Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

◊ დოკვაძის მიმართვა

პოლიტპატიმარ ირაკლი დოკვაძის მიმართვა
საერთაშორისო ორგანიზაციებს

 

მოგმართავთ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს, რათა გულისყურით მოეკიდოთ ჩემს საქმეს, როგორც თქვენ გამოიჩინეთ დიდი ძალისხმევა 1992-95 წლებში ჩვენი უკანონო პატიმრობის გამო, რაც მდგომარეობდა ჯაბა იოსელიანის ტერაქტის მცდელობაში, რის გამოც 1995 წლის 6 მარტს მე და პეტრე გელბახიანს, საქართველოს მაშინდელი მთავრობის დიდი მონდომებით და ზეწოლით სიკვდილით დასჯა მოგვისაჯეს.

ჩვენ 2 წელი და 5 თვე გავატარეთ სიკვდილმისჯილთა საკანში აუტანელ პირობებში, მაგრამ ვერ გაგვტეხეს, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ ჩვენზე ახდენდნენ ზეწოლას, რათა შეწყალებაზე დავთანხმებულვიყავით, რაც ვერ მიიღეს. რომ არა თქვენი მონდომება, განაჩენს სისრულეში მოიყვანდნენ.

თქვენ, ჯერ კიდევ ძიების პერიოდში გვაღიარეთ პოლიტ-პატიმრებად. იყო დიდი ზეწოლა, თქვენს მიერ ადგილობრივი ხელისუფლების მიმართ, ჩვენ საქართველოს რესპუბლიკის კანონიერი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას მომხრეები ვიყავით და ბოლომდე დავრჩით მისი ერთგულნი. ციხიდან 2002 წლის 3 სეტემბერს გამანთავისუფლეს, გამოსვლისას გადავწყვიტე ჩემი 10 _წლიანი უკანონო პატიმრობა გამესაჩივრებინა. ფიზიკური და მორალური ზიანის მიყენებისთვის მე, კომპესაციის სახით, ვითხოვდი ათ მილიონ ევროს. 2003 წლის 9 თებერვალს უზენაესი სასამართლოს ზედა პალატამ მე მცნო რეაბილიტირებულად და კომპენსაციის სახით ოცი ათასი ლარი გადამიხადა, რაზედაც ზედა პალატის 9 მოსამართლე აწერს ხელს.

რაც შეეხება ეხლანდელ საქმეს, ა. წ. 25 აპრილს მე დამაკავა ქალაქის პოლიციის მთავარმა სამმართველომ იმ დღეს ფალიაშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გოჩა კვირჭიშვილის და მისი ფეხმძიმე მეუღლის ელზა გულიაშვილის მიმართ ჩადენილი მძიმე დანაშაულის გამო, რის შედეგადაც ისინი გადაყვანილი იყვნენ საავადმყოფოში. ელზა გულიაშვილს გაუკეთდა საკეისრო კვეთა, საბედნიეროდ ბავშვიც და დედაც გადარჩა.

რამოდენიმე დღით ადრე გოჩა კვირჭიშვილმა მთხოვა შემეკეთებინა მოსასმენი აპარატი, რომელიც მომცა ქუჩაში ჩემს სახლთან თამარაშვილის ქუჩაზე. 25 აპრილს, დაახლოებით 12 საათზე და 45 წუთზე, მე მოვუტანე გოჩას შეკეთებული აპარატი, რომელიც ძიების მიერ ამოღებულია მისი სახლიდან.

კვირჭიშვილებს ფალიაშვილის ქუჩის 90 ნომერში 9 სართულიან სახლში 4 სართული უკავიათ. პირველ სართულზე ერთ მხარეს არის საოფისე ფართი, მეორე მხარეს კი ჩინური რესტორანი. მეორე სართული მთლიანად უკავია გოჩას დედას და ძმას ვანოს, მე-3 სართულზე ცხოვრობს გოჩა და მისი მეუღლე ელზა გულიაშვილი. მე-4 სართული ეკუთვნოდა გოჩას გარდაცვლილ ძმას – დათოს, კვირჭიშვილის ოჯახთან ერთად. სწორედ ამ ბინის თაობაზე მიმდინარეობდა სასამართლო დავა გოჩას რძალ ნანა ანდრიაშვილსა და გოჩას შორის. გარდაცვლილი ძმის ოჯახი, რძალი და ორი შვილი, ამჟამად იმ ბინაში არ ცხოვრობს. გოჩამ და დედამისმა აიძულეს ისინი, რომ იმ ბინიდან წასულიყვნენ. გოჩასთან მისვლისას მე ვნახე მისი მეუღლე ელზა. თბილად მოვიკითხეთ ერთმანეთი, რის შემდეგ ელზა შევიდა საძინებელ ოთახში.

მათი ბინა არის დიდი ფართის. ბინის ნაწილი არის სარემონტო. სწორედ სარემონტო მხარეს გამიყვანა გოჩამ, სადაც დამხვდა ჩემთვის უცნობი პიროვნება ვინმე “ოთო”და გამაცნო. მე დავჯექი კომპუტერთან, რადგან გოჩამ მთხოვა რაღაცეების გადაკეთება. უცნობი პიროვნება “ოთო” გოჩამ გამაცნო, როგორც თავისი რძლის (გარდაცვლილი ძმის ცოლის) მოსაკლავად დაქირავებული ქილერი, რომელსაც უკვე გადაუხადა 20000 ამერიკული დოლარი. ამის გაგონებაზე უცნობი შეცბა, არ ესიამოვნა, გოჩამ რომ მითხრა მათი განზრახვის შესახებ. გოჩამ იგი დაამშვიდა: “ეს სანდო პიროვნებაა, ჩემი მეგობარიაო”. ისინი იარაღს ცდიდნენ პლასტმასის ბოთლებზე. უცნობმა უთხრა გოჩას, რომ დაემატებინა მისთვის თანხა და იგი იყიდდა მაყუჩიან იარაღს, რაზედაც გოჩამ უარი უთხრა. ცოტა ხნის შემდეგ მე გადავწყვიტე წამოსვლა. გოჩამ გამომაცილა სადარბაზოში, სადაც მე ვუთხარი, რომ არ გაეკეთებინა ასეთი რამ, ეს არაქრისტიანული საქციელია-მეთქი, რის შემდეგაც დავშორდი გოჩას. ამის შემდეგ, თუ რა მოხდა კვირჭიშვილების ბინაში მე არაფერი ვიცი.

ჩემი დაპატიმრების შემდეგ, ჩემმა პირველმა ადვოკატმა გიორგი ძიგუამ მოითხოვა ჩემთვის წინასწარი 2-თვიანი პატიმრობა ჩემი უსაფრთხოების მიზნით, ვინაიდან გოჩას დაქირავებული ქილერი იყო გარეთ. რადგან ჩემს ჩვენებაში ვთქვი, რომ გოჩას განზრახული ჰქონდა რძლის, ნანა ანდრიაშვილის მოკვლა და ამისთვის ჰყავდა დაქირავებული ქილერი ვინმე “ოთო”, ჩემი ადვოკატი მარწმუნებდა იმაში, რომ ციხეში უფრო უსაფრთხოდ ვიქნებოდი, რაზედაც მეც დამითანხმა. შემიფარდეს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა, 376-ე მუხლით (განუცხადებლობა). ამის შემდეგ სულ სხვაგვარად განვითარდა მოვლენები. პროკურატურამ ისარგებლა ჩემი 2-თვიანი პატიმრობით. საერთოდ არ დაინტერესებულა “ოთოს” ვინაობით და აქცენტი მიმართა ჩემსკენ (მათ თავი არ შეიწუხეს, რათა დაედგინათ სიმართლე).

მიმდინარე წლის 6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, პოლიციის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციის დროს, პოლიციამ გამოიყენა ძალა. აკრძალული ტყვიებით დააზიანა აქციის მონაწილენი, ორმა მათგანმა თვალიც კი დაკარგა, ხოლო მზიმე დაჭრილები გადაყვანილნი იყნენ საავადმყოფოში.

მეორე დღეს 7 მაისს, დილის 11 საათზე ყველა საინფორმაციო გამოშვებებში, მთელი დღის განმავლობაში, შინაგან საქმეთა პრესცენტრის მიერ იყო გაკეთებული განცხადება, რომ ფალიაშვილზე მომხდარი მძიმე დანაშაული გახსნილია და დამნაშავე არის ირაკლი დოკვაძე, რომელიც წარსულში არის ნასამართლევი და პრეზიდენტის შეწყალებით იგი 2002 წელს გაანთავისუფლეს, ანუ “მომნათლეს”, როგორც კრიმინალი. ასეთი სიცრუით უნდოდათ მოსახლეობისთვის ეჩვენებინათ, თუ რა საშიში დამნაშავე ვიყავი. ერთი სიტყვაც არ უთქვამთ იმაზე, რომ მე შეწყალებაზე ყოველთვის ვამბობდი უარს და ყოველგვარი შეწყალების გარეშე გამოვედი ციხიდან, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ჯერ კიდევ ძიების დროს, 1993 წელს მე პოლიტპატიმრის სტატუსი მომანიჭეს, რომ ციხიდან გამოსვლის შემდეგ მე ჩემი 10-წლანი უკანონო პატიმრობა გავასაჩივრე, რომ უზენაესი სასამართლოს ზედა პალატამ მცნო რეაბილიტირებულად და მორარული და ფიზიკური ტანჯვისთვის, სახელმწიფოს დაეკისრა 20 000 ლარის გადახდა.

ამის შემდეგ, როდესაც ჩემთან საპყრობილეში შემოვიდა გამომძიებელი ჟამერაშვილი, მე მას შევეკითხე, თუ რას ნიშნავდა ეს, როცა მე 376-ე მუხლით წინასწარი ორთვიანი პატიმრობა მქონდა მისჯილი. მან მიპასუხა: ეს 6 მაისის პასუხის გაგრძელება იყო. ჩემთვის გაუგებარია, მე რა შუაში ვიყავი. მე ბრალი წამიყენეს მძიმე მუხლებით 4 ივნისს, 7 მაისს კი უკვე მკვლელად შემრაცხეს.

იგივე განმეორდა ამა წლის 4 ოქტომბერს სატელევიზიო არხ “იმედი”-ს საკვირაო გამოშვებაში “სასამართლო კრონიკა”, სადაც აჩვენეს გოჩა კვირჭიშვილი და გაიმეორეს, რომ მე მედებოდა ბრალი ამ მძიმე დანაშაულში და ჩემს საქმეს ამძიმებდა ისიც, რომ მე ადრე ვიყავი ნასამართლევი მძიმე ბრალდებით. ეს ყველაფერი კეთდება პროკურატურის შეკვეთით, ძიების თავის არ შეწუხებისთვის, ვინაიდან მე უკვე მათ ვყავდი ციხეში და საქმის გახსნის გამოცხადება უფრო ადვილი იყო.

პროკურორი ლევან ბათიაშვილი პირდაპირ დაინტერესებულია პირნათლად შეასრულოს პროკურატურის დაკვეთა. მთელი სასამართლო პროცესების განმავლობაში ფაქტიურად კარნახობს დაზარალებულის ადვოკატებს, თუ როგორ წაიყვანონ პროცესი. იგი სასამართლოს დარბაზის გარეთ წინასწარ არიგებს მოწმეებს, თუ როგორი ჩვენება უნდა მისცენ სასამართლოს ჩემს წინააღმდეგ. პროცესების მსვლელობის დროს გამოიკვეთა ბევრი ისეთი დეტალი, რაც ფაქტიურად ადასტურებს ჩემს უდანაშაულობას, მაგრამ დაინტერესებული პროკურორი იგნორირებას უკეთებს ასეთ ფაქტებს და ჯიუტად აგრძელებს, სრულიად უსაფუძვლოდ, მტკიცებულებების გარეშე ჩემს დადანაშაულებას, რაც იწვევს ეჭვს, რომ უშუალოდ პროკურატურა არის დაინტერესებული ჩემი ციხეში ჯდომით.

საინტერესოა ის, თუ რატომ აფარებს პროკურატურა ხელს გოჩა კვირჭიშვილს, რომელიც გეგმავდა თავისი რძლის ნანა ანდიაშვილის მკვლელობას.

გოჩა კვირჭიშვილი მე გავიცანი ციხეში 1992 წელს, იგი იყო დაპატიმრებული ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის, კერძოდ საპატრიარქოსთვის 600 000 მანეთის თაღლითური გზით გამოძალვის გამო. წელიწად ნახევარში მან ეს თანხა სრულად დაფარა და ციხიდან განთავისუფლდა.

2002 წელს ესტონეთის ხელისუფლებამ ძებნა გამოაცხადა გოჩაზე და თხოვნით მიმართა საქართველოს ხელისუფლებას მისი ექსრტადიციის შესახებ. გოჩა კვირჭიშვილმა თავისი ნაცნობ-მეგობრების წყალობით ჩაფარცხა ეს საქმე (როგორც ჩანს, არც ესტონელები დაინდო). გოჩას ადვოკატები, დები გოჩელაშვილები, გავრცელებული ინფორმაციით ნაცნობები არიან ძმები კუბლაშვილების, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კონსტანტინე კუბლაშვილის და პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავჯდომარის პავლე კუბლაშვილის.

ჩემმა ადვოკატებმა ალექსანდრე არახამიამ და ლენა ჯიჯელავამ, 2009 წლის 13 მაისს მიმართეს ქალაქის მთავარ პროკურატურას ბატონ მამუკა გვარამიას საჩივრის სახით, თუ რატომ ირღვეოდა “უდანაშაულობის პრეზუმფცია” ჩემს მიმართ, რატომ ხდება ჩემი დისკრედიტაცია საჯაროდ, რატომ არ ეცნობა საზოგადოებას ჩემი ადრე პატიმრობაში ყოფნის საფუძველი და რეალობა.

2009 წლის 13 მაისს გაგზავნილი საჩივრის პასუხად ქალაქ თბილისის პროკურატურიდან 2009 წლის 24 ივნისს მიიღეს ჩემმა ადვოკატებმა 19 ივნისს გამოგზავნილი წერილი, სადაც ატყობინებდნენ, რომ ი.დოკვაძეს 2009 წლის 4 ივნისს წარედგინა შევსებული და დაზუსტებული ბრალდება. მათი მხრიდან წარდგენილი პასუხი არ აკმაკოფილებდა საჩივარში მითითებულ მოთხოვნებს. პატიმრობის პირველი დღიდან ვითხოვდი შინაგან საქმეთა ექსპერტ კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოში დანიშნულიყო პაბიტოსკოპიური ექსპერტიზა, რაც მოგვცემდა მიგვეღო ვინმე “ოთოს”ფოტორობოტი. 2009 წლის 18 მაისს, როგორც იქნა ჩატარდა ექსპერტიზა ფოტორობოტის შესაქმნელად, მაგრამ ის არ იყო სრულყოფილი ფოტორობოტი, იმ მიზეზით, რომ მათ არ ჰქონდათ ისეთი აპარატურა, რომელიც შექმნიდა 100 პროცენტით ფოტორობოტს. მათ მიერ შექმნილი ფოტორობოტი იყო მხოლოდ 60 პროცენტით მიახლოებული.

რაც შეეხება მეორე შუამდგომლობაში მოთხოვნილ კითხვებს, კერძოდ, თუ ვისი ინფორმაციის საფუძველზე გავრცელდა ტელევიზიით ა. წ. 7 მაისს საქმეზე ესა თუ ის ინფორმაცია, ამ საქმის გამომძიებელი ჯამერაშვილი პასუხობს, რომ აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემა მის კომპეტენციაში არ შედის და აქედან გამომდინარე მათ მიმართონ შინაგან საქმეთა პრესცენტრს.

ჩემი დაკავების შემდეგ, პოლიციის მთავარი სამმართველომ ჩემს ოჯახში ჩაატარა ჩხრეკა, ჩხრეკის დროს ოჯახის ყველა წევრი იყო სახლში. თოკიდან ჩამოხსნეს ჩემი ტანსაცმელი, რომელიც გარეცხილი იყო, ქურთუკზე და შარვალზე დამეწვეთა მანქანის ზეთი, რომელიც ჩავამატე მანქანაში სახლში მოსვლამდე და ამიტომ გარეცხა დედაჩემმა. 25 აპრილს წვიმიანი დღე იყო. ცალ ფეხსაცმელში წყალი შემდიოდა, ლანჩი ჰქონდა დაზიანებული (რაც დაადასტურა გამომძიებელმა სირაძემაც, რომელიც ჩხრეკას ატარებდა) და ამიტომ გამოვიცვალე. როდესაც სამმართველოში მაისური, ტრუსი და წინდები გამხადეს, მთხოვეს ფეხსაცმლის გახდაც, რაზედაც მე ვუპასუხე, რომ ცალ ფეხსაცმელში წყალი შემდიოდა და სახლში გამოვიცვალე ის, ამიტომ ის არ მაცვია, რითაც გოჩასთან ვიყავი-მეთქი.

ამის შემდეგ ყოფილა ზარი სირაძის მობილურზე, რის შემდეგ უკითხავთ, თუ რა მეცვა ფეხზე, დედაჩემს უთქვამს: ცალ ფეხსაცმელს ძირი გაცვეთილი აქვს და სხვა ტუფლები ჩაიცვაო. გაცვეთილი ფეხსაცმელი კი აქ მაქვს სამზარეულოს ნაგვის კასრზე გადასაყრელადო. რომელი დამნაშავე იტყოდა, ფეხსაცმელი გამოვიცვალე და სახლში დავტოვეო.

ამის შემდეგ მოითხოვეს რაიმე პარკი, რათა ჩაეწყოთ ამოღებული ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. დედაჩემმა გამოუტანა დიდი ცელოფნის პარკი. ყველაფერი ჩაყარეს ამ ცელოფანში ყოველგვარი დალუქვის გარეშე და ჩემს ოჯახის წევრებთან ერთად ორი მანქანით წავიდნენ პოლიციის სამმართველოში, დაახლოებით საღამოს 9 საათზე. პოლიციის სამმართველოში ჩემი ოჯახის წევრები განათავსეს ცალ-ცალკე ოთახებში. მოგვიანებით, დედაჩემთან შევიდა გამომძიებელი სირაძე და შეუტანა ჩხრეკის ოქმი, სადაც ამოღებული ნივთების ჩამონათვალში არ იყო ფეხსაცმელი და ითხოვა დედაჩემის ხელით ყოფილიყო მე-7 ნომრად ჩაწერილი: “ნამდვილად ამოღებულ იქნა ჩვენი სამზარეულოდან ფეხსაცმელი, რომელიც ნაგვის კასრზე იდო” და მოაწერინა ხელი.

მიუხედავად ჩემი უდანაშაულობისა, მიუხედავად არარსებული მტკიცებულებისა, 2009 წლის 4 ივნისს, ბრალდების მხარემ მაინც დამდო ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენაში. კერძოდ, დანაშაულში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სს 10-108 მუხლთ, 109-მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლით მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით.

წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ვცნობ, რადგან მე ეს დანაშაული არ ჩამიდენია. ერთადერთი, ვითომცდა მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარეს გააჩია, ეს არის ეგრეთ წოდებული ბიოლოგიური და გენეტიკური ექსპერტიზის დასკვნები (როგორც ჩემთვის ცნობილია) კანონის უხეში დარღვევით მოძიებული, რამეთუ არ ჩატარებულა ჩხრეკა კანონიერად. იმდენად, რამდენადაც სახლიდან წაღებული ნივთები არ დალუქულა შინაგან საქმეთა სამინისტროს ლუქით და შესაბამისად, არ არსებობს ლუქზე დამსწრე პირთა (ანუ ოჯახის წევრთა) ხელმოწერები. შეიძლება-კი ასეთი სახით მიღებული ე.წ. მტკიცებულება ჩაითვალოს “მტკიცებულებად”?

რაც შეეხება იმ მტკიცებულებებს, რომელიც შემთხვევის ადგილიდან იქნა ამოღებული გამოძიების მიერ:
სასამართლო პროცესზე სრულად გამოიკვეთა გოჩას პიროვნება რძლის და ელზას დების ჩვენებებით. მათ ბრალი დასდეს არა მხოლოდ გოჩას, არამედ დედამისსაც, ქალბატონ იზოლდა გაბუნიას, შვილის დანაშაულებრივ ქმედებებში ხელის შეწყობა-დაფარვაში.

სასამართლო პროცესზე იგრძნობოდა, როგორც რძლისგან, ასევე ელზას დებისგან სინანული იმის გამო, რომ გოჩა კვირჭიშვილი და დედამისი ქალბატონი იზოლდა გაბუნია, იყვნენ თავისუფლები, აგრძელებდნენ პროვოკაციულ ქმედებებს, ხოლო მე, ირაკლი დოკვაძე ვიმყოფებოდი გისოსებ მიღმა, რაშიც მას ხელს უწყობს პროკურატურა. კერძოდ კი პროკურორი ლევან ბაჩიაშვილი.

საბრალდებო დასკვნა არის შეთითხნილი, უსუსური, არარსებული მტკიცებულების საფუძველზე. შეიძლება მტკიცებულებად ჩაითვალოს ქალბატონ იზოლდა გაბუნიას ჩვენება იმის თაობაზე, რომ ტელეფონზე ელზამ უთხრა ჩვენთან სტუმრად ირაკლი არისო, რასაც მეც არ უარვყოფ, რომ ნამდვილად ვიყავი მათთან სტუმრად. ბრალდების ყველა მოწმე ამბობს, რომ მას დაურეკეს და შეატყობინეს ეს ამბავი. თვითმხილველები არ არსებობს.

ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, მოგმართავთ ყველა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს თხოვნით, იმ უსამართლობის წინააღმდეგ, რასაც ადგილი აქვს ჩემს მიმართ.

გთხოვთ გამოიყენოთ თქვენს ხელთ არსებული მექანიზმები და საერთაშორისო ავტორიტეტი, და დაიცვათ ჩემი უფლებები, ისევე, როგორც ამას აკეთებდით 1992-2002 წლებში.

წინასწარ გიხდით მადლობას გულისხმიერებისა და თანადგომისათვის.

 

პოლიტპატიმარი ირაკლი დოკვაძე
22.11.09

 

გაზეთი “განმათავისუფლებელი

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s