Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

◊ მამა გიორგი-მოძღვრებანი

 

“მოწამეთას” დავით და კონსტანტინეს მამათა მონასტრის ღვთის მსახურის

მამა გიორგის (ბასილაძის)

 
მოძღვრებანი

 

 

***

საქართველო ყველა დაკარგულ მიწა-წყალს დაიბრუნებს!

 

კითხვა: მამაო, ჩვენ პატარა ერი ვართ, მტერი და არაკეთილმოსურნე ბევრი გვყავს, გავუძლებთ?

პასუხი: ჯერ ერთი – სულაც არა ვართ პატარა ერი. მეორე კიდევ – ძალა სიმრავლესა და ტანკებში როდია! ძალა ჭეშმარიტებაშია! რიცხვით თორმეტნი იყვნენ მოციქულები, მერე–და განა დამარცხდნენ?!..

ჩვენ საზეპურო ერი ვართ. საქართველო ქრისტეს ქვეყანაა და ქრისტე არ დათმობს მას. ქრისტეს არასოდეს მიუტოვებია საქართველო, მხოლოდ ჩვენ არ მივატოვოთ ქრისტე ღმერთი. ის რუსეთიცა და ის ამერიკაც ქრისტეს ხელშია. ვერც ერთი ვერაფერს დაგვაკლებს, გჯეროდეთ ეს! ყველა და ყველაფერი უძლურია იქ, სადაც ღმერთი ძალას გამოავლენს.

საქართველოს ისტორია ხილული და უხილავი ომების ისტორიაა! ხომ ხედავთ, ვერ ჩაკლეს ჩვენში ღმერთის სიყვარული, სწრაფვა თავისუფლებისა და სრულყოფილებისაკენ. დღეს ქართველობა ახალი ძალით დაიძრა ღმერთისკენ. იწყება დიდი გამოღვიძება! საქართველო მსოფლიო დონის სულიერი აღმოჩენების წინა პერიოდშია. გამაოგნებელი ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის საიდუმლოებები გამჟღავნდება საქართველოში. ღმერთი მსოფლიოს დაანახებს ქართველობის ნამდვილ სახეს და ეს მალე იქნება. ეს არ არის ლეგენდა – ეს სიმართლეა. ღმრთისაგან დაფარული უზარმაზარი ცოდნა, რომელიც საიდუმლოდ გადაეცემოდა წმ. ბერებს თაობიდან თაობაში და რომელსაც წიგნებში ვერ ამოიკითხავთ, მალე გაგვეხსნება. ამიტომ ცოცხალი წმიდანები უნდა ვეძებოთ. ნურავინ გეტყვით, რომ დღეს არ არიან დიდი ძალის, მადლისა და ცოდნის მატარებელი ადამიანები, მით უმეტეს ჩვენთან, საქართველოში ისინი არიან და არიან საიდუმლოდ; ოღონდ საქმე ისაა, წმიდანის ამოცნობა თავად სიწმიდეს მოითხოვს. საქართველოს წმიდანთა სამჭედლოა! მთელი მსოფლიოს კეთილი სისტემა ელოდება ქართველთა გამოსვლას. ეს იცის ბოროტმა სისტემამაც, ამიტომაც არ გვანებებს თავს, როგორც სულიერად, ისე პოლიტიკურადაც. მაგრამ ფუჭია მათი შრომა, ვერ მოგვერევიან!… ის, რაც ღვთისგან დაიგეგმა და წინასწარმეტყველებით გვეუწყა, ყოველივე აღსრულდება. ოღონდ დიდი შრომაა საჭირო. ეს შრომა ქართველებისაგან უდიდეს ძალისხმევასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს. არც სხვათა მიბაძვით და არც სხვების იმედად არაფერი გამოვა. ძნელია ქართველობა, მაგრამ აუცილებელი!…

მთავარია სულიერი განწმენდა, ნამდვილი რწმენა და სიყვარული ღმრთისა. განწმენდა ეკლესიიდან დაიწყება. როცა ერს ღმერთთან შუამავლად ღირსეული და წმიდა ადამიანები ეყოლება, ერი მეტად განმტკიცდება რწმენასა და სიყვარულში და წარმატებაც არ დააყოვნებს!

ომის ბედი ცაში წყდება. ომს ჯერ ბერები (სულიერ ღვაწლში დაბრძენებული) იგებენ – სულიერ ომს, მერე კი ხილული (პოლიტიკური) გამარჯვება მიწაზე ხდება. ჯერ წმიდანები ამარცხებენ ცოდვებსა და ბროტებას, მერე კი ერი ღებულობს პოლიტიკურ დამოუკიდებლობას და იწყებს აღორძინებას.

საქართველო ყველა დაკარგულ მიწა–წყალს დაიბრუნებს! დაიმახსოვრეთ ეს!

კითხვა: მამა გიორგი, ყველასათვის ცნობილია ბოლო საუკუნეების მანძილზე ქართულ ეკლესიაში შოთა რუსთველის “ვეფხისტყაოსანზე” ჩამოყალიბებული შეხედულება. თქვენ რას გვეტყვით ამის შესახებ?

პასუხი: მე ასე გეტყოდით: “ვეფხისტყაოსანი” არის არა მხოლოდ მსოფლიო დონის ლიტერატურული შედევრი, როგორც მას კაცობრიობა აღიარებს, არამედ უაღრესად სასულიერო – საეკლესიო ნაწარმოებიც!.. უდიდესი პოეტური ხელოვნებით შაირებში შეფარულია დიდი სულიერი სიბრძნე, საიდუმლო და წინასწარმეტყველება ბოლო ჟამის საქართველოს გაბრწყინებაზე. “ვეფხისტყაოსანი” არის ქართული სულის უკიდეგანო სამყარო. სულიერების ისეთი სიმაღლე, რომელსაც დღემდე ვერ მიაღწია მსოფლიოში ვერც ერთმა ერმა და აწი – მით უმეტეს!…

ეს არის ქართული ეკლესიის წინასწარმეტყველების და იგავთმეტყველების საუკეთესო ნიმუში, რომლის გასაღები, სამწუხაროდ, ქართულმა ეკლესიამ დიდი ხნის წინათ დაკარგა (არ ვამბობ ცალკეულ წმიდანებზე, რომლებიც საიდუმლოდ ინახავდნენ დრომდე და თაობიდან თაობებს გადასცემდნენ).

“ვეფხისტყაოსანი” არის სულიწმიდის ჩაგონებით შექმნილი ნაშრომი და შეუძლებელია მის სულიერ სამყაროში შეღწევა ქართულ–ქრისტიანული სულიერი ხედვისა და ცოდნის გარეშე.

კიდევ ვიმეორებ: ჩვენ ვართ ღვთის რჩეული ერი, რომელსაც მიეცა ჭეშმარიტი ღმერთის ჭვრეტის განსაკუთრებული ნიჭი და უნარი. ასევე, სამყაროს შექმნისა და მართვის საიდუმლოებების ღვთაებრივი ცოდნა. სწორედ ესაა მიზეზი იმისა, რომ მთელი ჩვენი ისტორიის მანძილზე ბოროტი არ გვეშვება. ვინ და რა ჯურის დამპყრობელი არ აღძრა მან ჩვენს წინააღმდეგ. ისინი აქ მხოლოდ ვაზის ასაჩეხად არ მოსულან, ისინი აქ დიდ საიდუმლოს ეძებდნენ!… მტრობა და შუღლი არც ერთმორწმუნე ერებმა დაგვაკლეს. მიწა–წყალ დაკარგულ ქართველებს რწმენაც შეგვირყიეს. განსაკუთრებული მზაკვრობით ებრძოდნენ ჩვენს სულიერ ცნობიერებასა და ხედვას, რასაც ისინი იმჟამად მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდნენ. ბერძნულ–რუსულ–ებრაული ცნობიერებით სახეშეცვლილი ქართული ეკლესია და მთლიანად ერი თუ რა დღეში ჩააყენეს ურჯულო ბოლშევიკებმა, ეს ყველამ ვიცით. ერს ღმერთი დაავიწყეს, ხოლო ეკლესია (ოფიციალური) უმწეო, დამორჩილებულ მდგომარეობაში ამყოფეს. ამიტომ არც უნდა გიკვირდეთ, რომ ეკლესია და ერი ჯერჯერობით ვერ არის იმ სულიერ სიმაღლეზე. იმ დონეზე, რა დონეც შესაძლებელს გახდის “ვეფხისტყაოსნის” სულიერ წვდომას, ხედვასა და შეფასებას!.. ჩვენ ჯერჯერობით ახლად აღდგენილ ლაზარეს ვგავართ, რომელსაც ჯერ კიდევ თეთრი ბურუსი ედგა თვალწინ. აწი იწყება დიდი გამოღვიძება.

მიუხედავად იმისა, რაც ჩვენმა ერმა და ქართულმა ეკლესიამ ბოროტის მანქანებით განიცადა – ქართული ქრისტიანული სული სულ ცოცხლობდა! ცოცხლობდა ცალკეული წმიდანების სახით, რომლებიც მძიმე ტანჯვის ფასად, საიდუმლოდ ინახავდნენ ქართული სულის ჭეშმარიტ საგანძურს.

შოთა რუსთაველი დიდი წმიდანია, რომელიც დაჯილდოებული იყო არა მხოლოდ პოეზიის ნიჭით, არამედ მომავლის ჭვრეტის უნიკალური მადლითაც. ჟამი ახლოსაა და ჩვენ გაგვეხსნება ნამდვილი “ვეფხისტყაოსანი” იმ სახით, რა სახითაც შექმნა ის მისმა ავტორმა. მე არავის განვიკითხავ!… ვგულისხმობ თანამედროვე “რუსთველოლოგებს”, მაგრამ ერთს ვიტყვი, ეს ის არ არის!…

ღმერთის გარეშე “ვეფხისტყაოსანი” არ შეიძლება იყოს შოთა რუსთაველის შედევრი. მსოფლიო გაოგნდება, როცა მას ქართველები ჩაახედებენ ვეფხისტყაოსნის ჭეშმარიტ არსში!… ეს დრო მოდის. თქვენ კი მინდა გითხრათ: რომ ძალიან მომწონს ბატონ ზაურ ბიძინაშვილის კომენტარები. აქვს მას ასეთი ნაშრომი: “სიმართლე რუსთაველისა და თამარის შესახებ”. ეს ნაშრომი სხვა ხედვაა. წაიკითხეთ, ბევრ ახალს აღმოაჩენთ. ეს სამზადისია!… ასევე გირჩევთ, წაიკითხოთ ბატონ მერაბ ცინცაძის ნაშრომი რუსთაველის “ვეფხისტყაოსანის რიცხვითი მეტყველება”. ეს ნაშრომიც სულიერი ხედვის ნიმუშია.

გაზეთი “განმათავისუფლებელი” #27

 

 

*** 

 

როგორ ავირჩიოთ მოძღვარი

 

კითხვა: მამა გიორგი, ადამიანთა დიდი ნაწილი, მათი არაეკლესიურად ცხოვრების მიზეზად სასულიერო პირთა მიმართ უნდობლობას ასახელებს. თქვენ რას ეტყოდით მათ?

პასუხი: გეტყვით აგერ: შენ თუ ერთგან ექიმი არ მოგწონს, რავა, მკურნალობაზე აიღებ ხელს, თუ კარგი ექიმის ძებნას დაიწყებ?! ჰოდა, ადამიანს, თუ გაცნობიერებული აქვს თავისი სულიერი უძლურებანი და სნეულებანი, და ისიც, რომ ღმერთს სულის მკურნალად მღვდლები ჰყავს დადგინებული, მაშინ ეს ადამიანი სულის მკურნალობის საქმეს არ მოეშვება და არ მოისვენებს მანამ, სანამ ნამდვილ მკურნალს არ მიაგნებს!.. ასე რომ, ვინც ნელთბილად და ზერელედ არ მიუდგება სულის გადარჩენის საქმეს, ღმერთი გამოუჩენს მას ჭეშმარიტ ღვთისმსახურს.

მეორე საკითხია, რომ სამღვდელოება არ უნდა იძლეოდეს ადამიანების დაბრკოლების საბაბს!.. ყველა ღვთისმსახური ნამდვილი უნდა იყოს. დამაბრკოლებელი და უსარგებლო “მსახურნი” ეკლესიას არ უნდა ჰყავდეს. ქრისტე ღმერთიც მკაცრად ბრძანებს: “ვაი მას, ვისგანაც მოდის საცდური!”

დღეს, წესიერებაცა და გონებისმიერი ცოდნაც საკმარისი არ არის ღმრთიმსახურისათვის. მღვდელს სულიერი ხედვა და განსჯის უნარი უნდა გააჩნდეს; ასევე სულიერი ცხოვრების გამოცდილება, თავმდაბლობა და სიწმიდე. თუ საკუთარ ვნებათა დამარცხების გამოცდილება არა გაქვს, სხვას როგორღა დამოძღვრავ?! საშიშია, როცა სრულიად ახალგაზრდებს მოძღვრებად აკურთხებენ, და ზოგ შემთხვევაში, სასულიერო თანამდებობებზე ადგენენ. ეს დანაშაულია!.. სულიერი ხედვის გარეშე ვერავინ გახდება ნამდვილი მოძღვარი!..

“არ განიკითხო!” – არ ნიშნავს თეთრი და შავი არ გაარჩიო, ან შავზე თქვა – თეთრიაო. წმ. მამებიც გვაფრთხილებენ: “გამოუცდელ და ვნებიან მოძღვრებს სულს ნუ ჩააბარებო!”

კითხვა: მამა გიორგი, რას ურჩევდით იმ ადამიანებს, რომელთაც სურთ ეკლესიური ცხოვრება, მაგრამ ჯერ ვერ შეურჩევიათ, ვერც ტაძარი და ვერც მოძღვარი?

პასუხი: დღეს, ღვთის მადლით, საქართველოში სალოცავები ბლომადაა, დიდება ღმერთს! ცოტა ხნის წინ სად იყო ტაძრები ასარჩევად?!..

უმჯობესია, ადამიანი თვითონ მივიდეს ტაძარში, სანამ მას ღმერთი განსაცდელებით მიიყვანდეს!.. რაც შეეხება არჩევანს, ჯერ გეტყვით, რას არ გირჩევდით. არ გირჩევთ:

1. ესა თუ ის ტაძარი მხოლოდ იმიტომ აირჩიოთ, რომ ტერიტორიულად ახლოსაა თქვენს სახლთან, ან კიდევ იმიტომ, რომ “პრესტიჟულია”. თბილისში ასეთი სიტყვაც გავიგე: “ელიტარული ფენის ტაძარი”. არ ვარგა ასე ხუმრობა! სახიფათოა უკრძალველობა!..
2. არ გირჩევთ სხვათა რჩევითა და რეკომენდაცებით აირჩიოთ ტაძარიც და მოძღვარიც.

ახლა გეტყვით, რას გირჩევდით: როგორც მოძღვარი, ისე ტაძარი, აირჩიოს თქვენმა სულმა!.. ამისთვის კი შედით და დაესწარით წირვა– ლოცვებს რამდენიმე ტაძარში და რომელ ტაძარშიც გალობა თქვენს გულს შეეხება, ან კიდევ გალობამ ლმობიერების ცრემლი მოგგვაროთ, აირჩიეთ ის ტაძარი!..

რაც შეეხება მოძღვრის არჩევას, ამ შემთხვევაში, ყურს ნუ დაუგდებთ სხვათა რჩევებს: ეს მოძღვარი ძლიერია, ის განათლებული, ის სულიერი და სხვა. ისინი შეიძლება იყვნენ ქების ღირსნიც, მაგრამ არ იყვნენ თქვენი მოძღვარნი!.. თქვენ ლოცვაში სთხოვეთ ღმერთს, რათა აგარჩევინოთ თქვენი სულის ახლობელი მოძღვარი. მერე დააკვირდით მოძღვრებს, მათ სხვადასხვა ნიჭები და თვისებები აქვთ, მაგრამ თქვენ, უპირველესად, დააკვირდით, თუ რამდენად ახლობელი და შინაურია იგი თქვენი სულისთვის. ესაა მთავარი იმისთვის, რომ შემდგომში შეძლოთ გულის გახსნა და გულწრფელი აღსარება, თუ მოძღვრიდან კრძალვა და შიშის გრძნობა უფრო ჭარბობს, იცოდეთ, მასთან გულწრფელი ვერ იქნებით. მთავარი კი მოძღვრისადმი ნდობაა, თუ ეს არ გექნათ, ვერც შეიყვარებთ და ვერც დაემორჩილებით. ასეთ შემთხვევაში რა ურთიერთობა უნდა ააწყოთ?!

ესაა ჩემი რჩევა დამწყებთათვის. სულიერებაში რომ წარემატებით, მოძღვრის მიმართ უკვე სხვა მოთხოვნები გაგიჩნდებათ და ისიც სხვა სულიერი კრიტერიუმებით იხელმძღვანელებს.

კითხვა: მამა გიორგი, არც ისე იშვიათია, როცა მორწმუნეს ურთულდება ერთი მოძღვრიდან სხვა მოძღვართან გადასვლა. მოძღვრები ამას ერთგვარი გაღიზიანებით, წყრომით, შეზღუდვით, “წყევის” მაგვარი მუქარით პასუხობენ. თქვენ რას გვეტყოდით ამ საკითხთან მიმართებაში?

პასუხი: ყველაზე დიდი მოძღვარი ჩვენი ქრისტე ღმერთია!.. ქრისტე მხოლოდ მოუწოდებს!.. ის ღმერთია და მიუხედავად თავისი ძალაუფლებისა, არ მოითხოვს და არ აიძულებს ადამიანს, შეუდგეს მას. ქრისტე ღმერთმა ყველა ადამიანს მისცა არჩევანის უფლება! და თუ ქრისტე არ ზღუდავს ადამიანს, როგორ შეუძლია ქრისტეს მსახურ მღვდელს აიძულოს ან შეზღუდოს ვინმე?! ან “დააბას” მორწმუნე ადამიანი?! ამის უფლება არა აქვს მღვდელს!..

თუ მოძღვარს აქვს რაიმე სერიოზული არგუმენტი, უნდობლობა ან კიდევ “ცოდვითი სამხილი” იმ მოძღვრის მიმართ, რომელთანაც მისი მრევლი აპირებს გადასვლას, მან ეს პირადად უნდა უთხრას იმ მღვდელმსახურს, შემდგომ კი მხოლოდ შეგონებით, კეთილი რჩევით სცადოს მორწმუნის შეჩერება. მაგრამ, თუ მორწმუნე მაინც მტკიცედ იდგება თავის განზრახვაზე, უნდა გაუშვას ის, რა თქმა უნდა. მით უმეტეს, როცა მოძღვარს არ გააჩნია რაიმე სერიოზული მიზეზი სხვა მოძღვრის მიმართ!

მოძღვარს არა აქვს უფლება შეზღუდოს მორწმუნე, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ადამიანი პირველად მასთან მივიდა აღსარებაზე და არა რომელიმე სხვა მოძღვართან!

ასეთ ფაქტებს, რომ ჯერ კიდევ ადგილი აქვს ჩვენს ეკლესიაში, იმაზე მეტყველებს, რომ მოძღვრებს ჯერაც აწუხებთ ამპარტავნება, პატივმოყვარეობა და სხვებზე მბრძანებლობის სურვილი, რაც ყოვლად დაუშვებელია სულიერი მოძღვრისათვის!

სულიერი მოძღვრისა და მორწმუნის ურთიერთობის ქვაკუთხედი არის სიყვარული, ნდობა და მორჩილება! ჭეშმარიტი მორჩილების არსი და მიზანი კი მდგომარეობს იმაში, რომ მორწმუნემ მოძღვრის ხელმძღვანელობით გააღწიოს ღმერთამდე და გახდეს თავისუფალი! მაცხოვარიც ხომ გვეუბნება: “მე გაგათავისუფლებთ თქვენო!.. თავისუფლებამდე კი მიგიყვანთ მხოლოდ ის, ვინც თვითონაა თავისუფალი!.. და არა ის, ვინც ბატონობის ჟინით არის შეპყრობილი!..

უნდა დაემორჩილოთ ქრისტეს სახელით იმას, ვისაც არ სურს სხვებზე ბატონობა და არა იმას, ვინც ქრისტეს სახელით, საკუთარი ვნების მონებად გაქცევთ!..

თავისუფალია მხოლოდ წმინდანი და მან იცის, როგორ მოგაპოვებინოთ თავისუფლება, როგორ გაგათავისუფლოთ ვნებებისა და წუთისოფლის ბორკილებისაგან! სხვა დანარჩენი ვერანაირად ვერ გაგათავისუფლებთ!.. მიუხედავად იმისა, შეიძლება ძალიან სურდეთ ეს მათ!.. მხოლოდ ჭეშმარიტი მოძღვრის ხელში იგემებს მორწმუნე მორჩილების ტკბილ ნაყოფს – თავისუფლებას. მხოლოდ წმიდა მოძღვრის ხელშია მორჩილება გულწრფელი, ნამდვილი და მაცხოვნებელი! ხოლო სულიერი ხედვისა და გამოცდილების არმქონე მოძღვრის ხელში გარდაუვალია მორწმუნის – თავისუფლების მაძიებლის, შინაგანი კონფლიქტი!.. რადგან, ამ შემთხვევაში მორჩილება ვერ იქნება გულწრფელი და ის აუცილებლად მიიღებს გარეგნულ სახეს, ხოლო გარეგნულ არაგულწრფელ “მორჩილებას” მორწმუნე მიჰყავს მონობამდე, ან კიდევ შინაგან პროტესტამდე – ურჩობამდე!.. რელიგიური მონობა კი ყველა სხვა სახის მონობაზე გაცილებით საშიში და საზიანო მდგომარეობაა, რომელსაც ადამიანი მიჰყავს ან ფანატიზმამდე, ან კიდევ სრულ პიროვნულ წაშლამდე!

სულიერი მონობა საშინელებაა!!!

ჭეშმარიტი მორჩილება იქაა, სადაც მოძღვარი კი არ გაიძულებს, არამედ შენი სული გთხოვს მოძღვრისადმი მორჩილებას!

სულიერი ზრდისა და წვრთნის პროცესი ძნელი და მტკივნეული პროცესია. იგი აღსავსეა, როგორც სიხარულით, ასევე მწუხარებით. მორჩილება მოითხოვს საკუთარი ნების დათმობას და ყოველგვარი აკრძალვა, შეზღუდვა, თუნდაც მაცხოვნებელი, აუცილებლად იწვევს ტკივილსა და ტანჯვას, ხშირ შემთხვევაში შინაგან ჯანყსაც კი, და დიდი ოსტატობა და ხელოვნებაა საჭირო, ფაქიზად წარმართო სულისთვის აუცილებელი, მაგრამ მტკივნეული პროცესები. წმიდა მოძღვარი აწონასწორებს მორწმუნის შინაგან სამყაროს, იხედება რა მასში. ის სულგრძელობითა და სიყვარულით ითმენს მორჩილის ტკივილნარევ სულის “ამბოხს”. მადლითა და ნუგეშით მოულბობს სულსა და გულს. უხილავი ძაფებით გონივრულად მართავს მას. როცა იგივე პროცესები ამპარტავან და პატივმოყვარე მოძღვრის ხელში აუცილებლად სავალალოდ მთავრდება. ასეთი მოძღვარი ვერ ეგუება მორჩილის პროტესტს და შინაგან ჯანყს. ის მორწმუნის ასეთ ბუნებრივ გამოვლინებებს აღშფოთებითა და ზედმეტი სიმკაცრით პასუხობს, მიაწერს რა ყოველივეს “ეშმაკის მანქანებას” და ცდილობს, უფრო და უფრო შეზღუდოს და გარეგანი “რეცეპტებით უწამლოს” გაღიზიანებულ სულს და არა სულიერი მადლის შინაგანი შეხებით, რადგანაც მას ეს არ ძალუძს!.. ყველაფერს ვერ მოყვები და ვერც დაწერ!.. ეს ხომ ყოველდღიური, ცხოვრებისეული საკითხია.

სხვისი აღზრდა წიგნებით შეუძლებელია, თუ თვითონ არა გაქვს ეს გზა გავლილი!.. ყოველი ადამიანი უნიკალურია, მას განსხვავებული სულიერი, გონებრივი, ფიზიკური, ფსიქოლოგიური თავისებურებები გააჩნია. ყოველ ადამიანს აქვს სულის განსხვავებული გასაღები. ამიტომ, მიუხედავად სიწმიდისა, მოძღვარი შეიძლება არ იყოს კონკრეტული ადამიანის მოძღვარი. მას შეუძლია, გაქაჩოს მორწმუნე, რაღაც ეტაპზე, აიყვანოს გარკვეულ საფეხურზე, მაგრამ შემდეგ მიუთითს – ვინ და რა არის მისთვის აუცილებელი შემდგომი განვითარებისთვის.

დღეს ბევრი იფერებს “სულიერი მამის” წოდებას, მაგრამ ვერც აცნობიერებენ, თუ რა ღრმა არსი დევს ამ სიტყვაში. მოძღვარი არ შეიძლება იყოს ყველას “სულიერი მამა”, ვინც კი მისულა მასთან. სულიერი მამობა დადგენილია ზეცაში და არა აქ, მიწაზე!.. შეიძლება მორწმუნემ იპოვოს წმიდა მოძღვარი, მაგრამ ადვილად ვერ მიაგნოს თავის სულიერ მამას!.. ეს სხვა თემაა!..

წმიდა მოძღვარი, არა თუ მტკივნეულად განიცდის მისი ხელქვეითის სხვა მღვდელმსახურთან ურთიერთობას, არამედ პირიქით, შეგნებულად უგზავნის სხვა წმ. მამას, ამა თუ იმ საკითხის დასამუშავებლად. ეს აუცილებელიცაა, რადგან ყოველ წმიდა მოძღვარს, ღვთისაგან სხვადასხვა სულიერი ნიჭი და შესაძლებლობა აქვს მინიჭებული. როგორც გითხარით, სხვა მოძღვართან მორწმუნის გადასვლა აღაშფოთებს მხოლოდ ამპარტავან და სულიერი ხედვის უქონელ მღვდელმსახურებს. ასეთები არა თუ სხვასთან “გადასვლას”, არამედ საერთოდ ურთიერთობასაც კი უკრძალავენ თავიანთ მრევლს. გლახა საქმეა ეს!.. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ასეთი მღვდლები არ არიან ჭეშმარიტი მოძღვრები და თუ ჭეშმარიტი არაა, რა საქმე უნდა გქონდეთ მათთან?!..

დიდ სულიერებას რომ თავი დავანებოთ, უბრალოდ, ადამიანურადაც ვერ გამიგია – არ სურს ადამიანს პეტრესთან და უნდა იყოს პავლეს მორჩილი. მერედა რა არის ამაში უარსაყოფი?!.. თუ პეტრეც და პავლეც ქრისტეს ჭეშმარიტი მსახურები არიან?!.. და თუ პეტრე თვლის, რომ პავლე დაღუპავს მის “სულიერ შვილს” – მაშინ პეტრეს, ადრევე უნდა ემხილებინა პავლე, სანამ მის “სულიერ შვილზე” მიდგებოდა ჯერი!..

მრევლის სიმრავლეს, როგორც წესი, მიელტვიან სულიერი ხედვისა და გამოცდილების უქონელი “მოძღვრები”, რადგანაც, არც აქვთ გაცნობიერებული, თუ რასთან აქვთ საქმე, რადგანაც სულიერ ბრძოლაში, არც არიან ჩაბმულნი.

ჭეშმარიტი მოძღვრობა ურთულესი რამაა, ამაზე რთული საქმიანობა არ არსებობს! ეს უხილავი და დაუნდობელი ბრძოლაა თითოეული ადამიანის სულზე!..

სხვა საკითხია ის, თუ რატომ სურს მორწმუნეს, შეიცვალოს მოძღვარი, რა უდევს საფუძვლად მის ამ “გადასვლას!” – ბევრს არა თუ მორჩილება, არამედ სამართლიანი შენიშვნის მიღებაც არ სურს. ბევრს სურს მოძღვარი ისე ექცეოდეს, როგორც ეს მას აწყობს და წარმოუდგენია. ბევრს, საერთოდ, ვერ გაუგია მოძღვრის აუცილებლობის არსი. ბევრი, საერთოდ, ზარმაცი და უქნარაა, ბევრი კი – მსუბუქი და თავნება; – ასეთი ხალხი, ბაბუა, მოძღვარს ვერ იპოვნის!.. და თუ “მიაგნეს” წმიდა მოძღვრებს, ისინი მაინც ვერ წავლენ წინ!…

გაზეთი “განმათავისუფლებელი” #26

 

***

ბერ გაბრიელს ქართველი მღვდლები არ აზიარებდნენ

 კითხვა: მამა გიორგი, ერთმა მოძღვარმა გვითხრა, რომ მამა გაბრიელი არ არის წმიდანიო, რადგან მასზე არ დაწერილა არც ტროპარი და არც კონდაკიო.

პასუხი: მე ვერ გავიგე, რატომ გიხსენათ მან ტროპარ–კონდაკი?! განა ტროპარ–კონდაკი აქცევს კაცს წმიდანად?! ან კიდევ, ტროპარ–კონდაკი როგორ დაიწერებოდა ჯერ, როცა ეკლესიას ოფიციალურად არ შეურაცხვას გაბრიელი წმიდანად! მე არ ვიცი, რას ფიქრობს ის მოძღვარი გაბრიელზე, მარა ჩემს აზრს გეტყვით – გაბრიელი უდიდესი წმიდანია ღმერთის წინაშე, ის ღმრთისგან არის წმიდანი და ვინ და როდის დაწერს მასზე ტროპარს, ამას ჩემთვის არა აქვს არსებითი მნიშვნელობა! თუ გწამთ გაბრიელი, ევედრეთ მას და ნახავთ, თუ შეუშლის ხელს გაბრიელს თქვენს შეწევნაში ის, რომ მასზე ტროპარ–კონდაკის დაწერა ჯერ არ გადაუწყვეტიათ ზერელე და ურწმუნო ადამიანებს!…

კითხვა: როდის გახდა მამა გაბრიელი წმიდანი?

პასუხი: მამა გაბრიელი კი არ გახდა, არამედ დაიბადა წმიდანად! გასაგებია?! თქვენ ცოტა იცით და სხვებს ამოწმებთ… დაღუპავთ სულს, ბაბუა!…

გაბრიელი წმიდანი იყო მაშინაც, როცა მას საქართველოში მღვდლები არ აზიარებდნენ! გასაგებია?!… ის მღვდელი იყო ღმერთის თვალში მაშინაც, როცა მას საქართველოში მღვდლები არ აზიარებდნენ! გასაგებია?!…

როდის უნდა გამოიღვიძოთ!… გაბრიელის დევნა არ უნდა იყოს ქართველი ერის ჩაკვირვებისა და სულიერი გამოღვიძების საგანი? ნუთუ ვერ ხვდებით რას გეუბნებით?! რა დღეში ვყოფილვართ და ვართ კიდევ ჯერჯერო-ბით!…

გაბრიელს, ამ ჭეშმარიტად უდიდეს მოძღვარს, საქართველოში არ აზიარებდნენ!… მერედა ვინ, განა ისევ ქართველი სამღვდელოება არა?!.. განა ქართველი მღვდელმთავრებისაგან არ ჰქონდა აკრძალული მღვდელმსახურება?! რა დიდი განსჯა ამას უნდა. თავად ეს ფაქტი მეტყველებს ყველაფერზე!…

რაში იყო საქმე?! ვერ სცნობდნენ გაბრიელს, თუ ვერ იტანდნენ მას?! თუ იმას იტყვიან, რომ ვერ ცნობდნენ; აი მე რას გეტყვით: სასულიერო პირი იქნება ის ეპისკოპოსი თუ მღვდელი, რომელიც ვერ სცნობს და სულით ვერ გრძნობს წმიდანს, მიუხედავად იმისა, როგორადაც არ უნდა იქცეოდეს გარეგნულად წმიდანი, არ შეიძლება ჩაითვალოს სულიერ მოძღვრად! რადგან სულიერი ხედვა არ გააჩნია! ასეთ სასულიერო პირებს ცოდვილის სასუფეველში აყვანა არ შეუძლიათ, რადგანაც ისინი აქ მიწაზე, ვერ სცნობდნენ ჭეშმარიტების სულის მატარებელს!… ამიტომ ვერავინ სასულიეროთაგან, რომელმაც გაბრიელი ვერ იცნო, ვერ იმართლებს ამით თავს.

ახლა ვთქვათ მეორე – გაბრიელი ბევრმა იცნო კიდევაც, მაგრამ დევნიდნენ სწორედ იმიტომ, რომ არ იყვნენ მისი სულის, რადგან კომპარტიას დამორჩილებულ სასულიერო პირებზე, რომლებსაც, ღმერთზე მეტად ცეკას მდივნების და „კაგებეს“ შიში ჰქონოდათ, რა თქმა უნდა, ჭეშმარიტების სული არ დაივანებდა!

გაბრიელი ებრძოდა ბოროტებას მაშინ, როცა ქვეყანა ბოროტების ხანაში იმყოფებოდა, და როცა სასულიერო პირები ხმის ამოღებას ვერ ბედავდენ!… გაბრიელის ცხოვრება და მოღვაწეობა უდიდესი მოვლენაა! და მის პიროვნებას სულიერი მოძღვრები უნდა აცნობდნენ და ასწავლიდნენ ერს და არა ისე, ერთი–ორჯერ რომ ახსენებენ – „გაბრიელი წმიდანი იყოო“ – კი არ იყო, არამედ არის! გაბრიელ ბერი „ჩავლილი მატარებელი“ ნუ ჰგონიათ. ღმერთი აწი განაბრწყინებს მას მთელი დიდებით და თან ყველას მოსთხოვეს პასუხს მის დევნა–შევიწროებაზე. ისე, „გემოზე“ გაბრიელის დევნას ვერავინ მიჩქმალავს!… ვერც მის ღვაწლსა და სწავლებას მიაჩუმათებენ ისე, როგორადაც ეს მათ სურთ!…

გაბრიელის ძალა ყველას აქვს თავის თავზე გამოცდილი, კეთილსაც და ბოროტსაც. კეთილი ვერ ბედავდა გაბრიელზე რამეს თქმას, ბოროტი კი მძვინვარებით ანთხევდა გესლს. კიდევ ვიმეორებ – გაბრიელის ცხოვრება უნდა იქნეს სათანადოდ შესწავლილი და უნდა განემარტოს ხალხს მისი ღვაწლის ძირითადი არსი. რადგან იშვიათად არის ცალკე აღებული წმიდანი, რომელსაც ეგზომ რთულ და ბოროტ დროს ასეთი მძიმე ჯვარი და მისია ეტვირთოს ერის ცხოვრებაში.

შიმშილი, ტკივილი, სიცივე, უსახლკარობა, გლახაკობა, ქუჩა–ქუჩა წანწალი, ლანძღვა–გინება, საგიჟეთი, ციხე და დევნაგამოვლილ გაბრიელზე ისე, სასხვათაშორისოდ, უფრო კი საკუთარი „სულიერი ღირსების“ ხაზგასასმელად, რომ საუბრობენ ტანჯვაგამოუვლელი, ახალგაზრდა, ლამაზად და კოხტად მოწყობილი და თბილ ტაძრებში მლოცველი სასულიერო პირები, გული ლამის არის ამოვარდეს!…

გაბრიელ ბერი ხშირად იტყოდა გულგატეხილი – „მე ვერ გამიგო, ქართველმა ერმა“. ეს „ვერ გამიგო“ იმას კი არ ნიშნავდა, რომ დიდებასა და პატივს ითხოვდა ვინმესგან, ან ქონებასა და თანამდებობას!

გაბრიელის რომ არ ესმოდათ, დღესაც ნათლად არ ჩანს?! ბევრს წერენ გაბრიელზე, და წერენ საზოგადოების მიერვე წმიდანებზე შექმნილი „ჩარჩოების“ ფარგლებში, არა აქვთ შეტანილი ის მთავარი, რისთვისაც იბრძოდა გაბრიელი. წერენ მის სასწაულებზე და ასეთი სასწაულები სხვა წმიდანებსაც ბევრი ჩაუდენიათ. მე ყველა წიგნი და გამოცემა წავიკითხე გაბრიელზე და გეტყვით, ბევრი რამ მისი გამონათქვამებიდან შეგნებულად არ არის შეტანილი. ბევრი კიდევ გადაკეთებულია და მორგებული „ცენზურას და ჩარჩოებს!..“ ან ნუ დაწერ და თუ დაწერ, უნდა გეყოს სულიერი ვაჟკაცობა, დაწერო ისე, როგორადაც ეს თავად გაბრიელს გამოუთქვამს. მას თქვენი დახმარება და შელამაზება არ სჭირდება, მას არაფერი ეშლებოდა!… ის არასოდეს მოქცეულა ოფიციოზის ჩარჩოებში და მის გამონათქვამებს სათქვენოდ ნუ გამოიყენებთ, თორემ პასუხს აგებთ!…

გაბრიელს არ ეშლებოდა, როცა ამბობდა: „ღმერთს სამყაროში ყველაზე წმიდა ადგილი სასუფეველი აქვს, ხოლო აქ, დედამიწაზე – სვეტიცხოველი“. იერუსალიმი მან თქვენზე ადრე იცოდა… თქვენ ნუ „ეხმარებით“ გაბრიელს „წესის“ დაცვაში, მან იცოდა, რას ამბობდა, ეს თქვენ არ იცით, ის რას ამბობდა!… და რომ არ იცით და არ მოგეწონათ, „შეუსწორეთ გაბრიელს?!“ თუ არ გესმის გაბრიელის და არ იცი ვინ არის, რატომ წერ მასზე?! სასჯელის საქმეა ეს!…

დღეს „დამკვეთები“, ისე ალაპარაკებენ ბევრს გაბრიელზე, როგორც ეს თავად აწყობთ!… მათ სურთ ისეთი გაბრიელი გააცნონ საქართველოს როგორიც მათ აწყობთ!… მაგრამ იცოდეთ: გაბრიელს ვიცნობდით ჩვენ და მე ვიცი ვინ არის ის!… სხვაა მისი ცნობა და სხვაა მისი „ნახვა“. სხვაა მისი გაგება და სხვაა მასთან სიარული!… სხვაა მისი საქმის ერთგულება და სხვაა საფლავებზე ყვავილების მიტანა და თუნდაც საფლავის მოვლა! გაბრიელს რომ მხოლოდ ისე ექადაგა, როგორც ეს „ცენზურაგამოვლილ“ წიგნებში იწერება, რა იქნებოდა იქ გაუგებარი?!… მაგრამ გაბრიელმა ისე იქადაგა, როგორც ღმერთმა აქადაგა. ამიტომ იძახდა მამა გაბრიელი, „მე ვერ გამიგო ქართველმა ერმაო“. და რომ ღმერთმა აქადაგა, ვინ უნდა გაბედოს მისი სიტყვების „გადასინჯვა“, „გაფილტვრა“ და საზოგადო ნორმებთან მისადაგება?!

ვინც „ტყავს“ უფრთხილდება და არა სულს, ვაფრთხილებ: გაბრიელი მალე გამოჩნდება!… გაიგეთ ეს სიტყვა როგორც გინდოდეთ, მე კი ვიცი რასაც ვამბობ!…

გაბრიელის ქადაგებებს მალე განგიმარტავთ ის, ვისაც ყველაზე მეტად ესმის მისი – ვინც თავად გაბრიელის გამოზრდილია!… გაბრიელს წარმოაჩენს ის, ვისაც მიეცა ამის უფლება ღმერთიდან და არა ისინი, რომლებიც დავალებით ცდილობენ და ეცდებიან ამის გაკეთებას!…

ერთი მოვიდა ჩემთან და გამოკითხვა დამიწყო: „თქვენ როგორ და საიდან იცნობდით მამა გაბრიელს… მე მასთან არასოდეს მინახიხართო!“.. თავხედი!… ის გაბრიელთანაც დავალებით დადიოდა და ჩემთანაც ესე მოვიდა, საცოდავი!…

გაბრიელი, თქვენთან მჯდომი, კელიიდან გაუსვლელად, ისე მოივლიდა სამყაროს, რომ თქვენ ამის „გაგებაშიც“ არ იყავით. ის ელაპარაკებოდა სულიერად წმიდანებს ამერიკაშიც, მაშინაც კი, როცა თქვენს საუბარს ისმენდა, ხორციელად თქვენ წინ მჯდომი!… გასაგებია?!

გაბრიელის მადლი ოდნავადაც რომ შეეშვა სულში იმ უტიფარს, ასეთ კითხვას რავა დამისვამდა, არამედ სულით მიცნობდა მეც! მარა, რა უნდა ეცნო, როცა სულგაყიდული იყო!…

კითხვა: თქვენ როგორ უყურებთ დიდგორზე ფილმის გადაღების იდეას? და თუ ეს იდეა თქვენთვის მისაღებია, დავით მეფის როლზე ვის მოიაზრებდით?

პასუხი: ეგ ფილმი დიდგორზევე იქნა გადაღებული წმიდანების მიერ!… და ეს რეალური ფილმი წმიდანების „არქივშია“ შენახული. ამიტომ რეჟისორს ევალება, გახდეს ნამდვილი და ამით შეაღწიოს ამ „არქივში“… ახლა კი, ცოდვილები ცდილობენ, გადაიღონ მხატვრული ფილმი…

არ წაგიკითხავს წმიდა მამის სიტყვა, სადაც ის აღწერს მიცვალებულის სულს მცირე სასამართლოზე, თუ როგორ ანახეს მას მთელი თავისი მიწიერი ცხოვრების ჩანაწერი. თუ ანახეს, ესე იგი, ყოფილა ჩაწერილი! სხვათა შორის, თუ ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრება იწერება წმიდანებისა და ანგელოზების მიერ, მით უმეტეს, ჩაიწერებოდა ისტორიული მოვლენები, დიდი პიროვნებები და საღვთო ომი. ამის დაჯერება თქვენ გიჭირთ, თორემ, აი, რას გეტყვით: დღეს ჩვენში არის ერთი ნამდვილი მღვდელმთავარი, რომელსაც დიდგორის ომის რეალურ ფირზე „მიუწვდება ხელი“. იგი დიდ ძალას ფლობს ღმერთიდან და შეუძლია, მომავალი რეჟისორი „ჩაახედოს“ რეალური ბრძოლის ეპიზოდებში, ასეთი ფრაგმენტები რეჟისორს საკმარისზე მეტ წარმოდგენას შეუქმნის იმ ბრძოლის დეტალებზე, ეპოქის თავისებურებებზე და თავად დიდგორის გმირზე – დავით მეფეზე!

წმიდანებს შეუძლიათ, ისტორიიდან „ამოგლიჯონ“ ეს „ფირი“ და პირდაპირ უჩვენონ ხალხს ფილმის სახით, მაგრამ დღევანდელი ცოდვილი ადამიანი უბრალოდ ვერ გაუძლებს მაშინდელი ომის საშინელებას! ბევრი ამას არ დაიჯერებს, ბევრი კი იტყვის: – „თუ გიორგიმ იცის, დაგვისახელოს კიდევაც ეს მღვდელმთავარიო“. მაგრამ ასე არ ხდება. ბევრი დაფარული დრომდე არ მჟღავნდება!…

ამ ფილმს მაინც გადაიღებენ და გადაიღებენ ნამდვილები! მსოფლიო „დაიშოკება“ დიდგორზე დავითის ძლიერებით!

 

მამა გიორგი (მოწამეთელი)

წიგნიდან „თავნი და ბოლონი იტყვიან: გიორგი“

გაზეთი “განმათავისუფლებელი” #29

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

 
Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 67 other followers