Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• მაისურაძე – საქართველო-სომხეთი I

♣ სომხეთი-საქართველო

გურამ მაისურაძე

ქართულ-სომხური ურთიერთობის ისტორიოგრაფიიდან

თავი I
შუა საუკუნეების სომხური ისტორიოგრაფიის ძირითადი ტენდენციები და მისი არეკვლა თანადროულ ქართულ ისტორიოგრაფიაში

 

სომხური ისტორიოგრაფიის “ოქროს საუკუნე” მაშინ დადგა (V ს.), როცა სომხური სახელმწიფოებრიობის დიდმა მარცხმა (ეროვნული ხელისუფლება დასავლეთ სომხეთში 391 წ. გააუქმეს რომაელებმა, აღმოსავლეთში კი, სპარსელებმა 428 წ.), ეროვნული თვითშეგნების დაცვას სამკვდრო-სასიცოცხლო მნიშვნელობის ფუნქცია დააკისრა. ასეთ სიტუაციაში სომეხ ისტორიკოსთა პატრიოტულ მოვალეობად იქცა ძლიერების ხანის სომხეთის ისტორიის მთელი დიდებულებით, თუნდაც გაზვიადებით, წარმოჩენა, ოღონდაც მას დამოუკიდებლობისათვის ხალხის დარაზმვა და სულიერად განმტკიცება შეძლებოდა. აქედან გამომდინარე სომხეთისა და სომეხთა გამორჩეულობის იდეამ შუა საუკუნეების სომხურ ისტორიოგრაფიაში მყარად დაიმკვიდრა ადგილი და სახელმწიფოებრივი მარცხით შელახული ღირსების დაცვის ერთ-ერთ ძირითად საშუალებად იქცა.

ძველ სომეხ ისტორიკოსთა თხზულებებში თავდაპირველად რელიგიურ- პოლიტიკური უფლებების დაცვისაკენ მიმართულმა მოტივებმა იმძლავრეს (კორიუნი, აგათანგელოსი, ფავსტოს ბუზანდი), რამდენადაც სომხეთის გაყოფისა (387 წ.) და სამეფოს გაუქმების შემდეგ ირანმაც და ბიზანტიამაც ეს ქვეყანა საკუთარი იდეოლოგიური და კულტურული წნეხის ქვეშ მოაქციეს და მისი საშუალებით ცდილობდნენ უპირატესად თავიანთი ბატონობის უზრუნველყოფას მათ კუთვნილ ნაწილებში.

ირანელები, რომელთა ხელში სომხეთის 4/5 აღმოჩნდა, თავიანთი მთავარი მეტოქის, ბიზანტიის გავლენის შესასუსტებლად შეუდგნენ ქრისტიანთა დევნას და შეეცადნენ ზოროასტრული რელიგიის გავრცელებას სომეხთა შორის. ამავე მიზნით, კრძალავდნენ ბერძნული ენის ფუნქციონირებას და აძლიერებდნენ სირიული ენის პოზიციებს, რომელიც სპარსეთში ქრისტიანთა ენად იყო მიღებული. მფარველობდნენ და სომხურ ეკლესიაში აწინაურებდნენ სირიელ სამღვდელო პირებს. შაჰინშაჰის  განსაკუთრებული მფარველობის პირობებში სელევკიის სირიელი კათალიკოსი თავს უკვე მთელი აღმოსავლეთის ქრისტიანთა მეთაურად გრძნობდა და მიისწრაფოდა რა ასეთი მდგომარეობის მოსაპოვებლად, თავის ტიტულატურაში სომხეთის გარდა საქართველოცა და ალბანეთიც შეიტანა1 . ამის საპირისპირო ვითარება იყო შექმნილი დასავლეთ სომხეთში, სადაც სახელმწიფო და საეკლესიო ენად მხოლოდ ბერძნული იყო მიღებული. სომხური ეკლესიის მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ თავიდანვე საღვთისმსახურო ენა სომხეთში ბერძნული და სირიული იყო, რამდენადაც ქრისტიანობა სომხეთში სირიელებისა და ბერძნების საშუალებით გავრცელდა და სომხურ ეკლესიაში წირვა თავიდანვე უცხო ენაზე წარმოებდა2, რაც საკუთარი პოლიტიკური ხელისუფლების არყოფნის პირობებში, სომხურ ეკლესიას გადაგვარებით, ხოლო ეროვნულ თვითშეგნებას განადგურებით ემუქრებოდა. ამ დიდი საშიშროების წინააღმდეგ მიიმართა, პირველ რიგში, სომხური ეკლესიის მოღვაწეთა მთელი ძალისხმევა, რასაც აქტიურად დაუჭირა მხარი სომეხ არშაკუნთა ერთ-ერთმა უკანასკნელმა ხელისუფალმა მეფე ვრამშაპუჰმა. სომხური ეკლესიის ნაციონალიზაცია წირვა-ლოცვის, სამსახურისა და ქადაგების სომხურ ენაზე წარმართვას საჭიროებდა, რისთვისაც აუცილებელი იყო სომხური დამწერლობის და სასულიერო ლიტერატურის სომხურსავე ენაზე შექმნა. ძველი სომხური საისტორიო მწერლობა ამ დიდი კულტურული ამოცანის გადაჭრას კათალიკოს საჰაკსა და მეუდაბნოე ბერს მაშტოცს მიაწერს. სომხური ეკლესიის გაეროვნებულობასთან ერთად, როგორც ამის შესახებ ძველი სომხური წყაროები გადმოგვცემენ, იწყება მისი ავტორიტეტის ამაღლებისათვის ფართო პროპაგანდა. ნიშანდობლივია, რომ ძველი სომხური საისტორიო მწერლობის წარმომადგენელთა დიდი უმრავლესობა უმაღლესი რანგის სასულიერო პირები იყვნენ (კათალიკოსი, ეპისკოპოსი და ა. შ.) და ეტყობა, ამიტომაც მათ თხზულებებს ქრისტიანობისა და სომხური ეკლესიის აპოლოგია ლაიტმოტივად გასდევს თავიდან ბოლომდე. როგორც მ. აბეღიანი შენიშნავს, მაგალითად, აგათანგელოსის მიზანი იყო სომხური ეკლესიის აღმოცენების ისტორია ისეთნაირად წარმოედგინა, რომ მას ღრმა შთაბეჭდილება მოეხდინა და ღირსი ყოფილიყო გაკვირვებისა… და რამდენადაც სომხური ეკლესია უკვე თავს დამოუკიდებლად გრძნობდა ბერძნებისა და სირიელების გავლენისაგან, საჭირო იყო მემატიანეს, ასევე,  რომ ის დაარსებულია არა წმ. გრიგოლის მიერ III ს-სა, თუ IV ს. დასაწყისში, არა მოციქულების მიერ, არამედ თვით ციდან ჩამოსული ქრისტეს მიერ3 .

ასეთ წრეგადასულ ამბიციებს თავისთავად ხელი უნდა შეეწყო არა მარტო ქრისტიანობის წინაშე სომხური ეკლესიის განსაკუთრებული დამსახურებისა და მისი უპირატესობის განცდისათვის, არამედ, სირიული ეკლესიის ანალოგიურად, აღმოსავლეთის ქვეყნების ქრისტიანთა მეთაურის პრეტენზიების გაჩენისთვისაც, რის საბაბსაც ბიზანტიასთან დაპირისპირებული სასანიანთა ირანის პოლიტიკა იძლეოდა. სასანიანები სომხეთს, როგორც აღმოსავლური ტრადიციების მატარებელ ქვეყანას, საკუთარი კულტურულ-პოლიტიკური სამყაროს შემადგენელ ნაწილად მიიჩნევდნენ და თავიანთი პოლიტიკის საყრდენ ბაზად ითვალისწინებდნენ კავკასიაში. მაზდეანურ რელიგიასთან დაპირისპირების მიუხედავად, სომხური ეკლესიის დოგმატური უთანხმოება ბიზანტიასთან, ირანს საშუალებას აძლევდა მასზე დაყრდნობით იდეოლოგიური სიტუაცია კავკასიაში თავისი მთავარი მეტოქის საწინააღმდეგოდ წარემართა. ამიტომ, ირანი სულ მალე სომხური ეკლესიის შეზღუდვიდან მისი მფარველობის ტაქტიკას დაადგა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც 554 წ. დვინის საეკლესიო კრების დადგენილებით სომხურმა ეკლესიამ საბოლოოდ გაწყვიტა კავშირი ბიზანტიის ეკლესიასთან. ამ დროიდან ირანელთა ხელშეწყობით სომხური ეკლესიის ფუნქციები ქვეყანაში გამუდმებით ფართოვდებოდა. მას გადასახადების აკრეფაც კი მიენდო. მალე ის, სომხური სახელმწიფოებრიობის არარსებობის პირობებში, სომეხი ხალხის ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. სომხური ეკლესია თანდათან ირანელთა ბატონობის საყრდენ ბაზად იქცა კავკასიაში, ხოლო ქრისტიანობის მონოფიზიტური მიმართულება ბიზანტიის წინააღმდეგ იდეოლოგიური და პოლიტიკური ბრძოლის ერთ-ერთ უმთავრეს იარაღად. გასაგებია, რომ სომხური ეკლესიას ამ ფუნქციის განსამტკიცებლად ირანის ხელისუფლებას მისი გავლენის სფეროს გეოგრაფიული საზღვრების გაფართოებისთვისაც უნდა ეზრუნა. 6I4 წ. კტეზიფონში ცნობილი სპარსული საეკლესიო კრება შაჰის პირით ბრძანებდა: “ყველა ქრისტიანმა, ვინც ჩემს ხელმწიფობას ემორჩილება, სომეხთა სარწმუნოება უნდა მიიღოსო”4 . ამით სომხური ეკლესიის იერარქიულმა პრეტენზიებმა კავკასიაში ფართო გასაქანი მიიღო და მსახურმა ისტორიოგრაფიამაც არა მარტო სომხური ეკლესიის, არამედ მთლიანად კავკასიის პოლიტიკური ისტორიის სურათის წარმოსახვაც ამ თარგზე სცადა.

სომხური სამღვდელოებისა და ეკლესიის გაზრდილი პრეტენზიების კვალი საკმაოდ ცხადად ატყვია ძველი სომხური საისტორიო მწერლობის პირველსავე ძეგლებს, სადაც დიდი პომპეზურობითაა აღბეჭდილი ქრისტიანობის წინაშე სომხეთის კულტურული როლის განსაკუთრებულად წარმოსახვის ცდა და ამ ძეგლების სხვადასხვა რედაქციებში მეტნაკლები სისრულითაა გამჟღავნებული აღმოსავლეთის ქრისტიანული ქვეყნების სულიერი მეთაურის მიჩემების სურვილი. სომეხთა მოქცევის ბერძნულ, არაბულ, ქართულ რედაქციებში მოცემული ისტორიული სურათის თანახმად, სომეხთა განმანათლებელი და სომეხთა მეფემ უფლებამოსილები ჩანან, მოუხმონ იბერიისა და ალბანეთის მეფეებს, შემდეგ კი მათ ქვეყნებში ქრისტიანული სარწმუნოების განსამტკიცებლად იქადაგონ, დანიშნონ ეპისკოპოსები და ორგანიზაციულად მოაწყონ ეკლესიები5 . სომეხთა მოქცევის ქართულ რედაქციაში, რომელიც ერთEერთ უძველეს თარგმანს წარმოადგენს, სომეხთა განმანათლებელი გრიგოლი სომეხთა გარდა მთელი აღმოსავლეთის მომქცეველადაა გამოყვანილი:
“ესრეთ უკუე არა ხოლო სომხითი გარეშეიცვა მის (ე. ი. გრიგოლის) მიერ ქადაგებამან ცხოვრებისამან, არამედ სპარსეთი და ასურეთი და მიდნი… ამათ ყოველთაგანი ტკბილსა მას უღელსა ქრისტესსა მოიყვანნა ერნი მრავალნი”6 . ამ ძეგლის მიხედვით, სომეხთა დამსახურება ქრისტიანობის წინაშე ბერძნების თანაბარმნიშვნელოვანი იყო. ძეგლის ავტორი წერს: “და იყვნეს ორნივე ესე ვარსკვლავ ბრწყინვალე კონსტანტინე და თრდატ, კონსტანტინე კერძოთა დასავლისათა, ხოლო თრდატ აღმოსავლით, და ბრწყინავდეს და განანათლებდეს”7 . ამ თემამ თავისი შემდგომი განვითარება გვიანდელ ძეგლებშიც პოვა. მაგალითად, ე. წ. “ხელშეკრულების წიგნის” (“დაშანც თუღთ”) მიხედვით, თითქოს, რომსა და სომხეთს ერთმანეთს შორის გავლენის სფეროებად გაეყოთ მთელი ქრისტიანული სამყარო, რომლის ძალითაც დასავლეთი რომაელებს ჰრგებიათ, აღმოსავლეთი – სომხებს. ამ ნატყუარი ძეგლის თანახმად, დოკუმენტს, თურმე, ხელს აწერდნენ რომის მხრიდან იმპერატორი კონსტანტინე და პაპი სილვესტრი, სომხეთის მხრიდან კი მეფე თრდატი და გრიგოლ განმანათლებელი8 .

სომეხთა მოქცევას უკავშირდება და მის ანალოგიურადაა გადმოცემული სომხური ანბანისა და დამწერლობის შექმნის ამბავიც. გრიგოლ განმანათლებლის მსგავსად, სომხური ანბანის შემქმნელიც საერთო კავკასიურ მოღვაწედაა გამოყვანილი და, ამის შესაბამისად, მასვე მიეწერება, სომხურთან ერთად, ქართულ და ალბანურ ანბანთა შექმნაც. კორიუნის მიხედვით, აღმოსავლეთ სომხეთში დამწერლობის დანერგვის შემდეგ, მაშტოცი თავის მოსწავლეებთან ერთად იბერიაში გამგზავრებულა, იქ მას ქართული ანბანი შეუქმნია და მთარგმნელობითი საქმიანობაც გაუმართია (იგულისხმება ღვთისმსახურებისთვის საჭირო ლიტერატურის თარგმნის დაწყება). სომეხი მისიონერის განმანათლებლური საქმიანობის ხელშესაწყობად ქართველ მეფესა და ეპისკოპოსს ქვეყნის სხვადასხვა მხრიდან სასწავლებლად მრავალრიცხოვანი ახალგაზრდობა შეუკრებიათ, რომელთაგან შემდეგში ზოგიერთები ეპისკოპოსებადაც კი დაუნიშნიათ9 .

ძველი სომხური საისტორიო მწერლობის კრიტიკული განხილვისას პირველად ივ. ჯავახიშვილმა შენიშნა, რომ მაშტოცისა და გრიგოლის მნიშვნელობის მთელი კავკასიისათვის განზოგადება ერთი და იმავე წრისა და თითქმის ერთი და იმავე მწერალ გადამკეთებლის საქმე უნდა ყოფილიყო… ორივე ძეგლში ერთი და იმავე მიმართულებისა და თეორიის გამოხატულება ყოფილა10. ნიშანდობლივია, რომ ს. ერემიანის აზრითაც, წმ. გრიგოლის ღვაწლი ქართველთა გაქრისტიანების საქმეში განსაზღვრული პოლიტიკური მოსაზრებებით არის შეტანილი ძეგლში დაახლოებით IX-X სს.. ერთი ისტორიოგრაფიული ნაშრომისათვის გაკეთებულ შენიშვნაში იგი წერს: “Изучение арабской версии истории Агатангелоса показывает, что версия о крещении св. Григорием также грузин, албанов, абхазов и аланов могла возникнуть только IX-X вв., когда армянские Багратиды вели борьбу за установление своих сюзеренных прав над всеми христианскими феодалами стран Закавказья”11.

პირველი ისტორიკოსი, რომელიც სომხური ეკლესიის ისტორიასთან ერთად, ქვეყნის საშინაო და საგარეო ურთიერთობის ისტორიასაც გადმოგვცემს არის V ს. მეორე ნახევარში მცხოვრები, მ. აბეღიანის დახასიათებით “თავისებური სომხური პატრიოტიზმით აღსავსე”12, ფავსტოს ბუზანდი. ამ ავტორის “სომხეთის ისტორია”, ფაქტობრივად, მამიკონიანთა საგვარეულო ისტორიის სახოტბო თხზულებას წარმოადგენს, სადაც ფაქტები და მოვლენები ხსენებული “თავისებური პატრიოტიზმის” პრიზმაშია გატარებული. ასეთი სახითაა გადმოცემული ამ თხზულებაში არსებული ქართულ-სომხურ ურთიერთობათა ამსახველი ფრაგმენტებიც. ფავსტოს ბუზანდის გადმოცემით, სომხეთში პაპის მეფობისას (369-374) მისი ხელისუფლების წინააღმდეგ სომხეთის მთელი რიგი ოლქები აჯანყებულან და მისგან განდგომა უცდიათ. სპარსეთთან ომის დამთავრების შემდეგ კი სპარაპეტ მუშეღ მამიკონიანს უთავია აჯანყების ჩახშობა და სომხეთისაგან გამდგარი ქვეყნების დაბრუნება.

გამდგართა შორის ასახელებს “გუგარქის” (ქვემო ქართლის სომხური სახელწოდება) ხელისუფალსაც. იგი წერს: სპარაპეტმა მუშეღმა გაილაშქრა ივერიის მეფეზე, სასტიკად შეავიწროვა, დაიმორჩილა ივერთა მთელი ქვეყანა, მახვილს მისცა აზატები და ნახარარულიგვარები, ვინც კი მოიხელთა. სპარაპეტმა მუშეღმა ბრძანა ჯვარს ეცვათ ფარნავაზიანები, ხოლო გუგარქის ბდეშხს, რომელიც ადრე სომხეთის მეფეს ემორჩილებოდა და ბოლოს აუჯანყდა, თავი მოჰკვეთა და მისი გვარის მამრობითი შთამომავლობა გაჟლიტა, ქალები კი ტყვედ წაიყვანა. მთელი მხარე ხელახლა დაიმორჩილა, წაიყვანა მძევლები, დანარჩენები კი დახარკა. დაიკავა რა ტერიტორია ძველ საზღვრამდე, რომელიც იყო სომხეთსა და ივერიას შორის, ანუ დიდ მდინარე მტკვრამდე, დაბრუნდა უკან13.

ქართლის მიმართ სომხეთის ტერიტორიული პრეტენზიები პირველად, ვგონებ, ამ ძეგლშია ფიქსირებული, თუმცა, საკონტროლო მასალით, ფავსტოს ბუზანდის მიერ ემოციურად მონათხრობი არ დასტურდება და, ალბათ, სომეხი ავტორის სუბიექტურ განწყობილებას უფრო უნდა მიეწეროს, ვიდრე რეალურ ვითარებას, რომელთა შესახებ ავთენტური წყაროები სულ სხვა სურათს გვიხატავენ14.

განხილულ თხზულებებში განვითარებული სომხეთის განდიდების იდეა თავის აპოგეას აღწევს მოვსეს ხორენაცის “სომხეთის ისტორიაში”, სადაც სომეხთა გამორჩეულობის აზრი კონცეფციის დონეზეა აყვანილი.
ამ იდეის უფრო მძაფრად აღსაქმელად და მისთვის პრაქტიკული მნიშვნელობის მისანიჭებლად ნაშრომი სრულდება ე. წ. “გოდებით”, სადაც მ. ხორენაცი იძლევა არშაკუნიანთა სომხური სამეფოს დამხობის შემდგომდროინდელ სომხეთში შექმნილი მძიმე სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურულ-მორალური დაცემის საშინელ სურათს.
მკვეთრი კონტრასტი წარსულსა და აწმყოს შორის ქმნის ეროვნული ღირსების მწვავედ განცდის საშუალებას, რაც, ცხადია, არსებულისადმი შეურიგებლობისა და ამბოხისკენაა მიმართული. “გოდების” პირველსავე წინადადებაში აშკარად შეიგრძნობა ავტორის პოლიტიკური ამოცანა – დიდებული წარსულის შეხსენებით პროტესტის გრძნობით განაწყოს ხალხი უსახური სინამდვილისადმი: “დაგტირი შენ სომეხთა ქვეყანავ, დაგტირი შენ, ყოველთა ჩრდილოელთა შორის გამორჩეულო, რამეთუ აღიხოცნენ (პირისაგან მიწისა) მეფე და მღვდელი, მრჩეველი და მოძღვარი; დაირღვა მშვიდობიანობა და ფესვი გაიდგა უწესრიგობამ, შეირყა მართლმადიდებლობა და უგუნურობის წყალობით განმტკიცდა მწვალებლობა და ა. შ.15. წარსულსა და აწმყოს შორის კონტრასტის კიდევ უფრო გაძლიერებას ხელს უწყობს თხზულების ძირითად ნაწილში სომხეთის ისტორიის განსაკუთრებული ბრწყინვალებით წარმოჩენა, რისთვისაც ავტორი ფაქტებისა და მოვლენების არათუ შელამაზებას, არამედ, რიგ შემთხვევებში, მათ გაყალბებასაც არ ერიდება.

სომხური ისტორიოგრაფიის მამად სახელდებული მ. ხორენაცის “სომხეთის ისტორია” პირველი ნაშრომია, სადაც გადმოცემულია ქვეყნის გაბმული ისტორია უძველესი დროიდან V ს-მდე, სომეხ არშაკუნიან- თა სამეფოს დამხობამდე. სომეხთა წარმომავლობა მ. ხორენაცს ბიბლიური მამამთავრიდან გამოჰყავს, რითაც ის სომხეთის ისტორიას მსოფლიო ისტორიულ პროცესს უკავშირებს და იქ საპატიო ადგილს უძებნის. მ. ხორენაცისთვის დამახასიათებელი თხრობის მაჟორული ტონი, სომეხ ხელისუფალთა წარმატებების კვალობაზე, თანდათან, საზეიმო ჟღერადობას იძენს და ბოლოს, აღტაცებაში გადადის, როცა ტიგრან ერვანდიანისა და თრდატ III-ის საგმირო საქმეების აღწერას იწყებს. მისი პოლიტიკური იდეალია ისეთი ხელისუფალი, რომელსაც შეეძლებოდა სომხეთის საზღვრების ყველა მიმართულებით და ყველაზე შორს გატანა. ამ იდეალის შესაბამისად წარმოგვიდგენს მ. ხორენაცი სომხური ეთნოსისა და ეროვნული ტერიტორიის ფორმირების პროცესს, რომელიც მონოეთნიკური სამყაროს წარმოქმნით უნდა დასრულდეს. ამ თემას მ. ხორენაცის თხზულებაში ერთი უპირველესთაგანი ადგილი უკავია.

სომხეთის უძველესი და ძველი ისტორიის გადმოცემისას მ. ხორენაცი, ძირითადად, სამხრეთ კავკასიისა და მახლობელი აღმოსავლეთის მნიშვნელოვანი ნაწილის ასპარეზზე შლის თავის თხრობას, რითაც, ჩანს, არაპირდაპირ მოხაზავს სომხეთის ისტორიული ტერიტორიის ნავარაუდებელ საზღვრებსაც. მისი გადმოცემით, სომეხთა ეთნარქი ჰაიკი, ბაბილონში, ვაჟის (არამანეაკის) შეძენის შემდეგ გაეშურა ჩრდილოეთის მხარეებში მდებარე არარადის ქვეყნისაკენ (ვანის ტბის სამხრეთით) თავისი ვაჟებითა და ქალიშვილებით, შვილიშვილებით, დაახლოებით სამას მძლეთა მძლე კაცთან, აგრეთვე, მსახურებსა და შემოკედლებულებთან ერთად, მთელი ავლა-დიდებით. იგი მივიდა და დამკვიდრდა ერთი მთის ძირს, ვაკეზე, სადაც უკვე დასახლებულიყო მცირე ხალხი ადრინდელი გაფანტვის დროს. ჰაიკმა დაიმორჩილა ისინი და ააგო იქ სამემკვიდრეო სახლი, რომელიც საშვილიშვილოდ გადასცა კადმოსს, არამანეაკის
ძეს. ამას ძველი ზეპირგადმოცემებიც ადასტურებენო – შენიშნავს მ. ხორენაცი16. სომეხი მემატიანის თანახმად, ამის შემდეგ ჰაიკი კვლავ განაგრძობს შთამომავლებისთვის ტერიტორიების გაფართოებას დაპყრობების გზით. იგი წერს: ჰაიკი დანარჩენი ამალით გაემართა ჩრდილოდასავლეთისაკენ (იგულისხმება ვანის ტბის სანახები), მივიდა და დამკვიდრდა ზეგანზე, რომელსაც დაარქვა ჰარქი, რამდენადაც აქ დასახლდნენ მამანი თორგომის სახლის მოდგმისა. გააშენა მან აგრეთვე ერთი სოფელი და თავის სახელის მიხედვით უწოდა ჰაიკაშენი. ველის სამხრეთ ნაწილში, ერთ წაგრძელებულ მთასთან ადრიდანვე ცხოვრობდნენ მცირეოდენი კაცნი, რომლებიც ნებით დამორჩილდნენ გმირს17. დაწვრილებით აღწერს მემატიანე ტიტან ბელზე საოცარი გამარჯვების ამბავს, რის აღსანიშნავადაც ჰაიკს ბრძოლის ველზე, ვანის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთით, დასტაკერტი გაუშენებია და სახელად მისთვის ჰაიქი დაურქმევია. ამის გამო მთელ მხარესაც ჰიოც ძორი (სომეხთა ხევი) შეურქმევია 18. “ჩვენი წინაპრის, ჰაიკის სახელის მიხედვით ჩვენ ქვეყანას ჰაიქი ჰქვია”-ო, დასძენს ბოლოს მემატიანე19. ამით სრულდება თხრობა ჰაიკის მიერ გაწეულ ღვაწლზე სომეხთათვის საკუთარი ტერიტორიის შექმნისათვის, რაც ფაქტობრივად, ვანის ტბის მიდამოებით შემოიფარგლა.

სომეხთა ტერიტორიის შემდგომში გაფართოება უკვე ჰაიკის შთამომავლებს მიეწერება, რომლებიც ჩრდილოეთის მხარეებში ცდილობენ თავიანთი სამფლობელოების შექმნას. ამ პროცესში ისინი სათავეს უდებენ სომხური სანახარაროების წარმოქმნას სამხრეთ კავკასიაში. ჰაიკის შთამომავლების მიერ ახალი ტერიტორიების ათვისებასა და სანახარაროების დაარსებას მ. ხორენაცი ასე გადმოგვცემს: ჰაიკის შვილი ხორი გამრავლდა ჩრდილოეთის მხარეებში, დააფუძვნა იქ სოფლები, ამბობენ, რომ მისგან მომდინარეობს ხორხორუნთა გვარის დიდი სანახარარო.

ასევე ჰაიკის შვილი არამანეაკი ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მთებით მოზღუდულ ერთ ტაფობზე დამკვიდრდა, გააშენა მისი ჩრდილო ნაწილი და მიმდებარე მთის ძირი. თავისი სახელის მიმსგავსებით მთას უწოდა არაგაწი, ხოლო სავარგულებს არაგაწის ძირი… არამანეაკის ვაჟმა არამაისმა აიშენა სამკვიდრო სახლი მდინარის პირას მდებარე ერთ ბორცვზე, რომელსაც თავისი სახელის მიხედვით არმავირი დაარქვა, ხოლო მდინარეს, შვილიშვილის ერასტის სახელისაგან ერასხი.
ვაჟიშვილი შარა მთელი თავისი სახლეულითა და ავლადიდებით გაგზავნა მან ერთ მახლობელ, ნაყოფიერ, მოსავლიან ველზე, რომელზედაც არაგაწად წოდებული მთის ძირში, მის ჩრდილოეთით, მიედინებიან წყალნი არამცირედნი. მისი სახელის მიხედვით გავარს შირაკი დაერქვა20.

ასე თანდათანობით ჰაიკის შთამომავლები ითვისებდნენ, მ. ხორენაცის გადმოცემით, შემდგომდროინდელ სომხეთის ტერიტორიებს, რომელთა კონკრეტულ გეოგრაფიულ საზღვრებს მემატიანე არსად არ აღნიშნავს და მხოლოდ ტოპონიმთა მიხედვით თუ შეიქმნის მკითხველი წარმოდ- გენას სომხეთის თავდაპირველი ტერიტორიის მოცულობაზე. ამ მხრივ, ყველაზე უფრო ჩრდილო ნაწილად მატიანეში სახელდება სევანის ტბის მიდამოები. მ. ხორენაცის გადმოცემით, ჰაიკის ერთ-ერთი შთამომავალი გელამი გაეშურა ერთი ტბის ნაპირზე მდებარე ჩრდილო-აღმოსავლეთის მთისაკენ. გააშენა მან იმ ტბის სანაპირო, დაასახლა იქ ხალხი და თავისი სახელისაგან მთას გელი დაარქვა, ხოლო დასახლებას – გელაქუნი, რომლითაც იწოდება ზღვაც21. ამის შემდეგ მ. ხორენაცი დიდ სამფლობელოთაგან მხოლოდ სივნიეთის წარმოქმნაზე საუბრობს, რომლის გაჩენასა და სახელწოდებას გელამის ვაჟის სისაკის სახელსა და მის სამეურნეო საქმიანობას უკავშირებს სხვა შემთხვევების მსგავსად.

ამით მემატიანე ასრულებს თხრობას ჰაიკის ნაშიერთა, მისგან წარმოშობილი გვარებისა და მათი საქმიანობის შესახებ, რაც, ფაქტობრივად, კავკასიაში სომეხთა თავდაპირველი სამკვიდრებელის შექმნის ისტორიას წარმოადგენს. ასე რომ, სომეხთა უძველესი ტერიტორია კავკასიაში, მ. ხორენაცის მოწმობით, მოიცავდა დიდ სივრცეს ვანის ტბიდან სევანის ტბამდე, რის დასადასტურებლადაც ამ სივრცეში არსებულ ტოპონიმებს სომეხი მემატიანე სომეხთა ეთნარქისა და მისი შთამომავლების შესაძლო სახელებთან აიგივებს, თუმცა წყაროების ზეგავლენით იძულებულია, არაპირდაპირ მაინც, ამ ტერიტორიაზე უფრო ძველი მოსახლეობის არსებობის შესაძლებლობაც დაუშვას. მ. ხორენაცის შენიშვნით, “საკვირველია მემატიანეს ნათქვამი, რომ ჩვენს ქვეყანაში მრავალ ადგილას გაფანტულად ცხოვრობდა მცირერიცხოვანი ხალხი, ჩვენი ძირეული წინაპრის, ჰაიკის მოსვლამდე”22.

მ. ხორენაცის მიხედვით, სომეხთა ძირითადი სამკვიდრებლის შექმნის პროცესი, თითქოს, შედარებით მშვიდობიანი და სამართლიანი ხასიათისა იყო, რამდენადაც ჰაიკი და მისი შთამომავლები უფრო ხშირად დაუსახლებელ, თავისუფალ ადგილებს იკავებდნენ და მხოლოდ აქა-იქ ხვდებოდათ მათ მოსახლეობა, რომელიც, თავისი მცირერიცხოვნობის გამო, იძულებული იყო დამორჩილებოდა სომხებს. შედარებით მშვიდობიანი განვითარების ამ პროცესის დასრულების შემდეგ სომეხთა წინაპრებს, ჩანს, ახალი ტერიტორიების მოსაპოვებლად მეზობლებთან ბრძოლების გადახდა უხდებოდათ. ისტორიკოსის განმარტებით, არსებობს გადმოცემები ჰაიკიანი არამის მამაცური საქმეების, გმირული ბრძოლებისა და სომეხთა საზღვრების ყოველივე მიმართულებით გაფარ- თოების შესახებ23. აშკარაა მემატიანის ამ სიტყვებს პოლიტიკური იდეალის მნიშვნელობა აქვს მინიჭებული, რომლითაც, მისი აზრით, ყოველმა ღირსეულმა სომეხმა ხელისუფალმა უნდა იხელმძღვანელოს. ასსეტ გამორჩეულ ხელისუფლად სომხეთის ისტორიაში მ. ხორენაცი მეფე ტიგრან ერვანდიანს (ერვანდის ძეს) ასახელებს, რომელსაც უშურველად აქებს, “ბრძენსა და კაცთათვის საჭირო ყველა თვისებით შემკულს” უწოდებს. მ. ხორენაცი აღტაცებით აუწყებს თავის მკითხველს: ტიგრანმა დაიპყრო ბერძნებიც და არამცირედი ხნით დაიმორჩილა ისინი. თიგრანის წყალობით განივრცო ჩვენი ქვეყნის საზღვრები იმდენად, რომ ძველ დროში მეტისთვის აღარ მიგვიღწევია. თანამედროვეებს შურდათ ტიგრანისა, ხოლო შთამომავლობა შენატროდა მას და მის დროს… ტიგრანმა თავისი ვაჟკაცობით განადიდა ჩვენი ერი. ჩვენ, მანმადე უცხოთესლთა უღლის ქვეშ მყოფებმა, სხვები დავიმორჩილეთ და მოხარკეებად ვაქციეთ24.

მ. ხორენაცის პოლიტიკური კონცეფცია, როგორც მისი ამ მსჯელობიდან მკაფიოდ წარმოჩინდება, უაღრესად აგრესიულია. იგი იწონებს და ახალისებს სხვისი ტერიტორიების მიტაცებას, ხალხების დამორჩილებასა და დახარკვას, მიუხედავად იმისა, რომ თვით სომხეთი არაერთხელ გამხდარა ამგვარი აგრესიის მსხვერპლი. მით უფრო შეუსაბამო და საკვირველია, თითქოს, ასეთი იდეების ხოტბა ისტორიკოსისაგან, რომელიც გულდათუთქული გოდებს ძალადობით დამხობილი მშობლიური სამეფოს გამო. მაგრამ, ადრეული შუა საუკუნეების ცნობიერებისათვის, როგორც ჩანს, სხვა ღირებულებებთან შედარებით ძალასა და ძალადობას მეტი ფასი ჰქონდა, რის საფუძველზეც ეს ფენომენი ყოველთვის პოულობდა გამართლებას ადამიანთა გონებაში. თავისი ნაშრომის დასაწყისში მ.ხორენაცი წერს: პატარა ერი ვართ, ფრიად რიცხვ მცირე და უძლური, ხშირად უცხო სამეფოსაგან დაპყრობილი, მაგრამ ჩვენს ქვეყანაშიც მომხდარა ბევრი ღირსსახსოვარი საგმირო საქმე25.

გასაგებია, რომ ამ ღირსსახსოვარ საგმირო საქმეებში სომეხთა მიერ სხვა ქვეყნების დაპყრობა იგულისხმება, რაც სავსებით შეეფერებოდა ისტორიკოსის ეპოქის სულისკვეთებას. ამიტომაც, მ. ხორენაცის თვალსაზრისი ქვეყნის შესაძლო საზღვრებზე, მთლიანად, ხსენებულ აგრესიულ განწყობას ეფუძნება. ამ მხრივ, ალბათ, ნიშანდობლივიცაა, რომ მ. ხორენაცი გაურბის გეოგრაფიული ნომენკლატურის გამოყენებით სომხეთის საზღვრების კონკრეტულ ჩვენებას, რამდენადაც, მისი აზრით, სომხეთის ყველა მიმართულებით გაფართოება შეუქცევადი და მუდმივი პროცესი უნდა ყოფილიყო. ამ თვალსაზრისს იგი პართიის პირველი არშაკიდი მეფის პირით გადმოგვცემს ტექსტის იმ ნაწილში, სადაც წერს: არშაკმა თავისი ძალაუფლების სიმტკიცისათვის მიზანშეწონილად ჩათვალა მისივე ძმა ვალარშაკი გაემეფებინა სომხეთში. სატახტო ქალაქად გადასცა მას ნიზიბინი, ხოლო სამფლობელოდ გამოუყო დასავლეთ ასურეთის ერთი ნაწილი, პალესტინა, აზია, მთელი შუა ხმელეთი, თეტალია, პონტოს ზღვიდან იმ ადგილამდე, სადაც კავკასიის (მთა) უერთდება დასავლეთის ზღვას, აგრეთვე ატროპატინა. “სხვაც შენი იყოსო, უთხრა მას, რამდენსაც შენი გონება და სიმამაცე მისწვდება, რამეთუ ვაჟკაცთ ისეთივე საზღვრები აქვთ, რა ზომითაც მათი იარაღი გასჭრის”26. სომხეთის პოლიტიკური სივრცის უსასრულოდ გაფართოების სურვილი აქ, საბოლოოდ, კონცეფციის სახით ყალიბდება: “რა ზომითაც იარაღი გასჭრის”, იმავე ზომითვე შეიძლება გაგრძელდეს ქვეყნის საზღვრებიო. ამ კონცეფციით, ნებისმიერი მეზობლის ტერიტორია შეიძლება მიჩნეული იყოს სომხეთის ნაწილად, თუკი მისი იარაღი მეზობლისას სძლევს. ასეთ კონტექსტში უნდა განიხილავდეს ის კავკასიასაც, რომელიც მთლიანად ჩართულია მის მიერვე შემოხაზულ, პართიის ხელში გადასული სომხეთის საზღვრებში. მემატიანისათვის დამახასიათებელია, რომ კავკასიის ქვეყნებსა და ხალხებს ვერ ამჩნევს (ნ. ბერძენიშვილი) და მას მხოლოდ ზოგადი გეოგრაფიული ტერმინით “ჩრდილოეთით” და “ჩრდილოელებით” აღნიშნავს, რითაც, ეტყობა, ცდილობს სომხეთს დაქვემდებარებული ქვეყნის შთაბეჭდილება შეუქმნას მკითხველს კავკასიაზე. ამიტომაა მის თხზულებაში ქართლი სომხეთის ნაწილად, ხოლო ქართველი ხელისუფლები სომხეთის სამეფოს მოხელეებად წარმოდგენილი.

მაგალითად, “მეფემ შეჰყრა კაბადოკიელთა (ჯარი), მთელი რჩეული (მეომრები) ქართველთა და ალვანელთა27; / სომეხთა მეფემ / ალექსანდრეს მიერ ივერიელთა ხელისუფლად დადგენილ მიჰრდატს მიანდო ჩრდილოეთის მთებისა და პონტოს ზღვის განმგებლობა”28. იგივე დამოკიდებულება გრძელდება კავკასიისა და ქართველთა მიმართ ძვ. წ. II და I ს. ნახევრის პოლიტიკური მოვლენების გადმოცემისას და შემდეგაც. ანტონუსის წინააღმდეგ საბრძოლველად არტავაზდ II-ს, თურმე, უბრძანებია “შეეკრიბათ ათი ათასობით ჯარი ატრპატაკანში, აგრეთვე, კავკასიელ მთიელთა, ალვანთა და ქართველთა შორის”29.

ქართლის გამაქრისტიანებელ მირიან მეფეს კი მ. ხორენაცი ქართველთა წინამძღოლს უწოდებს და თრდატ სომეხთა მეფის ერთ-ერთ მხედართმთავრად წარმოგვიდგენს30. ერთი სიტყვით, როგორც მართებულად ადრევე შენიშნა ლ. ჯანაშიამ, მ. ხორენაცის კონცეფციით, ქართლი სომხეთის ერთ-ერთი მხარეა, ხოლო ქართლის მმართველი სომხეთის მეფის ქვეშევრდომია31. ასეთივეა მ. ხორენაცის დამოკიდებულება კავკასიის სხვა ქვეყნების მიმართაც.

მ. ხორენაცი, მისივე თქმით, სიმართლის წერის მომხრეა და კიდევაც ქადაგებს ამას თავის ნაშრომში, მაგრამ პრაქტიკულად, რამდენადაც ერთხელ შემუშავებული კონცეფციის პრიზმაში ატარებს პოლიტიკურ მოვლენებს და მას უმორჩილებს ისტორიულ ფაქტებს, ამდენად მის თხრობაში არაიშვიათად ვხვდებით ქრონოლოგიისა და ფაქტების აღრევას, ხოლო ცალკეულ შემთხვევაში პირველწყაროების შეგნებულ გაყალბებასაც. ასე მაგალითად, პართელ არშაკიდთა უმცროსი შტოს პირველი წარმომადგენელი სომხეთში ახ. წ. I ს. მეორე ნახევარში გამეფდა, მ. ხორენაცის კი ეს ფაქტი ძვ. წ. III ს. შუა წლებისთვის გადააქვს, როცა ეს დინასტია ირანში დამკვიდრდა, რითაც, ეტყობა, სურდა სომეხ არშაკიდთა “ეროვნულობისათვის” უხსოვარ დროშივე დაედო სათავე.
მ. ხორენაცის ცნობა ტიგრან ერვანდიანისადმი ქართველთა და ალვანელთა დაქვემდებარების შესახებ არეულია ტიგრან II-ის (ძვ. წ. I ს.) ეპოქის ამბებთან, როცა ქართველები და ალვანელები პონტოსა და სომხეთის სამეფოებთან ერთიანი ფრონტით საერთო მტრებს, რომაელებს ებრძოდნენ. სტრაბონის ცნობით, არტაშეს I-ის დროს (ძვ. წ. II ს.) გოგარენე (ქვემო ქართლის სამხრეთი ნაწილი) სომხეთს შეუერთდა, რის შედეგადაც ქართველი პიტიახში სომხეთის მეფის მოხელედ იქცა. მაგრამ მ. ხორენაცი აზვიადებს, როცა არტაშეს I-ის ხელისუფლებას, მიჰრდატის სახით, თითქმის მთელ ქართლზე ავრცელებს. Xსენებული კონცეფციის ბრალია, აგრეთვე, რომ ქართლის გამაქრისტიანებელ მირიან მეფეს, ფაქტების საწინააღმდეგოდ, სომხეთის პოლიტიკურ სივრცეში შემავალ ხელისუფლად წარმოგვიდგენს, მაშინ როდესაც, პირიქით, მირიანი სომხეთის მიმართ აქტიურ პოლიტიკას ატარებდა და სპარსელთა დახმარებით იქ საკუთარი ინტერესების დაცვას ცდილობდა 32. ლაშა ჯანაშიას დაკვირვებითაც, ომის პირველ პერიოდში, როდესაც ირანელებმა ხელთ იგდეს რომის იმპერიის ტერიტორიის ნაწილი, შესაძლებელია, სომხეთი, თუ მისი რომელიმე ოლქი ირანელებმა საგამგეოდ ჩააბარეს კიდეც მირიანს33.

სომხეთის განდიდების საქმეში მ. ხორენაცი მნიშვნელოვნად უსწრებს და აჭარბებს წინამორბედ ავტორებს. თუ კორიუნის, აგათანგელოსის, ფავტოს ბუზანდისა და სხვათა თხზულებებში ძირითადად საუბარია ქრისტიანებისა და ქრისტიანული კულტურის გავრცელებაში სომეხ მოღვაწეთა ინიციატივაზე და მეზობლებში მათ მისიონერულ როლზე, მ. ხორენაცი ქართლსა და მასთან ერთად კავკასიას პოლიტიკურადაც და სულიერი კულტურითაც სომხეთზე დამოკიდებულ ქვეყნად წარმოგვიჩენს როგორც ძველ წარმართულ, ისე ქრისტიანულ ხანაშიც. მისი მტკიცებით, ტიგრან I-ის ვაჟი – ვაჰაგნი, რომელსაც ვაჟკაცობით ჰერაკლეს ადარებდნენ და სასომხეთში მის შესახებ საზღაპრო თქმულებები ყოფილა გავრცელებული, თურმე, ქართველებს გაუღმერთებიათ, თავიანთ ქვეყანაში მისივე ზომის ქანდაკება დაუდგამთ, თაყვანს სცემდნენ და მსხვერპლს სწირავდნენო34. მ. ხორენაცის მიერ მოყვანილი გადმოცემა მით უფრო ნიშანდობლივია, რომ სომხურ წარმართულ პანთეონში ვაჰაგნი უზენაეს ღვთაება არამაზდთან იყო გათანაბრებული და ანაიტთან ერთად ღვთაებათა პირველ სამეულს ქმნიდა35. უფრო მეტიც, ქართლში წმ. ნინოს მოღვაწეობის ამბის გადმოცემისას ქართული წარმართული პანთეონის უზენაეს ღვთაება არმაზს, სომხური არამაზდით აღნიშნავს36, რითაც, ეტყობა, სურს მკითხველი დაარწმუნოს, თითქოს, ქართლიც სომხურ კულტურულ სივრცეში შემავალი ქვეყანა ყოფილიყოს.

იგივე მედიდური დამოკიდებულება ქართლისა და გარე სამყაროს მიმართ შეინიშნება მ. ხორენაცის თხრობაში ქრისტიანული რელიგიოუს აღმოცენებისა და მისი გავრცელების ამბის გადმოცემისას, სადაც იგი უპირველეს ადგილს სომხებს აკუთვნებს. მ. ხორენაცის მტკიცებით, ქრისტეს ამ ქვეყნად ყოფნისას სომხებს ჰყოლიათ მეფე აბგარი, რომელმაც, თურმე, თავიდანვე ირწმუნა ქრისტეს სასწაულებრივი მოქმედების ღვთიური უნარი და მასში ნამდვილად ძე ღმრთისა შეიცნო. მისივე გადმოცემით, დასნეულებულმა აბგარმა წერილი გაუგზავნა ქრისტეს და სთხოვა მასთან მისულიყო და მოერჩინა. ჩვენმა მაცხოვარმა, წერს მ. ხორენაცი, არ მიიღო აბგარის მიწვევა, თუმცა წერილის ღირსი კი გახადაო, და შეჰპირდა “რაჟამს ავმაღლდები შენთან გამოვუშვებ ერთერთ ჩემს მოწაფეს, რათა განგკურნოს სნეულებათაგან და მოგანიჭოთ ცხოვრება შენც და შენს გარშემო მყოფთაც”37. როგორც ითქვა, ასრულდა კიდეც. ქრისტეს ერთ-ერთმა _ მოწაფემ თადეოსმა განკურნა აბგარი, რის შემდეგ აბგართან ერთად მთელი ქალაქი მოინათლაო.
აბგარმა თადეოსს წასვლისას გაატანა ფირმანი, რათა ყველას შეეწყნარებინა ქრისტეს სახარება. სომეხთა მეფე აბგარი ამით არ დაკმაყოფილდა და შეეცადა ქრისტეს სარწმუნოებაზე მეზობელი დიდი ხელისუფლებიც მიემხრო. მან წერილი მისწერა რომის კეისარს ტიბერიოსს, ასურეთის მეფეს ნერსეჰს, სპარსთა მეფე არტაშესს და ურჩია მათ ერწმუნათ ქრისტე და მისი სიტყვა38. როგორც სამეცნიერო ლიტერატურაში კარგადაა შენიშნული მთელი ეს მოთხრობა სომეხი მემატიანის შეთხზულია, რასაც საფუძვლად დაუდო სირიული ხალხური გადმოცემები ედესის მეფე აბგარ უკამას შესახებ. სინამდვილეში კი გაქრისტიანდა არა ქრისტეს თანამედროვე აბგარი, არამედ II-III სს. მცხოვრები ედესის მეფე აბგარ IX (I79-2I4)39. მ. აბეღიანის თვალსაზრისითაც, მთელ განყოფილებას აბგარის შესახებ არაფერი აქვს საერთო სომხეთის ისტორიასთან და მისი მოხვედრა მ. ხორენაცის ისტორიაში საეჭვო წყაროების ბრალია40. მიუხედავად იმისა, რომ ქრისტეს ამაღლების დროიდან სომხეთში ქრისტიანობის გავრცელებასა და სხვა ხალხთა წინაშე ამ მხრივ განსაკუთრებულ დამსახურებაზე მტკიცებას რეალური საფუძველი არ გააჩნდა, ამგვარი გადმოცემები სომხეთის ეკლესიას უპირატესობის განცდისა და სხვათა მიმართ პრეტენზიების საბაბს მაინც აძლევდა. ასეთი დამოკიდებულება საკმაოდ მკაფიოდ აქვს გამოხატული მ.ხორენაცს ქართლში ქრისტიანობის გავრცელებაზე საუბრისას. ამ საკითხს იგი ცალკე პარაგრაფს უთმობს თავის თხზულებაში, სადაც სომხეთში მიმდინარე პროცესების პარალელურად და მასთან უშუალო კავშირში დაწვრილებით გადმოგვცემს წმ. ნინოს მოღვაწეობის ცალკეულ ეპიზოდებს, რითაც, ეტყობა, სურს ქართლის მოქცევა სომხეთის ისტორიის ნაწილად, თუ მის გაგრძელებად წარმოგვიდგინოს. მ. ხორენაცის თანახმად, წმ. ნინო (სომხურ ტექსტში ნუნედ იწოდება) სომხეთში წამებულ რიფსიმიანთა ამხანაგი იყო, წამებას შემთხვევით გადარჩენილი. ყურადღების გამახვილება ნინოს რიფსიმიანობაზე, აშკარაა, მიზნად ისახავდა ქართველთა განმანათლებლის სომხური სამყაროდან წარმომავლობაზე შთაბეჭდილების შექმნას, რამდენადაც სომხური ტენდენციით, რიფსიმე და მისი მეგობრები სომეხ წმინდანებად და სომხებად მიაჩნდათ და არა რომაელებად. ამიტომაცაა, რომ მ. ხორენაცის მტკიცებით, წმ. ნინო გრიგოლ განმანათლებლის ხელქვეითი, მისი ბრძანებების მომლოდინე და შემსრულებელია. იგი წერს: “სანატრელმა ნუნემ მოითხოვა სანდო კაცები და გაგზავნა ისინი წმ. გრიგორთან იმის გასაგებად, თუ რის გაკეთებას უბრძანებდა მას შემდეგ, რაც ქართველებმა სიამოვნებით შეიწყნარეს სახარება. (ნუნემ) მიიღო ბრძანება მოესპო კერპები, როგორც ეს თავად (გრიგორმა) ქნა და აღმართა ჯვარი პატიოსანი ჯერ კიდევ მანამდე, სანამ უფალი უწყალობებდა მათ მწყემსს წინამძღვრად”41. ამასთან ერთად, მ. ხორენაცი იმეორებს კორიუნის ცნობას მესროპის მიერ ქართველებისა და ალბანელებისათვის ანბანის შექმნის თაობაზე42.

ამგვარად, თავის წინამორბედ ავტორებთან შედარებით მ. ხორენაცი კიდევ უფრო მეტად აფართოებს დროსა და სივრცეში სომხეთის პოლიტიკური და კულტურული გავლენის საზღვრებს და მის ფარგლებში მის მიერვე, “ჩრდილოეთად” წოდებულ მთელ კავკასიას აქცევს. ეს კონცეფცია ერთობ მიმზიდველი აღმოჩნდა საკუთარი სახელმწიფოებრიობის აღდგენისათვის მებრძოლი პოლიტიკური წრეებისათვის, რომელთა საშუალებით, ეტყობა, მისი გავლენა მთელ სომხურ ისტორიოგრაფიას გადასწვდა მრავალ საუკუნეთა მანძილზე.

ნიშანდობლივია, რომ მ. ხორენაცის შემდეგ ძველი სომხეთის ისტორიის დაწერა აღარავის უცდია და საჭიროების შემთხვევებში შუა საუკუნეების სომეხი ავტორები, უბრალოდ, შემოკლებით გადმოსცემდნენ მ. ხორენაცის, რის შემდეგ აგრძელებდნენ თხრობას43. მ. აბეღიანის დაკვირვებით, 1400 წლის განმავლობაში, XIX ს. მიწურულამდე, მ. ხორენაცის ისტორიის სინამდვილეში ეჭვი არ ეპარებოდათ, სომხეთის ისტორიას მ. ხორენაცის მიხედვით ასწავლიდნენ და მის ცალკეულ ნაწილებს თანმიმდევრობით აზეპირებინებდნენ მოსწავლეებს44.

ჩრდილოელთა შორის სომხეთის გამორჩეულობის მ. ხორენაცისეული იდეა თავს იჩენს უკვე VII ს. სომეხი ისტორიკოსის სებეოსის თხზულებაშიც, სადაც სომხეთის მმართველი თეოდოროს რშტუნი განსაკუთრებული პრივილეგიებით აღჭურვილ პირადაა წარმოდგენილი, რომლის ბრძანებების მიხედვით მოქმედებდნენ ქართველი თუ ალბანელი ხელისუფლები45. ამავე შთაბეჭდილების გაძლიერებას ემსახურება სებეოსის მიერ მოტანილი ერთობ საეჭვო ცნობა, რომლის მიხედვითაც ხალიფა მოავიამ, თურმე, თეოდოროს რშტუნის “უბოძა ხელისუფლება სომხეთსა, ქართლსა, ალბანეთსა და სივნიეთზე კავკასიონამდე და ჭორის ციხესიმაგრემდე… თედოროსი კი დაპირდა ხალიფას, რომ ამ ქვეყანას მას დაუმორჩილებდა46. თვით სებეოსის ამ ცნობიდან კარგად ჩანს, რომ მოავია, უბრალოდ, კავკასიის დამორჩილების უფლებას აძლევდა თეოდოროს რშტუნის, რაც იმხანად ჯერჯერობით არაბებისთვისაც მიუწვდომელი ჩანდა. ამ ცნობის ნამდვილობა საეჭვოდ მიაჩნიათ სომხური ისტორიოგრაფიის ზოგ წარმომადგენელსაც47.
სომხეთის განდიდებისა და კავკასიაში მისი პოლიტიკური და კულტურულ- იდეოლოგიური პრიმატობის თემა სომხურ ისტორიოგრაფიაში ახალ ენერგიას იძენს IX-X საუკუნეებში, როცა არაბთა ეგიდით ახლად აღდგენილი სომხური სახელმწიფოს ბაგრატუნიანი მესვეურები მფარველთა პოლიტიკურ ინტერესებთან გარკვეული თანხვედრით იწყებენ მთელი კავკასიის დასაუფლებლად ბრძოლას. ფსევდო შაპუჰ ბაგრატუნი, ჰოვჰანნეს დრასხანაკერტცი და სხვები თავიანთ თხზულებებში სომეხ ხელისუფლებს თავიდანვე სომეხთა და ქართველთა ხელისუფლებად წარმოგვიდგენენ, ხოლო სომხურ ეკლესიას კავკასიის ქრისტიანთა მეთაურად. ასე მაგალითად, ფსევდო შაპუჰ ბაგრატუნი არაერთგზის ამკობს სმბატ I-ს “სომეხთა და ქართველთა მეფისა და თვითმპყრობელის” ტიტულით48, ასოღიკის თქმით კი, აშოტ I ოცდაათი წლის განმავლობაში იყო სომხეთისა და ქართლის ხან იშხანი და ხან იშხანთა იშხანი, ხოლო სმბატ I მემკვიდრეობით ფლობდა სომხეთსა და ქართლს49.

კავკასიაში სომხური ეკლესიის მეთაური როლის საჩვენებლად კი ჰ. დრასხანაკერტცის თავის თხზულებაში მოჰყავს კონსტანტინოპოლის პატრიარქის ნიკოლოზ მისტიკოსის წერილი მისდამი, სადაც სომხური ეკლესიისა და მისი მეთაურის ხსენებულ როლზე ცალკეული მინიშნებები შეიმჩნევა. უფრო მეტიც, სომეხი მემატიანის მიერ გადმოცემულ ნიკოლოზ მისტიკოსის წერილის მიხედვით, თითქოს, ბიზანტია ამიერკავკასიაში ანტიარაბული ფრონტის ორგანიზაციაში გადამწყვეტ მნიშვნელობას სომხურ ეკლესიასა და მის მეთაურს აკუთვნებდა. საყურადღებოა, რომ ჰ. დრასხანაკერტცი კავკასიაში სომეხთა წამყვან როლზე საუბრობს ისეთ არაორდინალურ სიტუაციაში, როცა სამშობლოდან არაბთაგან ლტოლვილი კათალიკოსი თავს ადარნასე ქართველთა მეფესთან აფარებდა, ხოლო მისივე ცნობით, ქართველთა მეფესა და მის ჯარს სომხეთის სამეფო ტახტზე მათთვის სასურველი კანდიდატი (აშოტ სმბატის ძე) აჰყავდათ50. აშკარაა, რომ ჰ. დრასხანაკერტცი მოვსეს ხორენეცის კონცეფციას, ფაქტობრივად, ბრმად მიჰყვებოდა.
მთელ კავკასიაზე სომხეთის უფლების IX-X სს. სომხურ ისტორიოგრაფიაში დაწყებული მტკიცებები, სხვადასხვა ფორმით, თითქმის XI ს. ბოლომდე გრძელდება. ამ ხანის სომეხ ისტორიკოსთა ცნობები ჩრდილოეთის მიმართულებით ტერიტორიების გაფართოების თაობაზე აშკარად სცილდება რეალურობას. ისინი გაზვიადებულად წარმოგვიდგენენ აშოტ I-ის, სმბატ I-ისა და აშოტ II-ის სამხედრო-პოლიტიკურ ღონისძიებათა შედეგების მნიშვნელობას. მათ შრომებში ხოტბის შესხმის სურვილი ძირითადად განსაზღვრავს ფაქტების დაფიქსირების წესს, რის შედეგადაც იქმნება კავკასიაში სომეხი ბაგრატუნი მეფეების განუსაზღვრელი ძალაუფლების ილუზიური სურათი. მომდევნო საუკუნეებში, სომხური სამეფოს დასუსტებისა და თანდათანობითი გაქრობის კვალობაზე, სომეხ ავტორთა თხრობის მედიდური ტონი და ჰეგემონისტური მიდრეკილებები, თითქოს, თანდათან ცხრება.

V-X სს. განმავლობაში შექმნილი მთელი ეს მრავალრიცხოვანი სომხური საისტორიო ლიტერატურა, რა თქმა უნდა, თავის სასარგებლო იდეოლოგიური წნეხის ქვეშ აქცევდა შუა საუკუნეების კავკასიის საზოგადოებას და სომხურ მოსახლეობაში ამკვიდრებდა მისი გამორჩეულობისა და კავკასიაში განსაკუთრებული მორალური უფლებებით სარგებლობის აზრს. აქედან გამომდინარე, მათივე აზრით, სომხური სახელმწიფოებრიობის აღდგენა, რა ფორმითა და ვის მიერაც არ უნდა მომხდარიყო, უნდა განხორციელებულიყო მის “ისტორიულ საზღვრებში”, ანუ ზღვიდან ზღვამდე, მისი ჩრდილოეთის საზღვარი კი კავკასიის მთებს თუ არ მიებჯინებოდა, მტკვრამდე მაინც უნდა გავრცელებულიყო. ძირითადად, მ. ხორენაციდან მომდინარე, ცოცხალ მითიურ ლეგენდად ქცეული ეს თვალსაზრისი, ეკლესიისა და სომხური მწერლობის გარჯით, საუკუნეების განმავლობაში ძლიერად ზემოქმედებდა სომეხთა გონებაზე და ამ პრეტენზიათა რეალიზაციის შესაძლებელ დროს მოთმინებით ელოდა.

ასეთი იდეოლოგიური ფონი და კავკასიის ისტორიის სომხური მოდელი, გასაგებია, შეუთავსებელი იყო კავკასიის გაერთიანების პროცესში ჩართული გაერთიანებული საქართველოს პოლიტიკური ინტერესებისათვის, რის გამოც ამ ისტორიის ახალი მოდელის შექმნა გადაუდებელ ამოცანად უნდა ქცეულიყო.

კავკასიაში სარწმუნოებრივი პრიმატობისთვის ბრძოლას ქართლისა და სომხეთის ეკლესიებს შორის, გარე ფაქტორების ზეგავლენით (ირან-ბიზანტიის იდეოლოგიური დაპირისპირება), ადრიდანვე ჩაეყარა საფუძველი, რაც შემდეგ კიდევ უფრო განვითარდა ქვეყნის გაერთიანებისათვის მეზობელთა მეტოქეობის პირობებში. შუა საუკუნეების ქართული საზოგადოების, რომელიც IX-X საუკუნეებშივე მკაფიოდ ავლენდა კავკასიაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში წამყვანი მდგომარეობის დამკვიდრების სურვილს, ეროვნული ღირსების შეგნებისათვის შეუთავსე ბელი ხდებოდა საკუთარი ქრისტიანული წარსულის მნიშვნელობის დამცრობის ცდები, რის გამოც ის ერთმორწმუნე ბიზანტიის მედიდურობასაც ვეღარ ჰგუობდა. ეტყობა, ამიტომაც, მ. ხორენაცისა და საერთოდ სომხური ისტორიოგრაფიის იდეოლოგიური წნეხის შესასუსტებლად და მისი ზემოქმედების გასანეიტრალებლად, ადრეულ შუა საუკუნეებშივე იქმნება ქართული ეროვნული ტენდენციის მატარებელი, კარგად არგუმენტირებული ქართლის გაქრისტიანების ისტორია, რომელიც არსებითად უპირისპირდებოდა როგორც სომხური, ისე ერთმორწმუნე ბერძნული ეკლესიის ჰეგემონისტურ მიდრეკილებებს. ამის საუკეთესო მაგალითია “მოქცევაჲ ქართლისაჲს” მატიანეში შესული ქართლის გაქრისტიანების ისტორია, რომელიც სპეციალურ ლიტერატურაში “ფსევდოეპიგრაფიკული” ან “შატბერდულ-ჭელიშური” “ნინოს ცხოვრების” სახელით მოიხსენიება51. ამ თხზულების ავტორის მტკიცებით, საქრისტიანოში ქართლის განსაკუთრებული როლი წინასწარ, ჯერ კიდევ ქრისტიანობის გავრცელებამდე იყო განსაზღვრული, რამდენადაც ერთერთი უდიდესი ქრისტიანული რელიკვია “სამოსელი ქრისტესი ყოვლად ზეგარდმო ქსოვილი… პირველ მოწევნ(უ)ლ იყო კუართი იგი ქრისტესი იერუსალიმით მცხეთად”52. ამავე ავტორის ცნობით, ბერძენთა სიამაყის უმთავრესი საგნის, ქრისტეს ძელის ანუ ჯვრის ფლობაშიც ქართველები ბერძნებს ეზიარებიან, რამდენადაც ამ ძელის ნაწილები ქრისტეს “ფერხთა ფიცარნი” და სამსჭვალნი, რომლითაც ქრისტე ჯვარს იყო გაკრული, ქართლში იმყოფებოდა. პირველი ერუშეთის ეკლესიის, ხოლო მეორე მანგლისის ეკლესიის საძირკველში ჩადეს53. ალბათ, ამიტომაც იყო, რომ ჯერ კიდევ VIII ს., იოანე საბანისძე ბერძენთა გასაგონად ამაყად აცხადებდა: “არა ხოლო თუ ბერძენთა სარწმუნოება ესე ღმრთისმიერი მოიპოვეს, არამედ ჩუენცა, შორიელთა ამათ მკўდრთა… აჰა ესერა ქართლისაცა მკўდრთა აქუს სარწმუნოება და წოდებულ არს დედად წმიდათა”54. ქრისტიანული წარსულით ბერძნებთან გათანაბრებას გულისხმობდა, აგრეთვე, შედარებით გვიან გავრცელებული აზრი ქართველთა ქვეყნის ღვთისმშობლის “წილხვედრილობაზე”, რამდენადაც ბიზანტიის სატახტო ქალაქი ღვთისმშობლის საგანგებო მფარველობაში ითვლებოდა. ასეთი შედარებისას ქართველებს არათუ მსოფლიო ცივილიზაციის ერთ-ერთ უმთავრეს მესვეურად აღიარებული ბერძნების თანაბარი, არამედ კიდევ უფრო მეტი სიამაყის საბაბიც ეძლეოდათ. Eს ვითარება კი თავისთავად უკვე გულისხმობდა უპირატესობას სომხურ ტრადიციაზე, რაც დამაჯერებლად აისახა კიდეც “მოქცევაЎ ქართლისაЎს” კრებულში შესულ ნინოს ცხოვრებაში. კ. კეკელიძის დაკვირვებით, ამ თხზულებაში განსაკუთრებით გაზვიადებული და განდიდებულია ნინოს პიროვნება. ის, მართალია, არის “ტყუე”, მაგრამ არა უბრალო, ის “ჰრომი მთავარია”, შვილი გამოჩენილი მხედართმთავრისა და მისიონერის ზაბილონისა, რომელმაც ბრანჯთა მთელი ერი მოაქცია ქრისტეს სარწმუნოებაზე.

ნინოს ბიძა დედის მხრიდან ცნობილი პატრიარქია, ისიც არა რომელიმე ჩვეულებრივი ქალაქისა, არამედ იერუსალიმისა, რომელიც აკვანია ქრისტიანობისა. ნინო იმდენად დიდი პიროვნებაა, რომ თვით ელენე დედოფალი მას “უწოდდა დედოფლად და თўსად სწორად” და “დედოფლობით მოციქულად და მახარებლად შეამკობდა”… ნინოს წილი უდევს, თითქოს, თვით ელენე დედოფლის მოქცევაში. თხზულების მიხედვით ნინო ნათლავს სომეხთა წმინდანებად მიჩნეულ რიფსიმესა და მისი სახლის 50 წევრს. ეს კიდევ ცოტაა, შენიშნავს კ. კეკელიძე, ნინო გამოყვანილია თხზულებაში მთელი აღმოსავლური ამიერკავკასიის მისიონერად; ქართლ-კახეთისა და მთიულთა მოქცევის შემდეგ ის, მის მიერ მოქცეული სუჯი დედოფლის მეშვეობით, მონათლავს ბოდბეში, აგრეთვე, მთავრებს ისეთი სომხური პროვინციებისას, როგორიცაა სივნიეთი და გუასპურაკანი (ვასპურაკანი). ნინოს სამისიონერო ასპარეზი – “ქუეყანაჲ ჩრდილოისაჲ” არის “ქუეყანაჲ კავკასიათაჲ”. კ. კეკელიძე პრინციპულად უარყოფს, მის დროს მეცნიერებაში დამკვიდრებულ შეხედულებას, თითქოს, “მოქცევაჲ ქართლისაჲს” ავტორი სომხური ტრადიციის გავლენას განიცდიდეს, რის გამოც მის თხზულებაში შეუგნებელ გარდანაშთებს ვხვდებოდეთ ქართლისა და სომხეთის ეკლესიების თავდაპირველ ურთიერთობაზე. ასეთ გარდანაშთად თვლიან, წერს კ. კეკელიძე, ნინოს მოხვედრას რიფსიმიანთა საზოგადოებაში და მის, ამ საზოგადოებასთან ერთად, სომხეთში მისვლას. მაგრამ არაფერი “შეუგნებელი” აქ ჩვენ არა გვაქვს, პირიქით, ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს მატიანის ავტორის სავსებით შეგნებულ აქტთან; მას სურს გვაჩვენოს, რომ სომხური ეკლესიის საფუძველი დაიდო იმ ადამიანთა ძვლებზე, რომელნიც ნინოს მიერ იყვნენ მოქცეულნი და მასთან ერთად მოევლინნენ სომხეთს. მეორე ასეთ “შეუგნებელ” გარდანაშთს ხედავენ იმ ეპიზოდში, სადაც ავტორი ნინოს მიიყვანს სასწავლებლად იერუსალიმში დვინელ მიაფორთან, რომელსაც ის ორი წლის განმავლობაში “მსახურობს”. არც ეს ფაქტია მაჩვენებელი ქართლისა და სომხეთის ეკლესიების თავდაპირველი ურთიერთობისა.

ნინო ჩვენში სამისიონეროდ გამოგზავნა არა სომეხმა მიაფორმა, არამედ “ღმერთმა” და მისმა ბიძამ, იერუსალიმის პატრიარქმა. არცთუ ქრისტიანობა უსწავლია ნინოს ამ დვინელი მიაფორისაგან, უკანასკნელი მას უთვალისწინებს ბედ-იღბალს მხოლოდ ქრისტეს რელიკვიებისას, როგორიცაა ჯუარი, ტილონი, სუდარი და სამოსელნი, განსაკუთრებით კუართი. ავტორს იმიტომ მიუყვანია ნინო დვინელ მიაფორთან, რომ უკანასკნელმა თავისი საკუთარი პირით აღიაროს უპირატესობა ქართლისა სხვა ქვეყნების წინაშე: მას, ქართლს, ანუ უფრო ზუსტად, “ჩრდილოთა მცხეთელთა”, როგორც სომეხი მიაფორი ამბობს, ღვთის განგებამ წილად არგუნა ისეთი დიდი სიწმინდე, როგორიცაა კუართი უფლისა, ის კუართი, რომელსაც ერთმანეთს ეცილებოდნენ სხვადასხვა ქვეყნის ქრისტიანები55.

ამრიგად, ქართველი ავტორის დასკვნით, ქართლისა და წმ. ნინოს მნიშვნელობა აღმოსავლეთის საქრისტიანოს წინაშე გაცილებით დიდია, ვიდრე სომხეთისა და მისი განმანათლებლის გრიგოლ პართელისა.

ქრისტიანული რწმენის სიძველითაც ქართლი წინ უსწრებს სომხეთს, რამდენადაც ქართლის განსაკუთრებული როლი ქრისტიანობის გავრცელებაში წინასწარ იყო განსაზღვრული. ამიტომაც მოხდა, რომ ქრისტიანული რწმენის ჩასახვისას სომხეთი ქართლზე აღმოჩნდა დამოკიდებული: სომეხთა ეკლესიის საფუძველი დაიდო იმ ადამიანთა ძვლებზე, რომლებიც ნინოს მიერ იყვნენ მოქცეულნი და მასთან ერთად მოევლინენ სომხეთს. ერთი სიტყვით, ქართველი მწერალი მთლიანად უარყოფს რა V ს.ა და შემდგომი ხანის სომეხ მწერალთა პრეტენზიებს, კავკასიაში ქრისტიანობის გავრცელებისა და დამკვიდრების ისტორიის თავის ვარიანტს გვთავაზობს, სადაც ისტორიული პროცესის მთავარ წარმმართველ ძალად უკვე ქართლია გამოყვანილი.

ქართლის გაქრისტიანების ისტორიის სომხურისგან სრულიად განსხვავებული და საპირისპირო ვერსიის შექმნის შემდეგ, ქართული და სომხური ეკლესიებისა და პოლიტიკური ერთეულების მეტოქეობის პირობებში, ერთობ საშური უნდა ყოფილიყო მსგავსი სულისკვეთების ქართველთა პოლიტიკური ისტორიის დაწერაც, რომელიც, თავის მხრივ, შეცვლიდა კავკასიის ისტორიაზე სომხური კონცეფციით შექმნილ წარმოდგენებს.

X ს. არსებული ისტორიული პირობები (ბიზანტიასთან იდეოლოგიურ ჭიდილში სომხური ეკლესიის დასუსტებით გამოწვეული) ქართული ეკლესიისა და მისი მესვეურების აქტიურობას უწყობდა ხელს.
სომხურ ეკლესიასთან დოგმატურ ბრძოლაში ქართველი მოღვაწეები კულტურული ფაქტორების მოშველიებასაც ცდილობდნენ, სადაც მთავარ იარაღად ქართულ ენას ირჩევდნენ. ამ ხანაში იქმნება იოანე ზოსიმეს “ქებაჲ ქართული ენისაჲ”, რომლის თანახმადაც, ქართული ენა არათუ ბერძნულის თანასწორად, არამედ მასთან და სხვებთან შედარებით უპირატესობის მქონედაც ცხადდება56. იმავე საუკუნის მეორე მწერალი გიორგი მერჩულე კი ენისა და კონფესიის საფუძველზე ეთნიკური საზღვრების მიღმაც ქართლის უსაზღვროდ გაფართოების შესაძლებლობას ასაბუთებს: “ქართლად ფრიადი ქუეყანა აღირიცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვა ყოველი აღესრულების”57. ქართული ეკლესიის გავლენა დღითი დღე იზრდება, ის ჰერეთსა და სივნიეთშიც აღწევს, ხოლო სომეხთა კათალიკოსს ვაჰან I-ს სომხურ ეკლესიაში ქართული წესების დანერგვაში ამხელენ58.

სომხური სამეფოების დასუსტებისა და გაქრობის კვალად (XI ს. შუა წლები) ქართული ეკლესია შეტევაზე გადადის და მთელს კავკასიაში სომხური ეკლესიის შევიწროებას იწყებს. 1046 წ. ღრტილაში გამართულ ქართველ-სომეხთა საეკლესიო პაექრობაზე ქართველი ბერი ექვთიმე გრძელი დატუქსვით ეკამათება სომეხ წინამძღვარს სოსთენს და ქართული სარწმუნოების უპირატესობას უმტკიცებს. პაექრობის მოწმე ბაგრატ IV-ც, ფაქტობრივად, ძალას ატანს და სოსთენისგან სომხური სარწმუნოების დატოვებას და ქართულზე მოქცევას მოითხოვს59. სომხური სარწმუნოების გმობამ იმ ხანად ქართულ სასულიერო ლიტერატურაში ფართო ხასიათი მიიღო60.

აშკარაა, გაერთიანებული საქართველოს მესვეურები ჩქარობდნენ ქართული სარწმუნოების ბაზის გაფართოებას მთელ კავკასიაში, რათა მომავალში ქართული სახელმწიფოს შემადგენლობაში ამ ქვეყნის ხალხების შემოყვანა არ გაძნელებოდათ. მაგრამ ამ პოლიტიკას ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი ახლდა. კონფესიურ წინააღმდეგობათა დაძლევა “სარწმუნოებრივი ექსპანსიის გზით” შეუძლებელი იყო, მით უმეტეს ისეთი მდიდარი კულტურის ქვეყანაში, როგორიც სომხეთი იყო. ასეთი გზით პოლიტიკური ამოცანების გადაჭრა თვით ძლიერმა ბიზანტიამაც ვერ შეძლო. კონფესიურ ნიადაგზე განვითარებულ სიძულვილს კი ყოველთვის და ყველგან დიდი ბოროტება მოჰქონდა. ასეთი ფინალი ქართული სახელმწიფოებრივი პოლიტიკისათვის, რომელიც სომეხთა მინდობასა და თავის გარშემო დარაზმვას ცდილობდა, რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელი იყო. ალბათ, ამიტომაც, ამ ხანაშივე შეიმჩნევა სომხებთან კონფესიური დაპირისპირების შერბილების ცდები, რაც მკაფიოდ აისახა არსენ საფარელის ტრაქტატში “განყოფისათჲს ქართველთა და სომეხთა”. არსენის მტკიცებით, სომეხი ხალხი არ არის დამნაშავე ისტორიის წინაშე. სპარსეთის მეფეებმა აიძულეს სომხეთის ხელისუფალნი და ეკლესიის მესვეურნი გადაეხვიათ მართლმადიდებლობიდან და მიეღოთ “სჯული იაკობთა”. ამიტომ საეკლესიო განხეთქილება კავკასიაში მოკლებულია შინაგან კანონზომიერებას და არსენ საფარელის რწმენით, ხელსაყრელ პოლიტიკურ სიტუაციაში კავკასიის ქვეყნების იდეოლოგიური გაერთიანება შეუძლებელი არ არის61.

XI ს. 40-იან წლებში განვითარებული პოლიტიკური მოვლენები სულ უფრო ცხადყოფდნენ გაერთიანებული საქართველოსთვის სომეხთა მხარდაჭერის გაფართოების მნიშვნელობას. ბაგრატ IV-მ, მართალია, მცირე ხნით, მაგრამ სომეხთავე დახმარებით დაიკავა ანისის სამეფოს დედაქალაქი ცხრა ციხითურთ და შირაკის ვრცელი ქვეყანა, ფაქტობრივად, თავისი კონტროლის თვალსაწიერში მოაქცია, რითაც სომხეთის მემკვიდრეობისათვის ბრძოლაში მკვეთრად დაუპირისპირდა ბიზანტიას. ლიპარიტ ბაღვაშის ღალატისა და ბიზანტიის დაწოლის გარდა, ჩანს, არც სომეხთა მხარდაჭერა იყო იმდენად ფართო და მყარი, რომ ბაგრატ IV-ს შეძლებოდა ანისის უფრო ხანგრძლივად დაკავება. სომხურ პოლიტიკურ წრეებზე და ხალხზე უფრო მნიშვნელოვანი გავლენის მოპოვებას, ცხადია, ხელს უშლიდა როგორც კონფესიურ უთანხმოებათა სიმწვავე, ისე სომხური ისტორიოგრაფიის ტენდენციები. კავკასიის მომავალი გაერთიანება, საითკენაც გაერთიანებული საქართველოს ბაგრატიონი ხელისუფლები თანმიმდევრულად ისწრაფოდნენ, არაქრისტიანი მოსახლეობის მინდობასაც გულისხმობდა, რის გამოც ქართული იდეოლოგიური პოლიტიკა უფრო დამაჯერებელ არგუმენტებს ითხოვდა, ვიდრე ეს ქალკედონური სარწმუნოების ბაზის გაფართოება თუ დაპირისპირებული კონფესიების მორიგების საეჭვო ცდები შეიძლებოდა ყოფილიყო. ასეთ პირობებში თავისი გადამწყვეტი სიტყვა უნდა ეთქვა ქართულ საისტორიო მწერლობას, რომელიც შეძლებდა კავკასიის გაერთიანების პრეტენზიის მქონე ქვეყნის ისტორიის შესაფერი ღირსებით წარმოჩენასთან ერთად, სომხურისგან განსხვავებული, მაგრამ კავკასიისისტორიის ისეთი მოდელის აგებას, რომელიც შექმნილ ისტორიულ პირობებში ორივე ხალხის ღირსებას დაიცავდა და მისაღებს გახდიდა თანაბრად. ნიშანდობლივია, რომ XI ს., თითქმის ერთდროულად, რამდენიმე ქართველი ისტორიკოსი (ლეონტი მროველი, ჯუანშერი, მატიანე ქართლისაჲს ავტორი და სუმბატ დავითის ძე) წერს უძველესი დროიდან XI საუკუნემდე თავისი ქვეყნის გაბმული ისტორიის სხვადასხვა ნაწილებს, სადაც სომხურ თემას, განსაკუთრებით ლეონტისთან, ერთობ მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა. როგორც ჩანს, დასმული პრობლემის გადაჭრის ძირითადი ტვირთის სიმძიმე ლეონტი მროველს დაეკისრა. ამასავე მოწმობს ლეონტის მთავარი თხზულების “ცხოვრება ქართველთა მეფეთა”-ს ქრონოლოგიური საზღვრებიც – უძველესი დროიდან V ს-მდე, რომელშიც, აგრეთვე, გაშლილი აქვს მოვსეს ხორენაცის თავისი “სომხეთის ისტორიის”, სომხური ისტორიოგრაფიის  სულისკვეთების ამ ძირითადი წყაროს, თხრობა. აქედან გამომდინარე ჩანს, რომ ლეონტის სომხებისთვისაც უნდა გაეწია ანგარიში, რათა მისი “მეფეთა ისტორია” სომხებისთვისაც მისაღები გამხდარიყო.

შემთხვევითი არც ისაა, რომ ქართლის ცხოვრების კრებულის შექმნიდან სულ მალე, უკვე XII ს. ის სომხურ ენაზე ითარგმნა. აშკარა იყო, ლეონტი მროველს ძალზე რთული ამოცანის გადაწყვეტა უწევდა. მოვსეს ხორენაცის დიდი ავტორიტეტისა და სომეხი ხალხის ცნობიერებაზე მისი განსაკუთრებული ზეგავლენის გამო, მ. ხორენაცის ხელაღებით უარყოფა შეუძლებელი იყო. უბრალოდ, ასეთ სიმართლეში სომხებს ვერ დააჯერებდა. მ. ხორენაცის კრიტიკის სხვა გზა უნდა მონახულიყო და ლეონტიმაც გენიალური სიმარტივით გადაჭრა საჭირბოროტო დიდი საკითხი. უარყოფის ნაცვლად მ. ხორენაცის ძირითადი დებულებები და მათ საფუძველზე გაშუქებული ფაქტები შეასწორა, ხოლო მის ექსპანსიურ კონცეფციას კავკასიის ხალხთა სისხლით ნათესაობისა და ძმობის საკუთარი კონცეფცია დაუპირისპირა (კონფესიურ ურთიერთობათა გამწვავების პირობებში “სისხლით ნათესაობის” არგუმენტ გაცილებით ქმედითუნარიანი და უპირატესი იყო), რითაც არა მარტო მორალური უპირატესობა მოიპოვა ხორენაციზე, არამედ დროის მოთხოვნებსაც უკეთ მოერგო. კავკასიაში ძველთაგანვე გაჩაღებულ იდეოლოგიურ ბრძოლაში ქართველი პოლიტიკოსი-მემატიანე თავისი ახალი კონცეფციით აშკარად გამარჯვებული ჩანდა. თუკი ლეონტის კონცეფციას რეალური პოლიტიკური სიტუაცია უმაგრებდა ნიადაგს (სელჩუკიანი თურქების გამაჩანაგებელი შემოსევების წინააღმდეგ კავკასიის ხალხთა ძალების გაერთიანების აუცილებლობა), სომეხ მოღვაწეთა ერთი ნაწილის მიერ ხორენაცის კონცეფციის რეანიმაცია იმ დროს, როცა სომხური სახელმწიფოებრიობის უკანასკნელი ნამსხვრევებიც ქრებოდა, უბრალოდ ანაქრონიზმად გამოიყურებოდა. ნ. ბერძენიშვილის დაკვირვებით, რეალურად, ლეონტი მროველი ნაშრომის მთელ სიგრძეზე ებრძვის ხორენელს, აგათანგელოსს, ასაბუთებს ქართლს…62. მისივე თქმით, ლეონტიმ მარჯვედ გამოიყენა ხორენელი და ორიგინალური ისტორია შექმნა. მან არ უარყო ცხადლივ ხორენელის ისტორიული დებულებანი, თუმცა არსებითად შეასწორა ისინი და, რაც მთავარია, დაურთო ორიგინალური თეორია თარგამოსიანთა შესახებ და შემდეგ მთელი ისტორია ამ თარგამოსიანთა ურთიერთობის ფონზე გაშალა, რამაც საშუალება მისცა ორიგინალური ისტორიული ცხოვრება წარმოეჩინა63, შინაარსით და ფორმით ისეთი ისტორია, რომელიც მომავალი დიდი საქართველოს პოლიტიკურ ინტერესებს შეესაბამებოდა. ლეონტი მროველი “ცხოვრება ქართველთა მეფეთას” სწორედ ამ თავისი ორიგინალური კონცეფციის წარმოდგენით იწყებს, რითაც მკითხველის ყურადღებას ამახვილებს როგორც თავისი თხზულების მთავარ პოლიტიკურ ამოცანაზე, ისე მის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ქვეყნის მომავლისათვის: “პირველად ვაჰსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა და მეგრელთა და კავკასიანთა – ამათ თўსთა ერთი იყო მამა, სახელით თარგამოს”64.

ლეონტის მიერ კავკასიის ხალხთა სისხლით ნათესაობის ამ თეორიის წამოყენება უკვე ნიშნავდა მოვსეს ხორენაცის კონცეფციის უარყოფას და მის კრიტიკას. თუ ქართველი მემატიანე კავკასიის ხალხების წარმომავლობას ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში განიხილავდა, მ. ხორენაცი კავკასიაში სომხების გარდა ვერავის ამჩნევდა, სომეხთა ეთნოგენეზი მისთვის იყო მონოეთნიკური სამყაროს წარმოქმნის პროცესი, რომელიც სომეხთა ეთნიკური განვითარების ორბიტაში აქცევდა მათ სამოქმედო ტერიტორიაზე სომეხთა მოსვლამდე დასახლებულ მცირერიცხოვან ხალხებს და სომხურ სამყაროსთან შერწყმას განაპირობებდა. ასე რომ, მ. ხორენაცის მონოეთნიკურ სამყაროს ლეონტი ერთმანეთის მონათესავე მრავალეროვან კავკასიას უპირისპირებდა. კავკასიის ხალხების მრავალსაუკუნოვანი ხანგრძლივი თანაცხოვრება და საერთო პოლიტიკური თავგადასავალი მეტ დამაჯერებლობას სძენდა ლეონტის თეორიას. XI ს. მეორე ნახევრისათვის მ. ხორენაცის კონცეფციას პრაქტიკული მნიშვნელობა აღარ შეიძლებოდა ჰქონოდა, რადგან კავკასიის ხალხთა ძმობის მოწოდება ცოცხალი პოლიტიკური პროგრამის მნიშვნელობას იძენდა.
იმ დროს, როცა მოძალებული მტრის წინააღმდეგ კავკასიაში ერთადერთი ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა გაერთიანებული ქართული სამეფო იყო, მასთან ძმობის დამადასტურებელი თეორია თავდაცვისა და თავშესაფრის ძიებაში მყოფი სომხეთისათვის არათუ მისაღები და სასურველი, არამედ აუცილებელიც იყო. კავკასიის ხალხთა ნათესაობის იდეა სასარგებლო იყო იმდროინდელი ქართული საგარეო პოლიტიკისთვისაც.
სომხეთის მემკვიდრეობისთვის ბრძოლაში ბიზანტიასთან დაპირისპირებული გაერთიანებული საქართველო ლეონტის თეორიის სახით ახალ დამატებით არგუმენტს იძენდა სომხეთზე კანონიერი უფლების დასამტკიცებლად. მთავარი პოლიტიკური ამოცანითვე იყო განსაზღვრული კავკასიის ხალხთა მამამთავრად თარგამოსის დასახელება იმ დროს, როცა ბერძნულ-ლათინური და სომხურ-ქრისტიანული მწერლობა მას მხოლოდ სომეხთა მამამთავრად მიიჩნევდა. მიუხედავად ამისა, ლეონტი სხვაგვარად ვერ მოიქცეოდა, რადგანაც მხოლოდ თარგამოსის სახლის წევრს შეეძლო “სომხეთის მემკვიდრეობაზე” კანონიერი პრეტენზიის გაცხადება.
თავის კონცეფციაზე დაყრდნობით ლეონტი თანმიმდევრობით ასწორებს და ცვლის მ. ხორენაცის უმთავრეს დებულებებს ქართულ-სომხურ ისტორიულ ურთიერთობათა თაობაზე და ახალი შინაარსით ავსებს კავკასიის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვან ფურცლებს. მათ შორის უპირველესი, რა თქმა უნდა, იყო ეროვნული ტერიტორიის ფორმირების საკითხი. მ. ხორენაცის მიერ სომეხთათვის შემოხაზულ ვრცელ ტერი ტორიას, მისგან განსხვავებით, ლეონტი თარგამოსის წილხვედრილ ქვეყნად აცხადებს: “ხოლო ქვეყანა იგი, რომელი წილით ხდომოდა (თარგამოსს), ესე არს საზღვარი ქუეყანისა მისისა: აღმოსავლით ზღუა გურგენისა, დასავლით ზღუა პონტოსა, და სამხრით ზღუა ორეთისა, და ჩრდილოთ მთა კავკასია”65.

თარგამოსის სამფლობელოს სამხრეთის საზღვარი “ზღუა ორეთისა” ვანის ტბა ან ხმელთაშუა ზღვა შეიძლება იყოს, რაც, ფაქტობრივად, ემთხვევა სომხეთის პირველი არშაკიდი მეფისათვის მიზომილ ტერიტორიას. ლეონტი კი, რამდენადაც კავკასიის ხალხების უკლებლივ ყველა ეთნარქს თარგამოსის შვილებად მიიჩნევს, ამ ვრცელ ტერიტორიაზე უფლებას, სომეხთა გარდა, კავკასიის სხვა ხალხებსაც უნაწილებს, რა თქმა უნდა, შუა საუკუნეებში მიღებული უფროსუმცროსობის საყოველთაო წესის მიხედვით, სადაც უფროს ვაჟს, მომდევნო ძმებთან შედარებით, მნიშვნელოვანი უპირატესობანი გააჩნია. მიუხედავად იმისა, რომ ამ წესის თანახმად, უფროსი ვაჟი მამის უფლებისა და ქონების უშუალო მემკვიდრეა და ის იკავებს მამის რეზიდენციას და იღებს ხელისუფლებას მისგან. სხვა შვილებიც ინარჩუნებენ მემკვიდრეობის უფლებას მამის ქონებაზე. ლეონტის მიხედვით, თვით თარგამოსმა გაუნაწილა თავისი ქვეყანა და ნათესავი თავის გამორჩეულ რვა შვილს, რომელთაც გმირებს უწოდებს. იგი წერს: “… განუყო თარგამოს ქუეყანა და ნათესავი თვისი რვათ ამათ გმირთა: ნახევარი ნათესავისა მისისა და ნახევარი და უმჯობესი ქუეყანისა მისისა მისცა ჰაოსს, ხოლო შვიდთა ამათ მისცა ხუედრი მათი არძანგებისაებრ მათისა: წარმოიყვანნა შვიდნი იგი ჩრდილოთ კერძო და განუყვნნა ქუეყანანი ღირსებისაებრ მათისა. მისცა ქართლოსს და უჩინა საზღვარი: აღმოსავლით ჰერეთი და მდინარე ბერდუჯისი; დასავლით ზღუა პონტოსი, სამხრით მთა, რომელი მიჰყვების ბერდუჯის მდინარის თავსა, და მთა, რომელი მიჰყვების დასავლით კერძო, რომლისა წყალი გარდმოდის ჩრდილოთ კერძო და მიერთვის მტკუარსა, რომელ მიჰყვების მთა შორის კლარჯეთსა და ტაოს ვიდრე ზღუამდის; და ჩრდილოთ საზღვარი ღადო, რომელი გამოვლის შტოდ კავკასისაგან და მოჰკიდავს წუერი დასასრულსა ღადოსა, რომელსა აწ ჰქვიან ლიხი.
და ამათ საზღვართა საშუალ მისცა ყოველი ქართლოსს66. ლეონტის თანახმად, თარგამოსის შვილებში ჰაოსი პირველი შვილი და “უმეტესი გმირი” იყო, რის გამოც მამა მას თავის ქვეყნის ნახევარსა და უმჯობეს ნაწილს აკუთვნებს, თუმცა ქართველი მემატიანე ამ “უმჯობესი” ნახევრის არც საზღვრებს ასახელებს და არც მის განსაკუთრებულ სიკეთეზე იძლევა რაიმე ცნობას. ქართველი მემატიანის ყურადღება, მ. ხორენაცის საპირისპიროდ, ძირითადად, ამიერკავკასიისკენაა მიპყრობილი, რომლის ცენტრალურ ნაწილში ის ქართულ ქვეყნებს – ქართლს, ეგრისს და ჰერეთს ათავსებს და დეტალურად აღწერს თი- თოეული მათგანის საზღვრებს. განსაკურებით კი, ყურადღებას ამახვილებს ამ ქვეყნების სომხეთისაგან გამომყოფ სამხრეთის საზღვარზე, რომელიც მისი აღწერით, მდ. ბერდუჯის სათავეებიდან იწყებოდა და მტკვრისა და არაქსის აუზების წყალგამყოფს გაჰყვებოდა მთელს სიგრძეზე მტკვრის სათავეების ჩათვლით (პროვინცია “კოლა”), ხოლო აქედან ქედს, რომელიც გაჰყოფდა კლარჯეთს (მდ. ჭოროხის ქვემო დინების აუზი) ტაოსაგან (მდ. ჭოროხის შუა დინების აუზი). ლეონტის ამ ჩვენებათა ანტიკური ხანის უცხოური წყაროებით დამოწმების შედეგად დ. მუსხელიშვილი ასკვნის, რომ ქართული ეროვნული ტრადიცია შემონახული ლეონტი მროველის მიერ, არსებითად სწორი უნდა იყოს67.
ქართლსა და სომხეთს შორის გამავალ საზღვარს “ხუნანითგან ვიდრე ზღუამდე სპერისა”68 ლეონტი მრავალგზის ახსენებს, რაც, ალბათ, იმასაც ნიშნავს, რომ, მისი აზრით, უძველესი დროიდანვე სომხეთისა და ქართლის სამიჯნო ზონად უცვლელად მტკვრისა და არაქსის წყალგამყოფი ქედი რჩებოდა. უფრო მეტიც, არაქსის აუზში მდებარე რიგ ტერიტორიებს, ის ზოგჯერ, ქართლის ფარგლებში ათავსებს. მაგალითად, ლეონტის ცნობით, ფარნავაზის მეფობისას აბოცი სამშვილდის საერისთავოს შემადგენლობაში იყო და, ამდენად, მისი აზრით, ქართლის სამხრეთის საზღვრის მდ. არაქსამდე გავრცელებასაც კანონიერი საფუძველი გააჩნდა. მისივე ცნობით, ამ სასაზღვრო ზოლის თავის სასარგებლოდ შეცვლისათვის ქართველ და სომეხ ხელისუფლებს შორის კონფლიქტებიც ყოფილა, მაგრამ ძირითადი საზღვარი მაინც, საბოლოოდ, უცვლელი რჩებოდა, რომელიც შემდეგ საერთაშორისო აღიარებითაც ყოფილა დაკანონებული. ამ აქტს ლეონტი მიაწერს ბიზანტიის იმპერატორს კონსტანტინე დიდს, რომელმაც თურმე “განუჩინა საზღვარი მირიანს და თრდატს ესრეთ: რომელთა ქუეყანათა მდინარენი დიან სამხრეთით და მიერთვიან რაЈსსა, ესე ქუეყანანი თრდატის კერძად დაყარნა; და რომლისა ქუეყანისა მდინარენი ჩრდილოთ დიან და მიერთვიან მტკუარსა, ესე მირიანის კერძად დაყარნა. და ესე რა განუგო კონსტანტინე მეფემან და შუამდგომელ ექმნა მათ, და წარვიდა თўსად სამეფოდ69. ამით ლეონტი, საერთოდ, ასრულებს საუბარს სომეხქართველთა საზღვრის შესახებ ანუ, როგორც თვითონ ამბობს, “ძიებას საზღვართა ქართლისათა”. ნიშანდობლივია, რომ ლეონტის მიერ დასახელებული ეს საზღვარი შუა საუკუნეთა მთელ სიგრძეზე სინამდვილეშიც უცვლელი დარჩა.

ამრიგად, ლეონტი მროველისა და მ. ხორენაცის თხზულებებში წარმოდგენილი თვალსაზრისი საქართველოსა და სომხეთის კუთვნილი ტერიტორიების თაობაზე ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული და არსებითად საპირისპიროცაა. მ. ხორენაცით სომეხთა კუთვნილი ქვეყანა მოიცავდა ვრცელ ტერიტორიას ხმელთაშუა ზღვიდან კავკასიის წყალგამყოფ ქედამდე, რომლის მეჩხერად დასახლებული ერთი ნაწილი ბაბილონიდან ვანის ტბის მიდამოებში მრავალრიცხოვანი შვილებითა და შვილიშვილებით გამოსახლებულმა ჰაიკმა და შემდეგ მისმა შთამომავლებმა თანდათანობით აითვისეს სამხედრო მოქმედებებისა და სამეურნეო საქმიანობის შედეგად. ამას გარდა, წინა აზიის მნიშვნელოვანი ნაწილი და მთელი კავკასია მათ პართიის მეფე არშაკმა მიაკუთვნა. ასე რომ, მ. ხორენაცის აზრით, კავკასიისა და წინა აზიის ერთი ნაწილის მომცველი ეს ტერიტორია სომხებს სავსებით კანონიერ საფუძველზე ეკავათ და მოზიარე არავინ ჰყავდათ. ლეონტი მროველი, ფაქტობრივად, იმავე ვრცელ ტერიტორიას “კავკასიის მთიდან ორეთის ზღვამდე” ქართველთა და სომეხთა, აგრეთვე, კავკასიის სხვა ხალხების, საერთო წინაპრის თარგამოსის წილხვედრილ (იგულისხმება ღმერთისგან) ქვეყნად მიიჩნევს, რაც იმას ნიშნავს, რომ თარგამოსის შვილები (გამორჩეული რვა შვილი) ყველა ერთად, მამის ქონების მემკვიდრეები არიან და მამის წილხვედრილი მათი საერთო ქონებაცაა, სადაც თითოეულ მათგანს საკუთარი წილი უდევს მახლობლობისა და უფროს-უმცროსობის საყოველთაოდ მიღებული წესის მიხედვით. შესაძლოა, ამიტომაც ლეონტი ყოველ მათგანს შესაბამის რიგით ნომერს აკუთვნებს: “პირველსა ერქვა ჰაოს, მეორესა ქართლოს, მესამესა ბარდოს” და ა. შ.70.
ასეთ ვითარებაში ბუნებრივად თავს იჩენს თარგამოსის შვილებს შორის უფლებრივი თანაფარდობის საკითხი. უფროს შვილს, ე. ი. გვარში უფროსს, საერთო ქონების უმეტესი ნაწილი – მთელი ნახევარი და, რაც მთავარია, ხელისუფლების გამომხატველი მამის საყოფელი (ე. ი. ტახტი) გადაეცემა, რის გამოც, ალბათ, ქონების ეს ნაწილი “უმჯობესად” ითვლება. მამის შემდეგ ის გვარის, ანუ სახლის უფროსი, ე. ი. მამასახლისი ხდება, ამასთან დანარჩენი ძმების სამიზნეც, რომლებიც მემკვიდრეობის წესის საფუძველზე თავიანთ რიგს ელიან მამის სამყოფელის დასაკავებლად. ამდენად, ლეონტი მროველი არა მარტო ასწორებს მ.ხორენაცის ვერსიას სომხური ტერიტორიის წარმოქმნაზე და ე. წ. “სომხურ ჩრდილოეთს” ქართველებთან ერთად ძველთაგანვე კავკასიის ხალხებით ასახლებს, არამედ მტკვრისა და არაქსის წყალგამყოფი ზონის სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზეც მომავლისათვის პრეტენზიასაც აცხადებს, როგორც თარგამოსის რიგით მეორე მემკვიდრის შთამომავალი.

აშკარაა, რომ საგანგებოდ თხზულების დასაწყისში გაჟღერებული მთავარი იდეა (“ამბავი რვა ძმათა”), რომლითაც ლეონტი მროველი მ. ხორენაცს უპირისპირდება, არის კავკასიის ხალხთა საერთო წარმომავლობისა და, ამდენად მათი ძმობა-ნათესაობის იდეა, რაც თავისთავად გულისხმობდა საერთო მტრის წინააღმდეგ გაერთიანებული ძალებით შებრძოლებას. ლეონტის დროს ამ იდეის ლეგიტიმაციას მყარ ნიადაგს უქმნიდა სელჩუკიანი თურქების მოხშირებული თავდასხმებით შექმნილი უდიდესი საფრთხე, რომელიც გადაგვარებითა და განადგურებით ემუქრებოდა მთელ კავკასიურ ცივილიზაციას, სადაც წამყვან კულტურულ ძალას საქართველო და სომხეთი წარმოადგენდნენ. ამასთან, ის სავსებით პასუხობდა კავკასიაში ჰეგემონობისათვის გამართულ მრავალსაუკუნოვან ბრძოლაში, ფაქტობრივად, გამარჯვებული გაერთიანებული საქართველოს სახელმწიფოებრივ ინტერესებს, რომელიც ამჯერად (XI ს. II ნახ.-ში) სომხებისგან გამიჯვნას კი არ ესწრაფოდა, არამედ მათ მინდობასა და თავის გარშემო დარაზმვას ცდილობდა. ასეთ პირობებში კავკასიის ხალხთა ნათესაობის თვალსაზრისს შედარებით ადვილად უნდა შეეღწია ადამიანთა ცნობიერებაში და მისაღები გამხდარიყო ლეონტის მიერ შექმნილი ლეგენდა თარგამოსისა და მისი რვა შვილის შესახებ. თუ ხსენებულ გარემოებათა ზეგავლენით, ქრისტიანულ მწერლობაში არსებულ ვერსიებთან ლეონტის ვერსიის შეთავსება ასე თუ ისე მაინც შესა- ძლებელი იყო, სომეხთა წინაპრის ჰაიკის მიჩქმალვა და მისი მნიშვნელო- ბის დამცრობა იმ უბრალო მიზეზით ვერ მოხერხდებოდა, რომ ბერძნულ- ლათინური და მრავალსაუკუნოვანი სომხური ტრადიციით, უკვე კარგახნით დამკვიდრებული აზრით, თოგარმა-თარგამოსის ერთადერთ მემკვიდრედ ჰაიკი-ჰაოსი ითვლებოდა და მის ადგილას რომელიმე ძმადწოდებულის გადმონაცვლება, სომხურ მოსახლეობაში მაინც, ეჭვს ქვეშ დააყენებდა, საერთოდ, ლეონტის ვერსიის სისწორეს, რაც იმდროინდელი ქართული პოლიტიკისთვის ერთობ საჭირო კავკასიის ხალხთა გამაერთიანებელი იდეის დისკრედიტაციას გამოიწვევდა. თარგამოსის სამკვიდროდ მიჩნეულ ტერიტორიაზეც (არარატის მთის მიდამოები) ძველთაგანვე სომხები სახლობდნენ, რაც მემკვიდრეობის წესებზე შუა საუკუნეებში არსებული წარმოდგენები სომეხთა წინაპარს, უპირობოდ, მამის პირმშოდ წარმოაჩენდა. ამიტომ, უნდოდა თუ არა ეს ლეონტი მროველს, სომეხთა ეთნარქი – ჰაოსი თარგამოსის პირველ შვილად და ძმათა შორის “უმეტეს გმირად” და მათზე “გამგებლად და უფლად” უნდა ეცნო.

თარგამოსის პირველ შვილად ჰაოსის ცნობამ და, ამდენად, იერარქიის სათავეში მისმა ჩაყენებამ ლეონტის თხზულებას ფორმალურად, თითქოს, “პროსომხური” მიმართულება მისცა, მაგრამ, სინამდვილეში, ის მ. ხორენაცისა და მისი თანამოღვაწე სომეხი ავტორების მიერ წარმოდგენილი სურათისგან არა მარტო განსხვავებული, არამედ არსებითად საწინააღმდეგო იყო. მ. ხორენაცი და V-X სს. სომხური საისტორიო მწერლობა კავკასიის ისტორიას მითიური ჰაიკიდან დაწყებული სომხური სამეფოების არსებობამდე, ანუ XI ს. ნახევრამდე, სომხეთის სრული პოლიტიკური ბატონობის ხანად სახავს, სადაც ქართველი ხელისუფლები სომხეთის მორჩილ მოხელეებად გამოიყურებიან. ისტორიის ასპარეზზე ჰაოსის ძმების შემოყვანით კი, ქართველები და კავკასიის სხვა ხალხები ჰაოსის საგმირო საქმეების თანამონაწილედ და გამარჯვებების თანაზიარად გამოჰყავს ლეონტის. ამასთან, სომეხთა ამ უპირატესობას მითიური ხანის ირეალური სამყაროს ფარგლებით ზღუდავს. ჰაოსის შემდეგ თხზულების დასაწყისში წარმოდგენილი იერარქია სადღაც ქრება, ლეონტი გამორჩეულად არავის ასახელებს და ყველას მათ საერთო სახელით თარგამოსიანებით აღნიშნავს, ჰაოსის შთამომავლები ცალკე არ სახელდებიან. იქმნება თანაბარუფლებიანობის სრული შთაბეჭდილება.

თარგამოსიანები კარგა ხანს ერთად არიან, ერთად მოქმედებენ, ერთად იცავენ თავს. ფაქტები: ხაზარები გაძლიერდნენ და კავკასიანები შეავიწროვეს. ამ უკანასკნელებმა დახმარება სთხოვეს დანარჩენ თარგამოსიანებს. რადგანაც იმ დროს, ლეონტის განმარტებით, ისინი “იყვნეს მშўდობით სიყუარულსა ერთმანეთისასა”, შეიკრიბნენ “ყოველნი ნათესავნი თარგამოსიანნი, და გარდავლეს მთა კავკასია და მოტყუენნეს ყოველნი საზღვარნი ხაზარეთისანი, და აღაშენნეს ქალაქნი პირსა ხაზარეთისასა, და წამოვიდეს”71. ჩვენი ავტორის წარმოდგენით, თარგამოსიანებს გააჩნდათ ერთი მთლიანი ქვეყანა, რომლის დაცვა ყველას საერთო საზრუნავია. ხაზარები კვლავ და უფრო მეტად გაძლიერდნენ, მათი სიმრავლის გამო თარგამოსიანებმა წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს და ხაზარებმა “წარტყუნეს ქუეყანა თარგამოსიანთა, და შემუსრნეს ყოველნი ქალაქნი არარატისანი და მასისისანი და ჩრდილოსანი.

და დაურჩეს ციხე-ქალაქნი თუხარისი, სამშუილდე და მტუერის ციხე, რომელ არს ხუნანი, შიდა ქართლი და ეგრისი”72. მოტანილ ტექსტ- ში თარგამოსიანთა ქვეყნის ორგვარი გაგებაა მოცემული. ვიწრო გაგებით ესაა თითოეული თარგამოსიანის კუთვნილი ცალკე სამკვიდრო, რომელიც თარგამოსმა თავის დროზე შემოუსაზღვრა თავის შვილებს. ფართო გაგებით კი ეს ამ ქვეყნების ერთობლიობაა და საერთოა ყველა თარგამოსიანისთვის. სწორედ ამ საერთო ქვეყნითა და მისი ერთიანი ძალებით წარსდგებიან ხოლმე ისინი გარე სამყაროს წინაშე. ნიშანდობლივია, რომ ახლა უკვე, მითოსური ხანისგან განსხვავებით, თარგამოსიანთა
შორის უფროს-უმცროსობაზე უბრალო მინიშნებასაც აღარ ვხვდებით, საერთო პერსონალური წინამძღოლი მათ აღარ ჰყავდათ.
მაგრამ, თარგამოსიანებიც ყველა ერთნაირი შესაძლებლობისა და უნარის, რა თქმა უნდა, არ იყო და ლეონტიც თარგამოსიანთა საერთო მასიდან ამ ნიშნით გამოარჩევს ქართველებსა და სომხებს “სომეხთა და ქართველთა და ყოველთა თარგამოსიანთა”73, რომლებზეც, მისი აზრით, დამოკიდებული იყო თარგამოსიანთა და მათი საერთო ბედიც. ამიტომაც, ყველა კრიტიკულ მომენტში ჩვენი ავტორი მათ ერთად ახსენებს, როგორც თარგამოსიანთა საერთო პოლიტიკის მთავარ განმსაზღვრელ ძალას. მაგალითად, თარგამოსიანებზე გაბატონებული სპარსთა მეფე თურქებთან იწყებს ბრძოლას. ლეონტის თქმით, “მაშინ პოვეს ჟამი მარჯუე სომეხთა და ქართველთა, და განუდგეს სპარსთა და განამაგრეს ციხენი და ქალაქნი მათნი. და შეერთნეს ყოველნი ნათესავნი თარგამოსიანნი” 74. რამდენიმე წლის შემდეგ სპარსთა მეფე დიდ ლაშქარს აგზავნის “სომეხთა და ქართველთა და ყოველნი თარგამოსიანთა ზედა”75.
იგივე სურათი იხატება სხვა ეპიზოდების გამოცემისასაც: “ვერ წინა- სომეხთა და ქართველთა”, “განთავისუფლდეს სომეხნი და ქართველნი” და ა. შ.76. ერთი სიტყვით, ლეონტისათვის კავკასიაში პოლიტიკური სიტუაციის განმსაზღვრელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი სომეხთა და ქართველთა კავშირია და ცდილობს შემდგომი ხანის (უკვე სახელმწიფოთა ურთიერთობის დონეზე) ისტორიის გადმოცემის დროსაც მკაფიოდ წარმოაჩინოს ქართველ და სომეხ ხელისუფალთა უმჭიდროესი კავშირი და თანამშრომლობა ისტორიის მთელ მანძილზე.

ქართველ მკვლევართა ერთმა ნაწილმა ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ ქართველებისა და სომხების ერთად მოხსენიებისას, სომეხთა ხსენება ყოველთვის წინ უსწრებს ქართველების ხსენებას, რაც ლეონტი მროველის სუბიექტური განწყობილების გამოვლენად მიიჩნია.
მართალია, “სომეხნი და ქართველნი” – ასეთი თანამიმდევრობით, ვიდრე პირუკუ, ქართველთა და სომეხთა ხსენება შედარებით უფრო ხშირია (12 ჯერ 4-ის წინააღმდეგ), მაგრამ ის მაინც მყარ საფუძველს ვერ იძლევა ხსენებული დასკვნისათვის. ჯერ ერთი, არ ჩანს, რომ ლეონტის ტექსტში ეთნოსების დასახელება იერარქიული პრინციპის თანამიმდევრობით ხდებოდეს, რამდენადაც ერთად მოხსენიებისას ოსები ორ შემთხვევაში ქართველებს წინ უსწრებენ, თუმცა მათ უპირატესობაზე არანაირი მინიშნება არ არის და არც შეიძლებოდა ყოფილიყო, ასევეა გამოთქმა “თურქნი და ქართველნი”77. იერარქიულ პრინციპს რომ უდებდეს საფუძვლად ეთნოსთა დასახელებას ლეონტი აღარ იტყოდა ლაშქარზე “ბერძენთა, სომეხთა, ოვსთა, მეგრთა და ქართველთაო78. ანდა “ოვსთა, ლეკთა და ქართველთა”79. ყველას რომ თავი დავანებოთ, ჩამოთვლაში მეგრთა წინ მაინც უნდა დაეყენებინა ქართველნი, რადგანაც მისივე, მტკიცებით, ქუჯი ფარნავაზს თავის უფლად ცნობდა.
აშკარაა, რომ ჰაოსის მითიური ეპოქის გადმოცემის შემდეგ, ეთნოსთა ჩამოთვლას ლეონტი იერარქიული სქემის მიხედვით აღარ უნდა აწარმოებდეს. საფიქრებელია, ლეონტი კავკასიის ხალხთა წარმომავლობის თავისი ვერსიის ლოგიკიდან გამოდიოდეს, როცა სომხებისა და ქართველებისერთად მოხსენიებისას ჰაოსის შთამომავლები წინ უსწრებენ ქართველებს. ჰაოსმა მამის სამკვიდრებლის ნახევარი მიიღო, მეორე ნახევარი კი მისმა ძმებმა გაინაწილეს, რის გამოც ქართლოსის შთამომავლების ქვეყანა თავისი მოცულობით ჰაოსის შთამომავლების ქვეყანასთან შედარებით უფრო მცირე უნდა ყოფილიყო. რეალურადაც, ისტორიის საკმაო პერიოდში, სომხეთი ქართლზე გაცილებით ვრცელ ქვეყანას წარმოადგენდა. ეს ვითარება, ჩანს, აიძულებდა ლეონტის სომხები ქართველებზე წინ მოეხსენებინა, როგორც უფრო დიდი ქვეყნის წარმომადგენლები.
ასეთი ვარაუდის შემთხვევაში, დასმული საკითხისადმი ლეონტის სუბიექტური დამოკიდებულების შესაძლებლობა, ვფიქრობ, გამოსარიცხია.
თხზულების დასაწყისში მოცემული ჰაოსის უფროსობით შექმნილი შთაბეჭდილება, რომელიც ძირითადად მითიური პერიოდით იფარგლება, ამ ეთნარქის შემდეგ თანდათან ფერმკრთალდება და ქართლში სახელმწიფოს წარმოქმნისთანავე მთლიანად ქრება. ლეონტის მიერ მოთხრობილი ქართლისა და სომხეთის სამეფოების პოლიტიკური ურთიერთობის უძველესი ისტორია არსებითად განსხვავდება და, ფაქტობრივად, უპირისპირდება კიდეც ძველი სომხური საისტორიო მწერლობის დიდმპყრობელურ იდეოლოგიას, რომლის სანაცვლოდ ქართველი მემატიანე თანამშრომლობის და ნათესაობის იდეას ამკვიდრებს. უმთავრესად, ამ თვალსაზრისით ალაგებს და აშუქებს ის ძველი ისტორიის, თვით სომხურ წყაროებში დაცულ ფაქტებსაც კი.
საქართველოში სახელმწიფოს წარმოქმნისა და განვითარების პროცესს ლეონტი კავკასიაში ალექსანდრე მაკედონელის შესაძლო ლაშქრობასა და მის მიერ გატარებულ ღონისძიებებს უკავშირებს. მისი თქმით, დაიპყრო რა ალ. მაკედონელმა “ყოველნი კიდენი ქვეყნისანი” სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, სიცოცხლეშივე ოთხ თანატომელს გაუნაწილა თავისი უზარმაზარი სამფლობელო. მათ შორის “მისცა ანტიოქოზს ასურასტანი და სომხითი, და კერძო აღმოსავლეთისა უჩინა მას”80. ხოლო “ბიზანტიოსს მისცა საბერძნეთი და ქართლი, და უჩინა კერძო ჩრდილოსა” 81. ასე რომ, ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობითი ომების შედეგად საქართველო და სომხეთი, ლეონტის თანახმად, სხვადასხვა პოლიტიკურ სივრცეში აღმოჩნდნენ, რაც, თითქოს, ქმნიდა მათ შორის დაპირისპირების საბაბს, მაგრამ სიტუაცია მალე იცვლება და ქართველები და სომხები კვლავ ერთ პოლიტიკურ გარემოში, კერძოდ, სელევკიდების სამეფოს გავლენის სფეროში აღმოჩნდებიან და მათ თანამ შრომლობას ძველებურად ხელი ეწყობა. ალექსანდრეს მიერ ქართლის პატრიკად დანიშნულმა აზონმა უკიდურესად დაამძიმა მისი ბატონობის უღელი, რასაც წინ აღუდგა ქართლის მოსახლეობა მცხეთის მამასახლისის ძმისშვილის ფარნავაზის მეთაურობით. კაცთმოძულე აზონი ქართლიდან განდევნეს. ფარნავაზი დაეუფლა ქართლს “თვინიერ კლარჯეთისა”.

გამარჯვების ბოლომდე მისაყვანად კი, რადგანაც აზონს ბერძნები უმაგრებდნენ ზურგს, ასურასტანის მეფეს ანტიოქოსს ძღვენით მიმართა დახმარებისათვის და აღუთქვა მას მსახურება. ანტიოქოსმა “შეიწყნარა ძღუენი მისი, და უწოდა შვილად თვისად, და წარმოსცა გვირგვინი. და უბრძანა ერისთავთა სომხეთისათა, რათა შეეწეოდიან ფარნავაზს” 82. ამ ბრძანების შესაბამისად “მოერთნეს ერისთავნი ანტიოქოზისნი სომხითით”83 და ფარნავაზის საკუთარ ლაშქართან ერთად, რომელიც ქართლის მხედართა გარდა ეგრისისა და ოსთა მეომრებისაგან შედგებოდა, შეუტიეს და სძლიეს ბერძნებს, აზონი კი მოკლეს.

ამის შემდეგ, განაგრძობს ქართველი მემატიანე, “ფარნავაზ უშიშ იქმნა ყოველთა მტერთა თўსთაგან და მეფე იქმნა ყოველსა ქართლსა და ეგურსა ზედა. და განამრავლნა ყოველნი მხედარნი ქართლოსიანნი, განაწესნა ერისთავნი რვანი და სპასპეტი”84 . შემდეგ ჩამოთვლის სათითაოდ ყველა საერისთავოს თავისი ადმინისტრაციული საზღვრების ჩვენებით და შენიშნავს, რომ “ესრეთ განაწესა ესე ყოველი ფარნავაზ მიმსგავსებულად სამეფოსა სპარსთასა”85. ლეონტის გადმოცემით, “ოცდაშვიდი წლისა მეფე იქმნა, და სამოცდახუთ წელ მეფობდა ნებიერ. და მსახურებდა იგი ანტიოქოსს, მეფესა ასურასტანისასა… და აღაშენა და განავსო ქართლი… და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი”86.
ქართლში სახელმწიფოს წარმოქმნისთანავე ე. წ. თარგამოსიანებთან, განსაკუთრებით კი სომხებთან, ქართველთა ურთიერთობაში ახალი ეტაპი შეინიშნება. ამ ურთიერთობაში თანდათანობით თავს იჩენს ქართველთა უპირატესობა და ინიციატივა. როგორც ვნახეთ, ჰაოსის შემდეგ, ლეონტის მიხედვით, თარგამოსიანთა შორის ინიციატორი და წინამძღოლი არავინ ჩანს. ისინი ერთად იღებენ გადაწყვეტილებას და ერთად მოქმედებენ: “შეკრბეს ყოველნი ნათესავნი თარგამოსიანნი”, “შეერთნეს ყოველნი ნათესავნი თარგამოსიანნი” და ა. შ. თარგამოსიანებიდან ინიციატივის მქონედ ლეონტი, ზოგჯერ ასახელებს სომხებსა და ქართველებს ერთად, მაგრამ ამათგან რომელიმესთვის შთამომავლობითი უპირატესობის მინიჭებას სულაც არ ცდილობს, თუ არ ჩავთვლით სომეხთა და ქართველთა ერთად ხსენებისას მოყვანილ თანამიმდევრობას, რის შესახებაც უკვე ითქვა, საყურადღებო უფრო სხვა მომენტია.

ქართლში მირვანის გამეფებამდე ლეონტი სომეხთა მეფესა თუ მისი ადმინისტრაციის ძირითად წარმომადგენელ ერისთავს ნიშანდობლივად არსად ახსენებს, რომლებიც სომხურ სახელმწიფოებრიობას განასახიერებდნენ.
ჩანს, ქართლში მირვანის გამეფებამდე ლეონტი არც ვარაუდობდა სომხეთში სამეფოს არსებობას. ასურასტანის მეფესთან ფარნავაზის ურთიერთობის ჭრილში ნახსენებ “სომხეთის ერისთავებს” რომ სომხური ადმინისტრაციის წარმომადგენლებად არ მიიჩნევს, ამას ლეონტი სავსებით გასაგებად გამოთქვამს, როცა წერს: “მოერთნეს ერისთავნი ანტიოქოზისნი სომხითით”, ე. ი. ეს ერისთავები ანტიოქიის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ყოფილან სომხეთში და ამიტომაც უბრძანებს მათ ასურასტანის მეფე ფარნავაზისთვის დახმარების აღმოჩენას.

ფარნავაზამდე ქართლში, ლეონტის თანახმად, მამასახლისთა მმართველობის სისტემა იყო გაბატონებული. ასეთსავე ვითარების არსებობას, ეტყობა, გულისხმობს თანადროულ სომხეთშიც, რამდენადაც იქ მეფის ან მის ადმინისტრაციაზე არავითარ მინიშნებას არ იძლევა.
ფარნავაზის მეთაურობით და ანტიოქოსის დახმარებით ქართლი თავისუფლდება ბერძენთა დამოკიდებულებისაგან და საკუთარ სახელმწიფოებრიობას ქმნის, რომელიც ორგანიზაციულად სპარსთა სამეფოს მსგავსად ეწყობა. ეს სახელმწიფო წყობილება, ფაქტობრივად, ისეთივეა, რასაც მ. ხორენაცი ხატავს სომხეთისათვის, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ის დროში წინ უსწრებს სომხურს და ამით შესაძლო სომხურ გავლენას ემიჯნება. ჰაოსის უფროსობიდან მომდინარე შთამომავლობით მიღებული პრივილეგიები აქ უკვე საბოლოოდ კარგავს ძალასა და მნიშვნელობას.
მართალია, ფარნავაზი და მისი მემკვიდრეები ასურასტანის მეფეს მსახურობდნენ, ე. ი. ვასალურ დამოკიდებულებაში იმყოფებიან, მაგრამ ლეონტის თანახმად, ეს “მსახურება” იმდენად მსუბუქი და ფორმალურია, რომ მათ შორის ურთიერთობა უფრო სამოკავშირეო და მე გობრულია საგულვებელი87. ასე რომ, ფარნავაზის სამეფო დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო იყო და მას უკვე საერთაშორისო აღიარებაც ჰქონდა მოპოვებული, რამდენადაც ფარნავაზს თვით ასურასტანის მეფე ანტიოქოსმა გამოუგზავნა სამეფო გვირგვინი.
გასაგებია, რომ ასეთი ხელისუფლების წინაშე სომხეთის მამასახლისის (როგორადაც ლეონტის უნდა წარმოედგინა იმ დროის სომეხთა ხელისუფალი) შესაძლო შთამომავლობითი პრივილეგიები არაფერს ნიშნავდა, რადგანაც ეს უკანასკნელი მეფესთან შედარებით ბევრად უფრო დაბალი რანგის ხელისუფალი იყო.

ქართლის მესამე მეფე მირიან I-ის მეფობის დასასრულისათვის, ლეონტის ცნობით, “ამის-ზე მიიცუალა ანტიოქისა მეფობა ბაბილონს.

და მას ჟამსა შინა მეფე იქმნა სომხითს რომელსა ერქუა არშაკ (აშკარაა, გულისხმობს ძვ. წ. 190 წ. მაგნეზიასთან ანტიოქოს III-ის სასტიკ მარცხს რომაელებისაგან, რის შემდეგ ძვ. წ. 189 წ. არტაშესმა თავი სომხეთის მეფედ გამოაცხადა), ეზრახა მირვან არშაკს, და მისცა ასული თვისი ძესა არშაკისსა, არშაკს”88. გ. მელიქიშვილის შენიშვნით, ქართული წყარო სავსებით სამართლიანად უკავშირებს სომხეთის სამეფოს წარმოქმნას ანტიოქოსის მეფობის დასასრულს89. სომხეთში სამეფოს წარმოქმნისთანავე, ლეონტის მოწმობით, მეზობელი ქვეყნების სამეფო სახლები მოყვრდებიან, რაც უშუალოდ გამომდინარეობს ქართველი მემატიანის კონცეფციის ძირითადი შინაარსიდან, კავკასიის ხალხთა და განსაკუთრებით ქართველი და სომეხი ხალხების ნათესაობისა და თანამშრომლობის იდეიდან. ეს იდეა ლეონტის ნაშრომს თავიდან ბოლომდე გასდევს და წარმოდგენილი თითქმის ყველა სიუჟეტი მის გაშუქებას ემსახურება.

მ. ხორენაცისგან განსხვავებით, თხრობა დიდი ტაქტითა და ორივე მხარის ღირსების დაცვით მიჰყავს. როდესაც სომხეთში მეფე გაჩნდა და ამის გამო ქართველი და სომეხი უმაღლესი ხელისუფლები რანგით გათანაბრდნენ, შთამომავლობით მიღებული პრივილეგიების მნიშვნელობა მკითხველის თვალში კვლავ სომეხთა სასარგებლოდ უნდა წარმართულიყო.

ეტყობა, ამიტომაც, ვიდრე სომხეთში მეფობის გაჩენის ამბავს გადმოგვცემდეს, წინასწარ გვაუწყებს მესამე ქართველი მეფის მირვანის ნებროთიანობას (რადგანაც ქართველთა მეორე მეფე საურმაგს ვაჟი არ ჰყავდა, თავის მემკვიდრედ და შვილად მოუყვანია თავისი ცოლის ნათესავთაგანი “სპარსეთით შვილი ნებროთისი”, რომელსაც ერქვა სახელი მირვან)90. ახლა უკვე შთამომავლობით განსაზღვრული უპირატესობა, როგორც ქვეყნიერების პირველი მეფის ნებროთის შთამომავლისა, ქართველთა მხარეს იყო და ჰაოსის შთამომავლების პრეტენზიებს საფუძველი გამოცლილი ჰქონდა. ქართველი მეფის ეს უპირატესობა თუმცა აშკარად ხაზგასმულად არ არის გაცხადებული, მაგრამ მისი და შთამომავლების ნებროთიანობა თავისთავად გულისხმობდა მათ გამორჩეულობას. ასეთი სიუჟეტის შემოტანით ლეონტი ოსტატურად ხსნის მეზობელ ხელისუფალთა ურთიერთობაში იერარქიული დამოკიდებულების შესაძლებლობას და, ფაქტობრივად, უკუაგდებს მ. ხორენაცის ქედმაღლურ დამოკიდებულებას საქართველოსა და ქართველ ხელისუფალთა მიმართ. ამის შემდეგ ლეონტი მროველი თავისი თხზულების თითქმის ბოლომდე, ძირითადად, ქართველსომეხთა თანამშრომლობისა და დანათესავების ფაქტებს გადმოგვცემს, რითაც მკითხველის ყურადღებას კავკასიის ხალხების ერთიანობის სასარგებლოდ წარმართავს.

დანათესავება, ლეონტის თანახმად, პირველ რიგში, მეზობელი ქვეყნების სამეფო სახლებს შორის მყარდება, რის შედეგადაც ფარნავაზიანთა ქართული დინასტია პართული წარმოშობის არშაკიანთა სომხურ დინასტიას უკავშირდება. ასეთი დაკავშირების ლეონტის ცდები კარგად აქვს შენიშნული პ. ინგოროყვას. მისი დაკვირვებით, “მოქცევაჲ ქართლისაჲ”- ის ქართველ მეფეთა სიაში მოხსენიებული არსოკ და არსუკ ლეონტი მროველთან შეცვლილია სახელით “არშაკ”. პ. ინგოროყვას აზრით, ვარიანტი “არშაკ” არის მწიგნობრული ინტერპრეტაცია სახელისა არსოკ (არსუკ), იმ მოსაზრებით, რათა ეს პირნი დაეკავშირებინათ არშაკიდების დინასტიასთან, თუმცა ასეთი დაკავშირების საფუძველს ვერ ხედავს91. სახელი “არშაკ”, ლეონტის წარმოდგენით, ძველი სომხეთის ძლიერების ხანის სამეფო დინასტიას განასახიერებს92 და მას, ე. ი. არშაკუნიანთა დინასტიას ერთგან განმადიდებელი ეპითეტითაც “დიდებულთა არშაკუნიანთა” მოიხსენიებს93. ამის გამო ზოგი მკვლევარი ლეონტის მიკერძოებაში ადანაშაულებს, თითქოს, ასეთი დამოკიდებულება არშაკუნიანებისადმი მისი სუბიექტური განწყობილების გამოხატულება ყოფილიყოს. საგულისხმოა, რომ სუმბატ დავითის ძე კიდევ უფრო მაღალ ხარისხში წარმოგვიდგენს არშაკუნიანთა დინასტიას. ბაგრატ IVის დედის მარიამ დედოფლის კეთილშობილებისა და განსაკუთრებული ღირსების წარმოსაჩენად ბაგრატიონთა დინასტიის მემატიანე წერს, რომ მარიამი “ნაშობი იყო ბრწყინვალეთა მათ ძლიერთა და დიდთა მეფეთა არშაკუნიანთა”94. მიუხედავად იმისა, რომ მარიამ დედოფალი მამით ვასპურაკანის სამეფო დინასტიის არწუნების, ხოლო დედის მხრიდან ბაგრატუნების წარმომადგენელი იყო, ქართველი მემატიანე ამით არ კმაყოფილდება და დედოფლის განსადიდებლად მისი აზრით, უფრო საპატიო არშაკუნიანობას მიაწერს. აშკარაა, რომ შუა საუკუნეების საქართველოში არშაკუნიანთა დინასტიაზე მაღალი წარმოდგენა ჰქონდათ და მათთან კავშირი საპატიოდ მიაჩნდათ. საგულისხმოა, რომ სომეხ არშაკუნიანებს ბასილ I-ის წინაპრად ასახელებს ბიზანტიური ისტორიოგრაფიაც 95. ასე რომ, ლეონტის თხრობაში ფარნავაზიანებისა და არშაკუნიანების ცალკეული წარმომადგენლების დამოყვრება და ამის საფუძველზე შემდეგ ქართლის სამეფო ტახტზე არშაკუნიანი უფლისწულის აღმოჩენა არაფერს საჩოთიროს მაშინ არ შეიცავდა. საყურადღებო სულ სხვაა. მსგავსი ფაქტები მ. ხორენაცისთვის უცნობია. ძნელი წარმოსადგენია რომელიმე პერიოდში ფარნავაზიანთა ტახტზე სომეხი არშაკუნიანები მსხდარიყვნენ და ამის შესახებ მ. ხორენაცს არაფერი ეთქვა.

ეს ხომ სომეხი მემატიანის კონცეფციის სრულიად საწინააღმდეგო მოქმედება იქნებოდა? ისღა დაგვრჩენია ქართლის ტახტზე არშაკუნიანი მეფეების არსებობა, ძირითადად, ლეონტის ინიციატივას მივაწეროთ. ეს, სხვათა შორის, ლეონტის თხრობაშიც იგრძნობა, რამდენადაც ამა თუ იმ არშაკუნიანი უფლისწულის ქართლის ტახტზე მოხვედრა და მათი წარმომავლობის ისტორია ხელოვნური შენათხზობის დაღს ატარებს. ქრისტიანობამდელი ხანის ქართლის 23 მეფიდან 17 არშაკუნიანი გამოჰყავს, თუმცა მათი უმრავლესობის არშაკუნიანობა დამაჯერებლობას სავსებით მოკლებულია. ლეონტის თანახმად, პირველი არშაკუნიანი ქართლის მეფე სომეხი მეფის ვაჟი არშაკი ყოფილა (ლეონტი არ ასახელებს ამ სომეხი მეფის სახელს, მაგრამ თუ მის მინიშნებებს გავითვალისწინებთ სელევკიანთა სამეფოს დაცემის შესახებ, მაშინ ის არტაშეს I-ს უნდა გულისხმობდეს), რომელიც ქართლის ერისთავებს მოუწვევიათ ფარნაჯომის ნაცვლად, რადგანაც ამ უკანასკნელს ქართველთა რჯულისთვის
უღალატია და სპარსულის დანერგვას შესდგომია. არშაკის შემდეგ ქართლის მეფე, ლეონტის თანახმად, ხდება მისი ვაჟი არტაგი, მის შემდეგ კი ამ უკანასკნელის ვაჟი ბარტომი. ე. ი. ქართლის ტახტი შთამომავლობით გადაეცემოდა მამიდან შვილზე არშაკუნიან მეფეებს.

ფაქტობრივად, აქ წყდება არშაკუნიანთა ზეობა ქართლის ტახტზე, რის შემდეგ ქართლის ტახტს სპარსელთა დახმარებით იკავებს ფარნაჯომის ვაჟი მირვან ნებროთიანი. ამ უკანასკნელის ვაჟს ტახტს ეცილება ადერკის ძე ქართამი, ასულის წული ბარტომ მეფისა, რომელიც თავის მხრივ ეგრისელი ქუჯის ძისწულია. ადერკის მხოლოდ დედა ჰყავდა არშაკუნიანი და, მიუხედავად ამისა, გამეფების შემდეგ ლეონტი მას არშაკუნიანად ნათლავს როგორც ბარტომის ძეს, თუმცა, სინამდვილეში, ბარტომს ძე არ ჰყოლია და ამიტომ ქუჯის შთამომავალი ქართამი იშვილა, რომლის შვილიც იყო ადერკი. ასე რომ, ადერკი ბარტომის შვილობილის შვილია და წარმომავლობით არშაკუნიანი ვერ იქნებოდა. წინააღმდეგობა ლეონტის თხრობაში სრულიად აშკარაა. გაუგებრობას იწვევს ისიც, რომ ადერკის ყველა მომდევნო მეფე ქრისტიან მირიანამდე, მისი პირდაპირი შთამომავალია და ისინიც არშაკუნიანთა რიგში არიან ჩათვლილი. ამას გარდა, ნებროთიანი ქართველი მეფეებიც სომხეთის არშაკუნიანებთან დანათესავებას ცდილობენ: აძლევენ მათ თავიანთ ქალებს ცოლად ან თვითონ ირთავენ ცოლად არშაკუნიანთა ქალებს 96. ერთი სიტყვით, ქართული სამეფო დინასტიის კავშირი სომხეთის არშაკუნიანებთან უძველესი ისტორიის თითქმის არც ერთ ეტაპზე არ წყდება. ლეონტის დაჟინებული ცდები ქრისტიანობამდელი ხანის ქართველი მეფეების უმეტესი ნაწილის გაარშაკიანებისა სრულიად აშკარაა. ასეთ მცდელობას, რა თქმა უნდა, რაღაცა მოტივი უნდა გააჩნდეს და რამდენიმე მნიშვნელოვანი ამოცანის გადაწყვეტას უნდა ემსახურებოდეს. როდესაც ბიზანტიური ისტორიოგრაფია ახალი (მაკედონელთა) დინასტიის დამაარსებელს, უბრალო წარმომავლობის ადრიანოპოლელ ბასილ I-ს (867-886) შორეულ წინაპრებს სომეხ არშაკუნიანთა შორის უძებნიდა და თრდატ I-ის შთამომავლად სახავდა, ცხადია, ამით ბიზანტია თავის პრეტენზიებს აცხადებდა წარმოქმნის პროცესში მყოფ ბაგრატუნთა სომხეთზე97. ლეონტი მროველის დროისთვისაც სომხეთის მემკვიდრეობის დაუფლების ამოცანა სავსებით რეალურად იდგა ბიზანტიისა და საქართველოს წინაშე, რომლის რეალიზაცია საფუძვლიან სამართლებრივ დასაბუთებასაც ითხოვდა. ქართველ და სომეხ ბაგრატიონთა საერთო წარმომავლობის გვერდით, ძველ ქართულ და სომხურ დინასტიათა ნათესაობის წარმოჩენას, ერთი მხრივ, ხელი უნდა შეეწყო პოლიტიკური აზრის ქართველთა პრეტენზიების სასარგებლოდ წარმართვისათვის და, მეორე მხრივ, სომხური საზოგადოება ქართული სახელმწიფოსადმი ნდობით განეწყო. თუ არა ასეთი მიზანი, უმოტივო და გაუგებარი იქნებოდა სომეხი არშაკუნიანებისა და ფარნავაზიანების დაკავშირების ლეონტი მროველის დაჟინებული ცდები.

ლეონტი მროველი, ჩანს, ითვალისწინებდა, რომ ფარნავაზიანთა გაარშაკუნიანების მისი დიპლომატიური ხერხი, შესაძლოა გამაღიზიანებელი ყოფილიყო ქართული საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის, რომელთა განვითარებული ღირსების გრძნობა ძნელად უნდა შეგუებოდა ძველი ქართული სამეფო დინასტიის თუნდაც ნაწილის სომხურ წარმომავლობას, რის გამოც, ეტყობა, თავის ამ ლეგენდარულ გადმოცემას საგულისხმო განმარტებებს ურთავს. არშაკუნიანი უფლისწულების გამოჩენა ქართლის სამეფო ტახტზე, ლეონტის თანახმად, არაა დაკავშირებული მეზობლებს შორის ომებთან ან სომეხთა მხრიდან ძალადობის რაიმე გამოვლენასთან. ქართლის ტახტზე მათ ქართველი ერისთავები იწვევენ. ქართლის ტახტზე ასვლის უმთავრესი და გადამწყვეტი პირობა ქართლის “მკўდრთა და ერისთავთა” თანხმობის გარდა, არის პრეტენდენტის ფარნავაზიანობა. ლეონტი საგანგებოდ შენიშნავს:
“ქართველთა დიდი სათნოობა აქუნდა ფარნავაზიანთა მიმართ; და არა უნდა სხўსა ნათესავისა მეფობა, რომელსამცა არა შესდგმიდა ფარნავაზიანობა” 98. ამ პრინციპის შესაბამისად, ლეონტის მიერ დასახელებული ქართლის ტახტის პრეტედენტები, საიდანაც არ უნდა მოეწვიათ ისინი ერისთავებს – სპარსეთიდან, სომხეთიდან, თუ თვით საქართველოს მხარეებიდან, ნათესაობის რომელიმე ხაზით (მამის ან დედის) ყოველთვის ფარნავაზიანები არიან. ამიტომ ქართლის არშაკუნიანი მეფეებიც წარმოშობით ნახევრად მაინც ქართველები არიან, ხოლო თავიანთი მოღვაწეობითა და საქმიანობით სრული ქართველები, ქართული პოლიტიკური ინტერესების, სარწმუნოებისა და კულტურის ერთგული დამცველები. მაგალითად, ლეონტის მიხედვით, ქართლის ერისთავები სომეხი მეფის ძე არშაკს იმიტომ იწვევენ, რომ განდევნონ სპარსული სჯულის შემომღებელი ფარნაჯომი და დაიცვან მამაპაპური სარწმუნოება 99. ასევე სხვა არშაკუნიანებიც ზრუნავენ ქართლის ძლიერებისათვის “დაჯდა მეფედ არშაკ… და მეფობდა იგი ნებიერად, და უმატა ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა. და უმეტეს მოამტკიცნა ზღუდენი ჯავახეთს, ქალაქსა წუნდას”100, ე. ი. სომხეთთან საზღვრისპირა მხარეები.
ბარტომ არშაკუნიანმა კი “უმატა ზღუდეთა მცხეთისათა და ყოველთა სიმაგრეთა ქართლისათა”101. ადერკი არშაკუნიანი “დაჯდა მცხეთას და მეფობდა კეთილად”102. ლეონტის გადმოცემით, ქართლის არშაკუნიანი მეფეები წლების მანძილზე თავდაუზოგავად ებრძვიან ერვანდიან სომეხ მეფეებს ქართლის სამხრეთის საზღვრების დასაცავად და, საბოლოოდ აღწევენ კიდეც მიზანს. ქართველი მემატიანის თქმით, “სიმЈნითა მათითა უკუმოიხუნეს საზღვარნი ქართლისანი”103. ასე რომ, ლეონტის მიხედვით, ქართლის არშაკუნიან მეფეებს მხოლოდ სახელი უჩანთ არაქართული, თორემ თავიანთი არსით თავანკარა ქართველები არიან.

თავისი ისტორიული კონცეფციიდან გამომდინარე, ლეონტი მროველი საკმაოდ დიდ ადგილს უთმობს თხზულებაში ქართველ-სომეხთა სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის ფაქტების აღწერას, რომელთა მიზანი როგორც საშინაო, ისე საგარეო-პოლიტიკური ამოცანების გადაწყვეტა იყო. სწორედ ამ კონტექსტშია წარმოდგენილი არშაკუნიანი უფლისწულების აღზევება ფარნავაზიანთა ქართლის ტახტზე. ქართლის მეოთხე მეფე ფარნაჯომი რელიგიური რეფორმის გატარებას შეუდგა, რამაც ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია. ფარნაჯომს ზურგს ძლიერი სპარსეთი უმაგრებდა, ამიტომ მეფით უკმაყოფილო ქართლის ერისთავებმა დახმარებისათვის სომხეთის მეფეს მიმართეს და ქართლის ტახტი მის შვილს შესთავაზეს, რომელსაც ცოლად “ფარნავაზიანთა ნათესავი” ჰყავდა. იმ დროს ქართული საზოგადოების შეხედულებით უცხო ძალის გამოყენება შინაპოლიტიკურ ბრძოლაში ჩვეულებრივი და მისაღები იყო, თუკი მიზანი ამართლებდა ასეთ მოქმედებას104. სიმართლე კი ერისთავების მხარეს იყო, რომლებიც მამათა სჯულს იცავდნენ და სპარსული წესების დანერგვას ეწინააღმდეგებოდნენ. ქართველ-სომეხთა სამხედრო კავშირმა მოწინააღმდეგეზე გაიმარჯვა, დაიცვა ეროვნული სარწმუნოება. ამიტომ სომეხი უფლისწულის გამეფება და სომეხთა ძალის გამოყენება შუა საუკუნეებში მიღებული თვალსაზრისით სავსებით გამართლებული იყო. ამის შემდეგ, ლეონტის გადმოცემით, ქართლის ტახტის გარშემო იწყება გააფთრებული ბრძოლა პრეტენდენტებს შორის, რომლებიც აქტიურად იყენებენ უცხო ძალას, ხან სპარსელებისა და ხან სომხების სახით. მკვლევრები ყურადღებას აქცევენ იმ ფაქტს, რომ ქართლის ტახტზე სომხეთის სამეფო სახლის წარმომადგენელთა ყოფნისას ეს ბრძოლები უფრო ხშირად ქართველ-სომეხთა გაერთიანებული ლაშქრის გამარჯვებით მთავრდება, რასაც სომეხთა უპირატესობად აღიქვამენ და ლეონტის სუბიექტური განწყობით, ანდა სომხური ტრადიციის გავლენით ხსნიან105. ლეონტი მროველის ისტორიული კონცეფცია ამგვარი ახსნის საბაბს, ვფიქრობ, მაინცდამაინც არ უნდა იძლეოდეს. გ. მელიქიშვილი, რომლის აზრით, ლეონტის თხზულებას “არმენოფილური დაღი აზის”, შენიშნავს, რომ ტექსტი დაწერილია კეთილგანწყობით როგორც სომეხთა, ისე ქართველთა მიმართ106 და ეს სავსებით გასაგებია. ლეონტის კონცეფციის მიზანი კავკასიის ხალხთა, განსაკუთრებით კი ქართველთა და სომეხთა, თანამშრომლობისა და ერთიანობის პროპაგანდაა. ამიტომაც სომეხ-ქართველთა გაერთიანებულ ძალებს უფრო ხშირად ამარჯვებინებს, რათა ამ კავშირის უპირატესობა და მნიშვნელობა ცხადყოს ქართველთა ნებისმიერი სხვა შესაძლებელი ალიანსის წინაშე. აქედან გამომდინარე, ისეთი ფაქტების გადმოცემისას, სადაც სომეხთა როლი შედარებით გამოკვეთილად მოჩანს, ჩვენი ავტორი ცდილობს შექმნილი შთაბეჭდილების შემამსუბუქებელ გარემოებებით გაწონასწორებას. მაგალითად, ქართლის ტახტზე არშაკუნიანი მეფეების აღზევების კანონზომიერება გამართლებულია მათი ფარნავაზიანობით დედის ან მამის ხაზით, ხოლო ქართველებსა და სომხებს შორის წარმოქმნილი საომარი მოქმედებების აღწერისას ორივე მხარეს რიგ-რიგობით, დაახლოებით, თანაბარ წარმატებას მიაწერს, რითაც დაპირისპირებული მხარეები საბოლოოდ დაზავებამდე და “სტატუს ქვოს” აღდგენამდე მიჰყავს. ამ ეპიზოდების ლეონტისეული მოთხრობა იმითაცაა საყურადღებო, რომ ფაქტებისადმი დამოკიდებულების თვალსაზრისით, ის მკვეთრად უპირისპირდება მ. ხორენაცის ანალოგიურ მოთხრობას და მთლიანად უარყოფს ძველი დროიდანვე კავკასიაში სომეხთა უცილობელი პოლიტიკური ბატონობის ხორენაცისეულ კონცეფციას. ქართლზე სომხეთის პოლიტიკური უპირატესობის დროის მონაკვეთს ლეონტი კონკრეტული ქრონოლოგიური ჩარჩოებით საზღვრავს, ქართლში ორმეფობის დასაწყის პერიოდს ამთხვევს და ქართველ-სომეხთა ურთიერთობის ისტორიაში მას მოკლე და შედარებით უმნიშვნელო ეპიზოდად მიიჩნევს. იგი წერს: “ადერკისითგან ვიდრე ამათ მეფობამდე (ე. ი. ადერკის შვილიშვილების, ფარსმან და კაოსის მეფობამდე) იყვნეს მორჩილებასა შინა სომეხთა მეფისასა. და უმეტეს არმაზელნი მეფენი შეეწეოდეს სომეხთა ყოველთა მტერთა მათთა ზედა. მაშინ მეფე იქმნა სომხითს დიდი იგი მეფე იარვანდ. და დაივიწყა მან კეთილი ქართველთა, ემძლავრა ფარსმანს არმაზელსა, და მოუღო საზღვარსა ქართლისასა ქალაქი წუნდა და არტანი მტკურამდე”107. მოყვანილი ტექსტიდან გამომდინარე, ქართლის სომხეთისადმი დაქვემდებარების პერიოდს ლეონტი, თითქოს, ქართლის მეფეთა ორი თაობის მმართველობის დროით საზღვრავს (ადერკისითგან ფარსმან და კაოსის მეფობამდე), მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ლეონტის ცნობებს ადერკის შვილების, ბარტამისა და ქართამის მეფობის მშვიდობიანი და უშფოთველი ხასიათის შესახებ “და მეფობდა ესე ბარტომ და ქართამ მშўდობით და სიყუარულსა ზედა ერთმანეთისასა”108, ჩანს რომ სომეხთადმი მორჩილების ხსენებული პერიოდი ქართლის მეფეთა მეორე წყვილის, ფარსმან და კაოსის მმართველობის ხანაზე, ადერკის შვილიშვილებზე მოდის, ამასთან სომეხთა მორჩილი მთლიანად ქართლი კი არა, არამედ მტკვრის მარჯვენა მხარე, ფარსმანის სამმართველო ნაწილი ყოფილა: “უმეტეს არმაზელნი მეფენი შეეწეოდნენ სომეხთა ყოველთა მტერთა მათთა ზედა”-ო. თავისთავად თარგამოსიანთა ურთიერთშეწევნა საერთო მტრის წინააღმდეგ უჩვეულოს არაფერს შეიცავდა, მაგრამ ამჯერად ეს “შეწევნა” ცალმხრივი და ამასთან იძულებითიც იყო, რადგანაც “მეფე იარვანდ… ემძლავრა ფარსმან არმაზელსა, და მოუღო საზღვარსა ქართლისასა ქალაქი წუნდა და არტანი მტკვრამდე”. ასეთი დამოკიდებულება ქართველებსა და სომხებს შორის კი ლეონტის კონცეფციისათვის მიუღებელი იყო, რის გამოც სომეხთა მეფის საქციელს საძრახისად მიიჩნევს და საქართველო-სომხეთის ტრადიციული ურთიერთობის დარღვევაში იარვანდს ადანაშაულებს: “დაივიწყა მან კეთილი ქართველთაო”. ერთობ საგულისხმოა, რომ სომეხთა მეფის მიერ ჯავახეთის ნაწილის მიტაცებას მ.ხორენაცი არ აღნიშნავს, რაც, თითქოს, განსაზღვრულ ეჭვს უნდა აღძრავდეს მოყვანილი ფაქტის ნამდვილობაზე.

მაგრამ სასაზღვრო კონფლიქტზე ყურადღების გამახვილება, რაც თავისთავად ქართლის დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის აღიარებასაც ნიშნავდა, რომლის სუვერენული უფლებები სომეხთა მეფემ უხეშად დაარღვია, რა თქმა უნდა, მ. ხორენაცის პოლიტიკურ ანგარიშებში ვერ შევიდოდა. მ. ხორენაცის თვალსაზრისისთვის ქართლის არსებობა ნმხოლოდ სომხეთის შემადგენლობაშია დასაშვები, რასაც ლეონტის მიერ დახატული სომხეთთან სასაზღვრო კონფლიქტის სურათი მკვეთრად ეწინააღმდეგებოდა.

ამიტომაც არის, რომ ლეონტი მროველისა და მ. ხორენაცის მიერ ამ პერიოდის საქართველოსა და სომხეთის ურთიერთობის ისტორიის ფაქტების გადმოცემა ერთმანეთისაგან მკაფიოდ განსხვავდება შინაარსითაც და ფორმითაც, რომელთაც ურთიერთისაგან განსხვავებული, ერთმანეთისაგან საპირისპირო პოლიტიკური კონცეფციის დაღი აზის.
სომეხთა მეფის იარვანდის ძალადობა, გასაგებია, ქართლის ხელისუფალთა საპასუხო მოქმედებას ითხოვდა და ლეონტი მროველიც დაწვრილებით გადმოგვცემს მეზობელთა შორის იმ დროს განვითარებულ საბრძოლო პერიპეტიებს. ქართლის მეფეების, ფარსმანისა და კაოსისგან განსხვავებით, მათი მემკვიდრეები, არმაზელ და აზორკ ლეონტის დახასიათებით მამაცნი და მარჯვენი იყვნენ და შეეცადნენ კიდეც სომეხთა მიერ მიტაცებული ქართლის ტერიტორიების დაბრუნებას.

როგორც ჩვენი მემატიანე გვაუწყებს “განიზრახეს ძიება საზღვართა ქართლისათა”109. მათ მიიმხრეს ჩრდილოეთის ხალხები: ოსები, პაჭანიკები, ჯიქები, ლეკები, დურძუკები, დიდოელები და ვიდრე სომხები ამის შესახებ გაიგებდნენ, ფარულად შეკრიბეს ურიცხვი ლაშქარი, მოულოდნელად შეიჭრნენ სომხეთში და მთელი რიგი ოლქები – შირაკუანი, ბაგრევანდი ბასიანამდე და ნახჭევანამდე მოაოხრეს, უამრავი ტყვე და დიდი ნადავლი, ქონება-განძი ჩაიგდეს ხელში და უკან გაბრუნდნენ. სომეხთა სარდალი სმბატ ბივრიტიანი დაედევნა და ბრძოლა გაუმართა ქართველებსა და ოსებს. ამჯერად უკვე სომხებმა მოაოხრეს ქართლი.
მაგრამ ქართლის მეფენი აზორკ და არმაზელ, ლეონტის თქმით, “სიფიცხლითა გულისა მათისათა არა შეუშინდეს, არა დასცხრეს კირთებისაგან სომეხთა ზედა”. ქართველებთან დამეგობრებული ოსებიც ერთობლივად უტევდნენ და ავიწროებდნენ სომხებს, რის გამოც სომხებისა და ქართველ-ოვსთა ლაშქარს შორის ბრძოლა ორივე მხარის ცვალებადი უპირატესობით კარგა ხანს გაგრძელდა, ბოლოს კი, როცა ქართველებმა სომეხთა ლაშქარის წინამძღოლი და მეფის ძე ზარენი დაამარცხეს ჯავახეთში, დაატყვევეს ცელის ტბასთან და დარიალის ციხეში გამოკეტეს, დაიწყო მოლაპარაკება დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ქართველმა მეფეებმა გაანთავისუფლეს სომეხი უფლისწული და აღუთქვეს, საჭირო შემთხვევაში, სამხედრო დახმარება “ხოლო ამისთўს სომეხთა უკმოსცეს საზღვარი ქართლისა, ქალაქი წუნდა და ციხე დემოთისა, ჯავახეთი და არტანი. და მიერითგან იქმნეს მოყუარე სომეხნი და ქართველნი და ოვსნი. და სამნივე ერთობით ბრძოდეს მტერთა”110 – საზეიმოდ აცხადებს ლეონტი მროველი, რითაც კვლავ და კვლავ ყურადღებას ამახვილებს მისი კონცეფციის უმთავრეს თეზისზე: კავკასიის ხალხთა ურთიერთობაში ძირითადია თანამშრომლობა და მოყვრობა მათ შორის.

ქართველ-სომეხთა ომების ისტორიის ლეონტის მსგავსად გადმოცემა, გასაგებია, რომ მ. ხორენაცს ხელს არ მისცემდა. მისი კონცეფცია ასეთ მოთხრობას უბრალოდ, ვერ იგუებდა. ამიტომ ის ხსენებულ მოვლენებზე საუბრისას მხოლოდ ზოგადი შენიშვნებით კმაყოფილდება, მისთვის უხერხულ ფაქტებს კი სახეშეცვლილი შინაარსით წარმოგვიდგენს, ასე მაგალითად, მის თხზულებაში ქართველ-სომეხთა ომები ალან-სომეხთა ომებადაა მონათლული, ხოლო ქართველები, ისიც მხოლოდ ერთი ნაწილი, ამ ომის უნებლიე და პასიურ მონაწილედაა გამოყვანილი. მ. ხორენაცი წერს: “იმ ხანებში ალანები შეუთანხმდნენ ყველა მთიელებს, მიიმხრეს ქართველთა ნახევარი ქვეყანაც და დიდძალი ლაშქრით მოეფინნენ ჩვენს მიწ-აწყალს. არტაშესმა შეჰყარა თავისი მრავალრიცხოვანი ჯარი და ატყდა ომი ორ მამაც მშვილდოსან ნათესავს შორის”111. როგორც ვხედავთ, მ. ხორენაცი არ ასახელებს ომის მიზეზებს, სომეხი მეფის მიერ ჯავახეთის ნაწილის მიტაცებას, ლაშქრობის მოთავედ ალანები გამოჰყავს და არა ქართველები და მათი მეფეები აზორკი და არმაზელი, მკითხველს უქმნის შთაბეჭდილებას, რომ ქართველები სულაც არ აპირებდნენ სომხებთან შებრძოლებას და მხოლოდ მისი ერთი ნახევარი მიიმხრეს ალანებმა, მეორე ნახევარი კი, იგულისხმება, სომეხი მეფის ერთგულებას შერჩა. ერთი სიტყვით, ქართლი სომხეთის დაქვემდებარებულ ქვეყნადაა ნაგულისხმევი, ამიტომაც, არც ქართველთა მიერ კავკასიელებთან ერთად შირაკუანისა და ბაგრევანდის დალაშქვრაზე და არც ქართლის დასაპყრობად სომეხთა სარდლის სმბატ ბივრიტიანის მრავალგზის ლაშქრობაზე ამბობს რაიმეს. სომხეთთან დაპირისპირებულ ღირსეულ ძალად, მხოლოდ ალანებს მიიჩნევს: “ატყდა ომი ორ მამაც მშვილდოსან ნათესავს შორის”. მისი დამოკიდებულება ქართლისა და ქართველების მიმართ აშკარად ქედმაღლურია, რაც კიდევ უფრო მკაფიოდ იჩენს თავს იმ ეპიზოდში, სადაც საუბარია ქართველთა მიერ სომეხი უფლისწულის ზარეჰის დატყვევებაზე. მ. ხორენაცი წერს: “ზარეჰი იყო პატივმოყვარე კაცი, მხეცებზე ნადირობაში მარჯვე, ხოლო ომში მხდალი, უვარგისი. იგი გამოცდილი ჰყავდა ქართველთა მეფეს, ვინმე ქარძამს, /რომელმაც/ აუჯანყა ქვეყანა, შეიპყრო და კავკასიის მთაზე ციხეში ჩასვა ზარეჰი. (ქარძამს) შეებრძოლნენ არტავაზდი და ტირანი სმბატის თანხლებით და გამოიყვანეს ძმა ტალახიდან”112. ტექსტის ამ ნაწილში ყურადღებას იქცევს ქართველი მეფის კნინობითად მოხსენიება – “ვინმე ქარძამი”, რაც უშუალოდ გამოხატავს ავტორის დამოკიდებულებას ქართლის უძველესი ისტორიის მიმართ. მიიჩნევს რა ქართველ მეფეებს ბევრად უფრო ნაკლები მნიშვნელობის ხელისუფლებად, ზარეჰის დატყვევებას მათ წარმატებად კი არ მიიჩნევს, არამედ სომეხი უფლისწულის უვარგისი თვისებებით ხსნის და ქართველი მეფეების ბრძოლას სომეხთა ძალადობის წინააღმდეგ მხოლოდ ანტისომხურ აჯანყებად განიხილავს. ასეთი თვალსაზრისის შესაბამისია ზარეჰის განთავისუფლების გარემოებათა ხორენაცისეული აღწერაც. მისი მტკიცებით, სომეხი უფლისწულის განთავისუფლება დაპირისპირებული მხარეების მოლაპარაკების შედეგად და ორივესთვის მისაღებ საფუძველზე კი არ მომხდარა, არამედ ზარეჰის ძმებსა და მთავარსარდალ სმბატ ბივრიტიანს სამხედრო ძალის გამოყენებით აუძულებიათ ქარძამი დაეთმო მათთვის ტყვე. ამ მხრივ ნიშანდობლივია ისიც, რომ ქართველთა ტყვეობაში ყოფნას სომეხი უფლისწულისთვის სამარცხვინო მოვლენად მიიჩნევს, რის გამოც მის განთავისუფლებას ტალახიდან ამოყვანას უთანაბრებს.

ლეონტი მროველი თავისი კონცეფციის შესაბამისად მკითხველის ყურადღებას უმთავრესად მაინც საერთო მტრების (ძირითადად სპარსელების) წინააღმდეგ ქართველ-სომეხთა ერთობლივი ბრძოლის ეპიზოდებზე ამახვილებს. ამასთან დამახასიათებელია, რომ, თუ მითიურ ხანაში ერთობლივი ბრძოლის წინამძღოლი სომეხთა ეთნარქი იყო, მეზობელ სახელმწიფოთა თანამშრომლობის პერიოდში უკვე აქტიურნი ქართველები ჩანან. ასეთი სურათი იხატება, მაგალითად, ლეონტის თხზულებაში ფარსმან ქველის მოღვაწეობის აღწერისას. თხრობა გაშლილია მირდატ და ფარსმან მეფეების დაპირისპირების ფონზე. “მირდატს შეეწეოდეს სპარსნი, ხოლო ფარსმანს სომეხნი”113. მირდატი ბოროტ ძალას განასახიერებს: “ესე მირდატ იყო კაცი ურვილი და მოსისხლე”114, ფარსმანი კი – კეთილს. მის დასახასიათებლად ლეონტი არ იშურებს მხატვრული გამომსახველობის არანაირ საშუალებას: “ხოლო ფარსმან ქუელი იყო კაცი კეთილი და უხუად მომნიჭებელი და შემნდობელი, ასაკითა შუენიერი, ტანითა დიდი და ძლიერი, მЈნე მЈედარი და შემმართებელი ბრძოლისა, უშიში ვითარცა უЈორცო და ყოველითავე უმჯობესი ყოველთა მეფეთა ქართლისათა, რომელნი გარდაცვალებულ იყვნეს უწინარეს მისსა”115. ლეონტის მტკიცებით, ფარსმან ქველი თვით მირდატის მხარის ქართველებსაც უყვარდათ და სძულდათ მირდატი “მესისხლეობისა და მედგრობისათვის”, რის გამოც მათგან უმრავლესი გადაუდგა პატრონს. ფარსმან ქველი ქართლისა და სომხეთის მხედრობით ებრძვის სპარსელებს, მაგრამ კრიტიკულ სიტუაციებში მაინც ფარსმანისა და მისი სპასპეტის _ ფარნავაზის მოხერხება და გმირობა წყვეტს ბრძოლის ბედს. ლეონტის თქმით, მრავალ დიდ გამარჯვებათა შედეგად “განითქუა სახელი ფარსმან ქუელისა და სპასპეტისა მისისა ფარნავაზისი. და წინამძღუარ ექმნა იგი სპათა ქართლისა და სომხითისათა. და იწყო ბრძოლად სპარსთა და შესლვად სპარსეთს. და ვერღარაოდეს ვინ წინააღუდგა ფარსმან ქუელსა”116.

ამ ტექსტში ლეონტი მროველი ერთგვარი შეპარვით უაღრესად მნიშვნელოვან ცნობას გვაწვდის. ქართლთან ერთად სომხეთის ჯარის წინამძღვრობა (ე. ი. სარდლობა) არ იყო ქართველ-სომეხთა ურთიერ- თობისათვის დამახასიათებელი ჩვეულებრივი მოვლენა და თავისი შინაარსით მკაფიოდ განსხვავდებოდა სამხედრო დახმარების იმ პირობებისაგან, რომლის დასახასიათებლად მემატიანეები იყენებდნენ გამოთქმას “მოირთო ძალი სომხითით”, სპასეთით თუ სხვა მხრიდან. სომხეთის ჯარის სარდლობა ქართლის მეფეს ამ ქვეყნის დაქვემდებარების შემდეგ შეეძლო მხოლოდ, მით უმეტეს, რომ ლეონტის დასტურით ეს შესაძლებელი გამხდარა ფარსმან ქველის გახმაურებული გამარჯვებებისა და მისი გავლენის გაზრდის შედეგად. ნიშანდობლივია, რომ ფარსმან I-სა (I ს. 30-60-იანი წწ.) და ფარსმან II-ის (II ს. 30-50-იანი წწ.) ბრძოლას სომხეთისათვის პართიის წინააღმდეგ თანხმობით ადასტურებს რამაული წყაროები (ტაციტუსი და სხვები)117, რის გამოც ლეონტის ეს ცნობა დამაჯერებლობას იმსახურებს. რამდენადაც ლეონტი მიზნად ისახავდა ორივე ხალხისთვის ქართველ-სომეხთა ერთიანობის განსაკუთრებული სასიკეთო მნიშვნელობა ეჩვენებინა, ალბათ, ამიტომაც გვერდს უვლის ფარსმან ქველის მიერ სომხეთის დაქვემდებარებისა თუ თავისი პოლიტიკური გავლენის ქვეშ მოქცევის ისტორიის დეტალებს და ყურადღება გადააქვს ასეთი კავშირის წარმატებულ შედეგებზე ძლიერი საერთო მტრის წინააღმდეგ ბრძოლაში. ლეონტის მტკიცებით, ფარსმან ქველის სარდლობით ქართველ-სომეხთა ლაშქარს თვით დიდი და ძლიერი სპარსეთიც კი ვეღარ იგერიებდა და მხოლოდ მუხანათი მზარეულის მოსყიდვით შეძლეს ფარსმანის მოწამვლა, რის შემდეგ სპარსელები ბარტამისა და მისი მომხრეების დახმარებით იპყრობენ ქართლს. სომეხთა მეფე ბერძნებს უკავშირდება, რომელთაც დასავლეთ საქართველოც უერთდება. ბრძოლა სპარს-ქართველებისა (ბარტამის მომხრეთა) და სომეხ-ბერძენ-ქართველთა ლაშქარს შორის საბოლოოდ ამ უკანასკნელთა გამარჯვებით თავდება118, რაც ასევე ქართველ-სომეხთა კავშირის უპირატესობას ცხადყოფს. ამის საპირისპირო კონცეფციის შემოქმედი მ. ხორენაცი, როგორც მოსალოდნელი იყო, დუმილით გვერდს უვლის სომხეთის ისტორიაში ფარსმან ქველის როლსა და მნიშვნელობაზე საუბარს, მიუხედავად იმისა, რომ ბერძნულ-ლათინურ წყაროებში კარგად გათვითცნობიერებულ მწერალს, საფიქრებელია, უნდა სცოდნოდა ის მდიდარი მასალა, რომელიც ლათინ ავტორებს გააჩნდათ კავკასიაში სახელგანთქმული ქართველი მეფის შესახებ. მ. ხორენაცი ფარსმანს მხოლოდ ერთხელ ახსენებს, ისიც სომეხი მეფის ერთ-ერთი მხედართუფროსის რანგში, რომელიც შეზღუდული წარმატებით მონაწილეობს სომეხთა საშინაო დინასტიურ ბრძოლაში ტახტის ერთ-ერთი პრეტენდენტის მხარეს119. მ. ხორენაცისთვის ქართველ-სომეხთა თანაბარუფლებიანი კავშირი მიუღებელია. მისგან განსხვავებით, ლეონტი განაგრძობს გარეშე ძალასთან ქართველ-სომეხთა ერთობლივი ბრძოლის ეპიზოდების გადმოცემას. ფარსმან ქველის შვილის შვილიშვილი ამაზასპიც ძლიერი და “მსგავსი ფარსმან ქუელისა” იყო120.იIგი წარმატებით ებრძოდა მოძალადე ოსებს, მაგრამ გადამწყვეტი და საბოლოო უპირატესობა მაშინ მოიპოვა, როცა, მემატიანის სიტყვით, “მოირთო ძალი სომხითით”. ლეონტის თანახმად, ამის შემდეგ ამაზასპი გალაღდა, გაამპარტავნდა, დიდად შეავიწროვა წარჩინებულნი, რის გამოც ქართლის ერმა ის მოიძულა. ამასთან, “მტერ ექმნა იგი სომეხთა, და შეიყუარნა სპარსნი”121. ამის პასუხად დასავლეთ საქართველოს ხუთი ერისთავი განუდგა ამაზასპს და მოლაპარაკება გამართეს სომეხთა მეფესთან. გაიმართა ბრძოლა და ამჯერადაც სპარსელები დამარცხდნენ ქართველ-სომეხთა გაერთიანებული ლაშქრის წინაშე, რომელსაც ბერძნებიც და ოსებიც უჭერდნენ მხარს. სპარსელების წინააღმდეგ ქართველ-სომეხთა სამხედრო თანამშრომლობის ერთობ შთამბეჭდავი სურათი აქვს დახატული ლეონტის უკანასკნელი ფარნავაზიანი მეფის ასფაგურისა და სომეხთა მეფე კოსაროს (ხოსროს) ურთიერთობის ეპიზოდების გადმოცემისას. იგი წერს: “კოსარო სომეხთა მეფემან უწყო ბრძოლად ქასრე მეფესა სპარსთასა, და შეეწეოდა მას ასფაგურ, მეფე ქართველთა, და ამან ასფაგურ განუხუნის კარნი კავკასიანთანი და გამოიყვანნის ოვსნი, ლეკნი, და ხაზარნი, და მივიდის კოსარო მეფისა თანა სომეხთასა ბრძოლად სპარსთა. …და პირველსავე შესლვასა სპარსეთად ეწყო ქასრე, მეფე სპარსთა, და აოტეს იგი და მოსრეს სპა მისი. და მიერითგან ვერღარა წინააღუდგა ამათ მეფე იგი სპარსთა, და განამრავლეს შესლვა სპარსეთად და ტყუევნა სპარსეთისა.… ვითარ იოტეს სომეხთა და ქართველთა და ჩრდილოსა ნათესავთა მეფე სპარსთა, და განამრავლეს შესლვა სპარსეთს და ოЈრება სპარსეთისა; და ვერღარა ოდეს წინააღუდგა მეფე სპარსთა”122. სომხეთის ისტორიის ამ მნიშვნელოვან მოვლენაზე საუბარი აქვს მ. ხორენაცსაც, მაგრამ მის თხრობაში ქართველ-სომეხთა სამხედრო თანამშრომლობის ფაქტებმა ასახვა არ პოვა. იგი ძირითადად საუბრობს ირანში პართული სამეფო დინასტიის სასანურით შეცვლაზე და წინადადებაში გაკეთებული მინიშნებით შეიძლება მიხვედრა, რომ იგი იმ ბრძოლებსაც გულისხმობს, რომელთა შესახებ ვრცლად მოგვითხრობს ლეონტი მროველი. მ. ხორენაცის თქმით, სომხეთის მეფე ხოსროვმა, როგორც კი შეიტყო ირანში დაწყებული არეულობის შესახებ, მაშინვე გაემართა პართიის უკანასკნელი მეფის, მისი ნათესავის არტაბანის გადასარჩენად. იგი რომაელთა დახმარებით ფიქრობდა პართული სამეფო დინასტიის აღდგენას, მაგრამ არ გაუმართლდა. არდაშირ სასანიანი აქტიურად ამოქმედდა, მიიმხრო ირანის ყველაზე გავლენიანი გვარები, ხოლო ხოსროვის ნათესავი კარენ ფაჰლავის გვარი გაანადგურა. პოლიტიკური გართულებების გამო ვეღარც რომაელები დაეხმარნენ სომეხთა მეფეს. მიუხედავად ამისაო – წერს მ. ხორენაცი – მან (ე. ი. ხოსროვმა) “თავის ჯარითა და კეთილმოსურნეების, აგრეთვე, ჩრდილოელ ტომთა შეწევნით სძლია არტაშირს, აოტა იგი ინდოელთა ქვეყნამდე”123. სომეხთა გამარჯვებით დასრულებული ბრძოლების დეტალურად და მხატვრული ხერხებით აღწერის მოყვარული სომეხი მემატიანე, ამჯერად, როგორც ვხედავთ, მეტად სიტყვაძუნწია. აშკარაა, სომეხთა მთავარი დამხმარის როლში ქართველთა წარმოჩენა მის კონცეფციას ეწინააღმდეგებოდა, რის გამოც იძულებული გახდა ამ შემთხვევისთვის ბუნდოვანი და გაურკვეველი შინაარსის ეპითეტი “კეთილმოსურნეები” გამოეყენებინა ქართველთა მაგიერ. სასანიანთა წინააღმდეგ სომეხთა ბრძოლის ამ ეპიზოდში ქართველთა მონაწილეობის ცნობამ ძველ სომხურ საისტორიო მწერლობაში მაინც შეაღწია, თუმცა ამ ისტორიოგრაფიისათვის დამახასიათებელი ტენდენციურობით. გრიგოლ პართელის ცხოვრების მიხედვით, სომეხთა მეფემ (ხოსრომ) “შეკრიბა მხედრობა ძლიერი ალვანთაგან და ქართველთა და სხვათა ნათესავთაგან” და ამ ძალებით სასანიანთა სახელმწიფოს ტერიტორიის რბევა-თარეში, თურმე” მთელი ათი წელი გაგრძელებულა124. მოყვანილ ტექსტში ქართველების მონაწილეობა სომეხთა ბრძოლაში ისეა წარმოდგენილი, თითქოს, ქართლი III ს. სომეხთა მეფის ხელქვეითი ყოფილიყოს, რაც სიმართლისგან ძალზე შორსაა. ამ დროისათვის ირანში სასანიანთა გაბატონებამდე ქართლის სამეფო იმდენად ძლიერ პოლიტიკურ ერთეულს წარმოადგენდა, რომ არათუ რომსა და პართიას არ ემორჩილებოდა, არამედ ზოგჯერ მათ წინააღმდეგ მტრულ აქციებსაც არ ერიდებოდა125. ამ დროისათვის კი ქართლი ისევ დამოუკიდებელი და ძლიერი სახელმწიფო იყო126, რასაც ლეონტის მიერ მოხმობილი ცნობებიც ადასტურებს. ამ შემთხვევაშიც ლეონტი მროველი ასწორებს მოვსეს ხორენაცისა და, საერთოდ, ძველი სომხური ისტორიოგრაფიის მონაცემებს ქართველ-სომეხთა ურთიერთობის ისტორიაზე და ღირსეულად წარმოაჩენს ამ ურთიერთობაში ქართველთა როლსა და ისტორიულ მნიშვნელობას.

ქართული და სომხური წყაროების მოწმობით, ქართველ-სომეხთა ლაშქრის ათწლიანი ერთობლივი თარეშით იმდენად შეწუხებულა ირანის შაჰი, რომ იძულებული გამხდარა მიგზავნილი მკვლელის, არშაკუნიანთა მონათესავე სურენიანთა გვარის წარმომადგენლის ანაკის ხელით მოეცილებინა სომხეთის მეფე, რის შემდეგ შაჰმა ამ ქვეყნის დაპყრობაც შეძლო127. სომხეთის დაპყრობით სპარსელთა ჯარს გზა გაეხსნა ქართლში შესაჭრელადაც. შექმნილი კრიტიკული სიტუაციის აღწერისას ლეონტი მროველი კიდევ ერთხელ ავითარებს მსჯელობას თავისი კონცეფციის ერთ-ერთი უმთავრესი დებულების – საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობისა და ურთიერთკავშირის ისტორიული აუცილებლობისა და კანონზომიერებათა სასარგებლოდ. ლეონტის თანახმად, სომხეთის დაპყრობის შემდეგ სპარსთა მეფე ქართლში შემოვიდა. ქართლის მეფე ასფაგური ოსეთისკენ გაემართა, რათა დამხმარე ლაშქარი გამოეყვანა ციხე-ქალაქთა გასამაგრებლად. მაგრამ ოსეთში შესულს სიკვდილი ეწია. მდგომარეობა იმითაც დამძიმდა, რომ ასფაგურს ვაჟი არ ჰყავდა და ამის გამო ფარნავაზიანთა მეფობა ქართლში კიდეც დასრულდა. შექმნილი კრიზისის პირობებში პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად ქართლის ერისთავები მცხეთაში იკრიბებიან მაეჟან სპასპეტის წინაშე. სიტუაციის ანალიზისას კვლავ თავს იჩენს ქართლისა და სომხეთის ურთიერთობის განსაკუთრებული მნიშვნელობა ორივე ქვეყნისთვის. ძალების გაერთიანება მათ ყოველთვის აძლევდა საერთო მტრებთან აქტიური მოქმედების საშუალებას (რაც არაერთგზის ცხადყო ქართველმა მემატიანემ წინა თავებში მოყვანილი მაგალითებით), სულ ბოლოსაც ასფაგურის შეწევნით სომხეთმა დიდ წარმატებას მიაღწია სასანიანებთან ბრძოლაში. მათი კავშირის გაწყვეტა კი არა მარტო წარუმატებლობის მიზეზი ხდება, არამედ თავდაცვისუნარიანობის მოშლასაც იწვევს, რასაც მაეჟან სპასპეტის პირით ლეონტი მროველი ასე გამოხატავს: “რამეთუ მოიკლა სპარსთაგან დიდი იგი მეფე სომხითისა, წაღებულ არს სომხითი, რომელსა ეკიდა სამეფო ჩუენი, და აღუღია პირი მისი სპარსთა მეფესა შთანთქმად ყოვლისა ქუეყანისა. არავინ არს ჩუენ თანა წინააღმდგომი მისი”128. ქართლისა და სომხეთის პოლიტიკური ურთიერთობის ხასიათის გამომხატველი ლეონტის მიერ აქ გამოყენებული ზოგადი ტერმინი “ეკიდა” არაერთგვაროვნადაა აღქმული სამეცნიერო ლიტერატურაში.

მკვლევართა მნიშვნელოვანი ნაწილი, განსაკუთრებით ის, რომელიც ლეონტის კონცეფციას არმენოფილურად მიიჩნევს, მას ქრისტიანობამდელი საქართველოს სომხეთზე დაქვემდებარების დასადასტურებლად მოყვანილ ტერმინად აღიქვამს129, რასაც პირადად ლეონტი მროველის სუბიექტური განწყობილებით ხსნის. დაქვემდებარების გადმოსაცემად ლეონტი ძირითადად ორ ტერმინს იყენებს – “მორჩილებასა” და “მონებას”.
მაგალითად, “ესე ყოველნი იყვნეს მორჩილ ჰაოსისა”; “და ესე რვანივე ერთობით ჰმონებდეს ნებროთს გმირსა”; “ესე ოთხივე იყვნეს მორჩილ მისა”; “ხაზართა იჩინეს მეფე, და დაემორჩილნეს ყოველნი ხაზარნი”; “მონებდა იგი აზო ბიზანტიოსს”; “სომეხნი და ქართველნი იყვნენ მორჩილ აჟღალანისი სპარსთა მეფისა” და სხვა.130 ამავე “მორჩილება” ტერმინით გადმოგვცემს, როგორც ითქვა, სომხეთზე ქართლის დაქვემდებარების ერთ განსაზღვრულ მცირე პერიოდსაც131. იყენებს, აგრეთვე, ტერმინ “მსახურებას”, მაგრამ, ეტყობა, უფრო მსუბუქი, ვასალური დამოკიდებულების გამოსახატავად. მაგალითად, “მსახურებდა იგი (ფარნავაზი) ანტიოქოსს”132. ტერმინი “ეკიდა” ამათგან სრულიად განცალკევებულადაა წარმოდგენილი და ამიტომ მას განსხვავებული შინაარსიც უნდა ჰქონდეს. სხვა ადგილას სიტყვა “მოკიდებას” იყენებს შეერთება, შემოვლების აზრით: “მოჰკიდა კირიზღუდე ციხესა არმაზისასა” ხოლო “მოკიდებულს” – მოსაზღვრის აზრით133. სულხან საბა სიტყვა “მოკიდებას” განმარტავს, როგორც “მოყუარეთ მობმას”. ამაზე დაყრდნობით, ჩვენთვის საინტერესო წინადადებას “ქართლის ცხოვრების” ლექსიკონის შემდგენელი სიტყვა “ეკიდას” ქვეშ, ახალ ქართულზე ასე ხსნის: “სპარსელებმა დაიპყრეს სომხეთი, რომელთანაც ჩვენი სამეფო, ქართლი, მეგობრულ ურთიერთობაში იყოო”134. ხსენებულ ტერმინში დაქვემდებარების მომენტს გამორიცხავდა მარი ბროსეც, რომელიც სიტყვა “ეკიდა”-ს მჭიდრო კავშირად გაიაზრებდა. ამასთან დაკავშირებით ნ. ბერძენიშვილი შენიშნავდა, რომ ამ ტერმინში ბროსე იურიდიულ შინაარსს არ ხედავდაო135.

ხსენებული ტერმინის (“ეკიდა”) პოლიტიკური დაქვემდებარების შინაარსით გადმოცემისას ლეონტის კრიტიკოსები ძირითადად ემყარებიან ნ. ბერძენიშვილის ავტორიტეტს, რომელმაც I944 წ. წაიკითხა და I949 წ. დაბეჭდა მოხსენება “მოკიდებულის” ინსტიტუტის შესახებ, სადაც მან ლეონტის მიერ გამოყენებული ამ ტერმინის შინაარსზე თავისი აზრიც გამოთქვა. იგი წერდა: ჩვენ ვფიქრობთ, რომ “ეკიდა” ლეონტის არ ესმის მატერიალური მეზობლობის ანუ მოსაზღვრეობის აზრით. მაშინ მაეჟან სპასპეტი ამ ზმნას ნამყო დროში არ იხმარდა: მაეჟანი აღნიშნავს იმ ურთიერთობას, რომელიც იყო (“ეკიდა”), და ეხლა კი აღარ არის, სომხეთის მოსაზღვრედ კი საქართველო იყო და ასეთადვე დარჩა ის მას შემდეგაც რაც, სომხეთი ქასრემ დაიპყრო… მით უფრო თანასწორთა კავშირის აზრით არ ესმის ლეონტის “ეკიდა”: ამის წინააღმდეგია მისი ისტორიული კონცეფცია (შეიძლება სწორედ ამ კონცეფციის გამოხატულებაც იყო მაეჟან სპასპეტის პირში სომეხთა მეფის წოდებულება “დიდი მეფე”). დარჩა ერთადერთი შინაარსი, პოლიტიკური დამოკიდებულება და სწორედ ამ შინაარსით, ვფიქრობთ ჩვენ, ხმარობს აქ ამ სიტყვას ლეონტი მროველი136. რა თქმა უნდა, მეზობლის და მოსაზღვრეობის აზრით ტერმინ “ეკიდა”-ს ლეონტი არ და ვერც გამოიყენებდა, რადგანაც საქართველოსა და სომხეთის მეზობლობა იმდენად ცნობილი ფაქტი იყო, რომ ის დამატებით განმარტებას, გახსნას ნ. ბერძენიშვილი მემატიანის ისტორიულ კონცეფციას უდებს საფუძვლად. თუკი მივიჩნევთ, რომ ლეონტის კონცეფცია ძველ კავკასიაში სომეხთა უპირატესობას აღიარებდა და, ჩანს, XX ს. 40-იან წლებში ნ. ბერძენიშვილი ასე ფიქრობდა, მაშინ სავსებით ლოგიკურია მისსივე დასკვნა, რომ ლეონტის თანასწორთა კავშირის აზრით არ ესმოდა “ეკიდა”. ლეონტის ტექსტზე შემდგომი ხანგრძლივი დაკვირვებისას ნ. ბერძენიშვილმა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანწილად შეიცვალა თავისი ადრინდელი დამოკიდებულება ქართველი მემატიანის ისტორიული კონცეფციის მიმართ. 50-60-იანი წლების ჩანაწერებში, დასრულებულ თუ დაუსრულებულ ნაშრომებში მეცნიერი არაერთგზის აღნიშნავდა, რომ ლეონტი მროველი მთელი შრომის სიგრძეზე ებრძვის და არსებითად ასწორებს და უპირისპირდება ხორენელს და სომეხთაგან დამოკიდებულებას გაურბის137. ასეთი ხედვისას, ცხადია, სხვა ახსნას ჰპოვებდა სადავო ტერმინიც. მისთვის, ალბათ, უფრო შესაფერისი იქნებოდა სულხან საბას განმარტება, რომლის თანახმად, სიტყვა “ეკიდას” იდენტური “მოკიდება” “მოყვარეთ მობმას” ნიშნავდა. დიდი ქართველი ლექსიკოგრაფის ამ განმარტების კომენტირებისას ნ. ბერძენიშვილი შენიშნავდა, რომ საბა ჩვენთვის საინტერესო ხაზით “მოკიდებაში” მხოლოდ “მოყვარედ მობმას” აღნიშნავდა, მაგრამ საბას რომ “მოკიდებულის” სოციალურ-პოლიტიკური შინაარსი კარგად ესმოდა, ეს ჩანს მობმა სიტყვის განმარტებიდან: “მობმა ზურგად მოყუარე ანუ დიდი ვინმე მოიკიდოს”. აქ უკვე საბა ორბელიანი მოყვრობის გარდა სხვაგვარ მოკიდებასაც გულისხმობს და ასეთი აქტის მიზანსაც ასახელებს: ესაა “ზურგი”. ფეოდალური ინსტიტუტის “მოკიდებულის” კვლევისას ნ. ბერძენიშვილი განიხილავს მოკიდების მრავალ სხვადასხვა ვარიანტს და განმაზოგადებელ დასკვნაში ჩამოთვლის მათთვის დამახასიათებელ ძირითად ნიშნებს. იგი წერს:… მოკიდებული იმ თავითვე ფართო მოცულობის საზოგადოებრივ გაერთიანებას წარმოადგენდა. მოკიდებულის დამახასიათებელი იყო მისი წევრების თავისუფლება და ინტერესთა თანხმობა.… ქართული ფეოდალიზმის ყველა საფეხურზე მოკიდებულის ძირითადი შინაარსი (ინტერესთა თანხმობის ნიადაგზე მეტ-ნაკლებად თავისუფალი გაერთიანება) უცვლელი დარჩა138. თავისუფლება და ინტერესთა თანხმობა კი მხოლოდ თანაბარუფლებიან პირთა შორისაა შესაძლებელი, რის გამოც, ვფიქრობ, ლეონტის თანასწორთა კავშირის აზრით უნდა ესმოდეს ტერმინი “ეკიდა”.

ლეონტის დროსთან შედარებით ახლო პერიოდში (XII ს.), როცა ნ. ბერძენიშვილის დაკვირვებით ტერმინი “მოკიდული” უკვე დიდი ხნის წინ ჩამოყალიბებული და სავსებით გარკვეული შინაარსის შემცველი ცნება იყო, კონკრეტული ფაქტების ანალიზი მკვლევარს არ აძლევს საშუალებას ტერმინის შინაარსში მაინცდამაინც დაქვემდებარებულის ნიშნები ამოიცნოს. ნ. ბერძენიშვილის შენიშვნით, არც აქედან, ე. ი. 1190 წ. ამბებიდან ჩანს, რომ “მოკიდებული” ქვეშე-დაწესებულს, ხელქვეითს ნიშნავდა139. XII ს. ტერმინი “ეკიდა”, რომ დაქვემდებარების შინაარსით არ ესმოდათ, ამის დასტურია “ქართლის ცხოვრების” ძველი სომხური თარგმანის შესაბამისი ტექსტიც, სადაც ქართლის სომხეთთან მიმართების გამომხატველი ნაწილი საერთოდ გამოტოვებულია140. სომეხი მთარგმნელი, რომელიც ილია აბულაძის დაკვირვებით, ცდილობს თავისი ქვეყანა და თანამემამულეები ყველგან განდიდებით წარმოადგინოს, რისთვისაც თვითნებურ რედაქციულ ცვლილებებსაც არ ერიდება, ცხადია, უთარგმნელს არ დატოვებდა სომეხთა უპირატესობის გამომხატველი შინაარსის მქონე ქართულ სიტყვას და მის მნიშვნელობას, ალბათ, კიდევ უფრო მეტად გამოკვეთდა და გააძლიერებდა. და, რადგან ასე ვერ იქცევა, ჩანს, ლეონტის ამ გამონათქვამში სომეხი მთარგმნელი მისთვის სასარგებლოს და განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავდა. შესაძლოა, სომხური ისტორიოგრაფიის კლასიკოსების მსგავსად, ჩვენი მთარგმნელისთვისაც მიუღებელი იყო ქართლისა და სომხეთის პოლიტიკური ურთიერთობის თანაბართა კავშირად წარმოდგენა, რაც ლეონტის ტექსტის ამ ნაწილში იკითხებოდა. ამიტომ ადგილის თარგმნას, ისევ, მისი გამოტოვება არჩია.
მსგავსი მანიპულაციები “ქართლის ცხოვრების” სომეხი მთარგმნელისთვის, როგორც ილია აბულაძეც აღნიშნავს, უცხო არ იყო.

მაეჟან სპასპეტის სიტყვის მთელი წინამოთხრობაც სომხეთზე ქართლის პოლიტიკური დამოკიდებულების აზრის გამომრიცხველია. ამ მხრივ, თხრობის არც ერთი პასაჟი ეჭვის საფუძველს არ იძლევა. უფრო მეტიც, სპარსეთის წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში ქართველი მეფის როლს ლეონტი უფრო მნიშვნელოვნად მიიჩნევს141, რაც სავსებით რეალისტური შეფასებაა. რომაელთა ლეგიონების შემდეგ სპარსეთის საპირისპირო უფრო სრულფასოვან ძალას, რა თქმა უნდა, ჩრდილო კავკასიაში მომთაბარეთა სამხედრო შენაერთები წარმოადგენდნენ. მათი ამოქმედებისა და საჭირო მიმართულებით წარმართვის მექანიზმი კი ქართველთა მეფეებს ეპყრათ ხელთ. “არა ხელეწიფების გამოსლვად დიდთა მათ ნათესავთა ოვსთა და ყივჩაყთა თ¢ნიერ ბრძანებისა ქართველთა მეფისა”142. მართალია, ეს სიტყვები ვახტანგ გორგასალს მიეკუთვნება, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მემატიანე საკმაოდ ძველ ტრადიციას გადმოგვცემს, რამდენადაც კართა შებმას და ამით კავკასიის გადასასვლელებზე კონტროლის დაწესებას ქართული წყაროები ჯერ კიდევ ფარნავაზის უშუალო მემკვიდრეებს მიაწერენ143. ასეთი ძლიერი ზურგის მქონე ქვეყანას კი არა მარტო სომხეთი, არამედ სპარსეთი და რომიც უწევდნენ ანგარიშს. მ. ხორენაციც კი, რომელიც ქართლს, თითქმის, ყოველთვის სომხეთის შემადგენლობაში გულისხმობს, ამჯერად ვეღარ იყენებს მისთვის ჩვეულ მბრძანებლურ გამოთქმებს ქართლის მიმართ და ბუნდოვანი, თუ ნეიტრალური სიტყვებით ცდილობს გადმოსცეს ასფაგურის დახმარების ამბავი, რომელსაც თავისი დიდი მნიშვნელობის გამო, გვერდი ვეღარ აუარა. ლეონტი ამ შემთხვევაშიც ასწორებს და სიცხადე შეაქვს მ. ხორენაცის დაბინდულ ტექსტში იმით, რომ სათითაოდ ჩამოთვლის სასანიანთა ირანის წინააღმდეგ მოწყობილი სამხედრო კამპანიის მთავარ მონაწილეებს: სომხებს, ქართველებს, ჩრდილო კავკასიელებს – “იოტეს სომეხთა და ქართველთა და ჩრდილოსა ნათესავთა მეფე სპარსთა”144. მ. ხორენაციც, ფაქტობრივად, მიჯნავს ერთმანეთისაგან სომხურ ჯარსა და მათ შემწე “კეთილმოსურნეებსა”, თუ ჩრდილოეთის მთიელ ტომებს. ლეონტის ტექსტში ლაშქრობის მონაწილეთა ჩამოთვლისას სხვებზე წინ სომეხთა ხსენება, რა თქმა უნდა, უპირატესობის გამომხატველი ვერ იქნება. ხსენებული ომი, პირველ რიგში, სომეხთა ომი იყო და, ბუნებრივია, მემატიანეს ისინი მოკავშირეებზე უწინ უნდა ეხსენებინა. ლეონტი მროველის მიერ გადმოცემული ქართველ-სომეხთა ურთიერთობის ამსახველი ფაქტები, მით უფრო, სასანიანთა წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის უკვე მოყვანილი კონკრეტული სიუჟეტი, როგორც ვხედავთ, არ იძლევა საბაბს ქართლის სომხეთზე პოლიტიკური დამოკიდებულების წარმოსადგენად. ასეთი ვითარებისას კი, ცხადია, ნათესაობისა და მოყვრობის საფუძველზე ქართველ-სომეხთა თანამშრომლობის მეხოტბე მემატიანისათვის მიუღებელი უნდა ყოფილიყო ამ ქვეყნების ურთიერთობის დასახასიათებლად დაქვემდებარების გამომხატველი ტერმინის გამოყენება, რაც მისივე კონცეფციისათვის სრულიად შეუფერებელი იქნებოდა. იგი ქართლისა და სომხეთის ურთიერთობას, განსაკუთრებით კი სამხედრო-პოლიტიკურ სფეროში, მოყვარეთა კავშირად წარმოგვიდგენს, რასაც მთელი მისი წინამოთხრობაც ადასტურებს. ასეთი ურთიერთობის გამოსახატავად ყველაზე უფრო მოხერხებული ტერმინი კი საბას მიერ “მოყვარეთ მობმად” განმარტებული “მოკიდება” და ლეონტის მიერ გამოყენებული “ეკიდა” გამოდის. ნამყო დროში ტერმინის ხმარება ამ შემთხვევაში სავსებით გასაგებია: ის ურთიერთობა ქართლსა და სომხეთს შორის ანუ მოყვრული თანამშრომლობა, რომელიც აქამდე არსებობდა, მაეჟან სპასპეტის სიტყვით, აღარ არსებობს სომხეთის მეფის მოკვლისა და სპარსელთა მიერ სომხეთის დაპყრობის გამო. ამიტომ მოყვრის გარეშე დარჩენილი ქართლი მარტოდმარტო აღმოჩნდა ძლიერი მტრის წინაშე. სომხეთი ქართლის ფარი იყო სამხრეთიდან, ხოლო ქართლი ძლიერი ზურგი სომხეთისათვის ჩრდილოეთიდან. თავდაცვის აზრით, ერთმანეთზე დამოკიდებული ეს მეზობელი ქვეყნები ერთმანეთს ეკიდნენ. ასეთი აზრის შემცველი უნდა იყოს სიტყვა “ეკიდა”-ს შინაარსი, რომელიც, ვფიქრობ, გამოყენებულია პოლიტიკური პარტნიორების ურთიერთდამოკიდებულების გადმოსაცემად და არა ერთის მეორეზე დაქვემდებარების გამოსახატავად.

ლეონტისა და ხორენაცის დამოკიდებულება ისტორიული ფაქტების შერჩევისა და გადმოცემისადმი, როგორც ამჯერად ვნახეთ, სრულიად განსხვავებული და ურთიერთსაწინააღმდეგოა. ასეთი ვითარება გამოწვეული უნდა იყოს არა იმდენად მეზობელთა მეტოქეობით, რამდენადაც ერთმანეთისგან საკმაოდ დაცილებული სხვადასხვა ისტორიული ეპოქებისადმი მათი კუთვნილებითა და ამ ფაქტორით განპირობებული განსხვავებული კონკრეტული პოლიტიკური ამოცანებით. ხორენაცი თავის თხზულებას ისტორიის ქარცეცხლში დამარცხებული სომეხი ხალხისათვის წერდა, რომლის მიზანი იყო სახელმწიფოებრიობის დაკარგვით გულგატეხილი თანამოძმეების გამხნევება, წარსული დიდების მაგალითებით მათი აღფრთოვანება და მომავალში დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლაში სულიერი განმტკიცება. ლეონტის ამოცანა კი, პირიქით, აღმავლობის გზაზე მყოფი და კავკასიაში განვითარებული გამაერთიანებელი მოძრაობის ავანგარდში მდგომი ქვეყნის ინტერესების სარეალიზაციოდ საზოგადოებრივი აზრის შემზადება იყო, იმ ქვეყნის ინ ტერესებისათვის ბრძოლა, რომელიც იმჟამად უკვე სომხეთის მემკვიდრეობას ბიზანტიას ეცილებოდა. ამის გამოც, ლეონტის თავისი ისტორია მარტოოდენ ქართველებისათვის არ შეეძლო ეწერა. მას სომხებისთვისაც უნდა გაეწია ანგარიში, რომელთა მიმხრობასა და თავის გარშემო დარაზმვას ქართული სახელმწიფო გეგმავდა. ამიტომაცაა, რომ ლეონტი ხელაღებით კი არ უარყოფს ხორენაცს, არამედ ასწორებს და ცდილობს ღირსეულად წარმოაჩინოს საქართველოს ისტორია, ისე კი, რომ არც სომეხთა თავმოყვარეობას მიაყენოს ზიანი.

ეს განსხვავებული ტენდენციები ლეონტისა და ხორენაცის თხზულებაში კიდევ უფრო მკაფიოდ იჩენს თავს კავკასიაში ქრისტიანული სარწმუნოების გავრცელებისა და პირველი ქრისტიანი ქართველი და სომეხი მეფეების მოღვაწეობის გადმოცემისას. ეს ხანა შუა საუკუნეების ქრისტიანი მწერლებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა იყო და თითოეული მათგანი ცდილობდა შესაფერისი ღირსებით წარმოეჩინა თავისი ქვეყნის ისტორიის ეს მონაკვეთი.

თავისი კონცეფციის ერთგული და მისი თანამიმდევრული დამცველი მ. ხორენაცი სომხეთის პირველ ქრისტიან მეფეს თრდატ III-ს ელინური მითებისა და აღმოსავლური ზღაპრების გმირების თვისებებით ამკობს, მიაწერს რა მას გოლიათურ არაბუნებრივ ფიზიკურ ძალ-ღონეს, რის საფუძველზეც ყველაზე რთული და სახიფათო სიტუაციებიდან მისი გმირი უძლეველი და გამარჯვებული გამოჰყავს. ასეთი სიუჟეტებია: გოლიათებთან და ველურ ხარებთან შეჭიდება, ველური კუროების ხელით დაგლეჯა, ცხენიდან ჩამოქვეითებული თრდატის მიერ სპილოების ჯოგების ხმლით გარეკვა, ბასილთა მეფის ცხენიანად შუაზე გაპობა, მეომართა მთელი რაზმების დამოუკიდებლად ამოხოცვა და სხვა145.

მ. ხორენაცის მტკიცებით, თრდატი ყველგან და ყოველთვის იმარჯვებდა. მისივე მტკიცებით, საქართველოს პირველი ქრისტიანი მეფე მირიანი თრდატის ქვეშევრდომი და მისი ერთ-ერთი სარდალი იყო და ამდენად, ქართლიც სომხეთის შემადგენლობაში იყო საგულვებელი146.
ასეთ მტკიცებულებათა წინააღმდეგ აშკარად გამოსვლა და მისი ხელაღებით უარყოფა მ. ხორენაცის დიდი ავტორიტეტის გამო, თუნდაც სომეხთა თვალში, შესაძლოა ეფექტური ვერ ყოფილიყო. ამიტომ ქართული ისტორიოგრაფიის ღირსების დასაცავად და საკუთარი კონცეფციის გასამართლებლად ლეონტი ერთობ ორიგინალურ ხერხს მიმართავს.

ქართველი მემატიანე მირიანს სასანიანთა მეფის შვილად სახავს და საქართველოს პირველი ქრისტიანი მეფის ხოსროიანობით, ფაქტობრივად, აგრძელებს და ახალ პირობებში კვლავ აცოცხლებს ძველი ქართული ფარნავაზიანი მეფეების ნებროთიანობის იდეას. ამ ტრადიციის მნიშვნელობაზე ყურადღებას ჯუანშერიც ამახვილებს, როცა ვახტანგ გორგასალის პირით მკითხველს შეახსენებს: “… რომელნი ვართ ნათესავნი ნებროთ გმირისანი, რომელი უწინარეს ყოველთა მეფეთა გამოჩნდა ქუეყანასა ზედა, რომელი ლომსა ძალითა ვითარცა თიკანსა მოიყვანებდა, კანჯართა და ქურციკთა ქუეთთი იპყრობდა. რამეთუ ეზომ განდიდნა ძალი მისი, რომელ დაემორჩილნეს ყოველნი ნათესავნი ნოესნი” 147. ნოეს ნათესავებში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, სომხები მოიაზრებოდნენ, რაც იმასაც ნიშნავდა, რომ თუ მორჩილებაზე მიდგებოდა საქმე, ქართველი მეფეები სომხებს კი არა, პირიქით, სომეხი მეფეები ქართველ მეფეებს უნდა დამორჩილებოდნენ, როგორც ქვეყნიერების პირველი მეფის ნებროთ გმირის შთამომავლებს. ლეონტის არაპირდაპირი მტკიცებით ამ ძველი ტრადიციის ძალა ქართველ ქრისტიან მეფეებზეც ვრცელდებოდა მათი ხოსროიანობის გამო. ლეონტი ქართველთა სხვა უპირატესობებზეც ამახვილებს მკითხველის ყურადღებას. თუ ხორენაცით, სომეხი მეფეები ყოველთვის ამაყობდნენ პართიის სამეფო დინასტიასთან ნათესაობით და ეს კავშირი სომხეთის ძლიერების მნიშვნელოვან წყაროდ მიაჩნდათ, ლეონტით, მირიანი თვით პართელთა დამამხობელი სასანიანების კიდევ უფრო ახლო ნათესავია, სპარსეთის მეფის უფროსი ვაჟია და, ბუნებრივია, სპარსელთა მხარდაჭერითა და კეთილგანწყობით სარგებლობს, რაც მას განსაკუთრებით უპირატეს მდგომარეობას უქმნის კავკასიაში. ღოგორც პართიის პირველმა მეფემ არშაკმა, მ. ხორენაცით, სომხეთის მეფე მთელ კავკასიაზე გააბატონა, ასევე სასანიანი ქასრე, ლეონტით, მთელ კავკასიას აძლევს მირიანს სამმართველოდ. “და მისცა (მირიანს) ქართლი, სომხითი, რანი, მოვაკანი და ჰერეთი”148. ამ ცნობას ლეონტი სხვადასხვა ვარიაციებით კიდევ რამდენჯერმე იმეორებს: “და მეფობდა ესრეთ მირიან მცხეთით გაღმართ ქართლს, სომხითს, რანს, ჰერეთს, მოვაკანს და ეგრს”149. როცა მ. ხორენაცი ხსენებული არშაკ პართიის მეფის წყალობაზე საუბრობდა, აღნიშნავდა, რომ კავკასიის გარდა სომხეთის მეფეს წინა აზიის ზოგიერთი ტერიტორიებიც მისცა150.

თითქოს, ამ ცნობის პასუხად ლეონტი გვატყობინებს: “ხოლო მირიანს (სპარსელებმა) გულის-სადებად მისცეს ბარტამისგან ჯაზირეთი, და შამის ნახევარი, და ადარბადაგანი. და ესე ყოველი ქართლს, სომხითს, რანს, ჰერეთს და მოვაკანს ზედა მოურთეს”151. ასე რომ, მირიანის ქართლი, ლეონტის მიხედვით, თითქმის, არაფრით ჩამორჩებოდა არშაკუნიანთა სომხეთს. მაგრამ ყველაზე დიდი უპირატესობა, რომელიც ქართლს გააჩნდა, ლეონტის აზრით, იყო მისი განსაკუთრებული სტრატეგიული მდებარეობა. ქართლისა და მცხეთის ცენტრალური მდებარეობა კავკასიაში მას ამ ქვეყანაზე სრული კონტროლის საშუალებას აძლევდა. ამ აზრს ლეონტი თავის თხზულებაში სპარსეთის სასანიანი მეფის პირით გადმოგვცემს. იგი წერს სპარსთა მეფემ “უკეთესად გამოარჩია მცხეთას დასუმა ძისა მისისა მეფედ. რამეთუ ყოველთა ქალაქთა სომხითისა და ქართლისათა, რანისა და მის კერძოთა, ყოვლისა უფროსად და უმაგრესად გამოარჩია და მახლობელად ჩრდილოთა მტერთა, რათა ჰბრძოდის მათ მუნით და იპყრობდეს ყოველთა კავკასიანთა”152. ასეთი თვალსაზრისის დომინირებას ლეონტისდროინდელ საზოგადოებაში, გასაგებია, დიდი მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა კავკასიის მომავალი გაერთიანებისათვის მოღვაწე ქართველი პოლიტიკოსებისათვის, რომლებიც ამით კიდევ ერთ სერიოზულ არგუმენტს იძენდნენ თავიანთ სასარგებლოდ.

ქართლის ისტორიის ღირსეულად წარმოჩენასთან ერთად, ლეონტი განსაზღვრულ პატივს მიაგებს სომხურ ფოლკლორულ მასალასაც, რომელმაც ფართო გამოყენება ჰპოვა ძველ სომეხ ავტორთა თხზულებებში.
ამასთან, ამ სომხურ გადმოცემებს შესაშური ტაქტით ურთავს სპეციალურ განმარტებებს, რითაც მათ ჰიპერბოლური სამოსისაგან ათავისუფლებს. ლეონტის მიერ ასეთი ხერხით წარმოჩენილი პირველი ქრისტიანი სომეხი მეფის დახასიათება, ვფიქრობ, უფრო რეალური და ადამიანურიცაა ძველ სომეხ ავტორთა მიერ დახატულ პორტრეტთან შედარებით. თრდატის საგმირო საქმეთა შესახებ არსებული გადმოცემებიდან ლეონტის მხოლოდ აგათანგელოსთან დაცული ცნობა მოჰყავს გუთების თავდასხმის მოგერიებისას ბერძენთა ჯარში მყოფი თრდატის სიმამაცისა და მოხერხების თაობაზე. მადლიერი იმპერატორი თავის ლაშქარს აძლევს თრდატს და გაამეფებს სომხეთში. ლეონტი ამ ფაქტს ასე გადმოგვცემს: “ხოლო კეისარმან მისცნა სპანი თრდატს და გამოგზავნა სომხითს, მამულსა თვისსა. გამოვიდეს სომხითს და გამოასხნეს სპანი ერისთავნი მირიანისნი”153. ამჯერად, ლეონტი კიდევ ერთხელ (უკვე მეოთხედ), თუმცა არაპირდაპირ, მკითხველის ყურადღებას მიაქცევს იმაზე, რომ თრდატის გამეფებამდე სომხეთს მირიანი და მისი ერისთავები მართავდნენ. ამ კონტექსტში შესაძლოა საყურადღებო იყოს მ. ხორენაცის ცნობაც, რომლის მიხედვით, ხოსროვის მოკვლიდან თრდატის გამეფებამდე სომხეთს სპარსეთის მეფე თავისი მოხელეების შემწეობით 26 წელიწადს განაგებდა, ვითარცა ერთ-ერთ თავის მხარეთაგანს 154. ალბათ, არ არის გამორიცხული ლეონტისა და ხორენაცის ამ ცნობებს შორის რაღაც კავშირი არსებობდეს.

თრდატის დახასიათებისას, როგორც ჩანს, ლეონტი მ. ხორენაცის თხზულებასაც იყენებდა, მაგრამ სომეხ მეფეზე იქ არსებულ გაზღაპრებულ ცნობებს კი არ იმეორებს, არამედ მათ შინაარსს მოკლედ გადმოგვცემს: “და არავინ იპოვა ოდეს სპარსთა შორის მარტოდ-მბრძოლი თრდატისი. და სახელოვან იქმნა იგი ყოველსა ქუეყანასა, და სძლო ყოვლადვე მბრძოლთა მისთა, ვითარცა წერილ არს ამბავი მისი ცხორებასა სომეხთასა”155. ამ ბოლო წინადადებით ლეონტი, აშკარაა, მკითხველს აუწყებს, რომ თრდატის წარმოდგენილი დახასიათება მას კი არ ეკუთვნის, არამედ სომხურ მატიანეებს. მისი აზრით, ქართლისა და სომხეთის მეტოქეობაში სძლევდა ის, რომელსაც უფრო ძლიერი მხარდამჭერი ჰყავდა. ასე რომ, საკითხს წყვეტდნენ გარეშე პოლიტიკური ძალები და არა უშუალოდ რომელიმე მეტოქე. ლეონტის გადმოცემით, სომხეთში თრდატის გამეფებისა და იქიდან მირიანის ერისთავების გამოძევების შემდეგ მეზობელ ქვეყნებს შორის “დაუცხრომელად იყვის შფოთი… წელთა მრავალთა… ხოლო ოდეს მოირთის ძალი თრდატ საბერძნეთით და მომართის მირიანს, და მას ვერ ძალ-ედვის წინააღდგომად, და გამაგრნის ციხენი და ქალაქნი, და მოვლის თრდატ ქუეყანა მისი. და ოდეს განძლიერდის მირიან სპარსეთით, მაშინ ვერ წინააღუდგის თრდატ, და მოვლის მირიან სომხითი”156. მირიანსა და თრდატს შორის “დაუცხრომელი შფოთი” რომ საზღვრების გამო იქნებოდა ატეხილი ეს სრულიად ცხადია ლეონტის თხრობის მიხედვით, რადგანაც მისივე თქმით, კეისარმა თრდატი “სომხითს, მამულსა თўსსა” გამოგზავნა და ჩანს, სომხეთის მეფე ცდილობდა დამხმარე ძალის საშუალებით მისი მამული ჩრდილოეთით ზედმეტად გაეფართოებინა, რასაც, ბუნებრივია, მირიანის წინააღმდეგობა დახვდებოდა. მათ შორის ურთიერთობას ისიც ამწვავებდა, რომ ისინი ერთმანეთთან დაპირისპირებული მძლავრი სახელმწიფოების მფარველობის ქვეშ იმყოფებოდნენ და, ნებით თუ უნებლიეთ, მფარველის მისწრაფებათა გამომხატველნიც უნდა ყოფილიყვნენ. ასეთი დამოკიდებულება ქართლსა და სომხეთს შორის ლეონტის სტრიქონებში მკაფიოდ შეიგრძნობა. ლეონტის თანახმად, სპარსეთის მეფე წინადადებას აძლევს მირიანს “შევკრბეთ, და გარდავლოთ სომხითი, და შევიდეთ საბერძნეთად”157. როგორც ვხედავთ, ამ წინადადებაში მთავარი სამიზნე საბერძნეთია და არა სომხეთი. ეს უკანასკნელი მხოლოდ მცირე წინაღობაა, რომელიც უნდა გარდავლონ. თრდატმა ჭარბ ძალებს წინააღმდეგობა ვერ გაუწია და მოკავშირეებმა “წარტყუენეს სომხითი” და შევიდნენ საბერძნეთში. ამ ძალებს ვერც ბერძენთა მეფე კონსტანტინე აღუდგა წინ და დიდ მწუხარებას მიეცა158. ჩნდება ახალი ძალა, რომელიც სრულიად ცვლის მანამდე არსებულ ურთიერთობას ქვეყნებსა და ადამიანებს შორის. ქრისტეს ჯვარის სასწაულმოქმედი ძალით ბერძენთა მეფე კონსტანტინე, რომელმაც ირწმუნა ახალი მოძღვრება და ნათელ იღო, მცირე ძალებით ურიცხვი მტერი გაანადგურა, “ვითარ წერილ არს ესე განცხადებულად მოქცევასა ბერძენთასა” შენიშნავს ლეონტი მროველი. ამჯერად ქართველი მემატიანე მის მიერ მოყვანილ წყაროს გულგრილად კი არ აფიქსირებს მხოლოდ, არამედ შეფასებასაც აძლევს და მას ცხადსა და მორტალს უწოდებს, რითაც თავის კეთილსასურველ დამოკიდებულებას გამოხატავს გამოყენებული ლიტერატურის მიმართ.

ახალი სარწმუნოების უპირატესობისა და ძლიერების მოწმე მირიანი განუდგება სპარსელებს და კონსტანტინეს სამსახურში დგება, რის შემდეგ ქართველ-სომეხთა ურთიერთობა ჩვეულ, ლეონტისთვის სასურველ კალაპოტში ექცევა. კონსტანტინე მეფე ამოყვრებს ძველ მეტოქე მეზობლებს. მირიანის ვაჟი რევი ცოლად ირთავს თრდატის ქალიშვილს სალომეს. ბოლო ეღება სასაზღვრო კონფლიქტსაც. კონსტანტინე ბუნებრივ- გეოგრაფიულ საზღვარს უდებს მიჯნად მეზობლებს: “რომელთა ქუეყანათა მდინარენი დიან სამხრეთით და მიერთვიან რაЈსსა, ესე ქუეყანანი თრდატის კერძად დაყარნა; და რომლისა ქუეყანისა მდინარენი ჩრდილოთ დიან და მიერთვიან მტკუარსა, ესე მირიანის კერძად დაყარნა” 159. მშვიდობა და სიყვარული მყარდება, ლეონტით ერთი მამის შთამომავალ მოძმეებს შორის, რაც ქართველი მემატიანის კონცეფციის კანონზომიერ გამოვლინებას წარმოადგენდა. მშვიდობა და მოყვრობა კავკასიის ხალხებს შორის კი ლეონტის დროინდელი ქართული სახელმწიფოს პერსპექტიული პოლიტიკის საფუძველი იყო, რომლის ხორცშესხმას ლეონტისთან ერთად შუა საუკუნეების ქართული ისტორიოგრაფია და მწერლობა ემსახურებოდა.

ლეონტის მიერ მოვსეს ხორენაცის კრიტიკა არ იქნებოდა სრული, თუ ის თავის დამოკიდებულებას არ გამოხატავდა სომეხი მემატიანის თვალსაზრისზე კავკასიის სარწმუნოებრივი და კულტურული იერსახის შესახებ. არც ამ შემთხვევაში ღალატობს ლეონტი მ. ხორენაცის კრიტიკის თავის მეთოდს და სომეხი მემატიანის შესწორებას კვლავ განაგრძობს. ძველ ქართლში სომხური წარმართული კულტის ბატონობის მ. ხორენაცისეული მტკიცების საპასუხოდ ლეონტი ქართველთა უძველესი სარწმუნოების წარმოქმნისა და მისი განვითარების თანამიმდევრულ სურათს გადმოგვცემს, სადაც სომხური გავლენისათვის ადგილი აღარ არსებობს. ლეონტის თანახმად, ქართველებმა თავიანთი თავდაპირველი სარწმუნოება ქართლში მოსვლის შემდეგ შეიმუშავეს, რაც ძირითადად, ქართლოსის საფლავისა და მნათობების თაყვანისცემით გამოიხატებოდა. იგი წერს: “და იქმნეს მსახურ მზისა და მთოვარისა და ვარსკულავთა ხუთთა, და მტკიცე და უფროსი საფიცარი მათი იყო საფლავი ქართლოსისი”160. ამის შემდეგ ძველ ქართულ წარმართულ პანთეონში ადგილს კერპები იკავებენ: გაცი და გაიმ161, უმთავრესი კი ფარნავაზის მიერ შექმნილი კერპი ხდება. მის შესახებ, სხვებისგან განსხვავებით, საგანგებო ხაზგასმით გადმოგვცემს ამ ღვთაების შექმნის ამბავს: “ფარნავაზ შექმნა კერპი დიდი სახელსა ზედა თўსსა: ესე არს არმაზი, რამეთუ ფარნავაზს სპარსულად არმაზ ერქუა. ამართა კერპი იგი არმაზი თავსა ზედა ქართლისასა, და მიერითგან ეწოდა არმაზი კერპისა მისთўს. და ქმნა სატფურება დიდი კერპისა მისთўს აღმართებულისა”162. მემატიანე განსაკუთრებული აქცენტებით გადმოგვცემს ღვთაება არმაზის სახელწოდების ფარნავაზისგან წარმომავლობას და ამ ფაქტს ერთ წინადადებაში სხვადასხვა ფორმით რამდენჯერმე იმეორებს, თითქოს შიშობს ეს სახელი მკითხველს სხვაში არ აერიოს. ეტყობა, ლეონტი სომხური არამაზდის სახელს უფრთხოდა (ალბათ, არმაზისა და არამაზდის სპარსულიდან საერთო წარმომავლობის გამო), რის გამოც მკითხველის ყურადღებას საგანგებოდ ამახვილებდა ღვთაება არმაზის ეროვნულ წარმომავლობაზე. ფარნავაზის მემკვიდრეებმა ქართულ წარმართულ პანთეონს კიდევ რამდენიმე კერპი შემატეს. მაგალითად, საურმაგმა “შექმნა ორნი კერპნი აინინა და დანინა, და ამართნა გზასა ზედა მცხეთისასა”163. ფარნაჯომმა “შექმნა კერპი სახელით ზადენ, და ამართა ზადენს”164; რევმა კი “მოიყვანა ცოლი საბერძნეთით, ასული ლოღოთეთისა, სახელით სეფელია. და ამან სეფელია მოიტანა თანა კერპი, სახელით აფროდიტოს, და აღმართა თავსა ზედა მცხეთისასა”165. ამრიგად, ძველ ქართულ წარმართულ პანთეონში, ლეონტის მიხედვით, სულ შვიდი კერპი ჩანს: გაცი, გაიმ, არმაზი, აინინა, დანანა, ზადენი და აფროდიტოსი. აქედან ერთია გარედან (საბერძნეთიდან) შემოტანილი. ეს შვიდი კერპი იყო, ლეონტის თანახმად, ქართველთა სალოცავი და მათ შემდეგ სხვა აღარ შემატებიათ.

პირველი ქრისტიანი ქართველი მეფის შესახებ ჩვენი მემატიანე ამბობს: “აღიზარდა მირიან მსახურებასა მას შინა შვიდთა მათ კერპთასა”166. ლეონტის გადმოცემით, ძველი ქართული სარწმუნოება და მისი ღვთაებები სახელგანთქმული თანამედროვეების აღიარებასა და პატივისცემას იმსახურებდნენ. მაგალითად, ლეონტის თქმით, ალექსანდრე დიდმა უბრძანა ქართლის ერისთავად დანიშნულ თავის მოხელეს “რათა პატივსცემდნენ მზესა და მთოვარესა და ვარსკულავთა ხუთთა”167. ე. ი. ქართველთა უძველეს სარწმუნოებას. ასევე, ქართლში გამეფებულმა სპარსეთის მეფის ვაჟმა მირიანმა “ჰმატა შემკობა კერპთა და ბომონთა, კეთილად იპყრნა ქურუმნი კერპთანი, და ყოველთა მეფეთა ქართლისათა უმეტეს აღასრულებდა მსახურებასა მას კერპთასა, და შეამკო საფლავი ფარნავაზისი”168.

როგორც ვხედავთ, ლეონტი ფაქტებით ადასტურებს ძველი ქართული სარწმუნოების თვითმყოფადობასა და ავტორიტეტს ძველ სამყაროში, რაც თავისთავად გამორიცხავს სულიერი კულტურის სფეროშიც ქართლის დამოკიდებულებას სომხეთზე. სომხური ისტორიოგრაფიის პრეტენზიებს, ამჯერად, თუმცა არაპირდაპირ, მაგრამ საკმაოდ ეფექტურადნანეიტრალებს.

კავკასიაში ქრისტიანული სარწმუნოების აღმოცენებასა და გავრცელებაზე სომხური ისტორიოგრაფიის მიერ წარმოდგენილი ვერსია უკვე საკმაოდ არგუმენტირებულად იყო უარყოფილი “მოქცევაЎ ქართლისაЎს” კრებულში შესული “ნინოს ცხოვრების” ავტორის მიერ, რაც ლეონტის ათავისუფლებდა დამატებითი კვლევა-ძიებასგან. ამიტომაც მან შუა საუკუნეების მწერალთა ჩვეულების მიხედვით, ქართლის გაქრისტიანების ეს ისტორია პირდაპირ ჩართო თავის ძირითად ნაშრომში, ზოგიერთი უმნიშვნელო რედაქციული ცვლილებებით, რაც გამოწვეული უნდა ყოფილიყო მის კონცეფციასთან თანხმობაში მოსაყვანად, ე. ი. კონფესიური დაპირისპირების შესარბილებლად.
გაცილებით რთული იყო ქართული ენისა და დამწერლობის ისტორიის შეთავსება ლეონტის კონცეფციასთან. თარგამოსის შთამომავლობიდან გამომდინარე, “მისი თეორია მოითხოვდა სომხური ენის პირველადობას” (ნ. ბერძენიშვილი)169, რეალური ვითარება კი გაერთიანებული საქართველოს კულტურული მეწინავეობის ჩვენებას კავკასიაში.
ამ წინააღმდეგობის დასაძლევად პოლიტიკოსმა მემატიანემ თარგამოსიანთა საერთო ენის – სომხურის შესაძლებელი ფუნქციონირება ისტორიულ შორეთში გადაიტანა, როცა კავკასიის ხალხების ინდივიდუალობა ჯერ კიდევ არ იყო გამოკვეთილი და ამით მისი კულტურული მნიშვნელობა უკიდურესად შეამცირა. დამოუკიდებელი ნათესავის – ხალხის წარმოქმნა კი ლეონტის ხანგრძლივ ისტორიულ პროცესად აქვს წარმოდგენილი, რომელიც საერთო მამის შვილთა ანუ კავკასიის ხალხთა ეთნარქების ერთმანეთისაგან ტერიტორიული გამიჯვნითიწყებოდა. ქართლის ტერიტორიის წარმოქმნის საფლავი და მნათობები. ამასობაში ქართლში თანდათან სხვადასხვა უცხოტომელმა ნათესავმა მოიყარა თავი, რის შემდეგ ქართლოსიანებმა მიატოვეს საერთო მამამთავრის ენა და ყველა მათგან შექმნეს საკუთარი ქართული ენა. მემატიანე ამ დიდმნიშვნელოვან კულტურულ მოვლენას ასე გადმოგვცემს: “აქამომდის ქართლოსიანთა ენა სომხური იყო, რომელსა ზრახვიდეს, ხოლო ოდეს შემოკრბეს ესე ურიცხუნი ნათესავნი ქართლსა შინა, მაშინ ქართველთაცა დაუტოვეს ენა სომხური. და ამათ ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა ენა ქართული” და განაგრძობს: “და იყვნეს ქართლს ესრეთ აღრეულ ესე ყოველნი ნათესავნი, და იზრახებოდა ქართლსა შინა ექუსი ენა; სომხური, ქართული, ხაზარული, ასურული, ებრაული და ბერძული. ესე ენანი იცოდეს ყოველთა მეფეთა ქართლისათა, მამათა და დედათა”170.
სომხური ენის დატოვების წინამავალ მოვლენად ჩვენი მემატიანე ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის აღებასა (ძვ. წ. 586 წ.) და დევნილი ებრაელების მცხეთაში მოსვლას ასახელებს, რითაც, თითქოს, ქართული ენის შექმნის თარიღსაც იძლევა. მის მიერ მოცემულ წინადადებაში გამოყენებული სიტყვები “აქამომდის”, “ოდეს” გვიჩვენებს, რომ ენის შექმნაც ლეონტის ხანგრძლივ პროცესად წარმოუდგენია, რამდენადაც ურიცხვი ნათესავის ქართლში შემოკრება ისე რომ, ისინი იქ დამკვიდრებულიყვნენ და მათი ენებიც ერთმანეთისათვის გასაგებიც გამხდარიყო, ცხადია, მოკლე დროში ვერ მოხერხდებოდა. ამიტომ ძვ. წ. VI ს. დასაწყისი ხანა ქართული ენის ფორმირების ხანგრძლივი პროცესის დასრულების ლეონტისეულ თარიღად შეიძლება მივიჩნიოთ. მიუხედავად იმისა, რომ ლეონტის მიხედვით, ქართული ენა ქართლში მოსახლე “ყოველთა ნათესავთაგან შეიქმნა”, ის ერთხანს მაინც ვერ გაბატონდა და ქართლში ექვს ენაზე ლაპარაკობდნენ. ამასთან, განმარტავს, რომ ეს ენები იცოდნენ “ყოველთა მეფეთა ქართლისათა, მამათა და დედათა”.
ამ წინადადებაში სიტყვა “მეფეთა”-ს მოხსენიება, თუკი მათში ქართველი მეფეები უნდა ვიგულისხმოთ, სრულიად უადგილოა და ზედმეტი, რადგანაც ამ დროს ქართლში ქართველი მეფე ჯერ კიდევ არ იყო და მის მოსვლამდე წინ ორ საუკუნეზე მეტი დრო იყო გასავლელი. ჩანს, ამიტომაც, ვახუშტი ბატონიშვილმა საქართველოს ძველი ისტორიის ნაწილში, რომელიც ძირითადად ლეონტის მისდევს, ამ ადგილის გადმოცემისას სიტყვა “მეფე” საერთოდ გამოტოვა171. შესაძლოა ლეონტი ენების მცოდნე ქართლის მეფეებში იმ უცხო ხელისუფლებს გულისხმობდა, რომელნიც თავის ხელისუფლებას ხანგამოშვებით ქართლზეც ავრცელებდნენ. თორემ, ქართველთაგან ქართლის პირველ მეფედ რომ მხოლოდ და მხოლოდ ფარნავაზი მიაჩნდა ლეონტის, ამის შესახებ ცხადად და ეჭვმიუტანელად აქვს მასვე განცხადებული.

გადის დრო და ქართლოსიანები დამოუკიდებელ სახელმწიფოს ქმნიან ქართველი მეფით სათავეში, რომელიც უზრუნველყოფს ქართლში ქართული ენის სრულ უპირატესობას დანარჩენებზე და მას სახელმწიფო ენის მნიშვნელობას ანიჭებს, ამასთან ქმნის ქართულ ანბანს, ქართული მწიგნობრობის განვითარების საფუძველს. საზეიმოდ ჟღერს ლეონტის სიტყვები: “და ესე ფარნავაზ იყო პირველი მეფე ქართლსა შინა ქართლოსისა ნათესავთაგანი. ამან განავრცო ენა ქართული, და არღარა იზრახებოდა სხუა ენა ქართლსა შინა თўნიერ ქართულისა. Dა ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული”172.

ლეონტი ამჯერადაც არ ღალატობს წყაროების კრიტიკის თავის მეთოდს. იგი მ. ხორენაცივით ღიად კი არ უარყოფს მისთვის მიუღებელ დებულებებს, არამედ კორიუნისა და მ. ხორენაცის თხზულებებში დაცულ ვერსიებს მესროპ-მაშტოცის მიერ ქართული ანბანის თაობაზე, საერთოდ არც ახსენებს და მის საპირისპიროდ ქართული ანბანისა და დამწერლობის ისტორიის თანამიმდევრული სურათის ჩვენებით ნიადაგს აცლის ამ სომხური ტრადიციის მტკიცებებს. ინფორმაციის ასეთი ხერხით მიწოდებისას მკითხველი ყოველგვარი მინიშნებებისა და კომენტარების გარეშეც უნდა მიმხვდარიყო და, ალბათ, ხვდებოდა კიდეც, რომ სახელმწიფოებრივი საჭიროებისათვის ფარნავაზის მიერ შექმნილი ქართული ანბანი სულ ცოტა შვიდი საუკუნით მაინც უფრო ძველი იყო სომხურზე, რის გამოც ახ. წ. V ს. მცხოვრები მესროპ-მაშტოცი ქართული ანბანის შემქმნელი ვერ იქნებოდა. ხაზგასასმელი გარემოებაა, წერდა ნიკო ბერძენიშვილი, რომ ქართულმა ტრადიციამ ქართული მწიგნობრობის გაჩენა დაუკავშირა არა ქრისტიანობის შემოსვლას, არამედ ქართული ეროვნული კულტურის დიდ ტეხილს ქართული სახელმწიფოს წარმოქმნას173. ეს გარემოებაც საკმაოდ დამაჯერებელი არგუმენტი იყო ლეონტის თეორიის სასარგებლოდ.

 შემდეგ ქართლოსიანებმა საკუთარი სარწმუნოებაც შეიმუშავეს – ქართლოსის იგივე იდეოლოგიური მიმართულება, სომხურ ისტორიოგრაფიასთან დაპირისპირების იგივე ფორმები (მიუღებელი დებულებების ღია კრიტიკის ნაცვლად, მათი შეცვლა და შესწორება), გადმოცემის მსგავსი მეთოდი და სხვა, თავს იჩენს ქართლის ცხოვრების კრებულში შესულ ლეონტის მომდევნო ავტორთა თხზულებებშიც. ჯუანშერი, “მატიანე ქართლისაЎს” ავტორი და სუმბატ დავითის ძე არჩეული ქრონოლოგიური საზღვრებისა და თემატიკის ფარგლებში თანამიმდევრობით წარმოაჩენენ ქართველ და სომეხ ხელისუფალთა მოყვრობა-ნათესაობის ფაქტებს და მათზე აქცენტირებით ცდილობენ სომხეთის მემკვიდრეობისათვის ბრძოლაში ქართველთა უფლებების ლეგიტიმაციას. ამასთან ერთად, სომხებთან კეთლისმყოფელი დამოკიდებულება ხელს არ უშლის სომხური ისტორიოგრაფიის ცნობილ სიუჟეტებს საკუთარიც დაუპირისპირონ. მაგალითად, ჯუანშერის მტკიცებით, ვახტანგ გორგასალი მოყვრობითა და ნათესაობით ყოფილა დაკავშირებული სომხეთის სამეფო სახლის წევრებთან და უმაღლესი არისტოკრატიის ერთ ნაწილთან. ქართველი მემატიანე ვახტანგის პირით გვაუწყებს, რომ პირველი ქრისტიანი სომეხი მეფე თრდატ III ქართველთა მეფის ნათესავი იყო დედის მხრიდან174. მისივე თქმით, ვახტანგს თავისი და ხუარანძე სომეხთა პიტიახშისთვის _ ბაკურისათვის მიუთხოვებია175. სომხეთზე ვახტანგის უფლების კანონიერების საჩვენებლად კი სომხეთის სამეფო სახლთან ნათესაობის გარდა, ჯუანშერი კიდევ უფრო შთამბეჭდავ არგუმენტს იშველიებს. მისი თქმით, სპარსეთის მეფეს თავისი ასული მიუცია ცოლად ვახტანგისათვის და მზითვად სომხეთი და მთელი კავკასიაც უბოძებია:
“და მოსცა სომხითი და ყოველნი მეფენი კავკასიანნი ზითვად”176. ასსეტ არგუმენტს, როგორც უკვე ითქვა, მიმართავდნენ მ. ხორენაციცა და ლეონტიც, რომლებიც საკუთარი ქვეყნისათვის სასურველი ტერიტორიის მფლობელობის დაკანონებას უცხო ხელისუფლებს მიაწერდნენ: პირველი, პართიის პირველ არშაკიდ მეფეს, ხოლო მეორე ქასრე სასანიანს177.

ქართველთა პრეტენზიებს ჯუანშერი ბიბლიური წარსულითაც ამაგრებს.
ვახტანგის პირით იგი აცხადებს: ჩვენ “რომელნი ვართ ნათესავნი ნებროთ გმირისანი, რომელი უწინარეს ყოველთა მეფეთა გამოჩნდა ქუეყანასა ზედა, რომელი ლომსა ძალითა ვითარცა თიკანსა მოიყვანებდა, კანჯართა და ქურციკთა ქუეითი იპყრობდა. რამეთუ ეზომ განდიდნა ძალი მისი, რომელ დაემორჩილნეს ყოველნი ნათესავნი ნოესნი”178. თქმა არ უნდა, რომ ნოეს ნათესავებში, ჩვენი ავტორი პირველ რიგში სომხებს გულისხმობდა. ამასთან, ჯუანშერს არ ავიწყდება პატივითა და ღირსებით მოიხსენიოს სომხებიცა და მათი საამაყო შვილებიც. ჯუანშერი “დიდ მოძღვარს” უწოდებს გრიგოლ პართელს, ხოლო თრდატ III-ს “გმირსა” და “მუშაკ ეკლესიათა”179, რაც შუა საუკუნეების საზოგადოებისათვის ერთ-ერთი უმაღლესი შეფასება იყო. საყურადღებოა, აგრეთვე, ჯუანშერის მიერ ვახტანგ გორგასლის გარეგნობისა და ფიზიკური შესაძლებლობის დახასიათება, რაც თავისი შინაარსითა და მიზანდასახულობით ძალაუნებურად ასოციაციას აღძრავს სომხურ ისტორიოგრაფიაში ამ მხრივაც განდიდებულ თრდატ III-თან. ჯუანშერი წერს: “მას ჟამსა იყო ვახტანგ წლისა ოცდაორისა; და იყო იგი უმაღლეს კაცთა მის ჟამისათა, და უშუენიერეს სახითა და ძლიერი ძალითა, რომელ ჭურვილი ქუეთი ირემსა მიეწიის, უპყრის რქა და დაიჭირის, და ცხენი ჭურვილი აღიღის მხართა ზედა და მცხეთით აღვიდის ციხესა არმაზისასა” 180. თხზულებაში არაერთგზის გვხვდება, აგრეთვე, ქართველსომეხთა საბრძოლო თანამშრომლობის ეპიზოდებიც. ყველა ერთად კი, როგორც ვხედავთ, სრულ თანხმობაშია ლეონტი მროველის ისტორიული კონცეფციის სულისკვეთებასთან.
არსებითად, მსგავს დამოკიდებულებას იჩენენ სომხური თემისადმი “მატიანე ქართლისავის” ავტორი და სუმბატ დავითის ძეც. ისინი გამახვილებული ყურადღებით გადმოგვცემენ ქართველ-სომეხთა მოყვრობისა და თანამშრომლობის ფაქტებს. მაგალითები: გურამ მამფალი და მისი სიმამრი აბულაბას სომეხთა ერისთავი არაბთა წინააღმდეგ შეკავშირდნენ და ქართველ მთიულებთან ერთად მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენეს ბუღა თურქის მარბევალ ლაშქარს181; სარკინოზებთან ბრძოლაში განთავისუფლებული ქვეყნები, მემატიანეს გადმოცემით, “გუარამ განუყვნა ქუეყანანი ძმათა თვისთა ადარნასეს და ბაგრატს, და აბოცი განუყო ცოლის ძმასა თვისსა სომეხთა მეფესა”182. ამ კონტექსტში კიდევ უფრო შთამბეჭდავი ჩანს სუმბატ დავითის ძის მიერ წამოყენებული ქართველ და სომეხ ბაგრატოვანთა საერთო წარმომავლობის ვერსია. ქართველსომეხთა ურთიერთობის ამგვარი პოზიტიური გაშუქება მკითხველის მიმხრობასთან ერთად, ეტყობა, მიზნად ისახავდა IX-XI სს. სომხური ისტორიოგრაფიის წარმომადგენელთა თხრობის მეტ-ნაკლებად აგრესიული მუხტის ჩახშობასა და მისთვის დამახასიათებელი ცნობილი ტენდენციების გავლენის შესუსტებას. შესაძლოა ამიტომაც, “მატიანე ქართლისაЎს” ავტორი არ ერიდება სრულად წარმოადგინოს IX-X სს. კავკასიაში პირველობისათვის გაჩაღებულ ბრძოლაში სომეხ დინასტთა აქტიური მონაწილეობა. ისიც ცხადია, რომ ქართველ მემატიანეს არც სჭირდებოდა ფაქტების შელამაზება, რადგანაც კავკასიაში შექმნილ რეალურ პოლიტიკურ სიტუაციას თავიდანვე ქართველთა სასარგებლო მიმართულება ჰქონდა (შიდა ქართლი კავკასიის გაერთიანების ცენტრი იყო და აქ გაბატონების ქართველთა შესაძლებლობები სხვებთან შედარებით ბევრად დიდი იყო) და XI ს. 70 წლების დასაწყისში, როცა ის თავის თხზულებას წერდა, უკვე იცოდა რა ამ ბრძოლის შედეგები (სომხური სამეფოების გაუქმება), ის ცდილობს პირუთვნელად გააშუქოს კავკასიის გაერთიანებისათვის ბრძოლის დიდმნიშვნელოვანი პროცესი ისე რომ, მის ჭეშმარიტებაში არავის შეეპაროს ეჭვი, ამასთან ოფიციალური სახელმწიფო პოლიტიკის შესაბამისად, მომავალი ფინალის შემოქმედად, ბრძოლაში მონაწილე ყველა პოლიტიკური ძალა დასახოს. ჩვენი მემატიანის მიხედვით, დაპირისპირებული მხარეები ეთნიკურად არაერთგვაროვანი, ძირითადად ქართულ-სომხური შემადგენლობისაა, ე. ი. მებრძოლი ჯგუფები იქმნებოდა არა ეროვნული, არამედ პოლიტიკური ნიშნის მიხედვით, რაც იმასაც ნიშნავდა, ალბათ, რომ, მემატიანის აზრით, კავკასიის გაერთიანება ქართველი და სომეხი მონათესავე დინასტიების საერთო საქმე იყო. ვფიქრობ, ამგვარ ურთიერთობათა სურათი იხატება “მატიანე ქართლისაЎს” შემდეგი ადგილებიდან: “ხოლო ნასრა, ძე გუარამისი, და გურგენ იყვნეს აფხაზთა კერძ, ხოლო დავით და ლიპარიტ უშუელდეს სომეხთა, და იბრძოდეს სომეხნი და აფხაზნი ქართლსა ზედა” 183; “ხოლო ნასრას შეუკრბეს მტერად სომეხნი, ლიპარიტ და ქართველნი, და აშოტ ძმა დავითისი, და მათ თანა სარკინოზნი”184; “მოვიდეს გურგენ და ადარნასე, ძე დავითისი; უშუელეს სომეხთა, შეიბნეს მტკუარსა ზედა; იძლივნეს აფხაზნი, მოკლეს ნასრა და ბაყათარ, მთავარი ოვსი, და ერისთავი აფხაზთა”185. X ს. დასაწყისის ამბების გადმოცემისას კი ქართველი მემატიანე გვაუწყებს: “მას ჟამსა გამოვიდა კოსტანტი, აფხაზთა მეფე, დაიპყრა ქართლი, და ემტერა სომეხთა მეფე სუმბატ ტიეზერაკალი, გამოილაშქრა სპითა დიდითა, და მოადგა უფლისციხესა, და მოიღეს პალან-კურდანი, აღმოაგეს ზემო-კერძო და წარიღეს ციხე ხერხითა. ხხოლო კეთილად იმზახნეს სუმბატ და კოსტანტი, და უკუმოსცა უფლისციხე და ყოველი ქართლი”186. მემატიანის ამ ცნობაში არაერთი წინააღმდეგობრივი ხასიათის პასაჟია მოცემული. გაუგებარია, რა აზრი ჰქონდა დიდი ლაშქრობის მოწყობას ქართლისა და უფლისციხის ასაღებად, თუკი შემდეგ ნებაყოფლობით უნდა დაეთმო სომეხთა მეფეს? ანდა, თუ მოლაპარაკებით შეიძლებოდა პრობლემის მოგვარება, რატომ არ შედგა ის ომის დაწყებამდე? როგორც ჩანს, ჩვენი ავტორის მიზანი იყო ეჩვენებინა ქართველებსა და სომხებს შორის ომის პირობებ- შიც კი “კეთილად მზახობის” შესაძლებლობა, მათ ურთიერთობაში საერთო ინტერესების პრევალირება კერძოზე, რაც უშუალოდ გამომდინარეობდა ქართულ სამეფო კარზე შემუშავებული იდეოლოგიიდან.
X ს. მეორე ნახევრიდან კავკასიაში შექმნილი საშინაო და საგარეო პირობები ქართველ ხელისუფლებს ხსენებული

პოლიტიკური პროცესის სათავეში აქცევენ, რის გამოც ჩვენი მემატიანეები ამ ხანის ამბების გადმოცემისას სრული ობიექტურობით ადასტურებენ (დავით კურაპალატით დაწყებული ბაგრატ IV ს. ჩათვლით) ქართველ ხელისუფალთა გავლენის პერმანენტულ ზრდას კავკასიაში, მისთვის შესაფერისი შინაარსის გამოთქმებით. მაგალითად, დავით კურაპალატმა “მოუწოდა ლაშქარსა თўსსა და უЈმო ყოველთა მეფეთა სომხითისათა”187; როდესაც ბაგრატ III-მ მოციქული გაუგზავნა ანისის მეფე შაჰანშა გაგიკ I-ს და განძის ამირა ფადლონის წინააღმდეგ ლაშქრობა შესთავაზა, ქართველი მემატიანის თქმით, გაგიკმა “განიხარა სიხარულითა დიდითა, მოსწრაფედ მოუწოდა ყოველთა სპათა თўსთა, წარმოემართა და მოვიდა წინაშე ბაგრატ აფხაზთა მეფისა”188. სუმბატ დავითის ძის მტკიცებით კი ბაგრატ III-მ “დაიპყრა ყოველი კავკასია თўთმპყრობელობითა ჯიქეთითგან ვიდრე გურგენდმდე. ხოლო ადარბადაგანი და შარვანი მოხარკე ყო, სომხითისა ხელმწიფებითა, ნებიერად განაგებდა”189. სხვათა შორის, სომხური წყაროების ერთი ნაწილიც აღნიშნავს დავით კურაპალატის, ბაგრატ III-ის, გიორგი I-ის და ბაგრატ IV-ის დიდ გავლენას სომხურ სამეფოზე.
ლეონტი მროველის, ჯუანშერის, “მატიანე ქართლისავის” ავტორის და სუმბატ დავითის ძის დაინტერესება სომხური თემით, არსებითად, ერთი და იმავე იდეოლოგიურ საფუძვლებს ემყარება და ფაქტების შერჩევისა და გადმოცემისას ისინი ერთმანეთს ავსებენ. ვფიქრობ, საეჭვო არ უნდა იყოს, რომ გაერთიანებული საქართველოს მთავარი პოლიტიკური მიმართულება სომხეთის შემოერთებისა და კავკასიის მომავალი გაერთიანებისაკენ, ძირითადად, განსაზღვრავდა XI ს. ქართველი მემატიანეების დამოკიდებულების ფორმას მათი თანამედროვე და წინამორბედი სომხური ისტორიოგრაფიის ცნობილი ტენდენციების მიმართ. მათი ღია კრიტიკის ნაცვლად, ხსენებული ქართველი ავტორები თანადროულ საზოგადოებას სთავაზობენ დროის შესაფერისად გამართულ კავკასიის ისტორიის ახალ მოდელს, რომელიც უკვე თავისთავად უარყოფდა ახალი რეალობებისათვის შეუფერებელ ძველ სომხურ მოდელს.
მომდევნო საუკუნეებში, სომხური სამეფოების დასუსტებისა და გაქრობის კვალობაზე, სომეხ ავტორთა თხრობის მედიდური ტონი და ჰეგემონისტური მიდრეკილებები თანდათან ცხრება და საპირისპიროდ იცვლება. ისტორიული სომხეთის დიდი ნაწილის საქართველოს ცენტრალიზებული მონარქიის შემადგენლობაში შემოსვლის შემდეგ კი სომხეთის ისტორია საქართველოს ისტორიის ნაწილად იქცა, რის გამოც სომეხ ავტორთა ინტერესი მის მიმართ უზომოდ გაიზარდა და მათი დამოკიდებულება ამ ისტორიისადმი შემრიგებლური და თბილი გახდა.

ნიშანდობლივია, რომ დაახლოებით, XII ს. მეორე ნახევარშივე ითარგმნა სომხურ ენაზე “ქართლის ცხოვრება” და სულ მალე მისმა თეორიულმა დებულებებმა და ცნობებმა ასახვა პოვეს სომხურ ისტორიოგრაფიაში.
მაგალითად, “ქართლის ცხოვრების” ძირითადი კონცეფციისა და ქართული კულტურის გავლენის კვალი აშკარად შეიმჩნევა მხითარ აირივანეცის “ქრონოგრაფიულ ისტორიაში”. სომხური ტრადიციის საპირისპიროდ, მხითარ ეპისკოპოსს ჰაიკი, სომეხთა ლეგენდარული მამამთავარი, ქართველ მთავართა სიაში შეჰყავს190 და აღნიშნავს მისი რვა ძმის არსებობას, რომელთაც, თურმე, მან გაუნაწილა ვრცელი ტერიტორია ტრაპიზონიდან დარიალამდე და დარუბანდამდე191. ამ გადმოცემაში მთავარი ისაა, რომ ჰაიკის ძმების ცნობით, მხითარ ეპისკოპოსი, ნებით თუ უნებლიედ, იზიარებს ლეონტი მროველის კონცეფციის მთავარ იდეას კავკასიის ხალხთა ნათესაობის შესახებ, რაც კავკასიური მასშტაბის მრავალეროვნული ქართული სახელმწიფოს უმთავრეს დოქტრინად იყო უკვე მიღებული. ასევე, სომხური ტრადიციის საპირისპიროდ, მხითარ აირივანეცი იზიარებს ლეონტის თვალსაზრისს ქართული ანბანის შექმნის თაობაზე, როცა წერს, რომ პირველმა ქართველმა მეფემ ფარნავაზმა ექვსი ენიდან შექმნა ქართული და მანვე შექმნა მათი დამწერლობაო192.
სომხური ტრადიციისგან განსხვავებით თარგამოსის შვილებზე – ჰაიკსა და მის შვიდ ძმაზე ლაპარაკობს ვარდან არეველციც193. შხვა ადგილას კი იმავე თემაზე საუბრისას წერს: “ქართველთა მეფობის დასაბამზე მათ წიგნებში წერია, რომ თარგამოსი რვა ვაჟით მოვიდა აირარატის გავარში დიდი წარღვნის შემდეგ. მისი სამი ვაჟი ჰაოსი, ქართლოსი და კავკასოსი გახდნენ პირველი ტახტის მფლობელები, გაბატონდნენ ქვეყნებზე და თავიანთი სახელების მიხედვით უწოდეს ჰაისი, ქართლი და კავკასია. (ისინი) ბატონობდნენ პონტოს ზღვიდან კასპიის ზღვამდე” 194.
ქართველ-სომეხთა ნათესაობის მიმანიშნებელ ამ ტექსტში ყურადღებას იქცევს ერთობ საგულისხმო გარემოება, რომლის მიხედვითაც დასახელებული სომეხი ავტორები დუმილით გვერდს უვლიან ლეონტის ცნობას ჰაოსის პირმშოობისა და მასთან დაკავშირებული პრივილეგიების არსებობაზე, რაც, თითქოს, მათ ინტერესებს უნდა შორდებოდეს.

მართალია, მხითარ აირივანეცი განსაზღვრული ინიციატივის მქონედ წარმოგვიდგენს ჰაოსს, რომელიც უშუალოდ უნაწილებს ძმებს ტერიტორიას ტრაპიზონიდან დარუბანდამდე, მაგრამ ძმებს შორის უპირატესობის მქონედ გარკვეულად არავინ ჩანს. ძმების თანაბარუფლებიანობა კიდევ უფრო მკაფიოდაა აღბეჭდილი ვარდან არეველცის მოყვანილ ტექსტში, რომლის თანახმად, მხოლოდ თარგამოსის სამი ვაჟი ჰაოსი, ქართლოსი და კავკასოსი ბატონობდნენ ვრცელ ტერიტორიაზე პონტოს ზღვიდან კასპიის ზღვამდე და ისინი თვითონ გახდნენ პირველი ტახტის მფლობელები. როგორც ჩანს, არსებული სინამდვილე (მონღოლთა ბატონობის პირობებშიც კი ქრისტიანული სომხეთი საქართველოს შემადგენლობაში “გურჯისტანის ვილაიეთში” განიხილებოდა) შორეული წარსულის რეკონსტრუქციის სხვა საშუალებას აღარ იძლეოდა, სომხური ტრადიცია კი სომეხთა გენეტიკურ უპირატესობაზე, ახლა უკვე დამაჯერებლობას მოკლებული, ანაქრონიზმად გამოიყურებოდა.
დიდი ქართული ქრისტიანული სახელმწიფოს არსებობის ფაქტორი კავკასიაში, რომლის შემადგენლობაში შემოსული სომხეთი მთელ ქვეყანასთან ერთად სოციალურ-ეკონომიკურსა და კულტურულ აღმავლობას განიცდიდა, თავისთავად უკვე დიდი მნიშვნელობის მოვლენა იყო მომთაბარეთაგან გადარჩენილი ამ ნაწილის უშიშროებისა და თავისუფალი განვითარებისათვის, რამაც წარუშლელი შთაბეჭდილება მოახდინა მრავალჭირგამოვლილ სომეხთა ცნობიერებაზე. და როგორც აკად. ს. ერემიანი წერდა, XVIII ს. კი სომხეთის მომავალი საქართველოს გარეშე არც წარმოიდგინებოდა195. ასეთმა განწყობილებამ, ბუნებრივია, რომ შესაფერისი ასახვა პოვა XII-XVIII სს. სომხურ ისტორიოგრაფიაში.

ქართული სახელმწიფოებრიობის როლი და მნიშვნელობა აღნიშნული ხანის სომხური საზოგადოების ცხოვრებაში, ვფიქრობ, ყველაზე ზუსტად გამოცემულია XV ს. სომეხი მონაზონის მათეოს განძასარელის თხზულებაში, სადაც დიდი მწუხარებაა გამოთქმული საქართველოს მეფის კონსტანტინე I-ის დაღუპვის გამო და იქვე განმარტებულია ამ მწუხარების სიმძიმის მიზეზი: “რადგანაც დიდსა ნათესავსა ჩვენსას ჰყავდა ის თავის მეფის მაგივრად”196. ამ ტექსტში კონსტანტინე ზოგადი მნიშვნელობით ქართული სახელმწიფოებრიობის განმასახიერებელ მეფედაა წარმოდგენილი და სომეხი მემატიანის მიერ მისი სომეხთა მეფის “მაგიერად” მიჩნევა, ფაქტობრივად, ნიშნავს ქართული სახელმწიფოსათვის სომხური სახელმწიფოებრიობის ფუნქციების მინდობასაც.
დაახლოებით ამგვარადვეა გააზრებული სომხებისათვის ქართული სახელმწიფოს მნიშვნელობა იმავე ხანის მეორე სომეხი ავტორის თოვმა მეწოფეცის თხზულებაში, სადაც წერია: “ჩვენ (ე. ი. სომხები) უსჯულოთა ხელში ყოველთვის ქართველების იმედით ვიქადოდით”-ო197. ჩენტრალიზებული ქართული მონარქიისადმი სომეხთა ასეთი დამოკიდებულების გამოვლინებად, ალბათ, უნდა მივიჩნიოთ სომხურ ისტორიოგრაფიაში უფრო ადრე შემუშავებული ცნობილი ფორმულირებები:
“ქართველთა და სომეხთა მეფე”, “ქართველთა და სომეხთა” ან “სომეხთა და ქართველთა” ჯარი, “ქართველთა და სომეხთა მხედართმთავარი” და სხვ. ს. ჯანაშიას დაკვირვებით, საკითხის იდეოლოგიური და ფსიქოლოგიური მხარე ის იყო, რომ სომხური მოსახლეობა ქართულ სახელმწიფოებრიობას მმართველობის მთელი აპარატით აღიქვამდა, როგორც საკუთარ, მშობლიურ სახელმწიფოებრიობასა და საერთო სახელმწიფოებრივ ინსტიტუტებს198. ასეთი ფსიქიკური განწყობისას, სრულიად ბუნებრივად, იბადებოდა ქართული სახელმწიფოს დიდების შექმნის თანამონაწილედ სომეხთა წარმოსახვის კანონიერი სურვილი, რის გამოც XIII ს. სომეხ ისტორიკოსთა შრომებში არაიშვიათად ვხვდებით სომხური წარმომავლობის, სომხური სარწმუნოებისა თუ სომხური თემების მმართველ-მოხელეთა გაიდიალებისა და მათი ღვაწლის გადაჭარბებით შეფასების შემთხვევებსაც. მიუხედავად ამისა, კირაკოს განძაკეცი, გრიგოლ აკანეცი, სტეფანოს ორბელიანი და სხვები ყოველთვის სათანადოდ აფიქსირებენ ქვეყნის სომხურ ნაწილშიც ერთიანი უზენაესი ხელისუფლების არსებობას. ეტყობა, ქართულ სახელმწიფოებრიობასთან სომეხთა ორგანული კავშირისა და სიახლოვის შთაბეჭდილების გასაძლიერებლად XII-XIV სს. სომეხ ავტორთა თხზულებებში თავს იჩენს მეზობელი სამეფო დინასტიების საერთო წარმომავლობისა თუ მათი წარმომადგენლების მოყვარულ კავშირებზე ყურადღების გამახვილება, რაც, საბოლოო ჯამში, ქართველთა და სომეხთა ერთ სახელმწიფოში თანაცხოვრების კანონზომიერების აზრს ამართლებდა. უფრო მეტიც, კირაკოს განძაკეცისთან დაცული ერთი გადმოცემით საქართველოს ხელისუფლები ძველი სომხეთის ძლიერების ხანის არშაკუნიანთა პოლიტიკურ მემკვიდრეებადაც კი არიან გამოყვანილი. სომეხი მემატიანე წერს: “დიდმშვენიერი, ძვირფასი ტახტი და გასაოცარი გვირგვინი, რომელთა მსგავსი მეფეთაგან არავის ჰქონია და რომელთა შესახებ ამბობენ, რომ სომეხთა მეფის თრდატ დიდის მამის ხოსროვისა იყო, ადგილთა მიუდგომლობის წყალობით იქ (ე. ი. საქართველოში) დაცული შემონახულა. შემდეგ კი ისინი ქართველთა მეფეებს რგებიათ და ჰქონიათ დღემდე”199. ასეთი თვალსაზრისის გავრცელება და დომინირება კავკასიაში, ცხადია, რომ სავსებით ეთანხმებოდა ქართველ პოლიტიკოსთა სტრატეგიულ ამოცანებს.

XV ს. დასაწყისიდან, როცა მომთაბარე თურქმანებმა საქართველოს ძალით მოწყვიტეს სომხეთის დიდი ნაწილი და ის ბარბაროსულფეოდალურ ურთიერთობათა მარწუხებში მოაქციეს, სომეხთა ლტოლვა ქრისტიანული კულტურის მეზობელი ქვეყნისკენ კიდევ უფრო გაძლიერდა.
XV და შემდგომი ხანის სომეხ ავტორთა თხზულებებში აღარ ვხვდებით კონფესიურ დაპირისპირებათა მწვავე სიტუაციებზე მინიშნებებს.
პირიქით, მონოფიზიტი მწერლები ქართული ეკლესიის სიმტკიცეს ნატრობენ, რადგანაც ეს მათი მფარველი სახელმწიფოს ინტერესებში იყო200. ლ. მელიქსეთ-ბეგის დაკვირვებით, თვით ანტიქალკედონიზმის ისეთი აპოლოგეტი, როგორიც თოვმა მეწოფეცი იყო და რომელიც თავისი კონფესიური მოსაზრებების გამო ქართველებს ათვალისწუნებით უყურებდა, მაინც იმაზე ოცნებობდა, რომ სომხეთი კვლავ ქრისტიანი ქართველი მეფის მფარველობაში მოხვედრილიყო201. ამ დროიდან მოყოლებული XVIII ს. ბოლომდე, ვიდრე ქართული სახელმწიფოებრიობა კავკასიაში პოლიტიკური მოვლენების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი განმსაზღვრელი ფაქტორი იყო, სომხურ საისტორიო მწერლობაში ქართული ორიენტაციის ნიშნები სხვადასხვა ფორმით ყოველთვის ცოცხლობდა.
ამ ხანის სომეხი ისტორიკოსები დიდი სიმპათიითა და თანაგრძნობით წერენ ქართველთა შეუპოვარ ბრძოლებზე სპარსელთა და ოსმალთა წინააღმდეგ. სიმონ I-ის გმირული ბრძოლებით აღტაცებული არაქელ დავრიჟეცი მას “დიდ სიმონ ხანს” უწოდებს202, გრიგორ დარანაღცის დახასიათებით კი სიმონ I “სომხეთის დიდი მოსიყვარულე და განსაკუთრებით ვარდაპეტების დიდი პატივისმცემელი იყო”203. სიხარულითა და მომავლის იმედით აღწერს ზაქარია ქანაქერცი ქართველთა გამარჯვებას გიორგი სააკაძის მეთაურობით მარტყოფის ველზე I625 წ.
25 მარტს. მისი სიტყვით “თითქოს ჭიანჭველები დაემდუღროთ, ისე ერთიანად მოსპეს სპარსელები ქართველებმაო”204.

განსაკუთებით დიდი ადგილი ეთმობა გვიანი შუა საუკუნეების სომხურ ისტორიოგრაფიაში ვახტანგ VI-სა და ერეკლე II-ის მოღვაწეობის აღწერას და შეფასებას, რომელთა სახელებს სომხური პოლიტიკური წრეები უშუალოდ უკავშირებდნენ კავკასიის “საქრისტიანო ქვეყნის” აღდგენისა და სომხეთის განთავისუფლების იმედებს. ვახტანგ VI-ის თანამედროვე განძასარის სომეხი კათალიკოსი ესაი ჰასან ჯალალიანცი თავის ცნობილ ნაშრომში ვახტანგ VI-ს სომეხთა განმათავისუფლებელი ბრძოლის ორგანიზატორად და მეთაურად წარმოგვიდგენს205. მსგავს შეფასებას აძლევენ ვახტანგ VI-ის მოღვაწეობას თანადროული სხვა სომეხი ავტორებიც (დავით ბეგის ისტორიისა და სხვადასხვა ხასიათის ჟამთააღმწერლობათა ავტორები).
საქართველოს და სომხეთის გაერთიანების იდეა სომხურ ისტორიოგრაფიაში ერთობ აქტუალური ხდება თეიმურაზ II-სა და ერეკლე IIის ქართლსა და კახეთში, თითქმის, გამეფებისთანავე. XVIII ს. 50-იან წლებში ერეკლე II-ის გახმაურებული სამხედრო წარმატებების შთაბეჭდილებით სრულიად სომეხთა კათალიკოსი ღუკასი (ლუკა) წერდა:
“დაიმორჩილა ბორჩალოს, ყაზახის, ერევნის, განძაკის, არცახისა და სივნიეთის მფლობელნი, გვირგვინი დაიდგა და გამეფდა საქართველოსა და სომხეთში მდინარე ახურიანამდე”206. XVIII ს. 60-იანი წლებიდან მოყოლებული, თითქმის, საუკუნის ბოლომდე სომხურ პოლიტიკურ წრეებში აქტიურად განიხილებოდა ქართულ-სომხური გაერთიანებული სახელმწიფოს შექმნის სხვადასხვა პროექტები, რომლებმაც სომხურ საისტორიო, თუ სამართლებრივ ლიტერატურაში პოვეს ასახვა. ამ მხრივ სიმბოლურად გამოიყურება შამირ და იაკობ შაჰამირიანების ავტორობით 1773 წ. მადრასში გამოსული წიგნი “დიდების მახე” (ვოროგაით ფარაც), რომლის სატიტულო გვერდზე მოხსენიებულია “მამამთავრობა უფლისა სიმეონისა, სრულიად სომეხთა კათალიკოსისა ვაღარშაპატს და მეფობა უავგუსტესის უფლის ერეკლე მეორისა თბილისს”. ამით ეს სომხური პოლიტიკური წრე ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II-ს უკვე ოფიციალურად აღიარებდა სომხეთის მეფედაც.

გასაგებია, რომ XII-XVII საუკუნეების სომხური ისტორიოგრაფიის პროდუქცია თანადროულ ქართველთა განსაკუთრებულ კომენტარს აღარ საჭიროებდა.

 

1 Манук Абегян, История древнеармянской литературы, Ереван, 1975, с. 57.
2 იქვე, გვ. 51-52.
3 იხ. მ. აბეღიანის დასახელებული ნაშრომი, გვ. 102-103.
4 к»μ»блЗ »еЗлПбеблЗ еіпЩбхГЗхЭ« єс»хіЭ« 1939« їз 200; Луконин В. Г. Древний и раннесредневековый Иран, Москва, 1987, с. 180-188.
5 იხ. გეორგიკა, ტ. I, თბილისი, I96I, გვ.70-73; Н. Марр. Крещение армян, грузин, абхазов и аланов св. Григорием, Спб, 1905, с. 63-211.
6 ცხოვრება წმ. გრიგოლ პართელისა, გამოცემული ლეონ მელიქსეთ-ბეგის
მიერ, ტფილისი, 1920, გვ. 43.
7 იქვე, გვ. 46.
8 ёіЯіЭу ГХГбЫ щЭЭбхГЗхЭ бх С»сщбхЩБ ісіс О© ЮіСЭіЅіс»іЭу« дісЗл« 1862« їз. 21« 25
9 Корюн. Жизнь Маштоца. Текст разночтениями рукописей, перевод,
предисловие и комментарии М. Абегяна, Ереван, 1941, гл. XV.
1 0 ივ. ჯავახიშვილი, ძველი სომხური საისტორიო მწერლობა, თბილისი, I935, გვ. 183.
1 1 Культура раннефеодальной Армении IV-VII вв., Ереван, 1980, с. 45.
1 2 Манук Абегян, История древнеармянской литературы, с. 106.
1 3 цінлпбл ґбхЅіЭ№« діпЩбхГЫбхЭ СіЫбу« єс»ніЭ« 1968« їз. 252
1 4 იხ. ნ. ჯანაშია, ქვემო ქართლის ისტორიული გეოგრაფიიდან, წიგნში “ისტორიულ წყაროთმცოდნეობითი ნარკვევები”, თბილისი, I986, გვ. 55-
92; ა. ბოგვერაძე, ქართლის (იბერიის) სამეფოს 369 წ. გაყოფის საკითხისათვის, კრ. “ძიებანი საქართველოსა და კავკასიის ისტორიიდან”, თბილისი, 1976, გვ. 88-98; დავით მუსხელიშვილი, საქართველო IV-VIII საუკუნეებში, თბილისი, 2003, გვ. 61-64 და სხვ.
1 5 მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, ალ. აბდალაძის გამოცემა, თბილისი, I984, გვ. 240.
1 6 მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, გვ. 70.
1 7 მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, გვ. 70.
1 8 იქვე, გვ. 72.
1 9 იქვე.
2 0 იქვე, გვ. 72-74.
2 1 მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, გვ. 74.
2 2 იქვე, გვ. 73.
2 3 მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, გვ. 75.
2 4 იქვე, გვ. 88-89.
2 5 იქვე, გვ. 58.
2 6 მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, გვ. 67.
2 7 იქვე, გვ. 92.
2 8 იქვე, გვ. 111.
2 9 მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, გვ. II9.
3 0 იქვე, გვ. I70, I84, I86.
3 1 ლ.-ნ. ჯანაშია, ლაზარ ფარპეცის ცნობები საქართველოს შესახებ, თბილისი, I962, გვ. I85.
3 2 იხ. ნ. ლომოური, ნარკვევები ქართლის სამეფოს ისტორიიდან, თბილისი, 1975, გვ. 43.
3 3 ლ. ჯანაშია, ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ნარკვევები, თბილისი, 1986, გვ. 9.
34 მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, ალ. აბდალაძის გამოცემა, გვ. 95.
3 5 Манук Абегян, История древнеармянской литературы, Ереван, 1975, с. 27.
3 6 მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, გვ. 171.
3 7 მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, გვ. 126; იხ. აგრეთვე, გვ. 122- 131.
38 იქვე, გვ. 128-130.
39 ლიტერატურა საკითხის გარშემო იხ. ა. აბდალაძის წიგნში “ქართლის ცხოვრება” და საქართველო-სომხეთის ურთიერთობა, თბილისი, 1982, გვ. 146-147 და სხვ.
40 მანუკ აბეღიანის დასახელებული ნაშრომი, გვ. 157.
41 მოვსეს ხორენაცი, დასახელებული ნაშრომი, გვ. I70-I7I.
42 იქვე, გვ. 223-224.
4 3 М. М. Мкрян, Мовсес Хоренаци, Ереван, 1969, с. 38-39.
4 4 მანუკ აბეღიანი, დასახელებული ნაშრომი, გვ. 155.
45 ელ. ცაგარეიშვილი, სომხური წყაროები არაბეთ-საქართველოს ურთიერთობის
შესახებ “მრავალთავი”, I, თბილისი, 1971, გვ. 477.
46 ელ. ცაგარეიშვილი, დასახელებული ნაშრომი, გვ. 478.
47 Юзбашян К. Н. Армянские государства эпохи Багратидов и Византия IXXI вв. М., 1988, с. 42.
4 8 История анонимного повествователя псевдо-Шапух-Багратуни, перевод с древнеармянского, предисловие и коментарии М. О. Дарбинян-Меликян, Ереван, 1971, с. 163-165 и др.
4 9 ასოღიკი, დასახელებული გამოცემა, გვ. I07-I08
5 0 იოანე დრასხანაკერტელი, სომხეთის ისტორია, ელ. ცაგარეიშვილის გამოცემა გამოკვლევითურთ, თბილისი, I965, გვ. 189_I91, I95.
51 მ. ჩხარტიშვილი, ქართული ჰაგიოგრაფიის წყაროთმცოდნეობითი შესავლის პრობლემები, “ცხოვრება წმინდისა ნინოისი”, თბილისი, 1987, გვ. 4.
52 ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წ. I, თბილისი, 1964, გვ. 87.
53 ძეგლები, I, გვ. 86-87.
54 იქვე, გვ. 55.
55 კ. კეკელიძე, ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, I, თბილისი I956, გვ. 75-83.
56 იხ. კ. კეკელიძე, ძველი ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, თბილისი, 1980, გვ. 167.
57 იხ. ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, ტ. VIII, თბილისი, 1990, გვ. 277-279.
58 §кп»чіЭблЗ оісыЭ»ухбЫ ІлбХПіЭ діпЩбхГЗхЭ оЗ»Ѕ»сіПіЭ¦« д»п»ნμაონ•« 1885« їз. 181-182
59 მ. საბინინი, საქართველოს სამოთხე, პეტერბურგი, 1882, გვ. 617-620.
61 არსენ საფარელი, განყობისათўს ქართველთა და სომეხთა, ტექსტი კრიტიკულად
დაადგინა, გამოკვლევა და კომენტარები დაურთო ზაზა ალექსიძემ, თბილისი, I980, გვ. I76-I78, 200.
60 ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, II, თბილისი, 1967, გვ. 123; მცირე სჯულის კანონი, ე. გიუნაშვილის გამოცემა, თბილისი, 1972, გვ. 33-34, 46-48, 63-64 და სხვ.
62 ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, VIII, გვ. 379-380.
63 იქვე, გვ. 26I.
64 ქართლის ცხოვრება, IO , გვ. 3.
65 ქართლის ცხოვრება, I გვ. 4.
66 იქვე, გვ. 4-5.
67 დ. მუსხელიშვილი, საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის ძირითადი საკითხები, I, თბილისი, 1977, გვ. 79-80.
68 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 8.
69 – ქართლის ცხოვრება, I, გვ. 70.
70 იქვე, გვ. 4.
71 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 11.
72 იქვე, გვ. 11-I2.
73 იქვე, გვ. I4.
74 იქვე, გვ. I4.
75 იქვე.
76 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 16.
77 იქვე, გვ. 15.
78 იქვე, გვ. 57.
79 იქვე, გვ. 46.
80 ქართლის ცხოვრება, I, გვ. I9.
81 იქვე, გვ. 20.
82 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 23.
83 იქვე.
84 იქვე, გვ. 24.
85 იქვე, გვ. 25.
86 იქვე, გვ. 25-26. 87 საქართველოს ისტორიის ნარკვევები, I, გვ. 465. 52 53
88 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 28.
89 საქართველოს ისტორიის ნარკვევები, I, გვ. 466.
90 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 27.
9 1 პავლე ინგოროყვა, თხზულებათა კრებული, ტ. IV. თბილისი, 1978, გვ. 513.
92 იხ. აგრეთვე, საქართველოს ისტორიის ნარკვევები, I, გვ. 466.
93 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 63.
94 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 386.
95 იხ. К. Н. Юзбашян, Армянские государства эпохи Багратидов и Византия
IX-XI вв., Москва, 1988, с. 101-105.
96 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 28, 33, და სხვ.
97 კ. იუზბაშიანი, დასახელებული ნაშრომი, გვ. 100-105.
98 ქართლის ცხოვრება, I გვ. 32.
99 იქვე, გვ. 29.
100 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 30.
101 იქვე.
102 იქვე, გვ. 35.
103 იქვე, გვ. 50.
104 ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, II, თბ., 1965, გვ. 11-12.
105 საქართველოს ისტორიის ნარკვევები, I, გვ. 63-65; ა. აბდალაძე, “ქართლის
ცხოვრება” და საქართველო-სომხეთის ურთიერთობა, თბ., 1982, გვ. 62-63 და სხვა.
106 მაცნე, # 3, 1967, გვ. 56.
107 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 44.
108 იქვე, გვ. 44.
109 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 45.
110 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 45-49.
111 მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, გვ. 141.
112 მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, გვ. 144-145.
113 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 51.
114 იქვე.
115 იქვე.
116 იქვე, გვ. 52-53.
117 იხ. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, I, გვ. 511-568; 643-776.
118 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 53-54.
119 მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, გვ. I37-I38.
120 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 55.
121 იქვე, გვ. 57.
122 იქვე, გვ. 59-60.
123 მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, გვ. 159.
124 ცხოვრება წმ. გრიგოლ პართელისა, ლეონ მელიქსეთ-ბეგის გამოც. ტფილისი, 1920, გვ. 7; ძველი მეტაფრასული კრებული, თბილისი, 1986, გვ. 470-471.
125 საქართველოს ისტორიის ნარკვევები, I, გვ. 5I0-537.
126 იქვე, გვ. 568.
127 მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, გვ. 158-162; ქართლის ცხოვრება, I, გვ. 59-62.
128 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 62-63.
129 მ. ლორთქიფანიძე, რა არის “ქართლის ცხოვრება”, თბილისი, I989, გვ.
79; ა. აბდალაძე, “ქართლის ცხოვრება” და საქართველო-სომხეთის ურთიერთობა, გვ. 63-64.
130 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 6,9, II, 20, 43.
131 იქვე, გვ. 44.
132 იქვე, გვ. 25.
133 ქართლის ცხოვრების სიმფონია ლექსიკონი, I, თბილისი, 1986, გვ. 127.
134 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 439.
1 3 5 ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, III, გვ. 127, შენ. 38.
136 იქვე, გვ. 126-7.
137 ნ. ბერძენიშვილი, სის, VIII, გვ. 298, 339-381, 555-557 და სხვა.
138 ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, II, გვ. 134.
139 ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, II, გვ. 119.
140 ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი, ილ. აბულაძის გამოც. თბილისი, 1953, გვ. 66.
141 ასე აღიქვამს ქართველი მემატიანის თხრობას ნ. ლომოურიც. იხ. Mისი “ნარკვევები ქართლის (იბერიის) სამეფოს ისტორიიდან”, თბილისი, 1975, გვ. 19.
142 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 156.
143 იქვე, გვ. 28.
144 იქვე, გვ. 60.
145 მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, გვ. 163-164; 166-167; 169-170.
146 იქვე, გვ. I69-I72.
147 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 161.
148 იქვე, გვ. 64.
149 იქვე, გვ. 65.
150 მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, გვ. 67.
151 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 67.
152 იქვე, გვ. 63-64.
153 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 68.
154 მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, გვ. 162.
155 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 69.
156 იქვე.
157 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 69.
158 იქვე.
159 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 70.
160 იქვე, გვ. 11.
161 იქვე, გვ. 20.
162 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 25.
163 იქვე, გვ. 27.
164 იქვე, გვ. 29.
165 იქვე, გვ. 58.
166 იქვე, გვ. 65.
167 იქვე, გვ. I8.
168 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 65.
169 იხ. გ. მაისურაძე, მნიშვნელოვანი საკითხი, “მნათობი”, #7-8, 2001, გვ. 88-92.
170 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 16.
171 ბატონიშვილი ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, ქართლის ცხოვრება, ტ. IV, თბილისი, I973, გვ. 54.
172 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 26.
173 ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, VIII, გვ. 382-383.
174 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 169.
175 იქვე, გვ. 199.
176 იქვე, გვ. 158.
177 იხ. მოვსეს ხორენაცი, სომხეთის ისტორია, გვ. 67; ქართლის ცხოვრება, I, გვ. 64-65.
178 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 161.
179 იქვე, გვ. 160-161.
180 იქვე, გვ. 159.
181 იქვე, გვ. 256.
182 იქვე, გვ 257.
183 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 259.
184 იქვე, გვ. 260.
185 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 261.
186 იქვე, გვ. 262.
187 იქვე, გვ. 277.
188 იქვე, გვ. 279-280.
189 ქართლის ცხოვრება, I, გვ. 382.
190 მხითარ აირივანეცი, ქრონოგრაფიული ისტორია, ძვ. სომხურიდან თარგმნა,
შესავალი, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ლიანა დავლიანიძეტატიშვილმა,
თბილისი, 1990, გვ. 31.
191 მხითარ აირივანეცი, ქრონოგრაფიული ისტორია, დასახელებული გამოცემა, გვ. 47.
192 იქვე, გვ. 57
193 ვარდან არეველცი, მსოფლიო ისტორია, ნოდარ შოშიაშვილისა და ეკა
კვაჭანტირაძის გამოცემა, თბილისი, 2002, გვ. 426. 194 იქვე, გვ. 116.
195 С. Т. Еремян, Общность судеб и культурно-политическое содружество народов
Закавказья в IX-XIII вв., “Кавказ и Византия”, №1, Ереван, 1979,с. 9.
196 სომხურ ხელნაწერთა ანდერძის ცნობები საქართველოს შესახებ (XIVXV
სს. ალ. აბდალაძის გამოცემა, თბილისი, 1978, გვ. 35-36.
197 თომა მეწოფელი, თარგმანი, შესავალი წერილი და კომენტარები პროფ.
ლ. მელიქსეთ-ბეგისა, თბილისი, 1937, გვ. 29.
198 Акад. С. Джанашиа, Об одном примере искажения исторической правды,
по поводу книги Н. Токарского “Архитектура древней Армении”, Тбилиси,
1947, с. 47.
199 ОЗсіПбл ¶іЭУіП»уЗ« діпЩбхГЗхЭ СіЫбу« ВЗэЙЗл« 1909« їз 301 Киракос Гандзакеци,
История Армении. Перевод с древнеармянского, предисловие и комментарии
Л. А. Ханларян, Москва, 1976, с. 195
200 იხ. სომხურ ხელნაწერთა ანდერძების ცნობები საქართველოს შესახებ, ჰიშტაკარანი 60, კომენტარი 56.
201 ლეონ მელიქსეთ-ბეგი, ძველი სომხური ლიტერატურის ისტორია, თბ., 1941, გვ. 164-165.
202 არაქელ დავრიჟეცის ცნობები საქართველოს შესახებ, კ. კუციას გამოც. თბილისი, 1974, გვ. 12.
203 კ. კუცია, გრიგორ დარანაღცის ცნობა სიმონ I-ის სტამბოლში ტყვეობის შესახებ, საქართველოს ისტორიის აღმოსავლური მასალები, I., თბ. 1976, გვ. 122-123.
204 Захарий Канакерци, Хроника, Москва, 1969, с. 55.
205 ესაი ჰასან ჯალალიანცი, ავღანთა ქვეყნის მოკლე ისტორია, კარლო კუციას გამოცემა, თბილისი, 1971, გვ. 30-38.
206 ёЗніЭ СіЫбу еіпЩбхГЗхЭ« 6« 1899« їз. 729

 

Advertisements

One Response to “• მაისურაძე – საქართველო-სომხეთი I”

  1. lmmmml said

    somxebi aseti suliskvetebit srdian albat chvilebs da skolebchiz ase iszavleba rogorz xorenazi da magotomaz gaizaxian somxebi ,, chveni javaxeti chveni tbilisi ……” eseni iseti eria tviton zamoizkeben xolme davas da am davis chdegiz ikneboda mati genozidiz tu ra vizi iko kii genozidi?

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s