Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

◊აგვისტოს გაკვეთილები

დავით არაბიძე

აგვისტოს გაკვეთილები

 

“როდესაც საქართველო საბჭოთა რუსეთთან შეტაკებამდე მიიყვანეს, რუსეთის, არც თუ ისე დიდი ძალებისათვის, თითქმის არავითარი წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. ყველაფერი გაკეთდა საიმისოდ, რათა შეტევაზე წამოსულ წითელ არმიას შეიარღებული ხალხი კი არ დახვედროდა, არამედ პარტიული ბელადების ჯგუფი, სახელმწიფო ხელისუფლების ექსპლუატაციის მონაწილე ფართო თანასაზოგადოება და მათთან ერთად ერთგული მიურიდების მცირე რაზმი. მთელი ეს ასაბია სულ იოლად გადაისროლეს ზღვაში”.

ზურაბ ავალიშვილი

“თებერვალი აგვისტოში?”

ამ სიტყვებით თითქმის სრულად არის გადმოცემული შარშანდელი აგვისტოს ომი. 1921 წლის თებერვალ-მარტის შემდეგ 8 ათეულზე მეტი წელი გავიდა, მაგრამ საქართველო რუსული ინტერვენციის წინაშე კვლავ 1921 წლის სტილში წარსდგა.

რუსული დესპოტიის ვერაგობა მრავალ საუკუნეს მოითვლის, მაგრამ ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვერაგობა, რაც მათ გამოუვიდათ იყო აშშ-ს პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის გაცურება.

2002 წლის მაისში ჯორჯ ბუშმა და იმჟამად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას, სადაც აღნიშნული იყო “ჩვენ ვაღიარებთ, რომ ჩვენს საერთო ინტერესს წარმოადგენს ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის ყველა სახელმწიფოს სტაბილურობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელშეწყობა”. ეს დოკუმენტი ვლადიმერ პუტინისთვის აღმოჩნდა ის შირმა, რის უკანაც მან სისხლში ჩაახშო ჩეჩენი ხალხის ეროვნული მოძრაობა, განახორციელა ავტორიტარული საპრეზიდენტო სისტემის დამკვიდრება და შეკრა რუსეთის სამხედრო- სამრეწველო კომპლექსისა და სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის მყარი ალიანსი. ამის მიღწევისთანავე რუსეთის მმართველმა რეჟიმმა იგრძნო, რა ძალა ვლადიმერ პუტინის პირით 2007 წლის 10 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, დასავლეთს დუელში გამოწვევის ხელთათმანი მიუგდო. ამ დროიდან რუსეთი მიზანმიმართულად უპირისპირდება დასავლეთს, განსაკუთრებით კი აშშ-ს. ამ გამოწვევის შემადგენელი ელემენტია რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და მეტიც – რუსეთის დაბრუნება ლათინურ ამერიკაში, როგორც იარაღის უდიდესი მიმწოდებლისა.

მოსკოვი მიზანმიმართულად აიარაღებს ვენესუელის პოპულისტ-დიქტატორს უგო ჩავესს. აღსანიშნავია, რომ მიწოდებული იარაღი შეტევითია, ბომბდამშენები, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, შორსმსროლელი არტილერია და რაც მთავარია, ტანკები, 100-ზე მეტი ტანკი თ-72. ამ შეიარაღების მიწოდების შემდეგ ვენესუელას ექნება იმდენივე ტანკი, რაც ჰყავს ლათინური ამერიკის ყველა ქვეყანას ერთად აღებულს და თუ გავითვალისწინებთ, რომ უგო ჩავესისთვის ყველაზე საძულველ კოლუმბიას საერთოდ არ ჰყავს არც ერთი ტანკი. ეს ნიშნავს, რომ პუტინ-მედვედევის რეჟიმი ვენესუელის სატანკო პარკს ზრდის 300 ერთეულამდე, რაც უგო ჩავესს აძლევს 2 სატანკო არმიის ფორმირების საშუალებას, ანუ კოლუმბიის წინააღმდეგ აგრესიული ომის დაწყების მატერიალურ ბაზას. მოსკოვი ვაშინგტონს ამერიკის კონტინენტზე უქმნის დიდი ომის კერას. ამ ვერაგული გეგმის მთავარი მიზანია ვაშინგტონის სრული ყურადღების გადატანა ლათინურ ამერიკაში, რათა პუტინ- მედვედევის რეჟიმს ხელი გაეხსნას იმპერიული ამბიციების დაუბრკოლებლად გასატარებლად.

 

ნიუნბერგის აჩრდილი

1927 წელს ერთა ლიგამ პირველად კაცობრიობის ისტორიაში მიიღო დეკლარაცია, სადაც აღინიშნა “ყოველი აგრესიული ომი არის და რჩება აკრძალული”.

1946 წელს ნიუნბერგის სამხედრო ტრიბუნალის მიერ გამოტანილ განაჩენში აღინიშნა: “აგრესიული ომის გაჩაღება არაა უბრალოდ საერთაშორისო ხასიათის დანაშაული, იგი უმძიმესი საერთაშორისო დანაშაულია”.

1974 წელს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ თავის 29-ე სესიაზე მიიღო რეზოლუცია N 3314, სადაც აღინიშნა: “აგრესიაა ერთი ქვეყნის შეიარაღებული ძალების მიერ მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე შეჭრა ან თავდასხმა”.

2008 წლის 8 ივლისს რუსეთის შეიარაღებული ძალები, მისი საბრძოლო ბომბდამშენები საქართველოში შემოიჭრნენ, რაც ოფიციალურად დაადასტურა 10 ივლისს რუსეთის ჩრდილოეთ-კავკასიის სამხედრო ოლქის სარდალმა, გენერალ-პოლკოვნიკმა სერგეი მაკაროვმა, ხოლო 11 ივლისს ეს ფაქტი ოფიციალურად დაადასტურა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. რეზოლუცია “აგრესიის დეფინიციის შესახებ” შესაბამისად ეს იყო აგრესია, ხოლო აგრესია ერთხელ და სამუდამოდ დაგმობილია და დანაშაულად არის აღიარებული 1928 წელს დადებული ბრიან-კალოგის პაქტით.

საერთაშორისო სამართლის შესაბამისად პუტინ-მედვედევის რეჟიმმა 2008 წელს აგრესია განახორციელა საქართველოს წინააღმდეგ და მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ნამდვილად იმსახურებს ახალ ნიუნბერგის პროცესს, რადგან ეს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია.

 

სეპარატიზმი-ფაშიზმი

ვინც სეპარატისტების ე.წ, კონსტიტუციებს გადაშლის, იხილავს, რომ თურმე ეს ე.წ, რესპუბლიკები არის “ხალხთა თავისუფალი თვითგამორკვევის შედეგად შექმნილი სუვერენული, სამართლებრივი, დემოკრატიული სახელმწიფოები”.

რუსეთის მოქალაქეები საქართველოს ტერიტორიაზე თვითგამოერკვნენ, ეს ნამდვილად “ახალი სიტყვაა” მსოფლიოს ისტორიაში და ალბათ რუსეთი ახლა ელოდება, როდის მოახდენენ, თუნდაც ჩინეთის მოქალაქეები თვითგამორკვევას ციმბირსა და ამურისპირეთში.

სუვერენიტეტი შეუთავსებელია საოკუპაციო ტანკებთან, სამართალი შეუთავსებელია ადამიანების ეთნიკური ნიშნით დევნასთან, დემოკრატია შეუთავსებელია ეთნოკრატიასთან, სახელმწიფო შეუთავსებელია ტერორიზმთან.

ბაღაფშისა და კოკოითის ტერორისტული დიქტატურების იდეოლოგიური ბაზისი ფაშიზმია. ამას არა ერთი ფაქტი ადასტურებს.

შარშან, ბაღაშფის რეჟიმმა, რუსული ტანკების საფარქვეშ აფხაზეთში მორიგი ეთნიკური წმენდა განახორციელა, კოდორის ხეობიდან განდევნა მკვიდრი ქართული მოსახლეობა, წელს პრაქტიკულად აიკრძალა ქართულ ენაზე, თუნდაც დაწყებითი განათლება გალის რაიონში.

ბაღაფშის ფაშიზმს ტოლს არ უდებს კოკოითის რეჟიმი. შარშან, 20 აგვისტოს ცხინვალის იძულებით შრომის საკონცენრტრაციო ბანაკთან, სანკტ-პეტერბურგის მარინსკის თეატრის ორკესტრის დირიჟორმა ვალერი გერგიევმა კონცერტი გამართა, ჰიტლერელები მართავდნენ კონცერტებს ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკთან. ამ სამარცხვინო ფაქტს მაშინვე მწვავე შეფასება მისცა დასავლეთის პრესამ, კერძოდ, 2008 წლის აგვისტო Time ასე შეაფასა ვალერი გერგიევის სამარცხვინო ქმედება “ჩააყენა რა საკუთარი თავი, რუსეთის სამხედრო ძალმოსილების მადიდებელი პროპაგანდის სამსახურში, იგი გადავიდა იმ ზღვარს, რომელიც ჰყოფს ხელოვნებას პოლიტიკისაგან, სილამაზეს მხეცობისაგან. თავისი მუსიკალური ოსტატობა მან მოსკოვის სამხედრო აგრესიის ქება-დიდებაში გამოავლინა”.

წელს ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში კიდევ ერთი ფაშისტური შაბაში გაიმართა. 10 სექტემბერს ცხინვალის “უნივერსიტეტის” ე.წ. რექტორმა თეიმურაზ კოკოევმა ქალაქში საჯაროდ დაწვა ბიბლიოთეკებში დარჩენილი ყველა ქართული წიგნი. როდესაც 1933 წელს 10 მაისს ჰიტლერელებმა წიგნებისაგან ჭია-კოკონა მოაწყვეს, ამით გერმანელი ხალხი კატასტროფისკენ წაიყვანეს. სეპარატიზმი თვითმკვლელობის სტრატეგიაა.

ამას თვითონაც ხვდებიან, აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრემიერი ვ. ზანთარია აღიარებს: “აფხაზურ საუბარს დღეს მთის სოფლებში და იმასაც სამძიმარზე ან გასვენებაზე გაიგონებ”.

ოსმა სეპარატისტებმა კარგი “საჩუქარი” მიიღეს რუსეთის სამშენებლო ტრესტებისგან, ბულდოზერებით მიწასთან გასწორდა ცხინვალის ისტორიული ებრაული კვარტალი.

სეპარატიზმმა დღეს აფხაზური და ოსური ენა სოციალურად არაპრესტიჟულად აქცია, აფხაზეთშიც და ცხინვალის რეგიონშიც დღეს რუსიფიკაციის პოლიტიკა ხორციელდება. ქართველების წინააღმდეგ აფხაზი და ოსი ფაშისტების ხელით კრემლმა ეთნიკური წმენდის სტრატეგია განახორციელა, დღეს კი ეს ფაშისტები თავად იქცნენ მოსკოვის იმპერიალისტური სტრატეგიის სამიზნენი და ფეხაწყობილნი მიელალებიან ისტორიის საფლავში.

ვლადიმერ ჟირინოვსკიმ, ჯერ კიდევ 2006 წელს რუსული ტელევიზით საჯაროდ განაცხადა: “აფხაზეთის – იქით მშვენიერი ზღვაა, მთა გადასარევია, კარგი ადგილია, ასე, რომ მე წავალ პირველი და გავიყოლებ სამ მილიონ რუსს იქ საცხოვრებლად”.

ჟურნალისტ სოლოვიოვის შეკითხვაზე: “აფხაზებს რა ვუყოთ?”

ჟირინოვსკი პასუხობს: “ეგენი ისედაც ცოტანი არიან და დაიხოცებიან, დროა საჭირო. მანამდე კი მონებად გამოვიყენებთ”.

შეკითხვა: “სამხრეთ ოსეთი?”

ჟირინოვსკი: “სამხრეთ ოსეთი ფრონტის ხაზი იქნება. ოსები ამ ხაზთან დაწვებიან!”

 

ბეჩავი და მტარვალი,

ანუ “მაჩო” და მისი “ბლონდი”

რუსეთის პრეზიდენტის სკამზე წამოსკუპებული პუტინი თავის მმართველობის პირველ ხანებში თავს არ ზოგავდა, რათა დასავლეთის თვალში ცივილიზებული პარტნიორის იმიჯი მოეპოვებინა. ამ მიზნით იგი ხშირად მონაწილეობდა დასავლეთის სხვადასხვა ტელეგადაცემებსა და თოქ-შოუებში. ერთი ამგვარი ტელეგამოსვლა მას ჰქონდა ამერიკულ ტელეკომპანია CNN-ზე 2000 წლის სექტემბერში, მსოფლიოში კარგად ნაცნობ ლარი კინგის თოქ-შოუში. წამყვანის შეკითხვაზე: “გჯერათ ზეციური ძალების?”, პუტინმა უპასუხა: “მე მჯერა ადამიანის, მჯერა მისი კეთილი აზრების. მჯერა, ჩვენ ყველანი იმისთვის გავჩნდით, რომ სიკეთე ვაკეთოთ”.

ეს თვალთმაქცი ფარისეველი, რომლის კისერზეცაა ათეულ ათასობით მოკლული ბავშვი, ქალი და მამაკაცი, მანიაკი, რომელმაც მოსკოვის ცენტრში 2002 წელს გამოიყენა ქიმიური იარაღი – საბრძოლო მომწამლავი საშუალებები, ხოლო 2004 წელს ბესლანში ბრძანება გასცა დაეხოცათ 1500 ბავშვი, ცდილობდა და ცდილობს დღესაც გარე სამყაროს “კეთილი აზრების ადამიანად” მოაჩვენოს თავი. ჩრდილოეთ კავკასიაში ჩეჩენი, ინგუში და დაღესტნელი ხალხები სისხლით ზღავენ მისგან მოძღვნილ “სიკეთეს”.

იპოვა რა მორჩილი არსება დიმიტრი მედვედევის სახით, დასვა “დერჟავულ” სავარძელში, მაგრამ არა მხოლოდ დასვა, სისხლშიც გასვარა და აგვისტოს ომის შემდეგ ხელებიც მას შეაწმინდა და აგრესიის ბრძანების გაცემაც მას აჰკიდა.

ბეჩავი დიმიტრიც რა ჩარა იყო, სამხედრო-სამრეწველო კომპლექსისა და სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ალიანსი თავისას ითხოვდა.

 მტარვალი და “მაჩო” ვლადიმერი, რომელიც სულ უფრო და უფრო ხშირად ჩნდება ტელეეკრანებსა და ილუსტრირებულ ჟურნალებში ნახევრად შიშველი, შაშხანით ხელში და ბედაურზე ამხედრებული, დიდ კონტრასტს ქმნის ბეჩავი და ღვინით გამოლენჩებული დიმიტრის ფონზე, რომელსაც სამადლოდ სარკოზი და ბერლუსკონი დაატარებენ, ალკოჰოლიზმი ხომ რუსეთის ისტორიული სენია. ჰიტლერსაც ჰყავდა მორჩილი ძაღლი “ბლონდი”.

რამდენადაც სამარცხვინო არ უნდა იყოს, მიხეილ ჯავახიშვილის “ჩანჩურას” ტიპის ეს ვაი-პრეზიდენტი, სახელმწიფო მეთაურის როლის შესრულებას ცდილობს, მეტიც თავისი ჭკუით “დემოკრატიის” მშენებლობის იმიტაციასაც ახდენს. რუსეთის საზოგადოებრივი პალატის წევრად თიკა კანდელაკს ნიშნავს. არჩევანიც ასეთი უნდა! რუსეთუმეებში თუ ვინმეს რაიმე ილუზია გააჩნია კრემლთან მიმართებაში, ამ დანიშვნით კარგად უნდა დაინახოს, თუ როგორი “ქართველია” მოსკოვისთვის საჭირო და მისაღები.

პუტინ-მედვედევის რეჟიმს რუსეთის საზოგადოებრივ პალატაშიც, მთავრობაშიც და ოჯახშიც უმრავლოს “თიკა კანდელაკები”, მაგრამ საქართველო სხვაა და სრულიად სხვაა ეროვნება დაკარგული ბიომასა, რომელსაც პიროვნების აღარაფერი შერჩენია და თავის უბადრუკობას იმპერიის სამსახურსა და მორალის უარყოფაში მალავს, სირცხვილი მას! რას უნდა ელოდოს ბეჩავისა და მტარვალისაგან ვინმე, მათი არჩევანი ხომ “თიკა კანდელაკია”.

 

კელტი – “ჩვენ თქვენთან ერთად ვიდგებით”

კელტების ძალამ, გონებამ და დაუმორჩილებელმა სულმა ამერიკა მსოფლიოს ერთადერთ ჰიპერსახელმწიფოდ ჩამოაყალიბა.

2009 წლის ივლისში თბილისს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი ეწვია. მან უმნიშვნელოვანესი განცხადებები გააკეთა პარლამენტის დარბაზში, რითაც ჩრდილოეთ აგრესორს ნათლად დაანახა აშშ-ს პოზიცია. მან აღნიშნა “მე არა მხოლოდ ჩემი სახელით ვსაუბრობ, არამედ ჩემი პრეზიდენტის, პრეზიდენტ ობამას სახელითაც, ასევე ჩემი ქვეყნის სახელით. მე აქ ჩამოვედი ერთი მარტივი და პირდაპირი გზავნილის ჩამოსატანად ჩემი ხალხის სახელით: ამერიკის შეერთებული შტატები თქვენს გვერდით დგას უსაფრთხო, თავისუფალი, დემოკრატიული და კვლავ გაერთიანებული საქართველოს მოგზაურობაში”.

“ქალბატონებო და ბატონებო, ვიცი რომ ზოგიერთი წუხს და მე კარგად მესმის, რომ რუსეთთან ჩვენი ურთიერთობის გადატვირთვის მცდელობა მოხდება საქართველოს ხარჯზე. ნება მომეცით ნათლად გითხრათ – ეს არ მომხდარა, არ მოხდება და არ შეიძლება მოხდეს”.

“ჩვენ მხარს ვუჭერთ იმ პრინციპს, რომ სუვერენულ დემოკრატებს შეუძლიათ მიიღონ თავიანთი გადაწყვეტილებები, აირჩიონ პარტნიორები და საკუთარი ალიანსები”.

“ჩვენ არ ვაღიარებთ აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოებს. ჩვენ მოვუწოდებთ მსოფლიოს არ აღიარონ ისინი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად. ჩვენ მივმართავთ რუსეთს პატივი სცეს საერთაშორისო ვალდებულებებს, რომელიც ნათლად არის ჩამოყალიბებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაში და მოიცავს ყველა საჯარისო ფორმირების გაყვანას წინა კონფლიქტურ პოზიციებზე და მთლიანად საქართველოდან”.

“ჩვენ ასევე ვმუშაობთ საქართველოსთან, რომ მოვახდინოთ თქვენი სამხედრო სფეროს მოდერნიზება. ძირითადი აქცენტი კეთდება წვრთნაზე, დაგეგმარებასა და ორგანიზებაზე. ჩვენ გვესმის, რომ საქართველო მიისწრაფვის ნატოსკენ და ჩვენ სრულად გიჭერთ მხარს ამ მისწრაფებაში.

“აშშ-ს არავითარი სურვილი არ გააჩნია შექმნას გავლენის სფერო ამ რეგიონში ან სადმე სხვაგან მსოფლიოში. ჩვენი მიზანია შევქმნათ მრავალპარტნიორული მსოფლიო, სადაც ერებს ექნებათ საერთო ინტერესები. ეს პარტნიორობა არ იქნება ვინმეს წინააღმდეგ, იგი იქმნება მათი ინტერესებისათვის, ვისაც სურს უფრო დემოკრატიული, აყვავებული და უსაფრთხო მსოფლიო”.

“ქალბატონებო და ბატონებო, დანაწევრებული საქართველო ვერ დაასრულებს ამ მოგზაურობას (იგულისხმება უსაფრთხო, თავისუფალი, დემოკრატიული, გაერთიანებული საქართველო) – გაერთიანებული საქართველო კი შესძლებს აასრულოს თქვენი წინაპრების ოცნებები და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, თქვენი შვილების იმედები”.

 

რუსული მარცხი

9 სექტემბერს ქალანთაროვ-ლავროვის დიპლომატიურმა “სკოლამ” მორიგი მარცხი განიცადა ნიუ-იორკსა და პარიზში.

ნიუ-იორკში სასტიკი დებატების შედეგად გაეროს გენერალური ანსამბლეის პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა თბილისის ინიციატივით მომზადებული რეზოლუცია. პირველად, 1990 წლის 11 დეკემბრის შემდეგ, როდესაც საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას თავმჯდომარეობით მიიღო კანონი “სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის გაუქმების შესახებ” საერთაშორისო დოკუმენტში აღინიშნა ტერმინი “ცხინვალის რეგიონი”, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს 1991 წლის 23 მარტს ყაზბეგში ზვიად გამსახურდიასა და იმჟამად რუსეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ბორის ელცინის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის სტრატეგიულ მნიშვნელობას, როდესაც ასევე პირველად უკვე არა ეროვნულ მასშტაბში გამოყენებულ იქნა ტერმინი “ყოფილი სამხრეთ ოსეთი”.

63-ე ასამბლეაზე ქართულ პროექტს მხარი 48 ქვეყანამ დაუჭირა, 19 ქვეყანა წინააღმდეგი იყო, ხოლო 78 თავი შეიკავა. თუ გავითვალისწინებთ, რომ შარშან აფხაზეთის თაობაზე მიღებულ რეზოლუციაში ქართულ პროექტს მხოლოდ 14 ქვეყანამ დაუჭირა მხარი, პროგრესი, მართლაც შთამბეჭდავია.

რეზოლუცია ჰუმანიტარული ხასიათისაა და მოწოდებულია აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მშობლიურ კერებში ნებაყოფლობითი, უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უზრუნველყოფისაკენ. რეზოლუცია ასევე გულისხმობს მონიტორინგის მექანიზმის ამუშავებას, რის შედეგადაც გაეროს გენერალურ მდივანს პანგიმუნს დაევალა მორიგ სხდომაზე წარმოადგინოს დეტალური მოხსენება, სადაც აღწერილი იქნება ის გზები და საშუალებები, რითაც უნდა აღსრულდეს მოცემული რეზოლუცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ დოკუმენტით დაიგმო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში დემოგრაფიული ფონის ძალადობრივი შეცვლა, ადამიანების დევნა ეთნიკური ნიშნით, აქცენტი აღებულია ჰუმანიტარულ ეფექტზე და ალტერნატივად პრობლემის მოგვარებისა დასახულია მოლაპარაკებები ჟენევის ფორმატში.

N 63/79 რეზოლუცია “საქართველოდან, აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან/ სამხრეთ ოსეთიდან, საქართველო, იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილები უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების შესახებ”. ეს მართლაც კატასტროფაა ქალანთაროვ-ლავროვის დიპლომატიისა, რადგან აღარანაირი ისტორიულ პერსპექტივას აღარ უტოვებს რუსეთის სამხედრო-სამრეწველო და სათბობ- ენერგეტიკული კომპლექსების ალიანსის ინტერესების გამომხატველ პუტინ-მედვედევის რეჟიმს, რომ მათ რაიმე სახის ჰუმანიტარული და პოლიტიკური გამართლება მოუპოვონ რუსეთის იმპერიის მიერ მრავალი წლის მანძილზე წარმოებულ ეთნიკური წმენდისა და რუსიფიკაციის სტრატეგიას. 

N 63/79 რეზოლუცია არა მხოლოდ ქართველებისთვისაა “სასარგებლო”, იგი აფხაზებისა და ოსებისთვისაც ხსნაა, რადგან დღეს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსიფიკაციაც დაგმობილია, რაც თავის ეფექტს ისტორიულ პერსპექტივაში შეასრულებს. მკითხველისთვის საინტერესოა ვინ იყო მომხრე და მოწინააღმდეგე ამ რეზოლუციის.

2009 წლის 9 სექტემბერს გაეროს გენერალური ასამბლეის 63-ე სესიაზე საქართველოსთვის ასე მნიშვნელოვან N 63/79 რეზოლუციას მხარი დაუჭირეს: ანდორამ, მალტამ, ლიხტენშტეინმა, მონაკომ, ვანუატუმ, ლუქსემბურგმა, სენტ-ლუისმა, ჩეხეთმა, სან-მარინომ, ალბანეთმა, აზერბაიჯანმა, ესტონეთმა, პოლონეთმა, ლიტვამ, ლატვიამ, ბელგიამ, დანიამ, უნგრეთმა, შვედეთმა, უკრაინამ, რუმინეთმა, ავსტრიამ, სლოვაკეთმა, ბოსნია-ჰერცოგოვინამ, ავსტრალიამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, საფრანგეთმა, ბულგარეთმა, ხორვატიამ გერმანიამ, იტალიამ, ფინეთმა, საბერძნეთმა, ისლანდიამ, ნორვეგიამ, ირლანდიამ, ესპანეთმა, იაპონიამ, ახალმა ზელანდიამ, ჩერნოგორიამ, პორტუგალიამ, სლოვენიამ, ნიდერლანდებმა, უგანდამ, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ, ყოფილი იუგოსლავური რესპუბლიკა მაკედონია, საქართველო.

წინააღმდეგი იყო: ალჟირი, ზიმბაბვე, ეთიოპია, ლაოსი, მიანმა, ვიეტნამი, კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა, ინდოეთი, შრი-ლანკა, ირანი, სირია, ბოლივია, კუბა, ეკვადორი, ნიკარაგუა, ვენესუელა, ბელორუსი, სომხეთი, რუსეთი.

პუტინ-მედვედევის რეჟიმმა პარიზშიც მნიშვნელოვანი მარცხი განიცადეს. პირველად ქართულ-რუსული კონფლიქტის მსვლელობისას რუსეთს დაეთქვა კონკრეტული ვადა, 2010 წლის 25 იანვარი, როდესაც მან უნდა შეასრულოს ევროსაბჭოს N1633 და N1647 რეზოლუციები, კერძოდ რუსეთმა პატივი უნდა სცეს საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს, გაიყვანოს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან ჯარები, გააუქმოს მათი “დამოუკიდებლობის” ცნობის აქტები, ხელი შეუწყოს კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას. რუსული დელეგაციის მიმართ ევროსაბჭო პირველად 2000 წლის შემდეგ მიმართავს სანქციით მუქარას, კერძოდ 72 დეპუტატი უკვე მოითხოვს რუსული დელეგაციისათვის ხმის უფლების შეჩერებას. ეს პრაქტიკული ნაბიჯი თუ განხორციელდა, რუსეთი რეალურად აღმოჩნდება “ახალი რეალობის აღიარების პოლიტიკის” კრახის წინაშე.

კრემლმა ძლიერი პოლიტიკური დარტყმა აღმოსავლეთიდანაც მიიღო. იაპონიის პარლამენტის ორივე პალატამ საბოლოოდ დაამტკიცა 1982 წელს მიღებული კანონი “ჩრდილოეთის ტერიტორიების პრობლემების გადაწყვეტის ხელშემწყობი სპეციალური ზომების შესახებ:, რითაც კურილიის ჯაჭვის 4 კუნძული საბოლოოდ სცნო იაპონიის განუყოფელ ნაწილად. რუსეთმა აღმოსავლეთშიც წააგო.

 

სკვითის სისინი

აგვისტოს ომის წლისთავზე დიმიტრი მედვედევმა ვლადიკავკაზში განაცხადა – “სუსტები მსოფლიოს რუკიდან ქრებიან”. აი, რუსული დესპოტიის სტრატეგია საუკუნეთა განმავლობაში, რომ ახორციელებდა და ახორციელებს დღესაც. საქართველოს სახელმწიფოებრიობის ლიკვიდაცია მისი მიზანია.

დათვისთვის ტყეში საკუთარი უბნის საზღვრები – წმინდათაწმინდაა. დათვი ამ საზღვრებს ხეებზე ბრჭყალებით მონიშნავს და დროდადრო ამოწმებს, თუ მოსაზღვრე ხეებზე სხვა დათვის ნაჭდეურები დაბალი ან სუსტია, იგი იკავებს ახალ, დამატებით ტერიტორიას და მეზობელი დათვის თავდასხმას აღარ გაურბის, რადგან დაბალი და სუსტი ნაჭდეურებით ხვდება, რომ მეზობელი დათვი მასზე სუსტია.

რუსეთის დესპოტიზმი დათვის ამ “პოლიტიკას” მისდევს, მაგრამ ერთია ტრადიცია და მეორე შესაძლებლობები. დემოგრაფიული კრიზისი და ყოველწლიურად მოსახლეობის თითქმის მილიონით შემცირება რუსეთის ავანტიურისტულ ამბიციებს ადამიანურ რესურსებს აცლის. ამ ბანალური მოვლენითაა განპირობებული, რომ რუსეთის ისტორიაში პირველად არმიაში დაიწყეს ნასამართლობის მქონე წვევამდელთა გაწვევა, სადღეისოდ თითქმის 30 000 ამგვარი პირია დღეს ჯარისკაცი, რეალურად კი ეს ადამიანები “საზარბაზნე ხორცის” ფუნქციას შეასრულებენ, როდესაც კრემლი აამოქმედებს ინტერვენციის კანონს, დღეს კი მათი სისხლი ჩრდილოეთ კავკასიაში უნდა დაიღვაროს – ინგუშეთში, ჩეჩნეთში, დაღესტანში ახალი საბრძოლო ცეცხლი ღვივდება, კრემლის მიერ გაშლილ სახელმწიფო ტერორსა და რეპრესიებს მძლავრი სახალხო წინააღმდეგობა ხვდება, მეტიც, პრაქტიკულად ყველა საველე მეთაური აცხადებს, რომ ეს მიწა “დარ-ელ-ხარბია”, ანუ ომის მიწაა. ეს კი ნიშნავს, რომ წინააღმდეგობა მოსკოვს სულ უფრო და უფრო მეტი შეხვდება. კრემლს არაფერი აქვს შესათავაზებელი კავკასიელთათვის. არც ეკონომიკური და არც სოციალური რეფორმები დღეს რუსეთში არ მიმდინარეობს, პირიქით, იგი სულ უფრო და უფრო ეფლობა კრიზისში, იზრდება უმუშევრობა, რუბლი დევალვაციას განიცდის, რუსეთი მალე კვლავ დაუბრუნდება ელცინისდროინდელ მდგომარეობას, როცა როგორც თევზი ბადეში გახვეული იქნება ვალებში. რამდენიც არ უნდა იკაპრიზოს პუტინ-მედვედევის რეჟიმმა, მას მოუწევს უკან დახევა, საქართველოს კრემლი ვერ წაშლის, ეს მის ძალებს აღემატება.

 

ცვლილებები

“ცვლილება სიცოცხლის კანონია, ინტერნაციონალური ცხოვრების, ასევე ეროვნულისა და პირადისა. თუკი ჩვენ წინაღობებს ვუდგამთ ყველა ცვლილებას, ჩვენ გარდაუვალს ვხდით, რომ ცვლილება განხორციელდება ძალადობით ან აფეთქებით”. ჯონ ფოსტერ დალესის ეს სიტყვები 1951 წელს ითქვა. ამ სიტყვების ჭეშმარიტებას ადასტურებს, როგორც წარსული, ასევე აწმყოც. დღეს საქართველოს ისტორიული პერსპექტივა სრულადაა დამოკიდებული არსებული პოლიტიკური კულტურისა და სოციალური სისტემის შეცვლაზე. ის, რომ არსებული მოდელის პირობებში სახელმწიფოს მართვის მექანიზმზე ეფექტური სოციალური კონტროლი არ არსებობს, ეს დიდი საფრთხის მატარებელია ჩვენი სახელმწიფოებრიობისათვის, განსაკუთრებით კი რუსული აგრესიის პირობებში.

თქმა არ უნდა, რომ “ქალბატონი ბრილიანტებით” (ნინო ბურჯანაძე), “ექიმი, მეწარმე, ლიდერი” (დავით გამყრელიძე) ან,” ვაკელების სიმპატია” (ლევან გაჩეჩილაძე) და სხვა იმავე კალიბრის, პოლიტიკურ ველზე მოხეტიალე ინდივიდუუმები, მაინც და მაინც დიდს ვერაფერს სთავაზობენ საზოგადოებასა და ერს, გარდა უფრო მეტად თავისუფალი ბაზრისა, აბსოლუტში აყვანილი ბაზრისა.

მთავარი პრობლემა კი ისაა, რომ არსებული პოლიტიკური, სოციალური და სამართლებრივი ინსტიტუტები მოქალაქეებს, ყველას და არა მიზერულ უმცირესობას, არ აერთიანებენ საკუთრების შესახებ კანონთა ერთიან სისტემაში, რომ ყველა და არა მიზერული უმცირესობა იყოს აღჭურვილი ინტეგრირებული ეროვნული ბაზრის მიერ შთანთქმადი თანამშრომლობის, საქონლის წარმოებისა და მომსახურების გაფართოებისათვის აუცილებელი საშუალებებით. სხვა გზა, ამ გზის გარდა არ უზრუნველყოფს აქტივებისა და სამეურნეო საქმიანობის აგენტთა პროდუქტიულ ურთიერთქმედებას საკუთრებითი ურთიერთობის სტანდარტული ნორმების პირობებში. ეს აქტივებს ორ პარალელურ სივრცეში – მატერიალურსა და სამართლებრივში აცხოვრებს, შესაბამისად, აქტივები შეიძენენ კრედიტების უზრუნველყოფის საშუალებას. ამას ორგანულად შეერწყმება სოციალური პარტნიორობისა და შესაბამისად, სოციალური სამართლიანობის პრინციპების რეალური განხორციელება, რაც გახდება საქართველოს ეფექტურ ეკონომიკურ სისტემაზე გადასვლის მაუწყებელი. ეფექტური ეკონომიკა და სოციალური დემოკრატია მყარ ბაზისს შეუქმნის დემოკრატიული პოლიტიკური ინსტრუმენტებისა და ინსტიტუტების ფორმირებას, სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოყალიბებას.

რეკლამირებული ოპოზიციონერების ოპორტუნიზმი ნათლად აჩვენებს, რომ მათაც, ისევე როგორც მ. სააკაშვილის რეჟიმს მაინც და მაინც თავი არ შეუწუხებიათ აგვისტოს ომის გაკვეთილების გასაანალიზებლად. რუსულმა აგრესიამ, აგვისტოს ომმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ერი არის მთავარი გარანტი ყველა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დაცვისა. ვერავითარი პროფესიული არმია, რაც არ უნდა კარგად იყოს აღჭურვილი, ვერანაირად ვერ შეცვლის ერის ნებას, მის თავდადებას მშობლიური მიწისათვის. ქვეყნისთვის კი მხოლოდ იდეით გაერთიანებული ერი იბრძოლებს. 9 საუკუნის წინ შოთა რუსთაველმა ზუსტად განსაზღვრა ჩვენი ერისთვის ბრძოლის მთავარი გაკვეთილი:

“კაცო ძალსა ნუ იქადი, ნურცა მოჰკვეხ ვითა მთვრალი!

არას გარგებს ძლიერება, თუ არ შეგწევს ღმრთისა ძალი!

დიდთა ხეთა მოერევის, მცირე დასწვავს ნაპერწკალი,

ღმერთი გფარავს, სწორად გაჰკვეთს, შეშა ვის კრა, თუნდა ხმალი”.

 აგვისტოს ომის გაკვეთილებიდან ერმა ზუსტი დასკვნები უნდა გამოიტანოს.

 

გაზეთი “განმათავისუფლებელი”

ოქტომბერი, 2009, N22

Advertisements

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s