Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

◊ გლობალური საბაზრო ეკონომიკის კრიზისი

დავით არაბიძე

გლობალური საბაზრო ეკონომიკის კრიზისის მზარდი გავლენა საქართველოს შრომის ბაზარზე და დასაქმებულთა და უმუშევართა უფლებები

გლობალური საბაზრო ეკონომიკის კრიზისი რეალობაა და საერთაშორისო საფინანსო სისტემაში საქართველოს ეკონომიკის არცთუ მჭიდროდ ინტეგრირების ფონზეც კი, მისი გავლენა ჩვენი ქვეყნის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე სულ უფრო მძიმედ აისახება. მიუხედავად საერთაშორისო ფინანსური დახმარებისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას გაეწევა მომდევნო ორი წლის განმავლობაში, ეკონომიკური განვითარება უკვე მნიშვნელოვნადაა შეფერხებული და გამოყოფილი 4,5 მილიარდი აშშ დოლარი საკმარისი არ იქნება 2008 წლის აგვისტოს ომამდე არსებული კონდიციების აღსადგენად. ამის მიზეზი ისაა, რომ გასული წლის ოქტომბრის თვეში ბრიუსელში გამართულმა დონორთა კონფერენციამ, შეაფასა და გაითვალისწინა მხოლოდ ის ზარალი, რომელიც რუსეთის აგრესიის შედეგად მიადგა საქართველოს ეკონომიკას. 2008 წლის სექტემბერ-ოქტომბერში მსოფლიო ბანკის, გაეროსა და ევროკომისიის ერთობლივი ექსპერტთა ჯგუფის მიერ “საჭიროებათა შეფასება” განხორციელდა გლობალური კრიზისის განვითარებამდე და მას არ უმსჯელია საქართველოს ეოკნომიკაზე კრიზისის შესაძლო გავლენის შესახებ. მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები 2008 წლის აგვისტოს შედეგად გაუარესებული საინვესტიციო გარემოს, დაზიანებული ინფრასტრუქტურის, საბანკო სექტორში შექმნილი პრობლემების და სხვა მიზეზთა გამო, შიშობდნენ 100 000 სამუშაო ადგილის დაკარგვას. გლობალური საბაზრო ეკონომიკის კრიზისმა კიდევ უფრო დაამძიმა უმუშევრობის სურათი. უმუშევრობის პრობლემასთან ბრძოლას ართულებს ქვეყანაში შრომის ბაზრის სფეროში კვლევების და სანდო, ხარისხიანი სტატისტიკური მონაცემთა ბაზის არარსებობა. საბაზრო ეკონომიკის კრიზისის პირობებში გადამწყვეტი მნიშვნილობა აქვს მსგავსი სახის ინფორმაციის სისტემატურ გამოქვეყნებას, რაც საზოგადოებას საშუალებას აძლევს მოვლენათა განვითარების პულსს გრძნობდეს და საჭიროების შემთხვევაში დროულად ჩაერიოს სიტუაციის კორექტირების მიზნით.

 2008 წლის ნოემბერში 20 ყველაზე დიდი ეკონომიკის მქონე ქვეყნების ლიდერთა შეხვედრაზე ვაშინგტონში, მიღწეულ იქნა შეთანხმება გლობალური ფინანსური სისტემის ახალი არქიტექტურით ჩამოყალიბების აუცილებლობის შესახებ. აღნიშნული მოლაპარაკებების დროს, რომელშიც მონაწილეობდნენ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ხელმძღვანელებიც, გადაწყდა, რომ გლობალური საფინანსო სისტემის მარეგულირებელი ჩარჩოს შექმნის საკითხში წამყვანი როლი საერთაშორისო სავალუტო ფონდს დაეკისრებოდა. ამ უკანასკნელის მმართველი დირექტორის დომინიკ სტრაუს-კანის, ისევე როგორც მსოფლიო ბანკის პრეზიდენტის რობერტ ზელიკის მოსაზრებით, გლობალური კრიზისის პირობებში შრომითი უფლებების შეზღუდვა უფრო მეტი ლიბერალიზაციის ან დერეგულაციის სასარგებლოდ, გაუმართლებელი ნაბიჯი იქნებოდა. ასევე მათი საერთო პოზიციაა, რომ საფინანსო ბაზრები და კაპიტალის გლობალური მიმოქცევა გარკვეულ რეგულირებასა და მონიტორინგს უნდა დაექვემდებაროს, რათა გამოირიცხოს ახალი სპეკულაციური სქემები და ეკონომიკის ისეთი მოდელები, რომელთა მიზეზითაც განვითარდა გლობალური საფინანსო კრიზისი.

ნებისმიერი კრიზისის დროს ყველაზე მეტად დასაქმებული ადამიანები და მათი ოჯახები ზარალდებიან. ასე მოხდა გლობალური სასურსათო და საწვავის კრიზისის დროს, ასე ხდება ახლაც. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანალიზით, რომელიც გაკეთდა გლობალური ფინანსური კრიზისის დასაწყისში, 20 მილიონი ადამიანი შეუერთდებოდა მსოფლიოში უმუშევართა რიგებს, ხოლო დამატებით 40 მილიონი ადამიანის შემოსავალი შემცირდებოდა 1 აშშ დოლარამდე დღეში, ანუ იცხოვრებდა სიღატაკის ზღვარს ქვემოთ. თუმცა, შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ აღნიშნული შეფასება შესაძლოა ძალზედ რბილი აღმოჩნდეს, ანუ სიტუაცია გაცილებით უფრო გაუარესდეს.

ისმის კითხვა, ამ პირობებში რა უნდა გაკეთდეს საქართველოში? სახელმწიფო ბიუჯეტისა და საერთაშორისო დახმარების მნიშვნელოვანი ნაწილის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისაკენ მიმართვის გარდა ინვესტიციები უნდა განხორციელდეს განათლებასა და ჯანდაცვაშიც, რაც სხვა ფინანსური ინსტრუმენტების გამოყენებასთან კომბინაციაში მოთხოვნის ზრდის სტიმულირებას მოახდენს. პარალელურად უნდა გატარდეს ღონისძიებები საგადასახადო და ხარჯვით პოლიტიკაში, რათა გაიზარდოს მცირე შემოსავლების მქონე ადამიანების მსყიდველუნარიანობა. საჭიროა დღეს ეკონომიკის გაჯანსაღებისაკენ მიმართული თანხებით იქმნებოდეს სამუშაო ადგილები ღირსეული და სამართლიანი შრომის პირობებით, არ უნდა მიეცეს უკონტროლო ხარჯვის საშუალება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროექტების ბენეფიციარ არც ერთ კერძო მეწარმეს.

კრიზისულ სიტუაციას ეკონომიკაში, ყოველთვის მოსდევს სოციალური დაძაბულობის ესკალაცია. მსგავსი კრიზისებიდან გამოსავალს განვითარებული საზოგადოებები სოციალური დიალოგისა და საზოგადოებაში სოლიდარობის განმტკიცების გზით აღწევდნენ. არსებული კრიზისი, რომელიც ემუქრება საქართველოს, არის ყველაზე საშიში იმ კრიზისებს შორის, რომელიც ოდესმე განუცდია მსოფლიოს.

ამ ფონზე სახელმწიფომ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს სამსახურიდან დათხოვნილებს, ასევე მათი ოჯახების პრობლემებს. გვესმის რომ, შეუძლებელია მოკლევადიან პერიოდში დაასაქმო მასობრივი დათხოვნების შედეგად უმუშევრად დარჩენილთა უმეტესობა. მაგრამ ჩვენს თანამოქალაქეებს უსწრაფესად სჭირდებათ დახმარება. წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოდან ემიგრაციის ახალი ტალღაა მოსალოდნელი, რაც ქვეყანამ არ უნდა დავუშვას, ვინაიდან დემოგრაფიული სიტუაცია ისედაც კატასტროფულია: გაეროს 2008 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა წელიწადში 40 ათასით მცირდებოდა. მდგომარეობის გაუმჯობესების ვარაუდის საფუძველი კი არ არსებობს.

უმუშევრობის შემდგომი ზრდისა და სიღარიბის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად, რეალურ საშუალებად დამსაქმებლებსა და დასაქმებულთა შორის შეთანხმების მიღწევა მიგვაჩნია. მიუხედავად შრომით და საწარმოო ურთიერთობებში კანონმდებლობის არასრულყოფილებისა, რომელიც ხელისუფლების სუბიექტური დამოკიდებულებით ბიზნესის მიმართ, დაუბალანსებელია დამსაქმებლების სასარგებლოდ. ამ სიტუაციაში დაუშვებელია მხოლოდ საბაზრო კანონებისა და ლიბერალური მიდგომების შესაბამისად მოქმედება. დღეს სოციალური სამართლიანობის პრინციპებით ხელმძღვანელობა ქვეყნისა და ზოგადად სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ნიშანია.

 გლობალური საბაზრო ეკონომიკის კრიზისის ზრდის პირობებში აუცილებელია:

1. დაწესდეს უმუშევრობის შემწეობა, იმ ოდენობით, რომელიც უმუშევრად დარჩენილ ადამიანებს უმთავრესი მოთხოვნილების დაკმაყოფილების საშუალებას მისცემს და იმავდროულად საზოგადოებისა და სახელმწიფოს მხრიდან თანადგომას და გულითად განწყობას აგრძნობინებს. აღნიშნული ნაბიჯი გაზრდის ქვეყნის შიგნით მცირე მეწარმეთა მიერ წარმოებულ პროდუქციასა და მომსახურებაზე მოთხოვნას, ხელს შეუწყობს სამომხმარებლო აქტივობის გაზრდას და საცალო ვაჭრობასა და მასთან დაკავშირებულ მომარაგების ქსელში დასაქმებულთა სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.

2. გაიზარდოს დამსაქმებლების სოციალური პასუხისმგებლობა მათი ინიციატივით დასაქმებულთა გათავისუფლების დროს კომპენსაციის ოდენობის გაზრდის გზით. მითუმეტეს, რომ კერძო სექტორში დასაქმებულები ამ კუთხით დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმყოფებიან საჯარო სექტორში დასაქმებულებთან შედარებით (კანონი “საჯარო სამსახურის შესახებ” საჯარო მოხელეებს დათხოვნის შემთხვევაში 2 თვის გასასვლელი დახმარებით უზრუნველყოფს, ხოლო კერძო სექტორში მომუშავეებს მხოლოდ 1 თვის ხელფასი ეძლევათ).

3. ორსულობისა და მშობიარობის გამო დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხი სამართლიანად უნდა გადაწყდეს. დახმარების 600 ლარიანი მაქსიმუმი დაწესდა 2006 წელს, მაშინ როცა დასაქმებულთა ხელფასიდან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაკავებული საშემოსავლო გადასახადი 12% იყო. აშკარაა, რომ იგივე საშემოსავლო გადასახადის 20-25%-მდე გაზრდის შემთხვევაში აღნიშნული განაკვეთი იგივე არ უნდა დარჩეს. უსამართლობის შეგრძნებას აძლიერებს ის ფაქტიც, რომ ბოლო წლების განმავლობაში სამომხმარებლო და მომსახურების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, შესაბამისად გაიზარდა საარსებო მინიმუმის ოდენობა, რომ არაფერი ვთქვათ სამომხმარებლო კალათაზე. აღნიშნული საკითხის განხილვისას ხელისუფლებამ და საზოგადოებამ ქვეყნის დემოგრაფიული პრობლემის ადეკვატური გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

4. კოლექტიური მოლაპარაკებების, როგორც სოციალური დიალოგის გზით საწარმოო კონფლიქტების გადაჭრის მექანიზმის როლის გაძლიერება, ხელისუფლებას ეკისრება პასუხისმგებლობა აღნიშნული მექანიზმის ეფექტურად განხორციელებაში შექმნილ კრიზისულ ვითარებაში სოციალური მშვიდობის უზრუნველყოფა მხოლოდ სამართლიანი სოციალური პარტნიორობის პრინციპის საფუძველზეა შესაძლებელი.

5. სამედიცინო დაზღვევის გაძვირების შედეგად, ამ სასიცოცხლოდ აუცილებელი მომსახურების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. დღეს აუცილებელია გაიზარდოს ბიზნესისა და სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. დამსაქმებლებისათვის სავალდებულო უნდა გახდეს მათ მიერ დასაქმებულთა სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფა. სახელმწიფოს მიერ სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფთა სამედიცინო დაზღვევა არასაკმარისი ღონისძიებაა, ვინაიდან სხვა დაბალი ან თუნდაც საშუალო შემოსავლების მქონე ოჯახებისათვის ერთიორად გაძვირებული სამედიცინო მომსახურება, მათაც ღატაკების კატეგორიაში აქცევს.

საბაზრო ფუნდამენტალიზმის დოგმებზე აშენებულმა სისტემამ კრახი განიცადა. გლობალური საბაზრო ეკონომიკის კრიზისი, საზოგადოებისაგან ადეკვატურ რეაგირებას მოითხოვს, დღეს დროა, საზოგადოებამ თანადგომისა და სამართლიანობის მცნებების, ყოველდღიურ ცხოვრებაში უმთავრეს სამოქმედო პრინციპებად გამოყენება ისწავლოს. ამ მიზნით აუცილებელია საერთო ეროვნული სოციალურ-შრომითი უფლებების დამცველი მოძრაობის გაშლა, რათა საქართველო არა თუ არ წაილეკოს კრიზისის გამო, არამედ თვისობრივად განახლდეს. იქცეს ეროვნული და სოციალური ღირსების ქვეყნად.

 

გაზეთი “განმათავისუფლებელი

2009, თებერვალი, N19

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s