Iberiana – იბერია გუშინ, დღეს, ხვალ

სოჭი, აფხაზეთი, სამაჩაბლო, დვალეთი, ჰერეთი, მესხეთი, ჯავახეთი, ტაო-კლარჯეთი იყო და მუდამ იქნება საქართველო!!!

◊ დღეს საქართველო სარკოზის შემართებით სულდგმულობს

გოჩა დანელია

დღეს საქართველო სარკოზის შემართებით სულდგმულობს

 

 ერთ ძველ ანგედოტს შეგახსენებთ: კურდღელი ქეიფობს რესტორან “მწვანე ველში”. შეზარხოშებულმა რამდენჯერმე შეუკვეთა სიმღერა “კატიუშა”. მისმა მომაბეზრებელმა ახირებამ საყოველთაო აღშფოთება გამოიწვია. მხეცებმა ბაჭიას მელია მიუგზავნეს. კურდღელმა ის გარეთ გაიხმო. ცოტა ხანში რესტორანში ბრუნდება კურდღელი მელიას ტყავით და უკვეთავს იმავე სიმღერას. მხეცები შეურაცხყოფილნი არიან. იერარქიით ჯერი მგელზე მიდგა. კურდღელმა ისიც გარეთ გაიხმო და მალე დაბრუნდა მგლის ტყავით, რომელიც მაგიდის ქვეშ დააფინა. კვლავ გაისმა სიმღერა “კატიუშა”. ცხადია, დათვმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნო და კურდღელს მიეჭრა. კურდღელმა ნაცად ხერხს მიმართა.. და რესტორანში დაბრუნდა ლომთან ხელკავით. ლომს კუდზე დათვის ტყავი ჰქონდა გამობმული და ღრიალებდა – აბა, კიდევ ვის არ მოგწონთ სიმღერა “კატიუშა”?

ეს ამბავი საქართველოს ისტორიულ ბედს მაგონებს – როცა სრულად მივენდობოდით ჩვენთვის, იმ მომენტში, მოკეთედ ქცეულ მფარველს, ხშირად მწარედ ვისჯებოდით. ისე, როგორც ეს აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში დაგვემართა. რატომ ვიხრებით აქეთ-იქით და ვერ ვაწარმოებთ დამოუკიდებელ პოლიტიკას? ამ დროს ხომ ყველა სათავისოდ ფიქრობს. ჩვენს ომში ძირითადი მხარეები აშშ-ი და რუსეთი იყვნენ. მრავალი ნიუანსიდან მხოლოდ ერთს გამოვყოფთ. რამ აიძულა რუსეთი წასულიყო თვითმკვლელობაზე? რატომ გახდა საქართველო რუსეთისათვის ნაკლებად მიმზიდველი სეპარატისტებთან შედარებით? სეპარატისტების აღიარება ხომ მომავალი კატასტროფაა რუსეთისათვის. პრიშტინას 200 კილომეტრიანმა მარშმა და საქართველოზე თავდასხმამ სულ წაახდინა რუსეთის იმიჯი (ისედაც საუკუნე სრულდება, რაც რუსეთს მილიტარისტი ქონდრის კაცები მართავენ) და მათ გლობალური სტრატეგიული შოკი მოუტანა. პრეზიდენტმა მედვედევმა გადაწყვეტილება კი მიიღო, მაგრამ შედეგებზე არ უფიქრია (არც ჩვენ გვიფიქრია). მსოფლიო რუსეთის წინააღმდეგ გამოვიდა. რა იყო პუტინის სიჩქარის მიზეზი (პეკინიდან პირდაპირ ვლადიკავკაზში ჩაფრინდა)? იქნებ დასავლეთი ამით აჩქარებდა რუსეთის დაშლას. ამიტომ ხომ არ მოიქსოვა ეს ავანტიურა.

რა მოგვცა სამაჩაბლოში სტატუს-ქვოს დარღვევამ? სარკოზი-მედვედევის შეთანხმება და წუთშესვენება, რომელმაც ჩვენ სულზე მოგვისწრო. ფაქტია, რომ პირველ დღეებში, აშშ არ აღმოჩნდა მზად რუსეთის წინააღმდეგ შემაკავებელი კონკრეტული ქმდებებისათვის. ამერიკელებმა მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ გაითავისეს მომხდარი, რატომ? აშშ-ს ეტყობა ინერტულობის მიზეზი ჰქონდა. პროცესში დისონანსი შეიტანა ლავროვის განცხადებამ (თუ დაეჯერება) ბუშის მზაობის შესახებ არ დაეშვა საქართველოს ნატოში მიღება, თუკი ჩვენ დავესხმოდით თავს რომელიმე სეპარატისტულ რეგიონს. ბუშის სვლა გასაგებია, თუ მან საქართველოს კარტი რუსეთთან გამოიყენა სავაჭროდ. ეს პრაგმატული ინტერესებით მოქმედებაა. თუ ლავროვი არ ტყუის, შეიძლება დავუშვათ, რომ ოლიმპიადის დროს პუტინზე ხელგადახვეულ ბუშს ანაზდეულად წამოსცდა მსგავსი რამ, რამაც ააფორიაქა პუტინის გონება. იგი ხომ მოწოდებით მზვერავია. ამიტომ იგი ყოველთვის ტაქტიკურ, დროში შეზღუდულ ამოცანებს წყვეტდა (ადამიანების ლიკვიდაცია, მოწამლვა, გატაცება და ა. შ.). ჩვენს მიმართაც იგი ტაქტიკურ დარტყმებს ახორციელებდა: გაზსადენების აფეთქება, ექსპორტის აკრძალვა, ვიზების გაცემის და თვითმფრინავების ფრენების გაუქმება, ქართველების ეთნოწმენდას მოსკოვში, ჩვენი საჰაერო სივრცის ხშირ დარღვევას, კონფლიქტის ზონებში ჯარების შეყვანას და ა. შ. ამიტომ სასწრაფოდ გადაწყვეტილების მიღებისას დაუშვა სტრატეგიული შეცდომა (უჩვეულო სიტუაციაში) საქართველოს მიმართ.

აღნიშნულს ირიბად ადასტურებს დენიელ ფრიდის განცხადება – სააკაშვილმა არ გაითვალისწინა დასავლეთის რჩევა, არ ჩართულიყო შესაძლებელ დაპირისპირებაში რუსეთთან. დაუმატეთ ამას კოსოვოს პრეცენდენტი, რომელიც პუტინმა ადვილად გაითავისა. მეტი სატყუარა რა უნდოდა რუსეთს? აჰყვა რა ბუშს, მან თავი მახეში გაიბა, საქართველო კი დასაღუპად გაიმეტა. მომენტის შესაფერისი იყო – ოლიმპიადის გახსნა. ესეც წინასწარი მოფიქრების შედეგია. თავის დაზღვევის მიზნით, პუტინის თავში ეტყობა მაშინვე იშვა მეორე გადაწყვეტილებაც: სეპარატისტების ცნობით შეეფერხებინა ჩვენი ნატოში შესვლა. დაუმატეთ ამას მე-20 საუკუნის ბოლოს შობილი საფიქრალი: დღეს აშკარაა, რომ რუსეთი გარშემორტყმულია მარყუჟით, რომელიც ნელ-ნელა ვიწროვდება.

ქვეყანამ მარცხი განიცადა ყველა პოლიტიკურ ბრძოლაში, სადაც მათი ინტერესები დომინირებდა – იუგოსლავიაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ბალტიისპირეთში, საქართველოსა და უკრაინაშიც. დასავლეთის ზეწოლით იქ რუსეთი საქმეს ჩამოაშორეს. ამის წინაშე რუსეთი უკვე უძლურია და იძულებულია იმპერიულ აზროვნებას დაემშვიდობოს. აწი მათ ქვეყნის გადარჩენაზე უნდა იფიქრონ, ამიტომაც გაიბრძოლა ჩვენ წინააღმდეგ. ომში გამარჯვებით რუსეთმა მყარად მოიკიდა ფეხი ამიერკავკასიაში და ქვეყნის დაშლაც მომავლისთვის გადადო. დღეს მათ აღარ ეშინიათ, არც სეპარატიზმის, არც დასავლეთის ზეწოლის.

საომარ მზადებას რუსები ინტენსიურად დიდხანს აწარმოებდნენ. პროცესი სამაჩაბლოს სოფლების დაბომბვით დაიწყო. საქართველოს ხელისუფლების შეცდომაში შესაყვანად, ამავდროულად მათ დაგეგმეს მშვიდობისმყოფელი ჩინოვნიკის პოპოვის ვიზიტი ცხინვალში. მანქანის გაუმართაობის გამო ვიზიტი, ვითომ ჩაიშალა. ხერხმა გაჭრა და საქართველო ჩაება ომში. ქართველებისათვის ომი უცხო არ არის, გვიომია ერთმორწმუნე ბიზანტიასთანაც, მაგრამ ეს ომი დამღუპველი აღმოჩნდა ჩვენთვის.

სტალინი ფეხზე წელს იდგამდა, როგორმე ექვსი თვით გადაეწია ჰიტლერთან ომის დაწყების ვადა. ნაპოლეონის და ჰიტლერის დაპირისპირება რუსეთთან დიდხანს გაგრძელდა და მაინც მომხდურთა მარცხით დამთავრდა. ამჯერად რუსეთი შემოიჭრა ჩვენ საზღვრებში და სამ დღეში ბეჭებზე დაგვდო. ეს იყო ყველა მიმართულებით ჩვენი უთავო მოუმზადებლობის შედეგი. მიგანიშნებთ მხოლოდ რამდენიმე დამღუპველ მომენტზე. თავი დავანებოთ იმას, ვინ სად ისვენებდა ომის დაწყების მომენტისათვის. მარტივი ზედაპირული ანალიზიც კი გვიჩვენებს, რომ ძალზე დაბალი დონის ხელმძღვანელობა ვიხილეთ ყველა მხრიდან, აქცენტები სწორად არ ისმებოდა. როცა სამშვიდობო ბატალიონის კონტუზირებული მეთაური კონსტიტუციური წესრიგის აღდგენაზე საუბრობს, ეს რა არის? მტერმა იოლად აიღო აქამდე აუღებელი კოდორის ხეობა. საზღვაო აკვატორიის დაცვის არტილერიას ერთი ყუმბარაც არ გაუსვრია. გვქონდა საერთოდ? სად იყო სასაზღვრო დაცვა. 9-10 აგვისტოს სევასტოპოლიდან საქართველოში რუსეთის ფლოტს რომ შემოეღწია უკვე შვიდში სევასტოპოლიდან უნდა გამოსულიყო. ვინ და რით დაამტკიცებს ამას. მოქმედებდა სამხედრო დაზვერვა? რატომ არ მოხდა ჩვენი ფლოტის ბათუმში ან თურქეთში გადაყვანა, მაშინ, როდესაც საზღვარგარეთის ზოგიერთმა ფირმამ მოახერხა თავისი ტექნიკის თურქეთში გადასროლა. ჩვენ კი მტერს ჩავაძირინეთ ნაპირზე მდგარი სამხედრო ხომალდები.

უარესი სურათი დაიმზირა სენაკში. აშშ-ი მოითხოვს ფოთიდან გატაცებული მათი კუთვნილი ჰამერების დაბრუნებას. ვინ აგებდა პასუხს ამ მანქანებზე? ვინ შექმნა პრაქტიკულად უმოქმედო რეზერვისტთა სისტემა და ა. შ. ეს კითხვები პასუხებს ელიან.

ფაქტია, რომ ჩვენ არმიას ჰყავდა გულანთებული ვაჟკაცი მებრძოლები, რომლებმაც განაცვიფრეს მტერიც და ნეიტრალური დამკვირვებლებიც. მაგრამ ძალა აღმართს ხნავსო. დღეს ბევრი ამბობს საქართველომ მოიგო, მისი ხელმძღვანელობა კი დამარცხდაო. ცდებიან. ჩადით სამაჩაბლოში და ნახავთ რა მოვიგეთ. ქვეყანა შუაზეა გაყოფილი. რუსეთის შეცდომებმა ჩვენ ხელისუფლებას სიცოცხლე შთაბერა. რუსეთთან ჩვენ მოვიპოვეთ ინფორმაციული და პოლიტიკური გამარჯვება, რომელიც ზამთარში მალე გაუფერულდება. მსოფლიოს დახმარებით ოკუპანტების ზრახვები სააშკარაოზე გამოვიტანეთ. ძნელი იყო ამის მიღწევა, მაგრამ რუსებმა თავიანთი გაუაზრებელი ქმედებებით თავად გაილანძღეს თავი.

დღეს რუსეთის ფედერაციის კვდომა სახიფათოა გარე სამყაროსათვის. ეს საკუთარ ტყავზე გამოვცადეთ ჩვენ. ამიტომ უფრო აქტუალურია ის ნელი მოქმედების ნაღმი, რომელიც ევროსაბჭომ აირჩია. საინტერესოა რა მიმართულებით იმოძრავებს რუსეთი – გასწირავს დასავლეთთან წვალებით ნაშენებ გარკვეულ ცივლიზირებულ ურთიერთობებს და არ დაიწყებს მათთან ერთ ენაზე საუბარს? თუ გააძევეს ევროსაბჭოდან ან გავიდა თავად (2000 წ. რუსეთს ჩამოერთვა ხმის უფლება ევროსაბჭოში ჩეჩნეთის გამო. მერა რა?), იგი მთლიანად მონღოლური საწყისების ჭაობში აღმონდება, საერთაშორისო იზოლაცია მათ საბჭოთა სულს ისევ შთაბერავს და უფრო ბოროტი და საშინელი გახდება.

გაიხსენეთ რა ხრიკებს არ მიმართა რუსეთმა ჩვენს წინააღმდეგ, მაგრამ დღეს დასავლეთის პოლიტიკას საქართველოს მიმართ ხანგრძლივი პერსპექტივა უდევს საფუძვლად. გავა დრო და ისევ მოგვიწევს ქვების შეგროვება. მაშინ, როცა რუსეთს ნეგატიური მოვლენები ემუქრება, ჩვენთვის ხელსაყრელი პროცესები იწყება. ამიტომ ფუჭია ვ. ჩურკინის იმედი ეხლანდელი დაპირისპირების რუტინულ ფაზაში გადაყვანისა. დაიძლევა ბევრის ნიჰილიზმიც. აწი გამოჩნდება რა მექანიზმები გააჩნია დასავლეთს რუსეთის ბოროტების გზიდან ასაცილებლად (გავიხსენოთ, ერეკლეს ყველა თავისიანიც არ დაუდგა გვერდით. ახლა ჩვენი კონფლიქტის ინტერნაციონალიზაცია ხდება).

დღეს გაცხადებულია რუსეთის სურვილი თბილისის აღებისა და სააკაშვილის დამხობისა. მაგრამ მოსკოვში ეტყობა ვიღაცამ იაზრა, რომ ეს მხოლოდ პუტინის პირად ამბიციებს დააკმაყოფილებდა, რუსეთი კი საშვილიშვილოდ შეირცხვენდა თავს. (ამან ჩვენ ხელისუფლებას სიცოცხლე შთაბერა). ამიტომ რუსეთმა ჩვენი რეჟიმის პატრონობა პარტიომანიით გათანგულ ქართულ ოპოზიციას შეატოვა. მათ სურვილი დიდი აქვთ, შესაძლებლობები კი არა. ბუნებრივმა პარტიულმა წინაღობებმა გადასძალათ. ამისათვის სულ სხვა ყალიბის ხალხია საჭირო. მთელი საზოგადოება უნდა დაირაზმოს და აგორდეს საერთო-სახალხო მოძრაობა; ინტეგრირება უნდა შევძლოთ.

90 წლის შემდეგ ევროპელები კეთილი მიზნებით დაბრუნდნენ საქართველოში. დასავლეთის მნიშვნელოვანი ეკონომიკური დახმარება ააღორძინებს ქვეყანას (თუ ხეირიანად გამოვიყენებთ მილიარდებს) და ნაბიჯ–ნაბიჯ წავიწევთ წინ. რაც უფრო ამაღლდება ჩვენი დემოკრატიის დონე, მით აუცილებელი შეიქმნება ჩვენთვის ნატო, რომელთანაც რუსეთმა უფრო მიგვაახლოვა. რუსები მალე იგრძნობენ ჩვენი მოკავშირე აშშ-ის ძალისხმევას. დასავლეთის დაბრუნებამდე გავუძლოთ ბოროტების იმპერიას, დავძლიეთ სამოქალაქო ომის შედეგები (თუმცა დავასამარეთ ეროვნული ყლორტები), გადავიტანეთ ორი ომი რუსეთთან. გვყავს უამრავი ლტოლვილი, რომლებიც არსებობისათვის იბრძვიან. ბოლოს გაერომაც უნდა გამოიღოს ხელი. უპირველესია დევნილთა დაბრუნება სახლებში. ვისაც არ სურს ჩვენთან ცხოვრება შეუძლია დატოვოს საქართველო კომპენსაციის მიღების შემდეგ. ამით აღსრულდება მედვედევის შეგონება – ტერიტორია თქვენია, მაგრამ სეპარატისტებს არ სურთ თქვენთან ცხოვრებაო, ვისაც არ სურს წავიდეს. ესაა მედვედევის პოსტულატის ლოგიკური გაგრძელება. მსგავსი პრეცენდენტი მოხდა თურქეთსა და საბერძნეთს შორის, როცა ასიათასობით ბერძენმა დატოვა თურქეთი.

მთავარი ძალა ჩვენშია. მარტო სხვების თანადგომით ვერ ამოვიყრით მტრის ჯავრს. ჩვენ წიგნში (“დამარცხებიდან დამარცხებამდე და ასე საბოლოო გამარჯვებამდე”, 2005 წ.) ვწერდით, რომ რუსეთი შაშხანის სამიზნიდან უცქერდა საქართველოს; ახლა შაშხანამ გაისროლა და ერთი “ბარტყი გადმომიგდეს” პრინციპით ქვეყანა თავზე გვენგრევა. გამოვფხიზლდეთ ქართველებო, გამოვფხიზლდეთ! მოვეგოთ გონს! განვთავისუფლდეთ უარყოფითი კომპლექსებისაგან (მაგალითად ისეთის, როცა წარმატებული ბიზნესმენები პოლიტიკას მიელტვიან. რა, პოლიტიკაში მართლა არამზადები მდიდრდებიან? – ტრუმენი). მივატოვოთ ჩვენი უსაზღვრო დიდსულოვნება და სტუმართმოყვარეობა. გავუფრთხილდეთ ჩვენ ეროვნულ ინტერესებს. ყველას ვიღებდით საცხოვრებლად. რა მოვიგეთ ამით? ნ. ნიკოლაძე ფიქრობდა, რომ დადგებოდა დრო და ყველა თავის საცხოვრისს დაუბრუნდებოდა. ასე არ ხდება. უსაზღვრო სტუმართმოყვარეობა დემოკრატიას ვერ ეგუება. სჯობია გავამკაცროთ ჩვენთან შემოსახლების პირობები. მაგალითი სარკოზის საფრანგეთიდან შეიძლება ავიღოთ. აღვადგინოთ ჩვენი დაკარგული მეობა, ჩვენი თავი ჩვენადვე დავიმკვიდროთ. მაშინ ადვილად შემოვუვლით სეპარატისტებს თავიანთი მფარველიანად.

 

 

  გაზეთი “განმათავისუფლებელი“

2009, თებერვალი, N19

 

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s