Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

◊ მამა ანდრია

 

თინათინ მღვდლიაშვილი

 

… ნუ გეშინინ, რამეთუ მე მიძლევიეს სოფელსა

 

“ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილს” –

კეთილმსახური მეფე  ვახტანგ გორგასალი

 

ახალმოწამეთა შორის, მამა ანდრია, გამორჩეულად მიყვარს. განსაცდელის ჟამს, უდიდეს წმინდანებთან და მოწამეებთან ერთად, მამა ანდრიასაც ვევედრები დახმარებას… ხანდახან მგონია, რომ მამა ანდრია ჩემს სახლში მოძრაობს…

ორიოდე თვის წინათ, ხულოში ვიყავი. უკიდურესად ექსტრემალურ ვითარებაში მოგზაურობის დამაგვირგვინებელი აკორდი – საქართველოს ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი ტაძარი – სხალთა გახლდათ, ხულოს წმიდა ბარბარეს სახელობის ტაძრის წინამძღვარმა მამა მირიანმა (სამხარაძე) სხალთის შემოგარენიდან თოვლით დაფარულ უზარმაზარ ხეობაში გადამახედა და მდინარის ნაპირზე ის ადგილი დამანახა, სადაც ადრე ხის პატარა სენაკი მდგარა და, სადაც, აფხაზეთში გამგზავრებამდე მოღვაწეობდა მამა ანდრია. სამწუხაროდ, ეს პატარა სამლოცველო ამჟამად აღარ არსებობს.

მოგეხსენებათ, რომ სხალთის ტაძრის იღუმენია თავად მარიამ ღვთისმშობელია და, ალბათ, მისი უშუალო ნებითა და იდუმალი განგებულებით დაინიშნა მამა ანდრია სხალთის ტაძრის წინამძღვრად, რათა ერისკაცობიდან გასვლის შემდგომი ბრძოლები მხნედ გადაეტანა და უმკაცრეს პირობებში სულიერად გამოწრთობილი მოწამეობრივი აღსასრულისთვის მომზადებულიყო. ვფიქრობ, რომ მთები უყვარდა მამა ანდრიას და, ალბათ, მთებსაც უყვარდათ იგი…

მღვდელ-მონაზონი ანდრია, ერისკაცობაში პაატა ყურაშვილი, 1992 წლის დიდმარხვის ხუთშაბათს შეიმოსა სქემით და ეწოდა უფლის პირველი მოწაფის, ანდრია პირველწოდებულის სახელი. 2 აგვისტოს, ყაზბეგში, ცადატყორცნილ გერგეტის სამებაში იქნა ხელდასხმული მღვდელ-მონაზვნად, შემდეგ აჭარისა და შავშეთის მთების გრანდიოზულ სივრცეში მოღვაწეობდა, და ბოლოს, მოწამეობრივად მოწყდა აფხაზეთის ლურჯ მთებში ჩაფლულ სოფელ კამანში, მდინარე გუმისთასთან სულ ახლოს…

მამა ანდრიას ცხოვრება, ღვთივსათნო მოღვაწეობა და განსაკუთრებულ ვითარებაში გარდაცვალება ერთდროულად იწვევს მწუხარებას, სიხარულს და ქრისტიანულ მოშურნეობას. მწუხარებას – გამორჩეული თანამემამულის ამ სოფლიდან ნაადრევად გასვლის გამო, სიხარულს – მეოცე საუკუნის ბოლოს, ზეციური საქართველოს კაბადონზე ახალი ქრისტეს მხედრის, ოცდაშვიდი წლის მღვდელ-მოწამის გამობრწყინების გამო, ხოლო, რაც შეეხება მოშურნეობას, – რომელ მართლმორწმუნე ქრისტეანს არ სურს ასეთი ლამაზი სიკვდილი ერისა და მამულისათვის?..

და იდგა მამა ანდრია ტაძრის წინ, ფერმკრთალი და სანთელივით ჩამოქნილ-ჩამოძერწილი, მკაცრი და ლმობიერი, ძლიერი და ქედმოუხრელი… იდგა და ელოდა ქრისტესთვის სიკვდილს, ხელში კი პატარა სახარება ეჭირა…

მამა ანდრია წმიდა ვახტანგ გორგასლისეული ანდერძის ღირსეული აღმასრულებელი იყო. განა კეთილმსახურმა მეფემ არ მოგვიწოდა: „ეძიებდეთ ქრისტესთვის სიკვდილსო?“. მამა ანდრიამ ეძია აღსასრული ქრისტესთვის და მოიპოვა კიდეც იგი. ეს კი ყოველგვარ წუთისოფლისეულ წარმატებაზე მეტია.

სოფელი კამანი ცხუმიდან თხუთმეტიოდე კილომეტრითაა დაშორებული.

სოფელი კამანი მანათობელი ვარსკვლავია – სოფელთა შორის.

სწორედ აქ, კამანში, გადამალეს ოდესღაც იოანე ნათლისმცემლის თავი; სწორედ, აქ, წმიდა ვასილისკოს წამების ადგილზე, დღემდე მოსჩქეფს სასწაულთმოქმედი წყალი; სწორედ აქ, კამანში აღესრულა ქრისტიანული სამყაროს მზე – იოანე ოქროპირი.

სოფელი კამანი, ისევე, როგორც მთელი აფხაზეთი, – უსჯულოებმა ააოხრეს. კაზაკები, არმენები, აფსუა-ჩერქეზები, ჩეჩნები და რუსები შეესივნენ უმშვენიერეს სვანურ სოფელს, გაძარცვეს და გადაწვეს ქართველთა სახლები, დახოცეს ქალები, ბავშვები, მოხუცები…

ავაზაკებმა ესეც არ იკმარეს! მხეცებივით შეცვივდნენ წმიდა იოანე ოქროპირის სახელობის ტაძარში, შეურაცხყვეს იოანე ოქროპირის სარკოფაგი, უმოწყალოდ შემუსრეს ეკლესია და მასში თავშეფარებული უძლური ადამიანები… ეკლესიის წინ დახვრიტეს ტაძრის წინამძღვარი ანდრია, ენით აუწერელი სისასტიკით აწამეს და, მოგვიანებით, უთვალავი ტყვიით დაცხრილეს ტაძრის აღმდგენელი, წარმომავლობით აფხაზი, იპოდიაკონი გიორგი (ერისკაცობაში იური ანუა) და ვითარცა ტურებს სჩვევიათ, ისტორიის ბნელში მიიმალნენ…

ათეულობით სვანი და კოლხი ვაჟკაცი შეეწირა კამანის უთანასწორო, ნაღალატევ ბრძოლას.

აი, ისინიც! – კამანელი გმირები: ზაზა პაკელიანი, ნოდარ პაკელიანი, ვახტანგ ჩხეტიანი, გურამ გვიჩიანი, ზაურ ჩხეტიანი, გუნტერ გულედანი, ანზორ სუბელიანი, ეგნატე კვიციანი, თამაზ ჩხეტიანი, ადამ გვიჩიანი, ვალოდია კახიანი, მალხაზ კახიანი, გოგი გურჩიანი, ზური გურჩიანი, ელგუჯა გვიჩიანი, ალექსანდრე გამსახურდია, მერი პაკელიანი (ალექსანდრე გამსახურდიას მეუღლე, მან ოთხი მომხდური ჩეჩენი გამოასალმა სიცოცხლეს), სერგო მუშკუდიანი, ვალოდია ჩხეტიანი და სხვანი.

მკვლელებმა, არც ადგილობრივი ბერძნები დაინდეს. მათ, ვითარცა ლაჩრებს სჩვევიათ, დაუნდობლად დახოცეს მოხუცები: კოხტა ილიადი, ხრისტო პოპანდოპულო და კუზმა სიონიდი.

საუკუნო ხსენება მათ სულებს და დიდება მათ სახელებს!

და დააბოტებენ ყოვლად უგნურნი კოლხთა, სვანთა და იბერიელთა კუთვნილ მიწაზე… მოჩვენებებივით დაძრწიან ქართველთა გავერანებულ ნასახლარებში, ურცხვად იკვებებიან ქართული მიწიდან ამოზრდილ ხეებზე მოწეული ჭირნახულით, რომელსაც ქართული სისხლის გემო დაჰკრავს და არ უწყიან, თუ რაოდენ მკაცრ განსაცდელს უმზადებს მათ ქართველი ერის უდიდესი მეოხი და მოკავშირე, მარიამ ღვთისმშობელი!…

მე მჯერა, რომ ყოვლადწმიდა სამების წყალობით, ჩვენ, ქართველები, უსათუოდ დავიბრუნებთ წინაპართა მიწას – თვალხატულა აფხაზეთს! და არა მარტო აფხაზეთს, არამედ დროებით დაკარგულ ტერიტორიებს ნიკოფსიიდან დარუბანდამდე, რადგან, ის, რაც არ ძალუძს ადამიანს, ხელეწიფება უფალს. უფალი კი ჩვენთანაა!

დიახ, წლები გადის. კამანის ლურჯ სივრცეში კი კვლავ გაისმის სვანური საბრძოლო-სავედრებელი სიმღერა, რომელსაც საბედისწერო პოზიციებზე მღეროდნენ თურმე მამაცი კამანელები:

„ჯგურაგ აღო სი ლანეშდ,

შგურალ ნომა ანცურე,

ნიშგვეი თხიმ, ნიშგვეი ლახბას,

ლეწვრიდ ნომა ესცურე!“*

 

* (წმიდა გიორგი, შენ შეგვიწყალე! წმიდა გიორგი, სამარცხვინოდ არ დაგვტოვო;

ჩვენი თავი ჩვენს ძმებს არ გაუხადო შურის საძიებლად).

 

 

 

ეპიტაფია

 ღმრთის სადიდებლად დავაგდე

ამაო წუთისოფელი,

ყოვლადმოწყალეს მივანდე

წუთი და წამი ყოველი;

მარტვილობაში ვილხინე,

უარვჰყავ ჭრელი კაბანი,

 ივერიისთვის ვეწამე,

მოვიკამარე კამანი;

მიწიდან ზეცად ავმაღლდი,

მარწიეს ღრუბლის ქულებმა,

ბერის სიმდაბლით მოვიგე

იესოს მართლმსაჯულება;

ცხრა დასი ამკობს ვარსკვლავეთს, –

სრულქმნილნი, სრულფასოვნები,

ტახტზე ზის თავად უფალი,

გალობენ ანგელოზები;

დგას პირველქმნილი ნათელი, –

სადაც მართალნი არიან,

დედამიწაზე ბნელა და

სასუფეველში დარია;

ჰყვავიან ოქროსღილები, –

ზედ ჩემი სისხლი ატყვია,

იქვე გუმისთა მოღელავს, –

გარს ლურჯი მთები არტყია.

თინათინ მღვდლიაშვილი 2006 წელი, ენკენისთვის 27,

ჯვართამაღლება, ცხუმის (სოხუმის) დაცემის დღე

 

 

3 Responses to “◊ მამა ანდრია”

  1. არაჩვეულებრივი სტატია იყო! მამა ანდრიას მსგავსი გმირები ღმერთმა ნუ მოუშალოს საქართველოს. გამახსენდა ტელეპროექტი “საქართველოს დიდი ქართული ათეული”, სადაც მამა ანდრია წარადგინა ახალგაზრდა დრამატურგმა ოთარ პერტახიამ, მაშინ პირველად გავიცანი ეს ავტორი და ყველაზე გულწრფელი წარმდგენი აღმოჩნდა ჩემთვის. სწორედ მაშინ გავიგე პირველად მამა ანდრიას შესახებ და ძალიან დავინტერესდი მისი მოღვაწეობით. საუკუნო დიდება და მარადიული ნათელი მის ხსოვნას!

    Like

  2. ჩვენი დროის წმინდანი!

    Like

  3. ლევანი said

    მამა ანდრიას და იური ანუას ღვაწლის შესახებ სპექტაკლიც დაიდგა., რომელიც დიდი წარმატებით გადიოდა მარჯანიშვილის თეატრში. აქ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ ნაწყვეტი სპექტაკლიდან http://www.youtube.com/watch?v=4m7sRKcfFH4

    Like

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s