Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

● ძველი გერმანიკული დამწერლობის – რუნების წარმომავლობა

♥ დამწერლობა – Geo Alphabet

 

დალი ბახტაძე

 ფილოლ. მეც. დოქტორი, პროფესორი

 

ძველი გერმანიკული დამწერლობის – რუნების

წარმომავლობა

 ძველი რუნების წარმომავლობის ძიებასთან ჩვენ მიგვიყვანა არა ისტორიამ, არა არქეოლოგიამ, არც პალეოგრაფიამ, არამედ ენობრივმა მასალამ, ენაში დაუნჯებულმა მონაცემებმა, რუნული ანბანით დაწერილმა ძველმა გერმანიკულმა ტექსტებმა, სიტყვებმა, ენობრივმა ერთეულებმა.

 რუნები იყო საერთო გერმანიკული წერითი ნიშნები, ადრე ხეზე, შემდგომში ქვაზე, ძვალზე, ლითონზე ნაკვეთი ასო-ნიშნები. პუბლიუს კორნელიუს ტაციტუსი (Publius Cornelius Tacitus _ 1.Jr.n. Chr. თავის Germania-ში (ზუსტი სათაურია De Origine et situ Germanorum, um 98 Jahr. n. Chr.), რომელიც გერმანიკული ტომების შესახებ უძველეს წყაროს წარმოადგენს, წერდა, რომ გერმანიკულ ტომებს ჰქონდათ ნიშნები _ ნოტაე, რომლებსაც ისინი ხის ჯოხებზე ტვიფრავდნენ და მისნობის და წინასწარმეტყველებისათვის იყენებდნენ. პალეოგრაფიული თვალსაზრისით რუნები უნდა შექმნილიყო გაცილებით ადრე, დაახლოებით ძვ.წ. მეორე ათასწლეულის დასასრულსა და პირველი ათასწლეულის დასაწყისში.

გერმანიკულ ტომებში გავცელებულმა ამ საკულტო ნიშნებმა შემოგვინახა გერმანიკული ენის უძველესი არქაული ფორმები. ეს უძველესი გერმანიკული ანბანი გავრცელებული იყო გრენლანდიიდან დნეპრისპირეთამდე, ჩრდილოეთ სკანდინავიიდან ბალკანეთამდე. ძველი გერმანიკული რუნების ენა არაჩვეულებრივი ერთგვაროვნებითა და არქაულობით გამოირჩეოდა. მისი გათანაბრება არ ხერხდება ძველი გერმანიკული ენის რომელიმე დიალექტთან. ამის საფუძველზე ენათმეცნიერებაში გაჩნდა მოსაზრება, რომ რუნების ენა წარმოადგენდა საერთო გერმანიკულ კოინეს (Gotthard Lerchner) განსაკუთრებულ სახეობას. რუნების სახით საერთო გერმანიკული კოინეს არსებობაზე ადრეც და შემდგომშიც მოიპოვება მრავალი მეცნიერის მოსაზრება (Э. А. Макаев. 1965; W. Schnall, 1974; K. Düwel, 1983; Hsg. K. Düwel, 1994; H. Arntz, 19442, Nachdruck 1993).

ძველ გერმანიკულ რუნულ ანბანს ჰქონდა ბგერითი აღნიშვნა (Lautwert – Anlaut der Runenname), ცნებითი აღნიშვნა (Begriffswert) და სავარაუდოდ რიცხვის აღნიშვნაც (Zahlwert). იგი 24 ასოსაგან შედგებოდა, 3 ნაკვეთად დაყოფილი იყო (3 ættir _ Geschlechter), თითოში 8-8 ასოთი. გერმანიკულ ტომებში რუნების გავრცელების თარიღად ახ.წ. 2-ე საუკუნეს მიიჩნევენ. რუნებმა ევროპაში მე-20 საუკუნის დასაწყისამდე იარსება. ყველაზე დიდხანს იგი შემორჩა სკანდინავიაში, სადაც გლეხები მე-20 ს-ში რუნულად წერდნენ და კითხულობდნენ. ვიკინგების დროიდან (Wikingerzeit 9/10 Jh.) ძალზე აქტიურ ხმარებაში იყო ე.წ. გამარტივებული ახალი რუნები, რომელიც 16 ასოსაგან შედგებოდა. ადრეულ შუა საუკუნეებში რუნები საკულტო-სარიტუალო თავდაცვითი და შელოცვითი დანიშნულების გარდა გამოიყენებოდა ლექსების (მე-9 საუკუნე), სამართლებრივი კანონების დასაწერად (დანიაში Codex Runicus_ მე-13 ს.) და სხვ.

 

 

 ახალი ათასწლეულის დასაწყისიდან ქრისტიანობამდე ძველი გერმანიკული რუნები გვხვდება ამულეტებზე, იარაღებზე, ქამრებზე, საფლავის ქვებზე, კლდეზე. იკითხებოდა მარცხნიდან მარჯვნივ, მარჯვნიდან მარცხნივ (როგორც ხვნის დროს კვალის გაყვანის შემდეგ შემობრუნებისას), ზემოდან ქვემოთ. რუნებს სამგვარი ფორმა ჰქონდათ:

1)    Binde-Runen _ როცა ერთ ჯოხზე ორი რუნა იყო ამოტვიფრული.

2)    Wende-Runen _ სტრიქონში წერის მიმართულების შეცვლის მაჩვენებელი საპირისპირო რუნა.

3)     Sturz-Runen – 1800-ზე შემობრუნებული რუნა.

ენათმეცნიერებაში იმთავითვე გაჩნდა მოსაზრება, რომ ეს ძველი რუნები გერმანიკული წარმოშობისა არ იყო, იგი გერმანიკულ ტომებს არ შეუქმნია. ერთმანეთს მრავალი მოსაზრება ცვლიდა, მაგ.:

1) რუნების ლათინურ წარმომავლობას ამტკიცებდნენ L.F.A. Wimmer, H. Pedersen, S. Agrell და სხვანი (იხ. Brockhaus 1998, B. 18, S. 638). ამოსავლად მიიჩნევდნენ იმას, რომ ბევრი რუნული ასო ლათინურის მსგავსი იყო: F. D, R, c/k, H, J, S, T, L  და რომ ეს რომის იმპერიის გავლენის შედეგი იყო (Einfluss des Römischen Reichs).

2) დანიელი მკვლევარი E. Moltke ამტკიცება, რომ რუნები დანიურში დამოუკიდებლად შეიქმნა ლათინური ანბანის პრინციპებზე დაყრდნობით.

3) რუნების ბერძნულ წარმომავლობას მხარს უჭერდნენ Bugge, O. von Friesen და ცდილობდნენ მის დაკავშირებას არქაულ ბერძნულ დამწერლობასთან.

რუნები რომ გერმანიკულ ტომებს არ შეუქმნია ეს მეცნიერთა შორის დავას აღარ იწვევდა, მაგრამ მათი წარმოშობის ზუსტი განსაზღვრა გაჭირდა მათი მსგავსების გამო ბერძნულ და იტალიკურ ანბანთან, თუმცა ეს მსგავსება უეჭველ დასტურს ვერ იძლეოდა.

მკვლევართა უმეტესობა მივიდა იმ დასკვნამდე, რომ რუნების წარმომავობა ევროპის სამხრეთშია საძებნი. გამოირიცხა ბერძნულისა და იტალიკურის აქტუალურობა. დარჩა ყველაზე მეტად აღიარებული და სიცოცხლისუნარიანი მეოთხე ჰიპოთეზა:

4) რუნები ჩრდილოიტალიკური, ჩრდილოეტრუსკული ანბანისაგან უნდა მომდინარეობდეს, რასაც განამტკიცებს ხელშესახები ფენომენოლოგიური დამთხვევები და თანხვედრები. Metzler, Lexikon. Sprache. 2000. S. 589.

როგორც ზემოთ ვთქვით, აქტუალურობა დაკარგა რუნების წარმოშობის საკითხმა ბერძნული ანბანისაგან, რომელმაც შემდგომში სავარაუდოდ გაგრძელება ჰპოვა რომაულ ჩაპიტალის-ის სახით.

გერმანელმა მეცნიერმა K. Weinhold-მა პირველმა ჯერ კიდევ 1856 წელს უარყო არსებული მოსაზრებები და დაასაბუთა, რომ რუნები, არც მეტი არც ნაკლები, ჩრდილოიტალიკურ-ეტრუსკულის შუამავლობით გავრცელდა გერმანიკულ ტომებში. რუნები სადღაც სამხრეთში უნდა შექმნილიყო. არაგერმანიკული წარმოშობის ეს ანბანი გამოირჩეოდა თავისი კუთხოვანი მოხაზულობით. ჩრდილოეტრუსკული – ეს თეზისი შემდგომში თავის კვლევებში განამტკიცეს C.J. Marstrander-მა, W. Krause-მ. F. Altheim-ის მოსაზრებით, პირველი ათასწლეულის მიჯნაზე გერმანიკულ ტომებში რუნები უნდა მომხვდარიყო ძვ.წ. 101 წ-ს, ვერსალთან დამარცხებული და გაქცეული კიმბერების საშუალებით. (Kimbern. Kimbern u. Teutonen siedelten auf Halbinsel Juttland). კიმბერელმა მხედრებმა Val Carmonica-ში აღმოაჩინეს და თან წაიღეს რუნები. ახ.წ. 1 ს-ში მარბოდის მარკომანების სამეფო კონტაქტს ამყარებს ჩრდილო¬ეტრუსკულ ტომებთან (მათთან უნდა მოხვედრილიყო ვერსალთან დამარცხებული კიმბერების მიერ თან წაღებული ხეზე ნაკვეთი ანბანი, ამულეტები, სამკაულები და სხვა ნადავლის სახით). W. König, 1994, S. 51, ასევე Schmidt, W. 1994. S.45.

რუნული ანბანის თანამიმდევრობა ბერძნულ-ლათინურისაგან განსხვავებულია. პირველი 6 ასოს მიხედვით თვით ანბანი “ფაუთარკ”-ად იწოდება (FuÞark). მეცნიერთათვის გაურკვეველი და მიუწვდომელი შეიქმნა ეს თანმიმდევრობა. ამ მხრივ რუნები შეიძლება შევუდაროთ ძველ დაახლოებით იმავე პერიოდის ირლანდიურ ოგამს, კელტური წარმოშობის დამწერლობას, რომელიც შვეული და დამრეცი ხაზებისა და ხაზს ზემოთ და ქვემოთ განლაგებული წერტილებისაგან შედგებოდა, მისი პრინციპიც უჩვეულოა.

ეტრუსკების მაღალი ცივილიზაცია ზეგავლენას ახდენდა ადგილობრივ თუ გადმოსახლებულ ჩრდილოიტალიკურ ტომებზე, რომლებთანაც უშუალო მეზობლობაში აღმოჩნდნენ მომთაბარე გერმანიკული ტომები. ეტრუსკები, მართალია რუნების გავრცელების შუამავლები იყვნენ, მაგრამ რუნების ეტრუსკულთან მსგავსებამ წამოჭრა მათი ეტრუსკული წარმომავლობის საკითხიც.

ენათმეცნიერებაში არ არის დადგენილი ენათა რომელ ოჯახს ეკუთვნოდა ეტრუსკული. შემონახულია ძვ.წ. 7-2 საუკუნეების 10 000 ენობრივი ძეგლი, ბერძნების მიერ ეტრუსკებისაგან ნასესხები დამწერლობის სახით, საფლავის ქვის წარწერები. არსებობს ასეთი მოსაზრებაც, რომ ეტრუსკული ანბანი შეიქმნა დასავლეთ ბერძნული ანბანის საფუძველზე. ეტრუსკული ენობრივი ახსნა დიდ სიძნლეებს აწყდება (Bertelsmann. Neues Lexikon in 10 Bänden. B. 3. 1995. S. 182, aseve H. Klingenberg, 1995, B. Odenstedt, 1990).

ჰ. კრაე (H. Krahe) ეტრურიაში მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას, ეტრუსკებსა და ლიგურებს, “უცხო ხალხებს” უწოდებს, რომელთაც მოსული ინდოგერმანელები შეერივნენ (Hans Krahe _ ინდოგერმანისტი 1898-1965. იკვლევდა წინარეისტორიული ხანის ენათა პრობლემებს ძირითადად მდინარეთა და სხვა ტოპონიმების მიხედვით. Krahe, H. 1954; Krahe H, 1970).

ქართველ მეცნიერთა აზრით, ისტორიული და არქეოლოგიური მასალა იძლევა იმის საფუძველს ვთქვათ, რომ ეტრუსკულ ენაში არის საკმაოდ მნიშვნელოვანი ქართველური ტიპის კომპონენტი და ეტრუსკულ და ქართველურ ენებს შორის არსებობს აშკარა მიმართებები, სემანტიკური ჯგუფების ლექსიკური შესაბამისობები, გრამატიკული შეხვედრები, არ გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ ეტრუსკული წარმოადგენს პელასგურ-ქართველური ტიპის ენას.

1) რ. გორდეზიანი, 1970; 2) R. Gordeziani 1969; 3) Р.В. Гордезиани 1975;  4) რ. გორდეზიანი, 1981; 5) რ. გორდეზიანი, 1980.

რ. გორდეზიანის მიერ 1975წ. გამოქვეყნებულმა ნაშრომმა მხარდაჭერა ჰპოვა ე. ფურნიეს (E. Furnée. 1972) შრომებში. განსაკუთრებით კი E. Furnée 1979. ასევე გ. გარბინის შრომებში (G. Garbini, 1975).

6) რ. გორდეზიანი, 1985.

ეტრუსკული ზმნის სიახლოვეზე ქართველურთან ლაპარაკობს ე. შტრნადი E. Strnad, 1979.

როგორც თ. გამყრელიძე ამტკიცებს, ეტრუსკულმა დამწერლობამ დაუდო სათავე ოსკურ, უმბრულ, ლათინურ, ფალისკურ დამწერლობას. მთელი რიგი შინაგანი მონაცემები ლათინური ანბანისა მიუთითებს მის წარმომავლობაზე ეტრუსკული დამწერლობისაგან (თ. გამყრელიძე, 1989).

აზრთა სხვადასხვაობის გამომწვევი იყო ის, რომ ძნელდება ეტრუსკულის გენეტიკური კავშირის დადგენა სხვა ენებთან, ამ ენაში მრავალგვარ ენობრივ მინარევთა გამო. საქმე ისაა, რომ ნარევი ენა ერთდროულად სხვადასხვა ენას ენათესავება (boduen de kurtene). რ. გორდეზიანის აზრით, ეტრუსკულს ვერ მივიჩნევთ სხვადასხვა კომპონენტთა მექანიკური გაერთიანების შედეგად. მას მიუხედავად მინარევთა სიუხვისა, გენეტიკური კავშირი ჰქონდა სრულიად განსხვავებულ ენობრივ ჯგუფთან. ავტორი მეცნიერული სიზუსტით ასაბუთებს საკმაოდ ვრცელ ეტრუსკულ-ქართველურ ლექსიკურ შესაბამისობებსა და საფუძვლიან გრამატიკულ შეხვედრებს.

კვლევის თანამედროვე დონეზე სულ უფრო ნათელი ხდება, რომ ქართველური კომპონენტი ერთ-ერთი (თუ ერთადერთი არა) არსებითი უნდა ყოფილიყო ძვ.წ. II ათასწლეულის ეგეოსური, დასავლეთმეტიტერანული ცალკეული კულტურისა და ენის ჩამოყალიბების პროცესში. II ათასწლეულის უფრო ადრეულ პერიოდში, ა. ურუშაძის მიხედვით _ თეოპომპესთან, თეოფრასტესთან, აპოლოდრესთან, სვიდასთან მოიპოვება ცნობები, რომ დამწერლობის შექმნა კვირბების სახით მიეწერება არაელინური, აღმოსავლურ-პელასგური წარმომავლობის კორიბანტებს, კრეტაზე მოსახლე მცირე აზიის ავტოხტონურ ტომებს წინაელინურ პერიოდში. კვირბების სახით გავრცელებულ კოლხურ დამწერლობაზე არაერთი ცნობა არსებობს ბერძენ და რომაელ ავტორებთან, ისინი საუბრობენ კოლხეთში თავიანთ მამათაგან ნაწერ კვირიბებზე (ცნობები ა. როდოსელთან). ა. ურუშაძის აზრით აპოლონიოს როდოსელის ეს ცნობა, კირბების ანუ კვირბების თაობაზე ცნობაა ძველ ქართველურ ტომებში (კოლხებში) არსებული დამწერლობის შესახებ (ა. ურუშაძე, 1964). ასეთი ცნობები დამოწმებულია კრატინესთან, ლისიასთან, თეოპომპესთან, პლუტარქესთან, კომიტასთან, თეოფრასტესთან და სხვ.

ვფიქრობთ, საშური იქნებოდა ჩატარებულიყო რუნული, ქართველური და ეტრუსკული დამწერლობისა და ბგერითი სისტემის გამოწვლილვითი კვლევა. ნაბიჯი გადადგმულია _ რ. გორდეზიანის მიერ შედგენილი ეტრუსკულ და ქართველურ თანხმოვანთა და ხმოვანთა შეფარდების ცხრილში მოტანილია ქართული, ზოგ შემთხვევაში ზანური და სვანური შესაბამისობებიც კი ეტრუსკულთან (გვ. 9-12), მოცემულია მდიდარი მასალა ამ ორი ენის ლექსიკურ-გრამატიკული შეხვედრებისა (გვ. 13-53), და რაც მთავარია, დადგენილია ეტრუსკულ-ქართველური მიმართებების ისტორიულ-არქეოლოგიური საფუძვლები (რ. გორდეზიანი, 1980).

ეტრუსკულის მონაცემების მიხედვით საეჭვო აღარ უნდა იყოს, რომ ძვ.წ. პირველ ათასწლეულში ქართველებს ჰქონდათ დამწერლობა. თუ ჩვენს ხელთ არსებული მასალის მიხედვით ვიმსჯელებთ, ეტრუსკული და რუნული დამწერლობა ჩვენს წელთაღრიცხვამდელია, წარმართული ხანისაა.

მაგრამ არა ერთ ძველ ბერძნულ წყაროზე დაყრდნობით ნათელია, რომ ძვ.წ. მეორე ათასწლეულში კრეტაზე მოსახლე კორიბანტები კოლხეთიდან იყვნენ მოსული და, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, ჰქონდათ დამწერლობა, კვირბების სახით, რომელსაც საკრალური დანიშნულების ტექსტებისა და წარწერებისათვის იყენებდნენ. კორიბანტთა სამწერლობო ქმედებები ფარულ ხასიათს ატარებდა და აღინიშნებოდა ზმნით “კორიბას“, რომელიც ნიშნავდა “დავმალავ”, “დავფარავ”, “დავიცავ”. ასეთი ფარული მისტერიული ხასიათი რუნებმაც შეინარჩუნეს: რუნა (დღევანდელი გერმანული ფორმაა რაუნენ) “საიდუმლო ჩურჩულს” ნიშნავს. კორიბანტების კვირბები კი ძველი კოლხური დამწერლობის დასტური უნდა იყოს.

 

ლიტერატურა:

1) Altheim, F. citirebulia Die Deutsche Sprache. Kleine Enzyklopädie in 2 Bdn. 1969. B. 1. Leipzig. S. 91. B. 2. 1970. Agricola, E. Fleiseher, W. Protze, H. (Hrsg).

2) Arntz, H. 1935, 1944, 4. Aufl: Nachdruck 1993: Handbuch der Runenkunde. Halle/Saale. Niemeyer.

3) Bertelsmann. Neues Lexikon in 10 Bänden. B. 3. 1995. Chefredakteur W-E. Gudmann.

4) Bugge, S.u.a. (Hg), 1924: Norges indskrifter med de æaldre runner. 4 Bde. (Kristiania 1891-1924).

5) Düwel, K. 198: Runen – Kunde. Stuttgart.

– Düwel, K. (Hrsg), 1994: Runische Schriftkultur in continental-skandinawische und angelsächsische Wechselbeziehung.

6) Furnée, E. 1979: Vorgriechisch-Kartvelisches. Studien zum Ostmediterauen Substrat nebst einem Versuch zu einer neuen pelasgischen Theorie. Leuven-Lou vain.

7) König, W. 1994, dtv Atlas. Deutsche Sprache. München.

8) Krahe, H. 1954: Sprache und Vorzeit. Heidelberg.
Krahe, H. 1970: Einleitung in das vergleichende Sprachstudium, Innsbruck.

9) Krause, W. 1970: Runen. Berlin.

– Krause, W. 1937: Runeninschriften im älteren FuÞark. Halle.

– Krause, W./ Jankuhn, H. 1966: Die Runen-Inschriften im älteren FuÞark. 2 Bde, Göttingen.

10) Metzler Lexikon Sprache. 2000. Stuttgart, Weimar.

11) Moltke, E. 1985: Runes and their origin: Denmark and elsewhere. Kopenhapen.

12) Odenstedt, B. 1990: On the origin and Early History of the Runic Script. Stokholm.

13) Schmidt, W. 1996: Geschichte der deutschen Sprache. Stuttgart/Leipzig.

14) Schnell, W. 1973. Die Runen –  Inschriften des europäischen Kontinents. Berlin.

15) Strnad, E. 1979: Hat die etruskische Sprache doch noch Variante? Das Altertum. Bd. 25,2.

16) Weinhold K. : 1856. Altnordisches Leben. Berlin

17) Marstander, C.J. und Friesen, O. citirebulia Brockhaus, 1998. die Enzyklopädie. B. 18. F.A. Brockhaus, Leipzig, Mannheim. S. 639

18) გორდეზიანი რ. 1969:  Zur Frage der ägäisch-kartwelischen sprachparallelen. Wiss. Zeitschr. der Fr. Schiller-Univ. Jena, 18. Hft. 5

_ გორდეზიანი რ. 1970, `ილიადა~ და ეგეოსური მოსახლეობის ისტორიისა და ეთნოგენეზისის საკითხები, თბილისი;

_ გორდეზიანი რ. 1969 Кавказ и проблемы древнейщих среди земноморских языковых и культурных взаимоотнощений, Тбилиси.

_ გორდეზიანი რ. 1980: ეტრუსკული და ქართველური, თბილისი.

_ გორდეზიანი რ. 1981: ბგერათმონაცვლეობის ტიპებისათვის წინარებერძნულსა და ქართველურში. თსუ შრომები. სერია: არქეოლოგია, კლასიკური ფილოლოგია, ბიზანტისტიკა;

_ გორდეზიანი რ. 1985: წინარებერძნული და ქართველური. თსუ.

19) გამყრელიძე, თ. 1989: წერის ანბანური სისტემა და ძველი ქართული დამწერლობა, თბილისი.

20) ურუშაძე, ა. 1964: ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებებში, თბილისი.

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s