Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

• კონსტანტინე გამსახურდია

კონსტანტინე გამსახურდია

 

 

 ***

ბიოგრაფია 

კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა 1893 წლის 3(15) მაისს სოფ. ძველ აბაშაში.

 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. 1919 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული „საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის“ მუშაობაში.

1918 წლიდან საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშეა. ჰამბურგში 3000-მდე ტყვედყოფილი ქართველი შეკრიბა და სამშობლოში წამოიყვანა მის მიერვე დაქირავებულ ხომალდ „ქრისტიანიათი“, თან ჩამოიტანა მედიკამენტები, პირველი რადიოდანადგარი.

მრავალგზის იყო რეპრესირებული საბჭოთა რეჟიმის დროს ეროვნული მოღვაწეობისათვის.

სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო როგორც პოეტმა და პუბლიცისტმა. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1909 წ. წერდა კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით. XX საუკუნის 10-20-იანი წლების მიჯნაზე იყო რედაქტორი შემდეგი პერიოდული გამოცემებისა: „პრომეთე“, „ლომისი“ (გ.ტაბიძესა და ლ.ქიაჩელთან ერთად), “ილიონი”, „საქართველოს სამრეკლო“, „ქართული სიტყვა“, ხელმძღვანელობდა მწერალთა აკადემიურ ჯგუფს.

ავტორია რომანებისა: დიონისოს ღიმილი, მთვარის მოტაცება, გოეტეს ცხოვრების რომანი, დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა, დავით აღმაშენებელი, ვაზის ყვავილობა, აგრეთვე ნოველების, ნარკვევებისა და ესეებისა. თარგმნა გოეთეს „ახალგაზრდა ვერთერის ვნებანი“, დანტეს „ღვთაებრივი კომედია“ (I ნაწილი – „ჯოჯოხეთი“ კ. ჭიჭინაძესთან ერთად თარგმნა), რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ და სხვა.

1944 წ. აირჩიეს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრად. 1965 წ. ტეტრალოგიისათვის „დავით აღმაშენებელი“, მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

გარდაიცვალა 1975 წელს. დაკრძალულია თბილისში, კოლხური კოშკის (თავისი სახლის) ეზოში.

ვიკიპედია

 

 

 ***

 წერილი ამხანაგ გიორგის

 

ტფილისი, 1930, 12.1.

ძვირფასო ამხანაგო გიორგი,

ეს წერილი განზომილი არ არის მოგწეროთ როგორც მთავრობის წევრს, არამედ მინდა როგორც ქართველმა მწერალმა ჩვენი კულტურის მეგობარს ჩემი უაღრესი გულისტკივილი გაგიზიაროთ.

მე მუდამ მჯეროდა და ახლაც მჯერა, რომ ისეთი სიტყვა, რომლის სათავე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულია და კეთილის ნდომა, არ უნდა იქნას გაგებული, როგორც მუხანათი მტრის მოშაინისებური წამონაყვედრი.

ჩემდა საუბედუროდ, ჩემი სახელის გარშემო ისეთი ატმოსფერო შეიქმნა, რომ ასეთი გულისტკივილით ნათქვამი სიტყვა ყოველთვის მტრობად მიუჩნევიათ ხოლმე.

რაღა ბევრი გავაგრძელოთ, ეს არის კიდევ ერთი საქმე, რომელიც ვიღაცის ბოროტმა ხელმა “საკითხად” გადააქცია, თითქოს საკითხები ცოტა გვქონდეს სავალალო და თავის სამტვრევი. წინასწარ უნდა განვაცხადო, თუმცა კომუნისტი არა ვარ, მაგრამ არც საბჭოთა საქართველო და არც სამეგრელო ჟვანიებსა და კუციებზე ნაკლებად არ მიყვარს.

ყოველივე ჰიპერბოლის გარეშე წინამდებარე წიგნის ”ჭითა ჩხორიას” გამოსვლა ვოსტორგოვის ლეშმა რომ გაიგოს, სამარეში [სიხარულით] უთუოდ გადატრიალდება სამგზის.

ასეთი ანტიქართული, ქართული ენისათვის დამღუპველი ამბავი დიდი, დიდი ხანია საქართველოში არ მომხდარა. ზოგიერთი ბოჩოლა ქართველი ინტელიგენტი, რომელიც ყველაფერზე ”ნიჩეოს” იძახის, გულწრფელად ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ უსაქმური კალმის ვარჯიშობაა და სხვა არაფერი.

ვინ არ იცის, რომ ეროვნება ნებაყოფლობის ამბავია, ისე ეგებ ჩვენ ყველანი ზოგი არაბები ვიყოთ, ზოგიც ესკიმოსი.

მაგალითისათვის: დღევანდელი ჰოლანდია მე-13-14 საუკუნეებამდის ქვემო გერმანიის განუყოფელი ნაწილი იყო და ფეოდალების წაკინკლავების წყალობით იგი გერმანიას გამოეთიშა.

გაუგონარი ამბავია, რომ საბჭოთა საქართველოში დადიანებისა და სხვა უჭკუო ქართველი ფეოდალების სეპარატიულ ბოდვას ზოგიერთი ჭკუანაღრძობი ”მაფალუისტები” აჰყოლიან.

რომანოვების რუსეთის ბნელი ხელიც იქითკენ გაემართა, რომ ქართული ენისა და ეროვნების ფარგალი შეემცირებინათ და ამგვარად სამარადჟამო სიდამბლე მოეგვარათ ქართული კულტურისათვის. მისთვის უჩიჩინებდნენ აფხაზებს, ხოლო სვანები რუსების დათახსირებულმა (…) ეპისკოპოსებმა ენგურში ჩაჰყარეს და მე-7-8 საუკუნეში მონათლული ხალხი თავიანთი ჭკუით ხელმეორედ მონათლეს. ამისათვის მუშავდებოდა “კავკასიის კალენდრის” სტატისტიკა.

და ყოველივე ამის რეზონ დეტრი ის იყო, რომ ქართველი ხალხი საქართველოში უმცირესობად გამოეცხადებინათ.

მაფალუისტების დაბნელებული გონებაც იმავე არგუმენტს იშველიებს, რომელსაც პურიშკევიჩები და ვოსტორგოვები ხმარობდნენ: ესაო და მეგრელ გლეხებს ქართული არ ესმით, ქართული წერა-კითხვა ჯვარში არ იციანო.

აკი ჩვენ ყველას გვინდა ხუთწლიანი გეგმის შესრულებამდის საქართველოში არც ერთი წერა-კითხვის უცოდინარი არ დარჩეს? ვთქვათ ჯვარელმა და გალელმა მეგრელმა გაზეთი “კომუნისტი” ვერ წაიკითხა, მაგრამ “ჭითა ჩხორიაც” ხომ იმავე ანბანითაა დაბეჭდილი როგორითაც გაზეთი “კომუნისტი”?

სად არის უებრო პეეტრების ლოგიკა?

დიდად სავალალოა, რომ ზოგიერთი პასუხისმგებელი ამხანაგები ვერ წაიკითხავენ, თუ რა დიდი იეზუიტური დიალექტიკა გამოუჩენიათ ამ პატარა კაცებს “მაფალუს” შტაბისას.

I. ამ წიგნში ლენინის, სტალინის, მ. კახიანის, ფ. მახარაძის, მ. ცხაკაიას სურათებს გადაღმა მიჩქმალულია აშკარა სიძულვილი ქართული ენისა და ქართული ლიტერატურისადმი, რომელსაც არც ერთი არ მოიწონებდა.

II. იმისათვის, რომ მეგრული ენის “სპონტანურობა”-თავისთავადობა დაამტკიცონ, უსირცხვილოდ ამახინჯებენ მეგრულ სიტყვებს, – იგივე ქართულ სიტყვებს.

III. ოღონდ ქართულ ეტიმოლოგიას გაემიჯნონ და საამისოდ მზად არიან შემოიღონ ისეთი უხეში ბარბარიზმები, როგორიცაა “ზაგრანიცა”, “ზავოდი” და სხვა.

IV. საბჭოთა საქართველოს კონსტიტუციიდან ვიცით, რომ აბხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოს სსრ-ს ავტონომიური ოლქებია. “ჭითა ჩხორიას” ჩვენი კონსტიტუციის რევიზია მოუხდენიათ და 59-ე გვერდზე ასე უტიფრად სწერენ (…)” დასავლეთ საქართველოს (თუ იმერეთს ან გურიას??) აკრავს აჭარის და სააბხაზოს ავტონომიური რესპუბლიკები”. იქვე: “აღმოსავლეთ საქართველოს აკრავს(…) სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი”-ო.

V. მთელს წიგნში – 104 გვერდის მანძილზე, გარდა ზემოთ მოყვანილი ციტატისა, არსად საქართველოსი და ქართველი ხალხის, არც რუსთაველის, არც აკაკის, არც ვაჟასი, არც ნინოშვილის, არც ქართული ანბანის ხსენება არ არის. სისტემა მასალის დალაგებისა კი იაკობ გოგებაშვილისათვის მოუპარავთ ამ ცხენიპარიებს.

 

მცირე კომენტარი:

ამხანაგი გიორგი – გიორგი ყურულაშვილი, იმხანად – საქართველოს სსრ მთავრობის წევრი.

“ჭითა ჩხორია” – “წითელი სხივი”.

ვოსტორგოვი – დეკანოზი იოანე ვოსტორგოვი იყო ცხრაასიან წლებში საქართველოს საეკლესიო ცხოვრების მეთვალყურე. მან შეადგინა სასწავლო გეგმა სამეგრელოს სკოლებისათვის, რომლის მიხედვითაც ამ სკოლებიდან იდევნებიდა ქართული ენა (იხ. ი. მეგრელიძე, ნიკო მარის ცხოვრება და მოღვაწეობა, “მაცნე”, # 6, გვ. 293-294).

პურიშკევიჩი – ვლადიმერ პურიშკევიჩი (1870-1920), მონარქისტი, შავრაზმელთა ორგანიზაციის მეთაური.

 

 ***

 

მ. თოფურია

კონსტანტინე გამსახურდიას პუბლიცისტიკა და სეპარატიზმის საკითხი

 

კ. გამსახურდიას ისტორიული რომანების ძირითადი სიუჟეტური ხაზი შიდაპოლიტიკურ ბრძოლას უკავშირდება, როგორც თავად მწერალი წერდა, “დიდოსტატის მარჯვენის” ბოლოსიტყვაობაში: “შინაპოლიტიკური ვითარებანი სწყვეტენ ყოველი ნაკლის, ყოველი სახელმწიფოს ბედს. მსოფლიო ისტორიაა ამის მოწმე. არც ერთი ნაციონალური სახელმწიფო მარტოოდენ გარეპოლიტიკური ინვაზიების შედეგად არ დარღვეულა” მწერლის აზრს მსოფლიო ისტორიაც ადასტურებს. ერის პოლიტიკურ კრახს შინაური გათიშვა და ზნეობრივი დეგრადაცია იწვევს. გარეშე მტერი შედეგია ხშირად და არა მიზეზი.

განდგომილებისა და ეროვნული გათიშულობის ტრაგედია განსაკუთრებული სიმწვავითაა გადმოცემული მწერლის პუბლიცისტიკაში. კ. გამსახურდია ქართული სახელმწიფოს იავარქმნის მიზეზად აულაგმავ პარტიკულარიზმს მიიჩნევს. ეროვნული იდეალები ქართველი კონდოტიორების სიხარბემ და განდიდებისაკენ ლტოლვამ შეიწირა. სეპარატიზმის პრობლემა თვალსაჩინოდ წარმოჩინდა 1918-1921 წლებში – ხელისუფლებამ ვერ გაატარა ცენტრალიზაციის კურსი და იძულებული გახდა ავტონომიური უფლებები მიენიჭებინა ზოგიერთი კუთხისთვის. ეს უპირველესად ეხება აჭარის ავტონომიის საკითხს.

1919 წელს საქართველოს პარლამენტმა სამუსულმანო საქართველოს ავტონომია მიანიჭა. მწერალი, რომელიც იარაღით ხელში იცავდა აჭარას თურქ ასკერთა შემოსევისაგან, კატეგორიულად ეწინააღმდეგება ე.წ. აჭარისტანის დამოუკიდებლობას. “ერთ-ერთ გაზეთში მე სასტიკად გავილაშქრე ამის (აჭარისტანის დამოუკიდებლობის – მ.თ.) წინააღმდეგ. იმიტომ, რომ ეს ჯერ ერთი, არ მომწონს სახელი, ეს რაღაცა “სტანი”, და მეორეც, მგონია, თუ აჭარისტანი დამოუკიდებლად გამოცხადდა… ერთმა კუთხემაც წამოყო თავი და თქვა: მეც მომეცით დამოუკიდებლობაო”… ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო გამძაფრდა და ცალსახად უარყოფითი გახდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ. აჭარის ავტონომისტების პოზიცია, რელიგიურ მომენტს ეყრდნობოდა, რაც კ. გამსახურდიას აზრით, სრულიად მიუღებელია. “ჩამოაცილეთ რელიგიური მომენტი აჭარის მეჯლისს და, საერთოდ, აჭარის ავტონომისტების მოთხოვნილებას და ხელში შეგრჩებათ კუთხობრივი პარტიკულარიზმი საქართველოს რომელიმე პროვინციისა”. ზედმეტი პრივილეგიზმი და ფავორიტიზმი მავნეა ყოველი კუთხისათვის, “მიუხედავად იმისა, ბეგების თავმოყვარეობა და პატივმოყვარეობა წარმოშობს იმას, თუ რომელიმე კუთხის განსაკუთრებული მდგომარეობა”. მწერალი გრძნობს, რომ ეს არ არის რომელიმე ერთი კუთხის მოკრძალებული პრეტენზიები, მოთხოვნის ტონში აშკარად შეიგრძნობა უცხო სახელმწიფოს ინტერესები. საქართველოს ანექსიის პირველსავე კვირებში აშკარა გახდა, რომ რუსეთის მთავრობა სწორედ ავტონომიების შექმნით იმკვიდრებდა საყრდენს დაპყრობილ ქვეყანაში – ავტონომიების შექმნა საბოლოოდ ანადგურებდა ისედაც წელში გაწყვეტილ ქვეყანას. ძველი რომაელების პრინციპის “გათიშე და იბატონე” საიმედობა რუსეთსაც არაერთგზის გამოეცადა.

კონსტანტინე გამსახურდიას პუბლიცისტიკაში განსაკუთრებული ადგილი უკავია აფხაზეთის პრობლემას. მწერალთა კავშირის პირველ ყრილობაზე – 1926 წლის 25 თებერვალს – კ. გამსახურდიამ უპარტიო მწერალთა სახელით ფილიპე მახარაძის წინაშე გამოთქვა თავისი საწუხარი: “რაკი გულწრფელად გნებავთ ჩვენი გულისტკივილის გაება, უნდა მოგახსენოთ, მე მაინც და მაინც დიდ პატივს არ ვცემ იმ მთავრობას, რომელმაც ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფარგლები მცხეთის სანახებამდე ჩამოიტანა, მთლიანად ქართული რეგიონი გალისა აფხაზეთის ავტონიმიურ რესპუბლიკას გადაულოცა, და მეგრელ ბავშვებს მარტოოდენ აფხაზურსა და რუსულს ასწვლიან”. მწერალი უმძიმეს შეცდომად მიიჩნევს ავტონომიური აფხაზეთის კომისარიატის შექმნას – 70% ქართველებით დასახლებულ ოლქს აფხაზეთი დავარქვით და “ამით კვერი დავუკარით იმ გარემეობას, რაზეც ქართველობა დღეს ასე გამწარებულია”. მწერალი მძაფრად გრძნობს მოსალოდნელ საფრთეს, განსაკუთრებით დაუნდობლად კიცხავს გააფხაზებულ მეგრელებს, რომელებიც “აფხაზეთის სახელით რუსულად ლაპარაკობენ”.

კ. გამსახურდიასათვის შინაური მტერი გარეშეზე ასგზის საშიშია. ამიტომაც მწერალი შეურიგებელ ბრძოლას ეწეოდა იმათ წინააღმდეგ, ვინც ნებსით თუ უნებლიედ მიელტვოდა საქართველოს ერთიანი სხეულის დანაწევრებასა და დაქუცმაცებისაკენ. საყოველთაოდ ცნობილია მწერლის უკომპრომისო დამოკიდებულება ეგრეთ წოდებული “სამეგრელოს საკითხისადმი”, რომელიც ზუგდიდის სამაზრო პარტიული კომიტეტის მდივნის ისაკ ჟვანიასა და მის მომხრეთა მიერ იყო პროვოცირებული. მათი ლოგიკით, მეგრელი განსხვავდება ქართველისაგან ენით, ტრადიციით, კულტურით. საუკუნეთა განმავლობაში ქართველთაგან ასიმილირებულ მეგრელ გლეხობას (გლეხები კი ისაკ ჟვანიას შეხედულებით, “ჭეშმარიტი მეგრელები” არიან, “ინტელიგენტი მეგრელებისაგან” განსხვავებით, რომლებიც “უკვე აღარ არიან მეგრელები” და ფაშისტებად და ნაციონალისტებად გარდაქმნილან). მიუხედავად ამ “თეორიის” აბსურდულობისა ჟვანიას უამრავი მომხრე ჰყავდა, რომელთა ძალისხმევითაც 1925 წელს ზუგდიდის პარტიულმა კომიტეტმა განიხილა სამეგრელოს საკითხი და გამოტანილ იქნა დადგენილება მეგრული ენის სკოლებში შესწავლის შესახებ. მეგრულ ენაზე გამოვიდა კრებული “ჭითა ჩხორია” და გაზეთი “ყაზახიში გაზეთ”. სწორედ მათ ფურცლებზე “ამხელდა” ისაკ ჟვანია “შავრაზმელ მეგრელ ინტელიგენციას”, “ქართველ ფაშისტებს: კოწია გამსახურდიას, თედო ჟორდანიას, თედო სახოკიას და სხვებს”, რადგან ეს “შავი თავადაზნაურული ხროვა გმობს სამეგრელოს საკითხს, როგორც საქართველოში განხეთქილების, გათიშვის შემომტანს”, რომელიც აცხადებს პოლიტიკურ და მორალურ ტერორს იმათ წინააღმდეგ, ვინც ბედავდა ხმის ამოღებას სამეგრელოს ავტონომიის შესახებ”. საბედნიეროდ კ. გამსახურდია არ ეპუებოდა გაზულუქებულ, უმეცარ პარტოკრატებს და მისი დიდი ძალისხმევით აიკრძალა კიდეც მეგრულ ენაზე გამომავალი პერიოდიკა. მწერალი ცდილობდა ის ძალებიც გამოეაშკარავებინა, რომლებიც დროდადრო წამოატივტივებენ ხოლმე ყველა ჯურის ჟვანიებს – რუსეთის კოლონიზატორული პოლიტიკა ნიადაგ აღვივებდა ქართველთა ცნობიერებაში მთვლემარე კუთხურობის ტენდენციებს. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ სწორედ კ. გამსახურდიამ თქვა გადამწყვეტი სიტყვა ყბადაღებული “სამეგრელოს საკითხის” საბოლოოდ დასასამარებლად. ეს, ცხადია, არ არის შემთხვევითი, რადგან კ. გამსახურდია თავისი ცხოვრებითაც და შემოქმედებითაც ერთიანი საქართველოს მარადიულობის იდეას ამკვიდრებდა ქართველი კაცის ცნობიერებაში.

 

ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
სიღნაღის ფილიალი

 

 

                             

 

 

                    

                  

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s