Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• წურწუმია- რუსეთის გეოსტრატეგია

 

ალექსანდრე წურწუმია

 

კავკასიაში რუსეთის გეოსტრატეგიის სათავეები

 

გეოპოლიტიკის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის ფორმირება XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის მიჯნაზე მიმდინარეობდა. მის სათავეებთან მდგომი პირები თავიანთ თეორიათა შექმნისას დიდ ყურადღებას უთმობდნენ ისტორიულ პროცესებს, მოვლენათა განმაპირობებელ ფაქტორებს, მათ საფუძველზე აგებდნენ და ამყარებდნენ თავიანთ მოსაზრებებს. ამ მხრივ, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ინგლისელი გეოპოლიტიკოსის ჰელფორდ მაკინდერის მიერ 1904 წელს გამოქვეყნებული სტატია ,,ისტორიის გეოგრაფიული ღერძი,,. აგრეთვე ამერიკელი გეოპოლიტიკოსის ალფრედ მეჰენის ნაშრომები: “საზღვაო ძალები ისტორიაში (1660-1783)” გამოქვეყნებული 1890 წელს და 1892 წელს გამოცემული ,,საზღვაო ძალის გავლენა საფრანგეთის რევოლუციასა და იმპერიაზე,,.

სწორედ გეოპოლიტიკურ თეორიათა ჭრილში გვსურს განვიხილოთ ზოგიერთი პროცესი, რომელსაც ადგილი ჰქონდა XVIII საუკუნეში. ამ პერიოდში კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში გადაიკვეთა სამი უძლიერესი სახელმწიფოს – ირანის, თურქეთისა და რუსეთის ინტერესები. რა თქმა უნდა, რუსეთის გამოჩენა მწვავედ იქნა აღქმული, როგორც ირანის, ასევე თურქეთის მიერ, რომელთაც განაწილებული ჰქონდათ რეგიონში გავლენის სფეროები. ამ სამი სახელმწიფოს დაპირისპირების ეპიცენტრში აღმოჩნდა საქართველო.

1713 წელს საფრანგეთში დიპლომატიური მისიით გაემგზავრა სულხან-საბა ორბელიანი. მიუხედავად მისი ყოველმხრივი და გულმოდგინე მცდელობისა, ეს მისია წარუმატებლად დამთავრდა. რაში მდგომარეობდა ძირითადი მიზეზი წარუმატებლობისა?

უმთავრესი, ეს იყო შექმნილი რეალობის გაუთვალისწინებლობა. იმ პერიოდში საქართველო ევროპისათვის აღარ წარმოადგენდა სტრატეგიულ ინტერესთა ობიექტს. 1919 წელს გამოცემულ ნაშრომში “დემოკრატიული იდეალები და რეალობა”, ჰელფორდ მაკინდერი აღნიშნავდა: ,,იმ მომენტიდან, როდესაც 1453 წელს ქალაქი კონსტანტინოპოლი გადავიდა თურქების ხელში, შავი ზღვა ჩაიკეტა ვენეციელი და გენუელი მეზღვაურებისათვის,,.(1)

პირველი ქართველი მეცნიერი, ვინც გაამახვილა ყურადღება კონსტანტინოპოლისა და ბიზანტიის იმპერიის დაცემის გეოპოლიტიკურ ასპექტებზე, იყო ზურაბ ავალიშვილი. ის აღნიშნავდა: ,,1453 წელს სამუდამოდ გადაღობეს გზა, მიმავალი საქართველოდან ერთმორწმუნე ბიზანტიაში, იქიდან კი მთელ ქრისტიანულ ევროპაში. საქართველო დარჩა აზიაში მარტო, უსაზღვროდ ძლიერი, დაუნდობელი, ფანატიკოსი მტრის წინაშე,,.(2) საქართველო აღმოჩნდა მაჰმადიანურ გარემოცვაში – მოწყვეტილი ქრისტიანულ სამყაროს, სრულ იზოლაციაში. უმნიშვნელოვანესი სავაჭრო გზები აღარ გადიოდა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაზე. “აბრეშუმის დიდი გზის” იმ განშტოებამ, რომელიც საქართველოზე გადიოდა, არსებობა შეწყვიტა. კონსტანტინოპოლის დაცემამ მნიშვნელოვნად განსაზღვრა ისტორიული და პოლიტიკური პროცესების განვითარება. XVს. ბოლოს განხორციელებულმა უდიდესმა გეოგრაფიულმა აღმოჩენებმა, კერძოდ, ვასკო და გამას მიერ 1498წ. ინდოეთისკენ მიმავალი საზღვაო გზის აღმოჩენამ, განაპირობა სავაჭრო გზების ზღვაზე გადანაცვლება. ასეთ პირობებში, რა თქმა უნდა, რთულდებოდა სრულყოფილი საგარეო პოლიტიკის წარმოება, რასაც ამავე დროს თან დაერთო XV საუკუნის ბოლოდან საქართველოს დანაწევრება-დაქუცმაცება და მრავალი სხვა ობიექტური, მაგრამ უმეტესწილად მაინც სუბიექტური მიზეზი და გარემოება.

XVIII საუკუნის დასაწყისში, საფრანგეთის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესთა ვექტორი ირანის ბაზრის ათვისებისაკენ იყო მიმართული. 1708 წელს მოხდა ირან-საფრანგეთის სავაჭრო ხელშეკრულების რატიფიცირება. ამ ფაქტიდან გამომდინარე, საფრანგეთის მხრიდან ქართლის სამეფოსთვის რაიმე ქმედითი დახმარების აღმოჩენა ნაკლებად მოსალოდნელი იყო.

ევროპაში განცდილმა წარუმატებლობამ ვახტანგ VI-ის ყურადღება ჩრდილოეთისკენ, ერთმორწმუნე რუსეთისკენ მიაპყრო. რუსეთის, როგორც ცენტრალიზებული სახელმწიფოს ჩამოყალიბება, XIV-XV საუკუნეებში მოხდა. ამ პროცესის ლოგიკურ გაგრძელებას წარმოადგენდა ივანე IV (მრისხანეს) დროს რუსეთის სახელმწიფოს მიერ თავისი საზღვრების გაფართოება. ამავე პერიოდში გამოიკვეთა რუსეთის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მიმართულებების ზოგადი კონტურები. ამ კონტურების მონახაზში მოხვდა კავკასია. ივანე IV ცდილობდა შეექმნა სავაჭრო-სატრანზიტო გზა და დაეკავშირებინა ერთმანეთთან ბალტიისა და კასპიის ზღვები, რის მეშვეობითაც რუსეთი შეძლებდა ინდოეთთან სავაჭრო ურთიერთობას. 1557 წელს ასტრახანის აღებიდან ერთი წლის შემდგომ და ერთი წლით ადრე ნარვის აღებამდე, ივანე IV მრისხანე წერს პროექტს რუსული ვაჭრობის განვითარების შესახებ. ამ დოკუმენტის თანახმად, შვედეთსა და რუსეთს შორის მყარდებოდა თავისუფალი ვაჭრობა და შვედ ვაჭრებს ეძლეოდათ გასასვლელი აზიის სავაჭრო ქალაქებზე: „შვედმა ვაჭრებმა კი ამიტომაც დიდი ხელმწიფის, რუსეთის მეფის მამულში, დიდ ნოვგოროდში, მოსკოვთანაც, ყაზანშიც და ასტრახანშიც იმგზავრონ თავისუფლად სავაჭროდ; რომელ შვედ ხალხსაც მოუნდებათ დიდი მეფის მამულის გავლით შამახაში, თავრიზში, ბუხარაში, ინდოეთში, ლიტვაში და ცარგრადში (სტამბული _ კონსტანტინოპოლი – ა.წ.) წასვლა და სხვა სახელმწიფოებში, ვისაც სადაც მოუნდებათ წავიდნენ, მას ნება ჰქონდეს,,.(3)

ივანე IV-ის პროექტში გარკვეულწილად შეინიშნება გეოპოლიტიკური ასპექტები. თუკი კოლუმბის და ვასკო და გამას მოგზაურობები იყო გლობალური მნიშვნელობის, გლობალური თვალსაზრისით არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო ტვერელი ვაჭრის ათანასე ნიკიტინის მოგზაურობა ინდოეთში, რასაც მან მიუძღვნა წიგნი ,,მოგზაურობა სამ ზღვას იქით,,. 1466-1475 წლებში მან იმოგზაურა ინდოეთში. ყურადღებას გავამახვილებთ მის მოგზაურობის მარშრუტზე, ვინაიდან ვფიქრობთ, რომ სწორედ იმ ინფორმაციამ, რომელიც მოცემულია ნიკიტინის წიგნში, შეუქმნა რუს მმართველებს მკაფიო წარმოდგენა იმ პერიოდში რეგიონის გეოპოლიტიკურ კონფიგურაციაზე და არეალზე, რომლის ათვისებას ისინი შეუდგნენ ივანე IV დროიდან. ინდოეთისკენ მიმავალმა ნიკიტინმა გაიარა ვოლგა, გავიდა კასპიის ზღვაში, გაიარა დარუბანდი, ბაქო, ჩავიდა სპარსეთში, ქ. ფორმუზიდან არაბეთის ზღვის გავლით 1471 წელს ჩავიდა ინდოეთში, სადაც 4 წელი დაჰყო. უკანა გზაზე ის წამოვიდა შემდეგი გზით: გაიარა სპარსეთი, ჩავიდა ტრაპიზონში, გადასერა შავი ზღვა და ჩავიდა კაფაში (ახლანდ. ფეოდოსია).

რუსეთი მიზანმიმართულად მოიწევდა კავკასიისაკენ, მაგრამ მის უმთავრეს მიზანს იმ დროისათვის (XVII-XVIII საუკუნეების ზღურბლზე), ივანე IV-ის აუხდენელი ოცნება – ბალტიის ზღვაზე გასასვლელის მოპოვება წარმოადგენდა. პეტრე I მკაფიოდ ათვითცნობიერებდა რუსეთისათვის ზღვებზე გასასვლელის მოპოვების აუცილებლობას. ეს შესაძლებელი გახდა XVIII საუკუნის პირველ მეოთხედში, პეტრე I დროს. ამ მიზნის განხორციელებისთანავე რუსეთმა მზერა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მეორე მიმართულებისაკენ – კავკასიისაკენ მომართა. პეტრე I-ის დროიდან მოყოლებული რუსეთი შეეცადა ორი ძალის შერწყმას, რომელიც გეოპოლიტიკაში თალასოკრატიის (საზღვაო მმართველობა) და თელუროკრატიის (სახმელეთო მმართველობა) სახელწოდებითაა ცნობილი. მართალია, იმ პერიოდში არ არსებობდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეოპოლიტიკური დოქტრინები, მაგრამ რუსეთის მმართველი წრეები ნათლად ათვითცნობიერებდნენ იმ არეალის სრულად ათვისების აუცილებლობას, რაც დღესდღეობით ცნობილია „ჰარტლანდ,,-ის სახელწოდებით; განსაკუთრებით მის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის – კავკასიის მიმართულებისა.

გეოპოლიტიკის ერთ-ერთმა ფუძემდებელმა, ჰელფორდ მაკინდერმა წამოაყენა და განავითარა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოსთვის ყველაზე ხელსაყრელ, მომგებიან გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას წარმოადგენს ცენტრალური. მისი აზრით, მსოფლიოს ცენტრში მდებარეობს ევრაზიის კონტინენტი, მის ცენტრში კი ,,მსოფლიოს გული“, ანუ “ჰარტლანდ”-ი. ჰარტლანდი ეს არის ევრაზიის კონტინენტალურ მასათა თავმოყრა. მაკინდერი მიიჩნევდა მას ყველაზე უფრო ხელსაყრელ პლაცდარმად მთელი მსოფლიოს კონტროლისათვის (4).

მაკინდერი ზემოთ დასახელებულ ნაშრომში აღნიშნავდა: ,,ის, ვინც აკონტროლებს აღმოსავლეთ ევროპას, ბატონობს ჰარტლანდზე, ბატონობს მსოფლიო კუნძულზე, ის, ვინც ბატონობს მსოფლიო კუნძულზე, ბატონობს მსოფლიოზე,,.(5) რუსეთის, როგორც იმპერიის ჩამოყალიბება გადამწყვეტ ფაზაში, XVIII საუკუნეში შევიდა და ის ნათლად ათვითცნობიერებდა ტერიტორიული არეალის გაფართოების აუცილებლობას. ამასთან დაკავშირებით ი. ჯავახიშვილი აღნიშნავდა: ,,რუსეთს სპარსეთში განსაკუთრებით ეკონომიური ინტერესები ჰქონდა. პეტრე დიდს უნდოდა, რომ სპარსეთის ვაჭრობა რუს ვაჭრებს ჩაეგდოთ ხელში და მთელი აბრეშუმი სპარსეთითგან რუსეთში ყოფილიყო შეტანილი”.(6)

თუმცა ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები მეტწილად იმდენად არის გადაკვეთილი ერთმანეთთან, რომ მათ შორის ზღვრის გავლება რთულია. კავკასიის რეგიონზე კონტროლის ხელში ჩაგდებით რუსეთი ვარაუდობდა ინდოეთზე გასასვლელის მოპოვებას. ის ნათლად აცნობიერებდა, რომ ამ მიზნის განხორციელებაში მას სერიოზული წინააღმდეგობები შეხვდებოდა ირანისა და ოსმალეთის მხრიდან. რუსეთისათვის საჭირო იყო რეგიონში დასაყრდენის მოპოვება – პარტნიორი ქვეყანა, რომლის მეშვეობითაც ის შეძლებდა თავისი ინტერესების განხორციელებას. ასეთ პარტნიორად მას საქართველო ესახებოდა.

პეტრე I-მა ზუსტად გათვალა და ხელსაყრელი დრო და ვითარება შეარჩია ვახტანგ VI-თან მოლაპარაკებების დასაწყებად. შემთხვევითი არ უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ეს მოხდა 1715 წელს, მაშინ, როდესაც სულხან-საბა ორბელიანის დიპლომატიური მისია საფრანგეთში წარუმატებლად დამთავრდა. ცხადია, ამ ფაქტით დათრგუნული ვახტანგ VI სიხარულით შეხვდებოდა რუსეთის მხრიდან მასთან დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების სურვილს და მცდელობას. ამ პერიოდიდან მოყოლებული ვახტანგ VI-მ ორიენტაცია რუსეთზე აიღო.

კასპიისპირეთის სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით ლაშქრობის დასაწყებად, პეტრე I-ს საკმაოდ ხელსაყრელი პოლიტიკური ვითარება შერჩია. იმ დროისათვის ირანი ძალზედ დასუსტებული იყო. მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა 1722 წლის მარტში, როდესაც ავღანელებმა ალყა შემოარტყეს ისპაჰანს (რასაც შემდგომში ქალაქის აღება და სეფიანთა დინასტიის დამხობა მოჰყვა).

პეტრე I-ის კასპიისპირეთის ლაშქრობა საკმოდ ფართოდ არის გაშუქებული ქართულ ისტორიოგრაფიაში (7). კასპიისპირეთის ლაშქრობის შედეგები მძიმე აღმოჩნდა საქართველოსათვის. თუმცა, გვსურს ყურადღება გავამახვილოთ ერთ მნიშვნელოვან ფაქტზე, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს კავკასიის რეგიონის გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას. ის, რომ 1715 წლისთვის კასპიისპირეთის ლაშქრობის განზრახვა მომწიფებული იყო, სადაოს არ წარმოადგენს (8). პროფ. ვ. მაჭარაძე ვარაუდობს, რომ: ,,ყოველ შემთხვევაში, 1710 წლისათვის რუსეთში უკვე საბოლოოდ მომწიფდა კასპიისპირეთზე ლაშქრობის იდეა”.(9) ეს ხდება მაშინ, როდესაც შვედეთთან ომში გამარჯვებამდე დარჩენილია 11 წელი.

ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს კავკასიის რეგიონის უდიდეს გეოსტრატეგიულ მნიშვნელობას. ჩვენი აზრით, კავკასიისადმი პეტრე I ინტერესი გამომდინარეობდა ივანე IV მრისხანეს პროექტიდან რუსული ვაჭრობის შესახებ.

XVIII საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისიდან განახლდა რუსეთ-საქართველოს პოლიტიკური ურთიერთობა. თეიმურაზ II 1760 წლის აპრილში გაემგზავრა რუსეთში დიპლომატიური მისიით, რომელიც უშედეგოდ დამთავრდა. თეიმურაზ II გარდაიცვალა რუსეთში 1762 წელს. იმ დროისათვის რუსეთის ინტერესებში არ შედიოდა საქართველოს გამო ოსმალეთთან და სპარსეთთან ურთიერთობის გაფუჭება.

1768 წელს, როდესაც ოსმალეთმა რუსეთს ომი გამოუცხადა, ამ უკანასკნელს გაახსენდა საქართველოს არსებობა (10). რუსეთმა მოახერხა, მოეპოვებინა იმერეთის მეფე სოლომონ I-ის მხარდაჭერა, რომელმაც, თავის მხრივ, დაითანხმა ერეკლე II, საომარი მოქმედებები ეწარმოებინათ ოსმალეთის წინააღმდეგ. ისინი დათანხმდნენ იმ პირობით, რომ რუსეთი გამოგზავნიდა საქართველოში საკმაო რაოდენობით ჯარს. ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა წამოიწყეს საომარი მოქმედები ოსმალეთის წინააღმდეგ. ქართული მხარისათვის არანაირად მომგებიანი არ იყო ამ ომში მონაწილეობა.

მოვლენათა ანალიზი ნათლად ადასტურებს, რომ რუსეთს ქართველების მხარდაჭერა ამ ომში სჭირდებოდა მხოლოდ იმისთვის, რომ ოსმალეთი იძულებული ყოფილიყო, საკმაო რაოდენობის ჯარი ჰყოლოდა განლაგებული საქართველო-ოსმალეთის საზღვარზე. შემდგომში, 1772 წელს რუსეთის ჯარმა საქართველო დატოვა.

მიუხედავად იმ მკაფიო მაგალითებისა, როდესაც ქართველ მეფეებს საშუალება მიეცა, დარწმუნებულიყვნენ რუსეთის ,,მეგობრულ,, და ,,უანგარო,, ზრახვებში, ისინი იმედს მაინც მასზე ამყარებდნენ.

1783 წელს რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის ხელმოწერილ იქნა გეორგიევსკის ტრაქტატი (შემდგომში ანალოგიური ხელშეკრულება დაიდო რუსეთსა და იმერეთის სამეფოს შორის). ამ ხელშეკრულებით რუსეთი იღებდა ვალდებულებას, ომის შემთხვევაში სამხედრო დახმარება აღმოეჩინა ქართლ-კახეთის მეფისათვის, რომელიც ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას საშინაო საქმეებში. რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, იგი რუსეთთან შეთანხმებული უნდა ყოფილიყო. სამეფო ტახტის მემკვიდრის უფლებამოსილებას რუსეთის იმპერატორი ადასტურებდა.

ყურადღება გვსურს, გავამახვილოთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტზე, რომელიც ვფიქრობთ, ნათელს მოჰფენს რუსეთის ზრახვებს საქართველოს მიმართ. ჩვენი აზრით, საქართველოს შემოერთების საკითხი უკვე გადაწყვეტილი იყო ტრაქტატის ხელმოწერამდე გაცილებით ადრე. რუსეთს 1780 წლისათვის უკვე გააჩნდა მკაფიო გეოსტრატეგიული დოქტრინა ,,საბერძნეთის პროექტი,,-ს სახელწოდებით. ფაქტობრივად, ეს იყო ერთერთი პირველი პროექტი, რომელშიც უდიდესი ყურადღება ენიჭებოდა გეოცივილიზაციურ ფაქტორებს, რაც ითვალისწინებდა თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლაში მის მიერ დაპყრობილი კავკასიელი და ბალკანელი ხალხების ჩართვას.

როგორც ცნობილია, გაშლილი სახით ,,საბერძნეთის პროექტი,, გადმოცემულ იქნა ეკატერინეს მიერ 1782 წლის 10/21 სექტემბრის წერილში ავსტრიის იმპერატორ იოსებ II-ისადმი. რამდენიმე ხნით ადრე, დაახლოებით 1780 წელს, ის დაფიქსირდა ა. ა. ბეზბოროდკოს მემორანდუმში, რომელიც შესაძლოა განკუთვნილი იყო ორი იმპერატორის მოგილიოვში შეხვედრისათვის.

თუმცა აშკარაა, რომ 1779 წელს, დიდი თავადის – კონსტანტინე პავლეს ძის დაბადების დროისათვის ის უკვე არსებობდა საკმაოდ გაშლილი სახით. თვით უფლისწულისათვის სახელის შერჩევა, მისი ქვეყნად მოვლინების აღსანიშნავად გამოშვებული სამახსოვრო მედალი ანტიკური ფიგურებითა და წარწერით ,,უკან ბიზანტიაში,,, საკმაოდ მკაფიოდ ადასტურებდნენ ეკატერინე II-ის განზრახვას (11).

თუმცა ეკატერინე II-ის მიმოწერა ვოლტერთან გვაფიქრებინებს, რომ ამ პროექტის ძირითადი პუნქტები რუსეთ-თურქეთის ომის (1768-1772) დაწყების პერიოდისთვის უკვე გამოკვეთილი იყო. ვოლტერი რჩევებს აძლევდა ეკატერინეს და ის, თავის მხრივ, ცდილობდა მიმდინარე ომის ყველა საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსში ჰყოლოდა იგი. 1768 წლის 15 ნოემბრით დათარიღებულ წერილში ვოლტერი ეკატერინეს წერდა: “თუკი ისინი (თურქები – ა.წ.) თქვენ, ყოვლადმოწყალეო ხელმწიფევ, გამოგიცხადებენ ომს, მაშინ ამან ადვილად შეიძლება მიიყვანოს ისინი იქამდე, რაც მათზე მსჯელობისას პეტრე დიდს ჰქონდა მხედველობაში, რომ კონსტანტინოპოლი გაეხადა იმპერიის დედაქალაქი. …როგორც კი თქვენი იმპერატორობითი უდიდებულესობა ინებებს, დააწესოს თავისი ყოფნა კონსტანტინოპოლში, გთხოვთ, ნება დამრთოთ, ჩამოვიდე იქ, ვემთხვიო თქვენს ფეხებს და გავატარო რამდენიმე დღე თქვენი სასახლის კარზე, ვინაიდან მე უეჭველად მჯერა, რომ თუკი ოდესმე თურქეთი უნდა იყოს გაძევებული ევროპიდან, ეს უსათუოდ რუსების მიერ აღესრულება,,.(12)

როგორც ცნობილია, ვოლტერი მუშაობდა პეტრე I-ის ეპოქის რუსეთის ისტორიაზე. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ თავდაპირველად თავისი სახელმწიფოს გაფართოება პეტრე I-მა სამხრეთის მიმართულებით სცადა, როდესაც მან გადაწყვიტა შავ ზღვაზე გასასვლელის მოპოვება. ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, ცნობილი იყო ვოლტერისათვის, რომელმაც ეკატერინეს თხოვნით დაწერა ,,რუსეთის იმპერიის ისტორია პეტრე დიდის მეფობის დროს,,.(13)

წერილებში საუბარია საქართველოს შესახებაც. 1770 წლის 2 იანვარს ვოლტერი წერს ეკატერინეს: ,,…მოელიან ქართველების მანიფესტს, სადაც ისინი კატეგორიულად აცხადებენ, რომ აღარ სურთ უგზავნონ მუსტაფას თავისი ქალწულები. გულით მწადიან, რომ ეს მართალი გამოდგებოდეს და ყველა მათი მშვენიერი ქალწული თქვენი მამაცი ოფიცრების ხელში გადავიდოდეს: მათ ისინი სავსებით დაიმსახურეს. სილამაზე ჯილდოდ უნდა ექმნეს ვაჟკაცობას,,.(14)

ვოლტერისა და ეკატერინეს წერილებში განხილულია საქართველოს მონაწილეობა რუსეთ-თურქეთის ომში (15), თუმცა კვლავ გვინდა დავუბრუნდეთ გეოპოლიტიკურ ასპექტებს, რომელიც მოჩანს ეკატერინესა და ვოლტერის მიმოწერაში. ვოლტერი უწონებს ეკატერინეს დუნაის, კავკასიის და ეგეოსის ზღვიდან თურქეთზე შეტევის გადაწყვეტილებას. ამავე დროს, ყურადღება გვსურს გავამახვილოთ 1770 წლის 18 მაისით დათარიღებულ წერილზე: ,,თუკი ეს მართალია, რომ ეგვიპტემ ჩამოიგდო მუსტაფას უღელი, მაშინ მე დარწმუნებული ვარ, რომ თქვენს უდიდებულესობას მონაწილეობა ჰქონდა ამ რევოლუციაში. მან, რომელმაც შეძლო გაეგზავნა ფლოტი ნევის ნაპირებიდან პელოპონესთან, ადვილად შეძლებდა გაეგზავნა პირამიდების ქვეყანაში მოლაპარაკებებში დაოსტატებული ადამიანი. შავი ზღვა დაფარული უნდა იყოს თქვენი თოლიებით, მაშინ სტამბულში შეუძლებელი იქნება საკვები მარაგის მიღება ვერც ეგვიპტიდან, ვერც საბერძნეთიდან, ვერც ალჟირიდან. თქვენ დააბიჯებთ ამ უდიდეს იმპერიას კოლხეთიდან მემფისამდე. ეს ჩემი მოსაზრებაა, მაგრამ ის შეუდარებლად მცირეა მასზე, რაც თქვენმა უდიდებულესობამ ამ დრომდე აწარმოა,,.(16)

ამ წერილიდან ცხადია, რომ ვოლტერი სთავაზობდა რუსეთს საზღვაო და სახმელეთო ხაზებიდან (ყველა მიმართულებით) თურქეთის ბლოკირებას. რაშიც მკაფიოდ ჩანს ,,ანაკონდას პრინციპი”-ს ელემენტები, რომელიც გამოიყენა პირველად გენერალმა მაკკლელანმა ჩრდილოეთ-სამხრეთი ომის დროს და პლანეტარულ დონეზე გადაიყვანა ალფრედ მეჰენმა. ეგვიპტის მოკავშირეობა კიდევ ერთი ფაქტორის გამო იქნებოდა მომგებიანი რუსეთისათვის _ მას გაეხსნებოდა უმოკლესი გზა ინდოეთისაკენ. მოგვიანებით ასეთი სახის გეგმის განხორციელებას შეეცადა ნაპოლეონი (ეგვიპტის ექსპედიცია _ 1798-1801წწ.).

“საბერძნეთის პროექტთან” დაკავშირებით ისმის კითხვა, ნუთუ მის შესახებ არაფერი იყო ცნობილი ქართული პოლიტიკური ელიტისათვის, თუნდაც იმ წარჩინებულთათვის მაინც, რომელნიც რუსეთში ცხოვრობდნენ 1723 წლის შემდგომ. ვიბორგის ციხეში პატიმრობაში მყოფი ქართველი თავადი ალექსანდრე ამილახვარი ეკატერინე II-ისადმი გაგზავნილ წერილში (დათარიღებულია 1792 წლის 17 ნოემბრით), აღწერს რა იმ მძიმე პირობებს, რომელშიც ის იმყოფება, აღნიშნავს: ,,…დიდებულო მონარქინა, გაბედულად მოგახსენებ, რომ ჩემი თავისუფლება და მეგობრობა უფრო სასარგებლო იქნებოდა თქვენი სახელმწიფოსათვის, ვიდრე ჩემი ციხეში გამომწყვდევა და ასე სასტიკად მოპყრობა. მგონია, რომ ჩემს თანამემამულეთა შორის მხოლოდ მე დავბადებულვარ ისეთი, რომელსაც სურს და შეუძლია კიდეც ხვთის წყალობით, შეუერთოს რუსეთს არა თუ თავისი ხალხი, არამედ ძველთაგანვე ჩვენდამი კუთვნილი ხალხებიც. აქედან გამომდინარე სარგებლობა ჯერ ყველას ვერ შეუგნია. თუ თქვენი იმპერატორობითი უმაღლესობა კეთილ ინებებს ჩემს მოსმენას, დაინახავს, სრულად ადვილს და ორივე მხრისთვის უფრო სასარგებლო პროექტს, ვიდრე ყველა დღემდე არსებული პროექტებია,,.(17)

სწორედ სიტყვა პროექტი ნახსენები ალექსანდრე ამილახვრის წერილში გვაფიქრებინებს იმას, რომ მისთვის ცნობილი იყო რუსეთის გეგმის შესახებ. ასევე შეგვიძლია გავაკეთოთ დასკვნა მის მიერ პოლიტიკური პროცესების განჭვრეტის უნარზე. ამავე დროს, მისთვის ,,საბერძნეთის პროექტი,,-ს არსებობის შესახებ ცნობილი შეიძლება გამხდარიყო მისი მეგობრის, მიხეილ ვასილის ძე დანილოვისგან (1722-1790), რომელიც იყო გამომგონებელი არტილერიისა და პიროტექნიკის დარგში. საარტილერიო სასწავლებლის დამთავრების შემდეგ (1743) მონაწილეობდა სასახლის კარის დღესასწაულებისა და ილუმინაციების მოწყობაში (18).

ალ. ამილახვარი პრაქტიკულად პირველი ქართველი მოაზროვნეა, ვინც საქართველოს გარშემო მიმდინარე მწვავე პროცესებს, რუსეთის მიერ მის შეერთებას პოლიტიკური ინტერესით და გეოპოლიტიკური ფაქტორებით ხსნის (პიესა ,,მოქმედება ასტრახანში,, 1802 წელი). ,,რუსებს ურჩია (პოლიტიკამ _ ა.წ.) მიეღოთ ერეკლე: მე კი, რაც უნდა დაჯდომოდათ, უნდა დავეჭირეთ, რისთვისაც მან იმათ ოქროს მთები აღუთქვა, მათ არა მარტო საქართველო მისი ოქროს მადნებით, არამედ საქართველოს მეშვეობით თვით თურქების ევროპიდან განდევნა და ირანის, რომელიც იმ დროს აღრეულობაში იყო, სრულიად დაპყრობას დაპირდა, იქამდე მივიდა, რომ რუსეთს შთააგონა მსოფლიო მონარქიის იდეა”. იქვე ალექსანდრე ამილახვარი აღნიშნავდა: “პოლიტიკა მაშინვე როდი იძლევა სარგებელს. ის სარგებელის მიღებას პირდება ხოლმე რამდენიმე საუკუნის შემდეგ”.(19)

რთულია არ დავეთანხმოთ მის ამ სიტყვებს, რომელსაც უფრო მეტად ამყარებს ზურაბ ავალიშვილის მოსაზრება ამავე საკითხთან დაკავშირებით: ,,საქართველოს შეერთება რუსეთთან იყო უპირველესი მნიშვნელობის მქონე მოვლენა. სწორედ ამ შეერთების დროიდან დგება რუსეთი გზაზე, რომელმაც შესაძლოა მიიყვანოს ის სპარსეთის ყურის ნაპირებთან. მომავალი ყოველთვის სათუოა, მაგრამ საკმარისია შესაძლებლობა ასეთი მომავლისა, საკმარისია იმის ფლობა, რაც რუსეთს აქვს კავკასიის იქით, რომ ვხედავდეთ მოვლენის მთელ მნიშვნელობას, რომლითაც კერძოდ იწყება რუსეთის სამფლობელოების გაფართოება აზიის ამ ნაწილში,,.(20)

შემდგომ პერიოდში, XIX საუკუნის განმავლობაში რუსეთმა შეძლო პოზიციების კიდევ უფრო მეტად გამყარება კავკასიაში და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. ამავე დროს, საქართველოს შეერთებამ მას შესაძლებლობა მისცა, მარყუჟში მოექცია და დაემყარებინა თავისი მმართველობა ჩრდილოეთ კავკასიაში.

 

შენიშვნები

1 H. I. Mackinder. Democratic Ideals and Reality. New York, Pelican Books, 1944, gv. 4 (“From the moment that city Constantinople fell into Turkish hands in 1453, the Black sea closed to the Venetian and Genoese Seaman”).
2 З. Авалов. Присоединение Грузии к Росии. СПб., 1901, გვ. 13.
3 Хрестоматия по истории средних веков, т.3. М., 1950, გვ. 315.
4 А. Дугин. Основы Геополитики. М., 1999, გვ. 44.
5 მითითებულია: ა. დუგინი. გეოპოლიტიკის საფუძვლები. თბ., 1999, გვ. 44.
6 ი. ჯავახიშვილი. დამოკიდებულება რუსეთსა და საქართველოს შორის XVIII საუკუნეში. _ თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ. XII. თბ., 1998, გვ. 401.
7 ვ. მაჭარაძე. რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიისათვის. XVIII ს. I მეოთხედი. თბ., 1960; ი. ტაბაღუა. მასალები XVIII საუკუნის პირველი მეოთხედის საქართველოს ისტორიისათვის. თბ., 1989.
8 П. Г. Бутков. Материалы для новой истории Кавказа с 1722 по 1803 год. СПб., 1869, გვ. 5; ვ. მაჭარაძე. რუსეთ-საქართველოს.., გვ. 57.
9 ვ. მაჭარაძე. რუსეთ-საქართველოს.., გვ. 56.
10 Е. Г. Вейденбаум. Кавказские этюды. Тифлисъ, 1901, გვ. 147.
11 А. Зорин. Русская ода конца 1760-х – начала 1770-х годов. Вольтер и „Греческий проект“ Екатерины II. – ჰტტპ://მაგაზინეს.რუსს.რუ/ნლო/1997/24/ – Журнальный зал „НЛО“, 1997, №24; Очерки истории СССР. Под. ред. А. И. Барановича. М., 1956, გვ. 366-367.
12 Философская и политическая переписка императрицы Екатерины Второй с Г. Вольтером продолжавшаяся с 1763 по 1778 г. СПб., 1802, გვ. 50-51.
13 Вольтер. История Российской империи в царствование Петра Великого. СПб., 1809.
14 ლ. ასათიანი. ვოლტერიანობა საქართველოში. თბ, 1933, გვ. 33-34; ასევე იხ.: Философская и.., გვ. 50-51.
15 Философская и.., გვ. 63, 66, 72, 105-106; ასევე იხ.: ლ. ასათიანი. ვოლტერიანობა.., გვ. 32-37.
16 Философская и.., გვ. 84.
17 პ. გელეიშვილი. XVIII საუკუნის ქართული ლიტერატურის მემკვიდრეობიდან. ალექსანდრე ამილახვარი. თბ., 1936, გვ. 148-149.
18 М. А. Данилов. Записки. М., 1842, გვ. 3.
19 პ. გელეიშვილი. XVIII საუკუნის.., გვ. 168-169.
20 З. Авалов. Присоединение.., გვ. I.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s