Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

◊ კონსტიტუციით თამაში

 

დავით არაბიძე

კონსტიტუციით თამაში

 

საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, ჩვენს ქვეყანას, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენისა და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ახალი კონსტიტუცია უნდა მიეღო. ეს სახელმწიფოებრივ–სამართლებრივი აქტი ერის ინტერესების შესაბამისი იქნებოდა, რაც სრულიად მიუღებელი იყო კორუმპირებული ნომენკლატურისთვის, ყოფილმა პარტიულმა და სამეურნეო ფუნქციონერებმა, პრივილეგირებმა და კორუმპირებულმა ინტელიგენტებმა, კრიმინალურმა ელემენტებმა იგრძნეს რა რეალური საფრთხე ერის ხელში სრული ძალაუფლებისას გადასვლისა 1991–1992 წლების დეკემბერ–იანვარში განახორციელეს ანტიკონსტიტუციური შეიარაღებული სახელმწიფო გადატრიალება. სახელმწიფო ხელისუფლების უზურპატორმა, რეპრესიულ–ტერორისტულმა ორგანომ – ე.წ. სამხედრო საბჭომ საკუთარი დიქტატორული რეჟიმის დასაფარავად ჩაიდინა ერთ–ერთი უმძიმესი დანაშაული, ე.წ. სამხედრო საბჭომ 1992 წლის 21 თებერვალს აღდგენილად გამოაცხადა 1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების მიერ მიღებული კონსტიტუცია. ე.წ. სამხედრო საბჭო არ იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ხელისუფლების სამართალმემკვიდრე. მას, არც ხალხის ნდობის დემოკრატიული მანდატი გააჩნდა, მაგრამ სამშობლოს ღალატის მიზნით ე.წ. სამხედრო საბჭომ (თენგიზ კიტოვანი და ჯაბა იოსელიანი), ე.წ. დროებითი მთავრობის თავმჯდომარემ თენგიზ სიგუამ და ამ დანაშაულებრივ ქმედებაში მათმა თანამონაწილემ – 1990 წლის 30 სექტემბერს ვითომ არჩეულმა ე.წ. ეროვნულმა კონგრესმა (ირაკლი წერეთელი, გია ჭანტურია, ირაკლი ბათიაშვილი, ირინა სარიშვილი) განახორციელეს “სამართლებრივი” ავანტურიზმი და 1921 წლის კონსტიტუცია აღდგენილად გამოაცხადეს.

სამშობლოს მოღალატეთა ამ ბანდის დანაშაულებრივი ქმედებით მალე ისარგებლა საბჭოთა კავშირის სუკ–ის სტაჟიანმა აგენტმა, სეპარატისტთა მოთავემ და შეთავსებით “ხეთოლოგმა” ვ. არძინბამ. მან 1992 წლის 23 ივლისს მართლსაწინააღმდეგო და ანტიდემოკრატიული მეთოდებით აფხაზეთში მოახდინა ანტიკონსტიტუციური გადატრიალება და ამოქმედებულად გამოაცხადა 1925 წელს აფხაზეთის საბჭოების მიერ არმიღებული, ერთ–ერთი სავარაუდო პროექტი კონსტიტუციისა. თამაშმა “კონსტიტუციებით” სრულიად საქართველო და მისი განუყოფელი ნაწილი აფხაზეთი კატასტროფამდე მიიყვანა. როგორც დღეს ჩანს, ეს ტრაგედია, პოლიტიკანებისათვის გაკვეთილად არ გამოდგა.

1995 წელს ე. შევარდნაძის ანტიდემოკრატიულმა რეჟიმმა პოლიტიკური კორუფციის გზით ქვეყანას თავს მოახვია ფსევდოსამართლებრივი აქტი, რეალურად კი ნომენკლატურის დიქტატურის პოლიტიკური შირმა – “კონსტიტუცია”, ამ “კონსტიტუციაში” პოლიტიკური ავანტურისტის ე. შევარდნაძისა და მისი მემკვიდრის მ. სააკაშვილის რეჟიმების მხრიდან იმდენი “შესწორება” შევიდა, რომ დღეს მოქმედი პარლამენტის ვიცე–სპიკერმა პაატა დავითაიამ მას “გაბახებული კონსტიტუციაც” კი უწოდა.

2010 წელს მ. სააკაშვილის ნაციონალური რეჟიმის წინ მთელი სიმძაფრით დადგა საკითხი ისეთი პოლიტიკური სტრუქტურის ფორმირებისა, რომელიც ამ რეჟიმის კომპრადორულ ბიუროკრატიას მისცემდა კიდევ უფრო მეტ გარანტიებს, ვითომცდა ცვლილებების ფონზე, არსებული სისტემის უცვლელობისა.

2009 წლის 8 ივნისს მ. სააკაშვილის განკარგულებით შეიქმნა სახელმწიფო კომისია. მასში არასამთავრობო სექტორიდან შეყვანილ იქნენ მხოლოდ ისეთი ორგანიზაციები, რომელნიც ლიბერტარიანული იდეოლოგიის რუპორებსა და აგენტებს წარმოადგენენ. მათ შორის, განსაკუთრებით გამოსაყოფი არიან “ახალი თაობა – ახალი ინიციატივა”, ფონდი “ალპე”, “თავისუფლების ინსტიტუტი”, “კავკასიის ინსტიტუტი”. ისეთი ორგანიზაციები, რომელნიც არ მოიაზრებიან ლიბერტარიანული ორბიტის სისტემაში, ამ კომისიაში არ მოუწვევიათ. მეტიც, ამ კომისიაში ერთი ადგილიც კი არ მოინახა ისეთი მრავალრიცხოვანი ორგანიზაციებისათვის, როგორიც არის პროფკავშირები.

მ. სააკაშვილის მიერ ფორმირებული კომისიის ფორმალური თავმჯდომარე ა. დემეტრაშვილი (ეს ინდივიდუუმი ე. შევარდნაძის რეჟიმის დროს ე.წ. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და ამ რეჟიმის ანტისამართლებრივი მაქინაციების “კონსტიტუციურ” საფარველში მომქცევი იყო) გახდა, ხოლო კომისიის მდივნად თ. შარმანაშვილი (ედპ) მოგვევლინა, მაგრამ ფაქტობრივად კომისიის მეურვეობა მ. სააკაშვილის რეჟიმის იდეოლოგიურ ტრესტს “თავისუფლების ინსტიტუტს” დაეკისრა. ლიბერტარიანიზმის დროშისა და ლოზუნგების – “ბაზარი – ღმერთია” და “ადამიანი ბაზრისთვის” – ქვეშ მოქმედი საბაზრო ფუნდამენტალისტების ბანდა – ე.წ. “თავისუფლების ინსტიტუტი” – არსებული რეჟიმის მთავარი იდეოლოგიური ტრესტია, შესაბამისად მის მიერ მომზადებული ახალი კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები რეალურად გახდა მოქმედ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების ბაზისი.

შენიღბვის მიზნით კომისიის სხდომაზე ლევან რამიშვილისა და კომპანიის მიერ წარმოდგენილ იდეოლოგიურ პროდუქტს მხოლოდ 4 წევრმა (ყველა მათგანი ამ დროს პარლამენტის წევრი იყო), დაუჭირა მხარი, მაგრამ საბოლოოდ პარლამენტის მიერ განხორციელებული ცვლილებები მთლიანობაში აღმოჩნდა “თავისუფლების ინსტიტუტის” მიერ ლობირებული იდეოლოგიის შესაბამისი. ლევან რამიშვილისა და კომპანიის მიერ ლობირებული პრინციპები პირდაპირ არის მიმართული ეროვნული და საზოგადოებრივი ინტერესების, ხალხის დემოკრატიული უფლებების წინააღმდეგ, შესაბამისად, საზოგადოებრიობამ უნდა იცოდეს, თუ რა იდეოლოგიური პრინციპების დიქტატს ანხორციელებს მ. სააკაშვილის კომპრადორული ბიუროკრატიის წამყვანი იდეოლოგიური ტრესტი – “თავისუფლების ინსტიტუტი”.

“დემოკრატია მძიმე ტვირთად არ უნდა დააწვეს ბაზარს”;

“კონსტიტუცია არ უნდა უშვებდეს იოტისოდენა იმედს, რომ ადამიანი ინტელექტუალურ და მორალურ სრულყოფილებამდე შეიძლება ამაღლდეს”;

“სახელმწიფომ არ უნდა იზრუნოს საყოველთაო კეთილდღეობაზე”.

აი, ასეთ “იდეებზეა” აგებული ლევან რამიშვილისა და კომპანიის ახალი კონსტიტუციის ძირითადი პრინციპები, მათი იდეოლოგიით ხალხი და დემოკრატია მუდმივად დათრგუნული, ხოლო სახელმწიფო მხოლოდ რეპრესიული ფუნქციის მატარებელი უნდა იყოს.

მ. სააკაშვილის რეჟიმის იდეოლოგიური ტრესტის მესვეურები უკიდურესად აღშფოთებულნი არიან, რომ “საარჩევნო კონკურენციის პირობებში, ხელისუფლება, ძალაუფლების შენარჩუნების მიზნით, ხალხს მეტს და მეტს უკეთებს”. ამის აღსაკვეთად კი ლევან რამიშვილი და კომპანია აუცილებლად მიიჩნევს კონსტიტუციაში მოცემული მე–2 თავის “ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები” რეფორმირებას, კონკრეტულად კი, კონსტიტუციაში არსებული ყველა სოციალური უფლების გაუქმებას. საბაზრო ფუნდამენტალისტებს პირდაპირ ყელში ძვალივით აქვთ გაჩხერილი, თუნდაც ის მინიმალური უფლებები სოციალურ სფეროში, რაც საქართველოს მოქალაქეს გააჩნია. ამ უფლებების გარეშე ადამიანი სრულიად დაუცველი ხდება, როგორც სახელმწიფოს, ასევე კერძო სექტორის ვოლუნტარისტული და სუბიექტივისტური ქმედებების წინაშე. “თავისუფლების ინსტიტუტი” სოციალური უფლებების გაუქმების აუცილებლობას, შემდეგი ვითომ არგუმენტებით ცდილობს დაამტკიცოს:

ა) განუსჯადია;

ბ) უარყოფს ხელისუფლებათა დანაწილებას;

გ) ანტიდემოკრატიულია.

ამ “არგუმენტების” საჯარო გამოფენით, “თავისუფლების ინსტიტუტმა”, ნათელი გახადა მ. სააკაშვილის რეჟიმის იდეოლოგიური საფუძვლები.

ლევან რამიშვილისა და კომპანიის პირველი არგუმენტი განუსჯადობის შესახებ, ეყრდნობა ყალბ დებულებას, თითქოსდა სასამართლოს არ შეუძლია განსაჯოს, არის თუ არა კონკრეტული ზარალის მიმცემი ადამიანისათვის სოციალური უფლების წართმევა, ეს რომ ასე არაა, ადასტურებს ის, რომ სოციალური უფლებების არსებობის პირობებში შეუძლია მხოლოდ ადამიანს მისი სოციალური ინტერესების შელახვისას მიმართოს სასამართლოს, რადგან კონსტიტუციით დაცული სოციალური უფლება უშუალოდ მოქმედი სამართლის სტატუსის მატარებელი ხდება, შესაბამისად, ადამიანს ეძლევა საშუალება სახელმწიფოს, ან კერძო სექტორის მხრიდან, კანონსაწინააღმდეგო ქმედების შემთხვევაში, უფლებებში აღდგენის მიზნით მიმართოს სასამართლოს. თუ ლიბერტარიანელი მ. სააკაშვილი, ლ. რამიშვილი და სხვანი მას ამ უფლებებს წაართმევენ, მაშინ ადამიანი “მოლაპარაკე იარაღის” დონემდე ქვეითდება. ეს ლიბერტარიანელები ბევრს და მონდომებით ლაპარაკობენ ადამიანის ნეგატიურ უფლებაზე, როგორც საყოველთაო უფლებაზე, როგორიც არის რწმენის თავისუფლება, მაგრამ დუმან ისეთ სოციალურ უფლებაზე, როგორიც არის განათლების უფლება. განა გაუნათლებელი ადამიანისთვის ეს ნეგატიური უფლება რეალური იქნება? სოციალური უფლებები არ ჰქონდათ მონებს, თუნდაც მათ დემოკრატიულ რესპუბლიკებლი ეცხოვრათ. ამას უსურვებენ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას მ. სააკაშვილის რეჟიმის იდეოლოგიური ფუნქციონერები.

ლევან რამიშვილისა და კომპანიის მეორე არგუმენტი ხელისუფლების დანაწლების თაობაზე, ასევე აბსურდულია. თუ კონკრეტულად რა საფრთხეს უქმნის საკანონმდებლო,. აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების დანაწილებას, მოქალაქეთა მხრიდან სოციალური უფლებების ქონა, ამაზე “თავისუფლების ინსტიტუტი” დუმს, თუმც ბევრს ლაპარაკობენ ნეგატიური სამოქალაქო უფლებების აუცილებლობაზე, მაგრამ თუ ნეგატიური გვერდის პოზიტიური უფლებები არ იქნა, განსაკუთრებით კი სოციალური მოქალაქე შესძლებს კი რეალურად, რომელიმე პოლიტიკური უფლებით სარგებლობას? ეს ლიბერტარიანელმა ფუნქციონერებმა იციან და ამ არგუმენტის უკან მათი ანუ შეიარაღებული უმცირესობის დიქტატურა იმალება, საფარად კი ხელისუფლებათა დანაწილების აუცილებლობის არგუმენტს იყენებენ.

ლევან რამიშვილისა და კომპანიის მესამე არგუმენტიც ფარისევლურია. მათ ვინც დემოკრატია ბაზრის ქვემოთ დააყენეს დემოკრატიის დამცველთა ნიღაბი მოირგეს. მათ ფეხქვეშ გათელეს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. მ. სააკაშვილის რეჟიმი და მისი იდეოლოგიური ტრესტი ამით ებრძვის საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ინიციატივით 1991 წლის 15 სექტემბერს საქართველოს რესპულიკის უზენაესი საბჭოს მიერ რატიფიცირებულ ადამიანის უფლებების ამ ყველაზე მნიშვნელოვან დოკუმენტს. დემოკრატიის ბაზრის ქვემოთ დაყენება ნიშნავს იძულებული შრომის დამკვიდრებას,. ეს ნიშნავს, რომ ბაზარი, რომელსაც მხოლოდ პროდუქტის გაცვლის მექანიზმის ფუნქცია აქვს, იძენს აბსოლუტურ მნიშვნელობას და დგება ხალხის ძალაუფლებაზე მაღლა. ხელისუფლება ხალხიდან და ხელისუფლება ხალხისთვის იცვლება ბაზრის ტირანიით დემოკრატიისადმი. საბაზრო ეთიკის დიქტატი დემოკრატიაზე ყველაზე მოკლე გზაა ადამიანების დეჰუმანიზაციისა და დემორალიზაციისკენ. არსებული შრომის კოდექსის პირობებში, როცა ადამიანს სამუშაო ადგილის დაკარგვის შიშით ხმის ამოღების საშუალება არა აქვს, როცა ზეგანაკვეთური შრომა მას არ უნაზღაურდება, როცა მას აღარ აქვს 8 საათიანი სამუშაო დღე, როცა მას არა აქვს სამართლიანი ანაზღაურების უფლება, ყველა სხვა მინიმალური სოციალური უფლების წართმევით იგი დგება შიმშილის დისციპლინაზე დამყარებული საბაზრო ეთიკის დიქტატის ქვეშ და მისი შრომა უკვე აბსოლუტურად იძულებით ხასიათს იძენს.

მექანიზმი ბატონდება სიცოცხლეზე, ტოტალიტარიზმი ბატონდება თავისუფლებაზე, თანასწორობაზე, თანადგომაზე. ფართო მასები კარგავენ წარმოსახვით იმედსაც კი, რომ მათ ოდესმე ექნებათ კეთილდღეობა, კანონის წინაშე თანასწორობა, პიროვნული ღირსების დაცვის უფლება.

სოციალურად უუფლებო ადამიანი, რომ ღარიბი და უბედურია, ამის შესახებ ზუსტად მიუთითა XVIII საუკუნის თვალსაჩინო ინგლისელმა ეკონომისტმა ადამ სმიტმა: “ეჭვგარეშეა, რომ ვერც ერთი საზოგადოება ვერ იქნება აყვავებული და ბედნიერი, როდესაც მისი წევრების ნაწილი ღარიბი და უბედურია”,

მ. სააკაშვილის რეჟიმის, როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური, ასევე იდეოლოგიური და პროპაგანდისტული ფუნქციონერები, ამ მიმართულებით უბიძგებენ ჩვენს ქვეყანას.

იაფი ნედლეული და დაბალი ხელფასი მშრომელებისათვის, ფსევდოსამართლებრივი ბერკეტები და სოციალური უფლებების არ არსებობა, აი რა არის ტრანსნაციონალური საფინანსო ორგანოების ვალებში ყელამდე ჩაფლული საქართველოსთვის გამიზნული. მ. სააკაშვილის რეჟიმი, თავისი ფსევდოინტელექტუალებით, ამ სოციალური დაკვეთის შესრულებაზე არიან მობილიზებულნი.

ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ “თავისუფლების ინსტიტუტის” იდეოლოგიური პროდუქტი ხალხის დემოკრატიულად გამოხატული პოლიტიკური ნების – საყოველთაო სახალხო რეფერენდუმის უკომპრომისო მოწინააღმდეგეა. ლევან რამიშვილისა და კომპანიისათვის იდეალური იქნებოდა არა ხალხის ლიბერტარიანული, არჩეული წარმომადგენლობითი ხელისუფლების მმართველობა, არამედ ე.წ. ვეტო (ანუ აკრძალვის უფლების მქონე) მოთამაშეთა ანსამბლის მხრიდან უზენაესი კანონის მიღება და ზოგადად პოლიტიკურ–სამართლებრივი პროცესების მართვა. ეს ადასტურებს, რომ არსებული პოლიტიკური და სოციალურ–ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ნაციონალური რეჟიმი, პანიკურ რეფლექსებს ავლენს და ამ რეჟიმზე დამოკიდებული ინდივიდუუმები უკონტროლო, იმპულსური ქმედებების ზღვარზე იმყოფებიან. არსებული პარლამენტის მხრიდან კონსტიტუციის მორიგმა გადაწერამ ნათლად აჩვენა ეს “რეფორმა” ემსახურება პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურის ფასადის შეცვლას, რათა არსებითი მხარე, კარკასი და საყრდენი ფუძე უცვლელი დარჩეს.

მ. სააკაშვილმა გულუხვად დაასაჩუქრა ა. დემეტრაშვილი, რომელსაც ქ. ბათუმში “კონსტიტუციური კვლევის ცენტრი” უფეშქაშეს (სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებით, ხოლო თ. შარმანაშვილი (ედპ), რომელსაც დიპლომატიის ისევე ესმის როგორც აქლემს აგრონომიისა, სომხეთში ელჩობა ებოძა. როგორც ძველი ლათინები იტყოდნენ, კომედიის დასასრული. არც “თავისუფლების ინსტიტუტი” დარჩა გულნაკლული გიგა ბოკერია ამ “ინსტიტუტის” “რუხი კარდინალი” ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნად დაინიშნა, გაზრდილი ფუნქციით, კერძოდ მას ევალება რეჟიმის მიმართ არსებული საფრთხეების ანალიზი და შეფასება.

ქართველი ერისთვის ნათელი უნდა გახდეს, რომ კონსტიტუციით მანიპულაციების რეალური ალტერნატივა მხოლოდ ეროვნული, სოციალური და დემოკრატიული ძალების მიერ საერთო პროგრამის საფუძველზე საზოგადოებრივ–პოლიტიკური ინიციატივის საკუთარ ხელში აღებაშია.

 

გაზეთი “განმათავისუფლებელი”, დეკემბერი, 2010, #27

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s