Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• წარწერა ნეკრესიდან

♥ დამწერლობა – Georgian Alphabet

● წინაპართა ნაკვალევზე

  

 

***

 

წინაქრისტიანული ხანის ქართული წარწერა ნეკრესიდან

აღმოსავლეთ საქართველოში, ყვარლის რაიონში მდებარეობს ნეკრესის ნაქალაქარი. იგი განლაგებულია კავკასიის სამხრეთ კალთაზე. მდიდარ გეოგრაფიულ ზონაში. მისი, როგორც ქალაქის დაფუძნება, ქართული წყაროებით უკავშირდება მეფე ფარნაჯომს ძვ. წ. მეორე საუკუნეში. ნაქალაქარი საზოგადოებისათვის ცნობილია ადრექრისტიანული არქიტექტურული ძეგლებით. მათ შორის IV ს. ეკლესიით.

ნეკრესი პოპულარული გახდა აგიოგრაფიული ლიტერატურის ადრეული ძეგლით აბიბოს ნეკრესელის წამების შესახებ, სადაც აღწერილია აბიბოს ნეკრეასელის – ნეკრესის ეპისკოპოსის – ბრძოლა ცეცხლთაყვანისმცემლობის წინააღმდეგ, ქრისტიანობის დასამკვიდრებლად და მისი მოწამეობრივი სიკვდილი. ის ათცამეტ ასურელ მამათა ერთ-ერთი წარმომადგენელი იყო, რომლებიც საქართველოში VI ს. მოღვაწეობდნენ.

ნეკრესის ნაქალაქარზე არქეოლოგიურ სამუშაოებს აწარმოებს საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი 1984 წლიდან. გათხრილია II-IV სს. ცეცხლის ტაძარი, ანტიკური ხანის ქალაქის ზღუდის ნაწილი: IV-VI- სს. ნაგებობის ნაშთები (სასახლე, მარანი), VI ს. ეკლესია და სხვა. აღმოჩენათა შორის მეტად მნიშვნელოვანია IV-VI სს. დათარიღებული არქიტექტურული ნაგებობის კედლებში მეორადი გამოყენებით ჩატანებული ქვის ფილები ქართული უძველესი წარწერებით, რომელთა ხნოვანება განისაზღვრება IV საუკუნის ნაგებობის ქვეშ არსებული კულტურული ფენის ახ.წ. I-III საუკუნეებით. პალეოგრაფიული ნიშნებითაც ისინი უძველესი წარწერების რიგში ექცევიან.

სულ დადასტურებული შვიდი წარწერიდან I-III საუკუნეებს მიეკუთვნება 5 წარწერა. 1999 წ. დადასტურებულ იქნა კიდევ ერთი წარწერიანი ფილა. ის აღმოჩნდა ნაქალაქარის ტერიტორიის ცენტრში, იმ ადგილის მახლობლად, სადაც ითხრება IV ს. მონუმენტური ეკლესია. ქვა ეგდო ზედაპირზე, საურმე გზაზე. გამოჩენილია წყლის დინების შედეგად, არა თავის ადგილზე. წარწერიანი ქვა სიგრძით 41.5 სმ-ია. მისი სიგანეა 10-10.5 სმ, სისქე – 5.5 სმ. თავი და ბოლო მოტეხილი აქვს. განსაკუთრებით დასანანია ზედა ნაწილის დაზიანება, რამდენადაც დაიკარგა წარწერის დასაწყისი ნაწილი. წარწერა შესრულებულია ამოკაწვრის წესით, ასოების სიმაღლე მერყეობს 1.8 – 2.5 სმ შორის, სიგანე 1.0 – 2.0 სმ შორის. შემორჩენილია ორი დაზიანებული და ექვსი სრული სტრიქონი.

პირველი სტრიქონი: შემორჩენილია ბოლო ორი ასოს ქვედა ნაწილები.

მეორე სტრიქონი: შემორჩენილია პირველი ორი ასოს ქვედა ფრაგმენტები და ორი ბოლო ასო    (ან)

მესამე სტრიქონი:  (აზატ), ბოლო ჩამოტეხილია, შეიძლება აღდგეს (ი)

მეოთხე სტრიქონი:  (სი არს)

მეხუთე სტრიქონი: (ნოჳმ)

მეექვსე სტრიქონი: (ცავინ)

მეშვიდე სტრიქონი: (ხრევ)

მერვე სტრიქონი: (ს)

წაკითხვა:

აზატ(ი)

სი არს

ნუმ

ცავინ

ხრევ

წარწერა ერთი მხრივ აღნიშნავს დაკრძალულის ვინაობას, და მეორეს მხრივ თხოვნაა  თუ მოწოდება : ნურვინ შეეხება მას, ნურავინ არევს (ნუმცავინ ხრევს).

წარწერა ასომთავრულია. გამოყენებულია ქართული ანბანის თოთხმეტი ასონიშანი: ა(4), ე(1), ვ(2), ზ(1), ი(2), მ(1), ნ(2), რ(2), ს(3), ტ(1), ვ(1), ო(1), ც(1), ხ(1).

როგორც ირკვევა, საქმე გვაქვს წარწერიან საფლავის ქვასთან, რომელიც სტელის სახით იქნებოდა აღმართული საფლავზე. წარწერის დაზიანებულ ნაწილში, სავარაუდოა, აღნიშნული იქნებოდა დაკრძალულის სახელი. ნეკრესის სხვა წარწერებისაგან განსხვავებით, აღნიშნულ წარწერას ორი სიახლე ახასიათებს. ის ხანმეტურია და მასში გვხვდება ძველი ქართული წყაროებისათვის უცნობი სოციალური ტერმინი აზატი. ეს ტერმინი ვარაუდით პართულ ხანაში უნდა შემოსულიყო. აღნიშნავდა – თავისუფალს. მეზობელი ქვეყნების – ირანისა და სომხეთის – მაგალითებით აზატები მძიმედ შეჭურვილი ცხენოსანი მეომრები იყვნენ. არის ვარაუდი, რომ მასთან არის დაკავშირებული ქართული სოციალური ტერმინი აზნაური – მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელის სახელი, რომელიც დადასტურებული გვაქვს პირველივე ქართულ ლიტერატურულ ძეგლში “შუშანიკის წამება”. წარწერის მიხედვით აზატის ინსტიტუტის არსებობა საქართველოში შეიძლება ახ.წ. პირველი საუკუნიდან ვივარაუდოთ. ადრეულ ქართულ ძეგლებში ის არ გვხვდება.

აღნიშნული წარწერა ნეკრესში აღმოჩენილ სხვა რამდენიმე წარწერასთან ერთად დღეისათვის ცნობილ ქართულ წარწერებს შორის ყველაზე უადრესია და ის ახ.წ.  I-II-III საუკუნეებით შეიძლება დათარიღდეს.

ამ წარწერიანი სტელის გარდა ნეკრესის ნაქალაქარზე, კერძოდ ადგილ – “ნაგებებში” აღმოჩენილია 5 სხვა წარწერიანი ქვა, რომლებიც ჩატანებული ყოფილა IV ს. აგებული სასახლის კედლებში, მეორადი გამოყენებით. წარწერების დათარიღებაში გვეხმარება არქიტექტურული ნაგებობის ქვეშ არსებული კულტურული ფენის არქეოლოგიური მასალა.

გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ნეკრესის წარწერებს აქვს ყველა  პალეოგრაფიული გამორჩეული ნიშანი, რომლითაც თარიღდება ქართული წარწერების ყველა, ადრეულად მიჩნეული წარწერა (პალესტინა, ბოლნისი, ურბნისი). ეს ნიშნებია: თავშეკრულობა, მარცხნივ გაზიდული ხაზის და ქარაგმის არ არსებობა, კუთხოვნება. ნეკრესის წარწერაზე არ გვხვდება ტექსტის დასაწყისის და დასასრულის სტანდარტული, დაკანონებული ფორმები: “ქრისტე”, ვედრება – “უფალო”, “ღმერთო”, “იყავნ, იყავნ”, “ამენ” და სხვა, რაც დამახასიათებელია ქრისტიანული ხანის წარწერებისათვის.

დასკვნები

1. ზემოთ განხილული წარწერა, ნეკრესის სხვა ხუთ წარწერასთან ერთად წინაქრისტიანული შემოქმედების ნაყოფია. არქეოლოგიურად ისინი თარიღდება ახ.წ. I-III საუკუნეებით. ყველა განეკუთვნება ცეცხლთაყვანისმცემელთა საფლავის ქვებს. ამგვარ დათარიღებას ეთანხმება წარწერაში დადასტურებული სოციალური ტერმინი “აზატი” და ტექსტის ხანმეტური ხასიათი.

2. წარწერიანი ქვა დაზიანებულია – მოტეხილი აქვს თავიც და ბოლოც. ასევეა დაზიანებული სხვა წარწერიანი ქვებიც, რაც შემთხვევითობას არ შეიძლება მივაწეროთ. ისინი განზრახ, წინასწარმოფიქრებული ღონისძიებით ჩანს დაზიანებული, რაც ქრისტიანობის გავრცელებისას, ცეცხლთაყვანისმცემლებთან დაპირისპირების დროს არის განხორციელებული. ამ დროს, ე.ი. IV ს. დასაწყისში, მთელი სისასტიკით დაანგრიეს და გაძარცვეს მაზდეანთა ტაძარი – მეტად შთამბეჭდავი, მონუმენტური არქიტექტურული ძეგლი. როგორც ჩანს ეს იყო საერთო ღონისძიება მაზდეანთა წინააღმდეგ, როდესაც გაუნადგურებიათ მათი ტაძარ-სალოცავები ან გადაუკეთებიათ ქრისტიანულ ეკლესიებად: საფლავის ქვები დაუმტვრევიათ და დაუყრიათ, მოგვიანებით კი გამოუყენებიათ როგორც სამშენებლო მასალა.

3. ნეკრესის წარწერების აღმოჩენის შემდეგ, დღეს გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, ქართული ასომთავრულის განვითარება არ შეიძლება დაუკავშირდეს ქრისტიანობის შემოსვლა-დამკვიდრებას. იგი გაცილებით ადრეა მომხდარი სხვა სოციალური გარემოსა და რელიგიური მრწამსის პირობებში.

4. ჩვენი ვარაუდით, ქართული ანბანის შემოღება და დამწერლობის განვითარება დაკავშირებული შეიძლება იყოს მაზდეანური რელიგიის ტექსტების – ლოცვები, ჰიმნების და სხვათა სათარგმნელად და ქართველ მაზდეანთა საკუთარ ეროვნულ ენაზე აღნიშნული ტექსტებით უზრუნველსაყოფად, რიტუალის სრულყოფილად წარმართვისათვის.

5. საქართველოში ქრისტიანობის გავრცელების შემდეგ, მსგავსივე ღონისძიების განხორციელებას – რელიგიური წიგნების ქართულ ენაზე თარგმნის საქმეს, ეკლესიის მესვეურნიცა და ქართველ ქრისტიანთა მრევლიც მომზადებულები შეხვდნენ, რადგანაც მათ უკვე ჰქონდათ ეროვნული ანბანიცა და მწიგნობრობაც. ეს იმ დროს, როდესაც ქართველთა მეზობლები ამ დროს იწყებენ იმავე საქმიანობისათვის საკუთარი ანბანის შექმნას ქრისტიანული საღვთო ჰიმნების სათარგმნელად (სომხები, ალბანელები).

6. ზემოთ აღნიშნულის შემდეგ, ლეონტი მროველის ცნობას ფარნავაზ მეფის მიერ (ძვ. წ. III ს.) მწიგნობრობის გავრცელების შესახებ  (“და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული”) ნდობით უნდა მოვეკიდოთ. ფარნავაზის დროს იწყება ცეცხლის კულტის განსაკუთრებული გავრცელება. მანვე დააფუძნა აჰურა მაზდას კულტი და თვით კი ღმერთის რანგში მოგვევლინა. “მწიგნობრობა” პირველ რიგში უნდა გავიგოთ როგორც “წიგნის”, რელიგიური შენაარსის, სჯულის კანონთა კრებულის დოკუმენტური გაფორმება. “ბიბლია” წიგნია, ისევე როგორც “ყურანი”, “წიგნის ხალხი” კი – გარკვეული სჯულის წიგნის მიმდევარი. “მწიგნობრობა” პირველ რიგში, უნდა გავიგოთ, როგორც სჯულის კანონის წიგნის შექმნა. მაშასადამე, მწიგნობრობის შემოღებაში პირველ რიგში საეკლესიო წიგნების თარგმნა იგულისხმება, კონკრეტულ შემთხვევაში კი “ავესტას” წიგნების გადმოქართულება.

ლევან ჭილაშვილი

საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი,

საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი

***

 

ნეკრესის აღმოჩენა

23.03.2011

tam_2083[1]ნეკრესის ნაქალაქარის გათხრებმა სენსაციური აღმოჩენების მოწმე გაგვხადა. გაითხარა უნიკალური წარმართული ტაძრის ნაშთები, რომლის ანალოგი ჯერჯერობით მსოფლიოში ცნობილი არ არის. ტაძრის ზომაა 50X50 მ, ანუ 2500 კვ.მ. აღმოჩენილ იქნა უძველესი ქართული წარწერებიც, რომელთა ნაწილი აკად. ლ. ჭილაშვილმა ძვ.წ. II და ახ.წ. I საუკუნეებით დაათარიღა. ამ წარწერების დათარიღების შესახებ ქართველ ისტორიკოსთა შორის ერთიანი აზრი არ არსებობს.

გურამ ნარსიძემ გაშიფრა და დაათარიღა ნეკრესის წარწერები:

– ბ-ნ გურამ, რომელ საუკუნეს განეკუთვნება აღმოჩენილი წარმართული ტაძარი?

– ტაძარს ათარიღებს წარწერა 7, რომელიც ქართულ წარმართულ კალენდარს წარმოადგენს და ასახავს ახ.წ. 81 წლის ასტრონომიულ სურათს. ეს კალენდარი შეისწავლა და გამოაქვეყნა ბ-ნმა ნოდარ გაფრინდაშვილმა ჯერ კიდევ 2002 წელს. ამრიგად, ტაძრის აშენების დასაწყისად ახ.წ. 81 წელი უნდა მივიჩნიოთ.

– ოპონენტები ამბობენ, რომ მშენებლების მიერ გამოყენებულია ცემენტი, რაც რომაული წარმოშობისაა და ჩვენში გვიან არის შემოსული…

– როდის გვიან? რომელ წელს გახდა ცნობილი საქართველოში ობსიდიანის ცემენტი? ამ კითხვაზე პასუხი არა აქვთ. ამავე დროს ჩვენ ზუსტად ვიცით ის უგვიანესი წელი, როდესაც საქართველოში ცნობილი გახდა ეს სამშენებლო მასალა. ამას გვამცნობს ახ.წ. 73 წელს შესრულებული, მცხეთაში აღმოჩენილი ვესპასიანე და დომიციანე კეისრების წარწერა, რომ მათ გაამაგრეს მცხეთის კედლები. თქვენი აზრით, დამცავი ნაგებობის გასამაგრებლად რომაელები ტალახს ან თიხას იყენებდნენ თუ ცემენტს? ე.ი. ნეკრესის ტაძარზე 8 წლით ადრე ჩვენი წინაპრებისთვის უკვე იყო ცნობილი ცემენტი.

– თვით წარწერებიც იწვევს აზრთა სხვადასხვაობას და ოპონენტები მათ VI-VII ან უფრო გვიან – VIII-IX საუკუნეებით ათარიღებენ…

– ყველა, ვინც ნეკრესის წარწერებს გაეცნო, აღნიშნავს, რომ ქართულ ტექსტებში გამოყენებულია ქართულისთვის არადამახასიათებელი, „უცნაური“ ასოები. სწორედ ამ გარემოებამ გამოავლინა იმ პალეოგრაფთა სრული არაკომპეტენტურობა, ვინც წარწერების „გაახალგაზრდავებასა“ და ქრისტიანულ ეპოქაში გადმოტანას ცდილობს. მე ასეთ კითხვას დავსვამ – ქართულ წერილობით ძეგლებში, არათუ IX, არამედ V-VI საუკუნეებში თუ უნახავთ მსგავსი მოხაზულობის ასოები? ცხადია, არ უნახავთ, არათუ ქართულში, არამედ საერთოდაც, რადგან ზოგ წარწერას საერთოდ ვერ კითხულობენ და რაც „წაიკითხეს“, ისიც შეცდომით.

– რას მიგვანიშნებს აღნიშნულ ასოთა მოხაზულობა?

– ეს ასოები არამეული ანბანის ასოებია, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც წარწერების სწორი წაკითხვის, ასევე დათარიღებისთვისაც. მკითხველისთვის უფრო გასაგები რომ გახდეს, აღვნიშნავ, რომ არამეული ანბანი საყოველთაოდ გამოვიდა ხმარებიდან ახ.წ. IV საუკურეში და V საუკუნიდან სირიულის ნაირსახეობით შეიცვალა. ეს ანბანური ჭეშმარიტებაა მსოფლიო მეცნიერებაში. ნეკრესის წარწერები უნდა დათარიღდეს არამეული პალეოგრაფიით, რაც კარგად არის ცნობილი და შესწავლილი.

– რამდენი წარწერის დათარიღებაა შესაძლებელი?

– ამჯერად შესაძლებელია წარმართული ხანის ექვსი წარწერის დათარიღება. ერთი, როგორც უკვე ვთქვი, კალენდარია და თვით შეიცავს ასტრონომიულ თარიღს. დანარჩენი ხუთი წარწერის შესრულების დრო განისაზღვრება არამეული პალეოგრაფიით.

– რომელია ამ წარწერათა შორის უძველესი?

– უძველესია წარწერა 8. ამ წარწერას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, რადგან წარმართული ღმერთის სახელით არის შესრულებული და რიტუალურ აკრძალვას ეხება. ლიგატურა, რომელიც წარწერის პირველ სტრიქონშია მოცემული და ვითომ არ „იკითხება“, არამეული ასოებით არის შესრულებული და იკითხება მარჯვნიდან მარცხნივ. აქ სულ ხუთი ასოა – ალეფ, რეშ, მემ, აინ და ზაინ. იკითხება ქართული წარმართული პანთეონის უმაღლესი ღვთაების – არმაზის სახელი და სწორედ არმაზი კრძალავს წარწერაში მითითებულ ქმედებას – „ვიხწი – სითა ნუმცა ვინ ხაფად ჰკრვის“. ტექსტი ჰაემეტურია. კარგად არის ცნობილი, რომ წარმართულ რიტუალებში ღვთაებების ხმობა დაფის კვრით ხდებოდა. როგორც ჩანს, მეტისმეტად ხმაურიანი კვრა იკრძალებოდა, რაც ასახულია წარწერაში. ამ ტექსტში სულ 24 ასოა გამოყენებული, რომელთაგან 14 არამეულია ე.წ. „პოსტიმპერიული“ ფორმით და წარწერის ამოკვეთის თარიღად ძვ.წ. III საუკუნის მეორე ნახევარს განსაზღვრავს. წარმართული ღვთაებების სახელების მსგავსი ლიგატურები ფართოდ იყო გავრცელებული პოსტაქემენიდურ პერიოდში – ინტერნეტით მოვიძიე სპარსული თასი, რომელიც ძვ.წ. V-III საუკუნეებით არის დათარიღებული და მასზე აჰურა მაზდა თითქმის ანალოგიური ლიგატურით არის დაწერილი. ამ ფაქტმა ყოველგვარი ეჭვი გაფანტა ჩემეული დათარიღების მიმართ.

– სხვა წარწერებზე რას იტყვით?

– ამჯერად, 2 წარწერით შემოვიფარგლოთ. აქ წაკითხულია სახელი „ლევაკი“, რაც არასწორია. ამ ექვსასოიანი სახელის პირველი, მეხუთე და მეექვსე ასოები ასევე არამეული ასოებია, რაც კარგად ჩანს როგორც ქვაზე, ასევე ფოტოზეც. ესენია – წადე, ჰეთ და იოდ. ანუ სახელი იკითხება როგორც „წევახი“ ან „ძევახი“ და წარმოადგენს ბერძნული წარწერებიდან კარგად ცნობილი „ზევახოსის“ ქართულ გამოთქმას. ეს წარწერა ძვ.წ. II საუკუნისაა.

– რატომ არის ნახმარი არამეული ასოები ქართულთან ერთად?

– ეს კითხვა ჯერჯერობით ღიად დავტოვოთ, რადგან ქართული დამწერლობის გენეზისს ეხება და ღრმა ანალიზს მოითხოვს.

ptpress.ge

***

***

“ჭური მე დავრგე”

nekresi[1]

ვაზის კულტურული ჯიშების გამოყვანაში, ღვინის დაყენებასა და ამ მიზნით ქვევრის გამოყენებაში პირველობის პრეტენზია არაერთ ქვეყანას აქვს. საკუთარი პოზიციის დასადასტურებლად ისინი უძველეს წერილობით წყაროებს, არქეოლოგიურ მასალასა და ლინგვისტურ ანალიზს იყენებენ. ივანე ჯავახიშვილმა საფუძვლიანად შეისწავლა მევენახეობა-მეღვინეობასთან დაკავშირებული ქართული ლექსიკა, რის შედეგადაც დაადგინა, რომ ქართულში ვაზის ჯიშ-სახესხვაობათა აღმნიშვნელი 250 სახელწოდება არსებობს. აქედან მხოლოდ 16-ია უცხო, 67 – გაურკვეველი წარმომავლობის, 167 კი – ორიგინალური. ამ უკანასკნელთაგან 55 ანუ 32,9% – წმინდა ამპელოგრაფიულია (მეცნიერება ვაზის სახეობებისა და ჯიშების შესახებ). ქართველმა მეცნიერმა დაამტკიცა, რომ ვაზის ლერწის დამახასიათებელი და სქესის განმსაზღვრელი სახელები მხოლოდ ქართულ მევენახეობაში არსებობს, მტევნის მორფოლოგიური და ფიზიკური თვისებების მაუწყებელი კი ჩვენთან სხვა ენებში არსებულზე მეტია (ივანე ჯავახიშვილი, თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ.5, 1986, გვ. 612). რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მან სწორედ ქართული ლექსიკის საფუძველზე ახსნა ისიც, თუ საიდან შეიძლებოდა გაჩენილიყო  ბერძნულ თქმულებაში არსებული უცნაური აზრი შინაური ვაზის ძაღლისაგან წარმომავლობის შესახებ. რაც შეეხება მეღვინეობასთან მიმართებას, ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით სიტყვა “ვენახი”, რომელიც ძველ ქართულში “ვაზის” აღსანიშნად იხმარებოდა, იმთავითვე “ღვინოსთან” იყო ასოცირებული და “ღვინის ხედ” (“ღვენახე”) იყო სახელდებული (იქვე, გვ. 681).

ertad[1]

ამ არაჩვეულებრივი მონაცემების მიუხედავად დიდი ქართველი მეცნიერი უჩიოდა ჩვენში პრეისტორიული და არქეოლოგიური ნაშთების შეუსწავლელობას, ძველი წყაროების უქონლობას და მოკრძალებულად აცხადებდა: “თუ კაცობრიობის კულტურის ამ დარგის თავდაპირველ სამშობლოზე ჯერ მოსაზრების გამოთქმა არ შეიძლება, ყველაფერი, რაც ამ წიგნში უკვე გამოირკვა, ხომ მაინც ცხადჰყოფს, რომ მევენახეობის ერთ მთავარ ცენტრთაგანად უცილობლად საქართველოც უნდა იქნეს მიჩნეული” (იქვე, გვ. 617), ეს დასკვნა ჯავახიშვილმა გააკეთა ენობრივი მასალის საფუძველზე, მაგრამ მას რომ ხელთ ჰქონოდა მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის ორი უმნიშვნელოვანესი მონაპოვარი – ხრამის დიდი გორისა და ნეკრესის არქეოლოგიური გათხრების მასალა, მისი დასკვნები მევენახეობა-მეღვინეობის ისტორიაში საქართველოს ადგილისა და როლის შესახებ ბევრად უფრო კატეგორიული იქნებოდა.

ქვემო ქართლში, შულავერთან, ხრამის დიდ გორაზე აღმოჩენილ ძვ. წ. VI-V ათასწლეულების თიხის საღვინე ჭურჭელს, რომელიც სპეციალისტთა აზრით ქვევრი უნდა იყოს, მეცნიერთა ყურადღება არ აკლია. ლაბორატორიულად დადასტურებულია ისიც, რომ მის კედლებზე არის ვაზის ყვავილის მტვრის და ღვინის მჟავის ნაშთები, რაც საკითხის კვლევისათვის ძალზე არსებითია, მაგრამ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყურადღების მიღმაა დარჩენილი მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი აღმოჩენა – ნეკრესის მარნის გათხრების დროს მოპოვებული ქვევრის ნამტვრევები და მის პირზე ამოკაწრული უძველესი  წარწერა.

ნეკრესის №6 წარწერაში, რომლის ერთი ნაწილი არქეოლოგებმა 1986, მეორე კი – 1996 წელს აღმოაჩინეს და რომელიც მეცნიერთა მიერ II-III საუკუნეებით თარიღდება, საკმაოდ მკაფიოდ იკითხება წინადადება: “მბ ესე ჭური მე დავრგე”. იგი ცალსახად გვიდასტურებს, რომ იმ დროისათვის საქართველოში გავრცელებული იყო ქვევრის მიწაში დაფლვის ტრადიცია.

სიტყვები “ჭური” და არა “ქვევრი“, “დავრგე” და არა “ჩავდგი“, შესაძლოა გვეუცხოვოს, რადგან საუბარია აღმოსავლეთ საქართველოზე, მაგრამ სწორედ ეს ლექსიკაც ადასტურებს წარწერის სიძველეს. ივანე ჯავახიშვილის დაკვირვებით “უძველეს ქართულში… ჭური ყოფილა ღვინის ჩასასხმელ-შესანახი ჭურჭლის აღსანიშნავად მიღებული, შემდეგდროინდელ საბუთებსა და ძეგლებში, ჭურს გარდა, ქვევრი-ც ჩნდება”, XVII საუკუნის შემდეგ კი “მიწაში ჩასაფლველი დიდი ჭურჭლის სახელად… ლიხთ-ამერეთში უკვე მხოლოდ ქვევრიღა დარჩენილა” (იქვე, გვ. 652, 653). იგივე შეიძლება ითქვას წარწერაში გამოყენებული ზმნის შესახებაც. როგორც ჩანს უძველეს დროში ჭურის, ისე, როგორც მცენარის ძირის, მიწაში დაფლვის აღსანიშნავად, ზმნა “დარგვა” გამოიყენებოდა და მხოლოდ შემდეგ მოხდა მისი მნიშვნელობის შევიწროება და ჭურის დაფლვასთან დაკავშირებით ახალი ზმნის გამოყენება.

რამდენადაც ნეკრესის წარწერა წინაქრისტიანული ხანის, ჩვენში ცეცხლთაყვანისმცემლობის გავრცელების დროინდელია, ცნობილი მეცნიერის – ლევან ჭილაშვილის აზრით, წარწერის დასაწყისში დაქარაგმებული ასოები  – “მბ” შესაძლოა ღვთაებისადმი მიმართვის ფორმა იყოს და “მითრაბაგას” ან “მაზდაბაგას” (ქართულად “მზეო უფალო”) აღნიშნავდეს (ლევან ჭილაშვილი, ნეკრესის უძველესი ქართული წარწერები და ქართული დამწერლობის ისტორიის საკითხები. თბ. 2004, გვ. 32).

წარმოგიდგენთ ცხრილს, რომელშიც ნეკრესის წარწერას სიძველის მიხედვით მეთერთმეტე ადგილი უკავია და რომელიც ცნობილი მეცნიერის – თამაზ მჭედლიძის ახლახან გამოცემულ წიგნში “უძველესი ქართული წარწერები” არის წარმოდგენილი (გვ. 30).

ბევრს შეიძლება ეუცხოვოს ეს მონაცემები, რადგან მიჩვეულები ვართ ტაბულებს, რომლებიც ბოლნისის სიონის წარწერით იწყება და სადაც მხოლოდ საუკუნის წინანდელი მონაცემებია ასახული, მაგრამ დღევანდელი რეალობა ასეთია და თუ ქართველებმა არ დავინახეთ და არ ვაღიარეთ ეს, მით უფრო ნაკლებად დაინტერესდებიან უცხოელები.

ქვევრში ღვინის დაყენების ტრადიციის ქართული წარმომავლობა ზოგ მეცნიერს ჩვენს უსაფუძვლო პრეტენზიად ეჩვენება. ამას ადასტურებს 2011 წლის სექტემბერში ქვევრის პირველ საერთაშორისო სიმპოზიუმზე პენსილვანიელი მეცნიერის პატრიკ მაკგოვერნის მოხსენება და ცალკეული გამოხმაურებები. ვფიქრობ, ნეკრესის წარწერა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არგუმენტია ამ სკეფსისის გასაფანტად და ქვევრის ქართული წარმომავლობის დასამტკიცებლად.

მაია ნინიძე

http://www.vinoge.com/enologia/Wuri-me-davrge

15 Responses to “• წარწერა ნეკრესიდან”

  1. ხევსურეთში, თუშეთში, ხევში შემორჩენილ კრიპტოგრამებში ჩართულია ასომთავრულის მსგავსი ნიშნები. საკითხავია კრიპტოგრამები ხომ არ გახდა ასომთავრულის წარმოშობის საფუძველი?
    იბერიული (პირენეის) დამწერლობა თუკი არსებობდა, იბერიელ-ქართველებსაც ექნებოდათ კრიპტოგრამული ნიშნები. ჩემი აზრით საკულტო ძეგლებზე შემორჩენილი ნიშნებიც მონუმენტური მოხაზულებისაა. რატომ ამას არ აქცევენ ყურადღებას, ნუთუ ასომთავრულზე ადრე არ გვქონდა დამწერლობა ქართველებს? ასომთავრულში საიდან წარმოიშვა ისეთი მოხაზულობის ნიშნები რომლებიც არც ბერძნულშია, არც არამეულში და არც ფინიკიურშია მაგ: ,,ა” ,,დ”,,ვ”,,თ”,,კ”,,უ”,,ქ”,,ღ”,,შ”,,წ”,,ჭ”,,ხ”,,ქხ”,,ჯ”,,ჯ”,,ჰ”. აშკარად იეროგლიფურის ან იდეოგრამული ნიშნებისგან წარმოსულად სჩანან. ქართველებს თუკი ჰქონდათ კრიპტები საეჭვოა სხვა ხალხის დამწერლობიდან აეღოთ ნიმუშები.

    Like

  2. ქურუმების თუ ხუცების ,,წერილი” ანუ დამწერლობა სერიოზულად მისახედია.ჩვენთან მეცნიერების დონე, ამ საკითხთან დაკავშირებით დაბალია. მეცნიერებათა აკადემიაში პრეზენტაცია იყო ასეთ წიგნთან, ფარულ ნიშნებთან დაკავშირებით და აკადემიკოსმა ენათმეცნიერმა ა. არაბულმა ასე თქვა: ,,ხევსურეთში და თუშეთში შემორჩენილი კრიპტოგრამები დამწერლობა არ არის, მაგრამ წაკითხვადიაო”. გაურკვეველია ასეთი მსჯელობები რომელიც კომუნისტური ეპოქიდან მომდინარეობს.საკუთარი კულტურის გაბაიბურება და სხვისი წარმოჩენა. ეს ალბათ ,,უფროსი ძმის” მოკრძალების სიმტომებია როცა ჩვენი კულტურა რუსებზე უძველესი არ უნდა წარმოჩენილიყო (,,უხერხული იყო”). თუ წაკითხვადია დამწერლობა რაღაა?. ასომთავრულიც შესაძლოა ასეთი ნიშნებიდან მომდინარეობდეს და მისახედია პროფესიულ დონეზე.

    Like

  3. რატომ არ ხდება ასე ეპოქალური აღმოჩენების პროპაგანდა?

    აკადემია ბიზანტიის აგენტებითაა სავსე?

    მროველი … ჯავახიშვილი ინგოროყვა პატარიძე ქაფიანიძე რასაც ამტკიცებენ,
    ნივთიერად დადასტურდა და მეტი რაღა გვინდა

    რაღას იტყვიან გამყრელიძე მაჭავარიანი … და
    ჰრომის დიადი საქმის გამგრძელებელი ძერჟავის სხვა მეხოტბეები

    Liked by 1 person

  4. გია said

    ან ერთი კარგი დოკუმენტური ფილმების ციკლის გადაღება რა გახდა? ყველა ინტერესით უყურებს უცხოურ დოკუმენტურ ფილმებს მაკედონელებზე, რომაელებზე, ებრაელებზე…
    ჩვენს ცივილიზაციას ჩვენ თვითონ თუ არ გავუწიეთ პროპაგანდა, აბა ამას რუსი გააკეთებს, ამერიკელი თუ ალჟირელი?
    მესმის რომ ეს ძვირი დაჯდება, მაგრამ შემოწირულებებით ხომ შეიძლება საქმის დაწყება მაინც?

    Like

    • rabi said

      xo gadairevian somxebi,mashin gamodis rom mestrof mashtrocma moipara qartuli anbani, hoda aba vin gadaigebs films roca sataveshi 50% vitom gaqartvelebuli somexi agenti zis !

      Like

  5. გიო said

    ახლა სერიოზულად დგას საკითხი: გვქონდა თუ არა იბერიელ-ქართველებს კრიპტოგრამული (ფარული) დამწერლობა, როგორიც ჰქონდათ დასავლეთ იბერიელებს (ძვ.წ.5-ე ს). როდესაც ლინგვისტური, ანთროპოლოგიური, ისტორიული ცნობა (,,დასავლის ქართველნი”), სისხლის ჯგუფებით, ტრადიციებით, ონომასტიკური და სხვა მსგავსებებია, მაშინ საქართველოს ტერიტორიაზე შემორჩენილი კრიპტებიც ასევე მსგავსია (25-30 ერთეული ნიშ. იხ. ,,ფარული ნიშნები”). განსხვავება ის გახლავთ რომ, ,,ჩვენებური” კრიპტები საკულტო ღვთისმსახურებისაა და ფინიკიური დამწერლობის არავითარი გავლენა არ ეტყობათ. არა მარტო ასომთავრულის ძირზეა საფიქრებელი, არამედ დასავლეთ იბერიული დამწერლობის წარმოშობის ძირებზეც. დასავლეთ იბერიული დამწერლობაც არ ჩანს წარმოშობილი ძველ ბერძნული, ან ფინიკიური ნიშნებიდან, არამედ ადგილობრივი ტრადიციული ასტრალური ნიშნებიდან მომდინარეა. ასეთი ვერსია ვ.გიორგიევს, მ.მორენოს და სხვა პალეოგრაფსაც ჰქონდათ, მაგრამ დამამტკიცებელი საბუთის უქონლობამ შეუშალათ ხელი. წინა აზიურ ისტორიულ წყაროებშია: ,,კაბადოკიელებს და იბერიელებს აქვთ თავისი დამწერლობა” (ს.ყაუხჩიშვილი)
    გ.გ. ბორჯღალიონი

    Like

  6. lmmmml said

    tuki vinmes cheuzlia mipasuxos kartuli damzerloba romels miekutneba? latinurs tu siriuls… siriuls rusuli miekutneba latinurs kartuliiiiiii? madloba

    Like

  7. a. sanduxaZe said

    არც ერთს. ქართული დამწერლობის წარმომავლობაზე მრავალი ნაშრომი არსებობს, მათ შორის საგულისხმოა პატარიძის წიგნი “ქართული ასოთმთავრული ანბანი”.

    Like

  8. lmmmml said

    patarazis zigns ver movipoveb amjamad . romels miekutneba moklet tu chegizliat pasuxi gamzet? gmadlobt

    Like

  9. nodari said

    რ.პატარიძის აზრით ქართული ასომთავრული ქალდეური დამწერლობიდანაა, მაგრამ რომელი ქალდეური დამწერლობიდან? (ქალდეურ-ბაბილონური ბევრია). გრაფიკული მსგავსებანი არავის უჩვენებია. საინფორმაციო კონფერენციაზე ,,ფარული ნიშნები” (ქვაზე საჭრელ-საწერელნი) რომელიც რუსთაველის საზოგადოების დარბაზში შედგა, სხვა მეცნიერ მუშაკებთან ერთად მოწვეული იყო ბატონი რამაზ პატარიძეც (2007 წლის 9 იანვარი). მისი აზრით ,,ეს ნიშნები ასომთავრულის წინარე პერიოდისაა და მისი მოკვლევა აუცილებელია”. ჩვენი აზრით, სხვათაგან დამწერლობის ნიშნების გადმოღება ისეთ ღრმა ისტორიის მქონე ხალხისგან, როგორიც ქართულია, ნაკლებად სავარაუდოა. ნოდარი

    Liked by 1 person

  10. lmmmml said

    didi madloba baton nodars

    Like

  11. მიწერეთ რა ამათ, რომ ჩაასწორონ

    http://www.omniglot.com/writing/georgian.htm

    ესეც: ან ბან გან ტრადიციული სახელებია,
    ახლა ა ბე გე ჰქვიაო!

    Liked by 1 person

  12. […] Posted on August 12, 2012 by litterator წინა კვირას ნეკრესი მოვიარე, პირველად ვიყავი და […]

    Like

  13. ilia said

    ფაქტია რომ ქრისტიანებმა საგულდაგულოდ გავანადგურეთ ადრეული ისტორია

    Liked by 1 person

  14. bes khurtsi said

    როდესაც მავანი მწყრალად არის მეცნიერებასთან, ის ამას ურა-პატრიოტიზმის სამოსელით ფარავს… ბატონო გურამ ნარსიძე, თქვენ თვითონ თუ გჯერათ იმ სიყალბის, რასაც ზემოთ ბრძანებთ?! ეს რა წავიკითხე, მართლა სავალალოდ ჰქონია საქმე ქართულ ენათმეცნიერებას

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s