ-ერთი წამყვანი იდეოლოგის, “უშიშროების საბჭოს მდივნის” სტანისლავ ლაკობას მიერ შეთხზული მითი იმის შესახებ, რომ, თავის დროზე, ვ. ლენინმა თითქოს აღუთქვა ეფრემ ეშბას აფხაზეთისათვის დამოუკიდებლობის ბოძება „в случае успешного завершения «абхазской миссии» в Турции” (იხ.: С. Лакоба. Ответ историкам из Тбилиси. Документы и факты. Сухуми, 2001, გვ. 90.). აქ იგულისხმება ე.წ. “დიპლომატიური დავალება”, რომელიც ვ. ლენინმა თითქოს მისცა ე. ეშბასა და ნ. ლაკობას თურქეთში ქემალ ათათურქის მთავრობასთან მოლაპარაკებისას. 1921წ. 16 მარტს მოსკოვში დაიდო რუსეთ-თურქეთის ხელშეკრულება. ს. ლაკობას აზრით, თურმე, ვ. ლენინმა “აჩუქა” აფხაზეთს “დამოუკიდებლობა” იმ ღვაწლის გამო, რომელიც თითქოს გასწიეს ამ მოლაპარაკებების დროს ე. ეშბამ და ნ. ლაკობამ ბათუმის საკითხზე შეთანხმების მიღწევისათვის (С. Лакоба. Ответ историкам из Тбилиси.., გვ. 88).

ანუ აფხაზი მკვლევრის მტკიცებით, ის, რომ თურქეთის მთავრობამ უარი თქვა ბათუმსა და მის შემოგარენზე, თურმე აფხაზი ბოლშევიკი ლიდერების დამსახურება ყოფილა, რის სანაცვლოდ მათ მიეცათ უფლება გამოეცხადებინათ აფხაზეთის “დამოუკიდებლობა”. ე. ი. გამოდის, რომ ვ. ლენინი ყველა გზებით ცდილობდა ბათუმის შემომტკიცებას, მაგრამ რატომღაც ამავე დროს, თმობდა აფხაზეთს. დიდი დაკვირვება არ სჭირდება იმას, რომ ამ შემთხვევაში ს. ლაკობა უბრალოდ ასულელებს მკითხველს. მას შესანიშნავად ესმის, რომ ვ. ლენინს სულაც არ აინტერესებდა აფხაზეთის “დამოუკიდებლობა”. აკი თვითონვე აღნიშნავს, რომ “Ильич (იგულისხმება ვ. ლენინი _ ზ.პ.) был одержим идеей мировой революции и мыслил не «грузиями», «абхазиями», а континентами и «азиями»“ (С. Лакоба. Ответ историкам из Тбилиси.., გვ. 90).

მან არ შეიძლება არ იცოდეს ისიც, რომ არა თუ ე.წ. “აფხაზეთის სსრ”, რომელიც სამოკავშირეო ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს სსრ-ის შემადგენელ ნაწილად აღიარეს, არამედ თვით ისეთი საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების შექმნა, როგორიც იყო საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი _ ოფიციალურად სუვერენული სახელმწიფოები, _ რომელთა სათავეში იდგნენ რუსეთის კომუნისტური პარტიის (ბოლშევიკებისა) ცენტრალური კომიტეტისა და რკპ(ბ) ცკ კავკასიის ბიუროს წევრები და წევრობის კანდიდატები, მხოლოდ პოლიტიკური თამაში და ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა იყო. ამით რუსეთის ბოლშევიკური რეჟიმი, არც მეტი, არც ნაკლები, ცდილობდა დაეფარა ამიერკავკასიის ოკუპაცია და ანექსია (ამის შესახებ დაწვრილ. იხ.: ზ. პაპასქირი. ნარკვევები თანამედროვე აფხაზეთის ისტორიული წარსულიდან, ნაკვ. II. 1917-1993. თბ., 2007, გვ. 85-87, ელექტრონ. ვერსია: http://sites.google.com/site/zpapaskiri/publications-georgian ).

აბსოლუტურად იგივე სიტუაციაა დღესაც. რა უნდა იმის მიხვედრას, რომ მოსკოვს, ამჟამადაც მხოლოდ და მხოლოდ, იმპერიის აღდგენისა და “XX საუკუნის გეოპოლიტიკური კატასტროფის _ სსრ კავშირის დაშლის” (ვ. პუტინის შეფასება) შედეგად შექმნილი რეალობის რევიზიის დაუცხრომელი სურვილი ამოძრავებს. თანაც, ამ მიზნის მისაღწევად რუსეთის ხელისუფლებას სულაც არ სჭირდება რაიმე ახალი დიპლომატიური ფანდების გამოგონება. სრულიად საკმარისია ყბადაღებული “მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულების” გაფორმება, რომელიც “საშუალებას აძლევს” მას “იურიდიულად დააკანონოს” რუსეთის შეიარაღებული ძალების რეგულარული ნაწილების განთავსება აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში”.

ანუ კრემლი ზუსტად იმავე სცენარით მოქმედებს, რომლითაც მან 1940წ. ბოლო მოუღო ბალტიისპირეთის (ლიტვის, ლატვიისა და ესტონეთის) სუვერენულ სახელმწიფოებს და ეს ქვეყნები საბჭოური იმპერიის ნაწილად აქცია. ამასთან, ამჯერად, ვ. პუტინს და მის კომპანიას თავიანთ პარტნიორ სეპარატისტ ლიდერებთან ნაკლებად საბოდიშო აქვთ, ვინაიდან აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობა რუსეთის მიერ მეზობელ სახელმწიფოზე მოპოვებული სამხედრო “გამარჯვების” შედეგია და არა აფხაზი და ოსი ხალხების “გმირული ბრძოლისა”. სწორედ ეს აძლევს უფლებას მოსკოვს, იპარპაშოს ოკუპირებულ აფხაზეთსა და “სამხრეთ ოსეთში” და ფორსირებულად მოახდინოს ამ ტერიტორიების ანექსია. ამის ნათელი მაგალითია თუნდაც რუსული საოკუპაციო ჯარების ბოლო დროინდელი ქმედებები სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვარზე (“აფხაზი მესაზღვრეების” გაძევება “სახელმწიფო” საზღვრიდან), რომლებიც სხვა არაფერია, თუ არა “მეგობარი სახელმწიფოს” _ აფხაზეთის “სუვერენიტეტის” აბუჩად აგდება.

ამ ფონზე, რაც არ უნდა პარადოქსულად უნდა მოგვეჩვენოს ეს, ნამდვილად ჩნდება სავსებით საფუძვლიანი ოპტიმიზმი, რომ უახლოეს პერიოდში, საერთაშორისო ძალისხმევით, ნამდვილად მოიძებნება აფხაზეთის კონფლიქტის (ისევე როგორც ცხინვალის) მშვიდობიანი მოწესრიგებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ქმედითი მექანიზმები. რა გვაქვს მხედველობაში და რატომ ვართ ასე დაჯერებული კონფლიქტების მოგვარების პერსპექტივაში.

რუსეთის “ტრიუმფალურმა სვლამ” საქართველოში მთლიანად გამოააშკარავა “რუსული დათვის” იმპერიული ამბიციები და რევანშისტული განწყობილებები. სახეზეა მსოფლიო მასშტაბის ახალი დაპირისპირების კონტურები. დღეს უკვე ყველასათვის ნათელია, რომ რუსეთის მხრიდან აშკარად ადგილი აქვს სერიოზულ მცდელობას, ძირეულად შეცვალოს არსებული გეოპოლიტიკური ბალანსი. სწორედ ამას ვერ ურიგდება დღეს მსოფლიო თანამეგობრობა და არა იმას, რომ დიდი რუსეთი უსამართლოდ მოექცა პატარა საქართველოს. დასავლეთის მხრიდან კეთდება საკმაოდ მკვეთრი გამაფრთხილებელი განცხადებები რუსეთის მისამართით. ფაქტობრივად ღია ტექსტით მოითხოვენ მოსკოვისაგან გონს მოსვლას და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების ცივილიზებულ რელსებზე გადაყვანას. ბიძგი ამ პროცესს, როგორც ცნობილია, მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ანგარიშგასაწევი საერთაშორისო ორგანიზაციის _ ევროკავშირის სახელით მოქმედი საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის სამშვიდობო მისიამ მისცა. სწორედ საფრანგეთის ლიდერის პირით განუცხადა ევროკავშირმა (საერთოდ მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ) რუსეთს, რომ ის მომავალში ვერ დარჩება კონფლიქტის მომრიგებელ მხარედ და რომ აუცილებელია ახალ სამშვიდობო ფომატზე გადასვლა.

ამ თვალსაზრისით, არანაკლებ მწვავე იყო გერმანიის ფედერალური კანცლერის ანგელა მერკელის (საყოველთაო აღიარებით, რუსეთის დიდი გულშემატკივრის) სოჭში, პრეზიდენტ დ. მედვედევთან სტუმრობისას, გაკეთებული განცხადება იმის შესახებ, რომ მსოფლიო კიდევ 15 წელიწადს ვერ დაუცდის აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის გაყინული კონფლიქტების მოგვარებას და რომ საჭიროა ახალი საერთაშორისო მექანიზმების ამოქმედება მათ გადასაწყვეტად. სულ უფრო კატეგორიული ხდება აშშ-ის ადმინისტრაციის პოზიცია. ძალზედ ნიშანდობლივია ისიც, რომ მსოფლიომ ფაქტობრივად სრული ბოიკოტი გამოუცხადა რუსეთის მიერ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობის აღიარებას. ნიკარაგუასა და ზოგიერთი ტერორისტული ორგანიზაციის მიერ აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდებლობის აღიარების სასარგებლოდ გაკეთებული განცხადებები, ვისაც ესმის, ამ მოვლენის დისკრედიტაცია უფროა, ვიდრე მისი მხარდაჭერა და ეს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის თქმისა არ იყოს, ნამდვილად ვერ ჩაითვლება რუსული დიპლომატიის ტრიუმფად.

უფრო მეტიც, ეს არის სრული დიპლომატიური კრახი, რომლის მსგავსი ძნელად თუ ახსოვს საბჭოთა კავშირის ისტორიასაც კი. თვით თავისი თავხედობით ისეთი ზღვარს გადასული აქტი, როგორიც იყო საბჭოთა ჯარების პოლონეთში შეჭრა 1939წ. სექტემბერში არ ყოფილა ასე ერთსულოვნად უარყოფილი მსოფლიო თანამეგობრობის მიერ. პირიქით, სსრ კავშირის ამ აქციას მხარდამჭერებიც კი ჰყავდა მეორე ზესახელმწიფოს _ გერმანიისა (რომელთან 1939წ. 23 აგვისტოს დადებული პაქტის საფუძველზეც განხორციელდა კიდეც საბჭოთა აგრესია პოლონეთში) და მისი მოკავშირეების სახით.

ასევე გარკვეული საერთაშორისო მხარდაჭერა ჰქონდა მოსკოვის სადამსჯელო ოპერაციებს უნგრეთში 1956წ. და ჩეხოსლოვაკიაში 1968წ. როგორც ცნობილია, ეს აგრესიული ქმედებები ოფიციალურადაც კი იყო სანქცირებული სოციალისტური ბანაკის სახელმწიფოთა (ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციაში შემავალი) უმრავლესობის მიერ და არაერთი მხარდამჭერი ჰყავდა ე.წ. “მესამე სამყაროს” წარმომადგენელ სახელმწიფოთა შორისაც. და ბოლოს, გარკვეული საერთაშორისო-დიპლომატიური უზრუნველყოფის გარეშე არ დარჩენილა სსრ კავშირის მიერ განხორციელებული ავღანეთის ოკუპაცია XXს. 70-იანი წლების მიწურულს. ოფიციალურ მოსკოვს ამჯერადაც მხარი დაუჭირეს მისმა სატელიტმა სახელმწიფოებმა ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაციიდან და საბჭოთა კავშირის კმაყოფაზე მყოფმა ე.წ. “მესამე სამყაროს” ქვეყნების დიდმა ნაწილმა, რომლებმაც 1980წ. მოსკოვის ოლიმპიადაზე მონაწილეობის მიღებით, ფაქტობრივად, აღიარეს ავღანეთში საბჭოთა აგრესიის ლეგიტიმურობა.

ყოველივე ეს მიუთითებს იმ აზრის სისწორეზე (ამას ხაზს უსვამს არაერთი პოლიტიკოსი და ანალიტიკოსი, როგორც ჩვენში ისე, საქართველოს ფარგლებს გარეთაც) რომ სსრ კავშირისაგან განსხვავებით, დღევანდელ რუსეთს აშკარად არა აქვს სამხედრო-პოლიტიკური პოტენციალი, რომ გავლენა იქონიოს დანარჩენ მსოფლიოზე. ამის დემონსტრირება მოხდა თუნდაც შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის ქვეყნების ლიდერთა შეხვედრაზე და რაც მთავარია, დსთ-ის სახელმწიფოს მეთაურთა სამიტზე, როდესაც მათში მონაწილე სახელმწიფოებმა არა თუ არ დაუჭირეს მხარი მოსკოვის ავანტიურისტულ გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის”@დამოუკიდებლობის შესახებ, არამედ ფაქტობრივად ღიად დააფიქსირეს თავიანთი ნეგატიური დამოკიდებულება (ყველაზე მკაფიოდ ეს ჩინეთმა გააკეთა) საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისადმი. შედეგად, დღეს, რუსეთის ხელისუფლება მეტად არაკომფორტულ სიტუაციაში მოექცა.

ასეთ ვითარებაში ვ. პუტინი და მისი “პოლიტიკური თოჯინა” დ. მედვედევი იხტიბარს მაინც არ იტეხენ და ჯიუტად აგრძელებენ თავიანთი ყოველგვარ საერთაშორისო-სამართლებრივ ნორმებს მოკლებული გადაწყვეტილებების გამართლებას, თუმცა მათი ეს მცდელობები აშკარად ვერ აღწევენ მიზანს. ერთადერთი ბერკეტი, რომლით მანიპულირებასაც ცდილობენ რუსეთის თავგასული ლიდერები ცალკეული ევროპული სახელმწიფოების შანტაჟირებისათვის, რასაკვირველია, ნავთობის ექსპორტის შეზღუდვის მუქარაა. მაგრამ, როგორც ჩანს, ჯერ-ჯერობით, ეს ფაქტორი მოსკოვისათვის მთლად სასურველ ეფექტს ნამდვილად ვერ იძლევა, ყოველ შემთხვევაში იდეოლოგიის დონეზე მაინც.

ამას ადასტურებს თუნდაც ევრო-კავშირისა და ევრო-საბჭოს მკვეთრად გამოხატული ანტირუსული პოზიცია, რომელზეც ზემოთ უკვე გავამახვილეთ ყურადღება. ამ თვალსაზრისით საერთო პოლიტიკურ კლიმატს ვერ ცვლის ზოგიერთი ევროპელი ლიდერის (პირველ რიგში კანცლერ ანგელა მერკელის) დიპლომატიური რევერანსები, რომლებიც “ცხელ გულზე” რუსეთის ხელისუფლების ზომაზე მეტად გაღიზიანების თავიდან აცილების შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს, ვიდრე ზოგადად მოსკოვისადმი ქედის მოდრეკის. აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს ისიც, რომ დასავლეთ ევროპისათვის ნავთობისა და გაზის ონკანის გადაკეტვა არანაკლებ (თუ უფრო მეტად არა) თვით რუსეთისთვისაა მეტად სარისკო, რადგან ამით შეწყდება ვალუტის შემოდინება, რაც, თავის მხრივ, სერიოზულ დარტყმას მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას.

და მაინც რას უნდა მოველოდეთ მსოფლიო თანამეგობრობისაგან და რამდენად ქმედითი შეიძლება აღმოჩნდეს ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების თანადგომა. ჩვენ, რასაკვირველია, შორს უნდა ვიყოთ იმ ილუზიისაგან, რომ ცივილიზებული მსოფლიო ერთბაშად დააჩოქებს რუსეთს და ყველა საშუალებით აღკვეთს მის ხელახალ შესაძლო აგრესიას საქართველოს მიმართ. ალბათ, სწორია აზრი, რომ დღევანდელი ევროპა ნამდვილად არაა მზად (იქნებ არცაა სასურველი) ომი გამოუცხადოს ბირთვული იარაღის მქონე გაუწონასწორებელ სახელმწიფოს, თანაც იმის გამო, რომ ის ცდილობს საქართველოს ცალკეული ტერიტორიების მიტაცებას. მაგრამ, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ფსონი ამჯერად იმაზე ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ერთი პატარა ქვეყნის _ საქართველოს, რომელიც საერთო ევროპულ ოჯახში ინტეგრაციას ესწრაფვის, ეროვნულ-სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვა.

სრულიად აშკარაა, და ეს, ვფიქრობთ, სათანადოდაა გაცნობიერებული მსოფლიო ლიდერების მიერ, რომ თუ რუსეთის ხელისუფლებაში მოსულ “ქორებს” დღეს საქართველოს ავანტიურა გაუვიდათ, ხვალ ისინი სრულ კონტროლს დაამყარებენ აზერბაიჯანზე, რის შემდეგაც ფაქტობრივად შეიქმნება ყველა პირობა ირანთან ანტიდასავლური სამხედრო-პოლიტიკური ბლოკის შეკვრისა. პარალელურად, განავითარებენ შეტევას ურჩ უკრაინაზე (ეს პროცესი უკვე დაწყებულია), აქცევენ მას მოსკოვის სატელიტად და ამით ძირითადად აღადგენენ გავლენას ყოფილი საბჭოეთის დიდ ნაწილზე. აი სწორედ ეს იქნება გეოპოლიტიკური კატასტროფა, რომელსაც ნამდვილად მოჰყვება ბრძოლა მსოფლიოს ახალი გადანაწილებისათვის.

აი ამიტომაც მიგვაჩნია, რომ მსოფლიო თანამეგობრობა ყველაფერს გააკეთებს რუსეთის იმპერიული ამბიციების მოსათოკად. და თუ კრემლი მაინც არ აიღებს ხელს თავის აგრესიულ ქმედებებზე მეზობლების მიმართ, სულაც არაა გამორიცხული, რუსეთს მართლაც უარი ეთქვას ყოველგვარ თანამშრომლობაზე და ის სრულ იზოლაციაში მოექცეს. ამას კი დღევანდელი რუსეთი, როგორც სავსებით სწორად შენიშნავენ ანალიტიკოსები, ნამდვილად ვერ აიტანს და სავსებით რეალურია, რომ მას ქვეყნის სრული ეკონომიკური და პოლიტიკური კოლაფსი მოჰყვეს. ის რომ მოვლენების ამგვარი განვითარების საფრთხე რეალურად არსებობს, რუსეთის საფონდო ბირჟებზე შექმნილმა პანიკურმა სიტუაციამ და ქვეყნიდან ინვესტიციების მასობრივი გადინების საგანგაშო ტენდენციამ აჩვენა. და ყოველივე ეს მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილების შედეგად. ადვილი წარმოსადგენია, თუ რა შეიძლება მოხდეს ეკონომიკური სანქციების ამოქმედებისა და სრული საერთაშორისო იზოლაციის შემთხვევაში.

ამრიგად, ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ რუსეთი საკმაოდ რთული არჩევანის წინაშე დგას. მან ან უნდა გააგრძელოს კონფრონტაციული კურსი და დაუპირისპირდეს დანარჩენ მსოფლიოს, რასაც შეიძლება მისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვეს, ან კიდევ ერთხელ და სამუდამოდ ხელი აიღოს იმპერიის აღდგენის უტოპიურ გეგმაზე. სხვა გამოსავალი კრემლის ლიდერებს უბრალოდ არა აქვთ. სწორედ ეს გვაძლევს ჩვენ ოპტიმიზმის საფუძველს, როდესაც ვაცხადებთ, რომ აგვისტოს მოვლენებმა არა თუ არ დაგვაშორა, არამედ შეიძლება მიგვაახლოვა კიდეც ქვეყნის ერთიანობის აღდგენის პერსპექტივას.

და ბოლოს, არის კიდევ ერთი გარემოება, რომელიც სულ ცოტა მეტ გარკვეულობას შეიტანს აფხაზეთისა და “სამხრეთ ოსეთის” გაყინული კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარების პროცესში. ესაა რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება, უარი თქვას სამშვიდობო მისიაზე კონფლიქტის ზონებში. ანუ, თუ ადრე რუსეთი მთელ მსოფლიოს მოაჩვენებდა თავს მშვიდობის ერთადერთ გარანტად, კონფლიქტის ერთ-ერთი მონაწილის მხარეზე ღია სამხედრო გამოსვლითა და რაც მთავარია, სეპარატისტული რეგიონების სუვერენულ სახელმწიფოებად აღიარებითა შემდგომ კი მათთან ე.წ. “მეგობრობისა და თანამშრომლობის ხელშეკრულებების” გაფორმებით (რომელთა თანახმადაც რუსეთის შეიარაღებული ნაწილები უკვე არ წარმოადგენენ სამშვიდობო ძალებს), მოსკოვმა მოიხსნა მშვიდობისმყოფელის ფუნქცია.

ამიერიდან, უკვე ყველასთვის ცხადი გახდა, რომ რუსული სამხედრო კონტინგენტი არასოდეს არ წარმოადგენდა სამშვიდობო მისიას და ის აქამდე, ფაქტობრივად, სეპარატისტული რეჟიმების სასაზღვრო ჯარის ფუნქციას ასრულებდა. რასაკვირველია, ამას მსოფლიო თანამეგობრობაც მშვენივრად ხედავდა, მაგრამ, რუსეთის განაწყენების შიშით, სირაქლემას პოზაში ყოფნას ამჯობინებდა. ამის ნათელი დემონსტრირება ხდებოდა ყოველ 6 თვეში ერთხელ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომებზე, როდესაც ეს ორგანო ერთგვარი თავის მოწონებით აღიარებდა რუსეთის სამშვიდობო მისიის (გაეროს მანდატით) კეთილმყოფელ გავლენას და მწვანე შუქს უნთებდა ამ მისიის გაგრძელებას აფხაზეთში.

კრემლის ბოლოდროინდელმა გამომწვევმა ნაბიჯებმა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ვითარება კარდინალურად შეცვალა. დღეს უკვე მსოფლიო თანამეგობრობა, იძულებულია სერიოზულად იფიქროს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტების მოგვარების ახალ მექანიზმებზე. სულ უფრო აქტუალური ხდება რუსული “სამშვიდობო” მისიის ჩანაცვლებისა და ახალი სამშვიდობო ფორმატის ამოქმედების აუცილებლობის იდეა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ მსოფლიო თანამეგობრობის ეს მანამდე სრულიად უპრეცედენტო თანადგომა ფუჭად არ ჩაივლის და საქართველოს მალე მიეცემა სახელმწიფოებრივი ერთიანობის აღდგენის რეალური შესაძლებლობა.

 

 

დაწერილია 2008 წლის ოქტომბერში,

სტატიის ოდნავ შემოკლებული ვარიანტი

 გამოაქვეყნა გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“

(24, 25 ოქტომბერი, 2008),

სრულად დაბეჭდილია წიგნში:

 ზურაბ პაპასქირი – ” და აღმოცისკრდა საქართველო

ნიკოფსიიდან დარუბანდამდე”

(თბ., 2009, გვ.  209-223).

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s